მთვარის ბნელი მხარე - II თავი
აზრზე თავის ტკივილმა მომიყვანა. თავიდან ვერ მივხვდი სად ვიყავი, რატომ ვიწექი მყარ ლოგინზე, მეხურა უხეში პლედი და მტკიოდა მთელი სხეული, განსაკუთრებით კი თავი. მერე კი რეალობა თავს დამატყდა უცბად მოვარდნილი ცუნამივით. წვიმა... უცნობი... ხანძარი.. მშობლები. -დედა,- ვიყვირე და ადგომა ვცადე,- მამა,- ხელებს უმწეოდ ვაფათურებდი, მაგრამ უცნობ გარემოში ვერაფერს ვხვდებოდი, ისიც კი არ ვიცოდი, სად ვიყავი. ლოგინიდან წამოვდექი, მაგრამ მაშინვე დავეჯახე რაღაც მყარს და წავიქეცი. -დედა,- ცრემლები შეუჩერებლად მდიოდა,- მამა,- მაკანკალებდა სიცივისაგან და ამავე დროს სიცხისაგან ვიწვოდი,- სად ხართ?- კიდევ ერთხელ ვცადე წამოდგომა,- არ დამტოვოთ. უთქვენოდ რა ვაკეთო? მე ხომ ვერაფერი გავაკეთე თქვენთვის, მხოლოდ თქვენი სიყვარულით და სიკეთით ვსარგებლობდი... -აქ რას აკეთებ?- გავიგე უკვე ტკივილამდე ნაცნობი ბოხი ხმა. -გთხოვთ, მიმიყვანეთ ჩემს სახლთან,- ავიხედე ზემოთ. და სწორედ მაშინ. სულ ერთი წამით... არა, წამის მეასედით, მისი სილუეტი დავინახე. მაღალია, მხარბეჭიანი და ზურგჩანთა აქვს მოკიდებული. ეს ზმანება იმდენად მოულოდნელი აღმოჩნდა, რომ მაშინვე შევწყვიტე ტირილი. -ზურგჩანთა გაქვთ მხარზე გადაკიდებული?- ვკითხე მოულოდნელად კონტექსტიდან ამოვარდნილი კითხვა. -რა?- დაიბნა ბიჭი, მერე კი მიპასუხა,- კი. შენ რა იცი? -დავინახე,- ვუთხარი გაოგნებულმა. -ხედვა დაგიბრუნდა?- მგონი ჩემზე მეტად მას გაუკვირდა. -არა,- გავაქნიე თავი,- სულ წამით დავინახე თქვენი სილუეტი. -საინტერესოა,- მისი ხმა მართლა დაინტერესებული იყო. მაგრამ უცებ გამახსენდა თუ რატომ ვტიროდი სულ რამდენიმე წუთის წინ. - ჩემი მშობლები...- ვუთხარი ჩახლეჩილი ხმით.- გთხოვთ, მიმიყვანეთ სახლთან. -მისმინე...- ისევ გაჩერდა, მე კი მივხვდი რასაც ელოდა. -ნიცა,- ვუკარნახე მე. -მისმინე, ნიცა,- ღრმად ჩაისუნთქა,- იმ ქალბატონის ნათქვამი... -არ თქვათ,- ვთხოვე მე. არ შემეძლო ამის მოსმენა. თითქოს ამას რომ გავიგებდი, ყველაფერი დასრულდებოდა. ისინი საბოლოოდ დამტოვებდნენ. -აქ იქნები, სანამ არ გადაწყვეტ, რომ მზად ხარ მოისმინო სიმართლე,- მითხრა მან და ხელი მომკიდა. რამოდენიმე ნაბიჯში სკამზე დამსვა და წინ რაღაც დამიდგა, ხმის მიხედვით წყალი, წვენი, ჩაი ან თუნდაც ყავა. -მინდა რაღაცით მაინც დაგეხმაროთ,- ვუთხარი მე. -რისი გაკეთება იცი?- მკითხა ხმადაბლა. -ბევრი არაფრის,- დავხარე თავი და მგონი გავწითლდი კიდეც. ამაზე ჩაეცინა. -ასეც ვიფიქრე. უბრალოდ დაისვენე,- მითხრა და ჭიქა ახლოს მომიწია,- დალიე. -მადლობა,- ვუთხარი და ავიღე ცხელი ჭიქა, რომელშიც არომატული ჩაი აღმოჩნდა. -გემრიელია,- ვუთხარი როგორც კი გავსინჯე. -ჩემმა დამ მასწავლა დაყენება,- მიპასუხა და მისი ხმა საგრძნობლად შეიცვალა ამ სიტყვებზე. -მადლობა გადაეცით,- ვუთხარი ღიმილით,- მართლა ძალიან გემრიელია. -ვუთხრა...- თქვა ხმადაბლა და იმედგადაწურული ტონით,- ეს გამიჭირდება,- მის ხმაში საოცარი ტკივილი და მონატრება ისმოდა,- ის აქ აღარაა. -აღარაა?- ვერ მივხვდი მე. -წავიდა... დამტოვა. -საზღვარგარეთ წავიდა?- ვკითხე დაბნეულმა,- თუ გათხოვდა? -სულელი ხარ თუ თავს ისულელებ?- იფეთქა უცნობმა. მე კი შიშისგან შევკრთი და სკამის საზურგეს მივეყრდენი. -ბო... ბოდიში,- ვუთხარი ენის ბორძიკით. უცნობმა ღრმად ჩაისუნთქა. -ეს მე უნდა გთხოვო პატიება,- სკამის ხმა გავიგე. ჩემს წინ დაჯდა,- ჩემი და დაიღუპა. მე პირზე ხელები ავიფარე. როგორ ვერ მივხვდი? სულელი მე. თემა უნდა გადავიტანო. -რომელი საათია?- ვკითხე მოულოდნელად. -ეს შენი "ფიშკაა"?- მიპასუხა კითხვაზე კითხვით. -რას გულისხმობთ?- დამაბნია ამ გაურკვეველმა კითხვამ. -ხვდები მაინც როგორ უცნაურ და მოულოდნელ კითხვებს მისვამ?- რატომღაც გაეცინა უცნობს, თან სიბრაზეც დაავიწყდა,- და თუ კიდევ კითხვაზე კითხვით მიპასუხებ, ოთახიდან გავალ. -რაღაც მინდა გთხოვოთ,- ვუთხარი მორიდებულად. -რაც გინდა,- ამოიოხრა მან,- შენგან ნორმალურ პასუხს ვერ მიიღებს კაცი. რით შემიძლია დაგეხმარო? -ინტერნეტი გაქვთ სახლში?- ამ კითხვის მერე რამდენიმე წუთი სიჩუმე ჩამოვარდა. -მართლა შეუძლებელი ხარ,- გაეცინა გულიანად. უცნაური სიცილი ჰქონდა, ყველასგან განსხვავებული. მიუხედავად ჩემი ალოგიკური კითხვებისა, მაინც მიპასუხა,- მაქვს, მერე? -ერთი ბლოგის წაკითხვა მინდა გთხოვოთ,- ვუთხარი და თვალები დავმალე. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვხედავდი, მაინც არ მინდოდა ჩემი თვალები დაენახა. -კარგი,- მითხრა ხმადაბლა და მაშინვე კომპიუტერის ჩართვის ხმა გავიგე,- მიკარნახე. მეც ვუკარნახე - Ouja Atsushi. უცებ გაჩერდა კლავიატურაზე თითების თამაშის ხმა, მერე კი მაინც აკრიფა. -არის სიახლე?- ვკითხე მოუთმენლად. -არა,- მიპასუხა მაშინვე. -უცნაურია, ასეთ დროს უკვე განახლებული აქვს ბლოგი,- გამიკვირდა და ავღელდი. ჩემთვის სრულიად უცნობ ადამიანზე. უეცრად გავიგე ხმა, როდესაც ორი დაკლიკებით დოკუმენტს ხსნი. -დაიდო,- მითხრა რატომღაც ხმადაბლა. -რა გააკეთეთ?- ვკითხე გაოცებულმა. -გვერდი განვაახლე,- მიპასუხა ძალიან ჩქარა. არა, უცებ არ გაუცია პასუხი, უბრალოდ სიტყვები წარმოთქვა სწრაფად. "მატყულებს" - ეს იყო რაც გავიფიქრე მაშინვე, მაგრამ ვერ მივხვდი რაში სჭირდებოდა, ამიტომ გავჩუმდი. -წამიკითხავთ?- ვკითხე იმედით. წამიკითხა... სჯობდა არ მეთხოვა. ჩემი საყვარელი ბლოგერი წერს მარტოობაზე. არა ისეთზე როდესაც არავინ გყავს, არც ნათესავები და არც მეგობრები. არამედ სულის იმ განწყობაზე, რომელიც არ არის დამოკიდებული შენს გარშემო ადამიანთა რაოდენობაზე. რასაც ვერ შველის ვერც საყვარელი ადამიანი და ვერც ხმაურიანი წვეულებები. ბლოგერი თვლის, რომ ეს სწორია და აბსოლუტურად ნორმალური, რადგან ყველა ადამიანი თავისთავად მარტოსულია, უბრალოდ ბევრი არ იწუხებს თავს ამაზე ფიქრისთვის. თავად სიტყვა მარტოობა იწვევს ადამიანებში სტერეოტიპულ უარყოფით რეაქციას, მაგრამ ბლოგერი თვლის, რომ ესეც ბუნებრივია და არც თუ ისე ცუდი. მას არ სჯერა მონათესავე სულების, არ სჯერა რომ ოჯახი არის ადამიანების ჯგუფი, ვინც თავს მარტოსულად არ გრძნობს სანამ სხვები არიან მის გვერდით. მარტოობა ყოველთვის ჩვენთანაა, თან გვახლავს. უბრალოდ იმალება გულწრფელი ღიმილის უკან... ინტერესის უკან, რაც გაგაჩნია გარშემომყოფთა მიმართ... მაგრამ არსად არ ქრება. ის სულ შენთანაა. -მისი დღევანდელი ბლოგი ფილოსოფიის წიგნის სტატიას უფრო ჰგავს,- რატომღაც გავბრაზდი. უცნობს ამაზე გულიანად გაეცინა,- რა მოხდა?- დამაბნია მისმა სიცილმა. -მეც ზუსტად ეს გავიფიქრე,- ამიხსნა მან. -შეიძლება რაღაც გკითხოთ?- გავთამამდი ცოტა. -უკვე მეშინია,- მიპასუხა მან და დარწმუნებული ვიყავი, რომ მან თვალებიც დაქაჩა. ამან გამამხიარულა. -რა გქვიათ?- ვკითხე ღიმილით. -შენთვის მეტისმეტად ბანალური შეკითხვაა,- გაეცინა უცნობს,- ბაჩო. და კიდევ, 29 წლის ვარ, ამიტომ შეგიძლია შენობით მომმართო. -29 წლის?- აი ამან გამაკვირვა. -კი,- როგორც სჩანს ბიჭი დავაბნიე ჩემი რეაქციით,- ხომ მშვიდობაა? -ისეთი ხმა გაქვს, გაცილებით დიდი მეგონე,- არ დავუმალე ჩემი ფიქრები. ხმა მართლა ძალიან ბოხი ჰქონდა. ზუსტად ისე, როგორც გამოცდილ მწეველს. -მამაჩემის გენებია,- მიპასუხა სიცილით ბაჩომ,- ახლა მე მაქვს შეკითხვა, შეიძლება? -რა თქმა უნდა,- გავუღიმე მე და არომატული ჩაი მოვსვი. -საიდან იცი ამ ბლოგერის შესახებ და ვინ გიკითხავდა მის პოსტებს?- ტყუილად მაბრალებს, თავადაც მშვენივრად გამოსდის დაბნევა შეკითხვებით. უბრალოდ მართლა მოულოდნელი აღმოჩნდა ეს შეკითხვა. თუმცა არაფერი განსაკუთრებული არ ყოფილა. -გზაში მიმავალმა გავიგე გამვლელი გოგოების საუბარი და ნიკი დავიმახსოვრე. დედა მიკითხავდა,- რატომღაც მშვიდად ვთქვი ეს ფრაზა. "სტრესის ბრალია", ამოვიოხრე ჩემთვის, მაგრამ გარეგნულად არ შევიმჩნიე. -დედა?- ცოტა გაუკვირდა ბიჭს. -შენც კითხულობ მის ბლოგს?- ვკითხე, მაგრამ მერე ჩემითვე გავეცი პასუხი კითხვას,- რომ არ კითხულობდე, ასეთი რეაქცია არ გექნებოდა. კი, დედა მიკითხავდა. მიუხედავად ზედმეტად თამამი თემებისა, ძალიან მომწონს მისი განსჯა, მერე კი მე და დედას სასაუბრო და საკამათო თემებიც გვქონდა. მან ყველაფერი ამიხსნა. მე სხვა ბავშვებისგან განსხვავებით, რომლებიც ყველა უხერხულ თემას სკოლაში იგებენ და მეგობრებთან არჩევენ, ასეთი ფუფუნება არ მქონდა. ამიტომაც დედისგან გავიგე რა იყო თვიური, რით განსხვავდებიან ქალები და მამაკაცები ერთმანეთისაგან და მათი ურთიერთობის დელიკატური საკითხები,- გულწრფელად ვუყვებოდი ახალ ნაცნობს ყველაფერს. -გასაგებია,- აშკარა იყო, რომ ბიჭისთვის არაფერიც არ იყო გასაგები, მაგრამ დამეთანხმა,- რა მოგეწონა ყველაზე მეტად? -სიმართლე გითხრა? მისი განსჯა სიყვარულზე. არაერთი წიგნი წამიკითხავს სიყვარულზე, არაერთი მაღალფარდოვანი ფრაზა მომისმენია ამ ლამაზ გრძნობაზე, მაგრამ ყველაზე მეტად მაინც ბლოგერის სიტყვები დამამახსოვრდა, რადგან მეც ზუსტად მასავით ვფიქრობ, უბრალოდ ასე ლამაზად ვერ ვაყალიბებ ჩემს აზრს. -არ მახსოვს ეგ თემა, შეგიძლია გამახსენო?- მკითხა ბიჭმა. მისი ხმის ტონი ოდნავ შეიცვალა. თითქმის შეუმჩნევლად. ისევ დაძაბულია. ან მალავს რაიმეს. მაგრამ რას? დიდხანს არ მიფიქრია ამაზე, უბრალოდ გაზეპირებული ტექსტი ვუთხარი: -"ამ თემაზე დავფიქრდი მას შემდეგ, რაც დამებადა შეკითხვა - რა არის ჩემი ცხოვრების მიზანი. ყველა ადამიანი ადრე თუ გვიან უსვამს ამ შეკითხვას საკუთარ თავს და პრიორიტეტებს ალაგებს. ხოლო როდესაც ეკითხები შენს თავს რა ხარ შენ სიყვარულის გარეშე, ყველაფერი თავის ადგილას დგება. ჩემი აზრით სიყვარული არის ფონი, დამხმარე, მაგრამ არანაირად მიზანი და არავითარ შემთხვევაში ის არ უნდა იყოს ცხოვრების აზრი. ადამიანი იბადება თვითრეალიზაციის სურვილით. ყველას აქვს თავისი მიზანი, დანიშნულება. სიყვარული კი უბრალოდ ეტაპია, თუმცა უდაოდ მნიშვნელოვანი. მაგრამ არა უმთავრესი. სიყვარულში კი არის ის უსიამოვნო მომენტი, რომ ზოგიერთ შემთხვევაში ერთ-ერთი საკუთარი უსუსურების გამო გადაწყვეტილებას იღებს ორივეს ნაცვლად, მეორეს კი ისღა რჩება, რომ შეეგუოს სხვის გადაწყვეტილებას. ასევე არის არჩევანი, რომლის გაკეთებაც ხშირად უწევს შეყვარებულ ადამიანს. და თუ არჩევანზე მიდგება საქმე, სიყვარული უკვე განწირულია, რადგან თუკი არჩევანს საყვარელ ადამიანზე გააკეთებ, ადრე თუ გვიან წამოაყვედრი, რომ რაღაც დაკარგე მის გამო. ხოლო, ვის სასარგებლოდაც არჩევანს გააკეთებ, თუკი ნამდვილად უყვარხარ, არ აპატიებსსაკუთარ თავს, რომ მის გამო რაღაც დაკარგე". აი ეს არის მისი აზრი სიყვარულზე. ძალიან ბევრჯერ გადავიკითხე. თუ ჩემი აზრი გაინტერესებს, ვეთანხმები ყველაფერს... ყველაფერს გარდა იმისა, რომ არჩევანზე თუკი მიდგება საქმე სიყვარული განწირულია. -შენი აზრით ვის აირჩევ?- ჩაერთო ჩემს მონოლოგში ბაჩო,- მაგალითად არჩევანი დაგიდგა მშობლებსა და საყვარელ ადამიანს შორის, ვის აირჩევ?- მკითხა ბიჭმა დაუფიქრებლად, მაგრამ უცებ გაჩერდა. მე ისევ მშვიდად მივიღე კითხვა. -მშობლებს,- ვუთხარი მტკიცედ. -ამას ახლა იძახი. რომ შეგიყვარდება მერე სხვანაირად აჭიკჭიკდები,- გაეცინა ბაჩოს. -შეიძლება. მაგრამ მაინც მგონია, რომ ურთიერთ დახმარება უფრო მნიშვნელოვანია ასეთ შემთხვევაში. -კომპრომისს გულისხმობ?- აშკარა იყო, რომ დააინტერესა ბაჩო ამ სიტყვებმა. -არა. კომპრომისი არ არსებობს,- ვუთხარი მე,- არ ღირს დათმობა, მერე ინანებ... აუცილებლად. უბრალოდ ერთმანეთს უნდა დაეხმაროთ. თუკი ერთმანეთი გიყვართ, ამას სიხარულით გააკეთებთ. -საინტერესოა,- გაეცინა ბიჭს. -მაშინ... მარტოობაზე რას ფიქრობ?- მკითხა ინტერესით. მე იშვიათად მეძლეოდა შანსი ასე განმეხილა თემები ვინმესთან. უფრო ზუსტად, მხოლოდ დედასთან ვაკეთებდი ამას, ამიტომაც გულწრფელად ვუპასუხე: -საერთოდ ყველა ადამიანი მარტოსულია, მაგრამ ხანდახან ეს ძალიან მძაფრად იგრძნობა. თითქოს დედამიწაზე არავინ ახლობელი აღარ დარჩა. ისინიც კი, ვინც გვერდში გყავს, უცხოებად გეჩვენებიან. მაგრამ ეს იმიტომ ხდება, რომ ჩვენ გვჭირდება გვერდით ადამიანების დგომა. ასევე გვინდა, რომ ჩვენც ვჭირდებოდეთ ვინმეს და მათთვის რაიმეს წარმოვადგენდეთ. ისინი, ვინც თვლიან, რომ მათ არავინ სჭირდებათ, უბრალოდ არ არიან ბოლომდე გულწრფელნი. ან ეს უბრალოდ მათი დაცვითი რეაქციაა. თუმცა მე არ ვლაპარაკობ მათზე, ვინც რეალურად მარტოსულია. არადა ადამიანს ძალიან ცოტა სჭირდება იმისათვის რომ არ იგრძნოს თავი მარტოსულად. მხოლოდ საჭირო სიტყვა, სულ მცირე ყურადღება ან მეგობრის ხელი ზურგზე. განა ასე არ არის?- ყელი გამიშრა ამხელა ტირადის მერე და ჩაი მოვსვი. როდესაც სიჩუმე გაგრძელდა, ვუთხარი,- მართალია მასავით ლამაზად ვერ ვაყალიბებ, ბოდიში. იმავე წამს შევკრთი, რადგან ხელზე, რომელიც მაგიდაზე მედო, ვიგრძენი ხელის შეხება. მას ჩემთან შედარებით დიდი ხელი ჰქონდა... დიდი, ძლიერი და საოცრად თბილი. იმდენად თბილი, რომ ამ სითბომ მთელს სხეულში დამიარა და გამაჟრჟოლა. -შენი აზრით, ნორმალურია მარტოობის შეგრძნება?- მისი ხმა ისევ შეიცვალა. ერთი ოქტავით ქვემოთ ლაპარაკობს და ხრინწიანი ნოტები ერევა. უცნაური გრძნობა მეუფლება ამ ხმის გაგონებისას, თითქოს ტანზე ჭიანჭველებმა დამიარეს, მაგრამ თავი ხელში ამყავს და ვპასუხობ: -ხანდახან ნორმალურია, მაგრამ თუკი ადამიანი სულ მარტოსულად გრძნობს თავს, მაშინ უნდა დაფიქრდეს მიზეზზე. უნდა აღიაროს საკუთარ თავთან, რომ მას სჭირდება ვიღაც ახლობელი, რომელიც რომც არ იზიარებდა მის აზრებს, მიიღებს და გაიგებს მაინც მათ. თუკი დიდი ხნის განმავლობაში გრძნობ, რომ არავის სჭირდები, უნდა დაფიქრდე და შეცვალო რაღაც შენში. გახდე უფრო უკეთესი, საინტერესო... მნიშვნელოვანი. მაშინ აუცილებლად გამოჩნდება ის, ვისთვისაც სულერთი არ იქნება. ბაჩოს გაეცინა. ჯერ მორიდებით, მერე კი ხმამაღლა, გულიანად. -მადლობა ნიცა,- მითხრა და ხელზე ხელი მომიჭირა,- დიდი მადლობა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.