შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუტას ამოფარებული სექსუალური ჯიჰადი (პირველი თავი)


24-08-2015, 01:28
ნანახია 2 771

პირველი თავი - ზეჰრას საიდუმლო და ფარჰანას პირველი შეხვედრა სიკვდილთან

1999 წელი, ერაყი, ფალუჯა

ამ პერიოდში ფალუჯას თითქმის ყველა ოჯახში სიღატაკისა და ცრემლების სუნი ტრიალებდა. დედები დაღუპულ შვილებს გლოვობდნენ, ცოლები - ქმრებსა და მამებს, ბავშვები - მშობლებს, ბაბუებსა და ბებიებს. ომმა გადაიარა, მაგრამ ღამის ქუჩებში თითქოს ჯერ კიდევ ისმოდა ადამიანთა ყვირილი, მოთქმა, გოდება და ცაში ატყორცნილი ლოცვის სიტვები. დანგრეული სახლები, ბომბების წუილი, აფეთქების ხმა, იარაღის გუგუნი, მკვდართა მთები თავს არ ანებებდნენ ფალუჯელებს, გონებას უწამლავდნენ, გულს უმძიმებდნენ, მათ სიცოცხლეს გაუსაძლისს ხდიდნენ. საშოვარზე გავარდნილ ქმრებს ცოლები თვეში ორჯერ ან უფრო იშვიათადაც კი ნახულობდნენ. ქალაქში დარჩენილიყვნენ: ქალები, მოხუცები, დავრდომილები, ომგამოვლილი ხეიბრები და პატარები... ყოველი მათგანი უკეთესი ცხოვრების იმედს ეპოტინებოდა...
ზეჰრას ერთხელაც არ დაუყვირია... არ უნდოდა მეზობლებს გაეგოთ, რომ მშობიარობდა... ბოლო სამი თვე ცუდ სიზმრებს ნახულობდა და ეშინოდა ბავშვი მკვდარი ან მახინჯი არ დაბადებულყო... მხოლოდ კვნესოდა. აუტანელი ტკივილი უჯრედ-უჯრედ ჭამდა. ეგონა სიკვდილთან ახლოს იყო, ამდენს ვეღარ გაუძლებდა... უნდოდა კიდეც რომ მომკვდარიყო, ტკივილი გაუყუჩდებოდა და ცხოვრებისეული ჯაფისგანაც დაისვენებდა. სიკვდილიც კი არ აკითხავდა... მისი ტანჯვის ცქერით ნეტარებდა.
-ჯამარ... წყალი დამალევინე, ჯამარ! - ტუჩები გაამოძრავა, გონებაში თავისი ხმა გაიგონა, მაგრამ მაინც არ იყო დარწმუებული, რომ შვილს ხმამაღლა დაუძახა.
შვიდი წლის ბიჭი გაფითრებული იდგა. კარის ზღურბლს ვერ სცდებოდა. გაფართოებული, გიშრისფერი თვალებიდან ცრემლები ღვარაღვარად სდიოდა. ხედავდა რომ დედა წვალობდა, ხელებით საწოლის კიდეებს ეჭიდებოდა, ტკივილისგან იკალკნებოდა, ყველა ძარღვი დასჭიმოდა, სახე გაწითლებოდა, ოფლი სდიოდა, სუნთქვა უჭირდა, მაგრამ ვერაფრით ეხმარებოდა. ზეწარი მთლიანად სველი და სისხლიანი იყო. ყვირილის შესაკავებლად ზეჰრა კბილებით ქვედა ტუჩს იკვნეტდა, ცოტაც და მართლა მოიჭამდა, მეწამული სისხლით ნიკაპი და კისერი დასვროდა. სიფრიფანა, გალუმპული პერანგი, რომელსაც კაბის ქვეშ იცვამდა, გაიხადა, დაახვია დაპირში ჩაიტენა. ოთახში მძაფრი, უსიამოვნო სუნი იდგა...
-წყალი გინდა, დედა?!
ზეჰრამ თავი დაუქნია თუარა, ჯამარი სამზარეულოში გაიქცა და სიმწრით შეგროვებული სასმელი წყლის დოქს დასწვდა. ხელები უკანკალებდა, ამიტომ დოქის თავს ჭიქას ვერ უმიზნებდა. კარზე უეცარმა კაკუნმა დააფრხო, დოქი ხელიდან გაუვარდა და გაუტყდა... ხმაურიანი ბგერები სახლის გაცრეცილ კედლებს მიაწყდა.
-დედა მომკლავს... - გაიფიქრა და კარს მივარდა.
-ზეჰრა, რა ხდება? კარგად ხარ? - ბიჭმა მეზობლის ქალის, სამირას ხმა იცნო.
-ჯამარ, სამირას უთხარი, რომ შინ მარტო ხარ... მამამ დედა ნათესავ მეანესთან წაიყვანა-თქო.- საძინებლიდან დედის მკაცრი ხმა გაიგონა.
-კი, მაგრამ დედა... იქნებ დაგეხმაროს?
-უთხარი-მეთქი, სანამ მიცემიხარ!
-სამირა დეიდა, შინ მარტო ვარ.
-კარს რატომ არ მიღებ, შვილო?
-გარედან ჩამკეტეს.
-აჰა... გასაგებია... და რა ხმაური იყო?
-დოქი გამიტყდა.
-წყალი დაღვარე?
-დიახ.
-ეგ არ არის კარგი ამბავი... ახლა რა გეშველებათ? არც მე მაქვს, რომ გაგინაწილოთ...
-მატყუარა... - წაიჩურჩულა ჯამარმა. წინა ღამით სამირა და მისი ქმარი დაინახა, ჩუმად წყალს ეზიდებოდნენ. - არ იდარდოთ კიდევ გვაქვს...
-ფრთხილად იყავი ხელი ან ფეხი არ გაიჭრა. დედა დიდი ხნის წასულია?
-მუცელი ასტკივდა თუ არა წაიყვანა მამამ.
-იმედია გზაში არ უმშობიარიია. ხვალ დილას შემოგივლით. ახლა დაიძინე. შენი ტოლები დიდი ხანია ლოგინში წვანან.
-ნახვამდის, სამირა დეიდა.
ოთახში შებრუნებულ ბიჭს დედა უგონოდ დაუხვდა... ზეჰრას ფეხებში მოწითალო ხორცი ფართხალებდა და ტიროდა.
-იმედია, არ გაიგონებს და არ მობრუნდება ის კუდიანი! - გაიფიქრა ჯამარმა და უმცროსი და ხელში აიყვანა.

2015 წელი, ერაყი, სადღაც ჯურღმულში

ქერა დავიბადე... პირველად ჩემმა ძმამ ამიყვანა ხელში... მითხრა, რომ ტირილი წამშივე შევწყვიტე. ალბათ დაცულად ვიგრძენი თავი. ჯამარს ცალ ხელში მე ვეჭირე, მეორეთი - დედას შუბლზე სველ ტილოს აფენდა ან წყალს ასმევდა. მზის სხივიც პირველად ძმის მკლავებში ჩაძინებულს გამეთამაშა. ზეჰრას დილით გრძნობა დაუბრუნდა.
-ჯამარ, ბიჭია? - პირველად ეს იკითხა დედამ.
ჩემს ძმას სურდა ეპასუხა კიო, მაგრამ ტყუილის თქმას აზრი არ ჰქონდა, საძინებელში უსიტყვოდ შეიძურწა და კუთხეში აიტუზა. თავჩაქინდრული იდგა, თითქოს მისი ბრალო იყო რომ ქალად დავიბადე.
-ჯამარ, რას გაჩუმებულხარ! მიპასუხე!
დედა ძლივს წამოდგა, ჩემი თავი გამოსტაცა, სახვევები მომხსნა და ადგილზე ჩაიკეცა. ჯერ იმედგაცრუებით, მაგრამ დაჟინებულმა მიცქირა... სისულელე იყო, მაგრამ ალბათ ეგონა რომ თუ თავს დაარწმუნებდა, მეც ბიჭად გადავიქცეოდი. სახე მოექუფრა.... ცრემლები მოაწვა და ისე აქვითინდა, თითქოს მკვდარი გავჩენილიყავი... ალბათ ერჩია გვამზე ეფრქვია ცრემლები, ვიდრე ქალიშვილზე... სანათესაოში პირველი იყო, ვინც გოგონა გააჩინა... რა უნდა ეპასუხა ქმრისთვის? კაცისთვის, რომელსაც სჯეროდა რომ ქალიშვილის ყოლას აგურის ქონა სჯობდა... აგურს სახლის კედელში მაინც ჩაატანდა. ქვეყანას ტირილით მოვევლინე, დედაც ტირილით შემეგება... ოჯახისთვის არასდროს ვყოფილვარ ალაჰისგან ბოძებული საჩუქარი.
-არ შესცივდეს... გაახვიე... -სთხოვა ჯამარმა. ზეჰრა, თითქოს შვილის სიტყვები არც გაუგონიაო, ბღავილს აგრძელებდა. თვალები და ცხვირი უფრო და უფრო უვარდისფრდებოდა და უშუპდებოდა. თურმე არც კი მიყურებდა... მშობელს ტირილში ავყევი... ან მშიოდა, ან დედა-შვილს შორის მართლა არსებობს უხილავი, ძლიერი კავშირი, რომელიც მაიძულებდა ქვეყნად მოვლენისთვის (და მისი ცხოვრების გართულებისთვის) ბოდიში მომეხადა. ჯამარი ეხვეწებოდა ძუძუ მოაწოვინეო. დედა ყურს არ უგდებდა... ტირილით გული რომ იჯერა, წამოდგა, საწოლზე დამაწვინა და სამზარეულოში გავიდა. იქამდე გამირბოდა სანამ კვლავ სამირამ არ მოაკაკუნა.
-სალამი, სამირა, შემოდი, წყალს ხომ არ დალევ?- შემოიპატიჟა დიასახლისმა.
-დილიდანვე ბავშვის ტირილი მესმის. ვერ დაგინახეთ რომ მოხვედით... მუსტაფა უკვე წავიდა?
-ხო, წავიდა... საქმეები აქვს. უკვე ორი შვილის მამაა. ოჯახში მჭამელი მოგვემატა... ორი ბავშვის რჩენა სახუმარო საქმეა?
-ვხედავ პატარა ჭირვეულია... თუ გინდა შევულოცავ რომ დამჯერი გაიზარდოს.
- ხომ იცი, შელოცვების არ მჯერა. ალაჰს თუ მოუნდა ჯაჭვითაც კი ვერ დავაბამ ვერც ერთს. შენი ნაბუტბუტები სიტყვები ვერაფერს შეცვლის.
-წყალი დამისხი... ყელს დავისველებ. არ გამოიყვან ახალშობილს? საძინებელში ხომ არ შევაკითხო?
-ჯამარ! შენი დაიკო მოიყვანე! დროზე! - ზეჰრა ანერვიულდა.
-გოგოა? - მოურიდებლად შეიცხადა მეზობელმა.
-ხო, როგორც ხედავ, ზოგ ოჯახში გოგონებიც იბადებიან.
-მზითვის შეგროვების საშუალება რომ არ გა...- ქალს სიტყვა გაუწყდა როცა ჩემი ქერა თმა დაინახა. დედამაც მხოლოდ მაშინ შემათვალიერა თავიდან ბოლომდე. შუბლზე ხელი იტაცა და ალაჰ შენ მიშველეო, წამოცდა.
-გოგო და თან ქერა? - ჩაილაპარაკა სამირამ, ისე რომ ჩემთვის თვალი არ მოუშორებია. ჯამარმა უკან დაიხია, სხეულზე უფრო მიმიკრა და ხელები ცოტა უფრო ძლიერად მომიჭირა. მეზობელმა ცნობისმოყვარეობა ვერ დაძლია, ჩვენკენ წამოვიდა და ხელი გამოსწია რომ თმაზე შემხებოდა.
-არ გაბედოთ! - იყვირა ჩემმა ძმამ და იმწუთასვე გაანალიზა, რომ უხეშად მოუვიდა.- ძლივს დავამშვიდე, არ მინდა ატირდეს, სამირა დეიდა.-ბოდიშის ინტონაციით დასძინა.
-შენმა ქმარმა რა გითხრა, ზეჰრა?
- მან არ იცის...
-როგორ თუ არ იცის?!
-ვუმალავ.
-ქმარს შვილის ამბავს ულამავ? ეს როგორ შეიძლება? გგონია ალაჰი დაბრმავდა? არ გეშინია? სიმართლე დიდხანს არ დაიმალება.
-შენი და საძინებელში გაიყვანე, ჯამარ!- უბრძანა შვილს. ჩემს ძმასაც არ დაუყოვნებია, ერთი სული ჰქონდა მეზობლის მელიასავით მზერას გასცლოდა.
-სამირა, დამპირდი, რომ არავის ეტყვი. - დედამ ჭიქაში წყალი ჩაასხა და მეზობელს კეთილი სახით გაუწოდა.
-მე კი ჩუმად ვიქნები, მაგრამ შენი ქალიშვილი გაიზრდება და გათხოვდება. მის ქმარს და დედამთილს როგორ ამოუკერავ პირს?
-მაქამდე დიდი დროა...
-დრო თვალის დახამხამებაში გადის.
- არავინ იცის გათხოვებამდე მიაღწევს თუ არა...
-რას ამბობ?! - სამირამ ეჭვისთვალით შეათვალიერა დედაჩემი.
-ნუ გაიკვირვებ... არ იცი რა პირობებში ვცხოვრობთ? შენი პირველი შვილი ხომ სამი წლის ასაკში მოკვდა?
-მოკვდა... კი... დრო და დრო უნდა გამახსენო ხოლმე? - სამირას ცრემლების ბურთი გაეჩხირა კისერში, ხმა შეეცვალა - გაებზარა და დაუწვრილდა-, ცნობისმოყვარე ჭინკებიც დაეკარგა თვალებში. ზეჰრას შეეძლო ძალიან დაუნდობელი ყოფილიყო. ადამიანების სუსტ წერტილს ადვილად პოულობდა და საჭირო დროს თავს ესხმოდა მათ. შეიძლება ამით თავსაც იცავდა...
-უბრალოდ არავის უთხრა რომ ჩემი ნაბოლარა ქერაა... შევთანხმდით?
-ვერაფერს დაგპირდები. დავფიქრდები რამდენად შემიძლია საიდუმლოს შენახვა.
დედამ მეზობელი გააცილა და, როგორც იქნა, მაჭამა ალბათ მხოლოდ იმიტომ რომ ჩემმა დაუსრულებელმა ტირილმა შეაწუხა. საღამომდე გიჟივით ალაგებდ სახლს, ხან ერთ ოთახს, ხან მეორეს... ერთი და იგივე ადგილს ათჯერ წმენდდა. სახეზე ეწრა რომ ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში, ეს ძალიან აშინებდა ჯამარს. ვაი თუ დედას არასწორი გადაწვეტილება მიეღო? შეძლებდა ჩემ დაცვას?
-მამა როდის მოვა?
-ნეტავ, სულ არ მოვიდეს!
-სად არის?
-ჯანდაბაში!
-ფარჰანას, რომ დაინახავს, გისაყვედურებს?
