შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა XVIII


22-04-2016, 22:12
ავტორი MariLerman
ნანახია 1 671

- ბედნიერად ანნა, მიყვარხარ..
ეს სიტყვები იყო უკანასკნელი, რაც დედაჩემისგან გავიგონე.

******
საათ ნახევარი ცდის შემდეგ ექიმი გამოვიდა და გვამცნო, რომ დედამ მიმატოვა მე, მიატოვა ნიკო, მიგვატოვა ყველა..
ეს იყო სექტემბრის ბოლო დღე.
დღე როდესაც შევიცანი უზარმაზარი ტკივილი, რაც ადამიანმა შეიძლება იგრძნოს, ტკივილი რომლის სიტყვებით გადმოცემა უბრალოდ შეუძლებელია.
არ ძალმიძს, ფურცელზე კამლით გადმოვიტანო ყოველი განცდა, ყოველი ოხვრა, ყოველი წუთი იმის გაცნობიერებისა, რომ აღარ მყავდა დედა. შეუძლებელი იყო იმის წარმოდგენა, თუ როგორ უნდა მიებარებინათ სამუდამოდ შავი მიწისთვის ჩემი ლამაზი დედა.
დღემდე ისეთი მახსოვს..
საოცრად ქარიზმატული, ეშხიანი და მიმზიდველი.
შემდეგ მახსენდება მისი სახე ავადმყოფობისას და.. დღემდე არ მჯერა. ახლაც, ამ წინადადების წერის დროს, ცრემლად ვიღვრები და ვადანაშაულებ საკუთარ თავს იმ ცუდი და უბედური წუთებისთვის, რომელიც ნინას ოდესღაც ჰქონდა. დღემდე ვერ მიპატიებია საკუთარი თავისთვის ჩემი ყოველი სამარცხვინო საქციელი.
სამწუხაროდ, იმ დროს ვერ ვხვდებოდი იმას, რომ ისე უნდა იცხოვრო, თითქოს უკანასკნელი დღე გქონდეს სიცოცხლის. როგორც კი მიხვდები, რომ დამნაშავე ხარ, უნდა მოიხადო ბოდიში რადგან ამით საერთოდ არაფერს კარგავ. მე დავაშავე, თან ძალიან ბევრჯერ და ბოდიშის მოხდა რომ არ ვახსენო, დამნაშავედაც კი არ მიგრძვნია თავი. დარდი, ბოლო ამოსუნთქვამდე გამყვება...

*****
რთულად, ან ხანდახან საერთოდ ვერ ვიხსენებ ამ დღეებს. გონებას ძალიან ხშირად ვკარგავდი, ამიტომ, ძალიან ბევრი რამ არ მახსოვს..
მაოცებდა მამაჩემისა და ნიკოს ერთობლივი ორგანიზება. აბსოლიუტურად ყოველგვარი კონფლიქტი და უთანხმოება გადაჩრდილა ტრაგედიამ.
ჩემთვის არავის ეცალა, მხოლოდ თინა მყავდა გვერდით, რომელიც რა თქმა უნდა ცდილობდა ჩემს დამშვიდებას, თუმცა, მე არც თინას ვუგდებდი ყურს. მთელი დღეების განმავლობაში უხმოდ ვიჯექი ნინას ოთახში, ხან მის ტანსაცმელზე შერჩენილ ტკბილ სურნელს ვისუნთქავდი, ხან ბავშვობის ფოტოებს ვავლებდი თვალს სადაც უზომოდ ბედნიერები ვიყავით. ნინას ოთახიდან გამოსული კი ერთადერთი რასაც ვაკეთებდი ოთახებში აჩრდილივით სიარული იყო.
მძულდა ნებისმიერი სახლში შემოსული უცხო ადამიანი... მეზიზღებოდა იმის გაცნობიერება, რომ ამდენი ადამიანი ნინას საბოლოოდ სანახავად იყო მოსული. ცრემლიც აღარ მისველებდა ღაწვებს, შემშრალიყო და აღარც მდიოდა. ვფიქრობდი ბევრს, ძალიან ბევრს და რამდენიც არ უნდა მეცადა სულიერ ტკივილს ვერაფრით ვიშუშებდი.
გარდაცვალებიდან მესამე დღეს გამითენდა საზარელი დღე.
შავი მიწისთვის უნდა მიგვებარებინა ადამიანი, რომელმაც სიცოცხლე მაჩუქა - დედა. მთელი ღამის განმავლობაში ერთი წუთითაც არ მომიხუჭავს თვალი. მთელი ამ უბედური დღეების შეჯამებით, მახსენდება ზუკა, რომელიც ძალიან დიდ დროს ატარებდა ჩემთან, ღამითაც არ მშორდებოდა, მაგრამ ნამდვილად ვერ ვაზროვნებდი რომ მისთვის სათანადო მადლობა გადამეხადა.
დილით ძალიან ადრე გამეღვიძა და პირველი ჩემს ოთახში სავარძელზე მძინარე სწორედ ის დავინახე. არ გამიღვიძებია, გამოვედი ოთახიდან და ნიკოსთან მივედი, რომელიც ნინასთან იჯდა თავჩაღუნული.
ნელა მივუახლოვდი და გვერდით მივუჯექი, ხელი ფრთხილად შევახე მხარზე და შემომხედა. დავინახე მისი აცრემლიანებული თვალები, უსიტყვოდ მიმიზიდა მისკენ და ჩამეხუტა.
ავქვითინდი და დავიწყე ხმამაღალი ტირილი თითქოს ამით მთელი ამ ხნის განმავლობაში დაგროვილი ტკივილი ერთად ამოვანთხიე და რასაკვირველია, მაინც არ მომეშვა რადგან უკანასკნელად ვხედავდი მის სხეულს და ვხვდებოდი, რომ უკვე ვემშვიდობებოდი. ბოლოჯერ ვუყურებდი მის ლამაზ სახესა და ნაკვთებს რომელსაც მაინც არ დაეკარგათ სილამაზე.
როგორც ზემოთ ვახსენე, ძალიან ბევრი დეტალი მეხსიერებიდან ამომივარდა.
არც ბოლო მომენტი მახსოვს..
მინდოდა მასთან გამეთენებინა, რადგან მარტოდ არ ეგრძნო თავი მაგრამ გულწასული წამოვუყვანივარ ნიკოს სასაფლაოდან.
როდესაც გონზე მოვედი და თვალები გავახილე, ჩემს ოთახში ვიწექი გარეთ კი წვიმდა. მისაღებიდან ხალხის ჟრიამული მომესმა.
ირგვლივ სიბნელე იყო მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ დღის მეორე ნახევარი იყო. საათს რომ დავხედე ხუთი სრულდებოდა. ფანჯარა გამოვაღე და პირველად ცხოვრებაში ვერაფერი ვიგრძენი, როდესაც წვიმის წვეთები შემეხო სხეულზე. დაახლოებით ათი წუთი უემოციოდ ვიდექი ღია ფანჯრის წინ, ვარკვირდებოდი თუ როგორ სველდებოდა არემარე და ვერაფერს ვგრძნობდი.
თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა, ძირითადად კი სინდისი მქეჯნიდა და მინდოდა რაც შეიძლება მალე დამემთავრებინა ყველაფერი. ჩემი ყველა ტანსაცმელი დიდ სამგზავრო ჩანთაში ჩავალაგე.
ნელი მოძრაობებით გამოვედი ოთახიდან და ნინას ოთახისკენ გავემართე. მუხლები მეკეცებოდა, სიარული მიჭირდა და ხელების კანკალით კედელს ვეყრდნობოდი. ოთახში შესულს იქ ნიკო დამხვდა. ნინას ტანსაცმელს დიდ ჩანთებში ალაგებდა. როდესაც შემამჩნია ყველაფერი მიატოვა და ჩემკენ გამოემართა. ხელები წელზე რომ არ შემოეხვია, ვიქცეოდი.
- ნიკო, არ შემიძლია.. - წამომცდა უნებლიეთ. ვერც კი წარმოვიდგენდი თუ ოდესმე ასეთ სიტყვებს ვეტყოდი.
- მერე რატომ ადექი, წამოდი ისევ დაგაწვენ..
- არა არა ნიკო.. მე მართლა არ შემიძლია..
- რა არ შეგიძლია? რას მეუბნები ანნა? - მის ხმაში სასოწარკვერთა გაისმა რამაც ძალიან დამზაფრა.
- ჩვენ ვეღარ ვიქნებით ერთად.. მაპატიე, ძალიან გთხოვ.. მაპატიე. - მივაძახე და ოთახიდან გამოვვარდი. ხალხით სავსე ოთახი შეუმჩნევლად, ჩქარი ნაბიჯებით გავიარე და გარეთ გავიქეცი. რამდენიმე წუთში ისიც სახლიდან გამოვარდა. მესმოდა მისი ხმა, თუ როგორ მეძახდა და მთხოვდა, რომ შევჩერებულიყავი და ყველაფერი ამეხსნა. მაგრამ მე მაინც მივრბოდი, თუმცა ისეთ მდგომარეობაში გაქცეულს, ორი წლის ბავშვიც დამეწეოდა.
დამეწია და შემაჩერა. ჩემი სახე ხელებში მოიქცია, წვიმდა და უკვე თავიდან ბოლომდე სველი ვიყავი მეც და ისიც.
- ანნა, რას აკეთებ?! ამიხსენი გთხოვ რა დაგემართა.. არ გახსოვს ნინას უკანასკნელი თხოვნა, შენი დაპირება?
- არა! არ შემიძლია, გემის? რაც არ უნდა ეთქვა მას შენ უყვარდი! უყვარდი მაგრამ არ უთქვამს! არ შემიძლია უნსინდისოდ მოვიქცე, თვალი დავხუჭო ყველაფერზე და ვიყო შენთან ერთად!
- უარს ამბობ საკუთარ ბედნიერებაზე? რა გჭირს? რა გემართება? - ტონს თანდათან უწევდა. - სად გაქრა ის ანნა, რომელიც ყველაფერს გააკეთებდა, ოღონდ ბედნიერი ყოფილიყო? არა, არ გიშვებ.. - მითხრა და იმდენად მაგრად მომიჭირა მაჯაზე ხელი, რომ შეწინააღმდეგებას არანაირი აზრი არ ჰქონდა.
- უკვე საკმაოდ ბევრი შეცდომა დავუშვი მეც და შენც, რაც აღარ განმეორდება. ნინას უყვარდი შენ და დარწმუნებული ვარ ბედნიერი იქნება იქ, სადაც ახლა არის თუ ჩვენს შორის ყველაფერი კარგად იქნება, მე შენ ახლა ძალიან მჭირდები ანნა, და შენც გჭირდება ადამიანი რომელიც ასეთ დროს გვერდში დაგიდგება. არ გაგიშვებ!
ფიზიკური სისუსტის გამო ფეხზე დგომა ძალიან მიჭირდა, მკლავებ-შემოხვეული ჩემს სხეულზე მიჭერდა. ძლიერად მიხუტებდა მე კი სულმოუთქმელი ტირილისგან უკვე არაფრის გაკეთების და თქმის ძალა არ მქონდა.ყველაფერთან ერთად მეშინოდა ვაჟას მუქარის, რომელიც ყოველთვის აკეთებდა იმას, რასაც ამბობდა.
ცხოვრებაში პირველად ვთქვი უარი საკუთარ ბედნიერებაზე. ტირილი შევწყვიტე და სრული სერიოზულობით რომელიც იმ შემთხვევაში რა თქმა უნდა მოჩვენებითი იყო, ნიკოს მკლავებისგან თავი გავითავუსუფლე და ვუთხარი:
- უნდა გამიშვა ნიკო, ჩვენ არ გვიწერია ერთად ყოფნა..
მისი სახის გამომეტყველების უეცარი შეცვლის დანახვაზე გამიჩნდა სურვილი, რომ რაც შეიძლება მალე მოვშორებულიყავი იქაურობას. სიტყვის თქმის გარეშე მივრბუნდი და მივატოვე.
წასვლისას მესმოდა მისი ხმა, ხმამაღლა მეძახდა და მთხოვდა, რომ არ წავსულიყავი... მთოხვდა რომ არ მიმეტოვებინა, მთხოვდა რომ ერთხელ მაინც შევბრუნებულიყავი, კვლავ ჩამეხედა მის თვალებში...
ვაჟასთან სახლამდე სირბილით ჩავაღწიე. სახლში შესულს არავისთვის მიმიქცევია ყურადღება და ტირილით პირდაპირ სტუმრების ოთახში გავიქეცი. საწოლზე პირქვე დავემხე და ტირილისგან სადაცაა იოგებს ვიხლიჩავდი. მივხვდი, რომ ყველაზე დიდ შეცდომას ვუშვებდი მაგრამ არ ვაპირებდი უკან დაბრუნებას, მეგონა სადაცაა ცა ჩამომენგრეოდა, მიწა გამისკდებოდა და თან ჩამიყოლებდა. ოთახში თინა შემოვიდა.
- რა გჭირს შვილო? ანნა, რა დაგემართა?
- დამთავრდა თინა, ყველაფერი დამთავრდა ჩემსა და ნიკოს შორის..
ვუთხარი თუ არა უსიტყვოდ ჩამიხუტა და ამით დამიმძიმა მდგომარეობა.
ეს იყო ყველაზე უბედური დღე ჩემს ცხოვრებაში.

******

მომდევნო დღეს, ანუ პარასკევს დილით, ვაჟა შემოვიდა ჩემს ოთახში და გამაღვიძა წინადადებით:
- ვიცი, წინააღმდეგობას ვერ გამიწევ და არც გექნება ამის სურვილი. რამდენიმე დღეში ბილეთებს ვიყიდი. ერთ თვეში კი წავალთ. შეიძლება ცოტა მეტიც დამჭირდეს, მაგრამ აუცილებლად წავალთ.
თავზარი დამეცა ამ სიტყვების გაგონებაზე მაგრამ მისთვის სიტყვაც არ მითქვამს, თითქოს თანახმა ვიყავი , რომ ყოველგვარი შეწინააღმდგების გარეშე დამეტოვებინა მშობლიური მიწა, მიმეტოვებინა ყველაფერი.
- ესეიგი, შენ ჩემთან ერთად მოდიხარ?- იყო პირველი, რაც ვკითხე.
- ხო, რა თქმა უნდა. შენ მარტო გაიშვები სადმე? ჯერ თბილისში უნდა ჩავიდეთ, მოკლედ, იქამდე დროა. შენი ნივთები ჩალაგებული გაქვს, დღეს ან ხვალ გადმოვიტან ნინას სახლიდან. - მითხრა, შუბლზე მაკოცა და ოთახი დატოვა. ეტყობოდა, მოხარული იყო ჩემი გადაწყვეტილებით. ირგვლივ მიმოვიხედე, ოთახი შევათვალიერე, ფანჯარას მივუახლოვდი და ცას ავხედე.. ამინდიც ისეთი იყო... შეეფერებოდა ჩემს მდგომარეობას..
ფანჯრის რაფაზე მოვკლათდი და ჩემი დღიური გადავშალე. ადამიანის ბუნება ასეთია – როდესაც გიმძიმს, როდესაც თავს ცუდად გრძნობ, აკეთებ ისეთ რაღაცას, რაც მდგომარეობას გაგიუარესებს. არ ვიცი როგორ იქცევა ასეთ მომენტში სხვა, მაგრამ ეს თვისება იმ პერიოდში ნამდვილად მქონდა. დღიურში ამოვიკითხე ყველაფერი, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც დედაჩემი ლევანს ხვდებოდა. არცერთი ფურცელი არ დამიტოვებია ცრემლის გარეშე. დავაკვირდი, და ყოველ ჩანაწერში ნინაზე ვსაუბრობდი... არ მინდა იმის გახსენება, როგორ მოვიხსენიებდი, როგორი ბრაზით ვწერდი მასზე... მიმძიმდა, უაღრესად მიმძიმდა იმის გაცნობიერება, რომ ჩემი ულამაზესი დედიკო, ჩემი ლამაზი დედა აღარ იყო ცოცხალთა შორის... მებრალებოდა, მებრალებოდა მისი ლამაზი, სათუთი და მოვლილი სხეული შავი მიწისთვის... არ შემეძლო, გაქანებაც კი არ შემეძლო, ტკივილი მიღრღნიდა სულსა და გულს... წამი არ გადიოდა ნიკოზე ფიქრის გარეშე... რამდენჯერმე გავიფიქრე კიდევაც, ავდგები და დავუბრუნდები მეთქი, მაგრამ ყოველ ჯერზე მახსენდებოდა თუ როგორ განიცდიდა ნინა, როდესაც ნიკო არ ეხმიანებოდა. საკუთარი ბედნიერებისთვის ბრძოლა ერთეულებს შეუძლიათ... ზოგნი დანებებას არჩევენ... ვერ ვიტყვი, რომ დავნებდი... უბრალოდ სინდისმა არ მომცა მშვიდად ცხოვრების უფლება...
არცერთი დღე არ გასულა ოხვრისა და ტირილის გარეშე.
არცერთი დღე მასზე ფიქრის, სინანულის, ტკივილის გარეშე...
ყოველ დღე ნიკო მოდიოდა ვაჟას სახლთან და ცდილობდა ჩემამდე მოსვლას, მაგრამ ხან ვაჟა აკავებდა, ხან თინა, ხან სოფიო.. ფანჯრიდან ვხედავდი, როგორი სასოწარკვეთით ცდილობდა ჩემამდე მოსვლას, როგორ ემუდარებოდა, ეხვეწებოდა მათ რომ შემოეშვათ სახლში.. ბოლო ხმაზე მეძახდა, მთხოვდა მხოლოდ გამოსვლას და ერთხელ დალაპარაკებას.. მემუდარებოდა, რომ არ წავსულიყავი, არ მიმეტოვებინა, დავბრუნებულიყავი... არ ვიცი, როგორ გადავიტანე ეს ყოველივე.. როგორ შევძელი თავის შეკავება, როგორ შევძელი – რომ არ გავედი მასთან, არც კი დაველაპარაკე... მე მჯეროდა, რომ ამით მისი ცხოვრება უკეთესობისკენ შეიცვლებოდა... გახდებოდა უკეთესი ჩემს გარეშე, ყველაფერს დაიწყებდა ახალი ფურცლიდან.. მჯეროდა, რომ მე მის ბედნიერებას ხელს შევუშლიდი. აბსოლიტურად განადგურებული ვიყავი, საკუთარ თავს აღარ ვგავდი, ვოცნებობდი, რამე მომსვლოდა, რამე დამმართნოდა, სიკვდილზე ვოცნებობდი.. არ მინდოდა ასეთი სიცოცხლე, აღარაფერი მინდოდა...
გამგზავრებამდე ორი დღით ადრე და ზუკა და ელენე ერთად ვინახულე. საკმაოდ სევდიანი გამომშვიდება მქონდა ზუკასთან. ორივე ერთმანეთზე შეჩვეულები ვიყავით ბავშვობიდან, ამიტომ განშორება ძალიან გავიჭირდა. ზუკას არ უთქვამს, რომ ეთანხმება ჩემს გადაწყვეტილებას, თუმცა არც გავუკიცხივარ... ყველაზე მთავარი კი არის ის, რომ ბოლო წუთამდე ვიცოდი, რომ უდიდეს შეცდომას ვუშვებდი. იმავე დღეს ნინას საფლავზე მივედი. პირქვე დავემხე და ვუთხარი ყველაფერი, რასაც ვგრძნობდი.... ვთხოვდი პატიებას ყოველი საქციელისთვის, იმისთვისაც კი, რასაც ვაპირებდი... ვთხოვდი, რომ რამენაირად ჩემთვის ხმა გაეცა, ენიშნებინა, რას ფიქრობდა... დედაჩემის საფლავის დანახვა, ვერ აღვწერ იმდენად მძიმეა ჩემთვის... ამ მომენტმა იმ დღეს, საბოლოოდ მომიღო ბოლო...



№1 სტუმარი m

radebiligogoa ((((((( ubralodamistoriazekargi arwamikitxavs araperi:*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent