შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ამ დედამიწაზე ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია


11-12-2015, 19:52
ავტორი Без Любви
ნანახია 2 193

ამ დედამიწაზე ყველაფერს თავისი სახელი ჰქვია. მოვალთ ადამიანები, დაგვარქმევენ ახლობლები სახელებს, გივლიათ ამ სახელით იმდენ ხანს, რამდენი ხანიც გვიწერია ამ ცის ქვეშ ყოფნა და წავალთ... მივებარებით საცხონებლად შემოქმედს ჩვენსას „სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა, აწ და მარადის, უკუნითი უკინისამდე...”
იქით რა არის არავინ იცის, აქეთ კი მარტო სახელი გვრჩება. სახელს ალამაზებს ადამიანი და ადამიანს ალამაზებს სახელიო. ო, ღმერთო! რამდენი სახელი მახსოვს: ბატატური, ბეჟია, სება, ხვთისო, აშაქელი, ნინო, გუჯა და რამდენი კიდევ სხვა, ვინც მინახია მოარული ამ მიწაზე და აღარ არის, ჩავლილი აქვთ საწუთროს შარა. თითქოს იმათი სახეებიც დამავიწყდა.
ერთხელ, მახსოვს, სოფლის ორღობეში მოდიოდა სიჯანათ ნინო. წვიმდა, ტალახი მუხლებამდე იყო. სიჯანათ ქალს პატარა გოგო მოეკიდა ზურგზე და ისედაც სიბერისგან წელში ორად მოხრილი, ძლივს მოდიოდა. სიჯანათ ქალი ჩვენს დერეფანში შემოეფარა, სული მოითქვა და იქვე მსხდომი მეზობლების გასაგონად ჩაილაპარაკა: „მე რა კარგს რასმე გამოვრჩი ამ წუთისოფელს, ამ ქალსაც რო ჩემი სახელი დაარქვეს!“ ეს თქვა, ისევ წვიმას შეერია და თვალს მიეფარა.
რამდენს, რამდენს ცხოვრებაზე გამწარებულს წაჰყოლია სახელის სევდა...
რამდენს მიუმატებია სახელისთვის სახელი..
რამდენი დარჩენილა უსახელოდ..
რამდენი ეძებს სახელს...
და კიდევ რამდენი ჰკარგავს...
და კიდევ და კიდევ... მახსოვს და აღარც მახსოვს, და იმათ შორის ვინც მახსოვს, ყველაზე ნათლად გამოკრთიან ხოლმე წერტილი და მძიმე; ეს ორი პატარა გოგო, რომელთაც არცკი ვიცი რა ერქვათ ნამდვილი სახელები, ალბათ ორივეს ბებიის სახელს დაარქმევდნენ, მაგრამ არ ვიცი მასწავლებელს, არ ვიცი იმათ თანაკლასელებს, ერთისათვის წერტილი შეურქმევიათ, მეორესათვის მძიმე;
ცხოვრობენ მთის ერთ პატარა, მიტოვებულ სოფელში. სოფლიდან ზამთრობით ორ ადგილას ამოდის კვამლი. ორი სახლიდან გამოკრთის შუქი. სამყაროს სამი იმედის ძაფით უკავშირდება ეს პატარა სოფელი - კვამლით, რომელიც მძიმე-მძიმედ მიიზლაზნება ცისკენ; ღამ-ღამობით ფანჯრებიდან გამომკრთალი შუქით და ორი პატარა გოგოთი, რომლებიც ყოველ დილით, უთენია გამოდიან ხოლმე სოფლიდან და ზურგზე ჩანთა მოკიდებულები ქვემოთ ჩამორბიან. აქედან ძალიან შორს არის სკოლა. ჭალაზე რომ ჩამოვლენ, იქ ავტობუსი მოდის, აქედან ავტობუსს მიჰყვებიან, ეს ავტობუსი ერთადერთია, რომელიც ამ მივიწყებულ ხეობას სამყაროსთნ აკავშირებს. ავტობუსმა თბილისში უნდა მოასწროს ჩასვლა, ამოსვლა და ჩასვლა, ამიტომ დილაობით მოწაფეები რიჟრაჟზე გამოეფინებიან ხოლმე გზის პირებზე და სკოლამდე მიჰყვებიან.
რამდენჯერაც ამ ავტობუსით მომიხდებოდა მგზავრობა, იმდენჯერ ასეთ სურათს ვხედავდი:
დილაა. თოვლიან ფერდობზე მოცურავენ ჩანთაზე დამსხდარნი, წერტილი და მძიმე. წინ - წერტილი, უკან - მძიმე. ერთ ადგილას წერტილი თოვლში ჩაიფლო და მძიმე ექაჩება ამოსაყვანად. ავტობუსი ჩერდება, მთელი მგზავრები წერტილსა და მძიმეს ველოდებით. მძიმე, როგორც იქნა, ამოაძრობს თოვლში ჩაფლულ წერტილს და გამორბიან, ავტობუსშიც ჯერ წერტილი ამოდის, მერე მძიმე, სკოლასთანაც ასეთივე თანმიმდევრობით ჩადიან.
თოვს. სოფლისაკენ მიდიან აღმა, წინ - წერტილი, უკან - მძიმე.
წვიმს. წინ წერტილი მიდის, უკან - მძიმე. მძიმეს ქოლგა უჭირავს და ორივეს აფარია ის ქოლგა.
ცალ-ცალკე არასოდეს მინახია წერტილი და მძიმე. თურმე მასწავლებელიც ჯერ წერტილს გაიძახებდა ხოლმე დაფასთან და მერე - მძიმეს. მგონი, შერიგებულნი არიან ზედმეტ სახელებს. ერთხელ განგებ ვკითხე, რა გქვიათ-მეთქი და, რა თქმა უნდა, წერტილმა მიპასუხა:
- მე წერტილი მქვია, ამას - მძიმე.
- მერე რა, დაგვიძახონ რა, მერვე კლასში ერთს კვადრატულ ფესვს ეძახიან, ის ბრაზდება.
- თქვენ არ ბრაზდებით?
- არა, რად უნდა გავბრაზდეთ, კარგია წერტილი და მძიმე, - მითხრა წერტილმა და ორივეს ისეთი სიკეთით გაუბრწყინდა სახე, გავჩუმდი, არაფერი ვაწყენინო-მეთქი.
იმის მერე, რამდენიმე ავტობუსი გამოიცვალა ამ გზამ. ის პატარა, მთის ფერდობზე დაკიდებული, თითქმის მიტოვებული სოფელი კი დიდხანს იყო სამყაროზე იმედის სამი ძაფით გამოკიდებული - ცისკენ ზანტად ამავალი კვამლით, ღამ-ღამობით ფანჯრებიდან გამომკრთალი შუქით და სკოლისაკენ მიმავალი წერტილი და მძიმით.
გავიდა დრო.
გაიზარდნენ.
გათხოვდნენ.
ჯერ წერტილი, მერე მძიმე.
წერტილის ქმარი მაღალია და ძახილის ნიშნავს ჰგავს. მძიმეს ქმარი მოუსვენარია, ერთ ადგილზე ვერ ჩერდება.
ახლაც ჩანს ხოლმე: მამის სალხში სტუმრად მიდის წერტილი, აღმართში მას უკან მიჰყვებიან პატარა წერტილები.
ხანდახან მძიმესაც ვხედავ, აღმა სოფლისაკენ მიმავალს, ოღონდ მძიმეს ქმარი მოუსვენარია და სულ წინ გარბის. რა ვიცი რატომ, არ ჩანან პატარა მძიმეები, შეიძლება ჯერ არ გაჩენილან, შეიძლება მამასავით მოუსვენრები არიან და კარგა ხანია ავლილი აქვთ პაპასკენ მიმავალი აღმართი.
რა იქნება მერე, რა შესცვლის ამ სურათებს, არავინ იცის. ალბათ მოვა დრო და შეწყდება კვამლი, ღამღამობით ფანჯრებში აღარ გამოკრთება სინათლე და ეს პატარა წერტილ-მძიმეებიც შეწყვეტენ ამ გზაზე აღმა-დაღმა სიარულს...
ღმერთო, მაღალო, შეიწყნარე ამ მიწაზე ყოველი სახელი ჩვენი, უადგილოდ ნუ დასვამ წერტილს და ნუ მოგვივლენ განსაცდელს მძიმეს, რათა ვადიდოთ სახელი შენი.



№1  offline ახალბედა მწერალი ერკე

საინტერესოა და მომხიბლა კიდეც.
რაღაც სწორედ ამ ბედზე ჩამაფიქრა. რომ მოვდივართ მივდივართ და ვტოვებთ სახელს, თუმცა არა მარტო სახელს... უმეტესობა შეიძლება სახელს ტოვებს, მაგრამ ბევრი მათ გაკეთებულ საქმეს, მისით გაბედნიერებულ ვინმე კაცსა თუ ქალს, ან ბავშვს ვისაც ის ბედნიერება არ დაავიწყდება სიცოცხლის ბოლომდე.
ჩვენი მოსვლის აზრი უნდა ვეზებოთ ამქვეყნად...
ჩვენი მოსვლა უნდა ისახებოდეს ამ სამყაროში და უნდა ვიგრძნოთ, რომ ვარსებობთ.
ყოჩაღ, კარგია.
--------------------
თავს ღმერთად
შემოქმედად
ვგრძნობ,
როცა კალამს ხელში
ვიღებ.

 


№2  offline წევრი Без Любви

გაიხარე...

 


№3 სტუმარი ნინი ლომიძე

ძალიან კარგია ძალიან მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent