მდიდარი და ღარიბი
ლოტი წლების მანძილზე თავის დას ბესის ერთსა და იმავეს ჩასჩიჩინებდა: არ დაგავიწყდეს, ერთ მშვენიერ დღეს სიბერე აუცილებლად მოვა და სანამ ახალგაზრდა ხარ დროს უქმად ნუ ფლანგავო. მაგრამ ბესი წლების მანძილზე ჭრიჭინობელასავით ლაღად და უდარდელად ცხოვრობდა. ახლა ორივე და სამოცს გადაცილებული იყო. ამ გადასახედიდან შეიძლებოდა წარსულისათვის თვალის გადავლება. შეიძლებოდა იმაზე დაფიქრება, საბოლოოდ ხელში რა შეგვრჩაო. ლოტის საკმაოდ სოლიდური ანგარიში ჰქონდა ბანკში, ხოლო ბესის მთელ ქონებას ერთი გაქუცული ჩემოდანი და რამდენიმე კაბა შეადგენდა. ბავშვობის წლების გახსენება ლოტის ჭირივით ეჯავრებოდა. მშობლები ძუნწსა და წუწურაქს ეძახდნენ. ბესის კი თითქოს ვერც ამჩნევდნენ. გოგონას ერთადერთი სურვილი ჰქონდა, რაც შეიძლება ჩქარა გავარდნილიყო კარში და თამაშით გული ეჯერა. ციგურაობა ნათხოვარი ციგურებით ისწავლა, ნათხოვარ ველოსიპედს დააქროლებდა. ლოტის კი ამათთვის არ ეცალა. დროს უქმად ვერ გააცდენდა. ოღონდ კი ვინმეს დაესაქმებინა, ყველაფერს აკეთებდა. ბავშვის მომვლელიც იყო და წვრილმანი დავალებების შემსრულებელიც. აღებულ ფულს ერთ პენსსაც არ მოაკლებდა. თუმცა ნაყინისა და ტკბილეულისათვის სული ელეოდა, მაგრამ მაინც არ ყიდულობდა. დავუშვათ ეყიდა, მაშინ ბესისთვისაც ხომ უნდა გაენაწილებინა, ეს კი არაფრის დიდებით არ უნდოდა. თვითონ ბესის ხომ არასოდეს არაფერი ჰქონდა, დისთვის რომ მიეცა. ათ-ათცენტიანებით დოლარი რომ შეგროვდა, ლოტის ტკბილეული საერთოდ გადაავიწყდა. მგონი სულაც შეჯავრდა. როდესაც თორმეტი წლის შესრულდა, გამყიდველის თანაშეწედ დაიწყო მაღაზიაში მუშაობა. სკოლის შემდეგ გვიანობამდე მუშაობდა. შაბათობით კი მზად იყო, რამდენ ხანსაც მოსთხოვდნენ, იმდენ ხანს ემუშავა. გადაწყვიტა, ტანისამოსისათვის მოეგროვებინა ფული. კოლეჯში ყველაზე უკეთ მე უნდა მეცვასო. მაგრამ პირველსავე კურსზე თავი დაირწმუნა, ნაირ-ნაირი ჩასაცმელისათვის ფულის ხარჯვა ქარაფშუტობაა, ამის უფლებას ჩემს თავს ვერ მივცემო. თანაც თავისი სათაყვანებელი პედაგოგები ურჩევდნენ, ნებისყოფასა და სებეჯითეს თუკი გამოიჩენ, წარმატებას აუცილებლად მიაღწევო. ოჯახის არცერთ წევრს კოლეჯში არ უსწავლია. ბესიზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია- იქ ვერასოდეს მოხვდებოდა. ლოტის კი შეეძლო მიზნისათვის მიეღწია. რასაც იტყოდა, შეასრულებდა კიდეც. ჰოდა, რა დროს ჩაცმა-დახურვაზე ფიქრიაო, აიღო და ტანსაცმლის საყიდლად დაგროვილი ფული ბანკში შეიტანა. მას შემდეგ ბანკის ანგარიში გახდა მისი ყველაზე სანუკვარი საკუთრება. მესამე კურსზე იყო, როდესაც ერთ პატარა რესტორანში მოლარის ადგილი იშოვა და რესტორნის დაკეტვამდე სალაროსთან იჯდა. რესტორანში საქმეები კარგად მიდიოდა. რამდენჯერმე გააფართოვეს კიდაც. ლოტი ბოლო კურსზე იყო, როდესაც არჩევანის წინაშე აღმოჩნდა: ან კოლეჯში უნდა გაეგრძელებინა სწავლა ან რესტორანში ემუშავა. ,,დღევანდელი კვერცხი მირჩევნია ხვალინდელ ქათამსო”- თქვა და სწავლას თავი მიანება. ამასობაში ბესის ჰარი შეუყვარდა. ვაჟი სკოლის ჯაზ-ორკესტრში უკრავდა. მათ დაქორწინება გადაწყვიტეს, როგორც კი სრულწლოვანები გახდებოდნენ. ბესის სწავლის გაგრძელებაზე არც უფიქრია, გათხოვება არჩია. ეს ამბავი არავის უკვირდა. ასევე არავის გაუკვირდებოდა, ლოტი რომ საერთოდ არ გათხოვილიყო. ერთი-ორჯერ დააპირა გათხოვება და თითქმის გადაწყვიტა კიდეც, მაგრამ ლოტის ნამდვილად არ უნდოდა და არც შეეძლო, სამუშაო, რომელშიც კარგ ფულს უხდიდნენ, ოჯახის საქმით შეეცვალა, რაშიც გროშსაც არ გადაუხდიდნენ. ის თავის გათხოვილ დას სულაც არ შენატროდა. ბესი და ჰარი უცხოეთში ბოშებივით ცხოვრობდნენ. ჰარი მეორეხარისხოვან ორკესტრში უკრავდა, რომელიც ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში მართავდა კონცერტებს. არ ეცვათ და არ ეხურათ. ბესი იმეზე დარდობდა, რომ შვილები არ ჰყავდათ. სულელს ნეტავ ბავშვები რად უნდოდა. ჰქონდა კი მათი მოვლა-შენახვის თავი?! ლოტის, ვინაიდან დასშვილებზე დარდი და თავის შეწუხება არ უწევდა, ეს ამბავი ძალიანაც სიამოვნებდა. ბესი, ალბათ რომ ყოლოდა, თავის შვილებს ლოტის მიუყრიდა გასაზრდელად. ქალს სახლიც ჰქონდა და ფულიც. როდესაც რესტორნის მეპატრონემ მეორე სახლი შეიძინა, ადრინდელი ისე იაფად შესთავაზა ლოტის, რომ უარის თქმა დიდი სისულელე იქნებოდა. ასე რომ, სხვა გზა არ ჰქონდა, ლოტიმ სახლი იყიდა. ოთახები, სადაც არ ცხოვრობდა, საგულდაგულოდ ჩაკეტა და ღვთის ანაბარად მიატოვა. იქით არც იხედებოდა. დიდი დანახარჯის გამო თითქოს სახლზე ჯავრს იყრიდა. საჭმელს მუდამ გარეთ ჭამდა. სახლში, ლუკმა რა არის, ლუკმაც არ მოეძევებოდა. სტუმარი მასთან არავის უნახავს, რადგან სტუმარს, სხვა რომ არა იყოს რა, ჩაით მაინც ხომ უნდა გამასპინძლებოდა. ღარიბ-ღატაკივით ცხოვრობდა, მაგრამ ამას ვერც ამჩნევდა. დროდადრო გულში ფიქრობდა, მართალია ახლა ცოტა მომჭირნედ ვცხოვრობ, მაგრამ მალე ფრთებს გავშლიო. ორმოცი წლიდან ისე სწრაფად, თვალსა და ხელს შუა, გაეპარა დრო, რომ უცებ აღმოაჩინა- სამოცისა გამხდარიყო. ქანცგაწყვეტილი და ულაზათო სახე ჰქონდა და რესტორნის ახალმა მეპატრონემ, რომელიც ყოფილი მეპატრონის ვაჟი გახლდათ, ყოველგვარი სენტიმენტალური გრძნობების გარეშე გაათავისუფლა. ლოტიმ გადაწყვიტა, სხვა სამსახური ეშოვა, მაგრამ ისეთი უბადრუკი და ბებერი ჩანდა, რომ ყველგან ხელი მოეცარა. პირველად თავის სიცოცხლეში უხელფასოდაც სიხარულით იმუშავებდა, ოღონდაც კი სადმე წასასვლელი ჰქონოდა. იმხანად საზღვარგარეთ მესამე კლასის სასტუმროში ჰარი გარდაიცვალა. ბესი ისეთი სასოწარკვეთილი იყო, ისე გულამოსკვნილი დასტიროდა ქმარს, თითქოს მას უზღვავი ქონება დაეტოვებინოს. მან კი ცოლს მხოლოდ და მხოლოდ საყვირი დაუტოვა მემკვიდრეობით. ის კი არა და, ბესის, სამშობლოში რომ გადმოესვენებინა, იმის ფულიც არ გააჩნდა. ახლა კი გაება ლოტი მახეში. იძულებული გახდა ბესი შეეკედლებინა. სხვა რა გზა ჰქონდა როცა მის სისხლსა და ხორცს უჭირდა. საწყენი კი ის იყო, რასაც ლოტი მთელი სიცოცხლე თავისთვის ვერ იმეტებდა, ახლა ბესიზე უნდა დახარჯულიყო. ლოტიმ მთელი კვირა ბესის ოთახის მოწყობას მოანდომა. ყველაფერი გასაკეთებელი იყო: კედლების შეღებვა, ავეჯის განახლება. როცა საქმეს მორჩა, შუა ოთახში დადგა და ირგვლივ მიმოიხედა, ყველაფერი ისეთი ლამაზი ჩანდა, ისეთი სუფთა და ახალი, რომ გაიფიქრა, ეს ოთახი მე უფრო შემეფერება, მოდი, ჩემს ოთახს დავუთმობ, მე კი აქ გადმოვალო. მაგრამ თავის ოთახში ლეიბები ისეთი უსწორ-მასწორო და დაკუშტული ჰქონდა, ხალიჩა და ფარდები კი ისეთი გაცვეთილი, რომ შერცხვა. ამ ოთახსაც უნდა მივხედოო, გადაწყვიტა და სასწრაფოდ, ფაცა-ფუცით შეუდგა საქმეს. ზედა სართული ძალიან გალამაზდა. ახლა ქვედა სართული გამოჩნდა ნაღვლიანი და უსიცოცხლო. მოკლედ, ლოტიმ სამზარეულოდან მოყოლებული სასტუმრო ოთახის ჩათვლით ყველაფერი განაახლა. თან ფიქრობდა, დრო თავზე საყრელადა მაქვს, სამსახურში არ დავდივარ და ამით მაინც გავერთობიო. ღამით ბავშვივით ტკბილად ეძინა, დღისით კი გულში უდიდეს სიხარულს გრძნობდა. ბესის ჩამოსვლამდე ერთი დღეღა რჩებოდა. ლოტი ოთახებში დადიოდა და სახლის სილამაზეს შეჰხაროდა. უეცრად სარკის წინ ჩავლისას თავის სილუეტს მოჰკრა თვალი. შეჩერდა, ყურადღებით დააკვირდა თავის თავს და გული ეტკინა, რას დავმსგავსებივარო. სასწრაფოდ კარი გაიხურა და სილამაზის სალონს მიაშურა იმ იმედით, რომ სასწაულებრივად გარდაიქმნებოდა და გაახალგაზრდავდებოდა. როდესაც კარზე ზარის ხმა გაისმა, ლოტი სამზარეულოში ფუსფუსებდა. ინდაურს წვავდა. ზარის ხმაზე გული შეუხტა და სისხლი აუჩქროლდა. ალბათ ღუმელის სიმხურვალემ იმოქმედაო, გაიფიქრა. ბესი ზღურბლზე იდგა. მან საცოდავად გაუღიმა და გახევებულ ლოტის გადაეხვია, რომელსაც კიდევ უფრო აუჩქროლდა გული, თვალები კი ცივმა ქარმა აუწვა. -ლოტი, როგორ მიხარია შენი ნახვა,- მხოლოდ ესა თქვა ბესიმ. დის ლამაზ ვარცხნილობასა და მაკიაჟზე სიტყვაც არ დასცდენია. ზედა სართულზე ავიდნენ. ბესიმ თავისი გაქუცული ჩემოდანი იატაკზე დადო და ღრმად ამოისუნთქა: -ამაღამ მკვდარივით დამეძინება,- თქვა მან. საგანგებოდ მორთულ-მოკაზმული ოთახი არც შეუმჩნევია. მერე სუფრას მიუსხდნენ. -თეთრსა და მუქ ხორცს ორთავეს გადავიღებ,-თქვა ბესიმ, რომელსაც არც უხვი სუფრა შეუქია და არც საგანგებოდ, იმ დღისთვის ნაყიდი საკმაოდ მოზრდილი ინდაური დაუნახავს, რომელიც სუფრაზე მხოლოდ და მხოლოდ ორი ხანშიშესული ქალისთვის იდო. მათგან ერთ-ერთი კი ესეთი ღარიბი იყო, რომ ხშირად პურის ფულიც კი არ ჰქონდა. ნოყიერმა სადილმა ლოყები შეუვარდისფრა და ლაპარაკის საღერღელი აუშალა ბესის. წლების მანძილზე მე და ჰარი უამრავ უბრალო, მაგრამ კეთილშობილ, თავაზიან და მოკრძალებულ ხალხს შევხვდითო, დაიწყო თავისი ამბის მოყოლა ბესიმ. ბევრი საინტერესო ადგილი ვნახეთ და ამით ვარ მდიდარიო. ქალს მეტყველ სახეზე სიხარულიცა და სევდაც ერთდროულად ეხატებოდა. მის გულწრფელობაში ეჭვს ვერ შეიტანდი და ლოტი მიხვდა, რომ ბესის მთელი გულით უყვარდა ის უბრალო და თავმდაბალი ხალხი. ემოციებით აღსავსეს არ შეეძლო ლოტის მორთულ-მოკაზმული სახლისა თუ მისი მაკიაჟის დანახვა. ვერც თორმეტგირვანქიან ინდაურს ამჩნევდა. შესაძლოა ხვალ შეემჩნია ყველაფერი და აღფრთოვანებულიყო. დამტკბარიყო მეორე დღეს შემთბარი შემწვარი ინდაურის გემრიელი ხორცით, მაგრამ იმ საღამოს მხოლოდ და მხოლოდ იმას ცდილობდა, დის გულში ერთი პატარა, მოკრძალებული ადგილი დაეკავებინა. -მგონი თავი მოგაბეზრე ჩემი ამბების მოყოლით,- შეწყვიტა თხრობა ბესიმ. – ახლა შენ მიამბე, როგორ ცხოვრობდი მთელი ეს წლები. ლოტი ჩაფიქრდა. -მოსაყოლი არაფერი მაქვს,-თქვა ბოლოს. –წლებმა გვერდით ჩამიქროლეს. გარიყულივით დავრჩი. არც ერთი დღე და არც ერთი დოლარი არ დამიხარჯავს ჩემი სიამოვნებისათვის. აი ასეთი იყო ჩემი ცხოვრება. ფაქტიურად არ მიცხოვრია ისე შემომეხარჯა წლები. ახლა უკვე ყველაფრის თავიდან დაწყება ძალიან გვიანაა. -წლებს ნუ ითვლი, ლოტი, წლები უკან დარჩა. ჩვენს ასაკში დღეები უნდა ვითვალოთ,- თქვა ბესიმ,- და რაც მთავარია, არ დაგავიწყდეს, შეიცოდე და დაუყვავე შენს თავს,- დასძინა მან ბოლოს. ლოტის გაეღიმა. -გითხრა სიმართლე, მე შენ მეცოდებოდი. მაგრამ ჭკუა რომ მქონოდა, ჩემი თავი უნდა შემცოდებოდა. ვიცი, ახლა ძლიერ გვიანაა ჩემი ასაკის ადამიანისათვის გართობის ორომტრიალში გადაშვება, მაგრამ მაინც ვცდი. ხომ იცი, ვირივით ჯიუტი ვარ. რასაც ვიტყვი, შევასრულებ. ცოტა თავბრუ მეხვევა, მაგრამ შენ წარმოიდგინე, მომწონს კიდეც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.