შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

რეალობა (თავი 5)


30-05-2016, 21:10
ავტორი nicol
ნანახია 6 455

მეოთხე კვირა საფრანგეთი
ისევ აეროპორტი. ტოვებდნენ იტალიას, ტოვებდნენ დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით. ქეთო ისევ ფრენისწინა პანიკაში იყო და უკვე მეორე აბ დამამშვიდებელს სვამდა.
-რისი ღირსი ხარ მაგ მოშიშვლებული მუხლებისთვის?! - ყურთან ახლოს გაიგონა მიშოს ხმა და უნებურად დაიხედა მუხლებზე გახეულ ჯინსებზე.
-იცით ბატონო მიშო, - მისკენ შეტრიალდა ქეთო, - რამდენი ჯინსი მაქვს ასე მუხლებზე გახეული?!
-ვითომ? - გამომცდელად ჩახედა თვალებში მიშომ.
-გეფიცებით, - გულზე ხელი მიიდო ქეთომ, - მაგრამ პირობას გაძლევთ, როგორც კი ნემსს და ძაფს ვიშოვი, მაშინვე ამოვკერავ ყველას.
-აბა ერთი გაბედე.
ქეთომ გაიღიმა.
-თვითმფრინავში ისევ ძილს აპირებ? - დამამშვიდებლების კოლოფზე ანიშნა მიშომ.
-ძალიან დიდი იმედი მაქვს. - ამოიოხრა ქეთომ.
-არ გინდა რა?!
-რატომ?
-შეიცოდე მგზავრები. იმხელა ხმაზე ხვრინავ, რომ წინაზე სტუარდესა ორჯერ შემოვარდა სალონში Marilyn Manson-ს ვინ უსმენს ხმამაღლაო.
ქეთოს გაეცინა და იდაყვი მიარტყა პრესზე.
-დაანებე ამ ჩემს პრესს თავი. - ხელისგულით დაიზილა მიშომ და მათკენ მომავალი ვახოსკენ შებრუნდა.
-წამოდით, რეგისტრაცია გავიაროთ. - თავით ანიშნა ვახომ და ისინიც უკან გაყვნენ.
ისევ მთელი გზა ეძინა ქეთოს. ისევ მთელი გზა აკვირდებოდა მიშო მის სახეს. ახლა ბევრად ახლობელი ეჩვენებოდა ქეთო. ღმერთო, რამდენი ხანი შეიძლება დაგჭირდეს ადამიანის გასაცნობად? ერთი კვირა? ერთი დღე? რამდენიმე წამი? რამდენი ხანია საჭირო იმისთვის, რომ მიხვდე ის უკვე შენი ნაწილი გახდა... არა, კი არ გახდა, ყოველთვის შენი ნაწილი იყო, უბრალოდ ახლა იპოვე. ახლა იპოვე და უკვე მისი დაკარგვა გაშინებს. ცხოვრებაში პირველად გეშინია ხვალინდელი დღის... იმის გაფიქრებაც კი გაშინებს - ღმერთო, რატომ ახლა? იქნებ ახლა რომ არა არც არასდროს შეხვედროდი? არ შეხვდებოდი და იარსებებდი ისევ ისეთ ნაცრისფერ არსებად... ახლა სხვა ფერი ხარ, ისეთი ფერი, რომელსაც მარტო სხვა კი არა, შენ თვითონაც ამჩნევ...

****
-დედა, რავა ვიფიქრებდი რომ ავიხდენდი ამდენი წლის ოცნებას და ჩამოვფრინდებოდი პარიზში, მარა სხვისი პაემანის მოსაწყობად? არა, რითი ვარ იმ ექვსეულზე ნაკლები? საბჭოთა კავშირს რა ვუთხარი მე, რომ გამოგვამწყვდია მთელი ახალგაზრდობა ქვის გალავნის იქით და ევროპა ცალი თვალითაც არ დაგვანახა, თვარა თაყვანისმცემლების მეტი რა მყავდა? - პარიზის ერთ-ერთი ფეშენებელური სასტუმროს რესეფშენთან ქართულად ქოთქოთებდა ქალბატონი ნაზი და საერთოდ არ იმჩნევდა მომსახურე პერსონალის უხერხულ ღიმილს, რომელთაც მთელი გონება მოეკრიბათ და სრული მობილიზაციით ცდილბდნენ ერთი ნაცნობი სიტყვა მაინც დაეჭირათ მათ „პორთფელში“ არსებული უცხო ენებიდან.
-ნება მომეცით ქალბატონო ნაზი, - ზურგსუკან მოისმა მამაკაცის იდუმალებაშეპარული ხმა და გაბადრული ნაზი მისკენ შემობრუნდა.
რა თქმა უნდა მისი ხმის გაგონებისთანავე მიხვდა რომ გალანტური მამაკაცი მის ზურგსუკან მიშო იყო, მაგრამ მაინც საშინლად ესიამოვნა და ზედმეტად ქალური ღიმილით შებრუნდა მისკენ.
-ქალბატონო ნაზი, თავს უფლებას ვაძლევ, პარიზში პირველ პაემანზე, ეიფელის კოშკზე თქვენ მიგიწვიოთ. - თავი გალანტურად დაუკრა და ხელი გაუწოდა მიშომ.
-დედა, რავარი ბიჭი ხარ?! - ზედმეტად კმაყოფილი სახით უყურებდა ნაზი. - ქალობას გეფიცები არცერთი იმ ინდაურისთვის არ მემეტები. რატომ არ ვარ რამდენიმე წლით ახალგაზრდა რომ გამები ჩემ ქსელში? -მცირე დუმილის მერე კი დაამატა. - ხვალ დილიდან გადაღებები იწყება და ცოდო ხარ ამაღამ გადაღლისთვის. იმისთვისაც მადლობა რომ შემომთავაზე.
-უარს არ მივიღებ, ქალბატონო ნაზი, - გაღიმა მიშომ და მოხრილი მკლავი გაუწოდა. ნაზიმაც ხელკავი გამოსდო და სასტუმროდან გასულებმა ტაქსი გააჩერეს.
სასაცილოა არა? ქალბატონმა ნაზიმ გოგონებს ეიფელზე პაემანის ექსკლუზივი წაართვა. ან ვინ დაიჯერებდა?
პირველივე დღიდან რაღაც სხვანაირი ურთიერთობა ჰქონდათ ქალბატონ ნაზის და მიშოს, მარტო მათ რომ ესმოდათ ისეთი. მსუბუქ ფლირტში გადაზრდილი უზომო პატივისცემა. ერთმანეთის, რადიკალურად განსხვავებულ, ხასიათში ამოცნობილი საკუთარი თავი და უბრალოდ შესანიშნავი მეგობრობა.
თითქმის მოიარეს მთელი ღამის პარიზი, ეიფელის კოშკზეც ავიდნენ. ახდა ქალბატონი ნაზის ოცნება. და იქ, ეიფელის ყველაზე მაღალ წერტილზე, ქალბატონმა ნაზიმ მუდარანარევი სინანულით ჰკითხა მიშოს:
-დარწმუნებული ხარ რომ ბაბუა სპირდონი ცოცხალი აღარ არის?
-ჩემი ხელით დავაფარე კუბოს საფარებელი, - სინანულითვე ჩაიქნია ხელი მიშომაც.
-რა გაეწყობა, ალბათ მართლა ვერასდროს ვიპოვი ჩემი ოცნების მამაკაცს. - მოჩვენებითი პათეტიკის უკან ძლივს დამალა სახეზე გადარბენილი ღიმილი.
მაშინ როცა ეს ორი ღამის პარიზის შეცნობით იყვნენ დაკავებულები, სასტუმროს ფოიეში შეშფოთებული სახით ისხდნენ ვახო, ლიზა და ქეთო.
-არა, არ ვინერვიულებდი შენ რომ აქ არ იყო, - ქეთოს გადახედა ვახომ. - მაგრამ არა მგონია მარტოს მოენდომებინა პარიზში თავგადასავლების ძებნა.
-იქნებ შემცვლელი იპოვა და სულაც არ არის მარტო? - ირონიულმა ღიმილმა გადაურბინა სახეზე ქეთოს. აშკარად ეტყობოდა თვითონაც ღელავდა.
ვახომ გადახედა, დააპირა რაღაც ეთქვა, მაგრამ გადაიფიქრა. კიდევ დიდხანს ისხდნენ ფოეში შეშფოთებული სახეებით, საათი უკვე თორმეტს გადაცდა, რომ სასტუმროში შემომავალი წყვილის სიცილი გაიგონეს და სამივე ადგილზე მიეყინა - არც მეტი და არც ნაკლები, თვალებგაბრწყინებული მიშო და ნაზი დაინახეს.
-ვახო, - პირველი გონს ქეთო მოეგო, - მიდი აბა თუ მაგარი ბიჭი ხარ დაიწყე შენებური ღრიალი... „სულ გაიჟდით თქვენ?“ - ხმა დაიბოხა და ისე გადაულაპარაკა, - „ამხელა ხალხს მეტი ტვინი არ გაქვთ?“ - სიცილით განაგრძობდა ქეთო.
ვახო ადგილიდან განძრევას ვერ ახერხებდა. ამასობაში ნაზი და მიშოც მოუახლოვდნენ.
-რას დაგიღიათ პირები? - პირველმა ხმა ქალბატონმა ნაზიმ ამოიღო. - არ უნდა მოგვილოცოთ? ჩვენ ხელი მოვაწერეთ. - გაბრწყინებული სახით გადახედა იქ მყოფებს.
ერთი წუთით ყველაფერი გაშეშდა. მეტყველების უნარი დაკარგეს.
-ვაი თქვენს პატრონს?! - პირველმა ხმა ისევ ნაზიმ ამოიღო. - რას გამოფენილხართ მთელი გადამღები ჯგუფი? შენ მაინც - იმწუთას ლიფტიდან გამოსულ ოპერატორ სანდროს მიმართა, - რას აყუდებულხარ? საქმე არ გაქვს? - საცოდავი სანდრო დამფრთხალი შებრუნდა და კიბისკენ წავიდა. - წაით დაისვენეთ, ხვალ მძიმე დღე გველოდება. - ახლა ისევ ფოეში შეკრებილებს მიუბრუნდა ნაზი და უდარდელად წავიდა ლიფტისკენ. შუა გზაზე მობრუნდა და მიშოს ჰაეროვანი კოცნა გამოუგზავნა. - მადლობა შესანიშნავი ღამისათვის. - და ლიფტში გაუჩინარდა.
დაახლოებით ხუთი წუთი იყვნენ ჩუმად და მომღიმარ მიშოს მიშტერებოდნენ.
-სად შემიძლია მე ამდენი? - ძალიან ჩუმად დაიწყო ვახომ. - მართლა ვეღარ ვეწევი შენს ფანტაზიებს, ბატონო მიშო. ძალიან გთხოვ, რამე შარში გახვევას რომ დააპირებ წინასწარ შემატყობინო, რომ მაშინ ვინერვიულო... მანამდე კი თავში ქვა გიხლია. - თქვა, დაავლო ლიზას ხელი და იმწუთას მოსულ ლიფტში გაუჩინარდა.
მიშო ჯერ ისევ ფეხზე მდგარი ქეთოსკენ მიბრუნდა:
-ჰორტონ, მოდი ამაღამ მაგრად გამოვთვრეთ მე და შენ.
-ხვალ გადაღებები გვაქვს და... - მხრები აიჩეჩა ქეთომ და ტუჩები ბავშვივით აიბზუა. - ჯობია წავალ და დავიძინებ. - შეტრიალდა, ისე რომ პასუხს არ დალოდებია და კიბეებისკენ გაემართა.
-ჰორტონ, ლიფტი აქეთაა... - მიაძახა მიშომ.
ქეთო არც შემობრუნებულა ისე გააგრძელა სვლა კიბეებისკენ. მიშოც უკან გაყვა და პირველ სართულზე დაეწია.
-წეღანაც კიბით ამოხვედი... შენ რა, ლიფტის გეშინია? - ახალმა აღმოჩენმა გაამხიარულა მიშო.
-ალბათ უფრო, დახურული სივრცის შიში მაქვს. უფანჯრო ოთახში მიჭირს ძალიან. - არ შემობრუნებულა ისე უთხრა და კიბეზე ასვლა განაგრძო.
მიშოც უკან გაჰყვა. ხმა არ მოუღიათ ისე აიარეს შვიდი სართული და ქეთოს ნომერთან შეჩერდნენ.
-ჰორტონ რამე გეწყინა? - კედელს ცალი მხრით მიეყრდნო და თბილად გადახედა ქეთოს.
ქეთომ დიდხანს უყურა, მერე რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, მიშოს მიუახლოვდა თითსწვერებზე აიწია და ნაზად აკოცა ლოყაზე.
-ძილინებისა მიშო. - ძლივსგასაგონად წაიჩურჩულა და კარსუკან გაუჩინარდა.
კიდევ დიდხანს იდგა ასე მიშო. ცდილობდა ორგანიზმში დავლილი თითოეული ტალღა შეეგრძნო და მაქსიმალურად ხანგრძლივად დაემახსოვრებინა ქეთოს რბილი ტუჩების შეგრძნება. მერე გაიღიმა და მსუბუქი ნაბიჯით გაემართა თავისი ნომრისკენ.

****
ჰმ...
პაემანი პარიზში... ეიფელის კოშკზე... ყველაზე რომანტიული და ყველა გოგოს საოცნებო თავგადასავალი...
ვერაფერს გეტყვით ეთო და ხატიაზე, რომლებთან პაემანიც ჰქონდა მიშოს ამ კვირაში, მაგრამ თვითონ მიშოს კი ერთი ეპიზოდიც კი არ ახსოვს იმ დღიდან. ძალიან ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული გოგონები, სიმართლე ითქვას ამ პაემანზე მიშოს საკუთარი თავი გიდად უფრო წარმოედგინა, ვიდრე მამაკაცად, რომელიც ეიფელის კოშკზე ორი შესანიშნავი გოგოს საზოგადოებაში იმყოფებოდა.
გაიხედეთ მარჯვნივ...
გაიხედეთ მარცხნივ...
დაახლოებით ამას გრძნობდა მიშო. თითქოს ჯინაზე ქეთოც არ ერთვებოდა არნაირი მითითებით და რეპლიკით.
ძალიან ნაცრისფერი იყო ის დღე. ისეთი ნაცრისფერი, რომელსაც ვერასდროს ამჩნევ და ვერც იმახსოვრებ. ასევე ნაცისფრად დასრულდა.
ასეთივე ნაცრისფერი იყო მისი არჩევანიც დღის ბლოს. ისევ ის შეგრძნება დაუბრუნდა, როცა არ იცი ვინ გაუშვა, არა იმიტომ რომ არცერთი არ გეთმობა, უბრალოდ იმიტომ რომ შენთვის ორივე სულერთია. ბევრი იფიქრა, რამდენჯერმე დააწყო გუნებაში ტექსტი, მაგრამ ამ ტექსტში ვერაფრით ჩასვა სახელი. ბოლოს უბრალოდ რაც პირველი მოადგა ის თქვა და პროექტი ეთომ დატოვა. კინაღამ სიცილი აუტყდა, როცა მიხვდა, რომ სულ სხვა ეგონა ეთო, თქვენ წარმოიდგინეთ სახელებიც კი არ ახსოვდა სწორად.
ესეც პარიზი...
ესეც ყველაზე რომანტიული ქალაქი... სიყვარულის ქალაქი.
სიყვარულს ვერ შექმის ადგილი...
შეიძლება თავი ყველაზე ბედნიერად სადღაც ტოსკანაში, ხის ტოტზე იგრძნო და სიყვარულის და რომანტიკის ქალაქმა თავი უბრალოდ ტურისტების გიდად გაგრძნობინოს.
მთავარი არ არის სად ხარ, მთავარია ვისთან.

****
-ასე მგონია ამ ყველაფრით შინაგანად გფიტავთ. - სასტუმროს უზარმაზარ აივანზე მარტო მჯდომ მიშოს მიუახლოვდა ლიზა და ყავის ფინჯანი გაუწოდა.
მიშომ თბილად გაუღიმა და ფინჯანი ჩამოართვა. ლიზა მის გვერდით ჩამოჯდა და თავისი ფინჯანიდან ყავა მოსვა.
-გეხვეწები ლიზიკო, ახლა ამაზე დარდს ნუ დაიწყებ. თავიდანვე ვიცოდი რაზე ვთანხმდებოდი. თან პირველი არ არის, როცა ისეთი რამის კეთება მიწევს, რითაც დიდად აღფრთოვანებული არ ვარ. - ცოტა სიჩუმის შემდეგ დაამატა. - აი, მაგალითად შენ... შენ თვითონ რატომ ხარ ამ პროექტში?
-... - ლიზა დაფიქრდა. - არ ვიცი, ალბათ უბრალოდ ჩემი სამუშაოა და იმიტომ. ტელევიზიასთან ჩემი სამუშაო ჯერ კიდევ სტუდენტობისას დავაკავშირე, ასე ვთქვათ პატარა სადიპლომო სიუჟეტი გავაკეთე და მას მერე დავრჩი კიდეც, თუმცა ასეთი პროექტი პირველია.
-ვიცი არ მიწყენ, -ლიზასკენ შებრუნდა მიშო. - შენისთანა მგრძნობიარე ადამიანისთვის მეტისმეტად მძიმეა ეს პროექტი. მახსოვს როგორ გავოგნდი, როცა ჩემს ხუმრობით ნათქვამ სავედურზე შეწუხდი, გახსოვს? პირველი კვირის გადაღებები გვქონდა.
-მახსოვს, - ჩაეღიმა ლიზას. - მაშინ მინდოდა ყველაფერი იდეალურად ყოფილიყო, მაგრამ როგორც ვხედავ არ გამომივიდა... თანდათან ვრწმუნდები რომ გაბრკოლებთ, შენც და....
-მეც და... ქეთოსაც? - ჩაეღიმა მიშოს
ლიზამაც გაიღიმა და ოდნავშესამჩნევად დაუქნია თავი.
-არა მგონია ქეთოს მარტო ეს პროექტი აბრკოლებდეს, არის კიდევ რაღაც...
-ქეთო, ზოგადად რთული ადამიანია, მაგრამ დამიჯერე, ეს მარტო მისი ბრალი არაა, ახლა რთული პერიოდი აქვს.
-რთული პერიოდი, რომელზეც არაფერს მომიყვები... - ისევ გაეღიმა მიშოს.
-ქეთოს ცხოვრებაა... - თვალები დახარა ლიზამ.
-ვიცი ლიზიკო, - მიშო წამოდგა და თავზე აკოცა, - წამო შევიდეთ, თორემ აგრილდა და რომ გაცივდე, ეიფელის ყველაზე მაღალი წერტილიდან გადმომისვრის ვახო.
ლიზას ჩაეღიმა და გაწითლდა. ოთახამდე მიაცილა მიშომ ლიზა.
-ლიზ, - კარებთან შეაჩერა მიშომ.
-?
-მაგარი კაცია ვახო. დამიჯერე, მთელი ცხოვრებაა ვიცნობ და უნამუსო ვიყო მასეთი ადამიანი თუ შემხვედროდეს სადმე. ისეთია, თვალდახუჭულს რომ შეგიძლია ენდო.
-ვიცი მიშო, შენც კარგი ადამიანი ხარ... გაგიმართლათ ერთმანეთი რომ გყავთ.
-ძილი ნებისა, ლიზა.
-ძილი ნებისა, მიშო.

მეხუთე კვირა (ისევ საფრანგეთი)

მეტნაკლებად უკვე პროექტის მონაწილე ყველა გოგოს იცნობდა მიშო. ხუთნი დარჩნენ: სოფო, ლიკა, ელენე, მაშო და ხატია.
მეხუთე კვირასაც პარიზში რჩებოდნენ. ლიზა ხვდებოდა რომ აშკარად არ გამოვიდა ისეთი სიუჟეტი, როგორსაც პარიზიდან ელოდებოდნენ. ასე საფრანგეთის დატოვება ნამდვილად არ ღირდა და შემდეგი პაემანი სოფოსთან დაგეგმეს. პირველი შემთხვევა იყო, თვითონ პროექტის ხელმძღვანელებმა შესთავაზეს მიშოს კანდიდატურა მომდევნო პაემანისთვის. ქალბატონმა ნაზიმ ჯერ კიდევ ღვინის დეგუსტაციისას შეამჩნია, რომ სოფო საკმაოდ საინტერესო პერსონაჟი იყო და ამისგან შეიძლებოდა შესანიშნავი სიუჟეტი გაეკეთებინათ, აი ისეთი, ტელევიზიას რომ უყვარს. დიდი თავგადასავალი არ დაუგეგმავთ, მხოლოდ რომანტიული ვახშამი ვერანდაზე, ღამის პარიზის არაჩვეულებრივი ხედით.
ყველანი ადგილებზე და გადაღება დაიწყო...
მიშო უხერხულობას გრძნობდა, იცოდა რომ ამ გადაღებიდან ბევრად მეტს ელოდნენ, ვიდრე უბრალოდ ვახშამი იყო. თვითონაც ცდილობდა, მართლა ცდილობდა, ყველანაირი მსახიობური ნიჭის გამოყენებით ცდილობდა... საკუთარ თავზე ბრაზობდა, ხომ იცოდა რომ ასეთი თამაში მოუწევდა და დათანხმდა, ახლა კი უგრძნობი ქვასავით იყო, უბრალოდ ვერაფერით ახერხებდა...
თამაშიც არ შეეძლო. ეს არ იყო მსახიობის მორიგი როლი. როლს უკვე დაწერილს და მოფიქრებულს გთავაზობენ, აქ კი... აქ შენ თვითონ უნდა შექმნა ისტორია... ისტორიის შექმნა კი გრძნობების გარეშე შეუძლებელია.
-მიშო, ტოსკანაში მის აცრემლებულ თვალებზე ჰკითხე. - საუბარში ქეთო ჩაერთო.
მიშოს ჩაეღიმა. დღეს პირველა დაუარა თბილმა ტალღამ სხეულში. დღეს პირველად გაიგონა ქეთოს ხმა.
-ჩვენ გვაქვს რაღაც დაუმთავრებელი. - სოფოს გაუღიმა მიშომ.
-დაუმთავრებელი? - გულიანად გაეცინა სოფოს.
-კი, - მიშოსაც გაეცინა. - წინა შეხვედრისას საუბარი არ დაგვიმთავრებია.
-ტოსკანას გულისხმობ?
-ტოსკანას და ღვინოს. თუ დავიწყოთ ისევ თამაში? - გამომცდელი ღიმილით შეხედა მიშომ.
-შეგვიძლია ვითამაშოთ, მაგრამ დამიჯერე არც შენ დაგადგება კარგი დღე. - თვალი ჩაუკრა სოფომ და ღვინო მოსვა.
-კარგი, - ხელები აწია მიშომ დანებების ნიშნად. - თამაშის გარეშე, მაგრამ მაინც მინდა გკითხო, ჩემი აზრით სხვანაირი რეაქცია გქონდა მაშინ ჩემ სიტყვებზე.
-ეგ იმიტომ რომ და-ძმა არასდროს მყოლია.
-ჩაეძიე - ისევ ქეთო ჩაერთო, - არამგონია მარტო ეგ იყოს მიზეზი.
-არც მე მყოლია და-ძმა, მაგრამ... - ხელები გაშალა და მხრები აიჩეჩა მიშომ.
სოფო წამოდგა, სახე შეეცვალა, ბევრად უფრო მგრძნობიარე და სევდიანი გაუხდა. ვერანდის მოაჯირთან მივიდა და ორივე ხელით ჩამოეყრდნო. ულამაზესი იყო ღამის პარიზი. მიშოც წამოდგა და მის გვერდით დადგა.
-არასდროს გქონია შეგრძნება რომ სადღაც შეიძლება შენი და ან ძმა არსებობდეს, ისე რომ შენ წარმოდგენაც არ გქონდეს?
მიშო ცოტა გაოცდა.
-რა ვიცი, აქამდე არ მიფიქრია... მაგრამ როგორც კი თბილისში დავბრუნდები მამაჩემს მოუწევს ჩემთან სერიოზული საუბარი. - ცალი წარბი აწია მიშომ და მოჩვენებითი სიმკაცრით გადახედა სოფოს.
სოფოს გაეღიმა.
-მე ვიცი, რომ მარტო არ ვარ.
-ამას უბრალოდ გრძნობ თუ...
-ვიცი... - თითქმის ცრემლმორეულმა ახედა მიშოს.
მიშომ ხელი მოხვია მხარზე და თავისკენ მიიზიდა. ეს უნებურად გააკეთა, უბრალოდ მისი დამშვიდება, თანაგრძნობის გამოხატვა უნდოდა. სოფოც მთელი სხეულით აეკრო, თითქოს თავშესაფარი იპოვა. მიშომ იგრძნო გოგოს ათრთოლებული სხეულლი და სურვილი გაუჩნდა გაეჩერებინა გადაღება და გაეყვანა აქედან. ხვდებოდა რომ სოფოსთვის მართლა ძალიან მნიშვნელოვანს ეხებოდა საქმე. აღარ აპირებდა ჩაძიებოდა და უბრალოდ შოუს მეტი რეიტინგისთვის მის გრძნობებზე ეთამაშა. ის იყო მაგიდასთან დაბრუნებას აპირებდა, რომ ყურში ქეთოს ცივი და მტკიცე ხმა გაისმა:
-აკოცე!
მთელი სხეული გაუშეშდა. დაიძაბა და მთელ ტანში დაუარა ტკივილმა წვრილ წერტილებად. ყურებს არ დაუჯერა. არ უნდოდა დაჯერება... ოღონდ ქეთოსგან არა.
-აკოცე! - კიდევ უფრო მტიკედ ჟღერდა ქეთოს ხმა.
ღრმად ამოისუნთქა და ერთადერთი რაც მოახერხა ყურსასმენი მოიძრო, მუჭში მოიქცია და ისე მოუჭირა რომ გატეხა.
კავშირი გაწყდა. ქეთომაც მოიხსნა ყურასმენი, სახეზე აიფარა ხელები და გადაღების ბოლომდე არ ჩამოუღია. არც ის დაუნახავს მიშომ როგორ მიაცილა მაგიდამდე სოფო, როგორ ილაპარაკეს არაფერზე, როგორ უთრთოდა შუბლზე ძარღვი მიშოს და როგორ მუშტავდა ნერვიულობისგან დროდადრო ხელს.
-ქეთ... - ლიზას ხმამ გამოარკვია.
სახეზე ხელები ჩამოისვა და თავი აწია.
-ქეთო... - ლიზას ცოტა აკლდა ტირილამდე.
-გთხოვ ლიზა... გემუდარები... თორემ ვეღარ გავაკონტროლებ თავს და... - წამოდგა და ოთახიდან გავიდა.
ლიზა არ გაყოლია. იცოდა ახლა მარტო უნდა დარჩენილიყო. დერეფანს გაუყვა ქეთო. არეული ნაბიჯით მიდიოდა. ლიზამ საპირისპირო მხრიდან მომავალი მიშო დაინახა. განრისხეული იყო. თვალები ბრაზისგან უელავდა. როგორც კი ქეთოს მიუახლოვდა ხელი მკლავში წაავლო. ქეთომ ვერც კი გაიაზრა, როგორ შეათრია ლიფტში და 27-ე სართულს მიაჭირა. კარი დაიხურა.
-ღმერთო, მიშო, არა... - ამოილურლუღა ლიზამ და სწრაფი ნაბიჯით წავიდა ლიფტისკენ.
კარი დაიხურა და ერთიანად შეშინებული ქეთო ლიფტის კედელს აეკრო.
-რას გრძნობ? - კბილებში გამოსცრა მიშომ და განრისხბული მზერა მიანათა ქეთოს.
ქეთო ერთიანად ცახცახებდა და ცდილობდა პანიკურ შიშს მორეოდა.
-მიპასუხე, რას გრძნობ, ამის დედაც... - ხელი წითელ ღილაკს მიაჭირა და ლიფტი მეცხრე სართულზე გაჩერდა.
უფრო მეტად დაიძაბა ქეთო, ცოტაც და ალბათ ტირილს დაიწყებდა.
-გეშინია? დაძაბული ხარ? - მიშომ ორივე ხელი კაბინის კედელს მიაყრდნო, ისე რომ აკანკალებული ქეთო მათ შორის მოიქცია. - მთელი სხეული გიკანკალებს? ფეხებიდან იწყება და ყველა ნერვის გავლით ტვინის ბოლო უჯრედამდე აღწევს? ხვდები რომ ცოტაც და სუნთქვა გაგიჭირდება? ჰაერი არ გყოფნის? გული ლამისაა ამოგივარდეს? ცდილობ გაიქცე, მაგრამ კედლებს აწყდები და გეჩვენება რომ საშველი არ არის. გეჩვენება, რომ ცოტაც და უბრალოდ აფეთქდები... სწორედ ამას ვგრძნობ ყოველ წუთს, როცა გხედავ, როცა გეხები, როცა შენი ხმა მესმის. ყოველ წამში თითქოს მთელ ცხოვრებას გავდივარ. ჩემი ფობია შენ ხარ. წარმოდგენა არა მაქვს ამ დედანატრები რეალობის შესახებ, მაგრამ წარმოუდგენელია ამ ყველაფერზე მწარე იყოს. - მიშო მოშორდა ქეთოს, ღილაკს თითი მიაჭირა, კაბინა ისევ ზევითკენ დაიძრა.
მიშომ სახეზე ჩამოისვა ხელები, მერე მკვეთრად მოტრიალდა და თითქმის უკვე იატაკზე ჩაცურებულ ქეთოსკენ გადაიხარა, ორივე ხელი მხრებზე შემოხვია და წამოაყენა. აკანკალებული გოგო უფრო ახლოს მიიზიდა და თითქმის გალურჯებულ ტუჩებზე დააცხრა.
სუნთქვა შეეკრა ქეთოს, ერთი წამოიწია ხელები და ისევ დაუშვა უღონოდ. მთელი სხეული მოუდნდა, თითქოს დიდი სტრესის მერე მოეშვა. ახლა უკვე საერთოდ ვერაფერს გრძნობდა. თავიც კი აღარ ახსოვდა. ახლა ხელი რომ გაეშვა მიშოს, უბრალოდ თავს ვერ შეიმაგრებდა და წაიქცეოდა. სხეულის თითოეული უჯრედი უფეთქავდა. ნელ-ნელა აღუდგა ნერვული სისტემა, ნელ-ნელა იგრძნო მიშოს სხეული და მისი ბაგეები საკუთარზე.
სწორედ ამ დროს დაიწკარუნა ლიფტმა და 27-ე სართულზე გაიღო კარი. მიშო ისევ ზურგით იდგა კარებისკენ და ისევ მკლავებში ჰყავდა მოქცეული ქეთო. ღია კარებში კი ვახო და ლიზა იდგნენ. მიშო ოდნავ მოშორდა ქეთოს, ირონიულად ჩაეცინა და ჩახლეჩილი ხმით ამოთქვა:
-მოვიდა არა ზედამხედველობის სამსახური?! - მერე ხელი ფრთხილად გაუშვა ქეთოს, რომელიც მაშინვე იატაკზე ჩაცურდა და ლიფტიდან გამოვიდა. ქეთოსთან ლიზა მივიდა, თვითონაც ჩაჯდა და ატირებულ მეგობარს ხელები მოხვია.
მიშო არეული ნაბიჯებით გაუყვა დერეფანს და როგორც კი ვერანდაზე გასასვლელ ღია კარს მოკრა თვალი, მაშინვე გავიდა და ღრმად ჩაისუნთქა სუფთა ჰაერი. ვახოც უკან მიყვა.
-ამის დედას**** ვინმემ დამარწმუნეთ რომ რასაც მე ვგძნობ არასწორია და დავიკიდებ ყველაფერს. - ხელები ნერვიულად მოუჭირა მოაჯირს.
ვახოს არაფერი უთქვამს, ხოლოდ მხარზე დაადო ხელი მეგობარს.

****
იმ კვირას კიდევ ერთი პაემანი უნდა შემდგარიყო.
იმ დღის მერე თითქმის არ შეხვედრიან ქეთო და მიშო. თითქოს თავს არიდებდნენ ერთმანეთს, მხოლოდ ერთხელ მოკრა მიშომ თვალი დერეფნის ბოლოში. ქეთო კიბისკენ მიდიოდა, მიშო ლიფტს დაელოდა.
საერთოდ აღარ ჩარეულა მიშო გადაღებებში და პაემანის დაგეგმვაში. კანდიდატურაც ნაზიმ შეურჩია - ლიკა. მდინარე სენაზე უნდა გაესეირნათ პატარა ბორანით. საკმაოდ შთამბეჭდავი თავგადასავალი უნდა ყოფილიყო, თუმცა არაფერი გამოვიდა.
სულ ცოტა დრო რჩებოდა გადაღების დაწყებამდე. მიშოს ყურსასმენი ნაზიმ მიაწოდა და კავშირი უნდა შეემოწმებინათ.
-კარგად გესმის? - ყურში ლიზას ხმა გაისმა.
მიშო ერთიანად დაიძაბა. ხვდებოდა რასაც ნიშნავდა ეს.
-ქეთო სად არის? - კბილებში გამოსცრა და უნებურად მომუშტა ხელები.
-დღეს მე დაგეხმარები. - ლიზა შეეცადა ხმისთვს უდარდელი ტონი მიეცა.
მიშოს ხმა აღარ ამოუღია. მოიხსნა ყურსასმენი და მიკროფონი და იმ მიკროავტობუსისკენ გაემრთა სადაც ლიზა ეგულებოდა. უკან ვახო გაყვა. მთელი ძალით გამოგლიჯა კარები და უკვე ფეხზე წამომდგარი ლიზასკენ გაავებული სახით წავიდა.
-სად არის ქეთო? - საკმაოდ ხმამაღლა მოუვიდა მიშოს, იმდენად რომ ლიზა შეკრთა კიდეც. - გეკითხები! სად არის ქეთო? - დაუმარცვლა და მთელი ძალით მიარტყა ხელი კედელს.
-სულ გაგიჟდი? გონს მოდი! - თავისკენ შემოატრიალა ვახომ და მკაცრად ჩახედა თვალებში.
მიშო ერთიანად მოეშვა, აცრემლებულ ლიზას გადახედა და სახე შეეცვალა. ღრმად ამოისუნთქა და იქვე სკამზე ჩამოჯდა.
-მაპატიე ლიზა, მართლა ვეშაპი ვარ. - თავი ხელებში ჩარგო და ძლივს ამოიბუტბუტა.
ლიზამ შეუმჩნევლად მოიწმინდა ცრემლი, ორი ნაბიჯი გადმოდგა და მიშოს გვერდით ჩამოჯდა.
-არა უშავს, არ მწყენია. - შეეცადა თბილად გაეღიმა. - ვიცი, შენც ძალიან გიჭირს.
-სად არის? - თავი არ აუწევია ისე იკითხა.
-თბილისში დაბრუნდა.
ღრმად მოისუნთქა მიშომ და მთელი სხეული დაეძაბა ისევ.
-რატომ? - ხმაჩახლეჩილმა ამოიხრიალა.
-რას გაიგებ? ეს ხომ ქეთოა... - ლიზამ უმწეოდ გაშალა ხელები და თვალები სად წაეღო არ იცოდა.
მიშომ თავი აწია და თვალებში ჩააშტერდა ლიზას.
-არ მივცემ უფლებას ასე მომექცეს... - ხმა ისევ უმკაცრდებოდა. - მოუწევს ჩამოსვლა და დაწყებულის ბოლომდე მიყვანა... არცერთ სცენას არ ჩავწერ სანამ არ ჩამოვა და ისევ მაგ მიკროფონთან არ დაჯდება. - მერე წამოდგა და გარეთ გავიდა.
ლიზამ სასოწარკვეთისგან არ იცოდა რა ექნა.
-მე დაველაპარაკები. - ვახომ თავზე აკოცა ლიზას და მეგობარს გაყვა უკან.
სენას გადაყურებდა მიშო. ნელა მიუახლოვდა. სანამ ვახო რამეს იტყოდა, მიშომ წამოიწყო.
-ვიცი, იდიოტივით ვიქცევი, მაგრამ... - ცოტა ხნით გაჩუმდა - ასე მგონია მთელი ცხოვრება თავზე მემხობა. მგონია აქ თავდება, ამის იქით აღარაფერია.
-მართლა ბავშვობაა ახლა გადაღების ჩაშლა. ლიკაზეც იფიქრე... - მცირე დუმილის მერე დაამატა. - დანაჩენზე ვერაფერს გეტყვი, რომ არ ვიცოდე როგორი ადამიანი ხარ ერთს გემრიელად შეგიკურთხებდი არასრულფასოვანი ადამიანივით მოქცევისთვის... მაგრამ გადასარევად გიცნობ და იმასაც ვხვდები, როგორ ცუდად ხარ. წამოდი დავასრულოთ დღევანდელი ჩაწერა და მერე გავარკვიოთ დანარჩენი.
მიშო შეტრიალდა და უსიტყვოდ წავიდა თავისი ადგილისკენ. შედგა იმ დღის პაემანი, თუმცა კიდევ უფრო ნაცრისფერი და მუქი იყო ვიდრე ეიფელზე, ახლა თავს ტურისტების გიდადაც კი ვერ გრძნობდა მიშო, ექსკურსის უბრალო წევრი იყო, რომელსაც უკვე მრავალჯერ აქვს დათვალიერებული ეს ადგილები და ახლა უბრალოდ უფასო ბილეთები აღმოაჩნდა და უსაქმურობისგან გადაწყვიტა წამოსვლა, იმ იმედით რომ სუფთა ჰაერზე იქნებ უკეთ გამოიძინების საშუალება მიეცეს.
ისევე უფერულად დამთავრდა ის კვირა როგორც დაიწყო. პროექტი ლიკამ დატოვა. მიშომ გადაწყვეტილება ნაზის რჩევით მიიღო. სოფო ბევრად საინტერესო პერსონაჟი იყო შოუსთვის ვიდრე ლიკა. მიშოსთვის სულერთი იყო.
მეორე დღეს უკვე ბარსელონაში მიფრინავდნენ. ქეთო იქ შეუერთდებოდა მათ. ლიზამ დაურეკა და მომხდარის შესახებ მოუყვა. ქეთოს ეტკინა... ძალიან ეტკინა და დათანხმდა ჩამოსვლას. მარტო მიშოს გამო არა, საკუთარი თავის გამოც. თითქოს მიზეზს მოეჭიდა, თითქოს ბოლო შანსს იყენებადა, სანამ კიდევ შეეძლო, სანამ კიდევ რაღაცით გაამართლებდა მათ სიახლოვეს. უჭირდა ფიზიკურადაც და სულიერადაც, მაგრამ მაინც დაბრუნდებოდა.
ბოლო ღამე იყო პარიზში. ვახომ ვერანდაზე მარტო მდგარი ლიზა დინახა და მასთან გავიდა.
-ძალიან დათრგუნულია არა? - ვახოს მიახლოება იგრძნო ლიზამ.
ვახომ ხელი მოხვია და მთელი სხეულით აიკრო.
-შენი ბრალი არაფერი არ არის, ხომ იცი?
-როცა ეს პროექტი წამოვიწყე, მეგონა მაგარ საქმეს ვაკეთებდი. გადამღებ ჯგუფში ალბათ ერთადერთი ვიყავი ვისაც მართლა ჯეროდა რომ აქ რეალურ სიყვარულს შევქმნიდით. ახლა კი... - ღრმად ამოისუნთქა. - მე მგონი ცხოვრებას ვუნგრევ ორ ადამიანს და აქედან ერთ-ერთი ჩემი უახლოესი მეგობარია. - ცოტაღა აკლდა ტირილს.
-მშვენივრად იცი რომ მათ ამბავში მარტო პროექტი არ არის დამნაშავე. არის კიდევ რაღაც... - თავი ააწევინა ვახომ და თვალებში ჩახედა. - რაღაც ხდება ქეთოს ცხოვრებაში.
ლიზამ თვალებზე ხელი აიფარა და ტირილი აუვარდა. აცახცახებულ მხრებზე კიდევ უფრო მაგრად მოხვია ვახომ ხელები.
-თუ არ გინდა ნუ მომიყვები, მაგრამ დაიმახსოვრე... მე ყველაფრის მიუხედავად მაინც მადლობელი ვარ ღმერთის, ლიზა მე შენ გიპოვე აქ.
-ასე მგონია ამის უფლებაც არ მაქვს, მაშინ როცა ქეთო... - ვეღარ დაასრულა და ისევ მოებრიცა ტუჩები სატირლად.
-აი ეგ მეორედ არ გაიმეორო, თორემ მე გავბრაზდები. ბედნიერების უფლება ყოველთვის გაქვს, თუნდაც სამყაროს აღსასრული დგებოდეს, შენ იმ წუთში თუ ბედნიერი ხარ უნდა შეირგო.
-როგორ მინდა ახლა ქეთოს ესმოდეს შენი სიტყვები...
-ქეთოც მიხვდება... მაგრამ არა ძალდატანებით. ჭკვიანი გოგოა და არც ისე პატარა, უბრალოდ ახლა ცუდი პერიოდი აქვს. ვინ ვარ მე რომ განვსაჯო, მაგრამ უჩემოდაც მიხვდება და დამიჯერე, მიშო დაეხმარება ამაში... ვიცნობ ჩემს მეგობარს, ასე ადვილად არ დათმობს. - ღიმილმა გადაურბინა ტუჩებზე და უკვე შუბლგახსნილ ლიზას თვალი ჩაუკრა.
-ამას როგორ ახეხრებ?
-რას?
-აი, სულ ორი სიტყვით ყველანაირი პრობლემის გადაჭრას ახერხებ.
-გადასარევი პროდუსერი ვარ... პროფესიულია. - თვალი ჩაუკრა და კიდევ ერთხელ მიადო ტუჩები საფეთქელზე მის მკლავებში გატრუნულ გოგოს.


--------------------------------------------------
ძალიან დიდი მადლობა ბავშვებო, ვინც კითხულობთ და აზრს მიზიარებთ love
კიდევ ორი თავიც და დავასრულებ love



№1  offline წევრი ket-kat

Dzalian magari gogo xar!!!ra moitmens xvalamde!!! dzalian gansxvavebuli da super istoriaa ,yochag!!!

 


№2 სტუმარი ნია

ძალიან მაგარი ისტორიაა. საოცარ ემოციებს იტევს და რაც მთავარია სულში მიძვრება და მთელი დღე ფიქრებად დამტრიალებს. ცოტა მეშიია იმ რეალობის, რომელსაც ასე მონდომებით გაურბის ქეთო, სწორ ამიტომაც ვუცდი შეპირებულ ბოლო ორ თავს, თორე ვატყობ დიდხანს რომ გაგრძელდეს ეს გაურკვევლობა შემიწირავს :( მაიმედებს შენი დანაპირები, რომ არავის არაფერი დაემართება და ბედნიერების ხილვის იმედს ვიტოვებ love

 


№3  offline წევრი დოროთე

ძალიან მომწონს!! ჩამითრია. იცი სად უნდა გაწყვიტო, როგორ დააინტრიგო მკითხველი, და ამავდროულად ემოციურად ბოლომდე გადატვირთო!! ყველაფერი იდეალურია!!!!

 


№4 სტუმარი ემი

არ მიყვარს გაურკვევლობა. არ მიყვარს ამის გამო რომ ურთიერთობები იძაბება და ფუჭდება... ყოველთვის მირჩევნია ითქვას და მერე ერთობლივად იქნას გადაწყევტილება მიღებული...

მართალია მიშო, რომელი რეალობა უფრო მწარეა, ვეღარ გაარკვია... ქეთოს ვურჩევდი დროზე თქვას, რასაც ვერ ამბობს და ეშინია...

სულ მინდოდა მეკითხა რამდენი თავი იქნება თქო... ორი თავი თან გამიხარდა, თან მეწყინა... გამიხარდა, იმიტო რომ ემოციურია და თანდათან დამთრგუნა და მტკივა და მირჩევნია დამთავრდეს... მეწყინა იმიტო, რომ ძალიან მეგემრიელებიიიიი და არ მემეტები დიდი ხნით დასაკარგად....

ძალიან ემოციური იყო, ნუ ლიფტის სცენა საერთოდ... რამდენიმე წინადადება ხელმეორედ წავიკითხე, რომ კარგად გამეგო...სული ამიფორიაქე....საოცრად წერ... love

პ.ს. ნაზიკოს და მიშოს პაემანი მართლა არაჩვეულებრივი იდეა იყო, საიდან მოგაფიქრდა... სულ ხმამაღლა ვკისკისებდი, გადავრიე ოჯახი... ასე მგონია ნაზიკო რაღაც როლს ითამაშებს მათი პრობლემის მოგვარებაში.... winked

 


№5  offline აქტიური მკითხველი lalita

ძალიან ორიგინალური ისტორიაა ყოჩაღ .არ დაიგვიანო.

 


№6  offline წევრი keso11

აი ვკითხულობ ამ თავებს და რა ვქნა გულთან ვერ მივუშვი ეს წყვილი-განსაკუთრებით ქეთო(ვიცი ძალიან ცუდს ვამბობ,ყველანაირი კანონზომიერებით და ყველანაირი მორალით საპირისპიროს უნდა ვფიქრობდე,მაგრამ არა და არა!არ მინდა ერთად დარჩნენ და ჰეფი ენდით დასრულდეს ეს ისტორია!)მომიტევეთ ვისაც ცუდ ხასიათზე დაგაყენებთ ჩემი კომენტარი,მაგრამ უთქმელობაც არ შემეძლო!ბოროტი გოგო ვარ დღეს,თვითონაც არ მინდა,მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ... what (თვითონ ისტორიას და წერის სტილს არ ვეხები-პირიქით აღფრთოვანებას იმსახურებს!)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent