შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სვანი!!!!1 (ultrix ნაწილი 4)


9-06-2016, 21:12
ავტორი tatia27
ნანახია 3 788

- მე მგონი, დავთვერი, - უფრო უხერხულობის გასაფანტავად თქვა ანამ.
- ცუდად გრძნობ თავს? - ირაკლი დაიხარა, ლოყით ლოყაზე შეეხო და ისე ჩასჩურჩულა.
- ჰო, თავბრუ მესხმის, - ჩუმად თქვა ქალმა.
- წავიდეთ?
- ჰო.
- კარგი. ცოტა ხნით დავსხდეთ და მალე წავიდეთ.

ირაკლის გვერდით მჯდარი ანა მის ნაკვთებს ათვალიერებდა და თანდათან უფრო მოსწონდა. მისგან რაღაცნაირი მუხტი მოდიოდა. მზერითაც კი შეეძლო, მნიშვნელოვანი რამ ეთქვა. თეთრი პერანგის შიგნით დაკუნთული სხეული ეტყობოდა. ლაპარაკის დროს ტუჩებს ენერგიულად ამოძრავებდა, საუბარს რომ მორჩებოდა, ზედა ტუჩს ქვედაზე "დააწებებდა", ორივეს ერთად ოდნავ წინ გამოსწევდა და პასუხს ისე ელოდა...
როგორც იქნა, ამ ხმაურიან კომპანიას თავი დააღწიეს და თბილისისკენ გამოსწიეს.
გზაზე მამაკაცმა მანქანა გააჩერა, სავარძელში გადაწვა, ცალი ხელი მანქანის ღია ფანჯარაზე ჩამოდო და სიგარეტს მოუკიდა. ეს ისე ლამაზად გააკეთა, რომ ანას სურვილი გაუჩნდა, თვალები დაეხუჭა და ერთხელ ნანახი, გონებაში ფირივით რამდენჯერმე დაეტრიალებინა.
- თუ წინააღმდეგი არ იქნები, ამ მშვიდ გარემოში ცოტა ხანს ვილაპარაკოთ, - შესთავაზა ირაკლიმ.
ანა მამაკაცის კითხვებზე ანგარიშმიუცემლად პასუხობდა. მისი გონება სხვაგან დაქროდა და ლაპარაკის დროს თავს ხრიდა, მზერას აცილებდა. თითქოს ეშინოდა, მის თვალებში არ წაეკითხა, რასაც ფიქრობდა.

მამაკაცი კი მზერით ბურღავდა და ხანდახან საყვედურსაც ეუბნებოდა, - თვალს რატომ მარიდებო?..
ასეთ პირდაპირობას ანა არ ელოდა და პასუხიც არ ჰქონდა მზად. ამიტომ, თავის მომხიბვლელ ღიმილს მოიშველიებდა ხოლმე და არაფერს ეუბნებოდა.
- წავიდეთ, უკვე გვიანია.
ირაკლიმ მანქანა დაქოქა და ადგილიდან რომ დაიძრნენ, ამის შემდეგ ჰკითხა:
- კი, მაგრამ როგორ ვერ მიცანი?
- ეტყობა, თავი ვერ დამამახსოვრე, თორემ აუცილებლად გიცნობდი, - წაჰკბინა ქალმა.
ირაკლიმ ფეხი მუხრუჭს მიადგა და მანქანა ისევ გააჩერა. ოღონდ ძრავა არ გამოურთავს.
- რატომ გავჩერდით?
- იცი, აქ რა არის? - თავით ანიშნა იმ შენობისკენ, რომლის წინაც იდგნენ.
- სასტუმროს ჰგავს...
- ჰოდა, ახლა მანქანას ეზოში შევიყვან, შენ ნომერში ამომყევი და დამიჯერე, თავს ისე დაგამახსოვრებ, რომ არასოდეს დაგავიწყდები... ამის შემდეგ...
- რამდენს ბედავ?! - შუბლი შეკრა ანამ და მამაკაცის მიმართ ყოველანაირი სიმპათია და სითბო გაუქრა და მისი ადგილი მრისხანებამ დაიკავა. თვალები დაკვესა და ტუჩები მოკუმა.
- კარგი, გეხუმრე, რა იყო?! - გაიცინა ირაკლიმ.
- ცუდი ხუმრობა გამოგივიდა, ძალიან ცუდი ხუმრობა...
ანამ მანქანის კარი გააღო, გადავიდა და მომავალ ტაქსის ხელი აუწია. იმას მგზავრი ჰყავდა და არ გაუჩერა.
ირაკლიმ მანქანა იქვე მიაყენა და ანას წინ დაუდგა.
- კარგი, ანა, მაპატიე, მართლა ვიხუმრე, არ მეგონა, თუ გაბრაზდებოდი. თანაც, მეც გავბრაზდი, რომ ვერ მიცანი...
- არ იყავი საცნობი და იმიტომ.
- არ გახსოვს, აეროპორტში რომ შევხვდით ერთმანეთს? მერე მე მიგიყვანე სახლამდე, - მამაკაცმა წაქცევის მომენტი განგებ არ გაიხსენა, რომ ქალი არ გაეღიზიანებინა.
- ჰო, მახოვს, - ტუჩები გაბუსხა ანამ.
- ჰოდა, ეგ როგორ უნდა
დაგვიწყნოდა?! თანაც, სულ 2 კვირაა გასული ამ ამბიდან. მე მაგალითად, 20 წლის შემდეგაც გიცნობდი.
ანამ ისე უეცრად გააჩერა ტაქსი, ჩაჯდა და წავიდა, რომ ირაკლიმ გონზე მოსვლა ვერ მოასწრო. სიტყვა პირზე შეეყინა და მხოლოდ თვალი გააყოლა იმ მანქანას, რომელშიც ანა იჯდა.
"კიდევ კარგი, ტელეფონის ნომრის გამორთმევა მაინც მოვასწარი", - გაიფიქრა მან.
"ამის შემდეგ გეცოდინება, როგორ უნდა მომექცე! არანორმალური! ამდენი ვილაპარაკეთ და ის მაინც ვერ ვკითხე, გიორგის საიდან იცნობს ან რა კავშირი აქვს მასთან", - ფიქრობდა ქალი და იღიმებოდა. თავის ფიქრებს უღიმოდა და წინასწარ ტკბებოდა იმის წარმოდგენით, თუ როგორ გაამწარებდა ირაკლის... მან უკვე იცოდა, რომ მამაკაცი აღარ მოეშვებოდა და მალე მის ნაკვალევს დაუწყებდა ძებნას. ამიტომ, იმედიანად იყო და უკვე ხვალინდელ დღეს გეგმავდა.
შინ რომ მივიდა, დედას უკვე ეძინა, ნინო კი ტელევიზორს მისჯდომოდა.
- ნი, ხვალ ერთ ადგილას უნდა წაგიყვანო. თუ ყველაფერი ისე იქნება, როგორც მე მინდა, შესაძლოა, სამსახურის შეცვლამ მოგიწიოს.
- მე არ მეკითხები, მინდა თუ არა?
- მე ვიცი, რომ გინდა, - ლოყაზე თითი ჩამოუსვა ანამ. - ჩემი გულისთვის ხომ გააკეთებ ამას?
- რა ხდება, ის მაინც მითხარი. იმის უფლება მაინც ხომ მაქვს, რომ ვიცოდე, რატომ ვიცვლი სამსახურს?!
- იმ გიორგი ნიჟარაძემ თავის ბიზნესში წილი შემომთავაზა. ხვალ შენ მიგიყვან, გაეცნობი ყველა მონაცემს და მეტყვი, ღირს თუ არა ამ საქმეში ფულის დაბანდება. მერე აქაურ ეკონომიკურ სიტუაციას, ბაზარს გამოვიკვლევთ, ექსპერტებს დაველაპარაკებით და თუ ყველა ინფორმაციის შეჯერების შემდეგ მივიჩნევ, რომ დათანხმება ღირს, მაშინ შენ სამუშაოდ იქ გადახვალ, რომ ჩემი წილის გაკონტროლება შევძლო.
- ასეთი სერიოზული საქმეა?
- გოგო, 25-მილონიან ინვესტიციაზეა ლაპარაკი. ეხუმრები შენ?!
- ანა, ამდენი ფული გაქვს?! - პირი დააღო ნინომ.
- სსუუ, - თითი ტუჩებზე მიიდო ანამ და გაიცინა, - ეს არავინ გაიგოს, თოოორემ...
- იმ ვარდების "ავტორი" თუ დაადგინე?
- შენ წარმოიდგინე, რომ ვერა... ვინც მეგონა, ის არ ყოფილა...
დილით ანამ ადრიანად გაიღვიძა. როცა იცოდა, რომ საქმეზე უნდა წასულიყო, ძილი არ ეკარებოდა, ადრიანად დგებოდა და გამუდმებით იმ საქმეზე ფიქრობდა ხოლმე. ახლაც ასე იყო.
ნინოს ოთახში შევიდა და საწოლიდან წამოაგდო. თუმცა ისე ადრე იყო, რომ ოფისში მისვლა არ ღირდა, ჯერ მაინც არავინ იქნებოდა იქ.
შინიდან მაინც ადრე გამოვიდნენ. ნინო ბუზღუნებდა და ისე მიჰყვებოდა ჯიუტ დას.
ანამ გეზი სასაფლაოსკენ აიღო და გოჩას საფლავზე მივიდა. ქვა გაწმინდა, ფიქრით ყოფილ ქმარს გაესაუბრა და იქიდან პირდაპირ გიორგისკენ გასწია.
ნიჟარაძის მდივანი შუბლშეკრული დახვდა.
- ისევ თათბირი აქვს? - ჰკითხა ანამ.
- არა, შედით, - თავით ანიშნა კარისკენ.
- ოო, მობრძანდით! ეს ვინაა? - ნინოს ხელი რომ ჩამოართვა, მაშინ ჰკითხა ანას.
- ეს ჩემი დაა, ნინო.

- ესაა, ბუღალტერიაში მგელიაო, რომ ამბობდი? - გაეღიმა მამაკაცს და ნინოს ისე შეხედა, ლამის მუხლები მოეკვეთა ქალს.
- არა მარტო ბუღალტერიაში, საერთოდაც, მგელია, - ანას არ გამორჩენია გიორგის მზერა.
- მახსოვს, ადრე ერთი გაკნაჭული გოგო იყავი, არაფრით გამორჩეული, ახლა კი დამშვენებულხარ და მზეთუნახავად გადაქცეულხარ, თვალს ვერ მოგწყვეტს კაცი, - ხარბ მზერას არ აშორებდა ნინოს გიორგი.
- თქვენ მგონი, სიძეობას მიპირებდით, არა? - წარსული გაახსენა ნინომ.
- კარგი, კარგი, კბენას არ ვიყოთ. ეს ადრე იყო, ახლა კი... - მამაკაცმა პაუზა გააკეთა და ნინო თავიდან ბოლომდე დემონსტრაციულად აათვალიერ-ჩაათვალიერა. - შესაძლოა, ანას დავუპირო სიძეობა.
- მორჩი ამ უნიჭოდ ხუმრობას და საქმეს მიხედე, - ანამ სკამი გამოსწია და დაჯდა.
ცოტა ხნის შემდეგ მდივანმა უკმაყოფილო სახით, ჯერ ყავა შემოიტანა, შემდეგ, ნინოს გაუძღვა იმ ოთახისიკენ, სადაც ბუღალტერი იჯდა.
- მართლა მაგარი ქალი დამდგარა, თითქმის ერთნაირები ხართ, შენ - შავთმიანი, ის - წითელთმიანი. ორი ლამაზი ქალი... ერთად რომ ხართ, შეიძლება კაცს გული გაუსკდეს. გათხოვილია?
- არა და არც ყოფილა, - მოკლედ მოჭრა ანამ, რითაც ანიშნა, რომ ამ თემაზე ლაპარაკი დასრულებული იყო. - გიორგი, ირაკლის საიდან იცნობ?
- რა იყო, რატომ მეკითხები?
- მაინტერესებს.
- ეგ დიდი მექალთანეა, იცოდე. თუ მოეწონე, თავს არ დაგანებებს, სანამ არ ს, - გულიანად იცინოდა გიორგი.
- წესიერად ილაპარაკე!.. უბრალოდ, ამერიკიდან რომ მოვდიოდი, ერთად ვიმგზავრეთ და აეროპორტში ერთმანეთი შემთხვევით გავიცანით. ახლა აქ რომ ვნახე, ძალიან გამიკვირდა.
- ირაკლი ჩემი ნათესავია. შენ აქ დიდი ხანია, არ გიცხოვრია და ამიტომ არ იცნობ მას. საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობს, ფაქტობრივად, ჩემს ბიზნესს "კრიშას" ეგ უკეთებს. გამუდმებით ტელევიზორშია გამოჭიმული და საკმაოდ პოპულარულიცაა: ლამაზი მამაკაცია, ხომ ასეა? თან - უცოლო, მდიდარი, კაი ტიპი და ქალები ერთმანეთს ხოცავენ მაგის გულისთვის.
- უჰ, რას მეუბნები?! უყურე შენ! იმიტომ აქვს თავში ავარდნილი, ეტყობა. მაგას ჰგონია, ყველასთან ყველაფერი გაუვა... თავხედია ეგ შენი ირაკლი, - გაწიწმატდა ანა.
- გმადლობთ, ქალბატონო ანა, დიდი მადლობა, კომპლიმენტებში ძალიან გულუხვი ბრძანდებით და ნამდვილი თაფლაკვერა... შაქარივით დნებით, ტკბილი სიტყვებით ისე იხარჯებით, - მოესმა ზურგს უკან და ანა გველნაკბენივით შეხტა. ირაკლი ისე წამოსდგომოდა თავზე, რომ ვერც კი გაიგო მისი შემოსვლა.
- ააა, ყველაფერთან ერთად, ჩუმად ყურის გდებაც გყვარებია! - იხტიბარი არ გაიტეხა.
- რა ხდება, ამიხსენით ერთი, რაღაც, ისეა ეს ქალი გამწარებული, მგონი, გუშინ რაღაც აწყენინე, - ისე გაეღიმა გიორგის, რომ ანა მიხვდა, გუშინდელი ამბები ზედმიწევნით იცოდა.
ირაკლი მოშორებით ჩამოჯდა. ანა კარგა ხანს ისმენდა ორი მამაკაცის საუბარს, რომელიც მისთვის საინტერესო არ აღმოჩნდა. გიორგის მოუბოდიშა და კაბინეტიდან გავიდა...
ამ ამბიდან ერთი კვირის შემდეგ ანამ გადაწყვიტა, გიორგის საქმიანი წინადადება მიეღო.
ნინოც შეითანხმა, რომ სამუშაოდ მასთან გადავიდოდა და ამ ამბის სათქმელად ისევ გიორგის ეწვია. ამჯერად - სახლში.
წინასწარ არ გაუფრთხილებია, ისე მიადგა. კარი ირაკლიმ გაუღო.
- მობრძანდით, ქალბატონო ანა, - თავი დაუკრა ქალს.
ანამ გაბედულად შეაბიჯა და გიორგი იკითხა.
- ამ წუთში დაბრუნდება. მაღაზიაში, ლუდზე ჩავიდა. აი, აქ დაბრძანდით, - დივანზე მიუთითა, - რამ შეგაწუხათ?
- ვისთანაც მოვედი, იმას ვეტყვი. - "სად დაიკარგე ეს ერთი კვირა, ვაჟბატონო?.." - გულში კი ეს გაიფიქრა.
- კარგი, ანა, რა, ვერ დაივიწყე ის წყენა?! მართლა გეხუმრე მაშინ.
- იცი, გიორგიმ გამაფრთხილა, რომ მექალთანე ხარ და თუ ვინმე მიზანში ამოიღე, სანამ არ გაჟიმავ, თავს არ დაანებებ, - პირდაპირ აჯახა ანამ.
- ასე გითხრა? - ხმამაღლა გადაიხარხარა მამაკაცმა. - უყურე შენ მაგას!
- ჰო, ასე მითხრა და ისიც მითხრა, მოერიდეო.
- შენ ძმაკაცებს შორის შუღლს რატომ აგდებ? - სიცილი მოსხიპა ირაკლიმ.
- მე სიმართლეს ვამბობ, არ ვიტყუები.
- მერე შენც ადექი და დაუჯერე, არა?
- დიახ, დავუჯერე, რადგან საკუთარ თავზე ვიწვნიე შენი უცერემონიობა.
- მოდი, შევრიგდეთ. დაივიწყე, რაც იყო და სუფთა ფურცლიდან დავიწყოთ ურთიერთობა. ნახავ, რა კარგი ბიჭი ვარ, - თავი შეიქო ირაკლიმ.
- კარგი, - უცებ დათანხმდა ანა.
- მაშინ, შერიგების ნიშნად, გაკოცებ, კარგი? - ირაკლის თვალები ეშმაკურად უციმციმებდა.
ანამ ლოყა მიუშვირა. მამაკაცი წამოდგა და საკოცნელად დაიხარა, მაგრამ უეცრად გადაწყვეტილება შეცვალა, მკლავები მოჰხვია და ტუჩებზე დააცხრა.
ანა წინააღმდეგობას უწევდა, მაგრამ მამაკაცმა ხელები ზურგს უკან გაუკავა და ქალი ვერ მოერია... ბოლოს დანებდა, კოცნას კოცნითვე უპასუხა. თუმცა როგორც კი ირაკლიმ ხელები შეუშვა და თავისუფლება იგრძნო, მაშინვე მკერდზე ხელი ჰკრა და ფეხზე წამოხტა.
- ასეთ ქცევას ვერ ვიტან! - კბილებში გამოცრა.
- ანა, მე კი უშენოდ ვერ ვძლებ. არც კი ვიცი, როგორ მოვიქცე, რომ შენი გული მოვიგო. რაც უნდა გავაკეთო, არაფერი მოგწონს. არ ვიცი, სიყვარულია ეს, ვნება, ჟინი თუ კიდევ სხვა რამე, მაგრამ რომ გხედავ, თავს ვერ ვიკავებ, რომ არ შეგეხო. მინდიხარ, გესმის?! - ირაკლი ხელების ქნევით ლაპარაკობდა.
- ეს ახლა, დღეს დაგემართა?.. - გულუბრყვილო ტონით იკითხა ქალმა.
- არა, ეს იქ, აეროპორტში დამემართა, როცა მიწაზე იყავი გაშხლართული, მე კი თავზე გადექი და ზემოდან დაგყურებდი. ლამის ხელში აგიტაცე და გულში ჩაგიკარი. ამიტომ იყო, რომ არც კი დავიხარე შენს ასაყენებლად, - რომ შეგხებოდი, თავს ვერ შევიკავებდი. შენ კი ალბათ ფიქრობდი, რომ მართლაც თავხედი და უზრდელი ვიყავი, - ერთი ამოსუნთქვით მიაყარა სათქმელი მამაკაცმა.
- ასეთი "რეჩი" პირველად მოვისმინე, - გაიღიმა ანამ.
- იმ დღეს, აქ რომ დაგინახე, ლამის თვალთ დამიბნელდა...
- კი, მაგრამ აქ რომ არ გენახე, მაშინ რას იზამდი?
- რას ვიზამდი და შინ მოგაკითხავდი, ხომ ვიცი მისამართი...
- იმ ვარდების თაიგულებსაც შენ ხომ არ მჩუქნი, ყოველდღე კართან რომ მხვდება?..
- მე გჩუქნი, კი, იმ ვარდებსაც მე გჩუქნი... არ მეგონა, ბედი ჩვენს შეხვედრას ასე მალე თუ გადაწყვეტდა. სანამ გიორგისთან წვეულებაზე ერთმანეთს შევხვდებოდით, სულ ორჯერ მოვასწარი თაიგულის გამოგზავნა...

