ჩანახატი (32 თავი)
ოცდამეთორმეტე თავი მინდია არაბული საღამოს დაპირდათ სტუმრობას. რა უნდა ექნათ ახალგაზრდებს? გოგოებმა ხინკლის კეთება წამოიწყეს, ტატო და ფარნა ჩვეულებისამებრ გიტარას „აკვნესებდნენ“, დანარჩენები ჯოკერს პარებში თამაშობდნენ სურვილებზე. სულ რაღაც სამი დარიგება და ასათიანის და აკას წყვილი საბოლოოდ მოუგებდა ნიკას და ვასიკოს. დაძაბული სახით ჩაჰყურებდა ნიკა კარტს, რაღაცას გაფაციცებით ითვლიდა. - ცხრა... - კმაყოფილი ხმით გამოაცხადა მან. - დარწმუნებული ხარ? - ეჭვით იკითხა ვასიკომ. ალბათ თქმაც არ უნდა, ვასიკომ პასი თქვა. ასათიანი იძულებული იყო ერთი ეთქვა. დაიწყეს თამაში, ერთმანეთის მიყოლებით ყრიდა ნიკა მაღალ კარტს, ორივე ჯოკერი მასთან აღმოჩნდა, კმაყოფილი სახით იღებდა სასურველ ქულებს. მონდომებით ითვლიდა კომბინაციებს. ის ის იყო, მეცხრე სვლაზე გადავიდა და გამარჯვების აღსანიშნავად მოემზადა, რომ მოულოდნელად ცხრიან ჯვარზე გიორგიმ ათიანი დაურტყა. - ამის დედა.... - აღშფოთებულმა თავი ვეღარ შეიკავა მან. - შეუძლებელია, ჩემი კარტი იცოდი?! რაღა მაინც და მაინც ათიანი შეინახე?..... -ნერვიულობისგან გაფითრდა ვასიკო. - აი ეს მესმის, ჯიგარი ხარ....- ერთმანეთს კმაყოფილები ურტყავდნენ ხელს აკა და გიორგი. - რაღაცა იაფერისტეს, რა პონტში შეინახე ეგ კარტი?!....- არ ჩუმდებოდა ნიკა. წაგებას ვერ ეგუებოდა ვაჟი. - არ გვეგონა ასე თუ გეწყინებოდათ, გეთქვათ და მოგაგებინებდით!....-სიცილს ვერ იკავებდნენ ბიჭები. დიდი რუზრუზი და ხმაური იდგა ოთახში, სწორედ ამ დროს დაიძახეს გარედან: - მასპინძელო... ნიკა, ვასიკო!.....- ალაყაფის კართან თეთრ ცხენზე ამხედრებული ფაფახიანი, ხევსურულ ფორმაში ჩაცმული ასე 20-25 წლის ახალგაზრდა, შავგვრემანი, წვეროსანი ვაჟი იდგა. - მინდია მოსულა, მინდია!..... - ოთახში მოკამათე ძმებს შემოსძახა იაკომ. ბიჭებს აღარ დაელოდა, პირველი თვითონ მიეგება სტუმარს. - შემოდი, რა შორიდან იძახი.... - წკრიალა, გახარებული ხმით ეძახდა სტუმარს. ცხენი იქვე გაუშვა ეზოში ვაჟმა და მისკენ თითქმის სირბილით მიმავალი ქალი ხელში აიტაცა. - ჩემი ანგელოზი, ჩემი დახატული, ჩემი პატარა.... - გულში თბილად იკრავდა გოგოს. - ბოლო რა იყო ვითომ? - აშკარად არ ესიამოვნა სიტყვა „პატარა“ იაკოს და ბღვერით ახედა ვაჟს. - პატარას ნუ ეძახი, წითელი აგენთება იცოდე!.... - თბილად, მეგობრულად მოეხვივნენ ბიჭებიც თითქმის ერთი წლის უნახავ მინდიას. ალბათ ძნელი მისახვედრი არაა რამდენად უყვარდათ ოთხივეს ერთმანეთი. მიუხედავად იმისა, რომ სისხლით ნათესაური კავშირი არ ჰქონდათ, ერთმანეთს მაინც ენათესავებოდნენ. - არაბულები ყველანი ერთი ძირისანი, ერთმანეთის ძმები ვართო!....- ამაყად აცხადებდა ხოლმე მოხუცი ჯარჯი და ბავშვებსაც მცირეწლოვანი ასაკიდანვე მყარად ჰქონდათ ეს გამჯდარი. - ჩემი გიჟი გოგო, - სახეს პატარა ბავშვივით უკუცნიდა მინდია იაკოს. - აბა რა ხდება ქალაქში? ვინმე ხომ არ გვყავს გასატყეპი?! - არ იცი რა ავია, შიშით ვინ მიეკარება?! - თვალი ჩაუკრა ვასიკომ მინდიას. - დამცინეთ, დამცინეთ...გავთხოვდები მალე და მერე ნახეთ თქვენ...- ნიშნისმოგებით გამოუცხადა იაკომ და კურტუმის ქნევით შეასწრო ბიჭებს სახლში შესვლა. - რაღაც ცუდად ჭიკჭიკებს ეს გოგო, ვინმე ხომ არ ჰყავს მართლა?! - ეჭვით გახედა ნიკას მინდიამ. - რას გაუგებ ამ გადარეულს.....-ისევ იცინოდა ნიკა. თეკლე და გოგა ისედაც იცნობდნენ მინდიას, თბილად მოიკითხეს ძველი მეგობარი, დანარჩენებს ამაყად, პათეტიკურად წარუდგინა აიკომ ვაჟი: - ხევსურეთის ლომი, მინდია არაბული.... ალბათ ეუხერხულა ახმახს ასეთი წარდგენა, აშკარად დაინახეს, როგორ გაწითლდა სახეზე, დაბნეული ატრიალებდა ხელში შერჩენილ ფაფახს. -აი ასეთი რომ ხარ ამიტომაც მიყვარხარ!....- ბიჭის სიწითლემ ორმაგად გაახალისა იაკო, ლოყაზე თბილად, ხმაურით აკოცა ვაჟს. - დაუჯექი ამ გადარეულებს გვერდით, და რამდენიმე წუთში ცხელ-ცხელ ხინლკალსაც მოვიტანთ.... - ქვემოდან, ეშმაკურად გახედა გიორგის, ასათიანის დაძაბული მზერის დანახვაზე, გულში გაეცინა, თუმცა ეცადა არ შეემჩია, მხიარულად გავარდა ისევ გოგონებთან სამზარეულოში. რა მოუვიდა გიორგის? რა თქმა უნდა ხვდებოდა მინდია უცხო რომ არ იყო. ალბათ ნიკაზე და ვასიკოზე ნაკლებად არც უყვარდა ქალიშვილს, მაგრამ რატომღაც მაინც არ ესიამოვნა მისი მომეტებული სიახლოვე ბიჭთან. გოგონას თერთ ცხენიანი პრინციც არ ავიწყდებოდა, იქნებ სწორედ მინდიას გულისხმობდა ოცნებებში? ალბათ უაზრობა იყო მისი ასეთი რეაქცია, მაგრამ ეჭვიანობას ვერაფერს უხერხებდა. თითოეულ მინდიასთან იაკოს ჩახუტებაზე ეკლები ესობოდა გულში გიორგის. ისევ თავის არიდება დაგაწყვიტა და აივანზე გავიდა ვაჟი. - სიხარულს ისე ვერ გამოხატავს, რა იყო ეს წარა-მარა ლოყაზე კოცნა? -უკმაყოფილო სახით დუდუნებდა და სიგარეტს ნერვიულად ეწეოდა. - ვის ელაპარაკები? - უცებ წაადგა ფიქრებში წასულ ვაჟს თავზე იაკო. - არავის, სიგარეტს ვეწევი!.... - მისკენ არც კი შებრუნებულა, ისე შეუღრინა გიორგიმ. ფრთხილად მიუახლოვდა გოგონა, იმდენად ახლოს იდგა ვაჟთან, შეეძლო დაეფიცა, რომ მისი აჩქარებული გულისცემაც ესმოდა. - რამე გაწყენინე?! -გვერდულად, ქვემოდან გახედა გიორგის. - არაფერი, რა უნდა გეწყენინებინა?! - აგდებულად მიმართა ასათიანმა - რატომ გამომყევი, არ გეშინია შენს პრინცს რომ ეწყინოს? - მართალია არ უნდოდა გამჟღავნება, მაგრამ გაღიზიანება მაინც შეეტყო ხმაში. - პრინცს? მინდიას გულისხმობ, ის ხომ ბიძაშვილია?! - სადღაც გულის სიღრმეში ალბათ ესიამოვნა გიორგის ეჭვიანობა, მაგრამ მაინც ეწყინა, თითქოს სიამაყე შეებღალა. აშკარად იუკადრისა მისი სიტყვები, ხმა უთრთოდა, უკანკალებდა იას, ცოტაც და ალბათ ატირდებოდა. არ ელოდა ალბათ ასეთ რეაქციას, გაოცებული უმზერდა ვაჟი, ვერაფერი უთხრა. იცოდა, ერთი სიტყვაც კი საკმარისი იქნებოდა და თავს ვეღარ შეიკავებდა. მოზღვავებულ ვნებას ვეღარ დაიკოკებდა. წინ ედგა იაკო, თვალებში ჯიუტად უმზერდა გიორგის. თითქოს იქ სურდა უთქმელი სიტყვების წაკითხვა. ისეთი ტკივილი, ისეთი სასოწარკვეთა ემჩეოდა მზერაში, რომ მისი ტკივილიც კი ეტკინა, თვითონაც ვერ გაიაზრა, ინსტიქტურად ორივე ხელი მოჰხვია გოგონას და გულში ძლიერად ჩაიკრა. იგრძნო, როგორ შეკრთა, დაიძაბა ქალი, თითქოს არ ელოდა ვაჟისგან ასეთ საქციელს. შემდეგ ნელ-ნელა მოეშვა, მისი პატარა ხელებით სუსტად ჩაეხუტა და მთლიანად მიენდო პარტნიორს. ჟრუანტელმა მთელ სხეულში დაუარა გიორგის, გული ამოვარდნას ჰქონდა, ხმის ამოღებას ვერ ბედავდა, უბრალოდ სულელური ღიმილით უმზერდა ქალის ბედნიერების ცრემლებით სავსე თვალებს, სიტყვები ისედაც ზედმეტი იყო. სიჩუმე ბევრად მეტყველი და ბევრად ლამაზი გახლდათ. მეორე დღეს გამთენიისას ცხენებით დაიძრა ჯგუფი მუცოს ხეობაში. საკმაოდ რთულად სავალ გზაზე გამოუცდელ მხედრებს უჭირდათ სიარული, ბიჭები გადანაწილდნენ თავსა და ბოლოში მოექცნენ ქარავანს, ნელ-ნელა ფრთხილად მიიკვლევდნენ გზას. კარგი მოსაუბრე გამოდგა მინდია, აშკარად უყვარდა მისი მხარე და მთელი მონდომებით უამბობდა ახალგაზრდებს ხევსურეთთან დაკავშირებულ სხვადასხვა სახის ლეგენდებს. - მინდო, რატომ გადაწყვიტე გიდობა? - ინტერესით ჩაეკითხა აკა. - რა გითხრა? აქაურობა მოსახლეობისგან დაიცალა, თითქმის აღარავინაა დარჩენილი. გასაგებია, დღევანდელ ცხოვრებაში ძნელია ცივილიზაციისგან მოწყვეტა და ასეთი მძიმე პირობების ატანა. მინდა გაიცნოს ხალხმა, შეიყვაროს, დაინახოს, ვინ ვიყავით და ვინ დავრჩით. ყველაზე მეტად ტრადიციები ხომ სწორედ აქაა შენარჩუნებული. სიძველის, საქართველოს ნამდვილი სუნი აქ დგას. - ერთ-ერთ სტატიაში წამიკითხავს: „მუცოში მზე არ ამოდის, მუცოში მზე ჩამოდის – ასე, სხივები ისრებად დაეშვებიან მწვერვალებიდან და ნელ-ნელა ჩამოივაკებენო“.- საუბარში ჩაერია თეკლეც. - ასეა, გვიან თენდება, მზის სხივები თითქმის ვერ სწვდება ამ კუთხეს. ესეც ჩვენი „ქაჯეთის ციხე“, ამ ნაგებობას სწორედ ამ სახელით მოიხსენიებდა ჯავახიშვილი. ამბობენ თვით თორღვა ძაგანი დღემდე გადმოყურებს მუცოს ხეობასო. - თვალებ გაფართოებულნი, დაზაფრულნი შესცქეროდნენ მუცოს ციხე-სიმაგრეს, ახალგაზრდები, რომელიც ჩაშავებული, პირქუშად გადმოჰყურებდა დაუპატიჟებელ სტუმრებს. - ვინ იყო თორღვა? - ცნობისმოყვარედ, ხევსურულ კილოზე იკითხა აიკომ. - დაზუსტებით არავინ იცის. მისი სახელი ბურუსითა და ლეგენდებითაა მოცული. მუცოს ციხე-ქალაქში ფრიალო კლდეზე, აი ის განცალკევებით მდგომი ციხე ატარებს მის სახელს. ის ერთადერთი ქონგურებიანი კოშკია მთელს პირიქითა ხევსურეთში. - დავიჯერო, არც ლეგენდებში არაა აღნიშნული მისი ვინაობა? - ამჯერად ასათიანი დაინტერესდა უცნობი თორღვას ისტორიით. - რა ვიცი, თუ ლეგენდას დავუჯერებთ, კახთა მეფე მტერს გამორიდებია და ერთი წლის განმავლობაში მუცოსთვის შეუფარებია თავი. შეჰყვარებია შეთეკაურთ, ულამაზე ქალი და ამ სიყვარულის ნაყოფიაო თორღვა. როგორც უხუცესები ჰყვებიან, ძაგანს ბეჭებზე მზისა და მთვარის გამოსახულება ჰქონია. მუცოს ბელადი იყო, ლაშქრობდა ჩეჩნეთში და ლეკეთში, თუშეთი და ფშავი ბეგარას უხდიდა. კახთა მეფეს, თავის მამას წილს სთხოვდა თურმე. იმხელა ლაშქარი ჰყოლია, რომ ციხის აგებისას ანატორიდან მუცომდე, დაახლოებით 8 კილომეტრის მანძილზე ქვები ხელიდან ხელში გადაცემით მიუტანიათ. მის ჯაჭვის პერანგს ქაჯეთში შვიდ წელიწადს ქსოვდნენ თურმე, რომელიც იქ იკუმშებოდა ბრძოლის დროს, სადაც ტყვია ან ისარი უნდა მოხვედროდა... თორღვაი მუცოს სიამაყე, მისი ლეგენდაა. - თხრობა დაასრულა მინდიამ და თვალი მოავლო აღტაცებით მომზირალ მეგობრეს. - შეუძლებელია აქ მოხვდე და სული არ გეტკინოს, მუზა მისით გეწვევა და ძალით აგამღერებს! თითქოს ვასიკოს სიტყვებს ელოდაო, სწორედ ამ დროს გაისმა ნიკას ბარიტონიც, რომელსაც მაშინვე აჰყვნენ დანარჩენებიც: - „სადაც ოქროსფერი მზის ქაფია, თორღვაის ცხენები იქ აბია, ჯაჭვი ძაგანისა მიაბნია, ჟამმა გზა -ბილიკებს უცნობს. მეც ხომ ვიძახოდი ღვთის კაფიას, მტერი მამულისა მიკაფია, სისხლი წყაროსავით მიხაპია, იმედი რომ ერქვა მუცოს. “ღმერთო! ძე ღვთისაო და მარიამ, მტერი, მოყვარე მთავარია, ჩემთან არც ერთი არ არიან, ყველასთვის გავმხდარვარ უცხო”. ნეტა ეს ხმაა და რა ზარია, რა გოდება და თავზარია, მუცოს ბეჭები გაბზარვია, ჟამისგან ძლეულა მუცო… სურდათ აკვნები ურწეველი, მტერი არ დარჩა უწვეველი, “წასული თავ-ბედ უწყევლელი, ქართლს მტერი ეყოლება ნურცო”. ასე ურყევი და ურღვეველი, მტრისათვის ხარკის უძლეველი, გაუტეხელი და უძლეველი, ჟამისგან ძლეულა მუცო. სადღაც ლამპიონთა ღაღანია, სადღაც ვაჭრობაა გაგანია, ვიღაც მდიდრდება და წუწკობს. აქ კი აღარც თორღვა ძაგანია, აღარც ფარ-შუბების ჭახანია, მშველელს ელოდება რა ხანია ბეჭებგაბზარული მუცო“… - ასეთი ყრუნი და უნიჭონიც კი ავმღერდით და კიდევ უკვირთ ამ ბუნების შემხედვარე რატომ იყო ვაჟა გენიოსი... - სიცილით აღნიშნა ტატომ. - არა მგონია ვაჟას ნიჭიერება მხოლოდ ბუნების ბრალი ყოფილიყო, ასე რომ იყოს, მინდია სულ შაირებით უნდა ლაპარაკობდეს... - ეშმაკურად გახედა არაბულს ნიკამ. - არ მინდა საკუთარი შესაძლებლობების ბოლომდე გამოვლენა, ვაიდა ვერ გაუძლოს თქვენმა სუსტმა გულებმა?! - ხუმრობაში აჰყვა მინდიაც მეგობარს. ისეთი ამაღლებულები, დადებითი ემოციებით დამუხტულები, ალბათ საშუალება რომ ჰქონოდათ მთებსაც გადადგავდნენ. ბევრი არ უნდა ქართველს ბედნიერებისთვის, სულ მცირედიც კი ჰყოფნის. დუმილს არ არღვევდა არც ერთი, ჩუმად ათვალიერებდნენ ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს, იქაური მოხუცებიც მოინახულეს, მიესიყვარულნენ, მოეფერნენ, პატარა ბავშვებივით დაუკოცნეს თეტრი ჭაღარა, კიდევ ერთხელ გადაუხადეს მადლობა ამ ადგილების შენარჩუნებისა და გადარჩენისათვის. ისეთი შეგრძნება ჰქონდათ, თითქოს საკუთარ სახლში, საკუთარ ოჯახებში იყვნენ, სადაც მთელი ცხოვრება ელოდნენ მათ ჩასვლას. მისი სამშობლოს წარსული, ამაყი დიდება გადმოჰყურებდათ და თავადაც ორმაგად ამაყნი იდგნენ. არ მინდა გაბუქებულად ჩათვალოთ ჩემი სიტყვები, ალბათ ზუსტად ვერც გადმოვცემ მათ ემოციებს, თუმცა ერთი რამ ნამდვილად უნდა ავღნიშნო, იმ დღეს საკუთარ ცხოვრებას სხვა თვალით შეხედეს, თითქოს მაშინ გაიაზრეს რამხელა ტვირთი არგუნა ღმერთმა სატარებლად, ტვირთი რომელსაც სახელად ქართველობა ერქვა. ასეთი აჟიტირებულები და სასიამოვნოდ დაღლილები უკან ბრუნდებოდნენ მეგობრები, გზად ლიკას სოფელი უნდა გამოევლოთ. თეკლემ მესიჯით შეატყობინა მუცოს ხეობაში სტუმრობას რომ გეგმავდნენ, სთხოვდა: - იქნებ შემოგვიერთდეო, მაგრამ მაინც ვერ გაბედა, რაღაც აჩერებდა, აფერხებდა. ამას ისიც დაემატა, რომ ორიოდე დღის წინ ბიძაშვილი, ბექა ჩამოუვიდა სტუმრად რამდენიმე მეგობართან ერთად. რომელნიც ყოველ ნაბიჯს მკაცრად უკონტროლებდნენ ქალს, ალბათ, გაუჭირდებოდა მათთვის ახსნა სად მიდიოდა და ვის უნდა შეხვედროდა. თეკლე ალბათ ნაწყენი იქნებოდა, რომ არ მივიდა, არც სტუმრობას დაჰპირებია, მაგრამ ლიკა მაინც ელოდა, ნატრობდა ოღონდ მისულიყვნენ. იქნებ „ისიც“ კი დაეთანხმებინათ, იქნებ.... კარგა ხანია ნიკას სახელის ხსენებაც კი უჭირდა ცრემლების გარეშე, თუმცა ალბათ ამდენს ვერ ინატრებდა. მიუხედავად ეჭვისა თვალები მაინც დააწყდა მოლოდინში. გულის სიღრმეში სჯეროდა, არ მივიდოდნენ, მაგრამ პატარა იმედი მაინც ჰქონდა, ზედმეტად კარგად იცნობდა მეგობრის ხასიათს. - ასეთი ტკივილისთვის არ გამიმეტებს. ნიკა რომც ვერ დაითანხმოს თვითონ აუცილებლად მომინახულებს!.. - უკვე მერამდენედ უმეორებდა საკუთარ თავს და ნერვიულად ბოლთას სცენდა ოთახში. - დღეს რაღაც ზედმეტად დაძაბული ხარ, მოხდა რამე? - ეჭვით შეხედა მეგობრებთან ერთად სახლში შემოსულმა საშუალო სიმაღლის, წაბლისფერ თმიანმა ბექამ. - არაფერი, სტუმრებს ველოდი... - ხმაში ტკივილი გაეპარა ქალს. - სტუმრებს? სტუმრები კარგია... - ირონია გაურია ვაჟმა, - ესე იგი გვიქეიფია? - ისინი საქეიფოდ არ მოვლენ... - თვალები ცრემლებით აევსო ლიკას. - ასე რატომ რეაგირებ, შენი სტუმარი ქალია თუ კაცი?! - ეჭვი გაკრთა ერთ-ერთი ძმაკაცის ხმაში. უსიამოვნოდ გასცრა მისი ხმის გაგონებაზე ლიაკოს, რაღაც არ მოსწონდა ამ ბიჭში, თუმცა ზუსტად ვერ ხვდებოდა რა. - ჩემი უახლოესი დაქალია... - დანარჩენები შეგნებულად არ ახსენა მათთან საუბარში. - ლამაზია შენი მეგობარი?! - თვალები აუციმციმდა ერთ-ერთს. - შენ მაინც ვერ შესწვდები!... - ცინიკურად, დაუფარავი ზიზღით გახედა ლიკამ, ყოველთვის ნერვებს უშლიდნენ ასეთი თვითდაჯერებული კრეტინები. - რაღაც ზედმეტებს იღებს საკუთარ თავზე ეს გოგო... - მუქარა გაურია ბექამ ხმაში, თუმცა ლიაკომ მისი სიტყვები აინუნშიც არ ჩააგდო. ამაყად თავაწეული გავიდა ეზოში. უკვე ბინდდებოდა, იმედი საბოლოოდ გადაეწურა, ცრემლებს ვეღარც იკავებდა, სასოწარკვეთილი ჰამაკში იყო წამოწოლილი და საკუთარ, დაკარგულ ბედნიერებას უკვე მერამდენედ მისტიროდა, სწორედ ამ დროს შემოესმა თეკლეს წკრიალა ხმა. ფრთხილად, მორიდებით იძახდა გოგონა მის