თვალები (2 თავი)
თავი მეორე ქალბატონი თამარი იქ კარგახანს გაჩერდა, იქვე ვიდექი და შორიდან ვუმზედი, როცა წავიდა, ახლოს მივედი და საფლავს დავხედე, ძველი სასაფლაო გახლდათ, უბრალო საფლავის ქვით, რომელზეც არც სურათი იყო გამოსახული, არც წარწერა, არანაირი მინიშნება. ვერ მივხვდი ვისი საფლავი იყო. უცნობის საფლავმა ძალიან დამაინტერესა. სახლში დაბრუნებულს ქალბატონი თამარი ეზოში დამხვდა, როგორც წესი კვლავ ვარდებს უვლიდა, მივესალმე, შემომხედა და სალამზე არ მიპასუხა. იქვე დადგმულ სავარძელში მოვკალათდი და ვუმზერდი, სპეციალური მაკრატლით ვარდები დაკრიფა და ვაზაში ჩააწყო. - ალბათ, გეშიებათ? - მკითხა მე, მისმა ყურადღებამ გამაოცა, როგორც წესი არ მიმჩნევდა, სადილის გამზადება დიწყო თან მელაპარაკებოდა: - დაგინახეთ დღეს სასაფლაოზე რომ ბრძანდებოდით. – ისე მითხრა რომ ჩემსკენ არც კი გამოუხედავს, უნებურად შემრცხვა, თითქოს სხვის პირადულში შევიჭერი. - ვიფიქრე მოხვიდოდით, შევცდი. - მინდოდა, მაგრამ ვერ გავბედე. - თითქოს თავი ვიმართლე. მან სადილი და სალათა მაგიდაზე დააწყო, წინ დამიჯდა და თვალებში ჩამხედა. - მითხარით რა გაინტერესებთ და მოგიყვებით. - ცუდად ნუ ჩამომართმევთ, სასაფლაოზე შემთხვევით მოვხვდი, თქვენ არ გითვალთვალებდით. - სიუჟეტს ეძებთ მოთხრობისთვის? - დიახ. - მე გიამბობთ ერთ ისტორიას და რამდენად გამოგადგებათ, თქვენ გადაწყვიტეთ. ჩემი წინაპრები წარმოშობით აქაურები იყვნენ. დიდი ბებია ხევსური მყავდა, ჩვენი სოფელი ზევით მთებში იყო, ბავშვობაში ერთხელ ვარ ნამყოფი. მეწყერის გამო, აღნიშნული ადგილი ავარიულ ზონად გამოცხადდა და ჩემს ოჯახს სანაცვლოდ აქ შემოსთავაზეს დასახლება. უარის თქმას აზრი არ ქონდა და ჩემებიც დაეთანხმნენ, მით უმეტეს როცა აქ დასახლებული ნათესავებიც აღმოვაჩინეთ. როგორც წესი, აქ ზაფხულობით დასასვენებლად ბიძაშვილებთან ერთად ჩამოვდიოდი, მაშინ ძალიან ბედნიერები ვიყავით, ბევრად უფრო ხალისიანები, მთელი დღე არ ვჩერდებოდით, აქაურობა ძალიან გვიყვარდა, ერთად-ერთი ადგილი სადაც თავისუფლად ვიყავით, არავინ გვზუდავდა. მთელი Dდღე დავრბოდით, მდინარეზე ვბანაობდით, როგორც Dდღევანდელი ბავშვები. ამ დროს ალბათ ვიქნებოდით ათ წლამდე, მალე დიდი ბებია და დიდი ბაბუა გარდაგვეცვალა და ჩვენც აღარ ჩამოვდიოდით. ასევე გავიდა წლები, ოთხმოცდაათიანი წლების დასაწყისი იყო, მოგეხსენებათ სამოქალაქო ომმა მძიმე დაღი დაასვა თბილისს, ყველას უჭირდა ცხოვრება, სამაჩაბლოს არეულობამაც ხომ თავისი კვალი დატოვა, ჩაშავდა და ჩამუქდა თბილისი, გაღიმებული სახის დანახვა გვიკვირდა. უნივერსიტეტში მისაღებ გამოცდებს ვაბარებდი, ძლიერი ემოციის ფონზე, წნევა დამივარდა, მითხრეს, რომ მაღალი მთის ჰაერი მომიხდებოდა, სწორედ ამ დროს აქაური ნათესავი, ფიქრია იმყოფებოდა ჩემთან სტუმრად. მე და ის გოგონა ვმეგობრობდით. როცა გაიგო ექიმების ნათქვამი, თავისთან დამპატიჟა და დიდი ხვეწნისა და მუდარის შედეგად ჩემი მშობლებიც დაითანხმა ორი კვირით მასთან გაშვებაზე. მკაცრი მშობლები მყავდა, თან ასეთ არეულ პერიოდში მარტოს არსად მიშვებდნენ. როცა დაინახეს, რომ ცუდად ვიყავი, დაეთანხმნენ და დასასვენებლად გამომიშვეს. კარგად მახსოვს ამდენი წლების შემდეგ აქ ჩემი ჩამოსვლა. ყველას ძალიან უხაროდათ ჩემი ნახვა, ისინი ხუთი და - ძმანი იყვნენ, თითქმის თანატოლები, თითო-თოთო წელი სხვაობით და მშვენივრადაც ვერთობოდით. ფიქრია არ მშორდებოდა, მუდმივად ჩემზე ზრუნავდა, მეც მალე დამეტყო მთის ჰაერი, დამიბრუნდა ფერი. ღამით ეზოში ცეცხლს ვანთებდით და როცა შრომით დაღლილი ოჯახის წევრები ისვენებდნენ, მე და ფიქრია გვიანობამდე ცეცხთან ვიჯექით. ვსაუბრობდით, ამდენ ლაპარაკში ბევრჯერ თავზეც დაგვათენდა. ფიქრია შეყვარებული გახლდათ, ყვებოდა მისი სიყვარულის შესახებ და ჩვენც დრო როგორ გადიოდა ვერ ვგრძნობდით. იმ ღამითაც ასე ვიჯექით, როდესაც მამაკაცის ხმა გავიგონეთ, ფიქრია გახარებული წამოხტა ადგილიდან: - ეს ნამდვილად გიორგია, ჩემი ბიძაშვილი. - და კარებისკენ გაიქცა. ისინი ხმადაბლა საუბრობდნენ, თუმცა ფიქრიას სიცილი მესმოდა. - რაღას ელოდები, შემოდი და გაიცანი!… - გავიგონე მისი სიტყვები და დავინახე მამაკაცთან ერთად როგორ შემოვიდა ეზოში. მართალია ბნელოდა, მაგრამ შორიდანაც შეამჩნევდი, რომ სტუმარი საკმაოდ მაღალი ტანის გახლდათ, რატომღაც სამხედრო ფორმა ეცვა, შავი მაისურიდან სპორტული აგებულობის ტანი მოუჩანდა. - ბიჭებმა მითხრეს ფიქრიას სტუმარი ყავსო. - მომმართა მე – მართალია გვიანია, მაგრამ იმდენი გაქეს, რომ გაცნობა მომინდა, თუმცა არ მეგონა ასეთი ლამაზი თუ იქნებოდით. შემრცხვა, უცნობისგან ასეთ სიტყვებს არ ველოდი. გავწითლდი და გამიხარდა, რომ სიბნელეში სტუმარი ჩემს გაწითლებას ვერ შეამჩნევდა. უნდა ვაღიარო, რომ საკმაოდ ლამაზი ბიჭი იყო, შავი თმითა და ლურჯი თვალებით, იქვე ჩაიმუხლა კოცონთან და მე მომაჩერდა. დიდხანს მაკვირდებოდა, თვალი ავარიდე, გიორგიმ მიყურა, მიყურა, შემდეგ წამოდგა და ფიქრიას მიმართა: - შენს სტუმარს ზედმეტად ლამაზი თვალები აქვს, იმაზე ლამაზიც კი ვიდრე უნდა ქონდეს.… ცოტა არ იყოს გავბრაზდი, ისე ელაპარაკებოდა თითქოს იქ არ ვიყავი და ვერ მხედავდა. კი მაგრამ ნუთუ მარტო თვალები მაქვს კარგი? ნეტავ რას მიწუნებს? - ვფიქრობდი მე. ბიჭს აღარაფერი უთქვამს, დაგვემშვიდობა და წავიდა. - მგონი ზედმეტად მოეწონე. – მითხრა ფიქრიამ მისი წასვლის შემდეგ - ასეთი დაღონებული ჯერ არ მინახავს!. არაფერი ვუპასუხე, თუმცა გავიფიქრე, უცნაური მოწონება სცოდნია მეთქი. რამდენიმე დღე ისე გავიდა, რომ ჩვენი ღამის სტუმარი არ გამოჩენილა, თუმცა მისი დისა და ძმის გაცნობა მოვახერხე, ძალიან თბილად მიმიღეს, აღმოჩნდა რომ ჩვენს ბავშვობაში ერთმანეთს ვიცნობდით. რამდენიმე დღეში, ფიქრიამ მითხრა, რომ ჩვენი ამდენი წლის შემდეგ შეხვედრის აღსანიშნავად, ეკა (ასე ერქვა გიორგის დას) თავისთან გვეპატიჟებოდა, ხინკალზე ქეიფის იდეამ საკმაოდ მომხიბლა და სიამოვნებით დავეთანხმე. მათი სახლი სოფლის განაპირას, გორაკზე იყო აშენებული, ორსართულიანი, დიდი აივნით. მთელი სოფელი ხელისგულივით მოჩანდა, სახლის გარშემო ბაღი ქონდათ, ხეხილით, ძირითადად ატამსა და ვაშლის ხეებს შეამჩნევდით. ეზოში რომ შევედით ატმის სუნი იფრქვეოდა, იქვე საკმაოდ ავი ძაღლი ყავდათ დაბმული, მისი ბუთხუზა თავით თუ ვიმსჯელებდით, ალბათ მეცხვარე იქნებოდა. თუმცა მე ძაღლის ჯიშებში ვერ ვერკვეოდი, ცხოველი თანდათან უფრო ანჩხლდებოდა უცხო სტუმრების დანახვაზე, საბედნიეროდ დაბმული გახლდათ და ჩვენთვის საფრთხეს არ წარმოადგენდა. - რამხელა ძაღლი ყოლიათ? - კი, მხოლოდ გიორგის უჯერებს და როცა ის არ არის აბამენ. ასეთი გიჟი ძაღლი სოფელში არავის ყავს, თუმცა დათვებთან კარგად იბრძვის!. – მიპასუხა ფიქრიამ. გამეცინა: _ იმედია ჩვენ დათვად არ გვთვლის. როგორც იქნა სახლში შევედით და ძაღლიც დაწყნარდა, ეკას წინსაფარი აეფარებინა და ხინკლისთვის ცომს ზელდა, ფიქრიამაც მას მიბაძა და სამზარეულოში შეუერთდა. - გიორგი სად არის? – მოიკითხა მან ბიძაშვილი. - რა გითხრა, იმ დღეს რომ შემოირბინა ნახევარი საათით, აღარც გვინახავს, ხომ იცი მაგის ამბავი, სად დადის რას გაიგებ. რაც ომიდან ჩამოვიდა, ვეღარ ვცნობთ. - ომში იყო? – გამიკვირდა მე. - კი, სამაჩაბლოში იბრძოდა. გარედან ძაღლის წკმუტუნის ხმა შემოგვესმა, ფანჯრიდან დავინახეთ, როგორ გაექანა პატრონისკენ კუდის ქიცინითა და წკავწკავით, თუმცა ყელზე გამობმულმა თოკმა, მალევე შეახსება, რომ დაბმული იყო. - დაგაბეს?! ეტყობა ბევრს ცუღლუტობდი!… - გვესმოდა გიორგის ხმა. - რაღა გვიჭის, როგორც იქნა გამოჩნდა. - გაიცინა ეკამ. ვხედავდით როგორ შემოიტანა ეზოში ჩანთები, შემდეგ ძაღლთან მივიდა და აუშვა. - წადი და ირბინე! ძაღლი კუდის ქიცინით მოყვებოდა პატრონს, ჩანთებით დატვირთული გიორგი კიბეებზე ამოვიდა და სახლში შემოვიდა. ჩვენს დანახვას ნამდვილად არ ელოდა. - გამარჯობათ. – ღიმილით მოგვესალმა - არ მეგონა ჩემთან თუ გნახავდით, თუმცა უნდა ვაღიარო, რომ ძალიან მიხარია თქვენი სტუმრობა. - სახლში შენ არ მოდიხარ, და სტუმრების საკითხსაც ვერ გითანხმებ... – უსაყვედურა დამ. - შენ თუ ყოველ მოსვლაზე ასეთ სტუმარს დამახვედრებ, გპირდები, რომ ყოველდღე სახლში ვიქნები... - ღიმილით შემომხედა გიორგიმ, თავი დავხარე, რატომღაც შემრცხვა. ვიდრე ფიქრია და ეკა ხინკალს ამზადებდნენ, ჩვენ სასადილო ოთახში ველოდებოდით. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა, იგი იჯდა და მაკვირდებოდა, ცოტა არ იყოს მაღიზიანებდა მისი მზერა. უცებ დუმილი დაარღვია და მკითხა: - თამუნა, რამდენი წლის ხარ? - 16. - პატარა ყოფილხარ. მისი ნათქვამი მეწყინა. - პატარა? და შენ რამდენი წლის ხარ? - 26. სიმართლე გითხრათ მისი ასაკი მართლაც დიდად მომეჩვენა, გულში ვიფიქრე: “თითქმის მამაჩემის ხნის ყოფილა მეთქი”. - მოგწონს ჩვენი სოფელი? - კი, აქაურობა ძალიან მიყვარს. ბავშვობაში ხშირად ჩამოვდიოდი ბიძაშვილებთან ერთად. - მართლა?! მე არ მახსოვხარ. - ბავშვები იზრდებან და იცვლებიან.. - ეგეც მართალია.. - გაიცინა მან – თამუნა, რამე რომ იყოს აქ იცხოვრებდი? მისმა კითხვამ დამაბნია: -აქ?! არა მგონია, აქ ორ კვირაზე მეტხანს ვერ გავჩერდები. –ვიუარე მე. - რატომ? – გაუკვირდა და მივხვდი რომ ეწყინა ჩემი ნათქვამი. - საწყენად არ მითქვამს, აქაურობის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, უბრალოდ მე ჩემი მშობლებისგან შორს ვერ ვჩერდები. - თუ ძალიან შეგიყვარდა? მისი კითხვა გამიკვირდა: - მე შემიყვარდეს? არამგონია!… მითუმეტეს - აქ. - რატომ? გგონია ვერავის შეიყვარებ? - მე სიყვარულზე არ ვფიქრობ, ჯერ ვსწავლობ, რაღაცას მინდა მივაღწიო ცხოვრებაში. აქ რომ წამოვიდე, მაშინ ყველაფერზე უარი უნდა ვთქვა და ამდენი შრომა წყალში ჩავყარო. - მერე ასეთ მსხვერპლს საყვარელი ადამიანისთვის ვერ გაიღებ? - ფიქრობ, საყვარელმა ადამიანმა ასეთი მსხვერპლი უნდა მთხოვოს?! იგი ჩაფიქრდა. ჩემი ნათქვამი არ მოეწონა. - ბავშვობიდან ვოცნებობდი იურისტობაზე, ბევრს ვმეცადინეობდი წლების განმავლობაში, ვიცოდი რომ “პატრონი” არ მეყოლებოდა და უნივერსიტეტში თავი ჩემით უნდა გამეტანა, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ჩავაბარე, როგორ ფიქრობ შეიძლება ამდენი შრომა დაივიწყო და რაღაც რომანტიულ გრძნობას შესწირო? - მე ვფიქრობ რომ შეიძლება. - არა მგონია, სულ მალე მომბეზრდება მთებიც, ლამაზი ბუნებაც და ჩემი ოცნებები გამახსენდება, მაშინვე მათ დანგრევაში “საყვარელ ადამიანს” დავადანაშაულებ, მით უმეტეს აქ, როცა ნორმალურად არც შუქია, არც ტელევიაზია. აქ აქაური ვერ ჩერდება, არამც თუ თბილისელი, არა მგონია იმ საყვარელ ადამიანს ისევ მოვეწონო, ჩემი პრეტენზიებით. - ჩემი ცოლი რომ ყოფილიყავი, მე არ მოგაწყენდი.… - შენი ცოლი?! – ხმამაღლა გამეცინა მე - არამგონია ოდესმე შენი ცოლი გავხდე. - რატომ? ასე პირდაპირ რატომ მეუბნები უარს, ჯერ ხომ არ მიცნობ? - არ გიცნობ, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ შენი ცოლი არასოდეს გავხდები. იგი საკმაოდ გააცხარა ჩემმა ნათქვამმა. - ასე გგონია? და თუ გეტყვი, რომ Dეს Dდღესვე მოხდება? - დღესვე? ხუმრობა გყვარებია. - ძალიან რომ შეგეხვეწო?! – ისეთმა სასოწარკვეთილმა შემომხედა, რომ დავიბენი, ხუმრობდა თუ მართალს მეუბნებოდა ვეღარ მივხვდი. - ცოლობას მეორედ ნანახ ადამიანს არ თხოვენ. - მაგას რა მნიშვნელობა აქვს? მე გნახე თუ არა მაშინვე მივხვდი, რომ ამდენი წლები სწორედ შენ გეძებდი. გთხოვ, უარს ნუ მეტყვი!. – მემუდარებოდა ის. - ბოდიში, გიორგი, მაგრამ შენგან განსხვავებით მე ასეთი მეოცნებე არ ვარ. ოჯახი ხუმრობა არ არის. - არც მე ვხუმრობ! – ხმაში გაღიზიანება შეეტყო –წინა შეხვედრისას გითხარი, რომ ლამაზი თვალები გაქვს, ზედმეტად ლამაზიც კი.… ერთი რამ არ მითქვამს, სამაჩაბლოში ვიბრძოდი. ბრძოლის დროს დამჭრეს. როგორც მითხრეს, რამდენიმე დღის განმავლობაში უგონოდ ვიყავი, გონზე გორის გოსპიტალში მოვედი, მახსოვდა როგორ მოგვაქციეს ოსებმა ალყაში, სკოლას შევაფარეთ თავი. ყველა მხრიდან გვესროდნენ. ვხედავდი, როგორ იღუპებოდნენ ჩემი მეგობრები და ვერ ვეხმარებოდი, ისტერიულად ერთი ფანჯრიდან მეორესთან გავრბოდი და ყველა მხრიდან ვისროდი, რათა არ მიმხვდარიყვნენ, რომ მხოლოდ მე ვიყავი დარჩენილი. სწორედ ამ დროს მომხვდა მკერდში ტყვია, მწვავე ტკივილმა დამიარა და გონებაც დავკარგე. თუმცა რატომღაც თვალები მახსოვს, თითქოს გოგონას ვხედავდი, გრძელი წაბლისფერი თმებითა და ულამაზესი თვალებით. ეს სახება მესიზმრებოდა, მაგრამ იმდენად რეალური იყო, რომ ცხადი მეგონა. გონზე მოსულს მითხრეს რომ, თითქმის ერთი კვირა გათიშული ვიყავი. მე ის გოგონა არ გამომდიოდა თვალებიდან, გული დამწყდა, როცა გავიაზრე, რომ ეს მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. თუმცა როცა შენ გნახე, მივხვდი, რომ ჩემი ზმანება სულაც არ ოყო მოჩვენება, ის ქალი შენ იყავი და მე სწორედ შენს გადამარჩინე. მისმა ნათქვამმა გამაოცა, ხმა ვერ ამოვიღე. როგორ შეიძლება სრულიად უცნობ ადამიანს მოვჩვენებოდი?. – შენ ჩემი ბედისწერა ხარ. ვიცი რომ შენს გარეშე, მაინც ვერ ვიცოცხლებ, ასე ყოფილა დადგენილი. ამისთვის დიდი ხნის ნაცნობობა არ არის საჭირო. ძალიან დიდხანს გელოდი იმისთვის რომ გაგიშვა. - ამას შენ ვერ გადაწყვეტ, მე არ მინდა შენთან ყოფნა და ვერც მაიძულებ! - გაიძულებ, არ გაგიშვებ! – ისე კატეგორიული ტონით მითხრა, რომ სიბრაზისაგან ფეხზე წამოვდექი. - გამიშვებ!. - არ გაგიშვებ და ვერც წახვალ რომც გინდოდეს. - ვითომ რატომ? – ცინიკურად ვკითხე, თან ცოტა არ იყოს შემეშინდა, მის მზერაში იყო რაღაც არაბუნებრივი, ცოტა არ იყოს ავადმყოფური. - რომც გაგიშვა, გარეთ ძაღლი არ გაგატარებს. - ძაღლით მაშინებ?! - კი არ გაშინებ, გეუბნები რომ ვერ წახვალ. ჩვენს ხმამაღალ საუბარზე ფიქრია და ეკაც შემოვიდნენ, თუმცა კამათში ჩარევა ვერ გაბედეს. - რატომ ჩხუბობთ? – როგორც იქნა გაბედა კითხვის დასმა ფიქრიამ. - შენს ბიძაშვილს ცუდი ხუმრობა ყვარებია. - მე არ ვხუმრობ, ნებით თუ ძალით შენ მაიც აქ დარჩები! - ჯიუტად და უტიფრად იმეორებდა ის. - აბა ვნახოთ! – მე კარებისკენ გავემართე, სიბრაზისგან ვცახცახებდი, გიორგი წინ გადამიდგა. - არ წახვიდე! გაჩერდი! - გაიწიე, ძალით ვერ დამაკავებ!. – თითქმის ვუბრძანე მე. - ძაღლი დაგგლეჯს! - შენთან ყოფნას, ძაღლისგან დაგლეჯა მირჩევნია. კარები გავხსენი და აივანზე გავედი, ძაღლი იქვე დარბოდა, მე რომ დამინახა, გაჩერდა და მომაჩერდა. ეზოს მიმართულებით დავიძარი, ძაღლი - ჩემსკენ. ნელ-ნელა მივდიოდი და ცხოველიც ძუნძულით მიახლოვდებოდა. მისი ჩუმი ღრენა მესმოდა, რომ გითხრათ არ მეშინოდაო, მოგატყუებთ, ძალიან მეშინოდა. უკან მოვიხედე და დავინახე გიორგი და გოგოები. - გააჩერე! – ეხვეწებოდა ფიქრია, მაგრამ იგი ხმას არ იღებდა. მის შემხედვარეს ბრაზი კიდევ უფრო მომერია, გზა გავაგრძელე. ძაღლი ღრენით მომიახლოვდა, გავჩერდი. - „რაც იქნება, იქნება, უკან დასახევი მაიც არ მაქვს“... - გავიფიქრე და თვალები მაგრად დავხუჭე, ჩემს გაოცებას საზღვარი არ ქონდა, როცა ძაღლმა დამსუნა და სათამაშოდ ფეხებში გამიგორდა. გაოგნებული ვერ მივხვდი რა ხდებოდა, ძაღლი ფეხებთან გორავდა და წკმუტუნებდა. უკან მივიხედე, გიორგი აღარ მიყურებდა, მუხლებზე დავარდნილიყო და პატარა ბავშვივით ტიროდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.