ფრეზია და კედარი (გაგრძელება 13)
სახლში ჯერ მე მივედი. არც კანსწი ყოფილა წინააღმდეგი. მითუმეტეს, რომ ვიღაცამ დაურეკა. მე ტკბილად მაკოცა... ამაღამ გნახავო ჩურჩულით მითხრა და ტაქსის კარი გამიღო რომ ჩავმჯდარიყავი. სახლში კეთილგანწყობილნი დამხვდნენ, მკითხეს როგორ ვიმგზავრე. კანსტანწინი არავის უხსენებია. მერე დაღლილობა მოვიმიზეზე და საძინებელში ავედი. მშვიდად დავბინავდი და მშობლებს და ანუკის დაბრუნება ვაცნობე. ამ უკანასკნელის ხმა განსაკუთრებით არ მომეწონა. მაშინვე შეხვედრა ვთხოვე და რადგან იმ დღეს მუშაობდა, ბარში მისვლას დავპირდი. * * * ვუყურებდი ქერა, თვალებმოჟუჟუნე ლონდას. როგორ ირგებდა სხვადასხვანაირ ფეხსაცმელს და ვფიქრობდი როგორ გამიმართლა. ლონდა აზრს მეკითხებოდა სხვადასხვა მოდელზე. ჩემი პასუხი სულ ერთი და იგივე იყო: –ყველა გიხდება, შენზე ყველაფერი მომწონს. მთავარია შენ რომელი გირჩევნია. ბუზღუნებდა, რომ საერთოდ არ ვეხმარებოდი, მაგრამ თვალებში ეტყობოდა, რომ ჩემთან ყოფნა მასაც სიამოვნებას ანიჭებდა. სხვებიც ისე ექცეოდნენ მას, როგორც დედოფალს და ეს ჩემ განწყობას კიდევ უფრო ამაღლებდა. ყველა იღიმოდა. ბედნიერი და კეთილი მეჩვენებოდა ყველა. გადახდის დრო რომ მოვიდა, სალაროსთან მისვლაც არ ვაცადე. ჩემი მომდევნო თვის ხელფასი დახლის მეორე მხარს უჯრაში აღმოჩნდა. მაგრამ ეს არ იყო მთავარი. მთავარი იყო, რომ ლონდა საღამოს ჩემ ნაყიდ ფეხსაცმელს ჩაიცვამდა. ლონდას ჟღურტულით გაბედნიერებული მე მასთან ხელჩაკიდებული გავიდა ქუჩაში. სახლთან რომ მივიყვანე, ნაზად მაკოცა ლოყაზე და მითხრა: –7–ზე გამომიარე, კარგი? არ დაიგვიანო. ის უკვე კარს უკან მიიმალა. მე კი ისევ ვგრძნობდი ლოყაზე მის რბილ ტუჩებს. მისი თმის სურნელს. რბილ კანს. სახეში ხელები დავიშინე რომ აზრზე მოვსულიყავი, შემდეგ კი ბედნიერი და ალბათ სულელური ღიმილით დავძარი მანქანა. * * * დათქმული დროისთვის ვეზადებოდი, როცა ჩემი უმცროსი ძმა შემოვარდა ჩემ ოთახში. –მამა დაბრუნდა!–გამომიცხადა შეშლილი სახით. –რა–ა?–ყურებს არ ვუჯერებდი. –დაბრუნდა! აქაა. ქვემოთ. დედას ელაპარაკება. –რას ნიშნავს ქვემოთაა და დედას ელაპარაკება?! ოთახიდან გამოვვარდი და კიბეზე დავეშვი. დედაჩემი თავის სავარძელში იჯდა მუხლებზე თავისი უცვლელი პლედით, მის წინ კი ჩვენს ერთადერთ გაცვეთილ ტახტზე ვიღაც კაცი. მოვლილი, მოგრძო წვერით, სუფთა პერანგსა და შარვალში. ხელები უხერხულად დაეწყო მუხლებზე და დაბნეული გვიყურებდა ყველას. ცოტა ხანი დამჭირდა ამ კაცში მამის ამოსაცნობად. ამიტომ პაუზა გაჩნდა სანამ ხმას ამოვიღებდი, შემდეგ კი ჯიქურ მივახალე: –შენ აქ რა გინდა? –მინდოდა მენახეთ როგორ იყავით. როგორ ცხოვრობდით.–ხმა ჩვეულებრივი ჰქონდა. ეს მზერა კი ნერვებს მიშლიდა. რას ჩაუდგა ეს სითბო, ვითომ ძალიან ვენაღვლებოდეთ, ვითომ სულაც არ მივუტოვებივართ ყველაზე საჭირო მომენტში. და კიდევ ეს სინანული... –კმაყოფილი ხარ?–ყელში გაჩხერილ ბოღმას ვერაფერს ვუხერხებდი. ამ კაცმა წამართვა ბავშვობა!–ახლა შეგიძლია მიბრძანდე, საიდანაც მოსულხარ! –ილია!–დედაჩემმა მკვეთრად მოაბრუნა ჩემსკენ თავი. თვეების განმავლობაში ერთხელაც არ უხსენებია ჩემი სახელი. ახლა კი ბედავდა და ამ არაკაცის თვალწინ მაჩუმებდა!–ეს მისი სახლია. უფლება აქვს მაშინ მოვიდეს და წავიდეს, როცა მოუნდება. თანაც მამათქვენია, ყველაფრის მიუხედავად. ბოლო სიტყვები უკვე ისტერიულად ხმამაღლა დააბოლოვა, რადგან მე უკვე გაცეცხლებული ავრბოდი ჩემს ოთახში მანქანის გასაღების და ქურთუკის ჩამოსატანად. რამდენიმე წამში კი შურდულივით გავვარდი სახლიდან. ყურადღება არ მივაქციე ჩემი ძმის თხოვნას დარჩენაზე. მანქანა ხმაურიანად მოვწყვიტე ადგილს. ასე მეგონა ძარღვებში სისხლის მაგივრად ცეცხლი დამდიოდა. შუბლიც მიხურდა. თვალებზე ლამის იყო ბინდი გადამკვროდა. ვერც შევამჩნიე ისე გავცდი ქალაქის საზღვრებს. გზის ორივე მხარეს უკაცრიელი მინდვრები გადაიჭიმა. უკან მობრუნებაზე ფიქრიც არ მინდოდა. სიცარიელის, ჰორიზონტის ცქერამ ცოტა ხანსი გონების სიცხადე დამიბრუნა. დარდი გულის ერთ კუნჭულში მიჩქმალა და თუ მეთვითონ არ გამოვიტანდი სააშკარაოზე, ის თვითონ უკვე საფრთხეს აღარ წარმოადგენდა. სახლში რომ მივალ აღარ დამხვდება! ისევ წაეთრევა და ყველაფერი ისე დარჩება, როგორც მანამდე იყო. თითქოს არც გვენახოს. განათებულ და უღრუბლო გონებაზე უცებ გამახსენდა სად მივდიოდი მის გამოჩენამდე და მანქანა მკვეთრად დავამუხრუჭე. საათს დავხედე– დავაგვიანე. ლონდას იმედი გავუცრუე. დარცხვენილი გამოვბრუნდი. წარმოუდგენელი სიჩქარით ვიარე და სულ მალე მის დიდ, ლამაზ სახლთან გავაჩერე. თავი მოვიწესრიგე და კარზე დავრეკე. კარი მსახურმა გამიღო და მითხრა რომ ლონდა მეგობრებს გაჰყვა. ალბათ როგორ გამიბრაზდა. წარმოვიდგინე გაბუტული მისი სახე და ისე ძალიან მომინდა გულში ჩამეკრა. სახე დამეკოცნა. მისი (და ჩემიც) დარდი გამექარვებინა. წვეულების ადგილისკენ გავქანდი. კარი ფართოდ იყო გაღებული. მთელი სახლი ბუშტებითა და გირლიანდებით მოერთოთ. ლონდა შორიდანვე დავინახე– მისი ქერა თმა პირდაპირ ანათებდა იმდენ შავგვრემანში. ლამაზი ლურჯი კაბა ეცვა და მხიარულად იცინოდა. მივუახლოვდი და თავის მართლებისთვის მოვემზადე. სიცილით მომიბრუნდა. –ილია?!–გოგოებს უცნაური სიცილი აუტყდათ ჩემ დანახვაზე. –ერთი წუთით მოდი და აგიხსნი რა მოხდა.–მკლავზე ნაზად მოვკიდე ხელი და გამოვიყვანე. დაბნეული სახით გადახედა მეგობრებს, სანამ თვალს არ მიეფარნენ. მოკლედ მოვუყევი სახლში მომხდარი ამბავი და ისიც, როგორც მივქროდი მანქანით ისე, რომ არც კი ვიცოდი სად მივდიოდი, სანამ გონს არ მოვეგე. –ა, ამიტომ მოხვედი ასე გამოწყობილი?–ამხედ–დამხედა უცნაურად. ტანზე დავიხედე– ჩვეულებრივი ჯინსი და მაისური მეცვა. რაც მთავარია სუფთა.–კიდევ კარგი დავრეკე და სხვამ მომაკითხა, თორემ სირცხვილისგან დავიწვებოდი ასეთ ფორმაში რომ მოგეყვანე. –რა?–ერთბაშად ვერც მივხვდი რას მეუბნებოდა. იმდენად გადართული ვიყავი ჩემ ამბებზე. ამ დროს ვიღაც შარვალ–კოსტუმიანი ტიპი მოგვიახლოვდა. –ლონდ, არ ვიცეკვოთ?–ხელი ჩაავლი და ხუმრობა–ხუმრობით წააპროწიალა. მე ვიცი რას ვუზამდი იმ...–ს ლონდას ხარხარი რომ არ აეტეხა იმ ბიჭის ხუმრობაზე,რომელიც მე ვერ გავიგონე. იმის ნაცვლად, რომ ხელი გაეშვებინებინა, გაჰყვა და მომაძახა: –გამოიცვალე და მერე ვილაპარაკოთ. არ ვიცი რამდენ ხანს ვიდექი სარგადაყლაპულივით და მის ნათქვამ სიტყვებს, რომელიც ჯერ ისევ ჟღერდა ჩემ გონებაში ისევ და ისევ, გარინდული ვუსმენდი. ბოლოს კარისკენ გავვარდი და ამჯერად სრულიად გააზრებულად გავაქროლე ჩემი წითელი ძველი პიკაპი არსაით. გზაზე რომ ვინმე გადამდგომოდა უეჭველად გავიტანდი. მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწიე და სიჩქარის არანორმალურად მკაფიო გადაჭარბებით ვმოძრაობდი. ძველ, მიტოვებულ გზატკეცილზე მდინარის პირას გავაჩერე. ვეწეოდი და წყლის დინებას დავყურებდი. თვალებზე ისე მომაწვა ცრემლი, რომ შეკავება ვერ მოვასწარი. წყალში დანთქმაზეც კი ვფიქრობდი. ძნელი წუთები იყო. გარდამტეხი წუთები. ბნელით მოცული იყო გარემო. ბნელით მოცული იყო ჩემი აზრებიც. და უკვე ლამის სრულიად რომ მშთანთქა და თავის ზვირთებში ჩამძირა წყალზე ფიქრმა და იმის წარმოდგენამ როგორ ამევსებოდა ფილტვები სითხით და როგორ ვიგრძნობდი, რომ მეტჯერ ვეღარ ამოვისუნთქავდი, ანუკას ნახვის სურვილი დამეტაკა. ბოლოჯერ მომინდა მისი ჩახუტება, მისთვის თვალებში ჩახედვა... * * * ნუცა რომ დავინახე, ყველაფერი დამავიწყდა. ასე მეგონა წლები არ მყავდა ნანახი. გავექანე და წივილ–კივილით ჩავეხუტე. ისეთი მშვიდი და ბედნიერი სახე ჰქონდა, მეც გადმომდო. ჩემი მაგიდები სხვას გადავაბარე და გარეთ გამოვედით, რომ ცოტა ხანს მშვიდად გვესაუბრა. ბარის წინ პლატფორმაზე ჩამოვსხედით. მე ვეწეოდი და ჩემ განცდებზე ვუყვებოდი. ის კი უკმაყოფილო და დაძაბული სახით მადევნებდა თვალს. ბოლოს მითხრა: –შენ ცხოვრებას უნდა მიხედო. და უცებ გონება გამინათდა! ის მართალი იყო! რას ვუშვრებოდი ჩემ ცხოვრებას? რად გადავიქეცი? სულ იმას ვცდილობდი, რომ მშობლებს და საერთოდ ყველას ჩემით ეამაყა და ამის ძიებაში, ჭაობში აღმოვჩნდი– მიწევდა ღამეები მეთია, რომ ლუკმაპური მქონოდა, ზარმაცი, გაზულუქებული, მუქთახორა, ლოთი მამის ხუშტურები მეთმინა და პრეტენზიები შემესრულებინა. ვიღაც გამოშტერებულ იდიოტს ვუწვებოდი სხვისი კუთვნილი სითბოს მოსაპარად (სითბო რომ სხვისი კუთვნილი იყო უკვე ვიცოდი– ჩვენ ქალაქში არაფერი იმალება) და მერე გულში მხოლოდ სიცარიელე მქონდა– მეტი არაფერი. ყველა მიყენებდა, ვისაც კი ამის შესაძლებლობა და ინტერესი ჰქონდა. მთელი გულით, მადლიერებით გადავეხვიე ნუცას იმის გამო, რომ ამ ყველაფერს მიმახვედრა. სწორედ ამ დროს, თავს ბარის მენეჯერი წამომადგა. –ქალბატონო, სამუშაო საათები უკვე დაგიმთავრდა? ვინ უნდა მიხედოს შენ მაგიდებს? მეგობრობა კარგია, მაგრამ სამსახურის შემდეგ. –ახლავე შემოვა.–უთხრა ნუცამ, მენეჯერს შეუბღვირა უხეშობისთვის და ჩემთან დამშვიდობება დააპირა. –არაფერიც!–მომესმა ჩემი საკუთარი ხმა. უეცრად გავდიდგულდი.–ინებე წინსაფარი და შენთვითონ მიხედე შენ მაგიდებს! –ვის უბედ...–დაიწყო მენეჯერმა, შემდეგ კი ისევ მკაცრი ნიღაბი აიფარა.–გათავისუფლებული ხარ. შეგიძლია აღარ მოხვიდე. –მადლობა, რომ შემატყობინე. აქ დაბრუნებას ისედაც აღარ ვაპირებდი. ყელში ამომიხვედით! ამიერიდან თავისუფალი ვიქნები! არ გავაკეთებ იმას, რაც არ მინდა. გასაგებია? უკვე მიჯახუნებულ კარს მივაძახე, რადგან მენეჯერმა გამხიარულებულ, გათავისუფლებულ, გაძლიერებულ მე–ს ვერ გაუძლო. * * * ვუყურებდი მის სახეს, ანთებულ თვალებს, მისი მოშლილი არსების მყისიერ შეკვრას, განმტკიცებას. ისეთი ლამაზი იყო. შეუპოვარი. არა, ვერ მივიდოდი. ახლა ვერ მივიდოდი ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. არ მქონდა უფლება. ის ისეთი მომაჯადოებელი და ერთგული იყო. მე კი ასეთი მოღალატე. უძღები ბიჭი, რომელიც თავის ნამდვილ სიყვარულს დაუბრუნდა... * * * უცნაურად გაბედნიერებული ანუკი სახლში საკმაოდ გვიან მივიყვანე. დარჩენა შემომთავაზა, მაგრამ ჯერ ერთი, აშკარა იყო მარტო დარჩენა და საკუთარ თავში გარკვევა სჭირდებოდა. მეორე მიზეზი კი ისაა, რომ მე მჭირდებოდა ჩემ ქმართან ყოფნა. წარმოუდგენლად მენატრებოდა. თუმცა სახლში რომ მივედი ჯერ კიდევ არ იყო დაბრუნებული. წყალი გადავივლე და კარადიდან კანსტანწინის ერთ–ერთი პერანგი შემოვიცვი. დავყნოსე, მაგრამ სარეცხი საშუალებების სუნის მეტი ვერაფერი ვიგრძენი. სამაგიეროდ, მის ლოგინში ჩავწექი და მის ბალიშს ჩახუტებულმა დავიძინე. არც კი მიფიქრია ოჯახის წევრებზე, რომელთაც მინიმუმ „გაუკვირდებოდათ“ პრინცის საწოლში რომ ვენახე მას მერე, რაც იმ სოროში გადასვლა ვამჯობინე ლიდამ რომ გამომიყო. არ გასულა დიდი დრო (ან გავიდა და მე ვერ ვიგრძენი), რომ კეფაზე კოცნამ გამომაფხიზლა. თვალები გავახილე და მის თბილ მზერას წავაწყდი. საბანი გადაწია და მის პერანგში რომ დამინახა, გაეცინა. –ეს რა ჩაგიცვამს! საშინლად არ გიხდება, ახლავე უნდა გამოვასწოროთ ეს ამბავი!–მითხრა და ღილების ჩახსნა დაიწყო... * * * სიბნელეში იწვა. თვალზე რული არ ეკარებოდა. უცნაურად აღტკინებული იყო და სამომავლო გეგმებს აწყობდა– დილითვე დაელაპარაკება მამას– ეტყვის, რომ მის რჩენას აღარ აპირებს– ძალ–ღონით სავსე მამაკაცია და თავისუფლად შეუძლია სამსახური იშოვოს– 24/7 ტელევიზორის ყურებასა და ლუდის სმას კი თავი უნდა დაანებოს, თორემ ცხოვრება გვერდზე ჩაუვლის და უცებ აღმოაჩენს, რომ უკვე მოხუცია. თვითონ კი თავისი ინტერესების განხორციელება უნდა დაიწყოს– კულინარიულ სკოლაში ივლის და შეფი გახდება! ცხოვრებას მიხედავს, წელში გაიმართება და დაკარგულ ღირსებას აღიდგენს. მოიკუნტა, ბალიშს ამოხვია ხელები და დასაძინებლად მოემზადა. თან ტკბილად ეღიმებოდა საამური ფიქრებისგან. მერე უცებ ილია გაახსენდა. არა, არც მასზე დროის დაკარგვის უფლებას მისცემდა თავს. მას სხვა უყვარდა, ის კი მხოლოდ დროებითი გასართობი იყო. არაუშავს. ამ ტვირთსაც მოერევა. ვინმე ღირსეულს შეიყვარებს. ასეთიც იქნება ვინმე. ანუკის ალბათ ჩაეძინა რაღაც მომენტში, რადგან სახეზე ნაზმა შეხებამ გააღვიძა. თვალები რომ გაახილა, მის გვერდით მწოლიარე მამაკაცი დაინახე. იგი საკუთარ იდაყვით საწოლზე მიბჯენილ ხელს ეყრდნობოდა და მძინარეს მოალერსე მზერით დასცქეროდა. –ილია?!–აღმოხდა შიშისგან დაზაფრულს. –მე ვარ...–გაუბედავი, ძალიან თბილი ხმა ჰქონდა მას. –აქ საიდან გაჩნდი?–საწოლზე წამოჯდა ანუკი. –მოვედი... შენთან...–გრძნობამორეული ხმით თქვა ბიჭმა, მაგრამ ანუკის ვერ გადასდო ემოციები. –და რა? რისთვის მოხვედი? უფასო სექსისთვის გულუბრყვილო გოგოსთან? იმედი უნდა გაგიცრუო– ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრდა. და შენ იცი რატომაც... –რატომ? –სხვა გიყვარს! ადექი და მასთან წადი, ან სადაც გინდა იქ. აქ უკვე აღარაფერი გესაქმება.–ანუკა დაჟინებული, მკაცრი მზერით უყურებდა „ყოფილს“. ილია წამოდგა, საწოლს შემოუარა და ანუკის გვერდით ჩამოუჯდა. –შეგიძლია მომისმინო? მერე კი წავალ, გპირდები. უბრალოდ არ შემიძლია ისე გავაგრძელი ცხოვრება, რომ ეს სიტყვები სათქმელი დავიტოვო. –რა სიტყვები? –შენთან მინდა, ანუკა! თავიდან მართალია მხოლოდ გასართობად, სიამოვნებისა და დროის სატარებლად გამოვჩნდი შენთან, მაგრამ შემდეგ... ვიცი, რომ არც ისე დამაჯერებლად ჟღერს ჩემი სიტყვები, მაგრამ გულწრფელი ვარ, გეფიხეცი– შენთან ყოფნისას იმ მშვიდ სახლს ვპოულობ, იმ სიმყუდროვეს, რომელიც არასდროს მქონია. მატკბობ და ცხოვრების ხალისს მიბრუნებ. შენ ხარ ის, რისთვისაც ღირს ცხოვრება... შენს სიმშვიდეს მინდა შევეკედლო...–ანუკიმ ვეღარ მოითმინა და გააწყვეტინა. –ნეტავ შენი თავისთვის მოგასმენინა. ისევ უარი გითხრეს? –ვერ გავიგე?–სახე შეეცვალა ილიას. –იმან... ლონდამ. უარი გითხრა? შენმა სიყვარულმა.–ანუკის გულისტკივილმა მაინც იჩინა თავი მის ხმაში. –არა.–პაუზის შემდეგ უპასუხა ილიამ.–მე მივხვდი, რომ ის ჩემს სიყვარულს არ იმსახურებს. ამას კარგა ხნის წინ მივხვდი. ახლა კი საბოლოოდ დავრწმუნდი. მე შენ აგირჩიე ჩემი სიყვარულის სამიზნედ... და ხელიდან არ გაგიშვებ. ილიამ გოგონას ხელი აიღო და ნაზად მოეფერა. –შენ უბრალოდ ნუგეშს ეძებ.–კვლავ ეჭვი კიაფობდა ანუკის თვალებში. –რატომ არ გჯერა, რომ მიყვარხარ?! –იმიტომ, რომ მიმატოვე... უსიტყვოდ. გაუგებრობაში დამტოვე, ახლა კი ბრუნდები და...–ანუკის ხმა შეურბილდა, მაგრამ ცრემლები მოერია სანაცვლოდ. –მაპატიე, გთხოვ. თავგზა ამებნა. დიდი ხნის ნანატრი და ნაოცნებარი მისრულდებოდა. მეტზე ვეღარაფერზე ვფიქრობდი. გულში მქონდა ჩარჩენილი მისგან გულისტკენა და რომ არა მისი ზარი და შემდგომ განვითარებული მოვლენები, კიდევ დიდხანს, ალბათ მთელი ცხოვრება მეყვარებოდა. ან მეგონებოდა, რომ მიყვარს და ვერ დავინახავდი ჩემთვის რა ძვირფასი ხარ. რომ მასაც და ყველასაც მირჩევნიხარ... ამ ზარმა და იმან, რაც მას მოყვა, გამანთავისუფლა. ლონდა მხოლოდ იმიტომ მომწონდა, რომ მიუწვდომელი და ყველაზე ამაღლებული მეჩვენებოდა. მეტი მასში არაფერია. ანუკი...–ილიამ გოგონას სახე ხელებში მოიქცია და თვალებში ჩახედა.–მე შენ მიყვარხარ. ეს საერთოდ არ მქონდა დაგეგმილი, მაგრამ შენთან ყოფნა მინდა... მომცემ უფლებას დავრჩე? –არა.–ანუკიმ განზე გაიხედა. არ ხუმრობდა. არც იბუტებოდა. –კარგი.–ილია წამოდგა და ფანჯრისკენ წავიდა ბედს შერიგებული. –მოიცადე.–ბოლოს წამს დაადევნა ანუკიმ. ილია მაშინვე მობრუნდა. –მე არ ვიცი შენ რამ მიგიყვანა მაგ გადაწყვეტილებამდე. გადაწყვეტილებამდე, რომ ის გოგო აღარ გიყვარს. იქნებ დროებითია ეგ შენი ფიქრები? იქნებ ხვალ ისევ იფიქრო, რომ ისაა შენი ქალღმერთი და მე ვერ შეგიცვლი მას.–ანუკი გაჩუმდა, ბიჭს მისი ნათქვამის გააზრება აცალა, მაგრამ მან პასუხის გასაცემად პირი გააღო თუ არა, ისევ გააგრძელა.–მინდა, რომ დარწმუნებული იყო შენ სიტყვებში. არ მინდა მაშველი რგოლი ან სათადარიგო ქალი ვიყო. მე შენზე ფიქრი შევწყვიტე, შენდამი ლტოლვა და მონატრება დავბლოკე. შენ მე დამამცირე, როცა ტელეფონის ზარზე საპასუხოდ გახვედი და აღარ დაბრუნდი. ორი სიტყვითაც კი არ გითქვამს, რომ დამშორდი. უბრალოდ გაქრი. იმის ღირსადაც არ ჩამთვალე, რომ აგეხსნა რა მოხდა. ახლა ყველაფერმა გადაიარა შენთან და მოდიხარ იმის სათქმელად, რომ რაც მოხდა საჭირო იყო იმისთვის, რომ მე დაგენახე?! კარგი, დავუშვათ მართალი ხარ. მესმის, განა არ მესმის?! შენ ის გიყვარდა როცა გამიცანი. რომ არ გყვარებოდა მე შეგიყვარდებოდი ალბათ ისევე ძლიერად, როგორც ის გიყვარდა. ან უფრო მეტადაც. მაგრამ ლონდა უკვე არსებობდა შენს გონებაში და მე ვერ ვაჯობე. მაგრამ როგორც კი მისი ხატება მოსცილდა შენს ფიქრებს ადგილი განთავისუფლდა და მე გავჩნდი. და ჩემთან გატარებული ტკბილი დრო. ეს გასაგებია. და თუ გულწრფელი ვიქნები, უნდა ვაღიარო, რომ მახარებს კიდეც. მაგრამ მე? ჩემზე რას იტყვი? მე უკვე გაგიშვი. ჩემს ფიქრებში უკვე კარგა ხანია დავშორდით. თანაც დღეს იმდენი რამ მოხდა... ჩემში გადატრიალება მოხდა. მე ის ურთიერთობა აღარ მსურს, რაც ადრე გვქონდა. მხოლოდ მოთხოვნილების დაკმაყოფილება. არ მსურს მამაკაცთან მხოლოდ იმიტომ ვიყო, რომ სექსუალურ ასპექტში ერთმანეთს ვეწყობით. ახლა დარჩენის ნებას ამიტომ არ გაძლევ. მინდა, რომ დაფიქრდე რა გინდა ჩემგან. მეც უნდა დავფიქრდე ვარ თუ არა თანახმა ისევ გენდო.... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.