სიყალბის თეორია (7)
VII. მთელი ღამე ვერ დაიძინა. ჯერ იმიტომ, რომ შუა დღისას საკმარისზე მეტად ეძინა და მერე იმიტომ, რომ, როგორც თვალებს ხუჭავდა, მაშინვე განვლილი დღის ინციდენტი ახსენდებოდა და შეშინებული ხტებოდა. ციფერბლატს გახედა ტუმბოზე. ჯერაც ძალიან ადრე იყო. ჩაიცვა და წავიდა. უნდოდა რესტორანში ჭიქა წითელი ღვინო დაეგემოვნებინა, მაგრამ დაკეტილი დაუხვდა. გარეთ გამოვიდა. ქუჩაში ჯერაც ირეოდა ხალხი, მიუხედავად იმისა, რომ გაზაფხულის მკაცრი ქარი ქროდა. შესცივდა და სიგარეტს მოუკიდა. არ იცოდა საით წასულიყო, ერთ ადგილზე შემდგარი ათვალიერებდა გარემოს. ბოლოს, მარჯვნივ, შორს თითქოს ხიდი შენიშნა. უყვარდა ასეთი ადგილები. მდინარესთან განმარტოება, სიგარეტი და ღამე. ქუჩას დაუყვა. ხალხი იქით კი არ მიდიოდა, არამედ მოდიოდა. უმეტესად წყვილები მოძრაობდნენ ქუჩაში და ჩახუტებით ერთმანეთს ათბობდნენ. ეღიმებოდა, მათ დანახვაზე ყურამდე წელავდა ღიმილს, რომელიც არ იყო გულწრფელად ბედნიერი. ახსენდებოდა პარიზი, დაჩი... პირველი წლები, როდესაც ისინიც ასე დასეირნობდნენ და ერთმანეთით მეტად ტკბებოდნენ, ვიდრე შენობების ფასადებითა და დაწნულ ქოთნებში ჩალაგებული მძინარა ყვავილებით. ხიდზე მცირე მანძილი გაიარა. შესცივდა და დროდადრო უფრო და უფრო იტმასნიდა ქურთუკს ტანზე. შუა ნაწილში გაჩერდა, მოაჯირს დაეყრდნო და ულამაზეს სანახაობას გადახედა. სავსე და ნათლით აღსავსე მთვარე დიდი მდინარის თავზე შეჩერებულიყო. მდინარეს უღიმოდა, მის შუა ნაწილზე ირეკლებოდა. ყოველთვის უყვარდა მთვარიანი ღამეები, ასეთი სიტუაციები. სიგარეტის ნამწვი წყალში მოისროლა და კიდევ ერთს მოუკიდა. - შენ არ იცი, რომ ამდენი მოწევა არ შეიძლება? - მოულოდნელად გვერდით ამოუდგა ნაცნობი მამაკაცი. - შემეშვი რა, - მარჯვენა ხელი აიქნია, ზურგი აქცია და წინ წავიდა. იგრძნო, მამაკაციც გამოჰყვა. - მშვენიერი ქალი ხარ, იდეალური... რატომ იკლავ თავს? - დააწია სიტყვა. - შენს ინტერესის სფეროს არ უნდა წარმოადგენდეს, - უხეშად ჩაიდუდღუნა. - სიგარეტზე არ გეუბნები. გაჩერდა. არ მიუხედავს უკან, თუმც ერთ ადგილას გაქვავდა. დაფიქრდა მის სიტყვებზე, აშკარა იყო რასაც გულისხმობდა, კოსტამ ხომ ყველაფერი იცოდა მისი ცხოვრების შესახებ, თითოეული დეტალი გულდასმით ჰქონდა შესწავლილი. ისევ მოაჯირისკენ მიტრიალდა, იდაყვები ჩამოდო და ღრმად შეისუნთქა სიგარეტის საშინელი კვამლი. - მოკლედ მითხარი, რა გინდა? - ჰკითხა და კვლავ არ შეხედა. - მინდა, ბედნიერი იყო, - არ დაუმალავს. - მომაწევინე. სიგარეტის კოლოფი და სანთებელა გაუწოდა. - ბედნიერი ვარ, - დაუფიქრებლად წარმოსთქვა და მთვარეს თვალი გაუსწორა. - ყოველ დილით ბედნიერი ვარ, ჩემ გოგონას მძინარეს რომ ვხედავ... მასთან ერთად ყოველ წამს ბედნიერი ვარ და მეტი არაფერი მჭირდება. გაეცინა კოსტას. - ქალს ასი შვილი და ათასი ახლობელი რომ ჰყავდეს, სითბოთი სავსე, მასზე რომ დნებიან, არ აქვს მნიშვნელობა თუ გვერდით მზრუნველი, მოსიყვარულე მამაკაცი არ ჰყავს, პრობლემის დროს რომ აკოცებს და ეტყვის: „ყველაფერი კარგად იქნებაო“. ლინა გრძნობდა, რომ საგულდაგულოდ შეისწავლიდა კოსტა მის სახეს, თან კვამლს სცემდა. - საყვარელი მამაკაციც გვერდით მყავს, ასე რომ, მართლა არაფერი გაქვს სანერვიულო, - თავის ნათქვამზევე გაეცინა. ნამდვილი ბედის ირონია იყო! კოსტასაც გაეცინა. - რა მნიშვნელობა აქვს... შენი ქმარი ცუდ მეზობელს ჰგავს, რომელიც კარგს არაფერს აკეთებს მეზობლებისთვის თუ ცუდით არ ამძიმებს მეტადრე. - მორჩი რა, - ამოიხვნეშა. - ლინა, რატომ არ გაშორდები? - არ დაასრულა საუბარი, კიდევ გააგრძელა. - მორჩი-მეთქი, შენი საქმე არაა! - წამოიძახა ხმამაღლა. რამდენიმე ადამიანი კიდევ მოძრაობდა ხიდზე. გაკვირვებულმა შემოხედეს, უცხო ენით მოსაუბრეს. - კარგი, მოვრჩი, - სიცილით ჩაილაპარაკა, - უბრალოდ, იცოდე, შენი ქმარი არაკაცობის მწვერვალზეა, არ გეკადრება. მერე შეტრიალდა და წავიდა. ისე უცბად გაქრა, როგორც მოვიდა. თითქოს შვებით ამოისუნთქა ლინამ და კიდევ ერთ ღერს მოუკიდა. არა, ასე თუ გააგრძელებს, თვითმკვლელთა რიგს შეუერთდება და ეს იცის. აქამდე თუ საერთოდ არ ეწეოდა, ახლა ღერს-ღერზე ეწევა. რა უნდა ბატონ კონსტანტინეს? ბოლო უნდა მოუღოს, მაინც და მაინც? ან ეს რატომ ნერვიულობს ასე ძალიან, როდესაც მამაკაცი მის სიახლოვეს ტრიალებს? - კიდევ 13 დღე, წყეული ცამეტი დღე, ლინ! - გაამხნევა თავისი თავი და სასტუმროსკენ დაიძრა. *** დილით ქალბატონმა ანინემ რომ აუტეხა ჯერ კარზე ბრაგუნი და მერე ნომრის ტელეფონზე რეკვა, ძლივს გაიღვიძა. ასე არასდროს დამართნია, მთელი ღამე თეთრად ხშირად გაუთენებია, მაგრამ დილით ადგომა არ გასჭირვებია ხოლმე, ახლა კიდევ არაფერი დიდი, გამთენიისას დაიძინა. მაგრამ რა გასაკვირია? იმხელა ფსიქოლოგიურ სტრესს განიცდის, კოსტანტინეს წყალობით. ხალათი შემოიცვა და თვალების სრესით გააღო კარი. არამარტო ანინე, არამედ კოსტაც ელოდა ზღურბლს იქით, თურმე. არადა, ხალათი უბრალოდ მოიცვა მოკლესა და ამოღებულ საღამურზე, რას წარმოიდგენდა კოსტაც იქ თუ დაუხვდებოდა? დაინახა თუ არა, ელდანაცემივით შემოიტმასნა ტანზე ხალათი და კითხვისნიშნიანი სახით მიაჩერდა შეწუხებულ ქალს, თან ცდილობდა მის უკან მიმალული მამაკაცის ირონიული ღიმილი დაეიგნორებინა, ნერვიულობა კი ჯანდაბაში გადაესროლა. - ქალბატონო ლინა, გთხოვთ, მეორედ პასუხისმგებლობა გამოიჩინეთ და დილის კონფერენციისთვის ასადგომად ღამე ადრე დაიძინეთ, თანაც მოვკვდით ნერვიულობით! - მკაცრად ჩაილაპარაკა ანინემ. - არ ვიცოდი დღეს თუ იყო კონფერენცია, თორემ... - მხრები აიჩეჩა ნერვიულად და კვლავ მოღიავებულ მკერდზე ანაზდად მოიჭირა აბრეშუმის ქსოვილით ნაქსოვი ხალათი. - კოსტამ... - წამოიწყო, მაგრამ მიხვდა თუ არა, მალევე ჩაასწორა, - ბატონმა კოსტანტინემ არ გაგაფრთხილათ? - ჯერ ქალი ჩაათვალიერა წარბაწეულმა, მკაცრი იერით, შემდეგ კი კოსტას მიუბრუნდა და უფრო ფრთხილი სახით ჰკითხა: - არ უთხარი? - ვუთხარი, მაგრამ რა ვქნა, უყურადღებოა ქალბატონი ლინა და დაავიწყდა ეტყობა, - ეშმაკურად გადაატრიალა თვალები. „რა თამაშს თამაშობ?“ - გაიფიქრა, მაგრამ ხმამაღლა მხოლოდ პრეტენზიის გამოთქმას ეცადა. ვინ აცადა? მაშინვე არ მაინტერესებსო, გაიქნია ანინემ თავი. - მეორედ მსგავს შემთხვევას ნუ შევესწრები, თორემ გაფრთხილება აღარ იქნება! - თვალები დაუბრიალა, მარცხნივ გატრიალდა, კოსტას თვალი ჩაუკრა და უკანალის მიმზიდველი მოძრაობით წავიდა. მამაკაცმა ღიმილიანი სახით გააყოლა თვალი მიმავალს და, როგორც თვალს მიეფარა, მაშინვე ლინასკენ გამოიხედა, მაგრამ კარი დაკეტილი დაუხვდა. სარკასტულად ჩაიცინა და თავის ნომერში შევიდა. *** საუზმე გამოტოვა. შებინდებისას კუჭმა შემოუტია, ნერვიულობისგანაც მუცელი ასტკივდა და გადაწყვიტა რესტორანში ჩასვლა. საშინაო ფორმა არ გამოუცვლია, სპორტულებითვე ჩავიდა. არავისთვის არ აპირებდა გაპრანჭვას, ეს სპორტული ტანსაცმელი კი დისკომფორტს არ უქმნიდა თუ პირიქით არა... სასურველი საკვები შეუკვეთა და შუშაბანდთან მოკალათდა. სიგარეტს მოუკიდა, რომელიც რესტორანში შემოსვლამდე იყიდა მარკეტში, რადგან ღამე კოსტას შეხებული კოლოფისთვის ხელი აღარ უხლია. ამოიხვნეშა. ჯერ მხოლოდ მეორე დღეა და უკვე ნერვიულობისგან გაწურა ქალი, ამ ტარაკანამ. ეს სახელი თვითონ შეარქვა ფიქრებში და მერე რამდენი გაახსენდებოდა, იმდენი ეცინებოდა. ახლაც გაეცინა, მასზე რომ მიდგა ფიქრები. - მეც გამაცინე?! - მის წინ, თავისუფალ ადგილზე მოკალათდა კოსტა და მაგიდაზე მიგდებულ ქალის სიგარეტის კოლოფს წაეტანა. - ჯანდაბაშიც წადი! - დაბალი ხმით ჩაილაპარაკა ლინამ, არ შეუხედავს. - კაი, არ გეცოდები? ჯერ მხოლოდ ოცდაცამეტი წლის ვარ, - მოწყენილი ხმით ჩაილაპარაკა. - შენ ექიმობა ვინ გირჩია? მსახიობის კარიერა დაგაგკვდებოდა! - ზიზღით შეხედა და თვალი გაუსწორა. - ჰო, მეც მასე ვფიქრობდი, - გაეცინა, - მაგრამ მერე ჩემს მომავალზე დავფიქრდი და... ისე ვერ შეგხვდებოდი, ჰოდა, ექიმის პროფესია ავირჩიე, - სიცილითვე დაასრულა წინადადება. - იდიოტიზმის მწვერვალზე ხარ! ჩანს, გახარებს დილას მომხდარი ‘ინციდენტი’, - ისევ აარიდა თვალი და შუშაბანდიდან წვიმისთვის განწირულ მშვენიერ ქალაქს, თხლად შემოსილ ხალხსა და ახალშეღებილ ნახატებს ცარიელ კედლებზე, გახედა. - ჰო, მაგას რაც შეეხება, - ჩაახველა, დასერიოზულდა. - არ დამცალდა მეთქვა, მეც მას მერე გავიგე, რაც სასტუმროში დავბრუნდი, შუა ღამით. - არ ხარ ვალდებული, ჩემთან თავი იმართლო! - წამოიძახა და მოტანილ საკვებს დახედა. მადა გაუქრა, ან კი, რა გასაკვირია? - არც ვიმართლებ, - ისევ გააქნია თავი. - რა გიჭირს, მშვენიერი ღამე გქონდა... - მხრები აიჩეჩა და რომ მიხვდა რა წამოროშა, რამდენჯერმე დაახველა. - ღმერთო, შენ რა, ეჭვიანობ? - გადაიხარხარა ხმამაღლა მამაკაცმა. - ვეჭვიანობ? ძალიან ცუდად ხარ, - ეცადა გასცინებოდა, მაგრამ არ გაეცინა. სადღაც, ალბათ, მართალიც კი იყო. მაგრამ ეს ხომ დაუფიქრებლად მოხდა, სრულებით არ სურდა ეს წინადადება ამ კონტექსტში ეთქვა. - ხო, ალბათ, მაგრამ შენც არანაკლებ დაგცხა! - სიცილის შეუწყვეტლად წამოდგა და წავიდა. რაღა დამალოს და, გიჟდება ამ ღიმილზე, მხოლოდ და მხოლოდ ამ მამაკაცს რომ აქვს. თუმცა ჯერაც გათხოვილი ქალია, რა მნიშვნელობა აქვს ბედნიერ ქორწინებაშია თუ უბედურში? - მთავარია, რომ ქმარიც ყავს და მეტიც - შვილი - რომელსაც იმედებს ვერ გაუცრუებს. ახლა მეტი ყურადღება მართებს, რომ არ შეაცდინოს ამ ღიმილებმა და სითბოებებმა. *** ძალიან დიდი მადლობა, რომ კითხულობთ და მგულშემატკივრობთ! მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.