შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ზოგი ჭირი... 2 (ციხე)


9-12-2015, 16:26
ავტორი კნეინა
ნანახია 1 865

ნელ-ნელა ვწმენდდი სისხლით მოთხვრილ სახეს. მისი მართლაც და უნაკლო სახე უფრო და უფრო მიმზიდველი მეჩვენებოდა. შეიძლება, სხვისთვის არ ყოფილიყო ის გადასარევი, მაგრამ მას სწორედ ის ჰქონდა, რაც მის ვიზუალში ასე ძალიან მომწონდა: შავი თვალები და ოდნავ მოზრდილი წვერი, რომელიც თმაზე გრძელი იყო.
წარბები შეკრული ჰქონდა და არაფრისდიდებით არ ხსნიდა. თითქოს მე მიბღვერდა და ეს კიდევ უფრო მაშინებდა და მაბნევდა. რამდენი პაციენტი არ მყოლია, მაგრამ არც ერთი მოქცეულა ასე იდუმალად. ყველა მელაპარაკებოდა და რაღაცის გამოძალვას ცდილობდა. მაგალითად, კარს რომელ საათზე ვკეტავ, ან სახლში როდის ვბრუნდები. თითქოს არ იცოდნენ. ყველა პატიმარში იყო რაღაც „თაღლითური“, რაც აშკარად მაფიქრებინებდა, რომ გაქცევის დაუოკებელი სურვილი ჰქონდათ.
ეს კი, უბრალოდ იჯდა, მელოდებოდა, როდის დავასრულებდი საჭირო პროცედურას. არ შევმცდარვარ, რომ ვთქვი კარგი აღნაგობა აქვს-მეთქი.
წასვლის წინ „ნახვამდისო“ მითხრა და კარი გაიხურა. დავინახე, როგორ ჩაავლეს ხელი ირაკლიმ და „ამხანაგმა თევზაძემ“ და საერთო განყოფილებისკენ წაიყვანეს.
საკნები 9 საათზე იკეტებოდა, 10-ის ნახევარზე იყო შემოწმება, რომელსაც მე და თევზაძე ვუძღვებოდით. ჩვენს მოვალეობაში საკნების დათვალიერება შედიოდა. ჩვეულებრივ, ამას ორი სამხედრო წარმომადგენელი აკეთებდა ხოლმე, მაგრამ მე, როგორც ექიმს კვირაში ერთხელ მევალებოდა იქაურობისთვის თვალის შევლება. რატომ, სიმართლე გითხრათ, მეც არ ვიცი. რამის დაშავება თუ უნდათ, ისედაც დააშავებენ, უჩემოდ.
საათს დავხედე და მაშინვე წავედი საერთო განყოფილებისკენ, შესასვლელში თევზაძე დამხვდა.
-აბა, ექიმო, მზად ხართ?!
თავი დავუქნიე. არაფერი ვუპასუხე. მისი ლაზღანდარობის თავი ნამდვილად არ მქონდა.
რკინის კარებების ხრიალი გაისმა. ყველა საკანი ღია იყო.
პირველ ხუთ განყოფილებაში სიმშვიდე სუფევდა. მეექვსეში ახალი პატიმარი იმყოფებოდა, ისე მოხდა, რომ თევზაძე ჩამომრჩა და პირველი მომიწია შესვლა. თვალში მომხვდა საწოლის ქვეშ შეყრილი სიგარეტის ნამწვავები და ფილტრები. დერეფანში გავიხედე. დავრწმუნდი, რომ ჯერ კიდევ არ მოდიოდა თევზაძე.
-„მარტინ“, ახლავე მომაწოდე ის ნამწვავები! -დავუჩურჩულე. -სწრაფად!
პატიმარმა ჯერ გაკვირვებულმა შემომხედა, შემდეგ სწრაფად შეძვრა საწოლის ქვეშ და ორი მუჭით გამოიტანა ნაგავი. თევზაძის მახვილი თვალი მაშინვე დაინახავდა ამას და კარცერი ორი კვირით არ აცდებოდა არც ერთს.
ახალი პატიმარი, რომელსაც უკვე „ვიცნობდი“ უსიტყვოდ მიმზერდა. თვალი ავარიდე. „მარტინს“ აქამდე არასოდეს მოუწევია, ამის მოტანილია ყველაფერი. ახლა მის გამო ესეც უნდა დაისაჯოს.
„მარტინი“ გაკვირვებული მიყურებდა. არ იცოდა, სად წაეღო თამბაქოს ნამწვავები.
-მომეცი, -უცებ მომაფიქრდა, რომ ჩემს ხალათს საკმაოდ დიდი ჯიბეები ჰქონდა. -სწრაფად, რას დამიდექი უსაქმურად! ნახევარი აქ ჩაყარე. -ვუთხარი და მარცხენა ჯიბეზე მივუთითე.
წამის დასრულებული მქონდა თამბაქოს დაბინავება, თევზაძე რომ შემოვიდა და გაკვირვებულმა შემომხედა. მერე პატიმრებს მიმართა:
-რა მოხდა?
-არაფერი, ამხანაგო თევზაძე. -მათ მაგივრად ვუპასუხე. არადა ამ კითხვის ადრესატი მე უნდა ვყოფილიყავი. იმათ რას ერჩოდა. -უბრალოდ, ახალ პატიმარს ვკითხე როგორ იყო, სულ ათი წუთის წინ გამოვუშვი!
თავადაც არ ვიცოდი, ამდენი ტყუილი საიდან მომდიოდა თავში.
-აქ ალბათ მშვენივრად გრძნობს თავს, მისნაირების გვერდით! -ჩაიხითხითა ეშმაკურად.
მისი რეპლიკა მეხამუშა, მაგრამ ხმა არ ამოვიღე. დავინახე, როგორ შეუბღვირა „მარტინმა“ თევზაძეს.
-ქალი არ გახლდეს თან, ტვინს მიგასხმევინებდი! -დაიბღვირა მან.
-ფეხი არაფერს წამოკრა! -კვლავ ირონიულად ჩაიცინა.
-წავედით. -სიტუაციის გასანეიტრალებლად ვუთხარი მე.
აშკარად სარგებლობდა თევზაძე მისი თანამდებობით, თანაც ასე უტიფრად, ჩემ წინაშე.
ზოგს ბედი არ აქვს, თორემ თევზაძისნაირ კაცს ასჯერ გაიფენდა წიხლქვეშ.. მეც ამის დიდი მსრუველი ვარ!
ყველაფერმა ჩვეულებრივად ჩაიარა. მედპუნქტში რომ დამეცალა ჯიბეები, მაშინვე იეჭვებდა რამეს განყოფილების უფროსი, ამიტომ სიგარეტით სავსე ჯიბეებით მომიწია ნაგვის ურნამდე მისვლა.
ხელში ახალი პატიმრის პირადი საქმე მეჭირა. ლევან ჩხეტიანი, 28 წლის, ქალაქ თბილისიდან. ჰყავს ერთი არასრულწლოვანი ძმა (ნიკოლოზ ჩხეტიანი) და ბებია (მარიამ გაფრინდაშვილი). მუშაობდა ცნობილ ქართულ სადაზღვევო კომპანიაში პიარ-მენეჯერად.
-უბრალო კაცი არ უნდა იყო, ლევან. -ველაპარაკებოდი ჩემს თავს, თან მის საქმეს ვკითხულობდი.
„ბრალი ედება ნარკოტიკების უკანონო გადაზიდვასა და მოხმარებაში. მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა 10 წლის ვადით.“
-არ ჰგავს ეს ნარკომომხმარებელს! -კვლავ არ ვჩუმდებოდი.
სახლში მისულს დედაჩემი ქოთქოთით შემომეგება, ხელების დასაბანად გამიშვა და უკან დაბრუნებული პირდაპირ სუფრისკენ გამაქანა.
-ესაა ცხრა საათზე მოვალო, შვილო? -ჯუჯღუნებდა ის. -ათი საათია უკვე. ხომ გთხოვ, გაითვალისწინე, რა იქნება, ნუ მომკლავ, დედა. წამოდი მაგ ურჯულოთა სავანიდან, წამოდი რა იქნება!
-ადრე უსახურთა ბიურო ერქვათ! -გამეცინა მის ახალ ეპითეტზე.
-ყველაფერი ცუდია მანდ, დედა! -ლამისაა ტირილი დაიწყო.
-მე მომწონს იქ მუშაობა. ზოგიერთი პატიმარი თავისუფლად მოსიარულე ადამიანზე პატიოსანია! ციხეში ყველა თავისი დანაშაულისთვის კი არ ხვდება. ზოგს ფულს უხდიან, ზოგი იბრალებს, ზოგი მართლა დამნაშავეა! რაც არ უნდა იყოს, მე ერთი დღეც ვერ წარმომიდგენია იქაურობის გარეშე. ყველაფერს შევეჩვიე, ყველაფერს!
-როგორც შენ გინდა შვილო, მაგრამ იცოდე, მე მაინც არ მომწონს ეგ შენი... უხ! -ახალი რომ ვერაფერი მოიფიქრა, სამზარეულოდან გავიდა.
მის ბავშვურ ქმედებაზე გულიანად გამეღიმა.
ხელები კი საგულდაგულოდ დავიბანე, მაგრამ სიგარეტის სუნი მაინც ამდიოდა.
-სიკეთე მსხვერპლს მოითხოვს, -ჩავიდუდღუნე, ჭამას რომ მოვრჩი და თეთრი ხალათი სარეცხ მანქანაში შევაგდე გასარეცხად.
***
საკნებში სიმშვიდე სუფევდა. გისოსებს მიღმა, დერეფანში შუქი ჩამქვრალი იყო და დაცვის წევრებსაც ეძინათ. მხოლოდ „მარტინისა“ და ლევანის საკანში არ ქრებოდა შუქი. არც ერთს ეძინა, არც - მეორეს. საწოლის მეორე სართული დაეკავებინა ახალ ბინადარს და გაყვითლებულ ჭერს თვალდაუხამხამებლად შეჰყურებდა.
-რა დააშავე, ძმაო, ასეთი აქ რომ შემოგაგდეს? -არც „მარტინს“ სძინავდა. -არ ხარ შენ „ჩვენნაირი“ კაცი!
-რას ნიშნავს_თქვენნაირი? -წარბები შეკრა ჩხეტიანმა. არ მოეწონა სიტყვა.
-აქ, ძმაო, ზოგი თაღლითია, ზოგი მკვლელი, ან ნარკომანი. მე, მაგალითად, ნაზიკოს დუქანი გავძარცვე სამი წლის წინ. ეგრევე ჩამსვეს. რა ვქნა, სამსახურში არავინ ამიყვანა. ვეძებე, ვეძებე და რომ მომბეზრდა, კი დავუქნიე ხელი პატიოსნებას! თან დავუქნიე პატიოსნებას ხელი და თან ამოვყავი თავი ამ ჯოჯოხეთში. აქ ყოველდღე რაღაც ხდება, ოღონდ არ მჟღავნდება. შეიძლება, დღეს ერთი პოლიციელი მოკვდეს და ორი კვირის შემდეგ, საკანალიზაციო მილში იპოვონ გახრწნილი.
-ეგ მომხდარა ოდესმე? -გულწრფელად გაუკვირდა ლევანს.
-კი, „პუტინამ“ უქნა ეგრე ერთ ზედამხედველს. მაგარი შეურაცხყოფა მიაყენა და ამანაც ვერ მოითმინა, პირდაპირ ყელი გამოღადრა.
-კი მაგრამ.. როგორ გააქრო? ან ვერავინ როგორ ვერ გაიგო?
-ლოგიკური კითხვებია. მიწის ქვეშ, ყოველთვის არის ერთი თავისუფალი ადგილი იმისთვის, ვინც არ გასვენებს! ჰოდა.. შენ რისთვის ჩაგსვეს-მეთქი.
-ნარკომომხმარებელი ვარ. -უდარდელად თქვა ლევანმა.
-კაი, ძმაო, რას მატყუებ? ჯერ ნახე, რა კულტურულად საუბრობ, „ნარკომომხმარებელიო“ და ეგეთები. მსგავსი სიტყვები ჩვენს ენაზე ჟარგონებია. წესიერი ვინმე ხარ და არა ნარკომანი.
-არა, მართლა. -ეცადა მისი სიტყვები დამაჯერებელი ყოფილიყო.
-კაი, კაი, დაიძინე! -გაეცინა „მარტინს“. -ხვალ ადრე ვართ ასადგომები, ეზო უნდა მივასუფთავოთ.
არაფერი უთქვამს ლევანს. ან რა ჰქონდა სათქმელი? ეს ყველაფერი მისთვის უცხო იყო. იმიტომ კი არა, რომ ციხეში პირველად მოხვდა, არამედ იმიტომ, რომ ვერ წარმოედგინა, აქ როგორ უნდა გაეძლო. ჯერ პირველსავე დღეს ისე გაუმასპინძლდნენ „მეგობრები“, რომ აქედანვე შეექმნა არამყარი წარმოდგენა ზოგიერთ მათგანზე.
როგორ აინტერესებს, მისი ძმა როგორ არის, ან ბებიამისი. ნეტავ წნევის წამლები თუ დალია, საცოდავმა ქალმა! ალბათ, როგორ მშვიდად ფშვინავს. ჰგონია, რომ მისი სიამაყე საზღვარგარეთაა და საქმიან შეხვედრებს ესწრება. ის კი ახლა საკანში, რამდენიმე ფიცრისგან შეჭედილ მაგარ საწოლზე წევს და ოთახის მარჯვენა კუთხეში აბლაბუდაში გახლართულ ობობას უყურებს.
როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება. რა იყო და რა არის ახლა.
***
დილა, ჩვეულებისამებრ, ზარის დარეკვის ხმით დაიწყო ციხეში. პატიმრებს ანიშნეს, რომ ადგომის დრო იყო. ხორხოცი ატყდა. ზოგი ამთქნარებდა, ზოგიც სიმღერით ხვდებოდა „მშვენიერ დილას“.
ლევანი „მარტინმა“ გააღვიძა. ზლაზვნით გაახილა ცალი თვალი. მეორის გახელა ცოტა უჭირდა გუშინდელი კამათის შემდეგ. საწოლზე რომ წამოჯდა, წელის ტკივილმა შემოუტია და კინაღამ გადმოვარდა იქედან.
-დილამშვიდობისა, „ჩელავეკ!“ -მხნედ მიესალმა მარტინი. -შეეგუები. -დააყვავა, მამაკაცის ამრეზილ სახეს რომ შეხედა.
-ვერ დაგპირდები, -თქვა ჩახლეჩილი ხმით.
-დღეს, 4-ზე შეგვამოწმებს ექიმი, მზად იყავი. -უთხრა და საკანი დატოვა.
უნდოდა ეთქვა, მაგ ექიმმა ხომ გამსინჯაო, მაგრამ მარტინი იქ აღარ იყო.
ისე გამოვიდა დერეფანში, თითქოს პირველად გაიარა ფეხზეო. გაკვირვებული ათვალიერებდა ხალხს, გარემოს, კედლებს, გისოსებს. პატიმრებიც ისე უმზერდნენ, როგორც უცხოპლანეტელს და ათვალიერებდნენ მას.
-აქ დიდხანს ვერ გავძლებ, -დაასკვნა თავადაც და გასასვლელისკენ მიმავალ რიგში ჩადგა.
-მანდ ჩემი ადგილია, ლამაზო. -მოესმა ვიღაცის არასასიამოვნო ხმა.
ადგილიდან არ განძრეულა, არც ნაკვთი შეუტოკებია.
-ახლა მე ვდგავარ! -უთხრა ბოლოს, მისმა უაზრო ლაყბობამ რომ შეაწუხა.
-შენ, ბიჭო, სვანი ხო არ ხარ? -უხეშად შეეხო მხარზე უცნობი.
-გამოიცანი! -ცინიკურად ჩაილუღლუღა ჩხეტიანმა და არასასიამოვნო უცნობს პირდაპირ ცხვირში გაუქანა მუშტი.
ამის გაკეთება და მამაკაცის იატაკზე თავის მიხეთქება ერთი იყო. „იმისიანები“ წამოესივნენ ლევანს. ჩხეტიანიც სანამდეც შეეძლო იქამდე უმკლავდებოდა ჯანზე მოსულ პატიმრებს. თვითონ იმდენად იყო დაღლილი, რომ არაფრის ძალა არ ჰქონდა. ერთი-ორი გვარიანად მოარყეს ყბაში და უკვე მეორედ გააქანეს მედპუნქტში ზედამხედველებმა.
-ჯერ არ მოსულა ექიმი, მანდ დაჯექი და დაელოდე! -უთხრეს და ბორკილებით მიამაგრეს ფანჯრის სახელურს.
-თორემ სამდე წასვლას ვაპირებდე! -დაიდუდღუნა ხმადაბლა.
ნახევარ საათში მოვიდა ექიმი და ფანჯარაზე მიბმული ჩხეტიანი რომ დაინახა, თანაც ისევ დასისხლიანებული, გაკვირვებისგან თვალები შუბლზე აუვიდა.
იქვე დააგდო ჩანთა და მაშინვე მისკენ წამოვიდა, თანაც ბუზღუნებდა.
-თევზაძე თავისას არ იშლის, ისევ ფანჯარაზე მიბმაა მისი სტილი!
-თქვენი სტილი ბუზღუნია, ექიმო? -კრუსუნით თქვა ჩხეტიანმა. -თუ დაგვიანება? რამდენი ხანია გელოდებით!
უნდოდა შეპასუხებოდა სალომე, მაგრამ მართალი იყო ლევანი და რას ეტყოდა?! ნახევარი საათით ადრე უნდა მოსულიყო, მაგრამ საცობები იყო გზებზე. თანაც 8-10 საათები დღის კრიტიკული ნაწილია, ამ დროს გზები სულ გადატვირთულია.
კარადაში გასაღებს დაუწყო ძებნა, მერე ბორკილები მოხსნა ლევანს და სკამზე ჩამოსვა.
-ახლავე მოვალ, -უთხრა და ოთახიდან გავიდა.
-ნეტავ, თუ არ ეშინია, აქედან რომ გავიქცე? არა.. ჭკვიანია, იცის, არაფრის თავი რომ არ მაქვს. -ლუღლუღებდა თავისთვის და თითქოს ამით ირთობდა თავს.
ორ წუთში შემოვიდა ხალათმოცმული სალომე. სერიოზული სახე ჰქონდა. ბამბა და თბილი წყალი მოიმარჯვა. ისევ მას მოუწია ჩხეტიანის მოწესრიგება.
-მგონი, მსხვერპლით დასრულდება თქვენი მოსვლა, ლევან!
-არამგონია, ექიმების საქმიანობაში პატიმრებს შორის წესრიგის დამყარება შედიოდეს. -უთხრა მკაცრად და კვლავ გაჩუმდა.
სალომე ჯერ გაკვირვებული უყურებდა, მერე ისიც გაჩუმდა და თავის საქმეს მორჩა.
-დღეს ოთხ საათზე შემოწმებაა. -შეახსენა გასვლის წინ.
***
-მოკლედ, პაშა, ამ საღამოს მივდივართ რა! -უჩურჩულა პუტინამ მოხუც მამაკაცს.
-მე რა ვქნა? -საუბარში ჩაერია მარტინი. -ის ბიჭი, ლევანი, ახალია და აზრზე არაა რა ხდება.
-მოიშორებ, თუ წამოსვლა გინდა!

წინა თავთან შედარებით დიდია.
პირველ რიგში უღრმესი მადლობა აქტიურობისთვის, ამდენს მართლა არ ველოდი. უღრმესი მადლობა ვინც დააკომენტარა!
ვეცდები შემდეგი თავი მალე დავდო, თუმცა ვერ შეგპირდებით, რომ ხვალ იქნება.
იმედი მაქვს, ისევ მოგწონთ და ინტერესი არ გამქრალა თქვენში. მომეცით შენიშვნები და აუცილებლად გავითვალისწინებ.



№1 სტუმარი keke 27

პირდაპირ გეტყვი, არ მომწონა ის, რომ პირველ პირშიც წერს და მესამეშიც. ცოტა ინტერესს მიკარგავს ეს ფაქტი. (მე დავწერე ერთხელ ეგრე. ნუ დავიწყე მესამეთი და გავაგრძელე პირველით. არ მიყვარს ის ისტორია დღესაც :დ )

რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ძალიან კარგია.
კარგი იქნება თუ ვიზუალურად აღწერ პერსონაჟებს. მათ ჩაცმულობას და ციხის ინტერიერს.

ბოლოს ცოტა დავიბენი, ვერ მივხვდი დიალოგს.

მოკლედ, წარმატებები!.. love

 


№2  offline წევრი კნეინა

keke 27
პირდაპირ გეტყვი, არ მომწონა ის, რომ პირველ პირშიც წერს და მესამეშიც. ცოტა ინტერესს მიკარგავს ეს ფაქტი. (მე დავწერე ერთხელ ეგრე. ნუ დავიწყე მესამეთი და გავაგრძელე პირველით. არ მიყვარს ის ისტორია დღესაც :დ )

რაც შეეხება მოვლენების განვითარებას, ძალიან კარგია.
კარგი იქნება თუ ვიზუალურად აღწერ პერსონაჟებს. მათ ჩაცმულობას და ციხის ინტერიერს.

ბოლოს ცოტა დავიბენი, ვერ მივხვდი დიალოგს.

მოკლედ, წარმატებები!.. love

შენიშვნები მიღებულია. ♥
რაც შეეხება დიალოგს ბოლოს, გაქცევა უნდათ "მარტინს" და მის მეგობრებს, რაშიც ხელს უშლის ლევანი, ამიტომ მისი თავიდან მოცილება უნდათ..

 


№3  offline წევრი Smiling girl

მე ძალიან მომწოონნს <3 საინტერესოა და სხვებისგან გამორჩეულიიი <3 წარმატებები აბა შენ იციიი wink love

 


№4  offline წევრი კნეინა

Smiling girl
მე ძალიან მომწოონნს <3 საინტერესოა და სხვებისგან გამორჩეულიიი <3 წარმატებები აბა შენ იციიი wink love

გმადლობ.. love

 


№5 სტუმარი Nino

Zaan magaria erti suli maq kide rodis cavikitxav

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent