საიდუმლო [5]
5 პირველ ჭიქას მეორე მოჰყვა, მეორეს კი მესამე. ამასობაში სიტყვა არ თქმულა მათ შორის. სანდროს თვალები ჩასწითლებოდა, ნერვიულობდა და ლოგიკურიც იყო, რომ არ საუბრობდა; აი, თიკას კი უბრალოდ სათქმელი არ ჰქონდა არაფერი. მიუხედავად იმისა, რომ გოგოს თემა არასდროს ელეოდა არც ერთ წრეში და ყველაფერზე შეეძლო საუბარი, დაწყებული ფრჩხილების მოვლიდან დასრულებული მეხუთე საუკუნის ხელწერით, მაგრამ ახლა თითქოს ბოროტმა ჯადოქარმა ჯოხი მოიქნია და ყველა სიტყვა ერთიანად წაართვა, დაამუნჯაო. ალკოჰოლმა კი, რომელიც უკვე მთელ სხეულს გრილ ცეცხლად მოსდებოდა, ორივეს სითამამე შემატა. – მომიყევი შენზე, – სერიოზულად თქვა სანდრომ და თვალებში ჩახედა. დაიბნა. არ ელოდა. სასმლისგან ისეც წითლად შეფერილ ლოყებს მეტად მოეკიდათ ცეცხლი. – რა მოგიყვე? – ხმა ჩახლეჩვოდა და ეს სასმლისგან გამოწვეული ჩვეულებრივი ეფექტი იყო, რომელიც მუდამ ახლდა, როცა სვამდა. – ყველაფერი... – გაუღიმა და ბარმენს ანიშნა კიდევ შეევსო ჭიქები. – მკითხე თუ რამე გაინტერესებს, – სხვა პასუხი ვერ მოიფიქრა და შემოვლით შეეცადა კითხვისგან თავის არიდებას. – მოდი, იქიდან დავიწყოთ, რაც მგონია, რომ იცრუე, – ეშმაკურად გაუღიმა. – რა ვიცრუე? – ვერ მიხვდა, საით უმიზნებდა. სავსე ჭიქიდან ტკბილი მარტინი მოსვა. იცოდა, რომ აღარ უნდა გაეგრძელებინა, მაგრამ გამოსავალსაც ვერ ხედავდა. სანდრო „მუღამში შევიდა“ და უკვე გარკვეული ამბავი იყო ის თუ როგორი დასასრული ექნებოდა საღამოს. მეტ–ნაკლებად – თიკასთვის. – ქმარი, – მიანიშნა. ახლაღა მიხვდა, რაზე იყო საუბარი და გაეღიმა. ესეიგი, არ დავიწყებია. გამოდის, რომ მისთვის ღირებული ფაქტი იყო თიკას გათხოვება/არ გათხოვების საკითხი. – არ მყავს, – უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია. – მასეც ვიცოდი, – სახეზე ბედნიერებამ გადაურბინა, ყოველშემთხვევაში, წამით ასე მოეჩვენა თიკას. – თუ იცოდი, რატომ მკითხე? – ტუჩზე უნებურად იკბინა და ისე მწარედ, რომ სახეზე ალმური მოედო. – ჯანდაბა... – ღრმად ამოისუნთქა ბიჭმა და მის ტუჩს დააშტერდა. – სისხლი მოგდის, – დაამატა ხვნეშით და ბარმენს გახედა. სალფეთქი ითხოვა და გაუწოდა. – არ იცი, რომ არ შეიძლება მასე მოქცევა? – ისევ ეშმაკური ღიმილი აუთამაშდა სახეზე მას მერე, რაც ტუჩები სალფეთქმა დაუფარა თიკას. – როგორ მასე? – წარბები გაკვირვებით აზიდა ზემოთ და პასუხის მოლოდინში თვალებში მიაშტერდა სანდროს. – ტუჩს ნუ იკვნეტ... თორემ ერთხელ შენ თუ არა, სხვას შემოეჭმება! – თვალი ნიშნისმოგებით ჩაუკრა. სუნთქვა შეეკრა თიკას და თვალები დახუჭა. მარცხნივ შეტრიალდა და იდაყვებით დახლს დაეყრდნო, კიდევ ერთხელ შევსებისთვის ჭიქააუწია ბარმენს და როგორც მიიღო სასურველი სასმელი, მაშინვე ერთი მოსმით ჩამოცალა. – რა ხდება შენს თავს? – ჰკითხა სანდროს ისე, რომ არ შეუხედავს მისთვის. თითქოს უბრალოდ თავისთვის იჯდა და საუბრობდა. სხვაგვარად ამდენს ვერ გაბედავდა, სიტყვები არ ამოუვიდოდნენ პირიდან. თუმცა, იქნებ, ასეც სჯობდა... ვინ იცის. – ისეთი არაფერი. ჩემს კომპანიაში რაღაც სკანდალი იყო და ჩემს ზურგზე გადაიარა ყველაფერმა, – თქვა გულწრფელად. სანდრო გოგოს სახეს ათვალიერებდა და მისი უნაკლო ნაკვთებით ტკბებოდა. პროფილშიც კი ულამაზესი ცხვირი ჰქონდა და მის სილამაზეს მილიონ ქალში გამოარჩევდით. ბავშვური სახე ჰქონდა, მაკიაჟმიუკარებელი. ასე თუ გაგრძელდებოდა მისი ცხოვრება, ალბათ, მუდამ ასეთი ბავშვური სახე დარჩებოდა. თუმცა სანდრომ იცოდა, რომ ასე ვერ გაგრძელდებოდა... იცოდა, რომ ატკენდა და თავადაც ეტკინებოდა, მაგრამ მაინც რისკავდა. ღრმად შეეტოპა და უკან გამოსვლა გადაულახავ ბარიერად ეჩვენებოდა. თუმცა ჯერაც არ იყო გვიანი... უბრალოდ, უჭირდა, რადგან ეს ის სვლა არ იყო, რომელიც სურდა, რომ განეხორციელებინა. – სკანდალები საქართველოში ჩვეულებრივი ამბავია, – მხრები აიჩეჩა და გაიღიმა თიკამ. – ხო, მაგრამ ყველაფერს აქვს საზღვარი... – ამოიხვნეშა ბიჭმა. უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. ბარის ხმაურიც თითქოს წამიერად ჩაიხშოვო. ყურები აუგუგუნა ამ სიჩუმემ... სამარისებრმა სიჩუმემ, რომელიც მხოლოდ ორ ადამიანს შორის ისე ძლიერად ჩამდგარიყო, ბარის დამაყრუებელ ხმაურსაც ფარავდა. ხო, ეს ის ერთადერთი შემთხვევა იყო, სიჩუმე რომ ხმაურს ფარავდა. ასეც უნდა ყოფილიყო, სხვაგვარად ვერ იქნებოდა. – შენს კომპანიაში სკანდალები იყო და ჩემი უახლოესი დაქალის ცხოვრება ამოტრიალდა, – წამოიწყო, სიჩუმითა და ალკოჰოლით ერთდროულად გაბრუებულმა, – ღალატი ერთადერთი რამაა, რაზეც გული მერევა, გულწრფელად ვამბობ და იმ ქალს უღალატა ქმარმა, რომელიც მას ეთაყვანებოდა, აკერპებდა, ყოველივეს ერჩია... წარმოგიდგენია? ასე, ურცხვად უღალატა და არც დაუფარავს, – მტკივნეულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე, – სიყვარული უცნაური რამაა, უნებურად რომ იჭრება შენს ცხოვრებაში და ყველაფერს გილაგებს... აი, ღალატი კი... – ყელში ბურთად მოაწვა ზიზღი. ტუჩები მოკუმა, რადგან ეგონა, რომ აღებინებდა. სასმლის ეფექტი არაფერ შუაში იყო, ეს გრძნობა დიდი ხნის განმავლობაში სდევდა. მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ გეგა მარიამს ღალატობდა. ახლა კი, თითქოს ერთიანად მოაწვა ყველა განცდა. – ღალატი ის გაცნობიერებული ქცევაა, რომელიც დალაგებულს ისე არევს, მიწიერი არავინ მოიძბნება, რომ დაალაგოს... გაკვირვებული ჩანდა სანდრო. მეტიც, გაიყინა. თითქოს მის ნამუსს რამდენჯერმე გააწნეს სილაო, თუმცა თიკა ამ ყველაფერს ვერ ამჩნევდა. ან კი, როგორ უნდა შეემჩნია?! – ნუ იტყვი, რომ ღალატი ნებიერი ქცევაა, – უპასუხოდ არ დატოვა მონოლოგი სანდრომ, რომელიც ზედმეტადაც კი ჩანდა „გაწურული“. თიკას ჯერ გაუკვირდა, შემდეგ კი სიმწრისა და ირონიის ნარევი ღიმილი აუთამაშდა სახეზე. – რას გულისხმობ? – მხოლოდ იმას, რომ ღალატი ყოველთვის გათვითცნობიერებული ქცევა არ არის, მოღალატის მიერ, – ახსნა ის, რაც თიკამ მანამდეც იდეალურად გაიგო. – და, როდის არის გაუცნობიერებელი? – ახლა უკვე თამამად შეეძლო შეეხედა ბიჭისთვის და მის მწვანე თვალებში ამოეკითხა გულწრფელი იყო თუ არა პასუხები. შეუძლებელი გახდა, ვერაფერი ამოიკითხა. ალბათ, ბარის ეფექტი იყო. ყოველშემთხვევაში, უნდოდა, რომ ასე ყოფილიყო. – დღეს აქ, ამ ბარში, რამდენიმე ერთეული კაცი დათვრება და ლამაზი ქალებით გარშემორტყმული თავს ვერ აჯობებს... რამდენიმე ოჯახი ამის გამო დაინგრევა. ქალაქში ასობით ასეთი ბარია, ქვეყანაში – ათასობით და მსოფლიოში – მილიარდობით. კაცები არ ანგრევენ ოჯახებს, მხოლოდ ოჯახები ანგრევენ თავიანთ მომავალს. არ თქვა, რომ ეს გაუცნობიერებელი ქცევა არ არის, რადგან შენ იცი, სასმლის ეფექტი. სასმელი ყოველთვის დიდ როლს თამაშობს კაცის არსებაში; არსებითად უძვრება მის ქვეცნობიერს და იქამდე არ გამოდის, სანამ არ ჩაადენინებს იმას, რასაც შემდეგ ყოველთვის ნანობს. მნიშვნელობა არ აქვს, დღეს მსოფლიოში რამდენი კაცი უღალატებს ცოლს, მთავარია, რამდენი ოჯახი დაანგრევს სტერეოტიპებს და რამდენი ქალი გაანცნობიერებს, რომ ეს შემთხვევითობა იყო. არავინ არის უშეცდომო, მითუმეტეს კი მთვრალი ადამიანი... – ძლივს დაამთავრა სანდრომ მონოლოგი. თითოეული სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ღრმად სუნთქავდა, თითქოს მის ფილტვებს ჰაერი არ ჰყოფნითო. თითოეულ სიტყვაში რაღაც მეტს დებდა, ვიდრე უბრალოდ ბგერები და ინტონაცია იყო... თითქოს ცდილობდა მის დარწმუნებას. – ეგ ღალატი არ არის, – მოუჭრა მოკლედ, – მაგისგან არც ქალია დაზღვეული. კარგად ხვდები, რას ვგულისხმობ! – ვხვდები, – არც ნაკლებად ლაკონური იყო მისი პასუხი. დიალოგს დიდი პაუზა მოჰყვა. აღარც სვამდნენ. უბრალოდ, გარინდებულნი უსმენდნენ ბარის კედლებს შორის დაგუბებულ ჰაერში გაფანტულ ბგერებს. ისე ჩანდა, თითქოს სასაუბრო აღარ ჰქონდათ, თითქოს მთელი ცხოვრება ერთმანეთს მოყვებოდნენ და ერთფეროვანი ცხოვრებისგანაც უკანასკნელი წვეთი შესვესო. თუმცა ეს საუბარი მხოლოდ ყველაფრის დასაწყისი იყო. ჯერაც არაფერი ჰქონდათ ერთმანეთისთვის ნათქვამი, თუმცა ორივესთვის საკმარისი აღმოჩნდა იმის საფიქრელად, რომ იცნობდნენ ერთმანეთს. უსასრულოდ აღარ გაუგრძელებიათ სმა. ბარიდან გამოვიდნენ. სანდრომ სადღაც გადარეკა, გვიან მიხვდა თიკა, რომ მძღოლს ურეკავდა. – ფეხით მინდა გავლა რაა, – ახედა მუდარით, როგორც საუბარი დაასრულა ბიჭმა. გაეღიმა სანდროს. – თბილისია, პარიზი ხომ არა... – მხრები აიჩეჩა, მაგრამ ეს არ იყო უარი. დაიბრუნა ტელეფონი და ახლა სხვა ბრძანება გასცა. – აუცილებელი არ არის, რომ შენც ფეხით წამოხვიდე, – უთხრა და რამდენიმე წამშივე ინანა. ენაზე მწარედ იკბინა და ჩანთის კიდეს დაუწყო ორივე ხელის თითებით წვალება. – მარტო გაგიშვა ამ შუა ღამით? – ეს არ იყო კითხვა, უბრალოდ, რიტორიკული კითხვა იყო. გზას ჩაუყვნენ. ცაზე აღარც ერთი ნაჭერი ღრუბელი არ დაფრინავდა, ვარსკვლავები და მთვარე მომავალი დღის საოცარ ამინდსა და სანდროს გადაკარგვას აუწყებდნენ თიკას. გადაკარგვას ისევ წვიმამდე... ყოველშემთხვევაში, აქამდე ასე იყო და ეგონა, რომ ამის მერეც არაფერი შეიცვლებოდა. – პარიზი რომ ახსენე, ეჭვი შემეპარა შენს პატრიოტიზმში, – აღნიშნა თიკამ, შეპარვით მხოლოდ. – ახლა? – უდარდელად ჩამოხედა, თითქოს ელოდა კიდეც ამასო. – ახლაც მეპარება! – ფხუკუნით დაამატა და ტუჩის ცალი მხარე ჩატეხა. – მაიმუნობ! – თვალი ჩაუკრა და თიკამ იგრძნო მისი ძლიერი თითები თავის მხრებზე. სანდრომ ის მიიხუტა. ძალიან სასიამოვნო შეგრძნება იყო. თითქოს პირველად ეხუტებოდა ბიჭს. მისი მუხტი თიკაზე გადმოდიოდა და თრთოლას აიძულებდა მის სხეულს. ეს იყო ყველაზე სასიამოვნო შეგრძნება იმ შეგრძნებებს შორის, რომელიც თიკას გამოეცადა... ჩემო ტკბილებო, ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით... ცუდად გავხდი გუშინ, თავს ვერ ვწევდი ბალიშიდან და თუ ვწევდი ვაი იმ აწევას.. ჰოდა, ვერაფერი დავწერე და დღეს რაც მოვახერხე, ესაა მხოლოდ. ვიცი, რომ პატარა თავებს ვდებ, მაგრამ სხვაგვარად ვერ ხერხდება. როგორც ათას სიტყვას ვცდები, მუზა მიჩვეულია და მტოვებს ასე, დაუკითხავად. ასე რომ, ის გალანძღეთ :დ როცა არ მტოვებს, თავსა და დროს არასდროს ვზოგავ და კი ვწერ ხოლმე დიდ თავებს, მაგრამ დიდად არ მწყალობს ბოლო დროს მუზა და თქვენც ხედავთ შედეგს... მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.