ჩანახატი (4 თავი)
მეოთხე თავი ადამიანის გრძნობებსა და ემოციებზე თამაში არ უყვარდა აკას, ცდილობდა ქალისთვის შეურაწყოფა არ მიეყენებინა, თუმცა იმასაც გრძნობდა, რომ მისი მოთმინებით აშკარად ბოროტად სარგებლობდა. ეზიზღებოდა და თან ეცოდებოდა კიდეც ასეთი უთავმოყვარეო საქციელის გამო. ქალი ან ვერ გრძნობდა ან აინუნშიც არ აგდებდა ვაჟის სიუხეშეს. თავხედურად ცდილობდა საკოცნელად მასზე ერთი თავით მაღალი ბიჭის მიწვდენას. ალბათ საკმაოდ სასაცილო სანახავი იყო, გაშეშებული, ზიზღით მომზირალი ვაჟი და მის ტანს მიკრული თითის წვერებზე აწეული, თითქმის გაწელილი ქალი. შორიდანვე ანიშნა დას დამეხმარეო, გოგონაც განგებ ნელი ნაბიჯით მიუახლოვდა ვითომ მოცეკვავე წყვილს. - თუ არ გეწყინება, ცოტა ხნით მოგტაცებ ჩემს „მადისაღმძვრელ“ ძმას! - ეშმაკური სიცილით უთხრა. რაღაც გაურკვეველი წაიდუდუნა ქალმა და უკმაყოფილო სახით მოშორდა ვაჟს. - ვერასოდეს დავიჯერებდი, ჩემი გადასარჩენი თუ გახდებოდი! - სიცილით ჩამოეკიდა ქეთა კისერზე. - ასე სულელურად არც კი მიგრძვნია თავი. რამ გადარია ვერ მივხვდი... - ეცინებოდა ვაჟსაც. - რამ კი არა და ვინ, გაიზარდე და ზედმეტად სიმპატიურიც გახდი! - თმები მოუჩეჩა დამ და ჩაეხუტა - ბრმა უნდა იყო ეს რომ ვერ შეამჩნიო! - კარგი რა... - ეუხერხულა მისი კომპლიმენტი. - ამაღამ იცოდე ჩემს ნომერში წვები, ამ გიჟი ქალის ნერვები არ მაქვს. - ჩუმად უჩურჩულა გოგონას. - შემოგაკითხავს?! - თვალები შუბლზე აუვიდა ქეთას. - ძმის წყენინება არ უნდოდა, მაგრამ სიცილი ვერაფრით შეიკავა და გულინად აკისკისდა. - მორჩი, სირცხვილია... - ერთი კი შეუღრინა, მაგრამ საკუთარი მდგომარეობის გააზრებაზე თვითონაც ახარხარდა. იდგნენ ასე სულელებივით და ერთმანეთის შემხედვარე უფრო მეტად ეცინებოდათ. მართლა ქალიშვილივით ერიდებოდა მთელი კვირა დედის დაქალს. ალა თითქოს ვერ ხვდებოდა შვილის უხეშობისა და მუდმივი ღრენის მიზეზს. ერთ დღეს აკასთან ნომერში შესულმა დედამ კბილებში ავად გამოსცრა: - დიდი უჟმური გამიზრდიხარ! - ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ მეგობრისგან კარგად იყო დაქოქილი. - როცა შენი ხურუშიანი დაქალოჩკა კაცს იშოვის, მეც მაშინ დავტკბები! - არ ჩამორჩა ვაჟი. - დიდი რამე ცოტა დათვრა ადამიანი, მოგეცათ სალაპარაკო, ანგელოზივით ქალია, კაცი რომ უნდოდეს, როგორმე იშოვიდა... - თვალები დაუბრიალა შვილებს. - ანგელოზივით კი არა ერთი ავადმყოფი და ბოღმა ადამიანია. თუმცა რას გელაპარაკებით, ჩვენ ხომ მხოლოდ ნაკლს ვეძებთ ადამიანებში. - ირონია გაურია ხმაში ქეთამაც. - ეგ არ მითქვამს, თუმცა ისიც ფაქტია, რომ ყველაფერს აბუქებთ. ქალი ერთობოდა, თქვენ კი... - ვერ გავიგე, ჩემგან რას ითხოვ, ავყოლოდი გართობაში და ლოგინშიც ჩამეწვინა?! - ხმას აუწია აკამ. - უკუღმართი ხარ! - გაბრაზდა ქალი და კარების ბრახუნით ნომრიდან გავარდა. - ასე როგორ ატრიალებს მის ჭკუაზე?! - გაოცებულმა შეხედა ქეთამ. - ერთი ავანტურისტი ქალია და ისე... წამოსვლამდე რამდენიმე დღით ადრე მამაც ჩავიდა, ქალების მთელი ყურადღება ძირითადად მისკენ იყო მიმართული. დედის მეგობარმაც თითქოს დაივიწყა აკას არსებობა, „სიძეს“ ევლებოდა თავს. ყოველ შემთხვევაში მაშინ ასე ფიქრობდნენ. - ქმარს უნდა მოეფერო, უნდა ასიამოვნო. - დამრიგებლურად ეუბნებოდა ალას. - კარგი რა, რაღა დრო ჩვენი ეგეთებია. - ეცინებოდა დედას. - ჯუმბერიკო, ყავას დალევ ძვირფასო? - მეტიჩარა ხმით ეკითხებოდა მამაკაცს. პასუხს არც კი ელოდებოდა, სხარტად გარბოდა სამზარეულოში და ცივ ყავას საკუთარი ხელით უმზადებდა. კაცი აშკარად იფერებდა ყურადღებას და კმაყოფილი სახით მიირთმევდა გრილ სასმელს. - მეჩვენება, თუ მამას აბამს? - ეჭვით ჰკითხა ქეთამ ძმას. - აშკარად ახალი სათამაშო იპოვა! მე მგონი არც დედაა წინააღმდეგი. დაქალიც ასეთი უნდა.... - როგორ ფიქრობ, რამე რომ იყოს, მამასთანაც?!...- წინადადება არ დაასრულა ქეთამ, თუმცა მისი აწითლებული სახით აშკარა იყო რაც იგულისხმა. - არა, რას ამბობ, მამა მაგას არ იკადრებს! - სწრაფად უარყო ვაჟმა. დედის მეგობარს კი არ ელეოდა საღამოს სეირნობის მიზეზი, ხან უჰაერობა აწუხებდა, ხან - სიცხე. დედას აშკარად მოსწყინდა ყოველ საღამოს დაუმთავრებელი ღრეობა და ბარებში ხეტიალი, ნომერში ტკბილად ძილი ერჩივნა დაქალთან ხეტიალს. რასაც ვერ ვიტყოდით ბატონ ჯუმბერზე. - ჯუმბერიკო, ძალიან გთხოვ, შენ მაინც არ მიღალატო. გამიწიე კავალრობა. აბეზარ ხალხს რა დალევს. ისიც ერთს გადახედავდა მეუღლეს და როგორც კი მისგან თანხმობის ღიმილს მიიღებდა, მიჰყვებოდა ქალს. აშკარად მშვენივრად ერთობოდნენ. სიცილ-კისკისით სასტუმროში გვიან ღამით ბრუნდებოდნენ. როგორც იქნა დასრულდა ეს უაზრო დასვენებაც. ათი სექტემბრისთვის თბილისში დაბრუნდნენ. ჩამოსვლისთანავე დათუნას შეეხმიანა და შეთანხმდნენ საღამოს თათიასთან ასულიყვნენ. მეგობრისთვის ბათუმში ნაყიდი ნიჟარების პატარა სამაჯური შარვლის უკანა ჯიბეში ჩაიტენა და სწრაფად გავარდა სახლიდან. ისევ აიღო მარკეტში გოგონას საყვარელი შოკოლადები, ჩვეულებისამებრს ღია კარებში შექანდა და მონატრებული თათულიკაც ჩაიხუტა. - ჩემი გიჟი ბიჭი, რა სიმპო ხარ! - ეცინებოდა თათიას, კლასელს ყურადღებით აკვირდებოდა და თან ნაჩუქარ სამაჯურს მკლავზე იკეთებდა. - ჰა, ეხლა. რისი თქმა გსურს?!-კოპები შეკრა აკამ. - რუჯი გიხდება. - ეშმაკურად გაუცინა გოგონამ. - მე ვუხდები რუჯს. - ცხვირზე ხელი გაჰკრა ვაჟმა. - რაო ბედოვლათმა, აგვიანებს? - მოიკითხა ძმაკაცი. - როგორც ყოველთვის. მიდი მისაღებში და მოვალ მეც. საზამთრო მაქვს ჩაციებული ხომ გინდა? - სამზარეულოდან გამოსძახა ქალმა. - კი, კი.. - სავარძელში მოკალათდა აკა. მაგიდაზე ისევ უბის წიგნაკი შენიშნა. ამჯერად დასაწყისში გადაშალა, ისევ ლამაზად გამოყვანილი ასოები, ისე ახლობლად მოეჩვენა, თითქოს მონატრებია, კითხვა დაიწყო. „- არ ვიცი რატომ, მაგრამ თეთრი გედი გამახსენდა.- ასე იწყებდა ავტორი - თითქოს მიფრინავდა შორს, ძალიან შორს. გაურბოდა რაღაცას. იბრძოდა, უბრალოდ ცხოვრებას და მიიწევდა წინ, ძალიან წინ, თითქოს ცდილობდა ცა გაერღვია, გაებურღა, მზეს მიწვდომოდა... და, მიფრინავდა მზისკენ, სიყვარულისკენ. თუმცა იცოდა, რომ მზე დასწვავდა და გული კი ბევრ სიყვარულს ვეღარ დაიტევდა და გასკდებოდა. იცოდა, მაგრამ მაინც მიფრინავდა.... და, დაეშვა ბევრი სიყვარულით დაღუპული გედი, დაეშვა თავდაღმა სიმღერით, რომლითაც სიცოცხლესა და სიყვარულს უმღეროდა. სიმღერის ჰანგები ჰაერში იბნეოდა, ის კი კვლავ სიყვარულზე მღეროდა. იღუპებოდა დიდი, ძლიერი სიყვარულისაგან და მაინც არ ნანობდა, რადგან უყვარდა და ეყვარებოდა.... და, კვდებოდა, კვნესოდა და ამ კვნესითაც კი სიყვარულს აღმერთებდა“. უნებურად გაეღიმა, შემდეგ გვერდზე გადაშალა: „პატარა გოგო პატარა ბიჭთან ერთად მიდიოდა, ეტყობა ჩხუბობდნენ. გოგო წინ მიდიოდა, ვაჟი კი უკან მოყვებოდა. პატარები იყვნენ და დიდი სიყვარული ვერ დაიტია მათმა პატარა გულებმა, ვერ დაიტია და ამიტომაც ჩხუბობდნენ ასე გულიანად. ვაჟს ხელში წითელი ვარდები ეჭირა, დავიწყებოდა მეგობრისათვის მიცემა. -გაჩერდი!... მათქმევინე ! .... -ემუდარებოდა იგი ნაწყენ სატრფოს. ქალიშვილი გაჩერდა და პირისპირ დაუდგა ვაჟს, რომელიც უსიტყვოდ ტკბებოდა მისი მზერით. - კიდევ დაგრჩა სათქმელი ? - თითქოს გულიდან ამოგლიჯესო ეს სიტყვები. - ხო, დამრჩა... ყველაზე მთავარი... - გისმენ ! კიდევ რით გინდა მატკინო გული, უაზრო ეჭვიანობით ? - არა, უაზრო სიყვარულით ! - მოკლედ მოუჭრა მან და თაიგული მიაწოდა. - უაზრო სიყვარულით? - გაიოცა ქალიშვილმა და თვალები სიხარულმა გაუბრწყინა. - მაგრამ, პასუხი ვერ მივიღე - მოიოხრა ვაჟმა. - მაინც, როგორ პასუხს ელი? - ღიმილით იკითხა ქალიშვილმა. - მე მხოლოდ თანაგრძნობა მსურს. - თანაგრძნობა?! კი, მაგრამ რაში?! შენს უაზრო სიყვარულში ?! - გოგონა ერთობოდა ამ საუბრით და აღარც ეტყობოდა რამოდენიმე წუთის წინანდელი წყენა. - ხო, ჩემს უაზრო სიყვარულში. -ყრუდ ჩაილაპარაკა ვაჟმა. გოგონამ თავი დახარა და თითქოს საკუთარ თავს გამოუტყდაო, ისე ჩაილაპარაკა: - მეც შენ გპასუხობ ჩემი უსაზღვროდ დიდი, უაზრო სიყვარულით! და, ასე იდგნენ ორი, პატარა გოგო და ბიჭი, ერთმანეთის წინ, თავდახრილნი, ბიჭი უსაზღვროდ გახარებული და გოგოც უსაზღვროდ ბედნიერი მათი პატარა სიყვარულით. ისინი იდგნენ ასე პირისპირ და ვერც კი გრძნობდნენ, როგორ წვრილად ცრიდა და სველდებოდა წითელი ვარდების თაიგული, თუმცა ამას ვერც გრძნობდნენ, ვერც პატარა ბიჭი და ვეღარც პატარა გოგო“. - აღიარე, ხომ კარგად წერს? - თავზე წამოსდგომოდა თათია. - კარგად გრძნობს...- გაეცინა ვაჟს. - ოო. ცუდი ბიჭი ხარ! - უკმაყოფილოდ დაიჯღანა გოგო - გინდა ჩემი საყვარელი ჩანახატიც გაჩვენო? ვაჟმა თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია და ქალმაც სწრაფად გადაშალა: - „ერთმანეთის პირისპირ ვზივართ, არც ერთი არ ვიღებთ ხმას, რადგან უკვე აღარაფერი დაგვრჩა სათქმელი, მესამეს უთქვამს ყოველივე. - მაპატიე, არ მინდოდა ასე მომხდარიყო. - მეუბნები შენ, თუმცა ვიცი, რომ არც შენ იცი რაში ხარ დამნაშავე. მეღიმება. - ის მაინც, თუ იცი რატომ მიხდი ბოდიშს? - არ ვიცი, მაგრამ, ალბათ რაღაც შემეშალა და სათანადოდ არ მოვიქეცი. ჩვენს მეგობრობას ვერ მოვუფრთხილდი. - გაჩერდი, ძალიან გთხოვ! - სიცილს ვეღარ ვიკავებ - ნუთუ ვერ ხვდები, რომ ყოველივე სისულელეა და სასაცილოც. შენც ხომ იცი, რომ ნათქვამი ვიღაცის ფანტაზიის ნაყოფია, მე და შენ შეყვარებულები? ეს ხომ წარმოუდგენელია, ბოდვა, ამ სისულელის არც მე მჯერა, და იმედია - არც შენ. - არა, თეკლე... მე მესმის შენი, მაგრამ... ალბათ მაინც ჩემი ბრალია... ვერ გავთვალე, ალბათ ზედმეტად თავისუფალი ვიყავი. - ვერ გავიგე, რისი თქმა გსურს? მეგობრებს ლაპარაკის უფლება არ გვაქვს? თუ იმაზე უნდა ვიფიქროთ, ვინმეს რამე არ მოეჩვენოს? მაშინ დავმუნჯდეთ, აღარც მივესალმოთ ერთმანეთს, აღარც გავიცინოთ, ვიქცეთ უსულო საგნებად, რომელთაც არ შეუძლიათ რაიმე მოქმედების შესრულება, ვიქცეთ ფიტულებად, ალბათ მაშინ დაგვანებებენ თავს! - სიფიცხე მომემატა. მას კი გაეცინა. - მიხარია, რომ ჩვენს ურთიერთობაზე არ იმოქმედა ყოველივე ამან. შენს დაკარგვას ვერ გადავიტანდი.. - იცი რას გეტყვი, ჩვენ მაინც ხომ ვიცით, ერთმანეთთან რაც გვაკავშირებს, სხვისი აზრი ყველაზე ნაკლებად მაინტერესებს! - მიხარია, რომ სწორედ ჩვენ შევხვდით ერთმანეთს, როგორ გამიმართლა შენში... ჩვენ კვლავ ერთმანეთის პირისპირ ვზივართ, არც ერთი აღარ ვიღებთ ხმას, რადგან უკვე აღარაფერი დაგვრჩა სათქმელი. თავისდაუნებურად მესამეს უთქვამს ყოველივე, იქნება ისიც კი რის თქმასაც ერთიმეორეს ვერ ვუბედავდით“.- ხმამაღლა, სწრაფად ჩაარაკრაკა თათიამ, - აღიარე ხომ მაგარია?! აკა აღარ იღიმებოდა, უსიამოვნოდ გაჰკრა გულში, ავტორმა თითქოს მისი უთქმელი, გაუმხელელი, გრძნობები გააშიშვლა, მისი ტკივილი დაინახა. - „თეკლა?!“ ამ სახელის ნაცვლად „ვიკა“ რომ ყოფილიყო, მასზე გამოვიდოდა დაწერილი“- ფიქრობდა ის, გაღიზიანდა, გაბრაზდა: - შეუძლებელია, გეუბნები ეგ შენი დაქალი მთლად კარგად ვერაა... - კბილებში გაბრაზებულმა გამოსცრა მან. - ასე რამ გადაგრია?! - თვალებ გაფართოებული მისჩერებოდა თათია. - შეუძლებელია უცნობი, უცხო ამას წერდეს. - ისევ ბრაზობდა ის. - ვერაფერი გავიგე... მეგობარს მიაჩერდა, ნერვებისგან ცახცახებდა, თავადაც ვერ მიხვდა ასე რამ გადარია, წამოხტა და სახლიდან გამოვარდა. - სად მიდიხარ, შე ჩემა?! - ლიფტიდან გამოსული დათუნას ხმა დაეწია კიბეებზე, მაგრამ ყურადღება არ მიაქცია. კისრისტეხით მირბოდა, სად არ იცოდა. თითქოს გაურბოდა, საკუთარ თავს, საკუთარ გრძნობებს, მაგრამ უშედეგოდ. დაიღალა. სუნთქვა უჭირდა. ეხლა ღა გაიაზრა, რამდენად უაზროდ მოიქცა. საკუთარ თავზე გაეცინა, იმ უცნობ გოგონაზეც. საინტერესოა როგორია? უშნო? ლამაზი? უნებურად მეტროში ნანახი ქალი გაახსენდა, მისი მწვანე თვალებით. დამშვიდდა, გახალისდა. - არ ვარ ნორმალური, მე მგონი გავრეკე... - ეცინებოდა მას. გვიან საღამოს დაბრუნდა შინ. ფრთხილად გახსნა კარები, მშობლები სახლში იყვნენ, რაღაცაზე კამათობდნენ, დედა ტიროდა. გაუკვირდა, ბათუმში თითქოს დაალაგეს ურთიერთობა. ყოველ შემთხვევაში ის კვირა არ უჩხუბიათ. - ასე ვერ გამიმეტებთ, ასე ვერ მომექცევით! ... - თითქმის კიოდა დედა. - უკვე გადავწყვიტე. - ქვეყანაზე ქალი გაწყდა?! რაღა ის? - ჩემი ბრალი არაა, შემიყვარდა... - გაჩუმდი, ხმა ჩაიწყვიტე... რომელ სიყვარულზე მელაპარაკები? სად იცი შენ სიყვარული. ბინძური, ამაზრზენი ადამიანები ხართ და სწორედ შენისთანა იპოვე. ჩემი უახლოესი დაქალი. ამის მეტი ქალი ვერ ნახე? გარყვნილო, გათახსირებულო... - სიბრაზისგან ცახცახებდა ალა. გულმა აღარ მოუთმინა, აკაც მოჩხუბრებთან შევიდა, ზიზღით შეხედა ფანჯარასთან ირონიულად მომღიმარ დედის მეგობარს, ისეთი გამარჯვებული სახით უყურებდა, რომ ტანში გასცრა. თითქოს ეხლა ღა გაიაზრა, რა მიზნები ამოქმედებდა ქალს. შეზიზღდა ისიც და მის ხელში მარიონეტად ქცეული მამაც. - თქვენი ხმა გარეთ ისმის?. - მამაშენმა ახალი ცოლი იპოვა... - გამოუცხადა დედამ. - შემიყვარდა ადამინო, რით ვერ გაიგე? - უტიფრად იმეორებდა კაცი. - შვილებს რა პასუხს აძლევ? რა მაგალითს? ის მაინც იცი უკანასკნელი ქუჩის ქალივით შენს ვაჟს კისერზე რომ ეკიდებოდა? - ტყუილია. - დაიგრგვინა კაცმა - საზიზღარი ადამიანი ხარ, სულმდაბალი, არ მეგონა ასეთ რამეს თუ იკადრებდი. -საკმარისია!. - საკუთარი ხმა ვერ იცნო აკამ - მისი შეურაწყოფა არც კი იფიქრო. მოკიდე ხელი მაგ ქალს და გაერთრიე - ატირებულ დედას მოეხვია ვაჟი - იმსახურებთ ერთმანეთს და გყავდეს. - ირონია და ცინიზმი იგრძნობოდა მის ხმაში. - აკა, შვილო.. - ხმა გაებზარა კაცს. - არც კი გაბედო, ჩემთვის შვილის დაძახება. წადით და დაივიწყე ჩვენი არსებობა. - მე თქვენ არ გკარგავთ. ჩემი შვილი ხარ... - სამაგიეროდ მე გკარგავ. - ცივად გამოუცხადა მამას - ქეთი თავად გადაწყვეტს როგორ იმოქმედოს. - დედაშენის მხარეს ხარ? როდის აქეთ დაგიტკბათ ერთმანეთი? - ირონიულად იკითხა კაცმა. - მას შემდეგ რაც შენ დაგკარგე. - არ ჩამორჩა ვაჟი. - იმედია ბედნიერი იქნები ახალ ოჯახში. - მალე დაგჭირდება ფული და შენი სიამაყეც სწრაფად გაქრება.- ირონიულად გამოუცხადა ჯუმბერმა - ვნახოთ, თუ არ მომაკითხავ! პასუხის ღირსადაც კი არ ჩათვალა, მწარედ გაეღიმა: - ყველაფერი კარგად იქნება, აი, ნახავ...დედა, გესმის? - ცრემლებიან თვალებში ჩახედა ქალს. - ვიცი, მე მჯერა შენი. - გულში ეკვროდა დედა და ტიროდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.