- სამაგიეროდ, ახლა ჩემი სახლი უკვე ვარდებითაა სავსე და აღარ ვიცი, სად წავიღო. შენ წარმოიდგინე, ის, პირველად მოტანილი ვარდებიც კი ისევ ისე გამოიყურება, თითქოს ახლახან დაკრიფესო, - ანა უცებ მოლბა რატომღაც. თვითონვე გაუკვირდა, რომ ირაკლის საქციელმა და კოცნამ არ გააღიზიანა. თუმცა ცოტა კიდევ იყო გაბრაზებული, მაგრამ არც კი უნდოდა, რომ ეს გამოემჟღავნებინა.
- ანა, შევრიგდით, ხომ? - ჩაეკითხა მამაკაცი.
- კარგი, შევრიგდეთ. ოღონდ სხვა დროს ჩემ დაუკითხავად რომ შემეხო, განანებ, იცოდე, - ღიმილით დაემუქრა.
- მაშინ, პირობა მომეცი, რომ რამდენჯერაც ნებართვას გთხოვ, იმდენჯერ ამ ნებართვას მივიღებ.
- მდივანთან ჩაეწერე მიღებაზე, - გაიხუმრა ქალმა.
- კარგი, ჩავეწერები. იმედია, რიგში დიდხანს დგომა არ მომიწევს ხოლმე. ისე, დარწმუნებული ვარ, ჩემი კოცნა მოგეწონა და აწი ამ მომენტის გახსენებაზე ტანში ჟრუანტელი დაგივლის ხოლმე, - ხუმრობითვე უპასუხა ირაკლიმ და კარის გასაღებად გაემართა, რადგან გიორგი ფეხით აბრახუნებდა - ხელები დაკავებული ჰქონდა. უამრავი პაკეტი ამოეჩარა და მკერდზე მიეხუტებინა.
- ანა მოვიდა? - შემოსასვლელშივე იკითხა. - მანქანა დავინახე ეზოში. ისე, რა უცნაური ნომერი გაქვს, გოგო, რას ნიშნავს ეგ სიტყვა? ვერც დავიმახსოვრე, სიმართლე რომ გითხრა, - შორიდანვე გამოელაპარაკა გიორგი, პაკეტები ბარზე დააწყო და გამობრუნდა.
- ლათინური რომ იცოდე, მიხვდებოდი, რას ნიშნავს. კეთილი ინებე, ლექსიკონი გადაშალე და გაიგებ.
- და შენ რომ მითხრა, რა მოხდება?

- ეჰ, გიორგი, გიორგი, სულ გაზარმაცდები ასე... ამერიკაში იცი, ხალხი როგორაა გაზარმაცებული? იქაურმა ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა
საიმისოდ, რომ ადამიანები აზროვნებას გადაეჩვიონ. ყველაფერს ახსნა-განმარტება ახლავს თან. მაგალითად, შედიხარ მაღაზიაში, კარზე წაწერაა - "შეაღე" ან "გამოაღე"; მერე ისარი გიჩვენებს, საით უნდა წახვიდე; მიხვალ თაროსთან, სადაც პროდუქტი აწყვია და აწერია - "აიღე"... ამერიკელი აქ რომ ჩამოვიდეს და უბრალო მაღაზიაში შევიდეს, დაიბნევა, გეფიცები. შეიძლება, პურიც ვერ იყიდოს, ისე გავიდეს, რადგან პურზე არ აწერია - "აიღე". ჰოდა, ნებართვა არა აქვს და არ აიღებს...
- შენმა ნათქვამმა ის ანეკდოტი გამახსენა, სვანზე, საპარიკმახეროში ყურსაცვამებით რომ შევიდა, - ხმამაღლა გაიცინა ირაკლიმ.
- აბა, თქვი ერთი, თუ არ გეშინია: 2 სვანი ვართ ერთად, არ დაგავიწყდეს, - შეაგულიანა გიორგიმ. - ანა, ლუდს დალევ? - ბოთლს თავსახური ახადა ნიჟარაძემ და როდესაც ქალისგან თანხმობა მიიღო, მიაწოდა.
- ჰოდა, პარიკმახერმა უთხრა: უკაცრავად, მაგრამ ეს ყურსაცვამი მიშლის და მარჯვენა ყურიდან მოგხსნით, თუ შეიძლებაო. სვანმა ნება დართო. მერე მეორე ყურიდანაც მოხსნა ყურსაცვამი და რამდენიმე წამის შემდეგ სვანმა ხროტინი დაიწყო, დაიგრიხა, სავარძლიდან ჩამოცურდა და მოკვდა. გადაირია პარიკმახერი, პოლიცია გამოიძახა. ექსპერტმა სიკვდილის მიზეზი დაადგინა - გაიგუდა უჰაერობის გამო. იფიქრეს: მოდი, ვნახოთ, რას უსმენდაო. ჩართეს "ფლეერი", გაიკეთეს ყურსაცვამები და მოუსმინეს: "ჩაისუნთქე", "ამოისუნთქე", "ჩაისუნთქე", "ამოისუნთქე"...
ყველამ გულიანად გაიცინა.
- ისე, მაგ სვანის რა მოგახსენოთ, მაგრამ მე 3 წლის ვიყავი, ნინო რომ დაიბადა და სულ მეშინოდა, სუნთქვა არ დავიწყნოდა და დედას ვახსენებდი ხოლმე, - დედა, ბაიას არ დაავიწყდეს, რომ უნდა ისუნთქოს, ნახე, თუ სუნთქავს-მეთქი, - ანამ ლუდის ბოთლი მიიყუდა და გრილი სითხე მოსვა.
- ნამდვილი სვანი ხარ! - გულიანად ხითხითებდა ირაკლი.
- არის და რა ქნას?! - გიორგიც აჰყვა.
იმ საღამოს საქმეზე არ ულაპარაკიათ. ანა ისე კარგად გრძნობდა თავს ამ ორი მომხიბვლელი მამაკაცის გვერდით, რომ საქმეზე ლაპარაკით იდილია აღარ დაარღვია და გიორგის მხოლოდ წამოსვლისას დაუბარა, რომ მეორე დღეს ოფისში მივიდოდა.
ის და ირაკლი ერთად გამოვიდნენ ნიჟარაძის სახლიდან.
- ისე, ახალი კანონპროექტი უნდა წარვადგინო პარლამენტში, - თქვა მამაკაცმა, როცა კიბეზე ჩადიოდნენ.
- რა კანონპროექტი?
- რა და - ქალებს საჭესთან ჯდომა უნდა ავუკრძალოთ.
- შენ გგონია, ცუდად ვატარებ? - იუკადრისა ანამ.
- არა, მაგას არ ვგულისხმობდი. ახლა მანქანით რომ არ იყო, შემოგთავაზებდი, წაგიყვან-მეთქი და ცოტა ხანს კიდევ დავტკბებოდი შენთან ყოფნით, - გაუღიმა მამაკაცმა, - რაც შეეხება მართვას, ქალები ნურასოდეს შეეჯიბრებით მამაკაცებს, ბატებივით დადიხართ.
- გინდა, შევეჯიბროთ? - უკან არ დაიხია ქალმა.
- მიწვევ?
- ნაძლევზე "გეპატიჟები".
- პირობა როგორი იქნება? - დაინტერესდა ირაკლი.
- ერთი სურვილის შესრულება, - ინტრიგა ჩააგდო ქალმა, - ოღონდ, თანაბარ პირობებში უნდა ვიყოთ: შენს მანქანას ძრავა რამდენიანი აქვს?
- შენსას არ ჩამოუვარდება. სად წავიდეთ?.. - დაფიქრდა ირაკლი. - მე ვიცი, სადაც წავალთ, მომყევი, - უთხრა ანას და საჭეს მიუჯდა, - რუსთავის გადასახვევთან ავტორალისთვის მოწყობილი ტრასაა, იქ წავიდეთ, - ღია ფანჯრიდან მიაძახა თავისი მანქანისკენ მიმავალ ანას.
ანამ მანქანის ტაბლოზე საათს შეხედა. ღამის პირველი საათი იყო. ქალაქში მანქანები კანტიკუნტად მოძრაობდნენ და თბილისიდან გასასვლელად სულ რამდენიმე წუთი დასჭირდათ. ნახევარ საათში უკვე დანიშნულების ადგილზე იყვნენ.
შესასვლელში, პატარა ჯიხურში დარაჯს ეძინა. შუა ხნის მამაკაცი თვალების ფშვნეტით გამოვიდა სიგნალის ხმაზე. ირაკლიმ 50-ლარიანი მიაწოდა და სთხოვა, ჭიშკარი გაეღო და ტრასა გაენათებინა. პროჟექტორების შუქმა ქალს თვალი მოსჭრა.
პირველად ირაკლი შევიდა და მანქანა სტარტის ნიშნულთან გააჩერა. ანაც გვერდით ამოუდგა.
მამაკაცი მანქანიდან გადავიდა და ქალის მანქანას მძღოლის მხრიდან მოუარა.
- მაშ, ასე, ნაძლევის პირობა გახსოვს, ხომ? - ეშმაკურად ჰკითხა.
- კი, - თავი დაუქნია ანამ.
- 5 წრეს გავაკეთებთ და ისევ აქ გავჩერდებით. გასაგებია?
ანამ ისევ დაუქნია თავი.
- კარგი, ახლა მეც დავქოქავ და ჩემს ნიშანზე ორივე დავიძრებით. ეშმაკობა არ იყოს, იცოდე! - ყოველი შემთხვევისთვის გააფრთხილა.
- აბა, ახლა გამოცდა უნდა ჩააბარო. შენ იცი, არ მიღალატო და ამ კაცის დასაცინი არ გამხადო! - საჭეს ხელი გადაუსვა ანამ, მოეფერა, ცოცხალი არსებასავით დაელაპარაკა და მოხერხებულად დაჯდა.
გვერდიგვერდ მდგარი შავი და წითელი ჯიპები პროჟექტორების შუქზე ძალიან ლამაზად მოჩანდა. შორიდან მაყურებელს ისეთი შთაბეჭდილება დარჩებოდა, თითქოს 2 ბედაური იდგა და მხედრის ნიშანს - ფერდში დეზის ამოკვრას ელოდა, რომ ერმანეთთან შერკინება დაეწყო.
ცოტა ხანში საბურავებმა მტვრის ბუღი დააყენა. მანქანები "ბღაოდა", თითქოს ცხენებივით ჭიხვინებდა და ყალყზე დგებოდა...
ანა დაძაბული იჯდა. პირველ წრეზე ცოტა გაუჭირდა, რადგან ტრასა მისთვის უცნობი იყო. მეორე წრეზე უფრო გათამამდა და "გაზს" ბოლომდე მიაჭირა ფეხი. სპიდომეტრის ისარი ზევით მიიწევდა, მოტორი სისინებდა, მანქანა პატრონს ემორჩილებოდა... ცოტა ხანში, დაწინაურებულ მამაკაცს გადაუსწრო და კარგა გვარიანად ჩამოიტოვა უკან.
- მიდი, მიდი! - ხმამაღლა ყვიროდა ანა და მთელი არსებით, შეჯიბრებით გამოწვეულ ჟინს მისცემოდა. თუ ირაკლი გადაასწრებდა, სახე მოეღუშებოდა, თუ თვითონ დაწინაურდებოდა, სიხარულის ყიჟინას დასცხებდა.
ფინიშთან მისვლაც პირველმა იზეიმა. თუმცა სულ რამდენიმე წამით დაასწრო მამაკაცს. მანქანა გააჩერა, სავარძლის საზურგეს მიეყრდნო და მოეშვა.
ახლაღა მიხვდა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ეშინოდა... გული უთრთოდა, მაგრამ ჟინი თუ სიჯიუტე არ აძლევდა ამის აღიარების უფლებას და ბოლომდე იბრძოდა...
- როგორა ხარ? - ფანჯარას მოადგა ირაკლი.
- გადასარევად.
- ვაღიარებ, რომ მაგარი ხარ, მაგრამ ეგ შენი მანქანის დამსახურებაა, მაგარია, - კაპოტზე ხელი დაატყაპუნა. - წავედით?
- კი, მაგრამ ჯერ მოკაკვული თითი დამანახვე და აღიარე, რომ დამარცხდი, - როგორც იქნა, გული დაუმშვიდდა ქალს.
- ა, ბატონო, - ირაკლიმ მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ჯერ ზემოთ ასწია, მერე მოხარა და ანას დაანახვა.
- ახლა წავიდეთ, ჩემი გამარჯვება კი ხვალ ვიზეიმოთ...
დარაჯი მთელი ამ ხნის განმავლობაში გაოცებული უყურებდა ამ უჩვეულო შერკინებას და მიმავალთ ღიმილიანი მზერა გააყოლა. ჭიშკართან მიახლოებულ ანას კი მოწონებისა და შექების ნიშნად, აწეული ცერა თითი დაანახვა. ანამ მადლობისა და დამშვიდობების ნიშნად, სიგნალი მისცა და ირაკლის მანქანას უკან გაჰყვა.
ნინო და დედა, როგორც ჩანს, მიეჩვივნენ ანას გვიან დაბრუნებას და ბოლო დროს, ფეხზე მდგომი აღარც ხვდებოდნენ. ანამ ფანჯრებს ახედა. შუქი ჩამქრალი იყო.
კიბე უცებ აირბინა და შინ შევიდა თუ არა, სააბაზანოს მიაშურა.
რაღაცნაირი, კმაყოფილების განცდა ჰქონდა.
"საკუთარ შიშს რომ ვაჯობე, ალბათ იმიტომ", - გაიფიქრა და სხეული გრილ წყალს შეუშვირა...

მიუხედავად იმისა, რომ გამთენიისას დაწვა, დილით მაინც ადრე გაიღვიძა. ადგომა ნინოსაც დაასწრო და დედასაც.
ბავშვობიდან ასე იყო - პირველი იღვიძებდა და ყველაფერს აახმაურებდა და ააჟრიამულებდა ხოლმე.
- ადექით, აშენდა ქვეყანა! - სამზარეულოდან გასძახა.
- ნამდვილი ჭრიჭინა ხარ, რა! - ნინო თვალების ფშვნეტით შემოვიდა და დივანზე დაჯდა. ფეხები აიკეცა, ორივე ხელით ტერფებს ჩაეჭიდა და ანას ყურებით გაერთო.
- ყავას დალევ?
- კი, დავლევ.
- სამსახურიდან წამოსვლაზე განცხადება უკვე დაწერე?
- კი, დავწერე, მაგრამ უფროსი ხელს არ მიწერს. მეუბნება, ოღონდ არ წახვიდე და ყველანაირ პირობას შეგიქმნი, რომ მეორე სამსახურსაც მიხედოო.
- მერე, რად გინდა ორი სამსახური? დაანებე თავი - ჩვენ ისე არ გვიჭირს, რომ ზედმეტად დაიტვირთო თავი. შენ აქ გადმოდი, იქ კი ვინმეს ახალს მიიღებენ და კიდევ ერთი უმუშევარი დასაქმდება.
- ჰო, მართალია, არ გვიჭირს, მაგრამ ყველას პროფესიონალი სჭირდება და თუ იციან, რომ შენს საქმეს კარგად ასრულებ, გასაშვებად არ ემეტები.
- ეგ მაგათი პრობლემაა. მე მაგალითად, საქმეს რომ ავაწყობ, იცი, რას ვიზამ? ჩემთვის საჭირო კადრს თვითონ მოვამზადებ - ვასწავლი, სწავლის ფულს გადავუხდი და ისე დავასაქმებ.
- მერე ადგება და წავა.
- არ წავა, თუ სხვებზე უკეთეს პირობებს შევუქმნი. გიჟია?.. თან კონტრაქტში ჩავდებ პირობას, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ჩემთან უმდა იმუშაოს და თუ მანამდე წასვლას გადაწყვეტს, მაშინ სწავლის ფული უნდა დააბრუნოს. სწავლასა და განათლებაში ჩადებული ინვესტიცია ყველაზე მომგებიანია. მაშინ თანამშრომელს მეტსაც მოსთხოვ.
- ჭკვიანურია, მაგრამ შენ ამერიკულად აზროვნებ, ქართულად მოაზროვნეებში გაამართლებს თუ არა ეგ შენი თეორია, არავინ იცის.

გიორგის მისაღებში მდივანი არ დახვდა. ანაც აღარ დალოდებია, კაბინეტის კარი ისე შეაღო.
გიორგის მაგიდის წინ, კარისკენ ზურგით, მდივანი სკამზე მუხლებით იდგა და შეფის მაგიდაზე იყო გადაწოლილი.
- მოაწერე ხელი, მოაწერე, - ამ სიტყვებს შეესწრო ანა.
- თავი დამანებე, არა-მეთქი, გეუბნები!
- მოაწერე, გიორგი, შენ ხომ შემპირდი?! - არ ეშვებოდა ქალი.
- ნუ გადამეკიდე, ყველაფერი შეიცვალა - ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას სხვას ვაძლევ, - თავიდან იშორებდა მამაკაცი.
- იმას, არა?!. იმ ფუფალას, აქ სიარულს რომ მოუხშირა!..
- ენა გააჩუმე, უფლებას არ მოგცემ, მასზე ასე ილაპარაკო. თავს ხომ არ გაგივიდა?! შენი მოვალეობები ნუ გავიწყდება. სამსახურში შენ ჩემი მდივანი ხარ და ეგ კარგად დაიმახსოვრე. ჩემს საწოლში თუ კოტრიალობ, ეგ იმის უფლებას არ გაძლევს, რომ მითითებები მომცე.
ანა კართან იდგა და ვერ გადაეწყვიტა, გაბრუნებულიყო თუ დარჩენილიყო. ბოლოს ჩაახველა, რომ მისთვის ყურადღება მიექციათ.
მდივანი წელში გასწორდა და ფეხზე დადგა.
გიორგიმ ანას გამოხედა და სახეზე უხერხულობა დაეტყო.

- ხელს ხომ არ გიშლით? - ირონიული ღიმილით იკითხა მოსულმა.
- მოდი, მოდი, - გიორგი წამოდგა.
მდივანმა სწრაფი ნაბიჯებით დატოვა კაბინეტი, გასვლამდე ანას ავად გახედა და კარი ისე გაიჯახუნა, რომ კედლები შეზანზარდა.
- როგორც ჩანს, შენ აქ უფროსიც გყოლია... - ირონიული ღიმილი არ მოშორებია ანას სახიდან.
- ნუ დაიწყე ახლა!
- რას გაძალებდა?
- სანამ შენ გამოჩნდებოდი, ვიცე-პრეზიდენტის ადგილის შემოღებას ვაპირებდი და ერთ-ერთ ჩვენს პერსპექტიულ ახალგაზრდას ვაწინაურებდი.
- მერე, ამას რატომ შესტკივა ასე გული? - თავი მისაღებისკენ გადააქნია ქალმა.
- უბრალოდ, იგრძნო, რომ გადაწყვეტილება შევცვალე და ვინაიდან შენ მტრად აღგიქვამს, გადაწყვიტა, დაეძალებინა, ხელი რომ მომეწერა.
- იცი, რა მიკვირს, გიორგი?.. მე შენ წლებია, გიცნობ და არ მეგონა, თუ ვინმეს ამდენის უფლებას მისცემდი. გასაგებია, რომ შენი საყვარელია და მასთან "სიყვარულობანა" და "ჩურჩულ-პუტუნი" გაქვს, მაგრამ ეგ იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ამდენის უფლება უნდა მისცე. ჭკუას არ გარიგებ, უბრალოდ, მართლა გამიკვირდა. ამას წინათ რომ ვიყავი მოსული და შენი ოთახიდან გავედი, მისაღებში 5-6 თანამშრომელი ქალი იყო შეკრებილი და დარწმუნებული ვარ, ჩემზე ჭორაობდნენ. რომ გავედი, ისე შემომხედეს, ფეხი რომ არ გადამიბრუნდა ან არ მოვიტეხე, ძალიან გამიმართლა...
- დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს იჭორავებენ შენზე. მით უმეტეს, როცა კომპანიის მართვის სადავეებს ჩაიბარებ. ქალებისა და საერთოდ, ადამიანების ბუნებაა ასეთი - რომ თავისივე სქესის წარმატებულ "ინდივიდს" ვერ იტანენ. მით უმეტეს, თუ ლამაზია, დანარჩენები ყვავებივით დაჰკორტნიან.

- უხეშად რომ ვთქვა, მე ეგ ყველაფერი სულ ფეხებზე .
- ლამაზ ფეხებზე... - გაიღიმა მამაკაცმა.
- შენ "იმის" ფეხებს მიხედე.
- შენსას ირაკლი მიხედავს, არა?.. - ახლა გიორგიმ აიწება სახეზე ირონიული ღიმილი.
- შენგან განსხვავებით, მე ჩემს პირად ცხოვრებაში ჩარევის უფლებას არავის ვაძლევ.
- კარგი, ნუ ვიკამათებთ. შენ აქ ისე, უსაქმოდ არ მოხვიდოდი. რა ხდება? დავწერო შენი ვიცე-პრეზიდენტად დანიშვნის ბრძანება თუ არა?
- დაწერე! თანახმა ვარ და ხვალიდან მთლიანად ჩავერთვები საქმეში.
- ანა, მიხარია, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღე. შენი კაბინეტი ჩემი ოთახის გვერდით იქნება. გარემონტებულია, მაგრამ თუ რამის შეცვლა გენდომება, არც ეგაა პრობლემა. შენ თუ მეტყვი, მეგისაც გავუშვებ.
- მეგი ვინაა?
- ჩემი მდივანი.
- არა, იყოს. მე ცალკე ხომ არ მეყოლება მდივანი და ბარემ მეც მაგას "ვიხმარ".
- ო-ო, რა გველი ხარ! ვინც არ გიცნობს, ზის და ტირის, - გაიღიმა მამაკაცმა. - ნახავ ოთახს?
- მაგას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა არა აქვს - ასეთ წვრილმანებს ყურადღებას არ ვაქცევ. მთავარია, სისუფთავე იყოს, თორემ რა ფერის კედლებია, ეს ნაკლებად მაინტერესებს. წავედი, სხვაც ბევრი საქმე მაქვს, - ანა წამოდგა.
- ხვალ დირექტორთა საბჭოს სხდომაა, დილით 11 საათზე და არ დააგვიანო. მე მგონი, მე და შენ პოლონეთში გამგზავრებაც მოგვიწევს უახლოეს დღეებში, - მამაკაცმა ანა კართან მიაცილა, გაუღო და წინ გაატარა.
მისაღებში ისევ იდგა რამდენიმე თანამშრომელი; ანას დანახვაზე ყველა გაჩუმდა.
- მთავარი ის არაა, რას იტყვით ჩემზე. უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ თქვენ ამაზე დროს კარგავთ, - გაუღიმა ანამ იქ მყოფებს და გავიდა.
გიორგიმ თავი ღიმილით გადააქნია, მდივანს უხმო და კაბინეტში შებრუნდა.
გიორგისგან წამოსულმა ანამ რამდენიმე ადგილი მოიარა. საღამო ხანს კი დავითთან მივიდა.
- სად დაიკარგე, გოგო? - მსუბუქად უსაყვედურა ბიძამ.
- საქმეებში გავიხლართე, ვერ მოვიცალე და შენ რომ შემოგევლო ჩვენთან, რა მოხდებოდა?
- ამ ერთი კვირის განმავლობაში სამჯერ ვიყავი თქვენთან, დედაშენმა არ გითხრა?
- არა, არ ვიცოდი, მაპატიე. დავით, ბევრი ვეცადე, ჩემი ძალებით მიმეგნო ჩემი შვილისთვის, მაგრამ არაფერი გამომივიდა. კერძო დეტექტივის დაქირავება მინდა და ხომ არ იცი, ეს როგორ უნდა მოვახერხო?
- კი, ვიცი. ერთ გამომძიებელს ვიცნობ. კერძო პრაქტიკას არ მისდევს, მაგრამ ფულს თუUგადაუხდი, მე მგონი, უარს არ იტყვის. დავურეკო?
- დაუკერეკე და ახლავე შემხვდეს.
- ბავშვობიდან მოუთმენელი ხარ, თუ რამეს ჩაიფიქრებ, მაშინვე გინდა, შეასრულო.
- მიდი, დაურეკე!
ერთი საათის შემდეგ, ახალგაზრდა, სათვალიანი მამაკაცი ანას პირისპირ იჯდა და იმ საქმეს ეცნობოდა, რომლისთვისაც ხელი უნდა მოეკიდა.
ანამ დაწვრილებით უამბო ყველაფერი და სთხოვა, რაც შეიძლება მოკლე ხანში მოეხერხებინა საჭირო ადამიანების მოძებნა.
ზვიადი თავს უქნევდა, რაღაცებს ბლოკნოტში ინიშნავდა და ამ დროს, მეტი გულმოდგინებისგან, ენას ჰყოფდა. შეჰპირდა, რომ ყველაფერს იღონებდა, მისი შვილისთვის რომ მიეგნო. ანას მობილურის ნომერი გამოართვა და დაემშვიდობა.
- მომეწონა ეს კაცი. მგონია, რომ მიზნის მიღწევაში დამეხმარება.

- დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება.
- დავით, იცი, ვერც კი წარმომიდგენია, რომ სადღაც ჩემი შვილი ცხოვრობს, ჩემ შესახებ არაფერი იცის და მოვა დრო, როცა მე მას შევხვდები. ახლავე ვნერვიულობ ამის გამო... - ანამ გვერდით მჯდომ დავითს მხარზე თავი დაადო და გაჩუმდა.
მამაკაცმა არაფერი თქვა. ხელით თმა მოუჩეჩა, მხარზე ხელი მოხვია და მიიხუტა.
დავითი ერთადერთი ადამიანი იყო, ვინც ანას შესახებ ყველაფერი იცოდა. ბიძა-დისშვილს ერთმანეთისგან არაფერი ჰქონდა დამალული და ერთიმეორით მუდამ ამაყობდა. სადმე ერთად რომ გამოჩნდებოდნენ, ყველას მამა-შვილი ეგონა.
- გინდა, ზოოპარკში წავიდეთ? - მოულოდნელად ჰკითხა დავითმა.
- კი, მინდა. ოღონდ, შენი მანქანით წავიდეთ...
დავითის გვერდით მჯდომ ანას გაახსენდა, ბავშვობაში სვანეთიდან დავითთან სტუმრად რომ ჩამოდიოდა ხოლმე და ზოოპარკში ერთად დადიოდნენ.
- ნაყინს მიყიდი? - ჰკითხა, როდესაც ზოოპარკის შესასვლელთან მივიდნენ.
- ყელი გაგიცივდება.
- ოოჰ, კარგი, რაა! ნაყინი მინდა!.. - ჭირვეული ბავშვივით თქვა ანამ და მართლა პატარასავით გაიბუტა.
- ხელი ჩამკიდე, - დავითმა თავისი მარჯვენა გაუწოდა და ქალმაც ჩაბღუჯა.
ანა შინ კმაყოფილი დაბრუნდა. თითქოს ყველაფერი დაავიწყდა, რაც კი უსიამოვნოდ აგონდებოდა. მაგრამ როდესაც ტელევიზორს მიუჯდა და მოულოდნელად ტელეფონმა დარეკა, როგორც კი ეკრანზე გამომძიებლის, ზვიადის ნომერი დაიწერა, ყველაფერი ძველ კალაპოტს დაუბრუნდა.
- გისმენთ, - გულის ფანცქალით უპასუხა ქალმა.
- ქალბატონო, ანა, ზვიადი ვარ, - გაისმა ტელეფონში.
- შეგიძლია, უბრალოდ, ანა დამიძახო, - გააწყვეტინა ანამ. ყოველთვის აღიზიანებდა სიტყვა "ქალბატონო".
- ანა... - პაუზა გააკეთა გამომძიებელმა. - ზვიადი ვარ, - თავიდან დაიწყო მამაკაცმა.
- გიცანი, ზვიად. რა ხდება, რამდენიმე საათში ახალი გაიგე რამე?
- დიახ, დავადგინე ვინმე ეთერ კევლიშვილის საცხოვრებელი ადგილი. ის ნამდვილად, რუსთავში ცხოვრობს. სულ ესაა, რაც ამ დროისთვის გავიგე, მაგრამ თქვენ ხომ მითხარით, ნებისმიერი უმნიშვნელო დეტალიც გამაგებინეო და იმიტომ გირეკავთ, - თითქოს შეწუხებისთვის ბოდიშს უხდიდა.
- კი, რა თქმა უნდა. როდის აპირებ რუსთავში წასვლას?
- ხვალ, შუადღის შემდეგ.
- კარგი. წასვლამდე დამირეკე და შეიძლება, მეც წამოვიდე.
- შევთანხმდით... - თითქოს ლაპარაკი დაასრულეს, მაგრამ მამაკაცი ტელეფონს არ თიშავდა.
- კიდევ არის რამე? - ჩაეკითხა ქალი.
- იცით, ძალიან კი მერიდება, ქალბ... ანა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს, უნდა გითხრათ.
- გისმენ.
- ჩვენ, გამომძიებლებს არც ისე მაღალი ხელფასი გვაქვს...
- ზვიად, მაპატიე, ეგ მე თვითონ უნდა გამეთვალისწინებინა, - შეაწყვეტინა ანამ, - რამდენი მოგცე წინასწარ?.. არა, წინასწარ კი არა, უფრო სწორად - სამოძრაოდ, გზის ხარჯებს მოგცემ, შენი ჰონორარიდან რატომ უნდა დახარჯო?! მანქანა გყავს?
- არა, - უხერხულად ჩაახველა ზვიადმა.
- კარგი, ხვალვე რაღაცას მოგიხერხებ. დილით, 9 საათზე დამირეკე.
- კარგი.
- ზუსტად ცხრაზე! არაპუნქტუალურ ადამიანებს ვერ ვიტან, - გაფრთხილებასავით გაისმა ანას ნათქვამი.
- დიახ, გასაგებია, - ისევ ჩაახველა მამაკაცმა.
- ვის ელაპარაკებოდი? - ნინო ისე წამოსდგომოდა თავზე, რომ ანას არც კი გაუგია.
- ზვიადს.
- ეგ ვინღაა?
- გამომძიებელია.
- გამომძიებელი რაღაში გჭირდება? - სიტყვებს ძალით აგლეჯდა პირიდან ნინო.
- გინდა, ერთ ამბავს გეტყვი, მაგრამ მხოლოდ შენ უნდა იცოდე.
- ასეთი რა ამბავია?!. კარგი, გპირდები, რომ არავის ვეტყვი... ან ამ პირობის მოცემა რაში გჭირდება ჩემგან?!
- ნინო, მე შვილი მყავს...
- რააა?! - ხმამაღლა იკივლა გოგომ.
- სსუ! ხომ მითხარი, არავის ვეტყვიო! ახლა ნუნუ შემოვარდება გაგიჟებული...
- კი, მაგრამ სად გყავს? სად არის? ამერიკაშია?
- ჯერ არ ვიცი.
ამ პასუხმა ნინო უფრო დააბნია... მომდევნო საათის განმავლობაში კი თვალცრემლიანი ისმენდა ანას ამბავს. მან არც ლევანის, არც ანას ფეხმძიმობის და მით უმეტეს, არც ბავშვის არსებობის შესახებ არაფერი იცოდა. გაოგნებული უსმენდა დას და ცრემლი ღაპაღუპით სცვიოდა. ბოლოს გაიბუტა:
- მე მეგონა, ჩვენ ვმეგობრობდით... - სლუკუნით უთხრა დას.
- კი, ასეა...
- მერე, მე ახლა უნდა ვიგებდე ამ ამბავს?
- როცა ფეხმძიმედ ვიყავი, მაშინ შენ ჯერ კიდევ ბავშვი იყავი და ამის თქმა არ შემეძლო. შემდეგ სხვა პრობლემებმა გადაფარა ეს ყველაფერი და უკვე აღარ ჩავთვალე საჭიროდ, რომ მეთქვა. თანაც, არც ისე სასიამოვნო გასახსენებელია... რაც შეეხება გოგონას, მისი არსებობის შესახებ მეც ახლა, რამდენიმე დღის წინ გავიგე...
ნინო დას კარგა ხანს თვალებში უყურებდა. თითქოს ცდილობდა, იქ ამოეკითხა, რას განიცდიდა ანა... მერე ჩაეხუტა და თავი მკერდზე დაადო. ანამ მკლავები მოხვია და ნიკაპით თავზე დაეყრდნო...
- იცი, ანა, ადამიანი რომ შემოგხედავს, მასზე სულ სხვანაირ შთაბეჭდილებას დატოვებ... განებივრებული, ფულიანი მამიკოს, თავზე გასული გოგონები რომ არიან, ისეთის... სინამდვილეში კი სულ სხვანაირი ხარ... მიყვარხარ...
- მეც მიყვარხარ, ჩემო პატარავ! შენ, დედა და დავითი ხართ ჩემი საყვარელი ადამიანები... ყველაზე ერთგული, ყველაზე სანდო... სხვა ყველა უცხოა ჩემთვის... ყველა მიღალატებს, თუ დასჭირდა, ყველა გამწირავს, თქვენ გარდა...
- შენი შვილი?.. ის არ გიყვარს?
- არა... შენ წარმოიდგინე, რომ დავფიქრდი, მეც გამიკვირდა... ფილმებში ნანახი სცენების გავლენაა ალბათ, რომ ასე გვგონია... რაღაც გრძნობა მაქვს... ამ გრძნობას სახელი არ ჰქვია... ალბათ სიგიჟეა, ამას რომ ვამბობ, არა? მაგრამ ასეა... შეუძლებელია, გიყვარდეს ის ადამიანი, ვინც თვალითაც არ გინახავს, ვისი არსებობის შესახებ არც კი იცოდი... აბა, დაფიქრდი, თუ მართალს არ ვამბობ... მე ის მაშინ მიყვარდა, როცა ჩემს სხეულში ცხოვრობდა... მერეც მიყვარდა ისეთი, როგორიც მახსოვდა - ახალდაბადებული, სველი და ჩხავანა... მაგრამ ის, ვისაც ახლა ვეძებ, ჩემთვის უცხოა... მე მისი სიყვარული ახლა უნდა ვისწავლო... რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს, თითქოს ჩემი სხეულის ნაწილი მაქვს დაკარგული და ვეძებ... აი, აქ, - ხელი გულზე მიიდო, - თითქოს სიცარიელეა... გამჭოლი ხვრელია დარჩენილი, სადაც ქარი, წვიმა და ყველანაირი უბედურება თავისუფლად აღწევს... როცა მას ვიპოვი, ეს ხვრელი მერე შეივსება. ხშირად ვფიქრობ, რა იქნება მას მერე, როცა ვიპოვი... სახელიც კი არ ვიცი მისი... სახელიც კი ვერ მიწოდებია და გონებაში "მას" ვეძახი... მიმიღებს? შემიყვარებს?.. ის უკვე დიდი გოგო იქნება, რომელსაც საკუთარი აზრი და შეხედულება აქვს ყველაფერზე... მან რომ უარმყოს, ამაზე დიდი ტრაგედია არ იქნება... ან ღირს კი მისი პატარა გულის აფორიაქება და იმის თქმა, რომ მე ვარ დედამისი?! იქნებ, უბრალოდ, როგორც ახლობელი, ისე გავეცნო და როცა გაიზრდება, მერე ავუხსნა, ვინ ვარ?.. აი, აქ მტკივა, როცა მასზე ვფიქრობ, - ანამ ხელი მუცელზე დაიდო, - გული კი არა, აქ მტკივა... და მეშინია... ისე ჯერ არაფრის მშინებია, როგორც მასთან შეხვედრის...-ყველაფერი კარგად იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ იმაზე კარგადაც კი, ვიდრე მე მგონია...
დებს საუბარი ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა.
- ანა, თუ იცი, რომ მომენატრე? - ირაკლი კარგ ხასიათზე ჩანდა.
- ეგ შენი პრობლემაა.
- შენ არ მოგენატრე?
- არა.
- რა სასტიკი ქალი ხარ!
- თუ მაგის სათქმელად დამირეკე, ჩათვალე, რომ უკვე გავიგე, რომ მოგენატრე...
- მოიცა, არ გათიშო! მინდა, სადმე დაგპატიჟო.
- უკვე სახლში ვარ და გარეთ გასვლას აღარ ვაპირებ.
- აუ, კარგი, რაა! ნუ დაიწყე 15 წლის გოგოსავით. დედა არ გიშვებს?..
- ჰო, დედა არ მიშვებს.
- ანა, გთხოვ, გამოდი, რაა!..
- არა-მეთქი, ვერ გაიგე? ა-რა! უნდა დავიძინო, ხვალ დილით თათბირი გვაქვს.
- აუჰ, თათბირი, თორემ შენც ახლა ევროსაბჭოს სხდომაზე არ გაგვიანდებოდეს! - გადაიხარხარა ირაკლიმ. - გამო, გამო, გაჩვენო, თბილისში როგორ ერთობა ხალხი.
- არა! ახლა გავთიშავ ტელეფონს და აღარ შემაწუხო ხვალამდე. უნდა დავიძინო, - და ანამ სიტყვა შეასრულა - ტელეფონი გათიშა და იქვე მიაგდო.
ირაკლი ჯიუტად რეკავდა, ანა აღარ პასუხობდა. მერე ტელეფონი სულ გათიშა და სააბაზანოში შევიდა. იქიდან გამოსულმა ხალათი შემოიცვა და "ზალაში", დივანზე მოიკეცა. სველი, ხვეული თმა სახესა და მხრებზე ჰქონდა ჩამოშლილი და მის გაშრობას ელოდა, რომ დასაძინებლად წასულიყო.
- კარზეა ვიღაც, - გამოსძახა ნინომ სამზარეულოდან.
- მე ვერ გავაღებ, ხალათით ვარ, - უპასუხა ანამ.
ცოტა ხანში ოთახში ჯერ ნინო შემოვიდა, გაოცებული სახით, მერე ირაკლი შემოჰყვა, სულ ბოლოს კი ნუნუ მოდიოდა და ანას თავლებით რაღაცას ანიშნებდა.
ირაკლის ხელში 2 თაიგული ეჭირა, ერთი ნინოს მიაწოდა, მეორე - ნუნუს.
- მე? - ღიმილით ჰკითხა ანამ.
- შენ როცა დაიმსახურებ, მაშინ მიიღებ, - გაუღიმა მამაკაცმა.
ქალები ოთახიდან გავიდნენ და კარი გაიხურეს.
- ვინ მოგცა იმის უფლება, რომ სახლში დამადექი?! - მკაცრად ჰკითხა ანამ, როცა მარტონი დარჩნენ.
- ვის უნდა მოეცა?.. სტუმარი ღვთისაა და არა მგონია, თქვენს ოჯახში სტუმართმოყვარეობის ტრადიციას პატივს არ სცემდნენ.
- სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ. სხვა დროს ასე რომ მოიქცე, გარეთ მიგაბრძანებ და კარს მიგიხურავ.
- ახლა რაღას უცდი? ახლაც მიმაბრძანე, რაღად გინდა "სხვა დრო"?!
- ახლა პირველად შეგეშალა და ამას გაპატიებ.
- რა დიდსულოვანი ხართ, ქალბატონო ანნა! გმადლობთ, რომ შეიწყალეთ მონა და არ დასაჯეთ. ისე კი იცოდე, როცა მომენატრები და შეხვედრაზე უარს მივიღებ, ყოველთვის ასე მოვიქცევი. მე ყველა სურვილის შესრულებას ვარ დაჩვეული.
- მორჩი მაიმუნობას! ყავას დალევ?
- კი, დავლევ. მაგრამ იქნებ, ჯერ დაჯდომა შემომთავაზოთ, მწყალობელო დედოფალო?.. - ირაკლი ქალის მოშიშვლებულ მუხლებს დააშტერდა.
ანას არ გამოჰპარვია მისი მზერა, მაგრამ არად ჩააგდო. მშვიდად წამოდგა, კარი გამოაღო და ნინოს გასძახა:
- ნინო, ყავა მოუდუღე სტუმარს და ცოტა ხანს გაართე, სანამ ტანსაცმელს გამოვიცვლი.
- ნუ გამოიცვლი, ასეც ლამაზი ხარ.
- ჰო, მაგრამ
ვხედავ, რომ თვალი გაგირბის, - სიმართლის თქმას არ მოერიდა ანა.
- და განა რა, მერე?! მხოლოდ მშვენიერ მუხლისთავებს ვუმზერ, ამ ხალათში სხვა არაფერი ჩანს.
- ჰოდა, რადგან ეგ არაა საკმარისი, ამიტომ, ახლა ისეთ ტანისამოსს ჩავიცვამ, რომელიც უკეთ მოგცემს ჩემი "დათვალიერების" საშუალებას.
ანა საძინებელში გავიდა და ცოტა ხანში მოკლე, თეთრ შორტსა და წითელ ტოპში გამოწყობილი დაბრუნდა.
- ვაი, დედა! - ამოიკვნესა ირაკლიმ. - ჩემი სიკვდილი გინდა?..
- საწყალო, მეცოდები, - გაიცინა ქალმა.

- შენ ახლა ვითომ ჩაიცვი?! კი არ ჩაიცვი, გაიხადე, ფაქტობრივად.
- კარგი, ირაკლი, მართლა ხამივით ნუ იქცევი.
- ვხუმრობ. იმედია, ამას ხვდები.
ანამ ისეთი თვალებით გახედა, რომ ლამის მზერით ადგილზე მოკლა.
ამასობაში ნინომ ყავა შემოიტანა, მაგიდაზე დადგა და გაბრუნდა.
- ნინო, შენც აქ მოდი, ჩვენს სტუმარს გაგაცნობ, - გასძახა ანამ. - დალევ რამეს? - მიუბრუნდა მამაკაცს.
- შხამს დავლევ, შენგან მოწვდილს.
- მაშინ, კონიაკი ჯობია, - ანამ ბარიდან ჭიქები და კონიაკი გამოიღო და მაგიდაზე დადგა.
- არა, არა, ჯობია, სადმე წავიდეთ. ნინოც წავიყვანოთ, გთხოვ, - უცებ დასერიოზულდა ირაკლი.
- ნი, გინდა წასვლა? - დას ჰკითხა ანამ.
- როგორც გინდათ, ჩემთვის სულ ერთია. ისე, სიამოვნებით წავიდოდი სადმე, სიმართლე რომ გითხრათ, - წასვლის სურვილი გამოთქვა ნინომ.
- გენაცვალე! ჯიგარი ხარ! - გაუხარდა მამაკაცს.
ირაკლის დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია, გოგონები უცებ გამოეწყვნენ, დედას უთხრეს, ნუ დაგველოდები, დაიძინეო და ირაკლის მანქანაში მოთავსდნენ.
- სადმე, ღამის კლუბში წავიდეთ? - იკითხა ირაკლიმ.
- არა, ხმაურიანი ადგილი არ გვინდა. ისეთი სიტუაცია შევარჩიოთ, სადაც საუბარსა და მუსიკის მოსმენას შევძლებთ.
- კარგი, მეც მაგ აზრზე ვარ, - დაეთანხმა მამაკაცი და რამდენიმე წუთის შემდეგ, "პეროვსკაიაზე", ერთ-ერთ ბართან გააჩერა მანქანა.
შესვლისთანავე ირაკლის რამდენიმე ადამიანი მიესალმა.

- მოკლედ, ისე ვერსად წავედით, რომ შენი ნაცნობი არ აღმოჩნდეს ვინმე, - თავი გადააქნია ანამ.
- იყვნენ მერე, რას გიშლიან?! მე უცოლო მამაკაცი ვარ, არაფერს ვერიდები, შენ - გასათხოვარი გოგო და არც შენ გაქვს რაიმე მოსარიდებელი... 2 მშვენიერი ქალის გარემოცვაში თავს ისე საუცხოოდ ვგრძნობ, რომ ნაცნობებთან შეხვედრის დარდი არ მაქვს...
ის იყო, თავისუფალ მაგიდასთან მივიდნენ და დასხდომას აპირებდნენ, რომ ვიღაცამ ანას დაუძახა. სამივემ ერთად მიიხედა.
- შენც გყოლია ნაცნობები, - გაიღიმა ირაკლიმ და გულში ეჭვმა გაჰკრა, როცა მათკენ მიმავალი, სიმპათიური მამაკაცი დაინახა.
- ლევან, როგორ ხარ? - უხერხულად გაუღიმა ანამ. - გაიცანი, ჩემი და ნინო და ირაკლი, ჩემი მეგობარი.
ლევანმა სათითაოდ ჩამოართვა ხელი, ანა რამდენიმე სიტყვით მოიკითხა, მერე სკამი გამოუწია, წელზე ხელი მსუბუქად მოჰხვია, დაჯდომაში მიეხმარა, ყველას თავი დაუკრა, ბოდიში მოიხადა და თავის მაგიდას დაუბრუნდა.
- ვინ იყო? - ლამის კბილების კრაჭუნით იკითხა ირაკლიმ.
- ძველი ნაცნობია, - ვრცელ პასუხს თავი აარიდა ანამ.
- ანა, შემომხედე! - კატეგორიული იყო მამაკაცი.
ანამ შეხედა და თვალი თამამად გაუსწორა
- არავითარი ძველი ნაცნობები, არავითარი წელზე ხელის მოხვევები და კოცნა-პროშნები არ დამანახვო, გასაგებია?
- ზედმეტი ხომ არ მოგდის?! - მკაცრად თქვა ქალმა, მაგრამ გულში უზომოდ ესიამოვნა, რომ ირაკლიმ იეჭვიანა. - ისე იქცევი, თითქოს ან შეყვარებულები ვიყოთ, ან ცოლ-ქმარი და თუნდაც ასე იყოს, მე შენამდე უამრავი ახლობელი, მეგობარი და ნაცნობი მყავდა, რომელთან ურთიერთობასაც ვერავინ ვერ დამიშლის.
- გასაგებია, მაგრამ ეგ კაცი არ მომეწონა...
- წესით, კაცები არც უნდა მოგწონდეს... - სასაუბრო თემის შეცვლა სცადა ქალმა.
- კარგად მიხვდი, რასაც ვგულისხმობ, მაგრამ გინდა, ამ თემაზე საუბარს თავი აარიდო.
- მერე, მაგდენს თუ ხვდები, თავად შეწყვიტე ეს უსიამოვნო საუბარი და ყველაფერი თავის ადგილზე დადგება.
ის იყო, ირაკლიმ სასმლით სავსე ჭიქას ხელი წამოავლო და პირველი სადღეგრძელოს თქმას აპირებდა, რომ გიორგი ნიჟარაძე წამოადგათ თავს.
- უჩემოდ გრიალებთ, არა?.. - სკამი გამოსწია და დაჯდა.
- ვაა, შენ საიდანღა გაიგე, აქ რომ ვართ?
- შინ მივდიოდი და შენი მანქანა დავინახე. თუმცა ამ მშვენიერ ქალბატონებს აქ არ ველოდი, სხვა საზოგადოებაში მეგონე... - უცნაურად ჩაიღიმა გიორგიმ.
- ააა, "იმ" საზოგადოებაში? იქ ყველაფერი "გაიასნდა" უკვე.
- "უცხო ენაზე" ნუ ვილაპარაკებთ, - სუფრის წევრებს ზრდილობისკენ მოუწოდა ანამ.
- რას სვამთ? ჭიქა მომიტანე, რა! - გასძახა მიმტანს.
ლევანი ანას თვალს არ აშორებდა. ცდილობდა, ქალის მზერა დაეჭირა, მაგრამ ანა მისკენ არ იყურებოდა, განგებ არიდებდა თვალს. ირაკლის არ გამოჰპარვია ეს ჩუმი თვალთვალი და ბრძოლა. სახე მოეღუშა და გუნება წაუხდა.
- აბა, მოდი, ამ ჭიქით ანას ახალ თანამდებობას გაუმარჯოს! - გიორგიმ ჭიქა დანარჩენებს მიუჭახუნა. - ანა, უკვე გადაწყვეტილია, რომ მე და შენ პოლონეთში წავალთ, მომდევნო კვირის ხუთშაბათს. ბილეთებს ხვალ ავიღებ.
- მეც მოვდივარ, - ირაკლიმ ჭიქა გამოცალა და მაგიდაზე დადგა.
- როგორც ჩანს, უშენოდ ანა ნაბიჯსაც ვეღარ გადადგამს, არა?.. არ მენდობი, თუ რაშია საქმე?! მე, დიდი-დიდი, ანას ის დავუშავო, რომ და წავართვა...
- შენ აუცილებლად შხამის დიდ დოზას ჩაგიყრიან სასმელში ან საჭმელში და ფეხებს გაგაფშეკინებენ, - გაიცინა ანამ და ისევ აარიდა ლევანს თვალი.
ირაკლიმ უკან მიიხედა და ლევანს ისე გახედა, თითქოს აფრთხილებდა. ლევანმა მასაც გაუსწორა თვალი... მამაკაცები ერთმანეთს მზერით ბურღავდნენ და რომ არა ის მდგომარეობა, რომელშიც ახლა იმყოფებოდნენ, ალბათ ერთმანეთს ხელდახელ შეებმებოდნენ კიდეც.
მზერით ჭიდილმა რამდენიმე წუთს გასტანა.

- იკა, შემდეგი სადღეგრძელო შენ თქვი, - ანამ განგებ სცადა მისი ყურადღების მიპყრობა.
მამაკაცმა წარბებს ქვემოდან გახედა.
- წავიდეთ აქედან, - თქვა ცოტა ხნის შემდეგ.
- ახლა მოვედით, ვიყოთ, - გაუბედევად შეეწინააღმდეგა ანა.
- რა იყო, რა ბზიკმა გიკბინა?! - გიორგიმ ვერ გაიგო ირაკლის ახირების მიზეზი.
- კარგი, დავრჩეთ მაშინ, - უცებ დათანხმდა მამაკაცი და ისევ ლევანისკენ მიიხედა. მაგრამ ის იქ აღარ დახვდა. მაგიდა ცარიელი იყო...
ცოტა ხანში გიორგიმ ნინო საცეკვაოდ გაიწვია და ანა და ირაკლი სუფრასთან მარტონი დარჩნენ.
- არაფრის თქმა არ გინდა? - ჰკითხა მამაკაცმა.
- ეს წარსულია, იკა, რომელზეც ლაპარაკი არ მინდა...
- რატომ? მიამბე, ძალიან მაინტერესებს. მე შენი ყველა ნაბიჯი მინდა, ვიცოდე.
- შეიძლება, ამის შემდეგ გადამიყვარო, - ისეთი სახით თქვა ანამ, რომ მამაკაცმა ვერ გაიგო, მართალს ამბობდა თუ ხუმრობდა.
- მაინც მირჩევნია, რომ დაფარული არაფერი იყოს. მოდი, გულახდილობის საღამო მოვაწყოთ. არ გინდა?
- არა, არ მინდა, - კატეგორიულად თქვა ქალმა.
- რატომ? რა გაქვს ასეთი დასამალი?
- ახლა - არა, ახლა ვერ შევძლებ გულახდილობას, დრო მჭირდება... როცა რაღაც საქმეებს დავასრულებ, მერე შევძლებ...
- რას ვიზამთ?! იმისთვისაც დიდი მადლობა, რომ არ მომატყუე და პირდაპირ მითხარი...
- იკა, მე ტყუილი არ ვიცი და არ მიყვარს. არც დასამალი მაქვს რამე. უბრალოდ, ახლა ასე მირჩევნია... ძაღლივით ერთგულება შემიძლია და ჩემი ყველაზე დადებითი თვისება ეგაა. ნებისმიერ მამაკაცს, ვისაც ჩემს გულს, სულსა და გრძნობას ვაჩუქებ, შეუძლია, დარწმუნებული იყოს, რომ ყველაზე ერთგული ქალი ჰყავს გვერდით.
- გადასარევია... მოდი, დავლიოთ, - მამაკაცს გუნება უცებ გამოუკეთდა. რატომღაც სჯეროდა ამ ქალის და გრძნობდა, რომ რასაც ამბობდა, წრფელი გულით ამბობდა...
- შენ გაგიმარჯოს! მინდა, რომ მართლა გახდე ჩემი და შენზე ყველა უფლება მოვიპოვო... სიყვარულის ახსნას არ ვაპირებ, რადგან საამისოდ არც ადგილია შესაფერისი და არც დრო, მაგრამ ალბათ სიტყვები აღარცაა საჭირო... ასე არ არის?
- საჭიროა, როგორ არა, - არ დაეთანხმა ქალი.
- საჭიროა? მაშ, შენ გინდა, რომ სიყვარული აგიხსნა?
- მინდა, რადგან ჯერ არ მახსოვს, რომ ვინმეს ჩემთვის სიყვარული აეხსნას...
- მაგას ვერ დავიჯერებ... მაგრამ თუ მართლა მასეა, მე აგიხსნი პირველი, ოღონდ ახლა - არა, - მამაკაცს სასმელი მოჰკიდებოდა და თვალები უჟუჟუნებდა. - მართლა ვაპირებ პოლონეთში წამოსვლას. მარტო არ გაგიშვებ, თანაც, გიორგისთან ერთად. ვიცი, რომ მაგას ადრე უყვარდი და არ არის გამორიცხული, თქვენმა ერთად ყოფნამ ისევ გაახსენოს ძველი გრძნობა და მე პირში ჩალაგამოვლებული დავრჩე.
- შენს მეგობარს არ ენდობი?!. თანაც, ეგ გამორიცხულია: ნახე, ნინოს როგორ ეკურკურება, - წყვილისკენ მიახედა ანამ.
- ნინო შენ გგავს და იმიტომ მოეწონა. ნუ მასწავლი კაცის ბუნებას, - თავი გააქნია იკამ.
- ანა, შეიძლება, ერთი წუთით დაგელაპარაკო? - თავზე ლევანი წამოსდგომოდათ და სასმლისგან მიბნედილი თვალებით დაჰყურებდა ქალს.
ანას არ ესიამოვნა ლევანის ასეთი თამამი საქციელი, მაგრამ სიტუაციის გამწვავება აღარ უნდოდა და ამიტომ, ღიმილით სცადა მისი გასტუმრება:
- ლევან, მაპატიე, მაგრამ ახლა ამის დრო არ არის, სხვა დროს ვილაპარაკოთ, კარგი?
- არა, ან ახლავე უნდა დაგელაპარაკო, ან - არასოდეს! - თავისას არ იშლიდა მამაკაცი.
- მაშინ - არასოდეს! - კოპები შეკრა ქალმა.
ლევანი თითქოს მოტყდა, უცებ ჩამოყარა მხრები და იქურობას გაეცალა.
ირაკლი ამ საუბარში არ ჩარეულა, მაგრამ მისი სახის გამომეტყველებით იოლი მისახვედრი იყო, რას ფიქრობდა. ორივე იდაყვით მაგიდაზე დაყრდნობილს, თითები ერთმანეთში ჰქონდა ჩახლართული და სახესთან ახლოს ისე ეჭირა, რომ ტუჩები და ცხვირი დაფარული ჰქონდა და მხოლოდ თვალები უჩანდა. მზერა კი ისეთი ჰქონდა, მის ნააზრევში "წერტილ-მძიმესაც" კი ამოიკითხავდი.
- არ დაიწყო ახლა! - მუქარასავით გაისმა ანას ხმა.
- რა არ დავიწყო?
- რა და, ეჭვიანი ქმრის როლის თამაში.
- ანა, მომისმინე, საყვარელო. შენ მე ის ტიპი ხომ არ გგონივარ, ახლა თავზე რომ წამოგადგა, შენს ბრძანებას ცირკის გაწვრთილი სპილოსავით დაემორჩილა და ოღონდ ხელის "ალოკვის" უფლება მიგეცა და მზად იყო, გოშიასავით წკმუტუნი და კუდის ქიცინი დაეწყო? მგონი, გეშლება! მე ირაკლი ვარ და შენი ტონითა და გამჭოლი მზერით ვერ შემაშინებ და ვერც მაგ თვალებით მომნუსხავ. ეტყობა, ვაჟკაცის ფენომენი არ იცი, რას ნიშნავს! არ შეგხვედრია ნამდვილი მამაკაცი და იმიტომ!
ანა მოთმინებით ელოდა, როდის დაასრულებდა ლაპარაკს. ამ დროს მაგიდას ნინო და გიორგიც დაუბრუნდნენ. ანა წამოდგა და ირაკლის ზემოდან დახედა.
- მომისმინე, ჩემო ნამდვილო მამაკაცო, - ხმაში იმდენი ირონია ჩააქსოვა, რომ გადაამლაშა, - ჯერ ერთი, ლევანი არავისზე ნაკლები ვაჟკაცი არ არის და თუ მე, როგორც გოშია, ისე მიყურებს, შენისთანებს შესაძლოა, თავიც არ გაუყადროს! მეორეც - არ დაგავიწყდეს ჩემი წარმოშობა. სვანეთში ქალიც ვაჟკაცია და იმაზე მეტადაც კი, ვისაც ვაჟკაცობა მხოლოდ სქესის განმასხვავებელი ორგანო ჰგონია. ვაჟკაცობაზე ყველაზე მეტს მხდალები ლაპარაკობენ და ხშირად, აი, იმას, რაც ლევანმა გააკეთა, გაცილებით დიდი ვაჟკაცობა სჭირდება...
- ეგ კაცი სწორად არ მოიქცა, ამ სიტუაციაში მართალი არ იყო! - წინააღმდეგობის გაწევა სცადა ირაკლიმ.
- იყო ვაჟკაცი და იყო მართალი - ეს ერთი და იგივე არაა, მაგრამ შენისთანებმა ეს არ იციან...
- მე როგორი ვარ? - ისეთი ხმით იკითხა ირაკლიმ, რომ წყენაც კი არ იგრძნობოდა.
- ნინო, წავედით! დიდი მადლობა და კარგად ბრძანდებოდეთ, ძალიან ვისიამოვნე თქვენთან ურთიერთობით! მხიარულ საღამოს გისურვებთ! - ანა კარისკენ გაემართა და ნინოც თან გაიყოლა.
მამაკაცები გაუნძრევლად ისხდნენ და მიმავალთ შორიდან უყურებდნენ. კართან ქალებს მთვრალი კაცი გადაეღობა და გზა გადაუკეტა.
- ვაა, სიხარულები, სიყვარულები, სიცოცხლეები, სად მიდიხართ? ცოტა მოიცადეთ, გავერთოთ, - და წინ მიმავალ ნინოს საჯდომზე ხელი წამოარტყა.
ირაკლი და გიორგი უცებ წამოიჭრნენ მაგიდიდან, მაგრამ ვიდრე ისინი კართან მივიდნენ, ანამ იმ თავხედს ისე ამოსცხო მუშტი, რომ იმან ყბაზე ხელი იტაცა და ტკივილისგან წელშიც მოიხარა. ასე, ორად "მოკეცილმა", გასასვლელი კარი გადაკეტა და ანას გარეთ გასვლის საშუალებას არ აძლევდა. ქალმა ფეხი ჰკრა და გარეთ ბურთივით გააგდო. მთვრალმა წონასწორობა ძლივს შეინარჩუნა, ცალი ხელით იქვე მდგარ ხეს ჩაეჭიდა, რომ არ წაქცეულიყო და მეორე ხელით ისევ მტკივან ყბას ისრესდა.
დარბაზიდან გამოსული აპლოდისმენტების ხმა ანას უკვე ტაქსიში ჩაესმა.
- ჩვენი ჩარევა აღარაა საჭირო, თვითონ გაუმკლავდა, როგორც ხედავ, და სულ ორიოდე წუთის წინ ქალების ვაჟკაცობაზე ნათქვამი სიტყვებიც დაამტკიცა.
- აუ, რა უქნა, არა?! - ირაკლი სიცილით კვდებოდა. - ამ პაწაწინა გოგოს რა ძალა ჰქონია!
- ისე, მაგარი გადარჩენილები ვართ, - გულიანად ხითხითებდნენ კაცები, - მაგრამ როგორ შემოირიგებ, ეგაა საქმე.
- ეგ იოლია, ხვალვე შემოვირიგებ, - ხელი ჩაიქნია ირაკლიმ.
- რა ცუდად იცნობ ანას... - ჩაიცინა გიორგიმ.
დილით ანას გამომძიებელმა დაურეკა. ზარის ხმაზე საათს შეხედა. ისრები ზუსტად 9-ს უჩვენებდა და გაეღიმა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ. ანამ 300 დოლარი მისცა მიმდინარე ხარჯებისთვის და შეჰპირდა, რომ შაბათ-კვირას ბაზრობაზე წასვლას მოახერხებდა და მცირელიტრაჟიან მანქანასაც უყიდდა. შეთანხმდნენ, რომ რუსთავში ერთად წავიდოდნენ იმ მისამართზე, სადაც ქალბატონი ეთერი ცხოვრობდა. მანამდე კი ანა დირექტორთა საბჭოს სხდომაზე უნდა მისულიყო.
გიორგიმ ახალი ვიცე-პრეზიდენტი წარუდგინა თანამშრომლებს.
- იცნობდეთ, ქალბატონი ანა კალდერონი, რომელიც ჩვენი ფირმის ვიცე-პრეზიდენტი გახლავთ. ასე რომ, მისი კაბინეტი აქვე, ჩემი კაბინეტის გვერდით იქნება და ნებისმიერ საკითხს ის ისევე გადაწყვეტს, როგორც მე. მისმა გარეგნობამ არ მოგატყუოთ. არც ისე სუსტია, როგორიც ჩანს, - ჭკუაზე ხომ არაფერს ვამბობ.
- ნიჟარაძე, ნუთუ ასეთ შთაბეჭდილებას ვტოვებ? - გვარით მიმართა მამაკაცს და მის ხუმრობაზე გაეცინა.
- სულაც არა, - უხერხულად ჩაახველა ერთ-ერთმა.
დანარჩენებმა თანხმობის ნიშნად, თავი დაუქნიეს.
საქმიანი ლაპარაკი კარგა ხანს გაგრძელდა. ისიც გადაწყდა, რომ ანა და გიორგი პოლონეთში მომდევნო კვირის ხუთშაბათს წავიდოდნენ. ანა ცოტა დაიღალა კიდეც. როგორც იქნა, ნიჟარაძემ ყველა გაათავისუფლა.
- წამო, გაჩვენებ შენს ოთახს. ბოლოს და ბოლოს, ხომ უნდა იცოდე, შენი ”დისლოკაციის ადგილი” სადაა?
გიორგი ოთახში შეუძღვა. კაბინეტი გემოვნებით იყო მოწყობილი. თეთრი კედლები დიდი სივრცის შთაბეჭდილებას ტოვებდა. მუქ წითელ, მძიმე ფარდებს კი თითქოს სიცოცხლე შემოჰქონდა.
- მოგწონს?
- მომწონს.
- კარგი, თუ მოგწონს, მეც მშვიდად ვიქნები. შენც შეჰმატებ ალბათ სიმყუდროვეს და მერე უკეთესი სიტუაცია იქნება.
- გიორგი, ჩემი პოლონეთში წამოსვლა აუცილებელია? - სალაპარაკო თემა შეცვალა ანამ.
- ჰო, აუცილებელია. ჯერ ერთი, ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებას ხელი შენ უნდა მოაწერო. თანაც, ამხელა ფულს დებ და არ უნდა იცოდე, რას ყიდულობ? იქნებ გატყუებ და ფულს გძალავ?!
- მაგ საკითხში გენდობი, - გულწრფელად უპასუხა ქალმა.
- დაიმახსოვრე, ბიზნესის წესი ასეთია: აქ ნდობა, ძმობა, მეგობრობა და ”მეც სვანი ვარ, შენც სვანი ხარ” არაფერ შუაშია. აქ ყველა გათვლა ცივი გონებით კეთდება. გასაგებია? ამერიკაში შენი ქმრის ბიზნესს ისევ აკონტროლებ?
- არა, მე უბრალოდ, აქციების გარკვეული ნაწილის მფლობელი ვარ. ბელტრანი სწორედ იმიტომ მოკლეს, რომ 82%-ს ფლობდა და ყველაფერს ის აკონტროლებდა. ის აწარმოებდა პროდუქციას, რომელიც შემდეგ გადამუშავებას ექვემდებარებოდა და სხვა წარმოება იყენებდა. ამ წარმოების პრეზიდენტი დაინტერესდა ბელტრანის ბიზნესით, ვინაიდან, თუ მას ხელში ჩაიგდებდა, მისი პროდუქციის თვითღირებულება შემცირდებოდა და შესაბამისად, მეტი მოგება დარჩებოდა. ყველა გზა მოსინჯა, მაგრამ ბელტრანი ძალიან ჭკვიანი კაცი იყო და ვერ ჩაძირა, ვერ გააკოტრა, რომ მისი ბიზნესი ”კაპიკებში” ეყიდა. ვერც გარიგებაზე დაითანხმა. კარგა ხანს იბრძოლეს და რომ ვერ აჯობა, სხვა გზა აღარ დარჩა - ბელტრანი გასწირა, რადგან ეგონა, რომ მისი მემკვიდრე, ყოფილი ცოლი იყო, ის კი ჩერჩეტი ქალია, ამიტომ ფიქრობდა, შეთავაზებულ რამდენიმე მილიონს
დათანხმდებოდა და ყველაფერს თვითონ ჩაიგდებდა ხელში, მაგრამ ვერ მიართვეს. მემკვიდრე მე ვიყავი, მე კი არ დავუთმე.
როდესაც ყველაფერი კანონიერად ჩემზე გადმოფორმდა, იმ კაცმა შუამავლები გამომიგზავნა და თავისთან დამიბარა. შევუთვალე, - მე არავის ვეახლები; თუ ჩემთან შეხვედრის სურვილი აქვს, იქ, ოფისში მოვიდეს-მეთქი. ამას არ ელოდა, რადგან ძალიან გავლენიანი ადამიანია და მორჩილებასაა მიჩვეული. ბელტრანის სიკვდილის შემდეგ ბიზნესს სათავეში მე ჩავუდექი. მართალია, თავიდან არ ვიცოდი, რა და როგორ უნდა გამეკეთებინა, მაგრამ ჩემი ცხონებული ქმრისგან ვიცოდი, ვინ იყო მისი ერთგული. ჰოდა, ის 3 მამაკაცი შევკრიბე და ცალკე დაველაპარაკე. მოვუმატე ხელფასები და ვთხოვე, მხარში ამომდგომოდნენ და საქმე ესწავლებინათ ჩემთვის. მთელი საწარმო ფეხდაფეხ მოვიარე, ყველა დეტალსა და ნიუანსს ვეცნობოდი, ქიმიურ პროცესებსაც კი ვსწავლობდი. ყველაფერს ვკითხულობდი... ყველა პასუხისმგებელ თანამშრომელს თითო დეტექტივი მივუჩინე და მათი ყველა ნაბიჯი ვიცოდი...

- ბოლოს და ბოლოს, ის კაცი მოვიდა თუ არა შენთან?
- კი. იმას ალექსი ჰქვია. წინასწარ გამაფრთხილეს, როდის მოვიდოდა. მეც ველოდი. მისაღებში 10 წუთი ვაყურყუტე და შემდეგ შემოვუშვი. რომ შემოვიდა, ბოდიში მოვუხადე, ტელეფონზე საქმიანი საუბარი მქონდა, რომელიც კონფიდენციალური იყო და ამიტომ მოგიხდათ ლოდინი-მეთქი. სიბრაზისგან აჭარხლებული იყო. ამას სხვა ვინ გაუბედავდა?! ჰოდა, ლამის გველეშაპივით ცეცხლს აფრქვევდა თვალებიდან და პირიდან. გაფრთხილებული ვიყავი, რომ მასთან თამაში არ შეიძლებოდა, მაგრამ ”დავიკიდე”... მითხრა, - ბელტრანი ჩემი მეგობარი იყო, მასზე გული შემტკიოდა და ვინაიდან თქვენ საქმეში ვერ ერკვევით, სანდო ადამიანი მყავს, ვისაც შეგიძლიათ, თქვენც ენდოთ და ბიზნესის გაძღოლაში დაგეხმარებათო. ჩავიცინე: იცით, ბატონო ალექს, მე გაცილებით მეტი ვიცი, ვიდრე თქვენ გგონიათ და არ გინდათ გულშემატკივრისა და მამა აბრამის ბატკნის როლის თამაში; მე ისიც ვიცი, რომ ბელტრანი თქვენ მოკალით, უფრო სწორად, თქვენმა ხალხმა; ამის დამადასტურებელი ვიდეოჩანაწერიც მაქვს:
მიუხედავად იმისა, რომ მკვლელებმა ყველა კამერა გამორთეს, ოთახში ერთი მაინც მუშაობდა - კვების სხვა წყარო ჰქონდა და ის არ გამოირთო; კიდევ, მაქვს ბელტრანის წერილიც, რომელიც სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე დაწერა და წინასწარ გააკეთა პროგნოზი იმის შესახებ, თუ რა ელოდა; ასე რომ, შემიძლია, წყალი აგიმღვრიოთ და პრობლემები შეგიქმნათ და ნურც იფიქრებთ იმაზე, რომ ჩემს მოკვლასაც იოლად შეძლებთ... მანამდე ვიქნები ჩუმად, ვიდრე თქვენ არ შემიქმნით პრობლემას; შემიძლია, გარიგებაზე წამოვიდე და მოგყიდოთ ჩემი წილიდან გარკვეული რაოდენობის პროცენტები-მეთქი. - მაინც, რამდენიო? - მაშინვე მკითხა. - მხოლოდ 31-მეთქი. მაშინვე წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. კართან მისული შემობრუნდა და ჩემი ირონიული ღიმილი დაიჭირა. არ მიყვარს, როცა ასე მიყურებენო, - მითხრა. - არც მე მიყვარს, როცა ქმარს მიკლავენ, მერე მკვლელი თავს მის მეგობრად ასაღებს და ბოლოს, დაუმშვიდობებლად მიდის-მეთქი. - ვისი იმედი გაქვსო? - ბოლოს ესღა მკითხა. - პირველ რიგში, ჩემი თავის, შემდეგ - რამდენიმე ადამიანის, მაგრამ მათ ვინაობას ვერ გაგიმხელთ-მეთქი. ცოტა ხანს მიყურა. ავდექი, ახლოს მივედი და თვალებში ჩავხედე.
მეც მაქვს საქმიანი წინადადება თქვენთან, იქნებ ისიც განვიხილოთ-მეთქი? - ვუთხარი. დაინტერესდა. - თქვენი ბიზნესის წილის ყიდვა მინდა, ჩემი აქციების 31%-ს გაგიცვლით და ორივე კმაყოფილი ვიქნებით-მეთქი. გაბრუნდა და უსიტყვოდ წავიდა. სიმართლე რომ გითხრა, ის რომ გავიდა, ლამის მოსაბრუნებელი გავხდი... რაღაცნაირად, მოვეშვი და მაშინღა შემეშინდა... შემდეგ კაცი გამომიგზავნა და 31%-ის ყიდვაზე თანხმობა შემომითვალა. დირექტორთა საბჭო ჩემს წინადადებას არ შესწინააღმდეგებია, მის წევრებს ესმოდათ, რომ სხვანაირად ამ კაცს ვერ მოვიშორებდით... ახლა ჩემს წილს ვიღებ მხოლოდ, კომპანიის მართვაში აღარ ვმონაწილეობ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ლამის ჩემი პირდაპირი მოვალეობაა. თუ დამჭირდება, ნებისმიერ დროს დავუბრუნდები და ჩემს საქმეს მე თვითონ მივხედავ. რა თქმა უნდა, ყოველდღიურად ვაკონტროლებ ინტერნეტის საშუალებით და თუ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება უნდა მიიღონ, უჩემოდ არ წყდება, მაგრამ ვცდილობ, არ ჩავერიო არაფერში, რადგან ალექსი ის კაცი არ არის, ბიზნესი ჩაძიროს. მე კი აქ თუ ავაწყვე ნორმალური საქმე, მერე მთლიანად დავთმობ ყველაფერს, ქუდს დავიხურავ და წამოვალ.

- ანა, თუ საიდუმლო არაა, დაახლოებით, რა თანხას შეადგენს შენი წილი?
- ძალიან დიდ თანხას, ჩემო გიორგი... რომ ვერ წარმოიდგენ, ისეთ დიდ თანხას...
- გასაგებია, - ჩაილაპარაკა მამაკაცმა და თავი გადააქნია.
- ეს ყველაფერი ბედია. ბედი და იღბალი წყვეტს, როგორ იცხოვრებ მომავალში. ვერასოდეს წარმოვიდგენდი იმას, თუ ასეთ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი...
- ბედი და ჭკუა! - დაასკვნა გიორგიმ, ანას ბოდიში მოუხადა, დაგტოვებო და გავიდა.
ანამ გაიგონა, როგორ დაუბარა მდივანს, - ანას თუ რაიმე დასჭირდება, ისევე მოემსახურე, როგორც მეო.
ანაც დიდხანს აღარ გაჩერებულა კაბინეტში, ნინოს შეუარა, მოიკითხა, თავს როგორ გრძნობ ახალ სამსახურშიო? - ჰკითხა.
- ძალიან კარგი და გყავთ, - უთხრა შუა ხნის ქალმა, - მოგვეწონა და დარწმუნებული ვართ, მასაც მოვეწონებით.
- მეც ამის იმედი მაქვს, - გაუღიმა ანამ და ოფისი დატოვა.

ამასობაში იმდენი დრო გასულიყო, როგორც კი მანქანა დაქოქა, ზვიადმაც დაურეკა, - სად შევხვდეთ, რომ რუსთავში წავიდეთო? მისი სამსახურისკენ მიმავალს, მთელი გზა გული უფრიალებდა: ხომ შეიძლება, დღესვე მომიწიოს შვილის ნახვამ და მერე რა ვქნაო?! - ფიქრობდა...
მთელი გზა ხმა არ ამოუღია. ზვიადი კი გაუჩერებლად ლაპარაკობდა. კითხვა-კითხვით მიაგნეს საჭირო მისამართს.
- მე ზევით არ ამოვალ; მიდი, ნახე, რა ხდება და მერე მოვიფიქროთ, როგორ მოვიქცეთ, - უთხრა გამომძიებელს.
- გასაგებია, - ჩუმად ჩაიბურტყუნა ზვიადმა და სადარბაზოში გაუჩინარდა.
დრო საშინლად გაიწელა. 20 წუთი ანას 20 საუკუნედ მოეჩვენა...
ეზოში რამდენიმე ბავშვი გამოჩნდა. დაახლოებით იმ ასაკის იყვნენ, რამხელაც მისი შვილი იქნებოდა. ანას გული გადაუქანდა. ყველას დააკვირდა, თითქოს ნაცნობ ნაკვთებს ეძებდა, მაგრამ გულმა არც ერთი მათგანისკენ არ გაუწია. სწორედ ამ დროს ზვიადიც გამოჩნდა.
- რა ხდება? - მოუთმენლად ჰკითხა ქალმა.
- ჩემი აზრით, სწორედ ის ქალია, რომელმაც თქვენი შვილი სამშობიაროდან წამოიყვანა, მაგრამ არ ტყდება. გადაირია, მსგავსი არაფერი ვიციო, ამბობს.
- აბა, რატომ გგონია, რომ ის ქალია?
- ყველა გამომძიებელი გარკვეულწილად ფსიქოლოგია და გუმანით ხვდება, როდის იტყუება ადამიანი. როცა ვუთხარი, რაზეც ვიყავი მისული, ისე ანერვიულდა, ნიკაპიც კი აუკანკალდა. დაიბნა, გაფითრდა და სუნთქვაც აუჩქარდა. აშკარაა, რაღაცას მალავს. მერე, გარეთ რომ გამოვედი, კართან გავჩერდი და გავიგონე, ვიღაცას ტელეფონზე როგორ ეუბნებოდა, - უცხო კაცმა მომაკითხა, არ ვიცი, საიდან გაიგო, მაგრამ იცის, რომ ბავშვი ჩვენ გვყავს; ისიც არ ვიცი, რატომ დაინტერესდა, იქნებ დედა ეძებს ანას და იმიტომო.
- ანას?! ანა... ბავშვს ჩემი სახელი ჰქვია? ასეთი დამთხვევა?! ამდენ სახელში ნუთუ მაინცდამაინც დედის სახელი შეურჩიეს?! - ანა მხოლოდ ტუჩებს აცმაცუნებდა, სახეზე საოცარი ღიმილი ეფინა, თბილი და სიყვარულით სავსე. - ანა... ანა... ჩემი ანა... ზვიად, ამ ძაფის ხელიდან გაშვება არ შეიძლება. ახლავე ავალ ამ ქალთან, მუხლებში ჩავუვარდები და ვთხოვ, რომ მითხრას, სადაა ჩემი ანა...
- მე მგონი, ასე მოქცევა არ ივარგებს, ანა.
- ივარგებს, როგორ არა?! თუ თვითონაც დედაა, გამიგებს, - გადაჭრით თქვა ქალმა და მანქანიდან გადავიდა. - შენ აქ დამელოდე. რომელ სართულზე ცხოვრობს?
- მეორეზე, კიბიდან მარჯვნივ.
კარი შუა ხნის, სიმპათიურმა ქალმა გაუღო. ერთმანეთის პირისპირ იდგნენ რამდენიმე წუთის განმავლობაში. ანას მუხლები უკანკალებდა, ხმას ვერ იღებდა. მასპინძელი კი თავიდან გულგრილად, მერე კი სიბრალულით უყურებდა. მიხვდა, ვინ შეიძლებოდა, ეს ქალი ყოფილიყო. უეცრად, უცნაურად შეტორტმანდა, გულზე ხელი იტაცა და ჩაიკეცა.
ანამ ყვირილი ატეხა. გულწასულ ქალს დაებღაუჭა და ოთახისკენ გაათრია. მის ყვირილზე მეზობლები შეიყარნენ და ცდილობდნენ, ქალისთვის დახმარება გაეწიათ.
- შაქარი აქვს, თა გულიც აწუხებს, - ანას კითხვით სავსე მზერას უპასუხა ერთმა, - თქვენ ვინ ხართ?
- ახლობელი, - მოკლედ უპასუხა ანამ და უცებ მოეგო გონს: - მიმიშვით, ექიმი ვარ, დავეხმარები.
გზა დაუთმეს. მაგრამ ბევრი მცდელობის მიუხედავად, ქალი გონს ვერ მოიყვანა. გამოძახებული ”სასწრაფოც”, როგორც იქნა, მოვიდა. ექიმმა პირველადი დახმარება ჩაუტარა და კარგა ხნის შემდეგ, ქალი გონს მოვიდა. მაშინვე მისი საავადმყოფოში გადაყვანა გადაწყვიტეს.
- ახლობელი არავინ ჰყავს? - იკითხა ექიმმა.
რამდენიმე მეზობელმა ანაზე მიუთითა.
- შვილი ხართ? - ახლა ანას მიუბრუნდა.
- არა, ნათესავი ვარ.
- შვილი თბილისში ცხოვრობს, ჩვენ დავურეკავთ და გავაგებინებთ, - თქვა ერთ-ერთმა მეზობელმა.
- თქვენ წამოყვებით საავადმყოფოში?
- დიახ, მანქანით გამოგყვებით და იქაც მე ვუპატრონებ. არაფრის პრობლემა არ გექნებათ, ოღონდ გადაარჩინეთ, ამ ქალს არაფერი არ უნდა დაემართოს, - ანას თვალზე ცრემლი მოადგა.
- წავიდეთ, ანა, - ”სასწრაფოს” დანახვაზე ზვიადიც ზემოთ ამოსულიყო.
საავადმყოფოში ეთერმა ისევ დაკარგა გონი. რეანიმაციულ განყოფილებაში შეიყვანეს, ანა კი დერეფანში ელოდა. ცოტა ხანში ექიმი გამოვიდა და ანას აუწყა, რომ ქალს მიკროინფარქტი ჰქონდა და ამასთან, შაქრის დონე სისხლში - ძალზე მაღალი.
- ხომ არ ინერვიულა რამეზე? - ჰკითხა ანას.
- არ ვიცი, - იცრუა ქალმა, - მე სტუმრად მივედი, კარი რომ გააღო, მაშინ ჩაიკეცა.
- როგორც ჩანს, რაღაც სანერვიულო შეხვდა, - დაასკვნა ექიმმა, - მდგომარეობა ცოტა მძიმეა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ”გამოვძვრებით”, - უთხრა ანას და განყოფილებაში შებრუნდა.
ანა იქვე ჩამოჯდა. ზვიადიც გვერდით მოთავსდა.
- კიდევ კარგი, იქვე არ მოკვდა, - თქვა გამომძიებელმა.
- ჰო. როგორც ჩანს, ჩემს დანახვაზე ჰქონდა ასეთი რეაქცია. შენ შემდეგ რომ მივედი, მიხვდა, რა თემაზე მოუწევდა ლაპარაკი და ამან გაანერვიულა. ნეტავ, ყველაფერი კარგად იქნებოდეს. არადა, ჩვენი ბრალია...
- რა ვიცოდით, რომ ასე მოხდებოდა? - პასუხისმგებლობას თავი აარიდა მამაკაცმა.
ცოტა ხანში ანამ ქალის ამბავი ისევ მოიკითხა. ექიმმა ანუგეშა.
- ჩემგან რა არის საჭირო? ყველა პრეპარატი გაქვთ?
- დიახ, დღეს არაფერი საჭირო არაა; შეგიძლიათ, შინ წახვიდეთ, ხვალ კი იმედია, უკვე შედარებით უკეთ იქნება.
- გადასახადი?
- ეგ - ბოლოს. თანხას მაშინ გადაიხდით, როცა ქალბატონ ეთერს შინ ჯანმრთელსა და საღ-სალამათს გაგატანთ.ანა მთელი საღამო იმ დღეს მომხდარ მოვლენებზე ფიქრობდა. ფაქტი იყო, რომ სწორ გზას ადგნენ და ეთერი შვილის კვალზე დააყენებდა, მაგრამ მერე?.. რა იქნებოდა მერე? ამაზე ფიქრი აღარ უნდოდა...
დილით ისევ რუსთავის გზას დაადგა. პირველ რიგში, ეთერის ჯანმრთელობის ამბავი უნდა გაეგო.
საავადმყოფოს ჭიშკარს ისეთ დროს მიადგა, როცა შავი ჯიპი უკვე შედიოდა. დაელოდა, გაატარა და თვითონაც უკან მიჰყვა. სადგომზეც ამ მანქანის გვერდით გაჩერდა. ის იყო, კარი გააღო და გადასვლას აპირებდა, რომ გვერდით მდგომი მანქანის კარიც გაიღო და იქიდან ათიოდე წლის, ლამაზი, წითურთმიანი გოგონა გადმოხტა. ანას ელდა ეცა... მისი პირველი რეაქცია ის იყო, რომ კარი მიხურა და სავარძელს მიეყრდნო. თითქოს დაიმალა. გული გამალებით უცემდა... გოგონა მას გაჭრილი ვაშლივით ჰგავდა. საკუთარი პატარაობა წარმოუდგა თვალწინ - თვითონაც ასეთი ფერის თმა ჰქონდა... გოგონა მამაკაცს აედევნა და კუნტრუშ-კუნტრუშით მიჰყვებოდა... თვალმოუშორებლივ უყურებდა მანამ, სანამ ორივენი შენობაში არ შევიდნენ და თვალს არ მიეფარნენ.
- ღმერთო, მიშველე! - ხმამაღლა ამოიკვნესა ქალმა და საჭეს დაემხო.
რამდენიმე წუთის განმავლობაში ასე თავჩარგული იჯდა. არ ტიროდა. უბრალოდ, ფიქრობდა. თითქმის დარწმუნებული იყო, რომ ეს პატარა გოგონა მისი შვილი იყო, რომელთან შეხვედრაც ასე უნდოდა.
შემდეგ თავი ასწია და იმ მხარეს დაიწყო ყურება, საითაც გოგონა გაუჩინარდა. გადაწყვიტა, დალოდებოდა და არავითარ შემთხვევაში არ გადასულიყო მანქანიდან, ვიდრე ისინი არ დაბრუნდებობდნენ და თავისი გზით არ წავიდოდნენ. მხოლოდ ამის შემდეგ ავიდოდა ავადმყოფის მოსანახულებლად.
2 საათზე მეტი მოუწია ლოდინი. როგორც იქნა, ჯერ გოგონა გამოჩნდა, შემდეგ მამაკაცი მოჰყვა. ანა ბავშვს ხარბი მზერით ჭამდა, მის თითოეულ ნაკვთსა თუ მოძრაობას აკვირდებოდა და სულ უფრო და უფრო მეტ მსგავსებასა და სითბოს გრძნობდა. მანქანის ფანჯარა ოდნავ ჩამოუშვა და კონდიციონერი გამორთო, რომ მათი საუბრიდან არაფერი გამორჩენოდა.
- მამა, ბებია კარგად იქნება, ხომ?
- ჰო, ხომ გაიგონე, ექიმმა თქვა, რომ კარგად იქნება.
- რაზე ინერვიულა ბებიამ?
- ანა, თავი დამანებე, კითხვებით ნუ გამაბეზრე, თუ გინდა, ნაყინს გიყიდი, - მამაკაცმა ეზოს შემოსასვლელთან მჯდარი მენაყინისკენ გაიშვირა ხელი.
- კი, მინდა, - შესცინა ბავშვმა.
მამაკაცმა ჯიბიდან ფული ამოიღო და გოგონას მიაწოდა. ის სირბილით წავიდა, ცოტა ხნის შემდეგ კი უკან მობრუნდა.
- რატომ არ იყიდე? - ჰკითხა მამამ, როდესაც გოგონამ კარი გააღო და მანქანაში ჯდებოდა.
- შოკოლადიანი ნაყინი არ ჰქონდა, მარტო "ჭიქის" ნაყინი იყო, - ეს იყო ბოლო სიტყვები, რომელიც ანამ გაარჩია. შემდეგ მანქანა ადგილიდან დაიძრა და საავადმყოფოს ეზოდან გავიდა.
ანას უკვე ეჭვი აღარ ეპარებოდა, რომ მამა-შვილი ეთერის სანახავად იყო მოსული და რომ ეს გოგონა ნამდვილად მისი შვილი იყო.
მანქანიდან გულდაწყვეტილი გადმოვიდა, მაგრამ უცებ შეცვალა გადაწყვეტილება, ისევ საჭეს მიუჯდა და შავ ჯიპს უკან მიჰყვა.
კარგა ხანს ვერ დალანდა ვერსად, მაგრამ ქალაქის გასასვლელში წამოეწია და კვალში ჩაუდგა.
გზიდან გამომძიებელს გადაურეკა.
- ზვიად, ახლა ეთერის შვილს თუ სიძეს და ჩემს გოგონას მოვყვები უკან. ტაქსი აიყვანე და სასწრაფოდ ორთაჭალაში დამხვდი. მე მოვყვები მანდამდე და მერე შენ უნდა გაჰყვე და გაიგო, სად წავლენ, სად ცხოვრობენ და ა.შ. ყველა ინფორმაცია უნდა მოიპოვო ამ კაცზე, - აჩქარებით ლაპარაკობდა ანა.
- კარგი, ანა, ახლავე. ორთაჭალაში მოვალ და დაგირეკავ.
ტელეფონი გათიშა თუ არა, ზარი შემოვიდა. ირაკლი რეკავდა. ანას მისთვის არ ეცალა და არ უპასუხა. გაფაციცებით უყურებდა გზას და იმ შავ ჯიპს, რომელიც მის გოგონას მიაქროლებდა. ცოტა ხანში ტელეფონი დადუმდა.
რამდენიმე წუთში ზვიადმა დარეკა.
- ანა, მე ვარ, ორთაჭალაში ვარ და გელოდები.
- ახლა, ასე, 5 წუთში გამოივლის შავი ჯიპი, რომელსაც უნდა გაჰყვე, - სუნთქვააჩქარებული ლაპარაკობდა ანა. შემდეგ მანქანის ნომერიც უკარნახა და ცოტა დაწყნარდა. დაინახა, როგორ აედევნა გზის კიდესთან გაჩერებული ტაქსი ჯიპს და ზვიადს გადაურეკა. გადაამოწმა, ის იყო იმ ტაქსიში თუ არა. როდესაც დადებითი პასუხი მიიღო, მაშინღა დამშვიდდა საბოლოოდ.
- შენ რომ ეგ ხელიდან გაუშვა, ჩემი ხელით დაგახრჩობ, - გააფრთხილა გამომძიებელი.
- დამშვიდდი, ანა, ყველაფერი რიგზე იქნება და თუნდაც ახლა ვერაფერი გავარკვიო, უკვე აღარ გაგვიჭირდება მისი მიგნება.
მართლაც, ანა ამაზე არ დაფიქრებულა. მას ისე ეშინოდა ანას ხელახლა დაკარგვის, რომ ეს შავი ჯიპი მასთან დაკავშორების ერთადერთ საშუალებად წარმოედგინა. ქალმა ციხეების წინ წრე დაარტყა და უკან, რუსთავში გაბრუნდა.
რამდენიმე ხნის შემდეგ კი უკვე საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში ავადმყოფის ამბავს კითხულობდა. ეთერი იქ აღარ დახვდა, განყოფილებაში გადაეყვანათ. პალატის კართან კარგა ხანს შყოვნდა, გული დაიმშვიდა, დაწყნარდა და კარი ფრთხილად შეაღო.
ქალს თვალები დახუჭული ჰქონდა და ხმაურზე გააახილა.
ანას დანახვაზე ფერი ეცვალა.
- არაფერზე ინერვიულოთ, ქალბატონო, მე სამტროდ არ მოვსულვარ, უბრალოდ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის საკითხავად მოვედი და 2 წუთში უკნ გავბრუნდები. არ მინდა, რომ ხელახლა შეგექმნათ პრობლემა.
- მოდი, დაჯექი, - დაბალი ხმით უთხრა ქალმა და იქვე მდგარ სკამზე მიუთითა. ამით მიახვედრა, რომ კარგად უწყოდა, ანა ვინ იყო და რა უნდოდა მასთან.
ანა ფრთხილად ჩამოჯდა.
- როგორ ხართ?
- ახლა მე მგონი უკეთ, - ქალის ხმაში არც გაღიზიანება, არც აგრესია არ იგრძნობოდა. პირიქით, თითქოს ახლობელს ელაპარაკებაო, ისეთი თბილი ხმა ჰქონდა.
- ხომ არაფერი გჭირდებათ? - ძლივს ახერხებდა ანა სიტყვების მოძებნას.
- არა, არაფერი, გმადლობ.
- მაშინ მე წავალ, აღარ შეგაწუხებთ, - წამოდგა და რამდენიმე ნაბიჯი კარისკენ გადადგა. ისევ მიბრუნდა, - ხვალ ისევ გინახულებთ.
- კარგი, შვილო, - ამ 2 სიტყვაში უდიდესი სითბო, მოკრძალება და პატივისცემა ჩააქსოვა ქალმა.
ანამ კარის სახელურს ხელი მოჰკიდა და ისევ შეყოვნდა.
- იცით, მე მომატყუეს... - თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა ისე, რომ უკან არ მოუხედავს.
- ვიცი, - მოულოდნელი პასუხი გასცა ქალმა.
ანამ თავი რამდენჯერმე დააქნია და თვალებიდან ცრემლები გადმოუგორდა, კარი გამოაღო და იქურობა უკანმოუხედავად დატოვა.
ეთერის ქცევამ გულში იმედი ჩაუსახა, რომ დიდ პრობლემებს არ გადააწყდებოდა, თუ გოგონას ნახვას და მასთან დაახლოებას მოისურვებდა. გარეთ გამოსულს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, ეგონა, სიხარულისგან გული გაუსკდებოდა. ეგონა, ახლა მკლავებს თუ გაშლიდა, ისე მოსწყდებოდა დედამიწას და აფრინდებოდა, როგორც ჩიტი. გულზე უზარმაზარი ლოდი მოეხსნა. ხმამაღლა სიცილი უნდოდა... არა, სიცილი კი არა, ყვირილი... უნდოდა, მთელი ქვეყნის გასაგონად ეყვირა, რომ შვილი იპოვა და რომ ყველაზე ბედნიერი ქალი იყო ქვეყნად...
მე მგონი, გავგიჟდიო, გაიფიქრა და ირგვლივ მიმოიხედა. გული დასწყდა, რომ საავადმყოფოს ეზოში ბევრი ხალხი ირეოდა. როგორ უნდოდა ახლა მარტო ყოფილიყო და ყველა ემოცია, რასაც ახლა განიცდიდა, გამოეხატა...
სასწრაფოდ ჩაჯდა მანქანაში და ცოტა ხანში უკვე დიდი სისწრაფით მიქროდა... სად? თვითონაც არ იცოდა, სად... რუსთავს რომ გასცდა, მარჯვნივ გადასახვევი შენიშნა. მოეჩვენა, რომ ეს გზა ტყეში შედიოდა და სასწრაფოდ გადაუხვია, მაგრამ ცოტა ხანში რაღაც სოფელში შევიდა. გული არ გაიტეხა და გზას მიჰყვა. რამდენიმე წუთში ტრიალი მინდორი შენიშნა და მანქანა გზიდან გადაიყვანა, კარგა მანძილი გაიარა ოღოჩოღრო, გაუკვალავ მინდორში და გაჩერდა... უკაცრიელ ადგილზე იყო... ირგვლივ ხეც კი არ ჩანდა. მხოლოდ მაღალი ბალახი ბიბინებდა, რომელიც ანას წელამდე მოსწვდებოდა და ქარის დაქროლვაზე ერთ მხარეს ლამაზად წვებოდა. ანა მანქანიდან გადმოვიდა, იქვე გაჩერდა, ჯერ გაეცინა, მერე კი ხელები გაშალა, ცას ახედა და ხმამაღლა დაიყვირა... ერთხელ, ორჯერ, სამჯერ... ასე, ხელებგაშლილი ადგილზე დატრიალდა და ზურგზე დაეცა. თვალები დახუჭა და ანას სახე წარმოიდგინა... მერე ტირილი აუვარდა... ცრემლი ღაპა-ღუპით სდიოდა თვალებიდან, საფეთქლებზე ჩამოედინებოდა და მიწას ასველებდა...
...და სადაც გოგონას ცრემლი ეწვეთებოდა, იმ ადგილზე გვირილა ამოდიოდა, გვირილებით გაივსო მინდორი", - ბავშვობაში წაკითხული რომელიღაც ზღაპარი გაახსენდა და გაეცინა... "ასეთი მეოცნებე რომ ვარ, ალბათ იმიტომაა ჩემი ცხოვრება მოულოდნელობებით სავსე", - საკუთარ ფიქრებს უღიმოდა ქალი.
კარგა ხანს იწვა ასე... მერე წამოდგა. უკვე თავს მშვიდად გრძნობდა, ემოციებისგან დაცლილიყო და საჭეს უკვე სულ სხვა ადამიანი მიუჯდა - წყნარი, მშვიდი, პრაქტიკული და პრაგმატული. ისეთი, როგორიც ის ყოველდღიურ ცხოვრებაში იყო.
ანამ გეზი თბილსისკენ აიღო.
"ბავშვი როგორც ჩანს, კარგ ოჯახში იზრდება, მამას უყვარს... არა, მამას კი არა, მამობილს... არა, მამას... არც გაჭირვებული ჩანს ეს კაცი, საკმაოდ სიმპათიურიცაა, ახალგზარდა და ჯან-ღონით სავსე. ნეტავ, დედა როგორია? არა, დედა კი არა, დედობილი... არა, დედა, - ფიქრობდა ანა და ვერ ეგუებოდა იმას, რომ მის შვილს სხვა დედა და მამა ჰყავდა, - ახლა პირველ რიგში დავითთან უნდა მივიდე და ახალი ამბავი გავაგებინო, მერე კი ლევანთან... იქნებ მოვიცადიო და ლევანს ჯერ არაფერი ვუთხრა? არა, მამაა და უნდა იცოდეს, რომ შვილი ჰყავს, მერე მისაყვედურებს და მართალიც იქნება. ჰო, ლევანთან აუცილებლად მივალ. აუჰ, რა სიურპრიზი იქნება?! გაგიჟდება ალბათ, მაგრამ სიხარულით თუ მოულოდნელობით, ეგ ჯერ არ ვიცი. ღმერთო, ნეტავ კიდევ რა სიურპრიზს მიმზადებ? კიდევ რა უნდა მოხდეს ჩემს ცხოვრებაში?"
ფიქრი ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა.
- ანა, რა იყო, არ გაგიარა გაბრაზებამ? - ირაკლის ხმაზე ცოტა გაღიზიანება ეტყობოდა.
- როდის ვიყავი გაბრაზებული? - ამდენ ახალ ამბებში ანას არც გახსენებია, რომ წინა დღეს, ბარიდან მასზე გაბრაზებული წამოვიდა.
- ააა, არ გახსოვს, არა? აბა, ყურმილს რატომ არ იღებდი, რომ გირეკავდი?
- ჯერ ერთი, მე არ გავბრაზებულვარ შენზე და არც არავისზე. უბრალოდ, შენი საქციელი არ მომეწონა და სწორედ მანამდე წამოვედი, სანამ გავბრაზდებოდი. მეორეც, საქმეები მქონდა და ტელეფონზე საპასუხოდ არ მეცალა.
- აჰა, დირექტროთა საბჭოს სდომაზე იყავი ალბათ, - ირაკლიმ ირონია ჩააქსოვა ნათქვაში.
- შენი ხუმრობა უადგილოა, ჩემო ვარსკვლავბიჭუნავ, რას იზამ, ყველა მინისტრის მოადგილე ვერ იქნება, - თავის მხრივ წაჰკბინა მამაკაცს.
- კარგი, მაშ შევრიგდეთ?
- შესარიგებელი არაფერი გვჭირს.
- ანა, არ გიყვარვარ? - მოულოდნელი კითხვა დასვა მამაკაცმა.
- არა, - არ დაფიქრებულა, ისე მიუგო ქალმა.
- სულ, სულ არა? არც მოგწონვარ?
- ნუ, მოწონებით კი მომწონხარ.
- კარგი, მოდი, საღამოს შევევხდეთ ამ საკითხზე სალაპარაკოდ. მოსულა?
- ვნახოთ, საღამოს გეგმები ჯერ არ დამილაგებია, - თანხმობა მაინც არ უთხრა.
- მოგვიანებით დაგირეკავ და შევთანხმდეთ.
- კარგი, თუ დირექტორთა საბჭოს სხდომაზე არ ვიქნები, აუცილებლად შეგხვდები.
- დავით, იცი, ახალი ამბავი? - ბიძამისის კაბინეტში დივანზე დაეშვა ანა.
აქ პირველად იყო და ირგვლივ ყველაფერი მოათვალიერა.
- არა, სანამ არ მეტყვი, არ მეცოდინება, - გაეცინა მამაკაცს, - ისე, საკუთარ ორგანიზაციაში პირველად ახლა უნდა მოსულიყავი?
- საკუთარი რაა, აქ შენ ხარ უფროსი და ყველანაირად გენდობი.
- ჰო, მაგრამ ისე შემოგევლო, გენახა.
- ჯერ ერთი, არ დაგიპატიჟებივარ, მეორეც, თუ საკუთარია, აბა, მაჩვენე, ჩემი "საპრეზიდენტო-სადირექტორო" აპარტამენტი სადაა? ის კი არა და, შენს თანაშემწესთან ლამის ხვეწნა დამჭირდა, რომ შემოვეშვი.
- კარგი, მაგას გამოვასწორებთ, აბა, რა არის ახალი?
- გოგონა ვიპოვე, დავით, ანა ჰქვია, გაჭრილი ვაშლივით მგავს...
- ნახე კიდეც? - ნერწყვი ძლივს გადააგორა დავითმა.
- კი, ოღონდ, შორიდან.
ანამ დაწვრილებით მოჰყვა 2 დღის განმავლობაში მომხდარი მოვლენები. დავითი გაოცებული უსმენდა.
- იცი, არ მეგონა, რომ ასე მალე მივაგნებდი. დეტექტივი რომ ავიყვანე, მეგონა, თვეები დასჭირდებოდა ამ საქმეს. კინოებში როგორცაა, ხომ იცი, შვილის ძებნას რომ დაიწყებენ, უამრავი ბარიერის გადალახვა უწევთ ხოლმე. თან, ფილმებში დედა-შვილის შეხვედრაც სხვანაირად ხდება... მეც დაახლოებით ასე მქონდა წარმოდგენილი, მე კი სულ უბრალოდ შევხვდი. ჩემს გვერდით მდგარი მანქანიდან გადმოვიდა, მე კი დავიმალე. სულ ეგ იყო...
- ნუთუ შეხვედრის სცენას ასეთი მნიშვნელობა აქვს?
- არა, რა თქმა უნდა. უბრალოდ, სხვანაირად წამომედგინა, მაგრამ ალბათ როგორც მოხდა, ასე ჯობდა. აი, ზვიადი მირეკავს, - ანამ აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა.
- ანა, ახალი ინფორმაცია მაქვს და შევხვდეთ, თუ გცალია.
- დავითთან მოდი, იცი, სადაა მისი ოფისი?
- კი, ვიცი, რამდენიმე წუთში მანდ გავჩნდები.
- მდაა, ანა, ამდენი ახალი ამბავი ერთად, ცოტა ძნელი გადასატანია, ალბათ.
- შევეჩვიე დავით, ხომ იცი, "ახალი და უცნაური" ამბების "დედა" ვარ...
- ახლა რას აპირებ, მამასაც უნდა გაუმხილო?
- აუცილებლად, ლევანს უნდა ვუთხრა.
ამასობაში ზვიადიც მოვიდა.
- ანა, მე მგონი, ძალიან მაგარი ამბავი მოგიტანე, - აქოშინებულმა ზვიადმა კარებიდანვე დაიწყო ლაპარაკი.
- მოდი, დაჯექი, ამოისუნთქე და მომიყევი, რა გაიგე ასეთი მაგარი, - ანამ დივანზე ადგილი დაუთმო.
- გახსოვს, შენი სიტყვები? გოგონას დედაზე ეჭვიანობდი და ამბობდი, როგორ შეეგუება, ახალი დედა რომ გამოუჩნდებაო?
- კი, მახსოვს.
- ჰოდა, ანას დედა არ ჰყავს.
- როგორ თუ არ ჰყავს?
- როგორ და - ასე! მამამისი, რამაზ ინაური ქვრივია და ანას 2 წლიდან მარტო ზრდის.
ანას პირი გაუშრა. ამას კი ვერასოდეს წარმოიდგენდა. ერთი მხრივ თითქოს გაუხარდა კიდეც; რაღაც მომენტში ეგოისტურმა გრძნობამ სძლია, მაგრამ შემდეგ ბავშვი შეეცოდა. დედის სითბოს გარეშე როგორ გაიზრდებოდა? თუმცა, ეს ფაქტი მის წისქვილზე ასხამდა წყალს და საბოლოო ჯამში ვერ გაეგო, კმაყოფილების გრძნობა სჭარბობდა თუ სინანულის.
- ისიც ხომ არ გაგიგია, რა მოხდა? რატომ გარდაიცვალა ის ქალი?
- კი, როგორ არა... ავარიაში მოხვედრილან, პატარა ანაც მათთან ერთად ყოფილა და ისიც მძიმედ დაშავებულა. მხოლოდ რამაზი იყო შედარებით მსუბუქად დამტვრეული. ქალი ადგილზევე გარდაცვლილა, ანა ექიმებს გადაურჩენიათ და ამის შემდეგ მამამისს ცოლი აღარ მოუყვანია. რამდენიმე ხნის მანძილზე ბებია ანუ ეთერი ზრდიდა და ბავშვი რუსთავში ცხოვრობდა, ხოლო როდესაც სკოლაში მისვლის დრო მოვიდა, მამას წაუყვანია და ახლა მამა-შვილი ერთად ცხოვრობენ. რამაზს ისე უყვარს გოგონა თურმე, როგორც საკუთარი შვილი. ანას დღისით ძიძა ჰყავს, საღამოს კი ის ქალი მიდის და რამაზი უვლის.
- რამაზი ეთერის სიძეა? - დაინტერესდა ანა.
- არა, შვილია. თურმე შვილი არ უჩნდებოდათ და ამაში დამნაშავე მამაკაცი ყოფილა. ჰოდა, ბავშვი აიყვანეს, რომ ოჯახი შეენარჩუნებინათ, მაგრამ ღმერთმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო და გოგონა დედის გარეშე დარჩა.
- სად მუშაობს რამაზი?
- საკმაოდ დიდი ორგანიზაციის ფინანსური დირექტორია, მატერიალურად არ უჭირს, კარგად ცხოვრობს.
- გასაგებია. მისამართიც დაადგინე?
- კი, აი, აქ წერია, - ზვიადმა ფურცელი გაუწოდა.
- ძალიან მაგარი ვინმე ხარ, ყველა კითხვაზე გაქვს პასუხი, შენ ჩემს ფირმაში კარგ სამსახურს შემოგთავაზებ და კარგ ხელფასსაც დაგინიშნავ, - ანა ზვიადს გადაეხვია და აკოცა. შემდეგ მობილურს დასწვდა და ნომერი აკრიბა.
- გიორგი, მე ვარ. ახლავე დაწერე ბრძანება, ახალი იურისტის, ზვიად კიკვიძის დანიშვნის შესახებ და დაუნიშნე ხელფასი 2... არა, 3 ათასი ლარი.
- ეს ძალიან ბევრია, ანა...
- ამას საკუთარი ბიუჯეტიდან გადავუხდი, შენ არ ინერვიულო, - ანამ ზვიადს თვალი ჩაუკრა და ტელეფონი გათიშა, - შენ კი, დავით, შაბათს ზვიადს ბაზრობაზე გაჰყვები და მანქანას უყიდი.
- გასაგებია, - ჩაილაპარაკა დავითმა.
- მე მგონი, ძალიან გმიმართლა, თქვენთან რომ დამაკავშირა ბედისწერამ, - ძალზე გახარებული იყო ზვიადი, - მადლობა, ანა, თქვენ დაფასებაც შეგძლებიათ ადამიანის.
- ახლა სამსახურში შეგიძლია, განცხადება დაწერო და წამოხვიდე, აღარაფერი შეიცვლება. მე კი წავედი, უამრავი საქმე მაქვს. ჰო, მართლა, დამირეკე დილით და შენი ახალი სამსახურის მისამართს მოგცემ, - უკვე მისაღებიდან შემოსძახა ზვიადს და კიბეზე დაეშვა.
- ძალიან მაგარი ვინმეა, არა? სულ ასე დაქრის, ხან აქაა, ხან - იქ და ვერასოდეს გაიგებ, რა იქნება მისი მომდევნო ქმედება, - გაიცინა დავითმა, როცა ანა გავიდა.
- კი, ძალიან ლამაზია და თან მაგარი ვინმეც, - თავი დაუქნია გამომძიებელმა.
- ჩემი დისშვილია, - ამაყად დაამატა მამაკაცმა.
- ჩემი კი ბოსი, - გაეღიმა ზვიადს.
დავითისგან წამოსულმა ანამ გიორგის შეუარა.
- რა იყო, ასე სასწრაფოდ რომ დამანიშნინე ის კაცი? - გაეღიმა გიორგის.
- ის ძალიან მაგარი ადამიანია და სამსახური სჭირდება. ჩემი პირადი იურისტია და ბარემ აქაც იმუშავებს.
- კარგია, რადგან ძველი თანამშრომელი 3 კვირის წინ გავათავისუფლეთ და ახალი ჯერ არ გვყავდა მიღებული. ასე რომ, სულზე მოგვისწრო მაგ შენმა იურისტმა. რა ქენით, შერიგდით შენ და ირაკლი? - დაინტერესდა ბოლოს.

- დამირეკა დღეს და საღამოს შეხვედრაზე შევთანხმდით. იმედია, დარეკავს.
- აი, ძაღლი ახსენე და ჯოხი ხელში დაიჭირეო, შენზეა ნათქვამი სწორედ, - მიმართა კარში მოულოდნელად შემოსულ ირაკლის გიორგიმ.
- ჰოო? ჩემზე ლაპარაკობდით? კარგს არაფერს იტყოდით, ალბათ.
- პირიქით, გაქებდით.
- ჰა, მივდივართ ვარშავაში თუ არა? - თემა შეცვალა ირაკლიმ.
- მე და ანა მივდივართ და შენი არ ვიცი, თუ არ დაიშლი, მაშინ წამოდი.
- უჩემოდ ფეხსაც ვერ გაადგამთ! ანა, მოდი, ახლა შენი მანქანა დატოვე აქ და წავიდეთ სადმე. ხომ მოვილაპარაკეთ?
- პირობის შეხსენება არაა საჭირო, წავიდეთ, - დაეთანხმა ქალი და წამოდგა.
- კარგად, აბა, თქვენ იცით, - გიორგის აღარ გაუღიმია, რაღაცნაირად, თითქოს მოღუშულმა უთხრა და მაგიდაზე დადებულ საბუთებს უაზროდ ჩახედა.ცოტა ხნის შემდეგ, ირაკლის გვერდით მჯდომი ანა მამაკაცის ლამაზ პროფილს ყურადღებით ათვალიერებდა. მიუხედავად იმისა, რომ ის ცოტა უხეში, უცერემონიო და შეიძლება ითქვას, უტაქტოც იყო, რაღაცნაირად, იზიდავდა. მასთან მარტო რომ რჩებოდა, მამაკაცის მოფერებისა და კოცნის სურვილი უჩნდებოდა. მის ლამაზ თმაზე ხელის გადასმა უნდებოდა.
- სად წავიდეთ? - სიჩუმე დაარღვია ირაკლიმ.
- არსად.
- არსად? - გაოცებულმა შეხედა ანას.
- ჰო, არსად, ვიაროთ ასე. ახლა რესტორნისა და ბარის ხმაურის მოსმენა არ მინდა, სიჩუმე და სიწყნარე მირჩევნია.
- მოხდა რამე?
- არა, არაფერი. უბრალოდ, დავიღალე დღეს და ცოტა დასვენება მჭირდება.
- მაშინ ჯვარზე ავიდეთ, ახლა იქ სიგრილეც იქნება, სიწყნარეც და სიჩუმეც. ღამე ლამაზია ჯვარი და იქიდან დანახული თბილისიც.
- კარგი, - დაეთანხმა ანა.

ირაკლიმ მაგნიტოფონი ჩართო. წყნარი მუსიკა დაიღვარა მანქანის სალონში. ანა ზურგით სავარძელს მიეყრდნო და გაირინდა.
- აი, მოვედით, - ირაკლიმ მანქანა ქვევით, ეკლესიის ღობესთან გააჩერა.
ისინი გვერდიგვერდ მიუყვებოდნენ აღმართს და დუმდნენ.
- დიდ ხანს უნდა იყო ასე ჩუმად? - ჰკითხა ქალს.
- სიჩუმეში ფიქრი მიყვარს, - ანამ მამაკაცს ხელკავი გამოსდო. ირაკლის ხელი ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი. მეორე ხელი ანას ხელს ზემოდან დაადო და თითები ოდნავ მოუჭირა. ანამ ხელი ამოაბრუნა, მამაკაცის ხელისგულს თავისი მიაკრო და თითები მის თითებში ჩახლართა.
გალავანთან გაჩერდნენ და თბილისს გადმოხედეს. ორივე თავის საფიქრალს ჩაღრმავებოდა. ერთმანეთზე ფიქრობდნენ და ხმამაღლა ვერაფრის თქმას ვერ ახერხებდნენ. თითქოს ეშინოდათ, ხმაურს მათი იდილია არ დაერღვია. ირაკლიმ მკლავი გაითავისუფლა, ანას მხარზე მოჰხვია და გვერდზე მიიკრა. ქალი დაჰყვა. მამაკაცი ამან გაათამამა, ანა თავისკენ შემოაბრუნა და თვალებში ჩახედა. ლოყა ლოყაზე მიადო ისე, რომ მისი ტუჩები ქალის ყურთან აღმოჩნდა.
- მგონი ცოტა მოგათვინიერე, - ჩასჩურჩულა და უფრო თამამად ჩაიკრო გულში, - ველური კატასავით იყავი, იკაწრებოდი და იფხოჭნებოდი, როგორც კი შენს შეხებას გავბედავდი. უფრო კი ჯიშიან, გაუხედნავ კვიცს ჰგავდი, რომელიც მხედრის მიახლოებაზე ტლინკებს ყრის.
ანას გაეცინა და თავი მკერდზე მიადო, ხელები წელზე მოჰხვია და მიეხუტა.

მამაკაცის სითბო ესიამოვნა. თითქოს მყარი კლდის ქვეშ იდგა და არაფრის შიში არ ჰქონდა. ირაკლიმ ზურგზე დაუსვა ხელი. ქალმა იგრძნო, როგორ უცახცახებდა თითები, ტანი დაეჭიმა, კუნთები დაეძაბა და ისეთი შეგრძნება დაეუფლა, რომ ცოტა ხანში მამაკაცის სხეულის შიგნით მოექცეოდა, ის კი გარს მჭიდროდ შემოეკვროდა და სამუდამოდ შეისისხლხორცებდა.
- როგორ გრძნობ, რომ ადამიანი გიყვარს? - ისევ ჩასჩურჩულა ირაკლიმ.
- მის შიგნით მინდა ჩაძრომა და მისი გულის, ფილტვების და შინაგანი ორგანოების დაკოცნა მინდება, - ჩურჩულითვე უპასუხა ქალმა.
- ახლა ამას გრძნობ?
- კი, - გაუბედავად თქვა ანამ.
- მეც, - ირაკლიმ მისი ტუჩები მოძებნა და ფრთხილად შეეხო. თითქოს ეშინოდა, ეს მოთვინიერებული ქალი
ისევ კატად არ დაგაქცეულიყო, მაგრამ ანამ კეფაზე, თმაში თითები შეუცურა და მამაკაცი თავისკენ მიიზიდა...
კარგა ხანს იყვნენ ასე ჩახვეულები და ერთმანეთის ალერსით თავდავიწყებულებს ერთმანეთის მეტი არაფერი ახსოვდათ.
შემდეგ ისევ ანა გამოერკვა, ხელები ფრთხილად გააშვებინა და თავდაღმართზე დაეშვა.
ირაკლი უკან მიჰყვა, მაგრამ ვერ დაეწია. პულტით შორიდანვე გაუღო მანქანის კარი და ცოტა ხნის შემდეგ ქალს თვითონაც გვერდით მიუჯდა.
- ანა, - ჩაახველა უხერხულობისგან.
- ჰო, - გაეპასუხა ქალი.
ირაკლიმ ნიკაპში ხელი ამოსდო და თავი ააწევნა.
- ამაღამ ჩემთან დარჩი, - ჩუმად უთხრა და მზერით ტუჩებზე დააკვდა.
ანამ პასუხი დააყოვნა.
- რომელი საათია? - ჰკითხა შემდეგ.
ირაკლი ალბათ ყველაფერს მოელოდა, ამ კითხვის გარდა. გაეცინა და საათს დახედა.
- თერთმეტი საათი ხდება.
- ახლა მე ერთ საქმეზე უნდა წავიდე და იქიდან რომ წამოვალ, დაგირეკავ.
- კი, მაგრამ ამ შუაღამისას რა საქმე გაქვს?
- მაქვს... ძალიან მნიშვნელოვანი საქმე მაქვს, - ანა დაფიქრდა, - ოღონდ ერთი პირობით, - დაამატა შემდეგ.
- გისმენ, რა პირობაა?
- არ იფიქრო, რომ ვიპრანჭები ან თავს ძალიან კარგ გოგოდ გაჩვენებ, მაგრამ შენთან იმ შემთხვევაში დავრჩები, თუ პირობას მომცემ, რომ თავს არ გამაბეზრებ, როგორც მამაკაცი...
ირაკლიმ მანქანა დაქოქა და ქალაქისკენ დაიძრა. კარგა ხანს ჩუმად იყო. ალბათ ანას ნათქვამზე ფიქრობდა.
- როგორც მივხვდი, ეგ იმას ნიშნავს, რომ სექსი არ უნდა შემოგთავაზო, - ისე უთხრა, გზისთვის თვალი არ მოუშორებია.
- ჰო, სწორად მიხვდი.
- რატომ, ანა? პატარა ბავშვები ხომ არ ვართ, რომ ერთმანეთს კატათაგვობანა ვეთამაშოთ?! მიყვარხარ, ვიცი - შენც... აბა, რაღა გვიშლის ხელს, რომ ერთად ვიყოთ?

- ჯერ ერთი, ძალიან მცირე დროა გასული ჩვენი ნაცნობობიდან და დარწმუნებული არა ვარ, ნამდვილად ის ხარ, ვინც მე მინდა, თუ - არა. მეორეც - ჩემს ცხოვრებაში ახალი ადამიანის შემოსაშვებად მზად არა ვარ.
- კი, მაგრამ მე, ასე თუ ისე, უკვე შემოვედი შენს ცხოვრებაში, ვარსებობ და ამაზე თვალს ვერ დახუჭავ. და ისიც ამიხსენი - მაშინ რაღა აზრი აქვს იმას, რომ ჩემთან წამოხვიდე?! ხათრის გამო ვერ მეუბნები უარს?..
- არა, ახლა ძალიან მძიმე პერიოდი მაქვს. კარგია, როცა ასეთ დროს გვერდით ახლობელი ადამიანის ყოფნას გრძნობ... უბრალოდ, მგონია, რომ შენთან ყოფნა და ლაპარაკი ცოტა გამათავისუფლებს ამ დაძაბულობისგან.
- მაგრამ მე არაფერი ვიცი შენი პრობლემების შესახებ, არ იხსნები ჩემთან და არ გსურს, გული გადამიშალო.
- იქნებ, დღეს მაქვს ამის სურვილი? - ანამ გამომცდელად შეხედა. - თანაც, სულაც არაა აუცილებელი, მაინცდამაინც არსებულ პრობლემაზე ილაპარაკო... უბრალოდ, შესაძლოა, კარგ ადამიანთან ურთიერთობამ და ანეკდოტების მოყოლამაც კი კარგი გავლენა მოახდინოს.
- თავისთავად, უკვე ისიც ძალიან კარგია, რომ ჩემთან ლაპარაკის სურვილი გაგიჩნდა, მაგრამ ვინაიდან ტყუილი დაპირებები არ მიყვარს, ამიტომ ვერ გეტყვი, - ჩემთან რომ დარჩე, მთელი ღამე ანეკდოტების მოყოლის მეტს არაფრს გავაკეთებ-მეთქი. მოდი, ასე მოვილაპარაკოთ: დარჩი ჩემთან და გპირდები მხოლოდ ერთ რამეს - რაც შენ არ გინდა, ის არ მოხდება, შენი სურვილის წინააღმდეგ არ წავალ.
- კარგი, მაგ პირობაზე თანახმა ვარ.
- და კიდევ ის მაინტერესებს, რატომ არა ხარ მზად ახალი ადამიანის შენს ცხოვრებაში შემოსაშვებად? ნუთუ ეს ასე ძნელია?
- იმიტომ, რომ ჩემს ცხოვრებაში სხვა, მეორე ახალი ადამიანი შემოვიდა... უფრო სწორად, შემოდის და ამ ფონზე გონივრული გადაწყვეტილების მიღება გამიჭირდება.
- ვინაა ის მეორე ადამიანი? - ირაკლის ეჭვმა მოუწურა გული.
- იმაზე საეჭვიანო არაფერი გაქვს, - მიუხვდა ანა, - გახსოვს, ამ რამდენიმე დღის წინ შემომთავაზე, გულახდილობის საღამო მოვაწყოთო?
- მახსოვს და ისიც მახსოვს, რომ მაშინ უარი მივიღე.
- ჰოდა, ამაღამ მოვაწყოთ გულახდილობის ღამე.
- მოვილაპარაკეთ.
რამდენიმე წუთის შემდეგ ირაკლიმ ანა თავის მანქანასთან მიიყვანა, პირობა შეახსენა, რომ მისთვის უნდა დაერეკა და დროებით დაემშვიდობა. ანა დაელოდა, მამაკაცი როდის გავიდოდა ეზოდან, ტელეფონს დასწვდა და ნომერი აკრიბა.
- მაიკო, როგორ ხარ? - გაუხარდა, მეგობართან დაკავშირება რომ შეძლო.
- სად დაიკარგე, ადამიანო?! რამდენჯერაც დაგირეკე, შემპირდი, გამოგივლიო და დღემდე არ მოსულხარ, - უსაყვედურა მაიკომ.
- გამოვსწორდები, გეფიცები, - გაეღიმა ანას.

- ახლა რამ შეგაწუხა? ჩემს მოსაკითხავად ამ შუაღამისას არ დარეკავდი და არც იმის გამო, რომ მოხვიდე.
- ლევანის ზუსტი მისამართი მინდა: სახლი, სადარბაზო, სართული...
მაიკომ უცებ აუხსნა, სად ცხოვრობდა მათი საერთო მეგობარი.
- კი, მაგრამ ამ შუაღამისას რაში გჭირდება?
- არა, ახლა კი არ მჭირდება, უკვე რამდენიმე დღეა, ვაპირებ, გკითხო და სულ მავიწყდება. ახლა გამახსენდა და ბარემ დავრეკე. ოღონდ ლევანს არაფერი უთხრა, კარგი? - პირობა ჩამოართვა. - ამ დღეებში მე თვითონ შევუვლი და სიურპრიზს მოვუწყობ.
- ახლა აქ იყო და შინ წავიდა, ცოტა ადრე რომ დაგერეკა, აქვე მოუსწრებდი.
- კარგი, შენც მალე გინახულებ. არ გამიბრაზდე, ხომ?
- არ გიბრაზდები, - დაამშვიდა მეგობარმა.
ანამ ტელეფონი გათიშა და მაშინვე ლევანის სახლისკენ აიღო გეზი.
- ვაა, შენა?! - გაოცებისგან პირი დააღო ლევანმა.
- ჰო, მე, - გაუღიმა ქალმა, - შემომიშვებ?
- მოდი, ანა, მოდი, - დაფაცურდა მამაკაცი და გზა დაუთმო, - ისე, მაგარი სიურპრიზი გამოგივიდა.
- ჯერ სადა ხარ, სიურპრიზი ახლა იწყება, - გაიღიმა ანამ და ოთახში შესულმა იქაურობა მოათვალიერა.
დივანი არეული იყო, იქვე მიდგმულ, დაბალ მაგიდაზე სიგარეტი, საფერფლე და ყავის ფინჯანი იდგა. ყავას ორთქლი ასდიოდა. როგორც ჩანს, ლევანი ახალი დაბრუნებული იყო შინ და ტელევიზორთან კომფორტულად მოკალათებას აპირებდა.
- ჩემთვის, შენი აქ მოსვლის შემდეგ, ყველაზე დიდი სიურპრიზი ის იქნება, რომ მითხრა, სულ მოვედი, არსად წასვლას აღარ ვაპირებ და დღეიდან მე და შენ ცოლ-ქმარი ვართო, - ხელები გაშალა ლევანმა.
- ნუთუ?!. ეგ სასიამოვნო იქნება შენთვის თუ - პირიქით?.. - ანა ლევანის შეთავაზებას არ დალოდებია, დივანზე თვითონვე მოძებნა ადგილი და ჩამოჯდა.
- რა თქმა უნდა, ყველაზე საუკეთესო ინფორმაცია იქნება, რომელიც კი ოდესმე გამიგონია.
- მე უფრო მნიშვნელოვანი საქმის გამო მოვედი, - ანა ანერვიულდა, - დაჯექი.
- ყავას დალევ?
- კი, დავლევ.
- მაშინ, სამზარეულოში მიბრძანდი და თავად მოადუღე. გამიხარდება, ჩემს სამზარეულოში მოფუსფუსეს რომ დაგინახავ, - ხელი იქით გაიშვირა.
ანა წამოდგა და სამზარეულოსკენ წავიდა. ლევანიც უკან მიჰყვა. ჩაიდანი ჩართო, კარადა გამოაღო, ჭიქა გამოიღო, მერე ყავასაც პირველივე მცდელობით, უშეცდომოდ მიაგნო. ხელები უცახცახებდა და ცდილობდა, მამაკაცს არ შეემჩნია მისი მღელვარება.
- ჩემს სახლში ისე აგნებ ყველაფერს, თითქოს შენი დალაგებული იყოს, - გაეღიმა ლევანს.
ანას ზურგს უკან დაუდგა და წელზე ხელები შემოხვია. ქალი სახით მისკენ შებრუნდა, თვალებში ჩახედა და მტკიცე ხმით უთხრა:
- ხელი გამიშვი, ლევან! - ბრძანების კილოთი თქვა ისე, თითქოს ყინულის ნატეხები სახეში შეაყარა...
ლევანმა ცივად გაუშვა ხელი და განზე გადგა.
- მეგონა, აქ იმიტომ მოხვედი, რომ ჩემთან შერიგება გინდოდა, - დამნაშავესავით ჩაიბურტყუნა.
ანამ ჭიქაში ცხელი წყალი ჩაასხა, მოურია, თან გაიყოლა და ოთახში გავიდა. ლევანიც უკან მიჰყვა.
- ლევან, ჩვენ შორის არაფრის შეცვლა არ შეიძლება, მაგრამ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რაც ერთმანეთთან სამუდამოდ დაგვაკავშირებს, გვინდა ეს თუ - არა.
- მინდა, - ნერწყვი ძლის გადაყლაპა მამაკაცმა.
ანა მაგიდაზე დადებულ სიგარეტს დასწვდა, ერთი ღერი ამოაძვრინა, მოუკიდა და ღრმა ნაფაზი დაარტყა.
- ანა, რატომ მიმატოვე მაშინ?
- როდის? - წარბები აწკიპა ქალმა.
- მაშინ, სასტუმროში, ჩვენი პირველი და უკანასკნელი ღამის შემდეგ.

- იმიტომ, რომ ცოლშვილიანი კაცი იყავი.
- მე ხომ შენ მიყვარდი... მიყვარხარ... - დაამატა შემდეგ.
- ლევან, მეც მიყვარდი და მინდოდი კიდეც. იმიტომაც გადავდგი ეს ნაბიჯი და ჩემი უმანკოება შემოგწირე. ახლა მიმაჩნია, რომ მაშინ ბავშვური ჭკუით, სულელურად მოვიქეცი. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩემს მთავარ მიზანს მივაღწიე.
- რა იყო შენი მთავარი მიზანი?
- ის, რომ ვერასოდეს მოგეხერხებინა ჩემი დავიწყება და სამაგიერო ტანჯვა მიგეღო.
- მშვენივრად მოახერხე.
ანა გაჩუმდა, მთავარ სათქმელს თავს ვერ უყრიდა.
- ლევან, ჩვენ შვილი გვყავს, - მოჭრით თქვა და ლევანს შეხედა.
- ჰო, - უცებ დაეთანხმა მამაკაცი. - რააა?! - გვიან გააცნობიერა ქალის ნათქვამი და ყურებს არ დაუჯერა. - რა თქვი? გაიმეორე! - სახე კუშტი გაუხდა და მრისხანება აღებეჭდა.
- ჩვენ შვილი გვყავს!
- ანა, ხუმრობ? - უცებ მოულბა ტონი.
- არა, არ ვხუმრობ, მართალს ვამბობ.
- და ამას ახლა უნდა ვიგებდე?! - ხმას აუწია მამაკაცმა. - ახლა, ამდენი წლის შემდეგ?! სასტიკი ადამიანი ხარ! უფლება არ გქონდა, ჩემთვის ეს დაგემალა! - მთელი ხმით ყვიროდა ლევანი. - სადაა ჩემი შვილი, სად მალავდი, რატომ არ მაჩვენე?! - ანას მკლავში ხელი მოჰკიდა და აყენება დაუპირა.
- გამიშვი, - მკლავი გამოჰგლიჯა ქალმა, - მე თვითონაც არ მინახავს ჯერ! არ ვიცნობ, მხოლოდ შორიდან დავინახე, ისიც - დღეს! - ანა უეცრად ატირდა. ხელები სახეზე აიფარა და ხმამაღლა აქვითინდა.
ლევანი ოთახიდან გავიდა. კარგა ხანს მისი ხმა აღარ ისმოდა... მერე დაბრუნდა და ბოლთის ცემას მიჰყო ხელი. თმაზე ხელს ისვამდა, ხანდახან ჩაახველებდა... ადგილს ვერ პოულობდა.
- მითხარი, რა მოხდა, ანა, - მის წინ ჩაიმუხლა, სახიდან ხელები ჩამოაღებინა და შეეცადა, სახეში შეეხედა.
ანამ თვალი გაუსწორა და ტირილი შეწყვიტა.
- გააშვილე? - ჩუმად ჰკითხა მამაკაცმა და პასუხის მოლოდინში დაიძაბა.
- არა, - თავი გააქნია ქალმა.
- აბა?
...და ანა დაწვრილებით მოყვა, თუ როგორ მოხვდა სამშობიაროში, როგორ დაუმალა მურთაზმა ბავშვის გადარჩენის ამბავი, როგორ გაიგო პატარა ანას არსებობის შესახებ, როგორ მოიპოვა ინფორმაცია შვილზე და რა მოხდა იმ დღეს.
ლევანი დუმდა. თითქოს პირში წყალი ჩაიგუბაო, ერთხელაც არ შეუწყვეტინებია თხრობა. მერე გვერდით მიუჯდა, ხელი მოხვია, მისი თავი მკერდზე მიიხუტა. უბრალოდ, როგორც მეგობარმა, როგორც ძალიან ახლობელმა ადამიანმა, რომელიც მთელი გულით უთანაგრძნობს... ქალი მიენდო. მის მკლავქვეშ შეიყუჟა. საერთო საიდუმლო უკვე გამხელილი იყო და შვება იგრძნო.
- როგორც მივხვდი, შენ იცი, ბავშვი სად ცხოვრობს.
- კი, - თავი დაუკრა ანამ.
- ხვალ წავიდეთ და ვნახოთ, - გადაჭრით თქვა ლევანმა.
- მხოლოდ შორიდან, მასთან კონტაქტი ჯერჯერობით არ შეიძლება. ჯერ მამას უნდა დაველაპარაკოთ.
- მამა მე ვარ!
- ლევან, პირველ რიგში, ბავშვის ფსიქიკას უნდა გავუფრთხილდეთ. შენ გგონია, ჩემთვის იოლი იყო, დღეს მხოლოდ შორიდან რომ ვუყურებდი? ისე მინდოდა, ახლოს მივსულიყავი და გულში ჩამეკრა... მე უკეთეს სიტუაციაში ვარ, ბავშვმა დედა 2 წლის ასაკში დაკარგა და მე, როგორც დედას, იოლად მიმიღებს... ასე მგონია... მამა კი ჰყავს და ძალიან უყვარს. საშუალება უნდა მივცეთ, რომ შეგვეჩვიოს და თუ საჭირო იქნება, მანამდე არ უნდა გავუმხილოთ ჩვენი ვინაობა, სანამ დიდი გოგო არ გახდება.

- გონს ვერ მოვსულვარ, - ჩაილაპარაკა მამაკაცმა, - ჩემი საყვარელი ქალისგან თურმე შვილიც მყოლია. ანა, შენ ვალდებულიც კი ხარ, ცოლად გამომყვე, ოჯახი შევქმნათ და შვილიც ერთად გავზარდოთ.
- არა, ლევან, ამ საკითხზე ლაპარაკი და შეგონებები ფუჭია, მე შენი ცოლი არ გავხდები.
- რატომ? ის ტიპი გიყვარს, არა?! იმ დღეს ბარში რომ გახლდა... იმას დაჰპირდი ცოლობას?
- არა, არავის არაფერს დავპირებივარ. უბრალოდ, შენ აღარ მიყვარხარ... ძველებურად აღარ მიყვარხარ...
- კარგი, გასაგებია, - ჩუმად თქვა ლევანმა და წამოდგა, - მაგრამ ჩვენ საერთო შვილი გვყავს და მასზე უნდა ვიზრუნოთ.
- ყველაფერს თავისი დრო აქვს, - ანა წამოდგა, - მე წავალ.
- გამაოგნე და ასე მტოვებ, არა?!.
- საქმე მაქვს, - ანა კარისკენ წავიდა.
ლევანი უკან არ გაჰყოლია. შუა ოთახში იდგა და ქალს რაღაცნაირი, გაურკვეველი გამომეტყველებით უყურებდა. ანა ვერ მიხვდა, რას გამოხატავდა ახლა მისი სახე, - სინანულის, სითბოს, გაოგნების, სიყვარულის ნაზავი იყო, ხოლო აწეული ტუჩის კუთხეებით ამ "თაიგულს" თითქოს ზიზღიც შეპარვოდა...
მარი ჯაფარიძე



№1 სტუმარი finance service

მივესალმოთ ყოველი.

მე ვარ ბატონი პოლ უილიამსი შეტყობინების სესხის კრედიტორების, ჩვენ ვართ კერძო ორგანოების გაცემის ყველა სახის სესხების იმ ადამიანებს, რომლებიც ფინანსურად ქვემოთ და საჭიროებებს ფინანსური დახმარება, ჩვენ გასცემენ სესხებს ძალიან იაფი განაკვეთი ყოველგვარი სტრესი. ჩვენი კომპანია ასევე რეგისტრირებული და შეუძლია გასცემს სესხებს კერძო პირებს და ითანამშრომლოს ორგანოების კარგი პირობები. ჩვენი მომსახურება არის სწრაფი და ადვილი. თუ თქვენ ხართ დაინტერესებული, სესხის მიღების ჩვენგან, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ჩვენი კომპანიის ელ-ფოსტა: [email protected]

გვეწვიეთ დღეს ჩვენი საიმედო მომსახურება
Regards
Mr Paul Williams.
კომპანიის ელ-ფოსტა: [email protected]
კონტაქტი ახლა.

 


№2 სტუმარი mrs evelyn

თქვენ დაიღალა ეძებს სესხი? თქვენ მუდმივად უარყო ბანკები და სხვა საფინანსო ინსტიტუტებს? კარგი ამბავია აქ! ჩვენ გთავაზობთ სესხებს დაწყებული $ 7,000.00 $ 40,000,000.00 min Max. პირველ რიგში, ყოველ გააუქმა pay-per-bit მხოლოდ უპროცენტო სესხების 2%. სერტიფიცირებული და საიმედო აცვიათ. თქვენი მტკიცებულება დაგარწმუნებთ. კორპორატიული ელ-ფოსტა: [email protected]
ტელეფონის ნომერი:
კომპანიის 345 Baker Street London, England RG21 6YT. მოგვცეს შემდეგ ინფორმაციას:
 სრული სახელი .....................................
 ქვეყანა: .........................................
 სქესი ...........: ............................
 ტელეფონის ნომერი ......... .............
 საჭირო თანხა: ........................
 ხანგრძლივობა: ................ ........................
 თვიური შემოსავალი: * .........................
 პირადი სესხი (საბლანკო) *
 ბიზნეს სესხები: .................
ჩვენ გთავაზობთ შემდეგი სახის სესხების დამტკიცებული (სახიფათო) * კონსოლიდაციის სესხი * სტუდენტური სესხი * იპოთეკური ინვესტიციები და სხვა. ყველა პასუხი უნდა გაიგზავნოს კორპორატიული ელ-ფოსტა:. [email protected]
ტელეფონის ნომერი:
კომპანიის 345 Baker Street London, England RG21 6YT

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent