sms 10 თავი
მისი მზერა, იმდენად თბილი და გამჭვირვალეა, დაძაბულობას, რომელსაც წესით პირველი კოცნის შემდეგ უნდა ვგრძნობდე, არ ვგრძნობ, არც სირცხვილის გრძნობა მაწუხებს და არც უხერხულობის. საავადმყოფომდე მთელი გზა მისი ხელი მიჭირავს და ვცდილობ, ტკივილი რომელსაც განიცდის, ჩემი სიახლოვით გავუქარწყლო. გიორგი, შუბლშეკრული, თვალებდახუჭული წევს და ცდილობს კბილებით ტკივილი ტუჩებს არ გამოაცილოს. მის შემხედვარეს დანაშაულის გრძნობა, უფრო მიმძაფრდება. საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ, მე დერეფანში ველოდები და ერთ ადგილას ვერ ვჩერდები. ექიმი ამბობს, რომ ღამით სავადმყოფოში უნდა დარჩეს და ნებას მაძლევს ცოტა ხნით მასთან შევიდე. გიორგი, თეთრ პალატაში, თეთრ თეთრეულში წევს თვალებდახუჭული და მეც, რომ არ გავაღვიძო თითისწვერებზე ვიწევი, ფრთხილად ვუახლოვდები და მის ხელს ოდნავ ვეხები თითებით. - თეკლა. - ჩახლეჩილი ხმით ამბობს გიორგი, მაგრამ თვალს არ ახელს. - გისმენ, რამე გინდა? - ჩემი ტელეფონი მონახე, მგონი ქურთუკში მიდევს და კონტაქტებში ნახე აჩი, დაურეკე და უთხარი, მოვიდეს. - თვალებს ძლივს ახელს, ნერწყვს მძიმედ ყლაპავს და ისევ აგრძელებს. - შენ კი სახლში წადი. - არ არსებობს, აქ მარტო არ დაგტოვებ. - თეკლა, წადი. აქ ყოფნით ვერ დამეხმარები, ხვალ დაგირეკავ. - კარგი, მაგრამ მხოლოდ მაშინ წავალ, როცა ის ბიჭი მოვა. - ვეუბნები და იქვე სკამზე გადაკიდებულ გიორგის ქურთუკში ვიქექები, ტელეფონს ვიღებ და აჩის ნომერს ვეძებ. ზუმერის გასვლის შემდეგ, მალევე მპასუხობს და მეც მოკლედ ვუყვები მომხდარს და მოსვლას ვთხოვ. ტელეფონის გათიშვის შემდეგ, ისევ გიორგის გვერდით ვჯდები და მხოლოდ ახლა ვაანალიზებ მომხდარს. იმის წარმოდგენაზე, რა შეიძლებოდა მომხდარიყო, ეკალი მაყრის და დამნაშავედ ვგრძნობ თავს გიორგის წინაშე. გიორგის თვალები დაუხუჭავს და მშვიდად სუნთქავს, სძინავს. ნახევარი საათის შემდეგ პალატის კარი იღება და შიგნით მაღალი, მხრებში ოდნავ მოხრილი ბიჭი შემოდის. ვხვდები, ეს უნდა იყოს აჩი. ფეხზე ვდგები და თითებს ნერვიულად ვიმტვრევ. - თეკლა, ხო? მე აჩი ვარ. - ჩვეულებრივი ბიჭია, მაგრამ რაღაცნაირი ხმის ტემბრი აქვს და მის ჟღერადობაზე უსიამოდ მაჟრჟოლებს. - რა მოხდა? - მოტო მომიცურდა, რა უნდა მომხდარიყო. - სანამ რამეს ვიტყვი, გიორგის უკმაყოფილო ხმა ისმის. - გადარჩენას გილოცავ, ძმაო. - აჩი გიორგისთან მიდის და მახარზე უჭერს ხელს. - ლიამ არ იცის? - არა, და არც უნდა გაიგოს, სახლში, რომ მივალ და ასე მნახავს, ისიც ეყოფა. - გიორგი მძიმედ ახელს თვალებს და ჩემკენ იყურება. დანაშაულის გრძნობა ისევ არ მასვენებს და თვალს ვერ ვუსწორებ. გიორგიმ არ გაამხილა, რომ ეს შემთხვევა ჩემი ბრალი იყო, მაგრამ ამის გამო შვებას კი არა, სიმძიმეს ვგრძნობ.- ეს თეკლაა, გაიცანი. - სასიამოვნოა. - ხელს მიწვდის აჩი და მეც იძულებული ვარ ხელი შევაგებო. - ჩემთვისაც. - ვამბობ და მისი ხელის შეხებისას, ვგრძნობ როგორ მეხორკლება კანი, კანკალს ვიწყებ და ერთი სული მაქვს როდის გამიშვებს ხელს. აჩი თვალს, თვალში მიყრის, მიღიმის, მაგრამ მისი არც ღიმილი მომდის თვალში. - აჩი, თეკლა სახლში წაიყვანე. - გიორგის სიტყვაზე, აჩი ხელს მიშვებს და მისკენ ბრუნდება. - რა პრობლემაა, წავიდეთ. - აჩი ისევ ჩემკენ ბრუნდება და ვგრძნობ, როგორ მეხვევა თავბრუ. არა, აჩი სახლში ვერ წამიყვანს. არ მინდა! ჩემი ქვეცნობიერი შიშისგან კანკალებს. არ მინდა აჩისთან რამე კავშირი. რაღაც უცნაური ბიჭია. ვერ ვხვდები რა მაშფოთებს, გიორგი ხომ მას ენდობა, გამოდის სანერვიულო არაფერი მაქვს, მაგრამ მაინც არ მინდა აჩიმ გამაცილოს. - თეკლა, გაყევი აჩის. -გიორგის ალერსიან ხმაზე და ერთიანად ვეშვები. მხოლოდ ვუღიმი და თავს ვუქნევ. აჩი კარებში მატარებს. ერთხელ კიდევ ვიყურები გიორგისკენ და გული სიხარულისგან მიფრიალებს. - დაგირეკავ, თეკლა. დასაკლავი ცხვარივით მივყვები აჩის და ფეხები უკან მრჩება, გარეთ გამოსვლისას თვალებს ვაცეცებ, რამე ისეთს ვეძებ, რომ მისგან თავი დავიხსნა, მაგრამ არაფერი. სად ხარ სალო, გამოჩნდი, დამირეკე, რაღა ახლა არ რეკავ, სხვა დროს ხო ყოველთვის შეუფერებელ მომენტებში მირეკავ ხოლმე. სალომეზე გაბრაზებას ვაგრძელებ და მუშტებშეკრული, ნაძალადევად ვუღიმი აჩის, რომელიც მანქანის გამოღებულ კართან მელოდება. ჩემდა გასაკვირად მთელი გზა ჩუმად ვსხედვართ, აჩი მხოლოდ დროდადრო აპარებს თვალს ჩემკენ, მაგრამ ხმას არ იღებს. მადლობა ღმერთს, ვფიქრობ, როცა მანქანა ჩერდება და კარის გაღებისთანავე მეხსნება შიში. - გმადლობ, მოყვანისთვის. - ნაჩქარევად ვემშვიდობები და მანქანიდან გადავდივარ. აჩი ხმას არ იღებს, თვალს მაყოლებს და უკან მოუხედავადაც ვგრძნობ მის გამბურღველ მზერას. სახლში ასულს როგორც ყოველთვის ბებია მეგებება, მისაღებში ჩვენს მეზობელ მანანასთან ერთად, ჩემ დანახვაზე ორივე ფეხზე დგება და რაღაცნაირად მორიდებით მიყურებენ. - თეკლა, შვილო, - ზედმეტად ალერსიანია მანანა. - სიზმარი ვნახე... - კარგი რა, მანანა ბებო რამდენჯერ გითხრათ, რომ მე არ ვიცი სიზმრის ახსნა. - სიბრაზისგან უკვე აღარ ვიცი რა ვქნა და ჩანთას დივანზე ვაგდებ. - ბებო, დაწყნარდი რა მოხდა, - ბებია თმებზე მეფერება და ცდილობს დივანზე ჩამომსვას, რომ მერე ამათ სპირიტუალურ შეკრებას დავესწრო. - თვალებს მობეზრებულად ვატრიალებ, თავს ვაქნევ და ოთახში გავდივარ. - ირინა, იცოდე სახლიდან წავალ, ეკასთან გადავალ. - ზურგს უკან ვისვრი მუქარას. ვიცი, ბებიას ყველაზე მეტად ეს აშფოთებს და მანანასთან ერთად ისიც ყუჩდება. ღმერთო, რა მომაბეზრებელი ქალია. ოთახში შესვლისთანავე ტანსაცმელს ვიხდი და შხაპს ვიღებ, ცხელი წყალი მადუნებს და აქამდე დაჭიმული კუნთებიც მეშვება, სასიამოვნოდ დასვენებულად ვგრძნობ თავს. აბაზანიდან გამოვდივარ და ადგილზე ვშეშდები, მახსოვს რომ სინათლე ანთებული დავტოვე, არადა ახლა სიბნელეა ოთახში. ხელის ცეცებით და ჩემ თავზე გაბრაზებით ვანთებ სინათლეს და მოულოდნელობისგან და შიშისგან ვკივი. მთელს კედელს ადამიანის ჩრდილი ეცემა. კუთხეში ვიკუნტები და რატომღაც ნერვიულობისგან სხეული მიკანკალებს. ჩრდილი კედელზე იწელება, იატაკზე ჩამოდის და ჩემ წინ ჩერდება. ნაცნობ სურნელს თან დაძაბული ატმოსფერო და ჰაერის სიმძიმე ემატება. ნერწყვს ძლივს ვყლაპავ. - „ხალხი დაუნდობელია თეკლა, თავს გაუფრთხილდი.“ - ირაკლის ხმა ყურებში მიგუგუნებს, ეს უბრალო ხმა არ არის, ეს არაამქვეყნიური, სულის შემკვრელი ბუბუნია, რომელიც კედლებში ექოდ ისმის. - ვერ გავიგე. - გაფართოებული თვალებით ჩრდილს ავყურებ, რომელიც ხელზე ფრთხილად მეცემა, არასხეულებრივი, არამატერიალური მაგრამ მაინც შეხება, ერთიანად მძაბავს. ხიდზე განცდილს თავიდან განვიცდი და თვალები მეხუჭება, იმ ხმას ირაკლის ხმას ვადარებ და უკვე ყველაფერი ნათელია. აი, სად გაქრა ის ბიჭი. ის ირაკლი იყო. - „მე შენი დაცვა მინდა.“ - ისევ ბუბუნებს ჩრდილი და კედლისკენ იწევს. - მადლობა, მაგრამ მე არ მჭირდება დაცვა. - სიტყვას ვერ ვამთავრებ, რომ ჩრდილი მოულოდნელად ჩემთან ჩნდება, ეს წამის მეათასედში და ისე სწრაფად ხდება, რომ თვალის დახამხამებას ვერ ვასწრებ. ამ უეცარ მოახლოებასთან ერთად საშინელი სისწრაფით მეხეთქება ჰაერი და თმებს მიფრიალებს, ოთახში ისევ ქარი ზუზუნებს, ფანჯრის მინები და სარკე ზრიალებს. ირაკლი ბრაზობს. ფეხზე ძლივს ვდგები, გაჭირვებით ვადგამ ფეხებს და ჰაერში მფრინავი წიგნებისაგან თავის არიდების მიზნით, გვერდზე ვიწევი. თვალი სარკისკენ მეპარება, მასში კარგად ჩანს ირაკლი, დაღლილი, შეწუხებული და გაბრაზებული სახე აქვს. ვცდილობ ამოვიცნო მისი მდებარეობა ოთახში და ამისთვის სარკეს ვიყენებ, სავარაუდო ადგილისკენ მივიწევ და მის წინ ვჩერდები. - რატომ გამიშვი შენს ბინაში, ეს რომ მენახაა? - ჯიბიდან პაკეტს ვიღებ და მისკენ ვიწევი. შტორმი უეცრად ყუჩდება და ახლა მხოლოდ არეული ოთახი, მე და ირაკლის სულის ანარეკლი ვჩანვართ სარკეში. პირს სარკისკენ ვაბრუნებ და მასში ასახულ ირაკლის სახეს, თვალს თვალში ვუყრი. ის ჩემკენ ბრუნდება, ზურგს უკან მიდგება და თვალს არ მაშორებს. - შენ იცი რატომაც. - მისი ხმა ყურებში ჩამესმის და კისერზე თბილი ჰაერის შეფრქვევას ვგრძნობ. თავს უარყოფის მიზნით ვაქნევ. ირაკლი ხმას არ იღებს, მხოლოდ მის სუნთქვას ვგრძნობ, ნუთუ სულს სუნთქვა შეუძლია? ისევ ეს უადგილო ფიქრები. თვალები ნათელი, მაგრამ ნაღვლიანი აქვს, გამოხედვა იდუმალი. გამოსახულება ნელ-ნელა ფერმკრთალდება, მერე კი საერთოდ ქრება, ხმას ვერ ვიღებ, წელში ვიხრები და ხელებს წვივებზე ვიკიდებ, თმები დაბლა, იატაკს ეფინება, დავიღალე ამდენი პასუხგაუცემელი კითხვისგან, მინიშნებებისგან. მთელი საღამო ველოდები გიორგის ზარს, მაგრამ ის არ მირეკავს, აფორიაქებული დავყურებ ხელში ჩაბღუჯულ ტელეფონს და ერთ ადგილას ვერ ვისვენებ. მაკლია. ნეტავ როგორ არის? არ უნდა წამოვსულიყავი, მასთან უნდა დავრჩენილიყავი. იქნებ ჩემზე გაბრაზებულია? კი, მაგრამ რატომ? თავად ვუსვამ ჩემს ქვეცნობიერს კითხვას. იმიტომ რომ თავიც და ისიც საფრთხეში ჩააგდე. არა, გიო არ ბრაზობს ჩემზე, ხომ ნახე როგორ გამომაცილა. ვეკამათები საკუთარ გონებას და ჯიუტად ვაქნევ თავს. დავურეკო? მორიგ კითხვას ვსვამ. არა, იქნებ სძინავს, დასვენება არ აწყენდა. ისევ ვაგრძელებ დიალოგს ჩემს გონებასთან და საწოლზე ვწვები. მალე გათენდეს, მალე გათენდეს. მენატრება. დილით შეშინებულს მეღვიძება, სასწრაფოდ ტელეფონს ვიღებ, გიორგის მესიჯის დანახვაზე თვალები შუბლზე ამდის. „საავადმყოფოში აღარ მოხვიდე, სახლში წავედი. დაგირეკავ, რომ გაიღვიძებ. გკოცნი.“ -რამდენიმე მშრალი სიტყვა და ვერ ვხვდები ამ სიტყვებიდან გიორგი რას ფიქრობს. რატომ არ დამირეკა? როდის ვნახავ? დაზაფრული მექანიკურად ვმოძრაობ და სახლიდანაც დაფიქრებული გამოვდივარ. სალომე ჩვენს კაფეში მელოდება, ისევ ამერიკანოთი და ცოტა გუნებას მიკეთებს. ძველებურად ლაღი და ენამახვილი სალომე გაუჩერებლად ლაპარაკობს, მე ვითომ ვუსმენ, დროდადრო თავსაც ვუქნევ, მაგრამ გიორგიზე ფიქრი თავიდან არ ამომდის. გიორგიზე ფიქრებს აჩიმდე მივყავარ, მის გახსენებაზე ისევ უსიამოდ მაჟრჟოლებს. არა, ეს ბიჭი არ მომწონს, რაღაცნაირად უნდობლობას იწვევს ჩემში, ქვეცნობიერად ვგრძნობ რომ არ უნდა ვენდო, ინტუიცია კი არასდროს მღალატობს. შინაგან წრიალს ვერაფერს ვუხერხებ, ეკლებზე ვზივარ, ამ დღეებში იმდენი რამ მოხდა, დამშვიდების და მოდუნების საშუალება არ მქონია, ირაკლი კი ისევ არ ისვენებს, რაღაცას მანიშნებს, თუ მაფრთხილებს. - რა ხდება? რატომ ჩაფიქრდი? - სალომე პირთან მიტანილ ფინჯანს ლამბაქზე აბრუნებს და პასუხის მოსასმენად თვალებს ჭუტავს. - შენი აზრით ირაკლი ნარკომანი იყო? - თითქმის ჩურჩულით ვამბობ და თავს დაბლა ვხრი. - გამორიცხული არ არის, მისი სტილის ბიჭები, თან ასეთი ცხოვრების მქონე, ხშირ შემთხვევაში არიან... და, შენ ასე რატომ ფიქრობ? - თვალებს წკურავს სალომე, შვებით ვსუნთქავ. როგორც ჩანს ეს აზრი საფუძველს მოკლებული არ არის. - მის ბინაში ნარკოტიკი ვიპოვნე, უფრო სწორედ თავად მაპოვნინა. - სალომეს ხველა უტყდება, მე ვჩერდები და მოთმინებიოთ ვუცდი, როდის დამშვიდდება. - შენ რა, იქ მარტო იყავი? - ხო, მომწერა და მივედი, რაღაცას მანიშნებს, აი გუშინაც, როცა აჩიმ სახლში მომაცილა... - აჩი ვინაა?- ნესტოები ებერება სალომეს. სულ მავიწყდება, რომ გიორგიზე და იმ ავარიაზე მისთვის არაფერი მითქვამს. საკუთარ თავს ვლანძღავ ასეთი დაუფიქრებელი, რომ ვარ და ენას ვიკვნეტ. თუმცა ახლა უკვე გვიანია. მორჩა, ვერ ავცდები სალომეს პანიკებს. ყველაფრის მოყოლის შემდეგ სალომე აღელვებას ვერ მალავს, თავს აქნევს და მწარე სიტყვებით მამკობს. მე დამნაშავესავით ატუზული ვზივარ და ჩემს ფიქრებში ვიქექები. რა უნდა ირაკლის? რატომ მაფრთხილებს? მის ბინაში რატომ გამიშვა? ისევ უნდა ავიდე იქ, გადავამოწმო, ის ყვავილები იქ როგორ მოხვდა. - ირაკლის ბინაში უნდა ავიდე, წამოხვალ? - ვეკითხები სალომეს და ჩანთას ვიკიდებ. - არც გაბედო! სად მიდიხარ გოგო, გაგიჟდი? - ცხარობს სალომე. - რა იცი, იქ რა დაგხვდება. - რა დამხვდება, სული? მაგაზე საშიში რა უნდა იყოს. - სალომე წამოსვლას არ აპირებს და ცდილობს არც მე გამიშვას, მაგრამ თავს ჯიუტად ვაქნევ და მაინც მივდივარ. კარებთან ვჩერდები და გულიცემის სიხშირისგან დახშულ ყურებზე ხელებს ვიფარებ, პირს ვაღებ და ჰაერს ღრმად ვისუნთქავ. ახლა ვნახავ კარი ისევ ღიაა, თუ არა. გიორგიმ ხომ დაკეტა. სახელურს ფრთხილად ვქაჩავ და რკინის კარებიც მძიმედ იძვრის ადგილიდან, გული სადღაც მუცელში მეპარება. კონცენტრირებას ძლივს ვახერხებ და შიგნით შევდივარ. ირგვლივ ყველაფერი ისევ ისეა, როგორც დავტოვეთ, არაფერი ახალი, არც ირაკლის არსებობას ვგრძნობ და არც მის მოახლოებას. ირაკლის ოთახი, აი რა მაინტერესებს ახლა ყველაზე მეტად. დაძაბული და შუბლშეჭმუხნული გავდივარ ირაკლის ოთახში და საწოლს ვაშტერდები, ყვავილები სადღაც გამქრალა. ვპანიკდები, მუხლებში სისუსტეს ვგრძნობ. ცალი ხელით კარს ვეყრდნობი, რომ არ წავიქცე. სად გაქრა იები? ზუსტად მახსოვს აქ დავტოვეთ, გიორგი ვერ მოვიდოდა, ჩემთან იყო. ნუთუ ირაკლი? არა, რაში დასჭირდებოდა? სულს ძლივს ვითქვამ და საწოლისკენ მივდივარ, კიდეზე ფრთხილად ვჯდები და ხელს ნაზად ვუსვამ ზედაპირზე, მოულოდნელად თვალწინ კადრი მიელავს. დენდარტყმულივით ფეხზე ვხტები და ხელს გულზე ვიდებ. ეს რა ჯანდაბა იყო? უნდა შევამოწმო. ისევ საწოლზე ვჯდები, თვალებს ვხუჭავ და აკანკალებულ თითებს ფრთხილად ვაცურებ გადასაფარებელზე. თვალწინ კინოსურათივით კადრები გამირბის. ირაკლის და ჩემკენ ზურგშექცევით მდგარ გამხდარ, ხვეულთმიან გოგოს ვხედავ. ირაკლი რაღაცას უყვირის, ხელებს იქნევს, ყველაფერს ლეწავს. გოგონა თვალებზე ხელს იფარებს, ტირის. სხეული მეძაბება, ტრანსში ვარ, მგონი მანანა და ირინა მართლები არიან. რაც მეტად ვეხები საწოლს უფრო მეტ რამეს ვხედავ. ირაკლი გოგონას ანჯღრევს, ხელებს ყელში უჭერს. ო, ღმერთო არა! ეს რა ჯანდაბაა! შეშინებული სასწრაფოდ თვალებს ვახელ. ირაკლის ბნელი მხარე... მარტოსულ პოეტს, იმაზე მეტი საიდუმლო ჰქონია, ვიდრე ამას გიორგი წარმოიდგენს. არ ვიცი ეს ნანახის ბრალია, თუ მოჩვენებები დამეწყო, (სარკაზმის დედა ვარ) მაგრამ ვგრძნობ, რომ ვიღაც მითვალთვალებს, თუმცა ეს გრძნობა არ ჰგავს ირაკლის „თვალთვალს“. ოთახში ჩემ გარდა კიდევ ვიღაც არის. სხეული მეწვის, ბუსუსები ყალყზე მიდგება. აქ ვიღაც არის! აქ ვიღაც არის! უკან-უკან ვიხევ და თავქუდმოგლეჯილი გამოვრბივარ. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.