ფრეზია და კედარი (გაგრძელება 8)
* * * ილიამ რომ შემომთავაზა მიგაცილებო, წინააღმდეგობა აღარ გამიწევია. ხელჩაკიდებული მიმიყვანა სახლის კარამდე. ვნებიანად მაკოცა და საღამოს გნახავო დამიბარა. წინა ღამეს ნაჩუქარი ვარდი უცებ ძალიან ძვირფასი გახდა. ერთი ამოვიოხრე და მამაჩემის ბუზღუნის მოსათმენად და ტყუილების მოსაყოლად მოვემზადე– რაღაც ხომ უნდა მეთქვა ღამე სად გავატარე. * * * საღამოს ანუკის გავუარე ბარში. უცნაურად დაბნეული მომეჩვენა. თუმცა რომ ვკითხე შეიძლება თუ არა ღამით შენთან დავრჩე–მეთქი, სიხარულით დამეთანხმა– ბავშვობა გავიხსენოთო. ცვლა რომ დაასრულა პირდაპირ მასთან წავედით. მისი ცოტა არ იყოს გალოთებული მამა მოვიკითხე და მაშინვე ჩავწექით. სანამ მე ან ანუკი გუდას თავს მოვხსნიდით, ტელეფონზე მესიჯი მოვიდა: –„ნადია წავიდა. შეგიძლია სახლში დაბრუნდე.“ თვალებს არ ვუჯერებდი. თუმცა სახლში დაბრუნებაზე არც მიფიქრია. ჩემი მეგობრის მონაყოლიდან გავიგე, რომ აფრენს. ირონიაა, მე გავთხოვდი. მამაკაცთან ერთად საწოლში კი ის აღმოჩნდა. სულ გამიგიჟდა. –– – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – – დილით ჩემი დაქალი სამზარეულოში დამხვდა. ათუხთუხებული ჩაიდნის წინ იდგა გაშეშებული და ვერ ხვდებოდა გამოეთიშა. მგონი არც ესმოდა ხმა. მივვარდი და გამოვრთე. –რა გჭირს?–ვკითხე, როცა მაინც არ გაინძრა. –შენი ტელეფონი ვნახე. –მერე?–ანუკი ახლაღა გამოერკვა. –მეგონა ისევ მეუღლემ მოგწერა და მესიჯი გავხსენი, რომ მეხარებინა. და იცი ვისი მესიჯი დამხვდა? –ვისი?–ალმური მომეკიდა. –ჩემი ექს–შეყვარებულის! –ანუკი. . . –გული მომეწურა. –ახლა გასაგებია რატომაც მიმატოვა.–ზურგი შემაქცია. –სულელია, თავგზააბნეული. მასზე ნერვიულობაც არ ღირს. ნუ მოიწყენ, გთხოვ. ახლა ხომ ილია გყავს.–მხარზე ჩამოვადე ნიკაპი და ხელები შემოვხვიე მხრებზე. მაგრამ ხელიდან დამისხლტა. –მაპატიე, ნუცა, მარტო ყოფნა და ყველაფერში გარკვევა მჭირდება.–მითხრა სევდიანად. –კარგი. როცა მოგინდება საუბარი, დამირეკე და შენთან გავჩნდები. თუნდაც შუაღამე იყოს. არაფერი მიპასუხა. ჩემი ნივთები წამოვკრიფე, დერეფანში საცვლების და ხალათის ამარა გამოტანტალებულ კაცს დავემშვიდობე და კარი უხმაუროდ გავიხურე. კარი ლიდამ გამიღო. –უკვე დაბრუნდით?–გამიკვირდა მისი დანახვა. ალბათ კანსტანწინმა ერთი დღით გაისტუმრა ყველანი სრული იდილიის მოსაწყობად. რომ ვიკითხე დედამთილ–მამამთილი ვაჩესთან ერთად როდის დაბრუნდებიან–მეთქი, მითხრეს, რომ კიდევ ორი დღით გადადეს წამოსვლა. მხრების აჩეჩვით შემოვიფარგლე. სახლში გაჩერება არ მინდოდა, მაგრამ საქმეც არაფერი მქონდა. დემეტრემ კი მთხოვა შეხვედრა, მაგრამ ავუხსენი, რომ ჯერ–ჯერობით მისი ნახვა ყველაფერს უარესად გაართულებდა. ვთხოვე დრო მოეცა. კანსტანწინის საძინებელში შევედი ჩემი ყუთის ასაღებად, რომელშიც საკანცელარიო და დეკორატიული ნივთები მელაგა. დაუკაკუნებლად შევაღე კარი და მხოლოდ მაშინ შევამჩნიე, რომ სახლში იყო. უკან გამობრუნებას ვაპირებდი, რომ მომაძახა: –შემოდი, შემოდი.–თან თავიც დამიქნია. დავუჯერე. ხმისამოუღებლად მივედი საწოლთან და მის ქვეშ ჩემი ყუთი მოვძებნე. დღის დარჩენილი ნაწილი აქსესუარების აწყობაში გავატარე– მიყვარდა არაფრისგან რაღაც ლამაზის შექმნა, რომლითაც შემდეგ საკუთარ ან სხვის ოთახს გავაფორმებდი. უკვე საკმაოდ გვიანი იყო, ხელსაწყოები ყუთში რომ ჩავაბრუნე და ნამუშევრები მუშტრის თვალით შევათვალიერე. მომეჩვენა, რომ კართან ვიღაც იდგა. თუმცა ეს შევამჩნიე თუ არა, ჩრდილმა ჩაიარა. სანამ გარეთ გასახედად წამოვხტებოდი, ტელეფონმა დარეკა. უცხო ნომერი. ჯერ საერთოდ არ ვაპირებდი მეპასუხა. მერე ვიფიქრე, რომ ანუკის შეყვარებული რეკავდა თავისი ან სხვისი ნომრიდან. ჯობდა პასუხი გამეცა და შემეგნებინებინა, რომ აღარ უნდა დაერეკა. –გისმენთ!–მივუგე სერიოზული, ცოტა ბრაზიანი ხმით– თავს ვიმზადებდი საჩხუბრად. პასუხი არ გამცეს. “გიო!“ გამიელვა თავში და გავწითლდი. –ნუცა. . .–მომესმა ჩურჩული. არა, ეს არც გიო, არც ანუკის შეყვარებული ლევანი და არც სხვა რომელიმე ზრდასრული მამაკაცი. –ვაჩე? –ჰო. –რა ხდება, ძვირფასო? როგორ ხარ? რატომ ჩურჩულებ? –ნუცა, მე. . . მე გამოვიპარე. და დავიკარგე.–ხმა უწყდებოდა ბავშვს. –გამოიპარე? ვის გამოეპარე, ვაჩე, სად ხარ? თამაშობთ? –არა, დედიკოს და მამიკოს გამოვეპარე. ფანჯრიდან გადმოვძვერი და გამოვიქეცი. –ვაჩე, საიდან რეკავ?–საქმე უკვე სერიოზულ სახეს იღებდა. –ნუცა, ჩამოდი, სახლში წამიყვანე. წამიყვან?–მუდარა ჩააქსოვა ხმაში ბავშვმა. –ახლავე წამოვალ, ოღონდ მითხარი სად ხარ. დედიკოს და მამიკოს დავურეკოთ. ინერვიულებენ. –არა, არა, არა! არ დაურეკო. გამაბრაზეს. მაწყენინეს. არ მინდა დედა და მამა. ცუდად მექცევიან. ცუდები არიან.–ლამის ატირდა ბიჭი. –კარგი, კარგი. მხოლოდ მითხარი სად ხარ. არ დავურეკავ. მიახლოებითი მისამართი ჩავიწერე, სპორტული შარვალი და მოსაცმელი უკვე მეცვა, ამიტომ ბოტასები ამოვიცვი, გასაღებს და საფულეს ვტაცე ხელი და ოთახიდან გამოვვარდი– ბავშვი სულ მარტო იყო სადღაც ქალაქგარეთ, ბენზინგასამართ სადგურზე. კანსტანწინის საძინებელს რომ ჩავუარე, რაღაცამ გამაჩერა. ვაჩე მაინც მისი ძმა იყო. მივაკაკუნე და მხოლოდ შემდეგ შევაღე კარი. იცვლიდა. გამოვბრუნდი და კარიც მოვხურე. ნუ, გასაგებია, რომ კარგი პრესი აქვს. ეს უკვე ვიცოდი. –რა არი?–თავი გამოყო კარებში. –მმ... მოკლედ, ვაჩემ დამირეკა და... –რა? ვაჩემ დაგირეკა?–არ დამამთავრებინა მან. –ჰო, მშობლებს გამოეპარა და წამოყვანა მთხოვა. –ალბათ ისევ ტვინი გაუბურღეს შენიშვნებით.–ამოიოხრა გაბრაზებულმა. –არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში, მე წამოსაყვანად მივდივარ. უბრალოდ შეგატყობინე. ვაჩე ხომ შენი ძმაა. –ჩემი მანქანით მივდივართ თუ შენით?–მკითხა უცებ და საძინებლიდან გამოვიდა. –რა? –მეც მოვდივარ. ბოლოსდაბოლოს, ვაჩე ხომ ჩემი ძმაა. –კარგი. როგორც გინდა. მე ჩემი მანქანით მივდივარ. ვგრძნობდი უკან როგორ მომყვებოდა და ჩაღიმებისგან თავი ძლივს შევიკავე ჩემი მანქანის კარები აქეთ–იქიდან რომ გამოვაღეთ და დავჯექით. –ღვედი.–შევახსენე და მანქანა დავძარი. წვიმამ დაუშვა. წინ არც ისე ხანმოკლე გზა გვქონდა. ხმას არცერთი არ ვიღებდით. ჩვენ ფიქრებში ვიყავით ჩაძირულები. ტელეფონი მძიმე როკის ხმაზე აბრახუნდა (ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით) და ორივენი შევხტით. ჯიბეებში დაიწყო ქექვა და ბოლოს მიაგნო რასაც ეძებდა. –ჰო, ნაძ,–მიმართა მოფერებითი ფორმით.–ჰო, ჰო, ვიცი, მაგრამ საქმე გამომიჩნდა. რა?–უცებ საეჭვოდ დაუწია ხმას და წამიერად გადმომხედა.–ჰო, ისიც აქაა, მერე რა? ეს არაფერს ნიშნავს! მოდი, მოგვიანებით გადმოგირეკავ, კარგი? მორჩა, კარგად.–გაუთიშა და გაღიზიანებულმა მიაგდო ტელეფონი. ეჭვგარეშეა, რომ მიყურადება არც მიფიქრია (არც დამჭირვებია), უბრალოდ ყველაფერი გავიგონე და რაღაც დამემართა. რაღაც უჩვეულო. ამას ალბათ სიამაყე ერქვა. მისი უბრწყინვალესობა ნადია ჩემზე ეჭვიანობდა! სამწუხარო ის იყო, რომ სულ ტყუილად. –ოხ, ეს ქალები!–წაიბურტყუნა და რადიო ჩართო. ნახევარწუთიანი ჯახირის შემდეგ ისევ გამორთო. –რატომ არ აქცევ შენ ძმას ყურადღებას?–ვკითხე. არ ვიცი, იმის გამო, რომ ეს კითხვა დიდი ხანია მაწუხებდა თუ იმიტომ, რომ სიჩუმე დამერღვია. –მისახედი რა სჭირს.–ჩაიბურდღუნა და გვერძე გაიხედა. –მგონი ორივემ ვიცით რაზე ვლაპარაკობთ.–ვუპასუხე იმით გათამამებულმა, რომ ჩემ საქმეში ნუ ერევიო არ უთქვამს. არ მიპასუხა და მეც აღარ ჩავაცივდი. ჩაწერილ მისამართს რომ მივუახლოვდით, პარკირება ძლივს მოვასწარი ისე გადავხტი მანქანიდან და შენობაში შევვარდი. –ნუცა!– ბავშვი ჩემკენ გამოექანა დანახვისთანავე და ჩამეხუტა. მხრების ცახცახზე მივხვდი, რომ ცრემლები წამოუვიდა. ამიტომ დამშვიდება ვაცადე, კანსტანწინსაც თვალები დავუბრიალე შემოსვლისას. ისიც შებრუნდა და მოლარესა და ოპერატორს ვაჩეს ამბავის გამოკითხვა დაუწყო. –წავედით?–ვკითხე ცოტა რომ დაწყნარდა. ვაჩემ თავი დამიქნია. –კოტკო, შენც აქ ხარ?–დანამული თვალები გაუბრწყინდა ბიჭს ძმის დანახვაზე. „კოტკომ“ ხელი გადახვია უმცროს ძმას და ერთად გავიდნენ გარეთ. მე პირღია მაცქერალ ხალხს მადლობა გადავუხადე ყურადღების მიქცევისთვის და მათ მივყევი. ორივენი ერთად ისხდნენ უკანა სავარძელზე. შემცივნული ვაჩესთვის ძმას თავისი ქურთუკი გადაეფარებინა და მყუდროდ მოკალათებულიყვნენ. კმაყოფილმა შევნიშნე, რომ კანსტანწინს ძმისთვის შენიშვნის მიცემა, დატუქსვა, მომხდარზე საუბარიც კი არ უფიქრია. უბრალოდ მიიღო და ჩაეხუტა. მანქანა დავძარი. უკანა ხედვის სარკეში კიდევ ერთხელ გავხედე ძმებს ქუჩის სუსტ განათებაზე მათი კანი ოდნავ პრიალებდა. კანსტანწინის მოელვარე თვალებს დავეჯახე. მზერა გავუსწორეთ ერთმანეთს. არაფერი უნიშნებია. არც თავი დაუქნევია. უბრალოდ თვალებში მიყურებდა. გზას გავხედე. თითქოს ერთმანეთს გავუგეთ. * * * მე ვაჩესთან საუბრის საშუალება არ მომეცა. ძმას კი მგონი მოუყვა რაც მოხდა, რადგან როცა მშობლებს დაურეკა და ისინიც მალევე ჩამოვიდნენ გულგახეთქილები, კარებშივე მიახალა: –არ მოგცემთ ამის უფლებას!–ვაჩეს უკვე თავისი ოთახში ეძინა.–არ მოგცემთ უფლებას მასაც ისევე მოექცეთ, როგორც მე! ნუ უმახინჯებთ ბავშვს ცხოვრებას თქვენი გამოხტომებით და ახირებებით. ვაჩე ადამიანია და არა სათამაშო ან თიხა, რომელსაც თქვენ ჭკუაზე გამოძერწავდით.–მისი ხმა მათთვის უჩვეულოდ მტკიცე იყო ალბათ, რადგან გაკვირვებულები და დაბნეულები უყურებდნენ კანსტანწინს და ერთმანეთს. –არც კი იცი რას ამბობ! ვაჩე ჩვენ ძალიან გვიყვარს და მისთვის მხოლოდ კარგი გვინდა. ვცდილობთ კარგი მშობლები ვიყოთ.–დაიწყო ზურაბმა. –და კარგი ვაჟი აღვზარდოთ.–დაამატა ლალიმ. ერთმანეთს შეცბუნებულები უყურებდნენ. აშკარა იყო გრძნობდნენ, რომ დამნაშავენი იყვნენ, მაგრამ არამგონია მიხვედრილიყვნენ კონკრეტულად რაში. –თქვენ მორჩილი რობოტი გჭირდებათ მხოლოდ. ბავშვს თავისუფალი სივრცე სჭირდება, რომ თავისუფლად იაზროვნოს, ჯანსაღი აზრები ჰქონდეს და არა დაჩაგრული და ბოღმიანი კომპლექსები.–კანსტანწინი ლამის დორბლის შხეფებს ისროდა პირიდან ისე გაცხარებული ლაპარაკობდა. ნუთუ ამაში ჩემი წვლილიც იყო?–თუ კიდევ ერთხელ დაჩაგრავთ ჩემ ძმას, გაფრთხილებთ, მემკვიდრეობასაც დავივიწყებ, სახლს და მანქანასაც შეველევი,–ზურაბს ჩაეცინა– რა უნდა მომხდარიყო, რომ მისი განებივრებული უფლისწული ფუფუნებას შელეოდა? ეჭვი შეეპარა მისი სიტყვების სიმტკიცეში (ისევე, როგორც მე) და ეს კანსტანწინმაც იგრძნო.–და ისეთ სკანდალს ავაგორებ, ამომრჩევლების 0.1%–იც კი სანატრელი გაგიხდეს! მე ხომ ჩამძირე, მაგრამ ვაჩეს ვეღარ გაჰკრავ შენ კლანჭს!–დაასრულა კანსტანწინმა და „ბრძოლის ველს“ გაეცალა. „ჩამძირეთ“–გამიჟღერდა გონებაში მისი ხმა. ჩვენ ერთად ჩავძირეთ იგი. მე და მისმა მშობლებმა. საძინებლის ღრიჭოდ დატოვებული კარი მჭიდროდ დავხურე. საწოლში გავიშხლართე და პლედში ჩავიმალე. რაც არ უნდა ყოფილიყო, იმ დღეს ჩვენ სამნი თითქოს სამყაროს დავუპირისპირდით (ორ მტარვალს მაინც) და ეს, სხვათაშორის, ძალიან მაგარი შეგრძნება იყო. * * * –კარგი რა, თქვენც უნდა წამოხვიდეთ! რა იცი რა მოხდება!–ვცდილობდი ნუცა და მისი ქმარი პიკნიკზე დამეთანხმებინა. –ამ სიცივეში რა პიკნიკი აგიტყდა?–თითქოს ხმაც კი შემცივნული გაუხდა, მაგრამ უკან დახევას არ ვაპირებდი. –მინდა გაგაცნო ჩემი ახალი შეყვარებული. შენი მეუღლე კი ქორწილის მერე არ მინახავს. იქნებ ჩვენ რომ შემოგვხედავს, ეგეც დათბეს? –რა უნდა დათბეს, შენ ისევ მაგ ოცნებებში ხარ? მოიცა, კარზე აკაკუნებენ.–მითხრა და ყურები ვცქვიტე– ღამის საათებში ოთახში ვინ უნდა სტუმრებოდა თუ არა თავისი სიმპათიური ქმარი! მისი ხმაც გავიგონე, თუმცა არ მესმოდა რას ეუბნებოდა. –უთხარი პიკნიკზე! უთხარი!–ავბუტბუტდი ყურმილში. –ანუკა, დამაცადე, ახლა მაგის დრო არ არის. სხვა დროს ვეტყვი.–ჩამჩურჩულა, მაგრამ მან მაინც გაიგონა. –რას მეტყვი სხვა დროს?–მოისმა სასიამოვნო ხმა. –იცოდე, აუცილებლად უთხარი, გული მიგრძნობს უარს არ იტყვის.–მოვასწარი თქმა, სანამ ნუცა სწრაფად დამემშვიდობებოდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.