სეზონი (სრულად)
ქობულეთის სადგურში მატარებლიდან ფეხი ჩამოდგმული არ გვქონდა, რამდენიმე ბიჭმა ერთად რომ შემოგვძახა: - ხომ არ დაგეხმაროთ, ლამასებო? ნათქვამს უსაზღვრო ხორხოცი მოყვა. შევეცადეთ, არ შეგვემჩნია. ერთი ზედმეტად მრავლისმთქმელი მზერა ვტყორცნეთ იქით მხარეს და მატარებლიდან ჩამოვედით. მიწაზე ფეხის დადგმა იყო და იმ ჯგუფიდან (ხუთი ან ექვსი ბიჭი იქნებოდა), სწრაფი, მაგრამ მყარი ნაბიჯით გამოემართა ერთი წაბლისფერთმიანი ჯეელი და ჩემს ჩემოდანს წაეტანა. - არ არის საჭირო, თავად მივხედავ, - ვთქვი აშკარა გაღიზიანებით. ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს, ისე ჩამოგვართვა ჩემოდნები ჯერ მე, მერე - ჩემ უკან მომავალ ეკუნას და ნუცას. სამი გოგოს ჩემოდნებით მიიწევდა წაბლისფერთმიანი ჯეელი ტაქსისკენ, ჩვენც ცხვრებივით მივყვებოდით. გაოცებას დაედუმებინა მისი მეგობრებიც. უსიტყვოდ ჩაალაგა ჩემოდნები საბარგულში და უკანაც ისე გაბრუნდა, ხმა არ ამოუღია. მის ზურგს ვაყოლებდი თვალს და სანამ მანქანაში ჩავჯდებოდი, დავინახე, როგორ მოუკიდა სიგარეტს. „628-ში“ - ვუთხარი მძღოლს და მანქანაც დაიძრა. იმ წელს პირველი კურსი დავხურეთ მე, ეკუნამ და ნუცამ და იმავე ზაფხულს გადავწყვიტეთ ქობულეთში ერთად დასვენება. ბათუმი ზედმეტად ხმაურიანად მოგვეჩვენა, ურეკი - ზედმეტად პატარად და შუალედური ვარიანტი - ქობულეთი - ვარჩიეთ. მართალია, მთავარი იყო ჩვენ ერთმანეთი გვყოლოდა და მოხუცებულთა პანსიონატშიც ისევე გავერთობოდით, როგორც იბიცაზე, მაგრამ იმ წელს ჩვენი არჩევანი ქობულეთზე შეჩერდა. მითითებულ მისამართზე, პატარა საოჯახო სასტუმროსთან, გაჩერდა ჩვენი ტაქსი და მეც უკვე კარგად ნაცნობი დიასახლისი მოვძებნე. - დილა მშვიდობისა, გუგული დეიდა, - მივესალმე ქერა, შუახნის ქალს. - მოდი, თეონა, მოდი, - ჩვეული სითბოთი მიმიღო და ჩვენი ოთახისკენ წავიდა. პატარა ოთახი იყო, სამი საწოლით. ზუსტად ის ოთახი, რომელშიც წინა წელს ოჯახთან ერთად გავატარე ორი კვირა. ბედნიერებისგან არ ვიცოდი, რა მექნა. საოცრად მიხაროდა ეკუნასთან და ნუცასთან ერთად დასვენება. წარმოდგენაც არ მინდოდა, როგორ გავატარებდით დღეს და ღამეს სიცილში. დავბინავდით, მაგრამ ამასობაში შუადღის ორი საათი შესრულებულიყო და ჩვენც მშვიდად შევეგუეთ იმ აზრს, რომ საღამომდე ზღვაზე გასვლას ვერ მოვახერხებდით. მაღაზიიდან ტკბილეული მოვიტანეთ და ყავა გავიკეთეთ. როგორმე დრო უნდა გაგვეყვანა. მაგიდასთან ვისხედით და ეზოში მოფუსფუსე ხალხს ვათვალიერებდით ჭიშკარში „ტოიოტას“ ჯიპი რომ გამოჩნდა. უცნაურმა წინათგრძნობამ გამიარა გულში და სანამ გააზრებას მოვასწრებდი, ახდა კიდეც: მანქანიდან ზუსტად ის ჯეელები გადმოლაგდნენ, ახლა თქვენ რომ გაიფიქრეთ. - ფუ, შენი, - სამივემ ერთდროულად ამოვთქვით ისე, რომ ერთმანეთისთვის საერთოდ არ შეგვიხედავს. მანქანიდან ბიჭები ზედმეტი თავდაჯერებულობით გამოემართნენ კიბეებისკენ და ერთ რამედ ღირდა მათი ყურება, ყველა ერთდროულად და ერთ პოზაში რომ გაშეშდა პირდაღებული. გამეცინა. პირველი ის ჩვენი ძმა და მეგობარი წაბლისფერთმიანი გამოერკვა სიტუაციიდან, პატარა კიბე ჩამოიარა და ზუსტად ჩვენი ოთახის გვერდით კარში შევიდა. - გვიგულავია, - თქვა ეკუნამ ირონიით და ისეთი სიცილი ამიტყდა, სახლის ზედა სართულიდანაც კი ჩვენ გვიყურებდნენ. როგორც იქნა, ნელ-ნელა შეეტივნენ ოთახში და ყავის სმა გავაგრძელეთ. არაფერს არ ვამბობდით, მაგრამ ერთი შეხედვა კმაროდა და არანორმალურად გვეცინებოდა სამივეს. სადღაც თხუთმეტ წუთში მოძრაობა განახლდა. ჩვენ მაგიდა ავალაგეთ და გრძელ სკამზე ჩამოვსხედით. როგორც ჩანს, ყმაწვილებს მოშივდათ. ერთ-ერთი სამზარეულოდან კარტოფილით სავსე ჯამით დარუნდა, ერთმა გიტარაზე დაიწყო გულისგამაწვრილებლად დაკვრა, ნაწილი პატარა მაგიდას შემოუსხდა კარტის სათამაშოდ. წაბლისფერთმიანი არ ჩანდა. - აი ბიჭებო, რა გოგოები ჩამოვიდნენ, - ომახიანად თქვა გუგულიმ და ჯერ ჩვენ შეგვავლო თვალი, მერე - ბიჭებს. ბიჭებმა მხოლოდ ჩაიცინეს. ისევ ისტერიულად გამეცინა. „პოვარ!“ - მიმართა რომელიღაც მეჯოკრემ იმ ბიჭს, კარტოფილს რომ თლიდა, - „მალე იქნება?“ „პოვარს“ არაფერი უპასუხია. ძალიან, ძალიან მომეშალა ნერვები და ისე გავხედე იმ ბიჭს, აშკარად რომ დაენახა, რამხელა ნაგავი იყო. შეკითვით სავსე მზერა დამიბრუნა, აი მასწავლებელი მოსწავლეს შენიშვნას რომ მისცემს და „მე რა შუაში ვარ მაასო“ რომ პასუხობს, დაახლოებით ისეთი. არაფერი მითქვამს. წამოვდექი და ოთახში შევედი. ოთახში ლაპარაკი ისმოდა: - მორჩი რა, ლევან... - როგორც მივხვდი, ლევანი ის ბიჭი იყო, გიტარას რომ აწამებდა. - რა გინდა, ითამაშე, რა.. გეუბნება ვინმე რამეს? - ტვინი შეჭამე უკვე, - რატომღაც მეგონა, რომ ეს უფრო სხვანაირად უნდა ეთქვა და გამიკვირდა კიდეც, ზრდილობის ფარგლებს რომ არ გასცდენია მისი რეპლიკა. ლევანი დანებდა და დაკვრა შეწყვიტა. - თეონეე, - გავიგე ნუცას ხმა და ოთახიდან თავი გამოვყავი. აშკარად ეტყობოდათ გაოცება ყმაწვილებს ჩემი სახელის უცნაური ფორმის გაგონების გამო. ჰო, თეონე ნუცამ შემარქვა. არც კი ვიცი, რატომ, მაგრამ ძალიან კი შევეჩვიე ამ სახელს. სამაგიეროდ, მე და ეკუნიემ ნუცასაც მოვუფიქრეთ ახალი სახელი და ჩვენთვის ის ნუცუდანი იყო. - ჰოუ, - გავძახე და ოთახიდან მთლიანად გამოვედი. კარი ფართოდ გავაღე, რომ ოთახი განიავებულიყო. - წავიდეთ, რა, ზღვაზე. - ჯერ ადრე არ არის? - ოთხი დაიწყო და მოღრუბლულია, არ ცხელა ძალიან. - კარგი მაშინ. საცურაო კოსტიუმები ჩავიცვით და პლიაჟისკენ გავემართეთ. „ვაიმე, ზღუ“ - წამოიძახა ნუცუდანმა საოცარი სიყვარულით და მთელ სახეზე გამოეხატა ნეტარება, როცა ზღვის სურნელი ღრმად ჩაისუნთქა. - ზღუ რა არი, ნუცუდან? - იკითხა ეკუნამ. - ასე ეძახის, - ვუპასუხე სიცილით და ფეხზე გავიხადე. ცურვა არ ვიცოდი და ჩემი და ზღვის ურთიერთობა „ჭყუმპალაობით“ შემოიფარგლებოდა მხოლოდ. გასწავლიო, ნუცუდანი კი მპირდებოდა, მაგრამ არ იყო მთლად სახუმარო საქმე ჩემთვის ცურვის სწავლება. ნუცა ტალღებს შევატოვე და ნაპირზე დავბრუნდი გასარუჯად. ეკუნა ძალიან, ძალიან თეთრია და მზეს ვერ იტანს. არადა, ჩემთვის ყველაზე მეტად ასოცირდება მზესთან. ალბათ თმის ფერის გამო. საოცარი ქერა თმა აქვს. ყოველთვის მზის სხივებს მაგონებს. იჯდა ეკუნა ქოლგის ჩრდილში და ლამაზ კენჭებს არჩევდა. მე ვიწექი და მზეს ვეფიცხებოდი. - რანაირი ბიჭები არიან, - ვთქვი და პლიაჟს მოვავლე თვალი. - ის ნახე? გრძელთმიანი... - რომელი? არ ვიცი. ხო იცი, ვერ ვიმახსოვრებ ადამიანებს. - გრძელი ყავისფერი თმა ჰქონდა. უეჭველი მუსიკოსია. - კაი ბიჭია? - ვიკითხე და სათვალე მოვიხსენი. - მგონი არა უშავს, - თქვა ეკუნამაც და პატარა კენჭი მოშორებით ისროლა. - ანუ, მთლად წყალწაღებულები არ ყოფილან, - გამეცინა მე და ისევ მზეს მივეფიცხე. სიმართლე რომ გითხრათ, გამიხარდა, რაც ეკუნამ მითხრა. რაღაცნაირი იმედი გამიჩნდა, რომ ნორმალური ადამიანები იქნებოდნენ. ის პირველი „ლამასო“ თავიდან არ მშორდებოდა, მაგრამ რახან ეკუნამ თქვა, რომ კარგი ბიჭი იყო, ესე იგი კარგი ბიჭი იყო. კარგ ბიჭს კი ცუდი მეგობრები ვერ ეყოლება. მხოლოდ მაშინ მივხვდი, ზედმეტად ფილოსოფიურ ფიქრებს რომ მივცემოდი, როცა ცივი წყლის წვეთები მომხვდა სახეზე. - დეგენერატო, რა გინდა? - აეთრიე, რას გაიშხლართე აქ, მე არ მინდა დაწოლა? - ფორმაში იყო ნუცუდანი. - დაწექი მერე, მე რა შუაში ვარ? - შეიძლება არც ხარ შუაში, მაგრამ ხომ ვერ გაგახარებ, - თვალი ჩამიკრა ნუცამ და ჩემ გვერდით დაწვა. - იდიოტი ხარ, - ვუთხარი და მუცელზე დავწექი. იმ დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. გვიანობამდე ვსეირნობდით, სახლში თორმეტი საათისთვის მივედით, იოგურტები ვჭამეთ და ლოგინებში გავნაწილდით. რა თქმა უნდა, გვიანობამდე არ დაგვიძინია. *** -ადექით, ახლა!! დროოზე! - დავიწყე კივილი დილის ცხრის ნახევარზე. - შენ გოგო ნორმალური ხარ? - მითხრა ნამძინარევი ხმით ნუცამ. - რა ხდება? - იკითხა ეკუნამ. - რა ხდება კი არა, ადექით სასწრაფოდ. ახლა თუ არ გავედით ზღვაზე, როდისღა გავალთ. ყავისთვის წყალი დადგმული მაქვს. ძილს მერეც მოასწრებთ. - ყაზარმაა თუ რა ხდება, ვერ გავიგე, - გაბრაზდა ნუცა. - ნუცუდან, მეორედ არ გამამეორებინო. ეკუნა უკვე წამომჯდარიყო და გამოფხიზლებას ცდილობდა. - მე ყავას გაგიკეთებთ, - დავტკბი უცებ და ოთახიდან გავვარდი. ჩემთვის ცურვის სწავლების მცდელობა ისევ კრახით დასრულდა. სამაგიეროდ, ნუცუდანთან ერთად ზღვაში ჩვენ მახლობლად ვინც იყო, ყველა გამხიარულდა. დამარცხებული ღიმილით ამოვედი წყლიდან და რაც უკეთ გამომდიოდა, იმ საქმეს შევუდექი. - წაისვი რამე, თეონე, დაიწვები, - მითხრა ეკუნამ და თვითონ ხელებზე წაისვა დამცავი ლოსიონი. - მაგის ქალი ვარ, ეკუნიე, მე? ჩემს ცხოვრებაში არაფერი წამისვამს, რაც თავი მახსოვს ზღვაზე დავდივარ და დამწვარი არავის ვუნახივარ. - მარტო დამწვრობისგან კი არ იცავს ეს ლოსიონი, - თქვა და გაიცინა. ყველაზე ლამაზი იყო, როცა იცინოდა. - არ მინდა, დამანებე თავი, - ჩავილაპარაკე მე და ნუცუდანს გავხედე. - არც კი გაბედო და არ დამასველო! - გამაფრთხილებლად ვუთხარი და თავქვეშ დაკეცილი პირსახოცი ამოვიდე. სახლში რომ დავრუნდით, ჩვენი მეზობლები მაგიდას ალაგებდნენ. ამჯერად მე გამოვიტანე სამზარეულოდან კარტოფილით სავსე ჯამი და მაგიდასთან დავჯექი. თვალი გამექცა და... ღმერთო, მაშინ რომ ვნახე, ისეთი სილამაზე არც მანამდე და არც შემდეგ არ მინახავს. იმდენად ლამაზი თითები მოძრაობდნენ მაგიდაზე, ჟრუანტელმა დენივით დამიარა მთელ სხეულში და გავბრუვდი. დანა ხელში გამიშეშდა. მერე რომ მოვიაზრე და ზემოთ ავიხედე, ნანახმა კიდევ უფრო გამაოცა: ულამაზესი, თეთრი, ძალიან ძალიან თხელი (ბიჭისთვის ზედმეტად თხელიც კი) თითების პატრონი წაბლისფერთმიანი ჯეელი აღმოჩნდა. თვალები რამდენიმეჯერ დავახამხამე, იქნებ რამე მეშლება-მეთქი, მაგრამ ხედი არ იცვლებოდა. თითები ისევ ისეთი ლამაზი იყო, მფლობელიც ნამდვილად ის იყო. - სასწაულად ლამაზი თითები გაქვს, - ისე ვთქვი, მისი ხელებისთვის თვალი არ მომიშორებია. - როგორ? - თითები... საოცარი თითები გაქვს. გაოცებული დააკვირდა საკუთარ ხელებს და, როგორც ჩანს, იქ განსაკუთრებული ვერაფერი ვერ ნახა. მერე შემომხედა და მკითხა: - დარწმუნებული ხარ? ისე იკითხა, წამით მართლა შემეპარა ეჭვი, იქნებ ეს ის არ არის, ვისაც ამას უნდა ვეუბნებოდე-მეთქი, მაგრამ ყველაფერი დღესავით ნათელი იყო. - ჰო, - ვუპასუხე და კარტოფილის თლა განვაგრძე. - მა-ა-დლობა, - ჩაილაპარაკა დაეჭვებით და დიდ ხანს ვგრძნობდი, როგორ მიყურებდა, სანამ მაგიდას ალაგებდა. ისე ვჭამეთ, მისი თითები ჯერ კიდევ თვალწინ მედგა და ვერაფერს ვამბობდი. - თეონე! თეონეე! ოეე!! - ბოლოს ვეღარ მოითმინა ნუცუდანმა. - რა.. რა იყო? - რა გჭირს? - არაფერი. - როგორ არაფერი, საერთოდ არ გვისმენ, - მითხრა ეკუნამ. - ღმერთი თუ არსებობს, ალბათ, ასეთი თითები აქვს. - რა? - ორივემ ერთდროულად შემომხედა. - გამომაშტერა, ღმერთო, რა ლამაზი თითები ჰქონდა... - ვბოდავდი ჩემთვის. - ვის, გოგო, შენ მართლა ხო არ გააფრინე? - მკითხა ნუცუდანმა და ოდნავ შემანჯღრია. - იმ მაღალს და წაბლისფერთმიანს. - სერიოზულად? - გეფიცები, ასეთი არაფერი მინახავს. - ხო არ შეგიყვარდა? - თქვა ეკუნამ ხუმრობით. - შეიძლება, - ვთქვი მე. - აუუ, - წაუსტვინა ეკუნამ. - დაგვერხა, - დაამთავრა ეკუნას სათქმელი ნუცუდანმა. - ვიხუმრე, იდიოტებო, - ვთქვი ხმამაღლა და პურის ნაჭერს გადავწვდი. - მაინც დაგვერხა, - ჩაილაპარაკა დარწმუნებით ნუცამ. ცოტა ხანში, ნუცას შეყვარებულმა დაურეკა და, როგორც ყოველთვის, მოწყდა გარემომცველ სამყაროს. მე და ეკუნა ჯერ კიდევ მაგიდასთან ვისხედით, ბიჭები რომ დაბრუნდნენ ზღვიდან და დავინახე, როგორი დაჟინებით მიყურებდა წაბლისფერთმიანი. მე თვალები ისევ თითებისკენ გამექცა და ისევ გამაჟრჟოლა. - შეხედე, - გადავულაპარაკე ეკუნას ჩუმად და თვალებით მასზე ვანიშნე. - ვაიმე... ვაიმე, მართლა რა ლამაზია. - ჰო, ისეთი ლამაზია, ტირილი მინდება, - ვთქვი მე ისეთი ხმით, თითქოს, მართლა ვაპირებდი ტირილს. - კაი, ნუ აშტერდები, - გამომაფხიზლა ეკუნამ და ყურადღება რომ გადამეტანა, მაგიდის ალაგებას შევუდექი. *** ჩვენი მესამე დღე ისევ ჩემი ყვირილით და ყავით დაიწყო, მერე პლიაჟით გაგრძელდა და საშინელმა სიცხემ თითქოს ერთ ადგილას გააშეშა შუადღეს. ეკუნა ცივ ყავას აკეთებდა, ნუცა ისევ თომას ელაპარაკებოდა. მე მარტო ვიჯექი ეზოში და არაფერს ვაკეთებდი. ეკუნამ სამზარეულოდან ლამის წიხლებით გამომაგდო, ვერ ვიტან ჩემთან ერთად ვინმე რომ მოძრაობს, როცა რაღაცას ვამზადებო, მითხრა. მეც სხვა რა გზა მქონდა. ვიჯექი და ცარიელ სივრცეს გავყურებდი. უეცრად ეს სივრცე ნაცნობმა სილუეტმა შეავსო. წაბლისფერთმიანი ჩემ წინ სავარძელში ჩაჯდა და მითხრა: - ესე იგი, ჩემი თითები მოგეწონა, არა? არაფერი მითქვამს, მხოლოდ გავიღიმე. ლაპარაკი ისევ გააგრძელა: - ეს ის დუმილია, ჰო? - კი, ის არის, - ისევ გამეღიმა. მერე ისე მოიქცია ჩემი ხელები თავისაში, თითქოს მთელი ცხოვრება ამას აკეთებდა და არაფერი უცნაური და გადასარევი ამაში არ იყო. არადა, მე ამ დროს რა მჭირდა, ვერანაირი სიტყვა ვერ აღწერს. ხელები გადმომიტრიალა და მაჯებს დააკვირდა. მერე ერთი ცისფერი კაპილარი ამოარჩია და საჩვენებელი თითი გააყოლა. გამაჟრჟოლა. დაინახა, კანი რომ დამეხორკლა. არ უნდოდა, შეემჩნია, მაგრამ დავინახე, როგორ ჩაეღიმა. სადამდეც კაპილარი ჩანდა, იქამდე ააყოლა თითი, ულამაზესი, მარმარილოსავით თითი და მერე გაჩერდა. ჩემს მაჯებს უყურებდა და არ ვიცოდი, რას ფიქრობდა. ჩუმად ვიყავი. - რა გამხდარი ხარ, - მითხრა ისე, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს. - ჰო? - ისე გავიკვირვე, თითქოს არ ვიცოდი, ორი კილო რომ ვიყავი. - შენი ორივე მაჯა ჩამეტევა აი ამაში, - თქვა და მარჯვენა ხელის ცერა და საჩვენებელი თითები ისე შეაერთა, რომ რგოლი გამოსულიყო. - არ არსებობს, - გამეცინა მე. - როგორ არ არსებობს. - ვერ ჩაგეტევა. - ვნახოთ. გაჭირვებით, მაგრამ მაინც ჩაატია ჩემი ორივე მაჯა იმ რგოლში. - წარმოგიდგენია, რამსიგრძე თითები გაქვს? - გაოცებულმა ვუთხარი. - ჩემი თითები რა შუაშია, შენ ხარ საოცრად გამხდარი, - მითხრა სიცილით. ისევ ისე ეჭირა ჩემი ხელები. - კარგი, რა. მომეცი ხელი, - ვუთხარი და გამოწვდილ მარჯვენა ხელს ჩემი მარცხენა დავატოლე. ისევ დამიარა ჟრუანტელმა, მაგრამ ისე ვიყავი გაბრუებული, ნორმალურად ვეღარც ვიგრძენი. იმდენად პატარა იყო ჩემი ხელი მისასთან შედარებით, რომ გულიანად გაეცინა. - ხომ გითხარი, - გამარჯვებულის სიამაყით ვუთხარი და ისევ გავიღიმე. - კარგი, გნებდები, - თქვა და ხელები აწია. გამეცინა. - მართლა ძალიან ლამაზი თითები გაქვს, - ვუთხარი მერე მშვიდად. - შენ მაჯები გაქვს სასწაული. „მაჯებიო?“ - გავიფიქრე ჩემთვის. - დამცინი? - მე? - ნამდვილად დამცინი. დანანებით დახედა ჩემს მაჯებს და ფეხზე წამოდგა. არაფერი უთქვამს და მაშინ გავიფიქრე, რომ სერიოზულად მეუბნებოდა. არ ვიცი, რამდენი ხანი ვუყურებდი საკუთარ მაჯებს გაოცებული. ალბათ, იქამდე, სანამ ეკუნას ხმამ არ გამომაფხიზლა. ცივი ყავით სავსე ჭიქას მაწვდიდა. - გავიგეთ, რომ ლამაზი თითები აქვს ამ ბიჭს, მაგრამ იქნებ დაგვიბრუნდე? - ეს უკვე ნუცას ხმა იყო. - ასე მითხრა, შენ მაჯები გაქვს სასწაულიო. მაჯებიო. რა მაჯები? - რა მაჯები? თეონე, მგონი, გეძინება. - ჩემი ორივე მაჯა ჩაეტია ორ თითში, მერე მითხრა, მაჯები გაქვსო სასწაულიო, - რაღაც დეჟა ვუს მსგავსი მქონდა. ისევ ისე ვბოდავდი, როგორც წინა დღეს. - ახლა ნორმალურად თუ არ იტყვი, რა მოხდა, გიორის თავს ვფიცავარ, შემოგარტყავ. სახეზე ხელები ჩამოვისვი. რაღაც უცნაური არომატი ვიგრძენი და რომ მივხვდი, მისი დატოვებული იყო, კინაღამ ჭკუიდან გადავედი. რახან ნუცუდანმა ძმა დაიფიცა, ესე იგი, რეალური საფრთხე არსებობდა, ამიტომ ყველაფერი უნდა მომეყოლა. ასეც მოვიქეცი. - ეს ყველაფერი ნორმალურია? - იკითხა ეკუნამ როცა გაოცებულმა ტუჩების ამოძრავება მოახერხა. - არ ვიცი. - ფლირტის არც ერთ სახეობაში ასეთი რაღაც არ ჯდება, - თქვა ისევ ეკუნამ. - ოჰოჰო, დაიწყო, - გაეცინა ნუცას. - არ ვიცი. - ეს გამოშტერდა მგონი. თეონე, წადი დაიძინე. მართლა შევედი ოთახში და დავიძინე. რომ გავიღვიძე, უკვე ხუთი ხდებოდა და ისევ ზღვაზე გავედით. - იმ რიჟას შეხედე, - მივუთითე ჟღალთმიანი ბიჭისკენ ნუცუდანს. როგორც აღმოჩნა, ორივეს ერთნაირად გვყვარებია სანაპიროზე ადამიანებზე დაკვირვება. - აუ ეგ ისე ცურავს, ისე, იისეე, კინაღამ დავიხრჩვი მაგის ყურებაში. - კაი ბიჭია. - ძაან. - დედასთან ერთადაა მგონი და პატარა და ყავს. - ვგიჟდები, პატარებს რომ ეთამაშებიან დიდი ძმები. - ეს მეკაცთანე ნახე, რა, - ეკუნასგან ახალი ტერმინი არ გაგვკვირვებია. - დატოვა თომა თბილისში და აიწყვიტა, - ავყევი მეც და შევამჩნიე, როგორ აჭარხლდა ნუცა ბრაზისგან. - ჰო, რა, ერთი აქ იყოს, ვნახავდი, როგორ იჭიკჭიკებდი, - უარესად გააბრაზა ეკუნამ. - იდიოტებო, მოკეტეთ, - ცდილობდა, გაგვბრაზებოდა ნუცუდანი, მაგრამ სიცილს ვერ იკავებდა. - მერე მე უნდა დამაბრალოს შენმა შეყვარებულმა, აქ რომ შენ რაღაცებს იმაიმუნებ. თავი შეიკავე ერთი შენ შემოგევლე, რა. - თეონე, ჩაგახრჩობ შავ ზღვაში. - გაბრაზდა, - გადავულაპარაკე სიცილით ეკუნას. - არა უშავს, დაურეკავს თომა და დამშვიდდება, - მიპასუხა ეკუნიემ და იმდენი ვიცინე, ბოლოს მუცელი მტკიოდა, მაგრამ ვინ დამაცადა დაწყნარება? ზუსტად ორ წუთში თომამ დარეკა. ამაზე რომ ავყირავდით მე და ეკუნა, ერთმანეთს ვასკდებოდით სიცილისგან. გაბუტული ნუცუდანი რაღაცას ებუტბუტებოდა ტელეფონში თომას. არაფერი მესმოდა. სახლში დაბრუნებულები, მოვწესრიგდით და დაბანილ-დავარცხნილები გამოვეფინეთ ეზოში. - გოგოებო, ითამაშებთ? - მოგვმართა ბიჭებიდან რომელიღაცამ. - რას? - ვიკითხე მე. - ჯოკ...- დაიწყო ლევანმა, მაგრამ წაბლისფერთმიანმა, ლამაზთითებიანმა გააწყვეტინა და წამოიძახა: - წეროებს! - რა წეროებს? - იკითხა სრულ სიჩუმეში ყველაზე მსუქანმა ბიჭმა იმ ხუთიდან. - წეროები არ იცით? - ისევ მე მიყურებდა წაბლისფერთმიანი. - ვითამაშოთ წეროები, - წამოდგა ეკუნა და ბიჭებს შევერიეთ. ჩვენ სამი ერთად ვიდექით. ეკუნას გვერდით ის გრძელთმიანი ბიჭი იდგა, მერე - მსუქანი. ჩემ პირდაპირ - რატომღაც, წაბლისფერთმიანი, მის გვერდით - ლევანი, ნუცას გვერდით კი წრეს „პოვარად“ შერაცხული საკმაოდ სიმპატიური ბიჭი კრავდა. პირველ წრეზე მსუქანი გავარდა, რომელსაც, როგორც გავიგეთ, დათო ერქვა. „შორსო“ უნდა ეთქვა ეკუნას გვერდით მდგომ გრძელთმიანს, როცა The Kooks-ის Naïve გაისმა. სამივეს საყვარელი სიმღერა იყო ეს და ერთმანეთს ღიმილით გადავხედეთ. „აჩი, გირეკავენ“ - თქვა დათომ. ესეც მეორე სახელი - აჩი. აჩიმ ხელები ეკუნას და წაბლისფერთმიანის ხელებს მოაშორა, არ გაინძრეთო დაგვიბარა და ოთახში შევიდა. „ხომ ვთქვი“ - იჩურჩულა ეკუნამ და გაეღიმა. მაინც რა ლამაზი იყო, როცა იღიმოდა. სასაცილო ის იყო, რომ წრეში დაბრუნებულ აჩის ყველანი ზუსტად ისე დავხვდით, როგორც დაგვტოვა, თითქოს ფილმი დაეპაუზებინოს. ვერასდროს ვერ ვთამაშობდი წეროებს ნორმალურად და მაინცდამაინც მაშინ რატომ შემოვრჩი თამაშს ბოლომდე, არ ვიცი, მაგრამ ფაქტი იყო, რომ ბოლოს ერთმანეთის პირისპირ მე და წაბლისფერთმიანი ვიდექით. უკანასკნელად, მეთვრამეტე უნდა დაეთვალა. მისი ჯერი იყო. ის კი იდგა და თვალებში მიყურებდა. ზუსტად თმისფერი თვალები ჰქონდა. გრძელი, თხელი სახე, თხელი, მაგრამ არა იდეალური, რაღაც ფრანგული სტილის ცხვირი, მუქი ტუჩები. მისი სახის შესწავლით ისე ვიყავი გართული, საერთოდ დამავიწყდა, რას ვაკეთებდით. რაღაც ტაშის შემოკვრისმაგვრამა ხმამ გამომაფხიზლა. მომიგო. მერე იყო ოვაციები, „ვაიმეუიმეები“ და „საღოლ, გეგები.“ გეგა - ძლივს დაიჭირა მისი სახელი ჩემმა გონებამ. გეგა. გე-გა. გ-ე-გ-ა. გეგა. პირველკლასელივით ვმარცვლავდი გაგონილს და სივრცეში უმისამართოდ ვიყურებოდი. - ესე იგი, მატყუებ, - გავიგე ხმა ძალიან ახლოდან. - რას გატყუებ? - რომ ჩემი თითები მოგწონს. - რატომ გატყუებ? - ერთი წამით მაინც რომ შემოგეხედა თითებისთვის, ვერ დაგიჭერდი. მეორედაც მომიგო. *** მეოთხე დღე უკვე „დილამშვიდობისა, გოგოებოთი“ დაიწყო. მალევე წავედით ზღვაზე და მერე იქამდე არაფერი მახსოვს, ვიღაცამ რომ ყურსასმენი გამომაცალა და მითხრა: - დაიწვები, პირველი დაიწყო უკვე. - ჰო? - ამოვთქვი რაღაც უცნაურად და იდაყვებს დავეყრდენი. მაშინღა აღვიქვი, წაბლისფერთმიანი რომ მელაპარაკებოდა. - შენ, რა, გეძინა? - აუ, მგონი... - შევეცადე გამეხსენებინა, როდის ჩამეძინა და თვალები მოვიფშვნიტე. - გიჟი ხარ? - მკითხა და წელში გასწორდა. - არ ვიცი. ის იყო, გავიფიქრე, ამას აქ რა უნდა-მეთქი, რომ ხალხის მასაში ნელ-ნელა დაიწყო ნაცნობმა ფიგურებმა გამოკვეთა. ყველანი ჩვენ გარშემო შეკრებილიყვნენ. ნუცუდანი და ეკუნიე ლევანს თსუ-ზე ელაპარაკებოდნენ. როოგრც გავიგე, ლევანი ილიას სტუდენტი ყოფილა და ჩვეულებრივი სიტუაცია იყო თსუ-სთან შედარებით ილიას უპირატესობის დამტკიცების მცდელობა. მერე ცალკე მჯდარ აჩის გავხედე და დავინახე, აშკარად როგორ ათვალიერებდა ეკუნას. გამეცინა. - ელიტის მეზობლად მიცხოვრია და არ ვიცოდი აქამდე, - თქვა გეგამ და ქოლგის ჩრდილში დაჯდა ჩემ გვერდით. - რა? - ვერ გავიგე, რა იგულისხმა. - რა და თსუ-ს ელიტას რომ წარმოადგენთ საერთაშორისოს სტუდენტები, ის. - აა, ჰო. პატივი გერგოთ წილად ამ ზაფხულს. - დიდი პატივი. - შენ? - რა მე? - სად სწავლობ? - მომავალი არქეოლოგი ვარ. - წარსულში ქექვა გიყვარს? - გააჩნია. - რას? - წარსულს. ორივე ზღვას ვუყურებდით. უკვე ძალიან ცხელოდა. ნელ-ნელა ავლაგდით და სახლისკენ დავიძარით. არ ვიცი, რატომ, მაგრამ სამივეს დაგვეძინა. საშინლად ცხელოდა შუადღისას მაშინ. საღამოს ბიჭები პატარა მაგიდას უსხდნე გარშემო, ჩვენ ბეტონის ნახევარმეტრიან ამაღლებას მიყრდნობილები რაღაცაზე ვლაპარაკობდით. უცებ ძალიან ხმამაღლა გაისმა ნაცნობი ხმა: - კაცები კი არა, ტრაკები ხართ ამხელა ხალხი. - რა გინდა, ბიჭო, შენ ხო არ აფრენ? - გამოეპასუხა დათო. - აბა რო დაემძღნერეთ აქ და ეს გოგოები ფეხზე დგანან, ეგ ნორმალური საქციელი გგონიათ? გაოგნებისგან არ ვიცოდი, რა მექნა. გეგას კარტები მაგიდაზე დაეყარა და უცნაური თვალებით იყურებოდა. აჩი დაბარებულივით წამოხტა სკამიდან და ეკუნას უთხრა, დაჯექიო. ეკუნაც იქვე დადნა, ისევ საოცრად ლამაზად გაიღიმა და აჩის სკამზე დაჯდა. მერე ბიჭები წამოიშალნენ. - არ მინდა, ვიდგები. დასხედით, რა, - ვთქვი უხერხული სიტუაციის გამოსასწორებლად. - დაჯექი, რა, - მითხრა წაბლისფერთმიანმა. - არ მინდა, მართლა. - მაინც ვიდგები და დაჯექი. - სერიოზულად, არ მინდა დაჯდომა. თამაშობთ და ისხედით. - მაშინ, მივიწევი და ჩამოჯექი. გეგას სკამი საკმაოდ ფართო იყო და ორივე დავეტიეთ. მის მხარს ვიყავი ზურგით მიყრდნობილი და იქვე, არ ვიცი, საიდან გაჩენილ სკამზე მჯდარ ნუცუდანთან ერთად რაღაცას ვათვალიერებდი ტელეფონში. - MGMT, ტო? - ჩემი ყურადღება მიიქცია აჩის ხმამ. ეკუნას სკამთან იდგა ახლოს და თავზე დაჰყურებდა. მერე გამახსენდა, ტელეფონზე ჯგუფის ლოგო რომ ეყენა. ალბათ, ის დაინახა აჩიმ. - ჩემი საყვარელი ჯგუფია, - ახედა მაღალ ბიჭს ეკუნამ და ისევ გაიღიმა. - არ მეგონა, ჩემ გარდა ვინმე თუ უსმენდა, - უბედნიერესი ჩანდა აჩი, არაადეკვატურად ბედნიერიც კი. - მთელი ცხოვრება ელ-ეს-დეზე სხედან ეგ ტიპები, რა გასმენინებთ მაგათ მუსიკას? - გახედა წყვილს ლევანმა და ათიან ყვავი დაარტყა მაგიდაზე შეგროვებულ კარტებს. - ღადაობ? სასწაულ მუსიკას აკეთებენ, - აღშფოთდა ეკუნა. - არ მიაქციო ყურადღება ამას. არაფერი არ ესმის. დეგენერატია, - უთხრა აჩიმ ეკუნას და ვიფიქრე, რომ ხმა შეცვლილი ჰქონდა. - დეგენერატს განახებ თუ ავდექი აქედან, - წამოენთო ლევანი, მაგრამ არც ეკუნა და არც აჩი მას უკვე აღარ უსმენდნენ. ნუცას გადავხედე და თვალი ჩავუკარი. ეკუნიეს ოცნება იყო MGMT-ს ფანი ბიჭი გაეცნო და ახლა ზუსტად ასეთ ბიჭს ელაპარაკებოდა. უცნაურად გავბედნიერდი. ნუცა თავისი რომელიღაც უზომოდ სიმპატიური მეზობლის სურათებს მათვალიერებინებდა ფეისბუქზე და ისევ დავცინოდი, საშინელი „ბაბნიცა“ ხარ-მეთქი. - ეე, ამას შეხედეთ, - წამოიძახა ეკუნამ და ჩემკენ გამოიშვირა ხელი. ვერ მივხვდი, რა დაინახა, - თეთრი შოკოლადი და შავი შოკოლადი. მერეღა დავხედე ხელს და გამეცინა. ისედაც მუქი ფერის კანი მაქვს, მაშინ მზისგან უფრო იყო გამუქებული, გეგას თეთრ ხელთან შედარებით კი კიდევ უფრო მუქი ჩანდა. - დღე და ღამე, - გაიცინა დათომ. - ვანილი და კაკაო, - ვთქვი მე. - ვანილი და კაკაო, - გაიმეორა გეგამ, - მე - ვანილი, შენ - კაკაო. გამეცინა. უცნაური ტონები დავიჭირე გეგას ხმაში და მთელი საღამო ამ ტონების ამოცნობას ვცდილობდი. *** ქობულეთში ჩვენი მეხუთე დღე იყო. საღამოს ზღვაზე ბიჭებთან ერთად გავედით. ნუცუდანი ისევ ხალხს ათვალიერებდა, ეკუნამ და აჩიმ ძალიან კარგად გაუგეს ერთმანეთს. არც გამკვირვებია. ვფიქრობდი, რომ რაღაცნაირად ერთნაირები იყვნენ. - The National, - უთხრა ეკუნამ. - Check! - წამოიძახა აჩიმ, - Radiohead. - რა თქმა უნდა, Check! The Kills. - Check! Damien Rice. - Check! Soap & Skin. - Check! - მერე მივხვდი, საყვარელ ჯგუფებს „ამოწმებდნენ“ „Check” ნიშნავდა, რომ ის მომღერალი, რომელსაც ერთ-ერთი დაასახელებდა, მეორესაც უყვარდა, - Deptford Goth. - არ არსებობს! Check! - გაუხარდა ეკუნას, - Edward Sharpe and the Magnetic Zeros. - Check! Woodkid. - Check! The Antlers. - Check! Arctic Monkeys. - Check! Zemfira. - Check! The Smiths. - Check!.. და კიდევ ძალიან ბევრი ჯგუფი თუ მომღერალი დაემთხვა ერთმანეთს მათი გემოვნებიდან. უზომოდ მიხაროდა ეკუნას რომ ასეთს ვხედავდი. ნაპირზე ვიჯექი მარტო და წვრილი კენჭებით ბავშვივით ვთამაშობდი. - უფრო და უფრო კაკაო ხდები, - მომესმა გვერდიდან და კენჭები დამიცვივდა. - შენ კიდევ, შეუძლებელია, უფრო ვანილი გახდე. მზე საერთოდ როგორ არ გეკიდება? - ეშინია ჩემი. - ხოხ! ვითომ რატომ? - არ ვიცი. მე რომ დავიბადე, ზუსტად იმ წამს, როცა ქვეყანას მოვევლინე, ისე მოიღრუბლა, ისე მოიღრუბლა, მერე მთელი ღამე გადაუღებლად წვიმდა. არადა, სექტემბრის მშვენიერი, მზიანი დღე იყო. იმის მერე დავდივარ ასე ფიფქიასავით. - იგონებ რაღაცას. - გეფიცები, ასე იყო. - რას მეფიცები? - კაკაოს. ცოტა არ იყოს, გამიკვირდა, მაგრამ ვცადე არ დავბნეულიყავი და ვუპასუხე: - მით უმეტეს. - ცუდი ვინმე ხარ. - ჰო? - ჰო. სულ იტყუები. ახლაც მატყუებ, რომ არ გჯერა ჩემი. - არ გატყუებ. - როგორ არა. აღარაფერი მითქვამს და ისიც გაჩუმდა. მზე ნელ-ნელა მიიწევდა ზღვისკენ. ტალღამ ძალიან მშვიდად დაგვასველა და ზღვას დაურუნდა. - ერთი, - თქვა წაბლისფერთმიანმა ისე, რომ წყლისთვის თვალი არ მოუშორებია. თავიდან დავიბენი. მერე, კიდევ ერთი ტალღა რომ მოსწვდა ჩვენს ფეხებს, ვთქვი: - ორი. - სამი, - ეტყობოდა, გაუხარდა, რომ მივხვდი, ტალღებს ითვლიდა. - ოთხი. რამდენიმე წუთი სხვა არც არაფერი გვითქვამს. მხოლოდ რიგრიგობით გავიძახდით რიცხვებს. - ოთხმოცდაცხრამეტი... - უკვე ძალიან ახლოს იყო ჩემთან. მისი თმიდან წყლის წვეთები ჩემს მხარზე ეცემოდა და ისე მაჟრჟოლება, თითქოს თავად ის მეხებოდა. ის იყო, ასის სათქმელად პირი გავაღე, რომ ეკუნას ხმა მომესმა: - თეონეე! - ერთიანად დამეჯახა ყველაფერი. არც კი მახსოვდა, მაშინ იქ ჩვენ გარდა ვინმე თუ იყო. - რა ხდება? - ძლივს მოვიფიქრე პასუხის გაცემა. - მივდივართ. მეც ვიცოდი და გეგამაც, რომ მეასე ტალღაზე რაღაც უნდა მომხდარიყო, მაგრამ რა - ამას ბოლომდე ვერ ვხვდებოდი. ადგომაში დამეხმარა და სახლში დავბრუნდით. მზე უკვე ჩასული იყო. გზაში არც ერთი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის. შევამჩნიე, ეკუნა და ნუცა უცნაურად რომ მიყურებდნენ. - რა იყო? - ვეღარ გავძელი და ვიკითხე, როცა ბიჭებს ჩამოვრჩით. - დაფქვი, - მომიჭრა მოკლედ ნუცუდანმა. - ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი... - დავიწყე დათვლა. - რას აკეთებ? - შემანჯღრია ეკუნამ. - ვფქვავ, რაც ვილაპარაკეთ, - ვთქვი სიცილით. - ითვლი, დეგენერატო, - მითხრა ნუცამ. - ტალღებს ვითვლიდით. - რას შვებოდით? - ტალღებს ვითვლიდით, - გავიმეორე ნათქვამი. - რამდენი დაითვალეთ? - მკითხა ეკუნამ და გზა გავაგრძელეთ. - მეასეზე ვიყავით, შენ რომ დამიძახე. - კაი, სერიოზულად ამბობ? - ჰო, რა იყო? - გაკლიათ, ხო? - გაოგნებული იყო ნუცუდანი. - მგონი, - გამეცინა მე. უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ჩვენს ოთახში ვიყავით ლოგინებზე წამოგორებულები და ვინ იცის, მერამდენე ადამიანს ვჭორავდით. ჰო, ჩვენ არასდროს ვყოფილვართ წმინდანები. „ooh, girl… shock me like an electric feel” - გაისმა ღიღინი კართან ძალიან ახლოს. - Electric feel, - წამოიძახა ეკუნამ. რომ მიხვდა, ვერც ერთმა ვერ გავიგეთ, რა თქვა, გააგრძელა - MGMT-ს სიმღერაა. ვგიჟდები, ისე მიყვარს. - ჰოდა, შენთან არიან, - ვუთხარი და მზესუმზირა ამოვიღე შეკვრიდან. - გავიდე? - იკითხა ჩუმად. აჩი გარეთ აგრძელებდა ღიღინს: „you turn me on with your electric feel.” - არა, ეკუნიე, საწოლის ქვეშ დაიმალე, რომ ვერ გიპოვოს, - უთხრა ნუცუდანმა და სასწრაფოდ წამოაგდო ლოგინიდან. ეკუნამ თმა გაისწორა და გარეთ გავიდა. არ გვესმოდა, რას ლაპარაკობდნენ, მაგრამ ორ წუთში უკან შემობრუნდა და ჩემოდანთან მივარდა. - რა ხდება? - ვკითხეთ მე და ნუცამ ერთდროულად. - სასეირნოდ მივდივართ. უნდა გამოვიცვალო, - მოგვაყარა წამში და ისევ ჩემოდანს მიუბრუნდა. - დამშვიდდი და ისე ქენი, ეკუნა. - წითელი ვარ სახეზე? - ვარდისფერი ხარ და გიხდება, - მისი სახის დანახვაზე გამეღიმა. ფრიალა კაბა ჩაიცვა, ძალიან ძალიან მსუბუქი მაკიაჟი გაიკეთა, ღრმად ჩაისუნთქა და გარეთ გავიდა. ორ საათში დაბრუნდა უკან და რაღაცნაირად გამოცვლილი მეჩვენა მეგობარი. ისედაც მსუბუქია და მაშინ ბედნიერებისგან ბუმბულივით იყო ამჩატებული. სულ, სულ იღიმოდა და აშკარად ეტყობოდა, რომ ჩვენთვის არ ეცალა. თომამ დაურეკა ნუცას და მანაც ტელეფონი სპიკერზე ჩართო. - რა ქენით, აბა, გოგოებო, აყარეთ ნაშობა? - გვკითხა სიცილით. - ჰო, თომა. აი, ნუცუდანს, მაგალითად, სახლის პატრონის შვილი მოეწონა, ამრო, - ვთქვი და პირზე ხელი ავიფარე სიცილი რომ არ წამსკდომოდა. - ვინო? - ხმაშეცვლილმა იკითხა თომამ. კინაღამ იქვე მოვკვდი. - ამრო, ამირანი. უსიმპატიურესი ბიჭია. შენზე დიდი კია ცოტათი, მაგრამ ეგ არაფერი. პერსპექტიული ბანკის თანამშრომელია და უნდა ნახო, ნუცა როგორ დნება, ამროს რომ ხედავს. - ვინ არი, გოგო, ამრო? - კიდევ უფრო გაუმკაცრდა ხმა და იმხელა ხმაზე გამეცინა, კედლებმა ზანზარი დაიწყეს. - ნუცუდან, ზოგჯერ ძააან გოიმია ეს შენი შეყვარებული, რა, - ვუთხარი გვერდზე მჯდომ ნუცას თომას გასაგონად. - ლაწირაჩკებო, მანდ არ ჩამომიყვანოთ, თორემ ეგ კონფუცი ასაწყობი გაგიხდებათ. - რა გინდა, ადამიანო, აბა რა წესია ამ გოგოს დღეში ორიათასშვიდასოთხმოცდახუთჯერ რო ურეკავ. მე დავიღალე ამის მაგივრად, - ვუთხარი წუწუნით მობილურს. - მენატრება, თქვე შინაბერებო, საერთოდ იცით, რას ნიშნავს მონატრება? - დამშვიდებული ხმით გვიპასუხა ზარის მეორე მხრიდან თომამ. - ეს გველი ნახე, რაა... - კინაღამ ჭკუიდან შემშალა თომას რეპლიკამ. - ნუცა, ახლა გათიშე სპიკერი და ისე მელაპარაკე. გკოცნით, გოგოებო, - თქვა თომამ. ნუცუდანი ოთახიდან გავიდა. ამ ზარიდან ზუსტად ოთხ საათში თომას მანქანა მოადგა ჩვენს ჭიშკარს. არ ვიცი, როგორ მოახერხა თბილისიდან ქობულეთში ოთხ საათში ჩამოსვლა, მაგრამ ზუსტად ასე იყო. სანამ ჩამოვიდოდა, გვიანობამდე ვისხედით ბიჭებთან ერთად გარეთ. ათასი სისულელე ვითამაშეთ. არ გვეძინებოდა. ნუცუდანი უცნაურად ცმუკავდა. არ ვიცი, რატომ. აი დაახლოებით ისე იყო, დედაჩემი რომაა, როცა მამა სადმე შორ გზიდან ბრუნდება და სახლში ელოდება. - ნუცუდან, რა გჭირს? - არ ვიცი. რაღაცაზე ვნერვიულობ. - რა მოხდა? - მეც ავღელდი. - არაფერი არ მოხდა. რაღაც მაწვალებს შინაგანად. - თომას ხო ელაპარაკე? - ჰო, რა ვიცი, სახლში იყო. - აბა, რა ხდება? - არ ვიცი. ზუსტად ამ დროს გაისმა მანქანის ძრავის ხმა. ღამის ოთხი საათი იქნებოდა. - ეგ არის! - წამოიძახა ნუცუდანმა და სკამიდან წამოხტა. იქამდე ვერ გავიგეთ, რა მოხდა, სანამ ეზოში შემოსული თომას მანქანა არ ვიცანით. ისე ჩაეხუტა მანქანიდან გადმოსულ თომას ნუცუდანი, თითქოს ხუთი დღე კი არა, ხუთი წელი არ ენახა. ძალიან, ძალიან უყვარდათ ერთმანეთი და სხვანაირად არც შეიძლებოდა. იმდენი რამე ჰქონდა მათ ურთიერთობას გადატანილი, სხვანაირად რომ ყოფილიყო, ახლა ერთად არ იქნებოდნენ. - გიჟი ხარ, - ვუთხარი ჯერ კიდევ გაოგნებულმა ჩამოსულს. - აი შენ არ დამენახო, - თითი გამოიშვირა ჩემკენ. მერე მოვიდა და სიცილით გადამკოცნა. - არ ხარ ნორმალური. რა გინდა აქ? - კიდევ გაგიმეორო? - ჰო, კაი, ჩემით გავალ, - ვთქვი და დანებების ნიშნად ხელები ჰაერში ავწიე. ჩვენს ოთახში შევუშვით თომა და ნუცა იმ ღამეს. თითქმის გათენებული იყო, ჩვენ აღარ დაგვიძინია. ალბათ შვიდი იყო დაწყებული, სიტყვის უთქმელად რომ მომიჯდა გვერდით გეგა და ხელში ჩემი მაჯა მოიქცია. ისევ ისე აყვა ისევ იმ კაპილარს და ისევ ისე დამიარა ჟრუანტელმა. შეიძლება, უფრო ძლიერადაც. თვალებდახუჭულმა გაუცნობიერებლად ჩამოვდე თავი მის მხარზე და მისი თითებით დავიწყე თამაში. არ ვიცი, შეიძლება მეძინა კიდეც. რომ გამოვფხიზლდი, პატარა მაგიდაზე ყველასთვის თითო ჭიქა ყავა ეწყო. ეკუნა და აჩი ერთად ისხდნენ და მუსიკებს უსმენდნენ. ბიჭები კარტს თამაშობდნენ. გეგას ეძინა. ხელებს რომ დავხედე, დავინახე, თითები ერთმანეთში გვქონდა ახლართული და მთელ სხეულში ტალღად დამიარა რაღაც უცნობმა განცდამ. ალბათ, ბედნიერების რომელიღაც სახეობა იყო. *** თომა იმ დღეს მალევე წავიდა. როგორც აღმოჩნდა, ბათუმში ჰქონია რაღაც საქმე და გზად ჩვენთან შემოიარა. ეკუნა მაშინ უკვე ჩვენ აღარ გვეკუთვნოდა. არ ვიცი, სად მიდიოდნენ ხოლმე, მაგრამ გაქრებოდნენ სადღაც ის და აჩი და საათობით არ ბრუნდებოდნენ. ფეხით სიარული ორივეს უყვარდა. ალბათ, სანაპიროზე სეირნობდნენ. ასი პროცენტით ვიყავი დარწმუნებული, რომ სალაპარაკო არ გამოელეოდათ. მეექვსე დღე იყო. გვიან ღამით, ბიჭები ატყდნენ, გინდა თუ არა, სანაპიროზე გავიდეთ და დავლიოთო. აჩი ეკუნას გარეშე არსად წავიდოდა. გეგამ მე ისე შემომხედა, უარის თქმა თეორიულადაც კი გამორიცხული იყო. ნუცუდანი კი იქ იყო, სადაც - ჩვენ. ოღონდ, ისევ განუყრელი მობილურით. - არ დალევ, თეონე? - მკითხა გეგამ და ისე მეუცხოვა მისგან ეს სახელი, ოდნავ გავბრაზდი კიდეც. - არ ვსვამ... ხო და კიდევ - ასე არ დამიძახო, თორემ ნუცამ თუ გაიგონა, ყელს გამოგჭრის. - რატომ? - „ხილიანსკია“ და იმიტომ, - ვთქვი ხუმრობით. - კარგი, რა.. - არ დამიჯერა გეგამ. - სცადე და ნახავ. იმავე წამს მითხრა რაღაც და განგებ ხმამაღლა, დემონსტრაციულად წარმოთქვა ჩემი სახელის უცნაური ფორმა. აი იქ ზუსტად ის მოხდა, რასაც ველოდი. ნუცა აფეთქდა: - აი მაგ სახელთან ცოტა ფრთხილად! - რატომ ვითომ? - გეგას გაეცინა. - იმიტომ, რომ მაგ სახელის დაძახების ექსკლუზიური უფლება გვაქვს მხოლოდ მე და აი ამ ქერა ქალბატონს. სულ რომ ცოლად მოიყვანო ეგ გოგო, ამ უფლებას მაინც ვერ მოიპოვებ. თუ ჭკვიანად არ მოიქცევი, პირადად ვიზრუნებ შენს გონს მოყვანაზე. დუმილი ჩამოვარდა. ისეთი სიჩუმე ჩამოწვა, თითქოს იმ წუთას რაღაც ამაზრზენი დანაშაული ეღიარებინოს ნუცუდანს. „მოგცელა, ძმაო,“ გაისმა დათოს ხმა სიჩუმეში და ამას იმხელა სიცილი მოჰყვა, ტალღების ხმაც კი გადაფარა. - „ხილიანსკი“ - გადმომილაპარაკა ჩუმად სიცილით და ლუდის ბოთლი მოიყუდა. - ხომ გითხარი. ცოტა ხანში, წყალთან ახლოს ვიჯექი და წყალში კენჭებს ვისროდი. აღარ გამკვირვებია, თეთრპერანგიანი გეგა რომ მომიჯდა გვერდით. არ მიყურებდა. შევხედე და ვუთხარი: - მთვრალ კაცებთან ლაპარაკი არ მიყვარს. - არ ვარ მთვრალი. - არ დაგილევია? - ლუდი, ერთი ბოთლი. არაყს ვერ ვსვამ. - რატომ? - შარშან მთელი ბოთლი დავლიე ერთ მოყუდებაზე და ერთი კვირა ცოცხალ-მკვდარი ვიყავი. იმის მერე სუნიც ცუდად მხდის. - ღირსი ხარ. - ვიცი. აღარ ვიცოდი, რა მეთქვა და გავჩუმდი. - ოცნება გაქვს? - იკითხა მერე უცნაური ხმით. - მაქვს. - აუხდენელი, არა? - აუცილებლად. - საერთოდ რომ არ უნდა ახდეს, ისეთი? - ზუსტად. - იმიტომ, რომ ახდენილი ოცნებები არ არსებობს. - ან სასიკვდილოა. - ჰო. - გესმის? - მესმის. „მე ჩემმა ახდენილმა ოცნებამ მომკლა.“ - მაგიტომ მეშინია ახდენილი ოცნებების. - ესე იგი, არ უნდა ვიოცნებო შენზე. - არ მინდა, ახდენილი ოცნება ვიყო. - არც მე მინდა, ჩემი ახდენილი ოცნება იყო. - მაინც მგონია, რომ მთვრალი ხარ. - არ ვარ, გეფიცები. ჩემს აუხდენელ ოცნებას გეფიცები. - მჯერა. - როგორც იქნა. ხელზე მომკიდა ხელზე და მაჯაზე მაკოცა. კინაღამ მოვკვდი. თვალები რომ გავახილე, ისევ ხელში ჰქონდა მოქცეული ჩემი მარჯვენა და ზღვას გაჰყურებდა. მერე იყო სიჩუმე. მიუხედავად იმისა, რომ ტალღებიც ხმაურობდნენ და მოშორებით მჯდარი ჩვენი მეგობრებიც, ჩვენთვის მაინც სიჩუმე იყო. ხელშესახები, ულამაზესი სიჩუმე. რამდენიმე საათში ყველანი სახლში დავბრუნდით. მე და გეგას აღარაფერი გვითქვამს ერთმანეთისთვის, მაგრამ მუდმივად ვგრძნობდი მის მზერას და კიდევ... კოცნის კვალს მარჯვენა მაჯაზე. ჩვენი ოთახის ერთ-ერთი ფანჯარა ეზოში გადიოდა. ზუსტად ამ ფანჯარასთან იდგა გრძელი სკამი და სასადილო მაგიდა. ალბათ ღამის სამი ან ოთხი საათი იქნებოდა, გიტარის ხმამ და სიმღერამ რომ გამოგვაღვიძა მე, ეკუნა და ნუცა. “sing me to sleep… sing me to sleep” - აჩის ხმა იყო. ეკუნა ძალიან დიდ ხანს უსმენდა განაბული სიმღერას. აჩის მართლა ძალიან, ძალიან კარგი ხმა ჰქონდა. - გელოდება, - ვუთხარი ეკუნას. - ჰო... - ჩაილაპარაკა დამნაშავე ბავშვივით. - მიდი. პირდაპირ ფანჯრიდან გადაძვრა და ორ წამში აჩის გვედით აღმოჩნდა სკამზე. - არ გათხოვდებოდეს ეს გოგო ამ ორ კვირაში და არაფერი მინდა მეტი, - ვუთხარი ნუცას და ორივე სიცილით მოვეწყვეთ დასაძინებლად. *** ჩვენი ქობულეთში ჩასვლიდან ერთი კვირის თავზე, საღამოს ბულვარში ვსეირნობდით ბიჭებთან ერთად. ნუცა ისევ თომას ელაპარაკებოდა, ეკუნა და აჩი ხელჩაკიდებულები იცინოდნენ რაღაცაზე. ბიჭები რაღაც საზიზღარ ანეგდოტებს ყვებოდნენ. მე ბოლოში მივდიოდი. გეგას ვერ ვხედავდი. - წამო, - ხელი მომკიდა გეგამ და მიბიძგა. - სად? - წამოდი, რა. ბავშვებს დავშორდით. - სად მოვდივართ? დამაცადე გამოვიცვლი მაინც. - მე ასეთიც მომწონხარ. - ამ სახლის შორტებით სად წამოვიდე. რომ შეატყო, სიტყვით ვერაფერს გახდებოდა, ხელში ამიყვანა და პირდაპირ ღია, საზაფხულო ავტობუსში ავიდა. - სად მიდის ეს ავტობუსი? - ვიკითხე, როცა მივხვდი, ჩემი საშველი აღარ იყო. - „ციცინათელაში,“ მგონი. რამდენიმე წუთში ქობულეთს გავცდით და ავტობუსი უზარმაზარი გასართობი პარკის წინ გაჩერდა, რომელსაც „ციცინათელა“ ერქვა. „წამოდი“ - ხელი ჩამკიდა და პირველივე ატრაქციონისკენ გამაქანა. საბავშვო კარუსელი იყო. რომ დავინახე სპეციალურ პლასტიკურ ბარათს აწვდიდა გოგონას, გამეცინა და ვუთხარი: - აქ უნდა დავსხდეთ? - ჰო, რა იყო? - მითხრა, მერე გოგონას მიუბრუნდა, - ორი თუ შეიძლება. - აქ რა... სიტყვის თქმა არ დამაცადა ისე შემომსვა ბრჭყვიალა, ფერად ცხენზე და უკან თვითონ დაჯდა. - გაგვაგდებენ, არ შეიძლება ასე, - ვუთხარი აღშფოთებით. - შეიძლება, შეიძლება, - საოცრად მშვიდი იყო ის. რომ ჩამოვედით, შევამჩნიე ყველა ჩვენ როგორ გვიყურებდა. - სირცხვილია, - ვთქვი უკმაყოფილოდ. - დაწყნარდი, რა. ხვალ აი აქედან რომელიმე რომ შეგხვდეს, რომელი გიცნობს? ვერცერთი. ჰოდა, დამთავრდა. აღარაფაერი იყო სათქმელი. შემდეგი ატრაქციონი კიდევ შეიძლებოდა, როგორმე შესაფერისად მიგეჩნია. ჯაჭვებზე დაკიდებული საქანელები იყო, რომლებიც წრეზე დიდი სიჩქარით მოძრაობდნენ. - შეხედე! - მიმითითა სულ პატარა ატრაქციონზე, რომელიც ხუთი პატარ საქანელისგან შედგებოდა, სამეფო ეტლებს რომ ჰგავდნენ ძალიან. - ახლა არ მითხრა, რომ ამაზეც უნდა დაჯდე. - მარტო რატომ? მე და შენ უნდა დავსხდეთ. წარმოიდგინე, ვითომ მე მეფე ვარ, შენ - დედოფალი, - ამას მიხსნიდა და თან იმ თოთო ბავშვების ატრაქციონისკენ მიმათრევდა. - არ შეგვიშვებენ, გეგა, არ შეიძლება, - ვცდილობდი გადამერწმუნებინა, მაგრამ ამაოდ. - რატომ არ შეიძლება? - თქვა და ისევ მიაწოდა პლასტიკური ბარათი მომსახურე გოგონას. მან ერთი კი შეგვავლო თვალი, მაგრამ ვერაფერი გვითხრა და ჩვენც გაჭირვებით მოვთავსდით ერთ-ერთ ეტლში. ხუთივე ეტლი სავსე იყო, მაგრამ იქ მსხდარი ბავშების მაქსიმალური ასაკი ხუთ წელზე მეტი ვერ იქნებოდა. ატრაქციონთან შეკრებილი მშობლები გაოცებულები გვიყურებდნენ. გეგა კი იჯდა და იღიმოდა. - არ ხარ ნორმალური. - კარგი, რა მოხდა მერე? ვერაფერს ვერ ვეუბნებოდი. უცებ რომ წარმოვიდგინე, შორიდან როგორ გამოვჩნდებოდით, უსაშველო სიცილი ამიტყდა და იქამდე ვიცინოდი, სანამ მიწაზე ფეხი არ დავდგი. - წამო, რა, სპილოებზე, - მითხრა ისევ და ვიფიქრე, რომ იმ წუთას ჩემ გვერდით ოცი წლის ბიჭი კი არა, ორი წლის ბავშვი იდგა. - იმ სპილოებზე? - თითი გავიშვირე ატრაქციონისკენ, რომელზეც მანათობელი ღერძის გარშემო უსაყვარლესი, დიდი სპილოები დადიოდნენ წრეზე. თან ზევით-ქვევით მოძრაობდნენ. - ჰო, შეხედე, რა საყვარლები არიან. უკვე ვიცოდი, შეწინააღმდეგებას აზრი რომ არ ჰქონდა და უსიტყვოდ გავყევი. ისევ იგივე გაოცებულ მზერას ვგრძნობდი, მაგრამ ამჯერად გავერთე: სპილოების მოძრაობის რეგულირება შიგნით მოთავსებული პულტით რეგულირდებოდა. რომ ჩამოვედით, ცოტა გავიარეთ და პარკის სხვა ნაწილში გადავინაცვლეთ. უცებ გაჩერდა, ჩაახველა და მითხრა: - ესე იგი, საბავშვო ატრაქციონები არ მოგწონს არა? წამოდი და შენი ხმა არ გავიგო. ისე აღმოვჩნდი „ამერიკული გორაკების“ ერთ-ერთ სავარძელზე მიბმული, ვერც გავიაზრე. ოდნავ კი ვნერვიულობდი, მაგრამ ნამდვილად არ მეშინოდა. იმაზე საშინელი აღმოჩნდა ის ატრაქციონი, ვიდრე ველოდი. წივილი, კივილი და თავბრუსხვევა დამრჩა სამახსოვროდ. კიდევ ხუთ საშინელ ატრაქციონზე ვისხედით იმ დღეს. ადრენალინის იმხელა დოზა გამოვყავი, რამდენიც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ მიგრძვნია. პარკიდან რომ გამოვედით, უკვე ღამის ორი საათი ხდებოდა. პარკინგზე ღია ავტობუსის კი არა, ჩვეულებრივი მანქანის ჭაჭანებაც არ იყო. რა გვექნა, ფეხით დავადექით გზას. არ ვიყავით ქობულეთიდან ძალიან შორს. ყოველ შემთხვევაში, ასე გვეგონა. ჩვენს სახლს რომ მივუახლოვდით, ხუთი საათი იყო დაწყებული. - წამო, რა, ზღვაზე. გავყევი. მიუხედავად იმისა, რომ საშინლად ვიყავი დაღლილი, მაინც გავყევი. პლიაჟზე, რატომღაც, ერთი ცალი შეზლონგი იდგა ეულად. არ ვიცი, ვინ დატოვა ან რატომ, მაგრამ ჩვენ ზედ გემრიელად მოვთავსდით. მის მკლავებში გავეხვიე და მკერდზე დავადე თავი. კარგა ხანს ვიყავით ასე. თმებზე მეფერებოდა და რომ ვფიქრობდი, მაშინ მსოფლიოში ყველაზე ლამაზი თითები იხლართებოდა ჩემს თმებში, ბედნიერებისგან გონება მებინდებოდა. - წამო ვიცურაოთ, - ჩამესმა უცებ მისი ხმა. - აუ, არა, რა... მცივა, - დილა იყო და მართლა მციოდა. - ეე, წამოდი, - ხელით წამომაყენა და ჯერ მაისური გაიხადა, მერე - შარვალი. - არ მინდა. ცურვა მაინც არ ვიცი და... - ღადაობ, ხო? - რატო? - ცურვა არ იცი? - არა. - ადექი ახლავე. წუთნახევაში ორივე ზღვაში ვიყავით. მის ხელებზე დაყრდნობილი ვიწექი წყალში და მის მითითებებს ვასრულებდი: ვცდილობდი, ხელები და ფეხები შეთანხმებულად მემოძრავებინა. ძალიან ვწვალობდი. ის კი სიცილით კვდებოდა. - დამანებე თავი, რა, - ვცადე გავთავისუფლებულიყავი. - არა, მიდი, გააგრძელე, გამოგივა. - არ გამომივა, ვერ ვცურავ. - მიდი-მეთქი, - არ მეშვებოდა გეგა. რაღაც გამომივიდა, მაგრამ ეს ნაპირზე ამოგდებული თევზის გაფართხალება უფრო იყო, ვიდრე ცურვა. წყლიდან რომ ამოვედი საშინლად მციოდა. ჩემი მაისური უმკლავებო იყო და ვერაფრით ვერ გამათბობდა. საბედნიეროდ, რატომღაც, გეგას ეცვა გრძელმკლავიანი ნაცრისფერი მაისური და ის გადავიცვი. ჯერ კიდევ შერჩენოდა მისი სითბო და არომატი თავბრუს მახვევდა. სახლში მისულები ერთმანეთს დავემშვიდობეთსავით. აბაზანაში შევედი და სარკეში საკუთარ, უზომოდ გარუჯულ სახეს დავაკვირდი. ვფიქრობდი, რა ჰქვია ამ ყველაფერს-მეთქი და ერთადერთი, რაც საპასუხო აზრად მომდიოდა „არაფერი“ იყო. ღრმად ამოვისუნთქე. მაშინღა მივხვდი, რომ საშინლად მეძინებოდა. აბაზანიდან გამოსულს არავინ დამხვდა. ოთახში ჩუმად შევედი. ვცდილობდი, გოგოები არ გამეღვიძებინა, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ნუცუდანმა შეშფოთებული ხმით მკითხა, სად იყავიო. ხვალ მოგიყვებით, ახლა ვკვდები, ისე მეძინება-მეთქი ვუპასუხე და ვერც კი შევამჩნიე, ისე ჩავწექი ლოგინში გეგას გრძელმკლავიანი ნაცრისფერი მაისურით. დილით, როგორც ჩანს, არ გამაღვიძეს. უჩემოდ წავიდნენ ზღვაზე. მე რომ გამეღვიძა, უკვე თორმეტი იყო. გაღვიძებისას პირველი რაც ვიგრძენი, ისევ სასწაული არომატი იყო და კინაღამ გული გამისკდა, სანამ გავიაზრებდი, რა მეცვა. წამოვდექი, გამოვიცვალე და გონზე მოსასვლელად ისევ აბაზანაში შევედი. ოდნავ გამოვფხიზლდი. იქიდან გამოსულს ამჯერად გეგა დამხვდა პირდაპირ კარებთან. - შენც გეძინა? - ვკითხე და სამაგრი მოვიხსენი თმიდან. - ჰო, - მიპასუხა და მერე აბსოლუტურად უმიზეზოდ დაამატა, - კაკაო, რა ვქნათ მე და შენ? - რა ვქნათ? - ვუთხარი მე, - არაფერი. ზედმეტად ემოციური ვარ საზაფხულო რომანებისთვის. ადამიანის ამგვარი ტრანსფორმაცია მაშინ ცხოვრებაში პირველად ვიხილე. თითქოს მთლიანად ჩამოიშალა გეგა ჩემ თვალწინ. დაიფშვნა. ხელები უღონოდ ჩამოყარა და იმ ხმით მითხრა გასაგებიაო, რომელიც მისი ვერანაირ შემთხვევაში ვერ იქნებოდა. მერე თავის ოთახში შევიდა. იმ წამს ისე გავნადგურდი, ვერც შევამჩნიე. მეც ოთახში შევბრუნდი და ისევ დავიძინე. *** იმ საღამოს სამი გოგო ჩამოვიდა. იმ ტიპის დაქალები იყვნენ, ერთი გარეგნულად რომ სჯობია დანარჩენ ორს და „წამყვანის“ როლსაც ის ასრულებს. მხოლოდ იმისთვის დაქალობს ეს ერთი იმ ორ მახინჯთან, რომ თვითონ მათ ფონზე უფრო ლამაზი გამოჩნდეს. ეს ორიც ისე დაყვება „წამყვანს“ როგორც ზვიგენს დაყვებიან პატარა თევზები ნარჩენებით საკვებად. ამავე დროს, იმდენად ეზიზღებათ ის ერთი, მზად არიან, ყველა მისი საიდუმლო გასცენ. ჩვეულებრივი მარაზმია. „წამყვანს“ სოფო ერქვა. დანარჩენების სახელებს, ისევე, როგორც თავად ადამიანებს, მნიშვნელობა არ ჰქონია. სამზარეულოდან გამოვდიოდი, რომ დავინახე, როგორ იდგა გეგა სოფოსთან, ნახევარი წუთის გაცნობილი გოგოს კვალობაზე, ზედმეტად ახლოს და ელაპარაკებოდა: - მე სოფო, შენ? - სასიამოვნოა, გეგა. და ასე. სტანდარტული დიალოგი იყო. მერე რაც დავინახე, იმან იქვე როგორ არ მომკლა, მიკვირს. თითებით შეეხო მის ხელს, იდაყვთან ოდნავ ქვემოთ. ჩემი თითებით. ჩემი ულამაზესი, უთეთრესი და უთხელესი უსაყვარლესი თითებით ეხებოდა იმ საზიზღრობას. იცოდა, რომ ვუყურებდი. სახით ჩემკენ იდგა და მხედავდა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა და მას უცინოდა, მას ელაპარაკებოდა. ნაგავი. მერე ეზოში გავიდნენ და სახლის უკან თვალს მოეფარნენ. ისევ ზედმეტად ახლოს იდგნენ ერთმანეთთან. ოთახში ჩქარი ნაბიჯით შევედი, ლოგინზე პირქვე დავემხე და ძალიან მწარედ ავტირდი. - თეონე, რა ხდება? - მკითხა ეკუნამ. - რა ხდება და დებილი ვარ. - რა მოხდა? - იქვე გაჩნდა ნუცუდანიც. - ვერ ხედავთ, როგორ იქცევა? - გეგა? - ჰო. ნაგავია, . მე კიდევ იდიოტი ვარ. ნამდვილი იდიოტი. - რა ხდება თქვენ შორის, თეონე? - სერიოზული ხმით იკითხა ეკუნამ. - არაფერიც არ ხდება. არაფერს არ მივეცი მოხდენის უფლება და აი, ახლა რას აკეთებს... - სლუკუნით ვლაპარაკობდი. - რამე გითხრა? - ჯერ კიდევ არდაწყებული ურთიერთობა დავამთავრე. იმიტომ, რომ შემეშინდა. შემეშინდა, რომ დაბრუნდებოდა თბილისში და ჩვენს ამბავს უყველაფროდ დაამთავრებდა. ამას ვერ გადავიტანდი. მერჩივნა, ის დამრჩენოდა, რაც აქ შევაგროვეთ, ტკივილის გარეშე. ამიტომ ვუთხარი უარი. არადა, თურმე... - თურმე, შეუძლია, პირველივე შემხვედრ გოგოსთან დაიწყოს ურთიერთობა, - დაამთავრა ჩემი სათქმელი ნუცუდანმა და დააყოლა, - მართლა . უფრო მწარედ ავტირდი. მთელი დღე ვერ მომიყვანეს ხასიათზე. ოთახიდან არ გამოვსულვარ. ჩემთან ერთად იყვნენ ნუცუდანი და ეკუნიეც. - წადი, ეკუნა, გელოდება აჩი. - შენ ასეთ დღეში ხარ და მე აჩისთან წავიდე? - გაიოცა ეკუნამ, - დამელოდება აჩი, ნუ გეშინია. - ვგიჟდები თქვენზე, - ამოვიტირე და ცრემლები ხელის გულით მოვიწმინდე. სამივეს ერთად გვეძინა იმ ღამეს. მე შუაში ვიწექი, ერთი მხრიდან ეკუნიე მეკვროდა, მეორე მხრიდან ნუცუდანი. ჰო, მიუხედავად იმისა, რომ ცხელოდა. *** კიდევ ორი დღე მიწევდა ჩემ თვალწინ გათამაშებული მარაზმის ყურება. მზერაც კი აღარ გაგვიცვლია მე და გეგას იმ დღის მერე, არათუ - სიტყვა. იმაზე მეტად მიჭირდა ამ ყველაფრის ატანა, ვიდრე წარმოვიდგენდი, მაგრამ ჩემი გოგოების იქ ყოფნამ რაღაცები ადვილად გადამატანინა. ხომ ხედავ, არ იყო შენი ღირსი. როგორც კონფუცი, სწორად მოიქეციო, მამშვიდებდა ნუცუდანი. რაღაც სიმართლე იყო მის ნათქვამში. მიუხედავად იმისა, რომ ვერაფრით ვიჯერებდი გეგას და სოფაჩკას ერთად, ფაქტი ძალიან, ძალიან ჯიუტი იყო და აჩვენებდა ზუსტად იმას, რასაც ნუცა მეუბნებოდა. ჩვენი იქ ყოფნის მეათე დღეს გაემზადნენ ბიჭები წასასვლელად. ის დღე ეკუნამ და აჩიმ დილიდან წასვლის წუთამდე ერთად გაატარეს. დასამშვიდობებლად ეზოში შევიკრიბეთ ყველანი. ბიჭები გადავკოცნე, ჩავეხუტე, ბედნიერი მგზავრობა ვუსურვე. გეგა არსად ჩანდა. მოგვიანებით გამოჩნდა, ცივად ჩაუარა სოფოს და მის დამქაშებს, ეკუნას და ნუცას გადაეხვია და ბოლოს ჩემ პირისპირ აღმოჩნდა. ისევ ის სურნელი დატრიალდა, ისევ დამეხვა დავბრუ. დიდ ხანს მიყურა. მერე ხელი წამოიღო ჩემი სახისკენ, მაგრამ ისევ უკან ჩაწია. არ შემეხო, არ მაკოცა, არც კი დამემშვიდობა. პირდაპირ მანქანაში ჩაჯდა. „რა გჭირს, ?“ - ჰკითხა დათომ. პასუხი არ გამიგია. მათი წასვლის მერე, ეზოში შეკრებილი ხალხი ნელ-ნელა დაიშალა. მე კიდევ დიდი ხანი ვიდექი გაყინული მზერით ეზოში და მეზობელი სახლის კედელზე ერთ არარსებულ წერტილს უაზროდ მივჩერებოდი. კიდევ ოთხი დღე დავრჩით ქობულეთში. ხშირად მესმოდა, წუწუნით როგორ იხსენებდა სოფო გეგას, აქაოდა, როგორ არ დამემშვიდობაო ან რატომ არ მწერსო. ახლა უკვე ნუცასთან ერთად ეკუნაც გაება ტელეფონის ხაზზე. ჩემთან არაფერი შეცვლილა. სახლში დაბრუნებულმა მისი ნაცრისფერი, გრძელმკლავიანი მაისური გაურეცხავად შევინახე უჯრაში. *** აგვისტოს ბოლო იყო, მობილურზე მესიჯი რომ მომივიდა. შრიფტი ქართული იყო, ნომერი - უცხო. - "სუნთქვა მიჭირს" - "როგორ?" - "უშენოდ" - "რა?" - "მენატრები" - "გეგა?" - "ჰო, კაკაო." ვეღარაფერი ვეღარ მივწერე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვერც გონება და ვერც თითები ვერ დავიმორჩილე, რომ მესიჯი მიმწერა. იმ დღის მერე არც მას მოუწერია რამე. მე კი ის მიმოწერა იმდენჯერ წავიკითხე, დავიზეპირე. რომ აღარ მომწერა, ვიფიქრე, დავავიწყდი-მეთქი და მეც შევეცადე, მასზე აღარ მეფიქრა. სწავლა ახალი დაწყებული იყო. თვრამეტი სექტემბერი, როცა თსუ-ს პირველ კორპუსთან ვიღაც ბიჭმა პარკით შავ-თეთრი საოჯახო ნაყინი მომიტანა. ვერ გავიაზრე, რა ხდებოდა. ვინ გამოგატანა-მეთქი, ვკითხე და ის იყო, უნდა მიეთითებინა, აი ის ბიჭი იყოო, რომ გაშვერილ თითს სიცარიელე დახვდა. წასულაო მითხრა და თვითონაც გაიქცა. სხვა არაფერი ყოფილა. არც წერილი ან რაიმე მსგავსი. მხოლოდ შავ-თეთრი საოჯახო ნაყინი. ვანილი და კაკაო, ამოვიკითხე შეფუთვაზე და ძლიერი დარტყმა ვიგრძენი გულში. თვრამეტ ოქტომბერს ზუსტად იგივე ნაყინი აუდიტორიაში დამხვდა. კინაღამ ჭკუიდან გადავედი. საიდან იცოდა, რომ იმ აუტიტორიაში მქონდა ლექცია? ამ დროის განმავლობაში, არც მესიჯი, არც ზარი, არც შეხვედრა. არაფერი. თვრამეტ ნოემბერს დაბადების დღე მქონდა. გოგოებთან ერთად ვიჯექი სახლში და აღვნიშნავდი. უცნაურად ვღელავდი. - ელოდები? - მკითხა ეკუნამ. - ჰო. სექტემბერშიც თვრამეტი იყო და ოქტომბერშიც. - იქნებ, დამთხვევაა? - არ ვიცი. - რატომ ელოდები საერთოდ? - ჩაერია ნუცუდანი. ძალიან რადიკალური იყო. - არც ეგ ვიცი. საათს შევხედე და ვთქვი: - ხუთი წუთი დარჩა. - იქნებ ხვალ გამოგიგზავნოს, ზეგ, - მამშვიდებდა ეკუნა. - იქნებ, აღარასდროს გამოგიგზავნოს, - ისევ ბრაზობდა ნუცუდანი. საათი 23:59-ს აჩვენებდა, თეონა შენთან არიანო, რომ შემომძახა მამაჩემმა წინა ოთახიდან. როგორ წამოვფრინდი, არ მახსოვს. კარებში პატარა ცისფერთვალება ბიჭუნა დამხვდა. - დაბადების დღეს გილოცავ, - მითხრა ღიმილით და პარკი გამომიწოდა. - მადლობა, ძვირფასო. შემოდი, ტორტს გაჭმევ, რა, - შემოვიპატიჟე უსაყვარლესი ბავშვი. - არა, გვიანია, მეჩქარება, - მითხრა მორიდებით და კიბეები სწრაფად ჩაირბინა. პარკში ნაყინთან ერთად გრძელი, წითელი ხავერდის კოლოფი და ბარათი იდო, რომელსაც ულამაზესი შავი ასოებით ეწერა „გილოცავ.“ ეს რომ წავიკითხე, ისე ცხადად ჩამესმა მისი ხმით წარმოთქმული ეს სიტყვა, ვიფიქრე, რომ სადღაც იქვე იყო. ყუთი გავხსენი და იქ ვერცხლის კულონი დამხვდა. კაკაოს ნაყოფი იყო და შიგნით პატარა მარცვლები მოჩანდა. პირი კიდევ დიდ ხანს მექნებოდა გაოცებისგან დაღებული, დედაჩემს რომ არ გამოვეფხიზლებინე, ეს რა არის, ვინ გაჩუქაო. არ ვიცი-მეთქი, ვუპასუხე და კულონი ყელზე გავიკეთე. იმის მერე აღარც მომიხსნია. მერე ჩვეულებრივ გრძელდებოდა. თვრამეტ დეკემბერს საკუთარ უბანში, ავტობუსის გაჩერებაზე მივიღე ნაყინი. თვრამეტ იანვარს - მაღლივში გამოცდაზე. თვრამეტ თებერვალს - ბებიაჩემთან პლეხანოვზე (აი იქ რომ ვიყავი, საიდან გაიგო, ვერაფრით ვერ ვხვდები). თვრამეტ მარტს - ისევ უნივერსიტეტში, თვრამეტ აპრილს - ფოსტამ მომიტანა ამანათის სახით სახლში, კინაღამ მოვკვდი სიცილთ. თვრამეტ მაისს ბოლო საოჯახო ნაყინი მივიღე საჩუქრად. ზაფხულში ისე აორთქლდა, თითქოს არც არასდროს უარსებია. ივნისი, ივლისი და აგვისტო უმისოდ გავიდა. ამჯერად ხევსურეთში გადავწყვიტეთ დასვენება და აგვისტოს ორი კვირა მე, ეკუნიემ და ნუცუდანმა შატილში გავატარეთ. ნუცუდანი და თომა ისევ ძველებურად იყვნენ. ეკუნას და აჩის რაც შეეხება, მეჩვენებოდა, რომ ყოველ დღე უფრო და უფრო უყვარდებოდათ ერთმანეთი. აი რომ გავიფიქრებდი, ამაზე მეტად როგორღა უნდა შეუყვარდეს-მეთქი, მეორე დღეს უფრო უბრჭყვიალებდა თვალები. საუკეთესო წყვილი იყო დედამიწაზე. ჩემთან არ ყოფილა არც ერთი ზარი, არც ერთი წერილი, არც ერთი ნაყინი. არაფერი. მხოლოდ კულონი მახსენებდა მის არსებობას. *** სახლის წინ დიდი კაკლის ხე გვიდგას. პირველი სექტემბრის ღამე იყო სახლიდან დედაჩემთან ერთად რომ გამოვედი და ამ ხეზე მიყუდებულ სილუეტს ისე ჩავუარე, ზედაც არ შემიხედავს. „კაკაო“ - გავიგონე უკნიდან. ვიფიქრე, მომესმა-მეთქი და გზის გაგრძელებას ვაპირებდი, ხელზე შეხება რომ ვიგრძენი. მთელ სხეულში დამიარა ცხელმა ტალღამ და რამდენიმე წამით ხმა ვერ ამოვიღე. წადი და დაგეწევი-მეთქი, ვუთხარი დედაჩემს. მიხვდა, ნაცნობი ვნახე და უჩემოდ წავიდა მაღაზიაში. - ესე იგი, ზაფხული არ მოგწონს. შემოდგომაზე რას იტყვი? - მკითხა სიბნელიდან გეგამ და გაოგნებისგან დავმუნჯდი. მერე ჯერ კიდევ თავის ხელში მოქცეული ჩემი მარჯვენა ტუჩებთან მიიტანა და ისევ ისე მაკოცა მაჯაზე. თვალები ცრემლებმა დამიბინდა. ნელა მივუახლოვდი და ძალიან, ძალიან მაგრად ჩავეხუტე. ხელები მომხვია და ვიგრძენი, მაშინ გულში კი არა, სულში მიკრავდა. ისევ იმ არომატს ვგრძნობდი და ბედნიერებისგან მეტირებოდა. - რა აუტანლად მენატრებოდი, ნეტა იცოდე, - მეუბნებოდა და თავზე მკოცნიდა. - მეც მენატრებოდი. ძალიან, ძალიან, ძალიან, - ცრემლებს ვაყოლებდი სიტყვებს. - გაწყობს შემოდგომა? - მკითხა და ჩემი სახე ხელებში მოიქცია. - მაწყობს, - ვუპასუხე სიცილით. რამდენიმე წამს ჩუმად მიყურა. მერე თქვა: - ასი, - და ძალიან, ძაალიან ფრთხილად მაკოცა ტუჩებში. ბურანიდან რომ გამოვერკვიე, მითხრა: - ჰო, აი ეს მაშინ რომ გამეკეთებინა, ამდენი ნაყინი არ დაგვჭირდებოდა. გამეცინა და ისევ ჩავეხუტე. მერე მისი თითები მოვძებნე და სათითაოდ შევუმოწმე, თითქოს მეშინოდა, რომ რამე ექნებოდათ დაშავებული. - რა ლამაზი თითები გაქვს, შენ ხომ არ იცი. - შენ იცი? - მე ვიცი. - ჰოდა, ესეც საკმარისია. მერე იყო თითქმის ყოველ დღე ერთმანეთი, სიახლოვე, უზომო სიახლოვე და ბევრი, ძალიან ბევრი სიარული მთელ ქალაქში. თხუთმეტში სწავლა დაიწყო. გეგა მაშინ უკვე მუშაობდა სადღაც სადაზღვევო კომპანიაში. არ ვიცი, რა უნდოდა არქეოლოგს დაზღვევაში, მაგრამ ბიძამ იქ დააწყებინა მუშაობა. თვრამეტამდე ვერაფრით ვერ ვნახე, ამიტომ არ იცოდა, თხუთმეტისთვის ჩემი წელამდე თმა მხრებამდე რომ შევიჭერი. თვრამეტი მაშინაც ნაყინებით უნდა აღგვენიშნა. უნივერსიტეტთან რომ დავინახე და ჩასახუტებლად გავიქეცი, ისე შემომხედა, თითქოს ვიღაც უცხო ვიყავი. - რა გჭირს? - ვკითხე გაოცებულმა. - ვის ეძებთ? - გეგა... - საიდან მიცნობთ? - გეგა, გააფრინე? - კიდე მე გავაფრინე, გოგო? თმას რა უქენი? - შევიჭერი, - ვთქვი და გავიკრიჭე, - არ მიხდება? - არა! - მითხრა გაბუტული ხმით და ხელები მკერდზე გადააჯვარედინა. - დამპალო, - ძალიან მეწყინა ნათქვამი. - იმხელა თმა როგორ შეიჭერი, კაკაო? - ჩვეულებრივად. - არ დაგენანა? - არა, მომბეზრდა. - მეწყინა. - მართლა არ მიხდება? - ლამის ტირილი დავიწყე მე. - რა დებილი ხარ, კაკაო, რა დებილი. მაინც საუკეთესო გოგო ხარ მსოფლიოში, - მითხრა და მიმიხუტა. გამეცინა საკუთარ სულელურ საქციელზე. მთელი ქალაქი შემოვიარეთ იმ დღეს. ბოლოს ნარიყალაზე ვისხედით და ნაყინს ვჭამდით ერთჯერადი კოვზებით პირდაპირ უზარმაზარი ყუთიდან. - ეკუნამ აჩი გამოაშტერა, - მითხრა და ნაყინის დიიდი ლუკმა გაიქანა პირში. - იმიტომ, რომ ყველაზე მაგარი გოგოა ეკუნა, - სიამაყით ვთქვი მე. - რამდენი ხანია ვიცნობ აჩის და ასეთი არ მინახავს. - ზუსტად ეკუნასნაირია. აი ზუსტად. - სულ მაგაზე ლაპარაკობს. აი ჩემი ეკუნა როგორი ლამაზია, როგორი გემოვნება აქვს... ვერ ვაჩერებთ. გამეცინა. - ძალიან მიხარია, ერთად რომ არიან. სხვანაირი გოგოა ეკუნიე და ცოტა სხვანაირი ურთიერთობა სჭირდება. - აჩიც ყოველთვის განსხვავებული იყო. ისეთ რამეებს უსმენდა, მოსმენილი კიარა სახელიც კი რომ არ გვქონდა არც ერთს გაგონილი. მოკლედ, მგონი, ერთმანეთისთვის არიან აჩი და ეკუნა. ზოგჯერ ვფიქრობდი, რა იქნებოდა, იმ ზაფხულს იმ სახლში ჩვენ და ბიჭებს ერთად რომ არ დაგვესვენა-მეთქი. ალბათ, არაფერი მექნებოდა. მაშინ კი ვგრძნობდი, რომ ყველაფერი მქონდა. ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. ერთმანეთით ვავსებდით მე და გეგა დღეებს და ოქტომბრის თვრამეტიც მოვიდა. იმ დღეს, ალტჰაუსში ვისხედით, საიმპერატორო ერლ გრეის ვსვამდით და გეგას ვკითხე: - რატომ თვრამეტი მაინცდამაინც? - იმიტომ, რომ თვრამეტი აგვისტო იყო, რომ გამომიცხადე, ზედმეტად ემოციური ვარ საზაფხულო რომანებისთვისო. მოვკვდი მაშინ, კაკაო. შენ თავს ვფიცავარ, ფეხზე მყარად მდგომი მოვკვდი. - ვიცი. დავინახე. მე მაშინ მოვკვდი, სოფაჩკასთან ერთად რომ დაგინახე. ვერ აგიტანე მასთან ერთად. - ვიცი, ჰო. - მერე, სახლის უკან... აკოცე? - ახლაც არ ვიცი, ეს რატომ ვკითხე. - თვითონ მაკოცა. რაღაცამ ძალიან მწარედ მიჩხვლიტა გულში და ცრემლიანი თვალები დავხარე. ძალიან, ძალიან მეტკინა. გეგა ხმას არ იღებდა. მერე ჩემი მარჯვენა ხელი აიღო, როგორც იცოდა ხოლმე და მაჯაზე, შიგნიდან მაკოცა. ძალიან ცხელი ტუჩები ჰქონდა. - ასე იმას არასდროს შევხებივარ. არავისთვის მიკოცნია ასე. ცრემლები წამომივიდა. მერე ჩემთან ახლოს დაჯდა და ორივე თვალზე მაკოცა. ძალიან, ძალიან ძლიერად ჩავეხუტე. ისე, თითქოს მერე ამის შესაძლებლობა აღარ მექნებოდა. სასწაული სურნელი ჰქონდა. ისეთი, ყველაფერს რომ მავიწყებდა. ერთ დღეს, თსუს პირველი კორპუსის უკან, ეკლესიასთან ვისხედით მე ეკუნა და ნუცა და შევამჩნიეთ, იმაზე უფრო რომ გაცისკროვნებოდა ეკუნას თვალები, ვიდრე ჩვეულებრივ. - იტყვი ახლა თუ როგორ? - ვკითხე და ხელი სახესთან ავუქნიე, რომ გამოფხიზლებულიყო. - აჩიმ მითხრა, მიყვარხარო, - ამოთქვა ეკუნამ უზომოდ ბედნიერი ხმით და ჩვენმა წივილ-კივილმა გააყრუა არემარე. - როგორ? როდის? - ჰკითხა ეკუნას ნუცამ, როცა დაწყნარება მოვახერხეთ. - წუხელ, გვიანობამდე ვიყავით მასთან სარეპეტიციოში და არაფერი ისეთი. უბრალოდ ვუსმენდით Into my arms-ს, ძაან სიწყნარე იყო, სიბნელე ერთი პატარა ნათურა ენთო მარტო, ჰოდა წაიმღერა ჩუმად „and if He felt, He had to direct you, than direct you into my arms” ჩამეხუტა და ჩუუმად ყურში მითხრა მიყვარხარო. მერე მაკოცა. - ვაიმე, ახლა ვიტირებ, - წამოიძახა ნუცუდანმა. - აი თქვენ და თქვენი ამბავი რო მიხარიხართ, - ვუთხარი ეკუნას, - ეგრე არავინ და არაფერი მიხარია. *** ჩემი დაბადების დღის წინა დღეს, დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ დავითანხმეთ მე და გეგამ დედაჩემი, რომ იმ ღამეს მასთან ოქროყანაში, აგარაკზე გავათევდი. მამას ვუთხარით, რომ მეგობართან ვრჩებოდი. რა თქმა უნდა, ვერ ვეტყოდი სიმართლეს. ამის ახსნის არც დრო იყო, არც ნერვები და არც საშუალება. იმიტომ, რომ გამორიცხულია, ამაზე მამა უპრობლემოდ დამთანხმებოდა. არც ისე დიდი, მაგრამ მყუდრო სახლი ჰქონდა ოქროყანაში. ნოემბერი იყო და იქ განსაკუთრებით ციოდა. პლედშემოხვეულები ვისხედით ოქროსფერ ტყეში და იმ წუთას მართლა არაფერი არსებობდა შემოდგომის და ჩვენ გარდა. ღამით, უკვე ძალიან რომ აცივდა, სახლში შევედით. ორ წამში დაბრუნდებიო, მითხრა და სადღაც გავიდა. „happy birthday to you, happy birthday to you, happy birthday dear Cocoa, happy birthday to you” - მღეროდა გეგა არც თუ დასაწუნი მონაცემებით და მოჰქონდა ტირამისუ ოცი აბრდღვიალებული სანთლით. მარტივი ბედნიერება ჩავიფიქრე და ერთი შებერვით ჩავაქრე ყველა სანთელი. - ბავშვობაში გუნდში ვმღეროდი, - მითხრა გეგამ. - მართლა? - ჰო. - რატომ დაანებე თავი? - კარგი, რა... ტირამისუ დიდ კონტეინერში იდო. გეგამ თან ორი ცალი კოვზი მოიტანა, თეფშების გარეშე. კონტეინერი მაგიდაზე დადგა და თავისი კუთხიდან შეუდგა ჭამას. - არ გამისინჯავ? - მოიცა, შენ გააკეთე? - გავოგნდი მე. - ჰო. - არ მჯერა. - ბიჭებს ჰკითხე თუ გინდა. აქ იყვნენ ისინიც. - არა არ არსებობს, - ვბუტბუტებდი და თან ეკუნასთან ვრეკავდი. - ეკუნიკო, რას შვები? - აჩისთან ვარ სტუდიაში, რა იყო? - გეხვეწები, კითხე, რა, გუშინ ოქროყანაში რას აკეთებდნენ? რამდენიმე წამში სიცილით მიპასუხა ეკუნამ: - ტირამისუს და რაღაც-რუღაცებს ამზადებდა გეგაო, ასე მითხრა. - აი მაგ ტირამისუს ვჭამ ახლა. - მართლა? - ჰო, ჰო. - ჰო, მართლა, გილოცავ დაბადების დღეს, თეონე. - მადლობები, ეკუნიკო, - ვუპასუხე და გავუთიშე. - არასდროს რატომ არ გჯერა ჩემი? - მკითხა გეგამ, როცა ტელეფონი მაგიდაზე დავაბრუნე. - როგორ არ მჯერა. - არა, არ გჯერა. - ყველა შენი სიტყვა, შეხება და გამოხედვა მჯერა, გეგა. - მოდი, რა, ჩემთან. ჩემი პლედიანად მივედი და კალთაში ჩავუჯექი. საკუთარი ხელით მაჭამა ნახევარი კონტეინერი ტირამისუ. მხოლოდ მაშინ გაჩერდა, რომ დაინახა, ცოტაც და ცუდად გავხდებოდი. იმ ღამეს ჩახუტებულები ვიწექით ლოგინში და მის თითებს ვითვლიდი. ერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, ექვსი, შვიდი, რვა, ცხრა, ათი... და ასე. - მე უფრო მოგწონვარ თუ ჩემი თითები? - შენ მომწონხარ შენი თითებიანად. - თითები რომ არ მქონდეს, აღარ მოგეწონები? - როგორ თუ არ გქონდეს? - აი, რომ მოვიჭრა. - რომ მოიჭრა, აღარ მომეწონები. - რომ მომაჭრან? - რა საზიზღარი ხარ. რომ მოგაჭრან, კიდევ შეიძლება დაფიქრება. - მთელ სიცოცხლეს გავატარებდი ასე, - თქვა დუმილის შემდეგ. - არ მოგბეზრდებოდა? - არასდროს. უკვე მეძინებოდა. არც კი ვიცი, ბოლო ლაპარაკი სიზმარი იყო თუ ცხადი. დაბადების დღე ბარში აღვნიშნე მეგობრებთან ერთად. რაღაცაზე ვიცინოდით, როცა შევამჩნიე, როგორ გაუფართოვდათ გოგოებს თვალები. ის იყო გავიაზრე, ალბათ, ჩემს უკან ხდება რამე-მეთქი, რომ გეგა დამადგა თავზე უზარმაზარი თაიგულით. სიხარულისგან კინაღამ ვიტირე. მომენატრე და თან საჩუქარი არ მიჩუქებია გუშინო, მითხრა და ხელზე ულამაზესი სამაჯური გამიკეთა. საუკეთესო დაბადების დღე მქონდა მაშინ. დეკემბერი იყო და საშინლად ციოდა. თბილისისთვის დამახასიათებელი საშინელი თოვლჭყაპი იყო იმ დღეს. როგორ ვერ ვიტანდი ზამთარს თბილისში. უნივერსიტეტიდან გვიან გამოვედი და დედაჩემმა მთხოვა, ჩემი ძმა გამომეყვანა ბაღიდან. გეგამ მომაკითხა მანქანით და ანდრიასთანაც მასთან ერთად წავედი. - გამარჯობა, ანდრია, - ჩაიცუცქა პატარას წინ გეგა და ხელი გაუწოდა. მანაც ჩამოართვა და მერე მე მკითხრა: - თეო, ეს შენი მეგობარია? გამეცინა და ვუპასუხე: - ჰო, ანდრი, ჩემი მეგობარია. - მე თეონა მიყვარს, - თქვა მერე უეცრად გეგამ. ვიფიქრე, ხუმრობს-მეთქი და ყურადღება არ მივაქციე. - არა, მე მიყვარს, - უთხრა ანდრიამ. - მე მიყვარს. - არა, მე, - არ თმობდა ჩემი ოთხი წლის ძმა. - მოდი, მაშინ შევთანხმდეთ: ორივეს გვიყვარს თეო, ხო? - ხო. - წამოდი, ახლა, მანქანაში ჩავსხდეთ და სახლში წავიდეთ. ხელში აიყვანა გეგამ ანდრია და მაქანისკენ წავიდნენ. ჩემი არსებობა საერთოდ დაავიწდათ. მოულოდნელად გეგამ მთავარი გზისკენ ჩაუხვია. არადა, ჩვენი სახლი პარალელურ ქუჩაზე იყო და ბაღიდან პირდაპირ შეიძლებოდა იქ მოხვედრა. - გეგა, სად მიდიხარ, - ვკითხე უკანა სავარძლიდან. - ანდრია, შოკოლადი ხო გიყვარს? - ისე ჰკითხა ანდრიას, ჩემი ნათქვამი საერთოდ არ შეიმჩნია. კიო ანდრიამაც სიხარულით უპასუხა და გეგამ მანქანა მაღაზიის წინ გააჩერა. მერე ანდრიას დაავლო ხელი და მანქანიდან გადავიდა. - არ წამოვა უჩემოდ, - ვუთხარი და ფანჯრიდან გავყავი თავი. - შენ გაჩუმდი. კაცების საქმეში ნუ ერევი, - მიპასუხა გეგამ და ანდრია მაღაზიაში შეიყვანა. იქიდან რამდენიმე წუთში იმდენი ტკბილეულით დაბრუნდნენ, საერთოდ რომ ვერ წარმოვიდგენდი, იმ მაღაზიაში თუ იყო. - მეტი არ იყო? - წამოვიძახე აღშფოთებულმა. - რა გითხარი მე შენ? - გეგამ ანდრია თავის გვერდით სავარძელზე დასვა, ღვედი გაუკეთა და მანქანა დაძრა. სახლში მშობლები რომ დაბრუნდნენ, გაოცებისგან აღარ იცოდნენ, რა ექნათ. - ეს რამდენი შოკოლადია, საინდა მოიტანეთ? - იკითხა დედაჩემმა. - ეს რა არის, ერთი ამდენი კიდევ მაცივარშია. გასკდებოდა რომ არ შემენახა, - ვთქვი და შოკოლადით პირმოთხუპნული ანდრიასკენ მივუთითე. - ჯეკპოტი მოიგე და არ გვეუბნები, მამა? - მკითხა მამაჩემმა. - გეგამ და ანდრიამ მაღაზია გაიტანეს, - ვუპასუხე მე და ერთი ცალი „ქინდერ შოკოლადი“ ამოვიღე კოლოფიდან. - გეგა ვინ არი? - მეგობარია. - გეგას თეონა უყვარს, - თქვა ანდრიამ და კიდევ ერთი სნიკერსი გახსნა. - რაო? - ახლა მას მიუბრუნდა მამა. - ხო, მეც მიყვარს და იმასაც. მამაჩემმა ერთი კი შემომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. იმ საღამოს ოჯახში ჩემზე რაღაცები თავისით გაირკვა. ყველაფერი უფრო ცხადი იმან გახადა, გვიან ღამით რომ დამირეკა გეგამ, ქვემოთ ჩამოდიო და სახლის ტანსაცმლით, ქურთუკის გარეშე რომ გავვარდი სახლიდან. ჯერ ეზოდან ნორმალურად გასულიც არ ვიყავი, პირდაპირ საყვედური მაჯახა: - რამდენჯერ უნდა გითხრა, ნუ დადიხარ ასე თხლად გარეთ, დეკემბერია. მერე მცივაო და ჩემი... - აქ გაჩერდა, თითქოს რაღაც აღმოაჩინაო, მერე გააგრძელა, - ახლა მივხვდი! ჩემი ტანსაცმლის ჩაცმა გინდა, ხო? - გამოიცანი, - ვთქვი და დამნაშავე ბავშვივით ჩავხარე თავი. - ღმერთო, რა ბატი ხარ. მანტო გაიხადა, რომ ჩემთვის მოეცა. შევაჩერე არ გინდა, გეცვას, შეგცივდება-მეთქი. მერე პერანგი გაიხადა. ამაზე უარი ვეღარ ვუთხარი და შემოვიცვი. საოცრად თბილი იყო. შუა ქუჩაში ვიდექით. ისევ ისე თოვდა თუ წვიმდა. დიდ ხანს მიყურა ჩუმად. მერე მითხრა: - ყველა სეზონი გამოვიარეთ, კაკაო. და იცი რა? სიყვარულს სეზონებად ვერ დაყოფ. მე შენ მწვანე გაზაფხულზეც მიყვარდი, ცხელ ზაფხულშიც, ოქროსფერ შემოდგომაზეც და ამ საშინელ, წვიმიან და ტალახიან ზამთარშიც მიყვარხარ. ჰო, თეონა, იცი, ჩემს სიყვარულს სეზონი არ სჭირდება. არც კი ვეცდები, ჩემი მაშინდელი განცდები სიტყვებში ჩავატიო. შეუძლებელია ეს და იმიტომ. - ახლა მე რა უნდა გითხრა? - ვკითხე გაბზარული ხმით. - უნდა მითხრა, რომ დრო გჭირდება მოსაფიქრებლად. - რის მოსაფიქრებლად? - პასუხის. - რომელი პასუხის? ახლა არ იცი პასუხი? რა მნიშვნელობა აქვს, ახლა გეტყვი თუ სამი დღის მერე რომ ვგიჟდები შენზე, რომ ჩემი ყველაზე დიდი მიზანი ხარ, რომ ჩემი ცხოვრების საუკეთესო ამბავი ხარ, რომ... მეც მიყვარხარ, გეგა. შუბლზე მაკოცა. მერე მიმიხუტა, მანტოს ღილები გარედან შეკრა და ერთ მანტოში აღმოვჩნდით გახვეულები. ისევ ის სითბო და ისევ ის არომატი მახვევდა თავბრუს და მაშინ ვფიქრობდი, რომ ამაზე დიდი ბედნიერება შეუძლებელია, სადმე არსებობდეს. მეორე დღეს ნუცუდანთან ვიყავით მე და ეკუნა და ჩემს ამბებს ვყვებოდი. - გეგას „საროჩკაა“ ეს? - მკითხა ნუცამ. - ჰო. - მერე რა მოხდა, - თქვა ეკუნამ და თავის კუბოკრულ პერანგზე დაიხედა, - ესეც აჩისია. - თქვე დამპლებო, - გაგვიბრაზდა ნუცუდანი. - კარგი, რა, ნუცუდან, დღე და ღამე თომას მაიკებით დადიხარ, ვისზე რას ამბობ შენ მაინც? - ჰო, კარგი, მოვკეტე. ეს იყო ჩვენი ბედნიერება. *** იანვარში კი მოხდა ის, რასაც „დასასრული“ ჰქვია. თავისთან სამსახურში მთხოვა მისვლა გეგამ. იქვე იყო, ჭავჭავაძეზე და ლექციების მერე გავუარე. პირდაპირ დაიწყო: - ბათუმში მივდივარ. ექვსი თვით, - არაფერი მითქვამს. გააგრძელა, - ფილიალს ხსნიან იქ და უნდა მივეხმარო დასაწყისში. მოკლედ, წასვლა მომიწევს ყველა ვარიანტში. - როდის მიდიხარ? - ამის კითხვაღა მოვახერხე. ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებდი, რა ხდებოდა. - შენი ბოლო გამოცდის მეორე დღეს. - სამში? - ჰო. ვერაფერი ვთქვი. რაღა იყო სათქმელი? რომ მომენატრებოდა? რომ ხშირად დავურეკავდი? ყველა სიტყვა უფერული და უაზრო იყო მაშინ. - წამოდი შენც. - სად? - სად? ბათუმში. - როგორ? - ერთი თვით მაინც წამოდი, რა. არდადეგები ხომ გაქვს თებერვალში. - როგორ, გეგა? ვერავის ვერ ავუხსნი მე ახლა ერთი თვით შეყვარებულთან ერთად ბათუმში მივდივარ-მეთქი. - არ გინდა? - შენ ვერც კი წარმოიდგენ, როგორ მინდა, მაგრამ... - მოაშორე ეს „მაგრამ,“ რა.. - არ შემიძლია, გეგა. - ვერ გავძლებ იქ უშენოდ, წამოდი, რა... გავჩუმდი. ცოტა მაკლდა, რომ ტირილი დამეწყო. - კი თუ არა? - მკითხა და პირდაპირ თვალებში შემომხედა. - არ გამ... - სიტყვა გამაწყვეტინა და სასტიკად ცივი ხმით მითხრა: - მაშინ, წადი. ისე მომხვდა გულზე ეს სიტყვები, თითქოს დანა გამიყარეს. ლამის უგონოდ დავტოვე მისი კაბინეტი და რაღაცის დალეწვის ხმა მოსწვდა ჩემს სმენას. ჩვეულებრივი სიკვდილი გადავიტანე მაშინ. ამასთან შედარებით, სოფოს შემთხვევა არაფერი ყოფილა. ჩვეულებრივად, ემოციურად მოვკვდი. მაშინ მივხვდი, რას ნიშნავს, როცა შენს ცხოვრებას აზრი ეკარგება, როცა გეცლება ერთადერთი მიზეზი და მიზანი. დავმთავდი მე მაშინ. წერტილი დამესვა. *** მთლიანად გადავერთე გამოცდებზე და ვცდილობდი, მასზე არ მეფიქრა. მთელი იანვარი არც კი დაურეკავს. ჩემთვისაც უფრო ადვილი იყო ასე ყველაფერი, მაგრამ ბოლო გამოცდის წინა დღეს, თავი ვეღარ შევიკავე და ნუცას და თომას სახლში ყველაფერი ერთიანად ამოვიღე. - მენატრება. ვკვდები ისე მენატრება. თვითონაც იცოდა.. არ იცოდა, რომ გამორიცხული იყო ჩემი იქ წასვლა? რა გააკეთა, რატომ გააკეთა? წასვლას კიდევ გადავიტანდი. აქ რომაა და ჩემთვის აღარ არსებობს, ამას ვერ ვუძლებ არ შემიძლია. ჩუმადაა. ხმას არ იღებს. არაფერს ამბობს. ვკვდე ბი! არაფერი ვარ უმისოდ. ჰო, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, გეგას გარეშე არაფერს წარმოვადგენ. ვერ ვიჯერებ, რომ მორჩა ყველაფერი. კარგა ხანს იდგა აუტანელი სიჩუმე ოთახში. მეგობრებს ჩემი საზიზღარი განწყობა გადასდებოდათ და მოღუშული სახეებით ისხდნენ ჩემ გარშემო. ეკუნა ასეთი ნუცას შემთხვევის მერე არ მინახავს. მერე უცებ თომამ ამოიღო ხმა. - არც კი იცი, რამდენად შეიძლება ახლა ეს დუმილი უჯდებოდეს. მთელ სხეულში დამიარა ამ სიტყვებმა. ყველაფერი ხელახლა მეტკინა. - ჩაიჭრა კონფუცი, - ვთქვი და თავი გადავწიე, რომ თვალს მომდგარი ცრემლები არ წამოსულიყვნენ. არაფერი გამომივიდა. მთელი დღე თომას სიტყვები მიტრიალებდა თავში. *** ორ თებერვალს ბოლო გამოცდა დავწერე, სახლში მივედი და ბარგის ჩალაგება დავიწყე. აი ასე, სახლში მისულმა ტანსაცმლის გამოუცვლელად გამოვაღე გარდერობი და პატარა ჩანთაში ჩავდე ყველაზე საჭირო ნივთები. მთელი ეს დრო ვეძებდი ჩემი საქციელის რაციონალურ მიზეზებს და მიზნებს, მაგრამ ერთადერთი ყველაზე ნამდვილი და მართალი მიზეზი იყო ის, რომ მინდოდა, ეს გამეკეთებინა. სახლში მოსულ მშობლებს დიდ ხანს ვუხსნიდი, რომ მიყვარდა, რომ მენატრებოდა, რომ დავბრუნდებოდი, რომ არაფერი მოხდებოდა, რომ კარგი ბიჭი იყო, რომ მასაც ვუყვარდი, რომ მთელი ცხოვრება იყო ჩემთვის და კიდევ ათასი „რომ“ იყო იმ საღამოს. მის სახლთან რომ მივედი, ღამის პირველი საათი იყო დაწყებული. ათასი საშინელება ვიფიქრე, სანამ კიბეებს ავივლიდი. იქნებ უკვე წასულია, იქნებ ვიღაც სხვა გოგოსთან ერთად დამხვდეს, იქნებ გალეშილი მთვრალი დამხვდეს, იქნებ საერთოდ არ გამიღოს კარი... ზარი არ დამირეკავს. კარის ჩარჩოზე მოვძებნე გასაღები და ჩუმად შევედი სახლში. კარი შიგნიდან ჩავკეტე, გასაღები იქვე სარკესთან დავდე და საძინებლისკენ წავედი. ნაცნობმა, უსაყვარლესმა არომატმა თავბრუ დამახვია ისევ. ტანსაცმელი გავიხადე და ფრთხილად შევწექი ლოგინში. მისი ხელი თავქვეშ ამოვიდე და თავი მის კისერში ჩავრგე. ხარბად შევისუნთქე მისი სურნელი და სიცოცხლისგან მთლიანად დაშრეტილი უჯრედები ერთიანად აივსო ბედნიერებით. - ისევ ერთი მაიკით იყავი ხო სახლიდან გამოსული? - არც გამოფხიზლებულა, ისე მკითხა ნამძინარევი ხმით და უფრო კარგად მოთავსდა ჩემთან ერთად საწოლზე. მაშინ მივხვდი, რომ ის იყო ჩემს ცხოვრებაში ყველაზე სწორი გადაწყვეტილება. ------ ძაალიან უსინდისოდ კი გადავიკარგე... პაწაწა, თემატური, საკნატუნო ამბავი ^_^ იმედი მაქვს, მოგეწონათ პ.ს. წერის პროცესშია ერთი დიიდიი და გრანდიოზული რამე და შევეცდები, მალე დავიწყო დადება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.