სვანი!!!! (ultrix ნაწილი 5)
ანა ისე გავიდა, ლევანს არ გაუცილებია. კარი უხმაურიდ გაიხურა და კიბეზე დაეშვა. - ალო, ირაკლი, მე ვარ, - მანქანა დაქოქა თუ არა, მაშინვე დაურეკა. - მოდიხარ? - მოუთმენლად ჰკითხა მამაკაცმა. - თუ ისევ გაქვს სურვილი და თუ არ გადაგიფიქრებია, კი. - გაგიჟდი?! მე იმას ვნერვიულობდი, შენ არ გადაგეფიქრებინა. ირაკლიმ მისამართი უკარნახა და ადგილზე მისულ ანას ეზოს ჭიშკართან შეეგება. ორსართულიანი, კერძო სახლი უცხო პროექტით იყო აშენებული. ეზო მოვლილი, მოკირწყლული და ყვავილებით დამშვენებული გახლდათ. სახლის ინტერიერიც გემოვნებით იყო მოწყობილი და სიმყუდროვე და სისუფთავე სუფევდა. - ძალიან ლამაზი სახლია, - მოეწონა ანას. - ჩემი გემოვნებითაა მოწყობილი. მიხარია, რომ მოგეწონა. ირაკლი მეორე სართულზე აუძღვა. ძალიან ლამაზი და მყუდრო აივნის ერთ კუთხეში დივანი იდგა, იქვე - მაგიდა, რომელზეც ყავა, ხილი, ტკბილეული და ერთი ბოთლი კონიაკი იდგა. - გშია? - ჰკითხა მამაკაცმა და ხელით ანიშნა, დაჯექიო. - კი, მშია, დღეს არაფერი მიჭამია, - გვიან გაახსენდა ანას, მთელი დღის მშიერი რომ იყო. ირაკლი უკან გაბრუნდა, ცოტა ხანში კი ლანგარზე დალაგებული კერძებით მობრუნდა. - ამას შენ თვითონ ამზადებ? - გაეღიმა ანას. - ჰო. აბა, დილით რომ ავდგები და წინსაფარს ავიფარებ, სამზარეულოდან შუადღემდე არ გამოვდივარ. განსაკუთრებით სალათები გამომდის კარგად, - გაეღიმა მამაკაცს. - რესტორნიდან მომაქვს ან მარკეტიდან, გამზადებული კერძები, მე რისი გამკეთებელი ვარ?! შენ როგორი მზარეული ხარ? - დაინტერესდა შემდეგ. - ძალიან კარგი. ყველაფერი მეხერხება. ხაჭაპურსა და კუბდარსაც ვაცხობ. გადასარევი დიასახლისი ვარ. თავი უნდა შევიქო, იქნებ მოგეწონო. - მე ისედაც მომწონხარ, მაგრამ თუ ქალის საქმეც გეხერხება, მაგას რა სჯობია?! დილაობით კვერცხს შემიწვავ ხოლმე? ანა მადიანად ილუკმებოდა და ირაკლის ხუმრობებზე გულიანად იცინოდა. - სად იყავი, ანა? - უცებ დასერიოზულდა ირაკლი. - როდის? - როდის და წეღან, მე რომ დამცილდი, სად წახვედი? - გამომცდელად შეხედა. - ეჭვი მაქვს, რომ უკან გამომყევი, - ანამ თვალები მოჭუტა. მამაკაცის გამოხედვამ მიახვედრა, რომ გამოიცნო. - ასეა? - არა, არა, - იუარა. - სიმართლე მითხარი! - წეღან რომ თქვი, ჩემს ცხოვრებაში ახალი ადამიანი ისედაც შემოდისო, ძალიან ვიეჭვიანე და მოსვენება დავკარგე. უნდა ვაღიარო ჩემი სისუსტე და გითხრა, რომ უკან გამოგყევი. - ვიცოდი! ვიცოდი, მაგრამ სარკეში ვიყურებოდი და არსად შემინიშნავხარ. - ტაქსით მოგყვებოდი, - გამოტყდა ირაკლი. - არ მენდობი? ასე აპირებ ურთიერთობის გაგრძელებას?! - გენდობი და შენი სიტყვის მჯერა, მაგრამ კაცი რომ შენნაირი ქალის გვერდით წყნარად და მშვიდად ვერ იქნება, ამაზე ორი აზრი არ არსებობს. - ქალს თუ არ უნდა, მამაკაცი ვერაფერს დააკლებს, - გაიღიმა ანამ. - მართლა? - ჩაეკითხა ირაკლი და უცებ ისე სწრაფად მოხვია ხელები და ისე უეცრად დააცხრა ტუჩებზე, რომ ანამ გონზე მოსვლა ვერ მოასწრო. - გამიშვი, - სიცილით გამოეხსნა ანა მის მკლავებს. - ეს იმიტომ გავაკეთე, რომ შენი სიტყვების სიმცდარეში დამერწმუნებინე: მამაკაცი თუ მოინდომებს, ყველაფერსაც შეძლებს. - ნუ ვიკამათებთ, - ანამ ტუჩებზე შერჩენილი სისველე ხელის ზურგით მოიწმინდა და გაიბუტა. - დავიწყოთ ჩვენი გულახდილობის საღამო? - პირობა შეახსენა ირაკლიმ. - როგორც გინდა, - ისევ იბუტებოდა ქალი, - კონკრეტულ კითხვებზე კონკრეტულ პასუხებს გაგცემ. - მაინტერესებს, თან, ძალიან - სულ, რამდენი მამაკაცი გყავდა? - ირაკლიმ ის კითხვა დასვა, რომელიც ყველაზე მეტად აწუხებდა. - არ გეწყინოს, ამით რომ ვიწყებ, მაგრამ ძალიან ხშირად ვფიქრობ ამ თემაზე და თავში ათასი სისულელე მომდის. - შენი ვარაუდით, რამდენი? - კითხვა შეუბრუნა ანამ. - 5, 6, 7... - თითებზე ჩამოთვალა ირაკლიმ. ანამ ხმამაღლა გადაიკისკისა. - ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემზე ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონია. ან პირიქით - ძალიან კარგი. - ნუ მაწვალებ, მითხარი, - შეეხვეწა. - 2. - მართლა?! - რატომღაც ძალიან გაუკვირდა. - ჩვენ ხომ ვთქვით, რომ გულახდილობის საღამო გვექნებოდა და ტყუილი არ უნდა ვთქვათ. - ვინ იყვნენ ეს მამაკაცები? - ერთი ის, რომელიც იმ დღეს ბარში ნახე და რომელთანაც დღეს ვიყავი სტუმრად, შენგან რომ წავედი, მაშინ, - ანამ პაუზა გააკეთა და რეაქციას დაელოდა, - მეორე კი - ბელტრანი, ჩემი მეორე ქმარი. - კი, მაგრამ პირველი ქმარი? - პირველი გოჩა იყო, რომელთანაც არაფერი მქონია, - ის ქორწილის დღეს მოკლეს. მანამდე კი ჩვენ შორის არაფერი ყოფილა. თუმცა ისიც შეიძლება ითქვას, რომ მხოლოდ ერთი მამაკაცი მყავდა. - მოიცა, მოიცა, ვერაფერი გავიგე... თავიდან მითხარი, - დაიბნა ირაკლი. - ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მე და ლევანს ერთმანეთი შეგვიყვარდა. დამიმალა, რომ ცოლი ჰყავდა. მე კი მაინც გავიგე. ამის შემდეგ მე თვითონ ვიაქტიურე და მასთან ერთად სასტუმროში ამოვყავი თავი. იმას ვერაფერს დავაბრალებ, ეს ჩემი სურვილი იყო და შეიძლება ითქვას, ის წინააღმდეგობასაც კი მიწევდა. დილით სასტუმროდან მძინარეს გამოვეპარე და აღარც მინახავს იმის შემდეგ, ვიდრე ამერიკიდან არ დავბრუნდი. ასე რომ, თუ მასთან ეს ერთი ღამე მამაკაცების რაოდენობაში მეთვლება, მაშინ 2 კაცი მყოლია, თუ არა და - ერთი... მერე იყო გოჩა. ის ბიძაჩემის ახლობელი იყო და მასთან გავიცანი. ეს ადამიანი ყველაზე მეტად მიყვარდა. ქორწილის დღეს მოკლეს. სისხლი აიღეს, სვანური წესის მიხედვით. ასე რომ, მასთან ახლო ურთიერთობა არ მეღირსა. - მან თუ იცოდა ლევანის არსებობის შესახებ? - კი, იცოდა და მიუხედავად ამისა, არასოდეს შემოუთავაზებია, მასთან დავწოლილიყავი. შემდეგ იყო ბელტრანი, რომლის ცოლიც 4 წლის განმავლობაში ვიყავი. ის ძალიან კარგი ადამიანი იყო, მაგრამ სამწუხაროა, რომ იმავე გრძნობით ვერ ვპასუხობდი, როგორითაც მას ვუყვარდი. - ლევანთან რატომ იყავი დღეს? - მაინც ეჭვი ღრღნიდა ირაკლის. ანა დაფიქრდა. არ იცოდა, ეთქვა თუ არა მისთვის ანას არსებობის შესახებ. ერთი მხრივ, არ უნდოდა დამალვა, მეორე მხრივ, შესაძლოა, ირაკლის ახალი ეჭვების საბაბი მისცემოდა და მერე მისთვის სისხლი გაეშრო ეჭვებითა და კუდში დევნით. - ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა, - მაინც სცადა თავის არიდება. - ანა, ნუ მაეჭვიანებ, მითხარი და რაც უნდა იყოს, გაგიგებ. იქნებ ჩემთან ურთიერთობაზეც იმიტომ ამბობ უარს, რომ მასთან რამე გაქვს? - არა, რას ამბობ... - მაშ, სადაა ლოგიკა?! მე მხვდები, მეუბნები, რომ გიყვარვარ, ჩემთან ურთიერთობაზე უარს ამბობ, მემშვიდობები და მასთან მიდიხარ. შენ რომ იყო ჩემს ადგილზე, რას იფიქრებდი? ანამ ამოიოხრა: - ამაზე სხვა დროს რომ ვილაპარაკოთ, როცა უფრო შესაფერისი მომენტი იქნება, არ შეიძლება? - არა, ან ახლა, ან - არასდროს! ამაზე შესაფერისი დრო რაღა გინდა? ახლა მარტონი ვართ, ხელს არავინ გვიშლის და დროც საკმარისად გვაქვს. ამ დროს აივნის მოპირდაპირე მხარეს უეცრად მანქანის ძრავას ხმა გაისმა. მანქანა ჩიხიდან ისე გასულიყო, რომ ფარები არ ენთო... ირაკლი მიხვდა, რომ ვიღაც ისე იყო ჩასაფრებული, მის აივანს უთვალთვალებდა. - ვინ იყო? - ანასაც გაუკვირდა. - არ ვიცი, მაგრამ ახლავე დავადგენ, - ირაკლი ადგა და ოთახიდან ტელეფონი გამოიტანა. - ალო, მალხაზ! ახლა ჩემი სახლის მიმდებარე ქუჩიდან ცენტრალურ გზაზე მანქანა გამოვა. ძრავას ხმით თუ ვიმსჯელებ, ჯიპია. შენი ხალხი დაახვედრე და ნომერი ჩაიწერონ. ნუ გააჩერებენ - უბრალოდ, ნომერი მაინტერესებს, - ნაწყვეტ-ნეწყვეტ ლაპარაკობდა ირაკლი, - გმადლობ. თითქოს სიტუაცია დაიძაბა. ორივენი გაჩუმდნენ, რაღაცის მოლოდინში. ხუთიოდე წუთი თავის საფიქრალს ჩაუღრმავდნენ. შემდეგ ირაკლის ტელეფონმა დარეკა. - ჰო... კარგი... გასაგებია... გმადლობ, - ნაწყვეტ-ნაწყვეტ ლაპარაკობდა ირაკლი. ტელეფონი გათიშა და დაფიქრდა. - რა გითხრეს? - დაინტერესდა ანა. - 4 ნომერი ჩაუწერიათ... - მერე? - ერთ-ერთი მათგანი გიორგის მანქანის ნომერია... - გიორგი? - გაუკვირდა ქალს, - გინდა, თქვა, რომ გიორგი იდგა და გვითვალთვალებდა? - ასე გამოდის... - კი, მაგრამ რატომ? - ეგ კითხვა მე კი არა, გიორგის უნდა დაუსვა. - თქვენ ხომ მეგობრობთ? - კი, ვმეგობრობთ. გიორგი სანდო კაცია, საიმედო მეგობარი და დარწმუნებული ვარ მასში... ეჭვს ვერ შევიტან... ერთადერთი მიზეზი შენ ხარ, ანა... - მე? მე რა შუაში ვარ? - გიორგის შენ უყვარხარ. წლების მერე შენთან შეხვედრამ გაუახლა გრძნობა. ჰოდა, ახლა ცდილობს, დაადგინოს, რა ხდება ჩვენ შორის და აქვს თუ არა რაიმე შანსი. სხვა მიზეზი, რომ გიორგის ჩემთვის ეთვალთვალა, არ არსებობს. ეგ კაცურში არ ჩაიჭრება. - კი, მაგრამ თვალთვალი კაცურია? - მე მისი მესმის და არ ვამტყუნებ. ჩემთვის არაფერი უთქვამს და არ უკითხავს, მაგრამ ვგრძნობ, რომ ძალიან განიცდის, არჩევანი ჩემზე რომ გააკეთე. - მაგრამ ეს ხომ შენი ბრალი არაა? გიორგის ბავშვობიდან ვიცნობ და რაც თავი მახსოვს, იმის მერე ვუყვარვარ. ასე რომ... წესით, მას უფრო ჰქონდა შანსი, მაგრამ არ მიყვარს და არც მყვარებია, მიუხედავად იმისა, რომ მართლა კარგი ადამიანია, დადებითი პიროვნება, ვაჟკაცი და თანაც, საკმაოდ სიმპათიურიც... ასე რომ, შენ არაფერ შუაში ხარ... ეგ ჩემთვის არაა გაჩენილი და ეგაა. - მაშფოთებს ეს სიტუაცია. მეგობრის დაკარგვა არ მინდა. არა და, როგორია, როცა იცი, რომ შენს ძმაკაცს შენი საყვარელი ქალი უყვარს. სიყვარული და ქალი ისეთი რამაა, რომ შესაძლოა, უამრავი შეცდომა ჩაგადენინოს. მაგალითად, ასეთი, როგორიც დღეს ჩაიდინა - მოვიდა და შორიდან გვითვალთვალებდა... შენ კიდევ ამბობ, პრაღაში არ წამოხვიდეო, - ლევანს გაეცინა და ანას ცხვირზე თითი ჩამოკრა. - იქნებ სულაც უარი ვთქვა მაგის შემოთავაზებაზე? - არა, ახლა ვერ უღალატებ, იცის ადამიანმა, რომ ფული აქვს და ქარხნის საყიდლად მიდის... ახლა ღალატი არ გამოვა. უნდა წახვიდე. უფრო სწორად, უნდა წავიდეთ. - კარგი, როგორც შენ იტყვი... - უყურე ამ თაღლითს, როგორც მე ვიტყვი, ისე იქნება, არა? სულ ისე მოიქცევი, როგორც მე მინდა? - ჰო, აბა რა, - კეკლუცად გაიღიმა ანამ. - არ მჯერა! ამის შანსი არაა, რომ ანა ისე მოიქცეს, როგორც სხვას სურს... ნუ მატყუებ, შე პატარა თაღლითო, თორემ დაგსჯი. - შენ რა, გგონია, რომ მე იმის წინააღმდეგი ვარ, ვინმემ ჩემს მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები? ვინემ თავის თავზე აიღოს ყველა პრობლემა? სულაც არა, მაგრამ სამწუხაროდ, ასეთი ადამიანი არ არსებობს, ვინც ამას გააკეთებს. იძულებული ვარ, ყველაფერი ჩემს თავზე ავიღო. - მე ხომ ვარ? - წარბები აზიდა მამაკაცმა. - შენ ხარ, მაგრამ არ ხარ... - ისე, ძალიანაც არ გაგიხარდება, მაგრამ ჩვენს საუბარს უნდა დავუბრუნდეთ. რაო, რატომ ვიყავი ლევანთანო, რა თქვი? - არაფერი მითქვამს. - ანა, მე მინდა, რომ ყველაფერი ვიცოდე შენ შესახებ. უფრო მშვიდად ვიქნები. - მე და ლევანს შვილი გვყავს, - უცებ, ერთი ამოსუნთქვით თქვა ქალმა და გაჩუმდა. ირაკლი დაფიქრდა. - ერთი ღამე იყავი მასთან და დაორსულდი? - ჰო. - მერე? ანამ რადგან ყველაზე მთავარი სათქმელი თქვა, დანარჩენის მოყოლა აღარ გასძნელებია. ყველაფერი დაწვრილებით მოჰყვა. - და როცა ამბობდი, ახალი ადამიანი შემოდის ჩემს ცხოვრებაშიო, ბავშვს გულისხმობდი? - ჰო, მას... ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო და თან ამდენი რამ ისე მოკლე დროში მოხდა, რომ გონს მოსვლაც ვერ მოვასწარი. ამიტომ ცოტა დაბნეული ვარ, ცოტა - შეშინებული, ცოტა - აღელვებული და ასეთ მდგომარეობაში შეცდომის დაშვების მეშინია... - ანა, მე გულწრფელი ვარ შენთან ურთიერთობაში. იმედია, იმას არ ფიქრობ, რომ შენი რამე მჭირდება და ანგრება ან სხვა მიზანი მამოძრავებს... მიყვარხარ მაგ შინი საიდუმლოებებიან-ცხოვრებიანად. ჩემი იმედი ყოველთვის გქონდეს. ნებისმიერ დროს მზად ვარ, შენი წილი ტყვიაც კი მივიღო. - იმედია, საქმე სროლამდე არ მივა, - გადაიკისკისა ანამ. გუნება უცებ გამოუკეთდა. საიმედო საყრდენი იგრძნო... დავითი გაახსენდა, ყველაზე საიმედო მამაკაცი, მის ცხოვრებაში. ახლა კი ირაკლიც. მამაკაცმა ხელი მოჰხვია და გვერდზე მიიკრა. ნიკაპი თავზე დაადო და ანას ნაამბობს გუნებაში კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი. - ხვალ ბავშვის სანახავად რომ წახვალთ შენ და ლევანი, მეც წამოვალ. შენ გვერდით ვიქნები, იმას რომ სენტიმენტალური გრძნობები არ აეშალოს. - კარგი, - დათანხმდა ანა, - მე წავალ, - დაამატა შემდეგ. - როგორც გინდა. რადგან არ იშლი, შეგიძლია, წახვიდე, მაგრამ მე ის მიკვირს, შენი გულახდილობის სამაგიეროდ ჩემგანაც იგვეს რომ არ ითხოვ. - მე შენსავით აბეზარი არ ვარ, თუ მოგინდება, შენ თვითონ მომიყვები. - კი მინდოდა, მაგრამ აბა, არ გიკითხავს და... - რომ დავრჩე, მომიყვები? - კი. - კარგი, მაშინ გისმენ. - მე შენსავით ჩახლართული ამბავი არ მაქვს, მაგრამ შესაძლოა, მაინც საინტერესოდ მოგეჩვენოს. წლების წინ, როდესაც პირველი კურსის სტუდენტი ვიყავი, ჩემს მეზობლად ახალგაზრდა ცოლ-ქმარი გადმოვიდა საცხოვრებლად. გოგო ძალიან ლამაზი იყო და დავინახე თუ არა, გული გადამიქანდა. კარგა ხანს მეგონა, რომ კარის მეზობლად ოჯახი გადმოვიდა, გოგონა კი მათი შვილი იყო. სადარბაზოში ვაბირჟავებდი ხოლმე, რომ მისთვის თვალი მომეკრა. ამასობაში ზაფხული მოვიდა და მე მთელი 3 თვით დასასვენებლად წავედი. უკან დაბრუნებულმა ისევ `დავუპადიეზდე~ მეზობელს და რომ დავინახე, ლამის გული გამისკდა. მუცელი წამოზრდოდა. ფეხმძიმედ იყო. გულს შემომეყარა. ჩემს არყოფნაში დედაჩემი კარის მეზობლებს დაახლოებია და მისგან გავიგე, რომ თურმე ჩვენთან რომ გადმოვიდნენ, ახალდაქორწინებულები იყვნენ. მაშინ 2 თვის ფეხმძიმე ყოფილა და მუცელი არ ეტყობოდა. ახალი მეზობელი იმავე საღამოს შემოვიდა ჩვენთან. დედამ ჩემი თავი გააცნო. ხელი რომ ჩამოვართვი, ლამის გული წამივიდა. თეამ დედასთან ცოტა ხანს იჭორავა. მერე კარზე დააკაკუნეს. ჩემი ქმარი იქნებაო, წამოხტა და გავიდა. ქმარი შედარებით უფროსად გამოიყურებოდა. ეს გოგო 19-20 წლის იქნებოდა, ქმარი კი 35 წლის, სულ ცოტა. რაც დრო გადიოდა, სულ უფრო ვრწმუნდებოდი, რომ სხვისი ცოლი მიყვარდა, თან - ფეხმძიმე. ჩვენთან ხშირად შემოდიოდა, ერთმანეთს დავუახლოვდით და საკმაოდ მეგობრული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. უფრო სწორად, მას მივაჩნდი მეგობრად, თორემ მე ყურებამდე ვიყავი შეყვარებული. ასე მოვიდა მისი მშობიარობის დრო. გოგონა დაიბადა. მთხოვეს, ბავშვი მე მომენათლა. იმათ უარი ვერ ვუთხარი, მაგრამ ისე გავაკეთე, რომ ნათლობამდე 4 დღით ადრე შინიდან წავედი, დავიბარე, დასავლეთში მივდივარ-მეთქი. 2 დღის მერე კი დავრეკე და დედას ვუთხარი, პოლიციამ დამაკავა, საგანგაშო არაფერია, გაარკვევენ სოიმართლეს და მალე ჩამოვალ-მეთქი. თან ვთხოვე, მამასთვის არაფერი რთქვა, მაგრამ დედამ საიდუმლო არ შემინახა, რადგან უფიქრია, რომ მარტო ვერ გავართმევდი პრობლემას თავს და მამას დახმარება დამჭირდებოდა. მამა საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე მუშაობდა და ფაქტობრივად, ყველაფრის გაკეთება შეეძლო. მამამ შეძრა ქვეყანა, სადაა ჩემი შვილიო, მაგრამ ვეერც ერთ განყოფილებაში ჩემს კვალს ვერ მიაგნო. შეშინებული ქუთაისში ჩასულა, რომ გაერკვია, სად გავქრი. ძებნა გამოაცხადეს. მე კი ბათუმში, სასტუმროში ვიყავი და ქალაქში მანქანით გამოვედი თუ არა, მაშინვე პოლიციამ დამაკავა. მამაჩემი სასწრაფოდ ჩამოვიდა ჩემთან. ძალიან გაბრაზებული იყო. რაში დაგჭირდა ტყუილის თქმა, ვინმე გიშლიდა აქ ყოფნას თუ რა, დღეს ნათლიად იყავი დაპატიჟებული და იმდენი ადამიანობაც არ გაქვს, რომ იმ ხალხს პირობა მიეცი და უღალატეო. უეცრად, ეს რომ თქვა, გაჩუმდა. - ბიჭო, რაშია საქმე, შენ განგებ ხომ აარიდე თავი ნათლობასო? მკითხა. - არა-მეთქი. - არა კი არა, როგორ არა, ის გოგო ხომ არ გიყვარსო? ვიცოდი, ჩემი უარი ყალბი იქნებოდა და ამიტომ არაფერი ვუპასუხე. შენ როგორც ჩანს, მომავალში მაგ ოჯახში ჩარევას აპირებ და ნათლობაზე უარი იმიტომ უთხარი, ჩემი ხელით დაგახლი ტყვიას, მაგ გოგოს რამე რომ გაუბედოო. ...მაგრამ მიუხედავად ამისა, მაინც დამტოვა იქ, ზეგ ჩამოდი, დედაშენს კი დავამშვიდებ, რომ კარგად ხარო, დაიბარა და წავიდა. შინ რომ დავბრუნდი, მამასთვის თვალებში შეხედვის მრცხვენოდა. მან სამსახურში დამიბარა და იმდენი მელაპარაკა, იმდენი მორალი მიკითხა, რომ გადავწყვიტე, როგორმე იმ გოგოს დავიწყება მომეხერხებინა. წლები გადიოდა, მე კი მაინც მიყვარდა. საკუთარ თავს ვარწმუნებდი, რომ ასე არ იყო, მაგრამ... უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, იმ ზაფხულს დასასვენებლად თურქეთში წავედი. იქიდან რომ მოვდიოდი, საზღვრამდე ასე, 150 კილომეტრი მქონდა დარჩენილი, რომ გზაზე ახალგაზრდა გოგონა გადმომიხტა. ძლივს მოვასწარი დამუხრუჭება. მანქანა გავაჩერე და გადავედი. ქართველ ხარო? შეშინებულმა მკითხა. - კი-მეთქი. - როგორმე საზღვარზე გადამიყვანე, თორემ დავიღუპებიო. მანქანაში ჩავსვი და გამოვკითხე, რა უჭირდა. თურმე ვიღაც ქალს გაუყიდია თურქზე და ბორდელში გამოუკეტავთ. 2 კვირის წინ გამოპარულა და ტყე-ტყე უხეტიალია, თან ცენტრალურ გზას არ სცილდებოდა. საზღვართან ფეხით ვაპირებდი მისვლას, მაგრამ ბოლო 3 დღეა, საჭმელიც არ მიჭამია და ფეხით სიარულის თავი არ მაქვსო. ფული გადავიხადე საზღვარზე და ისე გადმოვიყვანე. შინ რომ მივიყვანე, ოჯახი სიხარულით ცას ეწია. მთელი 3 თვე დაკარგული ეგონათ და ცოცხალი რომ დაინახეს, გაუხარდათ. ამ გოგოსთან ურთიერთობა არ გამიწყვეტია. ძალიან კარგი გოგო აღმოჩნდა. დავეხმარე და სწავლა დავაწყებინე. საკმაოდ ნიჭიერი აღმოჩნდა და მალე სწავლის ფულის გადახდაც აღარ მიწევდა. სტიპენდიაც კი დაენიშნა. მივეჩვიე მასთან ურთიერთობას და რამდენიმე ხნის შემდეგ უფრო ახლო ურთიერთობა დავიწყეთ. - ანუ, საყვარლები გახდით? - დაინტერესდა ანა. - ჰო, შეიძლება, ასე ითქვას. ამან თეა თითქოს გადამავიწყა. ჩემთან ოჯახში მიმყავდა, ყველას გავაცანი და ალბათ ცოლადაც მოვიყვანდი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს დამირეკა და მითხრა, დღეს ვთხოვდები, ის ბიჭი ძალიან მიყვარს და გთხოვ, ხელს ნუ შემიშლი, ჩვენ შორის ყველაფერი დამთავრებულიაო. გაოგნებული დავრჩი. მერე გავიგე, რომ თავისივე ჯგუფელს, ღარიბ-ღატაკს გაჰყოლია. ვიცი, რომ როცა ვინმე გიყვარს, ამ შემთხვევაში ფულსა და ქონებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ მაინც ძალიან გამიკვირდა, ასეთი გადაწყვეტილება რომ მიიღო. ამ ამბიდან 1 წელი იყო გასული, როცა ერთ დღეს შინ მარტო ვიყავი და თეა შემოვიდა. ამაში უჩვეულო არაფერი იყო. ყავა მომიდუღეო, მითხრა. მოვუდუღე. დაჯდა, გააბოლა და ცდილობდა, თვალი აერიდებინა. რაღაცის თქმა გინდა, მგონი და ვერ ბედავ-მეთქი. - კი, მინდა, დიდი ხანია, შენთან ლაპარაკი მინდა, მაგრამ ვერ ვბედავო. რაშია საქმე-მეთქი? - იცი, ის გოგო რატომ გათხოვდაო? - იმიტომ, რომ სხვა უყვარდა-მეთქი. - არა, იმიტომ, რომ მე ვუთხარი, მე და ირაკლის ერთმანეთი გვიყვარს, უკვე დიდი ხანია, საყვარლები ვართ და ჯობია, დაშორდე, რადგან დაქორწინებას ვაპირებთ-მეთქიო. გაოცებისგან პირი დავაღე. - ასე რატომ მოიქეცი-მეთქი? - იმიტომ, რომ მიყვარხარო. ენა ჩამივარდა. ხმა ვეღარ ამოვიღე. ვიცი, რომ შენც გიყვარვარ და უარყოფას აზრი არ აქვსო... რამდენიმე დღის შემდეგ, დღისით თავისთან დამიძახა და იმის მერე ჩვენი გზები აღარ გაყრილა, რამდენიმე წლის განმავლობაში. - ახლა სადაა ის თეა? - ეჭვიანობისგან ლამის მოკვდა ანა. - ის დაქვრივდა. ქმარი მოუკვდა. დედამ იძულებული გახადა, რომ მასთან გადასულიყო. მერე ნელ-ნელა დავცილდით ერთმანეთს. სიმართლე რომ გითხრა, სანამ მიუწვდომელი იყო, მანამდე უფრო მიზიდავდა. ჩემი გახდა თუ არა, მის მიმართ თითქოს ინტერესი დავკარგე და სიყვარული სადღაც გაქრა. ეტყობა სხვა თვალით შევხედე და მისი სილამაზე უარყოფითმა თვისებებმა დაჩრდილა, რომელიც არც ისე ცოტა ჰქონდა. - ჩემზეც ასე რომ დაგემართოს? - როგორ? - როგორ და გული რომ გაგიცივდეს? - ნუ გეშინია, არ დამემართება. - ისე, მე რომ წავიდე, გული დაგწყდება? - ძალიან... - მაინც უნდა წავიდე და ხვალ შევხვხდებით, - ანა წამოდგა და წასასვლელად მოემზადა. ირაკლი არ შეწინააღმდეგებია. მანქანამდე მიაცილა. ჭიშკარი გაუღო და სანამ თვალს არ მიეფარა, მანამდე იდგა და გაჰყურებდა. დილით ანა ირაკლის ზარმა გააღვიძა. - რომელ საათზე მიდიხართ ბავშვის სანახავად? - ირაკლი კარგ გუნებაზე ჩანდა. - გაღვიძებას და გონზე მოსვლას თუ დამაცდი, მაშინ გადავრეკავ და გავარკვევ. - შენს ეზოში ვარ, ახლა ამოვალ ზემოთ და კარი გამიღე, - მამაკაცმა ტელეფონი გათიშა. - ვინ იყო? - კარში თმაგაწეწილი ნინო გამოჩნდა. - ირაკლია, ამოვა ახლა და კარი გაუღე, - ანა უხალისოდ წამოდგა. ვერ გამოიძინა და მოთენთილი იყო. მისაღებში გასულს ირაკლი უკვე იქ დახვდა. - მოკლედ, ჩაეწერე ბარემ ჩვენთან, კბილის ჯაგრისი, ფლოსტები და სპორტულები მოიტანე და დარჩი, - ანამ თმა შეიკრა და მამაკაცს გაუღიმა. - სიამოვნებით დავრჩები. ქალბატონო, თქვენ წინააღმდეგი ხომ არ იქნებით? - მიმართა ოთახში შემოსულ ანას დედას. - მე თქვენ არ გიცნობთ, - სერიოზული სახით უპასუხა ქალმა. - სირცხვილია არაა ანა? დედაშენი მე არ უნდა მიცნობდეს? მე ირაკლი ვარ, ქალბატონო, თქვენი მომავალი სიძე. სიტყვა ”სიძის” გაგონებაზე ანა უცებ შემობრუნდა ირაკლის სახეზე დააკვირდა. ვერ გაიგო, ხუმრობდა თუ მართალს ამობდა. - რომ არ გიცნობდეთ, გასაკვირი არაა, იმდენი სიძე მყავდა უკვე, რომ ზოგიერთი აღარც კი მახსოვს, - გაიღიმა ქალმა. - დედა! - ანამ შეჰყვირა. - ასე არაა? - არ დათმო დედამ, - სამაგიეროდ, მეორე გამოდგა უნიჭო მაგ საქმეში და ერთხელაც ვერ გათხოვდა. - დაგვანებე თავი, რაა, - ახლა ნინო შეეხვეწა. - კი, ბატონო, მე კი დაგანებებთ, მაგრამ ეს კაცი არ დაგანებებთ, სანამ შენს დას კიდევ ერთხელ გათხოვებაზე არ დაითანხმებს. ირაკლი ჩუმად იდგა და გულიანად იცინოდა. - ნუ გეშინიათ, ქალბატონო, ამჯერად, იმედია, უკანასკნელად გათხოვდება თქვენი შვილი, - თავი გალანტურად დაუკრა და საძინებლისკენ მიმავალ ანას თავლი გააყოლა. - ლევანმა დარეკა, ერთ საათში უნდა შევხდე. მანამდე ყავას მოგიდუღებ და წყალს გადავივლებ, - საძინებლიდან გამოსულმა ანამ სამზარეულოს მიაშურა. ცოტა ხანში ანამ 2 ფინჯანი ჩამოდგა მაგიდაზე და თვითონ აბაზანაში შევიდა. რამდენიმე წუთში წასასვლელად მზად იყო. ირაკლის გაუკვირდა კიდეც, ასე ოპერატიულად რომ მოახერხა გამზადება. წასვლა ირაკლის მანქანით ამჯობინეს. დანიშნულ ადგილზე ლევანი უკვე მისული დახვდათ. ირაკლიმ მანქანა მის მანქანას მიუყენა და ანამ ხელით ანიშნა, ჩვენთან გადმოჯექიო. ლევანს ირაკლის დანახვა არ ესიამოვნა, მაგრამ არაფერი შეიმჩნია. საერთო სალამი თქვა და უკანა სავარძელზე მოთავსდა. ირაკლი ხმას არ იღებდა. ანაც მხოლოდ - აქეთ მოუხვიე, იქით მიუხვიეო, ეუბნებოდა. როგორც იქნა, მივდნენ. - მანქანა ეზოში დგას, - თქვა ანამ და რამაზის მანქანაზე მიუთითა. - ეს მანქანაა? - ლევანს ლამის გული გაუჩერდა. - ჰო, ესაა. - ამ მანქანის პატრონს ვიცნობ, თან - კარგად, - ძლივს ამოთქვა სიტყვები. - მართლა? საიდან? - ანა და ირაკლი თითქმის ერთდროულად შებრუნდნენ უკან. - საერთო მეგობრების წრე და კარგა ბლომად თავგადასავლებიც გვაქვს... მის გოგონასაც ვიცნობ, ანა ჰქვია, ძალიან საყვარელი ბავშვია. სხვათა შორის, ახლა რომ მისი სახე წარმოვიდგინე, მართლა ძალიან გგავს. მე არ ვიცოდი, თუ ნაშვილები ჰყავდათ. მათი შვილი მეგონა, - ლევანი ძლივს სუნთქვადა, - მე მგონი, ცუდად ვარ, - თქვა შემდეგ. - ექიმთან ხომ არ წავიდეთ? - ირაკლი ძალიან შეშინდა, როცა ლევანის გაფითრებულ სახეს შეხედა. ანამ ჩანთიდან ვალიდოლი ამიღო და მიაწოდა. მამაკაცს თითქოს მოერიდა, სისუსტე რომ გამოავლინა და თავი უხერხულად იგრძნო. - აუ, მე რომ შენს ადგილზე ვიყო, ნაღდად მხევდა გული, - გაამხნევა ირაკლიმ, რომ ლევანს უხერხულობა მოხსნოდა, - ის კი არა და, ახლაც ისე ვნერვილობ, ხელებიც კი მიცახცახებს. - შენ ბავშვთან რაიმე კონტაქტი გქონია? - ანა ისევ ძველ თემას დაუბრნდა. - კი, როგორ არა. ხშირად ვკონტაქტობდით, კალთაშიც ხშირად მჯომია და მოვფერებივარ კიდეც. რას წარმოვიდგენდი, ჩემი შვილი თუ იყო? - გაოგნებამ კიდევ არ გაუარა ლევანს. - მაშასადამე, ჩვენ შეგვიძლია მასთან კონტაქტი გავაგრძელოთ ისე, რომ ეჭვს არავინ შეიტანს. შენ მამამისს ჩემს თავს როგორც საცოლეს შეყვარებულს თუ საყვარელს, ისე გააცნობ და მერე ერთად შევხვდებით ხოლმე ანას. - არა, ეგ იდეა მე არ მომწონს. აუცილებელი არაა, რომ ასე გააცნოს შენი თავი. სხვა რამის მოფიქრებაც შეიძლება. - ჩვენს ლაპარაკში ნუ ერევი, - ბრძანებასავით გაისმა ანას ხმა. ირაკლიმ წარბი აზიდა და გაბრაზებით შეხედა. - ანა, მე ვთქვი, რომ არ მომწონს-მეთქი! - არ დაუთმო. - ეგ კაცი პროფესიით ვინაა? - ანას მამობილზე იკითხა ირაკლიმ. - ფინანსისტია. როგორც ვიცი, დიდი კომპანიის ფინანსური დირექტორია, - სხარტად უპასუხა ანამ. - კი, ასეა, - ლევანიც დაეთანხმა. - სამსახური რომ შევთავაზო, არ გამოვა? - არა მგონია, რადგან თავს საკმაოდ კომფორტულად გრძნობს იქაც, სადაც მუშაობს. - ყველაზე მოკლე და კარგი გზა ისაა, რაც მე ვთქვი და იმით სულაც არაფერი დაშავდება, თუ ერთ ტყუილს ვიტყვით, - ანა დათმობას არ აპირებდა. - ახლა რა ვქნათ? - ირაკლი თითქოს დაყაბულდა, მაგრამ გონებაში მაინც გადაარჩია რამდენიმე ვარიანტი. - ახლა დაველოდოთ, მამა-შვილი ალბათ ბებიას სანახავად წავლენ და რომ ჩამოვლენ, ლევანი ვითომ შემთხვევით შეხვდა. თან ჩემს თავსაც გააცნობს და ბავშვსაც ახლოდან ვნახავ, - ანას უკვე დალაგებული ჰქონდა გეგმა, - მიდი, იკა, მანქნა ეზოში შეიყვანე. ის იყო, ეზოში შევიდნენ, რომ სადარბაზოდან ანა და მამამისი გამოვიდნენ. ანას სუნთქვა შეეკრა. - მიდი, ლევან, გადადი, - გაამხნევა მამაკაცი და მოხედა. ლევანი თვალგაშტერებული უყურებდა ბავშვს და ხმას ვერ იღებდა. - ლევან! - ხმამაღლა დაუძახა ანამ, თითქოს მისი გამოფხიზლება უნდოდა, მაგრამ მიხვდა, რომ მამაკაცს პირველი ნაბიჯის გადადგმა უჭირდა. პატარა ანა და მამამისი კი უკვე მანქანისკენ მიდიოდნენ და შესაძლოა, ისე წასულიყვნენ, დღესაც ვერ ენახა ქალს ბავშვი ახლოდან. მანქანის კარი გააღო, გადავიდა და არც დაფიქრებულა, ისე დაუძახა რამაზს: - უკაცრავად, თქვენ აქ ცხოვრობთ? - დიახ, - რამაზი მობრუნდა და ქალი თავიდან ბოლომდე გულდასმით შეათვალიერა. ანა მიუახლოვდა. - აქ სადღაც ახლოს ნოტარიუსი უნდა იყოს, ხომ არ იცით, როგორ მივაგნოთ? როგორც მითხრეს, სწორედ თქვენს კორპუსში უნდა ყოფილიყო. მამაკაცმა გულდასმით აუხსნა, სად მდებარეობდა ნოტარიუსის უახლოესი ოფისი. ანა თითქოს ინტერესით უსმენდა, მაგრამ ბავშვს თვალს არ აშორებდა. ის მამის გვერდით მორჩილად იდგა და ანას ლამაზი თვალებით შეჰყურებდა. - რამაზ, როგორ ხარ? - ანამ ზურგს უკან ლევანის ხმა გაიგონა და მიხვდა, რომ ბოლოს და ბოლოს, გამბედაობა მოეკრიბა და მანქანიდან გადმოსულიყო. - ვა, ლევან, ”კაკიმი სუდბამი”?! სად დაიკარგე, საერთოდ აღარ ჩანხარ, - მამაკაცებმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს, თბილად გადაეხვივნენ, ზურგზე ხელი მოუტყაპუნეს და მოიკითხეს. - ანუშკი, როგორ ხარ, პატარავ? - ლევანმა გოგონას წინ ჩაიმუხლა. - არ გინდა, მაკოცო? - ლევანს ნერვიულობა საერთოდ აღარ ეტყობოდა. ან ძალიან კარგი მსახიობი იყო, ან მართლაც გათავისუფლდა და დაძაბულობა მოეხსნა. გოგონა მიუახლოვდა და ლევანს ჩაეხუტა. - პატარავ, როგორ ხარ? ხომ არ დაგავიწყდი? - თვალებში ჩახედა ბავშვს. - არ დამავიწყდით. თქვენ როგორ ხართ? - დიდი გოგოსავით სერიოზული იყო ანა. - ნახე, ვინ უნდა გაგაცნო, ეს ჩემი მეგობარია და ამასაც შენსავით ანა ჰქვია, - ანაზე მიუთითა ბავშვს. ქალი აქამდე გაშეშებული, მკლავებჩამოყრილი იდგა და ლევანისა და ანას შეხვედრას თვალყურს ადევნებდა. ლევანის სიტყვებმა გამოარკვია და ბავშვს მიუახლოვდა. გოგონამ მისკენ გადაინაცვლა. - გამარჯობა, ანა, - ქალი წელში მოიხარა და ბავშვს თვალებში ჩახედა, თითქოს მის თვალებში ცდილობდა იმის ამოკითხვას, თუ როგორი რეაქცია ექნებოდა, როგორი განწყობილებით შეხვდებოდა, მიიღებდა თუ არა მას, როგორც მამის მეგობრის, ლევანის მეგობარს. ბავშვმა სახე მიუახლოვა და თვითონაც თვალებში ჩააშტერდა. ანას ლამის მუხლები მოეკვეთა და იქვე ჩაიკეცა, მაგრამ თავს შეუძახა და გმირულად გაუმკლავდა გოგონას ჩუმ იერიშს. ანამ ქალს ლოყაზე აკოცა. ქალმა კი ანგარიშმიუცემლად, გულში ჩაიკრა, მკლავები შემოხვია. გოგონამ კისერი კისერზე გადააჭდო. ანამ თვალები დახუჭა. ცრემლს ძლივს იკავებდა. ”ახლა ტირილი არ შეიძლება, ახლა ტირილი არ შეიძლება, ანა, არ იტირო!” - თავს იმხნევებდა და თვითონაც გაუკვირდა, რომ ამ გამოცდას გაუძლო. ეს ჩახუტება სულ რამდენიმე წამს გაგრძელდა, მაგრამ ანას მოეჩვენა, რომ საუკუნე გავიდა. ლევანი მათ წინ აეფარა და რამაზს საუბრით ართობდა, რათა ანასა და გოგონას გულისამაჩუყებელი შეხვედრისთვის ყურადღება არ მიექცია. - ძალიან ლამაზი ხართ, ანა დეიდა, - უთხრა ბავშვმა, როდესაც ქალს მოშორდა. ის ძალზე გულწრფელი იყო და ინტერესით ათვალიერებდა ქალს. - შენც ძალიან ლამაზი ხარ, პატარავ, - ანამ კიდევ ერთხელ აკოცა ლოყაზე და ოდნავ ჭორფლიან ცხვირზე თითით შეეხო, - ნამდვილი პატარა პრინცესა ხარ. - მამაც პრინცესას მეძახის, - გადაიკისკისა გოგონამ. - იმიტომ, რომ მართლა პრინცესა ხარ. - ჩემხელა რომ იყავი, შენც პრინცესა იყავი? - უცებ გაუშინაურდა ბავშვი. - ჰო, მეც პრინცესა ვიყავი. - ახლა? - ახლა ანა ვარ. - არა, პრინცესები რომ იზრდებიან, მერე დედოფლები ხდებიან. - მე ვერ გავხდი დედოფალი, მაგრამ შენ აუცილებლად გახდები, - ანას გული ყელში მოებჯინა. - შენც გყავს პატარა პრინცესა? - ჰო, მყავს, ისიც ნამდვილი პრინცესაა. - ლამაზია? - ძალიან. - ჩემზე ლამაზია? - შენსავით ლამაზია, - მიუგო ანამ და ყელში გაჩხერილი ნერწყვი ძლივს გადაყლაპა. ”არა, ბავშვობაში მე ასეთი დარწმუნებული არ ვიყავი ჩემს სილამაზეში. ეტყობა, ყველა იმას უჩიჩინებს, რომ ძალიან ლამაზია და ბავშვს ეს სისხლსა და ხორცში აქვს გამჯდარი”, - გაიფიქრა ქალმა. - ჰო, მართლა, რამაზ, გაიცანი, ეს - ანაა, ჩემი... - ვერ გადაწყვიტა, რა ”სტატუსი” მიენიჭებინა ანასთვის. - ჩემი ახლობელი, მეგობარი და ძალიან კარგი ადამიანი, - მაინც რაღაც საშუალო არჩია მამაკაცმა. - გამარჯობა, ანა, - მამაკაცმა ხელი გაუწოდა. ანამ მარჯვენა შეაგება. - კარგი, ლევან, ჩვენ წავალთ, ანა ძიძასთან უნდა დავტოვო, მე კი სამსახურში მაგვიანდება. სასიამოვნო იყო თქვენი გაცნობა, ქალბატონო ანნა, - რატომღაც ორი ”ნ” თქვა რამაზმა. - ლევან, არ დაიკარგო, აუცილებლად გვესტუმრე. ანა, თქვენც გეპატიჟებით, გამიხარდება, თუ ლევანთან ერთად მოხვალთ. გოგონამ ანასა და ლევანს ხელი დაუქნია გამომშვიდობების ნიშნად და მანქანაში ჩაჯდა. ანა ნელი ნაბიჯით გაემართა მანქანისკენ. ლევანიც უკან მიჰყვა. ირაკლის ხმა არ ამოუღია, არაფერი უთქვამს და არც უკითხავს მათთვის. ის შორიდან უყურებდა მომხდარს და ცრემლსა და ყელში მომდგარ ბურთს ერთად ყლაპავდა. - ახლა საით? - მხოლოდ ეს იკითხა. - ახლა ლევანი თავის მანქანასთან მიიყვანე, მე - ჩემს მანქანასთან. ლევანი ისე გადავიდა, სიტყვა არ უთქვამს, მხოლოდ დაემშვიდობა იქ მყოფებს. ირაკლის არც იმის შემდეგ ამოუღია ხმა, როცა ის და ანა მარტონი დარჩნენ. დუმდა და ანა ამის გამო მისი მადლიერი იყო. ახლა მას მარტო დარჩენა სურდა და იმის გარკვევა, სიცილი უნდოდა თუ ტირილი... - საით აპირებ წასვლას? - ჰკითხა მამაკაცმა, როდესაც ანა მანქანიდან გადადიოდა. - რუსთავში. ეთერი არ დამვიწყებია. ანას ბებია უნდა მოვინახულო და თუ თავს კარგად გრძნობს, უნდა დაველაპარაკო კიდეც. - გინდა... - არა, არ მინდა, - ანა მიხვდა, ირაკლი გაყოლას შესთავაზებდა და სიტყვა გააწყვეტინა. - კარგი, როგორც იტყვი. დამირეკე. - ეს იმას ნიშნავდა, რომ ირაკლი აღარ შეაწუხებდა მანამ, სანამ ანას თვითონ არ გაუჩნდებოდა მასთან დაკონტაქტების სურვილი. ძრავა აამუშავა თუ არა, ანამ შვება იგრძნო. ”არა, ყველაფერს მაინც მარტოობა მირჩევნია. მგელივით, მარტო მიყვარს პრობლემასთან შეჭიდება. ცხოვრების ყველა ეტაპზე მყავდა საიმედო საყრდენი, მაგრამ მაინც მარტო ვიბრძოდი. არ ვიცი, რატომ, ალბათ იმიტომ, რომ პასუხისმგებლობას მხოლოდ საკუთარ თავზე ვიღებდი, ან იმიტომ, რომ მეგონა, ჩემზე უკეთ სხვა ვერ გაართმევდა თავს, ან იქნებ იმიტომ, რომ ჭკუის დარიგებასა და ზედმეტ კითხვებს ვერიდებოდი... ფაქტია, რომ ჩემს პრობლემასთან მარტო ყოფნა მირჩევნია. ფიქრი, აზროვნება, გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღება. ახლა ხომ შეიძლებოდა, ირაკლი წამომეყვანა, მაგრამ - არა! მე, მარტომ უნდა გავაკეთო ყველაფერი. ასეთი ხასიათი ბავშვობიდან მაქვს და ალბათ მუდამ ასე ვიქნები”, - ფიქრობდა ანა და რუსთავისკენ მიქროდა. ტრასაზე გასულმა ფანჯრები ბოლომდე ასწია, კონდიციონერი და რადიო ჩართო. რადიოდან იტალიური სიმღერის ჰანგები დაიღვარა. მოეწონა... გუნება უცებ გამოუკეთდა... ალ ბანოა, - გაიფიქრა და გაეღიმა. ბავშვობა გაახსენდა, მაშინ ამ მომღერლის ფანი იყო. ალ ბანოსა და რომინა პაუერის დუეტის ყველა სიმღერა ზეპირად იცოდა. ბავშვობამ ისევ ანა გაახსენა. ახლა მიხვდა, რომ ამ ბოლო დროს, როდესაც თავისი ბავშვობა ახსენდებოდა, გონებაში თავის ადგილზე ანას წარმოიდგენდა ხოლმე. ანა დარბოდა მის მაგივრად, ანა იტყავებდა მუხლს, ანა ტიროდა და იცინოდა... ”არა, მე ყაჩაღანა ვიყავი, ეს უფრო ნაზია, მართლაც ნამდვილი პრინცესაა”. ამ წუთში ისევ სინანულმა დაჯაბნა სიხარულის გრძნობა. ანამ რადიოს ბოლომდე აუწია და აქსელერატორის პედალს ფეხი ბოლომდე მიაჭირა. - ”ლიბერტაა”, - მღეროდა ალ ბანო. - ”ლიიიბერტაა”... - მთელი ხმით აჰყვა ანა. - ”ქუანტი ჰაი ფატტო პიანჯერე”, - აგრძელებდა იტალიური ესტრადის ვარსკვლავი. - ”ქუანტი ჰაი ფატტო პიანჯერეეეე”... - ”ლიბერტააა”... - ”ლიბერტააააა”... - გულით და სულით მღეროდა ანა და თან თვალებიდან ცრემლი სდიოდა. - ”ქუანდო უნ ცორო ს'ალზერააა”, - თითქოს ვინმე აიძულებდა, რომ ემღერა, - ”ცანტერააა... პერ ავერე ტეეეე”... - ხმა უცახცახებდა, ცრემლი ღვარად სდიოდა, მაგრამ მაინც მთელი ხმით მღეროდა, რადგან სულს ემღერებოდა, სული ხარობდა, თუმცა ცრემლი სიხარულის არ იყო; მომავლის შიშის, სინანულის, გულისტკივილისა და დაშვებული შეცდომების მონანიების სურვილი შერწყმოდა ერთმანეთს. ანამ რადიო გამორთო, მანქანა გზის კიდეზე გადაიყვანა, გაჩერდა და ადგილიდან მანამდე არ დაიძრა, სანამ ტირილით გული არ იჯერა. ”შორიდან მაყურებელს ეგონება, რომ სადარდებელი არაფერი მაქვს, ბევრი ალბათ შურითაც კი სკდება, შემომნატრის და ჩემს ადგილზე ყოფნას ნატრობს... ვინ რა იცის, რა ხდება შიგნით, სულში... რის ფასად მიჯდება თითოეული გათენებული დღე”, - ფიქრობდა ანა. - მე ყველაფერს შევძლებ! მე ყველაფერს მოვერევი! მე ძლიერი ვარ! - თქვა ხმამაღლა, ცრემლები პატარა ბავშვივით, ორივე ხელის ზურგით მოიწმინდა და მანქანა ადგილიდან დაძრა. საავადმყოფოში მისულმა ჯერ ეზო დაზვერა, რომ შემთხვევით რამაზს არ შეჩეხებოდა და შენობაში შემდეგ შევიდა. ეთერის პალატიდან რამდენიმე ადამიანის ხმა ისმოდა. ცოტა ხანს შეყოვნდა, სანამ მნახველები წავიდოდნენ და შემდეგ შეაღო კარი. ეთერი ფანჯარასთან მიდგმულ სავარძელში იჯდა და გარეთ, სივრცეს გაჰყურებდა. კარის ხმაზე მოიხედა და ანას გაუღიმა. თითქოს ელოდა და მისი დანახვა არც გაჰკვირვებია. ანას სალამზე სალმით უპასუხა, წამოდგა და მოშორებით მდგარი მეორე სავარძელი მოაჩოჩა. ისინი ერთმანეთის პირისპირ ისხდნენ. - მიხარია, რომ კარგად ხართ, - საუბარი ანამ წამოიწყო. - ღვთის მადლით, გადავრჩი. ექიმმა მითხრა, ცოტა რომ დაგგვიანებოდათ, ვერ გიშველიდითო. თქვენი მადლიერი ვარ. - როგორ გეკადრებათ?! მე რომ არ მოვსულიყავი თქვენთან, ასე ცუდად არც გახდებოდით: ექიმმა მითხრა, ნერვიულობის ნიადაგზე დაემართაო. - ვგრძნობდი, რომ ადრე თუ გვიან, მოხვიდოდი და სულ მეშინოდა ამის. შინაგანად თითქოს მზად ვიყავი, მაგრამ მაინც იმოქმედა... არც იმ კაცის დანახვა გამკვირვებია, რომელიც თქვენამდე მოვიდა ჩემთან. - ის გამომძიებელია, კერძო დეტექტივი, რომელიც იმისთვის დავიქირავე, რომ ბავშვი მომეძებნა. - მივხვდი, - ეთერმა თვალი აარიდა ანას. - მე ბავშვის წართმევას არ ვაპირებ. მინდა, რომ ეს დაიჯეროთ, - გულწრფელი იყო ანა. - აბა, რა გინდათ? - ჩემი გოგონა ჩემმა ბიძაშვილმა გააშვილა ისე, რომ მე არ ვიცოდი. წლების განმავლობაში ეკლესიაში სანთელს ვანთებდი და ჩემი პატარა ანგელოზის სულისთვის ვლოცულობდი... თურმე გოგონა საღ-სალამათი და ჯანმრთელი ყოფილა... თქვენ რომ ასეთი რამ დაგმართოდათ, ჩემს ადგილზე როგორ მოიქცეოდით?.. დარწმუნებული ვარ, მოძებნიდით. მინდა, რომ მომიყვეთ, როგორ მოხვდა ანა თქვენთან, როგორ იზრდებოდა... მომიყევით მისი პატარაობის შესახებ, მისი სურათები მაჩვენეთ... - გოგონა ჩვენთან თქვენი ბიძაშვილის, მურთაზის წყალობით მოხვდა. მურთაზს და ჩემს ცხონებულ მეუღლეს საერთო მეგობრის შვილი ჰყავდათ მონათლული. სწორედ ნათლიისგან გაიგო, რომ ჩემს შვილსა და რძალს ბავშვის აყვანა უნდოდათ და როცა შევიტყვეთ, რომ ამის რეალური შანსი გაჩნდა, ძალიან გაგვიხარდა. ექიმმა 3 ათასი დოლარი მოითხოვა სიჩუმის სანაცვლოდ და ბავშვი წამოვიყვანეთ. ჩემი შვილიც და რძალიც თავს ევლებოდნენ, საკუთარი შვილივით შეიყვარეს და მეც ასევე; არა მგონია, საკუთარი შვილიშვილი უფრო მეტად მყვარებოდა. მზე და მთვარე ანაზე ამოგვდის... ჩემი შვილი რამდენიმე წლის წინ დაქვრივდა და გოგონა გვერდიდან არ მოუშორებია. ის ზრდის ახლაც. მურთაზის გარდაცვალების ამბავი რომ გავიგე... ღმერთო, მაპატიე, მაგრამ შვებით ამოვისუნთქე. მეგონა, საიდუმლო თან წაიღო... - მისი სიკვდილის წინ გავიგე ეს ამბავი, - ჩაილაპარაკა ანამ. - ახლა რას გვიპირებ, შვილო? - ქალს თვალებში შიში ჩაუდგა. ანა ადგა, ქალს მიუახლოვდა და მის წინ ჩაიმუხლა. მისი ხელები ხელებში მოიქცია და თვალებში შეხედა. - ისეთს არაფერს, რაც თქვენ გულს გატკენთ. არაფერში გადანაშაულებთ. პირიქით, მადლობელი ვარ, რომ ჩემი შვილი ასეთი სიყვარულით გაზარდეთ და მზრუნველობას არ აკლებდით და თუ მაინც ასე უნდა მომხდარიყო, ღმერთის მადლიერი ვარ, რომ ასეთ კარგ ოჯახში მოხვდა და არც აღზრდა დაჰკლებია და არც სიყვარული და ყურადღება. მაგრამ, ქალბატონო ეთერ, მეც უნდა გამიგოთ... რაც ის ამბავი გავიგე, რომ ჩემი შვილი ცოცხალია, მოსვენება დავკარგე... თქვენს შვილიშვილს სახელიც კი ჩემი ჰქვია... - მამამისმა დაარქვა... სადაა მისი ნამდვილი მამა? - იმანაც იცის ანას არსებობის შესახებ და ისიც ჩემსავით განიცდის. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ან მე, ან ის ახლავე მივვარდებით ბავშვს და გულს გავუხეთქავთ ახალი ამბით. თქვენ უნდა დამეხმაროთ მასთან კავშირის დამყარებაში... ანას დედა არ ჰყავს და არ მინდა, რომ დედის სითბოს გარეშე გაიზარდოს... - იქნებ ჩემს შვილს ცოლად გაჰყვე? დარწმუნებული ვარ, მოეწონები, - გაუღიმა ეთერმა, ერთი ხელი გაითავისუფლა და ანას თავზე გადაუსვა. - ეს გამორიცხულია... - იქნებ არაა გამორიცხული? იქნებ შეგიყვარდეთ ერთმანეთი? ასე უფრო უკეთესი იქნება... - ქალბატონო ეთერ, - ანა წამოდგა და სავარძელს დაუბრუნდა, - ერთი თხოვნა მაქვს: ჯერჯერობით თქვენს შვილს ნუ ეტყვით ჩემი გამოჩენის შესახებ. თუ უკვე არ გითქვამთ, რა თქმა უნდა... - მე მხოლოდ ის ვუთხარი, რომ ვიღაც კაცი და ქალი მოვიდნენ და ანათი დაინტერესდნენ. - ჰოდა, მეტს ნურაფერს ეტყვით, სანამ დრო არ მოვა. შემისრულებთ ამ თხოვნას? - კი, შეგისრულებთ... - ანას სურათებს როდის მაჩვენებთ? მის შესახებ დაწვრილებით როდის მომიყვებით? - საავადმყოფოდან რომ გამოვალ, მაშინ. ხვალ გამწერენ... ჩემი ტელეფონის ნომერი ჩაიწერე, დამირეკე და მესტუმრე, შვილო... - კარგი. ახლა კი წავალ, არ გადაგღლით, - ანამ ეთერს ლოყაზე აკოცა და კარისკენ გაემართა. - მე ვიცოდი, რომ ანას დედა ძალიან კარგი გოგო იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა... - ეთერის ნათქვამი კართან წამოეწია. - გმადლობ, - გაუღიმა ანამ და ხელი დაუქნია.თბილისისკენ მიმავალმა იმ დღის მოვლენებს კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი... უეცრად, დილანდელი სცენა წარმოიდგინა და ირაკლის სიტყვები გაახსენდა, დედამისს რომ უთხრა - "თქვენი მომავალი სიძე ვარ"... "სიძე? სიძე... მაგრამ მასზე გათხოვებას ვერ გავბედავ, სანამ... სანამ იმ არაბულად დაწერილი ფურცლების საიდუმლოს არ ამოვხსნი და მესამე გვერდს არ ვიპოვი", - გაიფიქრა და სახე მოეღუშა. გულში მტკიცედ გადაწყვიტა, რომ მოეძებნა ძველი არაბული ენის მცოდნე ადამიანი და გაეგო, იმ ფურცლებზე რა ეწერა. ამასობაში თბილისში შემოვიდა და ვინაიდან იმ დღეს მომხდარმა მოვლენებმა საკმაოდ დაღალა, გადაწყვიტა, პირდაპირ შინ წასულიყო. დედა გაახსენდა და საკუთარი შვილის ადგილზე წარმოიდგინა თავი... თვითონ რომ აღმოჩენილიყო ასეთ მდგომარეობაში, რას იზამდა? ვერ წარმოიდგინა, როგორ შეიძლებოდა, სხვა დედა ჰყოლოდა. გული მოეწურა, დედა შეეცოდა, რაღაცნაირად. გადაწყვიტა, მისთვის ესიამოვნებინა და მეტროსთან გაჩერდა, ყვავილები რომ ეყიდა. ყვავილების ჯიხურში შევიდა და თაიგულის არჩევა დაიწყო. ამ დროს წვიმა წამოვიდა და ჯიხურის სახურავზე წვეთები აკაკუნდა. ანამ შემინული კედლიდან გახედა ქუჩას და სწორედ ამ დროს მეტროს ჩასასვლელთან, კიბეზე, 10-12 წლის გოგონა შენიშნა, რომელიც მობუზული იდგა, ხელში დამჭკნარი ყვავილების რამდენიმე თაიგული ეჭირა და გამვლელებს სთავაზობდა. ანა ჯიხურიდან გამოვიდა და გოგონასკენ გაემართა. - ყიდი? - ჰკითხა და მეგობრულად გაუღიმა, გოგონა რომ არ დაეფრთხო. - კი, ვყიდი. - მომეცი, სულ მომეცი, - ანამ 50-ლარიანი გაუწოდა და გოგონას დაკვირვებით შეავლო თვალი. ჭუჭყიან კაბას ქარი უფრიალებდა, დაუბანელი თმა ჭუჭყიანი ლენტით ჰქონდა შეკრული. ხელისა და ფეხის თითები, სახესთან შედარებით, ისეთი შავი ჰქონდა, თითქოს მაზუთი ესვა... გოგონამ ყვავილები გაუწოდა. - ხურდა არა მაქვს, - უმწეოდ თქვა. - არა უშავს, ხურდა არ მინდა... - სულ 5 ლარი ღირს. 45 ლარი უნდა მოგცეთ, - გოგონამ ქაღალდის კუპიურა უკან გაუწოდა. - ახლა შინ წახვალ? - ჰკითხა ანამ. - დიახ. - წამოდი, მე წაგიყვან, თორემ დასველდები, - ანამ როგორც კი ეს უთხრა, გოგონამ შორიახლოს მდგარი მისი მანქანისკენ გაიხედა. როგორც ჩანს, ანა ადრევე შენიშნა. - წამოხვალ? გოგონამ თავი დაუქნია. ანა მანქანისკენ გაიქცა და ისიც უკან მიჰყვა. - რა გქვია? - ჰკითხა ანამ, როდესაც ადგილიდან დაიძრნენ. - ბელა. - რამდენი წლის ხარ? - 12-ის. - სად ცხოვრობ? - სასაფლაოზე. ამის გამგონე ანა გველნაკბენივით შეხტა. - ეს ყვავილები სასაფლაოდან გაქვს წამოღებული? - არა, - თქვა გოგონამ, მაგრამ ისეთი სახე ჰქონდა, რომ ანა მიხვდა, ატყუებდა. - ჩემთან სტუმრად წამოხვალ? - ვერ წამოვალ, - ძლივს ამოთქვა ეს ორი სიტყვა. - რატომ? - იმიტომ, რომ საქმე მაქვს. - სად გაქვს საქმე, სად მიგიყვანო? - სასაფლაოზე. კარგა ხანს იარეს... შემდეგ გოგონა ანას დაემშვიდობა, მადლობა გადაუხადა და ფეხით გაუყვა გზას საფლავებს შორის. ანამ წასვლა გადაიფიქრა, მანქანიდან გადმოვიდა და გოგონას კვალს მიჰყვა. კარგა ხანს იარა საფლავებს შორის, მაგრამ ბელას კვალს ვერ მიაგნო. შემდეგ სასაფლაოს დარაჯს მიაკითხა და ბელას ადგილსამყოფელი იკითხა. დარაჯმა სასაფლაოს ბოლოში მდგარი, გაუქმებული ელექტროსადგურის შენობაზე მიუთითა. ანამ ყავისფრად შეღებილი რკინის კარი გამოაღო. ოთახი საცხოვრებლად მოეწყოთ. კედლებზე გაურანდავი ფიცრებისგან შეჭედილი თაროები ეკიდა, კუთხეში მიდგმულ საწოლზე, უთეთრეულო ქვეშაგებში ვიღაც იწვა. ბელა კი იქვე დადგმულ ღუმელს სულს უბერავდა და ეტყობოდა, დანთებას ცდილობდა. ხმაურზე უკან მიიხედა და ანას დანახვაზე თავი უხერხულად იგრძნო. - ბელა... მაპატიე... აი, ეს მოგიტანე, - დამჭკნარი ყვავილები გაუწოდა. - ისევ იქ დააწყვე, საიდანაც აიღე, - რამდენიმე ნაბიჯი წინ წადგა და ისიც გაარჩია, რომ საწოლზე ქალი იწვა. - ეს ბებიაა, - დამნაშავესავით ჩაიბურტყუნა გოგონამ. - ავადაა? - დიახ. ფილტვების ანთება ჰქონდა, მაგრამ ვერ ვუმკურნალე და გაურთულდა, - დიდი ქალივით ლაპარაკობდა ბელა, - ბებია ვეღარ მუშაობს და მე იძულებული ვარ, ყვავილები გავყიდო და პურის ფული ასე ვიშოვო. - მოდი, ბებია საავადმყოფოში წავიყვანოთ და ვუმკურნალოთ, - დაფაცურდა ანა და "სასწრაფო დახმარების" ბრიგადა გამოიძახა. ერთი საათის შემდეგ მოხუცი პალატაში იწვა, ანა კი ექიმს ელაპარაკებოდა. არაფერი დაიშუროთ, მისი მკურნალობის ფულს მე გადავიხდიო, - დასძინა. მოხუცი იქ დატოვეს, ბელა კი თან წამოიყვანა და შინ მისულმა გაოცებულ დედას წარუდგინა: - დედა, ეს ბელაა. დღეიდან ჩვენთან იცხოვრებს... ციცომ გოგონა აათვალიერა, მაგრამ ხმა არ ამოუღია, არაფერი უკითხავს. გზა დაუთმო და ოთახში შეუძღვა. ბელამ ოთახი მოათვალიერა და შუაში გაჩერდა. - მოდი, დაჯექი, - დივანზე მიუთითა ანამ, მაგრამ გოგონა ადგილიდან არ იძვროდა, - მოდი, მოდი... - დივანს დავსვრი, - ისე ჩუმად თქვა გოგონამ, რომ ანამ ტუჩების მოძრაობით უფრო გაარჩია, რას ამბობდა. - არაფერსაც არ დასვრი, მოდი, დაჯექი. მე აბაზანას გაგიმზადებ, იბანავე და მერე ვჭამოთ. ხომ გშია? - კი, - თავი დაუქნია ბელამ და დივანზე ნელა დაეშვა. ანამ აბაზანა მოუმზადა და დაუძახა. - გინდა, მოგეხმარო? - კი, მინდა, - უარი არ უთხრა. კარგა ხანს დაყვეს სააბაზანოში... ანამ ბელა პირსახოცში გახვეული და ხელში აყვანილი გამოიყვანა და საძინებელში, საწოლზე დასვა. შემდეგ დედას მიადგა. - დე, სვანეთიდან ჩემი და ნანას პატარაობის დროინდელი კაბები რომ წამოიღე დიდი ამბით, სად შეინახე? - ცარიელ საძინებელში, გარდერობში აწყვია. ანამ ერთი კაბა ამოარჩია და ბელასთან დაბრუნდა. - ახლა ეს ჩაიცვი, ხვალ კი ახლებს გიყიდი, - კაბა მიაწოდა. შემდეგ თავისი უჯრიდან უხმარი საცვლები და ფლოსტები ამოიღო. ბელა უცებ გამოეწყო და სარკისკენ ჩუმად გააპარა თვალი. - ახლა წამოდი, ვივახშმოთ, თორემ მოვკვდი შიმშილით, - გოგონას უხერხულობა რომ არ ეგრძნო, ანა მის მოქმედებას ყურადღებას არ აქცევდა. ოთახიდან პირველი გავიდა, რომ ბელა სარკეში საკუთარი გამოსახულების ყურებით დამტკბარიყო. ბელა სულ სხვანაირად გამოიყურებოდა... სახის ლამაზი ნაკვთები თითქოს თავ-თავის ადგილს დაბრუნებოდა... ციცოს სუფრა გაეშალა და მათ ელოდა. - რას შეჭამ? ქათმის ხორცით დაიწყე და მერე სალათაც გასინჯე, - გოგონას მოზრდილი ულუფა დაუდო თეფშზე. - ძალიან გემრიელია, - ნახელავი შეუქო ციცოს, - ასეთი "კიშკები" დიდი ხანია, არ მიჭამია, - მადიანად ილუკმებოდა. - "კიშკები" რუსული სიტყვაა და ნაწლავებს ნიშნავს. ახლა შენ თქვი, დიდი ხანია, ასეთი ნაწლავები არ მიჭამიაო... უნდა გეთქვა, ასეთი გემრიელი კერძი არ მიჭამია-თქო. გოგონამ უსიტყვოდ დაუქნია თავი. ანა ყურადღებით აკვირდებოდა, როგორ იქცეოდა ბელა, როგორ ჭამდა, როგორ იჯდა... ხვდებოდა, რომ დიდი გარჯა მოუწევდა, სანამ მას ნორმალურ 12 წლის გოგოდ აქცევდა. ვახშამს რომ მორჩნენ, ანამ ჩაი აადუღა, ბელა მისაღებ ოთახში გაიყვანა და წინ ნამცხვრით სავსე თეფში და ჩაით სავსე ფინჯანი დაუდგა. გოგონამ ნამცხვარი ცოტა მოციცქნა და მიანება თავი ჭამას. - რატომ არ ჭამ? არ მოგწონს? - კი მომწონს, მაგრამ ხვალ შევჭამ; ახლა ისეთი გამძღარი ვარ, ნამცხვირს ჭამის თავი აღარ მაქვს. - ბელა, მომისმინე, საყვარელო, მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ: სიტყვა "გავძეხი" მაინცდამაინც ლამაზი არაა, უნდა თქვა "დავნაყრდი" ან "ზომაზე მეტი ვჭამე". - ჩვენ ასე ვლაპარაკობთ ხოლმე, - გოგონა უხერხულად შეიშმუშნა. - ვინ თქვენ? - მე და ჩემი მეგობრები. - ბელა, მე და შენ უნდა ვიმეგობროთ. ხომ ასეა? - ჰო, - თავი დაუქნია გოგონამ. - ჰოდა, მინდა, კულტურულ, დახვეწილ ქალად ჩამოყალიბდე, რომელიც საზოგადოების ღირსეული წარმომადგენელი იქნება. შენც ხომ გინდა, პატარა პრინცესა რომ გახდე? - კი... - ჰოდა, მაშინ უნდა დამიჯერო და როგორც გეტყვი, ისე უნდა მოიქცე. შევთანხმდით? - კი. - მაშინ, დაარტყი ხელი, - მარჯვენა გაუწოდა ანამ და გოგონამ ხელი "დაურტყა", - ახლა ის მითხარი, სკოლაში დადიხარ? - ადრე დავდიოდი. 2 წელია, აღარ დავდივარ. - სკოლაში აუცილებლად უნდა იარო. ივლი, ხომ? - კი, ვივლი. იმიტომ აღარ დავდიოდი, რომ არც წიგნები მქონდა, არც ტანსაცმელი, ბავშვები კი დამცინოდნენ, "სასაფლაოს დედოფალს" მეძახდნენ და "მკვდრების ანგელოზს". ძალიან მწყინდა და შინ სულ ატირებული მივდიოდი ხოლმე, - ბელას თვალზე ცრემლი მოადგა და გაჩუმდა. - თუ გინდა, ნუ მომიყვები, - შეეცოდა ანას. - მერე ბებიამ მითხრა, სკოლაში სიარულს აზრი არა აქვს, შენგან მაინც არაფერი გამოვა და რვეულებში ფულს ნუ დამახარჯვინებო. ჰოდა, იმის მერე აღარ მივლია. - დედაშენი სადაა? - დედა არ მახსოვს. არასოდეს მინახავს. ბებიამ მითხრა, რომ მოკვდა, მაგრამ მერე ერთ ნაცნობს ელაპარაკებოდა და ეუბნებოდა, იმან არ გაიხაროს ამ ბავშვის ცოდვით, რომ გააჩინა და ასე დააგდო ჩემ იმედად, ნუთუ არ აინტერესებს, სადაა მისი შვილი და როგორ ცხოვრობსო?! - მერე, ჰკითხე ბებიას რამე? - არა, ისე მოვიქეცი, თითქოს არ გამიგონია, რადგან შემეშინდა. - რისი შეგეშინდა? - იმისი, რომ ბებიას დედა არ მოეძებნა და მასთან არ გავეშვი. - გამარჯობა!.. ვაა, ეს რა ჩიტუნა მოფრენილა ჩვენთან?! - ოთახის კარი ნინომ შემოაღო. - მოდი, ნინო, ბელა გაიცანი. ნინომ გოგონა გადაკოცნა და ლოყაზე ხელი მოუთათუნა. თან ანას თვალით ანიშნა რაღაც, მაგრამ ის ვერ მიხვდა, რისი თქმა უნდოდა... ცოტა ხნაში ნინომ ანა სამზარეულოში გაიხმო. - შენი გოგონაა? - ჰკითხა თვალებაციმციმებულმა. - არა, არა, ეს ბელაა. მერე მოგიყვები, ვინაა. ანა უკან, ბელასთან დაბრუნდა. - ბელა, იცი, რა ვქნათ?.. ისევ იმ სკოლაში მიგიყვან და ისევ იმ კლასში, სადაც დადიოდი... ხვალვე მოვაგვარებ მაგ საქმეს და ნახავ, ბავშვებს თუ არ შეშურდებათ შენი და გულზე თუ არ გასკდებიან... ბელას გაეღიმა და კედელზე ერთ წერტილს მიაშტერდა. - წამოდი, ახლა დაიძინე, შენს ოთახს გაჩვენებ. ბელა ანას გაჰყვა. უზარმაზარ საწოლში გოგონა სულ პატარა და უმწეო გამოჩნდა. ანას გული მოეწურა... აკოცა, ძილი ნებისა უსურვა და კარი გამოუხურა. შემდეგ ცოტა ხანს დედასთან და ნინოსთან იჭორავა... ძილის წინ გაახსენდა, რომ ირაკლისთან არ დაურეკავს და მისი ნომერი აკრიბა. ტელეფონი გამორთული იყო. რამდენჯერმე კიდევ მოსინჯა და რომ ვერ დაუკავშირდა, დაძინება გადაწყვიტა. დაწვა, მაგრამ თვალი ვერ მოხუჭა. ისევ დარეკა ირაკლისთან. "მობილური ტელეფონი გამორთულია ან გასულია მომსახურების არედან"... ცოტა შეშინდა, - ხომ არაფერი შეემთხვაო?! - მერე შიშის გრძნობა ეჭვმა დაძლია... კარგა ხანს იბორგა ლოგინში. 2 საათი იყო, როცა კიდევ სცადა ირაკლისთან დაკავშირება, მაგრამ ისევ უშედეგოდ. ადგა, ჩაიცვა და კარი უხმაუროდ გაიხურა. ცოტა ხანში ირაკლის სახლთან მივიდა, მანქანა შორიახლოს გააჩერა და სახლს გარშემო შემოუარა. მეორე სართულის ორი ფანჯრიდან სინათლე გამოდიოდა... ტელეეკრანის გამოსხივებას უფრო ჰგავდა, რადგან შუქი ხან იკლებდა, ხან იმატებდა... კარგა ხანს იდგა და უთვალთვალებდა. თან წარამარა რეკავდა... უეცრად, ფანჯარაში ქალის სილუეტს მოჰკრა თვალი... ქალმა ფანჯარა მიხურა და იმავდროულად, კონდიციონერის ხმაც გაიგონა... "აჰა, დასცხათ, ეტყობა... ამათ ვუჩვენებ, როგორია ნამდვილი სიცხე!" - გაიფიქრა ეჭვით აკანკალებულმა და ლამის ადგილზე მოკვდა. სახლს კიდევ ერთხელ შემოუარა და მაღალ, მკვიდრად ნაშენებ ღობეს დააკვირდა. კარი არსად ჰქონდა, ცენტრალური გამოსასვლელის გარდა. გადაწყვიტა, მანქანა მოსახერხებელ ადგილზე გაეჩერებინა და დაჰლოდებოდა, რომ გაეგო, როდის წავიდოდა ღამის სტუმარი... მისი წასვლის შემდეგ, ირაკლისთან სტუმრობას აპირებდა... ცოტა ხანში ჭიშკართან ჯიპი გაჩერდა. გიორგის მანქანა იცნო... ჭიშკარი გაიღო და მანქანა ეზოში შევიდა. ანას გაუკვირდა და კიდევ უფრო გაუღვივდა ინტერესი. რამდენიმე წუთში ტაქსი მოვიდა და ჭიშკართან გაჩერდა. ანა მიხვდა, ტაქსი ქალს ელოდა... გიორგის მისვლის შემდეგ, ირაკლიმ, როგორც ჩანს, მისი გაშვება გადაწყვიტა. ანას ბევრი არ უფიქრია, "ბარდაჩოკიდან" იარაღი ამოიღო, ქამარში გაირჭო, მანქანიდან გადავიდა და წამში ტაქსიში, უკანა სავარძელზე მოკალათდა. - საით? - ჰკითხა მძღოლმა. - ახლა კიდევ გამოვა ერთი და მერე წავიდეთ, - მძღოლს ხუთლარიანი მიაწოდა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს ეს ტაქსი სწორედ მას ელოდა. დიდხანს ლოდინი არ დასჭირვებია. ეზოს ჭიშკარი გაიღო და ახალგაზრდა, საკმაოდ ლამაზი ქალი გამოვიდა. მერე მანქანის წინა კარი გააღო და მძღოლის გვერდით, სავარძელზე მოთავსდა. ანამ ხელი მხარზე დაადო და ყურში ჩასჩურჩულა: - გადმოდი მანქანიდან და გამომყევი... ქალი შეხტა. არავის ელოდა, მძღოლის გარდა და ისე შეშინდა, კინაღამ გული წაუვიდა. თუმცა მალე მოეგო გონს და ყვირილი დააპირა. ანამ იარაღი ამოიღო, კეფაზე მაიდო და მხარზე ხელი წაჰკრა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ მანქანიდან უნდა გადასულიყო. ქალმა კარი გააღო და გადავიდა. მაგრამ ვიდრე ანა გადავიდოდა, ის უეცრად ადგილიდან მოწყდა და გაიქცა. ანა დაედევნა... ძალიან მალე და იოლად დაეწია და ხელი ჰკრა. ქალი მიწაზე გაიშხლართა. ანამ წამოაყენა, მაჯაში ხელი ჩაავლო და თვალებში ჩახედა. ქალი შეშინებული ჩანდა და ერთიანად ცახცახებდა... - წამოდი, - მაჯაში მოქაჩა ანამ. - რა გინდა? - წინააღმდეგობის გაწევა სცადა ქალმა. ანამ მანქანის კარი გაუღო და წინ დასვა. ტაქსი როდის წავიდა, ვერც კი გაიგო. თვითონ საჭესთან დაჯდა და მანქანა დაქოქა. შორს არ წასულა, იქვე, მიფარებულ ადგილას გააჩერა და შეშინებულ ქალს გადახედა. - ვინ ხარ? - დასვა პირველი კითხვა. - ნანა. - სახელი არ მაინტერესებს, იქ რა გინდოდა? - ირაკლის სახლისკენ გადააქნია თავი. - ეგ არავის საქმე არაა. - გოგო, შენ გგონია, ვხუმრობ და სალაზღანდაროდ ჩაგსვი მანქანაში?! ისე გაგაქრობ, კაციშვილი ვერ გაიგებს. თუ გინდა, კარგად, მშვიდად და უვნებლად მიხვიდე შინ, კითხვებზე პასუხები გამეცი. გასაგებია? - კი, - თავი დაუქნია ქალმა. - ჰოდა, ახლა მითხარი - დიდი ხანია, ირაკლის იცნობ? - კი, დიდი ხანია. - ჰმ, - ანას არ მოეწონა პასუხი. - მაინც, რამდენი ხანია? - 3 წელია. - რა ხდება თქვენ შორის? - არაფერი. - როგორ თუ არაფერი?! ღამის 3 საათზე მამაკაცის სახლიდან გამოდიხარ და არაფერი?! საყვარლები ხართ? - კი. - გასაგებია... მაშინ, მე ხელს არ შეგიშლით, - მშვიდად თქვა, მაგრამ გული კი გამალებით უცემდა. - სად ცხოვრობ? - ჰკითხა და მანქანა ადგილიდან დაძრა. - ვაჟაზე. ორივენი დუმდნენ. ანამ გადაწყვიტა, ირაკლისთვის არაფერი ეთქვა და არც შეემჩნია რამე. - ირაკლის არაფერს ეტყვი, ხომ? - მკაცრად მიმართა ნანას. - არა, არ ვეტყვი. - ასე აჯობებს. იცოდე, თუ სიტყვა დაგცდა, მერე შენს თავს დააბრალე, სიცოცხლეს ჯოჯოხეთად გიქცევ და ირაკლისაც დაკარგავ, - ანა კი დაემუქრა, მაგრამ გულში გაიფიქრა, რომ ის უეჭველად ეტყოდა ირაკლის და აღიარა, რომ ეს საქციელიც სწორედ იმისთვის ჩაიდინა, რომ კაცის ყურამდე მისულიყო, თორემ ამ ქალის დასამორჩილებლად იარაღი სულაც არ სჭირდებოდა. ის ირაკლის დათმობას და ფარ-ხმალის დაყრას არ აპირებდა და ფიქრობდა, რომ ამ ქალის ჩამოსაშორებლად უმტკივნეულო გზა უნდა მოეძებნა. - კარგი, - ჩაილაპარაკა ნანამ. ანამ ის სახლამდე მიიყვანა და არც დამშვიდობებია, ისე წამოვიდა.გამოძინება ვერც კი მოასწრო. დილით დედის საყვედურებს თავი დააღწია და შინიდან გავიდა. ჯერ იმ სკოლაში მივიდა, სადაც ბელა სწავლობდა. დირექტორს შეხვდა და შეუთანხმდა, რომ გოგონა სკოლაში დაებრუნებინა. - კი, მაგრამ მაგ ბავშვს 2 წელია, სკოლაში არ უვლია და ახლა თავისსავე კლასში როგორ დავაბრუნებ?! - გაუკვირდა ქალს. - მაგაზე ნუ იდარდებთ: ბელა უეჭველად დაეწევა დანარჩენებს, ამის პირობას გაძლევთ. ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღე რჩება და წლის ბოლომდე ბელა პირველიდან მეექვსე კლასამდე მთელ სასწავლო კურსს ჩაგაბარებთ. - ვნახოთ. თქვენ თუ ამას შეძლებთ, ჯადოქარი ყოფილხართ, - ეჭვით ჩაილაპარაკა დირექტორმა. სკოლიდან გამოსული არც იყო, რომ დედამ დაურეკა შეშფოთებულმა, - ბელა გაიპარაო. ანა დაფეთდა, ანერვიულდა. სად უნდა მოეძებნა გოგონა?! იფიქრა, ბებიასთან საავადმყოფოში მივიდოდა და თვითონაც იქითკენ გაეშურა. მანქანა ისე გააჩერა, რომ თუ ბელა იქ მივიდოდა, ვერ დაენახა, თვითონ კი შენობაში შევიდა. სანამ პალატის კარს შეაღებდა, ექიმი მოინახულა. გული დასწყდა, როცა ექიმმა უთხრა, რომ მოხუცის გადარჩენის შანსი თითქმის არ არსებობდა: აღმოჩნდა, რომ მხოლოდ ფილტვების ანთება კი არა, ციროზიც ჰქონია: ღვიძლი ისე აქვს დაშლილი, ვეღარაფერს ვუშველითო... ანა პალატისკენ გაემართა. კარი შეაღო თუ არა, ბელა დაინახა. - აქ ხარ? გული რატომ გაგვიხეთქე?! - მაშინვე მივარდა გოგონას. ბელას თავისი, ძველი კაბა და ფეხსაცმელები ჩაეცვა და ისე წამოსულიყო, მაგრამ ანას ამის გამო საყვედური არ დასცდენია. არც კი შეიმჩნია. - ბებიას ნახვა მინდოდა, - ჩაიბურტყუნა ბელამ. - შემპირდი, რომ სხვა დროს ასე არ მოიქცევი. მპირდები? - კი, გპირდებით. ანამ ბელას ბებიასთან საუბარი დააცადა და შემდეგ სთხოვა, მანქანაში დაჰლოდებოდა. გასაღები მისცა და ასწავლა, როგორ უნდა გაეღო პულტით კარი. - როგორ გრძნობთ თავს? - ჰკითხა მოხუცს, როცა გოგონა პალატიდან გავიდა. - ცუდად ვარ, შვილო. გუშინ ექიმმა მითხრა, რომ დიდი დღე აღარ დამრჩენია. ვიცი, მალე წავალ ამქვეყნიდან და ღმერთს მადლობას ვწირავ, რომ ჩემს გოგონას შეხვდით. ხანდახან მაინც მიხედავთ და მთლად ღვთის ანაბარად არ დატოვებთ. - რას ბრძანებთ, ქალბატონო?! ბელა ჩემთან წავიყვანე წუხელ და ყურადღებას არც შემდეგ მოვაკლებ. თქვენ კი კარგად იქნებით აუცილებლად. - არა, შვილო, მაგ ზღაპრების არ მჯერა და სჯობია, შინ წამიყვანოთ. ჩემი მკურნალობისთვის ფულს ნუ დახარჯავთ, მაინც წყალს უნდა გაატანოთ. - დარწმუნებული ვარ, რომ კარგად იქნებით, ქალბატონო, ცუდზე ნუ იფიქრებთ. - მხოლოდ ჩემი გოგონას დარდი მიმყვება. რაც შემეძლო, ყველაფერს ვუკეთებდი, მაგრამ ბევრი არაფერი შემეძლო. - მე მისი სკოლის დირექტორს უკვე მოველაპარაკე და სკოლაშიც ივლის. ქალი დაფიქრდა. კარგა ხანს დუმდა და მხოლოდ თავს აქნევდა. თითქოს საკუთარ თავს ელაპარაკებაო. შემდეგ ანას ანიშნა, ახლოს მისულიყო, და ჩურჩულით უთხრა: - მისამართს გეტყვით, სადაც ჩემი ბელას საბუთებს გადმოგცემენ. სასაფლაოზე, იმ ჩვენს "ბუდკაში" ვერ შევინახავდი და ამიტომ, ახლობელთან მაქვს. იქ ყველაფერია, რაც საჭიროა და ბელას შესახებ ყველაფერს გაიგებთ. - მივალ აუცილებლად. დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ასეთი ლამაზი და კარგი გოგოს დედა. კარგი შვილიშვილი გყავთ. - შვილო, სანამ ცოცხალი ვარ, შემიძლია, შვილად აყვანის საბუთებს ხელი მოვაწერო... არ გაძალებთ; რადგან თავად თქვით, იმიტომ გეუბნებით. - კარგი, მაგას მე მოვაგვარებ. - ცოტა დააჩქარე, შვილო, თორემ მე დიდი დღე აღარ მაქვს. - კარგი, დავაჩქარებ. ამ დღეებში აუცილებლად მოვაგვარებ მაგ საქმეს. ანა მოხუცს დაემშვიდობა და ეზოში ჩამოვიდა თუ არა, მაშინვე თვალით ბელა მოძებნა. ის მანქანაში იჯდა და მშვიდად ელოდა. - წავედით ახლა, მაღაზიებში გავიაროთ. ისევ ეს კაბა რატომ ჩაიცვი? - რომ გავიღვიძე, სახლში არავინ იყო, მე კი ბებიასთან მინდოდა წამოსვლა და ვიფიქრე, ახალი კაბით რომ წავიდე, შეიძლება იფიქრონ, რომ მოვიპარე, ამიტომ, ისევ ჩემი კაბა ჩავიცვი, - გოგონა ისე ლაპარაკობდა, რომ ანას მის გულწრფელობაში ეჭვი არ შეჰპარვია. ასევე, დახეული კაბითა და ფეხსაცმლით წაიყვანა მაღაზიაში და თავიდან ფეხებამდე შემოსა. რამდენიმე ხელი ტანისამოსი, ფეხსაცმელი უყიდა და შინ დააბრუნა. - როგორ ვინერვიულე!.. სად წახვედი, შვილო? - მსუბუქად უსაყვედურა ციცომ. ანამ გოგონა ახალ ტანისამოსში გამოაწყო. - მოგწონს? - ჰკითხა გაღიმებულ ბელას. - კი, ასეთი ტანსაცმელი არასოდეს მქონია, - თავი დააქნია ბელამ. - ამას რა ვუყოთ? - ძველ კაბაზე მიუთითა ანამ, რომელიც იატაკზე ეგდო. - ამას შევინახავ. პარკში ჩავდებ და საწოლის ქვეშ შევდებ. - შენს ოთახში არის გარდერობი, რომელიც მხოლოდ შენია და შეგიძლია, ტანისამოსი იქ შეაწყო. "როგორც ჩანს, მაინც ჰგონია, რომ აქ დროებითაა და კაბას იმიტომ ინახავს", - გაიფიქრა ანამ. - იცი, მე მინდა, ერთი რამ გკითხო. შეიძლება? - კი, შეიძლება, - თავი დაუქნია ბელამ. - გინდა, ჩემი შვილი იყო? ბავშვი დაფიქრდა. - კი, - დაუქნია თავი პაუზის შემდეგ. - იმისათვის, რომ ჩემი შვილი გახდე, საჭიროა სხვადასხვა საბუთის მოგროვება, ბებიას თანხმობა და სასამართლოც... ეს ყველაფერი დიდ ენერგიას მოითხოვს და მე მზად ვარ, რომ დავიწყო ამ საქმის მოგვარება. ხომ არ გადაიფიქრებ მერე? - არა, - შემდეგ ჩაახველა, - ბებია?.. - ბებია რომ გამოჯანმრთელდება, იმასაც ჩვენთან მოვიყვანთ და ერთად ვიცხოვრებთ. - მაშინ, არ გადავიფიქრებ, - თავდაჯერებულად თქვა. ანამ გოგონა გულში ჩაიხუტა და თავისი ანა გაახსენდა... "ხომ შეიძლებოდა, ისიც ასეთ გაჭირვებაში გაზრდილიყო!.. ასე რომ ყოფილიყო, მურთაზს საფლავიდან ამოვთხრიდი და ყვავ-ყორნების საჯიჯგნად გავხდიდი", - გაიფიქრა ქალმა და ბელა კიდევ უფრო მიიკრა გულზე. შემდეგ, წავედიო, - თქვა, ბელას დაუბარა, რომ მის დაუკითხავად შინიდან არ გასულიყო და სახლის კარი გაიხურა. პირდაპირ გიორგის ოფისისკენ გაემართა. იქ მისულმა, ჯერ ზვიადი მოინახულა და დაადგინა, თუ რა საბუთები სჭირდებოდა ბელას შვილად აყვანას; დაავალა, რომ უმოკლეს დროში მოეწესრიგებინა, იმ ხალხის მისამართი მისცა, სადაც ბელას საბუთები ინახებოდა და შემდეგ, გიორგისთან შევიდა. - ანა, როგორ ხარ? სად დაიკარგე? საღამომდე რომ არ გამოჩენილიყავი, დარეკვას ვაპირებდი. - მოგენატრე?.. - გაუღიმა ქალმა. - მომენატრე კიდეც და ზეგ ვარშავაში მივფრინავთ, დაგავიწყდა? - სიმართლე რომ გითხრა, ნამდვილად დამავიწყდა, მაგრამ მოსამზადებლად ბევრი დრო არ მჭირდება. მივდივართ და მივდივართ... ახალი რა არის? წუხელ შენი მანქანა ქალაქში შემხვდა, სად მიდიოდი შუაღამისას? - წუხელ შენ იყავი ირაკლისთან? - მოულოდნელად ჰკითხა გიორგიმ. - მე?! შუაღამისას ირაკლისთან რა მინდოდა?! არა, მე არ ვყოფილვარ. ვინმე ჰყავდა? - გულუბრყვილოდ ააფახულა ქალმა თვალები. - არა, არავინ... ალბათ მომეჩვენა. - მაშ, ზეგ მივდივართ, არა?.. ირაკლიც მოდის? მისი ბილეთიც აიღე? - კი, მოდის. ყოველ შემთხვევაში, დღემდე ამბობდა, რომ მოდის... - და რა შეიცვალა დღეს? - ანა დაიძაბა. - არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ძალიან გაბრაზებული ვარ, ანა, შენზე, - ირაკლი როგორც ყოველთვის, ამჯერადაც შეუმჩნევლად წამოადგა თავზე. ანა შეკრთა, რადგან ირაკლის გამოჩენას არ ელოდა. - გაბრაზებული ხარ? რატომ? მოხდა რამე? - მიამიტურად ააფახულა თვალები ანამ. - წუხელ რა გინდოდა ჩემს სახლთან? - მამაკაცს მკაცრი გამომეტყველება ჰქონდა და თვალებშიც რისხვა ედგა. - რა მინდოდა და ტელეფონს რომ არ პასუხობდი, შემეშინდა, ხომ არაფერი დაგემართა და ამბის გასაგებად მოვდიოდი, - მაშინვე გულახდილად აღაიარა ანამ "დანაშაული", რადგან მიხვდა, რომ ირაკლისთვის ღამის სტუმარს უკვე ყველაფერი ჩაეკაკლა და დამალვას და უარყოფას აზრი არ ჰქონდა. - აკი მე არ ვიყავიო? - ჩაიცინა გიორგიმ. - არა, მე ის არ ვიყავი, ვინც შენ გგონია, ის ქალბატონი ნანა იყო, ირაკლის საყვარელი. მე გარეთ ვიდექი და შენ მე ვერ დამინახავდი, - გაბრაზებული ხმით თქვა ანამ. ნაზი და თვალებფახულა არსება სადღაც გაქრა და მის ნაცვლად მრისხანე და ეჭვით შეპყრობილი ქალი ლაპარაკობდა. - ნუთუ ვერ გრძნობ, რომ ცუდად მოიქეცი? - ჰკითხა ირაკლიმ. - შეტევა თავდასხმის მოსაგერიებლად გადასარევი საშუალებაა, მაგრამ ჩემთან არ გამოგადგება. მე რისი უნდა მცხვენოდეს? იმისი ხომ არა, რომ შენ საყვარელი გყავს, თანაც ვიღაც ვიგინდარა და "პრასტიტუტკა" კი არა, მშვენიერი ქალი, რომელთანაც 3 წელია მეგობრობ და ალბათ გიყვარს კიდეც ან იქნებ იმისი, რომ მატყუებდი და თან თვალებში მიყურებდი? არა, ალბათ იმისი უნდა შემრცხვეს, ამ ყველაფრის მერე რომ კიდევ შენ ბრაზობ და მიტევ. ასეა, არა? კი ბატონო, რადგან ასეა, მრცხვენია! შენს მაგივრადაც, გიორგის მაგივრადაც, ნანას მაგივრადაც მე მრცხვენია, - ანა ლაპარაკის დროს ოთახში მიმოდიოდა. ერთ ადგილზე ვერ ჩერდებოდა, მაგრამ გაბრაზების მიუხედავად არ ყვიროდა, ძალზე მშვიდად ლაპარაკობდა და იცოდა, რომ მის ასეთ საქციელს მოსაუბრე და მოკამათე ყოველთვის მწყობრიდან გამოჰყავდა. მწყობრიდან გამოყვანილი მოწინააღმდეგის დამარცხებამდე კი სულ ერთი ნაბიჯღა რჩებოდა და ამიტომ ის თითქმის ყოველთვის გამარჯვებული გამოდიოდა. - არა, შენ იმიტომ უნდა შეგრცხვეს, რომ უსუსურ, დაუცველ და შეშინებულ ქალს იარაღით დაადექი და მუქარით აიძულე, რომ შენს კითხვებზე პასუხი გაეცა. ირაკლის ამ სიტყვებზე ანა უეცრად მობრუნდა, ჯერ მას შეხედა, მერე მზერა გიორგიზე გადაიტანა და ახარხარდა. ასეთ მოულოდნელ რეაქციას არავინ ელოდა. - გაიმეორე, რა თქვი? - ჰკითხა სული რომ მოითქვა, მაგრამ მიხვდა, ირაკლი ნათქვამის გამეორებას არ აპირებდა, - უსუსრს, დაუცველს და შეშინებულს, არა? - ისევ გაიცინა ანამ, - ამას მე მეუბნები ირაკლი? მე? შემომხედე აბა, იქნებ გაგახსენდეს, რომ მე თვითონ ქალი ვარ, უსუსური და დაუცველი... ნუ, შეშინებული ალბათ ჯერ არა, - ჩაიბურტყუნა ბოლოს, - ეგ სიტყვები შეიძლება მამაკაცს უთხრა. მაგას მე როგორ მეუბნები? - მოიცა, არ მითხრა, რომ ასე არ იყო და იმან მოიგონა. - არა, ასე იყო, მაგრამ იარაღი არ მქონია, უბრალოდ, ცივი თითი მივადე კისერთან, რომ იარაღი ჰგონებოდა. - კი, მაგრამ მანქანაში რომ ჩასვი და ცხვირწინ პისტოლეტს უტრიალებდი, ის რა იყო აბა, ისიც თითი იყო? - როგორც ჩანს, დაწვრილებით ჰქონდა ყველაფერი მოყოლილი ნანას. - კარგი, რა, ირაკლი, კარგი, რააა, - ხელი ჩაიქნია ანამ, - არც შენზე ვბრაზობ და არც ნანაზე. უკვე აღარ ვბრაზობ, რადგან ვფიქრობდი ხოლმე, რომ შენზე რამე რომ გამეგო, ეჭვიანობით მოვკვდებოდი და სიცოცხლეზე ხელს ჩავიქნევდი, მაგრამ წუხელ ისე არხეინად მივიღე ეს ყველაფერი და მერე ისე გულიანად ჩამეძინა, ახლა, სანამ შენ არ დაგინახე, არც გამხსენებია წუხანდელი ამბები, სიმართლე რომ გითხრა. ამიტომ, მივხვდი, რომ არ მყვარებიხარ და სულაც აღარ ვბრაზობ. რატომ უნდა ავიშალო ნერვები? ასე არაა, გიორგი? - განგებ ჩართო გიორგი საუბარში, რადგან იცოდა, ირაკლი მასზე აუცილებლად იეჭვიანებდა. - ჰმ... - უხერხულად ჩაახველა, - რა ვიცი, მე არ ვიცი, - პასუხს თავი აარიდა მამაკაცმა. - ანა, ცეცხლს ნუ ეთამაშები, - გაფრთხილებასავით გაისმა ირაკლის ხმა. - მე ცეცხლის არ მეშინია, - მაგიდასთან მჯდარ ირაკლის მიუახლოვდა, თავზე დაადგა, დაიხარა, სახე ახლოს მიუტანა და თვალი თვალში გაუყარა, - კიდევ გაქვს რამე პრეტენზია? შეგიძლია, მითხრა. ანა წელში გაიმართა და გიორგის მაგიდას გადახედა. თვალით ის კონვერტი მოძებნა, რომელშიც თვითმფრინავის ბილეთები ეწყო. - არა, ამჯერად მეტი არაფერი. - კარგი, მაშინ ჩემო ირაკლი, - ანამ სიტყვა გაწელა, გიორგის მაგიდას მიუახლოვდა, მასზე დადაბულ კონვერტს დასწვდა, იქიდან სამივე ბილეთი ამოიღო, 2 უკან ჩააბრუნა, ერთი კი წვრილ ნაკუწებად აქცია, მარჯვენა ხელის მუჭში მოიქცია, ხელი თავს ზემოთ ასწია და მუჭი გაშალა. ქაღალდის წვრილი ნაგლეჯები თოვლის ფანტელებივით, ტრიალ-ტრიალით დაეშვნენ იატაკზე. - აი, ასე! - თქვა ნიშნის მოგებით, მაგიდაზე დადებულ ჩანთას დაწვდა და კარისკენ გაემართა. კართან მისულს ფეხი გადაუბრუნდა, მაგრამ წონასწორობა შეინარჩუნა, გასწორდა, მამაკაცებს მოხედა, სახეზე ნაძალადევი ღიმილი მიიხატა და გავიდა. - ვისი ბილეთი დახია? - მაშინვე იკითხა ირაკლიმ, როგორც კი ანამ კარი მიხურა. - შენი, - კარში ანას თავი გამოჩნდა, - შენი ბილეთი დავხიე, საყვარელო, შენ ვარშავაში აღარ მოდიხარ, - მამაკაცს თვალი ჩაუკრა, მერე ტუჩები გამოიშვირა, შორიდან კოცნა გაუგზავნა და ისევ გაუჩინარდა. მამაკაცებმა ერთმანეთს გადახედეს და სიცილი აუტყდათ. - მაგას შენი შეკითხვა არ გაუგონია, კარს მიღმა ხმა არ გადის. უბრალოდ, მიხვდა, რომ აუცილებლად მაგას იკითხავდი, - იცინოდა გიორგი, - დიდი შებერტყილი ვინმე კია, ეს ოხერი, - ისეთი სიყვარულით თქვა ბოლო 2 სიტყვა, რომ ირაკლის ეჭვმა დარია ხელი და შუბლი შეკრა. - გიორგი, ჩვენ შორის დამალული არაფერია, ხომ ასეა? - ირაკლიმ ისე ჰკითხა, რომ თავი არ აუწევია. თვალებში არ შეუხედავს. მაგიდაზე დაწყობილ, საკუთარ ხელებს დაჰყურებდა. GzaPress - კი, ასეა, მაგრამ ამის თქმა ახლა რაში გჭირდება? - ჰოდა, არც მე მინდა, რომ რამე დავმალო და მინდა იცოდე, რომ მე ვიცი, ამ რამდენიმე დღის წინ ჩემს სახლთან რომ იდექი და მითვალთვალებდი. მე და ანა აივანზე ვისხედით და კარგა ხანს გვიყურე, - ირაკლიმ ნელა მიაბრუნა თავი და მეგობარს თვალებში შეხედა. - კი, ასეა, - თვალიც არ დაუხამხამებია გიორგის. - მერე? ეს რაში დაგჭირდა? გიორგი გაჩუმდა. კარგა ხანს აკაკუნა კალამი მაგიდაზე, ბოლოს ჩაიცინა და ირაკლის შეხედა. - შენ მე არ მენდობი? - გენდობი. - ახლა იმაზე კი არ ვფიქრობდი, თავის გასამართლებლად მომეგონებინა რამე... იმაზე ვფიქრობდი, ეჭვი რატომ გაგიჩნდა. - ეს ეჭვი არაა, უბრალოდ, ვიცი, რომ იქ იყავი და მიზეზი მაინტერესებს. - მიზეზი მეტად უბრალოა და გეტყვი, მაგრამ მე იმას ვშიშობ, ამ ქალმა, - კალამი იმ კარისკენ გაიშვირა გიორგიმ, სადაც ცოტა ხნის წინ ანა გაუჩინარდა, - ჩვენ შორის ბზარი არ გააჩინოს. - გეთანხმები და ეს საუბარიც სწორედ მგიტომ წამოვიწყე, რომ ყველაფერი გავარკვიოთ. - მე შემიძლია გითხრა, რომ წლების წინ მართლა მიყვარდა ანა და მეგონა, მის გარეშე მოვკვდებოდი. მისგან ვერ ვეღირსე თანაგრძნობას, მაგრამ ხელი არ ჩამიქნევია. თუმცა, შემდეგ ის თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად და წელიწადში რამდენიმე დღე თუ ვნახულობდი. მიუხედავად ამისა, ფარ-ხმალს არ ვყრიდი და როცა სტუდენტი გავხდი და თბილისში ჩამოვედი საცხოვრებლად, იმედი მქონდა, რომ ხშირად ვნახავდი და მისი გულის მოგებას შევძლებდი, მაგრამ მისგან მხოლოდ მეგობრულ სიყვარულს ვგრძნობდი და და-ძმურ სიყვარულს მთავაზობდა. მოკლედ, მერე სხვადასხვა მოვლენების გამო ჩვენი გზები გაიყარა და ამ რამდენიმე კვირის წინ, თავად გამომეცხადა, რადგან იარაღის შეძენა სურდა და იცოდა, რომ მის დახმარებას შევძლებდი. - დაეხმარე, როგორც ჩანს, - ჩაილაპარაკა ირაკლიმ. - ჰო... ამის შემდეგ საქმეზე ვილაპარაკეთ. მე ფულს ვეძებდი, ის - საქმეს და გადაწყდა, რომ პარტნიორები გავხდებოდით. იმასაც გეტყვი, რომ როგორც კი დავინახე, ისევ გამიახლდა მის მიმართ გრძნობა და რა თქმა უნდა, გადავწყვიტე, მისი გულის მოგება ახლა მაინც მომეხერხებინა, მაგრამ ჩემთან პირველივე სტუმრობისას შენ შეგხვდა და როცა მივხვდი, რომ თქვენ შორის რაღაც ხდებოდა, მაშინვე უკან დავიხიე და მთელი ყურადღება პირველივე შესაძლებლობისას ნინოზე გადავიტანე. ნინოზე სერიოზულად ფიქრობ და თუ ჩემსკენ გადმოვიბირე, მაშინ ქორწილსაც გადავიხდით. რაც შეეხება იმდღევანდელ ჩემს საქციელს, რამაც შენ დაგაეჭვა, წინადღეს გითხარი, თუ გახსოვს, რომ უკრაინიდან სტუმრები ჩამომივიდნენ. 2 ქალი იყო. შენთან წამოვიყვანე სტუმრად. წინასწარ კი დაგირეკე და უბრალოდ, გკითხე სახლში იყავი თუ არა. მინდოდა, სიურპრიზი მომეწყო. შველივით ქალები იყვნენ... მაგრამ შენთან ანა ყოფილა სტუმრად და აივანზე დაგინახეთ. ცოტა ხანს გავჩერდით, იქნებ ის მალე წასულიყო. შორიდან გიყურებდით, რომ ყურადღება არ მიმექცია. წარმოიდგინე, ანას რომ ვენახე ორ ქალთან ერთად, შენი სახლის წინ, რა ამბავს დაგაწევდა... სულ ეს იყო. როცა მივხვდი, რომ თქვენ კარგა ხნის ბაზარი გქონდათ და დაშლას არ აპირებდით, უკან გამოვბრუნდი და რეზოსთან წავედი, ჩემი სტუმრებიანად... სულ ეს იყო და თუ ამასაც არ დაიჯერებ, შეგიძლია, რეზოსთან გადაამოწმო. - მჯერა, მჯერა, - ჩაილაპარაკა ირაკლიმ, - მაგრამ ახლა ამ საქმეს რა ეშველება? - თვალით იატაკზე დაყრილი ბილეთის ნაკუწებისკენ ანიშნა. - არ ვიცი, ეგ შენი მოსაგვარებელია, მე ვერაფერს გიშველი. იმასაც ვერ იტყვი, რომ ჩემთან იყო ის ქალი, რადგან თვითონვე გაურკვევია ყველაფერი უკვე. - არა და, გუშინ ნანა სალაპარაკოდ დავიბარე ჩემთან და სიტუაცია "გავუიასნე", რომ ერთმანეთს უნდა დავშორდეთ-მეთქი... რაღა წუხელ მოინდომა თვალთვალი? ტელეფონი სხვა დროსაც მქონია გამორთული და ასე არ მოქცეულა. - ვიზიარებ, რა ვქნა მეტი? - გაიცინა გიორგიმ. - ძლივს მოვარჯულე და მოვათვინიერე ცოტა, მეგონა, საბოლოოდ შემოვაბრუნე ჩემსკენ და აჰა, ისევ რაღაც გამოჩნდა ისეთი, რომ ყველაფერი თავიდან მაქვს დასაწყები... - მასე თუა, რომ შემოხვედი და პირდაპირ შეტევით დაიწყე, ბოდიშით უნდა დაგეწყო. - მე იმაზე გავბრაზდი, რომ იარაღით დაადგა ქალს, რომ უჩივლოს, მერე სად მიდის? ხომ დაიჭერენ? ამაზე არ ფიქრობს. ნამდვილი არანორმალურია. არა და, შეხედავ, ისეთი სახე აქვს და გამომეტყველება, იფიქრებ, ჭიანჭველას ფეხს არ დაადგამსო, მაგრამ მაგისი მეორე "მე" მე მგონი კაცია... - შენ ის გირჩევნია, რამე მოიფიქრო და შეირიგო. იქნებ ნანა და ეგ შეახვედრო და ნანას ათქმევინო, რატომ იყო წუხელ შენთან... - ეგ იდეა არ მომწონს, - დაფიქრებით თქვა ირაკლიმ. ანა ამ დროს დავითთან იჯდა და ცრემლების ღვარღვარით უყვებოდა რამდენიმე დღის განმავლობაში მომხდარ მოვლენებს... - ბელა უნდა იშვილო? - ჰკითხა მამაკაცმა. - ჰო, ვიშვილებ. იქნებ ამით მაინც გამოვისყიდო ის დანაშაული, რომელიც ჩემი შვილის წინაშე უნებლიედ მიმიძღვის... კარგი გოგონაა, ცოდვაა ასე უპატრონოდ მისი მიტოვება... მატერიალურად არ მიჭირს, რომ მისი პატრონობა ვერ შევძლო. თან, ანას და ეყოლება. - და შენ გაუჩინე, ჯერ ახალგაზრდა ხარ, - გაიღიმა დავითმა. - არა მგონია, რომ კიდევ ერთხელ გავთხოვდე, დავით... მითუმეტეს, თუ იმ ჯადოს არ გავანადგურებ... - ჰოო, - ნიკაპზე ხელი მოისვა დავითმა, - იმას რა ვუყოთ, მართლა? - უნდა წავიკითხოთ, დარწმუნებული ვარ, რომ ჩემს პირად ცხოვრებაზეა ჯადო გაკეთებული. ჯერ წავიკითხოთ, შემდეგ კი მესამე ფურცელი უნდა ვიპოვოთ... - ანა, ჩვენი ფინანსური დირექტორი სამსახურიდან წავიდა... ახლა, რადგან აქ ხარ, მინდა, რომ შენ მიიღო გადაწყვეტილება და ახალი თანამშრომელი აიყვანო. - ფინანსური დირექტორი? - დაფიქრებით თქვა ანამ, - სად წავიდა? - მაღალ თანამდებობაზე დანიშნეს, სახელმწიფო სამსახურში და იქ გადასვლა ამჯობინა. - კარგი. ჯერ არავინ მიიღო, მე მოვძებნი კანდიდატურას. ხელფასი რამდენი ჰქონდა ძველს? - 2500. - კარგი, გასაგებია... ანა დავითს გამოემშვიდობა და შინისაკენ გასწია. - ბელა სადაა? - მაშინვე იკითხა, როგორც ზღურბლს გადააბიჯა. - ოთახშია, ტელევიზორს უყურებს, - უპასუხა დედამ. - როგორ იქცეოდა? - ფეხსაცმელები იქვე, შემოსასვლელთან მიყარა ანამ და სამზარეულოსკენ ფეხშიშველი წავიდა. - ბავშვობიდან გაქვს ეს ჩვევა, მოკლედ. ჯერ არ მახსოვს, რომ შენი ფეხსაცმელი სწორად და ლამაზად ეწყოს. ერთი ალთასაა, მაორე - ბალთას და თან გადაბრუნებულები ყრია. კარგი, რა ანა, აღარ უნდა გაიზარდო, შვილო? ფეხშიშველი სირაულიც როგორ გიყვარს?! - მსუბუქად გაუბრაზდა დედა, - გშია? - დააყოლა ბოლოს. - კი, ძალიან, - ანამ ონკანი მოუშვა და ხელები გადაიბანა. - ბელა კი გადასარევი ბავშვია, ზრდილი და თან საოცრად ხელმარჯვე. მთელი დღე გვერდიდან არ მომშორებია, მეხმარებოდა, ჭურჭელს რეცხავდა, იატაკს გვიდა... თან ყველაფერს დიდი ქალივით აკეთებს, - ციცომ უცებ გააწყო სუფრა. ანამ თეფშზე ვერმიშელი დაახვავა, სოუსი მოასხა, კატლეტი ჩანგლით შუაზე გაჭრა და დაყნოსა. - შენნაირ კატლეტს ვერავინ აკეთებს, დე, ჩემი ბავშვობის სუნი აქვს ამ კატლეტს. მოდი, რა, შენ მაჭამე? ციცომ თავი გადააქნია და ანას გვერდით მიუჯდა. ის ლუკმებად დანაწილებულ კატლეტს უდებდა პირში და ვერმიშელს აყოლებინებდა. ანა კი მორჩილად უღებდა პირს და პურს კბეჩდა. - აღუუ, - თავზე ნინო და ბელა წამოადგნენ. გოგონა გაოცებული უყურებდა, როგორ ჭამდა ანა დედის ხელიდან. - კარგი, მადლობა, დე, მე თვითონ შევჭამ, - ჩანგალი გამოართვა, - თქვენ არ გშიათ? - უკვე ვჭამეთ, - მიუგო ნინომ, ბელას მხარზე ხელი მოხვია და ოთახისკენ წაიყვანა. ცოტა ხნის შემდეგ ანაც მათ გვერდით მოკალათდა და ტელევიზორს მიაშტერდა. თუმცა, იქ რა ხდებოდა, არ ესმოდა. მისი ფიქრები სხვაგან ქროდა. თვალი მოჰკრა, მის გვერდით მჯდომმა ბელამ ხელი მისკენ როგორ გააცურა და თითები მისი კაბის ბოლოს შეახო. ანა მიხვდა, რომ გოგონას მისი შეხება და მასთან ახლოს ყოფნა სურდა. ხელი მოჰხვია და გვერდზე მიიკრო. ბელა დაჰვა და მიეხუტა. ანას ლამის ცრემლი მოადგა. ტირილი უნდოდა, მაგრამ თავი შეიკავა. ცოტა ხანში ბელას ჩაეძინა. ანამ გოგონა ხელში აყვანილი გაიყვანა საძინებელში და საწოლზე ფრთხილად დააწვინა. თვითონ ფეხაკრეფით გამობრუნდა და კარი უხმაუროდ გამოიხურა. ჯერ ტანისამოსის გამოცვლა დააპირა, მაგრამ მერე გადაიფიქრა, დაიბარა, მალე მოვალო და შინიდან გავიდა. - ეს გოგო გამაგიჟებს, სად დადის ამ შუაღამისას? - ოთახში თავი შემოყო ციცომ. ნინომ მხრები აიჩეჩა ანა რამაზის კართან იდგა და ყოყმანობდა. დაეკაკუნებინა თუ არა, ვერ გადაეწყვიტა. ბოლოს, გამბედაობა მოიკრიბა, ხელი ასწია და ზარის ღილაკს მიაჭირა. ცოტა ხანში შიგნიდან ფეხის ხმა გაიგონა. გული ლამის ბუდიდან ამოუვარდა. სუნთქვა შეეკრა. - ქალბატონი ანნა? - რამაზი გაოცებული უყურებდა ქალს. - დიახ, უკაცრავად, რომ ასე გვიან გაწუხებთ, მაგრამ საქმეზე ვარ მოსული, - ანას თვალი ოთახისკენ გაექცა, საიდანაც ანას ლაპარაკი ისმოდა. - მობრძანდით, სასიამოვნო ვიზიტია, ნამდვილად გამაოცეთ და თანაც, სასიამოვნოდ, - მამაკაცმა გზა დაუთმო და ანა გაატარა. ოთახში შესულ ქალს გოგონა შეეგება. - ანა დეიდა, როგორ ხართ? ბავშვი გადაკოცნა და თავზე ხელი გადაუსვა. - ასე გვიან რატომ არ გძინავს? - ჰკითხა მზრუნველი ხმით. - ახლა მეუბნებოდა მამიკო, დაიძინეო და პირობა მივეცი, რომ 15 წუთში დავიძინებ, მაგრამ თქვენ მოხვედით და... - პირობა უნდა შეასრულო, მიუხედავად იმისა, რა მოხდა იმის შემდეგ, რაც პირობა მიეცი. - ჰო, მაგრამ ყავა არ უნდა მოგიდუღოთ? - არა, ყავა ახლა არ მინდა. - კარგი, მაშინ დავიძინებ, - გოგონამ ანას და მამას ლოყაზე აკოცა და საძინებელში გავიდა. რამაზმა სიყვარულით სავსე მზერა გააყოლა ბავშვს. ანას მოუბოდიშა, ახლავე მოვალო და გოგონას მიჰყვა. - მაპატიეთ, სინათლე გამოვურთე და საბანი ამოვუგე, რომ არ გადაიხადოს, - კიდევ ერთხელ მოუბოდიშა, - ყავას არ დალევთ? სამზარეულოში გავიდეთ. ანა უკან მიჰყვა მამაკაცს. სამზარეულოდან კარი ვერანდაზე გადიოდა, სადაც მაგიდა და დივანი იდგა. რამაზმა ყავის ფინჯნები გარეთ გაიტანა და მაგიდაზე დადგა. თვითონ ანას პირისპირ, სავარძელში ჩაჯდა. - ძალიან მზრუნველი მამა ხართ, - გაუღიმა ანამ. - მას შემდეგ, რაც მე და ჩემი შვილი დედის გარეშე დავრჩით, მხოლოდ ჩემს იმედადაა. მივეჩვიე ბავშვთან ურთიერთობას. თან, ხომ იცით, ასეთ შემთხვევაში შვილთან გაცილებით მჭიდრო ურთიერთობა ყალიბდება. ახლა ანა უკვე პატარა ქალია და დედასავით მექცევა. ჩემზე ზრუნავს და ხშირად მიბრაზდება კიდეც, მკაცრი დედასავით. - კარგი შვილი გყავთ, - ჩუმად თქვა ქალმა. - თქვენ გყავთ შვილები? - მამაკაცი ინტერესით ათვალიერებდა ანას და აშკარად ეტყობოდა, რომ მოსწონდა. - დიახ, მყავს. მე საქმეზე ვარ მოსული, - უცებ შეცვალა თემა. - გისმენთ. - იმ დღეს თქვენ რომ დაგემშვიდობეთ, ლევანმა სხვათა შორის თქვა, რომ თქვენ სადღაც ფინანსურ დირექტორად მუშაობთ. - დიახ, ასეა. - მისი ნათქვამი დამამახსოვრდა. სულ ახლახანს ჩემი ფირმის ფინანსური დირექტორი სამსახურიდან წავიდა იმის გამო, რომ თანამდებობაზე დანიშნეს. ადგილი გათავისუფლდა და მინდოდა, თქვენთვის შემომეთავაზებინა. ფირმა საკმაოდ სოლიდურია, ანაზღაურებაც მაღალი. იქნებ მოიფიქროთ და სამუშაოდ გადმოხვიდეთ? - სადაც ვმუშაობ, თავს იქაც კარგად ვგრძნობ, მაგრამ მე მაინტერესებს, რატომ მაინცდამაინც - მე? უცხო ადამიანს სთავაზობთ სამსახურს... რატომ? ანას ამ კითხვაზე პასუხი არ ჰქონდა. არა, კი ჰქონდა, მაგრამ ამ პასუხის გაცემა ახლა არ შეიძლებოდა, ხოლო სხვა პასუხი არ არსებობდა... ადგა და რასაც ფიქრობდა, ის თქვა. - ამ კითხვაზე პასუხი არ მაქვს... არ ვიცი, რატომ მაინცდამაინც თქვენ, მაგრამ ის ვიცი, რომ ძალიან მინდა, ჩემი წინადადება მიიღოთ. - გათხოვილი ხართ? - მოულოდნელი კითხვა დასვა მამაკაცმა. - არა, ქვრივი ვარ, მაგრამ ეს რა შუაშია? - ისე ვიკითხე, უბრალოდ. მაშინ, შესაძლოა, დაახლოებით მივხვდე, რატომ გსურთ ჩემი გადაბირება, - ეშმაკურად ჩაიცინა მამაკაცმა. ანა ცოტა გაღიზიანდა, მაგრამ არ შეიმჩნია. ჯობია, ეგონოს, რომ ვაბამ, ვიდრე სხვა რამე იეჭვოსო, გაიფიქრა და ორაზროვნად გაიცინა. - არ ვიცი, თქვენ რას ფიქრობთ, მაგრამ პასუხს როდის მეტყვით? - რითია თქვენი ფირმა დაკავებული? - სამკერვალო ბიზნესით. უცხოეთის ერთ-ერთ ფირმასთან ხელშეკრულება გვაქვს. იქიდან ჩამოდის უკვე შესაკერავად გამზადებული ტანისამოსი, აქ იკერება და უკან იგზავნება. - გასაგებია, იაფი მუშა ხელის გამო აკეთებთ ასე... რამდენი გაქვთ ბრუნვა წელიწადში? - ამას მაშინ გეტყვით, თუ ჩემს წინადადებაზე დაფიქრდებით. რამდენი გაქვთ ხელფასი, თუ საიდუმლო არაა? - თქვენ რამდენი შეგიძლიათ, შემომთავაზოთ? - კითხვა დაუბრუნა მამაკაცმა. - რაც შეეხება ხელფასს, უკმაყოფილო არ დარჩებით. გპირდებით, რომ რასაც ახლა იღებთ, იმას გავაორმაგებ, - უპასუხა ანამ და თვალებში ჯიქურ შეხედა. - საინტერესოა... თუ ლოგიკურ ჯაჭვს ავაგებ, რა გამოვა? მოდის უცხო ქალბატონი, რომელიც სრულიად შემთხვევით შემხვდა სახლთან და სრულიად შემთხვევით, ჩემი ძველი ნაცნობისა და მეგობრის ახლობელიც აღმოჩნდა, შუაღამისას თავზე დამადგება და სამსახურს მთავაზობს... თანაც, ჯერ არც კი იცის, როგორი ჯამაგირი მაქვს და უკვე მიორმაგებს... იქნებ 5-6 ათასს ვიღებ ან მეტს, მაშინ რას იზამთ? - მე პირობას არასოდეს ვარღვევ, - შეუვალი იყო ანა. - მით უმეტეს. რადგან თანახმა ხართ, ამხელა თანხა გაიღოთ, მაშინ, როდესაც ირგვლივ ამდენი უმუშევარი ადამიანია და სრულიად თავისუფლად იშოვით საჭირო კადრს, ეს უფრო ამძაფრებს ეჭვს... რას მოითხოვთ სანაცვლოდ? რა მიზანი გაქვთ? ანა დაფიქრდა. მართლაც, რით უნდა აეხსნა თავისი საქციელი? გაუჭირდა კითხავზე პასუხის გაცემა... - სიმართლე გითხრათ? - რა თქმა უნდა... - ლევანმა ისიც მითხრა, რომ ქვრივი ხართ და გოგონას მარტო ზრდით... ცუდად არ გამიგოთ, ბავშვი შემებრალა და მინდა, მას კარგი მომავალი ჰქონდეს. ეს კი იმითაა შესაძლებელი, თუ მამას კარგ პირობებს შევთავაზებ... სულ ესაა, გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა... - ძალიან სასიამოვნო ქალი ხართ, ანნა, ნებისმიერ მამაკაცს დაახვევთ თავბრუს... თქვენთან ურთიერთობას არაფერი სჯობია. საუკეთესო ვარიანტია, თქვენნაირი შეფის ხელქვეითობა და სამუშაო სასიამოვნოც გახდება, სასარგებლოსთან ერთად... მაგრამ რომ შემიყვარდეთ? ასე თუ ისე, თავისუფალი კაცი ვარ... - მაგაზე არ მიფიქრია, - გამოუტყდა ანა. - არ მსურს, საკუთარი ბოსი მიყვარდეს: ეს საქმესაც გააფუჭებს და ურთიერთობასაც. არადა, ამის რეალური საშიშროება არსებობს... - ეს შეუძლებელია, რამაზ, - რაღაცნაირად, დაფიქრებით თქვა ანამ, - თუმცა, თუ ზოგიერთ გარემოებას გავითვალისწინებთ, შესაძლოა, საუკეთესო ვარიანტი იყოს... - ბოლო წინადადება თავისთვის ჩაიბურტყუნა. - რას გულისხმობთ? - არაფერს... უბრალოდ, გამორიცხულია და მაგას არ დავუშვებ... - სიყვარული არავის ეკითხება, მოვა თუ არა... და შეუძლებელი და გამორიცხული რატომაა? თქვენ და ლევანს... - მე და ლევანს არაფერი გვაკავშირებს... მეგობრები ვართ უბრალოდ, - ხმაში გაღიზიანება დაეტყო ანას. არ მოეწონა რამაზის ასეთი პირდაპირი და თავხედური ლაპარაკი, - ასე რომ... თუმცა ჩვენ დიდი ხანია, ერთმანეთს ვიცნობთ და აქედან გამომდინარე, გასახსენებელიც ბევრი გვაქვს და საერთოც. თანაც, ჩემთან ურთიერთობა იმ უბრალო მიზეზის გამო ვერ გექნებათ, რომ ფირმას მე არ ვმართავ. იშვიათად ვჩნდები იქ და ბიძაჩემთან მოგიწევთ ურთიერთობა, რადგან დირექტორი ის გახლავთ. - მაშინ ჩემთვის კვლავ გამოცანად რჩება, რა გრჯით, სამსახურს რომ მთავაზობთ? - კარგი, ამით დავასრულოთ ჩვენი დღევანდელი საუბარი. მაპატიეთ, შესაძლოა, არ უნდა მოვსულიყავი, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ ამას ჩვეულებრივად მიიღებდით და იმიტომ გავბედე. თუ დანაშაული ჩავიდინე, კიდევ ერთხელ გიხდით ბოდიშს, - ანა წამოდგა და კარისკენ გაემართა. - ანა, - ამჯერად 2 "ნ" აღარ უთქვამს რამაზს, - მე მაპატიეთ: შესაძლოა, ცოტა უხეშად გამომივიდა, მაგრამ გპირდებით, რომ აუცილებლად დავფიქრდები თქვენს წინადადებაზე და დაგიკავშირდებით... თუმცა, როგორ დაგიკავშირდებით? - აი, ინებეთ, - ანამ სავიზიტო ბარათი გაუწოდა და ჩქარი ნაბიჯით დატოვა იქაურობა. შინ მისულმა კარგა ხანს იფიქრა საღამოს მომხდარ ამბებზე და მამა-შვილთან გვიან ვიზიტზე... თავიდან ცოტა გაბრაზებული იყო, მაგრამ ყველაფერი კარგად რომ გააანალიზა, მიხვდა, რომ რამაზმა ბევრი მოითმინა. თვითონ ალბათ მაშინვე გააგდებდა შინიდან არამკითხე მოამბეს, რადგან მისი ვიზიტი ეჭვს ბადებდა. სიბრაზემ გაუარა და გაიფიქრა, რომ შესაძლოა, შეცდომა დაუშვა, როცა რამაზთან ასე გვიან მივიდა, მაგრამ შვილის ნახვის, რამდენიმე წუთით მისთვის თვალის შევლების სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ამ სურვილს წინ ვერ აღუდგა და პირველსავე შესაძლებლობის შემთხვევაში, სულ პატარა მიზეზიც კი საკმარისი აღმოჩნდა, რომ ასე მოქცეულიყო. "როდესაც ყველაფერი გამოაშკარავდება, მერე კი მიხვდება რამაზი, რა მრჯიდა, მასთან რომ მივდიოდი და შესაძლოა, მისაყვედუროს კიდეც", - ფიქრობდა ანა და კარგა ხნის განმავლობაში ვერ მშვიდდებოდა იმის შიშით, რომ მის დაუფიქრებელ ნაბიჯს რაიმე არ გაეფუჭებინა... შემდეგ, როგორც სჩვეოდა, ყველაფერი გადახარშა, ხელი ჩაიქნია, - რაც მოსახდენია, მოხდესო, - გაიფიქრა და დასაძინებლად დაწვა. - ნინო, ხვალ ვარშავაში მივემგზავრები 1 კვირით. დღეს რაღაც საქმეები მაქვს მოსაგვარებელი და მთელი დღე გარეთ ვიქნები. თუ რამე დაგჭირდეს, დამირეკე. როგორც ყოველთვის, ანა ყველაზე გვიან დაწვა, მაგრამ ყველაზე ადრე ადგა და ნინოს ჯერ ისევ მძინარეს დაადგა თავზე. - სად მიდიხარ ასე უთენია? - თვალები მოიფშვნიტა ნინომ. - საავადმყოფოში. ჯერ ბელას ბებიას ვნახავ, მერე რუსთავში ეთერს ჩავაკითხავ. შესაძლოა, ის ხვალ ან ზეგ გამოწერონ და მინდა, მკურნალობის ხარჯი მე დავფარო. შემდეგ ზვიადთან შევივლი, გავარკვევ, რა გამიგო ბელას საბუთებთან დაკავშირებით და თუ შესაძლებელი იქნება, წასვლამდე გავამზადებ იმ საბუთებს, რომელზეც ხელი ბებიამ უნდა მოაწეროს. დანარჩენი უკვე სასამართლოს საქმე იქნება. ეს საქმე ვარშავიდან დაბრუნებამდე ვერ მოიცდის და ამიტომ უნდა ვიჩქარო. - დღეს ბელას სამსახურში წავიყვან, შეიძლება? - ჰკითხა ნინომ. - შენი ნებაა, როგორც გსურს. თუ მოახერხებ, საღამოს ბებიაც აჩვენე. - კარგი, შევივლით საავადმყოფოში, - შეჰპირდა ნინო. სახლის კარი გაიხურა თუ არა, ანას გაახსენდა, რომ დილით ყავა არ დაულევია და ინანა, რომ შინიდან ისე გამოვიდა - "დოპინგის" გარეშე. უკან მიბრუნება აღარ უნდოდა და გადაწყვიტა, კაფეში დამჯდარიყო... მთელი თბილისი მოიარა და ვერც ერთ კაფეს ვერ მიაგნო, რომელიც დილის 8-ის ნახევარზე ღია იქნებოდა. თავისუფლების მოედანზე, "მერიოტს" მიადგა. ჰოლში სისუფთავე და სიმყუდროვე იყო... გრილოდა კიდეც. მოეწონა იქაური სიტუაცია... მიმტანს "ამერიკანო" შეუკვეთა და ფანჯარასთან მდგარ მაგიდასთან დაჯდა... მზე ამოსვლას იწყებდა და პირდაპირ უზარმაზარ, ვიტრინისმაგვარ ფანჯარაში ანათებდა. კარისხელა ფანჯარა იატაკამდე გრძელდებოდა და მზის სხივებმა თვალი მოსჭრა და მყუდროება დაურღვია... მიმტანს სთხოვა, ჟალუზი ჩამოეწია. მიმტანმა თხოვნა შეუსრულა და ჟალუზი ისე დააყენა, რომ ფანჯარა მთლიანად არ დაეფარა. იატაკიდან ასე, ნახევარი მეტრი ღიად დატოვა... ანას ყურადღება ამ ღია ადგილიდან დანახულმა, გარეთ მოსიარულე ადამიანების ფეხებმა მიიპყრო. ზვიადს დაურეკა. გააღვიძა და სასტუმროში მისვლა სთხოვა. შემდეგ სავარძელში მოხერხებულად ჩაეფლო და გარეთ ყურებას მიჰყო ხელი... "ფეხსაცმლისა და სიარულის მანერის მიხედვით ადამიანის ბუნების შეცნობა და მისი ცხოვრების სტილის განსაზღვრა ალბათ იოლია. ახლა, როცა მხოლოდ ფეხებს ვხედავ, თითქოს მთელი ყურადღება სხეულის ამ ნაწილზე გადადის და საინტერესო საყურებელია, - ფიქრობდა ანა, - აგერ, ეს ალბათ შუა ხნის მამაკაცია, რომელიც ისე მიაბიჯებს, დარწმუნებული ვარ, ჩაფიქრებული იქნება და ალბათ რაიმე პრობლემის გადაწყვეტითაა დაკავებული... ეს კი აჩქარებული ნაბიჯით მიდის, როგორც ჩანს, სამსახურში აგვიანდება... აგერ, ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი... თუმცა საკმაოდ შელახულია და ქუსლიც მოღრეცილი აქვს, მაგრამ მაინც თავდაჯერებულად მიაბიჯებს... თინეიჯერული კედები... ზონრები გახსნილი აქვს და მიწაზე მიათრევს. ღმერთო, ნუთუ ამაში მოსაწონია რამე?! აგერ, ქალის კრემისფერი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, მის გვერდით კი ბავშვის წითელფეხსაცმლიანი ფეხები მიბაკუნებს, ხანდახან შეიკუნტრუშებს და ისევ დედას გამოუდგება"... ანა ისე გაერთო ამ თავისივე მოგონილი თამაშით, რომ ზვიადის მოსვლა ვერც კი გაიგო. მისმა მისალმებამ გამოაფხიზლა. - აა, ზვიად, გამარჯობა! დაჯექი, - ირგვლივ მიმოიხედა და გაუკვირდა, როდესაც ერთ-ერთი ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი დაინახა. - ესენი შენ მოგყვნენ? - გაოცებულმა ააფახულა თვალები. - არა, ესენი დილის გადაცემაში პირდაპირ ჩართვას აკეთებენ. მამაკაცი, რომელიც მაგიდასთან ზის და წინ ცარიელი ჭიქა უდგას და ვითომ ყავას ან ჩაის მიირთმევს, გამორთული ლეპტოპის ეკრანზე კი თაბახის ფურცელი აქვს აკრული და ტექსტს კითხულობს, პრესის მიმომხილველია. - ა-ა, - გაეღიმა ანას და იქ მყოფებს დააკვირდა, - კარგი, იმედია, ჩვენ კადრში არ მოვხვდებით... - ალბათ ბელას საბუთებთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა გაინტერესებს, ხომ? - ჰო, - თავი დაუკრა ანამ, - ერთი ყავა კიდევ მოგვიტანეთ, თუ შეიძლება, - გასძახა მიმტანს. - ვიყავი იმ მისამართზე, რომელიც მომეცი და კარგა ხნის დავის შემდეგ საბუთები მომცეს. გადავხედე და გავარკვიე, რომ ბელას დედა ცოცხალია, მაგრამ უკვე დიდი ხანია, არ გამოჩენილა და ბავშვის მეურვეობა ბებიას ოფიციალურად აქვს დაკისრებული. შესაბამისი დოკუმენტიც არსებობს... იქვე იდო საბუთი, რომლითაც ირკვევა, რომ ქალს დედობის უფლება აქვს ჩამორთმეული სასამართლო წესით და შვილთან მიახლოება და მასთან ურთიერთობა ეკრძალება, სანამ ცხოვრების წესს არ შეიცვლის და სასამართლოს არ დაუმტკიცებს, რომ გოგონასთვის მასთან ცხოვრება საფრთხეს არ წარმოადგენს. - მიზეზი არ წერია? რის გამო ჩამოართვეს დედობის უფლება? - არა, მაგრამ მაგ საქმის არქივიდან ამოღება შეიძლება და გარკვევა, თუ ამის სურვილი გექნება. - არა, ეგ არ მაინტერესებს, ისე ვიკითხე. ახლა რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბელას შვილად აყვანა ოფიციალურად გავაფორმოთ? - ახლა პირველ რიგში, ბებიას უნდა დავაწერინოთ განცხადება, რომელშიც მიუთითებს, რომ თანახმაა ბავშვის გაშვილებაზე. ვინაიდან ის ავადაა. ნოტარიუსის მოყვანა დაგვჭირდება, რადგან შესაძლოა, სასამართლომდე ვერც იცოცხლოს. - ამის მოგვარებას შეძლებ? - რა თქმა უნდა, მაგრამ შენი დასტურიც იქნება საჭირო. - მე ამაღამ 1 კვირით მივდივარ. - ვიცი, პოლონეთში, გიორგისთან ერთად, ფირმის საქმეზე. ეგ დოკუმენტები მე გავამზადე. - ჰო და ამიტომ, მინდობილობას გაგიკეთებ, რომ ჩემი წარმომადგენელი იყო სხვადასხვა ინსტანციაში. მე მგონი, სხვა საქმეებშიც დაგვჭირდება ეგ და უკვე გვექნება. ამიტომ, ცოტა ხანს შევიცადოთ და როგორც კი სანოტარო ბიუროები გაიხსნება, მაშინვე გავაკეთოთ ეგ საბუთი. ახლა კი საავადმყოფოში წავიდეთ და ბებია ვინახულოთ. საავადმყოფოში მისულს ექიმმა არც ისე კარგი ამბავი დაახვედრა... ბებიას ჯანმრთელობა სულ უარესდებოდა და მუცელი ჩამდგარი სითხის გამო ეზრდებოდა. - კი, მაგრამ ხომ შეიძლება, რომ სითხე ამოიღოთ? - ჰკითხა ანამ. - კი, მაგრამ ისევ ჩადგება. თანაც, თქვენი თანხმობა გვინდოდა, რადგან ალბათ გესმით, რომ ყველა პროცედურა ხარჯებთანაა დაკავშირებული. თუ მას ზედმეტი სითხისგან გავათავისუფლებთ, ცოტა ხნით შვებას იგრძნობს. - ჰოდა, როგორც საჭიროა, ისე მოიქეცით, სადამდეც სიცოცხლის გახანგრძლივებას შეძლებთ, გაუხანგრძლივეთ. თქვენი აზრით, მაინც, რამდენ ხანს იცოცხლებს? - 1 თვე, ყველაზე უარეს შემთხვევაში. ისე, პროცედურის შემდეგ შეგიძლიათ, შინ წაიყვანოთ და მკურნალობა ბინაზე გაუგრძელოთ. - არა, ჯობია, აქ იყოს, თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ. არ მინდა, შვილიშვილმა მის ტანჯვას გამუდმებით უყუროს. - მაგრამ... - არავითარი "მაგრამ"! აქ მანამდე დარჩება, ვიდრე ბოლომდე არ გამოჯანმრთელდება ან ვიდრე... - გასაგებია, - ჩაილაპარაკა ექიმმა. ანა პალატაში შევიდა. მოხუცი თვალდახუჭული იწვა. თვალები ხმაურზეც არ გაუხელია. - ბელა, მოხვედი? - დაბალი ხმით იკითხა. - არა, ბელა საღამოს მოვა. მე ვარ, - ანა საწოლს მიუახლოვდა. ქალმა თვალები გაახილა. - ანა, შვილო, შენ ხარ? - კი... აი, ეს მოვიყვანე, - ზვიადზე ანიშნა, - ჩემი იურისტია. მინდა, გაიცნოთ, რადგან ბელას შვილად აყვანის საბუთებს ზვიადი გააფორმებს. მე 1 კვირა არ ვიქნები და იმედია, ჩემს დაბრუნებამდე გამოჯანმრთელდებით. ზვიადი მოვა ხოლმე და გინახულებთ, ყველა საჭირო საბუთსაც ის გაამზადებს. - კარგი, - ჩუმად თქვა ქალმა და თავი დააქნია. - საუბრისას ხომ არ იღლებით? შეგიძლიათ, მელაპარაკოთ? - კი, - ისევ დააქნია თავი. - ბელას დედა სადაა? - ჯანდაბაშია, შვილო... - მძიმედ ამოიოხრა ქალმა. - ძალიან კარგი ოჯახი მქონდა, ჩემი ქმარი უბრალო, მშრომელი კაცი იყო. დიდი ქონების პატრონები არასოდეს ვყოფილვართ, მაგრამ თავი პატიოსნებით მოგვქონდა. ჩემი გოგო კი ვის დაემსგავსა, არ ვიცი. პატარაობიდანვე ამბიციური იყო, ყოველთვის სხვაზე უკეთ უნდოდა, გამოჩენილიყო... მუდამ სუფთა და ახალი ტანისამოსი ეცვა, მაგრამ ეს არ აკმაყოფილებდა. სწავლაზე VI კლასიდან აიცრუა გული და სკოლაში გამუდმებით პრობლემები ჰქონდა. 14 წლისამ გვითხრა, მუშაობა დავიწყეო. ღამის ცვლაში მუშაობდა, მაღაზიაში. მივედი, შევამოწმე და მართლა იქ დამხვდა. ახლა ვხვდები, რომ ამის შემდეგ წავიდა ხელიდან. საყვარელი გაიჩინა, თავისზე გაცილებით უფროსი მამაკაცი. ის 15 წლის იყო, საყვარელი - 35-ის. იმ კაცმა საბოლოოდ დაღუპა. თავიდან ყველა სურვილს უსრულებდა, ტანისამოსს ყიდულობდა, გასართობად დაჰყავდა, შემდეგ კი ვალებში აღმოჩნდა და ჩემი გოგონა აიძულა, ვალის გასტუმრებაში დახმარებოდა. აყვედრიდა, მანამდე რაც პატივი უცია და ანამუსებდა, შენ გამო გადავვარდი ვალებშიო. ამის შემდეგ მისი "სუტენიორი" გახდა და როცა ამის შესახებ გავიგე, შვილთანაც და იმ კაცთანაც დიდი უსიამოვნება მომივიდა. ნელი ტიროდა და თავის მართლებასაც არ ცდილობდა. შემდეგ მითხრა, - თუ გინდა, რომ იმ კაცის კლანჭებიდან თავი დავიხსნა, ბინა გავყიდოთ, ვალს გაისტუმრებს და მეც მეშველებაო. დავუჯერე. ჩემი ქმარიც დავარწმუნე, რომ ასე ჯობდა. დავრჩით უსახლკაროდ, ბინა ვიქირავეთ, ჩემმა გოგომ კი ფული წაიღო და იმის შემდეგ აღარ გამოჩენილა. 3 წელი გავიდა. გვიან ღამით მოვიდა, 2 კვირის ბელა მოიყვანა, დატოვა და წავიდა... 3 წლის იყო ბავშვი, რომ ვეღარ შევძელით თავის რჩენა და ბინის ქირის გადახდა და ღია ცის ქვეშ დავრჩით. დავიწყე პოლიციის საშუალებით ჩემი შვილის ძებნა, რომ იქნებ ბავშვი მაინც წაეყვანა და ეპატრონა. როგორც იქნა, ნელის რამდენიმე თვის შემდეგ მიაგნეს, როცა ის თურქეთის საზღვარს ჰკვეთდა. შვილთან ურთიერთობა არ ინდომა. ნარკოტიკზე "იჯდა", სვამდა კიდეც... გამწარებულმა მოვითხოვე, რომ მისთვის დედობის უფლება ჩამოერთმიათ და მივაღწიე კიდეც ამას. ცოტა ხანს იმ ნათესავთან ვცხოვრობდით, ვისთანაც თქვენ ბელას საბუთებს მიაკითხეთ. მერე იქიდანაც წამოვედით და სასაფლაოზე დავსახლდით. ჩემი ქმარი ქუჩა-ქუჩა დაწანწალებდა, ლუკმაპურისა და დღიური სამუშაოს საძებნელად, მაგრამ 2 "კაპიკს" ძლივს შოულობდა. ერთ ღამეს კი ძალაგამოლეულს, ქუჩაში ჩასძინებია და გაიყინა... მე და ბელა მარტო დავრჩით... მე სასაფლაოს ვალაგებდი და ცოტაოდებნ ფულს მიხდიდნენ... ბელა ხანდახან საფლავებიდან მოპარულ ყვავილებს ყიდდა და ასე გავდიოდით იოლას. ასეთმა ცხოვრებამ მეც დამასვა დაღი და ჯანმრთელობა შემერყა. ბელას კი ღმერთმა თქვენი თავი სწორედ მაშინ გამოუგზავნა, როცა მარტო დარჩენის საშიშროების წინაშე დადგა. ღმერთი დიდია და მოწყალე. ბავშვს არასოდეს არაფერი მოუპარავს, თუ ყვავილებს არ ჩავთვლით. ის ყვავილები კი მიცვალებულს არც არაფერში წაადგებოდა, ჩვენ კი ლუკმაპური გვქონდა, - ქალი დაიღალა და შეისვენა. - ბელა მართლაც კარგი ბავშვია, ზრდილი და გამრჯე, არაფერს გავუჭირვებ, - დაამშვიდა ანამ. - დედამისი არ გამოჩნდება, მაგაზე არ იდარდოთ... ანა კარგა ხანს ფიქრობდა იმაზე, რაც მოისმინა და თავისი შვილის სიტუაციას ადარებდა... გულმოწურული წამოდგა, ქალს დაემშვიდობა და ზვიადთან ერთად, იქაურობა დატოვა. მთელი დღის განმავლობაში, ყველა დანარჩენ საკითხზე ფიქრს, ირაკლიზე ფიქრი სდევდა. ანას იმის გაფიქრებაც კი ცუდად ხდიდა, რომ წარმოიდგენდა, ირაკლის სხვა ქალი ჰყავდა... საყვარელი მამაკაცი არავისთვის ემეტებოდა და მის დათმობას არც აპირებდა. უბრალოდ, ახლა საჭირო იყო, ისე მოქცეულიყო, რომ მამაკაცს ჰგონებოდა, რომ ანასთვის სულ ერთია, სად და ვისთან ერთად იქნება ის... მაგრამ მთლად მასე ყოფნა და თამაშიც არ შეეძლო. საკუთარი ხასიათი ამის საშუალებას არ აძლევდა და დისკომფორტს გრძნობდა იმის გამო, რომ იძულებული იყო, სხვანაირად ეფიქრა და სხვაგვარად მოქცეულიყო. ცდუნებას ძლივს უძლებდა, რომ ტელეფონი არ აეღო და არ დაერეკა. თუმცა საღამოს, შინ მიმავალმა მაინც ვერ სძლია თავს და გიორგისთან ტელეფონით დაკავშირება რომ ვერ შეძლო, ირაკლის დაურეკა. - ალო, - მამაკაცის ჩახლეჩილი და სასიამოვნო ხმა მოესმა თუ არა, უფრო აფორიაქდა. - იკა, მე ვარ, - ვითომც აქ არაფერიო, ისე ჩასძახა ტელეფონს. - ჰო, ანა, რა ხდება? როგორ ხარ, სად დაიკარგე? - არც მამაკაცმა შეიმჩნია წინადღეს მომხდარი უსიამოვნება. - საქმეები მქონდა. გიორგის ვერ ვუკავშირდები და ხომ არ იცი, სადაა? - 2 წუთის წინ ველაპარაკე, ტელეფონი ჩართული ჰქონდა, მაგრამ ის კი არ მიკითხავს, სადაა. რა გინდოდა გიორგისთან? - ირაკლის გუნება გამოუკეთდა. იფიქრა, რომ ანამ წყენა დაივიწყა და არც თვითონ სურდა იმ ამბის გახსენება. - ეგ შენი საქმე არაა, როცა დავუკავშირდები, თვითონ მას ვეტყვი, - თითქოს ძველი ანა დაბრუნდა. - შენ რა, კიდევ ბრაზობ? - არა, არ ვბრაზობ და არც ვბრაზობდი. - ნუთუ?! - ირაკლი, მე ჩემი პოზიცია გამოვხატე და გითხარი, რომ ამ შემთხვევამ მიმახვედრა, - არ მიყვარხარ-მეთქი. ასე რომ... ია და ვარდი შენს გზას... წარმატებებს გისურვებ... გადასარევი მეგობრობა გამოგვივა და ამის წინააღმდეგი ნამდვილად, არა ვარ. - ანა, არ მომწონხარ... - მართლა?!Qროდის აქეთ?! აბა, აქამდე რომ მოგწონდი და სიყვარულსაც რომ მიხსნიდი? - სიტყვას ბანზე ნუ მიგდებ, კარგად ხვდები, რასაც ვგულისხმობდი... - არ მცალია შენთან სალაპარაკოდ, უნდა "ჩავბარგდე". ამაღამ მივფრინავ, დაგავიწყდა? - ჰო, მართლა - შენ რომ გაინტერესებდა, ის ინფორმაცია მოვიპოვე. - რომელი? - გასათიშად გამზადებული ტელეფონი ისევ ყურთან მიიტანა ანამ. - გავიგე, ვახო საბლიანის ნახვა სად შეიძლება... ვახო საბლიანის გაგონებაზე ანამ უცებ მუხრუჭს მიადგა ფეხი. მანქანა გზისპირზე გადაიყვანა და გაჩერდა. თვალწინ თავისი ქორწილის ღამე წარმოუდგა... სურათები ერთმანეთს ცვლიდა: უამრავი სტუმარი... თეთრი კაბა... გოჩა... სროლის ხმა... მანქანასთან ჩაკეცილი ქმარი... სისხლით შეღებილი თეთრი პერანგი... მიწა... ანას ხელები... საქორწილო კაბა... ანას კივილი... განგაში... ერთმანეთში არეული სტუმრები... გნიასი... ამ ყველაფერმა მის გონებაში რამდენიმე წამში გაირბინა, მაგრამ ანას მოეჩვენა, რომ მთელი საუკუნე გავიდა... ზიზღმა ტუჩის კუთხეები აუწია. - ანა, სად ხარ, რატომ გაჩუმდი? - ირაკლის ხმამ გამოაფხიზლა. - აქ ვარ, - ჩასძახა ანამ ტელეფონში, - მაგაზე სხვა დროს, ახლა მაგისთვის არ მცალია, - უთხრა და ტელეფონი გათიშა. შინ მისულმა სასწრაფოდ ჩაყარა ბარგი ერთ მოზრდილ ჩანთაში, შემდეგ რამდენჯერმე გადაამოწმა, რამე ხომ არ დარჩა და ვინაიდან რეისი დილის 4 საათზე იყო დანიშნული, გადაწყვიტა, 2-3 საათი დაეძინა კიდეც. დაწვა, მაგრამ თვალი ვერ მოხუჭა. გოჩაზე ფიქრი არ შორდებოდა. ახლა, როცა ვახო ასე ხელმოსაწვდომი გახდა, თითქოს უკან დაიხია ქალმა. შეეშინდა. რამდენჯერმე წარმოიდგინა, როგორ ახლიდა ტყვიას იმ ადამიანს, რომელმაც მისი ცხოვრება დაანგრია, ბედნიერება წაართვა და ყველაფერი თავდაყირა დააყენა. ამ მომენტს სიზმარშიც ხშირად ხედავდა და ყოველთვის მაშინ ეღვიძებოდა, როცა გადამწყვეტი მომენტი დგებოდა და სასხლეტზე თითი უნდა დაეჭირა... ახლაც, გონებაშიც, საქმე ბოლომდე ვერ მიიყვანა... კარგა ხანს იწვალა და ის იყო, ძილმა თავი წაართვა, რომ ტელეფონმა დარეკა. - ანა, გამოგივლი. მზად ხარ? - ჰკითხა გიორგიმ. - რომელი საათია? - თბილ ძილბურანს ვერ თმობდა. - უკვე 2 საათია. სანამ შენამდე მოვალ, სანამ აეროპორტამდე მივაღწევთ, 3 გახდება. რეგისტრაცია სამზე იწყება. - კარგი, მზად დაგხვდები. შენი მანქანით წავიდეთ? - არა, ტაქსით მოვალ. არ ვტოვებ ხოლმე მანქანას აეროპორტში. - კარგი, გელოდები. ანა წამოდგა და ფაციფუცით შეუდგა ჩაცმას. ტანზე მოტმასნილი, მუხლამდე სიგრძის ჯინსის შარვალი, დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი, თეთრ ტოპზე თეთრი, თხელი ქსოვილის, ბოლომდე ჩაღილული, გრძელსახელოიანი პერანგი შემოიცვა. თავისი გიშერივით შავი, ტალღოვანი თმა უბრალოდ დაივარცხნა და უკან გადაიყარა. - პოლონეთიდან რომ დავბრუნდები, თმას შევიჭრი, - განაჩენივით გამოუტანა საკუთარ თავს. - შენ რა, იპარები? - ახალგამოღვიძებული ნინო წამოადგა თავზე. - არ მინდოდა, გამეღვიძებინე. - მიდიხართ? - ნინოს ზურგს უკან ბელას გაბურძგნილი თავი გამოჩნდა. თან თვალებს ისრესდა. ანა მასთან მივიდა, ჩაცუცქდა და ჩაიხუტა. - მივდივარ, მაგრამ მალე დავბრუნდები. შენ კი შემპირდი, რომ კარგად მოიქცევი და ნინოსა და ციცოს დაუჯერებ. - კი, დავუჯერებ, - თავი დააქნია გოგონამ და თავისი შავი თვალები შეანათა. - ბებიასთანაც წაგიყვანენ. როცა მოგენატრება, ნინოს უთხარი და წაგიყვანს. კარგი? - ჰო, - ისევ დაეთანხმა ბელა. - კარგი. ახლა ჩამეხუტე და გაიქეცი დასაძინებლად. ანამ მანქანის სიგნალის ხმა გაიგონა და აჩქარდა. დედა და ნინო გადაკოცნა, დაემშვიდობა და გავიდა. - დავაგვიანე? - ჰკითხა გიორგის, როდესაც უკანა სავარძელზე, მის გვერდით მოთავსდა. კი არ მოთავსდა, დაეხეთქა... - არა, არც ისე. მაინც არ გვაგვიანდება, არ ინერვიულო, - დაამშვიდა გიორგიმ. - ყველაფერი შენ მოგანდე, არც კი მიკითხავს, იქ სად უნდა ვიცხოვროთ. ამდენ საქმეში სულ ვერ მოვიცალე მაგაზე სალაპარაკოდ, - ანამ მამაკაცს შეხედა. გიორგის სახე სულ ახლოს იყო. მან უცებ შეაბრუნა თავი და უხერხულობისგან ჩაახველა. - სასტუმროში, რა თქმა უნდა, და ცალ-ცალკე ნომრებში, რა თქმა უნდა... - ენა გააჩუმე! - ფერდში იდაყვი გაჰკრა ანამ. - არა, თუ შენი სურვილი იქნება... - გიორგი, შენი ძმაკაცის შეყვარებული რომ ვარ, მგონი, დაგავიწყდა. - თქვენ ხომ იჩხუბეთ. თუ ეს მოჩვენებითი ჩხუბი იყო?.. - ეშმაკურად ჩაიცინა მამაკაცმა. - შენ კი ჩასაფრებული იყავი, როდის ვიჩხუბებდით, ხომ? - კარგი, ანა, ვხუმრობ. სიმართლე თუ გინდა, მე სიძეობას გიპირებ და... იმედია, ამის წინააღმდეგი არ იქნები. - შენ რა, ჩემს დას დაადგი თვალი? - დიახ... ვმუშაობ მაგ მიმართულებით... - ნინოს გავაფრთხილებ, რომ შენს ანკესს არ წამოეგოს. - კარგი, ანა, რაა, მიწუნებ? - არა, მაგრამ ჩემი დისთვის მაინც უკეთესი მემეტება. ისე, გამოგდის რამე? - ჯერჯერობით მხოლოდ თვალებით ვეთამაშები, მერე ვნახოთ... - გულიანად გაიცინა მამაკაცმა. ანამ ტუჩები გაბუსხა და გაჩუმდა. გიორგის კი კარგა ხანს ეცინებოდა ჩუმ-ჩუმად და ანას გადახედავდა ხოლმე. როგორც იქნა, აეროპორტში მივიდნენ. რეგისტრაცია უკვე დაწყებული იყო. სასწრაფოდ გაიარეს ყველა პროცედურა და მალე თვითმფინავში თავიანთი ადგილებიც მოძებნეს. ანა ილუმინატორთან მოთავსდა, გიორგი კი ნაპირზე. შუა სავარძელი ცარიელი დარჩა. - აქეთ დაჯექი, ვინმე უცხო ჩაჯდება ჩვენ შორის, - ხელი დაარტყა ცარიელი სავარძლის სახელურს ანამ. - არ მიყვარს შუა სავარძელში ჯდომა... - კარგი, - ანამ ილუმინატორში ყურება განაგრძო. თვითმფრინავთან მოფუსფუსე აეროპორტის თანამშრომლებს აკვირდებოდა. თავისი და ირაკლის შეხვედრა გაახსენდა - ამერიკიდან დაბრუნებულს, აეროპორტში ფეხი რომ გადაუბრუნდა და მიწაზე დაეპერტყა. ქალი თავის ფიქრებს უღიმოდა და ეს ყველაფერი ისე ნათლად წარმოიდგინა, რომ ირაკლის სუნამოს სურნელიც კი იგრძნო. ამან კიდევ უფრო გაუმძაფრა მოგონებები... მაგრამ უეცრად გამოერკვია. თვითმფრინავის სალონში დამდგარი სურნელი მისი ფიქრის ნაყოფი სულაც არ გახლდათ... ანამ ირგვლივ მიმოიხედა. გასასვლელში ირაკლი იდგა და სტიუარდესას რაღაცას ელაპარაკებოდა. ქალმა თვალებს არ დაუჯერა. ჯერ მას შეხედა, მერე - გიორგის, რომელიც გულუბრყვილო ბავშვივით აფახულებდა თვალებს და ანასკენ არც იყურებოდა. ირაკლიმ იქაურობა მოათვალიერა და ანას თვალებს რომ გადააწყდა, ხელი აუწია და მისკენ წამოვიდა. - როგორ ხართ, ახალგაზრდებო? უჩემოდ აპირებდით, არა, ვარშავაში გამგზავრებას?!. გუგულებივით კი დამსხდარხართ, მაგრამ შუაში ეს ცარიელი "ბუდე" მე დამიტოვეთ?.. - ცარიელ სავარძელზე მიუთითა. - ჰო, დაგიტოვეთ, იქნებ კვერცხის დადებას აპირებ და... - ანამ ირაკლის თვალი აარიდა და ისევ ილუმინატორში ყურებას მოჰყვა. - დაჯექი, დაჯექი, ნუ მსახიობობ, - გიორგიმ შეთქმულივით გაუცინა. ირაკლი ანასა და გიორგის შორის დაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო, ქალისკენ შებრუნდა, გიორგის ზურგი აქცია და თვითონაც ილუმინატორში ყურება დაიწყო. - გახსოვს, აქ რომ წაიქეცი? - ჰკითხა ანას. - მახსოვს, - ანამ ისე მშვიდად უპასუხა, თავადვე გაუკვირდა. - მაგარი იყო... რომ წაიქეცი, საცვალიც კი გამოგიჩნდა, ქარმა კაბა რომ აგიფრიალა. - გმადლობ, რომ შემახსენე. შემრცხვა კიდევ ერთხელ. მიზანი მიღწეულია, - გაღიზიანებული ხმით უთხრა ქალმა. - ჩემი მიზანი ეგ არაა, - ირაკლი მასთან ახლოს მიიწია, ტუჩებით ლამის ყურზე შეეხო, - ჩემი მიზანი - შენი ხელში ჩაგდებაა, - ჩურჩულით უთხრა. ანა შეიშმუშნა და გაიწია. არადა, სიამოვნებით ჩაეხუტებოდა და იმ ტუჩებსაც დაუკოცნიდა, რომლითაც ახლა ასე ტკბილად ეჩურჩულებოდა. მაგრამ როგორც კი ის ღამის სტუმარი გაახსენდა, რომელიც ირაკლის სახლიდან გამოვიდა, მაშინვე გაუქრა ყველა გრძნობა და მხოლოდ ბრაზი დარჩა. თუმცა გულის სიღრმეში, ირაკლის არც ამტყუნებდა, რადგან ახალგაზრდა მამაკაცს ვიღაც რომ ეყოლებოდა, ეგ ხომ ისედაც უნდა სცოდნოდა. ირაკლი არ ეშვებოდა. ხან მის ხელს აიღებდა და ხელებს შუა მოიქცევდა, ხან სახეზე ჩამოშლილ თმას გადაუწევდა, ანა კი ყურადღებას არ აქცევდა. როგორც იქნა, ლაინერი აფრინდა. ქალს ეს მომენტი არ უყვარდა. გული თითქოს მკერდიდან ამოხტომას ლამობდა, ყელში ებჯინებოდა და რაღაცნაირად უფრიალებდა. სამაგიეროდ, თვითმფრინავი რომ გასწორდებოდა, მერე კი უყვარდა ილუმინატორში ყურება და ჯერ იმის დანახვა, როგორ პატარავდება შენობები, ადამიანები, მერე საერთოდ ქრება... პატარაობაში ხშირად მჯდარა საათობით და უშბის წვერზე "წამოგებული" ღრუბლებისთვის უცქერია. მოსწონდა, როცა მას რაიმე ცხოველს, ფრინველს ან საგანს ამსგავსებდა. შემდეგ ღრუბელი ნელ-ნელა ფორმას იცვლიდა... ის წინასწარ ცდილობდა ხოლმე, წარმოედგინა, როგორ ფორმას მიიღებდა შემდეგ თეთრი ქულა, მაგრამ იშვიათად თუ გამოიცნობდა. თუ ძალზე თეთრი, ფუმფულა და მკვრივი ღრუბელი იყო, ოცნებობდა, ისეთი მსუბუქი ყოფილიყო, რომ ზედ ჩამომჯდარიყო და იქიდან გადმოეხედა ქვეყნიერებისთვის. თვითმფრინავის სალონიდან კი ღრუბლებს ახლოდან უყურებდა და ფიქრობდა, რომ ოცნება ხელიდან ეცლებოდა, ვინაიდან აშკარა იყო, ვერასოდეს შეძლებდა ღრუბელზე ჩამოჯდომას. ქვევიდან კი ყველაფერი სხვაგვარად ჩანდა და ოცნებაც უფრო ხელმისაწვდომი ეჩვენებოდა... ცოტა ხანში ანას ძილი მოერია. სავარძლის საზურგეს თავი მიაყრდნო და თვალები დახუჭა. იგრძნო, ირაკლიმ როგორ წამოსწია ოდნავ წინ, როგორ ამოუდო მკლავი თავქვეშ, როგორ მიიხუტა, მაგრამ თავი მოიმძინარა, ვითომ არც გაუგია, ცხვირი მის მკერდში ჩაყო და კარგა ხანს იყო ასე გარინდებული. შემდეგ მართლა ჩაეძინა. დაშვება რომ დაიწყო, ირაკლიმ მაშინ გააღვიძა. ლოყაზე მამაკაცის პერანგის ღილი ჰქონდა "მიხატული" და ეწვოდა. - ისარგებლე, რომ ჩამეძინა, არა?!. - მსუბუქად უსაყვედურა. - თორემ შენ წინააღმდეგი იყავი, არა?!. - გიორგის გაეცინა. - შენ ვინ გეკითხება, მე წინააღმდეგი ვიყავი თუ არა?! - ლოყაზე ხელი მოისვა ანამ და ჩანთიდან სარკე ამოიღო. კარგა ხანს უყურებდა საკუთარ გამოსახულებას, შემდეგ კი ჩასასვლელად მოემზადა. აეროპორტში მათ მასპინძელი დახვდა, სასტუმრომდე მიაცილა და საღამომდე დაემშვიდობა. - ქართველი ამას არ იზამდა, - აღნიშნა ანამ, როცა ის წავიდა. - ჰო, ქართველი წაგვიყვანდა სადმე, კარგად გამოგვათრობდა და მერე მოგვიყვანდა და დაგვყრიდა სასტუმროში გალეშილებს, - გაიცინა გიორგიმ. - ესაა შენი ოთახი, - გიორგიმ გასაღები შეარჭო და გადაატრიალა. - გმადლობ, დროებით, - ანამ კარი მიხურა და ოთახს თვალი მოავლო. მდიდრულად მოწყობილი აპარტამენტი იყო. საძინებელში დიდი საწოლი იდგა. ქალი ლოგინზე ზურგით დაეცა და ხელები გაშალა. მგზავრობამ დაღალა და ახლა დაძინება ყველაფერს ერჩია. სულ 3 საათი ჰქონდა თავისუფალი დრო. შემდეგ მამაკაცები ჰოლში დაელოდებოდნენ. ანა სააბაზანოში შევიდა. გაუხარდა, ჯაკუზი რომ დახვდა. წყლით გაავსო, ჩართო და ჩაწვა. ესიამოვნა წყლის ჭავლი, რომელიც სხეულზე ელამუნებოდა. მოითენთა, მოეშვა და იქვე ჩაეძინა. თვალები რომ გაახილა, მიხვდა, რომ კარგა ხანი იქნებოდა გასული, რაც სააბაზანოში იმყოფებოდა. წყალი გადაივლო და ჯაკუზიდან ამოვიდა. სასწრაფოდ ჩაიცვა, სველი თმა აიკეცა და ოთახიდან ტყვიასავით გავარდა. "რა ცუდია, მობილურით რომ არ შემიძლია დაკავშირება", - გაიფიქრა, კიბეზე რომ ჩარბოდა. ადმინისტრატორს სალონის ადგილმდებარეობა ჰკითხა და თმის გასაშრობად გაემართა. ამ დროს ირაკლის ხმა წამოეწია და შეჩერდა. - გოგო, რას დაგვიხეთქე გულები?! რაც შენს კარზე ვაბრახუნეთ! ახლა უკვე ვაპირებდით, ადმინისტრატორისთვის გვეთხოვა დახმარება. - ჩამძინებია, - ბოდიშივით მოიხადა ანამ. - ისე როგორ გეძინა, რომ კარზე ბრახუნი ვერ გაიგონე? - აბაზანაში მეძინა... - გაუღიმა ანამ. - ახლა სად გარბიხარ? - ახლა თმას გავიშრობ სალონში და შემოგიერთდებით, - ქალი პასუხს აღარ დალოდებია, შებრუნდა და ჩქარი ნაბიჯით გაემართა დანიშნულების ადგილისკენ. ცოტა ხანში მოწესრიგებული დაუბრუნდა მამაკაცების კომპანიას. გარეთ კი მასპინძელი, იანო ელოდა, რომელმაც ყველანი ლანჩზე დაპატიჟა. საქმიანი შეხვედრა მესამე დღისთვის დაგეგმეს. მანამდე კი ვარშავის დასათვალიერებელი დრო ბლომად ჰქონდათ. ღირსშესანიშნავი არაფერი მომხდარა. მოილაპარაკეს, რომ მეორე დღეს სამივენი ექსკურსიაზე წავიდოდნენ, მაგრამ დილით გიორგიმ მათთან ერთად წასვლაზე უარი თქვა - ვარშავაში მცხოვრები მეგობრის მონახულება მოიმიზეზა და სასტუმროში დარჩა. ირაკლიმ სასტუმროშივე იკითხა, სად შეიძლებოდა გასეირნება, გზამკვლევიც შეიძინა და მანქანა დაიქირავა. ანა კარგ გუნებაზე იყო. იცინოდა, ხუმრობდა, ცდილობდა, ძველი წყენა აღარ გაეხსენებინა. ირაკლიც კრინტს არ ძრავდა კამათის შესახებ და ორივე ბედნიერად გრძნობდა თავს. თუმცა ანას მაინც არ ასვენებდა ნანას არსებობა. - სად მივდივართ? - დაინტერესდა მას შემდეგ, როცა მიხვდა, რომ ქალაქგარეთ იყვნენ. - აქედან 400 კილომეტრში ქალაქია, გორა კალვარია და იქ წავიდეთ, გჟერსკის ციხე ყოფილა, ისტორიული ადგილია და ის ვნახოთ. - რა, ვარშავა უკვე დავათვალიერეთ და ახლა მიმდებარე ტერიტორიებზე გადავედით?.. - გაეცინა ანას. - რა გენაღვლება, საქმე მაინც არაფერი გვაქვს, ლაპარაკ-ლაპარაკით ისე ჩავალთ და ჩამოვალთ, ვერც გავიგებთ. - სალაპარაკო ნამდვილად გვაქვს, - როგორც იქნა, მტკივნეულ თემას შეეხო ქალი. - ანა, მოდი, მაგაზე ნუ ვისაუბრებთ. მე შენ მიყვარხარ, გაღმერთებ და მინდა, რომ ჩემი ნაწილი გახდე. რაც შეეხება ნანას, ის დროებით იყო ჩემს ცხოვრებაში. მას ქმარი ჰყავს, ოჯახი აქვს... რაც მთავარია, არ მიყვარს. ნანა შენი მეტოქე ვერ იქნება. როცა ის ჩემთან ნახე, სწორედ იმ თემაზე გვქონდა ლაპარაკი, რომ ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო და ერთმანეთს უნდა დავშორებოდით. მე ვარ მამაკაცი, რომელსაც 3 წელი ჰქონდა ურთიერთობა ქალთან და მას ერთი ხელის მოსმით ვერ გავაგდებდი ჩემი ცხოვრებიდან. მინდოდა, ისე დავშორებოდი, რომ გულში ბოღმა არ დარჩენოდა და არც ტკივილი მიმეყენებინა. მას ვუყვარვარ, ვიცი, და მებრალებოდა კიდეც. ამიტომ ჯერ ნიადაგი მოვამზადე, შემდეგ კი ავუხსენი ყველაფერი და შევთანხმდით, რომ ჩვენი ურთიერთობა დამთავრდა. შეგიძლია, არ დაიჯერო, რასაც გეუბნები, მაგრამ მაშინ უნდა მოიყვანო მყარი არგუმენტი საიმისოდ, რომ ეს ტყუილი რამეში მჭირდება. მე არც შენი შეცდენა მაქვს განზრახული, არც რამე მჭირდება შენგან, გარდა სიყვარულისა და ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩემი გახდე და დაგიმტკიცო, რომ მართალს ვამბობ. ანა, მინდა, რომ ცოლად გამომყვე. არასოდეს შემოგთავაზებ საყვარლობას. იმიტომ კი არა, რომ ეს მიუღებელია და არ გაკადრებ; იმიტომ, რომ სამუდამოდ შენთან ყოფნა მინდა. ირაკლი გაჩუმდა. საუბრისას ხშირად გადახედავდა ქალს - მის რეაქციას აკვირდებოდა. ანა დუმდა. ბევრი რამის თქმა უნდოდა, მაგრამ სათქმელს თავს ვერ უყრიდა. უნდოდა ეთქვა, რომ ძალიან უყვარდა, მისი ალერსი სურდა და რომ მის მიახლოებაზე საშინელი რეაქცია ჰქონდა, შინაგანად იძაბებოდა და თავს ძლივს ერეოდა, რომ არ ჩახუტებოდა, მაგრამ არ იყო ეს იოლი სათქმელი. - ანა, მითხარი, გჯერა ჩემი თუ არა? ქალმა მის მკლავს ლოყა დაადო. აგრძნობინა, რომ ყველაფერი დაივიწყა, რომ სჯეროდა მისი და მასთან ყოფნა სურდა. ამ ერთი ჟესტით ყველაფერი ერთად თქვა. ირაკლიმ ხელი მოხვია, მიიზიდა და მის თავს ლოყა დაადო. კარგა ხანს იარეს ასე, ჩუმად. მერე მამაკაცმა მანქანა გზისპირზე გადაიყვანა და ანას მიუბრუნდა. თვალებში ჩახედა. ჯიუტი და თავნება ქალი სადღაც გამქრალიყო. თვინიერი და მორჩილი ქალი შეჰყურებდა მამაკაცს. ირაკლიმ ჯერ მისი სახის თვალიერებას მიჰყო ხელი, თითქოს პირველად ხედავდა, ყველა ნაკვთი შეისწავლა. შემდეგ ტუჩებზე დაეკონა. ანას წინააღმდეგობა არ გაუწევია, მის მკლავებს დაჰყვა და ლამის გულზე დაადნა საყვარელ მამაკაცს. - ის, რაც წეღან გითხარი, სულაც არ ნიშნავს, რომ ქორწინებამდე სექსი არ გვექნება, - ვნებიანად ჩასჩურჩულა ყურში, როცა ქალის ტუჩებს მოსწყდა. სახე დაუკოცნა და მანქანა დაქოქა. მოსაღამოებული იყო, როცა გორა კალვარიაში ჩავიდნენ. ძლივს მოასწრეს ისტორიული ციხის ნახვა. ღამდებოდა. - მოდი, ამაღამ აქ დავრჩეთ, სასტუმროს მოვძებნი. - გიორგი გაგიჟდება, - წინააღმდეგობის გაწევა სცადა ანამ. - გიორგიმ იცის, რომ ამაღამ არ მივალთ, არ ინერვიულებს. მხოლოდ მე და შენ ვიქნებით... ერთ ნომერს ავიღებ, დიდი საწოლით. - მაშ, მოაწყვეთ, არა?.. ის განგებ დარჩა, შენც განგებ წამომიყვანე ასე შორს... არ მინდა აქ დარჩენა, არც ტანისამოსი მაქვს და არც სურვილი. წავიდეთ! - გადაჭრით თქვა ქალმა. - ტანისამოსი ვიყიდოთ ხვალ დილით, რა პრობლემაა, და მერე დავბრუნდეთ უკან. - არა, წავიდეთ! არ მინდა აქ გაჩერება, - ისე კატეგორიულად თქვა, ირაკლი მიხვდა, არ გაუვიდოდა თავისი და უკან დაბრუნება გადაწყვიტა. შუაღამე იყო, როდესაც სასტუმროში შევიდნენ. ჰოლში გიორგის გადააწყდნენ, რომელიც დივანზე ნებივრად მიწოლილიყო და ახალგაზრდა ქალს პოლონურად ელაპარაკებოდა. - შენ რა, პოლონური იცი? როგორ გამაკვირვე! - ანას გაოცებისგან ლამის ყბა ჩამოუვარდა. - თქვენ რა, მოხვედით? ძალიან გამაკვირვეთ, - იმავე ტონითა და გამომეტყველებით უპასუხა გიორგიმ. - ჩაგეშალათ გეგმა, ჩა-გე-შა-ლათ! - დამარცვლა ბოლო სიტყვა ქალმა. - წამოხვალ ზევით, გიო? - ირაკლიმ მათ პაექრობას ყურადღება არ მიაქცია. - წადით და მეც ამოვალ. - მე ანასთან ვიქნები და რომ ამოხვალ, იქ შემოდი, ცოტა ხანი ვილაპარაკოთ. ტელევიზორში პოლონურ გადაცემებს ვუყუროთ და ვინაიდან ჩვენ ენა არ ვიცით, შენ გადაგვითარგმნი. - მოვილაპარაკეთ, - ხელი აუქნია გიორგიმ, - თავი დამანებეთ, 15 წუთში ამოვალ. ანამ კარი შეაღო და ხელის ცეცებით ჩამრთველის ძებნა დაიწყო. ირაკლიმ კარი მიხურა, შიგნიდან გადაკეტა, ანას ხელები ზურგს უკან დაუჭირა, სინათლე რომ არ აენთო, მთელი ტანით მიაწვა და ზურგით კედელზე მიაკრო. ანამ ხელების გათავისუფლება სცადა, მაგრამ რაც მეტს იბრძოდა, მით უფრო ბოჭავდა მამაკაცი და გასაქანს არ აძლევდა. ირაკლი მთელი ძალით უჭერდა ხელებს და ბოლოს ისე მოიქცია მკლავებში, რომ განძრევის საშუალებაც აღარ ჰქონდა. დაიღალა ამდენი ჭიდაობით და მოეშვა. - კარგი, გამიშვი, მეტკინა, - შეევედრა. - პირობა მომეცი, რომ შუქს არ აანთებ და გაგიშვებ, - დაჰპირდა მამაკაცი. - კარგი, არ ავანთებ. ოღონდ გამიშვი. ირაკლიმ ხელი გაუშვა. ანამ მაჯები მოისრისა და თან ტკივილისგან დაიმანჭა. ირაკლიმ მისი ხელები ხელებში მოიქცია და დაწითლებული ადგილები დაუკოცნა. შემდეგ მოულოდელად ხელში აიტაცა და საძინებლისკენ წავიდა. ანამ კისერზე შემოაჭდო მკლავები და გაიტრუნა. ქალი საწოლზე ფრთხილად დაუშვა, თვითონაც იქვე ჩამოუჯდა და ბლუზის ღილების გახსნა ქვევიდან დაიწყო. ანამ თვალები დახუჭა. ცოტა ხანში მამაკაცის ტუჩების შეხება მუცელზე იგრძნო. მის თმაში თითები შეაცურა... ნეტარებისგან კვნესა აღმოხდა. ირაკლი გაახელა მისმა საქციელმა. კოცნა-კოცნით ზევით მიიწევდა... ანას ყველა მოძრაობა და გამოხედვაც კი მორჩილებას გამოხატავდა... ოთახში ჩამოწოლილი ვნების ვარდისფერი ნისლი კარზე კაკუნმა გაფანტა... - გიორგი იქნება, - დაიჩურჩულა ანამ. - ნუ გავაღებთ, - ირაკლიმ ქალს ზემოდან დახედა და ჩურჩულით უთხრა. - არა, უხერხულია, - ანა იდაყვებს დაეყრდნო და საწოლიდან წამოიწია. - რა არის უხერხული, წავიდეს და დაიძინოს, - ირაკლი მისი ტუჩების მიწვდენას შეეცადა, მაგრამ ანამ თავი გასწია. ამასობაში გიორგი არ ცხრებოდა და კარზე ჯიუტად აკაკუნებდა. ირაკლი წამოდგა და კარის გასაღებად გაემართა. ანამ ტანისამოსი შეისწორა, მისაღებში გავიდა და ტელევიზორი ჩართო. თვიოთონ დივანზე დაეშვა და ისეთი სახე მიიღო, თითქოს მთელი ყურადღებით უყურებდა ფილმს. - უკაცრავად, ხელი შეგიშალეთ, მგონი, მაგრამ რა ჩემი ბრალია? თვითონ არ დამპატიჟეთ? - თითქოს თავს იმართლებდა გიორგი, მაგრამ მის ხმაში უფრო მეტი ნიშნის მოგება ჩანდა, ვიდრე სინანული. - ხელი რაში უნდა შეგეშალა, მოდი, დაჯექი, - არ შეიმჩნია ანამ. ირაკლის კი სახეზე ეწერა, რომ რაღაცით უკმაყოფილო იყო. გიორგი კარგა ხანს დარჩა მათთან ერთად, მერე ირაკლის მოსვენება არ მისცა, სანამ არ წაიყვანა. წამოდი, დავიძინოთ, ანა დაღლილია, დასვენება აცადეო. ირაკლი ხმას არ იღებდა, კრიჭაშეკრული იჯდა და ტელევიზორს თვალგაშტერებული უყურებდა. ბოლოს, რომ ვერაფერი გააწყო, ადგა, ანას გამოემშვიდობა და გიორგის დასაკლავი ხბოსავით გაჰყვა. ფეხები უკან რჩებოდა. თუმცა, ამ სიტუაციაში სხვა არაფრის გაკეთება არ შეეძლო. მასპინძელმა ისინი გასასვლელთან მიაცილა და ისე მიხურა კარი, ლამის ირაკლის ფეხი მოაყოლა. მაშინვე დასაძინებლად დაწვა... ჭერს მიშტრებოდა და თან გიორგიზე ბრაზობდა. ხვდებოდა, რომ მამაკაცმა ეს განგებ გააკეთა, მაგრამ არ იცოდა, რატომ მოიქცა ასე. ეჭვიანობის გამო თუ უბრალოდ, იეშმაკა და იხუმრა. ირაკლის სუმანოს სურნელი ცხვირში უღიტინებდა. ჰაერი გაჟღენთილი იყო ამ სურნელით. ტანზეც კი ეს ნაცნობი სუნი ჰქონდა შერჩენილი, რომელსაც სახვა ათას სუნში ამოიცნობდა... საიდანღაც, შორიდან ტელეფონის ხმა მოესმა. მესიჯი იყო. გაახსენდა, რომ წინა დღეს პოლონური ბარათები იყიდეს და ერთმანეთის ტელეფონის ნომრებიც ჩაიწერეს. ჯერ დაეზარა ადგომა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ ახლა ირაკლის მეტი არავინ დაუმესიჯებდა და წამოდგა. ტელეფონი მოძებნა. "ანა, მაპატიე... გიორგი რომ არა, ახლა ჩემს მკლავებში მოქცეული, ნეტარებისგან მიბნედილი და ვნების ნისლში გახვეული იქნებოდი. თუ ნებას დამრთავ, მოვალ... და იქნება... სურვილი, ტალღებად მოვარდნილი, აჩქარებული სუნთქვა... თავდავიწყების ჩურჩული... ერთმანეთის ტუჩების ძებნა, ჩემი მიძალება და შენი დანებება... სიგიჟე სხეულთა ჰარმონიის და ნეტარებაში სიკვდილი... დაზავება წუთიერი და სიგიჟე ისევ... მოვიდე?" ანას ერთი სული ჰქონდა, მიეწერა, მოდიო, მაგრამ გაიფიქრა, რომ არ ღირდა ხვალ დილით გიორგის ირონიული მზერისა და გადაკრული სიტყვების მოსმენა და პასუხი არ დაუბრუნა. "ხვალ ვეტყვი, რომ მეძინა და ვერ გავიგონე მესიჯის მოსვლის ხმა", - გაიფიქრა, ბალიშს ჩაეხუტა და თვალები დახუჭა. დილით კაკუნმა გააღვიძა. ხალათი მოიცვა და კარი ისე გააღო. ეგონა, ირაკლი იქნებოდა, მაგრამ შეცდა. კართან გიორგი იდგა და უღიმოდა. - შეიძლება? - მიპატიჟებისთვის არც დაუცდია, ისე შეაბიჯა ოთახში, - მიდი, დაუძახე, დროზე ადგეს, გეყოფათ ნებივრობა. 11 საათია უკვე და დაგვაგვიანდება შეხვედრაზე. - ვის დავუძახო? - ანა მის პირდაპირ ჩამოჯდა. - ბატონ ირაკლის დაუძახეთ. - აა, ირაკლის? იქნებ თავენ თვითონ გაგეღვიძებინათ, ბატონო გიორგი... - ანა, ხუმრობა იქით იყოს და მართლა უნდა ვიჩქაროთ. - კი, ბატონო, მე ნახევარ საათში მზად ვიქნები, - ბოლო სიტყვები უკვე სააბაზანოდან გამოსძახა ქალმა, - კარზე აკაკუნებენ და გააღე, - დაამატა შემდეგ. - ვა, ირაკლი, სად იყავი? - გიორგი იმდენად იყო დარწმუნებული, რომ მისი მეგობარი ღამე ანასთან დაბრუნდა, რომ გაოცებისგან პირი დააღო... - ქვევით ვიყავი ჩასული. მეძებდი? - ჰო, გიკაკუნე დილით და რომ არ გამაგონე... - გეგონა, აქ ვიყავი, არა? - გაეცინა იკას, - ჩემს ოთახში მეძინა მთელი ღამე და შენი წყალობით, რომ იცოდე... მაგრამ დილით მე შემოვდივარ აქ, ანა სააბაზანოშია, შენ კი დივანზე წამოწოლილი ტელევიზორს უყურებ. რა ვქნა ახლა, ვიეჭვიანო თუ? - "თუ", "თუ", - თავი გააქნია გიორგიმ. სისულელეს ნუ ლაპარაკობ. ვიდრე მამაკაცები საუბრობდნენ, ანა უცებ გამოეწყო და ოთახიდან ყველანი ერთად გავიდნენ. შეხვედრამ კარგად ჩაიარა. ყველა საჭირო დოკუმენტს ხელი მოაწერეს და ანა უდიდესი ფენოპლასტის ქარხნის მფლობელი გახდა... - გილოცავ ანა, შენ ახლა დიდი მეწარმე ხარ, - ხელი ჩამოართვა გიორგიმ, როდესაც მანქანაში ჩახდნენ და სასტუმროსკენ აიღეს გეზი. - ხუმრობ, გიორგი? - არა, რატომ? - ასეთ საჩუქრებს ჩემი ქმარი ყოველ დღესასწაულზე ყიდულობდა ჩემთვის. - უკაცრავად, ქალბატონო ანა, - გაიცინა გიორგიმ. - ეგ კი არა, მთელი 3 დღე რა უნდა ვაკეთოთ ვარშავაში? დღეს ორშაბათია, ჩვენი რეისი კი ხუთშაბათსაა. - დავისვენოთ, ქალაქი დავათვალიეროთ, თვალს წყალი დავალევინოთ, გავერთოთ. - სად მცალია გასართობად? გადავცვლი ბილეთებს და წავიდეთ, რაა... არ მინდა აქ დარჩენა, უამრავი საქმე მაქვს. - კარგი, ანა, რა დაგემართა, იყავი ჩემთან ერთად, ასეთი შანსი, რომ მთელი დღეები ერთად ვიყოთ, თბილისში ჯერ არ გვაქვს. შენც საქმეებზე დარბიხარ, მეც ვმუშაობ. აქ სულ ერთად ვიქნებით, - მთელი გულით შეეხვეწა ირაკლი. - არა, უნდა წავიდე. თუ თქვენ დარჩენა გინდათ, დარჩით. მე კი აუცილებლად წავალ. - მოუთმენელი ხარ და მოუსვენარი. გეფიცები, შენნანირი დაუდეგარი ადამიანი და მითუმეტეს - ქალი თუ მენახოს. სულ სადღაც გარბიხარ, სულ გეჩქარება, სულ საქმე გაქვს... - დრო ისედაც ცოტა გვაქვს ადამიანებს, ჩვენი სიცოცხლე წამია და ამ მცირე "რეგლამენტს" სასეირნოდ ვერ გამოვიყენებ. მით უმეტეს, რომ ახლა უმრავი მნიშვნელოვანი საქმე მაქვს. იმაზე მნიშვნელოვანი, ვიდრე ვარშვის დათვალიერებაა... ამას სხვა დროსაც მოვასწრებ. - რა ვქნათ, გიორგი? - ირაკლიმ მეგობარს გადახედა. - მე არსად ვაპირებ წასვლას. ის კი არა და, თუ მომეწონება, კიდევ მეტ ხანსაც დავრჩები. თქვენი კი არ ვიცი. თუ გინდათ, წადით. ანა რომ მიდის, ეგ ფაქტია, მაგას ვეღარ შეაჩერებ... - დარჩენა თუ გინდა, დარჩი შენც, რა პრობლემაა? - ირაკლის მიმართა, - "ახლა რომ დარჩე და მარტო გამიშვა, ამას არ გაპატიებ, იცოდე", - გულში კი ეს გაიფიქრა. - შენ როდის აპირებ წასვლას? | - სასტუმროში რომ მივალთ, გავიგებ როდისაა რეისი, არის თუ არა თავისუფალი ადგილები და წავალ, როგორც კი ამის შესაძლებლობა მექნება. სასტუმროში გაარკვია, რომ უახლოესი რეისი ღამის 2 საათზე იყო და თავისუფალი ადგილიც მოიძებნა. გადაწყდა, რომ ის იმ ღამით გამოფრინდებოდა თბილისში. ირაკლის კი გაუჭირდა გადაწყვეტილების მიღება... ანა ოთახში ჩანთას ალაგებდა და თან ცდილობდა გამოეცნო, როგორ მოიქცეოდა ირაკლი. გიორგისთანაც უხერხული იყო, რომ ძმაკაცს მარტო დაეტოვებინა და ანასთანაც, მარტო რომ გაეშვა. ყური მათკენ ჰქონდა მიპყრობილი და საუბარს უსმენდა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ ირაკლი ანასთან ერთად გაემგზავრებოდა. ანამ შვებით ამოისუნთქა. გაუხარდა, რომ ირაკლიმ ასეთი გადაწყვეტილება მიიღო... დილით თვალები რომ გაახილა და საკუთარ ლოგინში იწვა, ძალიან გაუხარდა. თავისი სახლი ყველაფერს ერჩივნა... ადგა და გამოეწყო, მაგრამ გარეთ გასვლის წინ აღმოაჩინა, რომ საქმე არაფერი ჰქონდა... დაფიქრდა... ამაზე ვარშავაში არ უფიქრია, რომ გადაუდებელი საქმე სულაც არ ჰქონდა. წამოსვლა უნდოდა და მორჩა! გული აქეთ მოუწევდა. მიზეზსაც მიხვდა... ანა... პატარა ანა იყო მიზეზი. მერე გაახსენდა, რომ რამაზს მისთვის უნდა დაერეკა და პასუხი ეთქვა... "ამ დილაუთენია ვერ დავურეკავ, შუადღისას კი შევახსენებ, რომ ველოდები მის გადაწყვეტილებას", - გაიფიქრა ანამ და მაინც გავიდა შინიდან. ვერ ისვენებდა. ერთ ადგილზე გაჩერება არ შეეძლო. ახლა ყველაზე უფრო დავითის ნახვა უნდოდა. სამსახურში მიადგა და სთხოვა, რამაზთან დაერეკა და პირობა შეეხსენებინა. დავითმა ნომერი აკრიბა და ანას გულმა ისე დაუწყო ცემა, თითქოს ბუდიდან ამოვარდნას ლამობდა. როგორ უნდოდა, რომ თანხმობა მიეღო. რამაზმა გულისყურით მოუსმინა დავითს და შეთანხმდნენ, რომ 1 საათში მასთან მივიდოდა სამსახურში. ანამ ჯერ წასვლა ამჯობინა, მაგრამ იმ იმედით დარჩა, რომ იქნებ რამაზს ანაც მოეყვანა და გოგონას ნახავდა. თუმცა, ხვდებოდა, რომ ამის ალბათობა ძალზე მცირე იყო, რადგან საქმიან შეხვედრაზე ბავშვს თან არ იახლებდა. კაბინეტში შემოსულ რამაზს ანა შეეგება და ხელი ჩამოართვა. დავითი გააცნო. რამაზი დაწვრილებით კითხულობდა თითოეულ წვრილმანს და პასუხს დაფიქრების შემდეგ აძლევდა. ბოლოს, ყველა კითხვა და საინტერესო დეტალი რომ ამოწურა, დაიბარა, პასუხს ხვალ გაგაგებინებთო და წავიდა. - რა მოითმენს ხვალამდე, - ანა ოთახში ბოლთას სცემდა. - ნუ ხარ ასეთი მოუსვენარი, უცებ გავა დრო, მაგრამ მაინც ვერ მივხვდი, რა პრინციპია, რომ რამაზმა მაინცდამაინც აქ იმუშაოს? - ასე უფრო გამიადვილდება ანასთან დაახლოება. მხოლოდ ეგაა მიზეზი. - ისე, ურგო კაცი არ ჩანს და შენ ხომ არ დაფიქრდებოდი და შეაბამდი? ცოლად გაჰყვებოდი და საკუთარი შვილის დედა გახდებოდი. - დედა კი არა, დედინაცვალი... საკუთარი შვილის დედინაცვალი ვიქნებოდი. მე ირაკლი მიყვარს, დავით... - გასაგებია. ერთხელ მაინც მომაკვრევინა თვალი მაგ კაცისთვის, ასე უცებ რომ მოინადირა შენი გული. - რა ძნელი მოსანადირებელი მე ვარ? - გაეცინა ანას, - ასე შორიდან ჩანს, თორემ თუ ჩემს სუსტ წერტილს ვინმემ მიაგნო, 2 საათში მომინადირებს. ირაკლი კარგი ადამიანია და იცის, ქალს რა სურს, როგორ შეხედოს, როგორ უთხრას, როგორ მოექცეს, რომ დაიმორჩილოს... გარეგნობაც ხელს უწყობს და მეტი რა უნდა ჩერჩეტ ანას? - სულაც არ ხარ ჩერჩეტი... ჭკვიანი გოგო ხარ და შენნაირი ბევრი არ დადის, - გააპროტესტა დავითმა. - ეჰ, დავით... როცა ახალგაზრდა ქალი მარტოა, ხომ იცი, რომ მამაკაცს მისი გადმობირება იოლად შეუძლია. ჭკვიანი ვარ თუ არა, ეგ არავინ იცის. ჭკვიანი ქალები არ უშვებენ ისეთ შეცდომებს, როგორც მე. - უშეცდომო ვინაა? - გულს მიკეთებ, არა? - გაიღიმა ანამ და აწკრიალებულ ტელეფონს უპასუხა. ირაკლი რეკავდა. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, ანა დავითს გამოემშვიდობა და წავიდა. ანა დილის გათენებას მოუთმენლად ელოდა. როგორც იქნა, მოვიდა ის დრო, როდესაც რამაზს წუთი-წუთზე უნდა დაერეკა დავითთან, მაგრამ მან ანასთან დარეკა და შეხვედრა სთხოვა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.