ჭირვეული სტუმარი (2 თავი)
მეორე თავი - შენს ქურთუკს მე ვიცვამ! - ღიმილით ვაცლი ხელიდან მოკლე ტყავის ქურთუკს დედას. - ამ მავნე ჩვევას ხომ ვერ გადაეჩვიე, შენიც ასეთივე არაა?! - შუბლშეკრული, მკაცრი ხმით მეკითხება. - არაფერიც, შენი უკეთესად დგას ტანზე... - იხტიბარს არ ვიტეხ და ქურთუკში გამოწყობილი კმაყოფილი ვათვალიერებ საკუთარ გამოსახულებას. დედა ყურადღებით ადარებს ერთმანეთის მსგავს ქურთუკებს და მხრებისჩეჩვით იცვამს ჩემს დაწუნებულს. მოგონებები ნელ-ნელა მიტივტივდება, ეს ჩვევაც ხომ ბავშვობიდან მომყვება, სამსახურიდან დაბრუნებულს ხშირად დაჰხვედრია ჩემი და ჩემი მეგობრებისგან თავდაყირა დაყენებული კარადა, ლოგინზე დაყრილი ფერად-ფერადი სარაფნები, მაღალ ქუსლიან ფეხსაცმელებზე მოტეხილი ქუსლები. როგორც წესი მეგობრებს ძალიან გვიყვარდა მოდების ჩვენების მოწყობა, რა დროსაც დედაჩემის სამოსს აქტიურად ვიყენებდით. ვინ მოსთვლის რამდენი საღამოს კაბა გავუფუჭეთ თამაშსა და მაიმუნობაში. საოცარი ის იყო, რომ ჩემი მეგობრების მშობლებისგან განსხვავებით, დედა არასოდეს გვიშლიდა მისი სამოსის გამოღებას. პირიქით, სახლში თუ იყო, ისიც ჩვენთან ერთად ხალისობდა, მაკიაჟს გვიკეთებდა, სხვადასხვა ზომის შლაპებს ირგებდა და ერთვებოდა ჩვენებაში. მაყურებლები უცვლელად ბებია და პაპა იყვნენ. - ამათზე მეტი ჭკუა არც შენ გაქვს!... - სიცილით ეუბნებოდა ხოლმე ბებო. - იურისტი რომ არ ყოფილიყავი, უდაოდ საბავშვო ბაღის მასწავლებელი გამოხვიდოდი... - კმაყოფილი აღნიშნავდა ხოლმე პაპაჩემიც. მე კი ვუმზერდი ჩემი მეგობრების აღტაცებულ მზერას და ორმაგად ბედნიერი ვიყავი. პაპა ჩემს ცხოვრებაში ერთად-ერთი უცვლელი გმირი გახლდათ. მიუხედავად მისი ასაკისა მაინც მაღალი, თითქმის 1.90-მდე იყო, ოდნავ შევერცხლილი თმით, მხრებში გაშლილი, ამაყი, მკაცრი გამოხედვით, სიცილის დროს ოდნავ იღიმებოდა და დედაჩემის მსგავსად მასაც თვალები უციმციმებდა. პროფესიით ისიც იურისტი გახლდათ, წლების განმავლობაში პროკურატურაში გამომძიებლად მუშაობდა. როგორც დედა აღნიშნავდა ჯაბა კაიშაურის სახელი ხშირად ისმოდა და საკმაოდაც აზანზარებდა კრიმინალურ სამყაროს, თუმცა ჩემთვის ის ყველაზე თბილი და ყველაზე ტკბილი გახლდათ. პაპას ნაკლებად ვეძახდი, უმეტესად სახელით მივმართავდი. მანებივრებდა, მათამამებდა. თითქოს უთქმელად ხვდებოდა ყველაზე მეტად რით გამახარებდა, მან ფაქტიურად არ არსებული მამის ადგილი დაიკავა. ამიტომაც ვერ მომინელებია ამდენი წლის შემდეგაც კი მისი დაკარგვა, ალბათ ესეც ბედისწერა გახლდათ, ჯაბა ახალი წლის წინა ღამეს, ყველაზე ბანალურად და უაზროდ გარდაიცვალა. სრულიად მოულოდნელად ერთ-ერთ სავაჭრო ქსელში საახალწლოდ საჩუქრების საყიდლად შესული ყაჩაღობის ფაქტს შესწრებია. დამნაშავეებს მყიდველები, ძირითადად ქალები და არასრულწლოვანი ბავშვები მუჯლუგუნებითა და იარაღის კონდახების რტყმით ძირს დაუწვენიათ და სალაროებს მონდომებით ასუფთავებდნენ. რაოდენ გასაკვირიც არ უნდა ყოფილიყო, პაპას მოუხერხებია ერთ-ერთი დამნაშავის განიარაღება და სიგნალიზაციის ღილაკისთვის ხელის დაჭერაც. თუმცა შეხლა-შემოხლის დროს ერთ-ერთმა მომხდურმა ესროლა და... დროული საგანგაშო სიგალის დამსახურებით პოლიციამ მიუსწრო, დამნაშავეები ადგილზევე დააკავეს, თუმცა ჯაბა კაიშაურის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ამის გახსენებაზე თვალები ცრემლებით მევსება და გული მეკუმშება. იმ წელს მეათე კლასში ვიყავი, კარგად ვსწავლობდი, თუმცა გადაწყვეტილების მირება მიჭირდა და მომავალმა ოქროს მედალოსანმა ჯერ კიდევ არ ვიცოდი რა მიმართულებით მინდოდა სწავლის გაგრძელება. კარგად ვწერდი, ვიცოდი რამოდენიმე უცხო ენა, დედა მაქსიმალურად მიწყობდა ხელს, ჩემს ნაწერებს სხვადასხვა ჟურნალებში აქვეყნებდნენ და ოჯახში ერთხმად აღიარებდნენ, რომ წერა კარგად გამომდიოდა, შესაბამისად ცდილობდნენ დავეყოლიებინე და ჟურნალისტიკურზე ჩამებარებინა, თითქოს არც მე ვიყავი წინააღმდეგი. თუმცა ჯაბას გარდაცვალებამ აშკარად შემიცვალა ცხოვრებაზე წარმოდგენა და სრულიად სხვა არჩევანიც გავაკეთე. მიუხედავად იმისა, რომ დედაჩემიდან გამომდინარე წლების განმავლობაში აქტიურად ავღნიშნავდი, რომ იურისტებს საკმაოდ მძიმე სამუშაო ჰქონდათ, მაინც არავის გაჰკვირვებია, როცა მეც იურიდიულზე ჩაბარება გადავწყვიტე. - უცნაური იქნებოდა სხვა გზას რომ დასდგომოდი, კვიცი გვარზე ხტის! - ტკივილით აღნიშა ბებიამ. - იქნებ ისევ დაფიქრებულიყავი?! -ალბათ უფრო მოვალეობისგამო მთხოვა დედამ. მშვენივრად იცოდა ჩემი ხასიათი და ხვდებოდა, რომ გადაწყვეტილებას მაინც არ შევიცვლიდი. მიუხედავად იმისა, რომ წარმოდგენა არ მქონდა მამა სადაური იყო, მე თავს მაინც მთის შვილად ვთვლიდი, არც მათთვის დამახასიათებელი სიჯიუტე მაკლდა და არც სიფიცხე, დედამაც კარგად იცოდა, რომ მიღებულ გადაწყეტილებას არაფრით არ შევცვლიდი. მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, ასე მოვხვდი „საქართველოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის“ უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტის პირველ კურსელთა შორის. და აი უკვე მეორე წელია მე და დედა ყოველ დღე ერთად ვემზადებით და გავდივართ სახლიდან. მიუხედავად იმისა, რომ ხმამაღლა ვაპროტესტებ, დღესაც უნივერსიტეტამდე ავტომობილით მაინც დედას მივყევარ, ტრადიციულად უნივერსიტეტის მეორე კორპუსთან მტოვებს და სამსახურში მიდის. ავტომობილიდან გადმოსული აქეთ-იქით ვიყურები, იქვე ჩემს კურსელ, ნინიკო აფციაურს ვხედავ, ხელს შორიდანვე ვუქნევ და ღიმილით ვუახლოვდები ჯინსის ქურთუკსა და შარვალში გამოწყობილ ქალიშვილს. უცნაურია, საერთოდ უცხო ადამიანებთან კონტაქტში იოლად ვერ შევდივარ, თუმცა ნინი გაცნობისთანავე მომეწონა. ამის მიზეზს ვერ გეტყვით, თითქოს ერთმანეთი თავისთავად ვიპოვეთ. ორას კაციან კურსზე ერთმანეთი გამოვარჩიეთ, პირველივე დღიდან გვერდი-გვერდ დავსხედით და აღარც მოვშორებივართ ერთმანეთს. ჯგუფელები ხუმრობით „ტვიქსებსაც“ გვეძახიან. სიმაღლით თითქმის ტოლები ვართ, ჩემს მსგავსად მასაც ლურჯი, მუქი მომწვანო თვალები აქვს და შავი, სწორი თმა. ერთნაირი რეპლიკებით, მწარე ენითა და ხისტი ხასიათით ცხოვრებას „ვუმწარებდით“ ბიჭებს. არ ვიცი რამდენად დიდი იყო ჩვენს შორის არსებული მსგავსება, თუმცა რატომღაც უცნობებს ხშირად უკითხავთ დები ხომ არ ხართო. ამ კითხვასთან დაკავშირებით ორივენი გულიანად ვიცინოდით. უნდა ვაღიარო თავიდან ეჭვი მეც კი გამიჩნდა, თან იმდენად ვიყავი ჩაციკლული მამის პოვნაზე, რომ ისიც კი ვიფიქრე მართლა ჩემი ნახევარ-და ხომ არ არის მეთქი, ალბათ ზედმეტად მინდოდა დედმამიშვილი მყოლოდა. საკუთარი ეჭვის გადამოწმება გადავწყვიტე და მეგობარი დედას გავაცანი, თუმცა იმედი გამიცრუვდა. დედა თავიდან ცოტა არ იყოს დაბნეული და საკმაოდ გაოცებული უმზერდა თითქმის ჩემივე ასაკის ნინის (ის ჩემზე სულ რაღაც ერთი წლით იყო პატარა), თუმცა როგორც კი გაიგო რომ გვარად აფციაური და წარმოშობით კი მთიულეთიდან, კერძოდ ფასანაურს ზემოთ მთებში ჩაკარგული ერთ-ერთი სოფლიდან იყო, აშკარად შვებით ამოისუნთქა. მე კი ნახევარ-დის და მასთან ერთად საკუთარი მამის პოვნის კიდევ ერთი იმედი საბოლოოდ დავკარგე. მიუხედავად ყველაფრისა დედაც კი იძულებული იყო ეღიარებინა ჩვენი უჩვეულო მსგავსება და ნახევრად ხუმრობით გვეუბნებოდა: - ზოგჯერ ასე მგონია შენც ჩემი შვილი ხარო!.... მოკლედ ასე იყო თუ ისე, ჩვენ ვმეგობრობდით, ვდაქალობდით, დაუსწრებლად მისი ოჯახის წევრებიც მიცნობდნენ და რამოდენიმეჯერ მათთანაც დამპატიჟეს სტუმრად, თუმცა გარკვეული მიზეზების გამო ვერა და ვერ ვახერხებდი წასვლას. ეხლაც წინასწარ მითანხმდებოდა ნინი, რომ ოცდასამ ნოემბერს, გიორგობას ყოველ მიზეზგარეშე წავიდოდი მათთან. - ბიძაჩემია ჩამოსული ხევსურეთიდან, ისიც მოდის, მანქანით წაგვაბრძანებს და წამოგვაბრძანებს. უარს არ მივიღებ იცოდე. დედაჩემი დამცინის, მგონი მარიამი არც კი არსებობს და შენი ფანტაზიის ნაყოფიაო!... - ხომ იცი წინასწარ ვერაფერს დაგპირდები, დედას უნდა შევუთანხმო... - ყოყმანით ვეუბნები მას. - დედაშენს მე დაველაპარაკები და უარს არ გვეტყვის, აი ნახავ როგორ მოგეწონება, აი ნახავ!... - აშკარად აჟიტირებულია და არაფრის გაგონება არ სურს ნინის. პრინციპში მისი თანხობის მიღება არც გამჭირვებია, დედა მხოლოდ ჩვენს ტრანსპორტირებასთან დაკავშირებით ღელავდა და როგორც კი გაიგო, რომ ნინის ბიძა წაგვიყვანდა დამშვიდდა. უკვე გადაწყვეტილი იყო, გიორგობას მთიულეთში მივდიოდი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.