ჭირვეული სტუმარი (17 თავი)
მეჩვიდმეტე თავი - მოკლედ, პატარა ქალბატონო, ჩამოხვალ თუ არა თბილისში დოკუმენტებსაც დამიბრუნებ! - სიცილით, თვალი ჩაუკრა ოთახში შემოსულმა ჯაბამ ქალიშვილს. - დაგიბრუნებ, აბა რას ვიზავ.. არ ველოდი აქ თუ დამხვდებოდა, სრულიად შემთხვევით წავაწყდი და გადავწყვიტე შემენახა. - ჭკვიანურადაც მოიქეცი, მაგ სამხილებზე ბევრი რამაა დამოკიდებული, გამორიცხულია მათი გამოქვეყნების შემდეგ დამნაშავეებს თავისუფლება ეღირსოთ... მამა-შვილი იმდენად დამაჯერებლად საუბრობდნენ, რომ არ მცოდნოდა ეს ყველაფერი ქეთის ფანტაზიის ნაყოფი იყო, მეც კი დავიჯერებდი ვირტუალური დოკუმენტების არსებობას. - რადგან სიმართლე უკვე იცი, მე მგონი აზრი აღარ აქვს ოთახების ლაგებაზე თქვენს მოცდენას, მე და დედა ნელ-ნელა მივალაგებთ ყველაფერს... - ასეთი მონდომებული როდიდან ხარ?! - გაოცებულმა გახედა დედამ - რაღაც გექნება ქეთევან ჩაფიქრებული!.. -ხმა გაუმკაცრდა ქალს. - აუ, მა... გეხვეწები რა!... - თითქოს დედის სიტყვები არც კი გაუგონიაო მუდარით შეხედა ქეთიმ უფროს კაიშაურს. - ვერ ვხვდები, რას მთხოვ... - აშკარად ართობდა ქალიშვილის ასეთ მდგომარეობაში ცქერა ჯაბას. - კარგი, რა ხომ დამპირდი, ტირს მოვაწყობთო!... - მოუთმენლობა ხმაზე დაეტყო გოგონას. - დღეს ამის დრო არაა. დედას უნდა მივეხმაროთ... - საჩხუბრად აპილპილებულ მეუღლეს სიცილით გახედა კაიშაურმა. - მამა, გემუდარები რა!...- ლამის ცრემლები გადმოყარა ქეთიმ. კი ვხვდებოდი, მამა-შვილი აშკარად კარგად დადგმულ სპექტაკლს, რომ თამაშობდნენ, მაგრამ ვერაფრით მივხვდი რა ჰქონდათ ჩაფიქრებული. - რა ტირი, რა სროლა, იარაღი რა ქალის საქმეა!... - საბოლოოდ გამოვიდა მდგომარეობიდან ბებიაშენი. - ჯაბა, გთხოვ... - ამჯერად სახელით მიმართა თვალცრემლიანმა ქეთიმ. - კარგი, რაც არის არის, ოღონდ მე არ მცალია, აი აკაკი გამოგყვება... - მოულოდნელობისგან გავშეშდი, გაფართოებული თვალებით ვუმზერდი უფროს კაიშაურს, ველოდი როდის ეტყოდა შვილის, რომ გადაიფიქრა. - ჯაბა, რას აკეთებ?! შენი გაგიჟებულია ეს ბავშვი, შეიძლება ყველა კაპრიზს უსრულებდე?! - - თითქოს ჩემს ფიქრებს გამოეხმაურაო, აშკარად უკმაყოფილო იყო მეუღლის გადაწვეტილებით ქალი. - ქეთი, ხომ იცი ასი თვალი და ასი ყური!... -მეუღლის საყვედურებს ყურადღებას არ აქცევდა ჯაბა - ფრთხილად, ვინმე არ დააშავო და არც თავი დაიშავო!... - თვალი ჩაუკრა ქალიშვილს. დაძაბული, დაბნეული ვუმზერდი კაიშაურს, ვერ ვიგებდი, როგორ შეეძლო ერთად-ერთი ქალიშვილი ამ არაკაცის გვერდით დაეტოვებინა. თუმცა როგორც კი ქეთი და აკაკი თვალს მიეფარნენ, გამომეტყველება მყისვე შეეცვალა მამაკაცს, საქმიანი, მკაცრი სახით მობილურით სადღაც გადარეკა: - გამარჯობა, ფშავში ვარ ჩემთან, ოპერატიული ჯგუფი მჭირდება... რაც შეიძლება სწრაფად!... - ლევან, დამეხმარე!...-საუბარი დაასრულა თუ არა, ამჯერად მე მომმართა ჯაბამ - თუ ყველაფერი გამოგვივა, ამ ნაბიჭვარს დღესვე ავიყვანთ!... - თუ?! რომ არ გამოგვივიდეს?! - ეჭვი გაკრთა ჩემს ხმაში. - უფლება არ გაქვს!... - იმდენად ცივად მითხრა, უნებურად შემრცხვა მის სიტყვებში ეჭვი რომ შევიტანე. შესაშური სიმკვირცხლით მოძრაობდა კაიშაური, იატაკზე დაგებული ერთ-ერთი ფიცარი ასწია, საკმაოდ მოზრდილი რკინის ყუთი ამოიღო, საიდანაც ერთი პისტოლეტი თავის ვაზნებიანად მე მომაწოდა, ხოლო მეორე მოსასმენ აპარატთან ერთად თვითონ დაიტოვა. - ამხელა არსენალი თუ ვერ იპოვა, მაგარი ძებნა კი სცოდნია!... - გამეცინა მე და ცალი თვალი შევავლე საკმაოდ მოზრდილ ყუთს. - ჩვენსდა საბედნიეროდ... - ირონიულად გაეცინა ჯაბას - უნდა ვიჩქაროთ... ქეთის მიკროფონი აქვს დამაგრებული, იმედია მისი ჩანაფიქრი გაამართლებს და აკაკი ალაპარაკდება... უცნაური შეგრძნება დამეუფლა, თავი მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმის მოქმედ გმირად წარმოვიდგინე, გულის სიღრმეში მჯეროდა, რომ ჯაბა არ დაუშვებდა მისი ქალიშვილისთვის რამე დაეშავებინა იმ არაკაცს, მაგრამ მაინც მეშინოდა ვაიდა ვერ გაგვეთვალა, რომ ვერ მიგვესწრო?! მუდამ გაწონასწორებულსა და მხიარულ კაიშაურს ტუჩები მოეკუმა, დაძაბულობისგან თუ სიბრაზისგან თვალები უელავდა, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ისიც ღელავდა. რამოდენიმე წუთი დაგვჭირდა ჭალამდე ჩასასვლელად. მოხერხებულად, მამაკაცისთვის შეუმჩნევლად ისეთ დისტანციაზე მოვკალათდით, რომ საჭიროების შემთხვევაში ქალიშვილისთვის დროული დახმარების აღმოჩენა შეგვძლებოდა. ქეთი და აკაკი გვერდი-გვერდ იდგნენ და სამიზნეებს რიგ-რიგობით ესროდნენ. დაძაბული სახით უმზერდა გოგონა, თვალები დასწვრილებოდა და იარაღს ისე უმიზნებდა, არანაკლებ დაძაბული, კოპებშეკრული იდგა მძღოლიც, ქეთი თითქოს ვერც კი ამჩნევდა მამაკაცის დაქაჩულ თვალებს, ამ გოგოს მემგონი ნერვები საერთოდ არ ჰქონდა, შესაშური გულგრილობით გამოჰკრა რამდენიმეჯერ სასხლეტს თითი, დამწვარი დენთის სუნი დატრიალდა ჰაერში, ისევ დამფრთხალი ჩიტების ხმა, ისევ ტირში მდგომი ქეთი, დეჟავიუს შეგრძნებისგან გული გამალებით მიცემდა, ყურები მიგუგუნებდა, გულისრევის შეგრძნება დამეუფლა, კინაღამ პანიკაში ჩავვარდი იმის გააზრებაზე, რომ ზედმეტი მღელვარებისგან აშკარად ცუდად ვიყავი. თუმცა პანიკის განცდა ადრენალინმა შეცვალა, როგორც კი აკაკის ხმა გავიგონე: - უნდა ვაღიარო, ზედმეტად კარგად ისვრით!... - გმადლობთ, სროლა მამამ მასწავლა... - აშკარად გაეკეკლუცა ქეთი, ახლოს რომ ვყოფილიყავი, ალბათ მის აფახუნებულ თვალებსაც დავინახავდი. - როგორც ვხედავ საკმაოდ საზრიანი და ჭკვიანი ხარ... - ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს ეფლირტავებოდა მამაკაცი. სიბრაზისგან გამაკანკალა მისი ბილწი თვალების წარმოდგენაზე. - სასიამოვნო მოსასმენია თქვენგან ეს სიტყვები!... - ისევ არ იმჩნევდა მამაკაცის ტონს ქეთი - უი, ტყვიები გამოგველია!... - იმედგაცრულებულმა დახედა პისტოლეტს - თქვენ ხომ არ დაგრჩათ ტყვიები, იქნებ კიდევ გვესროლა?!... - მხოლოდ ერთი კოლოფი გვქონდა წამოღებული!.. - დასანანია! - აშკარად, გულწრფელი სინანულით უთხრა კაიშაურმა. - თქვენთან საუბარი მსურდა... - შეპარვით დაიწყო აკაკიმ - არ ვიცი რამდენად ხართ საქმის ყურში, ძალიან მაფიქრებს ის ფაქტი, რომ ასე აშკარად გაბედეს თქვენთან შემოსვლა, იმ სამხილების ბედიც მაღელვებს... - მამაკაცმა პაუზა გააკეთა, თითქოს აკვირდებოდა რა რეაქცია მოახდინა მისმა სიტყვებმა ქალიშვილზე. - გისმენთ! - ისევ ის მეტიჩარა ტონი გაურია ქეთიმ ხმაში. მისი საქციელით აშკარად ზედმეტად გათამამდა მამაკაცი, დასაშვებზე მეტადაც კი მიიწია ქალიშვილთან. ვგრძნობდი ეჭვიანობისგან როგორ მომაწვა სახეზე სისხლი, არც უფროსი კაიშაური იყო ბევრად უკეთეს დღეში, საფეთქელთან გამალებით უფეთქავდა ლურჯი ზოლი. - ის მასალები რომ დაიკარგოს ამდენი წლების ნაწვალები წყალში ჩაეყრება! არა მგონია სწორი იყოს ასეთი საბუთების სახლში შენახვა.. - ასეთი სულელი გგონივართ? ვინ გითხრათ, რომ სახლში მაქვს?! - ირონიულად ჰკითხა ქეთიმ. - სადაც არ უნდა გქონდეთ, უმჯობესია ეგ დოკუმენტები თქვენგან შორს იყოს. ვინმეს უნდა გადასცეთ ვისაც ენდობით, მან უნდა შეინახოს, ისეთ ადგილზე თქვენც რომ არ იცოდეთ. - ვერ მიგიხვდით რის თქმას ცდილობთ!... - ხმა შეეცვალა ქალს. - რამე რომ იყოს თქვენ მოგაკითხავენ დოკუმენტების ადგილმდებარეობის დასადგენად, ამიტომ უმჯობესია საბუთები მე მომცეთ და პროკურატურას მივაწოდებ! - ამის აუცილებლობა რომ ყოფილიყო, მამაც დაურთავდა საქმეს!... - ისევ მიამიტი გამომეტყველებით საკმაოდ მოხერხებულად უარყო მამაკაცის აზრი ქეთიმ. - შეცდა, აუცილებლობა რომ არ ყოფილიყო, არც ასე გამალებით დაიწყებდნენ ძებნას... - პოზიციებს არ სთმობდა მძღოლი. - ბატონო აკაკი, ხომ არ ფიქრობთ, რომ სპექტაკლი უნდა დაასრულოთ?! - აშკარად მოსწყინდა მასთან ლოლიალი ქეთის. - სპექტაკლი?! რას გულისმობთ? - ვერ მიხვდა მამაკაცი ქალიშვილის განწყობის უეცარი ცვლილების მიზეზს. - დიახ სპექტაკლი, ასეთი უნიჭო მსახიობი თუ იყავით არ მეგონა... იქნებ პირდაპირ გეთქვათ, რომ ის დოკუმენტები თქვენ გჭირდებათ და უნდა მოგცეთ!... - ირონიულად უმზერდა გოგონა. - ვერ მივხვდი რის თქმას ცდილობთ! - თითქოს დაიბნა მამაკაცი, თუმცა მის ხმაში გაჟღერებული ინტონაციით, ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ ამდენი ხნის ნაკოწიწებ წონასწორებას უკვე კარგავდა. - სულ ცოტაც და ჯგუფი უკვე ადგილზე იქნება, დრო უნდა მოვიგოთ... - დაძაბულმა გადმომილაპარაკა ჯაბამ. - იმედია, მართლა დროულად მოვლენ და ფილმებში რომაა ამბის ბოლოს სირენებით შემოსვლა ისე არ მოიქცევიან... - ხუმრობა ვცადე მე, თუმცა მყისვე გავჩუმდი, როგორც კი ქეთის შემდეგი სიტყვები გავიგონე: - მართლა ვერ ხვდებით? არ გიხდებათ ასეთი მიამიტი ბიჭის როლი. - ცინიკურად უმზერდა ი ს- გუშინ ღამით ჩემი თვალით გნახეთ სახლში შეპარული... მისმა სიტყვებმა შესაბამისი შედეგიც გამოიღო. პირველად ვნახე ადამიანის ასეთი უეცარი ტრანსფორმაცია. მექალთანიდან რამოდენიმე წუთში სისხლისმსმელ კრიმინალად იქცა. თვალებდაქაჩული, ჩასისხლიანებული მზერით მისჩერებოდა აშკარად ზედმეტად კმაყოფილი ღიმილით მომზირალ უმცროს კაიშაურს. - არაჩვეულებრივია, მაშინ თამაშიც არ გვჭირდება!... - დაშაქრული ხმის ტემბრიც კი შეეცვალა აკაკის - ის დოკუმენტები მომეცი!. - რას მელაპარაკებით?! იქნებ მითხრათ რა ფორმით მოგართვათ, დაზღვეული ფოსტით გირჩევნიათ, თუ სწრაფი ამანათის სახით კურიერს გამოვატანო?! - მორჩი მასხარაობას... შენთან სალოლიალოდ არ მცალია... შენთვისვე სჯობია, თუ დროულად მომცემ მაგ საბუთებს!. - რა თქმა უნდა, თქვენ მხოლოდ მიბრძანეთ და... აი, ვეტყვი ყველაფერს მამაჩემს და მერე ვნახოთ როგორ გირჩევნიათ... - ჭირვეული, ზედმეტად საკუთარ ძალებში დარწმუნებული სახით შებრუნდა ქეთი, თითქოს სახლისკენ აპირებდა წასვლას. - შენ გოგო, თვალში ხომ არ გეპატარავები?! - მკლავზე უხეშად მოქაჩა აკაკიმ- ტვინს გაგასხმევინებ, მაგ დაწყევლის საბუთებს ეხლავე თუ არ მომცემ... - ზედმეტად ხომ არ ხართ საკუთარ ძალებში დარწმუნებული ბატონო აკაკი?! თუ სწორად მახსოვს უკანასკნელი ტყვიები ტირში დახარჯეთ!... ამ ჩიპის მიღება ასე იოლი ნუ გგონიათ! - ცხვირწინ აუფრიალა მცირე ზომის მეხსიერების ბარათი, იგივე ფლეშკა ქეთიმ. მამაკაცის ცივი სიცილისგან ძარღვებში სისხლი გამეყინა: - ასეთი დებილი გგონივარ, როგორ იფიქრე, რომ ტუტუცი გოგოს ავანტიურაზე წამოვეგებოდი?!... ტვინს გაგასხმევინებ ორ წუთში ჩიპს თუ არ მომცემ!... - აშკარად დავინახე საქამრის უკანა მხრიდან როგორ ამოიღო აკაკიმ მცირე ზომის პისტოლეტი. გაფითრებული სახით მისჩერებოდა კაიშაური შვილისკენ მიმართულ იარაღს. - ლევან, ჩარევა არც კი იფიქრო, თუ სიტუაცია გართულდეს, ოპერატიულ ჯგუფს ჩვენამდე შენ მოიყვან!... - მობილური მომიგდო ჯაბამ, აზრზე მოსვლა ვერც კი მოვასწარი ისე გაქანდა შვილის მიმართულებით. - ზედმეტს ხომ არ იღებ საკუთარ თავზე?! - თითქოს დაიგრგვინა კაიშაურმა. ასეთი რამ არასოდეს მინახავს, დაჭრილ ნადირს ჰგავდა ჯაბა. - აი, მამიკოც მოსულა!... - ირონიულად გამოხედა იარაღმომარჯვებულ კაიშაურს, სულ რამოდენიმე წამი ეყო აკაკის, რომ დამცავი ფარივით წინ ქეთი აეფარებინა.- ზედმეტად პატარა ხომ არაა შენი ქალიშვილი მამის აღსასრულის საყურებლად?! - გამარჯვებული, დამცინავი ტონით ეკითხებოდა ნერვებისგან აკანკალებულ ჯაბას. - შენს დედას, მო... თუ რამეს დაუშავებ! - კბილებში გამოსცრა კაიშაურმა. სიმართლე გითხრა, ვერასოდეს ვიგებდი როგორ შეეძლოთ ასეთ დროს მონოლოგებით გამოსვლა, რატომღაც მეგონა ასეთი რამ რეჟისორის უნიჭოდ დადგმული სცენარის ბრალი იყო, თუმცა ამ შემთხვევაში მოვლენები სწორედ ასე განვითარდა. მამაკაცები ერთმანეთის მიმართ „სასიამოვნო“ რეპლიკებს არ იშურებდნენ. ძნელი მისახვედრი არ იყო, რომ კაიშაურს დრო გაჰყავდა, ცდილობდა დამნაშავე ცოცხლად აეყვანა, აკაკიც ქეთისთან ერთად ტყის საფარისკენ მიიწევდა. ქალიშვილის მოკვლას აშკარად არც ის აპირებდა, ალბათ თვითონაც ხვდებოდა, რომ მისთვის ზიანის მიყენებას მართლა არ აპატიებდა კაიშაური. მონადირისთვის დამახასიათებელი ფრთხილი ნაბიჯით მიიწევდა წინ გამომძიებელი, ჩიხში მომწყვდეული მხეცივით უკან დასახევსა და გასაქცევ ტრაექტორიას არჩევდა აკაკი. მე კი უკვე ბედნიერი ვიყავი, როგორც იქნა მოვიდა ოპერატიული ჯგუფი, შეუჩნევლად, ნელ-ნელა ალყას ვარტყავდით სამეულს. წამის მეასედში ააცალა ქეთის ხელიდან ფლეშკა, მყისვე მოისროლა მძევალი და ტყეში შემოხტა საკუთარ წარმატებაში დარწმუნებული მძღოლი, მთელი ძალით მორბოდა და არც კი იყურებოდა უკან. ეს რომ გაეკეთებინა აუცილებლად დაინახავდა ქალიშვილთან ჩახუტებულ კაიშაურს, რომელიც რაციაში ბრძანებას გასცემდა: - ცეცხლი არ გახსნათ, ცოცხლად ვიყვანთ, უნდა გავიგოთ ვისი ბრძანებით მოქმედებდა!. გინახავთ ნადირობის დროს გამორეკილი მსხვერპლი, მისი ფეხით რომ ვარდება დაგებულ მახეში?! სწორედ ასე დაემართა აკაკის. სპეცნაზის რამოდენიმე რაზმელმა მოხერხებულად მოახერხა მისი განიარაღება. თავჩაქინდრული მიჰყავდათ საპატრულო პოლიციის მანქანისკენ. მიუხედავად იმისა, რომ დამნაშავის დაკავებაში ჩემი როლი მინიმუმამდე იყო დაყვანილი, უბედნიერესი ვიყავი, ყველაფერი მშვიდობიანად რომ დასრულდა. ალბათ, იგივე განცდა გაუჩნდათ რაზმის წევრებსაც, წარმატებით საქმის დასრულებით განცდილი სიხარული ყველას სახეზე ეხატა. - გამოგვივიდა, გამოგვივიდა! - ემოციებს ვეღარ თოკავდა ქეთი, გახარებული ჩემომეკიდა კისერზე, იმდენად მოულოდნელი იყო მისგან ასეთი სიხარულის და სითბო გამოვლინება, რომ უნებურად მეც მთელი ძალით ჩავიხუტე გულში. ზოგჯერ ერთ პატარა მოდუნებას შეუძლია საბედისწერო შეცდომა დაგაშვებინოს, ალბათ ჩვენს ასე მოგვივიდა, ქეთის სიხარული ისეთი გადამდები იყო, რომ სულ ერთი წამით არ მიაქციეს ყურადღება აკაკის, მისთვის კი ესეც საკმარისი გამოდგა, მოხერხებულად აართვა საქამრეში გაჩრილი იარაღი პატრულის თანამშრომელს, კაიშაურის ჩვენსკენ მიმართული გაოგნებისგან გაფართოებული თვალების დანახვაზე, ინსტიქტურად ძლიერად მოვუჭირე ხელები ქეთის, თითქოს ასე ვცდილობდი მის დაცვას, შემდეგ იყო სროლის ხმა, რომელსაც მიჰყვა ერთდროულად გასროლი რამოდენიმე იარაღიც, ჩემს ხელებში ნელ-ნელა მოდუნებული სხეული და თბილი სისხლით დასვრილი ხელები. - არააა... - კაიშაურის განწირული ღრიალი მესმოდა მე. მე კი... მე მხოლოდ ქეთის სიტყვები მახსენდებოდა: - „ძალიან მალე, შენთვის ყველაზე საყვარელი ადამიანის გადარჩენა მოგიწევსო“... - შეუძლებელია, ის ამას ვერ დაინახავდა!... - ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი სისხლში დასვრილი ქალის შემხედვარე მე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.