ფრეზია და კედარი (გაგრძელება 6)
გამარჯობა. თვეები გავიდა მას შემდეგ, რაც ამის წერა დავიწყე და შევწყვიტე. ახლა გიბრუნდებით დასრულებული ისტორიით... გაინტერესებთ როგორ დამთავრდება იმ ქორწინების ამბავი, რომელშიც ორივე მხარე ოჯახებმა ჩაითრიეს? მაშინ მომყევით.... * * * რომ გამეღვიძა, მთელ სხეულში მტეხდა. თვალების გახელაც კი მეზარებოდა და მგელივით მშიოდა. საბნის ქვეშ შიშველ წელზე ვიღაცის ხელს ვგრძნობდი, კეფასთან კი ვიღაც სუნთქავდა– მამაკაცის ძლიერ მკლავს მჭიდროდ ვყავდი გულში ჩაკრული. გადმოვბრუნდი და მას დავხედე. ვერ ვიტყოდი, რომ ვნანობდი მომხდარს, მაგრამ ახლა ყველაფერი არც ისე იოლად მეჩვენებოდა, როგორც წუხელ. –მმ... გაიღვიძე?– გაიზმორა ის. დრო ვიხელთე და საბანი შემოვიხვიე სხეულზე. –მაგრად მშია, შენ?–მკითხა და კვლავ სცადა ჩემი ჩახუტება. –მეც. ადგომის დროა.–ვუპასუხე და წამოდგომა დავაპირე, მაგრამ დამიჭირა, ჩამიხუტა და თავი მის მკერდზე დამადებინა. –ცოტა ხანი, გთხოვ.–შუბლზე მკოცნიდა, თვალებზე ძალიან ნაზად, თითქოს ეშინოდა ხელში არ შემოვტყდომოდი. წუხელ არ ეტყობოდა ასეთი სიფაქიზე? –რატომ არ მითხარი, რომ... ეს პირველად ხდებოდა...–მკითხა ჩურჩულით და ორივე ლოყაზე მაკოცა. –რა საჭირო იყო.–ჩავილაპარაკე. –აქ არ მოგიყვანდი. სახლში მიგიყვანდი. რადგან წამომყევი, ვიფიქრე, რომ ეს პირველად არ ხდებოდა. –მესმის. ყველაფერი გასაგებია.–ვუპასუხე გულგრილად. თავს უცნაურად ვგრძნობდი, მხოლოდ წასვლა მინდოდა. ჩამეცვა და იქაურობას გავცლოდი.–მაგრამ უნდა ჩავიცვა და წავიდე.–ხელიდან დავუსხლტი და საბანშემოხვეული გავედი, რომ ჩამეცვა. ისღა მაკლდა, ჩემი ქონები და ცელულიტები დაენახა. რომ მოვწესრიგდი, ის უკვე ჩაცმული დამხვდა. –წავედით?–მკითხა და წამოდგა. თავი დავუქნიე. კართან მისულს წამომეწია, შემომაბრუნა და კუთხეში რომ მიმიმწყვდია, მერე მკითხა: –მითხარი, რომ არ ნანობ...–ნიკაპი ამაწევინა და ბოლოჯერ, ძალიან ნაზად და ტკბილად მაკოცა ტუჩებში. –არ ვნანობ...–ვუთხარი ბოლოს. გარეთ ხელჩაკიდებულები გავედით. იქვე ახლოს ერთ ბისტროში შევედით. სანამ არ დავნაყრდით, ხმა არცერთს არ ამოგვიღია. ყავას ვწრუპავდი უცებ რომ მითხრა: –ილია მქვია. –რა? –ჩემი სახელი არ იცი, ხომ ასეა? ხოდა ილია მქვია. –ანა. –ანა–ანუკი.–მითხრა და თბილად გამიღიმა. მაქსიმალურად ვიკავებდი თავს. ანგარიში მან გადაიხადა. არადა, მერჩივნა, ჩვენ–ჩვენი გადაგვეხადა. რომ გამოვედით, დავემშვიდობე. –კიდევ როდის გნახავ?–ხელს არ მიშვებდა ის. –არ ვიცი, იქნებ არც ღირს? –ტყუილად ფიქრობ ასე. შენი ნომერი მაინც დამიტოვე. –არ არის საჭირო. თავს ვალდებულად ნუ იგრძნობ. რაც მოხდა, მოხდა. აბა, კარგად. ქუჩის კუთხემდე მიწვავდა ზურგს მისი მზერა... * * * პრესკონფერენციის დღეს ყველანი ერთ დიდ ლიმუზინში ჩავსხედით გამოპრანჭულები, საიმედოდ დაზეპირებული ტექსტებით, ოფიციალურ სამოსში გამოწყობილები. ყველას ბედნიერი ღიმილი უნდა აგვსახოდა, მაგრამ ჯერ–ჯერობით ირგვლივ მხოლოდ დაძაბულ სახეებს ვხედავდი. ვაჩე თავის ახალ პიჯაკში ცმუკავდა. ადგილზე მისულებს წითელი ხალიჩა არა, მაგრამ ფოტოგრაფებისა და ოპერატორების ბრბო კი დაგვხვდა. ოჯახის უფროსისა და დიასახლისის გადასვლის შემდეგ ვაჩე და კანსტანწინი გადავიდნენ და ეს უკანასკნელი მობრუნდა, რომ ხელი გამოეწვდინა და მანქანიდან გადმოსვლაში დამხმარებოდა. დროც კი არ მქონდა გაოცებისთვის, არც მწარე რეპლიკის მოსაფიქრებლად. უბრალოდ გადავედი და ყველას გავუღიმე. ფოტოაპარატების ჩხაკუნმა და დამაბრმავებელმა სინათლემ დამაბნია, მაგრამ ვიგრძენი როგორ მომხვია წელზე ხელი და ძლიერა მიმიხუტა. ეს, რა თქმა უნდა, ყვითელი პრესისთვის განკუთვნილი ჟესტი იყო, მაგრამ ვიგრძენი, რომ გვერდით ვიღაც მედგა და მოვდუნდი. –ერთმანეთს შეხედეთ ახალდაქორწინებულებმა!–მოგვაძახა ერთ–ერთმა ფოტოგრაფმა. აუჩქარებლად შევბრუნდი მისკენ (ვაითუ, წაეყრუებინა და მას არ გამოეხედა!) აღმოჩნდა, რომ ის უკვე მიყურებდა. საკმაოდ თბილად. თმა ყურსუკან გადამიწია ნაზად, შუბლზე გრძნობით მაკოცა და ჩამიხუტა. მის გულწრფელობაში ეჭვის შეტანა ძნელი იყო. პრესკონფერენციაზე ყველაზე მეტი მამამთილმა ისაუბრა, დანარჩენები მხოლოდ შემდეგ ჩავერთეთ, როცა ჟურნალისტებმა კითხვით მოგვმართეს. აინტერესებდათ სად გავიცანით მე და კანსტანწინმა ერთმანეთი, ძალიან ვაწვალე თუ არა ქვეყანაში ერთ–ერთი ყველაზე სასურველი სასიძო. კონკიადაც კი მომნატლეს, ბედნიერებაც გვისურვეს. ჩვენი სიყვარულის ამბავი კანსტანწინმა შეთხზა. ყვებოდა, არ ვიცი ფილმში ნანახ თუ თავის გამოგონილ ისტორიას და თან სიყვარულით შემომყურებდა. ამ დღისთვის მეც მომზადებული ვიყავი და თბილი მზერით ვადევნებდი თვალს, ხელი ხელზე დავადე და თითები გადავხლართეთ. საუბარს რომ მორჩა, ჩვენი ერთმანეთში გადახლართული ხელები სახესთან მიიტანა და ნაზად მაკოცა ხელზე. შურიანი მზერები ვიგრძენი. მორცხვად გავიღიმე და „ვაღიარე“, რომ მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქალად ვგრძნობდი თავს, რადგან გვერდით მისნაირი მამაკაცი მყავდა და დავამატე, რომ ძალიან გამიმართლა ბედმა მასთან რომ შემახვედრა. ხაზი გავუსვი მისი თბილი ოჯახის არაჩვეულებრივობასაც. კონფერენციის მიწურულს, ერთხმად გვისურვეს სამუდამო კეთილდღეობა და მარადიული სიყვარული. მე და კანსტანწინმა ისევ შევღიმეთ ერთმანეთს და ხელზე ხელი მოვუჭირეთ (როგორც კი კამერებს მოვეფარეთ, მაშინვე გავუშვი) ალა–ფურშეტმაც ჩინებულად ჩაიარა. კანსტანწინმა ყველას დანასახად, თავისი თეფშიდან მაჭამა კბილის საჩიჩქნზე წამოცმული საზიზღრობა და მომიწია მაინც გამეღიმა. რამდენიმე საათის შემდეგ, როცა უკან ვბრუნდებოდით, ყველა ერთხმად ლაპარაკობდა. მარტო მე ვიჯექი ჩუმად. –სახლში რატომ არ გიყვართ ასე ერთმანეთი?–მკითხა უცებ ვაჩემ. გამჭოლი მზერით გავხედე კანსტანწინს, რომელმაც უბრალოდ თმა მოუჩეჩა ძმას. –როგორ არ უყვართ, სულელურ კითხვებს ნუ სვამ. უბრალოდ ჩვენ არ გვაჩვენებენ. ცხვენიათ.–აუხსნა დედამ ბავშვს. ის კი მაინც მე მიყურებდა და ბოლოს ლოყაზე მაკოცა. გავთბი. კანსტანწინმა მეც და თავისი ძმაც შეგვათვალიერა და მთელი გზა არარ ამოუღია ხმა. ჩვენ–ჩვენ საძინებლებში რომ ავდიოდით, წამომეწია და მითხა: –ნადია დაბრუნდა, ამიტომ შეგიძლია ხვალიდან საძინებელში დაბრუნდე. ერთი გავხედე– ვერც კი გრძნობდა, რომ შეიძლებოდა შეურაცხყოფას მაყენებდა. –მე უკვე მაქვს საძინებელი.–გავასწარი და ჩემი საკუთარი საძინებლის კარი საკმაოდ აგრესიულად მივიხურე. დასაწოლად რომ გავემზადე, ტელეფონმა დარეკა. აივანზე გავედი და ვუპასუხე. ბატონი დიმიტრი აღმოჩნდა. ამბობდა, რომ ყველაფერს ადევნებდა თვალს, მაგრამ სურდა ჩემგან მოესმინა შეფასებები. მეორე დღეს ყავაზეც კი დამპატიჟა. საქმიანი შეხვედრააო, წინასწარვე გამაფრთხილა. შევთანხმდით, საუბარი დავასრულე და ოთახში უნდა შევბრუნებულიყავი, რომ კონსტანწინის საძინებლიდან ხმამაღალი საუბარი მომესმა. ყური რომ მივუგდე, მისი ხმა გავარჩიე– ვიღაცას უმტკიცებდა, რომ „ის უბრალოდ ერთი გოგოა, რომელიც შემთხვევით აღმოჩნდა მის გვერდით. ნებისმიერზე ასე მოუწევდა თამაში. რომ ხომ იცის მის მეტი არავინ უნდა. მორჩეს ეჭვიანობის სცენებს და ტელევიზორის ყურებას.“ შეპირდა, როცა გნახავ, ყველაფერს აგიხსნიო. თვალები ავატრიალე და დასაძინებლად დავწექი. ჩემი მოკრძალებული საძინებელი მგონი მთელ სახლში ყველაზე პატარა იყო– ალბათ ლიდამ შური იძია იმის გამო, რომ მისი ფავორიტის საძინებელი დავტოვე (როგორ ვბედავდი მე, უბრალო მოკვდავი მისი უმაღლესობის უგულებელყოფას?!). ცარიელ ოთახში საწოლი, ტუმბო და სკამი იდგა, რომელზეც ტანსაცმელი გადავკიდე. მაინც ეს მწირი ავეჯი მერჩივნა „მის“ მწარე შენიშვნებს. დილით რომ გავიღვიძე და სასაუზმოდ დაბლა ჩავედი ხალათით (რადგან პრინცს ჯერ კიდევ ეძინა და მის იქყოფნაში არ მსურდა გამოსაცვლელად შესვლა), ცოლ–ქმარი და პატარა ვაჩეც სპორტულ ფორმაში დამხვდნენ, შემოსასვლელში კი ბარგი ელაგა. გაკვირვებულმა შევათვალიერე ისინი. ჩემი გამომეტყველება რომ შენიშნეს, მახარეს: –სამთო კურორტზე მივდივართ ვიქენდზე. ორშაბათს დავბრუნდებით. –მგონი ეს თქვენთვისაც სასარგებლო იქნება.–თვალი ჩამიკრა ლალიმ.–იქნებ ისევ ერთ საძინებელში იცხოვროთ? ვაჩე, ჩაის ნუ ხვრეპ, უხმაუროდ მოსვი და ცოტა დაუჩქარე, წინ დიდი გზა გვაქვს.–გადაუბრიალა თვალები ვაჟს. ბიჭს გადავხედე– საწყალი თვალები მომანათა. თვალი ჩავუკარი და გამიღიმა. –გიხარია წასვლა?–ვკითხე და ჯემიანი ფუნთუშა ჩავკბიჩე. –პირველად მივდივარ მთაში. ალბათ მაგარი იქნება.–გაუბედავად მიპასუხა. –რა თქმა უნდა, მაგარი იქნება! თხილამურებზე დგომას ისწავლი. ბევრ ბავშვს გაიცნობ და დაუმეგობრდები. მაგრად გაერთობი. დამირეკე და მომიყევი ხოლმე, კარგი? –კარგი. თუ დამარეკინებენ.–გაუბედავად გახედა მშობლებს ბიჭმა. ისინი უკვე ერთმანეთში საუბრობდნენ. ყურადღება მხოლოდ მაშინ მოგვაქციეს, ხელში რომ დაკეცილი ხელსახოცი ჩავუდე, რომელზეც ჩემი ტელეფონის ნომერი ეწერა და თვალი ჩავუკარი. ერთმანეთს შეთქმულებივით ვუყურებდით და ჩუმად ვიცინოდით. მაინც შეგვამჩნიეს. –ვაჩე, ჭამას მორჩი?–უკმაყოფილოდ გადახედა ლალიმ.–რამდენჯერ უნდა გავაფრთხილო, რომ ჭამის დროს ლაპარაკი არ შეიძლება?–ვაჩეს გაღიმებული სახე უცებ ჩამოერეცხა და ჩვეული საბრალო, გაუბედავი სახე მიიღო. სახეზე ალმური მომეკიდა, რატომ, რისთვის ექცეოდნენ ასე ამ პატარა, საყვარელ ბიჭუნას. თვითონ გამუდმებით საუბრობდნენ ჭამის დროს, ბავშვს რა უფლებით უკრძალავდნენ იმავეს? თქმით არაფერი ვთქვი, თავი შევიკავე, მაგრამ ვაჩეს კიდევ ერთხელ გავუღიმე გამამხნევებლად. უკვე გადიოდნენ კანსტანწინი რომ ჩამოიზლაზნა, ის უკვე საქმის კურსში იყო– ჯაშუშმა ძიძამ უკვე ყველაფერ მოახსენა ალბათ. სამივე გადავკოცნე, განსაკუთრებით გულთბილად ვაჩე ჩავიხუტე, დამირეკე–მეთქი ვუჩურჩულე, კეთილი მგზავრობა და კარგად დასვენება ვუსურვე და განზე გავდექი. კანსტანწინი გულგრილად გამოემშვიდობა მშობლებს, ძმას თმა მოუჩეჩა და დაბრუნებას ნუ იჩქარებთო მიაძახა. სანამ მანქანაში ბარგს ჩაალაგებდნენ, სახლის ღია კარიდან ვუყურებდი მათ კიბეზე ჩამომჯდარი. მანქანა დაიძრა, ვაჩეს ხელი დავუქნიე. კანსტანწინი შემოვიდა და კარი მიაჯახუნა. ზანტი ნაბიჯებით ამოვიდა და გვერდით მომიჯდა. კიბის მოაჯირს მიყრდნობილი ვიჯექი და ზედაც არ ვუყურებდი. –ალბათ სახლში დაბრუნდები, არა?–ისეთი ხმა ჰქონდა, თითქოს ძალიან ესმოდა ჩემი ფიქრების და გრძნობების. გავხედე ცერად. ყურებს არ ვუჯერებდი. პაუზის შემდეგ ვუთხარი: –ჩემი სახლი აქაა. არსად არ ვაპირებ წასვლას. თუ ჩემთან ერთად ამ სახლში ყოფნა არ გსიამოვნებს, კარი ზუსტად იქითაა, საიდანაც წუთის წინ მოხვედი. ჩემ აშკარა თავხედობაზე ტუჩები მაგრად მოკუმა და ყბები დაეჭიმა, მაგრამ მისი არ მეშინოდა. აუჩქარებლად ავიარე კიბე. ლანჩზე დიმიტრი უნდა მენახა– უნდა გამოვპრანჭულიყავი. თმა საშრობით დავიყენე, მაკიაჟი გავიკეთე, ქალურად, ცოტა დაუდევრად ჩავიცვი, შარფიც არ დამვიწყნია. სუნამოც ვიპკურე და ქუსლებზე შემდგარმა რომ ჩავიხედე სარკეში, ანარეკლს თვალი ჩავუკარი. ჩანთა და მანქანის გასაღები ავიღე და ქვემოთ ჩავედი. მაინტერესებდა პრინცი რას იტყოდა ჩემ დანახვაზე. ვერ ვიპოვე. არადა უკვე ვაგვიანებდი. კართან ლიდა ამესვეტა. –Уже собираетесъ? –Да, ну и что? –Когда вернете? –Понятия не имею. –Я советую не вернут сегодня. მსახურის უხეშობამ ადგილზე გამაშეშა. ბატონები ჯერ არ წასულან და უკვე თავს გავიდა! –Это не вам решатъ!–მივახალე, თვალები დავუბრიალე და სახლიდან გავედი. თავს ვიმხნევებდი, არ მინდოდა ლიდასთვის უფლება მიმეცა ჩემი დღე გაეფუჭებინა. მანქანა დავძარი და დიდი სიფრთხილით გავედი ეზოდან. კაფესთან რომ მივედი, უკვე 15 წუთით მქონდა დაგვიანებული. შევედი, თუმცა აუჩქარებლად. მაღალი ქუსლებიდან რომ ფეხი გადამბრუნებოდა, ამ კატასტროფას ვეღარ გავუძლებდი. საბედნიეროდ, მშვიდობით მივაღწიე კუთხემდე, ვიტრაჟების წინ მაგიდას უკვე უჯდა დემეტრე. –რა ლამაზად გამოიყურები, ნუცა!–მომაგება მისალმების შემდეგ და სკამი გალანტურად გამომიწია, რომ ჩამოვმჯდარიყავი. –გმადლობ, დაგვიანებისთვის ბოდიშს გიხდი. –15 წუთი არაფერია. თანაც, ლოდინად ნამდვილად ღირდა. თვალის დახამხამებაც ვერ მოვასწარი, „საქმიანი შეხვედრა“ როგორ გადაიზარდა პაემანში. კაპუჩინოზე გამოსახულ ყვავილს დავცქეროდი ხელზე თბილი ხელის შეხება რომ ვიგრძენი. ავხედე. თვალებში მიყურებდა და მიღიმოდა. –ელენემ მითხრა ცოტა რამ შენზე და შენს ქორწინებაზე. –მაინც რა? –ის, რომ შენი ქმარი შენთვის უცხოა და რომ მას არ ეკუთვნი. ყველაფერი ფორმალობაა და შენი გული თავისუფალია. –ელენეს არ უნდა მიეცა საკუთარი თავისთვის ასეთი დასკვნის გაკეთების უფლება.–ვუთხარი და ხელი ავიღე. უკვე წასვლას ვაპირებდი. –ასეთი დასკვნა მე გავაკეთე, ელენეს ნუ დაადანაშაულებ.–ადგილზე დამაბრუნდა დემეტრემ. პაუზა გაიწელა. ვიტრაჟიდან ქუჩას გავხედე. თითქოს არაფერი შავდებოდა ჩემი იქ ყოფნით. მაშინ რატომ ვგრძნობდი თავს დამნაშავედ? ცხვირწინ შავმა ჯიპმა ჩამიქროლა. თითქმოს მეცნო, მაგრამ ჩემი ყურადღება დემეტრემ მიიპყრო. –არ მინდა გეგონოს, რომ ცუდი ზრახვები მაქვს გათხოვილ ქალთან. მართლა მომწონხარ და რადგან ვიცი, რომ შენი ქორწინება ფარსია... იქნებ არ გეკრა ხელი? კარგად დაფიქრდი. არაფერს გაძალებ. თუ შენ გსურს, თავს დაგანებებ. თუკი ეს მართლა გსურს. –საიმედოს ვერაფერს გეტყვი.–მივუგე გულწრფელად.–მაგრამ მგონი ჩვენი მეგობრობით არაფერი დაშავდება.–დავამატე რამდენიმე წამის დაყოვნებით. –მეც ამის იმედი მქონდა.–მიპასუხა და შვებით ამოისუნთქა მან. –ოღონდ მე მართლა მეგობრობას ვგულისხმობ!–გავაფრთხილე სასწრაფოდ. –ჰო, რა თქმა უნდა. მოგზაურობა გიყვარს? * * * –ნუ მომყვები! –არ მოგყვები! –როგორ არ მომყვები?! –უბრალოდ ერთი გზა გვაქვს. –შემეშვი. რაც მოხდა, შეცდომა იყო, დაივიწყე. –არ მინდა დავიწყება. განმეორება მინდა! ვიცი, რომ შენც. –ცდები. –მაშინ მომეცი საშუალება, შენი მოგონება გავაუმჯობესო. –ზედმეტი მოგდის!–ბარის კარი გამოვაღე და შიგნით შევასწარი. –ანა!–დამადევნა, მაგრამ არ მივბრუნებულვარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.