პირველის ირონია (2)
2 არ ვიცი როგორ მოვახერხე, რომ მეყიდა გერმანიის ერთ–ერთი გავლენიანი პოლიტიკოსისგან მოპარული მანქანა, მაგრამ ფაქტია მოვახერხე და ამ ჩემი მოხერხებით ზუსტად ოთხი საათი ვუძელი სოლიდურად ჩაცმული, სიმპათიური მამაკაცის ირონიას. არც ის ვიცი, ასეთი ახალგაზრდა კაცი რამ გააბოროტა, რომ ამხელა ირონიით დამხვდა, მაგრამ ფაქტია, სერიოზული პრობლემები ჰქონდა... უფრო კონკრეტულად, ასოციალური იყო. ბოლოს, როგორც იქნა, გამათავისუფლა, რადგან მიხვდა, რომ არაფერში მიმიძღვოდა ბრალი. ეს რომ გააცნობიერა, შევატყე, გაუჭირდა ჩემი დათმობა, აბა, ვიღას გაამწარებდა თავისი ენამწარობით? მაგრამ სხვა გზა აღარ ჰქონდა და დამთმო. დაკითხვის ოთახიდან გამოვედი და მაშინღა გამახსენდა, რომ ჩემი ჩანთა თავისი საბუთებითურთ, ტელეფონი და სათვალე იმ მანქანაში დამრჩა, რომელიც უკვე მე არ მეკუთვნოდა. – უკაცრავად, იმედია, ჩემი ნივთებიც პოლიტიკოსის რეისს არ გაატანეთ, – მივუტრიალდი მამაკაცს, რომელთანაც ოთხი საათი ვმუსაიფობდი, თუმცა ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ დასცდენია თავისი სახელი და არც ის თუ რას წარმოადგენდა. მეც კარგი ვარ რა... – არა, რა თქმა უნდა, – გამიღიმა ნაძალადევად, – მიბრძანდით დერეფნიდან მერვე ოთახში და დაგიბრუნებენ, – თითით მანიშნა, რომელ დერეფანზე ჰქონდა საუბარი. შემდეგ გახსნილი პიჯახი შეიკრა და მარცხნივ გაუხვია. – ხეპრე! – ჩავიბურტყუნე ჩემთვის და დერეფანს გავუყევი. მერვე ოთახში დაუკაკუნებლად შევაღე კარი. არა, მართლა მარცხენა ფეხზე ავდექი დილით. რა უბედურებაა?! კედელს აკრობოდა ქალი, რომელსაც გაშმაგებით კოცნიდა მამაკაცი. ჩავახველე, რომ ჩემთვის ყურადღება მოექციათ, თუმცა არც ერთს სცხელოდა მოსახედად, ხოდა, იმ სოლიდურად ჩაცმული მამაკაცისგან გამოყოლილი ირონიით, რაც მთავარია მჭექარე ხმით, ვუთხარი: – თუ მომაქცევთ ყურადღებას, დიდ დროს არ წაგართმევთ! ახლაღა შემომხედეს. კაცს ნასიამოვნები სახე ჰქონდა, ქალს კი ცეცხლისფერი ედო სახეზე. ესეიგი, განა ჩემი ჩახველება დააიგნორეს, უბრალოდ, ვერ გაიგონეს. – მაპატიეთ, – ჩაილაპარაკა ქალმა და დარცხვენილი მოჰყვა პერანგის რამდენიმე შეხსნილი ღილის შეკვრას. მამაკაცმა თვალი ჩაუკრა, დავბრუნდებიო – დაბალ ხმაზე უჩურჩულა ყურთან და ოთახი დატოვა. მაშინღა დავრწმუნდი საბოლოოდ, რომ მართლაც უბნელეს ქვეყანაში ვცხოვრობთ. პოლიციაა თუ სორო – ამნაირებისთვის – ვეღარ გავარკვიე. – სახელი, გვარი? – ამომხედა. შევატყე, როგორ სცხვენოდა და უჭირდა ჩემთვის თვალების გასწორება. ისე, თითქოს მისი უფროსი ან უარესი – ქმარი – ვყოფილიყავი და ახლა ახსნა–განმარტებების ჩამორთმევა და მორალის კითხვა უნდა დამეწყო. ისე კი, ნამდვილად სჭირდება აქაურ პერსონალს ერთი–ორი კარგი ლექცია მორალის შესახებ. – ანასტასია ანჯაფარიძე. ანკეტა შეავსო, ხელი მომაწერინა და წამოდგა. კარადის ერთ–ერთი უჯრა გამოაღო და ჩემი ნივთები ამოალაგა. რატომღაც არ ველოდი, რომ ყველაფერი რიგზე იქნებოდა, მაგრამ, ჩემდაგასაკვირად, ყველაფერი ზუსტად ისე დამხვდა, როგორც დავტოვე. ჩანთაში არაფერი იყო უწესრიგოდ. მადლობა აფციაურს, ნეტავ?! ტელეფონი მატყობინებდა, რომ სერიოზული განგაშის ზარი დაერეკა ყველას. დედაჩემის ცხრა ზარი, ლიკუნას – ოცდაერთი, ანანოს – ორი და კიდევ რამდენიმე ახლობლის თითო ნარეკი. იყო შეტყობინებებიც, რომელიც წაუკითხავად წავშალე. რა ვქნა, არ მიყვარს ეს შეტყობინებები. ვინც მიცნობს, ყველამ იცის ჩემი დამოკიდებულება ამ საკითხის შესახებ და ძირითადად სააქციო შეტყობინებები მომდის ხოლმე, რაც, რასაკვირველია, არ მჭირდება და ვშლი. – ეს ის მომენტია, როცა დედაჩემს გადაუსწარი, – ვუთხარი ლიკუნას მაშინვე, როგორც მიპასუხა. – იცოდე, მოგხსნი მთავარი როლიდან და არ იყოს მერე წყენები! – მითხრა სერიოზულად. – ჯერ მკითხე, იქნებ მოვკვდი! – შევუღრინე საპასუხოდ და პოლიციის შენობიდან გამოსულმა ღრმად ჩავისუნთქე სანატრელი თავისუფლების ჰაერი. ხველება ამიტყდა. ამ თბილისში ხომ ვერ ნახავ სუფთა ჰაერს! – ცოცხალი ხარ, – მომიჭრა ლიკუნამ. – პოლიციის შენობიდან ამწამს გამოვედი, მანქანა მე აღარ მყავს და რა ვიცი, სიცოცხლის თუ მეტყობა რამე... – იმედია ხვალ პირდაპირ ლტოლვილებში არ გაგიყვანენ და მობლაყუნდები გადაღებებზე! – იმედია, – გამეცინა მის ჩვეულ ტაქტზე. გამითიშა. პოლიციის შენობის მოპირდაპირე მხარეს იყო გაჩერება. ახლა უკვე მანქანა არ მყავდა და მომიწევდა კვლავ გადატენილ მარშუტში ასვლა. ამ ერთხელ მაინც. აბა, ჩემი შემწე ტაქსები არ დადიოდნენ ამ ადგილას და... ისე, მარშუტკებიც რომ დადიოდნენ, ეგეც საკვირველი ფაქტი გახლდათ. პოლიციის ეს შენობა ყველა უბნისგან შორს იდგა. აქ პირველად ვიყავი და მეტიც, არც კი ვიცოდი თუ ეს ადგილი არსებობდა. არც მიწისქვეშა გადასასვლელი, არც ხიდი და არც შუქნიშანი. რა მექნა?! ეს მანქანებიც რომ ჩემ ჭირად დადიოდნენ?! ჰოდა, დაველოდე, როდის შეწყდებოდა მანქანების ნაკადი, მაგრამ ბოლო არ უჩანდა. თითქოს უზარმაზარი საცობი ყოფილიყო და იქიდან ერთიანად წამოსულიყვნენ მანქანები. კი, მაგრამ აქ პოლიცია როგორ აღწევს? ნუთუ თითოეულ პოლიციელს საკუთარი მანქანა გააჩნია? ამ ჩემს მანქანას რაღას ერჩოდნენ მაინც? დავიჯერო, ის პოლიტიკოსი ვერ იყიდდა ახალს? გამიჩალიჩეს რა... ამ გერმანელების დევიზიც მგონი ჩვენი ლექსია – „ენძელა და ია“ – „მე ახალი არ მინდა ძველი მირჩევნია“... ბედი რომ არ მაქვს, მაგ ფაქტს მივეჩვიე, მაგრამ ჭკუაც რომ არ მქონია, მაგას როგორღა მივეჩვიო? არა, მხოლოდ მე თუ მოვახერხებდი მაგ ფერარის უბრალო მერსედესის ფასად ყიდვას! მერსედესის, რომელიც ყოველ მეორეს ყავს თბილისში. ამოვიხვნეშე და უკან გადაწეულ თმაზე ხელი გადავისვი. უკვე პანიკა მიპყრობდა, ნუთუ ღამის გათევა ან ბნელი პოლიციის წინ მომიწევდა? ამდენ მანქანაშიც რომ არც ერთი ტაქსი ერია, ჩემდა ჭირად! რომ გავყოლოდი ტროტუარს, ეგეც არ გამოდიოდა. მის ორივე ბოლოს ვხედავდი, თითოეულს ჩემგან 300 მეტრში. ფეხები დავაბაკუნე. არა, აქ დარჩენას მე არ ვაპირებდი! ღრმად ჩავისუნთქე და ტროტუარიდან ფეხი ჩავდგი. სმენა დამიხშო მანქანის უდიდესმა სიგნალის ხმამ. ყურებზე ხელისგულები მივიჭირე და წამწამები ერთმანეთს ძლიერად დავაჭირე. ალბათ, რამდენიმე წამს ასე ვიდექი, გაუნძრევლად, სასაცილო პოზაში. შემდეგ მივხვდი, რომ მანქანის სიგნალი შემწყდარიყო და სწრაფად გავახილე თვალები. მეორედ დამემართა ინფარქტი, როცა ჩემ წინ ასვეტილი სოლიდურად ჩაცმული, ნაცნობი მამაკაცი დავინახე. ამ თვალებსაც რას ვხსნიდი ასე მომენტალურად?! იქნებ მშველოდა რამე! წამოვიკივლე და უკან გადავდგი ნაბიჯები. ნაცნობი ირონია ეფინა მამაკაცს სახეზე. – ბაჭია, სიკვდილი მოგდომებია? – მკითხა და მაჯებში ჩამავლო ხელი. წარბებშეკრულმა დავხედე მის ხელებს, ჩემს მაჯებში ჩაფრენილს. მერე ისევ მამაკაცზე ავაცოცე მზერა. – ამიტომ უნდა დაატანო ხოლმე გონებას ძალა... – ისევ ირონია ეფინა სახეზე. უკვე სერიოზული მღელვარება და ბრაზი მიპყრობდა. სადაც იყო ავფეთქდებოდი. ამ პოლიციის შეურაცხყოფაც რომ კანონით ისჯება?! ოხ, რა გეშველება ჩემო ქვეყანავ... ასეთი პოლიციელები თუ გყავს ყველა განყოფილებაში, რაღა მიკვირს, რომ კრიმინალი საგრძნობლადაა აწეული?! თვითონ პოლიციელები არიან ჯერ მარტო კრიმინალები. აბა, ქურდი და ყაჩაღი ასე კი არ გამიხეთქავდა გულს. სწრაფად მომეპარებოდა, გამომგლიჯავდა ჩანთას ხელიდან და გაიქცეოდა, შეშინებას ვერც მოვასწრებდი! ახლა კიდევ ორმაგად მეშინია... ჯერ მისი ასეთი გამოჩენა, შტურმი, ასე ვთქვათ; და მერე იმის შიში, რომ რამე არ ვუთხრა და ამ ბაჭია გოგოს გალიაში არ ამომაყოფინოს თავი! რა დღე გაგითენდა, ანასტასია ანჯაფარიძე?! – დავბრუნდით? – გამიღიმა, როცა „გამიშვის“ სათქმელად პირი შევაღე. – წამოდი, გაგიყვან, თორემ რამე უნდა დაგემართოს და გადამდგამენ მერე შენი ახლობლები! – მხოლოდ მარჯვენა მაჯიდან აიღო ხელი, მარჯვენათი კიდევ ისე დამქაჩა, თითქოს მისი ძაღლი ვყოფილიყავი და სასეირნოდ მიპირებდა გაყვანას. – ველურო, მეტკინა! – ყვირილით გამოვხატე უკმაყოფილება. – ამიტომ უნდა წამომყვე ნებით და არ გაჯიუტდე, კახელი ვირივით! – თვალი ჩამიკრა მან. – გიჩივლებ! – ვერ დავწყნარდი. დარწმუნებული ვარ, ცეცხლი მეკიდა მაშინ სახეზე. – მიდი და მიჩივლე! – თითით პოლიციის შენობაზე მანიშნა. ამოვიხვნეშე. „ვინ არის ეს მასხარა?“ – გავიფიქრე ჩემთვის და მანქანაში ჩავჯექი. უფრო სწორად, შევხტი. ამხელა ჯიპზე რომ იჯდა, არც გამკვირვებია. კი არის ეიფელის კოშკივით! – მეტყვი მისამართს თუ გავათენოთ? – ფიქრებიდან მისმა ხმამ გამომარკვია. კიდევ ერთხელ ამოვიოხრე და ვუკარნახე მისამართი. – მართლა ბაჭია ხარ, რაა! – გაეცინა და მანქანა მოწყვეტით დაძრა ადგილიდან. ვცდილობ, რომ კომედიური ვიყო, მაგრამ არ ვახლობლობთ მე და იუმორი და... უფრო სწორად, ვერ ვახლობლობთ :დდ მიყვარხართ მე თქვენ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.