შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნოემბრის წვიმა (დასასრული)


7-05-2016, 22:38
ავტორი MariLerman
ნანახია 2 121

ნიკოს სახლიდან სასოწარკვეთილი გამოქცეული პირდაპირ მამაჩემის სახლისკენ გავეშურე. ის იყო ერთადერთი, ვისაც იმ მომენტში ვადანაშაულებდი ამ სიტუაციაში. უბრალოდ ერთიანად იმდენი ბრაზი დაგროვილიყო ჩემს გულში, რომ ვიღაცაზე გადატანა მჭირდებოდა, წინააღმდეგ შემთხვევაში გავგიჟდებოდი. ვაჟას სახლში შევვარდი და პირდაპირ მისი კაბინეტისკენ გავეშურე. მშვიდად იჯდა და რაღაც დოკუმენტებს ფურცლავდა. მივუვარდი და ყველაფერი რაც მაგიდაზე ედო ერთი ხელის მოსმით გადავისროლე... დავუმსხვრიე ვისკის ბოთლიც, იოგების ჩახლეჩამდე ვუღრიალებდი ბოლო ხმაზე..
– ვერ გიტან, ვერ გიტან მეზიზღები, ვაჟა! შენ მამაჩემი არ ხარ, მეზიზღები! შენ ხელი შემიწყე, რომ თავი უბედურად მეგრძნო, შენ გამიუბედურე მთელი ცხოვრება, ვერ გიტან ვაჟა! – ვუყვიროდი ბოლო ხმაზე, მას კი განცვიფრებული სახე ჰქონდა. ადგილიდან არ ექანებოდა. ვიცოდი, რომ მისი ერთი წამოდგომა და დარტყმა გარდაუვალი იქნებოდა. ხმაურზე კაბინეტში სოფია შემოვარდა და ჩემი შეჩერება სცადა. როდესაც მისი ხელი ვიგრძენი მკლავზე, ხელი ინსტიქტურად მოვიქნიე და პირდაპირ სახეში მოხვდა. მეზიზღებოდა ეს სახლი და მძულდა მამაჩემი, რომელიც, თუ დავუფიქრდებით, არაფერ შუაში იყო... მხოლოდ ერთხელ წამოდგა და ხელი ყელში ჩამავლო, დამემუქრა, რომ თუ ხმას არ დავუწევდი, მომკლავდა.
მისი სიტყვების გაგონებაზე, მივხვდი, რომ საერთოდ აღარ მიყვარდა მამაჩემი. მე აღარ მყავდა მშობელი, პატრონი მამა, რომელიც უნდა მყვარებოდა. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, თუ მამა ასეთ სიტყვებს მეტყოდა... თინას ხმის გაგონებაზე დავმშვიდდი, მივხვდი, რომ აღარაფერი მემუქრებოდა. ვაჟასთან მოვარდა და ხელები გააშვებინა, სავარძელზე დააჯინა და მისი დამშვიდება სცადა. ჩემთვის აღარავის ეცალა, ჩემს დამშვიდებას არავინ ცდილობდა და არც არავის აინტერესებდა რა მჭირდა.
– მომეცი ნინას სახლის გასაღები, ამ სახლში ჩემს ფეხს ვეღარ დაინახავ.
– და სად წაეთრევი, რა უნდა აკეთო, ფული სად უნდა იშოვო, რითი უნდა ირჩინო თავი? – მიყვიროდა, მაგრამ შეწინააღმდეგების ძალა არ მქონდა. უჯრიდან გასაღები გამოიღო და ძირს მოისროლა.
– აიღე, წადი, ჩემმა თვალებმა აღარ დაგინახონ მეორედ! – სხეულის კანკალით დავეცი ძირს, გასაღები ავიღე და არავისთვის ყურადღება არ მიმიქცევია, ისე გამოვიქეცი სახლიდან.

იმ ღამესვე გადავედი დედაჩემის სახლში.
მამაჩემთან ჩხუბი საერთოდ არ მაინტერესებდა, ჩემი ფიქრები მხოლოდ ნიკოს ეძღვნებოდა, ნიკოს და მის საქციელს... მის თვალებს, როდესაც ამდენი ხნის შემდეგ, ჩემკენ იყო მოპყრობილი და თავიდან ბოლომდე მათვალიერებდა.. ერთდროულად სიყვარულისა და სიძულვილით გამსჭვალული მზერა დღემდე არ ამომდის ცნობიერებიდან. მიყურებდა და თანდათან უწითლდებოდა თვალები... ამ მომენტზე ფიქრის შეწყვეტა არ გამომდიოდა, ადგილს ვერ ვპოულობდი, მომდევნო დღეები, აღარ ვიცოდი სად წავსულიყავი. ქალაქში არავინ საჩემო არ მეგულებოდა. აღმოვაჩინე, რომ არავინ არ მყავდა გვერდით. ელენესთან გამიწყდა ურთიერთობა, სხვა მეგობარი კი მე არც არასოდეს არ მყოლია. რამდენიმე დღეში ზუკა თბილისიდან ჩამოვიდა. მთელი დღე მასთან ერთად გავატარე. დროებით მაინც გადავივიწყე ის ყველაფერი, რაც ჩემს თავს მოხდა.
მიუხედავად ასეთი დაძაბული ვითარებისა, ამდენი ჩხუბებისა და გულის ტკენის შემდეგ, მაინც არ მინდოდა ძველი ცხოვრება გამეგრძელებინა და მარტოდ მარტო, უაზროდ მეხეტიალა ქუჩებში. არც ტაბლეტების ყლაპვასა და ზღვის სანაპიროზე შუა ღამით გაწოლებს ვაპირებდი. მინდოდა ის ანნა, რომელიც სტრასბურგში ჩამოყალიბდა, მთელი დარჩენილი ცხოვრება შემენარჩუნებინა. ნამდვილად ძალიან შეცვლილი ვიყავი და ამას ნებისმიერი მამჩნევდა, თუმცა ადამიანი მთლიანად არასოდეს იცვლება და მე ეს მამაჩემთან ჩხუბის დროს წარმოთქმულ სიტყვებში დამეტყო.
ზუკას სახლიდან წამოსულს სუფთა ჰაერზე გავლა მაინც არ შემზარებია. უკვე თითქმის ჩემს სახლთან მისული ვიყავი, როდესაც უკნიდან ჩემი სახელის განწირული ყვირილი გავიგონე, ვიღაც მეძახდა. უკან მოვიხედე და ნიკუშა დავინახე. გაზრდილი, უფრო დაკაცებული... შევჩერდი და ხელები გადავაჯვარედინე. არც არსად გაქცევას, და არც ნაგლობის დაწყებას არ ვაპირებდი მიუხედავად იმ საზიზღრობისა, რაც მან ჩაიდინა.
– ანნა, კიდევ კარგი, რომ გაჩერდი და არ წახვედი! ამის წინა კვარტლიდან მოგსდევ, ძალიან ჩქარა დადიხარ! – მითხრა და ღრმად ჩაისუნთქა, დაღლილი იყო, მორბოდა. ვერაფრის თქმა მოვასწარი, როდესაც ისევ მან მკითხა:
– როგორ ხარ? როდის ჩამოხვედი?
– ერთი კვირაა... როგორ ვიქნები.. თან გახარებული, თან მოწყენილი.. შენი საქმეები როგორ მიდის?
– ნორმალურად.. საზღვაო აკადემიაში ჩავაბარე, ვსწავლობ და რამდენიმე თვეში შეიძლება გემზეც კი წავიდე. – მითხრა და ამათვალიერა. მის თვალებში ვეღარ ვკითხულობდი ძველებურ ეშმაკობას, ნაგლობასა და ზიზღს. ვუყურებდი და ჩემს წინ აშკარად სულ სხვა ადამიანი იდგა.
– შენ დიდ ამბებში ყოფილხარ.. აბა, წარმატებები...
– მადლობა ანნა, შენც.. – როდესაც დაინახა, რომ წასასვლელად ვემზადებოდი, ხელი წამიერად ფრთხილად შემახო მკლავზე და მითხრა, – იცი, ამდენი ხანი არ მინახიხარ, მომენატრესავით.. სადმე კაფეში ხომ არ დავმჯდარიყავით?
– ძველი დროის გასახსენებლად, თუ რისთვის? – ვუთხარი ირონიულად და ჩავიცინე. შევატყვე, რომ არ ესიამოვნა ნათქვამი. – მგონი არ არის საჭირო...
– არა, ძველი დრო, არ არის კარგი გასახსენებელი, მგონი ახლა გაცილებით უკეთესი დრო გვაქვს ყველას... ანნა, შენ ისევ მიბრაზდები? –
პასუხის გაცემას თავი ავარიდე.
