ვენდეტა - მე შენთან ვარ!
სანამ რატი გაბრაზებული მზერით ცდილობდა მირის ფერფლად ქცევას, ბიჭი წამოდგა და ძალით გაიყვანა ოთახიდან დაინტერესებული ჯული და გაცეცხლებული მამამისი. -ამას აქ რა უნდა? -რა სჭირს?- ერთდროულად ჰკითხეს ჯულიმ და მამაკაცმა. ბიჭი ჯულის მიუბრუნდა: -რანდევუ გადაიდო,- და არც მიაქცია ყურადღება მის ნაწყენ "მორდაშკას" ისე მიუბრუნდა მამამისს,- ჩემს კაბინეტში შევიდეთ. ერთ კითხვაზე მინდა პასუხის მიღება. როგორც კი კაბინეტში შევიდნენ, ბიჭმა მამამისს გაბრაზებული მზერა შეანათა: -მამა, რა ჩაიდინე?- ჰკითხა დაუფარავი გაღიზიანებით. -არაფერი განსაკუთრებული,- უპასუხა კაცმა მშვიდად,- აი ქალბატონ ექიმს კი მოუწევს ამიხსნას როგორ გამოვიდა მყარ გონებაზე მყოფი იქიდან ეს პატარა, გაუზრდელი არსება. -მამა,- გაბრაზდა მირი. -რა ხდება მირიან? რით ხარ უკმაყოფილო?- დაინტერესდა მამაკაცი,- კომპანიის დირექტორი გახდი. განა ეს არ გინდოდა? -ამ ფასად არ მინდოდა დირექტორობა, მამა. ხვდები მაინც რა გააკეთე?- ბიჭს აოცებდა მამამისის ცივსისხლიანობა. -ეგ ფასი შენ არ გადაგიხდია. მთელი ცხოვრება ვიტანდი გასვიანის და მისი მეგობრების სიამაყეს და ამპარტავნობას, ახლა კი შესაძლებლობა მომეცა ყველას გავცე პასუხი აწეული თავით. გაფრთხილებ, მირიან, არ ვაპირებ ამის დაკარგვას. გასაგებად აგიხსენი?- მისი თვალები უცნაურად ელავდნენ ამ სიტყვების წარმოთქმისას. -მაგრამ, მამა...- დაიწყო ბიჭმა, მაგრამ მამამისმა გააჩერა. -ლაწირაკო... ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ აქამდე მოგეღწია,- მოავლო ხელი ოთახს,- არ გაბედო უკან დახევა... არ გაბედო ჩემი და დედაშენის იმედების გაცრუება. -გასაგებია მამა...- დახარა თავი მირმა. ბიჭს გული უკვდებოდა, რადგან ის მამის წინააღმდეგ ვერ წავიდოდა, მისთვის მეტისმეტად ბევრი ჰქონდა კაცს გაკეთებული. მაგრამ მეორე მხრივ... შეძლებს კი გული ატკინოს ლოლიკოს? დატოვოს ის მისი კუთვნილი წილის გარეშე? -მე მივდივარ. შენზე ვტოვებ ამ საქმეს...- კაცმა კაბინეტის კარი გააღო და არ შებრუნებულა ბიჭისკენ ისე ესროლა,- იმედი მაქვს არ შევმცდარვარ შენში!- თქვა და გავიდა. მირს კი ამით ყველა გზა მოუჭრა. ბიჭმა უნდა დაიცვას თავისი სავარძელი, სხვა გზა აღარ დარჩა. მოუწევს გული ატკინოს მას, ვინც ასე ძალიან უყვარს... ვისი სახელიც მის გულზეა ამოქარგული. და იმისათვის, რომ მიზანს მიაღწიოს, უნდა გამოიყებოს გოგონას სისუსტეები მის წინააღმდეგ. ... -როგორ ხარ, პატარა?- ჰკითხა რატიმ მიჩუმებულ ლოლიკოს. ბიჭი მადლიერი იყო მოზარდის. მან პირველად შეძლო ყოვლისმომცველი სიბრაზის შეკავება. წინათ ალბათ ძვალსა და რბილს გაუერთიანებდა მამა-შვილს, ახლა კი ლოლიკოს კარგად ყოფნა გახდა მისთვის პრიორიტეტული და ამ გრძნობამ ჩაანაცვლა სიბრაზე. -თავს საშინლად ვგრძნობ,- ამოიოხრა გოგომ,- ახლა უკვე ჩემი საიდუმლო იცის ჩემმა ღრმად პატივცემულმა ოპონენტმა. ფრთხილად უნდა ვიყო, შეიძლება ნებისმიერ დროს გამოიყენოს ეს ცოდნა ჩემს წინააღმდეგ. -ნუ სულელობ ლოლიკო,- ცხვირზე დაჰკრა თითი ბიჭმა,- რადგან ამდენს ლაქლაქებ, ანუ კარგად ხარ. ადექი ყველაფერს სჯობს. -არ მინდა,- გაჯიუტდა მოზარდი,- ასე კომფორტულად ვარ. რატის გაეცინა და ძლიერად მიიკრა ასეთი ნაზი და დამყოლი გოგონა. რამდენ ხანს ისხდნენ არც ერთს არ ახსოვს, მაგრამ გოგონას მშიერი მუცლის ხმაურმა გამოაფხიზლა ორივე. ლოლიკო გაწითლდა, რატის კი გაეცინა. მისი სიცილისაგან მოზარდს გული შეეკუმშა. ეს დიდი ბავშვი, თავისი საიდუმლოებებით და არაორდინალური ბუნებით საოცრად აღელვებდა ჯერ კიდევ გამოუცდელ ლოლიკოს. ფრთხილად წამოდგნენ ორივენი და ოფისის კაფეში ჩავიდნენ. რატიმ ორივესათვის აიღო საჭმელი, რადგან ლოლიკოს გემოვნება კარგად შეისწავლა და გემრიელად მოკალათებულ გოგონას სინი წინ დაუდგა. -ოჰო, არანაირი სტაფილო,- გაუხარდა მოზარდს. -ვიცი რომ არ გიყვარს სტაფილო,- გაუღიმა ბიჭმა,- დილას სვამ აუცილებლად უშაქრო ყავას. არასოდეს იცვამ იისფერს. გიყვარს ვერცხლის სამკაულები და არ აღიარებ ძვირფას ქვებს. არ გსიამოვნებს როდესაც ზედმეტად ახლოს მოდიან შენთან, მაგრამ შენით რომ ეხუტები, ძალიან მოგწონს. გიყვარს კამათი ღირსეულ ოპონენტთან და გსიამოვნებს შენი ხედვის დამტკიცება. გიყვარს ბარტონი და კოპოლა. უსმენ ძირითადად მძიმე როკს და საშინლად გაღიზიანებს მონოტონური მუსიკა. ლოლიკო უსმენდა და საკუთარ ყურებს არ უჯერებდა. რატიმ ამ მოკლე დროში ის შეისწავლა ისე, თითქოს მთელი ცხოვრება იცნობდა. დააფიქსირა მისი ყველაზე მცირედი ჩვევებიც კი. და შეამჩნია ის, რასაც თავად მოზარდიც ვერ ამჩნევდა. -რატი...- ხმა აუკანკალდა ლოლიკოს. -იცი, პატარა, მე მხოლოდ საკუთარ თავს ვენდობოდი და არავის ვაჩვენებდი ჩემს სისუსტეებს. მაგრამ ახლა ვფიქრობ, რომ ვცდებოდი. მგონი სისუსტეს მაშინ ვიჩენდი, როდესაც არავის ვენდობოდი, როდესაც მეშინოდა ვინმეს მივნდობოდი. ხანდახან არც ისე ცუდია იყო დამარცხებული. თუკი გამარცხებს ის, ვინც შენთვის ძვირფასია. ხანდახან კი კარგია დახმარების თხოვნა. -იმისათვის, რომ ადამიანს დაეხმარო, არაა აუცილებელი იყო ძლიერი ან მდიდარი. საკმარისია იყო კეთილი,- გაუღიმა ლოლიკომ და ყელში გაჩხერილი ბურთი გადაყლაპა. -მადლობა, რომ სიკეთეს იჩენ ჩემს მიმართ,- უთხრა ბიჭმა და გაუღიმა. ამის შემდეგ ჩუმად განაგრძეს ჭამა. მხოლოდ თვალებით საუბრობდნენ და ეს იმდენად ინტიმური მომენტი იყო, რომ ორივეს დაავიწყდა ყველა და ყველაფერი გარშემო. იმ წუთს ორივეს სამყარო კონცენტრირდა მხოლოდ მის წინ მჯდომ ადამიანზე. ... საღამოს, სამსახურიდან გასვლის წინ ლოლიკოს ტელეფონმა დაურეკა. ამიტომ უკვე სერიოზულად გადაღლილ რატის სთხოვა ქვემოთ დალოდებოდა, თავად კი შეუდგა ნედლეულზე და სხვა მოსაწყენ თემებზე საუბარს. რატი ბედნიერი გავიდა გარეთ. ოფისში კედლები თითქოს წუთობრივად მცირდებოდნენ და ბიჭს გასრესვით ემუქრებოდნენ. ბიჭი ვერ იტანდა ჩახუთულ კაბინეტს და იქაურ ინტრიგებს. პირველად სწორედ იქ გაიფიქრა, რომ მათი "დურკა" ნამდვილი სამოთხეა დედაქალაქის ყველაზე პოპულარულ კომპანიებთან შედარებით. აქ, ქვების ჯუნგლებში, ნამდვილი მტაცებლები ბინადრობენ, რომლებიც თბილი და კომფორტული სავარძლისათვის, ნებისმიერს გადაყლაპავენ. ოფისის შენობიდან გასულმა ღრმად ჩაისუნთქა საღამოს სიგრილით გაჯერებული ჰაერი. დღის სიცხით გავარვარებული ასფალტი ნელა გრილდებოდა და ეს სუნი ბავშვობას ახსენებდა რატის. ახსენებდა როგორ თამაშობდნენ ფეხბურთს მეზობლის ბავშვები ასფალტზე, როგორ ადიოდა გადაყვლეფილი მუხლებით სახლში, როგორ... უეცარმა ხმაურმა დააბრუნა ბიჭი ნოსტალგიური წარსულიდან უფერულ აწმყოში. მანქანამ ძაღლს დაარტყა, მძღოლი კი ხმამაღლა იგინებოდა, რომ "უპატრონო ძაღლები ხელს უშლიან პატიოსან მოქალაქეებს მშვიდ ცხოვრებაში". ყველა გამვლელი გაჩერდა და უყურებდა შუა ხნის, ღიპიან, გამელოტებულ მამაკაცს, რომელიც უპატრონო ცხოველებს გაქრობას უსურვებდა. ძლიერი სილის გაწნის ხმა კიდევ უფრო დიდი შოკი აღმოჩნდა "ერთი მსახიობის თეატრის" მაყურებელთათვის. რატიმ გაოცებულმა შეხედა ლოლიკოს, რომელიც სიბრაზისაგან აკანკალებული უყურებდა გაოცებისაგან გაჩუმებულ მამაკაცს. -რაში გიშლიან ცხოველები ხელს? მათზე დიდი ცხოველი თქვენ ხართ. მანქანა დააჯახეთ და იმის ნაცვლად, რომ ვეტერინართან წაგეყვანათ საბრალო, კიდევ მას ლანძღავთ. არ გეცოდებათ? რატომ? ენა რომ არ აქვს და ვერ გეუბნებათ რომ სტკივა? აბა შეხედეთ,- გოგონამ ანიშნა ჯერ კიდევ ცოცხალ ძაღლზე, რომელსაც დახუჭული თვალებიდან ცრემლი სდიოდა. კაცმა ხმაურიანად გადაყლაპა ნერწყვი და რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ პატარა ბიჭის ყვირილმა გააჩერა: -ლაქი, არა ლაქი,- ტირილით მივარდა პატარა ბიჭუნა ძაღლთან. -ლაქი,- კიდევ ერთი პატარა გამოჩნდა. რამდენიმე წუთში 15მდე ბავშვი შემოეხვია გარს დაზარალებულ ცხოველს. -ხედავთ?- უთხრა ჩახლეჩილი ხმით ლოლიკომ,- თქვენ ამდენი ადამიანი ასე გულწრფელად დაგიტირებთ?- პატარები ყველანი ტიროდნენ და ეძახდნენ თავიანთ ლაქის. ძაღლს "ბედნიერი" ერქვა სახელად და მართლა ბედნიერი იყო, რადგან ამდენ უმანკო სულის პატარა ადამიანს შეაყვარა თავი. -დეიდა, ვერ გადავარჩენთ ლაქის?- დაქაჩა ლოლიკოს შარვალი სამიოდე წლის ხუჭუჭთმიანმა ბიჭუნამ. ლოლიკომ დაბნეულმა მოძებნა თვალებით რატი. ბიჭი უეცრად ადგილს მოსწყდა, დიდი სიფრთხილით აიტატა ხელში ძაღლი და გაიქცა ვეტ. კლინიკისაკენ, რომელიც რამდენიმე გაჩერებაში მდებარეობდა. ლოლიკო და ბავშვები უკან გაჰყვნენ სირბილით. -ლაქი სულ პატარა იყო, როდესაც ჩვენს ეზოში შემოვიდა,- უყვებოდა ბავშვების კომპანიაში ყველაზე უფროსი ლოლიკოს და რატის, სანამ ელოდნენ ვეტერინარის ვერდიქტს,- სახლში არავის შეგვაყვანინეს, მაგრამ რძე ყველამ გამოვუტანეთ. იმ დღიდან მთელი ეზო უვლის ლაქის, ყველას უყვარს და თავადაც ანალოგიური სიყვარულით გვპასუხობს. იცავს ეზოს თითოეულ მცხოვრებს. დაჰყვება მოხუცებს, როდესაც პენსიის ასაღებად მიდიან, გვაცილებს ბავშვებს სკოლაში და ხვდება ქუჩის თავში გვიან დაბრუნებულ ეზოს მცხოვრებლებს. -ჭკვიანი ძაღლი გყოლიათ,- უთხრა რატიმ და ცრემლით სავსე თვალები დამალა. -ლაქი ჩვენი ოჯახის წევრია,- თქვა პატარა კიკინებიანმა გოგონამ. ლოლიკომ ვეღარ შეიკავა თავი და ცრემლი წასკდა. სახე რატის კისერში ჩამალა და დამშვიდება სცადა. ამასობაში ვეტერინარი გამოვიდა ღიმილით: -თქვენი ლაქი ძალიან ბედნიერია ასეთი კარგი მეგობრები რომ ჰყავს. ყველაფერი კარგად იქნება. ბავშვები სიხარულით წამოხტნენ. ზოგი ერთმანეთს ეხუტებოდა, ზოგი ექიმს, ზოგი კი ლოლიკოს და რატის. ვეტ. კლინიკის შესასვლელთან კი აღელვებული მშობლები იდგნენ და უყურებდნენ როგორ უხაროდათ მათ შვილებს და შვილიშვილებს თავიანთი ოთხფეხა მეგობრის გადარჩენა. ლოლიკომ პირველმა შეამჩნია ისნი და გაუღიმა: -გილოცავთ, კარგი ბავშვები გყავთ ეზოში. ისინი ბევრს მიაღწევენ ამ ცხოვრებაში ასეთი მოსიყვარულე და თბილი ხასიათით. ლაქის კი გაუფრთხილდით, მან ერთ დიდ ოჯახად აქცია თქვენი ეზო და ბავშვებს ასწავლა ის, რასაც ბევრი მასწავლებელიც კი ვერ ასწავლის ცხოვრებაში. მერე კი რატისთან ერთად წამოდგა და კლინიკა დატოვა. ორივეს სითბოთი ჰქონდა სავსე გული. -ყოველთვის ვიძახდი, რომ ერთფეროვნება მკლავდა და არაფერი საინტერესო არ ხდებოდა ცხოვრებაში. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს სამყარო დღითიდღე უფრო და უფრო ლპებოდა და იხრწნებოდა, მაგრამ ახლა, როდესაც ეს ბავშვები ვნახე, მივხვდი, რომ ადამიანობა და სიყვარული ჯერ კიდევ არსებობს ამქვეყნად,- თქვა რატიმ და ლოლიკოს თმებში ჩამალა ცხვირი. გოგონას გაეღიმა. -იმედია არ დაკარგავენ ამ გრძნობას და შეინარჩუნებენ სიცოცხლის ბოლომდე,- თქვა ხმადაბლა ლოლიკომ და მიეხუტა რატის. ... მეორე დილა კაშკაშა მზით შეხვდა ერთმანეთის მკლავებში ჩაძინებულ ლოლიკოს და რატის. -მეზარება ადგომა,- გამოაცხადა გოგონამ. -კრებაა,- შეახსენა ბიჭმა და უხალისოდ წამოდგა. -ვაი, დამავიწყდა,- შეჰყვირა ლოლიკომ და წამოხტა. რატის ხელი ჰკრა და აბაზანაში თავად შეძვრა პირველი,- ძალიან ნელი ხარ,- გამოუყო ენა და კარი დაკეტა. ბიჭს გაეცინა. უკვე ერთ საათში სამსახურში წასასვლელად მზად იყვნენ ორივენი და ბ-ნ კოტეს ელოდნენ. ... მირი დილით საშინელ ხასიათზე იყო. გარდა იმისა, რომ აბსოლუტურად ვერ გამოიძინა და ეძინებოდა, არ იცოდა რას უმზადებდა მოუსვენარი ლოლიკო მას. საჭმელი ჭამა, დუში მიიღო და საათნახევრით ადრე გავიდა სახლიდან. წინა მწარე გამოცდილებით ჭკუანასწავლმა გადაწყვიტა ფეხით ჩასულიყო. ასეც მოიქცა. ფრთხილად დაქოქა მანქანა და მუხრუჭებიც შეამოწმა. ეზოდანაც ფრთხილად და დაძაბული გავიდა. და სწორედ მაშინ, როდესაც საკუთარ თავს დიაგნოზი გამოუწერა - გამოუსწორებელი პარანოიკი, გაიგო რუპორით გამოცხადებული თავისი მანქანის ნომერი: -მერსედესი, გადააყენე. გაოგნებულმა ბიჭმა მაშინვე შეასრულა კანონდამცველთა მოთხოვნა. ის აბსოლუტურად დარწმუნებული იყო თავის უდანაშაულობაში, ამიტომ მშვიდად შეხვდა მასთან მისულ პოლიციელს, რომელმაც მანქანიდან გადმოსვლა სთხოვა. მირს გაუკვირდა, მაგრამ შეასრულა თხოვნა. ხოლო როდესაც ხელები გადაუგრიხეს და ბორკილები დაადეს, ბიჭს ყველაფერი უაზრო ხუმრობა ეგონა. განყოფილებაში მისვლამდე ვერაფერი გააცნობიერა, იქ კი გაიგო შოკისმომგვრელი ამბავი - პოლიციაში დარეკეს და მისი მანქანის გატაცების შესახებ აცნობეს. ხოლო სანამ გაირკვეოდა თუ ვინ დარეკა და რატომ, მირმა უღმერთოდ დაიგვიანა კრებაზე. მერე კიდევ კარგა ხანს ჩხუბობდა და ემუქრებოდა სარჩელით იმ გაუნათლებელს, ვინც თავიდანვე საბუთები არ მოითხოვა. ოფისში მისულს, ეშმაკივით გაღიზიანებულს და გაბოროტებულს კარში ლოლიკო შეეჩეხა და მის ღიმილზე მიხვდა ბიჭი თუ ვინ და რატომ დასწამა ცილი. -განანებ,- ერთი ეს ესროლა და კაბინეტში შევიდა. ლოლიკო კი სიცილით შევიდა თავისთან. -გაბრაზებულია?- ჰკითხა რატიმ. -ცოფებს ყრის,- შესცინა გოგონამ. -პატარა, ახლა ფრთხილად უნდა იყო. ხომ ხვდები, რომ ასე არ დატოვებს შენს საქციელს? -შენ ხომ ჩემს გვერდით ხარ? შენთან ერთად არაფრის მეშინია,- უთხრა გოგონამ და ძლიერად ჩაეხუტა. ბიჭმა მიიხუტა და იგრძნო როგორ ჩაეღვარა სითბო მთელს სხეულში ამ პატარა აღიარების შემდეგ. ... ამ დროს მირის კაბინეტში მამა-შვილი კამათობდნენ. -არაფრის გაკეთება შენით არ შეგიძლია,- ყვიროდა მამაკაცი,- როგორ მიეცი უფლება ასე მარტივად მოეშორებინე თავიდან? -პრეზენტაცია ზეგაა, ზუსტად ვიცი, რომ ვაჯობებ,- არ ნებდბოდა მირი. მას საკუთარი გამოცდილების იმედი ჰქონდა. -შენთვისვე აჯობებს,- დაუქნია თითი მამაკაცმა, მაგრამ გონებაში უკვე გეგმა ჩამოაყალიბა. ის მირიანს ვერ ენდობოდა, აუცილებად უნდა ემოქმედა თავადაც. ახლა ლოლიკოს ვერაფერს უზამდა, მაგრამ აი მისი „თანაშემწე“... მამაკაცმა ჩაიცინა და კაბინეტიდან გასულმა ნაცნობი ნომერი აკრიფა. … პრეზენტაციის დღეს ლოლიკოც და მირიც საკმაოდ ღელავდნენ. მირს უნდოდა პირველობა გოგონასთვის დაეთმო, მაგრამ საბჭოს გადაწყვეტილებით სწორედ მას შეხვდა პირველი ნომერი. ბიჭის პრეზენტაცია მართლა საინტერესო და გამორჩეული იყო, თუმცა ლოლიკო მიხვდა, რომ აუცილებლად აჯობებდა თავისი კრეატიულობით. ახლა მთავარი იყო არ ჩაეგდო პრეზენტაცია და კარგად გამოსულიყო. როგორც კი გამოიძახეს, მაშინვე ავიდა სპეციალურ პოდიუმზე და სლაიდები ჩართო. თავიდან ხმა უკანკალებდა, მერე კი, როგორც კი ინტერესი დაიჭირა მსმენელთა თვალებში, უფრო გათამამდა და სწორედ მაშინ გაისმა ოთახის სიჩუმეში წკაპ წკაპ წკაპ ლოლიკო მომენტალურად გაჩუმდა და დაბნეული მზერა მოავლო ოთახს. პანიკას აჰყვებოდა კიდეც, რომ არ დაენახა რატი, რომელიც თვალებში უყურებდა, უღიმოდა და ტუჩების მოძრაობით უმეორებდა „მე შენთან ვარ!“. გოგონას სახე გაუბრწყინდა. მას წვიმის არ უნდა ეშინოდეს, რადგან მას ჰყავს ის, ვის გვერდითაც თავს დაცულად გრძნობს. რატი მას არასოდეს დატოვებს მარტო. მუდამ მის გვერდით იქნება. ლოლიკომ გაიღიმა და განაგრძო პრეზენტაცია. რატიმ კი ხელი მოჰკიდა მირს და ძალით გაიყვანა კაბინეტიდან. გარეთ გასულს კი მობილური გამოსტაცა ხელიდან და კედელს შეანარცხა. წვიმის წვეთების ხმა მომენტალურად შეწყდა. -ნამდვილი არაკაცი ხარ,- უთხრა რატიმ და ბიჭის სახეზე წაიკითხა, რომ ისიც ამავეს ფიქრობდა საკუთარ თავზე. იმის ნაცვლად, რომ მთელი ძალით დაერტყა მის წინ მდგომი ბიჭისთვის, რატიმ კედელს დაარტყა მუშტი,- ლოლიკოს ახლოს არ გაეკარო და არ გაბედო მისი სისუსტეების გამოყენება, გასაგებია? მირმა თავი დაუქნია. თავს საშინლად გრძნობდა. ლოლიკოს შეშინებულმა სახემ ის თითქოს ღრმა ძილისაგან გამოაფხიზლა. ამ დროს კარი გაიღო და ახალგაზრდა გოგონამ მირს შესვლა სთხოვა. რატიმ ხელი გაუშვა. მირმა პიჯაკი გაისწორა, რატის თავი ოდნავ დაუკრა და კაბინეტში შევიდა. რატიმ ღრმად ჩაისუნთქა და ის იყო თავადაც შესვლა უნდოდა, როდესაც ნაცნობი ხმა გაიგო: -რატი, შენ ახლა სხვა ადგილას უნდა იყო,- მერე კი ნემსი გაუკეთეს და ბიჭი გაითიშა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.