შეთქმულება 1თავი
დილიდან გადაუღებლად წვიმს. როგორ მძულს ასეთი ამინდი, ხასიათს მიფუჭებს. გვიან შემოდგომას განსაკუთრებულად ვერ ვიტან _ ნოემბრის ბოლო და დეკემბრის დასაწყისი მაცოფებს. იმდენად არეულია ამ დროს ამინდი, შეიძლება დეპრესიაში ჩავარდე. ისეთი წვეთები ცვივა ციდან, წვიმისთვის ძალიან მსხვილია, თოვლისთვის _ ზედმეტად წვრილი. მიდი და გაიგე ახლა, წვიმს თუ თოვს, თან ქარმაც რომ აუბა მხარი?!.. სიცივე ძვალსა და რბილში ატანს. ირგვლივ ყველაფერი ნაცრისფერ ბურუსშია გახვეული _ ქუჩები, ეზოები, პარკები… ადამიანები სახლებში იყუჟებიან, თითქოს ზამთრის დადგომას გაურბიანო. ღია კაფე-ბარებიც დაიხურა, შიგნით, შენობაში შეიტანეს მაგიდები და სკამები, ლუდსაც ვეღარ დალევ სუფთა ჰაერზე. ესაა ცხოვრება?! ასე მგონია, ქალაქში სიცოცხლე ჩაკვდა. პროფილაქტიკიდან გამოსულმა თავი მხრებში ჩავრგე, ცხვირი ქურთუკის საყელოში ჩავმალე და მტკვრის სანაპიროს დავუყევი, დამეზარა ერთ ადგილას უაზრო ყურყუტი. ვიფიქრე, უმანქანობით ვისარგებლებ და სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ-მეთქი. რაღა ახლა გამიფუჭდა ეს ჟიგულიც, ბედი არ გინდა? ორ საათში იქნებაო, როგორ გავიყვანო დრო? საზიზღარი პერიოდი დამიდგა. ჯერ ერთი, რომ ამინდია საძაგელი… მეორეც, სამსახურშიც ცუდად მიგვდის საქმეები. მართალია, გამოძიების კერძო სააგენტოში ვმუშაობ, მაინც უფროსობაზე ვართ დამოკიდებული, რადგან ჩვენივე რაიონის პოლიციაზე მიგვაბეს. მათი ნებართვის გარეშე საქმის დამოუკიდებლად გამოძიების უფლებას არ გვაძლევენ. წილი ხომ უნდა შეუვიდეთ? ზაფხულში კიდევ არა უშავს, მეტი დანაშაული ხდება და სამუშაო თავზე საყრელად გვაქვს. ზამთარი ცოტა რთული პერიოდია ამ მხრივ. «ლევი» საქმე თუ გამოგვიხტა, ნამდვილი დღესასწაული გვეწყება, რადგან თანხა სრულად გვრჩება, ყოველგვარი პროცენტის გაღების გარეშე. რომ იცოდეს ჩვენმა უფროსობამ, ასეთ რამეებს რომ ვჩალიჩობთ, ერთი დღე არ გაგვაჩერებდნენ სამსახურში. არადა, ფირმის შეკვეთებიდან რა გვრჩება? არც არაფერი, ნაწილი სააგენტოს მიაქვს, ნაწილი _ საგადასახადოს. ყველა სიკეთესთან ერთად, ჩემი საყვარელი ღამის ბარიც დაიხურა, სადაც სამუშაოს დამთავრების შემდეგ შევივლიდი და ორ კათხა ლუდს სიამოვნებით «დავაყუდებდი» ხოლმე. ჩემ ჯინაზე, რაღა! ახლა მოუნდათ გაკოტრება? კლიენტურა არ გვყავს, არავინ შემოდისო. გააფუჭეს ლუდი და აბა, რა იქნება? ჯერ ისედაც რა არის ჩამოსასხმელი ლუდი და იმაშიც რომ წყალს გაურევენ, წარმოიდგინეთ, რა იქნება. ჯიბეც შემითხელდა, სხვა შემოსავალი არსაიდან მაქვს. კიდევ კარგი, მარტო ვცხოვრობ, ცოლი არ მაწუხებს და შვილი, თორემ რა მეშველებოდა? საყვარელ ქალთან პაემნის დანიშვნით თავს მაინცდამაინც არ ვიწუხებ, რადგან ერთად ვმუშაობთ და ისედაც ყოველდღე ვხედავთ ერთმანეთს. თვეში ერთხელ თუ დავპატიჟებ სადმე, ეგ არის და ეგ. ყვავილები, სუნამოები და ასეთი მაიმუნობები არ მიყვარს, რომანტიკისგან შორს ვარ. არა იმიტომ, რომ პროფესია არ მიწყობს ხელს, უბრალოდ, ჩემს ხასიათში არ ზის. წვიმამ უარესად დაუშვა. მოპირდაპირე მხარეს გადავედი, ნაბიჯს ავუჩქარე, რომ სადმე თავი შემეფარებინა. ტროტუარზე ასფალტი აქა-იქ ამოტეხილიყო და ტბორი იდგა. მოულოდნელად ფეხი დამისხლტა, თავი ვერ შევიკავე და ერთ-ერთ ასეთ ტბორში ტყაპანი გავადინე. ცხოვრებასაც შევუკურთხე გემრიელად, ამინდსაც და ასფალტის დამგებსაც, ძლივძლივობით წამოვდექი და ტანსაცმელზე დავიხედე. შემოშხეფებული ტალახი ლაქებად დამმჩნეოდა შარვალსა და ქურთუკზე. საგულდაგულოდ დაუთოებული ცხვირსახოცი ამოვიღე, შეძლებისდაგვარად გავიწმინდე ტანსაცმელი და გზა განვაგრძე. იქვე კაფე თუ ბარი შევნიშნე, გამიხარდა და იქითკენ ავიღე გეზი. რა ერქვა, არ ვიცი, რადგან შუშის კედლებზე წარწერა კარგა გვარიანად გაცრეცილიყო, მხოლოდ ორი ასოღა იყო შემორჩენილი _ ს და მ. რას დავეძებდი, მთავარი იყო, თავი შემეფარებინა და გათოშილს რაიმე ცხელი დამელია. ის იყო, კარი შევაღე და შემწვარი ხორცის სურნელმა ცხვირში შემიღუტუნა, რომ ვიღაცამ დამიძახა. გაოცებისგან პირი დავაღე, აქ თუ ნაცნობს შევხვდებოდი, ვერაფრით წარმოვიდგენდი. _ კოკა, შე ძველო, აქ საიდან გაჩნდი? მოვიხედე და სერგი შემრჩა ხელთ, ჩვენი უფროსი ოპერატიული თანამშრომელი, პოლიციის კაპიტანი, თავზე პოლიეთილენის პარკი შემოეხვია, თმა რომ არ დასველებოდა. ღიმილით მომიახლოვდა, თავიდან ცელოფანი ხელის ერთი მოსმით მოიძრო და შემათვალიერა. _ შენი თამაზი ავარიაში რომ მოყვა, გაიგე? _ ჩახრინწული ხმით «მახარა» და ისე დაჟინებით დამაცქერდა, თითქოს გამაოგნებელ რეაქციას ელოდებაო. მისმა ინფორმაციამ მართლაც ისე იმოქმედა ჩემზე, სულ გადამავიწყდა, ერთიანად გალუმპული და გათოშილი რომ ვიყავი. _ ავარიაში? _ წამოვიძახე და სახე დამეღმიჭა, _ რა ავარიაში, ვინ გითხრა? როდის? _ ავტოსაგზაო შემთხვევა, _ დააკონკრეტა სერგიმ და ქოჩორი შეისწორა, _ მთელი საათია, გეძებ, რას ვიფიქრებდი, აქ თუ გნახავდი. ლუდს დალევ? ოფისში რატომ არ ხარ? _ ჰო, დავლევ, _ ყრუდ ვუპასუხე, თან ერთი სული მქონდა გამეგო, რა შეემთხვა თამაზს, ჩემს უახლოეს მეგობარს, რომელიც უკვე რამდენი წელია, ჩემ გვერდით მუშაობს. _ თითო ჩამოგვისხი, ჯიგრულად, _ შეუკვეთა სერგიმ ბარმენს და ლუდის მოლოდინში თითები ბარის მაგიდაზე აათამაშა. _ სულ ორი საათია, ოფისიდან გამოვედი, არავის არაფერი უთქვამს. მითხარი, რა მოხდა და სად? _ ახალუბანთან, როგორც კი დიდ ბაზრობას გასცდები, პირველსავე მოსახვევში. სერგიმ თვალი თვალში გამიყარა. ასე მაშინ იქცეოდა, როცა სურდა, თავისი სიტყვებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა მიენიჭებინა. თავი წრიული მოძრაობით გადააქნია, თითქოს კისერი უნდა გაივარჯიშოსო და გააგრძელა. _ მის «ნივას» რაღაც მოუვიდა. ძალიან ჩქარა მოძრაობდა და მოლიპულ გზაზე მუხრუჭებმა უმტყუნა, მოსრიალდა და კლდეს შეეჯახა. ისეთი ძლიერი აღმოჩნდა შეჯახება, რომ წინა მინა გაანგრია და გადმოვარდა. მთლიანად დასერილი აქვს სახე, ერთი ნაკვთი არ დარჩა თურმე მთელი. უსაფრთხოების ღვედი შეკრული რომ ჰქონოდა, ცოცხალი გადარჩებოდა. _ რას ნიშნავს, ცოცხალი გადარჩებოდა, ხუმრობ? _ შევყვირე და მაჯაში ვწვდი. _ ეს იმას ნიშნავს, რომ, ჩვენდა სამწუხაროდ, თამაზი უკვე მორგშია. _ მორგში? ხომ არ გაგიჟდი, მოკვდა? _ უკვე მთელი ხმით ვყვიროდი. პასუხის ნიშნად სერგიმ მხოლოდ თავი დააკანტურა. _ რა გაყვირებს, _ საყელოში ჩამავლო ხელი, ყური ახლოს მომიტანა და ჩამჩურჩულა, _ მოკეტე! ჩვენს გემოზე რომ არ დავრბოდეთ, პრობლემები არ შეგვექმნებოდა. მივხვდი, რაც იგულისხმა. თამაზი «ლევი» საქმის გამოსაძიებლად იყო ქალაქიდან გასული. თავად გააგზავნა. ეს რომ სააგენტოს უფროსს გაეგო, სერგის ხომ მოხსნიდა სამსახურიდან და ჩვენც ყველას ზედ მიგვაყოლებდა. ახლა ამის დარდი არ მქონდა, თაზოს ბედი მაწუხებდა. ვერ დამეჯერებინა, ცოცხალი რომ აღარ იყო. გუშინწინ დილით ერთად ვიყავით ოფისში, ყავას ხარშავდა. არ უყვარდა სხვისი მოდუღებული ყავა, ყოველთვის თვითონ იმზადებდა ხოლმე. _ ხომ იცი, სადაც იყო წასული? _ კვლავ ჩურჩულით მკითხა სერგიმ. _ ვიცი, ახალუბანში გაემგზავრა, მაგრამ დღეს არ უნდა ჩამოსულიყო?! ხომ არ გეშლება რამე შალვოვიჩ? _ დავეჭვდი, არ მინდოდა, მომხდარი დამეჯერებინა. _ ეს-ესაა, მორგიდან დავბრუნდი, გვამის ამოსაცნობად გამომიძახეს. ვერ ვიცანი, ისე აქვს სახე დაფლეთილი, ტანსაცმლით თუ მიხვდებოდი, თამაზი რომ იყო. ღმერთი არ გაგიწყრეს და არავისთან წამოგცდეს, მაგ საქმეზე მე რომ გავგზავნე, გაიგე? თორემ დამთავრებულია ჩვენი საქმე. თუ გკითხეს, თქვი, რომ პირადი პრობლემების მოსაგვარებლად გაემგზავრა. დაიმახსოვრე, მე შენთვის არავითარი წერილი არ გადმომიცია. ჰო, მართლა, სად წაიღეთ ის წერილი? ლუდის სმას მოვრჩით და გარეთ გამოვედით. წვიმას გადაეღო, მაგრამ ქარი გაძლიერებულიყო, ისე ღმუოდა, ერთმანეთის ლაპარაკი ძლივს გვესმოდა. სერგის პირი არ გაუჩერებია, მთელი ხმით რაღაცას გაჰყვიროდა, მე კი ვერაფერს ვიგებდი, სიცივისგან აკანკალებული მისი მანქანისკენ სწრაფი ნაბიჯებით მივიწევდი. ის იყო, «ოპელის» კარი გამოვაღე, რომ სერგიმ უკნიდან ქეჩოში წამავლო ხელი. _ გესმის, რას გელაპარაკები? _ მესმის, შალვოვიჩ, მესმის, _ მეც ვიყვირე და სწრაფად ჩავჯექი მანქანაში. ოღონდ გავმთბარიყავი და ამწუთას ყველაფერზე თანახმა ვიყავი. _ ოფისამდე გაგიყვან და ის სულელური წერილი სასწრაფოდ მოძებნე. კარგად დააკვირდი, თუ განყოფილების სარეგისტრაციო შტამპი ადევს, ეგრევე სახლში მომიტანე. პირადად გადმომეცი, გასაგებია? თუ შტამპი არ ადევს, დაწვი. დაიმახსოვრე, რა გევალება? უკმაყოფილოდ დავუქნიე თავი. სერგი მხოლოდ თავის რეპუტაციაზე ფიქრობდა, თავისი ტყავის გადარჩენა ანაღვლებდა. თანამშრომელი რომ დაიღუპა, ეს არ ადარდებდა. მე კი თამაზზე ვფიქრობდი. გონებიდან არ ამომდიოდა მისი სევდიანი ღიმილი, შეფიქრიანებული სახე… _ პროფილაქტიკამდე მიმიყვანე, მანქანა უნდა გამოვიყვანო, _ უხეშად მივმართე სერგის და ხელისგულები ერთმანეთს გავუსვი, რომ მოყინული თითები ცოტათი მაინც გამეხურებინა მთელი სისწრაფით მივქროდი საავადმყოფოსკენ, შემხვედრი მანქანების მძღოლები შუქს მინთებდნენ და ფრთხილად მიქცევდნენ გვერდს, რომ არ დავჯახებოდი. მათი დარდი არ მქონდა, რატომღაც, სინდისი მქენჯნიდა თამაზის დაღუპვის გამო, თითქოს მე ვყოფილიყავი დამნაშავე მის სიკვდილში. რა შეიძლებოდა გამეკეთებინა, რომ ეს უბედურება თავიდან ამეცილებინა? არ ვიცი, არ ვიცი… ის არასდროს ყოფილა გამორჩეული თანამშრომელი, სიზარმაცე ძალავდა და თავის პრობლემებს ხშირად მე მახვევდა თავს. მაგრამ ახლა, როცა ცოცხალი აღარ იყო, ჩავთვალე, რომ კატასტროფა მოხდა, რომ არათუ ჩვენი სააგენტო, ჩემი ცხოვრებაც ფსკერისკენ წავიდოდა. მოლიპული უღელტეხილი! ჭირსაც წაუღია ის ადგილი! როდის დააყენებენ საშველს იმ გზებს? არ შეიძლება, ერთხელ და სამუდამოდ, დააყენონ საგზაო ნიშნები, რომ ამდენი ავარია არ მოხდეს? ვინ იცის, რამდენჯერ გაგვივლია ერთად მე და თამაზს ის მიხვეულ-მოხვეული გზები, ზაფხულში ასფალტი სიცხისგან დნება, ზამთარში კი სულ მოყინულია. საცოდავი… ვინ იცის, რას ფიქრობდა ბოლო წუთებში, როგორ სჭირდებოდა მშველელი… წარმოვიდგინე, როგორ ატრიალდებოდა მისი მანქანა და როგორ მიეხეთქებოდა წინა მინას… რა უნდა დამართოდა მანქანას? ან რატომ არ ჰქონდა დამაგრებული უსაფრთხოების ღვედები? ყველაზე უცნაური ეს იყო. მას შეეძლო, ნასვამი დამჯდარიყო საჭესთან, ნაბახუსევზეც, სწრაფადაც ევლო, მაგრამ ქამრის გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამდა. მიუჯდებოდა თუ არა საჭეს, მაშინვე იმაგრებდა. რა საშინელებაა, ღმერთო! რატომ მივდივარ მორგში? რა აზრი აქვს, შეხედო მიცვალებულს, რომელიც ჯერ კიდევ გუშინწინ ცოცხალი იყო და ათას რაღაცაზე მელაპარაკებოდა? ჩემთვის ნამდვილი წამებაა ამის გაკეთება. რა საჭიროა, შევხედო მის დასახიჩრებულ გვამს, რომელზეც თეთრი ზეწარია გადაფარებული? მაინცდამაინც უნდა ვიტირო? ჯობია, სერგის დავურეკო და გავიგო, სად გადაიყვანეს თამაზის ავტომობილი და ვინ უტარებს ექსპერტიზას… ჩემდა უნებურად დავამუხრუჭე… მოიცა, კოკა! გაიგრილე გახურებული თავი! რას მომცემს ამის გაგება? რატომ უნდა ჩავერიო ექსპერტის მუშაობაში? რა ჩემი საქმეა? ამით მხოლოდ ხელს შევუშლი ბიჭებს მუშაობაში. ჩემი თავის გამოდება თაზოს ვეღარაფერს უშველის. გარდა ამისა, სერგი მანამ არ მომცემს ინფორმაციას, სანამ იმ წერილს არ ვიპოვი. ახლა იმ წერილის გარდა, ალბათ ვეღარაფერზე ფიქრობს. შეშინდა ბიჭი! აბა რა, პირდაპირ თუ ირიბად, მომხდარში წვლილი მასაც მიუძღვის. თამაზი თავისით სურვილით არ წასულა ახალუბანში, მისი მითითებით გაემგზავრა _ სარფიანი საქმეა, კარგ «მაყუთს» მოვხევთო. როგორც ჩანს, ის არ ახსოვს, პოლიციის ცენტრალურ სამმართველოში არის თუ არა ის იდუმალი წერილი რეგისტრირებული, რომელმაც თამაზის სიცოცხლე შეიწირა. ასეც ხდებოდა ხოლმე, როცა პოლიციას თავად ეზარებოდა ამა თუ იმ წვრილი საქმის გამოძიება, საჩივარს ჩვენთან გადმოაგზავნიდნენ და სერგი ჩვენ გვავალებდა ხოლმე მათ განხილვას. მათგან უმრავლესობა სრული უაზრობა და წყლის ნაყვა იყო, მაგრამ სხვა გზა არ გვქონდა, დავალება უნდა შეგვესრულებინა. თუ პოლიციაში არ იყო რეგისტრირებული და წერილს ადრესატი პირდაპირ ჩვენი სააგენტოს მისამართზე აგზავნიდა, მაშინ გვიადვილდებოდა საქმის «მოტეხვა» _ არ გავატარებდით შემოსულ გზავნილებში და მორჩა! ამას არავინ გვიკონტროლებდა. ეს სწორედ ის შემთხვევა იყო, როცა უფროსობამ არაფერი იცოდა. ამიტომაც ითხოვდა ასე გამწარებით სერგი იმ გაუტარებელი წერილის დაბრუნებას _ წესით და კანონით, ის მთავარი სამხილი იყო გამოძიებისთვის. გონება დავძაბე, რომ წერილის შინაარსი აღმედგინა. როგორც მახსოვს, ვიღაც მოსწავლე გოგონას საჩივარი იყო ახალუბნის სკოლიდან. უფრო კონკრეტულად ვერაფერი გავიხსენე. ალბათ აღარ ჩავიკითხე ბოლომდე, ისე მივეცი თამაზს. შუა გზიდან მოვტრიალდი და ოფისისკენ გავემართე. იქ, რა თქმა უნდა, უკვე აღარავინ იყო. დღეს ხომ შაბათია, თან სამუშაო საათები კარგა ხანია, დამთავრდა. ჩვენი სააგენტო ცხრასართულიანი კორპუსის ქვეშ მდებარეობდა, ნახევრადსარდაფში. არც დაცვა გვყავდა და არც სხვა დამცავი მექანიზმი გაგვაჩნდა. ერთი მძიმე რკინის კარი ეკიდა, სულ ეგ იყო. სიგნალიზაციაც კი არ გვეყენა, ან რა საჭირო იყო, როცა მოსაპარავსაც ვერაფერს მოიძიებდა ადამიანი, თუ არ ჩავთვლით უკვე მოძველებულ რამდენიმე კომპიუტერს და ფაქსისა და ქსეროქსის დანჯღრეულ აპარატს. კარი გავაღე და ჩაბნელებულ დერეფანს დავუყევი. სიცივისგან უკვე მაკანკალებდა, ნერვებს მიშლიდა, სველი ტანსაცმელი რომ მედებოდა სხეულზე, მაგრამ შინ შევლის და გამოცვლის დრო არ იყო, წერილი დროზე უნდა მეპოვა. წინ ფრთხილად მივიწევდი, თან კედელზე ხელს ვათაფურებდი, რადგან ჩამრთველი დაახლოებით ამ ადგილას მეგულებოდა. მოულოდნელად რაღაცას წამოვედე და შეშინებული განზე გავხტი. როგორც იქნა, ჩამრთველს მივაგენი და ოთახი გავანათე. ვიღაცას ნაგვის ვედრო წაექცია და სწორედ მას დავეჯახე. გულიანად შევაგინე ამის ჩამდენს, ქურთუკი გავიხადე და მაგიდაზე მივაგდე, დამეზარა საკიდრამდე მისვლა. უცებ რაღაც უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა, სრულიად უსაფუძვლო, მაგრამ ერთობ უცნაური და თითქოს საგანგაშო… მინის ტიხრებს გავხედე, რომელიც თანამშრომლების კაბინეტებს ერთმანეთისგან ჰყოფდა და სრულიად მოულოდნელად ისე, ჩემთვის დავიძახე. _ თამაზ?!.. სახელი ჩემდა უნებურად დამცდა. ვიცოდი, სისულელეს ვაკეთებდი, მაგრამ მისი კაბინეტის კარი მაინც შევაღე იმ განცდით, რომ იქ აუცილებლად დამხვდებოდა ვიღაც… შვებით ამოვისუნთქე… ირგვლივ ჩემ გარდა არავინ იყო. გამეცინა, თავი გავაქნიე და ვიწრო ფანჯარაში გავიხედე. უკვე კარგა გვარიანად შებნელებულიყო. ისევ წვიმდა, არც ქარი ჩამდგარა. თითქოს ბუნებაც კი გლოვობდა საცოდავ თამაზს… მის სამუშაო მაგიდას მივუჯექი. გადასაფურცლი კალენდარი, აკურატულად წვერწამახული ფანქარი, «ქინდერსიურპრიზიდან» ამოსული პლასტმასის ნიანგი და ერთმანეთზე დალაგებული ხურდა ფული _ ეს იყო ჩემი მეგობრის «სიმდიდრე». თითქოს ძლიერად ყელში წამიჭირეს ხელი, გული დამეწვა. საერთოდ, იშვიათად ვარ სენტიმენტალური, მაგრამ როცა საქმე თამაზს ეხება, ყოველთვის სიბრალულის გრძნობა მიპყრობს. არა მარტო ახლა, სხვა დროსაც. ოთხი წლის წინ ცოლმა მიატოვა, საცოდავი ადამიანი ხარ, ოჯახის რჩენა არ შეგიძლიაო. მაშინ თამაზი უბნის ინსპექტორად მუშაობდა. დიდხანს ვერ მოინელა მან ეს ამბავი. უნიათო ბიჭი იყო, მორიდებული. მდედრობით სქესთან განსაკუთრებით უჭირდა საერთო ენის გამონახვა. საოცრად იყო დაკომპლექსებული. ამიტომაც ვერ შეძლო ხელმეორედ ოჯახის შექმნა. ყველაფერზე აიცრუა გული, სულ სევდიანი დადიოდა. არც მუშაობით იკლავდა თავს, არც გართობისკენ მიუწევდა გული. მერე ჩემთან გადმოვიყვანე, ვიფიქრე, ერთად რომ ვიქნებით, იქნებ უფრო დაუდოს სამუშაოს გული-მეთქი, მაგრამ ამაოდ, ვერც ამან უშველა. ყველა სიკეთესთან ერთად, ძალიან ღარიბი იყო, ბინაც კი არ გააჩნდა, მთელი თავისი დღე და მოსწრება ნაქირავებში გაატარა. ცოლმაც ვვეღარ გაუძლო და გაშორდა. ქრონიკული უფულობა მჭირსო, იტყოდა ხოლმე ამოოხვრით. რასაც შოულობდა, ალიმენტში მისდიოდა, ორი შვილი თან წაიყვანა ციციმ, ხოლო რაც რჩებოდა, ერთი კვირაც არ ჰყოფნიდა. აზრზე ვერ მოვდიოდი, რას უშვრებოდა დანარჩენ ხელფასს. ხანდახან კარგა ბლომად ვშოულობდით, განსაკუთრებით მაშინ, როცა «ლევი» საქმეზე გავდიოდით. მას კი მის დღეში ერთი თეთრი არ უჭყაოდა ჯიბეში. რამდენჯერ გამოურთმევია ხან ჩემთვის, ხან სერგისთვის, ხელფასამდე ოცი ლარი მასესხეთო. გამუდმებული თხოვნის გამო უფრო და უფრო გულჩათხრობილი ხდებოდა. ბოლო დროს, ჩვენი რომ მოერიდა, ირასგან დაიწყო სესხება. ირაც ჩვენი თანამშრომელია, კომერციული გარიგებების ინსპექტორი. ეს ერთი ქალი გვყავს ოფისში და ისიც… ჩემი შეყვარებულია. შეიძლება ითქვას, საცოლეც კი, რადგან სერიოზული ურთიერთობა გვაქვს. ჯერ არ ვჩქარობთ დაქორწინებას, ისედაც მთელი დღე ერთად ვართ, ერთ საქმეს ვაკეთებთ, დანარჩენი მერე გამოჩნდება… ძალიან მეოცნებე ადამიანი იყო თამაზი. როცა ფული შემოელეოდა, მაშინვე ფანტაზიებში გადავარდებოდა _ რა იქნება, ვინმე მდიდარი ბიძა გამომიჩნდეს საზღვარგარეთ, რომ ქონება დამიმტკიცოს ან ფულით სავსე საწყობი აღმოვაჩინოო და რა ვიცი, ათას სისულელეს იგონებდა. ეს მისი ერთ-ერთი სერიოზული ნაკლი იყო _ ერთბაშად სურდა გამდიდრება, ერთ წამში, თითის გაუნძრევლად _ მერე რა, ოცნებას კაცი არ მოუკლავსო, ღიმილით იტყოდა. დამტვერიანებულ მაგიდას სული შევუბერე… რაღაც უნდა მოვიფიქრო, თავი მოვუყარო აზრებს, რა გავაკეთო, მერე კი… მერე რომელიმე თანამშრომელი მორგში გავუშვა. თაზოს დოკუმენტაცია და პირადი ნივთები ვიღაცამ ხომ უნდა წამოიღოს იქიდან. შემდეგ დავრეკავ «ჰადესში», სასახლეს შევუკვეთავ. ჩვენ გარდა იმ გაჭირვებულს არავინ ჰყავს, ცოლი უმუშევარია, შვილები _ მცირეწლოვანნი, ვიღაცამ ხომ უნდა იზრუნოს მის დასაფლავებაზე? ნათესაობა არასდროს უხსენებია, მშობლები კი, დიდი ხანია, დაეხოცა. დედა მის მშობიარობას გადაჰყვა, მამა ოცი წლის იყო, სიმსივნით რომ დაეღუპა. აი, ასეთი საცოდავი ბიჭი გახლდათ… ტელეფონთან გადავინაცვლე. უცებ წითლად მოციმციმე ღილაკი შევნიშნე, ვიღაცას ავტომოპასუხეზე შეტყობინება დაეტოვებინა. პირველი ახალგაზრდა მამაკაცის ხმა იყო. _ ერთი კვირის წინ «მერსედესი» მომპარეს. პოლიციამ კვალს ვერ მიაგნო. თქვენ თუ შეძლებთ ჩემს დახმარებას და რა დამიჯდება მომსახურება? მეორე შეტყობინებაც მამაკაცის ხმა იყო, ოღონდ უფრო აღელვებული. _ ჩემს ძმაკაცს კერძო დეტექტივის დაქირავება სურს, ჰგონია, რომ ცოლი ღალატობს. შეგიძლიათ დაეხმაროთ? გამეცინა. აშკარა იყო, ძმაკაცისთვის კი არა, თავისთვის სჭირდებოდა კერძო დეტექტივი. მოუთმენლად დავაჭირე ღილაკს თითი და შემდეგ შეტყობინებაზე გადავრთე. _ კოკა, მობილურზე ვერაფრით გიკავშირდები, რატომ გაქვს გამორთული? რამდენჯერ ვცადე და სულ მიუწვდომელი ხარ… მოულოდნელობისგან ადგილზე შევხტი, ეს თამაზის ხმა იყო. ჭიანჭველებმა დამიარა მთელ სხეულში. _ მოკლედ, ვითესები ამ დამპალი ახალუბნიდან. რომ მოვალ, დაწვრილებით მოგიყვები ყველაფერს, ამიტომ აუცილებლად ოფისში დამელოდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ისეთი საქმე ამოვთხარე, მთელ განყოფილებას ეყოფა. მარტო ვერაფრის გაკეთება ვერ შევძელი. კაციშვილი ხმას არ იღებს, ყველამ წყალი ჩაიგუბა პირში, თითქოს დუმილის შეთქმულებაა. ვფიქრობ, მხოლოდ ეჭვიანობა არაფერ შუაშია, ეს რაღაც ავადმყოფობას უფრო ჰგავს, ნამდვილი მანიაა… მერე დამუხრუჭების ხმა გაისმა და… სიგნალი გაწყდა. ავტომოპასუხემ მაუწყა, რომ მეტი შეტყობინება არ შემოსულა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა განვიცადე იმწუთას. ვისმენდი იმ ადამიანის ხმას, რომელიც ცოცხლებში აღარ ეწერა და ეს ადამიანი მე მელაპარაკებოდა. თამაზის ხმა ძალზე ემოციურად ჟღერდა. მას სხვანაირად ლაპარაკი არ შეეძლო. ნებისმიერ მარტივ საქმესაც კი აბუქებდა და ისე დაგიხატავდა სიტუაციას, თითქოს ქვეყანა ინგრეოდა. როდის შემოვიდა ეს შეტყობინება? მეორე ღილაკს დავაჭირე თითი და ლენტა გადავახვიე, რომ თავიდან მომესმინა. დროს დავხედე, შეტყობინება ორ საათსა და ორმოც წუთზე იყო დაფიქსირებული. ჩემი წასვლიდან ზუსტად ნახევარ საათში. იმ დროს ირა აქ უნდა ყოფილიყო, დღეს მისი მორიგეობის დღე იყო. კარგად კი უმორიგევია, აი! კიდევ ერთხელ გადავახვიე და თამაზის ყოველ სიტყვას ყურადღებით ჩავუკვირდი. ძრავის გუგუნის ხმა, უცხოური მელოდიის ფრაგმენტები და აღელვებული მეგობრის სიტყვები. _ ყველამ წყალი ჩაიგუბა პირში, თითქოს დუმილის შეთქმულებაა. ვფიქრობ, მხოლოდ ეჭვიანობა არაფერ შუაშია, ეს რაღაც ავადმყოფობას უფრო ჰგავს, ნამდვილი მანიაა… როგორც ჩანს, თამაზი გზიდან მობილურით მირეკავდა. ნუთუ ეს მისი უკანასკნელი სიტყვები იყო? რისი თქმა უნდოდა? რა იგულისხმა, ისეთი საქმე ამოვთხარე, მთელ განყოფილებას ეყოფაო? რა მოხდა ამისთანა? სკამიდან წამოვხტი, კარადაზე შემოდებულ ყავისფერ საქაღალდეს ხელი დავტაცე და გადაფურცვლას შევუდექი. სად არის ის დაწყევლილი წერილი, რომლის გამოც თამაზი ავარიაში მოყვა?.. ვერ ვიპოვე, ყველაფერი იყო, იმ ერთის გარდა. ყველგან ვეძებე, ჩემს მაგიდაზეც, ირას უჯრებშიც, ნაგვის ვედროც კი გავქექე, მაგრამ კვალს ვერ მივაგენი. ალბათ თაზომ თან წაიღო წერილი. აბა, სხვა რა უნდა მეფიქრა? მაგრამ ასეთ შემთხვევაში, ქსეროასლი მაინც უნდა დაეტოვებინა, ჩვენთან ასეა მიღებული. ისევ გავაგრძელე ძებნა. უცებ გავიგონე, როგორ მიჯახუნდა შემოსასვლელი კარი. სმენა დავძაბე. მგონი, ირა სინდისმა შეაწუხა და მობრუნდა-მეთქი, ვიფიქრე. დერეფანში გავიხედე. არავინ იყო. მისაღებ ოთახში შევიხედე, სადაც კლიენტებს ყავით და ჩაით ვუმასპინძლდებოდით ხოლმე. იქაც სიცარიელე დამხვდა. შემოსასვლელ კარს მივუახლოვდი _ მჭიდროდ იყო დახურული. აბა რა ჯანდაბა იყო? ალბათ შემოსვლისას კარგად არ მივხურე და ორპირმა ქარმა თუ ჩაკეტა. ამის გაფიქრებაზე დავმშვიდდი. კაბინეტში დავბრუნდი და იქაურობას კიდევ ერთხელ მოვავლე თვალი. ასლი მაინც სად უნდა წასულიყო? ნუთუ თაზომ მექანიკურად ისიც თან გაიყოლა? უცებ ტელეფონი აწკრიალდა, მოულოდნელობისგან კიდევ ერთხელ შევხტი. _ აბა, რა ჰქენი, შტამპი არტყია? _ სერგი მირეკავდა. მივხვდი, რომ ასე ადვილად არ დამანებებდა თავს და მისი მოტყუება განვიზრახე. _ ეს წუთია, შემოვედი, ახლა ვიწყებ ძებნას. _ ცოცხლად, ცოტა გაინძერი! როგორც კი ნახავ, მაშინვე დამირეკე! საქაღალდიდან ყველა წერილი გადმოვყარე და სათითაოდ დავიწყე შემოწმება. მერე მუყაოს ყუთებს მივადექი, რომელიც კარადის გასწვრივ იყო ახოხოლავებული. რამდენი ნაგავი ყოფილა ამ შენობაში, რა ამბავია! ნერვები თანდათან მეშლებოდა. მთავარია, არ გავღიზიანდე, ეს ყოველთვის ვნებს საქმეს. გაღიზიანება ცუდი დამხმარეა ასეთ სიტუაციებში, ეს კარგად ვიცოდი, ამიტომ როგორმე უნდა დავმშვიდებულიყავი. წელში გავიმართე, ერთი-ორჯერ ღრმად ამოვისუნთქე და «ბოლი» გამოვუშვი. მაშ ასე, მთავარია, აუჩქარებლად და გულდასმით შევამოწმო ყველა კუთხე-კუნჭული. წერილი სადღაც აქ უნდა იყოს. თამაზს ალბათ დაავიწყდა მისი საქაღალდეში ჩადება. დინჯად გავაგრძელე ძებნა. არ დამიტოვებია უჯრები, ჭურჭლის შესანახი კომოდი, ფანჯრის რაფები, წიგნების თაროები… ვერა, ვერ მივაგენი. ამ დროს თაროზე შემოდებული კიდევ ერთი საქაღალდე მომხვდა თვალში, რომელსაც «ხელშეკრულებები» ეწერა. გადმოვიღე და უიმედოდ გადავშალე… არის! აგერ ყოფილა! ცხონებულს ალბათ საქაღალდე შეეშალა და შეცდომით აქ ჩადო. რა დაბნეული ვინმეა, ეს თაზო… უფრო სწორად, იყო… ამ ფიქრებში ვიყავი, რომ ისევ დარეკა ტელეფონმა. ყურმილს ხელი ვტაცე. _ აქ არის წერილი, უკვე ხელთ მაქვს, _ ვიყვირე ნაპოვნით გახარებულმა, _ და არავითარი შტამპი ზედ არ არტყია! _ კარგია, კარგი, _ მკაცრად მიპასუხა სერგიმ, _ ენას კბილი დააჭირე და ახლავე ჩემთან წამოდი! _ ჰო, მაგრამ ხომ გითხარი, შტამპი არა აქვს-მეთქი. _ სულერთია, მაინც მომიტანე! _ ნუ დამაბნიე შენი ბრძანებებით, თუ კაცი ხარ! სანაპიროზე არ მითხარი, თუ უშტამპოა, დაწვიო? _ მაგრამ შენ ხომ ჯერ არ დაგიწვია? თვითონაც არ ვიცი, რატომ მომინდა მისი მოტყუება. _ დავწვი, აბა რა ვქენი! დაგაგვიანდა, უფროსო, ადრე უნდა გაგეფრთხილებინე. რა გამიწყალე გული! _ მაგარი ეშმაკი ხარ, არა? _ უნდობლად გაისმა მისი ხმა, _ მიფრთხილდი, იცოდე, ტყუილში არ გამოგიჭირო! _ თუ გინდა, ფერფლს მოგიტან, რახან არ გჯერა. _ არ მჭირდება… შენ კი, კიდევ ერთხელ და უკანასკნელად გაფრთხილებ _ არავითარი წერილი მე შენთვის არ მომიცია და არც თამაზი გამიშვია ახალუბანში. გასაგებია? გაბრაზებულმა მთელი ძალით დავახეთქე ყურმილი ბერკეტზე და სკამზე დავეშვი. რა თქმა უნდა, უფროსს ასეთი ტონით არ უნდა დავლაპარაკებოდი, მაგრამ თვითონ გამომიყვანა წყობილებიდან. ყოველთვის მაცოფებდა მამაკაცის დაუფარავი სიმხდალე. სერგიმ კი სწორედ სიმხდალე გამოიჩინა. ასეთი ადამიანისგან კარგი არაფერია მოსალოდნელი. მეც შემეშინდა სამსახურის დაკარგვის, მაგრამ ვცდილობ, ეს შიში შევნიღბო. თანაც, საქმე საქმეზე რომ მიდგეს, თამაზის ღირსებას ყოველთვის დავიცავ, თავის გადარჩენის გამო დანაშაულის დამალვას არ შევეცდები. როცა საბოლოოდ მოვეშვი, ისევ ვიგრძენი, როგორ მციოდა. მისაღებ ოთახში შევედი, სადაც ირას მიერ საგულდაგულოდ გადანახული კონიაკი მეგულებოდა. ყავაში ან ჩაიში გვისხამდა ხოლმე, ენერგიას მოგიმატებთო… ბოთლში ორას გრამამდე ესხა. ჩაის ქიჭაში ჩამოვისხი და ბოლომდე გამოვცალე. რამდენიმე წამიც და… სიმხურვალემ ნებივრად დამიარა სხეულში. შვება და სიამოვნება ერთდროულად ვიგრძენი. მერე მოვბრუნდი, წერილი საქაღალდიდან ამოვიღე, იქ დავდექი, სადაც შუქი უკეთესად ეცემოდა და წერილის წაკითხვა დავიწყე. «ბატონო დეტექტივო! გწერთ ახალუბნის საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლე. მეტის მოთმენა აღარ შემიძლია. გთხოვთ, დამეხმაროთ. ფიზკულტურის მასწავლებელი ცხოვრებას მიმწარებს. ის ჩემთან სექსუალური კავშირის დამყარებას ცდილობს. მაიძულებს, წავიდე ამაზე. გული მიგრძნობს, უბედურება დატრიალდება, რადგან შეყვარებული მყავს. მან ყველაფერი იცის და ეჭვიანობს. ვიცი, ერთმანეთს რაღაცას დაუშავებენ, მე კი ეს არ მინდა მოხდეს. მასწავლებელი მემუქრება, თუ მშობლებს ეტყვი, შენს შეყვარებულს გავაწამებო. შეგნებულად არ გწერთ ჩემს სახელს. ვფიქრობ, ისედაც შეძლებთ ჭეშმარიტების დადგენას. ოღონდ გთხოვთ, ფიზკულტურის მასწავლებელს არ ანახოთ ეს წერილი, თორემ მაშინვე მიხვდება, რომ ჩემი დაწერილია. არ გეგონოთ, მეშინოდეს. უბრალოდ, არ მინდა გავრისკო. სწორედ ამიტომ გიგზავნით დაბეჭდილ წერილს და არა ხელით დაწერილს. პატივისცემით, თეო (სახელი შეცვლილია)». წერილი დავკეცე და ამოვიხვნეშე. საწყალი თამაზი… ამისთვის გაწირა თავი? ვიღაც სულელი გოგონას ახირების გამო ღირდა იმ გადაკარგულ სოფელში გამგზავრება? ბოლოს და ბოლოს, პედსაბჭოზეც კი შეიძლებოდა ამ პრობლემის მოგვარება. ვერაფერი დამაინტრიგებელი ან მუქარის მსგავსი წერილში ვერ ვიპოვე. ქაღალდი დავჭმუჭნე, საფერფლეზე დავაგდე და სანთებელას ჩამოვკარი. ცეცხლის ალმა იქაურობა უფრო გაანათა… დავწვი თუ არა წერილი, მაშინვე სერგის დავურეკე. _ უფროსო, წამითაც არ შეგეპაროს ეჭვი, რომ ის ნაწერი დავწვი. ოღონდ სიმართლე მითხარი, თავად თუ გქონდა წაკითხული? _ რა მნიშვნელობა აქვს? _ ჩაიბურტყუნა კაპიტანმა. _ ის, რომ განხილვადაც არ ღირდა. ლაწირაკი ბავშვის დაწერილია, არც ღირდა ყურადღების მიქცევა. _ გასაგებია. კიდევ რამე გინდა ჩემგან? _ მინდა. ვფიქრობ, თამაზის ღირსეულად დასაფლავებაზე ჩვენ უნდა ვიზრუნოთ, ვალდებული ვართ. ხომ იცი, არც მშობლები ჰყავს და არც ახლო ნათესავები. _ ცოლ-შვილი? _ ცოლს დიდი ხანია, ფეხებზე ჰკიდია, ერთადერთი, შეიძლებ აიმიტომ მოვიდეს, რომ დაკრძალვიდან შემოსული თანხა არ დაკარგოს. _ ეგეც საქმეა, დაობლებულ ბავშვებს რჩენა უნდათ. _ გეთანხმები. პირადად მე ხუთას ლარს დავდებ, მეტი არ შემიძლია. _ შენი ფული არ მჭირდება, უფროსო. ბიჭები ავაგროვებთ. მირჩევნია, მორგში დარეკო და იმ ავტოსერვისშიც, სადაც თაზოს მანქანა გადაიყვანეს. მივალ, რომ მისი ნივთები წამოვიღო და ტვინი არ გამიბურღონ, კარგი? არ დამიწყონ, საბუთი და პირადობის მოწმობა წარმოადგინეო, ფორმალობის დრო არ მაქვს. _ კარგი, კარგი, ნუ ცხარობ. ახლავე დავრეკავ. ყურმილი დავკიდე და კაბინეტში ბოლთის ცემას მოვყევი. ტყუილად ვიდანაშაულებ თავს და სერგისაც არაფრის გამო ვაბრალებ თაზოს სიკვდილს. რა იქნებოდა, დაემაგრებინა ის დაწყევლილი ღვედები? ხომ გადარჩებოდა? კედელს მივუახლოვდი და საქართველოს რუკას გადავავლე თვალი. უღელტეხილის დაკლაკნილ მსხვილ ხაზს თითი გავაყოლე. სოფელი ახალუბანი მეოცე კილომეტრის გადასახვევზე მდებარეობდა, ერთი პატარა წერტილით იყო აღნიშნული. თუკი მეხსიერება არ მღალატობს, იქ ერთ დროს, გასაიდუმლოებული ქიმიური ლაბორატორია უნდა ყოფილიყო, საბჭოთა ხელისუფლების მიერ აშენებული, სადაც წამლებსა და საცდელად განკუთვნილ საგანგებო ბიოქიმიურ პრეპარატებს ამზადებდნენ. პატარა დასახლება იყო, რომელიც ლაბორატორიაში დასაქმებული პერსონალისთვის სპეციალურად შეიქმნა. 90-იან წლებში, როცა კომუნიზმმა ჭირი მოჭამა, ლაბორატორია დახურეს და თანამშრომლებიც დაითხოვეს. უმრავლესობა კვლავ თავის ძველ საცხოვრებელს დაუბრუნდა, ზოგიერთი კი, წლების განმავლობაში ისე მიეჩვია ახალუბანში ცხოვრებას, იქვე დარჩა, განსაკუთრებით ისინი, ვისაც წასასვლელი არსად ჰქონდა. როცა ყველაფერს მოვრჩი, ჩემი სველი ქურთუკი იძულებით ჩავიცვი, შუქი ჩავაქრე და გარეთ გამოვედი. უკვე ბნელოდა, მაგრამ ვიცოდი, მორგში აუცილებლად დამხვდებოდნენ, ამიტომ პირდაპირ იქ გავეშურე, რომ თამაზის ნივთები მომეკითხა. მართლაც დამხვდა ახალგაზრდა, ლურჯახალათიანი მამაკაცი, რომელმაც მაშინვე კაბინეტისმაგვარ ცივ ოთახში შემიყვანა და ექიმების მიერ შედგენილი აქტი წინ დამიდო. _ აი, ეს დიქტოფონი ვიპოვეთ, _ თქვა მან და შავი, ძველისძველი დიქტოფონი გამომიწოდა. გავხსენი, ცარიელი იყო. _ კასეტა სად არის? გრძელცხვირა მორიგემ არც კი შემომხედა. _ კასეტა არ იდო, აქტი აგერაა, წაიკითხეთ, ყველაფერი იქ წერია. უაზროდ ვატრიალებდი ხელში ჩემს დიქტოფონს. გამგზავრების წინ მთხოვა თაზომ, ჩემი ნამდვილი ჯაბახანაა, ვის ვაჩვენო, თუ ამ დღეებში არ გჭირდება, შენსას წავიღებო. პატარა იყო, გულის ჯიბეში ადვილად ეტეოდა. სწორედ ეს მოსწონდა თამაზს. უნდოდა, შეუმჩნევლად ჩაეწერა ჩვენებები. როცა სხვის ნალაპარაკევს აფიქსირებ, მექანიკურად კომპლექსდება ადამიანი, ხოლო როცა მხოლოდ უსმენ, უფრო ენაწყლიანი და გულწრფელი ხდება. _ კარგად მოძებნეთ მანქანის სალონში? იქნებ სადმე ჩავარდა? _ პირადად მე არაფერი მიძებნია, ეგ არ შედის ჩემს მოვალეობაში, _ ქსუტუნით ამოთქვა ხელოსანმა, _ მე ცხედარი ჩავიბარე მხოლოდ. მანქანა თვალითაც არ მინახავს, რა ვიცი, აბა. _ თქვენ არ ყოფილხართ შემთხვევის ადგილზე? _ იქ რა მინდოდა, კაცო, იქ სასწრაფო წავიდა. მე მორიგეობა გადავიბარე და ეგ იყო. მითხრეს, მოვლენ და ყველაფერი მიეცითო. ჰოდა, მოგეცით, მეტი რა ვქნა! მოაწერეთ ხელი ჩაბარების აქტს და მიბრძანდით. ეს მორგია, მაღაზია კი არა, _ უკმაყოფილოდ ჩაიბუზღუნა გრძელცხვირამ. არადა, კარგად მახსოვს, დიქტოფონი კასეტიანად მივეცი თამაზს. შესაძლებელია, მან ჩაწერა ჩვენებები და მერე შეინახა კასეტა სადმე მანქანაში, ან ქურთუკის ჯიბეში, მაგრამ საგზაო პატრულს ხომ უნდა ეპოვა იგი? აუცილებლად გაჩხრეკდნენ იქაურობას. არ მომეწონა ეს ყველაფერი. მეგონა, ვიღაც ჩემს მოტყუებას ცდილობდა, მაგრამ ვინ და რატომ, ვერ ვხვდებოდი და სწორედ ეს მაღელვებდა. _ გვამის დათვალიერება ხომ არ გსურთ? _ მკითხა მორიგემ. უარის ნიშნად თავი გავაქნიე. ვერ შევხედავდი საცოდავს, ისედაც საშინელ ხასიათზე დამაყენა მისმა სიკვდილმა. _ გეშინიათ, გული არ წაგივიდეთ? _ გაიცინა გრძელცხვირამ და მეჩხერი კბილები გამოაჩინა. _ ჰო, _ მოკლედ მოვუჭერი არამკითხეს და თამაზის ჩანთიდან სხვა ნივთების ამოლაგება დავიწყე. მაჯის საათს სამაჯური გაწყვეტოდა, მინაც დამსხვრეოდა. პატარა ისარი ერთიანსა და ორიანს შუა იყო გაჩერებული. _ აღარ მუშაობს, _ შენიშნა ლურჯხალათიანმა მორიგემ, რომელიც მაგიდას ხელისგულებით დაყრდნობოდა. მერე მობილური ამოვიღე. კიდევ კარგი, თავისსავე ტყავის ტომსიკაში იდო, თორემ ისე იყო ნაწილებად დაშლილი, ძირს გაიპნეოდა. _ მაგას უკვე ვეღარაფერი უშველის, _ გაიღიმა გრძელცხვირამ. ნერვებს მიშლიდა მისი კომენტარები, მაგრამ თავს ვიკავებდი, რომ შენიშვნა არ მიმეცა. ამ ნივთების შემხედვარეს უკვე შემეძლო წარმომედგინა, რა დღეში იქნებოდა საწყალი თაზოს სხეული. ის იყო, წამოდგომა ვცადე, რომ წავტორტმანდი, მუხლები ამიკანკალდა. ჩემ წინ მდგარმა მამაკაცმა ხელი შემაშველა. _ ბევრს ემართება ასე. ეცადეთ, ღრმად ისუნთქოთ და გაგივლით. მადლობისმაგვარი ჩავიბურტყუნე და ჩანთაში ჩავიხედე, რომ უნახავი ნივთებისთვის თვალი შემევლო. სავარცხელი, ელექტროსაპარსი და კბილის ჯაგრისი თავისი პასტით _ სულ ეს იყო ჩემი მეგობრის ქონება. _ ესეც მისია, შეგიძლიათ წაიღოთ, _ თქვა მორიგემ და იქვე სკამზე დაგდებული ბრტყელტუჩა მომაწოდა. გამოვართვი და დავხედე. პლასტმასის სახელურზე რომელიღაც ბასრი საგნით ინიციალები იყო ამოჭრილი _ მ.ნ. _ დარწმუნებული ხართ, რომ ეს მიცვალებულის კუთვნილებაა? _ დავეჭვდი. _ გვამის გვერდით იპოვეს. აბა, მე საიდან ვიცი? _ მხრები აიჩეჩა მორიგემ. _ მხოლოდ ეს? იქნებ სხვა ინსტრუმენტებიც იყო? _ შეიძლება იყო კიდეც, მაგრამ მეტი ვერაფერი იპოვეს. ბრტყელტუჩაც ჩანთაში გადავუძახე და დაცარიელებულ მაგიდას გადავხედე. ვერ ვხედავდი ყველაზე მთავარს _ თაზოს პისტოლეტს. ამის გამო შეიძლებოდაა პრობლემები შექმნილიყო. დანამდვილებით ვიცოდი, რომ თამაზმა იარაღი თან წაიღო. სად უნდა გამქრალიყო? იქნებ პოლიციამ იპოვა და განყოფილებაში ჩააბარა? მაგრამ ვაითუ, ვერ იპოვა? აუჰ… დაიწყებენ გამოძიებას, მეც გამომიძახებენ _ თან წაიღო თქენმა კოლეგამ «მაკაროვი», როცა საქმეზე მიდიოდა, თუ ოფისში დატოვაო და ა.შ. მერე ჩხრეკას ჩაატარებენ მთელ შენობაში და… მოკლედ, ერთი დომხალი შეიქმნება. _ ცუდი ფერი გადევთ, სუფთა ჰაერზე უნდა გახვიდეთ, _ მირჩია ლურჯხალათიანმა. _ მართალი ხართ, აჯობებს, დროზე დავახვიო აქედან, თორემ უკვე გული მერევა, _ გაფითრებულმა ძლივძლივობით გავუღიმე მორიგეს და დავემშვიდობე. მესიამოვნა სუფთა ჰაერი, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ ძალზე ციოდა. უკვე ბნელოდა. შევყოყმანდი, ავტოსალონში წავსულიყავი, თუ ხვალისთვის გადამედო თამაზის მანქანის დათვალიერება. ბოლოს მაინც წასვლა გადავწყვიტე, ბარემ ამ საქმესაც მოვისტუმრებ-მეთქი. თან სერგი იქაც დარეკავდა, შეიძლება მელოდნენ კიდეც. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.