– მითხარი, რომ აღარ ბრაზობ. იმდენჯერ მცემეს შენმა ხან შეყვარებულმა და ხან ძმაკაცმა, რომ მგონი აღარ უნდა იყო გაბრაზებული.
– ან ეგ რა შუაშია, ან შენთვის რა მნიშვნელობა აქვს გაბრაზებული ვარ თუ არა? – რატომღაც, მესიამოვნა მისი ნათქვმი.
– აქვს... კიდევ ერთხელ მოგიხდი ბოდიშს ჩემი ნებისმიერი საქციელისთვის... კარგი გოგო ხარ, და არ მინდა იმ გაუცნობიერებელი საქციელების გამო ცუდი ურთიერთობა გვქონდეს.
– არ ვიცი, შენთან საერთოდ რა ურთიერთობაზე მესაუბრები.. – ჩავილაპარაკე და შორს გავიხედე.
– არა ანნა შემომხედე, როგორი შეცვლილი ვარ. საფრანგეთიდან ჩამოსულს საუცხოო სუნამოები არ გაგიკვირდება, მაგრამ გემიდან რომ ჩამოვალ, მაგარ სუნამოს ჩამოგიტან რაა, იქნებ მაშინ მაინც შემირიგდე. – მის ნათქვამზე გამეცინა.
– არაფერი არ არის საჭირო, ნიკუშა, მიხედე შენს საქმეებს, არაფერზე არ ვბრაზობ...
– კარგი ადამიანი ხარ, არ ვიცი, შენ როგორ უნდა დაგკარგოს კაცმა. – ორაზროვნად გამიღიმა და როდესაც მიხვდა, რომ არაფრის თქმას არ ვაპირებდი, მითხრა:
– კარგი, ანნა, როგორც გენებოს.. ისე, მართლა მაგარ სუნამოს ჩამოგიტანდი, დაფიქრდი. აბა, წარმატებები, შენს საყვარელ ადამიანთან... – მითხრა, წამის მეასედში ლოყაზე მაკოცა და ადგილიდან მოწყდა.
უცნაური საქციელი იყო. რამდენიმე წუთი გაშეშებული ვიდექი და ვცდილობდი აზრზე მოსვლას. ჯერ დამიძახა, გამომეკიდა, შემდეგ კი, წამებში დამემშვიდობა და გაქრა... ვერც იმას ვხვდებოდი, საყვარელი ადამიანი რა სახსენებელი იყო... განა მე და ნიკო, ხალხისთვის ისევ წყვილი ვიყავით? დედაჩემის ამბების შემდეგ, ძალიან მალე დავტოვე ბათუმი და წარმოდგენაც არ მქონდა, ხალხი რას ამბობდა ჩვენზე. ღმერთით, ამას ვერც ვერასოდეს გავიგებ, რადგან კარგს არაფერს იტყოდნენ. მაგრამ არის ხოლმე, როდესაც ვინტერესდებით, რა შეუძლიათ სხვებს ისაუბრონ ჩვენზე... ამით, საკუთარ თავს სხვა კუთხიდან ვუყურებთ და პირისპირ ვუდგებით ჩვენს დადებითსა თუ უარყოფით მხარეებს.

*******
მთელ დღეებს სახლში, კვლავინდებურად ხან ჩემს, ხან კი დედაჩემის ოთახში შეკეტილი, ტირილში ვატარებდი.
ერთდროულად რამდენიმე სიმი ჩამწყადარიყო ჩემს გულში... სახლში სრულიად მარტო, ნინას გარეშე, ძალიან გამიჭირდა... სული და გული ცარიელი მქონდა, როდესაც ვაცნობიერებდი, რომ არასოდეს მოვიდოდა ნინა სამსახურიდან, აღარასოდეს შემომიერთდებოდა ჭიქა ყავაზე გამთენიის დილის ექვს საათზე, არასოდეს დამიკაკუნებდა კარებზე და არ მეტყოდა, გეყოფა ამდენი უაზროდ ჯდომა, გადი გარეთო.. როდესაც ვაცნობიერებდი, რომ თვალით ვეღარასოდეს დავინახავდი დედაჩემს, სიკვდილი მინდებოდა... ორსართულიანი სახლი სრულიად გამოფიტული, ცარიელი იყო მის გარეშე... ოთახიდან ოთახში გადასვლაც კი არ მინდოდა, რადგან ვიცოდი რომ დერეფნებსა და კედლებს შუა მას ვერ მოვკრავდი თვალს... ვოცნებობ, რომ ოდესმე ქართული ლექსიკონიდან ამოვარდეს სიტყვა „მოკვდა“... ადამიანები არ კვდებიან, უფრო მართებული იქნებოდა თუ ვიტყვით: გარდაიცვალა... იცვალა გარემო, მდგომარეობა... წავიდა იქ, საიდანაც ნებისმიერ წუთსა და წამს დაგყურებს, თვალს გადევნებს და არასოდეს, არასოდეს გშორდება გვერდიდან... რა აზრი აქვს, მე ხომ ნინას ხმა ყოველთვის მემახსოვრება.. მე ხომ ვერასოდეს დავივიწყებ მის სურნელს, მის ღიმილს, მის სილამაზეს.. არასოდეს დამავიწყდება ნებისმიერი რამ, რაც მას უკავშირდება და რამაც შეიძლება მისი თავი გამახსენოს... მერე რა? ის ჩემს გულშია, ის ჩემს გვერდითაა, ის ჩემთან ახლოსაა და არასოდეს, არასოდეს მიმატოვებს... მე ამის მჯერა... მის ფოტოებს ვათვალიერებდი და ვხვდებოდი, რომ მასზე ლამაზი ქალი არ არსებობდა დედამიწაზე... მისი სილამაზის დანახვაზე, მებრალებოდა იქ, სადაც იყო... მებრალებოდა მისი ლამაზი სხეული და ნატიფი თითები... მის გახსენებაზე, მის უბრალოდ გახსენებაზეც კი, შეუძლებელი იყო ცრემლი არ ჩამომგორებოდა ღაწვებზე. მახსენდებოდა მისი ბოლო სიტყვებიდა ასევე ის, თუ როგორ დავპირდი, რომ ვიზრუნებდი საკუთარ ბედნიერებაზე და არასოდეს მივატოვებდი ნიკოს.. ყურებში ჩამესმოდა მისი ტკბილი ხმა და მოსვენებას წამითაც ვერ ვპულობდი...
მახსენდებოდა ნიკო და ის, რომ ჩვენი ისტორია დამთავრებული იყო, მახსენდებოდა თუ როგორ მკრა ხელი, როგორ არ მაპატია, როგორ მომიშორა, როგორ მითხრა, რომ წავსულიყავი სახლიდან და თავს ყველაზე უბედურ ადამიანად ვგრძნობდი. მე აღარ მყავდა გვერდით ის ორი უძვირფასესი ადამიანი, რომელნიც ჩემი ცხოვრების უმთავრეს აზრს წარმოადგენდნენ. მე აღარ მყავდნენ ისინი გვერდით და, ჩემი ამქვეყნად ყოფნის აზრსაც კი ვეღარ ვხედავდი... ძალიან ცოტა მეკლო საბოლოო სასოწარკვეთამდე, ჩემი დეპრესია უკიდურეს სტადიას აღწევდა. ერთ დღეს, ჩემთან სახლში მოსულ სოფიასა და თინას კარიც კი არ გავუღე. არავის დანახვა, არავისთან საუბარი არ შემეძლო...
14 ნოემბერი ჩემი და ნიკოს გაცნობის დღე იყო და, მთელი დღის განმავლობაში ვიხსენებდი ჩვენს საერთო მომენტებს...
გვიან ღამით, საყვარელი სიმღერის ფონზე სტრასბურგში ნაყიდ ტანსაცმელებს ვარჩევდი, როდესაც ფანჯარაზე უცნაური გახმაურება გავიგონე. ერთიანად ამიტანა თრთოლვამ, კვლავაც პირველი ის გავიფიქრე, ქურდია მეთქი. ტელეფონი მოვიმარჯვე, თუმცა მეორე გახმაურებაზე არა შემეშინდა, არამედ პირიქით – სულიერად დავმშვიდდი, რადგან გავაცნობიერე, რომ არანაირი ქურდი და არანაირი ყაჩაღი არ იყო ფანჯრის მიღმა. ფანჯარას ნელი სვლით მივუახლოვდი და ფარდა გადავწიე, თუმცა ღამე იყო და ჯერ კიდევ ვერაფერს ვხედავდი. გამოვაღე და წამებში მეცა ნოემბრის სასიამოვნო ჰაერი გულმკერდში.
