შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მე – ღმერთი – ნაწილი პირველი – ამონარიდი 2


9-02-2016, 08:47
ავტორი beqaloxishvili
ნანახია 2 081

საწოლიდან ვდგები. ასე ვიცი ხოლმე, თუ შუაღამეს გამეღვიძება, კიდევ ოცი წუთი დაძინებას ვცდილობ, მაგრამ უკვე შევეგუე იმ ფაქტს, რომ ეს ოცი წუთი უბრალოდ დაგარგული დროა. ტრადიციულად ვამოწმებ „ფეისბუქს.“ შეტყობინება არ არის. მეგონა ჩემი ერთჯერადი მეგობრის წერილი მაინც დამხვდებოდა, რომელიც რაღაც მხრივ ჩემეულია. ბევრს ვლაპარაკობთ ხოლმე. ხშირად ვეხებით ჩვენ სულიერ დეპრესიას და ერთიანი ძალებით ვეძებთ გამოსავალს, რომელიც ამოგვაძვრენს ამ ჭაობიდან. ერთი დაავადებით ვართ შეპყრობილი, ვგრძნობთ რაღაც არაამქვეყნიურს, მაგრამ ყველაფერს ერთმანეთისგან განსხვავებულ სახელებს ვარქმევთ. მაგალითად რაღაც იდუმალებას, მე „მეცამეტე ფერი“ შევარქვი, მან კი „შავი არე.“ აშკარად ჩემი შერქმეული სახელი ჯობია, შესაბამისად მე უფრო კარგი მწერალი ვარ, ვიდრე ის. ერთმანეთი ლიტერატურულ საიტზე ვიპოვნეთ, სადაც ჩვენი მწუხარების გამომხატველ ჩანახატებს ვათავსებდით. ამას იმიტომ ვაკეთებდით, რომ ხალხისთვის ჩვენი გრძნობები გაგვეზიარებინა. ის რაღაც უაზრო ფსევდონიმით ჩნდებოდა ხოლმე, მე კი ჩემი სახელი და გვარით. ერთ დროს მტკიცედ რომ გადამეწყვიტა ჩემი ფსევდონიმი, „სეითი ითი“ ერთმანეთს ვერ ვიპოვნიდით და სიმართლე ვთქვა, ბევრი არაფერი დაგვაკლდებოდა. ახლა, როდესაც „ფეისბუქზე“ შევედი რაღაცნაირად მომინდა, რომ შემოსული ყოფილიყო. ბევრს არაფერს მივწერდი, მხოლოდ მობის მუსიკებს გავუგზავნიდი და ღამის მშვენიერებაზე ცოტას დაველაპარაკებოდი. ხო, იმასაც აუცილებლად ვკითხავდი, ამ ღამით მთვარეს შეხედა თუ არა, მიუხედავად იმისა, რომ პასუხი მეცოდინებოდა. არ ვიცი მატყუებს თუ არა, მაგრამ ყოველ ღამით მეუბნება, რომ დღეს მთვარე ლამაზია. ალბათ ეს საუბრის წამოწყების ყველაზე მოხერხებული ვარიანტია. აი მაგალითად მე ვეკითხები ხოლმე, დღესაც ცუდ ხასიათზეა თუ არა, მხოლოდ ამის მერე ვიწყებთ ჩვენი ცუდი განწყობის განხილვას. ალბათ ჩვენი მიწერ–მოწერა ვინმე ფსიქიატრმა რომ ნახოს, მაშინვე ფსიქიატრიულ კლინიკაში მოგვათავსებს. იფიქრებს, რომ ჩვენ ორნი მის კარიერაში ახლები ვართ და საფუძვლიანად გამოგვიკვლევს. ხო, მე და ის, ჩემი „ფეისბუქ“ მეგობარი, მხოლოდ ინტერნეტ კავშირით შემოვიფარგლებით, ამიტომაც შევარქვი ერთჯერადი მეგობარი. ალბათ ჩვენ შორის ამხელა მანძილი რომ არ იყოს, შევხვდებოდით. ისე, ერთხელ ვაღიარე, შენი გაცნობა არ მინდა, ასე უფრო კარგია მეთქი. ხო, რაღაც ჭეშმარიტება ვუთხარი. აბა ვინც გამიცნია და დავახლოვებულვარ, იდიოტი აღმოჩენილა. არ ჯობია ვინმე გყავდეს, ვისაც შენ პრობლემებს კომპიუტერიდანვე გაუზიარებ? ასე გაცილებით მარტივია. „ფეისბუქ“ მეგობრებს უფრო მეტს ეტყვი ვიდრე რეალურ მეგობარს, ნუ ყოველშემთხვევაში მე ასე ვარ. ფსიქოლოგთან მისვლას და ტყუილად ფულის ყრას ისევ ჩემი მეთოდი ჯობია. ფსიქოლოგი ხომ ჩვეულებრივი მსახიობია. დიახ, მას ვქირაობთ, რადგან მეგობარი გვინდა. ჯობია სიტყვა „ფსიქოლოგი“ შეიცვალოს სიტყვით „დაქირავებული მეგობარი.“ მხოლოდ ამის მერე მოვისმენთ სიმართლეს როცა ვიკითხავთ, სად აბარებ? – ეს ტერმინი რომ დამკვიდრდეს, წარმოგიდგენიათ რამდენი ადამიანი შეიკავებს თავს ამ პროფესიაზე ჩაბარებით? ხო, გულის სიღრმეში არავის უნდა მსახიობობა. ჩემგან განსხვავებით, ყველა პროფესიისგან მიღებულ სარგებელზე ფიქრობს. აი მაგალითად ვინმე ჩამოუყალიბებელი პიროვნება, როცა წყვეტს მაგალითად მსახიობობას, მას რეალურად დიდება და გავლენა აინტერესებს. ადამიანს სხვისი აზრი რომ არ აინტერესებდეს, ის იქნებოდა ერთი ჩვეულებრივი ლეში, რომლის არ არსებობას ვერავინ შეამჩნევდა. აი მაგალითად მე სხვისი აზრი არც თუ ისე ძალიან მაინტერესებს, შესაბამისად მე ვარ ერთი ცოცხალ–მკვდარი არსება, რომელიც კვლავ განიცდის მარტოობას. ყველას ყველა აინტერესებს. თუ ვინმე იტყვის, რომ არავის აზრი არ აინტერეებს, ის რეალურად საპირისპიროს ამტკიცებს, თუმცა ამას უმრავლესობა ვერ ხვდება. გვგონია, რომ ამ დამოკიდებულებით გამორჩეულები ვხდებით. ჯანდაბაშიც წასულხართ, მე ვერ გამაცურებთ, ხოდა რამდენიც გინდათ ილაპარაკეთ, ადიდეთ საკუთარი თავები, დაემსგავსეთ ლიტერატურულ გმირებს, გახდით ბრძენები, ოღონდ ჩუმად, მე არაფერი გამაგონოთ.
ტანსაცმელს ვიცვამ და სახლიდან გავდივარ. ამ ვიწრო ქუჩაზე სეირნობა განსაკუთრებით მიყვარს. გზას უახლოეს მაღაზიამდე მივუყვები და თან სიგარეტს დიდი სიამოვნებით ვეწევი. პირველი სამი ნაფაზი ყოველთვის სასიამოვნოა, დანარჩენი კი ორგანიზმს გისპობს. ეს მე დავასკვენი. კიდევ ჩაბნელებული, დიდი აივნების ყურება მსიამოვნებს. ბავშვობაში აივანზე თამაში მინდოდა, ახლა კი წერა. ეჭვი მიჩნდება, ამ სახლის პატრონები გიჟები არიან ღამით რომ სძინავთ. აბა, ასეთ კომფორტულ სახლებში, როგორ უნდა გეძინოს? არა, არა, თქვენს ადგილას ცოტა ხანს თუ მეღვიძებოდა და ეგეც დღე. ღამის არცერთ წუთს არ დავკარგავდი, შესაბამისად ნამდვილი ხელოვნების ნიმუშები შეიქმნებოდა. დიახ, დიახ, ჩემი ხელით. ხელოვანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს შესაბამისი გარემო. აი მაგალითად ჩემთვის, მყუდრო აივანი, სიგარეტი, კლასიკური მუსიკა, ტკბილი ჩაი და კალამი საკმარისია იმისთვის, რომ ერთი კარგი მოთხრობა ან ჩანახატი დავწერო. არეული ოთახიც მეხმარება წერაში, მაგრამ იშვიათად. ყველაზე კარგი გამოსავალი მაინც სეირნობაა. სადღაც ამოვიკითხე, გენიალური აზრები სეირნობისას გვებადებაო და ამის მერე, ყოველ ღამით შეგიძლიათ მნახოთ სადმე, რომელიმე ვიწრო ქუჩაზე, უფრო ხშირად კი ჩემს სახლთან ახლოს. ახლაც ამიტომ გამოვედი სახლიდან, მინდა რამე გენიალური მომაფიქრდეს, მიზეზად კი მოშიება ამოვიჩემე. საერთოდ არ მშია, მაგრამ ჩემი თავისთვის რომ მეთქვა, ადექი, უმიზეზოდ გაისეირნე მეთქი, არ ავდგებოდი, ასე რომ, ხანდახან თავის მოტყუებაც მიწევს.
მაღაზიაში შევდივარ და სალაროსთან მჯდომ გოგონას ავტომატურად ვესალმები. გონება უკვე კარგა ხანია შეეჩვია, რომ მაღაზიაში შესვლისას პირველი „გამარჯობა“ უნდა ვთქვა.
– გამარჯობა. – მესალმება გამყიდველიც, ჩემგან განსხვავებით დაბალ ხმაზე. პირველად ენერგეტიკულ სასმელებს ვუყრებ, მაგრამ ჩემი საშინელი ნევროზის გადამკიდე, მგონია, თუ დავლევ გული ისე გამიფართოვდება, რომ მთლიან მკერდს გამიტეხავს. (ეს ვიდეოში ვნახე წარწერით, რა მოსდის ადამიანს, თუ ოცზე მეტ ენერგეტიკულ სასმელს დალევს.) ხო, თან „რედ ბულში“ სამი ლარის გადახდა მენანება.
გაპრიალებული მაცივრის წინ ვდგავარ და მზა საჭმელებს ვათვალიერებ. კონსულტანტი მიღიმის და მეუბნება:
– აბა გისმენ. – ეს ჩემი ცხოვრების ნაწილია. თუ რომელიმე ღამეს კონსულტანტი არ მიღიმის, რაღაცნაირად ცუდად ვგრძნობ თავს.
– როგორც გუშინ, ერთი ჰამბურგერი.
– შეგითმო ხო? – თავის დაკვრით ვპასუხობ.
ჰამბურგერს ეტყობა, რომ ძველია, მაგრამ ეს არ მადარდებს.
– კეტჩუპიც და მაიონეზიც მოვასხა?
– ხო, ხო, აბა.
– ესეიგი ყოველ ღამეულ კვებას არ აწესრიგებ. – ისევ იღიმის. მისი ღიმილი მომწონს, მაგრამ რა თქმა უნდა ამას არ ვაგრძნობინებ... ან, რავიცი, იქნებ კაი ხანია ამას მიხვდა და სპეციალურად იღიმის?
– ხო რა, ასე გამოდის.
ამ სუპერმარკეტის ნათელი განათება მომწონს. აქ თითქმის შეუძლებელია დაითრგუნო. ერთხელ კი ვიფიქრე, აქ დავიწყებ კონსულტანტად მუშაობას მეთქი, მაგრამ მალევე მოვედი აზრზე.
– ვერ გავიგე რა, ყოველ შუაღამეს რომ მოგინდება ჰამბურგერი, უძილობა გაწუხებს თუ ამ დროს ბრუნდები სამსახურიდან? – ვერ ვხვდები ეს ირონიული კითხვაა თუ სერიოზულად აინტერესებს.
– არცერთი. ვგიჟდები ღამე ჭამაზე. – მაგრამ ფაქტია, მე ირონიულად ვპასუხობ.
ლამაზი ქალია. ჩემზე ბევრად დიდი რომ არ იყოს, ალბათ შებმას დავუწყებდი. ჩემი დანახვისას ისე იღიმის, ვეჭვობ, სადმე რომ დავპატიჟო უარზე არ იქნება, მაგრამ მეუხერხულება, თან ისე ძალიანაც არ მომწონს, რომ ეს გავაკეთო. ისე, ამხელა ქალი სად უნდა დავპატიჟო ეგეც არ ვიცი. ან მოსაწყენი პროცედურების შემდეგ სექსი როგორ უნდა შევთავაზო? ალბათ ისე, როგორც ახალგაზრდებს. მოკლედ, შარია რა უცხო ხილთან თამაში. ხოდა ასე ჯობია, ის იყოს ის, ვინც არის, მიღიმოს, მაფიქრებინოს, რომ მოვწონვარ და ყოველ ღამე შემითბოს ჰამბურგერი. სალაროში ფულს ვიხდი, მომუშავე პერსონალს ღიმილით ვემშვიდობები და გარეთ გავდივარ.
ამ წიგნების მაღაზიას ყოველთვის მივაშტერდები ხოლმე. შიგნით ისეთი სასიამოვნო გარემოა, ლამის ყველაფერი დავიკიდო, შუშა ჩავლეწო და შიგნით შევიდე. ამ შემთხვევაში ალბათ ტორესა მოსის ან ერეკლე დეისაძის რომელიმე ნაწარმოებს წავიკითხავდი. რამდენიმე საინტერესო მომენტს კი გავცდებოდი სანამ პოლიცია დამაპატიმრებდა.
თაროზე, მინის მიღმა ყოველთვის საინტერესო წიგნები უწყვიათ. აი მაგალითად ახლა, „ბილი მილიგანის მრავალი გონება“ ს ვუყურებ და საშინლად მაინტერესებს. ფასიც ისეთი აქვს აუცილებლად კარგი რომ უნდა იყოს. ხვალ თუ არ გადამავიწყდა ვიყიდი. „ბილი მილიგანის მრავალი გონება“ მართლაც შესანიშნავი სათაურია. ამ სიტყვებში ჩემს თავს ვხედავ. ჩემ შემთხვევაში, თუ ვინმე წიგნს დაწერს ალბათ ასე უნდა დაარქვას: „ირაკლის ორი გონება“, ან „ორი გონება – მე და შიზოფრენია.“
ჰამბურგერს იმ ძაღლს ვაძლევ, რომელიც ყოველ ღამე მიყეფს და ვრწმუნდები იმაში, რომ ამიერიდან ის ყოველთვის კუდის ქიცინით შემეგებება. სანამ ძაღლი ჰამბურგერს შეექცევა მე მანამდე სიგარეტს ვუკიდებ. ასე ვიცი ხოლმე, ერთ ღერს მაღაზიაში ჩასვლისას ვეწევი, მეორე ღერს სახლში მისვლამდე, როცა ერთ მდიდრულ სახლს ვუახლოვდები, რომელშიც შუქი არასდროს ანთია. ალბათ მორიგი იდიოტი შეძლებული ღორის სახლია, რომელმაც აღარ იცის ფული რაში დახარჯოს. გარედან კარგად მოჩანს ცარიელი აკვარიუმი, რომელშიც რამდენიმე პატარა ნათურაა ჩამონტაჟებული. ეს სახლი ჩემი რომ იყოს, მთელ დროს აივანზე გავატარებდი. ყოველ ღამით დავლევდი ყავას, მოვუსმენდი მოცარტის ბავშურ მელოდიებს და შევხედავდი მთვარეს.
აი, ეს მომენტი ყველაზე მეტად არ მომწონს, როცა სახლს ვუახლოვდები. სეირნობა კიდევ მინდა, მაგრამ აღარ ვიცი ჩემს თავს რა მოვატყუო.
სახლში შევდივარ. MOBY-WAIT FOR ME – ს თავიდან ვრთავ და ვწვები იმის იმედათ, რომ დამეძინება. მომწონს ნახევრად ჩაბნელებული ოთახი. მომწონს ლამპიონების სინათლე. მომწონს ეს მუსიკა. მომწონს ჩემი მტვრიანი თარო, სადაც მტვრიანი წიგნები დევს. მომწონს ეს არაკომფორტული საწოლი. მომწონს სიგარეტის ფერფლით გავსებული საფერფლე. მომწონს ნახევრად დაცლილი ჭიქა, იმიტომ, რომ ის ნახევრად დაცლილია და მე პესიმისტი. მომწონს მტვრიანი ჭერი, სადაც სახეებს ვლანდავ. მომწონს ჩამოხეული შპალერი, სადაც უსაქმურობის ჟამს, ცნობილი ადმაიანების ბრძნულ გამონათქვამებს ვწერ. მომწონს ჩემი სვირინგი. მომწონს ჩემი ლიტერატურული ჯილდო, ლიტერატურულ კონკურს „ჩრდილში“ რომ მოვიგე. მომწონს იესოს ხატი. მომწონს ჩემი ყოფილი შეყვარებულის ნახატი, რა თქმა უნდა თავისი ხელმოწერით. მომწონს ჩემი მეგობრის ნაჩუქარი ნახატი, რომელიც ოთახის შესასვლელთან მიკიდია. მომწონს აქაური სიბინძურე. მომწონს ჩემი ძაღლი, რომელიც ყოველთვის ჩემთან წევს. მომწონს აყრილი იატაკი და ჩარაზული ფანჯრები. მოკლედ, ნამდვილი ხელოვანის ოთახი მაქვს, მაგრამ ერთი კომპიუტერი არ მომწონს და იმედი მაქვს ოდესმე ამის გადაგდებას შევძლებ. ინტერნეტ სივრცეში მავნე ჭიასავით დავძვრები და კარგ თუ ცუდ ინფორმაციას ყოველდღიურად ვისრუტავ. ჩემს დაბინძურებულ გონებას არ ვიცოდებ და უარესად ვაბინძურებ. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემი „წიგნი“ მთლიანი ინტერნეტ სივრცეა.
ამასობაში, როცა თეოლოგიაზე ფიქრს ვწყვეტ, თენდება, რაც იმას ნიშნავს, რომ სამსახურში უძილო უნდა წავიდე. ხო, ცოტა ხანიც ვიწვები, საბედნიეროდ ჯერ კიდევ მაქვს დრო. ტიპიური მოხუცივით ჩიტების ჭიკჭიკის მოსმენა მიყვარს... ან რავიცი, საერთოდ ეს მოხუცებს მოსწონთ?
ერთი, ორი, სამი...
– ადექი შვილო, დაგაგვიანდება! – მიყვირის დედაჩემი, ანუ უკვე რვა საათია.
ვიცი, თუ დროზე არ ავდგები სამსახურში დამაგვიანდება, მაგრამ მაინც მტვრიან ჭერს შევსცქერი და იმ რომანზე ვფიქრობ, რომლის სათაურიც კი არ მაქვს მოფიქრებული. დედაჩემი კიდევ ერთხელ მაფრთხილებს, სამსახურში დაგაგვიანდებაო, მე კი ვჯიუტობ. ჭერს მიშტერებული, ლიტერატურის გარდა ვფიქრობ ადამიანის განვითარებაზე. როდესაც ადამიანები მიხვდნენ, რომ მათ აბრიყვებდნენ, მონობაზე უარი თქვეს და დაუსახლებელ ადგილებში გადაიხვეწნენ. მაშინდელ სამართალს ასე გაექცნენ, შეტაკებებითა და ბევრი სისხლით. დაპირისპირება მალევე შეწყდა, როდესაც ერთმა ჭკვიანმა იფიქრა, რომ ლუდი საკმარისი არ იყო. ადამიანები ყრუ ადგილებიდან დაბრუნდნენ პირამიდების ძირში, რათა ლოდები ეთრიათ მაღლა, ცისკენ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი გადატანითი მნიშვნელობით, თორემ გაოფლილი ეგვიპტელები, თუ არ ვცდები ყოველთვის ლუდით კმაყოფილდებოდნენ. ისე, რა საინტერესოა ადამიანის ბუნება, ისინი საოცრებასაც კი აგიშენებენ, თუ მათრახს გადასცხებ. ყველაფერი ყველაფერი, ჯანდაბას წარსული და მომავალი, მაგრამ ახლა რა ხდება? არაფერი შეცვლილა. ვუყურებ კუზიან, მოხუც ქალს, რომელიც ყოველ დილით ჩემს ეზოს ასუფთავებს, ის მონაა. ვუყურებ ახალგაზრდა, ცოტა მსუქან პოლიციელს, რომელიც შავი გლოკით თავს იწონებს, ის მონაა. ვუყურებ დედაჩემს, რომელიც მეზობელ ქვეყნებს იმისთვის სტუმრობს, რომ იქიდან უხარისხო ტანსაცმელი ჩამოზიდოს და აქ ხარისხიანად გაასაღოს, ის მონაა. ვუყურებ ქალს, რომელიც დედაჩემს იაფასიან კაბაზე ევაჭრება, ის მონაა. საწოლიდან ვდგები და დაორთქლილ სარკეში ჩემს თავს ვუყურებ, დიახ, მეც მონა ვარ. ვუყურებ მიწის ქვეშეთში მძინარე, აყროლებულ, გაუპარსავ ბიჭს, რომელიც დილაობით იმისთვის დგება, რომ იმათხოვროს, ის მონა არ არის, თუმცა მონობა უმჯობესი იქნებოდა. ეს საქართველოა, აქ ყოველთვის დაბალი ხელფასი და ბევრი სამუშაოა, ამიტომაც ვთვლი ამ საქმოსანებს მონებად, მაგრამ მე ვის რას ვეუბნები? ამ საკითხში მეც თქვენი ნაწილი ვარ, მაგრამ არა დიდი ხნით... ან ვინ იცის, იქნებ სამუდამოდაც. მაგალითად, ორი სამი წლის წინ ვინმე ნათიას მსახიობობა სურდა, ვინმე ლუკას კი რეჟისორობა. ნათია ჩემი უბნის მახლობლად, მეეზოვედ მოეწყო, უფრო გასაგებად მენაგვეთ, ლუკა კი ქალაქის ცენტრში, თურქებთან, ყველაფრის მკეთებელ მუშად. მათ თუ ვკითხავთ ეს ყველაფერი დროებითია, მაგრამ არა, ცდებიან, თან მწარედ. ჩემი აზრით სამუდამოა ნაგავში ქექვა. როგორც ვირთხა ვერ დაიპყრობს ევერესტს, ეგრე ვერ გადაიღებს ლუკა ფილმს. არარსებული ლუკასი არ იყოს, ერთი პერიოდი მეც რეჟისორობა მსურდა, მაგრამ რატომღაც ტურისტულ სააგენტოში ვმუშაობ. სააგენტოს „თეთრი ჩიტი“ დაარქვეს, რაზეც ბევრი მიფიქრია. რატომ „თეთრი ჩიტი,“ და არა მაგალითად „ყვითელი არწივი“? ალბათ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელი უფრო სასაცილოდ ჟღერს. გიდი ვარ, მაგრამ თუ საქმე მოითხოვს თარჯიმნის როლსაც მშვენივრად ვირგებ. სწავლის დამთავრებიდან ერთი წელიც არ იყო გასული ამ საზიზღარ სამსახურში რომ მოვხვდი, ტრადიციულად, ქართველურად, ანუ ნაცნობობით. ჩემი ცხოვრება ერთფეროვანი გახდა და ამან, თუ არ გადავაჭარბებ ვიტყვი, რომ გონება შემირყია. გაოცებულს მტოვებთ, დილიდან საღამომდე საარსებო თანხისთვის დაუღალავად შრომობთ და არ გიჟდებით. ეს დასაფასებელია, რაღაც მონური შეჩვევის მსგავსი, მაგრამ დასაფასებელი. თქვენიც მესმის, სხვა გზა არ გაქვთ. მეც მინდა ცხოვრება, სამსახური, სახლი... სამსახური, სახლი... და ასე უსასრულოდ, სამსახური, სახლი. მთელ დროსა და ენერგიას სააგენტოში ვტოვებ. წერას ვერ ვასწრებ, მე მწერალი და ფილმების ყურებას, მე კინომანი. თავიდან გამიხარდა, ვიფიქრე, ქალაქის ცენტრში მუშაობის დაწყება წარმატებაა მეთქი.
ბევრი კლიენტი არ გვყავს, ერთ ორი რუსი თუ შემოივლის, ეგეც ბილეთების დასაჯავშნად, რომ დროზე მოშორდნენ ამ ჭირს. ალბათ ბეზრდებათ გაუთავებელი საცობები, გინება და მოხატული კედლები, აქაურები ხელოვნებას რომ ეძახიან.
პირველად გასაუბრებაზე რომ მივედი, ვნერვიულობდი. კაბინეტში მსუქანი თურქი დამხვდა, რომელსაც ორი კბილი ოქროსი ჰქონდა. მისმა სექსუალურმა თარჯიმანმა მკითხა:
– რა გქვია? – რეალურად მათ ჩემგან არაფერი აინტერესებდათ. კითხვებს ფორმალურად მისვამდნენ. რაც არ უნდა მელაპარაკა, ბიძაჩემის გამო ეს სამსახური გარანტირებული მქონდა.
– ირაკლი.
– ირაკლი, ინგლისური იცი? – ამ კითხვაზე ჩემი სექსუალური ინგლისურის მასწავლებელი გამახსენდა. ის ისე აღმაგრძნებდა, რომ დღის განმავლობაში ტუალეტში მინიმუმ შვიდჯერ შევდიოდი.
– დიახ, ვიცი. – ვუთხარი მე.
– რუსულიც? – რუსულს ერთი ბებერი, საზიზღარი ქალი მასწავლიდა.
– საბაზისო დონეზე.
– ნასამართლევი ხარ? – ამ კითხვაზე სიამაყით აღსავსემ ვუპასუხე:
– არა. – გაიღიმა და მამცნო:
– გილოცავთ, თქვენ მიღებული ხართ.
გავიფიქრე, რომ შვიდასი ლარი საწუწუნო თანხა არ არის. გამიმართლა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ჩემს თანამშრომელ ნინის ჩემზე მეტად გაუმართლა, რადგან მოგეხსენებათ, თუ როგორ უხდება მკვრივი მკერდი გრძელ, გარუჯურ ფეხებს.
ფიქრებს დედაჩემი მწყვეტინებს და მეუბნება:
– რა გიჟივით უყურებ მაგ სარკეს? მალე ჩაიცვი, დაგაგვიანდება. – დამაგვიანდება და დამაგვიანდეს მეთქი, გულში ვამბობ. სარკეს მხოლოდ იმიტომ ვცილდები, რომ სიგარეტი მოვწიო. მოწევა არ მინდა, მაგრამ მაინც ვუკიდებ სიგარეტს. ძლიერი ნაფაზები მაბრუებს. ვგრძნობ, თუ როგორი სიძლიერით ისრუტავს კვამლს ჩემი ფილტვები. არაფრის ხალისი არ მაქვს, განსაკუთრებით მუშაობის. თვალებს ვისრეს და ამავდროულად კომპიუტერის ჩართვას ველოდები. განსაკუთრებით დღის ის მომენტი მძულს, როდესაც თორმეტ საათიანი ძილის შემდეგ, თვალს ვახელ... თვალს ვახელ და ყოველი განვლილი წამი მეუცნაურება. ვფიქრობ დროზე და უფრო უცნაურად ვგრძნობ თავს. ვუყურებ ცას და უფრო უცნაურად ვგრძნობ თავს. გაკვირვებული ვუყურებ ჩემს ხელებს და ყველაფერი მიკვირს. ვფიქრობ იმ კედელზე, რომელიც სამყაროს ბოლოშია აღმართული. მაინტერესებს თუ რა ხდება კედლის მიღმა. მე ბევრ რამეზე ვფიქრობ და ყოველივე ეს, თავს უცნაურად მაგრძნობინებს.
ავტობუსით ვმგზავრობდი ჩემს თავს ჩურჩულით რომ ვესაუბრებოდი. ვამბობდი, მიყვარს სული წმინდა, ისევე როგორც შემოქმედი, მაგრამ ორივეს უფრო მეტად ვუყვარვარ მეთქი. იესოც მიყვარს მეთქი და ტანში სასიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. იესოს უფრო მეტად ვუყვარვარ მეთქი. ხანაც ვმაღლდები, ხანაც ვეცემი, ამავდროულად არც დაცემა ვიცი რას ნიშნავს, და არც ამაღლება, როგორც ასეთი.
იმავე კოსტიუმს ვიცვამ, რომელიც გუშინ მეცვა, მაგრამ ეს არ მადარდებს, უბრალოდ ავღნიშნე. ეს კოსტიუმი მომწონს, საქმიანი ტიპის შთაბეჭდილებას ვტოვებ. ყველასგან განსხვავებით ვაღიარებ, რომ სხვისი აზრი მაინტერესებს, შესაბამისად ვიცვამ იმ კოსტიუმს, რომელიც მიხდება. ხო, ეს შარვალიც მეცვა გუშინ, კედები არა, მაგრამ ამას ვერავინ შენიშნავს. „კონვერსის“ კედებზე ვგიჟდები. მართალია ოც ლარიანი ნაგავია, მაგრამ მომწონს. რვა წყვილიდან, ოთხი ლურჯია, დანარჩენები კი სხვა და სხვა ფერის. დღეს მაინც და მაინც ლურჯი ფერის კედს ვიცვამ, როგორც გუშინ, არადა ყველაზე მეტად თეთრი ფერი მომწონს. ვიფიქრე, პერანგში დამცხება მეთქი და შიგნიდან ჩვეულებრივი, მოკლე მკლავიანი მაისური ჩავიცვი, რამაც საქმიანი ტიპის იმიჯი ნაწილობრივ დამაკარგვინა. ასეთი ჩვევა მაქვს, ჯერ ვიცვამ და მერე იმას ვაკეთებ, რაც ჩაცმამდე უნდა გააკეთო.
კბილებს დაახლოებით სამ წუთამდე ვიხეხავ. გახეხვამდე ყოველთვის კბილის ჯაგრის ვყნოსავ ხოლმე. ეს ბავშვობის დროიდან გამოყოლებული ჩვევაა. მგონი რომელიღაცა ფილმში მოვისმინე, კბილის ჯაგრისი ერთ თვიანი ხმარების შემდეგ ყროლდებაო და მეც ვამოწმებ ყოველდღე, აყროლდა თუ არა. ხომ ხვდებით, აყროლებული ჯაგრისით კბილების ხეხვა გულის ამრევია. წინა კბილების გახეხვას უფრო მეტ დროს ვანდომებ, ვიდრე უკანა კბილების, ესეც სხვისი აზრით დაინტერესების გამოვლინებაა. ეს დილის ერთადერთ პროცედურაა, რომელიც მსიამოვნებს. კბილებზე ყოველთვის განსაკუთრებით ვზრუნავდი. ეს დედაჩემის დამსახურებაა. სკოლაში შესვლამდე მეუბნებოდა, რომ ყვითელ კბილება ბიჭი არავის მოეწონებოდა. თუ ცუდ სიზმარს ვნახავდი და მას მოვუყვებოდი, მირჩევდა, კბილები გაიხეხე და მსგავსი საშინელება აღარ დაგესიზმრებაო. მხოლოდ ახლა მეცინება ამაზე, თორემ ბავშვობაში სრული სერიოზულობით ვეკიდებოდი. როგორც ჩანს დედაჩემმა მიზანს მიაღწია. ერთ რამეს ვერ გადამაჩვია, ჩაის დღემდე ხმაურით ვურევ. კოვზისა და ჭიქის ერთმანეთზე შეჯახებით გამოწვეული ხმებით, მუსიკის აწყობას ვცდილობ. ჩაის ბოლომდე არასდროს ვსვამ.
დედაჩემს ვემშვიდობები, ის კი მლოცავს, როგორც ყოველთვის, მე კი ამ პროცესში ეშმაკეულივით ვშფოთავ. ვინ იცის, იქნებ მართლაც ეშმაკეული ვარ? ღამ ღამობით ამაში თითქმის სრულებით ვრწმუნდები, მაგრამ გამთენიისას ჩემს თავს ვეუბნები, რომ იდიოტია. ყოველი ღამის შემდეგ ფანჯარასთან ვდგები და ვეუბნები:
– ირაკლი, იდიოტი ხარ!
– შენც. – მეწინააღმდეგება ხოლმე და მერე მთელი დღე ასე ვჯიუტობთ, თუმცა სიმართლე არცერთმა არ ვიცით, მართლა ვარ იდიოტი თუ არა.



საშინლად მინდა, ეს ისტორია ბოლომდე მიიყ ანო და არ შეწყვიტო. მე, ყოველ სიტყვას, ყოველ წინადადებას წავიკითხავ, რომელსაც დაწერ.

 


№2  offline წევრი elegant

რამდენიმე ჩანაწერი მაქვს წაკითხული შენი, ახლა ამ ისტორიას ვკითხულობ და მინდა გითხრა აღფრთოვანებული ვარ შენით. ძალიან, უზომოდ ნიჭირი ხარ. შენ აზრს უცნაურად გადმოცემ, არცისე ადვილად გასაგებია შენი ჩAნაწერები, თუმცა ზუსტად ეს მიზიდავს შენში. უცნაური ჩანხარ, მე კი ვგიჯდები უცნაურ ხალხზე. წარმატებები. იმედი მაქვს ოდესმე ძალიან წარმატებული მწერალი იქნები მე კი შენი ერთგული მკითხველი. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent