ო, ეს ბედისწერა 3 თავი
_ რუსიიიიიიი! სად ხარ? _ ნიკამ ჯერ სამზარეულოში შეიხედა, მერე _ სააბაზანოში, მაგრამ გოგონა ვერსად აღმოაჩინა. ვერაგულად გაქრა, სანამ ეძინა. წერილი მაინც დაეტოვებინა! იქნებ დაესიზმრა ეს ყველაფერი და არავითარი რუსკა წუხელ შინ არ ჰყოლია? არა, რა სისულელეა. აქ ჰყავდა და მშვენიერი ღამეც გაატარა მასთან. _ არა და ნუ! კარგად იყოს! _ ჩაიბუზღუნა თავისთვის და სასაუზმოდ მოემზადა. ყავა მოადუღა, პური დაჭრა… სულელურად გრძნობდა თავს. ვერაფრით გაეგო, რატომ მოიქცა ის დიდთვალება გოგონა ასე. რა იყო, დამშვიდობება დაენანა? გუნება კიდევ უფრო გაუფუჭდა. არადა, თითქოს ყველაფერი კარგად იყო. რაღაცნაირად, ადვილად შეეწყვნენ ერთმანეთს. ეს პირველი შემთხვევა გამოდგა, როცა ნიკას სერიოზულად მოეწონა ვიღაც. რატომღაც, რუსკა მისთვის მარტო ერთი ღამის თავგადასავალი არ აღმოჩნდა. ბევრთან კი არ უგრძნია ასე კარგად თავი, თუმცა, ქალები მიიჩნევენ, რომ მამაკაცებისთვის სულერთია, ვისთან გაათევს იგი ღამეს. როგორც ჩანს, სულაც არ ყოფილა სულერთი! ამოიხვნეშა. რა გამოვიდა? იფიქრა, დღეს მთელ დღეს ერთად გავატარებთ, დასამახსოვრებელ სიტუაციას შევუქმნიო და ეს არის? რამე არ მოეწონა? ასე უთქმელად რატომ გაიქცა? _ რაც არის, არის, მიმიფურთხებია! _ წამოიძახა ხმამაღლა, _ ბოლოს და ბოლოს, გავაცილებდი, თუ შემდეგ შეხვედრებზე არ იყო თანახმა. ხომ არ შევჭამდი? როდის იყო, ვინმესთვის რამე დამიძალებია! ჯობია, საქმეს მიხედოს, ერთი პროექტი აქვს დასამთავრებელი. კვირას მზად უნდა ჰქონდეს, ამიტომ დღეს აპირებს დამთავრებას… მაგრამ გულს რომ ვერ უდებს? აზრებს ვერ მოუყარა თავი! რაზეც არ უნდა ეფიქრა, მაინც რუსა ახსენდებოდა. ნეტავ, ახლა სად არის? რითი მიდის, მატარებლით თუ სამარშრუტო ტაქსით? სად შეიძლება ეძებოს? და მერე რა? რომ იპოვოს, რა უნდა უთხრას? გამარჯობა, როგორ ხარ? თბილისში რომ ჩახვალ, დამირეკე, თუ რა?.. უაზრობაა ეს ყველაფერი. ამის გაკეთებას დილით აპირებდა, სანამ გააცილებდა. მან კი არ ისურვა დამშვიდობება. ძალიანაც კარგი! პირიქით, უნდა უხაროდეს, რომ ასე უჩუმრად წავიდა. იქნებ აკიდებოდა კიდეც და ვეღარც მოეშორებინა თავიდან? ტაქტიანად მოიქცა და პრეტენზიები არ მოახვია თავს! ყოჩაღ, გოგონი! თან ამშვიდებდა თავის თავს, თან ბრაზობდა და იღრინებოდა. მობილური რატომ გამორთო? აი, გამართლდა მისი წინასწარმეტყველება. მან კი არ გამოიყენა რუსა თავისი სიამოვნებისთვის, იმან გამოიყენა ნიკა. სათამაშოსავით აბურთავა! რატომღაც ჰგონია, რომ ყველაფერი წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი! განა ასე არ არის? ნუთუ კაფეშიც სპეციალურად ვინმეს გამოსაჭერად იჯდა? არა, რა ბოდვაა ამის გაფიქრება. რა იცოდა, მაინცდამაინც ნიკა რომ შევიდოდა და თვალს მაინცდამაინც მას დაადგამდა? მეტისმეტია მისთვის ამის დაბრალება. გაცნობის ინიციატივა მთლიანად მას ეკუთვნის, ვერავინ წაართმევს. მას ალბათ, უბრალოდ, ასე ჰქონდა დაგეგმილი გამომშვიდობება… რაც არის, არის… ნიკა უეცრად მიხვდა, რომ ბოლო თხუთმეტი წუთის განმავლობაში მხოლოდ უაზროდ მისჩერებოდა მონიტორს და ვერაფერს აკეთებდა. მორჩა! დღეს ვეღარ იმუშავებს. აჯობებს, გავიდეს სადმე და გული გადააყოლოს. რა საშინელებაა, როცა მიტოვებულად გრძნობ თავს. ამას შეჩვეული არ იყო. ყოველთვის პირველი ტოვებდა «ბრძოლის ველს», ამიტომაც ჯავრობდა. არა უშავს, გავა ერთი-ორი დღე და დაავიწყდება. ამასობაში სხვას შეხვდება და გულს გადააყოლებს. აი, მაგალითად, იმას, იმ დღეს ქუჩაში რომ გაიცნო დიმასთან ერთად, რა ერქვა? ანა… მშვენიერი გოგო იყო, სახელიც მშვენიერი ჰქვია… ქუჩაში გავიდა და პირისახე დილის სუფთა ჰაერს შეუშვირა. არა, მაინც აწუხებდა რაღაც… იცოდა, რაც იყო ეს რაღაც, მაგრამ არ უნდოდა, ჩაღრმავებოდა. წამით რუსკა სხვა ბიჭთან ერთად წარმოიდგინა და კინაღამ შეიშალა! რას ნიშნავს ეს? რატომ ბრაზობს? ნუთუ ეჭვიანობს? ვისზე? რატომ? რა ემართება? იმ გოგოზე ხომ საერთოდ არაფერი იცის? ჰო, ბევრი არაფერი იცის, მაგრამ ერთი, რაც იცის, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია… რუსასთვის იგი პირველი მამაკაცი იყო. ამაშია მთელი იდუმალება. ეს კი ბევრ რამეს ხსნიდა. ის ბოლომდე დაძაბული და ცოტათი აგრესიულიც იყო, მაგრამ ნიკამ თავიდანვე არ მიაქცია ამას ყურადღება. თან მორცხვი, თან მოუხერხებელი, სექსშიც გამოუცდელი… რამდენი წლისაა ნეტავ? მთლად არასროულწლოვანსაც არ ჰგავდა. გასაგებია მისთვის, რომ დღეს გოგონებს ქალიშვილობა მაინცდამაინც დიდ სიმდიდრედ არ მიაჩნიათ, მაგრამ ასე სპონტანურად კი არ დგამენ ამ ნაბიჯს… ან უყვარდებათ ვიღაც, ან უბრალოდ, შეცდებიან ხოლმე… მაგრამ ასე, პირველსავე შემხვედრს გამიზნულად, ფხიზელი გონებით ჩაუგორდეს გოგო საწოლში, ცოტა წარმოუდგენელიც კი არის… ალბათ მაშინვე უნდა დალაპარაკებოდა ამ საკითხზე… გაეცინა. აი, სადამდე მივიდა. ისე მსჯელობს, როგორც მელოდრამების გმირი. ნეტავ, რაში აინტერესებს, რატომ გააკეთა რუსამ ეს? რა მისი საქმეა? თავად ხომ არაფერი დაუძალებია? ჯობია, ახალი თავგადასავალი ეძებოს. ჯერ კიდევ ბევრ ლამაზ გოგოსთან მოუწევს შეხვედრა… 8 8 8 _ რუსკა, როგორ ხარ? დღეს რაღაც სხვანაირად გიციმციმებს თვალები… თმაც შეგიჭრია… საოცრად გიხდება, იცი? _ გურამი კაბინეტში შემოსულ გოგონას დაჟინებით შეაჩერდა. ისიც მაგიდისკენ კეკლუცად დაიხარა, ხელით მის კიდეს ჩამოეყრდნო და მხრით ოდნავ შეეხო დირექტორს, ვითომ შემთხვევით… _ შაბათ-კვირას ნოყიერად დავისვენე და ალბათ იმის ბრალია, _ შესცინა აფორაჯებულმა. _ საქმეები როგორ მიდის? _ ხმაც კი შეეცვალა ბოსს. _ გადასარევად. ამ თვეში, მგონი, გეგმას გადავაჭარბე, იმდენი რეკლამა მოვიზიდე. _ ო-ო-ო! ეგ კარგია, ესე იგი, პრემია გეკუთვნის… _ ახლა მამაკაცი გადაიხარა მისკენ და ისე ახლოს აღმოჩნდა რუსასთან, რომ ამ უკანასკნელმა მისი ცხელი სუნთქვის ოხშივარიც კი შეიგრძნო. მთლად აიარია. სახეალეწილმა განზე გაიხედა, რომ თვალებში არ შეეხედა უფროსისთვის. _ აი, შენი ტექსტები. ყველას გადავხედე. როგორც ყოველთვის, ბრწყინავალე დაწერილია, ყოველგვარი შეცდომის გარეშე. რუსამ გაიღიმა. თვალები არა მარტო მას, მის ბოსსაც არანაკლებ უბრწყინავდა. ისე, როგორც ახლა უყურებდა, დირექტორს მისთვის არასდროს შემოუხედავს. იგი შიგადაშიგ მუშტრის თვალით ააყოლებდა მზერას გოგონას თმას, მკერდს, მოკლე კაბაში გამოწვართულ ფეხებს… მენეჯერი იშმუშნებოდა და შეცბუნებულმა არ იცოდა, თვალები სად წაეღო. არასდროს ასე არ გართულებია გურამთან ლაპარაკი და მასთან მარტო დარჩენასაც არ აუღელვებია ასე «მწარედ». _ გმადლობ, _ ჩუმად ჩაილაპარაკა, თაბახის ფურცლები გულზე მიიხუტა და კარისკენ დაიძრა. სანამ სახელურს ჩამოწევდა, ოდნავ შეყოვნდა. სულ ოდნავ, მაგრამ ეს მცირედიც საკმარისი იყო იმისთვის, რომ, თუ დირექტორი მოისურვებდა, გააჩერებდა კიდეც. ყოველთვის ასე აკეთებდა, როცა მისი კაბინეტიდან გამოდიოდა და ყოველთვის იმის იმედით, იქნებ მამაკაცის კომპლიმენტებს რეალური წინადადება მოჰყოლოდა. _ ჰო, მართლა, რუსა… რაღაც მინდოდა კიდევ მეთქვა… უფრო სწორად, მეკითხა, _ მეხის დაცემასავით ჩაესმა გოგონას ბოსის ხმა. რუსკა გაშეშდა და აკანკალებულმა თავი მოატრიალა. გურამი წამოდგა და ყოველგვარი უხერხულობის გარეშე მიაჩერდა მოლოდინით გატანჯულ თანამშრომელს. _ რას აკეთებ დღეს საღამოს? პანტომიმის თეატრის ბილეთები მაქვს… ამბობენ, კარგი სპექტაკლიაო… სრულიად შემთხვევით… ჩემთან ერთად ხომ არ წამოხვიდოდი? რუსკას თვალწინ ჭერი ატრიალდა. უიმედო სიყვარულისგან ჰალუცინაციები ხომ არ დაეწყო? მოესმა, თუ სინამდვილეში სთავაზობენ შეხვედრას? ღმერთო, რამდენი თვეა, ამას ელოდება! _ თუ, რა თქმა უნდა, სხვა გეგმები არ გაქვს… _ ნაჩქარევად დაამატა ბოსმა. გოგონა ნელ-ნელა გონს მოეგო. არა, არაფერიც არ ეჩვენება და არც ესიზმრება. დირექტორი მართლა ეპატიჟება თეატრში! ვაუუუუუ! _ სრულიად თავისუფალი საღამო მაქვს, ბატონო გურამ, _ მორცხვად შეხედა გოგონამ, _ სიამოვნებით წამოვიდოდი… _ მაშინ… _ შუბლი მოიქექა გურამმა, _ შვიდ საათზე დაბლა, ჰოლში დაგელოდები, კარგი? სპექტაკლი რვაზე იწყება, ასე რომ, თავისუფლად მივასწრებთ. _ კ-კარგი, _ უფრო გაიფიქრა, ვიდრე წარმოთქვა რუსამ და კარს მიღმა გაუჩინარდა. 8 8 8 როგორ გაუჭირდა მუშაობაააა! მის ბედად, თითქოს ჯიბრზე მოზღვავებული კლიენტები კი არ ახარებდა, აღიზიანებდა. ყველას დღეს მოუნდა რეკლამის დაკვეთა, რა! წუთითაც ვერ განმარტოვდა, რომ ყავა დაელია და, როგორც ჩვეოდა, ფიქრებში ჩაფლულიყო. ამ საღამოს გურამთან ერთად თეატრში მიდის! ეს ხომ, ფაქტობრივად, პაემანია? რა მაგარია! შეიძლება ჭკუიდან შეიშალოს, ისე უხარია! ზუსტად შვიდ საათზე წამოხტა სკამიდან და კომპიუტერი გამორთო. ბედად, ოთახში მის გარდა არავინ იყო. არც ლიფტთან შეხვედრია ვინმე. სანამ დაბლა ჩავა, კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდეს, სწორად იქცევა, თუ არა? ერთი კვირა გავიდა, რაც ბათუმიდან ჩამოვიდა და ჯერაც ვერ მოსულა გონს, ვერ გასცა პასუხი მთავარ კითხვას _ სწორად მოიქცა თუ არა მაშინ? ახლაც იგივე შეკითხვა დაუსვა თავის თავს, თუმცა ამჯერად პასუხი აღარ აინტერესებს. იმიტომ, რომ ეს არ არის მისთვის დაუფიქრებელი ნაბიჯი. წელიწად-ნახევარია, ამ დღეს ელოდება, ამ შემოთავაზებას, რაღა დაფიქრება მართებს? ბათუმის გახსენებაზე გული უცნაურად შეუტოკდა, მტკივნეულად, საგანგაშოდ… ეს ერთადერთი საკითხი იყო ბოლო დროს, რომლის განსჯასაც გაურბოდა. არ უნდოდა იმ მოვლენებს ჩაღრმავებოდა. რაც მოხდა, მოხდა, რა საჭიროა, ამის გახსენება და გუნება-განწყობილების გაფუჭება? ნანობს? თუნდაც ასე იყოს, სინანულით განა რამე შეიცვლება? ჰოდა, ჯობია, არ იფიქროს წარსულზე, ხვალინდელი დღით გაგრძელოს ცხოვრება. ის კი არა, თეკლასაც არ უთხრა, რაც გადახდა, საუკეთესო დაქალსაც კი დაუმალა ბათუმური თავგადასავალი. ასე ეგონა, თუ არავისთან ილაპარაკებდა ნიკაზე, ეს მის დავიწყებაში დაეხმარებოდა. არადა… ყოველდღე ახსენდებოდა… უნდოდა, თუ არ უნდოდა, თვალწინ ედგა მისი გაღიმებული სახე და სითბოთი სავსე მზერა… ქუჩაში რომ გავიდოდა, ყველა მუქთმიან მაღალ მამაკაცს ნიკას ამსგავსებდა. მობილურის სიმ-ბარათიც კი გამოცვალა, არ დამირეკოსო, იმ ზომამდე მივიდა, თუმცა არც ამან უშველა. ერთი მოკლე ღამით, ერთმა სიმპათიურმა ბიჭმა მის გულში ღრმად მოკალათება შეძლო. თუმცა, ეს მის ცხოვრებაში არაფერს ცვლიდა. მისი გახსენება სულაც არ უშლიდა ხელს, გურამთან პაემანზე გაქცეულიყო. ბოსი მისი ძველი და უიმედო სიყვარული იყო. როცა მას ხედავდა, გული ისევ ისე შეუქანდებოდა ხოლმე. მისი ქათინაურები ძველებურად სიამოვნებას ანიჭებდა. თუმცა, არც ბათუმიდან ჩამოსვლის შემდეგ მისცემია დიდი იმედი, რომ გურამის გამორჩეული ყურადღება ფლირტის ჩარჩოებს გასცდებოდა. უცნაური ის იყო, რომ ადრინდელივით მტკივნეულად აღარ აღელვებდა ეს. დღეს კი… დღეს ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. ბოსმა პირველი თამამი ნაბიჯი გადადგა! რატომ? გულმა უგრძნო, თუ? ამის გაფიქრებაზე ნაღვლიანად გაეღიმა. ორი კვირის წინ რომ მიეღო მისგან მსგავსი წინადადება, სიხარულისგან ალბათ მეცხრე ცაზე აფრინდებოდა, შეიძლებოდა ბედნიერებისგან მომკვდარიყო კიდეც. არადა, ამწუთას ასეთს არაფერს გრძნობდა. ერთადერთი, რაც ადარდებდა, ის იყო, რომ თავისი საყვარელი ატმისფერი პომადა შინ დარჩა, სარკის წინ. სიჩქარეში დაავიწყდა ჩანთაში ჩაგდება. განა ასეთ რამეზე უნდა ფიქრობდეს, როცა საყვარელ მამაკაცთან შესახვედრად მეიჩქარება? არა, არა, რაღაც სხვა ამბავია მის თავს და ჯერ ვერ ხვდება, რა ემართება. იქნებ ისეა გაბრუებული და გაოგნებული გურამის შემთავაზებით, რომ შეგრძნების უნარი დაკარგა? ვინ იცის… ლიფტიდან გამოსულმა ჰოლი გაიარა და მოსაცდელში ყველაზე ბოლო სკამზე დაჯდა. ცდილობდა, რაც შეიძლება, შეუმჩნეველი დარჩენილიყო. შეკითხვების თავი არ ჰქონდა _ ვის ელოდები, აქ რატომ ზიხარ, შინ რატომ არ მიდიხარ და ა.შ. ისე, აჯობებდა, პირდაპირ თეატრის წინ დაენიშნა შეხვედრა ბოსს, იქ ბევრად უსაფრთხოდ იქნებოდა. ახლა ვეღარაფერს შეცვლის. უნდა იჯდეს და მშვიდად, აუღელვებლად დაელოდოს მის გამოჩენას. აგერ, გოგოებმა ჩაიარეს, დაემშვიდობნენ. მაინცდამაინც არავინ დაინტერესებულა იმით, რატომ იჯდა მოსაცდელში, არც კი გაუმახვილებიათ ყურადღება. გამოდის, ტყუილად ნერვიულობს, ყველას თავისი გასაჭირი აქვს. რას იფიქრებენ, რუსა თუ «მთლად უფროსს» ელოდება მალულად. თანდათან დამშვიდდა. გურამი იგვიანებდა. ალბათ შეგნებულად აჭიანურებს გამოსვლას, რომ თანამშრომლების ყურადღება არ მიიქციოს… მთელი ორმოცი წუთი გაგრძელდა ლოდინი. ზუსტად იმდენი, რამდენიც თავად ალოდინა ნიკა… აჰა, ისევ ის ბიჭი გაახსენდა! რას აეკვიატა, ნეტავ? როგორც იქნა, გურამიც გამოჩნდა. _ მაპატიე, რუსა, მაინცდამაინც ახლა მოუნდათ დარეკვა და მოლაპარაკება. საქმიანი შეხვედრა დავნიშნეთ ხვალისთვის და შევყოვნდი… _ მოუბოდიშა მამაკაცმა და გოგონას ხელკავი თამამად გაუყარა, სულაც არ მორიდებია იქვე მდგომი დაცვის ბიჭების. _ არა უშავს, _ ამოიოხრა გოგონამ და გულიც თან ამოაყოლა, _ მაგრამ ალბათ სპექტაკლს ვეღარ მივუსწრებთ. _ არავითარ შემთხვევაში! _ შესძახა გურამმა, _ ქარზე უსწრაფესად გავფრინდებით! ამაში რუსას ეჭვიც არ ეპარებოდა, მაგრამ ამ დროს? პიკის საათში? როცა ქუჩები გადაჭედილია? იქნებ მოატყუა და არც აქვს ბილეთები? იქნებ სპეციალურად დააგვიანა, რომ სადმე სხვაგან წაიყვანოს? ოოოო! აი, ეგ კი არ უფიქრია! 8 8 8 მართლაც ისე მოხდა, როგორც რუსა ვარაუდობდა. ცოტა რომ გაიარეს, იმისთანა საცობში მოხვდნენ, გზა ალბა მთელი საათი არ გაიხსნებოდა. _ როგორც ჩანს, მართლა ვერ მივუსწრებთ, _ აღიარა გურამმა თხუთმეტწუთიანი ლოდინის შემდეგ. _ მეტროთი ხომ არ გავსულიყავით? _ რას ამბობ, რუსკა, _ გულიანად გადაიხარხარა ბოსმა, _ ათი წელია, მეტროში არ ჩავსულვარ. გინდა, ინფარქტი დამემართოს? «სად შეგვიძლია, რა ნაზები ვართ», _ ირონიულად გაიფიქრა გოგონამ. _ მაშინ გადავდოთ თეატრი… _ ხმადაბლა ჩაილაპარაკა. _ ეგ არაფერი, ჩემო ლამაზო, სხვა დროს წავიდეთ, სპექტაკლი არსად გაგვექცევა. ერთი საათით ადრე გამოვალთ სამსახურიდან და ეგ არის. ვიტყვით, საქმიან შეხვედრაზე მივდივართ-თქო და მორჩა, _ იპოვა გამოსავალი უფროსმა. გოგონა წამოწითლდა. საიდან ამდენი მონდომება? ტყუილის სათქმელადაც კი მზად არის, ოღონდ მასთან ერთად სადმე გავიდეს? რა სასიამოვნო მოსასმენია ეს ყველაფერი… დააგვიანდათ. სპექტაკლზე შესვლას აზრი არ ჰქონდა. _ იცი რა? _ გურამმა კეფა მოიქექა, _ რადგან თეატრი არ გამოგვივიდა, იქნებ რესტორანი დაგველაშქრა? რატომ უნდა ჩავაგდოთ ასეთი მშვენიერი საღამო? არ მინდა, განხიბლული გაგიშვა. გაოგნებულმა გოგონამ უსიტყვოდ დაუქნია თავი. აი, თურმე, სინამდვილეში როგორი ყოფილა! მას კი ერთი მოუხერხებელი კაცი ეგონა, რომელსაც გადაწყვეტილებების მიღება უჭირს. ნიკაც კი უფრო თავდაჭერილი იყო ამასთან შედარებით… რა შუაშია აქ ნიკა? რამ გაახსენა? თანაც, რა სიტუაციაში? როგორ ვერ დაივიწყა, რა ჭირს? ის ხომ მხოლოდ შემთხვევითი ნაცნობია და უკვე აღარ არსებობს მისთვის! _ ესე იგი, რესტორანში მივდივართ, _ ჩაესმა გურამის ხმა. _ წავიდეთ, მაგრამ რომელში? _ შენ რომელშიც გაგიხარდება. მითხარი, მე შენს განკარგულებაში ვარ. _ ჩემთვის სულერთია, რა ვიცი. _ მაშინ მე შემოგთავაზებ… სანაპიროზე ჩავიდეთ, დიღმისკენ, გაწყობს? _ მაწყობს. რა თქმა უნდა, აწყობდა… ნებისმიერი რესტორანი აწყობდა, ოღონდ კი მის გვერდით ყოფილიყო. 8 8 8 რუსა მოჯადოებულივით იყურებოდა აქეთ-იქით. მყუდრო დარბაზი იყო, ყველაფერი ლურჯ-წითელ ფერებში ხასხასებდა. ოფიციანტები თავს დასტრიალებდნენ. იქვე მუსიკოსები შენიშნა, რომლებიც სასიმღეროდ ემზადებოდნენ. რა კარგია, აქ არ მოიწყენს! გურამი ყველანაირად ცდილობდა შთაბეჭდილების მოხდენას. მიმტანები ხან კომპლიმენტებით აავსო, ხანაც ხუმრობებით. რუსას ღიმილი არ სცილდებოდა სახიდან, თან ამაყად ყელმოღერებული იჯდა. დაინახოს სუყველამ, როგორ მამაკაცთან ერთად არის მოსული, რა სასურველი ადამიანის რჩეული ქალბატონია ამ საღამოს! ყველა ქალს კი არ ეღირსება ასეთი ბედნიერება. განა შეიძლება, მისით არ აღფრთოვანდე? ღმერთო, რა ბედნიერია, რომ სწორედ ის შეუყვარდა და არა სხვა ვინმე. ამისთანა მამაკაცი არც დაესიზმრებოდა. და ისიც ბედნიერებაა, თავადაც რომ მომხიბვლელია, თორემ ლამაზი რომ არ იყოს, ზედაც არ შეხედავდა ამხელა სააგენტოს პიარ-დირექტორი ერთ ჩვეულებრივ მენეჯერს. ის სულ სხვა სამყაორში ცხოვრობს, სადაც არ სარგებლობენ მეტროთი, არ დადიან ფეხით, არ აწუხებთ უფულობა, სადაც სადილობენ რესტორნებში და სასურველ ქალებს ხელის გულზე ატარებენ. სიგიჟემდე საინტერესოა გურამთან ურთიერთობა. რამდენი რამ შეუძლია ამ კაცს. ჯერ ხომ, მთელი მსოფლიო მოვლილი აქვს, ყველაფერი ნანახი, ყველაფერში ჩახედული, ნებისმიერ თემაზე შეუძლია ჭკვიანურად ილაპარაკოს, ერთი უმნიშვნელო ისტორიიდან ისეთი სახუმარო ამბავი ააგოს, გარშემო ყველა სიცილით დახოცოს. ერთი სიტყვით, ოცნების მამაკაცია. ვინ იცის, რამდენი ქალი ნატრობს მასთან ახლო ურთიერთობას. ყველას კი არ უმართლებს… აი, რუსკას კი გაუმართლა. განუმეორებელი ადამიანია. მის გვერდით რუსა თავს დაცულად და მშვიდად გრძნობს. მას ყველაფერი შეუძლია მისცეს, უფრო მეტიც _ უბრალო მოკვდავიდან პრინცესა გახადოს! დარწმუნებულია, რომ მოვა დრო და საჩუქრებით აავსებს. ახლა შეიძლება ბედნიერებისგან გული გაუსკდეს. დღეს კიდევ უფრო შეუყვარდა იგი. ადრე იმდენად ვერ გრძნობდა ამას. მთელ სამყაროში ამწუთას მხოლოდ ის ერთი არსებობდა მისთვის. გოგონა სახეგაბრწყინებული შეჰყურებდა თავის პრინცს და თვალებით ესიყვარულებოდა, მისი ხავერდოვანი ბარიტონი მალამოდ ეფინებოდა გულზე… რამდენი თვე და რამდენი კვირა ელოდებოდა ამ წუთებს. იმდენად დიდხანს, ვერც კი დაეჯერებინა, რომ ახლა მის გვერდით იყო, მდიდრულ რესტორანში, მდიდრულ სუფრასთან, სადაცა ყველანი თვალებში შესციცინებდნენ… ნუთუ ეს ამბავი მართლა რუსას თავს ხდება? იმედია, სიზმარი არ არის ეს ყველაფერი… _ იცი, რა გადავწყვიტე, რუსკა? ფული არ მაკლია და გემოვნება. ყველაფერი მაქვს, რაც შეიძლება ადამიანმა ინატროს. აგარაკი, სოფელი, მანქანა, სახლი, ავეჯი… ერთადერთი, რაც მაკლია, ზღვისპირა კურორტზე არ მაქვს ბინა. რატომ უნდა დავბინავდე სასტუმროში, როცა შემიძლია ჩემი საკუთარი მქონდეს? ამიტომ წელს ბათუმში ბინის ყიდვას ვაპირებ. ხომ კარგი აზრია, შენ რას იტყვი? მერე შენც დაგპატიჟებ და სტუმარივით დაგასვენებ! ცხოვრების მაჯისცემა ერთად შევიგრძნოთ! გოგონამ ტუჩი მოიკვნიტა. რა საჭიროა ასეთ სასიამოვნო გარემოში ბათუმზე ლაპარაკი? ან რა დროს ბინის ხსენება იყო? აცალეთ ამ გოგოს, დაივიწყოს ის ერთი ღამე, გონებიდან რომ არ შორდება! _ ჩემი მეგობარი ამტკიცებს, რომ ზღვისპირა ქალაქებში ცხოვრება ბევრად სასიამოვნოა, ვიდრე თბილისშიო. არადა, თვითონ იქ ყველაფერი გაყიდა და აქეთ გადმოსახლდა. _ მერედა, თუკი ასე კარგი იყო ბათუმში, აქ რას მოდიოდა? _ მეც ეგ არ ვკითხე? ასე მითხრა, ცოლმა ვერ აიტანა იქაური ჰაერიო. თბილისელი ცოლი ჰყავს, ერთი გადაპრანჭული ქალია, «სვეტსკი» ოჯახიდან. არადა, ზღვა საოცრად მიყვარს. სულ მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც იქ ცხოვრობენ და სანაპიროზე ათასში ერთხელ გადიან. ბევრი ვიცი ასეთი. _ ჰო, მეც ბევრი ვიცი. ჩემი დაქალი იქ ცხოვრობს და… _ სად, ბათუმში? მაგარია! ესე იგი, ნამყოფი ხარ… _ როგორ არა, ბევრჯერ. _ წელს თუ იყავი? იცი, რა კარგად მოაწყვეს? იმდენი რამ გაკეთდა და შეიცვალა… ერთ წელიწადში ისეთი ქალაქი დადგება, მთელ ევროპაში უკეთესს ვერ ნახავო. _ ეჭვიც არ მეპარება. _ როდის იყავი ბოლოს? ოჰ! რა ნეტარი შეკითხვა დაუსვა პირდაპირ! სწორედ ამაზე ოცნებობდა. ამას ჯობდა, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტებზე ესაუბრათ, უფრო მოეწონებოდა. _ წინა შაბათ-კვირას… _ შეხედე! ამღერდნენ ჩვენი მუსიკოსები. უჰ! როგორ მიყვარს ჩვენი ფოლკლორული სიმღერები. ეგრევე გულზე მეფონება. შენ თუ მღერი, რუსკა? _ სამწუხაროდ, არა. შორს ვარ სიმღერისგან და, საერთოდ, არანაირი მუსიკალური მონაცემები არ გამაჩნია. _ სამაგიეროდ, სხვა რამის უდიდესი ტალანტი გაქვს. განა ეს ცოტაა? _ ნუ მაწითლებთ, ბატონო გურამ, რომელ ტალანტზე მელაპარაკებით. _ შენ ჩვენი საუკეთესო მენეჯერი ხარ სარეკლამო საქმეებში, ეს კი ადვილი სულაც არ არის. ასეთ თანამდებობაზე არა მარტო ენერგიული, გონებამახვილი და საქმის მცოდნე უნდა მუშაობდეს. ეს ადვილი საქმე არ არის. რა ქება-დიდება აუტყდა? ხომ არ დასცინის ნეტავ? თუ ასეა, არც თვითონ დარჩება ვალში. _ იმაზე რთული ნამდვილად არ არის, ვიდრე პიარ-დირექტორის… _ აი, ეს კი ნამდვილად სადავო საკითხია, _ გაიცინა გურამმა, _ ჩემი მთავარი ამოცანა შენნაირი ჭკვიანი და შრომისმოყვარე ჯგუფის შეკრება და ამუშავებაა. მე, უბრალოდ, თვალყური უნდა მივადევნო თქვენს საქმიანობას, დანარჩენი კი მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული. რუსამ მხრები აიჩეჩა. _ მოდი, არ გვინდა სამსახურზე ლაპარაკი. როგორც ვხედავ, ეს თემა შენთვის მოსაწყენია. _ არა, რას ამბობთ, ბატონო გურამ… _ გააპროტესტა გოგონამ. _ ღმერთო ჩემო, რუსკა, ლამაზო ფერიავ, _ მიესიყვარულა ბოსი, _ რა საჭიროა ასე ოფიციალურად რომ მომმართავ? მაიძულებ, თავი ბებერი კაცივით ვიგრძნო. სამსახურს გარეთ შენთვის მხოლოდ გურამი ვარ, გასაგებია? რუსას ნერწყვი ყელში გაეჩხირა. ეს შეუძლებელია! ნუთუ მართლა ესიზმრება ეს ყველაფერი? აქამდე სიტყვაც ვერ დააცდევინა ამ კაცს და დღეს რა დაემართა, თაფლად რომ იღვრება? განა რა შეიცვალა ორი კვირის განმავლობაში? _ აბა, რას იტყვი, თანახმა ხარ? _ არ ეშვებოდა ბოსი. _ ჰ-ჰო-ო. _ ძალიანაც კარგი. ახლა ჩვენი თავშეყრის სადღეგრძელო დავლიოთ… ეს რომ სხვა ვინმეს ეთქვა, გოგონა მაშინვე მიხვდებოდა, რომ მისი ყოველი სიტყვა გამოწვევას ნიშნავდა, მაგრამ უფროსთან მიმართებაში არ სურდა ნაადრევი დასკვნების გამოტანა. ვიღაცასთან ხომ არ იყო რესტორანში, თავის ბოსთან ვახშმობდა, ოცნების მამაკაცთან, რომელიც აქამდე მოზომილად თუ გაეარშიყებოდა ხოლმე. რამდენჯერ გაცრუებია იმედი მასთან ურთიერთობაში… ახლაც რომ იგივე განმეორდეს, რუსა ამას ვერ გადაიტანს… |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.