დავინახე ის, ჩემი ფანჯრის წინ მდგარი, ხელში ლუდის ბოთლი და ჩემი წიგნაკი ეჭირა და ოდნავ ბარბაცებდა... იქნებ გამოგიცდიათ, როგორია, როდესაც თავს ყველაზე უბედურ ადამიანად მიიჩნევ, მეორე წუთში კი, აუცილებლად ჩნდება ის ადამიანი, რომელიც თავისი უნებლიე საქციელით გარწმუნებთ, რომ თქვენ არ ხართ მარტო, და არც არასოდეს იქნებით... ვერ აღიგწერთ, რა გამოვცადე მისი დანახვისას...
– აქ რას აკეთებ ნიკო? ნასვამი ხარ? – ვკითხე და ფანჯარაში ისე გადავიწიე, ლამისაა გადავვარდი. გული ამოვარდნას მქონდა... სიხარულისგან აღარ ვიცოდი, რას ვაკეთებდი...
– დღევანდელმა დღემ, შენი უზადო სილამაზის გარეშე ჩაიარა... ხომ იცი, ვერ ვიტან ასეთ დღეებს... – მითხრა სწორედ ისე, როგორც იმ დღეს, როდესაც პირველად წამომცდა მასთან რომ მიყვარდა... წაბარბაცდა, ოდნავ ჩაიცინა. მისთვის აღარ მიკითხავს, რატომ არ მოვიდა კარებიდან, აღარაფერი მიკითხავს. უბრალოდ უკვე ატირებულმა გავუღიმე, ვუთხარი რომ შემოსასვლელი კარებიდან შემოსულიყო და კარებისკენ ელვის სიწრაფით გავვარდი...
შემოვიდა თუ არა სახლში, წარსულის ათასმა მოგონებამ ერთდროულად გამიელვა თვალწინ... გამახსენდა მისი თითქმის ყოველი მოსვლა ჩემთან.. კვლავინდბურად ვიგრძენი მისი სურნელი და, ბედნიერებისგან თვალები მიბრწყინავდა თუმცაღა, ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რას მეტყოდა, რა მოხდებოდა... ვუყურებდით ერთმანეთს და თავიდან ტერფამდე ვათვალიერებდით, ვაკვირდებოდით ყოველ დეტალს, ვუყურებდი და ვგრძნობდი, რომ ეს ადამიანი რაღაც ჩემი საკუთარი იყო, ჩემი სულის ნაწილი...
ღრმად ჩაისუნთქა, ოთახს თვალი მოავლო, ოდნავ შესამჩნევად ჩაიცინა და მითხრა...
– იცი, ერთი ჩანაწერი განსაკუთრებულად მომეწონა შენს წიგნაკში და, მაგიტომ მოვედი, რომ წაგიკითხო... – მითხრა, ლუდის ბოთლი იქვე მაგიდაზე დადო, წიგნაკი ნელა გადაფურცლა და ამოიკითხა:
– „მთვარე, გულს გიშლის, გაძლევს უფლებას ამოიკითხო რა აქვს გულში, მას შეგიძლია დაუსრულებად უყურო და ათას სისულელეზე იფიქრო.. აი მზეს კი თვალსაც ვერ გაუსწორებ... ამიტომ არის გამორჩეული მთვარე... ისევე, როგორც შენ ხარ გამორჩეული ადამიანი ჩემს ცხოვრებაში... მითხარი, როგორ უნდა ვიცოცხლო შენს გარეშე, ერთი დღეც კი? მითხარი, რად მინდა ისეთი დღის გათენება, როდესაც შენ არ იქნები ჩემს გვერდით? მხოლოდ შენ, შენ ერთადერთმა იგრძენი ჩემი ტკივილი და იგრძენი ნოემბრის წვიმაც..“
წიგნაკი დახურა, სავარძელზე გაიქნია, მომიბრუნდა და ჩემი სახე მის ხელისგულებში მოაქცია:
– არ მეგონა, თუ ოდესმე ამის ღირსი გავხდებოდი... ისეთი საიდუმლო ამომეცნო, როგორიც ნოემბრის წვიმაა შენთვის... არც ის მეგონა, რომ ჩემი სიტყვები ასე დაგამახსოვრდებოდა, საყვარელო... – მისი ნათქვამი ზედმეტად ბევრს ნიშნავდა ჩემთვის...
– ერთადერთი ადამიანი ხარ, ნიკო... ერთადერთი, ვინც გულით იმავეს ატარებს, რასაც მე.. ერთადერთი ხარ, ვისაც ესმის...
– იცი, ნინამ რა მითხრა, როდესაც მასთან პალატაში შევედი? – დედაჩემის სახელის გაგონებაზე გულისცემამ იმატა, ყოველთვის მაწუხებდა ის, რომ არ ვიცოდი თუ რა ისაუბრეს ნინამ და ნიკომ პალატაში, რადგან პალატიდან გამოსულმა არაფერი გამიმხილა. მომიახლოვდა, სახე ნაზად მომეალერსა... ცნობისმოყვარე თვალებით შევცქეროდი და ვამჩნევდი, როგორ უთამაშებდა ნერვი საფეთქელზე...
– მითხრა, რომ ყველაფრისთვის მზად ვყოფილიყავი.. მითხრა, რომ მოსალოდნელი იყო შენი წასვლა, შენი გაქცევა... მან იცოდა შენი ნებისმიერი ნაბიჯი, იცოდა რასაც გააკეთებდი. გამაფრთხილა, რომ რამდენი ხნითაც არ უნდა წასულიყავი, რამდენი ხნითაც არ უნდა მიგეტოვებინე, შენზე ფიქრი წამითაც არ შემეწყვიტა... ბევრჯერ მითხრა ისიც, რომ მე და შენ ერთმანეთისთვის ვიყავით გაჩენილები...
ღრმად ჩაისუნთქა და ცრემლი მომწმინდა, რომელიც შეუჩერებლად მდიოდა.. სული ამტკივდა..ვერაფრის თქმა ვერ შევძელი.
– რაღა გითხრა, ანნა?! მითხარი, რაღა გითხრა?! მითხარი, რა გაქვს ასეთი, რომ შენზე ფიქრის გარეშე ჩემი ცხოვრების ერთი წუთიც კი არ გადის?! არ შემიძლია, გემის? მე არ შემიძლია უშენოდ... არ ვიცი, იმ დღეს ისე რატომ მოვიქეცი.. ალბათ.. არ ვიცი, ანნა.. აღარასოდეს გაგიშვებ, სულ ჩემთან იქნები, გესმის?! სულ, ყოველთვის.. მაპატიე გთხოვ.. ყველაფერი მაპატიე... – მეუბნებოდა და მთელ სახეს მიკოცნიდა...
– მე მაპატიე ნიკო, მაპატიე უშენოდ გატარებული ყოველი დღე... მაპატიე, რომ ისე მოგექეცი.. წავედი და მიგატოვე... ეს იყო ყველაზე საშინელი ერთი წელი ჩემს ცხოვრებაში.. ნიკო, ძალიან რთული იყო შენს გარეშე, არ ვიცი, ამას როგორ გავუმკ... – სიტყვის დამთავრებაც კი არ მაცადა უეცრად ისე დაეწაფა ჩემს ბაგეებს. მხურვალედ და დიდი გრძნობით მკოცნიდა და ძლიერად, ძლიერად მიკრავდა მის სხეულთან.. ვეხუტებოდი და ვხვდებოდი, რომ სულ მცირედი არის საჭირო იმისათვის, რომ ადამიანმა თავი ყველაზე ბედნიერად იგრძნოს... ვეხუტებოდი და თან ვტიროდი, ახლოს მყავდა, ჩემთან მყავდა, ჩემს მკლავებში მყავდა და მაინც მენატრებოდა... იმ ღამეს სრულყოფილად შევიგრძენი მისი სითბო და მინდოდა, მთელი დარჩენილი ცხოვრება ასე გამეტარებინა...
– ნუ ტირი, ჩემო საყვარელო ადამიანო... იტირე მაშინ, როდესაც კილომეტრებით იქნები ჩემგან შორს, მაშინ, როდესაც ერთმანეთი არ გვეყოლება გვერდით.. ეს კი, აღარასოდეს მოხდება...
ისეთი სიყვარული, როგორიც მე და ნიკოს გვაკავშირებდა, ძალიან იშვიათია და, თამამად შემიძლია ვთქვა ერთმანეთი არა უბრალოდ, არამედ გაგიჟებით გვიყვარდა... დღე, როდესაც მთვრალი ნიკო ჩემს სახლში მოვიდა, ვერ აღვწერ რამდენად ბედნიერების და სიხარულის მომტანი იყო ჩემთვის.... ყველაფრის მიუხედავად მან მაპატია, მაპატია და ყველაფერი დავიწყეთ სუფთა, ახალი ფურცლიდან... ვიცოდი, რომ ამიერიდან აღარასოდეს ვიგრძნობდი თავს ცუდად, ვიცოდი, რომ ამიერიდან ერთი წამიც კი არ იქნებოდა მის გარეშე... ზედმეტად დიდი და რთული გზა გამოვიარეთ იმისთვის, რომ ერთმანეთი გაგვეშვა...
ამ ცხოვრებაში ნებისმიერ ჩვენს საქციელსა თუ რაიმე მოვლენას, აქ თავისი დანიშნულება.. არაფერი ხდება უბრალოდ, მიზეზის გარეშე. ყველაფერი არის წინასწარ დაგეგმილი, გამიზნული... არც ნინასა და ნიკოს ერთ ღამეს ერთ კლუბში აღმოჩენა, არც მათი გაცნობა, არც ნიკოს სახლში მოსვლა არ ყოფილა შემთხვევითი... ყოველ ადამიანს, გაჩენისთანავე გააჩნია მიზანი, რომელიც უნდა აღასრულოს.. ჩემი კი, სწორედ ნიკოსთან შეხვედრა იყო... მე ის იმდენად მიყვარდა, რომ შემეძლო ნებისმიერი რამ გამეკეთებინა მხოლოდ იმისათვის, რომ მისი სუნთქვა, მისი სითბო, მისი სიყვარული შემეგრძნო...
„მე იმდენად მიყვარს ნოემბრის წვიმა, რომ შენი თავი შემაყვარა...“
ნიკომ, იგრძნო ჩემი ტკივილი, რომელსაც გულით ვატარებდი და ეს სავსებით საკმარისი იყო იმისათვის, რომ გაგიჟებით ვყოფილიყავი მასზე შეყვარებული.
ბედნიერია ყოველი ახალი დილა, რადგან ვხედავ მის სახეს...
ბედნიერია ყოველი ახალი დღე, რადგან ვიცი, რომ მას უნდა ჩავეხუტო...
ბედნიერია ყოველი ახალი მზის ამოსვლა, რადგან ვიცი, რომ ჩემს სხეულში მეორე გული ძგერს... უდიდესი და ყველაზე წრფელი სიყვარულის ნაყოფი, რომელის გამოც ნებისმიერ წუთს, საკუთარ სიცოცხლეს დავთმობ.



_________________________________

არ მჯერა, რომ საბოლოო წერტილი დავუსვი ამ ისტორიას, რომელსაც თითქმის ხუთი წელი ვწერდი. ალბათ, კიდევ ძალიან ბევრჯერ ჩავასწორებ მასში სხვადასხვა დეტალს და არასოდეს იქნება ჩემთვის სრულყოფილი და კარგი. ის კი ზუსტად ვიცი, რომ ვუძღვნი ერთ ადამიანს, რომელმაც შთამაგონა ამ ისტორიის თითოეული სიტყვის დაწერა. ის კი, ალბათ ვერასოდეს გაიგებს, რომ არსებობს მოთხრობა, რომელიც მას მიუძღვნეს.. მე ეს ადამიანი მთელი ცხოვრება მეყვარება. ეს ისტორია ძალიან, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. არამგონია, ოდესმე მეტი ისტორია დავწერო. მადლობა ერთგულ მკითხველებს, იმედია, არ გაგიცრუეთ იმედები... ერთი რამ მინდა გითხრათ, არასოდეს დანებდეთ და არასოდეს შეწყვიტოთ ბრძოლა თქვენი საკუთარი ბედნიერებისთვის, არასოდეს მისცეთ უფლება ამქვეყნად არავის და არაფერს, რომ ხელი შეგიშალოთ თქვენი სურვილების განხორციელებაში. ჩვენ თავად ვქმნით ჩვენს ბედნიერებას... მიყვარხართ
მ.ს



№1 სტუმარი Teo..

Dzalian magaria .dzalian kargad gadmocem yvela emocias .hemi patara rheva iqneba wera gaagrzelo.imito rom dzalian kargad wer.am tavma martla amatira.warmatebebs gisurveb.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent