შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შტეფან ცვაიგი უცნობი ქალის წერილი(ნაწილი 1)


15-06-2016, 23:02
ავტორი kusu
ნანახია 3 179

ცნობილი მწერალი რ. სამი დღე მთაში იყო და დასასვენებლად, დილით ადრე ვენაში დაბრუნდა, სადგურზე გაზეთი იყიდა და თარიღს დახედა თუ არა, უცებ გახსენდა – დღეს მისი დაბადების დღგე იყო.”ორმოცდაერთი” - გაივლო გულში სწრაფად, მაგრამ ამით არც სიხარული უგრძნია და არც სინანული.გაზეთის შრიალა ფურცლებს ზერელედ გადავლოთვალი და ავტომობილით გაემგზავრა შინისაკენ.მსახურმა მოახსენა,თქვენს არყოფნაში ორმა კაცმა გიკითხათ,რამდენჯერმე ტელეფონითაც დარეკესო.შემდეგ ლანგარზე დახვავებული ფოსტა მოართვა,რომელიც ამ ხნის განმავლობაში დაგროვილიყო.მწერალი უგულოდ ათვალიერებდა წერილებს,გახსნა რამდენიმე მათგანი,რომელთა გამომგზავნი აინტერესებდა,ხოლო ერთი,საკმაოდ სქელი წერილი,უცნობი ხელით ნაწერი,გვერდზე გადადო.ამასობაში ჩაი მოართვეს.მწერალი სავარძელში მოკალათდა და ისევ გაზეთს დაუბრუნდა,გადათვალიერა აგრეთვე რამდენომე საქმიანი ქაღალდი,შემდეგ სიგარა გაბოლა და გადადებული წერილი კვლავ ხელში აიღო. ეს მთელი მოთხრობა უფრო იყო ,ვიდრე წერილი, – ოცდათ გვერდამდე, უცნობი ქალის ათრთოლებული ხელით ნაჩქარევად ნაწერი. უნებლიეთ კონვერტი ისევ გასინჯა,განმარტებისათვის რაიმე ბარათი ხომ არ ახლავს და შიგ ხომ არ დარჩაო. მაგრამ იგი ცარიელი აღმოჩნდა და ზედ, ისევე როგორც თვით ფურცლებზეც, არც გამომგზავნის მისამართი იყო,არც ხელმოწერა.”საოცარია”, – გაიფიქრა და წერილი ისევ ხელში აიღო.პირველ გვერდზე, ზემოთ, სათაური იყო თუ მიმართვა, ეწერა:”შენ, რომელსაც არასოდეს გცნობივარ”.ამან დაფიქრა:ვის უნდა ეკუთვნოდეს წერილი,მე,თუ სხვა რომელსამე გამოგონილ პიროვნებასო? უეცრად ცნობისმოყვარეობა აღეძრა და კითხვა დაიწყო. გუშინ შვილი მომიკვდა. სამი დღე და ღამე ვცდილობდი სიკვდილისათვის ხელიდან გამომეგლიჯა ეს პატარა და უსუსური სიცოცხლე.ორმოცი სათის განმავლობაში ვიჯექი მის ლოგინთან, სანამ საბრალო ბავშვის სხეულს გრიპისაგან ცხელების ალმური ასდიოდა.გახურებულ შუბლზე ცივ ტილოებს ვადებდი, ნიადაგ ხელში მეჭირა მისი მოუსვენარი პატარა ხელები.მესამე საღამოს ძალა გამომელია.ვერც კი გავიგე,როგორ დამეხუჭა მოქანცული თვალები. სამ თუ ოთხ სათს მეძინა მაგარ სკამზე,ამასობაში კი სიკვდილმა გამომტაცა შვილი.აი,წევს იგი თავის ვიწრო საბავშვო საწოლში, საყვარელი,საცოდავი ბავშვი, სწორედ ისეთიროგორიც იყო იმ წუთში,სიკვდილმა რომ წამართვა.მხოლოდ თვალები დაუხუჭეს, ჭკვიანი შავი თვალები, და გულხელი დაუკრიფეს. ოთხი სანთელი ანთია საწოლის კუთხებში.მისკენ გახედვას ვერ ვბედავ, ვერ ვბედავ ადგილიდან დაძვრას, რადგან სანთლის ალი რომ ირხევა, სახესა და მოკუმულ ბაგეზე ჩრდილები გადაურბენს ხოლმე და მგონია, თითქოს სახე უცოცხლდება; მეჩვენება, თითქოს მკვდარი არ არის, თითქოს კვლავ გაიღვიძებს და თავისი წკრიალა ხმით ტიტინს დამიწყებს. მაგრამ ვიცი, რომ უკვე აღარ არის, იქით გახედვა აღარ მსურს, არ მინდა ერთხელ კიდევ იმედი ჩამესახოს და მერე ერთხელ კიდევ გამიცრუვდეს ეს იმედი. მე ვიცი, მე ვიცი, რომ გუსინ შვილი მომიკვდა და ახლა მთელ ქვეყანაზე მხლოდ შენ დამრჩი, მხოლოდ შენ, რომელმაც ჩემზე არაფერი იცი, შენ, რომელიც ამ დროს უდარდელად თავს იქცევ, ანდა საგნებითა და ადამიანებითა ხარ გართული, მხოლოდ შენ, რომელსაც არასოდეს გცნობივარ და ვინც თავდავიწყებით მიყვარდი ყოველთვის. მეხუთე სანთელი ავანთე და აქ, მაგიდაზე დავდგი, რომელზედაც შენთან გამოსაგზავნ წერილს ვწერ. არა, არ ძალმიძს მარტო ვიყო ჩემი შვლის ცხედართან, არ შემიძლია ყელში მოწოლილი ცრემლი არ გადმოვანთხიო. ვიღას უნდა მოვმართო ამ საშინელ წუთებში, თუ არა შენ.შენ ხომ ჩემთვის ყველაფერი იყავი და ყველაფერი ხარ დღემდე.შეიძლება აზრს ნათლად ვერ გამოვხატავ, შეიძლება, ვერც კი გამიგო – გონება დამიჩლუნგდა, საფეთქლები მიცემს და მთელი სხეული მიკვნესის. მგონი, სიცხე მაქვს; მგონი, უკვე გრიპი დამემართა, რომელიც ახლა კარდაკარ დაძრწის.კარგი იქნება, თუ მეც ჩემს შვილსგავყვები, მაშინ აღარ დამჭირდება, მე თვითონ მოვუღო ჩემს თავს ბოლო.ხანდახან თვალი მიბნელდება,ეგებ ვერც კი დავამთავრო ეს სტრიქონები, მაგრამ მაინც მსურს უკანასკნელი ძალ-ღონე მოვიკრიბო,რომ ერთხელ მაინც,ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ გადაგიშალო გული შენ,საყვრელო ჩემო,შენ,ვისაც არასოდეს გიცნივარ.მინდა მხოლოდ შენ გესაუბრო,მხოლოდ შენ მოგითხრო ყველაფერი; კარგად უნდა იცნობდე ჩემს ცხოვრებას,რომელიც ყოველთვის შენ გეკუთვნოდა,თუმცა კი არ იცოდი.ჩემს საიდუმლოს მხოლოდ მაშინ გაიგებ, როცა ცოცხალი აღარ ვიქნები,როცა პასუხის მოწერა აღარ დაგჭირდება, როცა ეს სენი,ხან ცეცხლს რომ მიკიდებს,ხან კი ყინულად მაქცევს,ყველაფერს მოუღებს ბოლოს.თუ სიცოცხლე კვლავ მიწერია, დავხევ ამ წერილს დ დუმილს ვარჩევ,როგორც ვდუმდი ყოველთვის.მაგრამ თუ ეს წერილი შენს ხელთ აღმოჩნდა, იცოდე – მიცვალებული გელაპარაკება. იგი თავისი ცხოვრების ამბავს მოგითხრობს,იმ ცხოვრებისა,რომელიც შენ გეკუთვნოდა უკანასკნელ წუთამდე.ჩემა სიტყვებმა არ შეგაშინოს: მკვდარს არაფერი სჭირდება – არც სიყვარული, არც სიბრალული, არც დამშვიდება.მხოლოდ ერთსა გთხოვ – დაიჯერე ყოველივე,რასაც შენდამი ლტოლვით გახელებული გული ჩემი გაუწყებს.დაიჯერე ყოველივე, მხოლოდ ამას გემუდარები.იცოდე, ერთადერთი შვილის ცხედრის წინაშე როდი ცრუობენ! გადმოგიშლი მთელ ჩემს ცხოვრებას, რომელიც ნამდვილად მაშინ დაიწყო, როდესაც პირველად გიხილე.მანამდე ჩემთვის არსებობდა მხოლოდ რაღაც ბუნდოვანი,გაურკვეველი სამყარო,შემდეგ აინუნშიაც რომ აღარ მომსვლია, რაღაც ბნელი ჯურღმული,აბლაბუდითა და მტვერით დაფარული საგნები და ხალხი,რომელთა შესახებ ჩემა მეხსიერებამ თითქმის აღარაფრი შემოინახა.შენ რომ გამოჩნდი,ცამეტი წლისა ვიყავი,ვცხოვრობდი იმავე სახლში,სადაც ახლა ცხოვრობ,სწორედ იმ სახლში, სადაც ახლა ზიხარ და ხელთ გიჭირავს ეს წერილი – ჩემი ცხოვრების უკანასკნელი ამოსუნთქვა; ვცხოვრობდი იმავე სართულზე, შენი კარის მეზობელი ვიყავი.აბა, რაღას გეხსომებით – ფინანსურ საქმეთა მრჩევლის ღატაკი ქვრივი (ყოველთვის ძაძა ეცვა) და ოდნავ მოჩიტული გამხდარი გოგონა.ჩვენ ხომ სრულიად შეუმჩნევლად ვცხოვრობდით, თითქოსდა ჩაძირულნი ჩვენს უბადრუკ წვრილბიურგერულ ყოფაცხოვრებაში.ჩვენი გვარიც კი არ გექნება გაგონილი,რადგან კარზე წარწერა არ გაგვაჩნდა და ჩვენთან არავინ დადიოდა,არავინ გვკითხულობდა.თანაც, ეს იყო დიდი ხნის – თხუთმეტი, თექვსმეტი წლის წინ.არა, საყვარელო, შენ ეს, ცხადია, არ გახსოვს, მაგრამ მე … ოჰ, მე ისე ცოცხლად ვიგონებ ყველა წვრილმანს!. ნათლად მახსოვს ის დღე, ის სათიც კი, როცა პირველად გავიგე შენი ამბავი,როცა პირველად გნახე.ან კი როგორ არ უნდა მახსოვდეს ეს ნეტარი წუთი, მაშინ ხომ ქვეყანა პირველად გადაიშალა ჩემ წინაშე!მოთმინება იქონიე, ჩემო საყვარელო,დამაცადე ყველაფერი თავიდან მოგითხრო.მეოთხედი სათის განმავლობაშიარ მოიღლები ჩემი მოსმენით.მე ხომ შენმა სიყვარულმა მთელი ცხოვრების განმავლობაში ვერ მომღალა! მანამდე,სანამ ჩვენ სახლს მოევლინებოდი,შენს ბინაში ცხოვრობდნენ საძაგელი,ბოროტი,ანჩხლი ადამიანები.თვითონ ღატაკნი იყვნენ,მაგრამ ყველაზე მეტად სძულდათ თავიანთი მეზობლების სიღატაკე – ვძულდით ჩვენც,რადგან არ გვსურდა ამ ზნედაცემული ამბოკარების სიტლანქესთან რაიმე გვქონოდა საერთო.ქმარი ლოთობდა და ცოლს სცემდა ხოლმე,ღამღმობით ხშირად გვეღვიძებოდა წაქცეული სკამებისა და დამსხვრეული ჭურჭლის ხმაურზე,ერთხელ კი ცემით დასისხლიანებული, თმაგაწეწილი ცოლი კიბეზე გამოვარდა,ღვინით გალეშილი ქმარი უკან გამოეკიდა და იქამდე აგინა, სანამ მეზობლები ოთახებიდან არ გამოცვივდნენ და პოლიცით არ დაემუქრნენ.დედაჩემი თავს არიდებდა ამ ხალხს,მათ შვილებთანაც კი ამიკრძალა ლაპარაკი,ამის გამო ისისნი მუდამ შემთხვევას ეძებდნენ სამაგიერო გადაეხადათ. ქუჩაში რომ შემხვდებოდნენ, ყოველგვარ სისაძაგლეს მომაძახებდნენ ხოლმე, ერთხელ გაყინული თოვლის გუნდები ისე დამიშინეს, რომ შუბლი გამიხეთქეს.მთელი სახლი დაირაზმა ამ ხალხის წინაღმდეგ რაღაც ინსტიქტური სიძულვილით.როდესაც ქმარი ციხეში ჩასვეს, ვგონებ, ქურდობისათვის,ხოლო ოჯახი იძულებულიგახდა თავისი ბარგი – ბარხანით სადღაც გადახვეწილიყო,ყველამ შვებით ამოვისუნთქეთ.რამდენიმე დღე სადარბაზო კარზე განცხადება ეკიდა, რომ ბინა ქირავდებოდა.შემდეგ ჩამოხსნეს,მალე სახლის მართველისაგან გავიგეთ, რომ ბინა დაიქირავა მწერალმა,მარტოხელა პატივსაცემა ბატონმა. აი,როდის გავიგონე შენი სახელი პირველად. რამდენიმე დღის შემდეგ მოვიდნენ მღებავები, მებათქაშები,მეშპალერები, ხუროები, ადრე მცხოვრები უსუფთაო მდგმურების შემდეგ ბინა წესრიგში რომ მოეყვანათ.ისმოდა ჩაქუჩის ხმა,მუშები რაღაცას აჭედებდნენ,ასუფთავებდნენ,ფხეკდნენ,დედაჩემი კი სიხარულით ფეხზე აღარ იდგა და ამბობდა, ძლივს არ ვეღირსეთ საძაგელი მეზობლების თავიდან მოშორებასო. მალე შენი ნივთების მოტანა დაიწყეს, მაგრამ თვითონ ჯერ კიდევ არ ჩანდი. ყველა ამ სამუშაოს ხელმძღვანელობდა შენი მსახური – ტანმორჩილი, ჭაღარაშერეული დარბაისელი კამერდინერი, რომელიც წყნარი ხმით საქმიანად და ცოტა ქედმაღლურად იძლეოდა მითითებებს.კამერდინერი ყველას ძალიან მოგვწონდა, რადგან ჩვენთან,გარეუბანში,კამერდინერი ნამდვილად უცხო ხილი იყო,ამის გარდა,ყველას მეტისმეტად თავაზიანად ექცეოდა,თუმცა მსახურთ თავს მაინცდამაინც არ უყადრებდა.იგი პირველი დღიდანვე მოკრძალებით ესალმებოდა დედაჩემს,როგორც მანდილოსანს.ასე გასინჯეთ,მეც, ცხვირმოუხოცავ გოგოს,მუდამ ყურადღებით დასერიოზულად მეპყრობოდა.შენს სახელს იგი განსაკუთრებული მოკრძალებით, თითქმის აღტაცებით ახსნებდა – კაცი ადვილად მიხვდებოდა, რომ მისი დამოკიდებილება როდი ჰგავდა ძველი მსახურის ჩვეულებრივ დამოკიდენულებას.ოჰ, როგორ შემიყვარდა ამისთვის ეს კეთილი ადამიანი – მოხუცი იოჰანი,თუმცა ცოტა მშურდა კიდეც მისი: ამ ადამიანს ხომ მუდამ შეძლო შენ გვერდით ყოფილიყო და შენთვის სამსახური გაეწიაყოველივე ამას,ყველა ამ სასაცილო წვრილმანს იმიტომ გიამბობ, ჩემო კარგო, რომ გაიგო, როგორ მოიპოვე თავიდანვე ესოდენი ძალა მხდალ, გაუბედავ გოგონაზე.ჯერ კიდევ მანამდე, სანამ ჩემს ცხოვრებაში შემოიჭრებოდი,შენ უკვე სიმდიდრის,უჩვეულობისა და იდუმალების შარავანდედით იყავი მოსილი და ჩვენ, ყველანი, გარეუბანში მდგარი პატარა სახლის მცხოვრებნი( ადამიანები, რომლებიც საკუთარ ნაჭუჭში არიან ჩაკეტილი, მუდამ ცნობისმოყვარეობით შეჰყურებენ მათ გარშემო მომხდარ ყოველ ახალ მოვლენას), მოუთმენლად ველოდით შენს გადმოსვლას.და რაოდენ გაიზარდა ჩემში ეს ცნობისმოყვარეობა,როდესაც ერთხელ,სკოლიდან დაბრუნებისას,სახლის წინ ავეჯით დატვირთული საბარგული შევნიშნე.ავეჯის დიდი ნაწილი,მძიმე საგნები,მუშებს უკვე ზევით აეტანათ,ახლა წვრილმანს ეზიდებოდნენ.კართან ავიტუზე,ამ საგნების ცქერით რომ გავმძღარიყავი – შენი ნივთები ხომ არაფრით ჰგავდნენ ჩემ მიერ მანამდე ნახულს.აქ იყო ინდური ღვთაებანი,იტალიური ქანდაკებები,ვება ჭრელი ნახატები,ბოლოს გამოჩნდა წიგნები – ამდენი წიგნი,ამდენი ლამაზი წიგნი ერძად არ მენახა.მათ ალაგებდნენ შენი ბინის შესასვლელთან,მსახური იღებდა თითოეულ წიგნს,საგულდაგულოდ ბერტყავდა მათ ჯოხით და აცლიდა მტვერს.წიგნების წყება სულ უფრო და უფრო იზრდებოდა.მე კი,ცნობისმოყვარეობით შეპყრობილი,ერთთავად მათ ირგვლივ დავიპარებოდი.იოჰანი არ მიშლიდა იქ ტრიალს,მაგრამ,ეტყობოდა,არც მაინცდამაინც მოსწონდა,ფეხებში რომვებლანდებოდი.ამიტომ ვერ ვბედავდი წიგნების ხელის ხლებას,თუმცა დიდი სურვილი მქონდა ოდნავ მაინც შევხებოდი რბილი ტყავის ყდებს.მხოლოდ სახელწოდებებს ვუჭვრეტდი გვერდიდან:წიგნი ზოგი ფრანგული იყო,ზოგი ინგლისური, ზოგის ენა კი ჩემთვის სრულიად უცნობი გამოდგა.დედას რომ არ დავენახე,არ ვიცი,როდის მოვრჩებოდი მათ თვალიერებას. თუმცა ჯერ კიდევ არ გიცნობდი,მთელ საღამოს შენზე ფიქრი მაინც მოსვენებას არ მაძლევდა.მე თვითონაც მქონდა რამდენიმე იაფფასიანი ყდაშემოცვეთილი წიგნი,რომლებიც ძალზე მიყვარდა და თითოეული მათგანი მრავალჯერ მქონდა გადაკითხული.სულ ამას ვფიქრობდი:როგორი უნდა იყოს ყველა ამ საუცხოო წიგნის პატრონი,რომელსაც ყოველი მათგანი წაუკითხავს, იცი ამდენი ენა, – როგოგი მდიდარი და როგორი ნასწავლიც ამასთანავე!და რაღაც ზეგარდმო მოწიწების დარი გრძნობა მეუფლებოდა ამდენი წიგნის გახსენებაზე.ვცდილობდი შენი სახე წარმომედგინა:მეჩვენებოდა,რომ გრძელი თეთრი წვერი გქონდა და სათვალიანი მოხუცი იყავი,აი ასეთივე,როგორც ჩვენი გეოგრაფის მასწავლებელი,ოღონდ ბევრად უფრო კეთილი,სათუთი და ლამაზი.არ ვიცი რატომ,მაგრამ ჯერ კიდევ მაშინ,როცა მოხუცად გთვლიდი,მჯეროდა,რომ ლამაზი იყავი.სწორედ იმ ღამეს,თუმცა ცხადლივ ჯერ არ მენახე,სიზმარში გიხილე პირველად. მეორე დღეს კი შენ გადმოხვედი.ბევრი ვეცადე,მაგრამ შენი ნახვა მაინც ვერ შევძელი.ეს კი ჩემს ცნობისმოყვარეობას უფრო აცხოველებდა.ბოლოს,მესამე დღეს,როგორც იქნა,დაგინახე და გაოცებული დავრჩი იმით,რომ სულ არ ჰგავდით ჩემი ბავშვური წარმოდგენით შექმნილ მამაღვთის ხატებას.თვალწინ ყოველთვის სათვალიანი კეთილი მოხუცი მედგა,უეცრად კი შენ მომევლინე სწორედ ისეთი,როგორიც დღესაც ხარ – მარად ახალგაზრდა,ვისაც წლები არავითარ კვალს არ აჩენს!ტანთ საუცხოო ღია ყავისფერი სპორტული კოსტიუმი გეცვა და კიბეზე ბიჭივით არბოდი,ორ-ორ საფეხურზე ერთი ნახტომით ადიოდი.ქუდი ხელში გეჭირა,მე კი გაოგნებული შევყურებდი შენს ნათელ,ცოცხალ სახეს,შენს გრუზა თმას.ღმერთმანი,იმდენად გაოცებული ვიყავი,შემეშინდა კიდეც – ოჰ,რა ახალგაზრდა,კოხტა,წერწეტი და მოქნილი მეჩვენე!საკვირველია ჭეშმარიტად:პირველი წუთიდანვე სავსებით ნათლად ვიგრძენი ის,რაც ეგზომ დამახასიათებელია მარტოოდენ შენთვის,რაც მუდამ მაკვირვებდა მეც და სხვებსაც, – შენი ბუნების რაღაც გაორება:ჭაბუკის მგზნებარება,ფუქსავატურად და ვნებიანად რომ ეძლევა სიცელქესა და ფათერაკებს,და იმავე დროს მამაკაცის სიდარბაისლე,შენს ხელოვნებაში ურყევი სერიოზულობა,მოვალეობის შეგნება,ნაკითხობა და მაღალი განათლება.აქ მე შეუგნებლად განვიცადე ის,რასაც შემდეგ ყველა ხედავდა, – შენი გაორებული ცხოვრება,რომლის ნათელი მხარე ქვეყნისაკენ იყო მოქცეული,ხოლო მეორე,წყვდიადით მოცული მხარე,ცნობილი იყო მარტოოდენ შენთვის.და აი,ცამეტი წლის გოგონა მონუსხულივით შენკენ მიზიდე და ამ გოგონამ პირველსავე შეხედვისას იგრძნო შენი ბუნების ღრმა გაორება,შენი არსების ეს ხვაშიადი.



№1  offline მოდერი bibo

Vaime vgijdebi am ucnobi qalis werilzee is vafren meore krugze gavdivarnert tveshi exac dawyebuli maq :********dzalian gmixarda amasac vkitxulobbbbb .shemidzlia vtqva ro am nawarmoebit mivxdi da gavige ra siyvaruli iseti wigniaaa ravi emociebs kide ver vtokav :****

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent