საიდუმლო [11]
11 შუა ღამეს ტკივილმა გააღვიძა. მუცელი სტკიოდა, თავიც. თითქმის ყველა ძვალი ერთდროულად. მიხვდა, რომ სანდროს სხეულში იყო ახლართული. ძლივს გაითავისუფლა თავი და წამოდგა. თავბრუსხვევა იგრძნო და წამიერად თვალთაც დაუბნელდა. კედელს ხელით „ჩაეჭიდა“, რომ არ წაქცეულიყო. ამ უსიამოვნო შეგრძნებამაც გაუარა, მაგრამ მთელი სხეული კვლავ სტკიოდა, ეწვოდა და პირი უშრებოდა. ოთახიდან გზა ხელების მოძრაობით გაიკვლია და დერეფანში გავიდა. მართლაც მინიმალიზმი უბადლოდ ეტყობოდა სახლის თითოეულ კუნჭულს და ეს მშვენიერი ხელოვნება ღამეც კი ბრწყინავდა. უფარდო ფანჯრებიდან მთვარის მკრთალი სინათლე იღვრებოდა და სამზარეულოსკენ გასავლელს უნათებდა. კედლის დახმარებით მიიკვლევდა გზას და ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მალე ფეხებში ძალა საბოლოოდ წაერთმეოდა და იატაკზე გაირთხმებოდა. მიაღწია სამზარეულოს, შუქი აანთო, ჭიქა გადმოიღო, წყლით აავსო და ერთდროულად ჩამოცალა. თითქოს სხეული ბურანიდან გამოერკვა და ერთიანად დაღლილს ყველა ძვალი დაეჭიმა. თუმცა სასიამოვნოც კი იყო ეს შეგრძნება. შუშაბანდთან მივიდა და სავარძელში ჩაეშვა. მუცლის ქვემოთ ყველა კიდური ეტკინა, მაგრამ ისე საგანგაშოდ აღარ, როგორც პირველად, ადგომისას. სანდროს პატარა სახლი წყნეთში უმაღლეს ადგილას იდგა და ამ შუშაბანდიდან პატარა განათებული ქალაქი იშლებოდა. ქალაქი, რომლებმაც ფიქრების ზღვაში შეაცურინა გოგოს. ვნება... ვნების მორევი გაახსენდა, რამდენიმე საათის წინ რომ ჩასძირა სანდრომ. ღმერთო, როგორ გაბედა და თითქმის უცხო მამაკაცის საწოლი გაიზიარა? თუმცა სანდრო არ იყო უცხო. ის იმაზე ნაცნობი იყო, ვიდრე ბევრი თიკას ცხოვრებაში არსებული ბიჭი. ჰო, თიკას არ ჰყავდა ბევრი მეგობარი, მხოლოდ ერთეულები, თუმცა ნამდვილები. ასეთები ის გოგონები იყვნენ, რომლის ცხოვრებაზეც არაერთხელ მისაუბრია თქვენთან, თუმცა ყავდა ნაცნობები, რომელთა შორის ბევრი წარმოუდგენლად კარგი ბიჭი იყო. მაგრამ მათ არ თვლიდა მეგობრებად, რადგან თავის დროზე არ შემოუშვა. სანდრო კი პირველივე შეხვედრისას გაითავისა, ახლობლად მიიღო და ახლა ის იმაზე მეტია, ვიდრე ოდესმე ვინმე ყოფილა თიკას ცხოვრებაში. გოგო ხომ პირველად ვერ შეეწინააღმდეგა ვნებებს და... – რატო არ გძინავს? – ყურთან ცხელი სუნთქვა შეაფრქვია სანდრომ და ბიბილოზე ტუჩები შეახო. სიამოვნების ჟრუანტელმა თიკას მთელი სხეული დაფარა. – მე ეს გავაკეთე?! – ამოიჩურჩულა დაბნეულმა. – რა? გაუკვირდა სანდროს, კუთხიდან პუფი გამოაცურა და თიკას წინ დაეშვა. – ნანობ? – ჰკითხა რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ, როცა მიხვდა, რაზე საუბრობდა გოგო. ღრმად ჩაისუნთქა. თითქოს ვეღარ ამოისუნთქავდა. შიშმა და იმედგაცრუებამ წამიერად ტალღასავით გადაუარა. მერე მოეშვა. – არც კი ვიცი... – ტუჩზე ძლიერად იკბინა და სახეზე აკანკალებული თითები გადაიტარა. სანდრო წამოდგა და მის წინ დაიჩოქა, გოგოს ხელები თავის დიდ, ძლიერ ტორებში მოიქცია და გაუღიმა. – დღეიდან შენ მე გყავარ და მე – შენ, – წამოიწყო, – ბევრი ტკივილი გამოარე შენც, მეც. ბევრი ტკივილიც გველის, მაგრამ ჩვენ ერთმანეთი გვყავს. არ იფიქრო, რომ შეგაცდინე. ამას ვერასდროს შევძლებდი... გამბედაობა ძლივს მეყო და გთხოვ, ნუ მატკენ, – თითებზე აკოცა. ცრემლი აუციმციმდა თვალებში თიკას და გაეცინა. ახლა მან მიიტანა ბიჭის ხელები ტუჩებთან და იქვე ამოილუღლუღა: – სანდრო, არ გიცნობ... – ყველაფერს თავისი დრო აქვს, თიკა, – წამოდგა და თავზე აკოცა გოგოს. – გავისეირნოთ, გინდა? იცი რა კარგია წყნეთი ამ დროს?! – ტანსაცმელი რომ არ მაქვს? გარეთ ცივა... – მზერა ძლივს ააცოცა ბიჭის სახეზე, რადგან ჯერ მისი გამოყვანილი ტანისთვის უნდა შეეხედა. – ჩემს ქურთუკს მოგცემ, – მხრები აიჩეჩა და სამზარეულოდან გავიდა. სანამ თიკამ ყველაფრის გაანალიზება მოასწრო, სანდრო უკვე ჩაცმული დაბრუნდა და ხელში შავი, სპორტული და თბილი მოსაცმელი ეკავა. – ჩაიცვი. თუ გინდა, შარვალსაც მოგცემ, – დაამატა სიცილით. – გმადლობ, – უარყოფის ნიშნად თავი გაიქნია, გაიცინა და სწრაფად გამოართვა მოსაცმელი. არ გაჰკვირვებია, როცა დიდი აღმოჩნდა მისი გამხდარი სხეულისთვის მაღალი და დაკუნთული ბიჭის ჟაკეტი. თანაც იმდენად დიდი, ხელებთან სამჯერ მოუწია აკეცვა, სიგრძეში კი ლამის მუხლებამდე მიწვდა. – გიხდება, – თვალი ჩაუკრა და ხელი ჩაჰკიდა. მისი შეხებისას სასიამოვნო ჟრუანტელმა დაუარა მთელს სხეულში. ეს ბიჭი რაღაც საოცარს მართებდა და ჯერ ვერ აეხსნა, ეს რა გრძნობა იყო, რადგან აქამდე არასდროს შეხვედროდა. ერეკლესთანაც კი ვერ გრძნობდა არა თუ ამ გრძნობას, არამედ მიახლოებულსაც კი. ღამის, უფრო სწორად, შუა ღამის წყნეთი მართლაც განსაკუთრებული იყო. ტყე, ტყეებს შორის ბილიკი და ამ ბილიკის ბოლოში გრძელი, დაუსრულებელი გზა, სახლები და მბჟუტავი ლამპიონები. ყველაზე განსაკუთრებული კი სანდრო იყო, გვერდით რომ მოჰყვებოდა, მის თითებს ძლიერად ჩაფრენოდა, თითქოს ვინმე მოპარვას აპირებდა, და სასიამოვნო ჟრუანტელით ავსებდა გოგოს. – რამდენის ხარ, სანდრო? – ჰკითხა ძლივს კითხვა, რომელიც ამდენი ხანი აწუხებდა. გაეცინა. – დამიჯერებ, რომ გითხრა? – რა იმდენის უნდა იყო, რომ ვერ დაგიჯერო? – დაუბრუნა კითხვა გამართულად, სრული გამბედაობით. – ოცდათერთმეტის ვარ, თი, – გაჩერდა და ისე უთხრა. ლამპიონების შუქზე გოგოს მოციმციმე თვალებს დააკვირდა, თითქოს რაღაცას ელოდა, რაღაც უფრო ღრმას, თითქოს აინტერესებდა, ჩაქვრებოდა თუ არა. – ოცდათერთმეტის?! – გაიმეორა და სუნთქვა შეეკრა. მიუხედავად იმისა, რომ არც თვითონ იყო პატარა, არ ეგონა, ამხელა სხვაობა თუ იქნებოდა მასსა და ბიჭს, უფრო სწორად, კაცს შორის. ვერ აღიქვა სანდრო ჩამოყალიბებულ კაცად, რომელსაც წესით უკვე სულ მცირე ხუთი წლის შვილი უნდა ჰყავდეს. – არ ელოდი? – მის მარწყვისფერ ტუჩებს, რომელიც სიბნელეს ჩაემუქებინა, ღიმილი არ შორდებოდა, თუმცა ეს არც ტრიუმფის და არც დაცემის ღიმილი იყო. სადღაც შუაში იდგა და ძალიან მომხიბვლელად გამოიყურებდა. თითქოს თავბრუ დაეხვა თიკას. წარმოედგინა სანდრო ბიჭი, რომელიც მასთან ერთად გადადგამდა თითოეულ ნაბიჯს, ასაკმა კი... ასაკმა ყველა ოცნების კოშკი დაანგრია. დაეჭვდა, ბევრ რამეში დაეჭვდა... ერეკლეც ხომ ზუსტად ასე იყო, დიდი განსხვავებით, რამაც წარმოშო უამრავი საიდუმლო. საიდუმლოები კი სძულდა. – გთხოვ, თუ კიდევ არის რამე ისეთი, რაც უნდა ვიცოდე, ახლავე მითხარი... – ამოიჩურჩულა, – ტყუილებმა და საიდუმლოებებმა ცხოვრება თავზე დამამხეს, ძლივს გამოვძვერი, დავუსხლტი ამ ტვირთს, მაგრამ კიდევ ერთხელ იგივეს ვერ გადავიტან... ვერ გავუძლებ, სანდრო! – ამოისლუკუნა, რადგან უკვე ხმაც შესამჩნევად უთრთოდა და ლოყაზე მლაშე სითხე ედინებოდა, თვალიდან გადმოვარდნილი. შეცბა, თითქოს არ ელოდა, რომ ამას ეტყოდა გოგო. დაიბნა, სიტყვები ერთმანეთში აერია, წინადადებებიდან აზრი ვერ გამოიტანა. საღი მდგომარეობა აფექტით შეეცვალა. როგორ უნდა ეთქვა? ხომ იცოდა, რომ ვერ გაუგებდა? ახლა კი, ამ სიტყვების შემდეგ, დარწმუნდა, რომ არაფერს ჰქონდა აზრი, ტყუილად აგებდა ოცნების კოშკებს, რომ ცხოვრებაში პირველად შეყვარებულ ადამიანს შეინარჩუნებდა. ამ სიტყვებმა მისი საიდუმლოები ფსკერიდან ამოფხიკეს და ნაპირზე გამორიყეს. დაბნეულს ვერ გაეგო, რა პასუხი გაეცა გოგოსთვის, რომლის შეშინებული სახე ზაფხულის თბილ ნიავს ადგილზე მიეყინა. – მითხარი რამე, სანდრო! – დაიჩურჩულა, თითები ბიჭის თითებისგან დაიძვრინა და მკერდთან ჩააფრინდა მაისურში. ვერაფერი გაიგო სანდრომ, რადგან ქვეცნობიერთან ომი გაემართა. ქვეცნობიერი ჩაჰკიოდა და უმტკიცებდა, რომ არ უნდა გაეკეთებინა ეს, მის ცალკე გამდგარ მეობას კი უნდოდა ყველაფრის ახსნა, რადგან ჯერაც შერჩენოდა ნამუსი. თუმცა უკვე ფარ–ხმალის დაყრას აპირებდა, რადგან ცნობიერი ძალიან, ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე აღმოჩნდა. – სახლში დავბრუნდეთ... დიდი საუბარი გველის, – გაიმარჯვა „მეობამ“ და ძლივს ათქმევინა სანდროს პასუხი. გახევდა გოგო და გული ისე აუჩქარდა, იფიქრებდით, სადაცაა ამოუვარდებაო. ქუჩაზე ლამპიონებმა ბჟუტვა შეწყვიტეს. მზის სხივები მთებიდან ნელ–ნელა იწვერებოდნენ და სიბნელეში შთანთქმულ დედამიწას განათებას უპირებდნენ. თიკას სულს კი, რომელშიც კვლავ სიბნელე დასადგურებულიყო, ვეღარანაირი მზის სხივი გაანათებდა. მხოლოდ სანდროს გადასაწყვეტი იყო – დატოვებდა თუ არა სიბნელეს თიკას არსებაში. ეს კი არავინ იცოდა, რადგან განთიადი ახლა იწყებოდა. უმუზობა და ჭირი ამას! არ ვიცი, როგორ გითხრათ ბოდიში... მართლა ძალიან ვწუხვარ, ამდენი ხანი რომ გალოდინეთ. უბრალოდ, მართლა ვერაფერს ვწერდი, საშინელი კრიზისული პერიოდი მქონდა. ვეცდები მალე დაგიბრუნდეთ და სანამ მუზები მყავს დავწერო. მიყვარხართ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.