რეალობა (თავი 6)
მეექვსე კვირა (ესპანეთი) მეორე დღეს გაფრინდნენ ესპანეთში, ბარსელონაში... სრული სიწყნარე აეროპორტში, მგზავრების ზუზუნიც კი არ ესმოდა მიშოს. აფრენიდან რამდენიმე წუთში დაიძინა. სიფხიზლის არანაირი მიზეზი არ ჰქონდა და იმიტომ. ხმელთაშუა ზღვისპირა ერთ-ერთ სასტუმროში დაბინავდნენ. გადაღებების დაწყებაზე ლაპარაკს ვერავინ ბედავდა ქეთოს ჩამოსვლამდე, თვით ნაზიც კი. ქეთო მეორე დღეს ჩამოფრიდა. მიშო მისი ნომრის კარებთან იატაკზე იჯდა. ზურგით კედელს მიყრდნობოდა და ჩოგბურთის ბურთს ესროდა მოპირდაპირე კედელს, იქიდან ასხლეტილს კი მოხერხებულად უხვედრებდა ხელს და იჭერდა. დილიდან იჯდა და არ დგებოდა. ლიზამ ჩაუარა, თბილად მოიკითხა და გზა განაგრძო. ქალბატონმა ნაზიმ შორიდან შეამჩნია, ახლოს არ მისულა ისე გადააქნია თავი და გზა განაგრძო. ვახო ლიფტთან გაჩერდა და იქიდან გამოსძახა: „მიკვირს როგორ არ გასახლებენ სასტუმროდან ამ ბრაგა-ბრუგისთვისო“. მერე ქეთო მოვიდა, რა თქმა უნდა კიბით ამოვიდა. მიშომ ნასროლი ბურთი დაიჭირა და ფეხზე წამოდგა. ქეთო მოუახლოვდა და ახლოს დაუდგა. ღმერთო, როგორი დაღლილი ეჩვენა მიშოს, თითქოს გამხდარიყო, თვალები შესამჩნევად ამოშავებოდა და შუბლზე ნაოჭი გასწოლოდა. -რატომ წახვედი? - ნაწყენი ბავშვივით ამოიბუტბუტა მიშომ. -ძალიან დავიღალე... წამოდი ოთახში ვილაპარაკოთ. - გვერდი აუარა და მიშოს ზურგსუკან კარები შეაღო. მიშოც შეყვა. ქეთო საწოლზე ავიდა, ზურგით მის თავს მიეყრდნო და ფეხები აიკეცა. -რატომ წახვედი? - უფრო მკაფიოდ გაიმეორა კითხვა მიშომ და საწოლის მეორე მხარეს დაჯდა, ზუსტად ისე როგორც ქეთო. -მიშო, მოდი სერიოზულად შევხედოთ ყველაფერს. ადრე თუ გვიან ეს მაინც მოხდება. რა მნიშვნელობა აქვს რამდენიმე დღით ადრე თუ გვიან? -რა მოხდება? -რა და მე წავალ ჩემი გზით, შენ შენით, თან სავარაუდოდ ვიღაცასთან ერთად ამ პროექტიდან. -ქეთო, დავიჯერო ვერაფერს ხვდები? მე შენზე და ჩემზე გეკითხები, რა შუაშია აქ პროექტი? -არავითარი მე და შენ არ არსებობს... ან როგორ შეიძლება იარსებოს? მიშო შენ კონტრაქტს მოაწერე ხელი, მე ამ პროექტის პროდუსერი ვარ. მე ვიყავი ის ადამიანი, რომელიც პროექტში მოსულ თითოეულ ადამიანს არწმუნებდა აქ სიყვარულის პოვნა შეგიძლიათ -მეთქი. და ახლა რა ვუთხრა იმათ? უი, ბოდიში ჩემთვის მომეწონა ეგ ბიჭი-მეთქი? -გოგო, ნუ გადამრიე! - უკვე ტონს უწევდა მიშო, - ფეხებზე ეს პროექტიც და ყველაფერი. ცვლის რამეს ის, როგორ გავიცანით ერთმანეთი? -ვალდებულებები ცვლის ყველაფერს. - თვალებ დახუჭა ქეთომ და ღრმად ამოისუნთქა. - მიშო, ჩემი ჩამოსვლით არაფერი შეცვლილა, დამთავრდება პროექტი და მაინც წავალ. ახლა დავბრუნდი იმიტომ რომ ბოლომდე მივიყვანო დაწყებული საქმე და შენ არ მოგცე ყველაფრის გაფუჭების უფლება. აქ მარტო მე და შენ არ ვართ, უამრავი ხალხია და პირველ რიგში ლიზა. ვიცი, ლიზაც შენს აზრზეა, - ხმის ამოღება არ აცადა მიშოს. - მაგრამ ლიზა ყველასთან ასეა, თავის ინტერესებს ყველაზე ბოლოში აყენებს, უბრალოდ ახლა მე აღარ მინდა ვინმემ ჩემი გულისთვის, თუნდაც მცირედი მსხვერპლი გაიღოს, იმიტომ რომ არ ღირს, იმიტომ რომ საქმის ვითარებას მაინც არაფერი შეცვლის და ფუჭი მხვერპლებით კიდევ უკვე დიდი ხანია დავიღალე. დაიმახსოვრე, რომ მე მარტო ვარ, შენ კი არა ვინც არ უნდა იყოს, თვით მამაზეციერი რომ ჩამოვიდეს მიწაზე, იმასაც კი არ მოვუშვებ ახლოს იმიტომ რომ მარტო ბევრად ადვილია. მარტო ჩემი ტკივილი კიდევ ასატანია, მაგრამ სხვის ტკივილებს უკვე ვეღარ ვუძლებ. გეხვწებით, გემუდარებით, უბრალოდ თავი დამანებეთ. მარტოობა ბევრად ადვილია!.. - ბოლო სიტყვები ცრემლებთან ერთად ჩაყლაპა ქეთომ. გაოგნებულმა მიშომ ხელები შემოხვია და გულში ჩაიკრა. არაფერი უთქვამს, ახლა არ ღირდა.ხვდებოდა რომ ზედმეტად გადაღლილი იყო ქეთო. ხვდებოდა რომ რაღაც ბევრად მეტს განიცდიდა. ის ზუსტად იცოდა რომ ასე ადვილად არ დათმობდა, მაგრამ იმასაც ხვდებოდა რომ ძალითაც ვერაფერს გააწყობდა. ახლა მისი წესებით უნდა ეთამაშა, ახლა ყველაფერში უნდა აყოლოდა, მაგრამ მოვიდოდა დრო და მიშო დაანახებდა, რომ ვერაფრეს შეძლო მათ შორის ჩამდგარიყო. იმ ღამეს ერთად ეძინათ, ერთ საწოლზე. მიშო არ გასულა ოთახიდან, ქეთომ დარჩენის უფლება მისცა. რა თქმა უნდა აღარ ჰქონდათ ისეთი უშუალო და ძალდაუტანებელი ურთიერთობა როგორ ადრე, მაგრამ იმ კვირას ოთხივე გოგოსთან ერთად პაემაზე წასულ მიშოს, წესებს ძველებურად ქეთო კარნახობდა. ბარსელონას ხელოვნების მუზეუმშიც ვერ შეძლეს დიდი რომანტიზმის ცეცხლის დანთება, თუმცა საინტერესო დღე გამოუვიდათ - უფრო შემეცნებითი. იმ კვირას პროექტი ხატიამ დატოვა. სიმართლე ითქვას ესეც ქალბატონი ნაზის გადაწყვეტილება იყო. მიშო თითქმის არ ჩარეულა. მისთვის ისევ სულერთი იყო მეშვიდე კვირა (ისევ ბარსელონა) მომდევნო კვირას მიშო გოგონებთან ერთად ბარსელონას ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ღირსშესანიშნაობის, ჯერ კიდევ დაუმთავრებელი კათოლიკური ტაძრის „საგრადა ფამილია“-ს მოსანახულებლად წავიდნენ. მოინახულეს, მერე ზღვისპირა კაფეში ისადილეს და მორჩა. ზუსტად ასე დაამახსოვრდა მიშოს ეს ყველაფერი - არაფერი განსაკუთრებული, გარდა რამდენიმე რეპლიკისა, რომელიც ქეთოს ეკუთვნოდა და გამოფხიზლებისკენ მოუწოდებდა. ყველა ხვდებოდა რომ რაც არ უნდა მოეთხოვათ, ძველებურად არაფერი იქნებოდა. ისევ მონტაჟის და გოგონებს შორის პატარ-პატარა სკანდალების იმედი ჰქონდათ. დასრულდა ის კვირაც და პროექტი ელენემ დატოვა. ცოტა წაუტირა კიდეც, ეტყობა ასე თუ ისე რაღაც სიმპათიას გრძნობდა მიშოს მიმართ, მაგრამ ბუნებრივია ცრემლები ვერაფერს შეცვლიდა. ქალბატონმა ნაზიმ თავისებურად დაამშვიდა და ისე გამოაცილა თბილისში. დარჩნენ სოფო და მაშო - ორი უკიდურესობა, სწორედ მათ შორის გაიმართებდა საფინალო „ბრძოლა“. ფინალი თბილისში უნდა გამართულიყო. სამშობლოში უნდა შეერჩია თავისი რჩეული მიშოს. მთელი გადამღები ჯგუფი სიამოვნებით იბარგებოდა და ბრუნდებოდა „სახლში“. საკმაოდ აქტური და დაძაბული სამუშაო გრაფიკის მერე, შინ დაბრუნება სასიამოვნო იყო. ისევ აეროპორტი... და ისევ ქეთოსთან ერთად. ხვდებოდა მიშო, რამდენად მცირე დრო რჩებოდა, სულ რაღაც ერთი კვირა და მოუწევდა ქეთოს მოთხოვნის შესრულება, თუმცა სადღაც გულის კუნჭულში მაინც იმედი ჰქონდა რომ გადაიფიქრებდა ქეთო და მასთან დარჩებოდა. თვითმფრინავში ისევ გვერდიგვერდ ისხდნენ. ქეთოს თვალები დახუჭული ჰქონდა, თუმცა არ ეძინა. -ოცდაშვიდი ცალია. - ყურში ჩასჩურჩულა მიშომ. -?.. - თვალები გაახილა და გაკვირბევული მზერა მიაპყრო. -შენს სახეზე ოცდაშვიდი ჭორფლია. ქეთოს გაეცინა და თვალები დააელმა, შეეცადა ცხვირზე დაეხედა. -მაინც ვერ დაინახავ - გაეღიმა მიშოს, -და სიტყვაზე მენდე, ასეა. -იქნებ ვერ დათვალე სწორად? იქნებ რომელიმე გამოგრჩა? -მესამედ ვზივარ უკვე შენს გვერდით თვითმფრნავში და დამიჯერე, ყოველჯერზე ოცდაშვიდი გამომივიდა. - თვალი ჩაუკრა მიშომ და საზურგეზე გადაწვა. ქეთომ აღარაფერი უასუხა. სევდა შემოაწვა. აი, ასეთი მიშოს გაშვება უფრო ეძნელებოდა. მაგრამ ისიც იცოდა რომ მოუწევდა. -დაძინებას პირებ? - სიჩუმე ისევ მიშომ დაარღვია. -არა... - მიშოსკენ მოატრიალა თავი ქეთომ. - ამ ბოლო დროს დავფიქრდი, რომ ისედაც ბევრ დროს ვატარებთ ძილში... ეს წუთები არ მემეტება დასაკარგად. -რა კარგია, - ტაში შემოკრა მიშომ, - მაშინ მე დავიძინებ, შენი ხვრინვა აღარ შემიშლის ხელს. - სავარძელზე მოხერხებულად მოეწყო და თვალები დახუჭა. ქეთომ გაოცებულმა წამოწია თავი და სავარძელზე გადაწოლილ მიშოს პრესზე მთელი ძალით მოქნეული ხელი მიარტყა. მიშო უნებურად წინ წამოიწია და ხელისგულით დაიზილა ნატკენი ადგილი. -რამდენჯერ უნდა გითხრა, დაანებე ამ ჩემ პრესს თავი-თქო. -არა უშავს, დიდი ბიჭი ხარ და გაუძლებ. - ახლა ქეთო გადაწვა სავარძელზე და მოხერხებულად მოეწყო. მერვე კვირა (ფინალი) გრანდიოზული ფინალი დაიგეგმა. გადაღებები სიღნაღში, სიყვარულის ქალაქში მიმდინარეობდა. თითოეული დეტალი წინასწარ იყო გათვლილი, თქვენ წარმოიდგინეთ ისიც კი წინასწარ დაიგეგმა ვინ უნდა ყოფილიყო გამარჯვებული - რა თქმა უნდა სოფო. ის ბევრად საინტერესო პერსონაჟი იყო და წინასწარი გათვლებით მაყურებლების უმრავლესობის სიმპატიას დაიმსახურებდა. თითოეული მიზანსცენა, თითოეული რეპლიკა გათვლილი იყო, ერთი სიტყვით ზუსტი სცენარი დაიწერა, რომელიც მიშოს უბრალოდ უნდა ესწავლა. ასე ბევრად ადვილი იყო. -მთავრდება... - მეგობარს მხარზე ხელი დაადო ვახომ. - თითქოს დიდი ტვირთი მეხსნება მხრებიდან. რაც არ უნდა იყოს, მე გაიძულე ამ პროექტში მონაწილეობა. -კარგი ახლა, თორემ დამეწვა გული. - გაეცინა მიშოს და ხელები მოიფშვნიტა. - აუჰ, რამდენი ხანი მეყოფა ეს დანაშაულის გრძნობა შენით მანიპულიბეისთვის?! -ძალიანაც ნუ გაგიხრდება, ხვალ გადამივლის. -ხვალ ყველაფერი სხვანაირად იქნება. - სინანულით ჩაილაპარაკა მიშომ და ჯიბეებში ჩაიწყო ხელები. - გახსოვს, პირველ დღეს პროექტის პირობებს რომ განვიხილავდით? მაშინ მითხარი რომ თუ მოხდა ისე რომ არავინ მოგეწონა, უბრალოდ აარჩიე ისეთი რომელიც საღად იაზროვნებს და განშორებისას ისტერიკებს არ მოგიწყობსო? - ისევ მეგობარს გადახედა. - გეხვეწები მითხარი, რომ სოფო საღად აზროვნებს. - მოჩვენებითი მუდარა გაურია ხმაში მიშომ. -შენ რა შეგცვლის? - ხელი ჩაიქნია სიცილით ვახომ. - ისევ ისეთი სპირიდონოვიჩი ხარ. გადაღებები იწყებოდა და მიშო სპეციალურად მოწყობილი მოედნისკენ გაემართა თან ყურსასმენი მოირგო. -ჰორტონ აქ ხარ? -კი... -ბოლო დღეა. - ხმაში სინანული შეეპარა მიშოს. -უჰუ... - თითქოს საერთოდ წაერთვა ხმა ქეთოს. -ჰორტონ, რამეს ნანობ? საშუალება რომ გქონდეს წარსულში რამეს შეცვლიდი? ქეთო დუმდა. -გეხვეწები, ჰორტონ, ოღონდ ჩვენი შეხვედრა არ ინანო არასდროს. -დღეს ბოლო დღეა, არ გვინდა რა სევდიანი ამბები... - ჩახველებით შეეცადა ქეთო ხმის დამორჩილებას. - გადაღება იწყება და ტრადიციული კითხვა, ღელავ? -ჯანდაბა, ამის დედაც... ძალიან მომენატრები ქეთო, გამორიცხულია, შანსი არ არის... ასე უბრალოდ არ დამთავრდება ეს ყველაფერი. ქეთომ არ უპასუხა... ვერ უპასუხა. ერთადერთი რაც მოახერხა, მიკროფონი მოიხსნა და ორივე ხელი პირზე აიფარა, რომ გულიდან ამოხეთქილი ტირილისთვის გარეთ გამოსვლის საშუალება არ მიეცა. დ ა ს რ უ ლ დ ა... ძალიან პომპეზური იყო ეს ყველაფერი, იმდენად რომ ალბათ ქართულ, ტრადიციულ ქორწილშიც კი ვერ შეხვდებით ამდენს. სოფო ბედნიერი იყო, ძალიან ბედნიერი. მიუხედავად იმისა რომ იგი საკმაოდ პრაგმატულად მოაზროვნე ადამიანი იყო, მიშოს ალბათ მაინც გაუჭირდებოდა ყველაფერი აეხსნა. ახსნა რომ მოუწევდა ეს დანამდვილებით იცოდა... არ აპირებდა თუნდაც ერთი წამით მოეტყუებინა. ეს ეიფორია რომ მორჩებოდა აუცილებლად აუხსნიდა. კონტრაქტის თანახმად, სანამ შოუ ეთერში გავიდოდა, მანამ ყველა მონაწილეს საიდუმლოდ უნდა შეენახა პროექტის მიმდინარეობის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია და მითუმეტეს გამარჯვებულის ვინაობა. შესაბამისად სოფოს და მიშოს ეკრძალებოდათ საზოგადოებაში ერთად გამოჩენა. ეს ხელს აძლევდა მიშოს. რამდენიმე დღე ნამდვილად ჭირდებოდა გონების მოსაკრებად და აზრების დასალაგებლად. პროექტის დასრულების მერე ორი დღე სახლიდან არ გასულა, არც ქეთოსთვის დაურეკავს. უნდოდა ჯერ სოფოს დალაპარაკებოდა და მერე დაიწყებდა უკვე ქეთოს პრობლემებში გარკვევას. რამდენჯერმე ვახო შეეხმიანა, მაგრამ მიშომ თხოვა - ახლა არაფრის თავი არ მაქვს, აზრები უნდა დავალაგო და ცოტათი მაინც გავერკვეო. ვახოც ხვდებოდა რომ რამდენიმე დღით მარტო დარჩენა სასარგებლოც კი იქნებოდა მიშოსთვის და აღარ აწუხებდა. სამი დღის მერე დაურეკა სოფოს და შეხვედრა სთხოვა. -კი, რა თქმა უნდა შევხვდეთ, - მაშინვე დათანხმდა სოფო, - მაგრამ გარეთ ვერ შევხვდებით არ შეიძლება... -შენი მისამართი მითხარი და მოვალ. დაახლოებით ნახევარ საათში უკვე სოფოს კარზე რეკავდა ზარს. კარი სოფომ გაუღო. აშკარად მომზადებულიყო, საკმაოდ კარგად გამოიყურებოდა, ამან ცოტათი შეაცბუნა მიშო, მიხვდა რომ სოფო ბევრად მეტ იმედებს ამყარებდა მათ ურთიერთობაზე და ამან უფრო გაართულა საქმე. -რას დალევ? - ოთახში შეუძღვა სტუმარს სოფო. -მარტო ხარ? - ოთახს თვალი მოავლო მიშომ. -მარტო ვცხოვრობ. - ოდნავ ჩაეღიმა სოფოს. ნელ-ნელა იძაბებოდა მიშო. -აბა, დალევ რამეს? - კთხვა გაუმეორა სოფომ. -არა, არაფერს. მე და შენ სალაპარაკო გვაქვს და იმიტომ მოვედი. -გისმენ. - შესამჩნევად დაიძაბა სოფოც. -სოფო, - გაუბედავად წამოიწყო მიშომ. - მე და შენ ძალიან ცოტა დრო გვქონდა, ცოტა კი არა, საერთოდ არ გვქონდა დრო ერთმანეთი გაგვეცნო. ხედავ? ისიც კი არ ვიცოდი, თუ მარტო ცხოვრობდი. შენ? ან შენ რა იცი ჩემზე? მარტო ის, რაც პრესისთვისაა ცნობილი. - ცოტა ხნით გაჩუმდა, სოფოს რეაქცია აკვირდებოდა. სოფო თავდახრილი იჯდა და კაბის ბოლოს ნერვიულად ჭმუჭნიდა. - არ ვიცი, სოფო, შეიძლება ახლა ყველაზე დიდ შეცდომას ვუშვებ ჩემი ცხოვრების მანძილზე, შეიძლება შეცდომა ჩემი ამ პროექტში მონაწილეობა იყო, მაგრამ ყველაზე მეტად ის მინდა შენ არ მოგატყუო. ვფიქრობ ამ ეტაპზე ასეთი გულახდილობა ყველაზე სამართლიანია. დარწმუნებული ვარ ჯერ არც შენ გაქვს რამე გრძნობა ჩემს მიმართ, შეიძლება პიროვნული სიმპათია, ისევე როგორც მე , მაგრამ არავითარ შემთხვვაში მეტი. - ცოტა ხანს შეჩერდა, თითქოს სოფოსგან დასტურს ელოდა. სოფო დუმდა. - მე შენ გაფასებ - ისევ მიშომ განაგრძო. - როგორც ძლიერ პიროვნებას ისე გაფასებ, მაგრამ არამგონია ამ ეტაპზე რამე მეტი იყოს ჩვენს შორის... ძალიან ცოტა დრო გვქონდა უფრო მეტისთვის. -მარტო დროის ფაქტორია პრობლრმა? - პირველად ამოიღო ხმა სოფომ და თვალი გაუსწორა მიშოს, -კი, ალბათ... - ცოტა დაიბნა მიშო. -კი მაგრამ ეგ მოგვარებადია, სამაგიეროდ ახლა გვაქვს დრო, ახლა რა გვიშლის ხელს? - გაუბედავად განაგრძობდა სოფო, - მე... მე არავინ მყავს... ობიექტი, ვიზეც შემიძლია რამე გეგმები ავაწყო... შენ გარდა... - ნაწყვეტ-ნაწყვეტ, ძლივს აბამდა სათქმელს თავს. -მე თანახმა ვარ... შეგვიძლია ვცადოთ. - მაგრამ უცებ გადააწყდა მიშოს უხერხულ მზერას და სათქმელი შუაზე გაუწყდა. - შენ?.. შენ არ ხარ ამისთვის მზად... - უხერხულად დახარა თვალები და ირონიულად ჩაეცინა. - შენ გყავს ობიექტი, ვიზეც გინდა რომ გეგმები ააწყო და იმიტომ მოხვედი დღეს აქ. ჩემგან და ვალდებულებებისგან გინდა განთავისუფლდე. მიშო უხერხულად იშმუშნებოდა. საუბრის ასე წარმართვას არ ელოდა. -იმედი მაქვს პროექტამდე არ დაწყებულა ეს ამბავი... - ცოტა იმედგაცრუება, ცოტა გაბრაზება იკითხებოდა ამ ფრაზაში. -არა, პროექტამდე არა... -აბა, გოგოებიდან რომელიმე? - გაოცება გამოეხატა სახეზე სოფოს. -არა, არა... ასე რომ ყოფილიყო, იმას ავირჩევდი. -აბა ვინ, ნაზი? - გაეცინა სოფოს, მაგრამ მაშინვე შეეცვალა სახე. - ღმერთო, ან ლიზა, ან ქეთო. - ხელები აუკანკალდა სოფოს. არც მიშოს ადგა უკეთესი დღე. ერთ ადგილს ტკეპნიდა ნერვიულად. -რომელი? - თითქმის ბოლომდე წაერთვა ხმა. -რა მნიშვნელობა აქვს? -რომელი? - იმდენად მტკიცედ და მკაცრად წარმოთქვა, რომ მიშო შეცბა კიდეც. -ქეთო... - ძლივსგასაგონად ამოილუღლუღა მიშომ და დაინახა, როგორ აუკანკალდა ხელები სოფოს. -აი, თურმე რომელ სიყვარულზე ლაპარაკობდი მაშინ ღვინის დეგუსტაციაზე. ჯანდაბა... ძალიან მტკივნეულია, არც კი მეგონა. -სოფო მაპატიე, მართლა არ მეგონა... -წადი გთხოვ, - კარის გასაღებად წავიდა სოფო. - მესმის ყველაფერი, არანაირი პრეტენზია არ მექნება, ოღონდ ახლა წადი. - ბოლო სიტყვებზე ტუჩები აუთრთოლდა. მიშო დანაშაულის გრძნობით წამოვიდა სოფოსგან. ამ ვიზიტით იმ მძიმე ტვირთის შემსუბუქებას ფიქრობდა, რომელიც მანამდე ჰქონდა, მაგრამ ახლა იქიდან წამოსულს თითქოს კიდევ დაუმატესო. ნელ-ნელა ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა. გადაიარა ტკივილის ტალღამ. თეატრშიც დაბრუნდა, რამდენიმე საინტერესო შემოთავაზებაც მიიღო. ვახოც აქტიურად ჩაერთო მის საქმეებში. თითქოს ყველაფერი ისე იყო, როგორც უნდა ყოფილიყო. ერთადერთი ქეთო აკლდა, ძალიან აკლდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა სახლში მარტო რჩებოდა და ფიქრისთვის დრო თავზესაყრელი ჰქონდა. ქეთო მის ზარებს არ პასუხობდა. ლიზასგანაც სცადა რამე გაეგო, მაგრამ დელიკატურად გაურბოდა ლიზა ამაზე საუბარს. ბოლოს უთხრა საზღვარგარეთ არის წასული რამდენიმე კვირით და იმიტომ არ პასუხობს შენს ზარებსო. მიშოს აღარაფერი უთქვამს, თუმცა გულის დიაფრაგმა შეეკუმშა. პროექტის დასრულების მერე, პირველად შეეშინდა ასე მძაფრად. შეეშინდა იმის რომ ქეთო აღარ დაბრუნდებოდა. მაგრამ ქეთო დაბრუნდა... ვახოსგან გაიგო, რომ ქეთო ჩამოფრინდა. -მისმინე - იმ საღამოს სახლში მიაკითხა მეგობარს ვახომ. - შეიძლება ამას არ უნდა გეუბნებოდე, შეიძლება... მოკლედ ქეთო ჩამოვიდა. - მცირე პაუზა გააკეთა და შეამჩნია როგორ დაიძაბა მიშო. - არ, ვიცი მიშო ღირს თუ არა, მართლა არ ვიცი... მაგრამ იმას კი მშვენივრად ვხედავ რას დაემსგავსე... საერთოდ, წვერი როდის გაიპარსე ბოლოს? -რა მზრუნველი მამასავით მიყურებ? რაღაც ძალიან კეთილი თვალებით. - ნერვული სიცილით სცადა მიმიკის დამორჩილება. - წვერს კიდევ იმიტომ არ ვიპარსავ, რომ მიხდება. -ჯანდაბა! დაბრუნდა ძველი სარკაზმი და ირონია? - დივანზე ჩამოჯდა ვახო. - მოკლედ! დავიღალე შენთან ლოლიავით, ჩამოვიდა ის გოგო და აწი შენ თავს მიხედე შენ. ვალდებული ვიყავი მეთქვა. დანარჩენს როგორმე მოერევი, დიდი ბიჭი ხარ უკვე. მიშოც მის გვერდით დაეშვა დივანზე და იდაყვებით მუხლებს დაეყრდნო. -როდის ჩამოვიდა? - საგრძნობი სევდა შეეპარა ხმაში. -ერთი კვირის წინ. -შენ როდის გაიგე? - ისევ დაიძაბა მიშო. -ერთი კვირის წინ. - ვახო წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და რაფას ჩამოეყრდნო. - სიმართლე გითხრა, მეგონა თვითონ დაგირეკავდა. მეგონა... -გეგონა ჩემი გულისთვის ჩამოვიდა არა? - ირონიულად ჩაიცინა მიშომ და საზურგეზე გადაწვა. -არ ვიცი, მართლა არ ვიცი... თქვენ მართლა ვერ გიგებთ. სანამ აქ მოვიდოდი შენთან დასალაპარაკებლად, რა აღარ ვიფიქრე, სიტყვებს ვარჩევდი და შენს ასეთ რეაქციას არ ველოდი. -აბა, რა გეგონა, ავქვითინდებოდი? -არა, - გაგულისებულმა მიახალა ვახომ, - იმის მეშინია, მე რომ წავალ მერე არ აქვითინდე. ახლა დაგამშვიდებ მაინც. -ეეეჰ, უკვე დიდი ხანია ცრემლი გამიშრა, მეგობარო. - თეატრალური დრამატიზმით ხელებში ჩარგო თავი. -ტფუი, რისთვის ვიშლიდი ნერვებს? - ხელი ჩაიქნია ვახომ. - არაფერი შენ არ შეგცვლის. წავედი მე და თუ ვინმესთვის გულის გადაშლა მოგინდება, ჩემთან ფეხი არ მოადგა, თორემ მართლა გაგიერთიანებ ძვალ-რბილს. -როგორ გავბედავ. - ხელები ასწია მიშომ და უკვე კარებთან მისული მეგობარი გააცილა. ვახოსთან კი არაფერი შეიმჩნია, მაგრამ შინაგანად ყველაფერი უდუღდა. როგორც კი კარი მიხურა, მაშინვე ჩამოერეცხა სახიდან ღიმილი, რომლის აფარებასაც მთელი გულმოდგინებით ცდილობდა რამდენიმე წუთის წინ. ჩამოვიდა... ჩამოვიდა და არც კი შეეხმიანა, თუმცა არც დაპირებია. მტკივნეული იყო, აუტანლად მტკივნეული. **** ნასვამი იყო... იქნებ მთვრალიც?! ნაბიჯი არ ერეოდა, აზრები - კი. მთვრალი ადამიანისთვის საკმაოდ მტკიცედ აიარა ოთხი სართული ფეხით და სასურველი კარის ღილაკს მიაჭირა თითი. კარი მალევე გაუღეს. -დედა, მიბარებული ყავს მამაზეციერს. - კარებს მიეყრდნო ქალბატონი ნაზი და ზღურბლზე მდგარი მიშო აათვალიერა. -დიახ, სწორედ იქიდან მოვდივარ და თქვენთან მოკითხვა დამაბარა. - ფართოდ გაიღიმა მიშომ. - ისე ჩემს მაგივრად კი უნდოდა ბაბუა სპირიდონის გამოშვება, მაგრამ იმას წელს იქ ჯარი უწევს და დეზერტირობა, რომ არ გამოსვლოდა ისევ მე გამომიშვეს. -მთვრალიც რა ენამოწრებული ხარ?! - გაეღიმა ნაზისაც. - ამ შუაღამისას რომ მომადექი ამხელა კაცი, ამ მარტოხელა ქალს, რას იფიქრებენ მეზობლები? სტუმრობის დრო არ იცი? - წარბები აწკიპა ნაზიმ. -ქალბატონო ნაზი, ახლა თუ არ შემომიშვებთ, ჩემს ნამუსს გეფიცებით, წავალ, ქალის ტანსაცმელს გადავიცვამ და ისე დავბრუნდები. -ვაი, მე ამათ ჭორაობას ყურადღება არ მივაქციო, შემოდი შემოდი, აწი „პარადს“ უნდა აწყობდნენ და ახალგაზრდობის ელექს რეცეპტს მთხოვდნენ, ჩემთან ვინმე თუ მოვა. მიშომ ზღურბლს გადააბიჯა და ოთახში შეუძღვა ნაზი. -რას დალევ? ალკოჰოლის საკმაო დოზა გაქვს უკვე მიღებული და არჩევანს ალბათ ყავაზე შეაჩერებ. - თვითონვე გასცა პასუხი კითხვას. სამზარეულოში გავიდა და რამდენიმე წუთში ორი ფინჯანით ხელში დაბრუნდა. -ვხვდები, მარტო ყავის დასალევად არ მოხვიდოდი ამ შუაღამისას. - მის პირდაპირ, სავარძელში ჩაეშვა ნაზი. - ჩამოვიდა, გაიგებდი. მიშომ თავი ჩახარა და ხელები ნერვიულად გაუსვა ერთმანეთს. -იმასაც ვხვდები, რომ რახან ჩემთან მოხვედი, საქმე უკიდურესად ცუდადაა. -ისიც კი არ ვიცი, რამდენად ცუდადაა საქმე... არ მინახავს. -ღმერთო, მართლა სულელია ის გოგო, შენისთანა ბიჭის დაკარგვა იქნება? -ცდილობთ გამამხნევოთ? - გაეღიმა მიშოს. -არა, ვცდილობ რეალობა დაგანახო. ვიცი, რაც ხდება მის თავს... ვთვლი რომ შენც უნდა იცოდე... საგრძნობლად დაიძაბა მიშო. -ჯანმრთელობის პრობლემა აქვს... საშინლად გაიწელა რამდენიმეწამიანი დუმილი -რამდენიმე თვეა უკვე ამ სენს ებრძვის. თან მარტო, არავის იკარებს ახლოს, მშობლებსაც კი. არ მესმის... საკმაოდ გულღია და კომუნიკაბელური გოგოა, ხშირად ვხვდებოდით გადაღებებამდეც, სწორედ მაშინ შევესწარი უნებურად მის და ლიზას საუბარს და ლიზამ ვეღარ დამალა ჩემთან, თან დაიცალა კიდეც საცოდავი გოგო. ქეთოსთან არ მილაპარაკია, მაგრამ საქმის კურსშია, რომ ყველაფერი ვიცი... მარტო ჩემთან კი არა, საერთოდ არავისთან ლაპარაკობს ამაზე, ლიზასთანაც კი... -რა სჭირს... - ხმა ძლივს დაიმორჩილა გაქვავებულმა მიშომ. -ლეიკოზი. - ზედმეტად მძიმედ ჟღერდა განაჩენი. მთელ სხეულში დაუარა სიმხურვალემ, ერთ ადგილზე შეგროვდა და ამოხეთქვას ლამობდა. მთელი ძალისხმევის მოკრება დასჭირდა მიშოს, რომ შიგნით შეეკავებინა ეს ყველაფერი და იმ ღრიალს, რომელიც მთელი ძალით მისი ხეულის ყველა კედელს აწყდებოდა, გარეთ გამოსვლის საშუალება არ მიეცა. მომენტალურად გამოიდევნა მისი ორგანიზმიდან მთელი ალკოჰოლი და ბევრად უფრო მძაფრად შეიგრძნო შექმნილი სიტუაციის მთელი სიმძიმე. წამოიწია წამოსადგომად, მაგრამ ვერ შეძლო და ხელებში ჩარგო თავი. -მესმის, ძალიან მძიმეა... უმძიმესი, მაგრამ დამერწმუნე მაგით ვერაფერს უშველი. დღეს მედიცინა სასწაულებს ახდენს... ძვლის ტვინის გადანერგვით შეიძლება ამ ავადმყოფობის განკურნება. უბრალოდ მე ვთვლი რომ მარტოს გაუჭირდება, ვერ შეძლებს. მიშო არ ინძრეოდა. თითქოს ყველა მყესი დაწყვეტოდა სხეულში, თითქოს ყველა კუნთი ატროფირებული ჰქონდა. -რამდენი ხანია? - ძლივს ამოიხრიალა. - აქამდე როგორ ვერ შეძლეს... - ფრაზა ვერ დაასრულა. -მიშო, ბევრად უფრო ძლიერი ადამიანი ხარ. ახლა შენი თანადგომა ჭირდება და არა გლოვა. ჭირისუფლები უშენოდაც ბლომად ყავს. თავი ხელში აიყვანე. -რომელ კლინიკაში მკურნალობს? - ფეხზე წამოდგა და ორივე ხელი სახეზე ჩამოისვა. - ექიმს უნდა დაველაპარაკო. -იმედია ხვდები, რომ ამაღამ ამის დრო არ არის. არაფერი უთქვამს მიშოს, მხოლოდ თავი დაუქნია. ფეხარეული გამოვიდა ნაზის სახლიდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ალკოჰოლი არაფერ შუაში იყო. ფეხით გაიარა მთელი გზა - საკმაოდ დიდი მანძილი. არც კი ახსოვს როგორ. წესით აუტანელი დაღლილობა უნდა ეგრძნო, მაგრამ შინაგანად გამოფიტული იყო და ტკივილს ვერ აღიქვამდა. წესით ლიფტით უნდა ასულიყო, მაგრა მაინც კიბის საფეხურზე შედგა ფეხი. წესით სახლში შესული, მაშინვე უნდა დაწოლილიყო და გათიშვოდა გარესამყაროს, მაგრამ შუა ოთახში იდგა გაშეშებული და მთელი ინფორმაციის გადახარშვას ცდილობდა. წესით ახლა ყველაზე ძლიერი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ახლა ისე უსუსრად გრძნობდა თავს, როგორც არასდროს. მთელი ხმით დაიღრიალა და მაგიდიდან ყველაფერი ძირს გადმოყარა. დაიცალა მთელი საღამოს ნაგროვებ ემოციას მისცა გასაქანი. მთელი ოთახი დალეწა. წესით ამას უნდა ეშველა მაგრამ ერთი ბეწოთიც ვერ იგრძნო შვება. **** მარტო ტკივილი ადვილია - სხვისი ტკივილი ყველაზე რთულიო. მართალი თქვა მაშინ ქეთომ. მაგრამ ტკივილის იგნორირებით საქმეს არაფერი ეშველებოდა. მეორე დილას პირდაპირ ლიზასთან მივიდა. -მიშო... - დაიბნა ლიზა. -ასეთი რამ როგორ დამიმალა? -შემოდი. - გვერდზე გაიწია და მიშო ოთახში შეატარა. მერე თვითონაც შეყვა და კარები დახურა. -დედაჩემია სახლში და არ მინდა ჩვენი საუბარი გაიგოს, მისთვისაც ძალიან მძიმეა. - ერთი ამოისუნთქა და დაიწყო. - ქეთო საავადმყოფოში გავიცანი. ჩემი ძმა მკურნალობდა მასთან ერთად. -ძმა? -ახალი ნაცნობებიდან ცოტა ვინმემ თუ იცის რომ ძმა მყავდა. დედასთვის ძალიან მძიმე თემაა და ვცდილობ მაქსიმალურად მოვარიდო. მოკლედ ქეთო საავადმყოფოში გავიცანით, ჩემი ძმა უკვე მუდმივად იქ იწვა, ქეთო კი მხოლოდ პროცედურებზე დადიოდა. ზურა უკვე რამდენიმე წელი იტანჯებოდა ავადმყოფობით. თითქმის ხუთი წელი უშედეგოდ ველოდებოდით ისეთ დონორს, რომელსაც მისი ძვლის ტვინი შეეთავსებოდა, საბოლოოდ ვერ გადაიტანა და... - ცრემლები მოერია ლიზას. - ბოლოს საავადმყოფოში რომ დაგვაწვინეს ქეთოც სულ იქ იყო, გვერდით გვედგა. ჩემს ძმას შეუყვარდა კიდეც. ღმერთო, როგორ ცდილობდა გამოჯანმრთელებულიყო, ქეთომ არაფერი იცოდა. მარტო მე და დედას გვითხრა ზურამ. მხოლოდ და მხოლოდ ის მოახერხა ქეთომ რომ მას სიცოცხლის ბოლო წუთები გაულამაზა. არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია, მაგრამ უბრალოდ თავისი არსებობით ულამაზებდა... ზურა უბედნიერესი იყო იმ დღეს, როცა ქეთო მოდიოდა. -ქეთოს მშობლები? -მშობლები... - ღრმად ამოისუნთქა ლიზამ. - სულ დაყვებოდნენ ქეთოს, ძალიან კარგი ხალხია, საზღვარგარეთ ცხოვრობენ. ბოლო რამდენიმე წელია ქეთო საქართვლოში დაბრუნდა და აქ ყოფნისას შეიტყო თავის დიაგნოზის შესახებ. მშობლებს მისი საზღვარგარეთ წაყვანა უნდოდათ, მაგრამ თვითონ არ მოინდომა და იძულებულები იყვნენ ისინი ჩამოსულიყვნენ. მაგრამ... - ლიზამ მცირე პაუზა გააკეთა და განაგრძო. - როცა ამ დიაგნოზს გისვამენ დონორობაზე პირველ რიგში უახლოეს ნათესავებს, ოჯახის წევრებს ამოწმებენ. დედმამიშვილი ასეთ შემთხვევაში ყველაზე საუკეთესო დონორები არიან. -შენ? შენ ხომ შეგეძლო შენი ძმის დონორი ყოფილიყავი? -არა, მე და ზურას სხვადასხვა მამები გვყავდა და ასპროცენტიანი თავსებადობა არ გვქონდა. -ქეთოს? -აი, ქეთოს შემთხვევაში უფრო უარესად იყო საქმე. გამოკვლევებმა აჩვენა რომ თამარი და მერაბი არ იყვნენ მისი ბიოლოგიური მშობლები. მიშომ თავი აწია, ამას არ მოელოდა. -ქეთო ნაშვილებია. ძალიან მძიმედ გადაიტანა ეს ყველაფერი თვითონ. მშობლებს მასთან ჩამოსვლა და ლაპარაკი აუკრძალა. -კი მაგრამ ისინი რა შუაში არიან? -თვითონაც იცის რომ არაფერ შუაში არ არიან, მაგრამ მათ შეწუხებულ სახეებს ვეღარ უძლებდა. ერთხელ, როცა ზურას პალატაში ყოფნა ვეღარ შევძელი და ატირებული გამოვედი იქიდან, გამომყვა და მითხრა: „ლიზა, ასე უფრო თრგუნავ მასო. შენ გგონია ადამიანს, რომელმაც სიკვდილს უკვე ჩახედა თვალებში სიკვდილის ეშინიაო? არა, მას იმის ეშინია, რომ ამით მის ახლობლებს ეტკინებათ გულიო. ყველაზე მძიმე ახლა მისთვის სხვისი ცრემლების დანახვააო.“ მაშინ მივხვდი რომ საკუთარ თავზე ლაპარაკობდა. მშობლებიც ამიტომ მოიშორა, მათ ცრემლებს ვერ უძლებდა, თორემ მე ხომ ვიცი როგორი ადამიანია? საცოდავი ხალხი?! ისინიც ხვდებიან ყველაფერს და უგებენ, რა ქნან... დედაჩემთან რეკავენ და ისე იგებენ ქეთოს ამბავს. ფინანსურადაც ეხმარებიან, მამამისს პატარა ბიზნესი აქვს და მკურნალობის ხარჯებს სრულად უნაზღაურებს. თავიდან თითქოს გააპროტესტა ქეთომ, მაგრამ დედაჩემი დაელაპარაკა მაშინ და ცოტა ჭკუაზე მოიყვანა. შენც მაგიტომ არ მოგიშვა ახლოს. მიშო, თუ მის გვერდით გინდა ყოფნა, ისეთი ძლიერი უნდა იყო, როგორც არასდროს. ვიცი რომ შეძლებ, იმიტომ მოგიყევი ასე დაწვრილებით ყველაფერი, რომ შენში დარწმუნებული ვარ. -მისი ბიოლოგიური მშობლების შესახებ არაფერი იცით? იქნებ მათ შეძლონ და დაეხმარონ, იქნებ თავსებადი დონორები იყვნენ? -ქეთოს ამის გაგონებაც არ უნდა. დაანებეთ თავიო, რომ ნდომოდათ თავიდანვე არ მოიშორებდნენ შვილსო. იმათ ჯანმრთელი არაფერში ვჭირდებოდი და მითუმეტეს ავადმყოფი ვის რად ვუნდივარო. -ახლა სად არის? -დღეს საავადმყოფოში უნდა მისულიყო, გერმანიაში იყო, მორიგი ქიომიოთერაპიის კურსი ჩაიტარა და აქაურ ექიმებს უნდა აჩვენოს შედეგები. -სად? რომელ საავადმყოფოში? -იქ აპირებ მისვლას? მიშომ თავი დაუქნია. -უნდა მიხვდეს, რომ ჩემი მოშორება არც ისე ადვილია. **** სარკის წინ დადგა და ნელ-ნელა სცადა თვალების გახელა. ჯერ რამდენიმე მილიმეტრით დააშორა ქუთუთოები, მერე ბოლომდე გაახილა და ყრუ კვნესა აღმოხდა. უნებურად წაიღო თავისკენ ხელი, ზუსტად იქ, სადაც ჯერ კიდევ გუშინ ხშირი და წითური თმა ჰქონდა. ღმერთო ვინ იფიქრებდა, რომ სიკვდილზე უფრო უთმობასთან შეგუება გაუჭირდებოდა? კიდევ ერთხელ დახუჭა და გაახილა თველბი - არაფერი შეცვლილა. ღრმად ამოისუნთქა, საკიდიდან თავსაფარი ჩამოხსნა და თავზე წაიკრა. -დილა მშვიდობის ჰორტონ, მომილოცავს ახლა სპილო ხარ, თანაც მელოტი. - თვალი ჩაუკრა სარკეში საკუთარ გამოსახულებას და კარი გაიხურა. მანქანა საავადმყოფოს ეზოში გააჩერა, ტრადიციულად მიესალმა კარისკაცს. გვერდი აუარა ლიფტს და მესამე სართულზე ფეხით ავიდა. -მოდი ქეთო. - კაბინეტში შესულს ექიმი შეეგება. - ვხედავ მაინც წასულხარ სალონში. -მომიწია. -ყველაზე მცირე პრობლემა ახლა თმებია. -თქვენ რა გენაღვლებათ, ბატონო ვაჟა, უკვე მრავალი წელი შეჩვეული ხართ. - მის შეთხელებულ, თითქმის განახევრებულ თმას შეხედა ქეთომ და გაიღიმა. - ისე მართალი ყოფილა, პციენტი ყოველთვის მკურნალ ექიმს ემსგავსებაო. მიმიღებთ კლუბში? - თავსაფარი მოიხსნა და გადიკისკისა. -ოჰ, ქეთო, შენ რა გითხარი, - ხმამაღლა აროხროხდა ბატონი ვაჟა. - ასეთი პოზიტიური პაციენტი მარტო შენ მყავხარ. რამდენიმე წუთის შემდეგ ისევ ღიმილაკრული გამოვიდა ექიმის კაბინეტიდან და დერეფანს კიბისკენ გაუყვა. ნელ-ნელა შორდებოდა ღიმილი სახიდან. მისი წეღანდელი სიცილი უფრო ნერვული შეტევა იყო, ვიდრე გულწრფელი ემოცია. თავჩახრილი მიდიოდა. არავის დანახვა აღარ უნდოდა. ის იყო კიბის უჯრედისკენ შეუხვია, რომ ვიღაცას დაეჯახა და ხელიდან თავსაფარი გაუვარდა. თავი არც აუწევია ისე ჩაიბუტბუტა - უკაცრავადო და თავსაფრის ასაღებად დაიხარა. მხრებზე იგრძნო ხელების შეხება. ვერც კი მიხვდა ისე დაჰყვა ამ ხელების ნებას და წამოდგა. თავი ასწია - მის წინ მომღიმარი მიშო იდგა. მთელი სხეული დაეძაბა. ჰაერი ღრმად შეისუნთქა და შეეცადა ფეხზე დგომის უნარი შეენარჩუნებინა. ახლა ყველაზე ცუდი დრო იყო ამ შეხვედრისთვის, ახლა ქეთო... უნებურად ისევ დაიხარა თავსაფარის ასაღებად, მაგრამ მიშომ ისევ არ მისცა ამის უფლება. -გთხოვ... - უნებურად მოწყდა ქეთოს ბაგეებს ეს სიტყვები. -არ გინდა, ასეც ლამაზი ხარ. - ზედმეტად მშვიდი ეჩვენა ქეთოს მიშო. ამან ცოტა ააღელვა კიდეც, თითქოს იმედი გაუცრუვდა. -ყოველთვის მეპარებოდა თქვენს გემოვნებაში ეჭვი. - ძალა მოიკრიბა, ირონიულად ჩაიცინა და მაინც აიღო თავსაფარი. -გახსოვს?.. უფეხებო, უხელებო, კუზიანი - ყველა მდგომარეობას შეჩვეული ვარ უკვე. -მაგას ახლა უთმოც მიუმატე და უკანმოუხედავად გაიქეცი. - თავსაფარი წაიკრა და სცადა გვერდი აევლო. -ჰორტონ... -არაფერი გამოვა მიშო... ახლა მე თვითშეფასების ნიშნული ნულზე დაბლა მაქვს და შენს გვერდით დამერწმუნე კიდევ უფრო გამიჭირდება. - ნაღვლიანად გაუღიმა და კიბეებს ჩაუყვა. მიშოს არ შეუჩერებია, გზა გაგრძელა და ექიმის კაბინეტის კარი შეაღო. **** -ვერ ვიტან!.. ღმერთო, როგორ მძულს!.. - ცდილობდა ბრაზში ჩაეხრჩო უკვე ჯებირამდე მოსული ცრემლები და მთელი ძალით არწმუნებდა თავს და ტელეფონის მეორე მხარე მყოფ ლიზასაც საკუთარი სიტყვების სიმართლეში. -რა გჭირს ქეთო? - უკვე მერამდენედ იმეორებდა დაბნეული ლიზა. -თვითკმაყოფილი იდიოტი... ნეტა იცოდეს როგორ მძულს! -ქეთო აღარ იტყვი? -ტელევიზორი ჩართე. - თითქოს უკვე დამშვიდებულიყო ქეთო და ლოყაზე ჩამოგორებული ცრემლი უდიერად მოიწმინდა ცალი ხელით. ლიზამ ტელევიზორის პულტი მოიმარჯვა და არხებს დაუყვა. კინაღამ ერთ ადგილას მიეყინა ერთ-ერთ არხზე მიშოს რომ წააწყდა, რომელიც ახალი ფილმის პრემიერაზე მისული ინტერვიუს აძლევდა ჟურნალისტებს და... -ქეთო... - ლიზა უნებურად ჩამოჯდა დივანზე. -თავი გადაიპარსა, ლიზა ხედავ? იდიოტი! რისი დამტკიცება უნდა ამით? ჟურნალისტმაც თითქმის იგივე კითხვა დაუსვა: -ბატონო მიშო, ახალი იმიჯი გაქვთ, რამე ახალ როლს უნდა ველოდოთ? -არა, იმიჯი ექსპერიმენტისთვის შევიცვალე, მაინტერესებს ვარცხნილობა რამდენად ცვლის ადამიანში გარშემომყოფების დამოკიდებულებას. ქეთომ ამოიკვნესა. -რა უნდა ჩემგან? რას მერჩის? - გულიდან ამოხეთქილ ტირილს ვეღარაფერი მოუხერხა. -უყვარხარ ქეთ... - ლიზამაც მოიწმინდა ცრემლი. -ვინ თხოვა მერე? არ შეუძლია უბრალოდ თავი დამანებოს? ჩაიწყოს ჯიბეებში ხელები და წავიდეს? -მერე, გაუშვებ? შეძლებ გაუშვა? -გაშვებული არ მყავს? -არა, რომ დაინახო, ჩაიწყო ჯიბეში ხელები და მიდის, გაუშვებ? ქეთო ხმას არ იღებდა. -ვერ გაუშვებ, რომ მიხვდე საბოლოოდ მიდის, ვერ გაუშვებ ქეთო. გონებით დიდი ხანია გაუშვი, მაგრამ გულით ვერა. გრძნობს ქეთო, თვითონაც და ცოცხალი თავით არ წავა. მიეცი უფლება... ცხოვრებაში ერთხელ მაინც ქეთო, მიეცი ვინმეს საშუალება დაგეხმაროს. ძლიერია, გაუძლებს... ნებისმიერ ტკივილს გაუძლებს. შენც ხომ იცი რომ გაუძლებს? იმიტომაც მოუშვი ასე ახლოს. ქეთო ისევ არ იღებდა ხმას. -ქეთ... -? - ამოკვნესებას უფრო გავდა. -მოვიდე? -არა, კარგად ვარ... არ გეწყინოს, ახლა მარტო მინდა ყოფნა. ტელეფონი გათიშა... ფიქრობდა... ვერც კი მიხვდა როდის შემოაღამდა. თვითონაც ვერ ხვდებოდა როგორ შეძლო ამდენი საათი ერთ ადგილზე ჯდომა, მაგრამ ფაქტია არ განძრეულა. ბოლოს ეზოდან ამოსულმა ხმაურმა გამოაფხიზლა. -ჰორტონ! უნებურად საათს ახედა, ღამის თორმეტი საათი იყო. ყურებს არ დაუჯერა. -ჰორტონ! - განმეორდა. ქეთო წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა და კინაღამ იქვე ჩაიკეცა. ლამპიონების სუსტ შუქზე რაც გაარკვია - მიშო იყო, იდგა მისი ფანჯრების წინ მანქანაზე მიყუდებული და უღიმოდა. მანქანის ფარები სუსტად ანათებდა ასფალტს, მაგრამ ქეთომ ნათლად გაარჩია თეთრი საღებავით მიხატული ვეშაპი. -ვეშაპი მოგიყვანე, - დაბლიდან ამოსძახა ისე რომ ადგილიდან არ განძრეულა, - თუ კარგად მოიქცევი, წვიმაში „ფანტანსაც“ ამოუშვებს. ქეთო ადგილიდან მოწყდა და სულმოუთქმელად ჩაირბინა კიბეები. სადარბაზოდან გიჟივით გამოვარდა და მიშოს წინ გაჩერდა. მთელი ძალით ცდილობდა არ ეტირა. დაახლოებით ორი წუთი უყურეს ერთმანეთს უსიტყვოდ. ბოლოს ხმა მაინც ქეთომ ამოიღო. -აბდუშაჰილს გავხარ. ღამის სიჩუმეში მხოლოდ მიშოს გულიანი ხარხარი ისმოდა. ორივე ხელი გაიწოდა მთელი ძალით ჩაიკრა გულში. -როგორ მენატრებოდი შენ ხომ არ იცი? - ყურთან ძალიან ახლოს ჩაიჩურჩულა მიშომ და ყელზე მიადო ტუჩები. ქეთომაც შემოხვია ხელები და ნაზად აუყვა ხერხემალს. -როგორ შარში გაყავი თავი შენ ხომ არ იცი? - საპასუხოდ ამოიჩურჩულა ქეთომ და მთლიანად ჩამალა თავი ბიჭის განიერ მხრებში. ძალიან დიდხანს იდგნენ ასე, თითქმის მთელი უსასრულობა. აღარაფერი ახსოვდათ. სრულიად გაეთიშნენ გარესამყაროს, გრძნობდნენ მხოლოდ ერთმანეთის სხეულის რიტმს და ორივე დაიფიცებდა რომ ეს ყველაზე სასიამოვნო მელოდია იყო, რაც კი აქამდე მოესმინათ. პირველად მიშო შეირხა, ოდნავ უკან დაიწია, ნიკაპში ხელი მოკიდა და თავი ააწევინა. -დამპატიჟებ ახლა სახლში, თუ აქ გაკოცო? -რა ვეშაპი ხარ! - მოქნეული ხელი პრესზე მიარტყა ქეთომ და ერთი ნაბიჯით უკან დაიწია. -როგორ მენატრებოდა შენი ხუთი თითის ანაბეჭდი ჩემ პრესზე?! - ისევ იღიმებოდა მიშო. -წამოდი სახლში დიდი ჩემოდანი მაქვს და ახლა ის ვსინჯოთ, გინდა? -ლიფტით ავიდეთ? - წარბები აათამაშა მიშომ. -არც კი იოცნებო. - კიბეს აუყვა ქეთო, უკან მიშოც მიყვა. სახლში შევიდნენ თუ არა, მიშომ მაჯაში ხელი წაავლო, თავისკენ მოატრიალა და ზურგით კედელს ააკრა. ქეთოს სუნთქვა გაუხშირდა. -კოცნაზე არ ვხუმრობდი. - ზედ მის ტუჩებთან ამოიჩურჩულა და ფრთხილად შეეხო ბაგეებზე. ქეთომ თითისწვერებზე აიწია და ორივე ხელი შემოხვია. მიშომ ამოიგმინა და ყელზე გადაინაცვლა, მერე სარაფანზე მოცმული თხელი კარდიგანი გადაუწია და მხრისკენ გაუყვა, ქეთოს სუსტი კვნესა აღმოხდა და გაუცნობიერებლად დაიწყო მიშოს პერანგის ღილების გახსნა. -ქეთო, ჭკუიდან გადაგყავარ. - თავი ვეღარ შეიკავა მიშომ მისი თხელი თითები რომ იგრძნო მკერდზე. ორივე მხარი მოუშიშვლა და ძირს დააგდო ქეთოს კარდიგანი, ცოტა ხანში იგივე ბედი ეწია მიშოს პერანგსაც. უკვე თავის გაკონტროლება უჭირდათ. ქეთომ ხელი მოკიდა და საძინებლისკენ წაიყვანა. მიშომ მოზრდილი ნერწყვი გადააგორა ყელში, ისევ მისი მხრებისკენ წაიღო ხელი და მსუბუქი მოძრაობით სარაფანის ორივე ბრეტელი მხრებზე ჩამოუწია და საბოლოოდ მის ფეხებთან დაეცა ქეთოს თხელი კაბა. მერე... მერე იყო განუმეორებელი წუთები. ისეთი რისი გულისთვისაც ღირს ცხოვრება. თავდავიწყება... ისეთი რომელიც რეალურად გავიწყებს თავს როცა მას ეხები. თითოეული უჯრედით შეგრძნობილი სრულყოფილება. ორი ნახევრით შექმნილი ერთი მთლიანობა, რომელიც საბოლოოდ გაკარგვინებს დროის და განზომილების აღქმის უნარს. რეალურად ხვდები, რომ იმ მომენტში ყველა ტკივილი შეგიძლია აპატიო სამყაროს, იმიტომ რომ იმ წუთას უბრალოდ არაფერი გახსოვს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.