-ფარჰანა?
-ხო, ასე დავარქვი.
-იყოს... სულ ერთია... სულელურ შეკითხვებს ნუ მისვამ, მითუმეტეს მაშინ როცა პასუხი იცი!-უყვირა და ეზოში გავიდა.
ჩემს ძმას ბავშვობაში ეგონა, რომ მზე ღამით ტიგროსში ყვინთავდა და დინებას მიუყვებოდა, რომ სხვა ქვეყნებისთვის სითბო და სინათლე ეჩუქებინა, მერე კი კვლავ ჩვენთან ბრუნდებოდა. მზე მდინარეში რომ ჩაესვენა ზეჰრამ შვებით ამოისუნთქა, თითქოს მხრებზე აზიდული ტვირთი მოაშორეს. დაიმედდა, რომ მუსტაფა იმ ღამითაც არ დაბრუნდებოდა.
-იცი, ჯამარ? მშვენიერი სახელია ფარჰანა... უკეთესს მე და მამაშენიც კი ვერ მოვიფიქრებდით. - დედამ ჩემს ძმას თავზე ხელი გადაუსვა და გაუღიმა. ჯამარს გადაღლილი სახე ჰქონდა, თვალებს ძლივს ახელდა, უპეები გამუქებოდა, ხელები ოდნავშესამჩნევად უთრთოდა.
-დაიღალე, არა? როგორ მეხმარები მთელი დღეა. კარგი ბიჭი ხარ! - ზეჰრამ ყალბი მოფერება იცოდა, ვერ გაარჩევდი ალერსით შენს მოსყიდვას ცდილობდა, რამეში გამოსაყენებლად გამზადებდა თუ სიყვარულს გამოხატავდა. - წადი, დაიძინე. ხვალ გრძელი დღე გველოდება.
სითბოს დახამებული ჩემი ძმა და მე დედის ყველა საალერსო სიტყვას ან ჟესტს ვეფერებოდთ. გონებაში მილიონჯერ ვიმეორებდით და ერთმანეთს ღიმილით ვუზიარებდით.
-მე რომ დავიძინო ფარჰანას ვინ მიხედავს?
-როგორ გგონია, დედები რისთვის არსებობენ? - გაიღიმა ზეჰრამ.
-შვილებისთვის...
-მართალია. შენი ფარჰანა სანდო ხელშია.
ღამენათევ ჯამარს დაწოლისთანავე ჩაეძინა. არც კი უეჭვია, რომ დედაჩვენმა აბეზარი ბუზივით თავიდან მოიშორა.
ზეჰრამ სავარაუდოდ ქუჩა კარგად დაზვერა, ყველა მეზობელ სახლში სანთლების ჩაქრობას დაელოდა და მხოლოდ ამის შემდეგ ჩამსვა ჩანთაში. ალბათ ჩვეულებრივი ღამე იყო... ცაზე ვარსკვლავები ისე იკაშკაშებდნენ, როგორც ყოველთვის... ტიგროსთან მიახლოვების შემდეგ უდაბნოდან მონაბერ, მშრალ ქარს მდინარის ბრიზი შეცვლიდა.
დარწმუნებული ვარ ბავშვობაში არ გვეშინია სიკვდილის... ბავშვისთვის არც არსებობს სიკვდილი... როგორ შეიძლება ეშინოდეს იმის, რაც არასდროს უნახავს... რისი ხმაც არასდროს სმენია... რაზეც არაფერი გაუგონია... რასაც მის ფიქრებსა და ფანტაზიებში არ გაუქროლია?!
ჩვენი მეხსიერება თითქმის ავტომატურად შლის ყველაფერს - კარგსაც და ცუდსაც-, გონებას გვინთავისუფლებს ახალი ინფორმაციისთვის და მხოლოდ უნარ-ჩვევებს გვიტოვებს. ეს ,,უვარგისი,“ ,,ყავლგასული“ მოგონებები ჩვენი არსების ნაგავსაყრელზე ხვდებიან... მარტოსულობის გასაქრობად ნაგავაყრელი სახეცვლილი წარსულის ნაკუწებით გვეთამაშება: მესიზმრება ხოლმე, რომ ვიხრჩობი... მგონია, ცოტაც და ჰაერი აღარ მეყოფა, მაგრამ განრისხებული მდინარის ტალღა იმწუთასვე მავსებს ნოტიო, მარილიანი ჰაერით. ვქანაობ...ზევით-ქვევით... ზვირთების მარიონეტი ვარ... უსულო სათამაშო, რომელსაც ხან სიღრმეში ეზიდებიან, ხან ნაპირის შესახებ ზღაპრებს უყვებიან... მთელი სხეული მეჟღინთება... წლიდან ამოყვინთვას ვერ ვახერხებ... გაურკვევლობა მიტრიალებს თავში... მერე ვხვდები რომ ვკვდები და დაუძლეველი შიში მეუფლება... ეს შიში ასაკში გაჩნდა... მანამდე გაურკვევლობაში ვიკარგებოდი... სიკვდილამდე ერთი წამით ადრე ვხედავ ვიღაცის ხელს... ვიცი, რომ ეს ხელი გადამარჩენს... მოყვითალო ნაპირი გამოჩნდა... არც ისე შორია... ვიღაც ტირის... მე კი მეღვიძება!
გაღვიძებულზე ძალიან ღრმად ვსუნთქავ. ჭარბად ვისრუტავ ხოლმე ღამის ერაყის მშრალ ჰაერს. მინდა ყველა ატომი გავივსო ამ ჰაერით. მსურს ვიცოცხლო... ბედნიერებას მანიჭებს მარტივი ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა. არ მსურს, რომ ოდესმე წერტილი დაესვას ამ ბედნიერებას. გათენებამდე ვეჩვევი და სუნთქვასაც ეცრიცება ხიბლი.
სიმართლე რომ ვთქვა, ეს კოშმარები მაშინებს, მაგრამ მიყვარს... ჩემი წარსულის ბნელი მხარე გულს მტკენს, მაგრამ სიამოვნებასაც მანიჭებს. სიკვდილთან პერიოდული პაემნები გამუდმებით მახსენებს სიცოცხლის ფასს. ყველა ადამიანს სჭირდება მსგავსი კოშმარები ცხოვრების აზრის წვრილმანებში ამოსაცნობად.
არ ვიცი რაზე ფიქრობდა დედა, როცა წყალში ჩამაგდო... არც არასდროს მიკითხავს... რომ მეკითხა შეძლებდა თავის გამართლებას? ჩემმა ძმამ ვერ აპატია... ვერც მე ვაპატიე... ნეტავ, თავად თუ აპატია საკუთარ თავს? ღამით, ყველა რაღაცას ვნანობთ... ეს სინანული ხუთი წუთით მაინც გვიფრთობს ძილს და საუკუნედ იწელება.
სიკვდილს ალბათ შევეცოდე... დედაჩემი სანამ გონს მოეგო ხელში ვეჭირე, მდინარის დინებას ჩემი თავი შორს არ გაატანა. მერე ზეჰრასაც გაუნათდა გონება და შემოცურა. სასწაული იყო, რომ გადავრჩი! არაფერს შევუჭამივარ... არ გავყინულვარ... არ ჩავძირულვარ...
სახლისკენ მიმავალ გზაზე ჯამარი შეგვხვდა. გალუმპულ მშობელს მივარდა, ჩემი თავი წაართვა და გაიქცა... სამირა არ დაგვდევნებია... ან დარწმუნებული იყო, რომ შინ დავხვდებოდით, ან ძალიან უნდოდა ჩვენი თავიდან მოშორება...

ავტორი: დამიანე ნითანელი



№1  offline მოდერი ლილიანა

როგორ საინტერესოდ წერ; ისტორიაც არატრადუციულია,განსხვავებული
მაფრამ ეს რა სათაურია? მოკლე აღწერამ დამაინტერესა სათაურმა კი დამაფრთხო.ველი გაგრძელებას
--------------------
სიყვარული არასოდეს მთავრდება

 


№2  offline მოდერი nicol

ძალიან მომეწონა... რაღაც განსხვავებულია და ველოდები გაგრძელებას
--------------------
თინა ნიკოლ

 


№3  offline მოდერი მარრიამი

მომეწონა... განსხვავებულია.. ველი გაგრძელებას, დავინტერესდი ^^

 


№4  offline წევრი cassie

ძალიან მომეწონა love

 


№5  offline წევრი ფორთოხალი

კარგად წერ ძალიან!!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent