ყველაფერს ვიხსენებ 2
უკვე ცხრა იანვარი იყო . ისევ ახალი დღე ,რომელიც უამრავ სამუშაოს, კონფერენციასა და საღამოს რეზოსთვის ანგარიშის ჩაბარებას ითვალისწინებს . დამღლელმა რუტინამ დილიდანვე მოაბეზრა მზის სხივის გამოჩენა . თმაგაბურძგნილი წამოჯდა საწოლში და კედელთან აყუდებულ სარკეში შეათვალიერა თავი. -ყოჩაღ ბალიშს , რა უმუშავია ...-სიცილით მოსინჯა თავზე დადგმული ბუჩქი და იმის გაფიქრების შემდეგ, რომ ადგომის პროცესის გაჭიანურებას აზრი არ აქვს და მის საქმეს სხვა მაინც ვერ გააკეთებს სწრაფად წამოხტა და თავის მოსაწესრიგებლად აბაზანაში შევარდა. კომპანიამდე გზაში დედას დაურეკა და ოჯახი მოიკითხა. მერე როგორც ყოველთვის ჩვეულებრივი დაძაბულობა. რამდენიმე მაჯის სიმსხო საქაღალდე ძლივს დაეტია სუსტ მკლავებში და ცდილობდა რაც შეიძლება მალე აევლო მრავალსაფეხურიანი, გრძელი კიბე. მოხერხებულად შეაღო კაბინეტის კარი , გასაღები იქვე, მაგიდის ზედაპირზე გაასრიალა, გათოშილმა გაიძრო თბილი მოსაცმელი და კედლის საკიდზე დაამაგრა. ფეხებს აბაკუნებდა , რამდენჯერმე გაუსვა ხელისგულები გასათბობად ერთმანეთზე, ღრმად ამოისუთქა და სავარძელი მაგიდასთან ახლოს მიაჩოჩა. დილიდანვე თავზე საყრელად ჰქონდა საქმე , სავარაუდოდ დღეს ეტყოდნენ როდის შეძლებდა სამშობლოში გამგზავრებას. ლურჯი საქაღალდეები წინ დაიწყო . -აბა შევუდგეთ საქმესა ჩვენსას,-ენერგიულად ჩაილაპარაკა და პირველი გვერდი გადაშალა. ახალი არაფერი იყო , უბრალოდ საბუთები ორ ენაზე უნდა გაფორმებულიყო და არსებული ინფორმაცია ალბათ ასჯერ მაინც გადაამოწმებინეს. ხვდებოდა, რომ ეს ყველაფერი ისევ და ისევ კომპანიის უსაფრთხოებისთვის კეთდებოდა და ვინმეს მისი ტანჯვა პირადად არ აუღია თავზე, თორემ რომ არა მხოლოდ საქმე და სამსახური, ალბათ ათასჯერ აევსებოდა მოთმინების ფიალა და მაშინვე აიღებდა უკან დასაბრუნებელ ბილეთს. ყველა ფურცელზე მისი ხელმოწერა უნდა ყოფილიყო , ისიც იჯდა და ცდილობდა მოკლე ფიგურებით გამოესახა სახელი და გვარი. კარზე დაკაკუნებისას თავი არ აუწევია ისე იყო გართული. თავის თავზე ეცინებოდა, აჰა ხელის მოწერაშიც გემრიელად ვივარჯიშეო. ახალგაზრდა ქალბატონმა ნებართვის შემდეგ მორიდებულად შემოიხედა კარის ღრიჭოში და აცნობა დირექტორი გიბარებთო. მაშინვე ეცა ახალი დავალების სუნი და დაღლილმა ანიშნა ახლავე გამოვალო. როგორც იქნა ბოლო ფურცელზეც დატოვა ხელმოწერა ,ღრმად ამოისუნთქა და ოთახიდან გავიდა. ოცდაორი საფეხური ჩქარა აიარა, არ უნდოდა რამით ჩაეგდო უფროსის თვალში აკრეფილი აღმავალი ტემპი. კარზე სამჯერ დააკაკუნა და ნებართვას დაელოდა. მხოლოდ ნაბიჯების ხმა ისმოდა, მიხვდა თავად ადგა კარის გასაღებად. არც შემცდარა , სახელური ირიბად დაიხარა და კარი ფართედ შეიღო. თავაზიანად მიესალმა ევა უკვე შეჭაღარავებულ მამაკაცს და ოთახის სიღრმეში გადაინაცვლა. უკვე ფსიქოლოგიურადაც ამზადებდა თავს ახალი საქმისა და დავალებისთვის, მაგრამ, როგორც ჩანს მისთვის გაცილებით უფრო სასიხარულო ინფორმაცია მოემზადებინა ხელმძღვანელობას. -შუადღემშვიდობისა, გისმენთ აბა, რისთვის დამიბარეთ?-გაღიმებულმა იკითხა და სკამზე მოხდენილად დაჯდა. -პირდაპირ გასაოცარია ისეთი ჩქარი ტემპით მუშაობთ ქალბატონო ევა,-შეაქო მამაკაცმა და ბორბლებიანი სკამით უფრო მეტად მიიწია მაგიდამდე. ესიამოვნა შექება, აბა რა იქნებოდა, უზარმაზარი კომპანიის დირექტორისგან ასეთი შეფასება ნებისმიერს გაახარებდა. -მადლობთ, ეს ჩემი საქმეა ბატონო ტომ და ვცდილობ მაქსიმალური პასუხისმგებლობით მოვეკიდო მას. -სწორედაც მაგის გამო გადავწყვიტე აღარ გაგიჭიანუროთ აქ ვიზიტი. მესმის რომ თქვენც ოჯახი გყავთ, თანაც ვერავითარ პრობლემას ვხედავ, რომ საბუთების ჩაბარებისთანავე გაგამგზავროთ. -ანუ?-ყურებს არ უჯერებდა ევა და ცდილობდა გადაემოწმებინა ნათქვამი. -დასაბრუნებელი ბილეთის დრო გადმოვწიეთ და ათ იანვარს ვაპირებთ უკვე თქვენს დათმობას,-ღიმილით ჩაილაპარაკა კაცმა და სკამის საზურგეს მიეყრდნო. ისე გაუხარდა ევას ლამის პატარა ბავშვივით დაიწყო ხტუნვა. მიდის, ბრუნდება საქართველოში როგორც იქნა. საუკუნედ ეჩვენებოდა ოჯახისგან მოცილებულს თითოეული აქ გატარებული საათი, მიუხედავად საუკეთესო პირობებისა. გულითადი მადლობა არ დაუშურებია ხელმძღვანელისთვის . -მაგრამ იცოდე საქართველოში რომ ჩამოვალთ იქაც არ მოგცილდებით, სულ ჩვენთან მოგიწევს მუშაობა.-მამაშვილურად გაუღიმა კაცმა და ფეხზე წამოდგა. მადლობის ნიშნად თბილად მოეხვია ევა და გულაფართხალებული გამოვიდა კაბინეტიდან. თავიდან იფიქრა დედას დავურეკავო, მაგრამ შემდეგ უფრო საინტერესო იდეამ გაუელვა თავში. მობილური ჯიბეში ჩააბრუნა და საკუთარი ოთახისკენ გასწია, ახლა , ისე როგორც არასოდეს ,უხაროდა ცოტა რომ დარჩა სამუშაო. დარჩენილ ნახევრად სავსე საქაღალდეს სიყვარულით სავსე მზერა მოავლო და საბუთების ჩალაგება და დახარისხება დაიწყო. სხვას მის ადგილას შეიძლებოდა გული დასწ„ყვეტოდა, მაგრამ ევას უხაროდა. უხაროდა რომ საქართველოში ბრუნდებოდა, რაც არ უნდა ცუდი პირობები იყოს მაინც ყველას ურჩევნია სამშობლოს მიწა-წყალი. უბრალოდ შეღებილი მისი სოფლის სახლის კედლები უფრო უყვარს, ვიდრე- ის მილიონიანი შპალერით გაფორმებული სასტუმროს ოთახი. ხუთი საათი იქნებოდა ყველაფერს რომ მორჩა და ფრთხიალით მივიდა უფროსის კარამდე. ყველაფერი გადაამოწმეს თუ არა ხელი ჩამოართვეს, როგორც პარტნიორებმა . ჩარლის ეტყობა გაუკვირდა, ევას მომღიმარ სახეს რომ გადააწყდა. საცოდავს ამდენი ხანია წინ და უკან დაჰყავს და ერთხელ არ გაუღიმია. ახლა კიდევ გაცისკროვნებული აქვს თვალები. თავისთვის ჩაეღიმა მამაკაცს და უხმოდ მიუკეტა კარი. -რამე განსაკუთრებული ხდება ქალბატონო?-კითხა , როცა ძრავი დაქოქა და სარკეში გახედა უკან მჯდომს. -კი ჩარლი, ხდება, თან როგორი განსაკუთრებული ნეტავ იცოდე. საქართველოში მივფრინავ ხვალ . სახლში ვბრუნდები ჩარლი, მომილოცე,-თვალები მოჭუტა და ყელი მოიღერა. -გილოცავთ ქალბატონო ევა,- დაუბრუნა პასუხად და გულწრფელად გაუღიმა. ისე ეჩქარებოდა ახლა ათმაგად გრძელი ეჩვენა გზა სამსახურიდან სასტუმრომდე. ნახევრად გაჩერებული მანქანიდან გადმოხტა და კიბეები ფართხა-ფურთხით აირბინა. ფართედ გამოაღო კარადის კარები და საკიდები ერთიანად ჩამოხსნა. დიდი ჩემოდნები ნელ-ნელა ივსებოდა ტანსაცმლითა და პირადი ჰიგიენის ნივთებით. ელვა ისე ენერგიულად შეკრა ლამის ბოლო გაეხსნა და საერთოდ მოძვრა თავი. თითქოს აზარტში შევიდა, სიამოვნებას ანიჭებდა ჩალაგებული ბარგის ყურება. ბედნიერი წამოწვა საწოლზე და ხელები განზე დაიწყო. -ესეც ასე ჩემო კარგო. ხვალ წახვალ... დედას ჩაეხუტები. გახარებულ მამასაც ნახავ. ეს პატარა პარაზიტი ხუჭუჭა ძმაც კი მომნატრებია თურმე,-სიამაყით გაიხსენა ოჯახი და თვალებზე მომდგარი ცრემლი ხელისგულით შეიმშრალა. საუკეთესო მეგობარსაც კი არ გაუმხილა, რომ ბრუნდება. პირიქით, თავი შეაცოდა მკლავენ აქ მუშაობით ნუცა და ისე მენატრებით მეტი აღარ შემიძლია ხვალვე ფეხით ჩამოვალო. კარგა ხანს იფიქრა რაში დაეხარჯა დარჩენილი დრო და მოჭარბებული ენერგია. რამდენჯერმე მოავლო თვალი ოთახს და სასტუმროში გავლა გადაწყვიტა. ტელეფონი ჯიბეში ჩაიცურა, კარი გადაკეტა და წითლად განათებულ დერეფანს დაუყვა. ბარის კარები მსუბუქად შეაღო , გრძელ მაგიდას რომ მიუახლოვდა ტელეფონი ჯიბიდან ბარის სრიალა ზედაპირზე დადო და მაღალ სკამზე მოხდენილად მოკალათდა. - ფორთოხლის წვენი თუ შეიძლება,-ფართედ გაუღიმა ოფიციანტს და თითით ანიშნა ერთი ჭიქა რომ უნდოდა. უნებურად გაექცა თვალი მის გვერდით მჯდომისკენ და გულისცემა შეუნელდა, ლაშას რომ შეხედა.-გამარჯობა,-თქვა ქართულად და თვალი აარიდა. - საღამო მშვიდობისა -ისე დაუბრუნა პასუხი წესიერად არც შემოუხედავს ევასთვის. თითებში მოქცეულ დაბალ ჭიქაში ყინული შეათამაშა და ფრთხილად მოსვა. თავის თავს ეკითხებოდა , თითქოს ერჩივნა კიდეც რომ უყურადღებოდ დატოვა და ზედმეტ უხერხულობას არ უქმნის, მაგრამ ეს უყურადღებობაც აღიზიანებს . უცებ ამოუტივტივდა გონებაში ლევანის სახე და შერცხვა, საშინლად შერცხვა. უგულოდ შეავლო თვალი მაღალ ჭიქას და საწრუპი მილი თითებით შეათამაშა. მხოლოდ მაშინ მიიხედა მარჯვნივ ეკრანი წამიერად რომ განათდა, როგორც ჩანს შეტყობინება გამოუგზავნეს , არც აპირებდა პასუხის გაცემას. ლაშას მწარედ გაეცინა ლევანთან ერთად გადაღებული სურათის დანახვისას. გაკვირვებული თვალებით გახედა ქალმა, ინტერესი კლავდა გაეგო რა გამორჩა, თან სასაცილო. -ჩემზე იცინით?-ჩუმად იკითხა და თითი გულზე მიიდო. -მიკვირს სად ნახეთ ასეთი ანტიკვარი რა . როგორც ჩანს ნამდვილად არ გწყალობთ ბედი. -რას გულისხმობთ?- გვერდულად გახედა ევამ და პასუხის მოსასმენად მოემზადა. -მაგის და მამამისის მსგავსი გარეწარი ქვეყანაზე არ დადის. თქვენ კიდევ, როგორც გავიგე, ცხოვრების თანამგზავრად აპირებთ მის არჩევას.-ისე ლაპარაკობდა ერთი გრადუსითაც არ აბრუნებდა თავს. თითქოს კისერი გაშეშებოდა და ერთი მიმართულებით ყურება ჰქონდა მისჯილი. -ლევანზე ამბობთ?-კიდევ უფრო გაუკვირდა ევას. -დიახ, დიახ. სწორედაც თქვენს ლევანზე ვბრძანებ ქალბატონო ევა. -მგონი გეშლებათ, -მწარედ გაიცინა ქალმა და საზურგეს მიყრდნობილმა წვენი მოსვა? -მე მეშლება? რავიცი აბა. ნარკომანი, კონტრაბანდის შემოტანა , გაყიდვა ,მოხმარებაში შემჩნეული მაგრამ გავლენის გამო არ დაპატიმრებული. მამაჩემის სისხლში ხელებ გასვრილი და ასეთი კიდევ რამდენი ჰყავს ვინ იცის. ასეთად ადამიანებს ახასიათებენ თუ გარეწრებს?-ისე მშვიდად მოყვა ყველაფერი გეგონებოდათ კარგად გაზეპირებულ გაკვეთილს ყვებოდა. გახევებული იჯდა ევა და არ იცოდა რა ეთქვა. -ლევანი , ნარკომანი არ არის,-ძლივს ამოთქვა ბლუყუნით და ლამის ყელში გაეჩხირა ბლანტი სითხე,-მე და ლევანი საცაა დავინიშნებით და ჩვენს საერთო ბიზნესსაც გავაფართოვებთ. ბევრს არ უხარია ჩვენი წარმატება და ალბათ ბოროტმა ენებმა მოიტანეს თქვენამდე ეს ჭორი. -ჰოო? -ისე დარწმუნებით იკითხა და გადმოხედა ლაშამ ადგილზე გაქვავდა. -ჰო, რა არის?-უკანვე დაუბრუნა კითხვა და ძლივს მოახერხა ჭიქის ბარზე დაბრუნება. -თუ ოდნავ მაინც გიყვარს საკუთარი თავი მოცილდი მაგას და მამამისს საერთოდ.-სხვათაშორის ჩაილაპარაკა და ისევ თავის სასმელს მიუბრუნდა. -და თქვენ რატომ უნდა დაგიჯეროთ? -უცებ გაბრაზდა და ახლოს მიიწია ლაშასთან. -ნუ დამიჯერებთ ბატონო , ოღონდ შემდეგ დაიხსომეთ ისეთ რაღაცეებს გადააწყდებით ეცადეთ საკუთარი თავი არ შეგზიზღდეთ მაგათ ყველა კარტს რომ გახსნით. მერე ჩემსავით სისხლისმსმელი ვამპირივით არ ეძებოთ რეზოს განადგურების გზები. საშინელებაა , როცა ყოველ კუთხეში სიკვდილი გელანდება, როცა ღამეს იმაზე ფიქრში ათენებ ვინმემ არ დაგირეკოს და გითხრას რომელიმე ოჯახის წევრზე, რომ აღარ გყავს.-სასმელს ერთიანად აეშალა ფილფანის საღერღელი . როგორც წესი არ ჩვეოდა ბევრი საუბარი, მაგრამ ახლა სხვაგვარად ხდებოდა. იჯდა და მისთვის უცნობ ახალგაზრდას რჩევებს აძლევდა. -მე თქვენი არ მჯერა,-ცივად მიახალა და დაელოდა რას ეტყოდა. უცებ იმხელაზე დაახეთქა ჭიქა პრიალა ზედაპირს უნებურად შეხტა ევა. ტუჩის კუთხეში გაეღიმა ლაშას ქალის რეაქციაზე . -ჩემს თავს მაგონებთ,-ნელა წამოდგა, პიჯაკი მკლავზე გადაიკიდა, თავზე აკოცა პატარა ბავშვივით და გარეთ გავიდა. ევა კი ისევ ისე იჯდა გახევებული. ცდილობდა გადაეხარშა მომხდარი ,მაგრამ თავის თავში ვერ დაუშვა წამის წინ გაგონილის სიმართლესთან შესაბამისობა. -არა არაა ეს სიმართლე. რეზომ ხომ გამაფრთხილა, რა თქმა უნდა ტყუილია, ყველაფერი ტყუილია რაც მითხრა.-აფორიაქებული ბურტყუნებდა , თან ერთიანად იპყრობდა შიში. მთლად წაუხდა ხასიათი , საკრედიტო ბარათი გაუწოდა ბარმენს, უნდოდა რაც შეიძლება მალე გასცლოდა აქაურობას და ფიქრებს ,გულს რომ უჭამდა. -თქვენი უკვე გადახდილია ქალბატონო,-უცებ აუხსნა მისი ასაკის ახალგაზრდამ და უკანვე დაუბრუნა პლასტიკური ფირფიტა. -გადახდილი? კი მაგრამ ვინ.. -აი იმ მამაკაცმა აქ რომ იჯდა,-თითით მიანიშნა ადგილზე ლაშას რომ ეკავა წუთის წინ. უხმოდ ადგა და ჩქარი ნაბიჯებით გავიდა გარეთ. -ღმერთო ჩემო, სახლში მინდა, თავისთვის ჩაილაპარაკა და ოთახისკენ წავიდა. გული ამოვარდნაზე ჰქონდა. ერთი საათი მოსაცდელ ოთახში იყურყუტა, წინ და უკან დადიოდა ხელებგადაჯვარედინებული და ცდილობდა თავიდან ამოეგდო გუშინდელი, მაგრამ უფრო მეტად ეფიქრებოდა და ღრმად მიჰქონდა აზარტს იმისას ყველაფერი გაეგო, რა მიზნები ამოძრავებდა ლაშას, ან მამამისი ვინ იყო და დამშვიდებულიყო. როგორც კი ჩავიდოდა, მაშინვე ყველაფერს იკითხავდა. გრძელი ტრაპი აიარა , თუ არა ბილეთზე აღნიშნული ადგილი მოძებნა, რბილ სავარძელში ჩაესვენა და ბორდგამცილებლის მითითების ზედმიწევნით შესრულებას მოჰყვა. უკვე შებინდებული იყო თვითმფრინავი ჰაერის ორმოში რომ მოხვდა და ოდნავ ბიძგმა დაუფრთხო ფხიზელი თვლემა. გული აუცეკვდა, ილუმინატორიდან განათებულ დასაჯდომ ბილიკს რომ მოჰკრა თვალი . უნდოდა მინა ჩაემსხვრია, და ღრმად ჩაესუნქა მონატრებული ჰაერი. დაღლილობას სულაც არ გრძნობდა, პირიქით. გაიხსნა თუ არა კარი, ყველას გადაუსწრო და მგზავრთა სათავეში მოექცა. მთლიანად დაუფარა სახე ზამთრის სიცივემ და სასიამოვნოთ გააჟრჟოლა ტანში ხარბ ჩასუნთქვას რომ მონატრებული ქალაქის სურნელი ჩაჰყვა. თითქოს სხვანაირად გაევსო ფილტვები . ეგონა ახალი ფრთები გამოესხა სიხარულისგან. ბარგის მოლოდინში ადგილზე ცქმუტავდა და უკვე აღარ იცოდა რა ექნა. ვერ ითმენდა, უნდოდა დედასთან დაერეკა და ეთქვა რომ ჩამოვიდა. ძლივს შეიკავა თავი სიურპრიზი ბოლომდე მიეყვანა. ჩემოდნებს ხელი დაავლო და ასფალტზე სწრაფად გაასრიალა. ტაქსები , როგორც ყოველთვის ჩასაფრებულები იყვნენ და ანთებული თვალებით ელოდნენ მძღოლები იქედან გამოსულთ. კარებშივე დასტაცებდნენ ხოლმე ბარგს ხელს და ოღონდ მათი მანქანით გესარგებლათ თაფლად დაიღვრებოდნენ. ახლაც ასე იყო , ჩვეულებისამებრ , ოღონდ ევას სრულებითაც არ ანაღვლებდა. მთავარი იყო სახლში მალე მისულიყო , სხვა არაფერი. უკანა სავარძელზე შესრიალდა და გაბადრული სახით უკარნახა მისამართი. პატარა ბავშვივით გაფართოებული თვალებით ათვალიერებდა მონატრებულ ქუჩებს ,ეგონა მთელი ცხოვრება გავიდა რაც გაემგზავრა. უხაროდა, რომ ყველაფერი ისევ ისეა. -აი ახლა გამოჩნდება ჩემი ჭადარი,-თითქოს თავისი თავი გადაამოწმა ყველაფერი ახსოვდა თუ არა და სიხარულისგან თვალები გაუბრწყინდა მართლაც რომ გამოჩნდა სახლის შესახვევში მაღალი ჭადარი. -აქ გამიჩერეთ,-უცებ შესძახა მძღოლს და თითი მაღალი კორპუსის მეორე სადარბაზოსკენ გაიშვირა. -აქ?-დააზუსტა მძღოლმა და მანქანა შესასვლელთან მიაყენა. ბარგის გადმოზიდვაში დაუზარებლად მიეხმარა, ქაღალდის კუპიურას მადლობაც მიაყოლა და ლიფტის მეათე ღილაკს დააწვა. როგორც წესი ამ დროს მოდიოდა ხოლმე სახლში. დედა მაშინვე ხვდებოდა და ლიფტის კარის გაღების ხმაურისთანავე კარებში გაჩნდებოდა. -ახლა ალბათ მეზობელი ჰგონიათ,-გაეღიმა ევას და ფრთხილად გამოალაგა ბარგი. მერე მისი ძმის ნომერი აკრიბა და დაელოდა როდის გასცემდნენ პასუხს. არადა კარს მიღმა უკვე ისმოდა გასული ზარი. -ჰო,-ნამძინარევი ხმა ჰქონდა ერეკლეს , ეტყობა არც დაუხედავს ვინ ურეკავდა. -ეკე გეძინა?- თბილად იკითხა ევამ და თვალებში ცრემლი ჩაუდგა. -ხო, ევა შენ ხარ ? -კი . მე ვარ და ახლა რაღაცას გეტყვი კარგი ? საიდუმლოდ. -რა ხდება ? ხომ მშვიდობაა? -კი კი, დაწყნარდი,-გაეცინა ძმის აღელვებაზე და პირზე ხელი აიფარა . მითხარი აბა გისმენ,-ხმა დაუსერიოზულდა და ეტყობოდა საწოლზე ჩამოჯდა,-მოიცა ევა, შენ რა , ქართული ნომრიდან რეკავ ? მოიცა, ესე იგი...-ტელეფონის ეკრანს კიდევ ერთხელ დახედა გაკვირვებულმა იმის შესამოწმებლად ახალგაღვიძებულზე რამე ხომ არ შემეშალაო. -დიახ ბატონო ერეკლე და გამიღეთ კარი, თორემ გავიყინე ქალი, -მხიარულად ჩასჭყივლა და ბედნიერებისგან გაეღიმა . -შე ჭინკა, შე არანორმალურო, გადარეულო,-ღრიალით გამოვარდა ოთახიდან, ისეთი ღრიალით, რომ მთელი ოჯახი წამოიყოლა. -რა იყო დედიკო , რა გაყვირებს?-სამზარეულოდან გამოვარდა შეშინებული ქალი. -რა მაყვირებს და შენი გიჟი შვილი დგას გარეთ და გაუღეთ კარი. -ვინ შვილი დედიკო?-უცებ დაიბნა , ვერ მიხვდა რა ხდებოდა. -ვინ და ევა,-ჩვენს მეტი გყავს შვილი თუ ?-გაკვირვებულმა გახედა დედას და ლამის იქვე ჩაიკეცა სიცილისგან მისი სახის დანახვისას. -ევა? ჩამოვიდა?-იმხელაზე იკივლა გარეთაც ისმოდა უკვე სახლში ატეხილი აჟიოტაჟი, სირბილით მივარდა კარებს და რაც შეეძლო ფართოდ გამოაღო. -დე, ძამიკო,-გაკრეჭილი იდგა ზღურბლს მიღმა და სიტყვის დამთავრება ვერ მოასწრო ისე ჩაეკრა დედა, ლამის შემოემტვრა ხელში. -დედიკო, ჩემი ანგელოზი გოგო, ასე უნდა გაგიჟება დედა? ლამის ინფარქტი დამმართე. საძაგელო არ უნდა დაგერეკა ამხელა გზაზე რომ წამოდი?-მკლავებზე მსუბუქად მოარტყა, თან აქეთ-იქით ატრიალებდა ხელში თოჯინასავით. -ოო, დედა, ახლა ხომ აქ ვარ, რა მნიშვნელობა აქვს .-ბედნიერებისგან გააკანკალა და თბილ სხეულს გემრიელად შემოეხვია. -შემოდი სახლში ერთი , შემოდი და მერე ვილაპარაკოთ მაგაზე. ყველანაირად არანორმალური როგორ უნდა მყავდე დედა,-ბედნიერების ცრემლებით სავსე თვალებით ქვემოდან ამოხედა მასზე ერთი თავით მაღალს და სახლში შეიყვანა. -მოუშვებთ ახლა ჩემამდე ?-იკითხა ერეკლემ კარგა ხანს რომ უყურა დედა-შვილის ალერსს და კარებში დაყუდებულმა ხელ-ფეხი გადააჯვარედინა. ნელი ნაბიჯით წავიდა ევა მონატრებული ძმისკენ და რაც შეეძლო მაგრად ჩაეხუტა. -შენ არ იცი როგორ მომენატრე ერეკლე. ჩემი პატარა სისხლის გამშრობი ძამიკო. -ხუჭუჭა თმებზე ხელი წაატანა და უფრო მეტად მიეწება გულზე. -მეც მომენატრე ევა, წარმოგიდგენია? შენთან ჩხუბიც კი მომენატრა გოგო,-სიცილით ჩაილაპარაკა და ზურგზე მოხვეული ხელები უფრო მაგრად მოუჭირა. -რაო?-გაკვირვებული გადაიზნიქა ევა და ძმას თვალებში ჩახედა,-დედა გემის ? მომენატრეო, ჰაჰ უფრო ხშირად უნდა წავიდე ხოლმე სახლიდან.-სიცილით ჩაილაპარაკა და ლოყაზე უჩქმიტა. -წადი აბა ,-ჯიბრით ჩაილაპარაკა ერეკლემ და გულიანად გაეცინა ძლიერი მკლავებისგან შებოჭილი დის უმწეო გაბრძოლებაზე. -გამიშვებ თუ ჩემით გავითავისუფლო თავი? -აა ეგ არც იფიქრო,-უცებ მიუხვდა ეშმაკურ ჩანაფიქრს და სიცილით გაუშვა ხელები . -შენი სკოლაა ძამიკო,-მხიარულად ჩაილაპარაკა და ისევ დედისკენ წავიდა.-ისე პატარა უძახე და კი გამასწრო უკვე სიმაღლეში ჰაჰ,-თავი გააქნია და ატირებულ ქალს კალთაში ჩაუჯდა.-დედი კარგი რა , რა გატირებს, არა გრცხვენია ? -ჩაილაპარაკა ევამ და დედას თმებზე წაეთამაშა. -დედიკო მამაშენმა იცის რომ ჩამოხვედი ?ვაიმე , თუ იცოდა და არ მითხრა ოხ რა დღეს დაგაყრი მალხაზ ბატონო.. გირჩევნია არ მოადგე კარს.-უცებ დაიმუქრა ქალმა თითის ქნევით, მაგრამ ევამ გააჩერა და სიცილით მოეფერა საყვედურისთვის აღმართულ ხელზე. -არა დე, არც მამამ იცოდა, არც რეზომ იცის, არც ლევანმა და შენ წარმოიდგინე ნუცასთვისაც არაფერი მითქვამს. -გამოიპარე დედა? თუ ასე საიდუმლოდ რატომ წამოდი?-შეშინებულმა იკითხა და თვალები გაუფართოვდა. -არა დედა,-გულიანად ხარხარებდა უკვე ერეკლე. -კი დედა, გამოპარულია გატყუებს ,-იძახდა მეორე ოთახიდან . -მართლა გამოიპარე?-კიდევ უფრო დაიჯერა ქალმა თავისი მოსაზრება. -არა დედა, რას უსმენ იმ გადარეულს უბრალოდ მინდოდა ასე მოულოდნელად ჩამოვსულიყავი. -არანორმალურიო ერეკლეზე ამბობს , ვითომ ეს ძალიან დინჯი მყავდეს,-თმები აუქოჩრა შვილს და გულზე მიიკრა. მალხაზმა ლამის სიხარულისგან გონება დაკარგა კარში გაჯგიმული რომ დახვდა სამსახურიდან მოსულს ,თან ყურებამდე გაღიმებული. ერთიანად შემოირბინა სიხარულმა ქარაბაკების ოჯახის ყველა კუთხე-კუნჭული და ნამდვილი საახალწლო განწყობა დატრიალდა. * * * დილით თვალები რომ გაახილა და ღია ლილისფერ ჭერს ახედა გული გაუთბა. ნელა იბრუნა გვერდი კარისკენ და გაკვირვებული თვალები უცებ დაჭყიტა. საწოლის წინ ფართე სკამზე ლევანი იჯდა, ხელში ყვავილების თაიგული ეჭირა. -შენს ჩამოსვლას სხვები უნდა მატყობინებდნენ?- მისკენ გადმოხრილიყო და მაცდურად იღიმოდა მამაკაცი. -დილა მშვიდობისა ,-ამოიბუტბუტა ჩუმად. ორივე ხელი ბალიშის ქვეშ ამოედო და შუბლზე ჩამოყრილი თმებიდან იმზირებოდა. -მომენატრე ევა,-კიდევ უფრო ახლოს მიიწია, თითქმის ცალი მუხლი იატაკს ეხებოდა, სახიდან თმა გადაუწია და ცხვირზე წაეთამაშა. -მე არა ,-უნიჭოდ იცრუა ქალმა და გადაიკისკისა. -არა ხომ ? -არა,-ისევ ჯიუტად გაიმეორა , ისე რომ სიცილი არ შეუწყვიტავს. -წამოდი აბა , ადექი. -სად?-ჩუმად იკითხა და ოდნავ წამოიწია. -ეგ მე ვიცი... შენ ხომ არ მოგენატრე.. -რომ მეთქვა მომენატრეთქო მეტყოდი სად მივდივართ? -წარბები აწკიპა და გვერდულად გახედა. -რა თქმა უნდა, გეტყოდი. -ოოო, მითხარი რა, სწრაფად წამოჯდა ,დაგორგლილი თმები ბეჭზე გადმოიყარა. -ადექი ქალბატონო , მიდი გიცდი, თორემ წაგიყვანე დღესვე და დაგამწყვდიე ჩემს ცხრა კლიტურში . -ოჰოჰო, რომ არ წამოგყვე რას იზამ ერთი ძალიან მაინტერესებს,- არ ჩერდებოდა, და უფრო და უფრო იწვევდა კაცს. -მართლა გინდა გაიგო?-ღიმილიანი სახით გახედა და ისევ სკამზე ჩამოჯდა. -ხო კარგი, მოვდივარ... გადი ჩავიცვამ . -ხელით ანიშნა კარისკენ და ჩუსტებს დაწვდა ჩასაცმელად. ყვავილების თაიგული ხელში ჩაუდო და მაჯვენა ლოყაზე ფრთხილად აკოცა. მიყვარხარ, უჩურჩულა ჩუმად და უკანმოუხედავად გავიდა ოთახიდან . ბედნიერებით გაივსო ყვავილების სურნელი რომ შეიგრძნო და კარადა ფართედ გამოაღო. უნდოდა დღეს განსაკუთრებით ლამაზი ყოფილიყო. ტანსაცმელი სწრაფად აარჩია და ფეხების ბაკუნით გავიდა მისაღებში . დაბღვერილი სახით მყოფ ძმას გაკვირვებულმა გააყოლა თვალი და მამასთან მივიდა. -გაიღვიძა მამას ანგელოზმა?-თბილად იკითხა მალხაზმა და შვილს შუბლზე აკოცა. -კი, თქვენ რაზე საუბრობდით ? -ნუ ხარ მამა შენ ასეთი ცნობისმოყვარე. სიძესთან რასაც ვილაპარაკებ ყველაფერი გინდა გაიგო ?- თითქოს გაუწყრა მალხაზი და თან გაეღიმა ჭაღარა წვერს მიღმა. -უკვე სიძე?- გაკვირვებულმა იკითხა და კარის ჩარჩოს მხრით მიეყრდნო. -რაღა დარჩა, რამდენიმე თვე.-მხრები აიჩეჩა კაცმა -თქვენი ქალიშვილი თუ ასე გააგრძელებს ჯიუტობას, ვატყობ არც მაგდენი.-ლევანიც ჩაერთო მამა-შვილი დიალოგში. -კარგი მორჩა ამაზე საუბარი. სიძე კი არა ვინც არ უნდა იყოს მე შენი შვილი ვარ და ყველაფერი უნდა ვიცოდე. აბა რა ,-მტკიცედ უპასუხა ევამ და თავაწეული დაუდგა მამას გვერდით. -წავედით ჩვენ , აბა დროებით ბატონო მალხაზ,-ზრდილობიანად დაემშვიდობა ლევანი ევას მამას, ქალს მხრებზე მოავლო ხელი და კარისკენ უბიძგა. -ჩემი გადარეული შვილი,-ღიმილიანი სახე გააყოლა კაცმა მიმავალ წყვილს. -არ ინერვიულოთ ბატონო მალხაზ, თქვენი ქალიშვილი საიმედო ხელშია,-მოაძახა ბოლოს ლევანმა და კარი გაიხურა. * * * ქალაქში სწრაფად გავრცელდა ევას და ლევანის ნიშნობის ამბავი, ინტერნეტში ფოტოები, ყოველკვირეულ გაზეთებსაც მოედო ეპიდემიასავით. დილით ლაშა ყავას სვამდა გარეკანზე რომ მოკრა თვალი ახლადგამომცხვარი წყვილის ფოტოს და ინტერესით გადაშალა რამდენიმე გვერდი. -მაინც იმავეს აკეთებს,-დანანებით ჩაილაპარაკა და ცხელი სითხე მოსვა. ბევრი დრო და იმის ფუფუნება არ ჰქონდა ძირფესვიანად გაცნობოდა სიახლეებს, ცარიელ ჭიქას წყალი გამოავლო, პიჯაკი მოიცვა და სახლიდან გავიდა. რამდენიმე კვირაა ცდილობს რამე გზით რეზოს სიახლოვეს მოსასმენი აპარატის დამონტაჟებას და როგორც იქნა მოახერხეს. დღეს პირველი ჩანაწერი უნდა მოესმინა. ინტერესი კლავდა რა საქმეებს განიხილავდა რეზო კაბინეტში თავის ბინძურ თანამოძმეებთან ერთად . * * * ერთი შეხედვით რეზოსთვის ყველაფერი ძალიან მარტივი ჩანდა, საოცრად დახვეწილი გეგმა უკანონოდ მიეთვისებინა სხვისი ქონება და შემდეგ მფლობელები თავიდან მოეცილებინა. გასაკვირიც კი იყო საიდან მოეყარა ერთ ადამიანში ამდენ ბოროტებას თავი. ძალაუფლებისთვის კაცის კვლა მისთვის ისეთივე მარტივი საქმე გამხდარიყო, როგორიც აბეზარი მწერის მოცილება. ისეთივე ჩვეულებრივი ,როგორიც ყოველ შუადღეს სადილის მირთმევა. თან საკუთარი კუდით ისე წმენდდა ყველაფერს ერთ სამხილსაც არ ტოვებდა. საკმარისი იყო მხოლოდ სახელი და გვარი ეთქვა, არჩეული მსხვერპლს ერთი დღის სიცოცხლეც არ რჩებოდა. ევა რაც ჩამოვიდა თითქოს გაორებული დადის. თავში ერთიანად ამოუტივტივდა კომპანიაში აღმოჩენილი უზუსტობები , მაგრამ ყველაფერზე თვალს ხუჭავდა, რადგან რეზო საქმის კურსში იყო . -ნეტა მართალია რაც ლაშამ მითხრა ? არ შეიძლება ადამიანი ასე ყველაფერს თამაშობდეს. არ უყვარდე და შენს ცოლად მოყვანაზე დათანხმდეს. ეს ხომ აფსურდია. ნუთუ შეიძლება ეს ყველაფერი ერთი დიდი ფარსი იყოს. ღმერთო დამეხმარე ,-გულში ფიქრობდა და თან ქუჩას არ აცილებდა თვალს . მძღოლს რამდენიმე მეტრით ადრე თხოვა გაჩერება და ფეხით გადაწყვიტა გავლა. რეზომ დაურეკა არ დააგვიანო ლაშას სახლის ნახევარი უნდა გადმოვაფორმო შენს სახელზე საბუთებზე გაქვს ხელი მოსაწერიო. ის სახლი ისედაც არ უნდოდა და ახლა უარესად აუცრუვდა გული. რეზოს უკვე სამი წელია იცნობს და კარგის მეტი მისგან არაფერი ახსოვს. მამამის როცა ყველაზე მეტად გაუჭირდა მაშინ დაუდგა გვერდით და ბიზნესი გადაურჩინა ინვესტიციით. მერე ევასაც თავისთან დააწყებინა მუშაობა. მერე ლევანი გაიცნო.. საოცრად ეხმარება წარმატებული კარიერის მოწყობაში. მამამ ნახევარი ბიზნესი გადმოუფორმა დაბადების დღეზე და იმ საქმესაც აქცევს ყურადღებას.. ლევანს რომ გაჰყვება ყველაფერს გააერთიანებენ და გააუმჯობესებენ. ეს ხომ ასეთი მარტივი და ფერადია. რატომ უნდა უნდოდეს რეზოს მისი განადგურება. ან ლაშას მამა რატომ უნდა მოეკლა. არც ლევანია ნარკომანი. ერთხელ კი ნახა ბინაში რაღაც ნემსები და ფხვნილიანი პაკეტები, მაგრამ ხომ უთხრა ექიმის გამოწერილი წამალიაო, თან მართლა ავად იყო.. არა მისი სჯერა, იცის ,რომ ძალიან უყვარს, სიცოცხლეზე მეტად უყვარს ლევანს.. უყვარს და ევაც ძალიან აფასებს საქმროს. ყურადღებიანია, თბილი , მოსიყვარულე . ქალს მეტი რა უნდა უნდოდეს ბედნიერებისთვის . თუმცა იმაზე ფიქრი, რომ ყველაფერი მინის ოცნების კოშკია და პატარა კენჭით მარტივად მსხვრევადი....ო ღმერთო როგორ უჭამს გულს ეჭვები და მოსვენებას არ აძლევს. სახეზე აკრული ყალბი ღიმილით შევიდა სამსახურში და უხალისოდ აიარა კიბეები. -მოხვედი ჩემო გოგო ?- ომახიანად დასძახა კიბის თავში მდგომმა რეზომ კარში შემოსულს და ერთიანად გამოაფხიზლა. -კი მოვედი..-ქვემოდან ახედა და საფეხურებისკენ დაიძრა. -მოდი, მოდი.- არ ცხრებოდა კაცი და ელოდებოდა როდის ამოუდგებოდა გვერდში,- ასე უნდა დაკარგვა ჩემო გოგო ?-თითქოს საყვედური გაურია ხმაში და მკლავი მოხვია,- გელოდება მთელი იურისტთა ასოციაცია. საბუთებზე მოაწერე შენ ხელი , დანარჩენი ყველაფერი მოგვარებულია. -ბატონო რეზო, იქნებ არ გვინდა ჰა?-მორიდებით იკითხა და მზერა გაუსწორა. -რა არ გვინდა შვილო, სიტყვა სიტყვაა. -გაუკვირდა რეზოს და წარბები შეკრა. -მე არ მინდა მასეთი სახლი. არ მინდა სხვას წავართვა. -ვაიმე როგორ მაბრაზებ ხოლმე ევა. რას ნიშნავს წაართვა. შენ კი არა სახელმწიფომ ჩამოართვა მაგ ფართი და შენ უნდა გადმოგიფორმო, რასაც დაგპირდი იმას შევასრულებ, მერე რაც გინდა ის უყავი. გინდა შენი ბიზნეს ფილიალი გახსენი, გინდა კაფე და გინდა ბავშვთა სახლი. -კი მაგრამ ბატონო...-ისევ შეეცადა შეწინააღმდეგებას. -ჯერ ეს ერთი რეზო, მერამდენედ უნდა შეგახსენო, რომ ჩემი რძალი გახდები სადაცაა,-ცხვირზე წაეთამაშა და გაუღიმა,- მერე მეორე, დავამთავრე მე მაგ საკითხზე საუბარი და დავა. წამოდი მოაწერე ხელი და ეგაა. აღარ შეგაწუხებ ბატონო მეტი არაფერზე.-ხელები თავის გასწვრივ ასწია და სიცილი წასკდა. მაინც ეთანაღრებოდა გული ევას. რის ვაი-ვაგლახით დაწერა თავისი სახელი და გვარი რამდენიმე ფურცლის ბოლოში. -გილოცავთ,- ფართე ღიმილით მიულოცა იურისტმა,- სახლის ნახევარი თქვენია ქალბატონო ევა,-მაგიდაზე გაფანტულ საბუთებს თავი მოუყარა და საქაღალდეს შავი რეზინი გადაატარა კუთხეებში. შეციებული ბეღურასავით მობუზული იჯდა ევა სავარძელზე და ათასი ფიქრი უტრიალებდა თავში. ისე გაიკრიფნენ ოთახიდან ყურადღებაგაფანტულს არაფერი გაუგია. გვერდით დადებულ ჩანთის ტარს ხელი დასტაცა და ლამის სირბილით გავიდა ოთახიდან. -ევა შვილო მოიცადე,-კიბის თავიდან უყვიროდა რეზო, მაგრამ არც მისი დაძახებისთვის მიუქცევია ყურადღება ისე გაიქცა. იქვე , გასასვლელთან ახლოს მდგომი ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა. * * * უამრავი პრობლემით დატვირთული დაღლილი სახით გადმოვიდა მანქანიდან ლაშა, კარი მსუბუქად მიხურა და შესასვლელი სამი საფეხური ზანტად აიარა. ადვილად შენიშნა ფეხსაწმენდთან შეცურებული თეთრი კონვერტის კუთხე, გასაღები რამდენჯერმე გადაატრიალა და მაშინვე დაწვდა ასაღებად. -„სასამართლოს გადაწყვეტილება“? -გაკვირვებულმა წამოიძახა და ხელში შეათამაშა ქაღალდი. ახლა რაღა მოხდა ნეტა,-თავისთვის ჩაიბურტყუნა და უკვე სახლში შესულის უკან ინერციით დაიკეტა კარი. გასაღები იქვე კედელზე მიმაგრებულ კაუჭზე დაკიდა ,ზედა კუთხე ფართედ გადაუხია კონვერტს და ორად გაკეცილი ფურცელი ამოაცოცა. გული შეეკუმშა და ცივმა ოფლმა დაასხა სახეზე პირველი აბზაცი რომ ჩაიკითხა ბოლომდე. ხელზე გადაკიდებული პიჯაკი თითქოს უცებ დამძიმდა. მთელი სხეული იატაკისკენ ექაჩებოდა განადგურებულს. -ესეც მოახერხა, სახლსაც მართმევს,-ცრემლიანი თვალები კიდევ ერთხელ მოავლო ნაწერს, შემობრუნდა და კარებს წიხლი დაარტყა,-ჯანდაბა,-ახლა მუშტმა დაიქუხა მეტალის ზედაპირზე,-მამა დამეხმარე რა.. გთხოვ დამეხმარე,-ზემოთ აიხედა და წყლიანი თვალებით თითქოს მამის სული მოძებნა. რთული იყო, საშინლად რთული . რამდენი რამე წაართვეს და ასე ძალიან არ განუცდია, მაგრამ ეს სახლი... სულ სხვა იყო მისთვის. სახლი სადაც დაიბადა, ფეხი აიდგა, გაიზარდა .რომლის კედლები ახლაც თბილია მშობლების ოჯახური სითბოთი. დედას როგორ უთხრას? როგორ გააგებინოს რომ ამასაც არ ანებებენ. რომ არ კმარა იმ კაცს მისი გამწარება, არ ეყო საყრდენი რომ გამოუცალა ოჯახს და ახლა აგურ -აგურ გააქვს ფილფანების დაშლილი ბედნიერება. ალბათ ახლა მშვიდი ძილით ძინავს იმ ოთახში რაც უკვე სხვისი საკუთრება გამხდარა. როგორ უნდა უთხრას, რომ იმ საძინებლის დათმობა უწევს, ოცდაათ წელზე მეტი რომ იზიარებდა მეუღლესთან ერთად. ჯერ ქმარი წაართვეს ახლა ამ ოთხ კედელსაც ედავებიან. ბლატუნით მივიდა ოთახამდე, კარი ფრთხილად შეაღო, საწოლს მეორე მხრიდან მოუარა და პატარა ბავშვივით შეუძვრა დედას საბანში. -დედი, როგორ გაგითეთრდა თმა, როგორ ვერ აგარიდე ეს ტანჯვა.-ნელა დაუსვა ლაშამ თითები დედის შევერცხლილ თმას და ყელზე აკოცა. უხერხულად შეიშმუშნა ქალი ცივი ტუჩების შეხებისას, მაგრამ თვალი გაახილა თუ არა ბედნიერების ღიმილმა დაუფარა სახე. მარცხენა ხელით გაშლილი საბანი საგულდაგულოდ ამოუკეცა და გულზე მიიხუტა. -როგორ შეციებულხარ დედიკო.-ზემოდან დაუსვა ქალმა ხელის გული შეჭირხლულ სვიტერს და ღრმად ჩაისუნთქა შვილის სურნელი. უთქმელი კივილი ლამის ყელამდე ამოუვიდა ლაშას, მაგრამ არაფერი უთქვამს. ვინ იცის ბოლოჯერ იძინებდა აქ და არ უნდოდა დედის მშვიდი ძილის დარღვევა. დაწითლებული უპეები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. დედის მხარზე თავი გაასწორა და თავს დაძინება აიძულა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.