ანა 2 თავი
შუადღე გადავიდა. კიდევ დიდხანს ვიმეცადინეთ. მსიამოვნებდა რატის გვერდით ჯდომა, მარჯვენა მხარი მეწვოდა, ვგრძნობდი მამაკაცის სიახლოვეს. შიგადაშიგ ხარბად შევისუნთქავდი ხოლმე ჰაერს, თითქოს რაღაცის დანაკლისს ვინაზღაურებდი. ხუთი გახდა. უცებ კარი გაიღო და მაღალი, ტანადი გოგო გამოჩნდა. ქერა. თითქმის რატის სიმაღლის იქნებოდა. ლამაზი, ლამაზი. «ის არის», _ მაშინვე მივხვდი. _ არ გამოდიხარ? _ პირდაპირ რატის მიადგა და მტრული მზერა მესროლა. არც მომსალმებია. _ ათ წუთში გამოვალ, დამელოდე, _ შეყვარებული თვალები მიანათა რატიმ, _ ზუსტად ათ წუთში. _ არ მალოდინო, _ ნინომ კიდევ ერთხელ შემომხედა და მეორე ოთახში გაუჩინარდა. გოგოებთან. მართლა ლამაზი ყოფილა. ისე ნაზად ხრიდა საუბრისას წამწამებს, როგორც ნახატი ფილმების პერსონაჟები. ეჰ, ამისთანა ქალის გვერდით მე რა მოსატანი ვარ. შემშურდა. 7 7 7 გარეთ წვიმდა. პალტოს საყელო ავიწიე და ფეხს ავუჩქარე. გადავწყვიტე, ტროლეიბუსით წავსულიყავი. მინდოდა, რაც შეიძლება მეტხანს დავრჩენილიყავი მარტო. საკუთარ თავთან. ვატყობდი, მემატებოდა საფიქრალი… ფანჯარასთან მოვკალათდი. ამოვიოხრე. «ოღონდ ეს კაცი არ შემაყვარო, ღმერთო… ოღონდ არავინ შემაყვარო…» _ შევთხოვე ღმერთს. თუმცა, შეყვარებამდე ჯერ შორს არის. მე ხომ ასე ადვილად არაფერს ვწყვეტ, მაგრამ რაღაც სხვანაირი წინათგრძნობა მაწუხებს. თითქოს რაღაც უცხო პერიოდი უნდა დაიწყოს ჩემს ცხოვრებაში… ჯერ არარსებული, ჯერ განუცდელი, ძალიან აკრძალული და უჩვეულოდ სასიამოვნო. ერთ კვირაში ყველაფერი მოვაგვარე. გვანცა ბაღში მივიყვანე. სულ არ გაჭირვებია. ისედაც ყველასთან ადვილად რჩება. ძალიან თბილი ბავშვია, უპრობლემო. «დადებ» მუთაქასავით, დაუყრი სათამაშოებს და მეტი არაფერი აინტერესებს ქვეყანაზე. მხოლოდ დროზე აჭამე. ერთი ესაა, რომ ჯგუფში ყველაზე პატარაა. შინ ცოტა დაძაბული ატმოსფერო შეიქმნა. ბესო ვერა და ვერ შეეგუა ჩემს შინიდან გასვლას. გაღიზიანებულია. არა უშავს, შეეჩვევა. ვგრძნობ, რაც დრო გადის, უფრო და უფრო ვშორდებით ერთმანეთს. რაღაც მოვალეობის გრძნობამდე დავიდა ჩვენი ურთიერთობა. ზოგადად, არ მიყვარს წუწუნი, მაგრამ მთლად უთქმელობაც არ იქნება. ამიტომ მარისთან, ჩემს დაქალთან ვიოხებ ხოლმე გულს. _ აღარ შემიძლია ასე ცხოვრება, _ ყოველთვის ასე იწყება ჩემი ბოღმის «დაცლა». _ შენი ბრალია, გენაცვალე, უპრეტენზიო რომ ხარ და ამდენს რომ ითმენ. კაცი ცოტა უნდა შეაჯანჯღარო. ჩემი ქმარიც ეგრე იყო, მაგრამ რომ არ მოვეშვი, ხომ ხედავ, იკადრა _ მიდგა-მოდგა და აგერ, «ომეგაში» ამოყო თავი. ჩვენც დიდი ხანი კი არ არის, რაც ამოვისუნთქეთ. _ ეჰ, ჩემო მარი, რა ბედნიერი ხარ, პრობლემა რომ არ გაქვს, _ შევჩივი მეგობარს. _ მაიცა რა, შენი ჭირიმე, პრობლემის მეტი რა მაქვს. აგერ, შემიკლა თამთამ ხელში. _ თამთას რაღას ერჩი? _ გამეცინა. _ რა ცუდი ასაკი აქვს, გოგო. ვეღარ ვთოკავ. ძალიან თავნება გახდა. _ გარდატეხის ასაკში არ იცი, რომ ყველა ბავშვი ასეა? _ შემჭამა, არ შემიძლია. არაფერს მიჯერებს. აი, გუშინ, მაგალითად, რესტორანში მიდიოდნენ კლასელები. სარვამარტოდ დაპატიჟეს ბიჭებმა. ამოიცვა ჯინსები და მიდი-ი-ი-ს! გადავირიე. არადა, გადასარევი კაბა მოუტანა ჩემმა მულმა. ცხვირი აიბზუა, მე ამას არ ჩავიცვამ, თქვენნაირი «სტარამოდნი» კი არ ვარო. გაიგე? აქეთ მასწავლის ჭკუას! შეიძლება თხუთმეტი წლის გოგო რესტორანში ჯინსებით წავიდეს? ამიხსენი, ერთი. რომ ჰკითხო, იპრანჭება! _ კარგი რა, მარი. შენ არ ყოფილხარ მაგის ხნის? აბა, გაიხსენე, რამდენ რამეს გვიშლიდნენ. საერთოდ რის უფლებას გვაძლევდნენ, რო? შენ დადიოდი რესტორანში? არ დადიოდი! ჯინსებს გაცმევდნენ? არ გაცმევდნენ. როგორი «ბოი» გვქონდა ხოლმე ჩვენებთან, დაგავიწყდა? მე, მაგალითად, ბანტისა და ფორმის გარეშე სკოლაში არ მიშვებდა დედაჩემი. მიუშვი მაგ ბავშვი თავის ნებაზე. ახლა სულ სხვა ცხოვრება მოვიდა, ხომ ხედავ. ამ დროს თამთა შემოვიდა. ყურსასმენებით შეიარაღებულა, ფლეერი ქამარზე ჩამოუკიდია და ცეკვა-ცეკვით მოქანაობს. კაი ტოლივით ამიწია ხელი, გაიტანა ტელეფონი და თავის ოთახში გაუჩინარდა. _ ა! შეხედე! შეხედე ერთი, რა დღეშია! ნორმალურია ახლა მაგი? _ ცოფებს ყრის მარი, _ მთელი დღე ეს «ნაუშნიკები» აქვს გარჭობილი და იპარჭყება უშნოდ. წიგნი ვერ წავაკითხე. ამხელა ძროხას «ჯეინ ეარი» არა აქვს წაკთიხული. რა უნდა ველაპარაკო. თინეიჯერი ვარო, გაიძახის. გავათინეიჯერებ მე მაგას! რა სასაცილოები არიან. არაფრისგან ქმნიან პრობლემას. _ ამის გადამკიდე, ვერც დაგელაპარაკე წესიერად. ერთი მომიყევი, რა სამსახური იშოვე, _ როგორც იქნა, მოიცალა ჩემთვის. _ სლუჟბა კაკ სლუჟბა, არის, რა. არ ვემდური. მოვუყევი ყველაფერი. გუგაც ვახსენე, რატიც. გადავეცი ჩემი განცდები. მარი ერთადერთი მეგობარია, ვისთანაც არასდროს არაფერი დამიმალავს. მასთან ყველაფრის თქმა შეიძლება. ვენდობი. _ სიმპათიურია? _ დაინტერესდა. _ რა ვიცი, მე ძალიან მომწონს. წვერიანი მამაკაცები, ხომ იცი, საერთოდ არ მიყვარს, მაგრამ მაგას ისე უხდება… პირდაპირ არ ვიცი, რა იქნება. _ ნეტა ერთი შენ! დაიკიდე! სხვა რა შეგრჩება, ერთი მითხარი. ნეტავ მეც ვმუშაობდე. ერთი გამიყვანა შინიდან და არაფერი მინდა. ისე, რა საინტერესოა, როგორ უნდა მოკვდე ქალი ამქვეყნად, ქმრის გარდა სხვა მამაკაცი არ ნახო. ა! რას იტყვი? _ მაცდურად იღიმება. _ აბა, რა გითხრა, _ ავიჩეჩე მხრები. _ ვითომ ყველა ქალი ჩვენნაირად ფიქრობს, თუ მარტო მე და შენ ვართ ასეთი გადარეულები? _ თავი უკან გადააქნია და აკისკისდა. მარის ძალიან ლამაზი ნაცრისფერი თვალები აქვს, ქერად შეღებილი თმა. ადრე ერთად ვმუშაობდით კვლევით ინსტიტუტში. ისე, კურსელები ვართ. ტყუპებივით სულ ერთად დავდიოდით. «კოფე ს მალაკომ» _ ასე გვეძახდნენ ინსტიტუტში თმის განსხვავებული ფერის გამო. მადისაღმძვრელი «დუეტი» ვიყავით. მაგრამ მესამე კურსზე რომ გადავედით, დაჰკრა ფეხი და გათხოვდა… _ შენ მოუკვდი შენ დედას! მოგკლავ მე შენ! _ გაკაპასდა მარი, როცა თამთა ისევ შემოვიდა ოთახში. _ რა მაწაკი ხარ. რა გინდა, ქალო, შეეშვი ბავშვს, რას გადაეკიდე? _ შევუტიე, _ შენ რაც უნდა დაუშალო, ხომ იცი, მაინც იმას გააკეთებს, რასაც თვითონ ჩათვლის საჭიროდ. რაც მეტს აუკრძალავ, მეტს მოგატყუებს. მაგდენს ვერ ხვდები? _ დავმოძღვრე, _ შენ როგორ გათხოვდი, დაგავიწყდა? ცხვირამდე რომ გქონდა მუცელი მოსული… მარის მშობლებს ცოცხალი თავით არ უნდოდათ დათოს სიძობა. ღარიბი ოჯახის შვილიაო. ყურიც არ შეუბერტყავს. ჩუმად მოაწერეს ხელი და მთელი წელი ასე ცხოვრობდნენ _ ცალ-ცალკე, თან ერთად. მე მეჯვარე ვიყავი. რომ დაორსულდა, მერე მიხვდა, უკვე აღარ შეიძლებოდა ურთიერთობის დამალვა. მამამისსაც რა გზა ჰქონდა _ ადგა და ხუთი თვის ორსული შვილი თავისი ხელით დაუსვა შინ მძახლებს… ახლა მეორე გოგონაც ჰყავს. გვანცაზე ერთი წლით დიდია. სალომე. ძალიან საყვარელი. თუმცა, პატარა ყველა საყვარელია. _ ბესოსი გამკვირვებია. რა ჯანდაბა უნდა, სულ მამამისმა ხომ არ უნდა არჩინოს! _ კოპები შეიკრა მარიმ. _ რა ვიცი, მე კი მომინელა და… არ სიამოვნებს, მუშაობა რომ დავიწყე. ახლა მთელი დღე კიკოსავით მარტო უწევს ყოფნა. _ უწევს და მოუწიოს. უყიდე ერთი მახათი და… _ კვლავ აკისკისდა. მეც. _ არადა, გახსოვს, როგორ გიყვარდათ ერთმანეთი? _ «გადამისროლა» უკან, წარსულში. უსიტყვოდ დავუქნიე თავი. მრავალმნიშვნელოვნად შევხედე. 7 7 7 …მეხუთე კურსზე ვიყავი. გამოსაშვები საღამო გვქონდა. საგანგებოდ შევიკერე ახალი კაბა. იაპონური შიფონის, ბორდოსფერი, ნახევრად მოშიშვლებული მხრებით. შიგნით ტანზე მოტკეცილი იმავე ფერის ატლასის სარჩული მეცვა. კარგად გამოვიყურებოდი ძალიან. ინსტიტუტის სასადილოში გვქონდა ბანკეტი. დიდის ამბით მოვრთეთ იქაურობა. რექტორატს თან სტუმრები ჰყავდა მოწვეული სოხუმიდან _ აფხაზი სტუდენტები უნდა ჩამოსულიყვნენ. რა მიზანი ჰქონდა ამას, დღესაც ვერ ვხვდები. ცოტა შემაგვიანდა. სასადილოს კარი რომ შევაღე, ცხელი ჰაერი დამეტაკა სახეში. ბუღი ასდიოდა იქაურობას. სიგარეტის. თვალებით ჩემს ჯგუფელებს დავუწყე ძებნა. უცებ შევამჩნიე, ზუსტად ჩემ წინ, პირველსავე მაგიდასთან, ვიღაც ძალიან უცხო ბიჭი იჯდა, რომელსაც ჩემს დანახვაზე პირთან მიტანილი ვაშლი ხელში გაუშეშდა. ასეთი რამეები მხოლოდ ფილმებში მინახავს. მესიამოვნა, მაგრამ არ შევიმჩნიე. გოგოებმა ხელი დამიქნიეს. ყველანი აქ იყვნენ. ჩემ გარდა. რაც შეიძლებოდა, რონინით წავედი. ვგრძნობდი «მის» მზერას. ისეთ ადგილას მომიწია დაჯდომამ, რომ ადვილად შეგვეძლო ერთმანეთის დანახვა… საღამო დაიწყო. ჯერ შესავალი სიტყვა ითქვა, მერე სადღეგრძელო, მერე ესა, მერე ისა და ზეიმიც დაიწყო. უფრო სწორად, დისკოთეკა. ადგილიდან არ დავძრულვარ. არც შეყვარებული მყავს, არც არავინ მომწონს. მთელი ხუთი წელი ისე გავიდა, სერიოზულად არავინ მომწონებია. ჯერ ისევ ძველ სიყვარულს «მივტირი». როგორც კიას ცოლი «კახური» ფილმიდან. თანაც ველოდები ჩემს «ახალგამომცხვარ» თაყვანისმცემელს, რას იზამს. ეტყობა, სოხუმელი სტუმარია. მხოლოდ ახლა, ამდენი წლის შემდეგ ვხვდები, რომ აფხაზი ყოფილა. მაშინ სად იყო აფხაზებზე ასეთი ამბავი. მათ მიმართ «ალერგია» მაშინ არავის გვქონია. მისკენ არ გამიხედავს, მაგრამ უმისამართო მზერით დავლანდე, როგორ წამოდგა და ჩვენი მაგიდისკენ გამოემართა. «დაიწყო», _ გავიფიქრე. იგი ღიმილით მომიახლოვდა და ხელი გამომიწოდა: _ ვაშუ რუჩკუ, მადამ, მოჟეტ, პოტანცუემ? _ შემეკითხა. დავიბენი. ყველაფერს ველოდი და რუსულად თუ მომმართავდა, ამას ნამდვილად არა. არადა, არ ჰგავდა რუსს. სად ვიცოდი ამდენი რუსული… რაღას ვიზამდი, ავდექი და გავყევი. ორივე ხელი წელზე მომხვია. მეც მორჩილად ჩამოვუწყვე მკლავები მხრებზე და ვალსი «შევუბერეთ». _ კაკ ვას ზოვუტ? _ Yნათია ილი Yნინო? _ ოდნავ ხრინწიანი ხმა ჰქონდა, ბოხი. _ ანნა, _ მიამიტად გავუღიმე. _ ნო ნე კარენინა, და? _ უფრო «ფართოდ» გაიღიმა. დავმუნჯდი. სად მოვუყარო თავი ახლა სიტყვებს. არა, რუსული მშვენივრად მესმის, ძალიან კარგადაც ვთარგმნი, ლიტერატურასაც ვკითხულობ, მაგრამ საუბარში ენა მებმება ხოლმე. ასეთ ვითარებაში კი, ხომ წარმოგიდგენიათ, რა დამემართებოდა. ჩემი კავალერი სოხუმის თეატრალური ინსტიტუტის სტუდენტი აღმოჩნდა. ქალივით ლამაზი ნაკვთები ჰქონდა, ამასთან, საკმაოდ ვაჟკაცური იერი. არ იყო ნაზი. ახლა რომ ვუფიქრდები, რობინ უილიამსს ვამსგავსებ. მაშინ ვის შევადარე, არ მახსოვს. ჩემმა გოგონებმა მაშინვე «სუნი იკრეს». ზოგმა თვალი მიყო, ზოგმა მრავალმნიშვნელოვრად გამიღიმა, ზოგმა აწეული ცერიც დამანახა _ მიდი, «მიაწექი», გადასარევი ვარიანტიაო. სიცილს ძლივს ვიკავებდი მათი შემყურე. ერთი სიტყვით, მე და «იმან» გამოვნახეთ საერთო ენა. სანამ შენ მოხვიდოდი, არც ერთი ქალი არ მომეწონაო, მიხსნიდა. დაგინახე თუ არა, მაშინვე თვალი დაგადგი, ინტუიციით მივხვდი, თურმე შენს გამოჩენას ველოდებოდიო, _ ქადაგად დავარდა ჩემი კავალერი. მას ალექსი ერქვა. გვარი არ უთქვამს. არც მე მიკითხავს. ერთი სიტყვით, დამინიშნა პაემანი. მეორე დღეს რუსთაველზე, პირველ სკოლასთან უნდა შევხვედროდით ერთმანეთს. ყვავილებით მოვალო, მითხრა, ხომ დამპატიჟებ შენთან «ჩაეპიწიეზეო». გამეცინა. ვერ ვიტან ჩაის. დიდის ამბით მოვემზადე შესახვედრად. «უკანასკნელ მოდაზე» გამოვიპრანჭე. ხუმრობა ხომ არ იყო, ამისთანა «კრასავჩიკს» უნდა შევხვედროდი. ჩემი იტალიური ტილოს შარვალი ჩავიცვი (ფოთში, გემზე მქონდა ნაყიდი), «ბანანების» სტილის, კრემისფერი. ზემოდან «მატროსკა» გადავიცვი. ჩემმა ბიძაშვილმა ჩამოიტანა ჯარიდან და ერთი ცალი მიფეშქაშა. მაგრად მიხდება. ფეხზე ისეთივე ზოლიანი «ტაპკები» ამოვიცვი, თმა მაღლა ავიწიე ცხენის კუდივით. ერთი სიტყვით, სპორტულ ფორმაში «გამოვიწვართე». მივდიოდი ქუჩაში და მთელი თბილისი «მიმქონდა». ვგრძნობდი, ხალხი რა ინტერესით მაყოლებდა თვალს. ეჰ, მაშინ მართლა კარგი «ნაშოჩკა» ვიყავი… მივუახლოვდი პირველ სკოლას. შენც არ მომიკვდე, სადღა იყო «მისტერ» ალექსი. არ ჩანდა. ნაბიჯი არ შემინელებია. ჩავიარე. პიონერთა სასახლესთან მოვტრიალდი და ახლა უკან ჩამოვიარე… არ მოვიდა. მე შეგნებულად დავაგვიანე ორი-სამი წუთი. ჩემი მოკლე ჭკუით, «ქალურად» მოვიქეცი. წინა საღამოს ცოტა რუსულშიც «წავიმეცადინე». დაძინებამდე გავაბი დიალოგი საკუთარ თავთან. შესაძლო ვარიანტები «გავითამაშე», რომ თავი არ მომჭროდა ახალ ნაცნობთან. სულ ტყუილად. აფსუს! ხასიათი გამიფუჭდა. არადა, ისეთი კარგი ამინდი იყო, გინდოდა, არ გინდოდა, სიყვარულის ხასიათზე დადგებოდი ადამიანი. რა უნდა მექნა. გულზე ვიყავი გამსკდარი. როგორ მომატყუა! აბა, მსახიობისგან სხვას რას უნდა ელოდე, _ ვინუგეშებდი თავს. ცხოვრებაშიც მსახიობები არიან. ერთი მაგის დედაც ვატირე-მეთქი, ჩავილაპარაკე, მიწისქვეშა გასასვლელში ჩავყვინთე და ქაშვეთთან ამოვყავი თავი. დავუყევი რუსთაველს… ცეკავშირის შენობას მივუახლოვდი. უცებ ზურგიდან მომესმა: _ შენი ფანრები ღამე ანათებს? მექანიკურად მივიხედე. არც ველოდი, ეს სიტყვები ჩემი მისამართით თუ იქნებოდა ნათქვამი. მაღალი, შავგვრემანი, სიმპათიური ბიჭი სათვალის ზემოდან გადმომყურებდა. _ მე მეუბნებით? _ შევეკითხე. თავი დამიქნია. ღიმილი არ მოშორებია. _ რა ფანრები? _ მხრები ავწიე. _ აი, ყურებზე რომ გკიდია. ა-ა-ა! ახლა მივხვდი. სულ დამავიწყდა, ჩემს საყურეს ფანრის ფორმა რომ ჰქონდა. _ არა, არ ანათებს, _ მეც გავიღიმე. _ სამაგიეროდ, შენ ანათებ, არა? _ გვერდით ამომიდგა. _ მე კი, _ მეცინება, _ შიგადაშიგ. _ როგორც ციცინათელა, ხო? _ ჩამეძია. შეკითხვა უპასუხოდ დავტოვე. _ რა გქვია? _ ანა. შენ? _ ეგრევე გავუშინაურდი. _ ნუკრი… სახელიც ლამაზი გრქმევია… შენსავით. _ ვიცი. _ რომ მომეწონე, ის თუ იცი? _ მოიხსნა სათვალე. _ ეგეც ვიცი. _ საიდან მოგდევ, ისიც იცი? _ აი, ეგ კი ნამდვილად არ ვიცი, _ ხმამაღლა გავიცინე, ნაბიჯი შევანელე და შევხედე. მაღალი შუბლი ჰქონდა, უკან გადაწეული თმა. შავი, დიდრონი თვალები. ულტრათანამედროვედ ეცვა. თეთრი ნაჭრის შარვალი, ისიც «ბანანები» და ფართხუნა მაისური. რაღაც უცხო მოყვანილობის ტუჩები ჰქონდა _ ზედა ოდნავ უფრო მსხვილი. უცხოელს ჰგავდა. _ სწავლობ? _ გააგრძელა დაკითხვა. _ ვამთავრებ. შენ? _ …თეატრალურზე, _ რატომღაც შეყოყმანდა. მოულოდნელობისაგან ადგილზე გავიყინე. აი, ბედის ირონია, თუ გინდა. სიცილით გადავაქნიე თავი. _ რა გაცინებს, რა ვთქვი სასაცილო? _ შეცბუნება დაეტყო სახეზე. _ იცი, ახლა საიდან მოვდივარ? _ ისევ შევჩერდი. შევხედე. _ არ ვიცი… _ პირველ სკოლასთან პაემანი მქონდა. ერთ ბიჭს უნდა შევხვედროდი. ისიც თეატრალურზე სწავლობს. _ რა გვარია? _ არა, შენ არ გეცოდინება. სოხუმელი სტუდენტია. _ მერე? _ მერე არაფერი. არ მოვიდა, _ ავიჩეჩე მხრები. _ კარგია, რომ არ მოვიდა, თორემ ხომ ვერ გაგიცნობდი. _ ალბათ, _ ისევ მეცინება. _ გეჩქარება? _ არა. _ მაშინ ყავაზე დაგპატიჟებ. მეტს ვერ გავწვდები. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე. პუშკინის ქუჩას ჩავყევით. ლამაზი წყვილი ვიყავით. აშკარად. ამას გამვლელების მზერითაც ვგრძნობდი. გოგოები მე მაყოლებდნენ შურით თვალს, ბიჭები _ ნუკრის… კაფეში შევედით. _ რა შევუკვეთოთ? _ შემეკითხა. _ ყავა. _ კიდევ? _ «კიდევს» ვერ გავწვდებით, _ გამოვაჯავრე. _ ხილი. _ იყოს ხილიც. უფრო და უფრო მომწონს. აი, ასეთს კი შეიყვარებდა კაცი. _ ქალიშვილი ხარ? _ შეკითხვა მოულოდნელი იყო ჩემთვის. ასეთი რამ არასდროს უკითხავთ. _ კი. სამწუხაროდ, _ ისევ გავიცინე. _ რატომ სამწუხაროდ? _ ისიც იცინის. _ რა ვიცი, აბა. მაშინ _ საბედნიეროდ. ორივეს გაგვეცინა. ხმამაღლა. აშკარად მოგვეწონა ერთმანეთი. ასე გავიცანი ჩემი მომავალი ქმარი _ ტყუილებით. მას არც ნუკრი ერქვა და არც თეატრალურის სტუდენტი იყო. ბესო ერქვა და ეკონომიურზე სწავლობდა, «გეპეიში». თუმცა, «ძვირად» დაუჯდა ჩემი გაცნობაც და მოტყუებაც… ექვს თვეში დავქორწინდით. გუგა ნელ-ნელა «მომიჩოჩდა». უცებ გამონახა ჩემთან საერთო ენა. ყოველდღე, სხვებთან «შემოვლას» რომ დაამთავრებდა, მე დამიჯდებოდა ხოლმე გვერდით, ბოლო «პასადკა» შენ ხარო, ხუმრობით მეუბნებოდა. კომპიუტერი უკვე «დავამხეცე». ისე სწრაფად ვბეჭდავდი, ოთახში ავტომატის კაკანივით ისმოდა ჩემი კლავიატურის ხმა. ვცდილობდი, შეცდომა არ გამპარვოდა. შეცდომა კი არა, სტილსაც ვასწორებდი მექანიკურად. ჩემი სპეციალობის გამოისობით (ფილოლოგი ვარ), რა მექნა, სხვანაირად არ შემეძლო. ძალაუნებურად ასე გამომდიოდა. სულ არ მიფიქრია იმაზე, რომ ჩემი ასეთი საქციელით შეიძლებოდა ვინმე გამენაწყენებინა. _ როგორ მიდის საქმეები? _ ზურგზე რატის თითის შეხება ვიგრძენი. ტალღამ დამიარა. ასე იცოდა ხოლმე. დაგიდგებოდა ზურგს უკან და საჩვენებელ თითს «გატაკებდა» ზურგში. ყველას ასე უკეთებდა, მარტო მე არ ვიყავი გამონაკლისი. ავხედე. თვალები ყავისფერი გახდომოდა. ზუსტად მაგ ფერის სვიტერი ეცვა. _ არა უშავს, მიდის ნელ-ნელა, _ ალმური წამეკიდა სახეზე. სულ ასე მემართებოდა, ჩემთან რომ გააბამდა საუბარს. _ ხომ არ იღლები? _ არა, სრულებით არა. ხანდახან ზურგი თუ მეტკინება. _ თვალები? _ თვალები? არ-ა?! _ გავიკვირვე. ცოტა ხანს შეჩერდა. წარბზე ცერა თითის ფრჩხილი გადაისვა, დაჟინებით ჩამაშტერდა თვალებში და მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა: _ მბეჭდავკა! _ თქვა. თითქოს რაღაც მიჩხვლიტეს გულში. ვერ მივხვდი, მისი ნათქვამი ქათინაურად უნდა მიმეღო, თუ შეურაცხყოფად. არ შევიმჩნიე. ურეაქციოდ შევხედე. _ ეს გუგას ტერმინია, _ ნიშნი მომიგო და გატრიალდა. გავშრი. ვისი ტერმინიაო? გუგა რა შუაშია? ან რაში დასჭირდა მისი «ჩაშვება»? ეჭვიანობს? რა სისულელეა! მაშინ რატომ მითხრა? ვიგრძენი, როგორ გაუფერულდა ყველა და ყველაფერი _ რატიც, გუგაც და მისი ქათიანურებიც. უხალისოდ გავაგრძელე მუშაობა. შესვენებაზე ინგამ და გიამ (მგონი, უყვართ ერთმანეთი) ოთახში მოგროვებული ფულით ყველი და შოთის პურები ამოიტანეს, თან მწნილი და წიწმატიც მოაყოლეს. მშვენიერი სადილი გამოგვივიდა. ამასობაში გუგაც შემოგვესწრო. _ დედა, როგორ ყვარებიხარ სიდედრს! _ შესძახა თინიკომ მის დანახვაზე. _ მართლა? რა კარგია! _ ხმამაღლა გაიცინა და დაამატა: _ ასეც ვიცოდი! დღეს ალბათ, ამიტომაც ვარ განსაკუთრებულ ხასიათზე. _ რა ხდება? _ დაინტერესდა ინგა. _ გადავწყვიტე, სასიყვარულო ლექსიკონი შევქმნა… ქართველი ხალხისთვის, _ პოეტური პათოსით წარმოთქვა. სიცილი ატყდა. ყველამ იცოდა მისი ენაკვიმატობის ამბავი და რაღაც არაჩვეულებრივის მოლოდინში სმენად იქცნენ. _ გადასარევი აზრია, _ «გვერდში ამოუდგა» თინიკო. _ აბა, ერთი გაგვიზიარე, რა ჩაიფიქრე! _ ქალბატონებო და ბატონებო! _ აქ გუგამ ჩაახველა, _ ყველას კარგად მოგეხსენებათ, რამდენად მწირია ჩვენს ქვეყანაში სასიყვარულო ლექსიკონი ისევე, როგორც სექსუალური ქმედებების ფორმები. მაგალითად, ცოლს, თუ იგი ახალმოყვანილი არ არის, არა აქვს უფლება, შიშველი ჩაწვეს ლოგინში. ეს ბის უმაღლესი გამოვლინება იქნება. ასევე ქმარს, არ შეუძლია ცოლის წინაშე გაიხადოს ტრუსი და შიშველი დაენახოს მას, რადგან კაცისგან ასეთი საქციელი «ტეხავს». ხომ მეთანხმებით? შორს ვართ, მეგობრებო, თავისუფალი სექსისგან, შორს. სრულ სექსუალურ ვაკუუმში ვიმყოფებით. ამიტომაც აუცილებელია, შევქმნათ სიყვარულის ქართული ლექსიკონი. აი, მაგალითად, ხომ არსებობს სიტყვა: «მიყვარხარ»? ჰოდა, რატომ არ უნდა არსებობდეს სიტყვა: «მიხარიხარ»? უყურეთ, რა მრავლისმთქმელი სიტყვაა? ან კიდევ, ვამბობთ: «მენატრები»… რატომ არ უნდა ვთქვათ, მაგალითად, «მეფიქრები»? სიცილნარევი ჩოჩქოლი შეიქნა. გუგა არ ცხრებოდა: _ რითი გვჯობია რუსები ჩვენ? არაფრით. აი, მაგალითად, რუსულში არსებობს ასეთი გამოთქმა: «ზაიმიომსია ლუბოვიუ». მითარგმნეთ ქართულად. ატყდა ერთი რია-რია. მე ჩუმად ვიჯექი, ხმას არ ვიღებდი. ჯერაც არ გამნელებოდა «მბეჭდავკათი» მიღებული დარტყმა. _ მივდიოთ სიყვარულს! _ დაახეთქა ინგამ. _ არ ვარგა, _ ხელი აიქნია გუგამ. _ რატომ, რატომ? თუკი არსებობს «მივდიოთ სპორტს», რატომ არ შეიძლება ვთქვათ, «მივდიოთ სიყვარულს»? _ პატარა ბავშვივით აიბზუა ტუჩები ინგამ. _ არ ვარ-გა! _ ისევ თავისაზე იდგა გუგა, _ შენ ჩუ! შენ ჯერ სექსს გაუგე გემო და მერე ილაპარაკე. ეს «საბავშვო» სიტყვა არ არის. _ დავკავდეთ სიყვარულით, _ კომკავშირელივით წამოიძახა თინიკომ. _ აჰ! თინა, თინა, კაკ ტებე ნე სტიდნა? დაკავება მე ხელფასის გამიგია, ან საქმით დაკავება. კი, ბატონო, მაგრამ სიყვარულით დაკავება რას ჰქვია! შენ რას იტყვი, რატი. გამოცდილი კაცი ხარ, კარგი ვერსია გექნება. _ მოვისურვილოთ, _ «ესროლა» რატიმ და თითებით წვერი ჩამოივარცხნა. _ ახლოსაა, ახლოს, _ მოწონების ნიშნად თავი დააქნია, _ მაგრამ მთლად ვერ მიესადაგება «პროცესს». _ ვისიყვარულოთ, _ არ ჩამორჩა რატის გია. _ ეგ ძალიან მშრალია. მასში ლოგინი არ ჩანს, _ დაიწუნა კვლავ. _ ვისექსაოთ, _ სიტყვა თავნება ბავშვივით გამექცა ენის წვერიდან. უცებ წამიერი დუმილი ჩამოვარდა. ჩემგან ამას არავინ ელოდა. ალბათ. _ მოლოჩინა! _ აღტაცებით შესძახა გუგამ და ტაში შემოკრა, _ აი, ვარიანტი! აი, ვერსია! ხუთიანი ანას! ხუთიანი, მაგრამ… მინუსით. _ რატომ მინუსით? _ დაინტერესდა თინიკო. _ იმიტომ, რომ ამ გამონათქვამის ჩემეული, ანუ ქართული ვარიანტი ერთობ მიმზიდველად ჟღერს… _ ე, ბიჭო! ნუ გადაგვაყოლე, გვითხარი, _ ვერ მოითმინა ინგამ. _ ვი-დიალოგი-ნოთ! ანუ, ეს არის დიალოგი ლოგინში! _ გუგა სკამის საზურგეს დაეყრდნო, მაიაკოვსკივით გაიშვირა ხელი წინ და გამარჯვებული სახით შემოგვხედა. ორიგინალური მიგნება იყო. ჩაეთვალა. 7 7 7 მხიარულება რომ ჩამთავრდა, გუგამ ჩემკენ გადმოინაცვლა. _ როგორა ხარ, მშვენიერო ანნა? არ შემიხედავს, ისე დავუქნიე თავი. _ იცი, მე ლექსების ახალი ციკლი უნდა გამოვუშვა და უნდა დავარქვა: ა-ნ-ნ-ა! _ მარჯვენა ხელით რევერანსივით ჟესტი გააკეთა. _ ძვირფასი სათაურია, _ ვუკბინე, _ მაგრამ ეს ორი «ნ» რა ამბავია! ან ერთი დატოვე, ან _ მეორე, _ ვამძაფრებ ირონიას ნასესხები ფრაზებით. _ ნუ მაშაყირებ. ხომ იცი, როგორ მომწონხარ. პირდაპირ მაგიჟებ. შენ ჩემი მუზა ხარ. _ მერამდენე? ალბათ, მეათე, არა? _ სიცილი დავიწყე. ჩემს დაცინვას არ მიაქცია ყურადღება. _ რომ არ შემიყვარო, იცოდე, თავს მოვიკლავ! _ გამწარებულმა განაგრძო «შებმა». _ ვიცი. _ იცი? საიდან? _ ჰმ! შენამდე ყველამ ასე მოიკლა თავი… შენსავით, _ «დავარჭვე» მახვილი ბოლო სიტყვას. _ ო-ო-ო! ეშმაკი ქალი ხარ, შენ, მშვენიერო ანა, ეშმაკი, _ დამიქნია თითი, _ ეშმაკი და თანაც საშიში. _ რატომ საშიში? _ წუპაკი ქალივით შევხედე. _ იმიტომ, რომ ჭკვიანი ქალები საერთოდ საშიშნი არიან. კიდევ კარგი, რომ ამქვეყნად ცოტა ქალია ჭკვიანი. _ კი, ნამდვილად საშიში ქალი ჩანს, _ ეს რატის ხმა იყო. იგი გემრიელად ხითხითებდა, _ მაგრამ შენ ხომ გიყვარს ასეთი ქალები? _ გახსნა მის კარტები. _ რა თქმა უნდა. მე რომ ქალთან «ვიდიალოგინო», სამ აუცილებელ პირობას უნდა აკმაყოფილებდეს: უნდა იყოს ლამაზი, ჭკვიანი და… არ უნდა იყოს გაუთხოვარი. ქალიშვილების წუწუნის თავი არ მაქვს. _ და სულ ასეთ ქალებთან აბამ რომანს? _ გამოვიჩინე ცნობისმოყვარეობა. _ სულ! _ გადაჭრით მითხრა. _ წარმომიდგენია, რა ცოტა ქალთან ყოფილხარ ნამყოფი, _ არ დავინდე და ჩავუნისკარტე. რატი კვლავ ახითხითდა. მწარე ირონია გამომივიდა. სამაგიეროდ, «მბეჭდავკასათვის» სამაგიერო გადახდილი იყო. არ შეიმჩნია. _ ხომ გეუბნებოდი, საშიშია-მეთქი. ახლა სხვა ამ აზრს გამოიტანდა ჩემი ნათქვამიდან? საიდან რა გამოაცხო, დაინახე? _ მიუბრუნდა რატის. _ მართალია ეს გოგო, რას ერჩი, _ რატი აშკარად ჩემს მხარეზე იყო. სახეზე კმაყოფილება ეტყობოდა. ვიგრძენი, როგორ შემცირდა ჩვენს შორის მანძილი ერთი ნაბიჯით. თითქოს უფრო ახლოს მივედით ერთმანეთთან. _ რამდენსაათიანი რომანები გაქვს ხოლმე? _ არ მოვეშვი. _ მ…მ…მ… მაქსიმუმ სამთვიანი. საათებში ნამდვილად არ გამიზომავს, _ ნახევრად სერიოზულად მიპასუხა. _ გამოდის, რომ ქალები მხოლოდ სტაჟირებას გადიან შენთან, არა? _ ისევ «დავკბინე». _ კი, ასე გამოდის, _ ყოყმანით დამეთანხმა. _ შენ გინდა თქვა, რომ ანაზეც ვრცელდება ეს ვადა? _ რატი სიცილით იჭაჭებოდა. _ ა-ა-რა, _ გუგამ შეურაცხყოფად მიიღო მისი შენიშვნა, _ ანას მაგას როგორ ვაკადრებ. მაგან ოღონდ მოისურვოს და… _ პირველი ვიქნები, არა? _ ჩავიცინე, _ შტატში ჩამსვამ. ვაკანსია არის? _ ცივად გავუღიმე. _ სხვათა შორის, ვაკანსია არ არის. ჩემს ცხოვრებაში პირველი ქალი ჩემი ცოლია. იყო და იქნება, _ გაბრაზდა გუგა, როცა მიხვდა, რომ აგრესიას ვიჩენდი მის მიმართ,. _ მე ყველა ქალი მიყვარდა, ვისთანაც მიურთიერთია და არც ერთისთვის არ მიწყენინებია. არც განშორებისას დამიტოვებია რომელიმე გულდაწყვეტილი. არასდროს! ყოველთვის ყველაფერი ლამაზად მთავრდებოდა და დღემდე ყველა დიდი სიმპათიით მიხსენებს, _ გადააქნია თავი. _ მაშინ შენ შანსი არა გაქვს, _ წამოვდექი და ტუჩები გავაწკლაპუნე, _ მე მეორე არასოდეს ვყოფილვარ, _ გავუღიმე, დემონსტრაციულად შევტრიალდი და ოთახიდან გავედი. მწარედ «გავუხუნე» ხუმრობა «შეყვარებულ შექსპირს». 7 7 7 ასე გადიოდა დრო სამსახურში. ადვილად მოვერგე კოლექტივს, ყველას ნდობა მოვიპოვე და მოწონება. მე მგონი, მარტო ნინოს «ვეპატარავებოდი» თვალში. ალბათ, პერსპექტიულ მეტოქეს თუ ხედავდა ჩემში. სხვა არაფერი დამიშავებია. ჯერჯერობით… ისედაც ვცდილობდი, ფრთხილად მოვქცეულიყავი. სხვისი თვალით ვუყურებდი საკუთარ თავს, საკუთარ ქმედებას. შორიდან ვზვერავდი, ცუდად ხომ არ ჩანდა თანამშრომლებში, გუგა რომ ასე მეფლირტავებოდა გათხოვილ ქალს. მაგრამ იმდენად შეკრული იყო თანამშრომელთა წრე, ამის საშიშროება ნამდვილად არ მემუქრებოდა. ყველამ იცოდა, რომ ჩემი მხრიდან ეს უბრალო ხუმრობა იყო და სხვა არაფერი. რაც შეეხებოდა გუგას… არც ის იყო მაინცდამაინც «დამწვარი» სიყვარულით და ამიტომ ვცდილობდი, ნელ-ნელა ჩემს «რელსებზე» გადამეყვანა. მეგობრობა შევთავაზე, ჩვეულებრივი მეგობრობა. გამიძალიანდა. _ ვერ წარმომიდგენია, რა ადგილში შეიძლება ქალისა და მამაკაცის უბრალო მეგობრობა? _ იჩეჩავდა მხრებს, _ თანაც შენნაირი ქალის, ან… ჩემნაირი კაცის. მგელს რომ კრავი მიაბარო… ზუსტად ეგ ვარიანტია, _ მომანათებდა ხოლმე თავის ცისფერ თვალებს. მერე კი ლექსებს მიკითხავდა. 7 7 7 როგორც იქნა, ჩემი პირველი ნამუშევარი დავამთავრე. ვიღაც გამცემლიძის პუბლიცისტური წერილების სერიალი. უზარმაზარი. ავტორი ერთი პუტკუნა ქალი იყო, სქელი. ფუფალასავით გამოპრანჭული დადიოდა. შინაბერას შთაბეჭდილებას ტოვებდა. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდა ეს ქალი და პირდაპირ ჩემკენ გამოაჭრა: _ გოგონი, თქვენ აკრიფეთ ჩემი წერილები კომპიუტერზე, არა? _ ოფიციალური ტონით მომმართა. _დიახ, მე, _ ვცადე, მომხიბვლელად გამეღიმა. _ სტილიც თქვენ ჩაასწორეთ? _ გააგრძელა. _ დი-ა-ხ, _ შევცბუნდი. მგონი, შევცდი. რაც ჩემი საქმე არ იყო, არ უნდა გამეკეთებინა. როგორც ჩანს, რაღაც დავაშავე. «დამერხა», _ გავიფიქრე. ქალი უსიტყვოდ გატრიალდა და პირდაპირ რატის კაბინეტში დურთა თავი. დავიძაბე… გავიდა დაახლოებით თხუთმეტი წუთი. ეს დრო საუკუნედ მეჩვენა. იგი მალე ზურგშექცევით გამოვიდა რატის ოთახიდან და დიდი მოწიწებით მიიხურა ცხვირწინ კარი. მერე მე მომიტრიალდა: _ მე ასეთი არაფერი მინახავს… უბრალოდ, შეცდომა ვერ ვიპოვე შიგ. რა გინდა, შვილო, მბეჭდავად, ასეთი ქართული თუ იცი? _ გაასავსავა ხელები, _ პირველად შემხვდა ჩემს ცხოვრებაში ოპერატორი, სტილსაც რომ ასწორებდეს, _ ეს უკვე თინიკოსა და ინგას მიმართა. შვებით ამოვისუნთქე. კიდევ კარგი, რომ ასე კეთილად დამთავრდა ყველაფერი… მალე რატიმ მიმიხმო თავისთან, კაბინეტში. _ შენ თუ ასე გააგრძელებ, არც მბეჭდავი დამჭირდება სხვა და არც სტილისტი, _ ღიმილით მითხრა. როგორც იქნა, «შემამჩნია». _ ადრე მუშაობდი სტილისტად? _ არა, არასდროს. _ აბა, საიდან? _ რა ვიცი, მე… ფილოლოგი ვარ და… _ რას ამბობ! არ ვიცოდი, _ დამნაშავესავით გაიღიმა, _ ინგას არც უხსენებია…. _ არა, რა საჭირო იყო, მე ხომ მბეჭდავად უნდა მემუშავა… _ რას იტყვი, შეითავსებ სტილისტის საქმეს? _ თითები ააცეკვა მაგიდაზე. _ რა ვიცი, თუ ვინმეს ხელს არ შევუშლი… _ არა, არ შეუშლი. ჩვენ სტილისტი არ გვყავს. იმიტომ, რომ აქ გასწორებული სტილი არასდროს მოსწონდათ ჩვენს ავტორებს, ამიტომაც დროებით გავაჩერეთ ეგ შტატი. შენ კი უცებ ისეთი ფურორი მოახდინე… თუმცა, არა მარტო მუშაობით, _ მრავალმნიშვნელოვნად ამომხედა. _ დაჯექი, რატომ დგახარ? _ ახლაღა შეამჩნია, რომ ფეხზე ვიდექი. _ გმადლობთ, _ უჩუმრად გამოვწიე სკამი და ჩამოვჯექი. ხმაც ამიკანკალდა და მუხლებიც. _ გუგას გემოვნებაში ეჭვს ვერ შეიტანს ადამიანი, _ გააგრძელა შემპარავად, _ შეუმჩნეველი არსად დარჩება ლამაზი ქალი. «ლამაზი ქალი» ყურში მომხვდა. ვითომ ასე ფიქრობს? რაც შეიძლებოდა, მიამიტი სახე მივიღე, რომ შემეფერებინა დირექტორის კომპლიმენტი, პირველად რომ გამოიმეტა ჩემთვის. _ ესე იგი, თანახმა ხარ? _ კვლავ ძველ თემას დაუბრუნდა, _ სცადე. _ კი ბატონო, ვცდი, _ დავუქნიე თავი. ფეხზე წამოვდექი. თვითონაც წამოდგა, ახლოს მოვიდა და ჩვეული მზერით ჩამხედა თვალებში: _ შენ მართლა ლამაზი თვალები გქონია. როგორ აქამდე ვერ შევამჩნიე?.. _ მაღლა აზიდა წარბები და პაუზა გაწელა, _ როგორა თქვი მაშინ? ვისექსაოთო, არა? _ გამახსენა «დიალოგინის» ჩემეული ვარიანტი. ცეცხლი წამეკიდა სახეზე. ლოყები გამიხურდა. ესე იგი, იცის, რომ მომწონს. მიხვდა. თუმცა, როდის იყო, ქალის თვალები რამეს მალავდა. მეც ყველაფერი მუდამ ზედ მაწერია. სულ ასე «ჩამიშვებს» ხოლმე. იქნებ, არც მიცდია დამალვა?.. _ იფიქრე მაგ საკითხზე, _ სერიოზულად მითხრა და მხარზე მომითათუნა ხელი. თავი დავუქნიე, ოღონდ ვერ მივხვდი, «მაგ საკითხში» რა იგულისხმებოდა _ სექსი, თუ სტილისტის საქმიანობა..... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.