წითელი ზღვა -4- {დასასრული}
[თავი 4] პირველ გაკვეთილზე დამრიგებელმა გამოაცხადა, რომ ბექა ქამუშაძე ბინის შეცვლის გამო სკოლიდან გადავიდა. თამთიკეს ისეთი გრძნობა დაეუფლა, თითქოს ყველამ იცოდა სიმართლე და ახლა ერთმანეთში ჭორაობდნენ. წამით კვლავ შემოეჭრა გონებაში კომპლექსები, მაგრამ თავი შეიბერტყა და ისე გაინაბა, მასზე ეჭვს ვერავინ მიიტანდა. ''დაე, იჭორაონ! თედო რომ არა, ის არაადამიანი ვინ იცის, რას მიზამდა. ახლა ვხვდები, რატომაც შეიძლება გძულდეს ადამიანი... იმიტომ კი არა, რომ უბრალოდ ბავშვურად გეთამაშება და გაწვალებს...''–გაუელვა თედოს გახსენებაზე და გული საამოდ აუფრთხიალდა. –ლიქოკელი, გაკვეთილი არ იცი?–თავისკენ შეატრიალა მასწავლებელმა და ძლივს ჩამოიყვანა ზეცაში აფრენილი დედამიწაზე.–სად დაფრინავ? რაღაც ძალიან შეიცვალე... –ვიცი, მასწავლებელო.–ღიმილით წამოიმართა და მერხებს გვერდით ამაყად ჩაუარა. ეს ცვლილება ძალიან ახარებდა! –ჩემს სიწითლეს მხოლოდ შენ ხედავ, თედო?–ჰკითხა თედოს და თავი მისი მხრიდან აწია. –მარტო მე? ვერც შენ ხედავ?–გაკვირვებით გადახედა გოგონას. –ნწუ. –მაშინ ჩემი თვალებით შეხედე სამყაროს... –ეგ როგორ?–ეუცხოვა მისი ნათქვამი ლიქოკელს. –თვალებში ჩამხედე. –ხოო... მეც მინდა, რომ სამყაროს წითლად ვხედავდე, თედო!–მობუზულმა ჩაიჩურჩულა და კვლავ თედოს მიეხუტა. კართან იდგა და სკოლაში წასასვლელად ფეხსაცმელებს იცმევდა, დილიდან მოყოლებული უკვე მერვედ რომ დააცემინა. თინამ შუბლზე მიადო ხელი და ხმამაღლა შეკივლა, როგორი ცხელი ხარო. მაშინვე თერმომეტრი მოარბენინა და თამთიკეს წუწუნის მიუხედავად იღლიაში შეუჩარა. –ვნახოთ, აბა, სიცხე თუ არ გექნება!–ლოგინში სულ ძალით ჩააგდო შვილიშვილი და სკოლის ჩანთას კუთხეში მიუჩინა ადგილი. –დღეს აუცილებლად უნდა წავსულიყავი სკოლაში...–პროტესტს არ წყვეტდა თამთიკე. –რატომ?–ჯიბრში ჩაუდგა ბებია. –დღეს... დღეს... –რა დღეს?–ცნობისმოყვარეობამ სძლია თინას. –დღეს თედოს დაბადების დღეა. –რომელი თედოს?–გულზე ხელი მიიდო ქალმა, აქაოდა ეს როგორ გამომაპარეო. –თედო ქურასბედიანის. –თედო მოიცდის! შენ ავად ხარ...–ვითომც არაფერი ისე მიუგდო რამდენიმე სიტყვა და აღშფოთებული შევარდა თავის საძინებელში. თედო ქურასბედიანის სახელის და გვარის თქმისას თამთიკეს თვალებში სიყვარული დაინახა... აი, ამან აღაშფოთა! 11 აპრილს საწოლში წოლა ესიკვდილებოდა თამთიკეს. გვერდს წუთში ათჯერ იცვლიდა და იმის წარმოდგენას ცდილობდა, თუ რას აკეთებდა ახლა ქურასბედიანი. ალბათ ფანჯარას მანამ არ მოშორებია, ვიდრე ზარი არ დაირეკა. ვინ იცის, რას იფიქრებდა ამ მნიშვნელოვან დღეს თამთიკე სკოლაში რომ არ მივიდა. იქნებ მის წითელობაშიც კი დაეჭვებულიყო... მით უმეტეს მან კარგად იცოდა, რომ გუშინ თამთიკემ გაიგო, მეორე დღეს თედოს იუბილე რომ იყო... ამის ცოდნამ ისეთი ზღვა წარმოშვა თამთიკეს გულში, შავი ზღვა ზღვად უკვე აღარ ითვლებოდა... გუშინ დილიდან საღამომდე იმაზე ფიქრობდა, რა ვაჩუქო, რით გავახაროო და ვერაფერი მოიფიქრა. ბოლოს საყვარელი მძივი დაშალა და მისი რგოლები წითლად შეღება. თავიდან ააბა ძაფზე, შუაში კი ის ბურთულა მოაქცია, რომელზეც ზღვა ეხატა... განა ლურჯი? არა, არა! ეს წითელი ზღვა იყო! თამთიკესავით წითელი, მიუხედავად იმისა, რომ არ იცოდა ეს სიწითლე რას ნიშნავდა და რაში გამოიხატებოდა... მერე კი რა მოხდა? ავად გახდა! მაინც და მაინც დღეს! თითქოს ჯიბრზე... მძივი ჯიბიდან ამოიღო და გულზე მიიდო. უფრო სწრაფად აუძგერდა მაცოცხლებელი ორგანო... სისხლძარღვებიც გაფართოვდა და სისხლმა თავისუფლად დაიწყო მოძრაობა... ისეც აღარ აცხელებდა ლიქოკელს... აღარც აციებდა... გაოგნებული გადაწვდა მაგიდაზე დადებულ თერმომეტრს და სიცხე გაიზომა. შედეგი გასაოცარი იყო! 36 და 6! თედომ გამოაჯანმრთელა... გული გაუმთელა! ეს კი ყველაფერს ნათელს ხდიდა... ბებომ დაიძინა თუ არა, ჩუსტებში ფეხები შეყო და კაბა გადაიცვა. ფრთხილად მოკეტა კარი და სანაპიროსკენ გაიქცა. თედო იქ იდგა. შორიდანვე იცნო თამთიკემ... –ხედავ, რა ცუდი ვარ?–არ დაუნახია თედოს, მაგრამ მიხვდა, რომ ის იყო... –მეც ცუდი ვარ.–გვერდით აეტუზა ბიჭს და მოღუნულ მკლავში ხელი შეუყარა. –შენ რაღატომ? –დილით სიცხე მქონდა. შუადღემდე ავად ვიყავი, მაგრამ მერე უკეთ გავხდი. მაინც არ წამოვედი შენს სანახავად. გელოდი... შენ! მეგონა, რომ მაინც მოხვიდოდი და ჩამეხუტებოდი! –მე კი იმიტომ ვარ ცუდი, რომ არ მოვედი...–თავზე ნიკაპი დააბჯინა თედომ და მხრებზე ხელები დააწყო. –დაბადების დღეს გილოცავ, თედო!–უკან გასწია თამთიკემ და ხელები გაშალა. ვარსკვლავებით მოჭედილი ცა იყო და თედომ ადვილად შეძლო საჩუქარში ჩადებული აზრის დანახვა.–შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს, რომ ბიჭს მძივს ვჩუქნი, მაგრამ ეს შინაარსობრივი საჩუქარია! ვიცი, სულელი ვარ, მაგრამ სხვა ვერაფერი მოვიფიქრე... თედოს სიხარულისგან სუნთქვა შეუგუბდა. ზურგით შემოატრიალა ლიქოკელი და თმა გვერდით გადაუწია. ყელზე შეაბა მძივი და მერე ისევ წინ დაუდგა თამთიკეს. –ამ მძივის ადგილი შენს ყელზეა... იმიტომ, რომ შენც ჩემი საჩუქარი ხარ! დაბადების დღის კი არა, ცხოვრების საჩუქარი!–ამ სიტყვებით მფეთქავ არტერიაზე ეამბორა საყვარელ არსებას და თავისკენ მიიზიდა ის.–ხომ გითხარი, ჩემი სიყვარული ორივეს გვეყოფა_მეთქი... –ბოდიში მოიხადე! შენი სიყვარული აღარაფერში მჭირდება... მე ჩემი სიყვარული გამაჩნია... შენს მიმართ!–საიდუმლოდ გაანდო ქურასბედიანს და ჩაიხითხითა... ზღვა დუმდა... წითლად ელავდა მასში აკიაფებული სხივები, თუმცა პირველად... პირველად ვერ შენიშნა ეს რეალობას გამოთიშულმა თედომ... პირველად და ალბათ უკანასკნელადაც! დ ა ს ა ს რ უ ლ ი! ^^^ ზე ენდ! ასე აღსრულდა ამბავი თამთიკესა და თედოსი... და თქვენ არ იცით, როგორ მიყვარს ეს ორი... ისიც არ იცით, როგორ მიყვარხართ თქვენ... ძალიან მიხარია, რომ ეს ისტორიაც ისევე მოგეწონათ, როგორც სხვა წინამორბედები და ახლაც ველი თქვენს საბოლოო შეფასებებს! დავბრუნდები... მალე! არამგონია ისევ ერთკვირიანი შუალედი იყოს... დროებით, ჩემო ძვირფასებო! დიდი მადლობა უკლებლივ ყველას სოფიკოსაგან! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.