პოლიტიკის თეორია [ნაწილი მეცხრე]
IX. იმ საღამოს მეტი არაფერი მომხდარა საინტერესო. ბედობა ნატასთან ერთად გავატარე. – ძალიან გამიტყდება, სხვასთან რომ გამექცე ისევო! – გამაფრთხილა წინასწარ და მეც სხვა გზა არ დამრჩა. დადებითი მხარე ნატასთან ყოფნის ის იყო, რომ, ნუცას შემდეგ, ყველაზე უკეთ მიგებდა და საუკეთესო რჩევებს მაძლევდა. ის არ იყო საუკეთესო დედა, ის იყო საუკეთესო ქალი და მეგობარი, და ეს მახარებდა ყველაზე მეტად. – ჰოდა, ასე, ჩემო ნატა, – დავასრულე იმ საღამოს საინტერესო მომენტების მოყოლა და წვენი მოვსვი. – მგონი მაგ ბიჭს ძალიან უქრის! – გაიცინა და სიგარეტს მოუკიდა. ძალიან მომინდა მოწევა. იმდენად, რომ გამაკანკალა. რთულია, ოცი წლიდან ვეწევი და ასე უცებ გადააგდო, მოეშვა. მაგრამ შევძელი საკუთარი თავის ძალდატანება და უბრალო, ჰაერში გარეული კვამლი ვისუნთქე. – მგონი არა, მართლა, – აღვნიშნე. – მოწონხარ... – ჩაფიქრდა წამით. – არა, კი არ მოწონხარ, გიჟდება შენზე! – თვალი ჩამიკრა. – კაი რა, – გამეცინა დედას ნათქვამზე. რომ წარმოვიდგინე კოკას სიყვარული და მითუმეტეს ჩემ მიმართ, იმდენად აბსურდად მომეჩვენა, სიცილიც რომ არ კმაროდა. – კაცის ლოგიკას ნუ მასწავლი რა! – კარგი, არ გასწავლი კაცის ლოგიკას, მაგრამ კოკას ვინმე უყვარდეს და ისიც მე? – უფრო ხმამაღალი ხარხარი ამიტყდა. – უდიდესი აბსურდია. – მასეც ხდება, რატომ გიკვირს? – მომაჩერდა გაკვირვებული. – ჟორჟოლიანი ერთადერთია, ვის მაგალითზე ხდება მასეც, ნატ? – გავუღიმე და კარის გასაღებად წამოვდექი, რომელზეც გაბმულად რეკავდა ზარს ვიღაც. არ გამკვირვებია, დედაჩემის ‘დაქალოშკები’ რომ დამიხვდნენ ზღურბლს იქით. საგანგებოდ გამოპრანჭულები. ღმერთო, ამათ ასაკამდე ნორმალურად მიმაღწევინა და ამდენ ქიმიაში ამოვევლები–მეთქი?! – გავიფიქრე. – ლილი, არ არსებოობს! – ისე ჩამეფსკვნა ნინა, რომ კინაღამ გამგუდა. ღმერთო, სუნამო ესხა აუარებელი. სუფთა ჰაერის ჩასუნთქვის ყველა გზა კი მისმა ბეწვეულმა გადამიღობა, მთელს კისერსა და მხრებზე რომ ეფინა. – ვაიმე, მეგონა ჭორები იყო! – ახლა მეორემ წამოიყვირა, მაგრამ ბეწვეულით მხედველობაშეზღუდულმა ვერ გავარჩიე რომელი იყო. – არაა? – აყვა მესამე. ღმერთო, რატო ვიტკიებდი აუტკივარ თავს? ხომ ვიცოდი, რომ ესენი ცხოვრებისეულ ტრადიციას არ დაარღვევდნენ და ერთად აღნიშნავდნენ? რას ვიმწარებდი ბედობა დღეს? და უცებ გამახსენდა, რომ ეს დღე შეიძლება დამბედებოდა და პანიკა დამემართა, ამ სიტყვის უწყვეტი მნიშვნელობით. ამათთან ერთად ჩემ მტერს დაებედოს 365 დღის გატარება! – ბედნიერი ქალი ვარ, – ნინას გამომწიწკნა კლანჭებიდან ნატამ და უკან გამწია. – გილოცავ, ნატაშ! – ერთხმად დაიყვირეს და გადაეხვივნენ. – შამპანური არ გავხსნათ, გოგოშკებო? – ისეთი მოძრაობა გააკეთა ალიონამ, მეგონა ახლა წელში გადატყდება–მეთქი. რამდენიმე საათი ვიტანე ეს ცირკი და ბოლოს