sms 7 თავი
დილით კარგ ხასიათზე მყოფს მეღვიძება, საჩქაროდ ვიწესრიგებ თავს, მერე კი ბარგს ვალაგებ და არც წიგნი მავიწყდება. ასეთი ჩვევა მაქვს, მგზავრობისას აუცილებლად წიგნი უნდა ვიკითხო, სხვანაირად არ შემიძლია. ამჯერად მარგარეტ ეტვუდის „მხევლის წიგნს“ ვირჩევ და ჩემს ბარგთან ერთად გამოვდივარ მისაღებში. - ხაჭაპურები გამოგიცხვეთ ბები, - ირინა როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზეა. გამზადებულ ჩანთას მაჩვენებს. - კიდევ რაღაცეები გავამზადე, თერმოსში ყავაა. - მადლობა ბები, - კარადიდან ჯეზვეს ვიღებ და ორ კოვზ ყავას ვაყრი, წყალს ვამატებ და გაზქურაზე ვდგამ. ყავა როგორც კი დუღილს იწყებს, ვიღებ და ფინჯანში ვასხამ. ის ისაა სავარძელში ვთავსდები და ყავის მირთმევის მთელ ცერემონიალს ვიწყებ, ჩემი ტელეფონის ხმა ისმის. გიორგის ნომრის დანახვაზე თვალები მიბრწყინდება. - ალო. - მოვედი, თეკლა. ჩამოხვალ? - ისეთი სასიამოვნო ხმა აქვს მინდა ყურმილში გავძვრე. - ამოდი, - დაუფიქრებლად ვეუბნები და იმ წამს შემოსულ ბაბუას ვუღიმი.- ყავას დაგალევინებს ირინა და ბაბუასაც გაუხარდება შენი ნახვა. - ამ სიტყვებზე თვალებს ვხრი, არ შემიძლია ბაბუას ღიმილს ვუყრო. - კარგი. - მთანხმდება და ტელეფონს თიშავს. - გიორგია, ამოვა. - თავისმართლებასავით გამომდის. ბაბუა არაფერს ამბობს, არც მაშინ იმჩნევს რამეს, როცა გიორგის ესაუბრება და არც მაშინ, როცა გიორგი ჩემს ბარგს ჰკიდებს ხელს და ემშვიდობება. მხოლოდ ირინა ვერ ისვენებს. - გიორგი, შვილო, აბა შენ იცი, ფრთხილად იარეთ. შენ გაბარებ თეკლას. - გიორგი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. გასვლამდე ორივეს ვკოცნი და წინ წასულ გიორგის ვეწევი. სალომესთან მისვლამდე არც ერთი ხმას არ ვიღებთ, წეღანდელმა შემთხვევამ თითქოს უხერხულ მდგომარეობაში ჩამაყენა, ვხვდები, რომ მერიდება მისი. არც ის ცდილობს საუბრის დაწყებას. სალომე უკვე გარეთ გველოდება. ორივე გადავდივართ მანქანიდან. სანამ გიორგი სალომეს ბარგს მანქანის საბარგულში აწყობს, სალომე გიორგიზე მანიშნებს რაღაცას და კისკისებს. - რა ხდება? - საბარგულის დაკეტვის შემდეგ გვეკითხება გიორგი. - არაფერი. - ისევ იცინის სალომე და სურვილი მიჩნდება მოვკლა. სალომე უკანა კარს აღებს და მკვირცხლად ხტება შიგნით, მეც მას ვბაძავ. როგორც კი ჩაჯდომას ვაპირებ გიორგის თვალებს ვაწყდები. უკმაყოფილოდ მიმზერენ. - შენ ჩემთან დაჯექი. - თხოვნასთან ერთად რაღაც სხვა, ჩემთვის გაურკვეველი ტონი იკითხება მის სიტყვებში. სალომე სასწრაფოდ ხურავს კარს და ჩამოწეული მინიდან ენას მიყოფს. ხმას არ ვიღებ, ჩუმად ვაღებ კარს და გიორგის გვერდით ვიკავებ ადგილს. რას ნიშნავს გიორგის საქციელი? რა ხდება? ათასი კითხვა მიტრიალებს თავში და არ ვიცი რას მივაწერო მისი ქცევა. „მოსწონხარ“ - ტელეფონის ხმა მაკრთობს. სალომეა. მეცინება, მაგრამ არ მინდა შემემჩნეს და გარეთ ვიყურები. ხმას არც ერთი არ ვიღებთ, გიორგი Midnight Choir - Muddy River Of Loneliness რთავს, მშვენიერია, მის ფონზე კითხვას რა სჯობს. ჩანთიდან წიგნს ვიღებ და ჩანიშნულ ადგილას ვშლი. ვგრძნობ როგორ მათვალიერებს გიორგი დროდადრო და ვცდილობ არ შევიმჩნიო. სალომეც გაყუჩებული ზის, ტელეფონში ჩამძვრალი და აშკარად არ სცალია ჩვენთვის. - მგზავრობისას კითხვა გიყვარს? - დაბალ ხმაზე მეკითხება გიორგი და წიგნს უყურებს. - უამისოდ ვერ ვმგზავრობ, გზა საშინლად იწელება და ვერ ვჩერდები ერთ ადგილას. - წიგნს ვკეცავ და გარეთ ვიყურები. წვიმს, თანაც კოკისპირულად, მოსხმით. ჩვენი გზა კი მაღალი ხეების შუა, დაბურულ ტყეში გადის. გაზაფხულია, წვიმიანი და ნისლიანი აპრილი. მანქანა გზას ძლივს მიიკვლევს წვიმაში და ჩვენც ისევ ვჩუმდებით. გიორგი მინას სწევს და სიგარეტს უკიდებს, გარედან წვიმის სასიამოვნო ხმა შემოდის. - გამიგია, გზაში საუბარს არაფერი შეედრებაო? - სიგარეტს მაგრად ექაჩება და კვამლს ფილტვებში უშვებს. ვხვდები მიზეზს ეძებს საუბარში აგვიყოლიოს, სარკიდან ვხედავ, როგორ გვიყურებს სალომე, მერე ჩუმად იცინის და ისევ ტელეფონს უბრუნდება. - ნუთუ? - რა თქმა უნდა, თანაც თუ სასაუბრო თემა წიგნებია. - საინტერესოა... - არ გჯერა? გაიხედე, რა მაგარია, გზა, დაბურულ ტყეში გადის, ირგვლივ ნისლია, დახუთულობა, სიცივე, თან წვიმა, მანქანა წყლის ნაკადს აპობს და ჩვენ სითბოში მოკალათებულნი ვსაუბროთ წიგნებზე... - საოცარია, შენმა აღწერილმა "ბინდი" მომაგონა... ასეთ ამინდში ალბათ ასეთი წიგნი უნდა განვიხილოთ. - რატომ მხოლოდ ბინდი? "მადამ ბოვარს", "ჭრელ საბურველს", ან, თუნდაც "ანა კარენინას" რას უწუნებ? - გიორგი თავს აქნევს და თან წიგნზე მანიშნებს. - ეგ წიგნიც ასეთ ქალზე არაა? - გამოდის, ქალებზე გვაქვს აქცენტი? თანაც უბედო ქალებზე? მაშ,"30 წლის ქალს"ვამჯობინებდი. - რატომღაც ვღიზიანდები. - ასაკი, როცა ყველაზე საინტერესო და ლამაზია ქალი... - მხოლოდ ამ ასაკის ქალებს აქცევთ, ასეთ განსაკუთრებულ ყურადღებას? - არა მხოლოდ. - ცალყბად იღიმის და სიგარეტს კვამლს ჯერ ფილტვებში უშვებს და შემდეგ ოდნავ გაღებული ტუჩებიდან გარეთ. მის ამ საქციელზე რატომღაც ტანში მცრის, ორივე ხელს მკლავებზე ვისვამ. გიორგი უმალ ხვდება, სიგარეტს გარეთ ისვრის და მინას მაღლა სწევს. - ის გოგო, ირაკლის შეყვარებული, - სიტყვებს ფრთხილად ვარჩევ. - შენი აზრით შეეგუა? - გიორგი გაკვირვებული მიყურებს, მერე თავს ოდნავ აქნევს და მკაცრად ამბობს. - თუ, ნამდვილად უყვარდა, ვერ შეეგუებოდა. - ხო მაგრამ, ირაკლი აღარ არის... - შენ შეეგუები თეკლა? აი, ვიღაც ძალიან, ძალიან რომ გიყვარდეს და თავი მოიკლას, მოკლან, დაივიწყებ? შეეგუები? - გიორგის თვალებში რაღაც ელავს, ვხედავ როგორ ებერება ძარღვები ყელზე და მძიმედ სუნთქავს. ისეთი გრძნობა მაქვს, ჩემს პასუხზე ვიღაცის ბედია დამოკიდებული. თავს დაბლა ვხრი, ვნერვიულობ, თუმცა არ ვიცი რატომ. იქნებ იმიტომ, რომ გიორგის თვალები ჩემს სხეულში აღწევენ, პირდაპირ გულში. - მე თუ მეყვარება, ვერ დავივიწყებ, ვერასდროს, მაგრამ ალბათ შევეგუები. ადამიანი ხომ ყველაფერს ეგუება არა? - ბოლო სიტყვას ხმის კანკალით ვამბობ. - ხო, ეგუება. - გიორგი გარეთ იყურება. ცოტა ხანს, ასე ჩუმად ვმგზავრობთ, არც სალომე იღებს ხმას. მაწუხებს ის ფაქტი, რომ გიორგი გავანაწყენე და ვერაფრით ვისვენებ. - საჭესთან დამსვამ? - ვეკითხები და უკვე მზად ვარ უარისთვის. რატომღაც მგონია, რომ არ დამსვამს. გიორგი გაოცებული მიყურებს, მერე კი ეღიმება და მანქანიდან გადადის. - რა ხდება, რატომ გავჩერდით? - როგორც იქნა თავი ამოყო სალომემ. უხმოდ გადავდივარ მძღოლის ადგილას და გიორგი ჩაჯდომის შემდეგ მანქანას ვძრავ. გიორგი მთელი ტანით შემობრუნებული ზის და თავი საზურგეზე უდევს. დროდადრო მუსიკას ხმას აყოლებს და მიკვირს საიდან აქვს ასეთი სმენა. არაფერს ვიმჩნევ გზას გავყურებ და ისეთი გრძნობა მიპყრობს თითქოს ეს უკვე მოხდა, რაღაც დეჟავუ, თუ არ ვიცი ამას რა დავარქვა. მაღლა აწეულ თმას ვიშლი, არ მინდა ვხედავდე როგორ დაჟინებით მათვალიერებს გიორგი. ამასობაში წვიმაც შეწყდა, მზემ გამოანათა და მეც საქარე მინას ვწევ, სალონში ნაწვიმარი, სასიამოვნო ჰაერი შემოდის. - კარგად მღერი. - ვეუბნები ისე, რომ გზას თვალს არ ვაშორებ. - უკრავ? - ხოო, ვცდილობ. - მეუბნება და ისევ სიმღერას აგრძელებს. - ირაკლიც უკრავდა, თუმცა ხმა საერთოდ არ ჰქონდა. - მის გახსენებაზე სახე უბრწყინდება. - დასასვენებლად მივდივარ ბიჭთან ერთად, რომელსაც თითქმის არ ვიცნობ, - მეცინება და გიორგის ვუყურებ. -ახლა გაგახსენდა? - თავადაც ეცინება. - მოტოზე, რომ მიხტებოდი მაშინ არ ვიყავი უცხოო? - დამპალო, ახლა სულ ეს უნდა გამახსენო? - მარჯვენა ხელს მხარზე ვარტყამ. - როცა კი საშუალება მომეცემა, ყოველთვის. - არა მართლა, რას საქმიანობ? - ახალ გაცნობილ გოგოებს ვიტყუებ ჩემს სოფლის სახლში და მერე ვკლავ, მათ სხეულს ვანაწევრებ და ვყიდი. - სრული სერიოზულობით ამბობს და ერთ წამს თვალებგაფართოებული ვუსმენ. მერე ხმამაღლა იცინის და მეც მეცინება. - გიორგი, მუშტი კარგად მიმუშავებს, ისე რომ იცოდე. - სალომე ჩვენკენ იწევა და სიცილში გვყვება. - ცოტა ჩუმად იცინეთ, ხელს მიშლით. - სოსოა?- სარკიდან ვუყურებ სალომეს, რომელიც თვალებგაბრწყინებული მესიჯობს. - აჰამ. - თვალს მიკრავს სალომე და ყურსასმენებს იკეთებს. - მართლა შენს სახლში მივდივართ? - ვეკითხები გიორგის, რომელიც ხელით მანიშნებს მარცხნივ შეუხვიეო. - ხო, ასე არ ჯობია? უფრო თავისუფლად ვიქნებით, ვიდრე სასტუმროში. - ხო, ასე ჯობია. ისე მაინც არ მითხარი რას საქმიანობ... - ბარში ვუკრავ, ბენდში. კიდევ მოტორბოლებში ვიღებ მონაწილეობას. - ახლა გასაგებია, რატომ მღერი ასე კარგად. - მეღიმება და თმას ყურს უკან ვიწევ. გიორგი არაფერს ამბობს, ორი თითით მეხება თმაზე და გადაწეულ თმას უკან, თავის ადგილას აბრუნებს. მისი ცივი თითები, ჩემს ყურის ნიჟარას სულ ერთი წამით ეხებიან, მაგრამ ესეც საკმარისია, რომ ჩემი გულის ფეთქვამ სმენა დამიხშოს. საშინლად ვიძაბები, თუმცა არ ვიმჩნევ. გიორგი ისევ ჩემკენ შემობრუნებული ზის და ცერა და საჩვენებელ თითებს მისვამს თმაზე. მისკენ ვიხედები, იღიმის. მიღიმის. ოდნავ გაღებული ბაგეებით. თითებს მაგრად ვუჭერ საჭეს და თავს ვაიძულებ თვალები არ დამეხუჭოს. გიორგის სახლი არაფრით გამორჩეული, ჩვეულებრივი სოფლის სახლია, ულამაზესი ხედით და მთებით გარშემორტყმული. დიდი კაკლის ხის ქვეშ ჩამომსხდრებს ყავის ფინჯნებით გვიახლოვდება გიორგი და მერე თავადაც ჩვენ წინ ჯდება. ვისვენებთ,მგზავრობამ ძალიან დაგვღალა. - აქ ცოტა ცივა, წავალ ჩავიცვამ. - სალომე მიღიმის და დგება. საძაგელი, ვფიქრობ ჩემთვის, რადგან ზუსტად ვიცი, უბრალოდ თამაშობს. მარტო გვტოვებს. სალომეს გაბრაზებით ვუმზერ და გიორგისკენ ვაპარებ მზერას. არ იმჩნევს, თუმცა ვხედავ, რომ კმაყოფილია. ყავის ფინჯანს ორივე ხელს ვხვევ და ყავას ვსვამ,სასიამოვნო სურნელი და გემო აქვს. იდეალური გარემოა წყვილისთვის, სიმშვიდე, ბუნება, სიმპატიური ბიჭი. ჩემს ფიქრებზე მეღიმება და გიორგის ვუყურებ. არც ის იღებს ხმას, შორიდან მათვალიერებს, ისე დაჟინებით, რაღაცნაირად. გული მისკდება, მისი შავი თვალები თითქოს დასახრჩობად მიხმობენ, ვინუსხები, მგონი ეს ბიჭი ჯადოს მიკეთებს. - მასე ნუ მიყურებ, გიორგი. - თვალს ვარიდებ. - გაბნევ? - წარბს მაღლა სწევს. - თავს უხერხულად ვგრძნობ. ნუ მიყურებ, აი გაიხედე რა სილამაზეა. - ხელებს საჩვენებლად ვშლი, გარემოზე ვუთითებ - რა ვქნა, მე შენი ყურება მინდა. - როგორ მინდა გავუბრაზდე ამ სიტყვების გამო, მაგრამ არ გამომდის. ვის მოვატყუო, რომ არ მომწონს? საკუთარ თავს? აზრი არ აქვს. მგონი თავადაც ხვდება, იმდენად თავდაჯერებულია. ღამით მე და სალომე მეორე სართულზე, ერთ ოთახში ვიძინებთ, გიორგი პირველზე. ოთახამდე გიორგი გვაცილებს. - ძილინებისა, თეკლა. - შესვლამდე ლოყაზე მკოცნის და კიბეზე ღიღინით ჩარბის. სივრცეს ვუღიმი და ბედნიერი შევდივარ ოთახში. კიდევ კარგი სალომეს ჩემთვის არ სცალია, უკვე სოსოს ელაპარაკება. მიხარია მათი ურთიერთობის დათბობა. სალომეს ვეხუტები და ვკოცნი, მერე ვწვები ძველ რკინის საწოლზე, ყველა მოძრაობაზე გაუსაძლისად, რომ ჭრიალებს და თხელი ფარდის იქით ცას გავყურებ. ნათელი ღამეა. მშვიდი, სიჩუმეს გარეთ რომელიღაცა ფრინველის და ოთახში სალომეს ბუტბუტი არღვევს. არ მაწუხებს, კმაყოფილს და ბედნიერს თვალები თავისთავად მელულება. გიორგის ვხედავ, ან ირაკლის, ირაკლის. პატარა, სიფრიფანა გოგოსთან ერთად, ტრიალ მინდორზე, ყვავილებში წვანან,ერთმანეთს თავლებში შესციცინებენ, მერე გოგო წინ მიდის, გრძელი, თეთრი კაბა აცვია და ირაკლი უკან მყვება. მედალიონს ვხედავ, მთვარის მედალიონს, ირაკლი თავისი ხელით ჰკიდებს კისერზე. მათ ბედნიერ სახეებს, მომღიმარ ირაკლის და თვალებს ვახელ. - გიორგის უნდა ვუთხრა, უნდა ვუთხრა. - ნანახისგან აღელვებული, საჩქაროდ ვიცვამ ტანსაცმელს და კიბეებზე ჩავრბივარ. მთელი სხეული მეყინება, მაკანკალებს, კბილს-კბილზე მაცემინებს, თავში ყველაფერი ამერია, მაგრამ ვხვდები, რომ ეს უბრალოდ სიზმარი არ იყო, მე მათი ცხოვრების ერთი დღე მესიზმრა. კართან ცოტა ხანს ვჩერდები, ვცდილობ დავმშვიდდე. ორი თითით ფრთხილად ვაკაკუნებ კარებზე. სიჩუმეა. - გიორგი, გიო.- კაკუნს ხმასაც ვაყოლებ. - გაიღვიძე გთხოვ, გიო. - თეკლა? - გიორგი კარს აღებს და თან მაისურს იცმევს. - რა მოხდა? - ის გოგო ვნახე, ირაკლის შეყვარებული, მედალიონიც, - ეზოში გამოვდივარ და თან აღელვებული ვუყვები, გიორგი უკან მომყვება. - ეს ნიშანია. ის კაბა ეცვა, ირაკლის ნივთებში, რომ ვნახეთ. მედალიონიც... - დამშვიდდი, თეკლა. - გიორგი ორივე ხელს მაჯაში მავლებს და თვალებში მიყურებს. - უნდა წავიდეთ, სალომეს გავაღვიძებ.- თავის გათავისუფლებას ვცდილობ, მაგრამ ამაოდ. - არსად არ წავალთ! - მკაცრად მეუბნება და ხელს მიშვებს. - ეს სიზმარი იყო მხოლოდ. გულსი ჩაგყვა ჩემი სიტყვები. - არა, ეს რეალობა იყო. მე შემიძლია ასეთი სიზმრების ნახვა, წინასწარმეტყველური სიზმრების. ასეთი ვარ, რაღაც მაკავშირებს იმ სამყაროსთან. აქამდე კიდევ ვერ მიხვდი? - ლაპარაკისას სპაზმები მიჭერს და ყელს მატკიებს. თვალები ცრემლით მევსება. - კარგი, მაპატიე. - გიორგი თავზე ისმევს ხელს და გვერდით გადის, სიგარეტს ეწევა. ცოტა ხნის შემდეგ, დამშვიდებული გვერდით ვუდგები და დაჟინებით ვუმზერ. - უბრალოდ მინდა ცოტა ხანს დრო მის გარეშე გავატაროთ, ალბათ გიჟად ჩამთვლი, მაგრამ არ მინდა ჩვენი გამამთლიანებელი ირაკლი იყოს. მინდა ირაკლის გარეშე, მისი აჩრდილის გარეშე მქონდეს შენთან ურთიერთობა. მინდა მე მხედავდე და არა ირაკლი ჯაფარიძეს. - გიორგი ჩახრინწული ხმით ლაპარაკობს და ნახევრად ჩამწვარ სიგარეტს ხელებში სრისავს. - არაფერი თქვა, გთხოვ. - სიგარეტს დაბლა აგდებს და ფეხით აქობს, მერე ორივე ხელს ჯიბეში იწყობს და ეზოდან გადის. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.