შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შეაბიჯე პარალერულ სამყაროში დასასრული


23-06-2016, 20:15
ავტორი tatia27
ნანახია 1 981

- რა იყო, რა მოხდა? - ვკითხე შეშფოთებული ხმით.
- 2 რამ მაქვს შენთვის სათქმელი: ერთი - კარგი, მეორე - ცუდი...
- ცუდით დაიწყე... - ვუთხარი გულდამშვიდებულმა, რადგან მისი ხმის ინტონაციით მივხვდი, რომ კატასტროფა არ გველოდა.
- ხომ გახსოვს, რომ შეგპირდი, ახალ წლამდე ერთი კვირით ბაკურიანში წავალთ-მეთქი?
- მახსოვს. მერე?
- ჰოდა... მე ვეღარ მვდივარ. შენ და ნინოს ჩაგიყვანთ და დაგტოვებთ. ან სულაც, გოჩა წაგიყვანთ. მერე კი, მე ჩამოგაკითხავთ და უკან ერთად დავბრუნდებით. თუ შევძელი, ერთი ღამით მეც დავრჩები.
- რა აუცილებელია?! ჩვენც არ წავალთ. შენ როცა მოიცლი, ერთად წავიდეთ. დაჯექი, დიდხანს უნდა იდგე ფეხზე? გშია? - დავაყარე კითხვები.
- არა, თქვენ წადით! - ისეთი ხმით თქვა, მივხვდი, რომ კამათს აზრი არ ჰქონდა. - კი, მშია... - დაამატა ბოლოს, მაგიდას მიუჯდა და ჩემი ერბო-კვერცხი მიიდგა.
- ეგ უკვე ცივი იქნება, ახალს შეგიწვავ, - შევთავაზე, მაგრამ უარი მივიღე.
- შენთვის შეიწვი, ამას მე გეახლები... - უკვე მადიანად ილუკმებოდა.
მაცივარი გამოვაღე, რომ კვერცხი გამომეღო, მაგრამ თითქოს შიმშილმა გადამიარა. გადავიფიქრე და კარი ისევ მივხურე. ზურას ჩემი საქციელი არ გამოეპარა.
რა იყო, გეწყინა, შენი ულუფა რომ მივისაკუთრე?
- არა, მადა დამეკარგა. მითხარი მეორე, კარგი ამბავი, იქნებ, მიშველოს?
ზურამ ჭამა შეწყვიტა, მაგიდაზე დადებული ხელსახოცებიდან ერთი ამოაძრო, ტუჩებზე გადაისვა და თითით თავისთან მიმიხმო.
- გინდა, კარგი ამბავი გითხრა?
- კი, ძალიან მინდა...
- შემეხვეწე!

- გეხვეწები... გთხოვ... ძალიან გეხვეწები... ცისოდენა და ზღვისოდენად გეხვეწები...
- აბა, ახლა მაკოცე! - მიბრძანა და თითი ლოყაზე მიიდო. თხოვნა აღარ გავამეორებინე. მუხლზე ჩამოვუჯექი, ხმაურით ვაკოცე და თვალებში ჩავხედე.
- ხომ გაკოცე! ახლა მითხარი... ცუდი რომ უცებ მომახალე, კარგზე რატომ მაწუწუნებ?
- კარგი და გასაგიჟებელი ის არის, რომ მიყვარხარ...
- სულ ეგ არის? - გავიბუსე მე.
- რა, ცოტაა? - გულწრფელად გაუკვირდა მას. - იცი, რამდენი ქალი ოცნებობს, რომ ჩემგან ეს სიტყვები მოისმინოს?!..
- გულიანად გადავიხარხარე, ქოჩორი მოვუჩეჩე და მის პირდაპირ დავჯექი. მაგიდას ორივე იდაყვით დავეყრდენი, ნიკაპი ხელებზე ჩამოვდე და მივაჩერდი.
- და... ვინც არ ოცნებობს?..
- იმას გემოვნება ღალატობს ან... არაფერი იცის ჩემი არსებობის შესახებ... - ამას ისეთი გამომეტყველებით ამბობდა, რომ მგონი, თვითონაც სჯეროდა...
- იცი, რამდენიმე წლის წინ, ერთი პაციენტი მყავდა. საკმაოდ ასაკოვანი, 70 წელს გადაცილებული მამაკაცი იყო... ჩემო სიხარულო, იცი, რატომ დასჭირდა ფსიქოლოგი?
- რატოოომ? - დაიჭყანა, თვალები დააელმა და გაწელა ეს სიტყვა. მიხვდა, რომ რაღაც "ისეთი" უნდა მეთქვა.
- თავისი ასაკის მიუხედავად, ბიძია ლევანი ძალზე კარგად გამოიყურებოდა. მაღალი, ახოვანი, წელში გამართული და მხრებში გაშლილი დადიოდა. ჭაღარა თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი და თვალებს არწივივით აბრიალებდა. გული და თვალი კი, ახალგაზრდა ქალბატონებისკენ ძველებურად გაურბოდა. ჰოდა, შენსავით, ახალგაზრდობაში ქალების ყურადღებას მიჩვეული გახლდათ და ახლა, ძველებური პოპულარობით რომ ვეღარ სარგებლობდა, სიბერის შიში შეეპარა და საშინელი დეპრესია ჰქონდა. თანც, თურმე იმ პერიოდში, ასევე ხანში შესული, ქვრივი ელიჩკასთვის დაუდგამს თვალი. რუს-ქართველა ელიჩკა ულამაზესი ქალი ყოფილა ახალგაზრდობაში. ისე შევეფერებოდით ერთმანეთს, როგორც ყველი და პურიო, - ამოიხვნეშებდა ხოლმე ბიძია ლევანი, - მაგრამ პატიოსანი ქალი იყო, ქმარს არ ღალატობდა და ახლოსაც არ მიკარებდა; ახლა, ამ სიბერეში მაინც "გამაკვრევინა კბილიო", - ნატრობდა.
- მართლა? - გამაწყვეტინა ზურამ და ჭერში ვიღაცას გაუღიმა.
- ჰო, მართლა, მართლა... ვის უღიმი?

- არავის. ჩემი თავი წარმოვიდგინე ლევანის ადგილას და გამეღიმა. მეც ასე ვიქნები ნეტავ, 70 წლის ასაკში?.. მერე? უშველე ბიძია ლევანს?
- ჰო, ვუშველე. მართალია, უცნაური მეთოდით, მაგრამ მაინც...
- რას ჰქვია, უცნაური? შოკური თერაპია ჩაუტარე?
- თითქმის. მასთან ფლირტი გავაჩაღე და ისე ვიქცეოდი, თითქოს მომწონდა, მიყვარდა და ვერ ვუმხელდი. უნდა გენახა, როგორ გამოცოცხლდა, სეანსებზე სულ "ფრენით" მოდიოდა, ხან შოკოლადი მოჰქონდა, ხან - ბატიბუტი, ხანაც - მინდვრის ყვავილები... მერე ისე მოვაწყვეთ, რომ მე და ლევანი, ხელკავით, ელიჩკას დავენახვეთ. იეჭვიანა ქალმა და გაებუტა ლევანს. მათი შერიგება კი ლოგინით დამთავრდა და ლევანის დეპრესიასაც საბოლოოდ დაესვა წერტილი.
- უყურე შენ! მაინც, არა?.. - მომუჭულ მარცხენაზე გაშლილი მარჯვენა ხელის გული დაჰკრა ზურამ.
- ჰო, მაინც... - გავიმეორე მისი ჟესტი.
- ოჰ, რა ხართ ეს ქალები: მთელი ცხოვრება ქმრის ერთგული იყო და სიბერეში, მკვდარს უღალატა... უჰ, თქვენი! - თვალები მოჭუტა და ეჭვიანი მზერით გამომხედა. - მერე? ხომ არ დაქორწინდნენ გუგულები?

