ალქაჯი ანგელოზების სამყაროში –8– (დასასრული)
[თავი 8] პირველ რიგში რასაც ვაკეთებ, ეს თვალებით თომას მოძებნაა, რომელიც კედელს მიწებებული გაცოცებას ცდილობს ისე, რომ ''მათ'' ვერ შეამჩნიონ. ჩემის მხრივ ცისიას ვკიდებ ხელს და პირს იმისთვის ვაღებ, რომ დამაიმედებელი სიტყვები დავაყარო, მაგრამ მეც მასავით ქვად ვარ ქცეული. გიორგიც ორსულ ცოლსაა მიკრული და მტაცებლური მზერით ლამობს შემოვარდნილების განაიარაღებას. –ერთი ამას დამიხედეთ...–ზუსტად მაშინ, როცა ერთი ნაბიჯიღა აშორებს თომას შავქუდიანი მამაკაცისგან, ეს უკანასკნელი მისკენ ტრიალდება, მკლავს უგრიხავს და თავში რაღაც ნივთს არტყამს. თომა მუხლებზე ეცემა. შუბლიდან თქრიალით მოსდის სისხლი. ამის შემჩნევაა და ყველანაირი სიფრთხილე მავიწყდება. ადგილს ვწყდები და ქისტაურის გვერდით ვიხრები. –თომა, თომა... სისხლი მოგდის!–პანიკური ხმით ვყვირი და გიორგის თვალებით შველას ვთხოვ, თუმცა ინსტიქტები ცოლ–შვილისკენ წონავს და ცისიას ერთი ნაბიჯითაც არ შორდება. ლეო შედარებით მაღალ მამაკაცს ჰყავს ცალი ხელით ჩაბღუჯული, მეორეში კი პისტოლეტი უჭირავს და მხოლოდ ესაა მიზეზი იმისა, რომ ჩვენს ჭკუამხიარულ თანამონაწილეს ბრაზის და ჯავრის გულში ჩახვევა უწევს. –წადი! შენს ადგილს დაუბრუნდი...–კბილებში ცრის თომა და ხელით უკან მწევს. თვითონაც ბარბაცით დგება ფეხზე და შეტევაზე გადასვლას კვლავ აპირებს, მაგრამ ამჯერად შავქუდიანის ხელშიც იელვებს პისტოლეტი. –ერთმანეთის გვერდით ჩამწკრივდით! აი, ამ ტახტზე!–ღრიალებს ერთ–ერთი და პისტოლეტს გიორგისა და ცისიას უშვერს, მერე ჩვენკენ ატრიალებს მის ლულას. ლეოს უხეშად აგდებს ტახტზე და ცოლ–ქმარიც მის გვერდით თავსდება. მე ჩემი არც ისე მზაკვრული გეგმით ''გულდაჯერებული'' განაპირა ადგილას ვჯდები. თომა ისევ რაღაცას ხარშავს გონებაში, თუმცა შავქუდიანის ბანჯგვლიანი მკლავები არაფერს აცდის. –კარგი იყო ჩვენს სახლში გულაობა? როგორ გაერთეთ?–ყურთან ხელი მიაქვს მას, ვითომ არაფერი გამომეპაროსო და პისტოლეტს ხელში ათამაშებს.–არა, მითხარით, ნუ შეგრცხვებათ! –შენი ვის უნდა შერცხვეს, შე არაკაცო! ვერ დასჯერდით ნადავლს? თუ ფულის განაწილებისთვის სხვა ადგილი ვერ ნახეთ?...–კითხვას უწმაწურ სიტყვებს აყოლებს თომა და მათკენ იწევს. –ერთი ადგილი გააჩერე, სანამ ჩვენ გაგაჩერებინეთ, ლაწირაკო!–იარაღით აშინებს მეორე და იმით შეშინებული, რომ თომა მათ არ დაემორჯილება, მაჯაზე ფრჩხილებით ვეპოტინები. მამაკაცი სახეს ჩემკენ აბრუნებს და საოცრად ტკივილიანი თვალებით მიმზერს... ყველაფერი ჩანს მათში... პატიების თხოვნაც, სისუსტეც, უძლურებაც და თქვენ წარმოიდგინეთ სიყვარულიც! ალბათ სხვა ვითარება რომ ყოფილიყო, ამ ყოველივეს ისევ ჩემს ფანტაზიის უნარს დავაბრალებდი და თავს დავიტანჯავდი, მაგრამ ახლა ისე მინდება მისი სიყვარულის დაჯერება, იმაზეც კი თანახმა ვარ, რომ ყველაფრის დამთავრების შემდეგ იმედი ჩაკვდეს და დაიფერფლოს... –კიტა გაგზავნე ბიჭებთან, შე ****?–რაღაცაზე თათბირობს წყვილი. –გავგზავნე, მაგრამ იგვიანებს. იმედია ძალიან შორს არ იქნებიან წასულები... იარაღი რომ არა, ამათ ჩვენ ორნი როგორ მოვერეოდით... ზედმეტი პრობლემები არ გვჭირდება.–დაბალ ხმაზე პასუხობს შავქუდიანი. –რაო? რაო? სხვისი ლაპარაკის მოსმენა გიყვარსო? მერე არ იცი, ადამიანები ამის გამო რომ ისჯებიან?–ჩემი დაინტერესებული მზერა არ ეპარება ტახტთან ყველაზე ახლოს მდგომს და ნიკაპს თავისი ტურტლიანი თითით მაწევინებს. –ხელი არ დააკარო!–ხვადი ლომივით ახტება ზედ თომა კაცს და ზემოდან ექცევა მას. გამეტებით ურტყავს სახეში მაშინ, როცა მე შეძრწუნებული განძრევასაც ვერ ვბედავ... ჩხაკუნის ხმა ამ ჩაბნელებულ და ნესტიან ოთახში მაბრუნებს... ეს პისტოლეტია! *** –ადგილზე დაეგდე, თორემ ისე გაგიხვრიტავ შუბლს, არც კი დავფიქრდები!–ემუქრება ჯერ კიდევ საღსალამათი დამნაშავე. ''ადექი! ადექი! ადექი!''–ვემუდარები გულში მას. ერთი წუთით მგონია, რომ ჩემი ფიქრები მასაც ესმის, თუმცა თომას რეაქცია არ აქვს. –სამამდე ვითვლი! ერთი, ორი... –დააგდე იარაღი!–ჩემში გმირის თვისებები მძლავრობს. ყველანაირი შიში მიქრება, ტახტის ქვეშიდან პისტოლეტს რომ ვაძრობ და მამაკაცს ვუშვერ. ყველა გაოგნებული აჩერდება ჩემს იარაღს... მტერი თუ მოყვარე... ოთხივეს ერთი კითხვა უტრიალებს თავში... მე კი წელში გამართული ვდგავარ და საკუთარ თავს მოდუნების უფლებას არ ვაძლევ. –შენ ამას ვერ გააკეთებ! ტყუილად მეჭიმები, მომეცი იარაღი!–ჩემკენ ნაბიჯებს დგამს ბოროტმოქმედი, დაბლა დაგდებული მისი მეწყვილე კი მხოლოდ კვნესის. –თქვენ ცდებით, ბატონო ბოროტმოქმედო! მე ალქაჯი ვარ! სულ ერთი თითის გამოკვრა დამჭირდება და ცოცხლების სიიდან ამოეწერებით!–ყურადღებას არ ვადუნებ და სახეზე შიშის ნატამალიც არ მემჩნევა.–გასაგებია? ვხედავ, როგორ მანიშნებს თომა, იარაღი მესროლეო, მაგრამ მან ერთი რაღაც არ იცის, ამის ახსნის დრო კი ახლა არ არის... რა ვქნა, რამე უნდა მოვიფიქრო! –ინა...–ცისიას მეტის გაძლება აღარ შეუძლია... ხან მე მიყურებს, ხან თომას, რომელიც დასისხლიანებულ ტუჩებს იწმენდს, ხან კი მისი მაზლის მიერ ნაცემ მძარცველს... –ახლა მე დავითვლი სამამდე, თანახმა ხარ?–მთელი სხეული ოფლით მეცვარება... პისტოლეტიან ხელს დაბლა ვწევ, რათა მერე მეტისმეტი შთაბეჭდილების მოსახდენად ამოვიქნიო. ამ წუთებში ბოროტმოქმედიც აგდებს იარაღს და წკაპ!–ვიღაც ხელიდან ნივთს მაცლის... ეს ვიღაც კი დაბლა მოფორთხიალე მამაკაცია... ჩახმახზე თითს ათავსებს, ლულას მე მიშვერს და... არანაირი ხმა! არც ტყვია! ან საიდან? ჩემს მიერ სარდაფიდან ამოტანილ პისტოლეტში ხომ ტყვია არ იდო... მერე კი ყველაფერი ერთმანეთს ეწყობა... თომა იატაკზე დაგდებულ პისტოლეტს იღებს და ჯერ შავქუდიანს ესვრის მარჯვენა ხელში, შემდეგ კი ჩემს მიერ განაიარაღებულ მამაკაცს ფეხებში. ამის შემდეგ უკვე ჩემსა და ცისიას ხელთ თოკები ჩნდება, რომლებითაც ბოროტმოქმედებს ვაბამთ... ყველაზე დიდი სიხარულის მომნიჭებელი კი ის დღეა, როდესაც მამაკაცები გამორიცხვით დარჩენილ გზას იკვლევენ და შედეგიც გასაოცარია! შემოვლითი მარშრუტი თურმე სწორედ ამ გზაზე გადიოდა! ჩემი თავგადასავალი გვასწავლის, რომ ალქაჯსაც შეუძლია ანგელოზების ცხოვრებაში ნათელი სხივის შეტანა და ამის ერთადერთი მაგალითი მე ვარ! აი, ბოროტმოქმედები პოლიციელებმა პატრულის მანქანაში იძულებით ''ჩატენეს'', მადლობა გადაგვიხადეს იმისთვის, რომ საშიში დამნაშავეების დაჭერაში დავეხმარეთ, ხელი დაგვიქნიეს და ჰერიო, ავტომობილი გააქროლეს! თბილისიდან გამოგზავნილი მანქანა იქვე გველოდებოდა... ცისია ამ დაჩაჩანაკებულ სახლს ვეღარ ემშვიდობებოდა და ისიც კი აღარ ახსოვდა, თუ როგორ აღმოჩნდა აქ... გიორგი უკან დასდევდა ცოლს... ლეო უნიჭოდ მღეროდა... მე და თომა ქისტაური კიბეზე ვიყავით ჩამომსხდარნი და ჰორიზონტს გავყურებდით... მე მასზე ვფიქრობდი... იმაზე, თუ რაზე შეიძლებოდა ეფიქრა მას... –ანგელოზო, იცი, ბევრი ვეცადე, მაგრამ ის დღე ვერ დავივიწყე!–კრეჭით ჩავძახი ყურში და მისი გადიდრონებული თვალების დანახვაზე ნერვიულად ვხარხარებ. –ზუსტად რომ არ მცოდნოდა, შენ რომ ამას ვერ შეძლებდი, სცადე_მეთქი, არც გეტყოდი!–მისი ტემბრი რადიკალურად თბება და ტკბება... –ალქაჯების ბუნებას კარგად იცნობ? კი, მაგრამ საიდან? –არ ვიცნობდი და ჩემს უცოდინრობის მიჩქმალვას შენთვის ზურგის ქცევით ვცდილობდი, თუმცა სწორედ ამის დამსახურებაა, რომ შეგიცანი! –ესეც კიდევ ერთი მიზეზი შენი უჟმურობისა!–უკმეხად ვპასუხობ და სახეს მაიმუნივით ვმანჭავ. –ალქაჯებს და ანგელოზებს ერთმანეთის შეყვარება შეუძლიათ?–ცნობისმოყვარეობას იჩენს ის. –კი! –ასე დარწმუნებით? –მე ეს შესაძლებლობა ნამდვილად გამაჩნია, შენი კი არ ვიცი...–მოჩვენებითად ლაღია ჩემი ხმა. –და როგორ გგონია, რაიმე შესაძლებლობა ალქაჯებს ექნებათ და ანგელოზებს არა?–''შეურაცხყოფილი'' არღვევს საგანგებოდ დამყარებულ დისტანციას და საქმით მიმტკიცებს იმას, რომ როგორც ალქაჯებს შეუძლიათ ანგელოზების სიყვარული, ისე ანგელოზებს ალქაჯების და მერე ისევ პირიქით და პირიქით... დაუსრულებლად! –არა! არა! არა! არა!–კივილით ვწევ თავს ბალიშიდან და ირგვლივ ვაფაციცებ თვალებს.–ნუთუ ეს ყველაფერი სიზმარი იყო? –ეს ხომ ჩვენი პირველი საერთო დილაა, ალქაჯო, თუმცა უარს არ ვიტყოდი, რომ ყოველ დილით ასე ალქაჯურად მაღვიძებდე...–მესმის ანგელოზის დამცინავი შეძახილი და თავს უბედნიერეს ქალად ვგრძნობ... უფრო სწორად ალქაჯად! ^^^ ეს არის ისტორია, რომელიც რაღაც სხვანაირად მიყვარს... ყველაზე მეტად კი არა, უბრალოდ სხვანაირად... თომა და ინა არიან გმირები, რომლებზეც სხვანაირად ვგიჟდები! თქვენ ხართ ჩემი მკითხველები, რომლებსაც ძალიან გაფასებთ და თუ სადმე გიხსენიებთ, მუდამ დიდი სიყვარულით... რა ნამუსით არ უნდა დამედო დღეს დასასრული? თუმცა აუცილებლად უნდა დაგემუქროთ, რომ თქვენი აზრი გამოხატოთ? {აქ ვიცინი} ხოოდა... ახლა ველოდები საბოლოო შეფასებებს ალქაჯთან და ანგელოზთან დაკავშირებით! აბა, გამოუტანეთ ამ ისტორიას საჩივარი {აქაც ვიცინი} უუუ'ყვარხართ სოფოსსს! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.