პირველის ირონია (3)
3 მთელი გზა ნერვები მქონდა დაწყვეტაზე. ჭკუიდან გადამიყვანა. თითქოს ის ირონია არ მეყო, ოთხი საათის განმავლობაში რომ მაფრქვევდა, ახლა აქაც განაგრძო. ვეცადე დამეხშო მისი ხმა ჩემი გონებიდან... ნაწილობრივ გამომივიდა. ჩემს უბანს რომ მივუახლოვდით, შვებით ამოვისუნთქე და მამაკაცს გადავხედე: – აქ ჩამოვალ! – ეს რომ ვთქვი, ზუსტად ვიცოდი, კიდევ ერთხელ მომიწევდა მეგემა მისი დაუსრულებელი ირონია, მაგრამ მზად ვიყავი, ოღონდ გაეჩერებინა. – სხვა მისამართი მიკარნახე... გზიდან ვერ გადავუხვევ. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თქვენი უზრუნველყოფა მაქვს დავალებული, – მხრები აიჩეჩა და გზა განაგრძო. გაოცებულმა შევხედე. დავინახე, როგორ ჩაეტეხა ტუჩის კუთხე. ღმერთმა იცის ამ დღეს მერამდენედ მიპყრობდა პანიკა. უბრალოდ, ვეღარ ვაკონტროლებდი თავს. კინაღამ შევიშალე. საერთოდ რატომ შევეხე დილით ჩემს ლოყებს, ისედაც მთელი დღის განმავლობაში წითელი ფერი ბუნებრივად დამკვიდრებულიყო მათზე. – მგონი სერიოზული პრობლემები გაქვთ! – ვუთხარი სერიოზულად. – რა მხრივ? – წარბები აზიდა და გაოცებული სახით გადმომხედა. – ფსიქიკის მხრივ, – გავუღიმე მეც. ვეცადე ირონიულად, მაგრამ, მგონი, ირონიულობასთან ახლოსაც კი არ იყო ჩემი ღიმილი. გადაიხარხარა და ძლიერად დაამუხრუჭა. ტანი ვერ დავიმორჩილე და წინა მინას ავეკარი. – ეს იმისთვის, რომ მომავალში ჩაჯდომისთანავე გადაიჭიმო ღვედი, – თვალი ჩამიკრა. ვერ წარმოიდგენთ, როგორ გავბრაზდი. გაოცებისგან პირი შევხსენი. შუბლი მივარტყი მინას, ძალიან მტკივნეულად. დილით კოპი რომ მექნებოდა, ვისთვის მომეთხოვა პასუხი? ვითომ რამე დააკლდებოდა, ახლა ეს სისულელე რომ არ გაეკეთებინა და ცივილურად მოეხსენებინა, რომ ღვედი უნდა გადამეჭირა?! – მგონი მართლა აღმოჩნდებით სასამართლოში! – ვუთხარი გამწარებულმა თვალების ბრიალით. – კარგ ადვოკატს გირჩევ თუ გინდა. მაინც, სავსეა „ვითომ ადვოკატებით“ ქვეყანა, – თვალი ჩამიკრა. – კარგად! – გაჯავრებით ვუთხარი და კარის გასაღებად გავწიე ხელი. – ხო, მართლა! – შემაჩერა მისმა ხმამ. – საბა პირველი, – მითხრა გრაციოზულად. ამოვიხვნეშე და მანქანიდან ჩამოვხტი. მე ვინ მომცა იმის ბედი, რომ მსგავსი საშინელი დღეები თავისუფლად ჩავამთავრო?! ბოლოშიც კი რაღაც უბედურება უნდა დამემართოს! ხომ შემეძლო წყნარად, მშვიდად ჩამოვსულიყავი მანქანიდან?! არა, მაინც თხასავით ჩამოვხტი! და როდის იყო მე მიწაზე მყარად დგომა შემეძლო... მაინც და მაინც ახლა გადამიბრუნდა ფეხი და იმდენად შევწუხდი ტკივილისგან, „მიშველეთო“ წამოვიკივლე მხოლოდ და უკან გადავარდნილი ჯიპის „კედელს“ ავეკარი. ნეტავ აქამდე მეთამაშა, გავუხეთქე გული ბატონ პირველს! ისეთი შეშინებული სახით დადგა ჩემ წინ, პასუხის მოლოდინში, სიამოვნებით დავიტოვებდი ამ სახეს მთელი ცხოვრება ჩემთან და, როცა ცუდ ხასიათზე ვიქნებოდი, შევხედავდი და ისევ ისე გავიცინებდი, როგორ მაშინ. სიმწარე ხომ ვნახე, წარმოუდგენელი. ასე ჯერ არასდროს არაფერი მტკენია, მაგრამ ამ სიმწარესაც ახლდა დაუოკებელი სიამოვნება, რომელიც საბა პირველის სახის შემყურემ განვიცადე. ცოტა ხანს ვიცინე და ის იყო გაბრაზებული მამაკაცი წასვლას აპირებდა, ვიგრძენი, რომ ძალიან, ძალიან მტკიოდა ფეხი და კიდევ ერთხელ წამოვიკივლე. – რა ჯანდაბა გჭირს? – ჩამყვირა. – მტკივა! – არც მე დავაკელი ყვირილი, ოღონდ პანიკური. – რა? – ფეხი, ადამიანო. გადამიბრუნდა! ვერც კი მოვიაზრე, ისე აღმოვჩნდი მის ხელებში. კიდევ კარგი, გამხდარი ვიყავი, თორემ არასდროს ვაპატიებდი თავს... სწრაფად ამაბრუნა ჯიპში, კარი დახურა და თვითონ კი საჭეს მიუჯდა. მანქანას ძალიან სწრაფად მართავდა და თითქმის ყველა შუქნიშანთან დაარღვია წესი. მე კიდევ, ჩასაფრებულს, სხვა ხომ არაფერი მინდოდა და უკმაყოფილებით ვუთხარი: – თქვენ რომ არ ემორჩილებით საერთაშორისო წესებს, რა? ჩვენ რა წითელი გოჭები ვართ? გადმომხედა და წარბები ზემოთ აზიდა. არა, ამას, აფციაურისგან განსხვავებით, უხდებოდა ზემოთ აზიდული წარბებით გამოხატული გაოცებული მზერა. – ფეხი აღარ გტკივა? – შეანელა მანქანა. – რატომ გამახსენე, მივიწყებული მქონდა! – შევუტიე მე. არადა, მართლა მივიწყებული მქონდა, რომ საერთოდ მტკიოდა ფეხი. – კი, გეტყობა, – ჩაილაპარაკა თავისთვის და ძრავა გამორთო. ადგილიდან არ დავძრულვარ. ასე უნდა ბატონ საბას. შემოუარა მანქანას და კარი გამიღო. – ვერ ჩამოხვალ? – შემომხედა მუდარით. ძლივს შევიკავე თავი, რომ არ გამცინებოდა მის სახეზე, როცა ვუთხარი, რომ ვერ გავივლიდი და, მითუმეტეს, ამხელა მანქანიდან ვერ ჩამოვიდოდი დამოუკიდებლად. მიუხედავად იმისა, რომ საკმაო ძალა ჰქონდა, მაინც გაუჭირდა ჩემი დაძვრა, ალბათ. აბა, რატომ მოენგრეოდა ყბა უკმაყოფილებისგან?.. სწრაფად ჩემომიცურა წელსა და მუხლებზე ხელები და ამიტაცა. გზა არ გაუგრძელებია. ჩამომსვა მიწაზე, რასაც არ ველოდი. დავდექი მყარად, საკმაოდ, მაგრამ იმდენად შემომიტკია ფეხმა, რომ თავი ვერ შევიკავე და წამოვიკივლე: მტკივა–მეთქი. ამოიხვნეშა პირველმა, მანქანის კარი მიაჯახუნა და ისევ ამიტაცა ხელში. ლამის მირბოდა საავადმყოფოსკენ. ალბათ, ერთი სული ჰქონდა, როდის მომიშორებდა. მაგრამ მე ჯერ არ ვიყავი მორალურად მზად, მის გასაშვებად. ჯერ ისე უნდა გამეწამებინა, როგორც თვითონ გამაწამა თავისი დაუსრულებელი ირონიით. მიმღებში გაგვაჩერეს ექთნებმა. – სასწრაფოდ გვჭირდება ტრამვატოლოგი, – ხმამაღლა მოუვიდა ნათქვამი საბა პირველს. ვხედავდი, როგორ დაჰბერვოდა ძარღვები საფეთქელთან და ვატყობდი, როგორ დაღლილიყო ჩემი ხელით ტარებით. – მესამე კაბინეტში, – ხელით ანიშნა ერთ–ერთმა გოგონამ დერეფანზე. ისე შეშინებულიყო, რომ ხმასთან ერთად ხელებიც უთრთოდა. რა ვქნა, ძალიან მეცინებოდა, მის ასეთ მდგომარეობას რომ ვუყურებდი. ჩემთვის, ჩუმად ვფხუკუნებდი. მეგონა, ვერ ამჩნევდა ჩემს აღტკინებას, მისი მდგმარეობიდან გამომდინარეს. შემდეგ დავრწმუნდი, რომ ყველაფერს იმაზე უკეთ ამჩნევდა, ვიდრე მე მეგონა. – დააკაკუნე, – მითხრა სწრაფად, როგორც კართან შევჩერდით. – როგორ? – თავი გავისულელე მე. – ჩვეულებრივ! – ძალაგამოცლილი ძლივს საუბრობდა. ახლა ის იყო ერთგვარ პანიკაში. – როგორ ჩვეულებრივ? ჩემი ხელები შენს კისერზეა! – სიტყვა რომ დავამთავრე და მისი დაჭყეტილი თვალები შევნიშნე, ენაზე მწარედ ვიკბინე, რათა არ გამცინებოდა. მძიმე ტვირთი აღმოჩნდა, რადგან სიცილი ჩემთვის ისეთი რაღაც იყო, რომლის შეკავებაც არასდროს გამომდიოდა. ამიტომ არ მითამაშია არც ერთ კომედიურ ჟანრის ფილმსა თუ სპექტაკლში. გამეცინა ბოლოს. – გოგო, მეღადავები? – ხმას აუწია და მეც ინსტიქტურად დავაკაკუნე კარზე, შემდეგ კი სახელური ჩამოვწიე და შევაღე. ფურცლებს ჩაჩერებულმა მამაკაცმა სათვალიდან ამოგვხედა და, როგორც დაინახა ჩემი მდგომარეობა, მაშინვე წამოდგა. ¬– საბა! – წამოიძახა, როგორც მოგვიახლოვდა. ხმამაღლა ამოვიხვნეშე. – დააწვინე! – მიუთითა დიდ, მაგარ საწოლზე. – ძალიან მტკივა! – თავი მოვისაწ.... მე. – რა მოხდა? – იკითხა და ფეხზე ცივი ხელი შემახო. შევხტი. – ამოძრავებ? გავამოძრავე ფეხი, მაგრამ ძალიან მტკივნეული აღმოჩნდა. – ნაღრძობი გაქვს, – თქვა სწრაფად. – არაფერი საგანგაშო, – გამიღიმა გრაციოზულად. – არა, რა საგანგაშო! – გავუღიმე ირონიულად. – თაბაშირში ჩაგისვამთ ახლა და ტკივილგამაყუჩებლებს გამოგიწერთ, რომ აგტკივდეთ, არ გაგაწვალოთ... წამოდგა და პირველს შეხედა. – საბა, ასე უნდა დავიწყება? მოკლედ, მამაშენის ხსენება ხომ აღარ არის და შენ სადღა დაგვეკარგე? – გადაეხვია. – რა ვიცი, გივი, საქმეები მაქვს დაუსრულებელი... – ამოიხვნეშა და სკამზე ჩამოჯდა. რაღაც უჩურჩულა შუა ხნის კაცმა საბას, მაგრამ ვერ გავიგე. – ეს ანასტასია ანჯაფარიძეა, – გააცნო სასწრაფოდ ჩემი თავი. ბრტყელსა და მაგარ საწოლზე წამოჯდომა ვცადე, თუმცა უშედეგოდ. – როდის უნდა მოიყვანო ცოლი? – შეუღრინა ექიმმა გივიმ და მაგიდას მიუჯდა. – ანასტასია ჩემი საცოლეა... – უთხრა და მე გადმომხედა. ისეთი შეგრძნება გამიჩნდა, თითქოს ვიწვოდი და ნაპერწკლებს ვყრიდი. ფეხის ტკივილი სულ გადამავიწყდა, როცა პირველის ეს სიტყვები გავიგონე და შემდეგ მისი ირონიული ღიმილი დავიჭირე. განა რა, რაში მადარდებდა, როგორ გააცნობდა უცხო კაცს ჩემ თავს, მაგრამ ამ ბიჭის თითოეული ქმედება გაუაზრებელ ბრაზს იწვევდა ჩემში. ალბათ იმიტომ, რომ ყველა ქმედების უკან უკიდეგანო ირონია ედგა. მე კი ირონია ყველაზე მეტად მაღიზიანებდა. მომიტევეთ ჩემო ტკბილებო, წუხელ ვერ ავტვირთე, ფეხბურთის გადამკიდე :დ მიყვარხართ მე თქვენ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.