ვეღარ გავძელი. ბოდიში მოვუხადე, გასასვლელი ვარ–მეთქი და წამოვედი. – შემეხმიანე! – გამაფრთხილა ნატამ. – ბევრი არ დალიოთ, გოგოშკებო! – თვალი ჩავუკარი და იმის შიშით დავტოვე, რომ რომელიმე ბევრს დალევდა და გული გაუსკდებოდა. განა რა იმდენია ორმოცდაათი, ჰა–ჰა ორმოცდათხუთმეტი წელი?! მე ვაბუქებდი უბრალოდ... თბილისი ის ქალაქია, ნიუ იორკის ტრადიციების გადმოტანას ამაოდ რომ ცდილობს. ჰო, ცდილობენ სიცოცხლე ჩქებდეს ნებისმიერ დღესასწაულზე; სინამდვილეში კი სანახაობა ასეთია: აღსანიშნავი ‘კაი ქეიფიდან’ წამოსული, ღიპიანი, მელოტი კაცი არეული ნაბიჯებით მოიკვლევს შარდენს და რომ კითხო – ბიძია, რამე ხომ არ გჭირდება? – ისეთ გინებას აგიტეხს, ნამუსი შეგაწუხებს იმის გამო, რომ საერთოდ დაიბადე. ხო, ზუსტად ასეთი ქალაქია თბილისი, მაგრამ მე მაინც ყველას მირჩევნია. ალბათ, ბევრჯერ გაგიჩნდათ კითხვა – 35 წლის ქალი, როგორ ვერ ჩავარდა ბედშიო? – პასუხი კი მარტივია – ცხოვრება მოგზაურობას დავუთმე. ორი წლის ვიყავი, რომ დავიწყე და მას მერე არ გავჩერებულვარ. რომელი ქვეყნის რომელი ქალაქი გინდათ, რომ არ ვყოფილვარ. მე მიყვარდა მოგზაურობა იმაზე მეტად, ვიდრე უნდა მყვარებოდა და ახლა, სანამ აღტაცებაში მოხვალთ, ჯერ კიდევ ერთი კითხვა დამისვით – ამდენი ქვეყნის ნახვამ ბედნიერება მომანიჭა? და მე გაგცემთ პასუხს – არა! არანაირად. ბედნიერება არ არის წამიერი. თუ ასე იქნებოდა, გამოდის, ეს ცხოვრება ტყუილად არ გამლევია, მაგრამ წუთიერი და საათობრივი ბედნიერება ბედნიერება არ არის. ბედნიერებაა, როცა იცი, რომ გყავს შვილი, რომელიც ნებისმიერ ადგილზე უფრო დიდი, განუზომელი ბედნიერებაა და მამაკაცი, რომელიც იმ განუზომელი ბედნიერების საწყისი, დაუსრულებელი წერტილია. ყველას ველოდი, მაგრამ არა იმას, ვინც მომაკითხა. ღმერთო, თუ არ მოვკვდებოდი, არ მეგონა. ლევანი რომ მიღიმოდა კარში, არ მჯეროდა. – ღმერთო, ლევან, შენ ხარ? – აღმომხდა და ცრემლები ისე უნებართვოდ ჩამომცვივდნენ, გააზრებაც ვერ მოვასწარი. – არ მოგენატრე? – თავისი შარმი მომახვია და ჩემკენ წამოიწია. – რომ ვერ წარმოიდგენ, ისე, – ჩავეხუტე და მის მხარში, კომფორტისგან განებივრებულმა, უარესი ქვითინი ავტეხე. – კარგი, ნუ ტირი, თორემ წავედი, – მისაყვედურა უმალ. ემოციებისგან სავსემ ფეხების ბაკუნი წამოვიწყე და თვალებზე სისველე ცერა მუშტებით შევიმშრალე. შემოდი–მეთქი, ვანიშნე მისაღებისკენ. – ღმერთო, არ მჯერა, რომ არ მესიზმრები, – გამეცინა ისტერიულად. – რა ქარმა გადმოგაგდო აქეთ? სავარძელში მოკალათდა, მე კი, ემოციებისგან სავსე, ვერ ვწყვეტდი წინ და უკან მოძრაობას. – მომენატრე, – სიგარეტს მოუკიდა. – როდის აქეთ? – ვანიშნე სიგარეტზე. – რა ხანია... – გაეცინა ნერვიულად. – შენ არა? – მეც მომაწევინე, – მხრები ავიჩეჩე. – არ იცვლები რა, – თვალი ჩამიკრა, კოლოფში სანთებელა ჩატენა და გამომიწოდა. – მეც მომენატრე, სხვათაშორის, ხომ გითხარი?! – გამეცინა. – ბავშვი როგორაა? – მუცელზე შეაჩერა ღიმილიანი მზერა. – ვუძლებთ. ამოვიხვნეშე და სავარძელში ჩავეშვი. მე არ ვიყავი კარგ მდგომარეობაში და არც ბავშვი იყო, ჩემიდან გამომდინარე. ასე რომ, ვუძლებდით, ჰო, ასე. – მართლა, რამე ხდება? – ვკითხე კარგად ანერვიულებულმა. – რაღაც საქმეები მქონდა და რამდენიმე დღით ჩამოვედი, – მიმიხვდა კითხვას. – როდის ბრუნდები? – დღეს ჩამოვფრინდი და სამ დღეში მაქვს უკან დასაბრუნებელი ბილეთი. – სად ჩერდები? – ნომერი ვიქირავე. – გაგიჟდი? – აღმომხდა გაოცებულს. – გავხარ ახლა უთავშესაფროს? – რა გინდა, ლილ? – გაეცინა ჩემს რეაქციაზე. – წამოიღე შენი ბარგი, მაქვს შენი ადგილი. – არა, გადავიხადე უკვე. თვალები მობეზრებულად გადავატრიალე. – არ გეკადრებოდა შენ ეგ. – სასმელი გაქვს რამე? – ძლიერი? – ავდექი და კარადიდან ვისკი გამოვიღე, უმაღლესი ხარისხის, მეგობრის საჩუქარი. – ეს უკვე მომწონს, – ნერვიულად გადაისვა თავზე ხელი, გაიცინა და სიგარეტის ნამწვი საფერფლეში ჩაწვა. ჭიქები მარმარილოს მაგიდაზე ხმაურით დავდე, ვისკი გავხსენი და დავასხი. ერთიანად დალია, ყველანაირი სიტყვის გარეშე. – უცნაური ხალხი ვართ ქართველები – თუ რაღაც არ ვადღეგრძელეთ, სასმელს არ ვიკარებთ, – გაიცინა. – მშვიდობა გაქვს? – ავნერვიულდი მისი შემყურე. – არც ისე... – მხრები აიჩეჩა, კიდევ ერთხელ შეავსო ჭიქა, დაცალა და წაშლილი სახით მომაჩერდა. – რაც როიმ დაგვტოვა, მას მერე ვერავინ მცნობს. მთელ ტანში უსიამოვნო ჟრუანტელმა დამიარა. როის ხსენება ლევანის მიერ ჩემთვის აპოკალიფსის დასაწყისი იყო. ვიცოდი, საით მიჰყავდა საუბარი და ვიცოდი, რასაც ერთხელ ავარიდე თავი, კვლავ ვერ ავცდებოდი. და ეს ცოდნა იყო ყველაზე რთული სამართავი. ხომ არის მომენტები, როცა ქაოსს, ათასი აზრის მოსმენას გირჩევნია ყველაფერს წყნარად დაუსვა წერტილი?! როის სიკვდილმა ეგ მომენტი განსაკუთრებული სიმძაფრით მოიტანა ჩემამდე და ახლა, როცა მინდოდა გაგრძელებულიყო სიჩუმის ოქროს ხანა, მოვიდა ადამიანი, რომელიც ორივე ჩვენგანს იდეალურად იცნობდა და იწყებს საუბარს ჩემს ყველაზე დიდ დანაკლისზე, მთელი ცხოვრების მანძილზე. – არ გინდა, ლევან, რა... – ხმა წამერთვა და ისე შევეხვეწე. – გგონია მე არ მიჭირს ამ თემაზე საუბარი? – გაეცინა მტკივნეულად. – ვიცი, რომ ყველაზე მეტად გიჭირს, შეიძლება, ჩემზე მეტადაც, მაგრამ ახლა არ შემიძლია მოგისმინო. გამიგე და მაპატიე, – უკვე საშინლად ვატანდი თავს ძალას, რომ, როგორმე ასობგერებისგან სიტყვები შემექმნა, იოგები შემერხია და ლევანისთვის ცივილურად ამეხსნა, რომ მიჭირდა, მოსმენა და გაგება. – ლილი, ახლა რომ არ გითხრა, მოგიწევს მთელი ცხოვრება საკუთარი თავის მოტყუებასა და დადანაშაულებაში გაატარო. შენ უნდა იცოდე ყველაფერი როგორ მოხდა, რომ მერე შენ შვილს უსამართლო ბრალდებები არ წაუყენონ. შენ გჭირდება სიმართლე. ახლა ვერ ხვდები, მესმის, მაგრამ მოვა დრო და ყველაფერს დღის შუქი გაანათებს, შენ კი ვალდებული ხარ სისუსტე არ გამოიჩინო! – თავიდან ლამის ყვიროდა, წინადადების ბოლოს კი ხმას დაუწია და ჩურჩულით დაასრულა, თითქოს ეგონა, ვიღაც უსმენდა. ღრმად ჩავისუნთქე. ყელსა და თვალებში წვა ვიგრძენი. გული ისე ცემდა, მეგონა სადაცაა გადმომივარდება–მეთქი. თავს ძალა დავატანე და ტირილი შევიკავე, აი გულს კი ვერაფერი მოვუხერხე. ასე შორიდან რომ არ მოევლო და ლაკონურად ეთქვა, დარწმუნებული ვარ ასე გამოუვიდოდა: ლილი, შენ ჯოჯოხეთი გელის, მოემზადეო. ახლა უკვე არაფერს მოვერიდე და მეც მასსავით ორი ჭიქა ზედიზედ გამოვცალე. – მეტი არ დალიო, – გამაფრთხილა მესამე ჭიქაზე. – ფხიზელ გონებაზე უნდა გაიაზრო ყველაფერი. და იმ წამში ვიგრძენი, რამდენად უიღბლო ადამიანი ვიყავი და რამდენად საზარლად დამცინოდა ბედი. – გისმენ, – ვუთხარი აჭრილი ხმით და სიგარეტს მოვუკიდე. საშინელ კვამლში წამის მეასედებში გავეხვიე და ნერვიულობა თითქოს ჩაცხრა, მინიმალური დოზით, მაგრამ შესამჩნევად. – შენ იცი, მე და როის რა გვაკავშირებდა – ბავშვობის ძმაკაცობა – და სხვა მრავალი ელემენტიც იცი, ასე რომ, დრამა სამომავლოდაც გვეყოფა, – ეცინებოდა ნერვიულად. – გე–ლო–დე–ბი! – დავუმარცვლე და თვალები დავხუჭე, აფეთქების მოლოდინში. – როის ცოლი ჰყავდა... – ამოიჩურჩულა, თუმცა ჩემს ყურებში ბომბივით გასკდა, ვულკანივით ამოხეთქა და ქარიშხალივით დამატყდა. თითქოს ლევანის სიტყვები გველი იყო, ჩამიძვრა ყურში და მომშხამა. პირველივე სიტყვიდან რომ ნათელი იყო, საით მიჰყავდა საუბარი. შემეშინდა? – ჰო, შემეშინდა. სიბრალული? – ეგეც იყო. ტკივილიც? – ყველაზე დიდი დოზით. – საქართველოში რომ მოდიოდით, მაგ დღეს დაგვირეკა ანიტამ. მათ უკვე გადაწყვეტილი ჰქონდათ განქორწინება. ანიტას სიგიჟემდე უყვარდა როი და ვერ აპატია ის, რომ განქორწინებამდე ჰქონდა პარალელური ურთიერთობა სხვა ქალთან, – დაასრულა და ვისკი მოსვა. მომენტში მოვკვდი და შემდეგ გავოცხლდი, რადგან გამახსენდა შვილი; ანუ მიზეზი ცხოვრების გაგრძელების და მიზნის დასახვის. – ღმერთო, კიდევ არსებობენ ასეთი ადამიანები?! – დავსვი კითხვა მეტად ჩემთვის, ვიდრე ლევანისთვის. – სამწუხაროდ, კი, – ძლივს მოითქვა სული. მასთან ახლოს მივედი, იატაკზე დავეშვი, მისი თავისუფალი ხელი ჩემს თითებში მოვიქციე, თვალებში უმოწყალოდ ჩავხედე და ვკითხე: – ლევან, როის გამო არ ხარ ხომ აქ? ღრმად ჩაისუნთქა. დაიძაბა, ვიგრძენი, რომ ყველა კუნთი დაეძაბა. თვალი ვერ გამისწორა. რამდენიმე წუთით მთელ სახლში ექოდ იშლებოდა სიჩუმე. სიჩუმე, რომელიც უსასრულოდ არღვევდა სივრცეს. არ შემეძლო ამდენის გაძლება, უნდა მომესმინა ის, რაც ისეც ვიცოდი. – ანიტა აქ არის და არ ვიცი, რაზე წამსვლელია... – ამოღერღა ძლივს, კბილების ღრჭიალით. სულ ერთს ვიმეორებდი – სიკვდილის არ მეშინია–მეთქი. აქამდე ათასჯერ მექნებოდა დასრულებული, რადგან მეტი ტკივილი მაქვს ნანახი, ვიდრე სიკვდილია, თუმცა მაშინ, როცა ჩემს სხეულში ორი სული ბუდობდა, არ შემეძლო ორივე ერთდროულად გამენადგურებინა. ერთი მაინც იმსახურებდა სიცოცხლეს. ამიტომ ვერ მივცემდი საშუალებას ადამიანს, რომელმაც ერთი უკვე წამართვა, მეორეც წაერთმია. – რა ვქნა, ლევან? – უნებართვოდ წამოსულმა ცრემლებმა დამისველა სახე. – არ ვიცი, ლილი. არ გყავს სანდო ადამიანი, რომელთანაც იქნები ცოტა ხანს და გეცოდინება, რომ დაგიცავს? – თმა უკან გადამიწია ლევანმა და სიბრალულით სავსე თვალებით მომაშტერდა. – არავინ არ მყავს ასეთი, – ამოვიჩურჩულე და მივხვდი, ჩემი ცხოვრება მეტად უსაფუძვლო ყოფილა აქამდე. მთელი დღე უაზროდ დავძრწოდი სახლში. ვნერვიულობდი და ვფიქრობდი. ორივე ერთად კი არ გამომდიოდა. ტელეფონი ხელში მეჭირა, 112 აკრეფილი მქონდა, სახლის ყველა კარი თუ ფანჯარა კი შესაძლოდ მაქსიმალურად ჩარაზული. საღამოს კარზე ზარი რომ დარეკეს, კინაღამ გული ამომვარდა საგულედან. ერთ ადგილას მივიყინე და ვერ გავინძერი. ზარს რეკდნენ და სტუმარი არ ჩერდებოდა. აშკარად იცოდა, რომ სახლში ვიყავი. ნელა მივიპარე კართან და გავიხედე. გამიკვირდა, კოკა რომ შემრჩა ხელში. რამდენიმე წამით ვიორჭოფე და ბოლოს გავუღე. არ ვიცი საიდან გამიჩნდა მის მიმართ ამხელა ნდობა, მაგრამ ფაქტია, მე მას ვენდობოდი. – ლილი, ნორმალური ხარ? – ჩარჩოდან ჩამყვირა. ისეც ნერვიულობისგან მისუსტებული, ჰაერში ოდნავ შევხტი და კედელს ჩავეხუტე. რომ დამინახა კარგი დღე არ მქონდა, შეშინებულმა ჩამუხლა ჩემთან. – კარი დაკეტე, – ვუთხარი მისუსტებული ხმით. გაოგნებულმა გაიხედა უკან, მერე მე შემომხედა და ბოლოს აღასრულა ჩემი თხოვნა, როგორც იქნა. – რა გჭირს? – დაბრუნდა ისევ ჩემთან და გაყინულ სახეზე ხელები ჩამომისვა. – შენს დაცვას დაურეკე, – ვჩურჩულებდი მიმწყდარი ხმით. – რა გჭირს–მეთქი? – გამიმეორა კითხვა უფრო ხმამაღალი ხმით. – გთხოვ, – ძლივს ამოვღერღე. ხელში ამიტაცა და მისაღებში გამიყვანა. დივანზე წამომაწვინა, გვერდზე ჩამოჯდა და ტელეფონი მოიმარჯვა. რაღაც უთხრა მოსაუბრეს, ვერ გავიგე რა, მხოლოდ მისამართი მესმოდა ბოლო სიტყვებში. – დაცვას ელაპარაკე? – თავს გამოფხიზლება ვაიძულე. – ხო. სასწრაფოს დავურეკო? – დაბნეული იყო ჟორჟოლიანი. – არა, კარგად ვარ, – შვებით ამოვისუნთქე. მასაც მოეხსნა დაძაბულობა, მაგრამ სიბრაზეთი ამოავსო, დანაკლისი არ აგრძნობინა არსებას. – რა სპექტაკლებს მიწყობ? – აუწია ხმას. – კოკა, ცოლად გამოგყვები... – მიმწყდარი ხმით ამოვიჩურჩულე. მაპატიეთ დაგვიანებისთვის, პატარა თავისთვის და თუ ბევრი ვიბოდიალე, მაგისთვისაც. ისე ცუდად ვარ, ვკვდები. არ მინდოდა სიკვდილის წინ უნამუსო მწერლად დავრჩენილიყავი და :დდ მიყვარხართ მე თქვენ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.