ალქაჯი ანგელოზების სამყაროში –2–
[თავი 2] თომა უსიტყვოდ ჩადის დაკლაკნილი კიბით დაბლა. ცოტა არ იყოს ხახამშრალი ვრჩები. მეგონა ნერვები მოეშლებოდა და კამათში ამყვებოდა, მას კი როგორც ჩანს ჩემზე მნიშვნელოვანი საქმე ჰქონდა... ჩემზე მნიშვნელოვანი? ასეთი რამ ამ ქვეყანაზე არ მოიპოვება! –მის მაგივრად ბოდიშს მე გიხდი. უბრალოდ ახლა ძალიან რთულ სიტუაციაში ვართ. გუშინდლამდე კიდევ გვქონდა რაღაცის რწმენა, მაგრამ დღეს ყველანაირი იმედი გადაგვეწურა.–ფეხზე დგომით იღლება ქალი და მოყანყალებულ სკამზე ფრთხილად ჯდება. –ხო, რა ვიცი... ვის ესიამოვნებოდა ალქაჯის წოდებით შემკობა.–მისი ბრალი არაფერია, მაგრამ უკმეხობას, როგორც წესი, ასეთ სიტუაციებში ვერ ვღალატობ. ხელებს საბნის ქვეშ ვყოფ, რათა გავიგო მაცვია რამე თუ არა. კარატის ილეთებს რომ ვასრულებდი, მაშინ არაფერი შემიმჩნევია, ისე ვიყავი თავის დაცვაზე ორიენტირებული. შარვალი ადგილზეა. მაისური არა, მის ადგილზე რაღაც ნაქსოვი და უფრო თბილია. მამაკაცები უხერხულად იშმუშნებიან მეგობრის საქციელის გამო და მას მიყვებიან უკან. ქალთან ერთად მარტო ვრჩები თუ არა, საწოლიდან ფეხებს ვყოფ და იქვე დადებულ ჩუსტებში ფეხებს ვყოფ. ერთი შეხედვით მზრუნველები გეგონება და თურმე ზურგსუკან ალქაჯს გიწოდებენ! თუმცა ყველა ერთ ქვაბში არ უნდა მოვხარშო! თომაა თუ ქისტაური, წესიერად მოიქცეს, თორემ გაიგებს, რომ ინა ალქაჯელი იმას არ აქცევს ყურადღებას, მასპინძლის ამპლუაშია თუ სტუმრის. –თავს უკეთესად გრძნობ?–სასიამოვნო ღიმილით ამოწმებს ჩემს მდგომარეობას ქალი. –კი, კი, უკეთ ვარ. გუშინ ძალიან გადავიღალე. გეგმა უკვე ვაწარმოე. ჯერ ახლა შენს სახელს მეტყვი, მერე მე გეტყვი, მაგრამ მხოლოდ სახელს. მგელივით მშია და საჭმელს თუ არ მაჭმევთ, იმ უგემურ ქისტაურსაც კი გადავსანსლავ... მომიტევეთ, თუ თქვენი მეგობარია, თუმცა ალქაჯები თავის სანათესაოში მოიკითხოს. ხოდა რას ვამბობდი... აი, ამ ყველაფრის შემდეგ შეგვეძლება ერთმანეთს მოვუყვეთ ის, თუ საიდან გავჩნდით აქ. თქვენ რომ დასასვენებლად არ ჩამოსულხართ ამ საეჭვო წარმოშობის სახლში, ამას უკვე მივხვდი. თანაც თქვენ რთული სიტუაცია ახსენეთ. მოკლედ ეს საღამო გულახდილობის საღამო იყოს.–ტაშს რამდენჯერმე ვუკრავ და კატასავით ვიზმორები. –ამმ... კარგი.–ჩემი ლაქლაქი ცოტა აბნევს მას.–ჯერ სახელი ხომ? ცისია ვარ დუმბაძე, ქალაქ ბათუმიდან, თუმცა მოდი, წინასწარ გაგაფრთხილებ! სჯობს გულახდილი საღამო მაშინ გავმართოთ, როცა თომა სახლში არ იქნება. ცუდად არ მიიღო, მაგრამ დაუპატიჟებელ და უბედურების მომტან სტუმრად მიგიჩნევს და არ მოეწონება ის ფაქტი, რომ ჩვენი ისტორია მოგიყევით. –ასე ხართ დამოკიდებული იმ შავქოჩრიანზე?–თავს უკან თავმომწონედ ვაგდებ და დამტვერილ და ტალახშემხმარ შარვალს შეძლებისდაგვარად ვასუფთავებ. –შავქოჩრიანს თომა ჰქვია!–თვალისმომჭრელად იცინის ცისია.–მეორე, მას რომ ჰგავს, ჩემი ქმარია, თომა_მისი ძმა. მესამე კი, ცისფერთვალება, ჩემი მამიდაშვილია, ლეო. –შენი მამიდაშვილი ჩუმი და მშვიდი ვინმე ჩანს. იმ დროის განმავლობაში, რაც აქ იდგა, ხმა არ ამოუღია.–არგუმენტით ვაფიქსირებ საკუთარ აზრს. –ძალიან ცდები... უი, შენი სახელი არ გითქვამს! აი, მინდოდა მომემართა და კინაღამ ალქაჯი წამომცდა.–ვერ აჩერებს ენას ის და კვლავ თომას მახსენებს. –შევეცდები დავივიწყო ის, რაც თქვი!–გაბრაზებას ვერ ვმალავ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ქალი ალალი და ალერსიანია.–და ინა მქვია, ინა! –ცდები_მეთქი, რომ ვამბობდი, ლეო ვიგულისხმე. მართალია დაოჯახებულია, მაგრამ ჯერ ვერ დაღვინდა. ვეჭვობ, ეს ახლო მომავალში მოხდეს. ძმები ქისტაურები ხეები არიან, თუმცა გიორგის მერქანი შედარებით რბილია. სულ ორთაბრძოლა აქვთ ერთმანეთში. ერთადერთი მე არ მახსოვს თომასგან წყენა. ძალიან კარგი ადამიანია, თბილი და მოსიყვარულე, მაგრამ მის შინაგან სამყაროს ვერავინ ხედავს. ლეო კი კოდალაა, რომელიც არ მოგასვენებს და იქამდე გიკაკუნებს, სანამ შუაზე არ გაგლიჯავ. –შენს სახელს მაინც არ დასჯერდი, მაგრამ საკმარისია! ახლა მშია... მუცელი მიბუყბუყებს და თანაც ისე, რომ ამის თქმა უკვე აღარ მრცხვენია.–ვახსენებ გაფრთხილებას და ორივე სიცილით ჩავდივართ პირველ სართულზე, სადაც ძველმოდურ ყაიდაზე მოწყობილი დიდი ოთახი მხვდება. მაგიდაზე ძვირადღირებული ჭაღი დევს, გადაშლილი შტოებით. მის შიგნით კი შეჩურთულ სამკაულებს ვამჩნევ, რომლებიც თუ თვალი არ მატყუებს, სინათლის სხივზე ბრჭყვიალებს. კითხვის დასასმელად პირს ვაღებ, გონებაში სხვა კითხვა რომ ენთება. ჭაღს მაგიდაზე რა უნდა? ჭერზე უნდა ეკიდოს, მით უმეტეს მაშინ, როცა ამხელა ოთახში ის არსად კიდია. სამკაულიც განგებ არის ჩამალული შტოებს შორის. თუ ამ სახლის პატრონები ჩემს მიერ გაცნობილი ადამიანები არიან, მათ უნდა ვკითხო რა საიდუმლოს მალავს ეს ყოველივე და შემიძლია თუ არა მშვიდად დავიკმაყოფილო შიმშილის გაუსაძლისი გრძნობა. *** პატარა, ხის მაგიდასთან ვზივარ და გემრიელად ვილუკმები. ერთ ხელში ძეხვი მიჭირავს, მეორეში პური, წინ შებოლილი ყველი მიდევს და ამითაც კი ძალიან ბედნიერი ვარ. მუცელი სიმღერას წყვეტს და სიჩუმეს მისი კვნესაც აღარ არღვევს. ცისია ფანჯარასთან დგას და ვიღაცას ელოდება. ეს მოლოდინია მისი ცქმუტვის და მოუსვენრობის მიზეზი. იმის შემდეგ, რაც მამაკაცები წავიდნენ, ორი საათი მაინც გავიდა. უკვე სირცხვილია ამდენი ჭამა, მაგრამ ვერ ვჩერდები. აღარც ძვირფასეულობა მახსოვს და აღარც ის, თუ სად უნდა ეკიდოს წესით და რიგით ჭაღი. –ნეტავ, რატომ დაიგვიანეს?–ქვედა ტუჩი უნებურად უბრუნდება ცისიას და მაგიდის მეორე მხარეს ჯდება. ჰმ, გამიგია ორსულები გულჩვილები ხდებიანო... ახლა რომ ამან ტირილი დაიწყოს და ისტერიკებში ჩავარდეს, რით უნდა ვუშველო? კიდევ უარესი! მშობიარობა რომ დაეწყოს, ისე შემეშინდება, ეს კაცის უნახავი გოგო მასთან ერთად გავაჩენ შვილს. –რამდენ თვის ხარ?–სუნთქვაშეკრული ვანიშნებ მუცელზე და ღმურძვლას ვრჩები. –ხუთის.–შუბლი ეხსნება მას და მუცელზე ხელს წრიულად ისმევს.–ექიმმა მითხრა, ასე რომ მოეფერები, შენც დამშვიდდები და ისიცო. –ბედნიერი ხარ ხომ?–რაღაც გულდაწყვეტით ვეკითხები. ჯერ არ არის ხელების ჩამოყრის ჟამი, მაგრამ მაინც... ოცდახუთი წელი ცოტა არაა! –ძალიან... სიტყვები მეც მელევა და მასაც. ფიქრებში გართული ვხვდები, რომ მეც ვნერვიულობ, არადა რა მანერვიულებს? ლეოს და გიორგის არ ვიცნობ, თომას შეცნობის პატივი კი უკვე მაქვს, თუმცა მისთვისვე ჯობდა არ მქონოდა! ჩემი გადამტერება რთულ სიტუაციაში... მართლაც რომ მტრისას! –მართალია ჯერ საღამო არ არის, მაგრამ იყოს გულახდილი შუადღე... უარზე არ ვარ!–ჩვენ–ჩვენ ფიქრებში დარჩენა არც ჩემთვისაა კარგი და არც ცისიასთვის. დროს თუ ტყუილად არ დავკარგავთ, ბევრს მოვიგებთ! თანაც რაც არ უნდა იყოს, არც ერთია ჩემი ძმაკაცი, არც მეორე და არც მესამე... მეოთხეს ჰა! დაქალობაზე რამეს მოვუხერხებ. თუ მოეპრიანებათ აქედან გამაბუნძულებენ, არადა ჯერჯერობით უამრავი რამ მაქვს გასარკვევი... ამ იდუმალებით მოცული ამბიდან დაწყებული ჩემი უიღბლო შვებულებით და დაკარგული გზით დამთავრებული. –მგონი მართლა კარგი აზრია. შიშის ბურუსში ნახევრად უკვე გავეხვიე და არ მინდა მთელი ჩემი არსება მან მოიცვას.–ისე შეიკრა ცისიამ ყელამდე ჟაკეტი, თითქოს ამით უნდოდა შიშს დამალებოდა.–მე დავიწყებ. ჩვენ... ჩვენ რა, ქისტაურებს ბიზნესი აქვთ, თანაც ძალიან მომგებიანი მათთვისაც და ჩვენი სახელმწიფოსთვისაც. საზღვარგარეთ მრავალი კავშირი აქვთ და ძვირფასი და ცნობილი ნივთები, ნახატები, ფოტოები, ნაქარგები, თიხის ნამუშევრები და ა.შ. საქართველოში დროებით ჩამოაქვთ. ასევე ახალბედებს ხელს უწყობენ მოიშორონ ეს სტატუსი დას უფრო ფართოდ გაშალონ ფრთები. მოკლედ ყოველი ნამუშევარი საქართველოს სხვადასხვა მუზეუმში თავსდება. ხალხის ამბავი ხომ იცი. ერთიანად აწყდებიან დაინტერესებულები იმ შენობის შესასვლელებს, რომლებისკენაც უწინ თვალსაც არ აპარებდნენ. დიდი შემოსავალია, ხარჯზე ბევრად დიდი, როგორც მუზეუმებიდან, ასევე იმ ქვეყნებიდანაც, რომელთანაც ჩვენს კომპანიას და რაღა თქმა უნდა საქართველოსაც კარგი ურთიერთობა აქვს, რადგან მათთანაც აფორმებენ ხელშეკრულებას და გარკვეული დროით იმ ქვეყნის მუზეუმებშიც შეუძლიათ იხილონ ევროოპიდან ჩამოტანილი ნიმუშები მნახველებმა. სწორედ ასე გავიცანი გიორგი. მე ერთ მუზეუმში გიდად ვმუშაობდი, მან კი ნება დაგვრთო ერთი კვირით ჩვენთან ყოფილიყო ულამაზესი ლარნაკი. მერე ყველაფერი ისე მოხდა, როგორც ხდება ხოლმე. ერთმანეთი შეგვიყვარდა და დავქორწინდით. არანაირი ფორმალობები, მაგრამ პრაქტიკულად თომას აწვა მთელი საქმეეები ზურგზე. გიორგიც ცდილობდა დახმარებოდა, თუმცა ჩემს გამო საზღვარგარეთ წასვლას ვერ ახერხებდა. საქართველოში როგორღაც რაღაცას კიდევ აკეთებდა. თვითონ რომ არ ეცალა, უმუშევარ ლეოს სთხოვა დახმარება, რომ თომას შეშველებოდა. ერთ დღეს კი იტალიიდან ჩამოტანილი ხატი მოგვქონდა ბათუმიდან თბილისში. თომამ აიკვიატა, სატვირთოში ჩავსხდეთო, გიორგიც აყვა, მერე მეც, ლევანიც. უკან ორი მანქანა მოგვყვებოდა, მაგრამ არ ვიცი, რა როგორ მოხდა. ხატთან ერთაც ჩვენც გაგვიტაცეს... –გაგიტაცეს? თქვენ გატაცებულები ხართ?–თხრობას პირდაღებული ვაწყვეტინებ ცისიას და ვუსტვენ. –უკვე აღარ... ახლა დაკარგულები ვართ.–თვალები აღელვებულს უწვრილდება და სახეზე ხელებს იფარებს. ^^^ ჯაჭვის ერთი რგოლი უკვე გაიხსნა, თუმცა მის საბოლოოდ გახსნამდე ჯერ ბევრი გვიკლია... იმედია მოგწონთ ჩვენი მშიშარა და კარატისტი ინა და ბუტია და უჟმური თომა... სათნო და ალერსიანი ცისია და რბილმერქანიანი გიორგი... ხო, ხო, კოდალა ლეო არ დაგვავიწყდეს! ველი თქვენს შეფასებებს! გამიხარდება, თუ პერსონაჟებსაც შემიფასებთ... უყვარხართ სოფიკოს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.