სახელს. - იქნებ ეს სახლი არაა? - თათიას ხმაც გაიგონა და მყისვე წამოხტა ადგილიდან. - რა ვიცი აბა, იმ მოხუცმა ქალმა გავაშელები მანდ ცხოვრობენო... - ტატოს მყისვე იცნო. ყურებს არ უჯერებდა ლიკა, მაინც მოვიდნენ, იცოდნენ რომ ელოდა და მოვიდნენ. გული გამალებით უცემდა, სიხარულის ცრემლებს ვეღარც იკავებდა. ძლივს გადადგა ნაბიჯი. - გოგოებო აქ ვარ!... - საკუთარი ხმა ვერ იცნო, ემოციებისგან თითქოს ჰაერი არ ჰყოფნიდა. სწრაფი ნაბიჯით, თითქმის სირბილით გარბოდა მათ შესახვედრად. კარებში გავიდა და ორმაგად გაოცდა. ნელი ჩორთით ამოდიოდნე ეზოსთან არსებულ აღმართზე ახალგაზრდები. ყველანი იქ იყვნენ. მთელი მათი სამეგობრო. ბინდში სახეების გარჩევა გაუჭირდა, თუმცა ერთ-ერთ, უკან მომავალ ცხენოსანში მაშინვე იცნო ოდნავ მომღიმარი ნიკა. - ხომ გითხარით ეს სახლიათქო! - ამაყად გადახედა თეკლემ დანარჩენებს და ჯერ კიდევ გაოგნებულ დაქალს მოეხვია. - რა არის გოგო ეს? ამის იქით მე მგონი ყვავებიც არ დაფრინავენ... - ხვნეშა-ხვნეშით ჩამოხტა ცხენიდან ტატო. - ყვავები არა ტო, არწივები... - როგორც ყოველთვის ისევ ხუმრობდა ფარნაც. - ღმერთო ჩემო, როგორ გამახარეთ, თქვენ ხომ არც კი იცით, ვერც კი წარმოიდგენთ... სათითაოდ კოცნიდა მონატრებულ მეგობრებს ლიკა. ყველანი თბილად მოიკითხა, გულში ჩაიკრეს, მიეფერნენ. სრულიად უცნობი მინდიაც კი მიესალმა, თუმცა მხოლოდ ერთი ადამიანი დუმდა. ხმას არ იღებდა. ვერაფერი უთხრა ვაჟმა. ტკივილით უმზერდა ლიკას. არადა ნამდვილად ეგონა, რომ ამდენი ხნის შემდეგ პატიებას შეძლებდა. ჩაიხუტებდა და ხელს არ გაუშვებდა მონატრებულ ქალს. არ გამოუვიდა, დაინახა და ისევ ისე ეტკინა, როგორც პირველად. არ ყოფილა იოლი. მაინც ვერ დაივიწყა. ალბათ მისი დუმული ეტკინა ლიკას, მაგრამ უხმოდ გადაყლაპა ცრემლები. არ შეიჩნია. ისევ თვითონ მოიკითხა ვაჟი: - როგორ ხარ, ნიკა? - ძლივს გაიგონა საკუთარი ხმა. - მადლობ, კარგად. შენ? - აშკარად მოვალეობის გამო ჰკითხა ვაჟმა, პასუხს არც დალოდებია იქვე მდგომ მინდიასთან დაიწყო საუბარი. პირველად გაუხარდა ბიძაშვილის გამოჩენა ლიკას, დაძაბული სიტუაცია ბექამ განმუხტა: - აი ეს მესმის, თურმე სტუმრები გვყოლია, ასე კარებში ხომ არ დავხვდებით, ლიკა არ უნდა შემოიპატიჟო?! - საყვედურით გახედა დაბნეულ ქალს. უცებ გამოფხიზლდა გოგონა, უცებ დატრიალდა, ცხენებს სწრაფად მიუჩინეს ეზოში ადგილი და ყველანი სახლში შელაგდნენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.