შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფრეზია და კედარი (გაგრძელება 10)


22-02-2016, 00:26
ავტორი ani-ka
ნანახია 1 818

* * *
–ჰოდა, წარმოიდგინე, მივდივარ ჩემთან სახლში და ყველას ვუბღვერ. დედაჩემი მაგიდისკენ მიმიძღვის, სადაც კონვერტი დევს. ვხსნი კონვერტს და ვიღებ უნივერსიტეტის პასუხს ჩემი კანდიდატურის წაყენების თაობაზე. გასაუბრებაზე დამიბარეს, რაც 90%–ით აყვანილს ნიშნავს! ლამის გავგიჟდი სიხარულით!–მე და ანუკი მანქანიდან მაგიდის გადასაფარებელსა და სხვა საჭირო ნივთებს ვიღებდით.
–წარმომიდგენია. ოცნება აგიხდა ფაქტიურად. მოსაწყენად ვეღარ მოიცლი.
–იმედი საერთოდ აღარ მქონდა. რა მოულოდნელობებითაა სავსე ეს ცხოვრება...–ვთქვი და ბიჭებს გავხედე. კანსტანწინი და ანუკას ახალი შეყვარებული– ილია შეშას აგროვებდნენ ცეცხლის დასანთებად. მგონი ერთმანეთს გაუგეს.
–აბა! ვინ იფიქრებდა, რომ აქ ვიქნებოდით, თან მათთან ერთად!–დამეთანხმა მეგობარიც. სუფრა ცეცხლთან ახლოს გავშალეთ და სანამ ცეცხლი მინავლდებოდა, ვეფიცხებოდით.
სასიამოვნო იყო ტყე, სიგრილე, სუფთა ჰაერი. და ეს სიმყუდროვე. ილუზია, რომ მე და კანსტანწინი წყვილი ვიყავით. სხვა გზა არც გვქონდა– ანუკა და ილია წყვილი იყო, მათ გარდა კი მხოლოდ ჩვენ ვიყავით. ისინი რომ წყლის მოსატანად წავიდნენ, მარტონი დავრჩით.
–მგონი უკვე საკმარისად ჩაიწვა, არა?–ვკითხე მე. ის უკვე შამფურზე აგებდა ხორცის ნაჭრებს.
–ცოტაც და მზად იქნება. მომეხმარები?–იგი ცეცხლთან ჩაცუცქდა, მე კი შამფურებს ვაწვდიდი, რომ დაელაგებინა. ანუკი და ილია რომ დაბრუნდნენ, უკვე მოღამებული იყო და მწვადიც საამურად შიშხინებდა.
კარგ ხასიათზე იყვნენ. თვალები უბრწყინავდათ. თითებს ერთმანეთის თითებში ხლართავდნენ. შეგვიანების მიზეზი აშკარა იყო. მე და კონსტანტინემ ერთმანეთს გადავხედეთ.
ის იყო შამფურიდან შოთით ჩამოყარეს თეფშზე ცხელ–ცხელი, წვნიანი და ცვრიანი მწვადის ნაჭრები, რომ ტელეფონი უკვე ნაცნობ როკის მელოდიაზე ამღერდა.
მან ტელეფონს დაავლო ხელი და გაუჩინარდა. მადა ისე დავკარგე, ვერც მივხვდი მიზეზი რა იყო.
–სამწუხაროდ, უნდა დაგტოვოთ. ჩემ ცოლს სახლში ხომ დააბრუნებთ?–მიმართა გაკვირვებულ წყვილს კანსტანწინმა. ჩემთვის ზედაც არ შემოუხედია. ნეტავ სხვას რას ველოდი, ისედაც ხომ აშკარა იყო, რომ ის ჩვენ კომპანიას არ ეკუთვნოდა.
ანუკი ბრაზისგან ისე გაიბერა, მეგონა გასკდებოდა. მე ბალახის წიწკვნა განვაგრძე.
მერე რა მოხდა?
ასე ვირულად პირველად ხომ არ იქცეოდა?
არც დავმშვიდობებივარ და აღარც შემიხედავს, მხოლოდ მანქანის ხმა მესმოდა, რომელიც თანდათან გვშორდებოდა. სანამ ხმა საბოლოოდ არ შთაინთქა ღამის სიბნელეში.
ანუკას მზერა მწვავდა.
–სამაგიეროდ ჩვენ მეტი მწვადი დაგვრჩება.–ნაძალადევად გავუღიმე.
–ეგ ვერაა? ხო არ უნდა...–ჩაირთო, მაგრამ მე და ილიამ დავაშოშმინეთ.
* * *
კანსტანწინზე, როგორც მამაკაცზე, ქმარზე ფიქრი ჩემ თავს უკვე მერამდენედ (ამჯერად საბოლოოდ (მართლა!)) ავუკრძალე. მას ხომ „ნაძია“ ყავდა.
სამაგიეროდ, გადავწყვიტე, უარი არ მეთქვა დასვენების დღეების დემეტრესთან ერთად სამთო კურორტზე გატარებაზე. ახალი წელი ახლოვდებოდა. ახალი სემესტრიდან კი... არც მე არც ნაკლები ასოცირებული პროფესორი ვხდებოდი! გულისფანცქალით ველოდი როდის დადგებოდა პირველი დღე. მანამდე დრო როგორმე ხომ უნდა გამეყვანა? ამიტომ ერთ პარასკევ საღამოს ჩემოდანი წავაგორე და ლიდა მოვიხმე.
–ორშაბათ დილას დავბრუნდები. თუ რამეა, ჩემი ნომერი გაქვთ.–ვუთხარი ქართულად.
–დიახ, მაგრამ რამე მოხდა?–მკითხა გაკვირვებულმა რუსულად.
–არაფერი, დასვენება მჭირდება.–ჯიუტად ვპასუხობდი ჩემ ენაზე.
–კარგი.–მისი ნებართვაღა მაკლდა.
–ლიდა, რა ხდება?–მისაღებიდან გამოვიდა ლალი.
–არაფერი ხდება ლალი. უბრალოდ დასასვენებლად მივდივარ. აბა, ბედნიერად!–კარი გავიხურე.
გარეთ უკვე მიცდიდა დემეტრე თავისი მანქანით. არაფორმალურად გამოწყობილს პირველად ვხედავდი. მან ჯერ ჩემი ჩემოდანი დააბინავა, შემდეგ კი კარი გამიღო და მეც მაშინვე დავჯექი. არ ვიცი, იქნებ ვინმეს მზერა მაცილებდა სახლიდან. ან იქნებ არც.
* * *
გზაში დემეტრე თავს მევლებოდა– ჩემი ერთი სიტყვა, მინიშნებაც საკმარისი იყო, რომ მანქანა გაეჩერებინა სუპერმარკეტთან, ლამაზ პეიზაჟთან. ცივ წყაროსთან, მდინარესთან. იმ მუსიკას რთავდა, რაც მე მომწონდა, ხშირად მეკითხებოდა ხომ არ მციოდა, ან ხომ არ მცხელოდა. აშკარა მზრუნველობას ვგრძნობდი და ეს უჩვეულო იყო.
თბილად მელაპარაკებოდა ყველაფერზე. ვგრძნობდი, მზად იყო ყველაფრისგან დავეცვი.
სიმყუდროვეში ჩაძირულს მოსაღამოვებულზე ტკბილად ჩამეძინა. უკვე სასტუმროსთან ვიყავით, ბარგიც შიგნით შეეტანათ, დემეტრეს მორიდებულმა შეხებამ მხარზე, რეალობას რომ დამაბრუნა.
ორი ერთკაციანი ნომერი ავიღეთ და მე თავის მოსაწესრიგებლად ავედი ნომერში. შევთანხმდით, რომ ქვემოთ, ბარ–რესტორანში შევხვდებოდით სავახშმოდ.
წყალი გადავივლე, გამოვფხიზლდი, თმა დავივარცხნე და გამოპრანჭული, შავი ელეგანტური, მაგრამ დახურული კაბით გამოვცხადდი. დემეტრემ კომპლიმენტის მერე სასმელი შემომთავაზა.
–მარტინი, თუ შეიძლება.–ვუთხარი მიმტანს. დემეტრე რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ ყურადღებას ვერ ვიკრებდი– ხან მიმტანზე გამიშტერდა მზერა, ხან ბენდზე, ხანაც დამსვენებლებზე. თავბრუს მახვევდა უცხო გარემო, წყნარი მუსიკა და სიმყუდროვის, უსაფრთხოების შეგრძნება მთენთავდა.
–ნუცა.
–რა? გისმენ...–შემრცხვა, უყურადღებობაში რომ გამომიჭირეს.
–ტელეფონი რეკავს.–გაკვირვებულმა დავხედე ეკრანს. მხოლოდ შეტყობინება იყო.
–არ ნახავ?–თითქოს არ ვაპირებდი, ბოლოს მაინც გავხსენი. დემეტრემ ოფიციანტი იხმო და ჩემ მაგივრადაც შეუკვეთა ჩემივე ნებართვით.
„მამაჩემს საქმიანი წინადადება აქვს.“ იკითხებოდა შეტყობინებაში.
„ძალიან კარგი, რომ ჩამოვალ, ალბათ თვითონ მეტყვის.“
„ალბათ. მაგრამ მინდოდა გამეხარებინე. შვეიცარიაში ალბათ არ იქნები ნამყოფი.“
„შვეიცარიაში რა მინდა?“
„უნდა, რომ მას და მის უცხოელ პარტნიორებს ახლდე იქ“
„რომ ჩამოვალ მერე განვიხილავ მასთან ერთად ამ საკითხს.“
მივწერე და ტელეფონი მივაგდე. უყურადღებოდ მიტოვებულ დემეტრეს მივუბრუნდი, რომელიც სახეზე მაკვირდებოდა.
–მაპატიე, აუცილებლად უნდა მეპასუხა.–მოვუბოდიშე.
–მესმის. ძალიან გიჭირს იმ სახლში ცხოვრება?
–არა, არავინ მაწუხებს. უჩვეულოა მხოლოდ. მეტი არაფერი.
–იციან სად და ვისთან ერთად ხარ?
–სიმართლე გითხრა, არა. ალბათ დამინახეს, რომ მანქანაში ჩაგიჯექი, მაგრამ სად მივდიოდი ვერავინ გაბედა კითხვა.
ტელეფონმა ისევ გაიწკარუნა.
„კარგად ერთობი?“ ეწერა ტექსტი. თავი უკმაყოფილოდ გავიქნიე და ტელეფონი ისევ გადავდე.
სასიამოვნო მუსიკას ვუსმენდით, წყნარ კუთხეში ვისხედით გემრიელი ვახშმით დანაყრებულნი. მარცხენა ხელით ნაზად მეხებოდა ხელზე და ამით იმის თქმას ცდილობდა, რის თქმასაც ტუჩებით ვერ ბედავდა. საშუალოზე მეტად რომ გადმოიხარა, ოდნავ ჩავახველე და ვთქვი:
–უკვე გვიანია. ხვალ ხომ ბევრი გეგმა გვაქვს– აჯობებს დასაძინებლად ავსულიყავით.
–როგორც იტყვი.–ანგარიში გაასწორა და რესტორნიდან გაოვედით. წელზე მის ხელს ვგრძნობდი, როცა ლიფტიკენ მიმავალნი კარებებში გავდიოდით.
ჩვენი ნომრები გვერდიგვერდ იყო, ერთ სართულზე მივდიოდით. ლიფტში რაღაც მომენტში მკვეთრად გადმოიხარა და ხელიც მომხვია, მაგრამ ვანიშნე, რომ საამისოდ ადრე იყო. ძალიან ადრე.
–ძილინებისა.–მითხრა ტუჩების კვნეტით და ხელი ნაზად ჩამომისვა შიშველ მკლავზე. ნაჩქარევად დავემშვიდობე და ოთახს შევაფარე თავი.
უკვე პიჟამაში გამოწყობილი, რომ ჩავწექი, კიდევ დამხვდა ერთი მესიჯი ასეთი ტექსტით:
„ეგ მართლა მოგწონს?“
პირი ისე დავაღე, ვერც ვიგრძენი. მოიცა, იმან რა იცოდა მასზე? ვითომ აქ იყო? არაა... ის აქ არ წამოვიდოდა. ალბათ მანქანაში რომ ვუჯდებოდი მაშინ დამინახა! ან რაში ენაღვლება. რა მისი საქმეა?! იდიოტი!
არც კი მიფიქრია პასუხზე. ღირსი არ იყო. ბალიშს მოვხვიე ხელები და ძილში ჩავიძირე.
არ ვიცი დაძინება მოვასწარი თუ მხოლოდ ჩამთვლიმა, როცა მინაზე კაკუნის ხმამ გული გამიხეთქა.
აივნის ფარდა გადაწეული დამჩენოდა, ამიტომ მინის კარს მიღმა ფიგურა გავარჩიე.
–შენ?–აღმომხდა, როცა კანსტანწინი ვიცანი. გარეთ იდგა და მიღიმოდა. თან ხელით მანიშნებდა გამიღეო.
–აქ რას აკეთებ?–აღმომხდა, თან კარებს ვეცი.
–მარტო ხარ?–ოთახი მოათვალიერა შემოსვლისთანავე.
–რა თქმა უნდა, მარტო ვარ! აქ საიდან გაჩნდი?–აბაჟური ავანთე. ვერ ვხვდებოდი– მესიზმრებოდა თუ რა ხდებოდა ჩემ თავს.
–მემგონი აქ კაცთან ერთად ჩამოხვედი.–გამიცინა.
–კი, მაგრამ ის თავის ოთახშია.
–ძალიან კარგი! ჩემი ცოლის ოთახში წოლის უფლება მარტო მე მაქვს! მიცინოდა და თავის ხუმრობაზე მხოლოდ მას რომ ეცინებოდა ვერც ამჩნევდა. მისი თვალების მიბნედილმა მზერამ ყველაფერი გასაგები გახადა.
–მთვრალი ხარ?
–საერთოდ... კი. მაგრამ ოდნავ. მოდი, დავწვეთ, კაი? –ხელი გადამხვია და საწოლისკენ წამიყვანა.
–ნორმალური ხარ? რას ნიშნავს დავწვეთ?
–იმას, რომ თაფლობის თვის დრო მოვიდა, ძვირფასო ცოლო!
ისეთი უტიფარი სახით მიცინოდა ძლივს შევიკავე თავი, რომ არ გამერტყა.
–შენი ცხოვრების ერთადერთი ქალი დაგავიწყდა? შენი „ნაძია“!–ამის თქმისგან კი ვეღარ შევიკავე თავი.
–არა, მახსოვს, მაგრამ ის ნაშაა. შენ კი– ცოლი!
–რა გჭირს? რამ გამოგათაყვანა?–ყურებს არ ვუჯერებდი.
–მოდი აქ...–ხელი უხეშად ჩამავლო და თავისკენ მიმიზიდა.–ჯერ ჩემი უნდა გახდე და მერე ვისაც გინდა იმას დაუწექი... დადიხარ აქეთ–იქით ვიღაც კაცებთან ერთად... ვინ მოგცა ამის უფლება?–მხარზე მაისურის ბრეტელი გადამიცურა მან აუჩქარებლად. მაგრამ მე მაშინვე გავისწორე და გაშლილი მარჯვენა მთელი ძალითაც მოვუქნიე. აწითლებულ ლოყაზე ხელი მიიფარა და მკითხა:
–ეს რა იყო?
–გამოსაფხიზლებელი. ახლა კი მიბრძანდი და ბოლომდე რომ გამოფხიზლდები, მერე ვილაპარაკოთ.–აივნის კარი გამოვაღე და ყინვაში გავისტუმრე.
–აქედან როგორ წავიდე? კარიდან გამიშვი.–მეძახოდა გარედან და ნომრის კარზე მანიშნებდა.
–როგორც მოხვედი!–მივუგე და აივნის ვიტრაჟზე ფარდა ჩამოვაფარე.
შუქი რომ ჩავაქრე და ჩავწექი ვეღარ ვიჯერებდი– ნუთუ მართლა მოხდა ეს ყველაფერი? „ის“ აქაა?

–– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – –
დილით რომ გავემზადე, დემეტრემ მომიკაკუნა და სასაუზმოდ არ ჩავედითო შემომძახა. გავყევი.
დერეფნებში
ლიფტში.
ფოიეში.
რესტორანში
ყველგან.
ვათვალიერებდი.
ნეტა, იქ იყო?
ვერ ვხედავდი.
ერბოკვერცხს რომ შევექეცი, მხოლოდ მერე დავინახე ვიღაც მაღალი ფიგურა როგორ წამოიმართა კუთხეში. წამით ჩვენი მზერა ერთმანეთს შეხვდა. სულ წამით. მერე ჯიბეებში საფულე მოიძია, კუპიურა მაგიდაზე დატოვა და სრულიად უცხოსავით გამიარა. წავიდა.
ლუკმას ძალისძალით ვღეჭავდი. აღარ გადამდიოდა ყელში. დემეტრეს ვუთხარი სათხილამუროდ გამოვეწყობი–მეთქი და ნომერში ავედი.
გზად ვესტიბიული მოვათვალიერე, მაგრამ არ იყო. ნომრის აივანზე გავედი გრილი, სუფთა ჰაერის შესასუნთქად და მარცხენა მხარეს ნაცნობ ჯიპს მოვკარი თვალი– მასში ასევე ნაცნობი ფიგურა მოთავსდა და სულ მალე შავი ლექსუსი თვალს მიეფარა.
სააბაზანოში სველი ხელები ვიტყაპუნე სახეზე.
რო მომბეზრდა და მივხვდი აზრი არ ჰქონდა, მერე ჩავიცვი.
სარკეში ჩახედვაც არ მინდოდა– ყელამდე ახუთული დუტე, ქუდი, სათვალეები, უზარმაზარი ხელთათმანები; თხილამურები და ჯოხები დემეტრეს მოჰქონდა.
პირდაპირ საბაგიროსკენ წავედით. სახეს ვეღარ ვგრძნობდით გორებზე რომ ავედით. მაგრამ უარესი ნაწილი ჯერ კიდევ წინ მქონდა– შუადღემდე (ანუ სანამ შიმშილისგან გულის წასვლის ზღვარზე არ მივედით) მასწავლიდა დემეტრე როგორ მომეხერხებინა ამ უზარმაზარ ჯოხებზე თავის შეკავება ისე, რომ არცერთი ფეხი და მითუმეტეს არც კისერი არ მომეტეხა– წინსვლა თითქმნის უმნიშვნელო იყო, მაგრამ თოვლთან კონტაქტითა და კურიოზებით კმაყოფილები, სიცივისგან სახეაწითლებულები და ფიზიკურად და სულიერად არაქათგამოცლილები დავბრუნდით სასტუმროში.
მობილური ტელეფონი ნომერში უჯრაში ეგდო.
რომ გამოვიცვალე ყოველი შემთხვევისთვის შევამოწმე და ბატონი მამამთილის ზარები დამხვდა. ვერ გავატარებდი. გადავურეკე. მანაც დაახლოებით იგივე შემომთავაზა, რაც მისმა შვილმა, მაგრამ უფრო ზრდილობიანი და საქმიანი ტონით. და თან დაამატა, თუ დაინტერესებული ვიყავი, მომდევნო დღეს უნდა ჩავსულიყავი.
ესეც ასე. ჩემი შაბათ–კვირა „შაბათამდე“ შეიკვეცა.
უარი ვერ ვთქვი.
საზღვარი არასდროს გადამეკვეთა.
სხვა შასი იქნებ არც მომცემოდა?
შვეიცარია.
ალპები...
ქვემოთ ჩავედი და დემეტრეს ვაცნობე, რომ ვბრუნდებოდით. თავიდან გააპროტესტა, მაგრამ როცა ავუხსენი, გამიგო.
სადილის შემდეგ ბილიარდის სათამაშოდ წავედით.
ჯერ ვისკის ვწრუპავდი და მხოლოდ ვუყურებდი. დემეტრე შეყვარებულივით თუ ქმარივით მიკრავდა თვალს შორიდან. მოთამაშეები რომ შემცირდნენ, მეც ჩავები.
პირველი წაგებული ხელის შემდეგ, ორი ზედიზედ მოვიგე. მესამე ხელზე უკვე მესამე ჭიქა ვისკი მქონდა გამოცლილი. მერე და მერე ჭიქებს აღარ ვითვლიდი. თამაშიც ცოტა გაძნელდა.
ცოტა ხანში რომ მიმოვიხედე, გარეთ ბნელოდა, შიგნით კი ჩვენ ორნიღა ვიყავით.
დემეტრე შორიდან მაკვირდებოდა.
–აჯობებს მეტი აღარ დალიო, ხო?–ჭიქის აცლა დააპირა, მაგრამ დავასწარი, ავიღე და კიდევ ჩავიმატე სასმელი.
–რატომ? ვისკი კარგი რამეა. შენი ჯერია, დაარტყი.
–წამო, ნომერში წაგიყვან.–წელზე მომხვია ხელი, მაგრამ ჩემ დაბინდულ გონებას ეს არ მოეწონა და ხელი კრა.
–თუ ძალიან გინდა, შენთვითონ წადი, მე შემეშვი!–ვუპასუხე უხეშად.
–მარტოს ხომ არ დაგტოვებ?
–რისი იმედი გაქვს? შენთან დაწოლას არ ვაპირებ. ტყუილად ნუ შეიწუხებ თავს ამაზე ოცნებით.
–რა?–დემეტრეს სახე მოექცა.
–ამ ყველაფერს ხომ ჩემ საწოლში შესათრევად აკეთებ?–დავაზუსტე არეული ხმით.
–დიდად მადლობელი ვარ!–გულზე ხელი მიიდო, თავი დამიკრა და მარტო დამტოვა.
ჩემთვის ვბუტბუტებდი რაღაცას, არ მახსოვს სახელდობრ რას და ვისკისაც ვაყოლებდი წყვეტილ ფრაზებს, როცა საბილიარდოში რამდენიმე ბიჭი შემოვიდა.
–უპს, უკაცრავად!–თქვეს ჩემ დანახვაზე და გაბრუნდნენ. მარტო ერთი დარჩა. გახეხილი ჯინსი და ჯარისკაცის მაისური ეცვა, ჭაობისფერი მწვანე, რამდენადაც მახსოვს. ჯინსზე ჯაჭვი ჩამოეკონწიალებინა. სახეს წვერი უფარავდა, თავი კი სუფთად გადაეპარსა.
–აქ მარტო რას აკეთებ?–დაიძრა. წარბი ავუწიე. მაგრამ ვისკი ალბათ ჩემ გამომეტყველებას არბილებდა, რადგან უკან დახევის ნაცვლად უფრო და უფრო მიახლოვდებოდა.
–ვითამაშოთ?–მკითხა და ისე გადმოიხარა, რომ მხრით მხარზე შემეხო და ჩემ ზურგსუკან– მწვანემაუდგადაკრულ მაგიდაზე მიგდებული კია აიღო.
–არა, გმადლობთ.–გამოვეცალე და ჭიქა გადავდე, მაგრამ არ მომეშვა.
–აბა, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ?–ხელი ჩამავლო, მომაბრუნა და ბილიარდის მაგიდაზე აღმოვჩნდი.
–მმ... რა ტკბილი სუნი გაქვს...–ყელში ვგრძნობდი უცხო ტუჩების ალერსს. არაფრის თავი არ მქონდა. ვიცოდი, რაღაც ისეთი ხდებოდა, რაც არ მინდოდა, მაგრამ ძალა არ შემწევდა შევწინააღმდეგებოდი.
მხოლოდ ვაკვირდებოდი ჩემი გაბრუებული გონებით იმ კადრებს, რაც თვალწინ გამირბოდა და შეხებას, რომლებსაც სადღაც შორიდან შევიგრძნობდი, როგორც სიზმარში.
ბიჭმა მაისური გადაიძრო და ტატუებიანი ტანი გამოაჩინა. ჩემ მაისურშიც შეაძვრინა ხელები და მის შიგნით, ბეჭებზე თბილი ხელების შეხებას ვგრძნობდი. მარჯვენა მხარეს გავაპარე თვალი და კია დავინახე. იქნებ როგორმე მივწვდენოდი და მისთვის ჩამერტყა?
მღელვარებისგან. ალკოჰოლისგან. გამოსახულება მედღაბნებოდა თვალებში. ირგვლივ ყველაფერი ბრუნავდა. ბიჭი კი ცხელი ჰაერით ქშინავდა.
ცოტაც. მიდი, ნუცა, მიწვდი, სანამ ჯერ კიდევ ყველაფრის გამოსწორება შეიძლება, სანამ ჯერ კიდევ გაცვია ტანზე. ცოტაც და...
მაგრამ საშველი თავისით მოვიდა. მოკრული სხეული მომშორდა.
–შენ ვიღა ხარ?–აღმოხდა თავგადაპარსულს, სანამ ვისკის ბოთლი მოხვდებოდა თავში და უღონოდ გაიშოტებოდა ძირს.
თვალები მიმელულა. გახელის თავიც კი არ მქონდა. ვგრძნობდი როგორ აღმოვჩნდი უწონადობაში, მერე კი სადღაც, მგონი მანქანის სავარძელზე აღმოვჩნდი.
–გმადლობ.–მგონი ამოვიბუტბუტე სანამ ძილს მივეცი თავი. შეიძლება მხოლოდ გავიფიქრე.

რამდენჯერმე გამეღვიძა. ღამე იყო. თენდებოდა. დღე იყო.
ბოლოს დღე იყო. გაღვიძებისას სანამ თვალებს საბოლოოდ გავახელდი ხმებს დავუგდე ყური. მანქანის ძრავი საამურად ღუღუნებდა. მინის საწმენდები გამალებით მუშაობდა. ვირწეოდი.
თვალები გავახილე.
დღე იყო.
მე მანქანაში ვიყავი.
საჭესთან დემეტრე არ იჯდა. თვალები სამჯერ დავაფახულე.
–რა მოხდა?
–წამოგიყვანე.–წარბშეკრული მიყურებდა კონსტანტინე.
–საიდან? რატომ? დემეტრე?
–ის შენი დარჩა! თუ კაცი გინდა, ნორმალური მაინც იპოვე, რომელიც შენს დაცვას შეძლებს ან მარტოს არ დაგტოვებს.
–გუშინ... ის...–ატკივებულ თავზე წავიჭირე ხელები და სანამ არ გადამიარა, სიტყვა ვერ დავძარი. ბოლოს ვთქვი.–კაი, მერე გკითხავ.
თვალები მივლულე და „მესაჭეს“ მივენდე...
რამდენიმე საათის განმავლობაში ძილბურანში ვიყავი. მეძინა. მეღვიძა. მეძინა. თვალს გავახელდი. მეხუჭებოდა. ბოლოს, აღარ მეძინებოდა, მაგრამ არ მინდოდა შეემჩნია, რომ მეღვიძა და არ ვინძრეოდი.
არ გაჭრა.
–წყალი გინდა? ან ყავა?–მკითხა, როცა გზაზე მარკეტთან მიაჩერა.
–ყავა...–წამოვიკრუსუნე, რადგან აზრი აღარ ჰქონდა თავის მომძინარებას.
მალე ორი ამერიკანოთი ხელში დაბრუნდა.
ცოტა რომ გავფხიზლდი, ჯერ რაიმეს კითხვა დავაპირე, მერე მადლობის გადახდა, ბოლოს სულ გავჩუმდი და უხმოდ შევაცქერდი.
ვუყურებდი როგორ ბავშვურად წარბშეკრული მართავდა მანქანას. რომ იგრძნო ვუყურებდი, ჯერ არ შეიმჩნია, მერე სარკეებში დაიწყო ყურება, ბოლოს გამომხედა და მკითხა:
–რა ხდება?
–გიყურებ.
–ეგ ვიცი, მაგრამ რატომ მიყურებ?
–სასტუმროში როგორ აღმოჩნდი?
პაუზა გაიწელა. თითქოს სიტყვებს ეძებდა. ბოლოს ამოღერღა:
–გამოფხიზლდი?
–იქ რა გინდოდა, კანსტანწინ?–ჯიქურ ვკითხე. საკმაოდ მომთხოვნი ტონით.
–კანსტანწინ?–გამომხედა გაოგნებულმა.
ჯანდაბა! გამომიჭირეს! საკუთარმა ენამ გამყიდა.
გავწითლდი. სახე წამომიხურდა. სად დავმალულიყავი არ ვიცოდი.
–კანსტანწინი დამიძახე?–ახლა მისი ჩაცინებების ჯერი იყო.
–თემის შეცვლას ნუ ცდილობ.–ამოვიბლუყუნე საკუთარ სირცხვილში ჩაძირულმა.
–არა, მართლა. რატომ მომმართე ასე? რუსული აქცენტით?
–ეს ასეთი მნიშვნელოვანია?
–მაინტერესებს. ასე მხოლოდ ერთი ადამიანი მომმართავს და ნუთუ შენც...–თითქოს რაღაცას მიხვდა.–შენც ამიტომ? შენთვის ჩუმად შემარქვი და ყოველთვის, როცა ჩემზე გაიფიქრებდი, ირონიულად ასე მეძახდი.–გონება აამუშავა მან. გავბრაზდი, რომ ყველაფერს მიხვდა.
–მერე რა?–მივახალე.–ჩემთვის შენ „ნაძიას“ „კანსტანწინი“ ხარ და ისე გიხსენიებ ხოლმე, როგორც ის გეძახის. ამით რა?
გაჩუმდა. სათქმელი რა ჰქონდა?
–უკან გამოგყევით.–თქვა ბოლოს.–მაინტერესებდა სად წაგიყვანდა.
–რატომ?
მხრები კარგა ხნის დაგვიანებით აიჩეჩა. ალბათ ფიქრობდა რა ეპასუხა.
–ისე, უბრალოდ.–აშკარა იყო, რაღაცას არ ამბობდა.
აღარ ჩავაცივდი. მითუმეტეს, რომ უკვე სახლს ვუახლოვდებოდით.
–ასეა თუ ისე, წუხელ დამეხმარე. მადლობას გიხდი.
უცებ წინა ღამის „წინა ღამე“ გამახსენდა. და გაღებული კარის სახელურზე დამრჩა ხელი.
სანამ მე რამე მოვასწარი, ის უკვე მანქანიდან გადავიდა.
მთვრალი მომადგა ნომრის აივანზე და ჩემთან დაწოლას შეეცადა?
უკან გამომყვა და საფრთხისგან დამიცვა?
არა, ნუცი. დამშვიდდი. ის ხომ კანსტანწინია. ნადიას კანსტანწინი. ის მხოლოდ გეთამაშება. თუმცა აშკარა იყო– კურორტმა ჩვენს ურთიერთობაში რაღაც შეცვალა.
ოღონდ არ ვიცოდი რისკენ.



№1 სტუმარი Mariami

Dzalian momwons es istoria..warmatebebi avtors..

 


№2  offline წევრი natia-natia

კარგია მალე დადე

 


№3 სტუმარი ანი88

მალე გაერკვეოდეს ეს კონსტანტინე თავის გრძნობებში ☺ უფრო და უფრო საინტერესო ხდება ეს ისტორია ჩემთვის.

 


№4  offline აქტიური მკითხველი grafo

აი, სასტიკად არ მომეწონა ეს თავი. კოტკამ კოტკაობა გაამართლა. ტიპი იბრდღვნიდა ყველაფერს და ნუცას მიწასთან ასწორებდა საყვარელ ქალს დამაშორეს შენს გამოო და უცებ ნაშა არისო. ქალი კიდევ თავის სისულელეებს ქალობით ამართლებს, მაგრამ ულოგიკო კაცები გადასაშენებლები არიან.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent