სისუსტე (თავი 1)
კიბეებზე სწრაფად ჩამოვრბოდი და საკუთარ ფეხებს ვაკვირდებოდი. ერთ-ერთ შავ-თეთრ ფილმში მაქვს ბავშვობაში ნანახი ეს კადრი, გოგონა სწრაფად ჩამორბის კიბეებზე და კადრი მის სწრაფ ნაბიჯებს აფიქსირებს. მას შემდეგ მინდოდა იგივე გამემეორებინა და სადაც კი კიბეებს ვნახავდი ყოველთვის ასე ჩამოვრბოდი, თან ფეხებს ვაკვირდებოდი. არც ისე ბევრი კიბის ჩამორბენის საშუალება მქონდა ბავშვობაში. იქ სადაც მე ვცხოვრობდი, კიბე არ იყო. უფრო სწორად, იქ სადაც იმ საშინელი ავარიის შემდეგ მომიწია ცხოვრებამ. მანამდე დედასთან ერთად ვცხოვრობდი. ბევრი არაფერი მახსოვს იმ დროიდან, ყველაზე ნათელი მოგონება ის ფილმია, რაზეც წეღან მოგახსენებდით. იმ ფილმს მე და დედამ ერთად ვუყურეთ. ჩვენი ბოლო ფილმი იყო. ეტყობა ამიტომ ვებღაუჭებოდი ასე მოგონებებს იქიდან. ჰო, რას ვამბობდი? ჩამოვრბოდი კიბეზე და ტრადიციულად თავჩახრილი. სულ ორი სართულის ჩამორბენა მიწევდა, მაგრამ ესეც მაკმაყოფილებდა. ის იყო ბოლო საფეხურიც ჩამოვამთავრე, რომ ასევე ტრადიციულად ვიღაცას შევასკდი. რა გასაკვირია? როცა წინ არ იყურები და მთელი სისწრაფით მოქრიხარ, დიდია ალბათობა იმისა რომ ვიღაცას დაეჯახები. ამჯერად ლალი დეიდას შევეეჯახე. – ღმერთო ანა, ერთხელაც თავპირს დაიმტვრევ. – ნატკენი მხარი დაიზილა ლალი დეიდამ. ტრადიციულად გაშალა ხელები და ასევე ტრადიციულად ჩამიკრა გულში. ტრადიციულად ამოვყავი თავი მის აფუებულ მკერდში და ტრადიციულად ვიგრძენი შინდამზადებული ნელსაცხებლის სუნი, რომელიც ჩემთვის ტრადიციულად ლალი დეიდასთან ასოცირდებოდა. რატომ ტრადიციულად? იმიტომ რომ ლალი დეიდას ბავშვობიდან ვიცნობ. კიდევ ერთი მოგონება იმ დროიდან, რომლიდანაც თითქმის აღარაფერი მახსოვს. დედას მეგობარი იყო. როგორც კი ბავშვთა სახლიდან გამომიშვეს, ლალი დეიდამ დამაწყებინა მუშაობა საჯარო ბიბლიოთეკაში. არ მოგესმათ, საჯარო ბიბლიოთეკაში ვმუშაობ. წარმოუდგენელია, მაგრამ ასეა. ჩემი შემხედვარე სულაც ვერ იტყვი რომ შესაფერისი სამსახური მაქვს. ჯერ ისევ სტუდენტი ვარ, მომავალი სოციოლოგი. არც არავინ ამიყვანდა ლალი დეიდა რომ არა. სიმართლე გითხრათ ვერც მამჩნევენ, ძირითადად საცავში ვარ. ბევრი არაფერი მევალება, თან ნახევარ განაკვეთზე ვმუშაობ, ლექციების მერე. ესეც ლალი დეიდას დამსახურებაა, ასეთი შტატი მე მგონი სართოდ არც აქვთ. როგორც მერე გავიგე, პირადად შესულა დირექტორთან და ჩემს შესახებ მოუყოლია, იმსაც გული აჩუყებია და... ვერ ვიტან ვინმეს რომ ვებრალები. ყველაზე საშნელი გრძნობაა სიბრალული. იმ ავარიის შემდეგაც ყველას ვეცოდებოდი. როგორ მწარედ მახსოვს ეს სიბრალული?! მათ ვებრალებოდი, მე კიდევ ვერ ვიტანდი ვერც ერთს. ერთადერთი დადებითი რაც იყო ბავშვთა სახლში, იქ არავინ გიცოდებდა. არც შენ უნდა შეგცოდებოდა საკუთარი თავი, არც არასდროს მეცოდებოდა. მკაცრად ვაკონტროლებდი ამას. მახსოვს როგორც კი საკუთარი თავის სიბრალულს ვიწყებდი მაშინვე ვსჯიდი. ერთხელ მთელი ღამე ვაიძულე თავი თოვლში ვმდგარიყავი. სიცივისგან ვკანკალებდი, კიდურები თითქმის მომეყნა, მაგრამ ცოცხალი თავით არ შევდიოდი შიგნით. ვიდექი ბედნიერი და ვიყინებოდი, სანამ დამლაგებელმა, ციალამ არ მიპოვა. საცოდავი ქალი კინაღამ შევშალე. არავის ელოდა ეზოში და გული გაუსკდა, თოვლში ჩარჭობილი რომ დამინახა. ერთი პირჯვარი გადაიწერა და ისე მომიახლოვდა, რომ მიხვდა მე ვიყავი დამავლო ხელი და შიგნით შემათრია, თან მთელი გზა მტუქსავდა. მე კიდევ ბედნიერი ვიყავი – არ ვეცოდებოდი. არც მე მეცოდებოდა საკუთარი თავი. მერე გავიზარდე და ბავშვთა სახლიდან გამომიშვეს. იმ სახლში დავბრუნდი, სადაც მე და დედა ვცხოვრობდით. როგორც კი კარები გავაღე მეგონა ყველაფერი გამახსენდებოდა, მაგრამ ისევ არაფერი, საერთოდ არაფერი მახსოვდა. ლალი დეიდაც მოვიდა, სამზარეულოში იჯდა და ტიროდა. ვებრალებოდი, ერთადერთი იყო, ვისაც სიბრალულს ვპატიობდი. რატომ? მე თვითონაც არ ვიცი, მაგრამ ვპატიობდი. მერე უნივერსიტეტში ჩავაბარე, უჭკუო არ ვიყავი, კარგადაც ვსწავლობდი, მაგრამ აქაც ლალი დეიდა ჩაერია და იმავე წელს სტუდენტი გავხდი. მერე სამსახურიც მიშოვა, ისე რომ სწავლაში ხელი არ შემშლოდა. მე უკვე დამოუკიდებელი პიროვნება ვიყავი. მომწონდა. – მეჩქარება ლალი დეიდა. – როგორც იქნა გავთავისუფლდი მის მკლავებისგან და სირბილი განვაგრძე. ბიბლიოთეკიდან გამოვედი და მთელი სისწრაფით გავიქეცი უკვე გაჩერებაზე მისული ავტობუსისკენ. მივასწარი. რამდენიმე გაჩერების მერე ჩამოვედი და იქვე, ქუჩის კუთხეში რკინის კარი შევაღე. – გამარჯობა, დოდო დეიდა. – მივესალმე ქალს, რომელიც გულმოდგინედ წმენდდა დერეფანს. – გაგიმარჯოს შვილო, დღეს ადრე მოსულხარ. – ხო, ადრე გავთავისუფლდი და... პალატაშია? – რატომღაც ხმას დავუწიე. – კი, ახლა გამოიყვანეს საპროცედუროდან. გკითხულობდა. მეშვიდე პალატისკენ წავედი და კარი ფრთხილად შევაღე. – კამანჩების ტომის ბელადი, ჭორფლიანი ცხვირი როგორ გრძნობს თავს? – გავიჯგიმე კარებში, როგორც კი დავინახე რომ არ ეძინა. – ცოტა დავიღალე, დღეს ბევრი ვინადირე და... – ხმაზე ეტყობოდა რომ სუსტად იყო, თუმცა მაინც გამიღიმა და საწოლიდან წამოიწია. – რამდენი ბიზონი მოკალი? – საწოლზე ჩამოვუჯექი და გადაპარსულ თავზე ხელი გადავუსვი. – ორი, – თითები გაფარჩხა და თვალთან მომიტანა. – ჰმ... ცოტაა. – თვალები მოვჭუტე და ხელები გულზე გადავიჯვარედინე. – გიზარმაცია. – არააა. – ხელი გაასავსავა. – ამინდის ბრალია, წვიმდა. ბიზონები ვერ იტანენ წვიმას და არ გამოდიან ამ დროს. – ნიშნისმოგებით გადმომხედა. – კარგი, კარგი. – ორივე ხელი ავწიე დანებების ნიშნად და შუბლზე ვაკოცე. – მალე უნდა წახვიდე? – ნაღვლიანი თვალებით გამდმომხედა. – კი, ოღონდ გპირდები, გვიან ღამე კიდევ მოვალ. – ღამე რომ არავის უშვებენ? – როდის იყო ეგ გვაბრკოლებდა? – გავიცინე და კიდევ ერთხელ ვაკოცე. – მაშინ დაგელოდები. ვხვდებოდი ახლა უჭირდა ლაპარაკი. ძალიან ღლიდა ეს მძიმე პროცედურები. ოთხი წლის იყო ბავშვთა სახლში რომ მოიყვანეს. გუშინდელი დღესავით მახსოვს ის დღე. წვიმდა და ეზოში გასვლას აზრი არ ჰქონდა. დერეფანში რაფაზე ვიყავი შემომჯდარი ისე, რომ ფარდა მთელ სხეულს მიფარავდა, გარდა რაფაზე შემოწყობილი ფეხის ტერფებისა. მიყვარდა ასე ჯდომა და კითხვა, განსაკუთრებით თუ გარეთ წვიმდა. – მაგარი კედებია. – მომესმა და გამიკვირდა. ხმა მეუცხოვა. ფარდა გადავწიე და გაკვირვებულმა გამოვხედე პატარა ბიჭს, რომელსაც ორი ზომით დიდი ქურთუკი ეცვა და თვალს არ აშორებდა ჩემს კედებს. – შენ ვინ ხარ? – ფეხები რაფიდან გადმოვწიე და ზურგით ფანჯრის მინას მივეყრდენი. – მე ახალი ვარ. შენ ვინ ხარ? გამეღიმა მის ბავშვურ პირდაპირობაზე. – მე ძველი. – დიდი ხანია აქ ხარ? – უფრო მომიახლოვდა და ახლა ქვევიდან ამომხედა. – კი, დიდი ხანია. – მეც მასე მომიწევს ალბათ. – გამათბობლის მილზე შედგა ფეხი და გაჭირვებით ამოძვრა რაფაზე. – ასე მითხრეს, სანამ სრულწლოვანი არ გახდები, მანამ დარჩებიო. – ძლივს წარმოთქვა სიტყვა „სრულწოვანი“. – რანაირ სიტყვებს იგონებენ ეს უფროსები. – ხელი ჩაიქნია, რომ დაინახა გამეღიმა. - შენ იცი, რას ნიშნავს სრულწლოვანი? – კი, 18 წელს. – ძალიან მართობდა მასთან საუბარი. – ვაახ, გადამრევს ეს ხალხი. მერე ვერ იტყვიან სანამ 18 წლის არ გახდებიო? – თითები გაშალა და გადათვლა დაიწყო. თითები არ ეყო და შემომხედა. – ოთხი წლის ვარ, კიდევ რამდენია თვრამეტამდე? – 14 წელი. – ეეჰ, ანუ მთელი სიცოცხლე. – ხელი ჩაიქნია. – არა უშავს, სხვა საქმე მაინც არ მაქვს და დავრჩები აქ. – გადამრევს ეს ბავშვი, სად გაქრა ასე უცებ? – დერეფნის ბოლოდან დირექტორის ხმა მოისმა. – მე მგონი გეძებენ. – ბიჭს გადავხედე. – კი, მე მეძებენ, – დამეთანხმა და რაფიდან ჩამოხტა. – ეი, ჭორფლიანო ცხვირო, – ის იყო მოსახვევში უნდა გაუჩინარებულიყო, რომ მოვაბრუნე. – კიდევ შევხვდებით. თავი დამიქნია და სირბილით გაიქცა დერეფნის ბოლოსკენ. რა თქმა უნდა კიდევ შევხვდით. ყოველდღე ვხვდებოდით. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ჩემი ცხოვრების ნაწილი გახდა. ძალიან ნერვიულობდა ჩემ თვრამეტ წელს. იცოდა, რომ მაგ პერიოდისთვის გამომიშვებდნენ ბავშვთა სახლიდან. იმ დღეს ცრემლებს ძლივს იკავებდა. ჩემი წამოსვლისას, კი საერთოდ ვერ ვიპოვეთ. მთელი ბავშვთა სახლი ეძებდა. მე ვიცოდი სადაც იქნებოდა და მაშინვე ჩვენი პირველი შეხვედრის ადგილისკენ გავემართე. ფარდის უკან სილუეტი დავლანდე. – არ გამაცილებ? – ფარდა არ გადამიწევია, ისე ვკითხე. – ვერ ვიტან გამომშვიდობებას. – ხმა უკანკალებდა. – მერე ვინ გითხრა, რომ გემშვიდობები? ხმას არ იღებდა. – ყოველდღე ვივლი. როგორც კი დროს ვიპოვი, მაშინვე მოვალ. დღეში ორჯერაც ვივლი... – უკვე ვხვდებდი, რომ მეც მიჭირდა ხმის დამორჩილება. – მპირდები? – გპირდები! – ფარდა გადავწიე და მის გვერდით შემოვჯექი რაფაზე. – კარგი. – მხარზე მომეკრო. – ვიცი, შენ არასდროს მპირდები ისეთ რამეს, რასაც ვერ აასრულებ. არასდროს დამირღვევია პირობა. მას მერე არცერთი დღე არ ყოფილა, რომ არ მენახა. მაშინაც კი, როცა ვსწავლობდი. ლექციების მერე მასთან მივდიოდი. ზუსტად იცოდა როდის მიმთავრდებოდა ლექციები და ალაყაფის კარებთან მხვდებოდა. მერე, იყო ის საშინელი დიაგნოზი... არ მინდა ამაზე ლაპარაკი. – შეეცადე დაიძინო. – თავზე ვაკოცე. – მოგვიანებით შემოვივლი და მანამდე გამოძინებული დამხვდი. თავი დამიქნია და თვალები დახუჭა. დაკვირვებული ვიყავი, ჩემი წასვლისას ყოველთვის თვალებს ხუჭავდა, თითქოს არ უნდოდა დაენახა, როგორ გავიხურავდი კარს. დერეფანს გავუყევი და სულ ბოლოში დამლაგებლების ოთახის კარი შევაღე. თითისწვერებზე ავიწიე და კარადის თავიდან გამჭვირვალე ყუთი ჩამოვიღე. – შენ მაინც არ იშლი შენსას ხომ? – კარებში დოდო დეიდა იდგა. არაფერი ვუპასუხე, ყველაზე ძალიან ეს კითხვა მაღიზიანებდა. რატომ უნდა დამეშალა „ჩემი“? უკან გამოვბრუნდი და შენობიდან გავედი. **** მტკიცე ნაბიჯებით მივუყვებოდი ქუჩას. ფართო ქუჩის ყველაზე დიდი გზაჯვარედინთან შევჩერდი, ხელში ყუთი მოვიმარჯვე და დაველოდე, როდის აინთებოდა შუქნიშანზე წითელი. აინთო და პირველივე გაჩერებულ მანქანასთან მივედი. – დავეხმაროთ პატარას.... სწორად მიხვდით. მოწყალებას ვითხოვდი. თუმცა, არა... მოწყალება ისაა, როცა საკუთარი თავისთვის ითხოვ, მე კიდევ ვეხმარებოდი. ვცდილობდი დავხმარებოდი. ჭორფლიანი ცხვირისთვის სამკურნალოდ ფული უნდა შემეგროვებინა. სახელმწიფო დაზღვევა მის საზღვარგარეთ მკურნალობის ხარჯებს არ ანაზღაურებდა. საღამოობით ჩემი ყუთიანად ბანკში მივდიოდი და ფული ანგარიშზე შემქონდა. – მოხვედი, ანიჩკა? – მეტყოდა ბანკში ოპერატორი და მოთმინებით ითვლიდა ჩემს მიერ მაგიდაზე დაყრილ ხურდებს. ბევრს ვერაფერს ვაგროვებდი, ხალხში მაინც უნდობლობას ვიწვევდი. ვეღარავის გააკვირვებ გულისამაჩუყებელი ისტორიებით. იმედს მაინც არ ვკარგავდი. მჯეროდა, რომ შევძლებდი. ისევ წითელი აინთო და მანქანების უზარმაზარი ნაკადი გაჩერდა. ბორდიურიდან ფეხი ჩავდგი და მანქანების რიგს ჩავუყევი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი და წავბორძიკდი, ძლივს შევიკავე თავი, ცოტაც და ძირს გავიშხლართებოდი. კედზე თასმა შემხსნოდა. ჩავჯექი, ყუთი გვერდზე მოვიდგი და თასმის შეკვრას შევუდექი. ვერც კი მივხვდი, როდის აინთო მწვანე და როგორ დაიძრა მანქანების რიგი. გონს მაშინ მოვეგე, როცა ასფალტზე გავხოხდი და საბურავების მკვეთრი დამუხრჭების ხმა გავიგე. სასწრაფოდ წამოვხტი და ტანსაცმელი დავიფერთხე. მანქანას შევავლე თვალი, უფრო სწორად მანქანიდან გადმოსულს, რომელიც ანთებული კუპრივით შავი თვალებით და განრისხებული სახით მოდიოდა ჩემსკენ. – დავეხმაროთ პატარას... – ყუთს ხელი დავავლე და ყველაზე გრანდიოზული სისულელე ვთქვი, რაც კი შეიძლებოდა ამ სიტუაციაში მეთქვა. დავინახე, როგორ გადაუარა ფერებმა სახეზე. მე კიდევ არ ვწყვეტდი. უფრო ახლოს მივედი. ახლა მის ცხვირწინ ვიდექი და ყუთს ვაჩეჩებდი ხელებში. – სამკურნალოდ გვჭირდება, თუ შეიძლება... – არ მაქვს ფული! – იმხელა ხმაზე იღრიალა, რომ მეგონა წამით მოძრაობაც კი შეჩერდა ქუჩაში. შევკრთი. თვითონ მიბრუნდა და მანქანაში ჩაჯდა. წამის მეასედში გამოვერკვიე, მანქანასთან მივედი და შუშაზე მივუკაკუნე. ჩემდა გასაკვირად ჩამოსწია. ალბათ ჩემმა თავხედობამ გააოცა და იმიტომ. ხელი ჯიბეში ჩავიყავი და რა ხურდებიც მომყვა მანქანაში შევუყარე: – თუ არ გაქვს, იქით დაგეხმარები. „ჩვენნაირებმა“ ერთმანეთს ხელი უნდა გავუმართოთ. – კბილებში გამოვცერი და შემოვბრუნდი. ის იყო ერთი ნაბიჯი გადავდგი, რომ მანქანიდან გადმოვიდა და ხელი ძლიერად ჩამავლო მკლავში. მთელი ძალით დამქაჩა და არ გასჭირვებია ისე მიმაყუდა მანქანის კარებზე. უნდა ვაღიარო ცოტა შემეშინდა. არაამყვეყნიური გამომეტყველებით მიყურებდა. ცოტაც და ალბათ შუაზე გამგლეჯდა. არც გაუჭირდებოდა, საკმაოდ ძლიერი აღნაგობის იყო. ზედმეტად დაკუნთული არა, მაგრამ სოლიდურ პიჯაკშიც კი ეტყობოდა ნავარჯიშევი სხეული. მისი განიერი მხრები მთლიანად ფარავდა ჩემს გაჩხინკულ სხეულს. ჩვენს უკან მდგარი მანქანიდან ორი ახმახი გადმოვიდა, ახლაღა შევანჩნიე, რომ ის მანქანაც არ დაძრულა ადგილიდან, სამან ჩვენ ორნი ასე „ტკბილად“ ვმუსაიფობდით. აშკარად ამასთან ერთად იყვნენ. – ბატონო ბექა... – ჩვენსკენ დაიძრნენ. ჩემმა პარტნიორმა ხელის აწევით შეაჩერა და ისინიც ერთ ადგილზე მიეყინნენ. ალბათ დაცვაა, გავიფიქრე და გონებაში გამეცინა. – ნუ გეშინიათ ბიჭებო, ძალიან მაგრად არ ვცემ. – იმ ორისგან მზერა „ბატონ ბექაზე“ გადმოვიტანე და უტიფრად ჩავხედე შიგ თვალებში. დავინახე როგორ შეეცვალა სახე და კმაყოფილს ჩამეღიმა. ზოგადად ძალიან მეცოდებოდნენ ასეთი ტიპები, თავი ყველაფრის ბატონ-პატრონი რომ ჰგონიათ და დაცვის გარეშე ნაბიჯსაც ვერ დგამენ. ხელი წამოიღო ჩემი მკლავისკენ, არ ვიცი რის გაკეთებას აპირებდა, მაგრამ ხელი ავიქნიე და არ მივეცი საშუალება შემხებოდა. მოულოდნელად მზერა შეეცვალა. ცოტათი მომშორდა და მაინც დამიჭირა ხელი. – სისხლიანი გაქვს. – ხმაც თითქოს შეურბილდა. ხელზე დავიხედე და მაჯიდან იდაყვამდე, თითქმის მთელ სიგრძეზე მართლაც მქონდა ჭრილობა. ეტყობა ასფალტზე ხოხიალისას დავიშავე. მინდოდა მეთქვა – როგორმე გავუძლებ და გადავრჩები-თქო, რომ ხელი დამავლო, მანქანას შემოუარა, ისე რომ მეც თან გამყოლა. წინა კარები გამოაღო და უბოდიშოდ ჩამსვა შიგნით. სანამ გონს მოვიდოდი, თვითონაც ჩაჯდა და მანქანა დაძრა. გაოგნებული ხან მას ვუყურებდი, ხან გზას. – მომიტაცე? – დაახლოებით ორწუთიანი დუმილის შემდეგ ძლივს ამოვიღე ხმა. პასუხის ღირსადაც არ ჩამთვალა. ისევ გზას უყურებდა. თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა. ყველაზე უარესიც კი წარმოვიდგინე. ვხვდებოდი, რომ კარებს ვერ გავაღებდი, ბლოკირებული ექნებოდა. ერთადერთი რაც მიტრიალებდა თავში, ხელის მუხრუჭი იყო. როგორმე უნდა გამეჩერებინა მანქანა. ის იყო, გავიწიე კიდეც მისკენ, რომ ორივე ხელი გამიკავა. მანქანა თვითონვე გააჩერა და შეეცადა შევეჩერებინე. უმწეოდ ავფართხალდი. ცალი ხელითაც ისე ძლიერად ვყავდი გაკავებული, რომ ვერ ვინძრეოდი. – გეყოფა, ნუ ფართხალებ... არაფერს დაგიშავებ. – ბურდღუნებდა და განძრევის საშუალებას არ მაძლევდა. – აბა, აქ რისთვის წამომიყვანე, კანფეტი უნდა მომცე? – მთელი ძალით ვცდილობდი ხელიდან გავსხლტომოდი. – მორჩი! – ტონს აუწია. -– საავადმყოფოში მიგიყვან, ჭრილობას დაგიმუშავებენ და ჯანდაბამდე გზა გქონია მერე. ერთიანად მოვეშვი და გაოცებული ვუყურებდი. ვამოწმებდი დამცინოდა თუ მართლა ასეთი გონებადახშული ადამიანი იყო, რომ იფიქრა ნაკაწრის გულისთვის საავადმყოფოში გავყვებოდი. ასეთი „ჭრილობებისგან“ დარჩენილი შრამებით მქონდა დაფარული მთელი სხეული. ჩემდა გასაოცრად ირონიის ნატამალიც ვერ ამოვიკითხე მის გამომეტყველებაში. – ბატონო ბექა, სად ხედავ ჭრილობას? – ახლა მე დავდექი ხუმრობის ხასიათზე. – ხელზე. – დამიღრინა. – ისე, ხომ არ ჯობია საზღვარგარეთ გადამაფრინო? რა იცი, აქაური ექიმები უშველიან ამხელა ჭრილობას? სახუმარო საქმე კი არაა, მაჯიდან იადყვამდეა გადაჭიმული. – ბევრს ლაპარაკობ. – კბილებში გამოცრა და ისევ დაქოქა მანქანა. ახლა უკვე საკმაოდ მართობდა ეს სიტუაცია. – მოიცა, მართლა რა სისულელეა ამისთვის საავადმყოფოში წასვლა? ხომ დაიხოცნენ ექიმები სიცილით?! თან ორი ამხელა ჭირისუფალი მოგვყვება. – უკან გავიხედე და ადევნებულ მანქანაზე ვანიშნე თვალით. ერთხან ჩუმად იჯდა, მერე მკვეთრად მოაბრუნა მანქანა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა. – სად მიდიხარ? – გზას თვალი გავაყოლე და შევეცადე გამერჩია საით მივდიოდით. – აეროპორტში. – ნაკვთიც არ შერხევია ისე მითხრა. დიდი ხანი ვაფახულებდი წამწამებს. – ვიხუმრე წეღან. – გაოგნებისგან ხმაც კი ჩამიწყდა. ხმა არ ამოუღია, საერთოდ არც კი შემოუხედავს. თითქოს არც ვარსებობდი. მივხვდი, რომ ვერაფერს შევასმენდი და მოთმინებით დაველოდე მოვლენების განვითარებას. უცნაურია, მაგრამ არ მეშინოდა. ზოგადად არ ვიყავი მშიშარა და ყველანაირ განსაცდელს პირისპირ ვეჩეხებოდი, მაგრამ ამ სიტუაციაში ნებისმიერს შეეშინდებოდა, მე კი მშვიდად ვიყავი. ვიჯექი და გზას გავყურებდი. ისევე როგორც ის. თავი მივაბრუნე და ახლა მისი ნაკვთების შესწავლა დავიწყე. შავი, თმა შავი თვალები, სოლიდური იერი. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მკაცრი შესახედაობა ჰქონდა, მის გამხედვაში იყო რაღაც რაც ნდობას იწვევდა. მანქანაში ვეჯექი, მივყვებოდი, ვინ იცის ჯანდაბაში და მაინც არ ვღელავდი. თითქოს ვიცოდი რომ საფრთხე არ მემუქრეოდა. თავი ოდნავ მიაბრუნა და სინათლე საფეთქელზე დაეცა. შევკრთი. საფეთქელიდან, თითქმის ნიკაპამდე ჩამომავალი შრამი შევამჩნიე. მაშინვე არ გეცემოდათ თვალში, მაგრამ გვერდიდან მაინც საზარლად გამოიყურებოდა. მიხვდა რასაც ვუყურებდი და თავი მოაბრუნა. მომეჩვენა რომ გააღიზიანა ჩემმა დაჟინებულმა მზერამ და თვალი ავარიდე. მანქანა უზარმაზარ ალაყაფის კარებთან გააჩერა. რკინის კარი მაშინვე გაიღო და ჩვენც და ჩვენი გამცილებლებიც ეზოში შევედით. ყოველთვის გულრწფელად მჯეროდა, რომ უზარმაზარ ეზოებზე და კოლოსალური რაოდენობის დარბაზის მქონე სახლებზე მოთხრობილი გადაჭარბებული იყო, მაგრამ ნანახმა მართლა გამაოცა. ბევრი არც არაფერი მქონდა ცხოვრებაში ნანახი, მაგრამ ამან ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ჩვენი ბიბლიოთეკაც კი არ იყო ამხელა. დიდი ხანი არ დამცალდა გაოცება. ჩემმა თანამგზავრმა ხელი დამავლო და სავარაუდოდ შესასვლელისკენ წამიყვანა. იმ „ტრიუმფალურ თაღს“ თუ შესასვლელი ერქვა?! მაშინ ცოტა გადაჭარბებულად აღვიქვი ალბათ ეს ყველაფერი, მაგრამ მართლა გამაოცა იმან რომ ვიღაც ასეთ, რბილად რომ ვთქვათ უღიმღამო, ადამიანს შეეძლო ასე ეცხოვრა. ფუფუნება არ მაკვირვებდა, უფრო გადაჭარბებული მეჩვენა ყველაფერი. არასოდეს მესმოდა, რად უნდოდა ადამიანს ასერთ ოთახიანი სასახლე, თუ იქიდან მხოლოდ სამში იყო ნამყოფი?! სამარისებული სიჩუმე სუფევდა სახლში. ამან ცოტა დამძაბა და გამოვერკვიე შორსწასული ფიქრებიდან. – შენი სახლია? – უფრო საუბრის დასაწყებად ვკითხე. ოდნავშესამჩნევად დამიქნია თავი. აშკარად არ იყო მიჩვეული არაფორმალურ საუბრებს. – კარგი, ახლა რა უნდა ვქნათ? – სავარძელში ჩავეშვი. თავი მაგარ გოგოდ მომქონდა, მაგრამ ნელ-ნელა მეც ვიძაბებოდი. ოთახიდან გავიდა. დაახლოებით ხუთი წუთი ვიყავი მარტო. ნელ-ნელა ვბრაზდებოდი. უკვე წასვლასაც ვაპირებდი, რომ ოთახში შუახნის ქალბატონი შემოვიდა. ხელში პირველადი დახმარების საშუალებები ეჭირა. მთხოვა ჩამოვმჯდარიყავი და ჩემი „იარის“ დამუშავებას შეუდგა. როგორც იქნა ჩავწვდი ჩემი აქ მოყვანის მიზეზს. ეტყობა მიხვდა რომ ნაკაწრის გულისთვის საავადმყოფოში წასვლა არ ღირდა და გადაწყვიტა სახლში გაეწია პირველადი დახმარება. ამაზე კიდევ უფრო გულიანად გამეცინა გონებაში. წარმომიდგენია რა დაემართებოდა, მართლა სერიოზული ტრავმა რომ მიმეღო, სავარაუდოდ მართლა საზღვარგარეთ წამიყვანდა, თან დარწმუნებული ვარ კერძო თვითმფრინავით. უნებურად გამეღიმა. თავი ავწიე და კარებში გახიდული დავინახე. შუბლშეკრული მიყურებდა. წამიერად დავსერიოზულდი. ქალი მორჩა თავის საქმიანობას და გავიდა. – რამდენ წლის ხარ? – არც განძრეულა ისე მომმართა. ხმის ტემბრს დავაკვირდი. მკაცრ გამოთქმაშიც კი ვიგრძენი სასიამოვნო, რბილი, მამაკაცური ბარხატი. არ ვუპასუხე. ნელ-ნელა ვბრაზდებოდი. ზედმეტად უხეში მეჩვენებოდა. ეტყობა მიხვდა. რამდენიმე ნაბიჯი გადმოდგა. მომიახლოვდა და დაჯდომა შემომთავაზა. ცოტათი დავიკმაყოფილე პატივმოყვარეობა და ისეთი სახით დავჯექი, თითქოს ამით დიდ სამსახურს ვუწევდი. – არ გიპასუხია. – კიდევ უფრო შერბილებული მომეჩვენა ტონი. – ოცის. – სრულწლოვანი ხარ. – თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა. მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა რომ ავფეთქებულიყავი. ვერ ვიტანდი ისე რომ მექცეოდნენ, როგორც პატარას. მართლაია ოცი წლის ასაკში ზოგადად ადამიანი შეიძლება სულაც არ გამოიყურება ისე როგორც მე, მაგრამ მაინც მაცოფებდა ასეთი მიდგომა. ვინ დაადგინა, რომ ადამიანს ოცი წლის ასაკში არ შუძლია ხეზე აძვრეს? თუნდაც ეს ხე შუა ქალაქში იდგას? ან თავსხმა წვიმაში უქოლგოდ სიარული? ქოლგა მაინც არ გიფარავს მთელ სხეულს და ასფალტიდან ასხლეტილი წვიმის წვეთებიც შენ გხვდება, ნახევარი სხეული მაინც სველი გაქვს. რა განსხვავებაა ნახევარი სხეული გექნება სველი თუ მთელი? არაფერი. მე თუ მკითხავთ, ამ დროს ჯობია ბოლომდე სველი კედებიც კი გაიხადო და ისე განაგრძო სვლა. რატომღაც მეგონა რომ მე კი არ ვიყავი განსხვავებული, უბრალოდ დანარჩენი სამყარო განსხვავდებოდა ჩემგან. ყველაზე მეტად კი იმას ვერ ვიტანდი, რომ მეუბნენოდნენ უფრო პატარა მეგონეო. – შენ რამდენი წლის ხარ? – ფეხზე წამოვდექი და ცხვირწინ ავეტუზე. – 27-ის. – გაოგნებულმა ამომხედა ქვევიდან. – ოჰ, ჯერ ახალგაზრდა ყოფილხარ. – ნიშნისმოგებით დავუმარცვლე და ჩემს ადგილს დავუბრუნდი. სიმართლე გითხრათ ვერ მივხვდი ჩასწვდა თუ არა ჩემს ირონიას. სახის გამომეტყველება არ შეუცვლია. – შეგიძლია, ამ საღამოს ერთ ადგილზე წამომყვე? – ისე გააგრძელა ვითომც აქ არაფერიო. – აქ რომ მომიყვანე, ხომ სულ მე შემნითანხმე?! – ენამახვილობას არ ვწყვეტდი. – გადაგიხდი. ის იყო აფეთქებას ვაპირებდი და ალბათ ეს უკვე ბოლო წვეთი იქნებოდა, მაგრამ გამახსენდა რა ვითარებაში შევხვდით ერთმანეთს და შევეცადე ემოციები მომეთოკა. – სად უნდა წამოგყვე. – ვცდილობდი მაქსიმალურად მშვიდი ტონით წარმომეთქვა ეს სიტყვები. – ერთ-ერთ საღამოზე. მხოლოდ რამდენიმე საათით და... – ცოტა ხნით გაჩუმდა. – ორი ათასს გადაგიხდი. რამდენიმე წუთის მერე მეტყველების უნარი რომ დამიბრუნდა, ხუმრობის ხასიათზე დავდექი. – მთელი საღამო დაგითმო ორი ათასად? არ გამოვა. – წამოვდექი და ოთახის თვალიერება დავიწყე. მოთმინებით მადევნებდა თვალს. – 150 ათასად შეიძლება დაგთანხმდე. – ზუსტად ამდენი იყო საჭირო ჭორფლიანი ცხვირის ოპერაციისთვის. – 150 ათასად მთლად ცოლად მოგიყვან. – თითქოს დაძაბულობა ნელ-ნელა ეხსნებოდა. – ცოლად თუ გამოგყვები ქონების ნახევარზე მექნება პრეტენზია. – თვალი ჩავუკარი და ისევ ჩემს ადგილზე დავბრუნდი. დაახლოებით ნახევარი საათი ვიყავით ჩუმად. ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც არ შემოუხედავს, მე კიდევ თვალს არ ვაშორებდი. ამოუხსნელი ობიექტი იყო ჩემთვის. ვისაც აქამდე ვიცნობდი იმ ადამიანებისგან რადიკალურად განსხვავებული. ვერაფრით მიხვდებოდი მის მომდევნო ნაბიჯს. ყოველთვის მქონდა ადამიანებზე გარკვეული წარმოდგენა. ვთვლიდი რომ სამყაროში ყველაზე პრიმიტიულად მოაზროვნე არსება ადამიანი იყო. მასზე მაქსიმუმ ნახევარსაათიანი დაკვირვების შემთხვევაში შეგეძლო გმოგეცნო მისი მომდევნო ნაბიჯი. აი, ჩემი მასპინძელს შემთხვევაში კი ვერაფერსაც ვერ ვხვდებოდი. – წამოდი. – ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომარკვია და არ დამლოდებია ისე გავიდა ოთახიდან. სხვა რა დამრჩენოდა, უკან გავყევი. იმის ილუზია ნამდვილად არ მქონია, რომ ყველაფერს ამიხსნიდა და გამარკვევდა სად მივდიოდით, ამიტომ მორჩილად ჩავუჯექი მანქანაში და ღვედი შევიკარი. – საკუთარ თავთან მაინც თუ გაქვს ხოლმე დიალოგი? – დიდი ხანი ვერ გავძელი ჩუმად. ისეთი თვალებით შემომხედა, აშკარად ვერ მიხვდა რას ვეუბნებოდი. – სხვებთან კონტაქტში რთულად შედიხარ და საკუთარ თავთან მაინც თუ გაქვს დიალოგი ხოლმე? – დავუკონკრეტე. შეიძლება ვცდები, მაგრამ იმ წუთას მომეჩვენა რომ ღიმილი გაუკრთა სახეზე. ისევ არაფერი მიპასუხა. პრინციპში ეს რიტორიკული კითხვა იყო. – სად მივდივართ? – პასუხის იმედი დიდად არ მქონდა, მაგრამ სიჩუმე მომბეზრდა და მაინც ვკითხე. – მაღაზიაში. – ჩემდა გასაოცრად მიპასუხა. – რისთვის მივდივართ მაღაზიაში? – სასწრაფოდ ჩავეკითხე, სანამ ლაპარაკის ხასიათზე იყო მოსული. – კაბის საყიდლად. – კაბებს იცვამ? – თვალები გამიფართოვდა. – შენთვის უნდა ვიყიდოთ. – ცოტა ტონს აუწია. – ჩემთვის რატომ უნდა ვიყიდოთ კაბა? – ისევ ავაფახულე წამწამები. – აბა, ჯინსებით და კედებით ხომ არ წამოხვალ წვეულებაზე? – მე რა, წვეულებაზე მოვდივარ? როდის დაგთანხმდი? – 150 ათასს გიხდი. – იმდენად მშვიდად წარმოსთქვა ეს სიტყვები, გეგონება სამარშუტო ტაქსში მიხდიდა მგზავრობის საფასურს. დავმუნჯდი. რა რეაქცია უნდა მქონოდა ამ სიტყვებზე? არც კი დამიშვია, რომ ხუმრობდა. საერთოდ სიტყვა „ხუმრობის“ მნიშვნელობა თუ იცოდა, იმაშიც კი მეპარებოდა ეჭვი. დიდი ძალისხმევა დამჭირდა, მაგრამ გარეგნული სიმშვიდე შევინარჩუნე. მთელი გზა ხმა არ ამომიღია, ვიცოდი პირის გაღება და ყველა ემოციის გარეთ გამოშვება ერთი იქნებოდა. მანქანა სავაჭრო ცენტრთან გააჩერა და გადმოვედით. – ის მაინც მითხარი, სად მივდივართ, ან როგორი ტანსაცმელი უნდა შევარჩიო? – მე პიჯაკით ვიქნები. – მოკლედ მიპასუხა და ღია კარებში წინ შემატარა. – ამხელა კონკრეტიკაც არ მითხოვია. – ხელი ჩავიქნიე და ჩემით წავედი რამის შესარჩევად. სიმართლე გითხრათ არც ჩემთვის იყო ადვილი საღამოს კაბის შერჩევა. იცით რამდენ წვეულებაზე ვიყავი ნამყოფი ჩემი ცხოვრების ოცი წლის მანძილზე? არცერთზე! თუ არ ჩავთვლით საახალწლო ღონისძიებას, რომელიც ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან ერთად აღვნიშნე და მაშინაც არ მიფიქრია ბევრი კაბაზე. ლალი დეიდას ქალიშვილმა გამომიგზავნა საბერძნეთიდან. დიდად არ მომწონდა, მაგრამ მაღაზიებში უაზროდ ბოდიალს ვარჩიე ჩამეცვა, თან შევატყე ლალი დეიდასაც ესიამოვნა. ცოტა კი შეშფოთდა – კედებს მაინცდამაინც არ უხდებაო, მაგრამ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელების ჩაცმა მაინც ვერ მაიძულა. ახლკა კი ვიდექი და არ ვიცოდი რა უნდა მექნა. – ხომ არ დაგეხმაროთ. – თავაზიანად შემომცინა კონსულტანტმა გოგონამ და შვებით ამოვისუნთქე. სანამ გოგონა ჩემთვის კაბის შერჩევით იყო დაკავებული თვალი ბექასკენ გავაპარე. მამაკაცების სექციაში იყო და პიჯაკს არჩევდა. – აბა ეს ნახეთ. – გრძელი მელნისფერი კაბა დამანახა გოგონამ. – მე მგონი ჩემთვის მეტისმეტია. – მხრები ავიჩეჩე და სახე მოვჭმუხნე. – რამე უფრო მსუბუქი და ამსიგრძეც არ გვინდა. ძალიან დიდხანს ვარჩევდით, ბოლოს რომ მივხვდი დავიღალე და კონსულტანტსაც ბოლომდე გამოვაცალე ძალა არჩევანი სადა, სალათისფერ მუხლსქვემოთ სიგრძის კაბაზე შევაჩერე და მამაკაცების სექციისკენ გავეშურე, ბექასთვის რომ მეკითხა აზრი. მისი სახელის ხსენება მეხამუშებოდა, თუნდაც გონებაში. ბლოსდაბოლოს მისი გულისთვის ვიკაზმებოდი ასე. შორიდან დავინახე მამაკაცების საცვლების სექციაში იდგა და ერთი სული ჰქონდა როდის დაანებებდა თავს თავაზიანი კონსულტანტი გოგონა. მოშორებით გავჩერდი და ღიმილით ვაკვირდებოდი მოვლენების განვითარებას. – შესანიშნავი ხარისხის საცვლები გვაქვს. – ღიმილაკრული გოგონა თვალებში შესციცინებდა და სულაც არ აქცევდა ყურადღებას მის განმგმირავ მზერას. – აი ამას გირჩევთ, – ხელში მიაჩეჩა და ბედნიერი სახით გაუღიმა. თავს ძლივს ვიკავებდი, ხმამაღლა რომ არ გამეცინა. ბექა საცვლით ხელში და კონსულტანტი გოგონას ბედნიერი სახე. – შეგიძლიათ მოისინჯოთ, გასახდელიც გვაქვს. – არ ეპუებოდა გოგონა. აქ კი მართლა ვერ შევძელი თავის შეკავება და ხმამაღლა ავხარხარდი. ბექამ, რბილად რომ ვთქვათ, არც ისეთი კეთილგანწყობილი მზერა მესროლა, ჯერ ისევ ხელში შემორჩენილი საცვალი გოგონას მიაჩეჩა და ჩემსკენ ისეთი სახით წამოვიდა, რომ სიცილის სურვილი დავკარგე. მომიახლოვდა ხელი დამავლო და გასასვლელისკენ წამიყვანა. – მოიცადე, ფული არ გადაგვიხდია. – მთელი ძალით ვებღაუჭებოდი ხელზე. გაჩერდა, საკრედიტო ბარათი ჩამიდო ხელში. „გარეთ დაგელოდებიო“ – ცალყბად მომაძახა და გასასვლელისკენ დაიძრა. – კოდი არ ვიცი. – ზურგსუკან დავაწიე. მობრუნდა და უკვე ცოტა დამშვიდებული მოთმინები დაელოდა ყველა პროცედურის გავლას. სახლშიც ვერ მოვასწარი მისვლა. მაღაზიიდან ისევ თავის სახლში წამიყვანა. დღემდე ვერ ვხვდები რატომ ვაძლევდი ამდენის უფლებას. მიუხედავად იმისა რომ თითქმის არ მეკონტაქტებოდა, მაინც ნდობას იწვევდა ჩემში. შეიძლება იმიტომ რომ ცოტათი საკუთარ თავს მაგონებდა. თუნდაც იმითი, რომ რთული ადამიანი იყო. ყოველთვის მიზიდავდა სირთულეები... ბექაც მიზიდავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.