პოლიტიკის თეორია [ნაწილი მეთოთხმეტე]
XIV. საფრანგეთში დიდი დრო დავყე. მიყვარდა პარიზი და მისი თითოეული წერტილი. მიყვარდა ის ქურდიც კი, რომელიც ყოველ დილით ჩამსაფრებოდა, სასტუმროდან გამოსულს. რამდენიმე თვე მიჭირდა მასთან ადაპტაცია და ერთი–ორჯერ პოლიციაშიც დავწერე განცხადება, მაგრამ არაფერიც. ის ისევ სასტუმროს გამოსასვლელთან მხვდებოდა და, როგორც გამოსულს დამიგულებდა, მაშინვე ჩანთისკენ მორბოდა ხოლმე. თუმცა ცოტა სულელი იყო და ისე ვერ გამოსდიოდა ქურდობა, როგორც სხვებს. მე კი უმალ ვხედავდი და მტრული თვალებით ვაშინებდი. ყურებს ჩამოყრიდა და რაღაცის ჩუმი ბურტყუნით მშორდებოდა. ბოლო თვეებში კი, სანამ რამეს დააპირებდა, მანამდე ვეძებდი და ხელში ვაჩეჩებდი ხოლმე რამდენიმე ფრანკს. კეთილად მიღიმოდა და მეც სითბო მეღვრებოდა სხეულში უნებური. მიყვარდა პარიზში დატრიალებული „ლავ სთორები“. ერთი პერიოდი სხვების სიყვარულითაც კი ვცხოვრობდი. ვჯდებოდი ლუვრთან ან ეიფელთან სიახლოვეს, სადმე, ცარიელ კუთხეში და ყურებამდე სულელივით გაკრეჭილი ვუცქერდი სიყვარულით დამდნარ წყვილებს. საღამოობით, როცა ჯერაც ახლად იღვიძებდა პარიზი, მე მივდიოდი ცნობილ კლუბებში, ვჯდებოდი თვალშისაცემ ადგილას და ვსვამდი უამრავს. თითქმის ყოველდღე ახალ–ახალი პარტნიორი მიჩნდებოდა, მაგრამ სიძუნწე შემიპყრობდა ხოლმე და არავისთვის მეთმობოდა ჩემი ცხოვრება. ცხოვრება, რომელშიც არაფერი იყო საინტერესო. ცხოვრება, რომელიც ერთდროულად მეკუთვნოდა და თან არ მეკუთვნოდა. პარიზი ყოველთვის სიყვარულთან როდი ასოცირდებოდა ჩემთვის. პარიზი იყო ხელოვნება და ხელოვნებაში ცხოვრება მსიამოვნებდა ყველაზე მეტად. ლუვრში ყოველდღე დავდიოდი და უაზროდ ვუცქერდი ყველაფერს. მივშტერებოდი ფარაონ რამსეს მეორეს ქანდაკებას და ვეშვებოდი ძალიან შორ ფიქრებში. ერთი–ორჯერ კინაღამ გავიპარე კიდეც ძველ დროში. ნეტა გავპარულიყავი – ვოცნებობდი გვიან. ერთხელ, როცა ჯოკონდას ღიმილში ვიკარგებოდი, უკვე მერამდენედ, ვინ მოსთვლის, გვერდით ვიღაც ამომიდგა. მამაკაცი იყო, მისი სასიამოვნო სურნელით მივხვდი. არ შემიხედავს და თუმც მაინც ვგრძნობდი მის დაჟინებულ მზერას. ალმური უნებურად იწყებდა ასვლას ჩემ სახეზე, თუმცა არ ვიცოდი რისგან ან რატომ იყო გამოწვეული. – ლამაზი ხარ, – მითხრა სუფთა ქართულით. იმდენად დიდი გაკვირვება გამოიწვია ჩემში, აღშფოთებული სახით შევხედე. ჩემს სახეზე იმდენი კითხვისნიშანი იყო ამოტვიფრული ვირტუალურად, არ იყო საჭირო ათასი კითხვა. – ელემენტარული ფსიქოლოგიაა, – გამიღიმა მოკრძალებულად. „ღმერთო, როგორი თვალისმომჭრელი ღიმილი აქვს!“ – გავიფიქრე ჩემდაუნებურად. მერე ჩემს აზრებზე გულში გავიცინე და კონცენტრირება ისევ ქართველ მამაკაცზე მოვახდინე. – ხშირად ვაკვირდები ადამიანებს და ადვილად ვარკვევ მათ წარმომავლობას; საიდან მოდიან და საით აპირებენ წასვლას. – ვატყობ, არ გაგიჭირდათ ჩემი ამოცნობა, – ვუთხარი ირონიით, რადგან მეც მესმოდა კაცების ფსიქოლოგია, ასე თუ ისე. – ხო, მართალი ხარ. ადვილი ამოსაცნობი არ ხარ, – კვლავ გამიღიმა. ალბათ, შეამჩნია, როგორი სიმპათიებით დავიმუხტე, მისი ღიმილის მიმართ. – მაგრამ არავისი ამოცნობა არაა შეუძლებელი! – ჩამიკრა თვალი. – ქართველი არ ვარ, – თვალებში მივაშტერდი დაჟინებით და დაველოდე, როდის დაიბნეოდა. მაგრამ არა, რა დაბნევაზე იყო საუბარი, როცა ცინიზმით აღიჭურვა კაცი. – არც რუსი არ ხარ, – შემათვალიერა ირონიით. – მაგრამ ლამაზი ვარ! – გავახსენე მისი თავდაპირველი შემოჭრა ჩემს სივრცეში. – ყველა ეროვნების მატარებელი ლამაზია, თავისებურად, – არ თმობდა პოზიციას ფსიქოლოგი. – გგონიათ ჭრილობაზე მაჭერთ? – არავითარ შემთხვევაში, – თვალი ამარიდა და მონა ლიზას პორტრეტს მიაჩერდა. – რა არის ეს ნამუშევარი თქვენთვის? – ანაზდად შეიცვალა მისი საუბრის ფორმა. – ხელოვნება, – მოვუჭერი მოკლედ. გაეცინა. – იცი მასზე რა მითი დადის? – შემომხედა ისევ მე. და პასუხი არ დამაცადა, ისე განაგრძო: – ლეონარდოს ავტოპორტრეტი შეუქმნია ამ პორტრეტში, – დაიჩურჩულა ისე, თითქოს კონფიდენციალურ ინფორმაციას გასცემსო და მერე ძალიან ხმამაღლა გაიცინა. იმდენად ხმამაღლა, რომ ყველამ ჩვენ შემოგვხედა. გავბრაზდი, თუმცა მეც გადმომედო მისი განწყობა და მეც უნებურად ავყევი. ცოტა ხანს ვიცინეთ და მისი დასერიოზულება ჩემი დედამიწაზე დაბრუნების მიზეზიც გახდა. – ასევე ამბობენ, რომ მასში განსაკუთრებული კოდი ინახება... – დაამატა ჩურჩულით. გამეღიმა და ველოდი მის კვლავ ახარხარებას, თუმცა საკვირველ სიმშვიდეს ინარჩუნებდა ფსიქოლოგი. – თავიდან ველოდი, რომ ღამის გათეთრებას შემომთავაზებდი, – გულწრფელად ვუთხარი მე, რამდენიმე წუთიანი პაუზის შემდეგ. – უარს არ გეტყვი თუ თანახმა ხარ, – გაეცინა. – საინტერესო მოსაუბრე ხარ, მაგრამ ფიქრებთან ერთად მირჩევნია ღამის გათეთრება, – თვალი ჩავუკარი და ჯოკონდას ღიმილს ზურგი ვაქციე. – ნოდარ ვასაძე ახსენე, პრობლემა თუ შეგექმნება, – სიცილით მიჩურჩულა. მეც გავიცინე, მაგრამ აღარაფერი მითქვამს. წამოვედი. – ლილი, დღეს წვეულებაზე უნდა წამომყვე. დროა, საზოგადოებას გავეცნოთ, როგორც მომავალი ცოლ–ქმარი, – ოთახში შემოვიდა კოკა. მისი ასეთი უცაბედი მოსვლები არ იყო ჩემთვის უცხო, მაგრამ მაინც შემეშინდა. – ჯერ შემოდი ადამიანურად, აუცილებლად გული უნდა მიხეთქო? – ვუსაყვედურე უმალ. – თუ გაქვს რამე, ჩაიცვი, თუ არადა წამოდი, ვიყიდოთ სასწრაფოდ კაბა! – გააგრძელა. – არ გეზარება? – ავხედე საწყალი თვალებით. – ძალიან, – ამოიხვნეშა, გაიცინა და დივანზე, ჩემ ფეხებთან დაეშვა. დროზე ავწიე ფეხები, თორემ ზედ დამაჯდებოდა და კიდეც დამტოვებდა ეტლს მიჯაჭვულს მთელი ცხოვრება... – მაგრამ შენ ძალიან გამიზარმაცდი! – შემომხედა და ჩემი ვერდატეული ფეხები თავის მუხლებზე შემომაწყობინა. – გაგიზარმაცდი? – გამეცინა ხმამაღლა. – ხო, – თვალი ჩამიკრა. – მაქვს მე კაბა, – სწრაფად წამოვდექი და ოთახისკენ გავიქეცი. ბავშვობა კი გავიხსენე, მაგრამ ასაკმა თავისი ქნა და ისე დავიღალე, ოხვრა აღმომხდა გაჩერებულს და მაგიდაზე დაჯდომა მომიწია. აი, რას შვრება სიგარეტი! ერთ–ერთი კაბა გადმოვიღე და მოვირგე. – კოკა! – დავუძახე ხმამაღლა. იყო ეგვიპტეც. ეგვიპტეც კი არა, ბევრი ეგვიპტე იყო. სულ მინდოდა მეცხოვრა შუა საუკუნეების ეგვიპტეში, მაგრამ სამაგისო ბედნიერება რომ არ მარგუნა ბუნებამ, ავდექი და ძალიან ბევრჯერ ვესტუმრე. იმდენად ბევრჯერ, რომ ეგვიპტელები ახლობლური მოკითხვით მხვდებოდნენ. ვქვავდებოდი პირამიდებთან. მათ სიდიადეს მივშტერებოდი და ვითიშებოდი. ერთ დღეს, როცა სფინქსთან მოვკალათდი და ის იყო ფიქრებში უნდა გადავშვებულიყავი, ცხელ ქვიშაზე მოფარფატდა ჩრდილი და ცხვირში ნაცნობმა სურნელმა მომიღიტინა. ეს სურნელი ერთხელ მქონდა შეგრძნობილი, თუმც იმდენად მძაფრად, ვიცოდი, მთელი ცხოვრება არ დამავიწყდებოდა. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, წლების შემდეგ, მე ვიცანი ეს სურნელი. – დამსდევ? – ვთქვი ღიმილით და ისევ არ შემიხედავს მისთვის. – კვლავ ლამაზი ხარ! – ჩემს გვერდზე მოკალათდა ყვითელსა და ცხელ ქვიშაზე. – ისევ აფრენ? გაეცინა. მის ღიმილზე ისევ ფიქრებში გადავეშვი. ჯოკონდას ღიმილი... ფსიქოლოგი. ბედის ირონია, აი! – რა ადვილი ამოსაცნობი ხარ, შენ არ იცი! – იცინოდა ისევ, ოღონდ მე არ მიყურებდა. – არც მასეთი, – გავბრაზდი უნებურად. – ამ სიცხეში ნაკლებ ნაპერწკლებს თუ გადმოყრი, დაგვავალებ მთელს ეგვიპტეს! – დამცინა. – კარგი, – წამოვდექი ფეხზე. – გინდა გასწავლო ადამიანის ფსიქოლოგია? – წამოდგა ისიც. – აშკარად ჯერ შენ უნდა ისწავლო, – არ დავნებდი მე. – მე იდეალურად ვიცი, – თვალი ჩამიკრა. – რაღაც არ გეტყობა... – ახლა შენი გაბრაზება ჩავუთქვი და ნახე, რა დღეში ხარ, – გადაიხარხარა. – პაკა. – ჩაო, ლამაზო! იდიოტი. წვეულებაზე ნაღები საზოგადოება იყრიდა თავს. მე და კოკა მანქანაშივე შეგვამჩნიეს და ობიექტივები მოგვიშვირეს. იმდენი სურათი გადაიღეს, თვალები ამტკივდა და, ალბათ, კიდევ დიდი ხანი გამყვებოდა ეს ტკივილი. – კოკა, არ გეცოდები? – ვუჩურჩულე, როგორც მხარში ამოვუდექი და ხელკავი გავუკეთე. – რაზე? – სიცილით მიჩურჩულა. – ყველაფერზე... – თვალები დავუკვესე და ჩვენკენ მომავალ ვარსკვლავს ცერად შევხედე. – კოკა, როგორ ხარ? – გადაკოცნა ნინამ ჟორჟოლიანი და მე შემომხედა. – ლილი, ხო? – კი, – გავუღიმე. – შორიდან გიცნობდი. მიხარია, რომ ახლოსაც გავიცანით, – მანაც ძალიან სანდომიანად გამიღიმა. არადა, ნინა მთელი საქართველოს ის სათაყვანებელი ქალი იყო, რომელზეც მაინც ლაპარაკობდნენ, ნამეტანი სწერვა არისო. არადა, ასე თბილად ბოლოს ვინ და როდის დამხვდა, არც კი მახსოვს. – მიხარია, ერთად რომ მოხვედით! გაერთეეთ, – კოცნის იმიტირება გააკეთა და სხვების დასახვედრად წავიდა. არანაირი მამა–პაპური სუფრა არ იყო. ამის გამო ვბედნიერდებოდი. კოკას იმხელა სანაცნობო წრე ყოლია, რომ ვერ წარმოვიდგენდი. ამდენი კოცნით სახე გადამიწითლდა. ხან კოკას მეგობრები მკოცნიდნენ და ხან კოკა მეკრობოდა. ვერ მოვიშორე. ძალიან რომ დავიღალე, კოკას ვთხოვე და გარეთ გამოვედით. გრძელი საქანელა ეკიდა, ნათურებით მორთული. ძალიან არაადეკვატური იყო წვეულების ფონზე, მაგრამ სად მეცალა მაგის გასარჩევად, მაშინვე დავჯექი დაღლილი. კოკაც გვერდზე მომიჯდა. – დაიღალე? – მკითხა და ჩემი უფუნქციოდ ჩამოყრილი თითები თავის მტევნებში მოიქცია. – ძალიან, – აღმომხდა. – წავიდეთ გინდა? – არა, ვიყოთ ცოტა ხანს. სიამოვნებით ჩავრთავდი ახლა კლასიკას და დავტკბებოდი ამ იშვიათი შესაძლებლობით, მაგრამ ვინ გაცადა. ჩემსა და კოკას თავებს შორის დისტანცია იყო. უმალ ვიგრძენი, რომ მესამე თავი ჩადგა ჩვენ შორის. მერე სურნელი მეცნო... მეცნო? ხო, მეცნო. ეს ვასაძეს სურნელი იყო. გამაკანკალა. სანამ კოკა წამონთებას დააპირებდა, მანამ თქვა: – აფსუს, რა ღამეები გავათენეთ პარიზსა და ეგვიპტეში... ვერ წარმოვიდგენდი ამ მომენტს ვერასდროს,მაგრამ ეს მოხდა. ჯერ ჟორჟოლიანი ახარხარდა, მას ვასაძე აჰყვა და მათი განწყობა ისე უნებურად გადმომედო, რა გაბრაზებაზე იყო ლაპარაკი... წარმოდგენა არ მაქვს, რა არის. ალბათ, ძალიან საშინელება. მაგრამ აღარც ამდენი დრამა მინდა ამ დასასრულს... ჰოდა, მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.