sms 3 თავი
-''დამეხმარე'' - მხოლოდ ერთი სიტყვა, გული უცნაურად მიფართხალებს, თითქოს შვებას მგვრის წაკითხული. საწოლში ვწვები და უაზროდ დავცქერი მონაწერს. ვგრძნობ, რომ მისი არ უნდა მეშინოდეს, ვინც არ უნდა იყოს. მას უნდა, რომ დავეხმარო, მთავარია გავარკვიო ვინაა, ამას როგორ აკეთებს და საერთოდ რატომ მე? ამ ფიქრებში ისე მათენდება თავზე, ვერც ვხვდები. ემოციებისგან დაღლილს ღრმა ძილით მეძინება. დილით დამშვიდებული და დაწყნარებული ვიღვიძებ, წინა ღამით მომხდარი ახლა სიზმარს ჰგავს და მიჭირს იმის დაჯერება რომ რეალობაში მოხდა. საწოლიდან ვდგები, თავს ვიწესრიგებ და ვცდილობ მომხდარი ცივ გონებაზე მყოფმა გაავაანალიზო. აუცილებლად უნდა გავარკვიო ვის ეკუთვნის ნომერი რომლიდანაც მომდის სმსები. გადაწყვეტილების მიღება თითქოს მხრებიდან ტვირთს მხსნის. მხნედ გავდივარ ოთახიდან და სამზარეულოში შესული ბებიას ვესალმები. - მიდიხარ უკვე? - ყავის ფინჯანს მაწვდის ირინა. - ხო, არ მინდა დავაგვიანო. - ფინჯანს ვართმევ და კარადას ვეყუდები. - უშაქროა? - ხო, კი არ დამვიწყებია როგორი გიყვარს. - წყენით მეუბნება ირინა და ზურგს მაქცევს. - რა ბუტია მყავხარ ირა, რაა, - ლოყაზე ვკოცნი და ფინჯანს ნიჟარაში ვდებ. - გმადლობ, გემრიელი იყო. დღე რაღაცნაირად ტკბილად დაიწყო, თითქოს წუხანდელი ყველაფერი გაქრა. მსუბუქად მივაბიჯებ ქუჩაში და გამვლელებს ვუღიმი. - სალაპარაკო მაქვს, - ვეუბნები სალომეს, ლექციების შემდეგ როგორც კი უნივერსიტეტის ეზოში, მზეზე გამოვდივართ. - სადმე დავსხდეთ. - ფულს შენ იხდი. - მასწრებს სალომე და ეზოდან გარბის. მის საქციელზე მეცინება და უკან მივყვები. გასვლამდე ფანტანისკენ ვიყურები, ხის ძირას, ჩრდილში, საოცრად ნაცნობ სახეს ვხედავ. გულში რაღაც უცნარი ჩხვლეტა მაკრთობს. ნეტავ სად მინახავს? ფიქრებში გართულს სულ მავიწყდება, რომ სალომე მელოდება. - რა მოხდა თეკლა, აღარ მოდიხარ? თუ ჯიბეს უფრთხილდები?-მკლავზე მექაჩება სალომე. - ვის უყურებ? - რა? არავის, ვიღაცას მივამსგავსე. წავიდეთ. -ხელს ვუყრი და ეზოდან გასვლამდე კიდევ ერთხელ ვიხედები უკან, იქ არავინ აღარ დგას.მომეჩვენა. - აღარ იტყვი რა მოხდა? - შეკვეთის მიცემის შემდეგ კითხვით სავსე თვალებით მომჩერებია სალომე. - შენი დახმარება მჭირდება და უარს არ მივიღებ. - რადგან ასე გადაჭრით მეუბნები, გამოდის ისეთი რამე უნდა მთხოვო, რაც ჩემს პრინციპებს ეწინააღმდეგება. - თვალებს ჭუტავს სალომე. - სოსოს უნდა დაურეკო. - რაა? არა თეკლა, არ არსებობს! - ფეხზე ხტება გაბრაზებული სალომე და ყველას ყურადღებას იპყრობს, სირცხვილისგან უხერხულად ვუღიმი დარბაზში მსხდომთ. - დაჯექი, რა გაყვირებს, გაგიჟდი? - კბილებში ვცრი სიტყვებს. სალომე მოწყვეტით ჯდება და ხელებს გულზე იკრეფს. - ძალიან რომ არ მჭირდებოდეს შენი დახმარება, ხომ იცი ამას არ გთხოვდი. - ნამუსზე ვაგდებ მეგობარს, რომელიც გაბრაზებული იყურება გარეთ. - ნომრის პატრონის გარკვევა მინდა, ეს კი არაოფიციალურად და ჩუმად მხოლოდ სოსოს შეუძლია. გთხოვ რაა, ამ ერთხელ დამეხმარე და გეფიცები არასდროს აღარ გთხოვ ასეთ რამეს. - არა მეთქი, თეკლა. - გთხოვ, დამეხმარე და ისეთ რამეს გეტყვი გაგიჟდები. - ინტრიგაში ვაგდებ სალომეს, რომელიც უნდობლად მათვალიერებს. - ჯერ მითხარი. - კარგი რა, ნუ მევაჭრები, დაურეკე სოსოს და გეტყვი. - ერთი თვე შენ იხდი ფულს ყველგან, სადაც კი ერთად წავალთ! - გამარჯვებულის სახით სწევს წარბებს სალომე და სახე უბრწყინავს. - კარგი, ოღონდ მალე - ხელებს დანებების ნიშნად მაღლა ვწევ და ტელეფონს ვაწვდი.- დაურეკე მიდი, უთხარი აქ მოვიდეს. რამდენიმე წუთში უნიფორმაში გამოწყობილი სოსო ჩვენს მაგიდას უახლოვდება, მე შესაგებებლად ვდგები და ვესალმები. სალომე გაბუტული სახით უძრავად ზის და გარეთ იყურება. - დაჯექი, - გადაკოცნის შემდეგ ვეუბნები და სალომეს გვერდით ვუთითებ, სოსოს კმაყოფილს ეღიმება და უდარდელად ჯდება. - რამეს მიირთმევ? დღეს მე გეპატიჟებით. - არა მადლობა, ახლა რამე რომ დავლიო, ან შევჭამო, დარწმუნებული ვარ დავიხრჩობი. - იღიმის სოსო და თვალს მიკრავს. სალომეს სიბრაზისგან სახე უწითლდება, მაგრამ ჯიუტად არ ბრუნდება ჩვენკენ. - არ მომესალმები სალო? - გამარჯობა! - სალომეს პასუხზე უარესად მხიარულდება სოსო. - სოსო, ერთი ნომრის პატრონის გარკვევა მინდა და შეგიძლია დამეხმარო? ვიცი, არ შეიძლება, ამის გამო შეიძლება პრობლემა შეგექმნას, მაგრამ ძალიან მჭირდება. - მაგაზე არ იფიქრო, მაგრამ რა ხდება? ვინმე გაწუხებს? - უმალ სერიოზულდება სოსო. - არაფერი, მართლა. - ვცდილობ დავმალო აღელვება და ვუღიმი. - გამირკვიე შეგიძლია? კიდევ ბოლოს შემოსული და გასული ზარები... ყოველ დღე ერთი და იგივე რუტინული ცხოვრება და დამღლელი ურთიერთობები. ერთადერთი სალომეა ჩემს ცხოვრებაში ნათელი წერტილი და მამხიარულებს მისი და სოსოს გამუდმებული ჩხუბი. ყველამ ვიცით რომ ერთმანეთზე გიჟდებიან, მაგრამ სალომე ჯიუტად არ ტყდება, უბრალო რამეზე ეკამათება და ცდილობს სოსოც აიყოლიოს, ის ხომ ვერ იტანს წყნარ და მშვიდ ურთიერთობებს. სოსო კი მუდამ დინჯი და მოღიმარი სახით, მოთმინებით იტანს სალომეს გამოხტომებს. სახლში მისულს, სამზარეულოს მაგიდაზე წერილი მხვდება, ბებია მატყობინებს რომ სოფელში მოუწიათ წასვლა, დიდი ქარების გამო ხის ღობე წაქცეულა და უნდა შეაკეთონ. მარტო ყოფნაზე ფიქრი ცოტა მაშინებს, მაგრამ ფიქრი იმაზე, თუ რა მოხდება თითქოს ინტერესში მაგდებს. ადრენალინის მოზღვავებას ვგრძნობ და დაღამებას კანკალით ველი. მეცინება ჩემს თავზე, მოსალოდნელი „უცნაურობებისთვის“ ისე ვემზადები თითქოს ფილმის საყურებლად ვჯდებოდე. ყავას ვიკეთებ, ლანგარზე შოკოლადის ორცხობილას და მარილიან ჩხირებს ვალაგებ და ოთახში შევდივარ. ყველაფერი ძველებურად მხვდება, არც განსაკუთრებული სუნი დგას და არც ვინმეს არსებობას ვგრძნობ. საღამოა, გარეთ სასიამოვნო სითბოა, ამიტომ ორივე ფანჯარას ვაღებ, და ფარდას ვაფარებ, გარედან შემოსული სუფთა ჰაერი სიხალისეს მმატებს და თავდაჯერებული ვჯდები ნოუთბუქთან. ლოდინი ნერვებს მიშლის, როგორ ვამთავრებ ტკბილეულით სავსე ლანგარს და ყავას ვერ ვხვდები. უკვე გვიანია, ტელეფონის ხმა მაკრთობს. სოსო რეკავს. - გისმენ, სოსო. - ვპასუხობ და ვგრძნობ როგორ მიბუჟდება ფეხები. - თეკლა, დარწმუნებული ხარ რომ ნომერი სწორად მომეცი? - კი, სოსო. - ყელი მიშრება. - ეს ნომერი რეგისტრირებული არ არის, თეკლა. - ეჭვნარევი ხმით ამბობს სოსო. - ვიცი, - თავზე ხელს ვიჭერ. - ადრე ვის ეკუთვნოდა იმას ვერ გამირკვევ? - გავარკვიე და საინტერესო რაღაცაც აღმოვაჩინე. - სოსო საეჭვოდ ჩუმდება, თითქოს ჩემგან რამე რეაქციას ელოდეს. - რა გაარკვიე? - ხმა მიკანკალებს. - ორ წელზე მეტია ნომერი გამორთულია, მერე კი საერთოდ გაუქმდა. საინტერესოა აქამდე, რომ არ გაყიდეს, თუმცა ეს სხვა საკითხია. შენ ის მითხარი რატომ რეკავდი ამ დაურეგისტრირებელ ნომერზე? - ვაიმე გთხოვ, სოსო... ჯერ ის მითხარი ვის ეკუთვნოდა ეს ნომერი. - ნერვიულობისგან სხეული მიცივდება. - ირაკლი ჯაფარიძე, გეუბნება რამეს? იცნობ ვინმე ასეთს? - არაა, - თავს ძალას ვატან, მაგრამ ვერავის ვიხსენებ ამ სახელით და გვარით. - არ ვიცნობ. - ორი წლის წინ თუ არ იცნობდი, ახლა სულ ვერ გაიცნობ. - რატომ? - გარდაცვლილია... - რაა? - სუნთქვა მეკვრის, კანკალი მივარდება და მოწყვეტით ვჯდები საწოლზე, დაჯერება არ მინდა იმის, რასაც ვფიქრობ. - ხო, ახლა მაინც მეტყვი რატომ გაინტერესებდა? - არაფერია, ალბათ მართლა შემეშალა, მადლობა სოსო. - საჩქაროდ ვთიშავ და სიცივისგან გაბუჟებული სხეულის გათბობას, თბილი პლედის მეშვეობით ვცდილობ, ხელები მიკანკალებს, გული მეწურება და სუნთქვა მიჭირს. არ მინდა ფიქრი იმაზე რაც ხდება, არ მინდა დავიჯრო რომ... რომ და ყურებზე ხელს ვიჭერ, თვალებს მაგრად ვხუჭავ... გაიღვიძე თეკლა, ეს სიზმარია, ყველაფერი დაგესიზმრა. ვიიმედებ თავს და ცოტა დამშვიდებული ვახელ თვალს. ოთახში სიბნელეა, მხოლოდ ქუჩიდან შემოდის ლამპიონების სუსტი ნათება, რომელიც ფარდის ღრიჭოდან მკრთალ სვეტად ეცემა იატაკზე. უცნაური შეგრძნება ტანზე ბუსუსებს მაყრის და თმები მემუხტება. სინათლის სვეტს ადამიანის ანარეკლი ფარავს და ნათლად ვხედავ, რომ ფანჯარაში ვიღაც დგას. შიშისგან კივილს ვიწყებ მაგრამ ყელიდან ხმა არ ამომდის. ორივე ხელს მკლავებზე ვიჭერ და კედელს ვეკვრი. ფარდა იწევა, ჩრდილი იწელება და ჩემს საწოლთან ჩერდება. უკვე ნაცნობი იისა და ნაწვიმარი მიწის სუნი გარს მეხვევა, ამჯერად თბილი სუნთქვა მეცემა. ჩრდილი უეცრად ქრება და თმის ძირებზე ისევ ვგრძნობ თითების მოძრაობას, თავი მიბუჟდება, ვითენთები და თითქოს შიშიც სადღაც ქრება. - ვიცი რომ აქ ხარ? -როგორც იქნა ხმას ვიღებ და პასუხს ველი. - დამენახე, დამელაპარაკე, გთხოვ. ოთახში უცნაური სიჩუმეა, ვგრძნობ რომ მომშორდა, არც სუნი მომდის. - დამელაპარაკე, - ფეხზე ვდგები და აქეთ- იქით ვტრიალდები. - ირაკლი, აქ ხარ? ფანჯარა ხმაურით იკეტება, შიშისგან ვკივი და კედელს ვეკვრი, ვხედავ როგორი სიფრთხილით სწევს უხილავი ხელი ფარდას და ლამპიონის სუსტი განათების ფონზე, მინაზე ასოები იკვეთება. ფეხები მეკვეთება, ძალა აღარ მაქვს, მაგრამ ინტერესი მკლავს, შიშველ ტერფებს სიფრთხილით ვაბიჯებ მოჭრაჭუნე იატაკზე და ფანჯარას ვუახლოვდები. არაფერი არ არის, ნუთუ მომეჩვენა. მერე რატომღაც, ჩემდაუნებურად მინას ვვორთქლავ და ... „აქ ვარ!“ - ყელში მოწოლილ ნერწყვს ძლივს ვყლაპავ და თვალებს ვხუჭავ. - რატომ მე? - ვკითხულობ ხმამაღლა და უკან ვტრიალდები - მე რატომ ამირჩიე? -სიჩუმეა, არც მინაზე ჩანს რამე და არც ფარდა ირხევა. სიჩუმეს მესიჯის ხმა არღვევს და მეც სირბილით მივდივარ ტელეფონთან. „შენ მესიზმრებოდი“ - ისევ უნომრო მესიჯი, გაურკვეველი ტექსტით.გაფართოებული თვალებით დავყურებ ტელეფონს და ვერ ვიჯერებ. - რით შემიძლია დაგეხმარო? - ვკითხულობ უმისამართოდ. ისევ მიბჟუის ხელებში ტელეფონი და მორიგი მესიჯის დანახვაზე აღარ ვიცი ვიტირო, თუ ვიცინო. „მომძებნე, იხსენი ჩემი სული“ - რა? ეს როგორ? - როგორ ირაკლი? რას ელი ჩემგან? - კითხვებს ვუსვამ და პასუხს ამაოდ ველი, არც მინაზე იწერება რამე და არც მესიჯი მომდის. - მშვენიერია! ანუ ყველაფერი ჩემით უნდა გავარკვიო? - ნოუთბუქს ვუჯდები და ფეისბუქში ირაკლი ჯაფარიძეს ვეძებ, ბაზა უამრავ ირაკლი ჯაფარიძეს მიგდებს მაგრამ ამათში როგორ აღმოვაჩინო მე „ის“ ირაკლი? ჯობს გუგლში მოვძებნო. ახალ ფანჯარას ვხსნი და ირაკლი ჯაფარიძეს ვწერ, საძიებო სიტყვას გარდაცვალებას ვამატებ და აი ისიც. გუგლი მატყობინებს, რომ 2014 წლის 21 ნოემბერს 21 წლის სტუდენტმა ირაკლი ჯაფარიძემ თავი მოიკლა გალაკტიონის ხიდზე. - რაა? მოიცა, თეკლა თავი მოიკლა? 21 ნოემბერს, მაშინ როცა...მაშინ მოიცა ის უბედური შემთხვევაც ხომ 21 ნოემბერს მოხდა, არა ახლა გავგიჟდები. - ხელებს თავზე ვიჭერ და ფეხზე ვდგები. - ამას მარტო ვერ გავუმკლავდები. - მოიცა რას აპირებ თეკლა? - ჩემი მოყოლილის მერე შეშინებული სალომე, ადგილს ვერ პოულობს. - არ ვიცი, ვერ ვხვდები, მაგრამ ვიცი რომ ჩემთან და იმ უბედურ შემთხვევასთან კავშირშია. ვიცი, რომ მას მხოლოდ ჩემი დახმარება სჭირდება, რაში, ჯერ ვერ გავარკვიე, მაგრამ მაგის გარკვევას ვაპირებ ახლა. - მომისმინე, ეგ ბიჭი საკმაოდ ცნობილი იყო, მეც მაქვს მისი წაკითხული ლექსები მოსმენილი. - სალომე იუთუბში მის ვიდეოებს მანახებს - აი, მოუსმინე, ნახე. - სიმპატიურია, თან ხმაც მომნუსხველი და იდუმალი აქვს? – „ჩემი სულის“ ნამდვილი სახის ნახვისას აღფრთოვანებას ვერ ვმალავ. - მოიცა, აქ გააჩერე? ეს ხმა, ეს ხმა მეცნობა. - საიდან? - არ ვიცი, მაგრამ ვიცი რომ სადრაც გამიგია. რაღაც უნდა მოვიმოქმედო. ფეისბუქზე ვნახე, მარტოსული ბიჭის შთაბეჭდილებას ტოვებს, მეგობრებში თითქმის არავინ არ ჰყავს, სურთებიც ბევრი არ უდევს. - თან ვლაპარაკობ და თან ყავას ვაკეთებ. - ვერაფერი ხელჩასაჭიდი ვერ ვნახე. არც ის ვიცი რას ვეძებ. - ყავის ფინჯანს ვაწვდი სალომეს და მეც მის წინ ვჯდები. - მოიცა, მოდი ამბავს თანმიმდევრულად მივყვეთ: ირაკლი იმ დღეს და იმ ხიდზე დაიღუპა სადაც შენი მშობლები, მაგრამ ეს თვითმკვლელობა იყო... - იქნება არც იყო? - დაეჭვებით ვამბობ და ვხვდები რომ სალოსაც ეჭვს ვუჩენ. - შეიძლება, თუმცა აქამდე ეს ფაქტი იყო ცნობილი. არ გგონია, რომ მის სულს რაღაც აწუხებს? რაღაც რაც აქ დარჩა? - გამომწვევად მეკითხება სალომე. - დაუმთავრებელი საქმე? ადამიანები? ოჯახი? - ხო, ალბათ. - ყავას წრუპავს. - იცი სადაა დაკრძალული? - კი, კუკიაზე. - მეუბნება და ნამცხვრის დიდ ნაჭერს კბეჩს. - მოიცა თეკლა, რას აპირებ? - ზუსტად მიხვდი. - ქურთუკს ვიცვამ, ხაკისფერ ზურგჩანთას ვიკიდებ და თვალს ვუკრავ დაბნეულ მეგობარს, რომელიც მძიმედ ყლაპავს ნამცხვრის ლუკმას და უკან მომყვება. - ჩემი იმედი არ გქონდეს, - წინასწარ მფრთხილებს სალომე. - ხომ იცი ასეთი რამეები როგორ მაშინებს. - ვაიმე სალომე, საფლავის გათხრას კი არ ვაპირებ. უბრალოდ მან მითხრა რომ მოვძებნო, ხოდა მოვძებნი. - სოსოს ხომ არ დავურეკო? - ხავს ეჭიდება სალომე. - ახლა აღარ ეწინააღმდეგება შენს პრინციპებს? თუ მიზეზს ეძებ რომ ნახო? - ვერ გადამირჩები! - გაქცეულს უკან მომყვება სალომე. - მეშინია. - ხელზე მექაჩება სალო როგორც კი სასაფლაოზე შევდივართ. - დღეა სალომე, რისი გეშინია? - სალომეს საქციელზე მეცინება და სასაფლაოს გულისაკენ მივდივარ. ნაძვებს შორის დაბურულ ბილიკზე სასიამოვნოდ გრილა, თუმცა ვაღიარებ მეც უცნაურად ვგრძნობ თავს. - გინდა სოსოს დავურეკოთ? -ვცდილობ დაძაბულობა ცოტა განვმუხტო. სალომე აღარ ბრაზდება, მკრთალად იღიმის და უკან მომყვება. - ამდენ საფლავში ის როგორ უნდა ვიპოვოთ? ვინმესთვის გვეკითხა. - ვისთვის? აქ ვინმეს ხედავ? - ვეკითხები და განვაგრძობ საფლავების თვალიერებას. ნახევარ საათიანი უშედეგო ძებნის მერე, პირდაპირ მიწაზე ვჯდები და ღრმად ვსუნთქავ. - დარწმუნებული ხარ რომ ირაკლიმ თავისი მოძებნა გთხოვა? - ტელეფონში თავჩარგულს სალომეს შეშინებული სიტყვები მაფხიზლებს. -რააა? - შენს უკან... მითხარი რომ არ მეჩვენება? მეშინია თეკლა, გთხოვ წავიდეთ აქედან... - ტირილის პირას მისული ხელზე მექაჩება, ფეხზე ვდგები და უკან ფრთხილად ვტრიალდები. ადგილზე ვშეშდები, ზუსტად ჩემგან 50 მეტრში საფლავის ქვიდან მიმზერს შავ თვალებიანი, სევდიანი ბიჭი და მის გვერდზე ზუსტად ასეთი, ცოცხალი, თავჩაღუნული ადამიანი დგას. - არ გეჩვენება... ისაა... - ნერწყვს მძიმედ ვყლაპავ და მისკენ მივდივარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.