ხაფანგი (თავი 1)
დამძიმებული ქუთუთოები ძლივს დააშორა ერთმანეთს. ბუნდოვანი გამოსახულება ორ წამში გაქრა. არც ისე ადვილი აღმოჩნდა თვალების გახელა. განსაკუთრებით წუხანდელი ღამის შემდეგ. დასაშვებზე მეტი მხიარულება მოუვიდათ ბიჭებს. რას აღნიშნავდნენ? საკუთარ კარგად ყოფნას. არც არასდროს დასჭირვებიათ მხიარულებისთვის მიზეზი. მეორე მცდელობა შედარებით წარმატებული აღმოჩნდა, თვალები კი გაახილა, მაგრამ ახლა დაუძლეველ მისიად ბალიშიდან თავის აწევა რჩებოდა. რას არ მისცემდა, სამსახურში წასასვლელი რომ არ ყოფილიყო. პრინციპში შეეძლო არც წასულიყო, ორგანიზაცია, სადაც რიგით არქიტექტორად მუშაობდა, მის ოჯახს ეკუთვნოდა. დირექციასთან ნათესაობა კი აძლევდა სამსახურში გამოუცხადებლობის უფლებას, მაგრამ ეს „რიგითის“ სტატუსი აიძულებდა დამორჩილებოდა შინაგანაწესს, რომლის ერთ-ერთ მკაცრ მოთხოვნად პუნქტუალურობა რჩებოდა. მძიმედ წამოსწია თავი და ნელ-ნელა აითრია სხეულიც. თავი საშინლად ტკიოდა და ალბათ მთელი კოლოფი ასპირინიც ვერ უშველიდა. პირველი სააბაზანოს მიაშურა. იქიდან ცოტა მხნედ გამოვიდა, თუმცა თავის გაუსაძლის ტკივილს, ლამის ჭკუიდან გადაეყვანა. მოწესრიგდა და კარისკენ გაემართა. დერეფანში დაკიდებულ სარკეში ერთი წამით შეავლო თვალი საკუთარ გამოსახულებას, „რას ჰგავხარ მეგობაროო“ – ჩაიბუტბუტა და კარი გაიხურა. საჭეს მიუჯდა და გეზი სამსახურისკენ აიღო. დადიანების ოჯახის უმცროსი წარმომადგენელი იყო კოსტა. ვერ ვიტყვით რომ გათამამებული, უფრო მეამბოხე, ის ვინც ოჯახის წესებს საკუთარ ხასიათზე ირგებდა. თუმცა ზღვარს არასდროს გადადიოდა და ამიტომაც ეგუებოდა მთელი ოჯახი, თუნდაც იმას რომ კოსტა არასდროს იცავდა წესებს. თვითონ არ იცავდა, მაგრამ პატივს სცემდა მათ. მისი თანამდებობაც საკუთარი გადაწყვეტილება იყო, არ უნდოდა ჰქონოდა, რაღაც გაუგებარი, სპეციალურად მისთვის შქმნილი თანამდებობა, მჯდარიყო კაბინეტში მთელი დღე და მისთვის უინტერესო ქაღალდების კირკიტში გაელია ცხოვრება. განათლება საზღვარგარეთ მიიღო. იქიდან ძალიან თავისუფალი და დამოუკიდებელი ჩამოვიდა. მისი ღამის გართობებიც, გარკვეულწილად ნიუ იორკის კლუბური ცხოვრების გაგრძელება იყო. ბევრ რამეში არ ეთანხმებოდნენ ოჯახის წევრები, მაგრამ ასეთი იყო კოსტა დადიანი და სწორედ ასეთი უყვარდათ მათაც. – ერთადერთი პირადი ცხოვრება აქვს დაულაგებელი, თორემ სხვა დანაჩენი კი აქვს საათივით აწყობილიო. – ხშირად იტყოდა ლიდია მიხაილოვნა. ლიდია მიხაილოვნა კოსტას ბებია და მისი პირველი მეგობარი გახლდათ ოჯახში. რაღაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა ბებია-შვილიშვილს. მიუხედავად რადიკალურად განსხვავებული ხასიათისა, ყველაზე კარგად უგებდნენ ერთმანეთს. ერთადერთი რაშიც ვერ თანხმდებოდნენ, კოსტას დაოჯახების ამბავი იყო. ქალბატონი ლიდია უკვე დიდი ხანი იყო რაც აქტიურად ინტერესდებოდა ამ ამბით და დაახლოებით ოცი გოგოს „გადანახულება“ მაინც აიძულა შვილიშვილს. კოსტა თავიდან ენთუზუაზმით ერთვებოდა ბებიის წამოწყებებში და მშვენივრადაც ერთობოდა „შემთხვევით“ მოწყობილ საღამოებზე, მიხაილოვნას მიერ შერჩეულ ობიექტებზე „ცდების“ ჩატარებით. სიმართლე გითხრათ ენთუზიაზმი დაახლოებით შვიდზე ეყო. მერე თანდათან მოსაწყენი ხდებოდა და ბოლოს უპროტესტებდა კიდეც. რამდენიმე ასეთ საღამოზე საერთოდ არ გამოცხადებამ კი საშინლად გააბრაზა მოხუცი და თითქმის ერთი კვირა ხმასაც კი არ სცემდა შვილიშვილს. კოსტას ერჩივნა რამდენიმე საათი გაეტარებინა მტანჯველ, უინტერესო საზოგადოებაში, ვიდრე მიხაილოვნას გამგმირავი მზერისთვის ეყურებინა მთელი ერთი კვირა. ახლაც თითქმის ერთი თვე საკუთარი ბავშვობის დაქალის შვილიშვილის გაცნობას უპირებდა. რამდენიმეჯერ შეძლო თავი აერიდებინა არასასურველი ნაცნობობისთვის, მაგრამ ხვდებოდა თანდათან როგორ ელეოდა „საპატიო“ მიზეზები. მანქანა მაღალ სართულიანი ბიზნესცენტრის ავტო სადგომზე გააჩერა და შენობაში შესვლისას ცდილობდა მეტნაკლებად ადეკვატური გამომეტყველება შეენარჩუნებინა. ლიფტით მესამე სართულზე ავიდა და საკუთარ კაბინეტში შესული მოწყვეტით ჩაეშვა სავარძელში. ისევ ეს აუტანელი თავის ტკივილი... კარი ხმაურით გაიღო და კაბინეტში მაღალი ასე 25-30 წლის მამაკაცი შემოვიდა. მასაც ეტყობოდა წუხანდელი გართობის კვალი. შუბლზე მიდებული ცივი მინერალური წყლის ბოთლი მოწმობდა, რომ თავის ტკივილიც აწუხებდა. ისიც მოწყვეტით ჩაეშვა კოსტას წინ მდგარ სავარძელში. – კარგი, მე გასაგებია, მაგრამ შენ, დადიანების გვარის წარმომადგენელს, რა მოგარბენინებდა ამ დილაადრიან სამსახურში? – ცივი წყლის ბოთლი საფეთქელიდან მოიშორა და მეგობარს გადახედა ახლადშემოსულმა. – რეზი, დილით ისე ცუდად ვიყავი, არაფერი მახსოვდა. რომ გამხსენებოდა დადიანი ვიყავი, არ მოვიდოდი. ორივეს სიცილი აუტყდა. – ვაიმე, სიცილის თავიც არა მაქვს. – ისევ თავზე მიიდო ბოთლი რეზიმ. – ნეტავ, ნონა თუ მოვიდა უკვე? იქნებ ყავას გამოვეყვანე ცოტა. თითქოს ესმოდაო, დაბარებულივით შემოვიდა ოთახში ნონა. – რა გოგო ხარ ნონაა?! ყოველთვის გრძნობ როცა მჭირდები. – გაუღიმა კოსტამ სათნო სახით. რამდენანდაც მის მდგომარეობაში შესაძლებელი იყო. – კი ვგრძობ და ახლა იმასაც ვგრძნობ, რომ მე კი არა, ფინჯანი ყავა გჭირდებათ. – ბიჭებს ღიმილით გადახედა ნონამ და ოთახიდან ქუსლების კაკუნით გავიდა. ცოტა ხანში ორი ფინჯანით დაბრუნდა. – საბოლოოდ დაიპყარი ჩემი გული. – ყავა ჩამოართვა რეზიმ. – მაგრამ მაგ ქუსლებზე ქეჩებსაც თუ გამოიკრავ, რომ აღარ იკაკუნო, მთლად ცოლად მოგიყვან. – არაფერი თქვენ არ გეშველებათ. ბერდებით და ჭკუა არც ერთს არ გემატებათ. მართლა დროზე მოიყვანეთ ცოლები, იქნებ მათ დაგაყენონ ცხოვრების სწორ გზაზე, თორემ მე უკვე დიდი ხანია იმედი დავკარგე. – ხელი დემონსტრაციულად ჩაიქნია და ოთახიდან გავიდა. ნონა და რეზი არ იყვნენ გამონაკლისები, ასეთი ურთიერთობა ჰქონდა კოსტას ყველა თანამშრომელთან. უშუალო და ძალდაუტანებელი. მისი სამუშაო დღეც ჩვეულებრივ არაფრით განსხვავდებოდა მათი დღის განრიგისგან. ამიტომაც უყვარდათ კოსტა და პატივს სცემდნენ. კომპანიის მდედრობითი სქესის 90% შეყვარებული იყო მასზე, მაგრამ არა მისი ფინანსური შესაძლებლობის გამო, უფრო მისი მხირული და გულღია სახიათისთვის. თუმცა ისიც ყველამ იცოდა, რომ კოსტა არ ჩქარობდა დაოჯახებას და აღარც ოცნებობდნენ ამაზე. ყავამ ცოტა აზრზე მოიყვანა და საქმეს შეუდგა. აგერ უკვე რამდენი ხანი იყო ერთ პროექტზე მუშაობდა. უნდოდა რაღაც განსხვავებული და მისეული გამოსვლოდა, თუმცა სრულყოფილებამდე ჯერ ძალიან შორს იყო. არც ერთი მონახაზი არ მოსწონდა. ნაგვის ურნა სავსე იყო დაკუჭული ქაღალდებით. რამდენიმე ვერც კი ჩატეულიყო და მაგიდის ქვეშ შორეულ კუთხეში მიმალულიყო, ზოგი კი ასევე დაკუჭულ მდგომარეობაში იქვე მაგიდაზეც კი დარჩენოდა. დილანდელი თავის ტკივილი თითქოს აღარც ახსოვდა. სავარძელზე ბოლომდე გადაწოლილს თვალები ჭერისთვის გაეშტერებინა და ფიქრობდა. დაახლოებით ერთი საათი იყო ამ მდგომარეობაში, მერე წამოდგა და კაბინეტიდან გავიდა. ხვდებოდა, ახლა ვერ გააგრძელებდა მუშაობას და დროს ტყუილად კარგავდა. გადაწყვიტა რეზის მიხმარებოდა. კაბინეტში სადილის შემდეგ დაბრუნდა. მოხერხებულად მოეწყო სავარძელში და მაგიდაზე წერილი შეამჩნია, ვიღაცას მის მიერ დაკუჭულ პროექტზე ფანქრით მიეწერა: „ბატონო კოსტა, ვერ მივხვდი მაგიდაზე დატოვებული ქაღალდები უნდა გადამეყარა თუ არა და თავს უფლება მივეცი გამეშალა და წამეკითხა. ჩემი აზრით შესანიშნავი პროექტია, განსაკუთრებით ეს მონახაზი მომეწონა. პ. ს. შემდეგისთვის, თუ რომელიმე ქაღალდი გადასაგდები იქნება, უბრალოდ ურნაში მიუჩინეთ ადგილი და მეც აღარ ჩავყოფ ცხვირს თქვენს ნივთებში. პატივისცემით დამლაგებელი.“ გაეღიმა და რამდენჯერმე გადაიკითხა ტექსტი. დამლაგებლისთვის მეტისმეტად დახვეწილი ეჩვენა ეს წერილი. არა, არავითარ შემთხვევაში არ აკნინებდა ამ პროფესის ადამიანებს, უბრალოდ, ვისაც ასე დახვეწილად შეეძლო წერა, უფრო მეტზე უნდა ჰქონოდა პრეტენზია, ვიდრე უბრალო დამლაგებელი იყო. თან თავისი მონახაზებიდან ეს ყველაზე მეტად მოსწონდა და ხვდეოდა, რომ მის პროფესიაშიც ჩახედული უნდა ყოფილიყო ამ წერილის ავტორი. ოთახს თვალი მოავლო, თითქოს რამე კვალს ეძებსო. რა თქმა უნდა ვერაფერი საეჭვო ვერ შეამჩნია. კიდევ ერთხელ გადაიკითხა წერილი და კაბინეტიდან გავიდა. – ნონა, სანამ მე გასული ვიყავი, ჩემს ოთახში ვინ იყო შესული? – დერეფანში სწრაფი ნაბიჯით მიმავალ ნონას მიაძახა. – არავინ დამინახავს? – მხრები აიჩეჩა ნონამ. – მოხდა რამე? – დღეს ამ სართულს ვინ ალაგებს? – არ ვიცი, საერთოდ ოფისის სისუფთავე ჩვენს კომპანიას არ ეხება. დასუფთავების სააგენტო უზრუნველყოფს ამას, ისინი გზავნიან კადრებს. რა იყო, მოხდა რამე? არ მითხა, რომ რამე დაიკარგა კაბინეტიდან. – თვალები გაუფართოვდა ნონას. – არა, არა... არაფერი დაკარგულა. კარგი, დაივიწყე. – ხელი ჩაიქნია და ოთახში შებრუნდა. წერილი გადასაგდებად ვერ გაიმეტა. გაასწორა და მაგიდაზე ქაღალდებთან დადო. თითქოს მიივიწყა კიდეც და საქმეს მიუბრუნდა. თუმცა წასვლის წინ კიდევ ერთხელ გაახსენდა, ხელში აიღო და კიდევ ერთხელ გადაიკითხა ღიმილით. მერე ფანქით დაბლა მიუწერა: „ქალბატონო დამლაგებელო, (უკაცრავად თქვენი სახელი არ ვიცი) დაკუჭულ მდგომარეობაში მყოფი ქაღალდი გადასაგდებია. უბრალოდ ურნა გადავსებული იყო და აღარ ჩაეტია. დავიჯერო ამ ქაღალდების გადაკითხვა ზედმეტმა სიფრთხილემ გადაგაწყვეტინათ? თუ თქვენც ქალთა სქესის რიგითი ცნობისმოყვარე წარმომადგენელი ხართ და უბრალოდ შანსი არ გაუშვით ხელიდან? პ. ს. არქიტექტურაში კარგად უნდა ერკვეოდეთ, რაკი ასეთ რჩევას მაძლევთ. პატივისცემით, ბატონი კოსტა.“ ქაღალდი ისევ მაგიდაზე დატოვა და კაბინეტის კარი გაიხურა. **** მეორე დღეს სამსახურში მისულმა, პირველმა კაბინეტს მიაშურა და მაგიდაზე დატოვებული ქაღალდს დასწვდა. ჩაეღიმა, დაინახა პასუხი მიეწერათ. სავარძელში მოხერხებულად მოეწყო და ღიმილით გადაავლო თვალი სტრიქონებს: „ჰმ, დავიჯერო მეფლირტავებით, ბატონო კოსტა? თუ მომეჩვენა და თქვენი წერილის პირველი სტრიქონი არ იყო ჩემი სახელის გაგების შეფარული სურვილი? დაკუჭულ მდგომარეობაში ქაღალდი გადასაგდებია თუ ნაგვის ურნაში, ან მის ახლოს გდია. აი, მაგიდაზე კი, სათუოა. იქნებ სატრფოს წერილია და მასზე გაბრაზებულმა მოკუჭეთ, შემდეგ გადასაგდებად ვერ გაიმეტეთ და მაგიდაზევე დატოვეთ? პ. ს. რა მნიშვნელობა აქვს ვერკვევი თუ არა არქიტექტურაში? მავარია კარგი რჩევა მოგეცით. პატივისცემით... უბრალოდ პატივისცმით.“ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. ცნობისმოყვარეობა ჰკლავდა. დაუძლეველი იყო სურვილი გაეგო მისი იდუმალი წერილების ავტორის ვინაობა. წერილი გვერდზე გადადო. ჯერ ვერ გადაეწყვიტა რა მიეწერა პასუხად. სამუშაოს მიუბრუნდა, მაგრამ გული ვერ დაუდო, თვალი წამდაუწუმ წერილისკენ გაურბოდა. ბოლოს გონების მოკრება რომ ვერაფრით შეძლო, წერილი უჯრაში შეინახა და თვითონ კაბინეტიდან გავიდა. გეზი კადრების განყოფილებისკენ აიღო. ოთახში მარტო ლენა დახვდა, სლავური წარმოშობის ასე 30-35 წლის ქალიშვილი. კოსტა არაერთხელ შეხვედრია მას ლიფტში, დერეფანში, თუნდაც ამ ოთახში. ყოველი შეხვედრისას გრძნობდა როგორი მონდომებით უჟუჟუნებდა თვალებს გოგონა და ცდილოდა მისი ყურადღება მიექცია. ახლა ეს ფაქტი თავის სასარგებლოდ უნდა გამოეყენებინა. – დილა მშვიდობის, ლენა, – მიესალმა შესვლისთანავე. – დღეს მარტო მუშაობ? – ბატონო კოსტა... – ფეხზე წამოიჭრა მაშინვე. – კიდევ ერთხელ დამიძახებ ბატონს და დირექციაში პირადად დავსვამ შენი სამსახურიდან განთავისუფლების საკითხს. – ვითომ მკაცრი გამომეტყველება მიიღო კოსტამ. – ვაიმე, სხვანაირად მეუხერხულება. – კარგი, დღეს გადასაერვად გამოიყურები და მხოლოდ ეს ჩრდილავს ჩემს გაბრაზებას. – ზუსტად იცოდა საიდან უნდა დაეწყო. – ლენაჩკა, რა მაინტერეებს. ჩვენი კომპანიის სისუფთავეზე, რომელი ორგანიზაცია ზრუნავს? – დასუფთავების სააგენტო. – თანამშრომლების სია გვაქვს? – არა, რა მოხდა, ბატონო კოსტა? რამით უკმაყოფილო ხართ? – არა, ყველაფერი მშვენივრადაა. უბრალოდ ერთი ჩემი ნაცნობი უნდა მუშაობდეს იქ და მაინტერესებდა ჩვენს კომპანიას თუ ემსახურებოდა. – სახელი და გვარი მითხარით და მოვიკითხავ. – არა, უმჯობესია სია გამოვითხოვოთ. შეძლებ? – კი, ახლავე დავურეკავ და ვთხოვ გამომიგზავნონ. გოგონას დაემშვიდობა და თავისი კაბინეტისკენ გაბრუნდა. ოთახში შესულს მაგიდაზე დადებული ქაღალდი მოხვდა თვალში. არადა კარგად ახსოვდა ქაღალდი უჯრაში ჩადო. მაგიდას მიუახლოვდა და დახედა. „ვერც კი წარმოვიდგენდი, ბატონო კოსტა, ამხელა ინტერესს თუ აღვძრავდი თქვენში. დაუჯერებელია, თვით კოსტა დადიანი იყო კადრების განყოფილებაში და უბრალო დამლაგებლის სახელის გასაგებად მთელი კომპანია ააწრიალა. ეს-ესაა საკუთარი თვითშეფსების ნიშნული რამდენიმე საფეხურით მაღლა ამიწიეთ. მადლობა ამისთვის, ბატონო კოსტა.“ გაოცებული დაჰყურებდა წერილს, ესე იგი სულ ცოტა ხნის წინ კაბინეტში იყო შემოსული? ჯანდაბა, როცა გჭირდება მაშინ არაა კაციშვლის ჭაჭანება ამ დერეფანში. კაბინეტიდან გამოვიდა და ვიღაცას მოჰკრა თვალი, რომელიც დერეფნის ბოლოს გაუჩინადა. ჩქარი ნაბიჯით იქით წავიდა კოსტაც. მოსახვევიდან კიბის უჯრედი იწყებოდა, მარჯვნივ კი საპირფარეშო. კიბეებზე ჩაიხედა არავინ ჩანდა. ასე უცებ ვერ მოასწრებდა კიბეების ჩავლას, ესე იგი საპირფარეშოში შევიდა. კარებს მიუახლოვდა და შიგნიდან წყლის ხმა მოესმა. იქ იყო. ღრმად ჩაისუნთქა და სახელური ჩამოსწია. ნელ-ნელა იღებოდა კარი და გარკვევით ხედავდა კოსტა ქალის სილუეტს, საშუალო სიმაღლის, „არც ისე“ გამხდარი, კოსტაზე „ცოტა“ უფროსი, ასე 45-50 წლის ქალბატონი იდგა ვედროთი ხელში და გაოცებული თვალებით უყურებდა. – თქვენ... – გაოცებისგან და დაბნეულობისგან ენა ჩაუვარდა კოსტას. – ვაიმე, შვილო, აქ ქალების საპირფარეშოა. მამაკაცების მეორეა. – არანაკლებ დაბნეული უყურებდა ქალიც. – უკაცრავად... – კარი გამოიხურა კოსტამ და კაბინეტისკენ გამობრუნდა. ოთახში შესულს ისტერიული სიცილი აუტყდა. დაახლოებით ხუთი წუთი ვერ წყნარდებოდა. – რა გჭირს კოსტა? შენი გრუხუნი შენობის ბოლო სართულზეც კი ისმის. – ოთახში რეზი შემოვიდა. – წეღან ვასილიჩი გამორბოდა კაბინეტიდან, ვინ როხროხებს ასე, კედლიდან სტალინის სურათი ჩამომივარდაო. ამის გაგონებაზე სულ გაგიჟდა კოსტა, ფეხზე ვეღარ დგებოდა და ცალი ხელით მაგიდას ეყრდნობოდა. დაახლოებით ორი წუთი დასჭირდა ადამიანის სახე რომ დაბრუნებოდა. – აღარ იტყვი რა მოხდა? – სავარძელში ჩაეშვა რეზი. – რა, ჩემო რეზი და დროა მდივანი ავიყვანო, მაგრამ ჩვენს დეპარტამენტს ბიუჯეტი არ ჰყოფნის მდივანის ხელფასისთვს და რა ვქნა არ ვიცი. – საცოდავი სახე მიიღო კოსტამ და ხელები უღონოდ გაშალა. – შენ მოგიკვდი მე, დაგიდგები მდივნად, მაგრამ წინასწარ გაფრთხილებ, მოკლე კაბა და დეკოლტე არ მიხდება. ახლი ძალით იფეთქა სიცილმა. ახლა რეზიმაც ვერ შეიკავა თავი და ერთად ხარხარებდა ორივე. ოთახში ნონა შემოვიდა. – რა გჭირთ, ხალხო? დერეფანში ვასილიჩი... ეს უკვე მართლა მეტისმეტი იყო. ვასილიჩის ხსენებაზე უკვე ადამინის სახე დაკარგეს. გაოგნბული ნონა კარებში იდგა და ვერაფერი გაეგო. ცოტა ხანი უყურა, მერე ხელი ჩაიქნია და კარი გაიხურა. კიდევ დიდხანს ვერ წყნარდებოდნენ. – უუჰ, მომკალი კაცი. – როგორც იქნა შეძლო კოსტამ სული მოეთქვა. – ახლა რამდენი ვასილიჩს დავინახავ, იმდენი სტალინი გამახსენდება. – ეგ არაფერია კაცო, მთავარია ჩემი დანახვისას დეკოლტე არ გაგხსენდეს და... – გეყოფა, რეზი, თორემ მართლა სპაზმები დამეწყო უკვე. – მივდივარ, ბატონო. როგორც კი რეზიმ კარი გაიხურა, კოსტაც საუშაო ადგილს დაუბრუნდა. მაგიდაზე დადებულ მეორე წერილსაც უჯრაში მიუჩინა ადგილი და საღამომდე არც გახსენებია. თუმცა წასვლის წინ კიდევ ერთხელ გადაიკითხა. საკუთარი თავი აკვირვებდა. მანამდე არასდროს ამჩატებულა ასე. დიდი რამე, დამლაგებელმა ერთი-ორი ტკბილი სიტყვა მიუწერა. თვითონ რამ ააღელვა ამხელა კაცი? ქალის პროვოკაციას ასე ადვილად როგორ წამოეგო? უკვე საკმაო დრო გასულიყო. სამუშაო საათები დიდი ხნის წინ დამთავრებულიყო, მაგრამ კოსტა სახლში წასვლას არ ჩქარობდა. ოთახში სინათლე გამოერთო და მხოლოდ მაგიდის სანათის სუსტ შუქზე ძლივს გაარჩევდით სავარძლის საზურგეს მიყრდნობილ და ჩაფიქრებულ კოსტას. რაზე ფიქრობდა? პროექტზე ნამდვილად არა. მაგიდის უჯრა გამოაღო და წერილები ამოიღო. კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი და ისევ ჩაეღიმა. რაღაცნაირ სითბოს გრძნობდა ამ წერილებიდან. თვითონაც ვერ გაეგო. მანამდე მსგავსი არაფერი განეცადა. რა იყო ეს? ნუთუ ამ წერილების ავტორის იდუმალება მოქმედებდა მასზე ასე ძალიან? ალბათ, სწორედ ეს აკლდა ყოველთვის ურთიერთობაში. ადვილად იღებდა ყველაფერს. თვითონ საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლები არ აძლევდნენ საშუალებას ზედმეტად შეეწუხებინა თავი ურთიერთობებში, უფრო საინტერესო გაეხადა. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი პირიქით. იგრძნობოდა, რომ წერილის ავტორი საკმაოდ ჭკვიანი და საინტერესო ადამიანი იყო და თითქოს რაღაც შეუმჩნეველი, ძალიან ფრთხილი ინტრიგაც გაუბა. აი, ეს ინტრიგა იყო, რაც აიძულებდა გონებაში კვლავ და კვლავ გადაევლო თვალი სტრიქონებისთვის. სახეზე ხელები ჩამოისვა და სავარძლის საზურგიდან წამოიწია. „მე მგონი ასაკი დაგეტყო, ჩემო კოსტა, როდის იყო მსგავსი რაღაცეები გაღელვებდა? – გაიფიქრა თავისთვის. – იქნებ მართალია ლიდია და დროა ოჯახი შევქმნა?“ წუთიერი იყო ეს „სისუსტე“ კოსტასთვის და დაოჯახებაზე ფიქრიც კი შორეული მომავლისთვის გადადო. ისევ წერილებს მიბრუნდა და ფანქრით მიუწერა: „ჰმ, რამდენადაც მახსოვს პირველი წერილი თქვენი ავტორობით იყო დაწერილი. დავიჯერო, ასე ძალიან მოგეწონათ ჩემი პროექტი, რომ იმ წერილის შთაგონების წყარო მხოლოდ ის იყო? ჩემი აზრით წერილი ყველაზე ინტიმური ურთიერთობის გზაა, რომლის მოწმე მხოლოდ ორი ადამიანი შეიძლება იყოს და ზუსტად თქვენმა წერილმა მომცა უფლება დავინტერესებულიყავი თქვენი პიროვნებით. პ. ს. რადგან ასეა, იქნებ აღარ გეწვალებინეთ და სახელი გაგემხილათ.“ წერილის წერა დაამთავრა, ქაღალდი მოკუჭა და ერთხნს ხელში ეჭირა. რაღაცაზე ფიქრობდა, ბოლოს დაიხარა, წერილი ურნის ახლოს დაყრილ ქაღალდებს შეურია. კმაყოფილს ჩაეღიმა და ოთახი დატოვა. მეორე დღეს სამსახურში მისული, პირველად კადრების განყოფილებისკენ გაემართა. ლენას დასუფთავების სააგენტოდან გამოთხოვილი თანამშრომელთა სია გამოართვა. ოთახში შესული კარებთან შედგა, თითქოს გული დასწყდა. წერილი მაგიდაზე არ იდო. მართალია, არც კოსტას დაუტოვებია იქ, მაგრამ რატომღაც სჯეროდა რომ ეს წერილი იმდენად მნიშვნელოვანი იქნებოდა მისთვისაც, სადაც არ უნდა დაედო კოსტას, თუნდაც თვით ურნაში ჩაეგდო, მაინც იპოვიდა და მიუწერდა პასუხს. ესე იგი მისთვის არც ისეთი მნიშვნელოვანი იყო ეს მიმოწერა, როგორც კოსტასთვის. მაგიდას მიუახლოვდა და სია, რომელიც ჯერ კიდევ ხელში ეჭირა, მაგიდაზე უხეშად დააგდო. ღირდა კი გადაეხედა? სავარძელში ჩაჯდა და მაგიდის ქვეშ შეიხედა. ურნის შორიახლოს ისევ ეგდო რამდენიმე ქაღალდი. დაიხარა და გუშინდელი ქაღალდი აიღო. ჯერ გადაგდება უნდოდა, მაგრამ მაინც გაშალა და თვალებს არ დაუჯერა, პასუხი მიეწერათ: „ჰმ, შესანიშნავი სვლა იყო, გაინტერესებდათ რამდენად შორს წავიდოდა ჩემი ინტერესი (ან სურვილი თქვენგან ახალი შეტყობინების მიღებისა). ვაღიარებ, წერილი ვეძებე, როგორც ჩანს არც ჩემთვის არის უმნიშვნელო ეს მიმოწერა. გამოგიტყდებით თითოეული მათგანის ქსეროქსიც კი მაქვს შენახული. (მე მგონი ახლა თქვენი თვითშეფასების ნიშნული ავწიე რამდენიმე საფეხურით მაღლა.) პ. ს. რა თქმა უნდა ბევრად ადვილი იქნებოდა ჩემი სახელი მევე რომ გამემხილა, მაგრამ მშვენიერი გამოძიება წამოიწყეთ და ხელს არ შეგიშლით.“ უკვე მესამედ კითხულობდა ტექსტს და ღიმილი არ შორდებიდა სახიდან. იღიმოდა და ხვდებოდა, რომ თავიდან ფეხებამდე გაბმული იყო მახეში. ხვდებოდა, მაგრამ მოსწონდა კიდეც ეს. დაახლოებით რვაჯერ გადაიკითხა წერილი და ბოლოს გვერდზე გადადო. აღარ იცოდა რა ექნა, ფაქტიურად აღიარება მიიღო ამ წერილით, მართალია თავშეკავებული, მაგრამ მაინც აღიარება. ახლა რაღა უნდა ექნა? როდემდე უნდა გაეგრძელებინა ეს „დამალობანა“ და „აბა მიცანი, თუ შეძლებ?“ ძალიან უჩვეულო იყო ეს ყველაფერი კოსტასთვის, 28 წლის მამაკაცისთვის, რომელიც თავს საკმაოდ თავშეკავებულ ადამიანად თვლიდა. დიდად არ უყვარდა საკუთარი გრძნობების გამოხატვა. საკუთარი 28 წლიანი ცხოვრების მანძლზე ერთხელაც არ ჰქონია მომენტი, თავი რომ დაეკარგა, მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მეორე ნახევარის არსებობა რომ შეეგრძნო. ახლა კი... ახლა რაღაცას გრძნობდა, არა სრულყოფილებას, მაგრამ რაღაც ისეთს, რაც მთელი არსებით სიამოვნებდა. ძალიან სათუთი ეჩვენებოდა ეს შეგრძნებები. მსგავსი რამ უჩვეულო იყო მისთვის. მთელი ცხოვრება ეგონა რომ პრაგმატული ადამიანი იყო და ჯანსაღად უყურებდა ცხოვრებას, სიყვარული ყოველთვის უნდოდა და ვერავინ იტყოდა რომ კოსტა ცივი და უგრძნობი ადამიანი იყო, მაგრამ რაღაც „ძალიან დიდისაც“ არასდროს სჯეროდა. მსგავსი გრძობისგან ახალაც შორს იყო, რამდენიმე წერილი ნამდვილად ვერ გახდებოდა კოსტასთვის თავის დაკარგვის მიზეზი, მაგრამ ის რომ მისი მთავარი საფიქრალი ახლა „იდუმალი დამლაგებელი“ იყო ვერ უარყოფდა. მაგიდაზე დადებულ სიას დასწვდა და გადაშალა. საკმაოდ მსუყე ჩამონათვალი იყო, ას კაცს ცდებოდა. არ ეგონა, ერთი ორგანიზაციის სისუფთავეზე ამდენ ადამიანს თუ შეიძლებოდა ეზრუნა. არც ისე ადვილი იქნებოდა ის ერთი ეპოვნა. რთული იქნებოდა, მაგრამ არა შეუძლებელი. მამრობითი სქესის წარმომადგენლები გამორიცხა, თუმცა სია სულ 18 ადამიანით შემცირდა. კარგი იქნებოდა თანამშრომლების დოსიეები მოეთხოვა, ასაკის მიხედვით შეიძლებოდა კიდევ გამორიცხვა, თუმცა რა გარანტია ჰქონდა, რომ წერილი ავტორი არ იყო ორმოცს გადაცილებული, ჩამრგვალებული ქალბატონი? თუნდაც, ის გუშინ საპირფარეშოში რომ შეხვდა? უკვე ვეღარ ხვდეოდა რა უნდა ექნა. მაგიდაზე დადო სია და სავარძელზე გადაწვა. საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა. სამუშაოს გულს საერთოდ ვეღარ უდებდა. თუმცა შეძლო და თავი ხელში აიყვანა. სიმართლე უნდა ითქვას ასეთი საკუთარი თავი, რაღაცით აბრაზებდა კიდეც. ამიტომ თავიდან ამოიგდო ზედმეტი ფიქრები და პროექტს მიუბრუნდა. მთელი დღე თავაუღებლად მუშაობდა. საღამოს წასვლისას ისევ მიაწერა ქაღალდზე: „სასიამოვნო იყო თქვენთან საუბარი, თუმცა ალბათ ზედმეტად გავერთე ამ ყველაფრით. ნამდვილად საინტერესო ადამიანი ხართ და იმედს ვიტოვებ, რომ ოდესმე, როცა თქვენ გამბედაობას მოიკრებთ და მზად იქნებით პირისპირ შესახვედრად, შევხვდებით. პ. ს. უნდა ვაღიარო, რომ პირველი ქალი ხართ, ვინც მაიძულა ამდენი რამ გამეკეთებინა მისი ვინაობის გასაგებად. ქედს ვიხრი ამისთვის თქვენს წინაშე. ბრავო, დიდებული ადამიან ხართ. ბატონი... უბრალოდ კოსტა.“ და ოთახი დატოვა. ამ დღის მერე აღარ დახვედრია წერილი. შეიძლება იჩქარა, ხვდებოდა რომ ამ წერილის მერე დიდი ალბათობით ვეღარ მიიღებდა პასუხს, თუმცა არ ნანობდა, მისთვის ისეთი კოსტა მიუღებელი იყო, გონებაგაფანტული და არა სამუშაო ფორმაში. თუმცა სამსახურში მისვლისას ჩვევად ექცა პირველი ქაღალდებს ამოწმებდა. ყველაფერი ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. **** დილით ისევ დამძიმებული ქუთუთოების შეგრძნება. თვალები კი გაახილა, მაგრამ არც გარემო ეცნო. წამიერად დახუჭა და ისევ გაახილა. სახლში აშკარად არ იყო. წუხანდელი ღამიდან თითქმის არაფერი ახსოვს. ახსოვს ის რომ სამსახურის შემდეგ განტვირთვა გადაწყვიტა და ბარში შევიდა. მარტო თითქმის არასდროს სტუმრობდა მსგავსი ტიპის დაწესებულებებს, მაგრამ რეზი მივლინებაში იყო, სხვებთან ერთად გართობა კი რატომღაც არ უნდოდა და გადაწყვიტა ერთხელ მაინც გამოეცადა რა შეგრძნება იყო, ბარის დახლთან უაზროდ მთვრალი, ბარმენს ათას სისულელეს რომ ელაპარაკები. რაღაც ეტაპის მერე აზრები ეფანტებოდა. უბრალოდ აღარაფერი ახსოვდა. იმასაც კი ვერ იხსენებდა სად იყო და რა უნდოდა აქ. დამძიმებული თავი წამოწია და ოთახი მოათვალიერა. აშკარად სასტუმროს ნომერში იმყოფებოდა. თან არც საწოლში იყო მარტო. ფანჯრიდან შემოსული სხივები ბალიშზე დაყრილ ხშირ თმაზე ირეკლებოდა. თითქმის მთლიანად იყო საბანში ჩამძვრალი, არც დაინტერესებულა მისი ვინაობით, რა საჭირო იყო დაემახსოვრებინა „ერთი ღამის გართობა“? საწოლზე წამოჯდა და იქვე იატაკზე დაგდებულ შარვალს დასწვდა. ოთახს თვალი მოავლო. ოჰოოო, საკმაოდ საინტერესო ღამე უნდა ჰქონოდა. ამას მოწმობდა იატაკზე უწესრიგოდ მიყრილი ტანსაცმელი, სარკიანი ტუმბოდან გადმოვარდნილი დეკორატიული ლარნაკი, რომელიც იატაკზე წვრილ ნამსხვრევებად გაფანტულიყო და ჩამოწყვეტილი ფარდის ბოლო. მაინცდამაინც ეს ბობოქარი ღამე უნდა დავიწყებოდა?! წამოდგა და სააბაზანოში შევიდა. მხოლოდ სახეზე შეისხა წყალი და გამობრუნდა. არ უყვარდა სასტუმროში შხაპის მიღება, თან ჩვევად ჰქონდა ასეთი ღამეების შემდეგ პარტნიორის გაღვიძებამდე დაეტოვებინა იქაურობა. დილით აღარ იყო საინტერესო მათთან ურთიერთობა, მითუმეტეს ერთად საუზმობა. ტანსაცმელი ჩაიცვა. ტუმბოზე ფული დაუტოვა და ნომრის კარი გაიხურა. პირველ სართულზე რესეფშენთან მივიდა, ანგარიში მოითხოვა. – ბოდიში მინდა მოგიხადოთ, ლარნაკი გატყდა ნომერში, – კოსტამ გოგონას საკრედიტო ბარათი გაუწოდა. გოგონამ მსუბუქად დაუქნია თავი, შეუმჩნევლად ჩაიღიმა და საკრედიტო ბარათი ჩამოართვა. – გასაღები, თუ შეიძლება. – დაყენებულ თავაზიანობას არ იშორებდა გოგონა. – ნომერი არ განთავისუფლებულა. ჩემს მეგობარს ჯერ ისევ სძინავს. დღის განმავლობაში დატოვებს ოთახს. ზედმეტი ხარჯების შემთხვევაში ანგარიში მე გამომიგზავნეთ. – სავიზიტო ბარათი გაუწოდა. – მოიცადე, პირად ნომერსაც მიგიწერთ, სამსახურის ნომერზე შეიძლება ყოველთვის ვერ გიპასუხოთ. – სავიზიტო ბარათზე ნომერი და სახელი მიაწერა, ისევ გოგონას დაუბრუნა, მადლობა მოუხადა და გამოემშვიდობა. – სასიამოვნო დღეს გისურვებთ. ჯერ სახლში გაიარა, პირველად სააბაზანოს მიაშურა, წყალი მოუშვა. ზურგი საშინლად აეწვა, სარკეში შეავლო თვალი და ჩაეღიმა, რამდენიმე წითელი ზოლი ეტყობოდა ბეჭებზე. კიდევ ერთხელ დასწყდა გული წუხანდელი ღამე რომ არ ახსოვდა. აბაზანიდან გამოვიდა, მოწესრიგდა და გეზი სამსახურისკენ აიღო. როგორც კი ლიფტში შევიდა ტელეფონიც აწკრილადა. ნომერს დახედა, ჩაეღიმა. მისი ზარი ყოველთვის კარგ ხასიათზე აყენებდა. – გულისყურით გისმენთ, ლიდია მიხაილოვნა. – ომახიანად ჩასძახა. – კოსტა, შვილო, არა გრცხვენია? მე თუ არ დაგირეკე შენ არ უნდა გაგახსენდე? – დამნაშავე ვარ, ქალბატონო ლიდია, მზად ვარ თქვენს ნებისმიერ სასჯელს გავუძლო. ოღონდ, გთხოვთ, როზგები აღარ გვინდა, თორემ წინანდელიც მწარედ მახსოვს და ჭრილობები ამ დილითაც მეწვოდა შხაპის მიღებისას. – ერთი გადაახარხარება სიცოცხლეს ერჩია, მაგრამ ზუსტად ამ დროს ვასილიჩის კაბინეტს ჩაუარა და ეუხერხულა. – როდის უნდა დასერიოზულდე? – ლიდიას ხმაზე ეტყობოდა რომ ვერც თვითონ იკავებდა სიცილს. – მოკლედ, მორჩი მაიმუნობას და ხომ გახსოვს, დღეს საღამოს რომ გელოდები ვახშმად? როგორ არ ახსოვდა, როგორც კი ლიდიას ზარი დაინახა, მაშინვე მიხვდა მოკითხვის მიზეზსაც. დღეს უკვე ვეღარ დაიძვრენდა თავს, უნდა გაეცნო ლიდიას ზემოთ ხსენებული ბავშვობის დაქალის შვილიშვილი – „ოქროსავით გოგო“. – აუცილებლად, ლიდია მიხაილოვნა. რა რანგის წვეულებაა? ფრაკში გამოწყობილი და ბუკეტით ხელში მოვიდე, თუ... – შენთან სერიოზულად ლაპარაკი შეუძლებელია. – გააწყვეტინა მოხუცმა, – მოკლედ, 6 საათზე გელოდები ჩემთან. – კი მაგრამ, სამუშაო საათები 7-ზე მიმთავრდება და... – ბოლოჯერ გაიბრძოლა კოსტამ. – დირექცასთან ჩაწყობილი მაქვს. - მოკლედ მოუჭრა ლიდიამ. – დაგვიანებას ვერ ვიტან, ხომ იცი? – საბოლოო გაფრთხილება მისცა შვილიშვილს და ტელეფონი გაუთიშა. სხვა გზა აღარ ჰქონდა კოსტას და ზუსტად საღამოს ექვს საათზე მიაყენა მანქანა ბებიის სახლთან. მოხუცი მისაღებ ოთახში შეუძღვა. მაგიდასთან ხანშიშესული ქალბატონი იჯდა. ლიდიას ხნის უნდა ყოფილიყო, მაგრამ მიხაილოვნა აშკარად მასზე მხნედ და კოპწიად გამოიყურებოდა. კოსტამ ოთახს თვალი მოავლო, „პოტენციურ საცოლეს“ ეძებდა, მაგრამ მისაღებში სხვა ვერავინ დაინახა. – მიხაილოვნა მღუპავ? ამისთვის იმეტებ ერთადერთ შვილიშვილს? – ტრაგიკული სახე მიიღო და ჩუმად გადაულაპარაკა ბებიამისს. – ოხ, კოსტა, ერთხელაც მართლა გაგროზგავ ამდენი ირონიისთვის. – ჩუმადვე გადაულაპარაკა და მთელი ძალისხმევა მოიკრიბა, სიცილი რომ შეეკავებინა. – გაიცანი, ქალბატონი ნელი, – ეს სიტყვები უკვე ხმამაღლა წარმოსთქვა ლიდიამ და მაგიდისკენ უბიძგა შვილიშვილს. კოსტა თავაზიანად მიესალმა და ხელზე ეამბორა ქალბატონ ნელის. ის იყო სკამზე უნდა ჩამომჯდარიყო, რომ მისაღებში „ისიც“ გამოჩნდა. მშვენიერი გოგო იყო, ნამდვილად ვერაფერს დაუწუნებდით. „ნეტავ, ამას რა გაუჭირდა ისეთი, ამ გზით რომ ცდილობს ოჯახის შექმნას?“ – უნებურად გაუელვა თავში კოსტას და წამოდგა. – მოდი შვილო, – ლიდიამ ლანგარი ჩამოართვა ახლადშემოსულს და კოსტას მიუბრუნდა. – კოსტა ეს არის ნელის შვილიშვილი, რომ გიყვებოდი, გადასარევი გოგოა. სამხატვრო აკადემიაში სწავლობს. – კონსტანტინე. – რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ხელი გაუწოდა კოსტამ. – დინა. – თავისი სუსტი ხელი შეაგება გოგომაც. „ნერვიულობს. როგორ უთრთის ხელები?!“ – გონებაში კოსტამ მისი კიდევ უფრო დაფრთხობის რამდენიმე მზაკვრული გეგმა დახატა და ჩაეღიმა. – იშვიათი სახელია. – ხმამაღლა მხლოდ ეს უთხრა და სკამი გამოუწია. – დინარა ჰქვია, შვილო და დინას შემოკლებით ვეძახით. – კიდევ უფრო გააწითლა ბებიამ საცოდავი დინა. „მიხაილოვნას ღირსეული დაქალია.“ – გაიფიქრა კოსტამ და შეეცადა პირზე მომდგარი ღიმილი დაეფარა. კიდევ ბევრი უხერხული მომენტი შექმნეს მოხუცებმა და იმდენჯერ გააწითლეს გოგო, რომ ბოლოს კოსტას გულწრფელად შეეცოდა და როცა ლიდიამ და ნელიმ, „შემთხვევით“ მარტო დატოვეს, ჯანდაბაში მოისროლა მანამდე მოფიქრებული რამდენიმე ხრიკი მის დასაფრთხობად და გადაწყვიტა გულახდილად დალაპარაკებოდა. ხვდებოდა, რომ დინაც ბებიის ძველმოდური შეხედულებების მსხვერპლი იყო და არც თვითონ გრძნობდა თავს ბედნიერად შექმნილ სიტუაციაში. თან სიმართლე უნდა ითქვას და დადებითად განეწყო მის მიმართ. ერთხანს დაჟინებით აკვირდებოდა მის ნაკვთებს. დინას თავი დაეხარა და ჩაის ფინჯანისთვის მსუბუქად შემოხვეული თითები შესამჩნევად უთრთოდა. – დინა, რამდენი წლის ხარ? – როგორც იქნა ხმა ამოიღო კოსტამ. – ცხრამეტის. – ჩაახველა, ჩახლეჩილი ხმა მწყობრში რომ მოეყვანა. „ჩემთან შედარებით ბავშვია. ნეტავ ამ მოხუცების ტვინში ჩამახედა, რას ერჩიან ამ ბავშვს?“ – დინა, ადრეა ჯერ შენთვის გათხოვება. – თვალებში ჩახედა და კიდევ უფრო გააწითლა. – მომისმინე, – სკამი ახლოს მისწია და ჩუმად განაგრძო კოსტამ. – ორივემ ვიცით ამ „სიყრმის დაქალებმა“ რატომაც მოაწყვეს ეს შეხვედრა. დინა, ანგელოზივით გოგო ხარ. როგორც კი დაგინახე, მაშინვე ის გავიფიქრე, რატომ დათანხმდა ჩემთან, თუნდაც, შეხვედრას-მეთქი? მთელი საღამოა გაკვირდები და ვხვდები, უხერხულობისგან სად წახვიდე არ იცი. ჩემთვისაც საკმაოდ უხერხული სიტუაციაა. შენ ჯერ ცხრამეტი წლის ხარ, ნამდვილად არ უნდა გაყენებდნენ ასეთ სიტუაციაში. ქალბატონი ნელი, არ უნდა იყოს ისეთი კატეგორიული, როგორც ბებიაჩემი. დარწმუნებული ვარ მიახაილოვნას გავლნით მოგიყვანა აქ. ახლა მე რომ შენზე უარი ვთქვა, ვინ დამიჯერებს? ან, როგორ ვთქვა, არ მომწონს-მეთქი? არაჩვეულებრივი გოგო ხარ. – რამდენიმეწამიანი პაუზა გააკეთა და განაგრძო. – დინა, შენ თვითონ თქვი უარი. შენ ვეღარ დაგაძალებს ლიდია. – გაჩუმდა და გოგონას გახედა. დინა თითქოს შეკრთა. თავი ასწია და თვალებში ჩახედა კოსტას. სიმორცხვე თითქოს სადღაც გამქრალიყო. – ისედაც მასე ვაპირებდი. – მტკიცეე ხმით წარმოსთქვა გოგომ. – მართალი ხარ, არც მე ვარ აღფრთოვანებული ამ საღამოთი. უბრალოდ ქალბატონ ლიდიას ვერ ვაწყენინე. – ესე იგი, შევთანხმდით. – ხელი გაუწოდა კოსტამ. თავი ოდნავ დაუქნია და თავისი სუსტი თითები მსუბუქად ჩაუდო ხელში. ზუსტად ამ მომენტში, დაბარებულებივით შემოვიდნენ მოხუცები ოთახში. ლიდიას აშკარა კმაყოფილება ეხატა სახეზე. იმ საღამოს მეტი სიტყვაც არ უთქვამთ დინას და კოსტას ერთმანეთისთვის. ლიდიას დაჟინებული თხოვნით სტუმრები სახლამდე კოსტამ მიაცილა. არც გზაში ამოუღია ხმა დინას. იჯდა კოსტას გვერდით და ფანჯარაში იყურებოდა, რამდენჯერმე სარკეში თავლი შეავლო უკანა სავარძელზე მთვლემარე ნელის და ისევ ფანჯრისკენ მიაბრუნა თავი. არც კოსტა ცდილობდა საუბარი გაება, უფრო ზვერავდა, საკმაოდ კარგი გარეგნობა ჰქონდა გოგონას. ჭკვიანიც უნდა ყოფილიყო. მართალია ამ საღამოს სულ რამდენიმე წინადადებით შემოიფარგლა, მაგრამ სერიოზული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა. ალბათ სხვა შემთხვევაში კოსტა ყურადღებასაც მიაქცევდა და იქნებ უფრო მეტიც მონდომებოდა, მაგრამ ოჯახის შესაქმნელად ბევრად მეტი იყო საჭირო. თითქოს ცოტა გულიც კი დასწყდა, სწრედ ამ გზით რომ შეხვდნენ ერთმანეთს. – აქ მარჯვნვ შეუხვიეთ. – ფიქრებიდან დინას ხმამ გამოიყვანა. – თქვენობით მიმართვა აუცილებელია? – ჩემზე უფროსი ხართ. – გზისთვის თვალი არ მოუშორებია ისე უთხრა დინამ. ასეთ პასუხს არ ელოდა კოსტა. ცოტა თავმოყვარეობაც შეელახა. თითქოს ირონიაც იგრძნო. შეცვლილი ეჩვენა დინა. მანქანა სადარბაზოსთან გაუჩერა. დინა გადმოვიდა და ბებიას კარი გაუღო. ნელიმ მადლობა გადაუხადა კოსტას და სადარბაზოსკენ წავიდა. – დინა, – მანქანიდან გადმოვიდა კოსტა. გოგონა მობრუნდა. – ღამე მშვიდობის. – ნახვამდის. – სხვა სიტუაციაში, შეიძლება კარგი მეგობრებიც ვყოფილიყავით. – მეგობრობას სიტუაცია არ სჭირდება, ბატონო კოსტა. მეგობრობა ან არის, ან არა. წარმატებებს გისურვებთ. – მიტრიალდა და სადარბაზოში გაუჩინარდა. თითქოს რაღაც ჩასწყდა კოსტას. ცოტა აგრესიული ეჩვენა ეს სიტყვები. დინას მიმართ კარგად განეწყო და არ უნდოდა ცუდად დაშორებოდა. იმასაც ხვდებოდა რომ რაღაც აწყენინა. რა, ამას ჯერ ვერ ხვდებოდა. თუმცა ამაზე დიდხანს არ უდარდია, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ცხოვრებას საღი თვალით უყურებდა და არ უყვარდა ზედმეტი ფიქრი იმაზე, რასაც მომავალი არ ჰქონდა. იმაში კი, რომ დინას მეტჯერ ვეღარ ნახავდა, თითქმის დარწმუნებული იყო. საჭეს მიუჯდა. სანამ მანქანას დაძრავდა, მობილური გამორთო და გეზი სახლისკენ აიღო. ცხოვრებაში პირველად, არ უნდოდა ლიდიას ზარისთვის ეპასუხა. რატომ? სათქმელი არაფერი ჰქონდა. --------------------------------------------------------- დავბრუნდი ბავშვებო, ნეტა იცოდეთ როგორ მომენატრეთ <3 პ. ს. ნია ცოცხალი ვარ ))))))))))))))))))))))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.