ვიდრე ღიაა დარაბები...
^^^ მაკრინე ფანჯრის რაფას დაყრდნობოდა. ფიქრებს გატაცებულს თვალი უკვე მერამდენედ გაექცა მეზობლად მდგარი სახლისკენ და ხმამაღლა შეჰკივლა, ღია დარაბები რომ დაინახა. ფანჯრებზე ცეცხლისფერი ფარდები ჩამოეკიდათ, მათზე კი ყვითელი ქრიზანთემები იყო გამოსახული. გოგონა უმალ სირბილით გაექანა სამზარეულოსკენ და გაზქურასთან მოფუსფუსე დედას კალთაზე დაქაჩა. –დედიკო, დედიკო, შენ არ იცი, რა უნდა გითხრა!–გაჰყვიროდა ის და თან ტაშს უკრავდა. –რა იყო, მაკრინე?–ღიმილით მოუბრუნდა ნათელა მას. –ფანჯრები ღიაა! ჩვენს მეზობლად ვიღაც გადმოსულა! ახლა მარტო აღარ ვიქნები, სკოლაშიც კიდევ ერთი ბავშვი ივლის! მეც მეყოლება საქმრო! მეც მაჩუქებენ საჩუქარს ხვალ! დედა, ხომ იცი, ჩემთვის რა მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ბავშვი!–აღტკინებულმა შესძახა შვიდიოდე წლის მაკრინემ და კიდევ ერთხელ ახტა ჰაერში. –ოჰ, კი, მაგრამ იქნებ საერთოდ არ ჰყავს იმ ოჯახს ბავშვი?–ღიმილით იკითხა ქალმა და თან ფარდა გადასწია, შვილისგან მიღებულ ინფორმაციაში რომ დარწმუნებულიყო. მართლაც სოცარი იყო! მტვრით დაფარული მინები ვიღაცას გაეწმინდა, ფოთლებით დაფარული ეზო კი მოეგავა. –ღმერთო, ნეტავ, როდის გადმოვიდნენ?–იკითხა მან და ქმარს გასძახა.–მევლუდ, შეხედე, ახალი მეზობლები გვყავს! –მამა, მამიკო...–ჟრიამულით გავარდა ოთახიდან ოჯახის უმცროსი წევრი. ''ვიცი, რომ ბავშვი ეყოლებათ, თანაც ბიჭი. მე ხომ გუშინ იმ ჩამოვარდნილ ვარსკვლავს ვთხოვე, ყვავილს რომ ჰგავდა.''–ფიქრები თან სდევდა მაკრინეს. ასკინკილით ადიოდა კიბეებზე და თან მამას უხმობდა. –მამა?!–კარი ღიმილით შეაღო და საწოლის ამობურცულ ნაწილს გახედა.–მამიკო! მამას მხოლოდ თავი მოუჩანდა. ისიც გალურჯებული და ძარღვებდაბერილი... ნათელა შვილის ტირილზე შეშფოთებული ამოვარდა მეორე სართულზე და საშინელ სანახაობას წააწყდა... ოთახში ტკივილი დაბუდებულიყო... მაკრინეს თავი უსულო მამის გულზე ედო და ქვითინებდა... გულზე, რომელიც აღარ ფეთქავდა... ^^^ ეს ამბავი წლების წინ მოხდა... იმ დღეს მეზობლის სახლის დარაბები გაიღო, ბედნიერების კი დაიკეტა... მევლუდ შარაშენიძეს სიკვდილმა მთელი სოფელი დაადუმა... სამგვლოვიარო დუმილი გამეფდა იმ პატარა ოჯახში, რომელსაც ჭინჭრიქაული ერქვა... მაკრინეს გულში კი სამარადისო წყვდიადმა დაიდო ბინა. მის გონებაში ტკივილმა სამუდამო თავშესაფარი ჰპოვა... მამას მალე დედაც მიყვა... მშობლების სულს მაკრინეს ბედნიერება... დეიდა პელომ ითავა მისი მოვლა–პატრონობა. სახლში წაიყვანა უშვილო ქალმა და მთელი თავისი ბოლო წლები შეალია გაუბედურებულ გოგონას, რომელიც დედისა და მამის ხსოვნით სუნთქავდა და არსებობდა... მაკრინე გაიზარდა... სოფელი ''გაახალგაზრდავდა''... დეიდა პელო მოხუცდა... ერთ დღეს განუკურნებელი სენით დაავადდა და მანაც დატოვა საბრალო მაკრინე, რომელიც უკვე ჩვიდმეტი წლის იყო. საკუთარი თავის მოვლა შეეძლო... განათლებაც მიეღო ასე თუ ისე... მაგრამ ეს არ კმაროდა მისი ერთი ღიმილისთვისაც კი! ღიმილი დაავიწყდა... ორივე ბაგე ერთმანეთს მიეწება... ღამღამობით კი მძინარეს მაინც ესმოდა თავისი ოჯახის სიცილ–კისკისის შემონახული ექო. ^^^ კარები გამოაღო და საფოსტო ყუთში ჩადებული ერთი ცალი ქრიზანთემა ამოიღო. სევდით სავსე თვალებით მიეალერსა მას და თავბრუდამხვევი სურნელი ღრმად ჩაისუნთქა... ღია დარაბებს გულაკანკალებულმა გახედა და ისევ სახლში შებრუნდა. იცოდა... იცოდა, ვინც უგზავნიდა ამ ყვავილებს ათი წლის განმავლობაში. ქრიზანთემები ამ სოფელში მხოლოდ იმნაძეების ეზოში ყვაოდა. დიახ, იმნაძეები იმ ბნელ დღეს გადმოვიდნენ მაკრინეს მეზობლად, თუმცა გოგონას ისინი არ შესძულებია... არც ვარსკვლავების ბრალი იყო რამე! ...მაგრამ ძალა დაკარგა... იმ ოცნებებმა, მისწრაფებებმა, ფანტაზიებმა... კლასში კენტი რაოდენობის ბავშვები იყვნენ, თავიანთი ბავშვურობით განაწილებულები ჰყავდათ ბიჭები, რომლებსაც საქმროებს უწოდებდნენ, ვალეტინობას კი მათგან პატარა, უმნიშვნელო, თუმცა სიმბულურ საჩუქრებს იღებდნენ. მაკრინეს ასეთი არავინ ჰყავდა... ამიტომ გაუხარდა ახალი მეზობლის არსებობა... მისი სიხარული კი ხანმოკლე აღმოჩნდა... არც ერთხელ არ გამოლაპარაკებია ჯაბა იმნაძეს, რომელიც მუდამ სევდიანი, სიყვარულით სავსე მზერით უცქერდა. პირველივე დღესვე მიხვდა მაკრინე, რომ ის ყველაზე კარგი საქმრო იქნებოდა მთელ მსოფლიოში, კვლავ რომ ჰქონოდა სურვილი ამის, მაგრამ მას აღარაფერი სურდა! ჯაბას კი ჩუმად უყვარდა ის... თავისთვის... გულში ჩახუტებული დაჰქონდა ეს გრძნობა, რომელიც სულ პატარა ასაკში გაუჩნდა... როცა მაკრინეს უყურებდა, მის სულს ხედავდა... არ აკვირდებოდა მის ლამაზ სხეულს... ცდილობდა ჩაწვდომოდა ლურჯი თვალების საიდუმლოებას და შორიდან ეფერებოდა გონებაში გაღმერთებულ არსებას. ეს იყო და ეს! მათ შორის სიტყვა არ თქმულა! განა მაკრინე ვერ ხვდებოდა იმას, თუ რას გრძნობდა ჯაბა? არა, უბრალოდ თავს აჩვენებდა... მოჩვენებითობა და თამაში ჩვევად ექცა. გულწრფელობა რომელიღაც კუთხეში შემალა, თავისი ცრემლებით სხვებიც რომ არ აეცრემლებინა... უამრავი ქრიზანთემის ნაშთი მის გადახრიოკებულ ბაღში ინახებოდა... ერთხელ თესლი შეინახა და გაზაფხულზე დარგო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. როგორც ჩანს ამ მიწაზე გახარება უჭირდა ქრიზანთემას, მაგრამ ჯაბა როგორ ახარებდა? საქმე მხოლოდ თესლში და მონდომებაში არ იყო. ჯაბა ღმერთს დაესაჩუქრებინა იმ ნიჭით, რომლის დახმარებითაც ადამიანები სიყვარულით განაგებდნენ მთელ ქვეყნიერებას! ქრიზანთემებიც ჯაბას ეზოდან უცინოდნენ მზეს, ღია დარაბებიდან კი ჯაბა გადასცქეროდა ამაყად მათ. მისი ოთახის ფანჯრები მუდამ ღია იყო! დღისით თუ ღამით... ზამთარში თუ ზაფხულში... თავდაპირველად მამა ეჩხუბებოდა მას ამის გამო, მაგრამ ბოლოს ნება მისცა მთვარის შუქზე მაკრინეს თვალებში ის სინათლის სხივი დაენახა, რომელსაც დილით მზე ჩრდილავდა. ^^^ ისევ ვალენტინობა იყო... ჯაბას გულში ვალენტინის ქრიზანთემები გაფურჩქნილიყვნენ! ფეხზე ძლივსძლივობით წამოდგა და საზეიმოდ გამოეწყო. უკვე სამოცდაათი წლის იყო... ნელა დადიოდა... ქოშინით სუნთქავდა, მაკრინე კი ისევ უყვარდა! –ჯაბა, ''ქრიზანთემები'' გამოვაცხვე!–ღიმილით შემოდგა ფეხი საძინებელში მაკრინემ. ეს ნაცხვარი თავად გამოეგონებინა.–უი, უკვე ადექი? ჯაბამ ტუჩები ერთმანეთს დააშორა და ყურებამდე გაიკრიჭა. ხელები გაშალა და იმ წუთასვე იგრძნო, როგორ მიეკრო გულზე სუსტი, თბილი სხეული. –ვალენტინობას გილოცავ, მაკრინე!–ჩაიჩურჩულა და ტუჩები ჭაღარა თმაზე მიაწება საყვარელ ქალს. –მოიცა...–აფართხალდა მაკრინე და ხელში ჩაბღუჯული ქრიზანთემა კბილებში გაირჭო.–მიი...მიყ... ვეღარ ლაპარაკობდა ის. ეშინოდა ქრიზანთემა არ გადმოვარდნოდა. ჯაბამ ნაოჭებით დაღარული ლოყები დაუკოცნა და მისი სახე ხელებში მოიქცია. –იმისთვის, რომ ზეცამაც კი ჩვენი სიყვარული იზეიმოს, ეს ერთი სიტყვა საჭირო არ არის! ვიდრე ღიაა დარაბები, ანგელოზები ყველგან ჩვენ გრძნობაზე იმღერებენ! დარაბები კი ღიაა... დღესაც... ხვალაც და ასე იქნება მარად! ^^^ ცდა ბედის მონახევრეაო და... არ ვიცი, რამდენად მოგეწონებათ, თუმცა თქვენ აზრს თუ დააფიქსირებთ, გამიხარდება... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.