- მერე? ლევანს ცოლი ჰყავდა. ეს ელიჩკა იყო ქვრივი, თორემ, ლევანის ცოლი ისეთი "მამალი" ქალი იყო, ცხენს გახედნიდა, რომ მოენდომებინა. მერე ის მოხდა, რომ ეს ჩვენი ბიძია ლევანი კარგა ხანს დაძვრებოდა ელიჩკასთან მალულად, რადგან ცოლის ეშინოდა. მიუხედავად იმისა, რომ ელიჩკა იქვე, გვერდით კორპუსში ცხოვრობდა, ლევანი მანქანით მიდიოდა ხოლმე, შორაიხლოს, "პროფილაქტიკაში" დატოვებდა და მერე ჩუმად იპარებოდა გულის ვარდთან. ჰოდა, ერთ მშვენიერ დღეს, ელიჩკას დაბადების დღე გათენდა. ლევანმა საჩუქარი უყიდა, ყვავილების თაგულიც არ დაივიწყა და საღამო ხანს ელიჩკას სადარბაზოში შეიპარა. ცოტა ეუცნაურა ბევრი ხალხის დანახვა და ქოთქოთი კიბეზე, მაგრამ გზა განაგრძო. მესამე სართულზე ასულს, ელიჩკას კარი ღია დახვდა და კართან მოგროვილმა ხალხმა ყვავილებით მიმავალ კაცს გზა დაუთმო. იმანაც, შეაბიჯა ოთახში და რას ხედავს?! გაჭიმულა ელიჩკა შუა "ზალაში" ტახტზე და სამუდამოდ დაუხუჭავს თვალები... ლევანმა "ობოლი" ცრემლით, უხმოდ დაიტირა საყვარელი ქალი, დაბადების დღისთვის ნაყიდი ყვავილები გულზე დააწყო და გულდამძიმებული წამოვიდა. ხანდახან სტუმრად მოდიოდა ხოლმე ჩემთან და როდესაც ელიჩკას იხსენებდა, ამოოხვრით იტყოდა ხოლმე: ეჰ... რა ქალი იყო, რა ქალი!... იმის მერე ჩემს გულს აღარავის გავუხსნიო... - დავამთავრე ამბის თხრობა, თავი გვერდზე გადავწიე და ზურას შევხედე.
- ასე რატომ მიყურებ? იცი, პუდელს ჰგავხარ... - უცებ შეცვალა საუბრის თემა. როგორც ჩანს, არ მოეწონა, ლევანს რომ შევადარე.
- ეს ახალი აღმოჩენაა?

- არა, დიდი ხანია, მინდოდა მეთქვა, რომ როცა თმა გაშლილი გაქვს და კულულები - სახეზე ჩამოყრილი, პუდელის ლეკვს მაგონებ ხოლმე... ფუმფულას, საყვარელს, ცელქს... ოღონდ, ლეკვებს ცხვირი მუდამ ცივი აქვთ, შენ კი - ცხელი...
- ამის მერე, რომ მოხვალ, "პედიგრი" გამოაყოლე ხელს, რომ ხალისიანი ვიყო და თანაც, ბალანი სულ მიბზინავდეს... - ისე გავხალისდი, რომ სულ აღარ მახსოვდა გამგზავრება და ვიზა...
ცოტა ხანში გამახსენდა, მაგრამ გუნება არ გავიფუჭე და სხვა დროისთვის გადავდე ზურასთან ამ თემაზე საუბარი.
მოგვიანებით ნინომ დარეკა და ხან მე მელაპარაკა, ხან - ზურას. ბოლოს უჩემოდ გადაწყვიტეს რომ ერთი დღის შემდეგ მე და ნინო დასასვენებლად წავიდოდით. რა თქმა უნდა, მე წინააღმდეგი არ ვიყავი, მაგრამ საჭირო იქნებოდა, სამსახურისთვის რაიმე რეალური და დამაჯერებელი მიზეზის მოგონება. ისე, რაც ზურა გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, სამსახურზე გული ავიცრუე... ახლაღა გამახსენდა სამსახური. ჩემი თავი 15 წლის გოგონას მაგონებს - პირველი სიყვარული რომ ეწვევა და სწავლა რომ ეზარება. ხუთოსნობიდან სამოსნობაზე რომ ჩამოვარდება... ჯერ იყო და, ამდენი გავაცდინე, ახლა კიდევ, წასვლას რომ ვაპირებ, ამაზე სულ გადაირევიან. მაგრამ აბა, რა ვქნა?.. უფ, ერთი!.. - ხელი ჩავიქნიე გუნებაში.
ისე, ზურასთან ურთიერთობამ ერთი კარგი თვისება შემძინა: გულთან ახლოს აღარაფერი მიმაქვს და ისიც ვისწავლე, როგორ უნდა შევუშვა სხვისი ნათქვამი ერთ ყურში და მეორიდან - გამოვუშვა... ამას რომ ვფიქრობდი, უნებლიეთ გამეღიმა. ზურას შევხედე. მას ხელში ტელევიზორის პულტი შერჩენოდა და დივანზე ჩასძინებოდა. ალბათ, ძალიან იღლება... ნეტავ, მის ადგილზე მამყოფა სულ რამდენიმე წუთი: გავიგებდი, რას ფიქრობდა ჩემზე და საერთოდ, რა ედო გულში...

დილით სამსახურში ზურამ მიმიყვანა. ჩემი ოთახის კარი შევაღე თუ არა, ელენიკოც შემომყვა და სკამზე ისეთი გამომეტყველებით დაჯდა, რომ მივხვდი, მნიშვნელოვანი რაღაცის თქმას აპირებდა. საკიდრიდან თეთრი ხალათი ჩამოვიღე და ჩაცმა დავიწყე. ველოდი, როდის დაიწყებდა ლაქლაქს ელენე, მაგრამ ის ტუჩებმოკუმული იჯდა და დუმდა. როდესაც ხალათის ბოლო ღილიც შევიკარი, მაშინღა ვუთხარი:
- ჰე, დაიწყე!
- გოგო, იცი, აქ რა ამბები ხდება?!. - უცებ ალაპარაკდა.
- არა, არ ვიცი. აბა, მითხარი! - შევაგულიანე მე.
- ისეთი შემცირება მიდის საავადმყოფოში, რომ დედა შვილს არ აიყვანს. თანამშრომლების ნახევარს უშვებნ.
- მერე? შენ რა ბედი გეწევა?
- არ ვიცი... - მხრები აიჩეჩა ელენემ. - საავადმყოფო იყიდება, ვიღაც უცხოელი ინვესტორის ხელში გადავა, ის კიდევ რას გააკეთებს, ღმერთმა უწყის... იცი, იმასაც ამბობენ, რომ თურმე განყოფილების გამგეებისთვის შეუთავაზებიათ, თუ თავად იყიდით განყოფილებებს, უცხოელს არ შემოვუშვებთო. დირექტორსა და მთავარ ექიმს დანა კბილს არ უხსნით... ჩააშხამეს ახალი წელი... ყველა დაბოღმილი დადის და ახლა ნახე, როგორ დაჭამენ ერთმანეთს. აქამდე ხომ ზურგს უკან უთხრიდნენ სამარეს ერთმანეთს და ვინ ვის ასწრებდა მთავარ ექიმთან ამბის მიტანას, ვერ გაიგებდი. ახლა კი დადგა დრო, საქვეყნდ დაერიონ და მოურიდებლად დაკბინონ კონკურენტები. - ერთი ამოსუნთქვით ჩამოარაკრაკა ელენემ.
- შენი განყოფილების საქმე როგორ იქნება?
- არ ვიცი, - ისევ აიჩეჩა მხრები და ქვედა ტუჩი გადმოაბრუნა - ძალიან ძვირი დაჯდება, თორემ მე ვიყიდდი...
- მაგდენ ფულს სად იშოვი? - გამეღიმა მე.
- ვერ ვიშოვი და საქმეც ეგ არის... - საცოდავად ამოიოხრა. - ნატ, მოდი, ავდგეთ და კერძო კლინიკა გავხსნათ მე და შენ. სილამაზის ცენტრი, ქალებისთვის. გასახდომი ვარჯიშები და რამე...
- შენ ფიქრობ, რომ მე და შენ აქედან - "პაკააა" - გაგვიშვებენ?
- რა ვიცი, გოგო. "პრავდა, ტი ედინსტვენნი პსიხოლოგ ნა ვსიუ ბალნიცუ, ნო ვსიო რავნო ესტ რისკ ასტატსია ბეზ რაბოტი". - რატომღაც ჩაურუსულა ელენემ.
- არა უშავს, გადავიტანთ რამენაირად. სონასთან მივდივარ! - ისე მოულოდნელად ვთქვი, რომ ელენე შეხტა.
- რააა? მართლა?! - წამოხტა, მომეხვია და ჩამკოცნა. - აუუ, რა მაგარია! ვიზა მიიღე? როდის მიდიხარ? სონამ უკვე იცის? - დამაყარა შეკითხვები. - ჰოდა, აბა, შენ რაში გენაღვლება, წახვალ და სამსახური რაღად გინდა?!. მერე, ზურა?.. - გაახსენდა უცებ.
- ზურა? აი, ეგ კი ძალიან მძიმე საკითხია, ჩემო ელენე.
- არ გიშვებს?
- არ იცის!
- აუფ, რა მაგარია! შენ გინდა, ამერიკაში ისე წახვიდე და ჩამოხვიდე, რომ ზურამ ვერ გაიგოს?
- კარგი, დამანებე თავი, - ვუთხარი და ხელი ჩავიქნიე. ელენე, აბა, რის ელენე იქნებოდა, თუ მანამდე მომეშვებოდა, ვიდრე ყველაფერს დაწვრილებით არ გამომკითხავდა?
ვუამბე, როგორც იყო საქმე. ის ცოტა დაფიქრდა, მერე საჩვენებელი თითი ჭერისკენ ასწია და თქვა:
- მე ვიცი, როგორ უნდა მოიქცე.
- როგორ? - მართლა დავინტერესდი.
- როგორ და ზურას ეტყვი, რომ საავადმყოფო გიშვებს კვალიფიკაციის ასამაღლებლად და შენ არც კი იცოდი, ისე დაგახვედრეს გამზადებული მიწვევა კონგრესზე ან კონფერენციაზე...
- გავიწყდება, რომ ზურა ყველა საქმის კურსშია და წინასწარ ისიც კი იცის, ხვალ რა მოხდება ქვეყანაში. მაგას "ჭამს"?! - ისევ ჩავიქნიე ხელი.
- ჰო, მართალია, - უცებ დამეთანხმა ელენე და კვლავ ჭერს მიაპყრო მზერა, ახალი გამოსავლის მოსაძებნად. თუმცა, მალევე დაბრუნდა მიწაზე: - რა ვქნა? ტყუილების გუდაში მეტი არაფერი მაქვს... შენი გუდა უნდა გახსნა. - ორივეს სიცილი აგვიტყდა. - ხედავ, რა ძნელია, ზურასნაირ, "ყოლიფერში ჩახედინებულ" კაცთან ურთიერთობა? - ცრემლნარევი სიცილ-ტირილით მითხრა ელენემ. - მაგას ერთი კარგი "მალიარი" ან "სანტეხნიკი" გეშოვა, არ სჯობდა?
ელენეს სიტყვებმა ჩემი და ზურას გაცნობის პირველი დღე და ინტერნეტდიალოგი გამახსენა.

ზურა: რატომ არ მეუბნები, სად მუშაობ? დასასვენებლად რატომ არ მიდიხარ? თუ ჩემსავით სამსახური არ გიშვებს?
პანდორა: პროფესიით "მალიარი" ვარ და ვინაიდან ახლა რემონტების სეზონია, ბევრი საქმე მაქვს... :)))
ზურა: მერე რა მოხდა? მშვენიერი პროფესია გქონია. ვგიჟდები "მალიარებზე"! :))) მეც მაგით დავიწყე და ხომ ხედავ, სადამდე მოვედი?
პანდორა: მე კი სანტექნიკოსობით დავიწყე და უკვე მაღალკვალიფიციური "მალიარი" ვარ! ე.ი. "მალიართან" ურთიერთობაზე თანახმა ხარ?
ზურა: კი, ჩემო პატარავ. არავითარი სურვილი არ მაქვს, შენი დაკარგვის!
პანდორა: ხედავ, რა ნიჭიერი ვარ? ჩემი ადგილი "გოროდშია".
ზურა: პატარავ, შენ სოფლელობის არაფერი გეტყობა, კარგი გაქექილი ვინმე ჩანხარ! :))) ისე კი, ხუმრობა იქით იყოს და, მართლა მაინტერესებს, რას საქმიანობ.
პანდორა: პროფესიით ფსიქოლოგი ვარ, ვმუშაობ კერძო კლინიკაში, ჩემი სპეციალობით და კერძო პრაქტიკასაც ვეწევი.
ზურა: ოოო, ეს საკმაოდ კარგი და საჭირო პროფესიაა. იქნებ, მეც გავხდე შენი პაციენტი.
პანდორა: სიამოვნებით დაგეხმარები. თუ მხოლოდ ფსიქოლოგი გჭირდება და არა - ფსიქიატრი. :)))
ზურა: არც ეგ არის სიმართლისგან შორს. ჩემი საქმის გადამკიდეს, მალე მართლაც დამჭირდება ფსიქიატრი. გინდა, გამოგიარო და სადმე გაგასეირნო?
პანდორა: შენ როგორ ფიქრობ, ახლა, ღამის 2 საათზე, შენთან შესახვედრად გამოვალ?! უიიი, მანამდე არაფერი ჭამო!...
ზურა: ქალაქგარეთ გავიდოდით და გავგრილდებოდით, მოიფიქრე, ურიგო წინადადება არ არის!
პანდორა: მეძინება, კარგად!
ზურა: არ წახვიდე, რაააა...
ზურა: უი, მაინც წახვედი? რა გაეწყობა, მეც წავალ სახლში, დავეგდებიდა დავიძინებ...

გამეღიმა. რას წარმოვიდგენდი მაშინ, რომ ჩემი და, შემთხვევით ინტერნეტში "შემოხეტებული" ამ კაცის დიალოგს ასეთი გაგრძელება ექნებოდა?!.
იმ დღეს მთელი საღამო ტანისამოსის ჩაბარგებას მოვუნდი. ჯერ მე ვურეკავდი ნინოს და ვეკითხებოდი - "თბილი ჟილეტი წამოვიღო? ოთახის ჩუსტები?.." მერე ნინო მირეკავდა - გოგო, ფენი მე წამოვიღო თუ შენ წამოიღებ?
- მე წამოვიღებ.
- კარგი, ახლავე ჩადე ჩანთაში, რომ არ დაგავიწყდეს.
მერე, ისევ მე დავურეკავდი და ასეთ გაწამაწიაში ვიყავი, როდესაც ზურა მოვიდა. ახლა იმას შევუჭამე ტვინი შეკითხვებით.
- გოგო, პირველად ხომ არ მიდიხარ, რა გჭირს? - შემეკითხა ღიმილით, ასეთი აფორიაქებული რომ დამინახა.
- შენ წარმოიდგინე, პირველად მივდივარ. მთაში ზამთარში არასოდეს ვყოფილვარ.
- მართლა?! - გაუკვირდა ზურას.
- ჰო, მართლა. ზაფხულობით ზღვაზეც დავდიოდი და მთაშიც, მაგრამ ზამთარში - არა. - ზურას გაოცებული მზერა რომ დავიჭირე, დავამატე: - მაშინ "სპონსორი" არ მყავდა!
- ახლა გყავს?
- კი, ახლა მყავს! - ეშმაკურად გავიცინე.
- ვერც შენთან ავცდი მაგ "თანამდებობას", არა?..
- ჩემი "სპონსორი" - სონაა... შენ კი, ჩემი ცხოვრება და სიხარული ხარ! - ვუთხარი და ჩავეხუტე. - არ გეგონოს, რომ შენს იმედად მოვდივარ ბაკურიანში, - დავამატე მერე.
- ჰო, ჩემს იმედად რატომ უნდა წამოხვიდე? ნება იბოძე და საკუთარი ხარჯი თავად გადაიხადე. მე კი ჩემს დაიკოს "დავასპონსორებ". ნატ, იცი, რგორ მიყვარს? ჩემი ნინოს გარეშე მე არ ვივარგებ...
- ისიც მაგას ამბობს შენზე.
- შენ კი უფრო მეტად იმიტომ შემიყვარდი, რომ მას ასე კარგად გაუგე და შეიყვარე. ხომ ხედავ, როგორი ხასიათი აქვს? ნინოს რომ ადამიანი ვერ გაუგებს, იმას საერთოდ, ადამიანებთან ურთიერთობა არ შეუძლია.
იმ ღამით ზურა შინ წავიდა, რომ თვითონაც მოწესრიგებულიყო. როცა დილით მოვიდა, ნინო უკვე მანქანაში იჯდა და სადარბაზოდან გასული რომ დამინახა, პირი ყურებამდე გაეხა. ზურას დასცინოდა, რომელიც ჩემს 2 უზარმაზარ ჩანთას ძლივს მოათრევდა. ჩანთები საბარგულში მოათავსა და საჭესთან რომ დაჯდა, ნინომ ორლარიანი გაუწოდა: - კურტნის მუშა ახლა ამდენი ღირსო, - თავის ქნევით უთხრა...

მთელი გზა მხიარულად ვიარეთ. ნინო ძალზე დაინტერესდა და დაწვრილებით გამოჰკითხა ზურას, როდის აპირებდა უკან დაბრუნებას. ისე შეაწუხა შეკითხვებით, რომ მკაცრად უთხრა:
- თავი დამანებე, როცა მინდა, მაშინ წამოვალ უკან. აღარაფერი მკითხო, თორემ, თქვენც უკან წამოგაბრძანებთ და მერე დამრჩებით უბაკურიანოდ!..
ნინომ მოკეტა, მაგრამ მომიბრუნდა და ყურში ჩამჩურჩულა:
- აუუუ, ისეთი სიურპრიზი გველის იქ და ისეთ ამბავს გაიგებ, რომ გაგიჟდები. ნეტავ, ზურა არ დარჩეს...
- რას ჩურჩულებთ, ჭორიკანებო?.. - სარკეში გამოგვხედა ზურამ.
- თუ ჭორიკანა არ ხარ, ქალების საქმეში რატომ ერევი? - შეთქმულივით გამკრა იდაყვი ნინომ. აქაოდა, ხომ კარგად ვუთხარიო. ზურამ თავი გადააქნია, კიდევ ერთხელ გამოგვხედა სარკეში და სიჩქარეს მოუმატა.
- ძურიკო, გენაცვალე, არსად გადაგვყარო, მშვიდობით მიგვიყვანე, რააა! - ენა მოვუჩლიქე მე.
- რა იყო, ბიჭო, გვიმეტებ? - ამყვა ნინოც.
- მტერი ჩავარდა თქვენს ხელში. დიდი სისულელე გავაკეთე, როცა თქვენ ერთმანეთი გაგაცანით. - აბუზღუნდა ზურა.
- ისე, ცნობისთვის, ნუ გავიწყდება, რომ ჩვენ ერთმანეთს დიდი ხანია ვიცნობთ. რამდენი ხანია, ნატ? - მომიბრუნდა მე.
- 10 ან 12 წელია.
- გაიგე? - ახლა ზურას მიუბრუნდა.
- ჰოდა, თუ არ გაჩუმდებით, ჩამოგსვამთ ამ შუა გზაში ძველ ნაცნობებს და "პაპუტკას" გაჰყევით მერე. - დაგვემუქრა დიდი ამბით ზურა.
- უფფ, დიდი ამბავი... ახალი ნაცნობობა კარგია. გამოივლის ვინმე 2 ძმაკაცი, ვინც დასასვენებლად მიდის ბაკურიანში და გაგვაყოლებს... - ნინო აშკარად ანგლობის ხასიათზე იყო.
- ჰო, იქნებ, როგორმე გეღირსოს, გათხოვდე, პატრონს ჩაჰბარდე, კლიმაქსიც "გადააგორო", შინაბერას სიავემაც გაგიაროს და მეც დამანებო თავი - არ დაინდო ზურამ. ორივემ გადავიკისკისეთ ზურას სიტყვებზე. - ისე, შინაბერას სიმპტომები შენც გქონდა დაწყებული, დროზე გიშველე... მადლობელიც არ ხარ. - ახლა მე გადმომწვდა.
- ჰო, ჰო, შენ ცნობილი "კლიმაქსოლოგი" და შინაბერობის დიდი მკურნალი ხარ. თუ სადმე გასასაღებელი ქალია, შენ უნდა გაასაღო... - არ დამაცადა პასუხი ნინომ.
- მე ვარ გასასაღებელი? - აღვშფოთდი მე.
- ეგეც შენ! ეგეც შენი ნაქები და საყვარელი ნინო, - გახალისდა ზურა.
- არა, არა, შენ არა! ვაღიარებ, რომ ამ ბოლო დროს, ზურას გემოვნება დაეხვეწა, - ისევ გადაიკისკისა ნინომ. - ხომ არ გეწყინა, გოგო?
- მეწყინა. - გავბერე ტუჩები.

- არა უშავს, გაგივლის. - ხელი ჩაიქნია ნინომ. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. თითოეული ჩვენგანი თავის ფიქრებში ჩაიძირა. ამასობაში ადგილზეც მივედით. ბაკურიანში მზიანი ამინდი იდგა და ძალიან ცოტა თოვლი იყო. ზურამ ერთ-ერთ სასტუმროში მიგვიყვანა, სადაც როგორც გაირკვა, წინასწარ ჰქონდა შეკვეთილი ნომერი. იმ დღეს ცოტა გავისეირნეთ და სასტუმროში დავბრუნდით. გვიანობამდე ვისხედით ტელევიზორთან და კარტიც ვითამაშეთ.
- მეძინება, - გამოაცხადა ბოლოს ნინომ.
- წამოდი, შენს ნომერში გაგაცილებ. - წამოდგა ზურა.
- რა, მარტომ უნდა დავიძინო? - გაპროტესტება სცადა ნინომ.
- თუ გინდა, შენ დარჩი ნატასთან და მე დავიძინებ მარტო, - არ გაუტეხა ხათრი ძმამ.
- არა, წავალ. თქვენ აქ დარჩით. შენ რომ წახვალ, მერე გადმოვბარგდები ნატასთან. ჩანთიდან საღამური და საჭირო ნივთები ამოალაგა, იღლიაში ამოიჩარა და ოთახიდან გავიდა. ზურაც უკან მიჰყვა.
დილით კარზე ბრახუნმა გაგვაღვიძა. ნინო იყო. უკვე ჩაცმული გახლდათ. ქაქანით შემოიჭრა ოთახში.
- ადექით, საუზმე აქ 9-დან 11-ის ნახევრამდეა, თუ დროზე არ ჩაიცვით, სასადილოს დაკეტავენ და დავრჩებით მშივრები.
- ჰო... რაღა გვეშველება მერე? თუ აქ არ ვისაუზმეთ, მოვკვდებით შიმშილით, - დასცინა ზურამ.
- აქ ძილისთვის ჩამოხვედით? თბილისში გძინებოდათ, ამხელა გზა რომ არ გამოგევლოთ.
- აქ სუფთა ჰაერზე გვძინავს. - ახლა მე გავეპასუხე და წამოვდექი.
- ჰო, მე რომ არ წამოგყაროთ ფეხზე, თქვენ მთელი დღე ინებივრებთ, რა გიჭირთ, რა! - მანამდე იბუზღუნა, სანამ ორივე არ ავდექით და ჩაცმა არ დავიწყეთ.
საღამო ხანს ზურა გავაცილეთ თბილისში და ჩვენ სასტუმროში დავბრუნდით. ნინო ჩემს ოთახში გადმობარგდა და თავისი ნივთების დალაგებას შეუდგა. ვატყობდი, რომ მოუსვენრად იყო. მობილურის თითოეულ ზარზე არაბუნებრივი რეაქცია ჰქონდა. არ ვიმჩნევდი და არაფერს ვეკითხებოდი. გამახსენდა, გზაში რომ მითხრა, სიურპრიზი გელისო და მივხვდი, რომ ეს ღელვა და ფორიაქი სწორედ ამ სიურპრიზთან იყო დაკავშირებული. ველოდი, თავად როდის ამოიღებდა ხმას. ძილის წინ აბაზანაში შევედი. იქიდან გამოსულმა ნინოს სატელეფონო საუბრის ბოლო ფრაზებს მოვკარი ყური.
- კარგი, დილით დაგირეკავ... გკოცნი... შევთანხმდით... - ნინომ გამომხედა და ყურმილი დაკიდა.
- ვინ იყო? - ვკითხე, რადგან მინდოდა, ბიძგი მიმეცა, საუბრის დასაწყებად.
- მოგიყვები. - მოკლედ მომიჭრა და საბნის ქვეშ შეძვრა. მეც ჩემს საბანში გავეხვიე, მისკენ გადავბრუნდიდა ამბის მოსასმენად მოვემზადე.
- რასაც ახლა მოგიყვები ჩვენ შორის უნდა დარჩეს. ზურამ არ უნდა გაიგოს.
- კარგი, გპირდები.

- 17 წლის ვიყავი, როდესაც ერთი ბიჭი შემიყვარდა. ის ჩემზე 4 წლით უფროსი და ზურას მეგობარი იყო. მთელი 4 წელი გვიყვარდა ერთმანეთი. მერე ისე მოხდა, რომ მის შესახებ ჩემმა ოჯახმა გაიგო. ერთადერთი, რასაც გარდაცვლილ დედას ვერ ვაპატიებ, ის არის, რომ ირაკლისთან დამაშორა. დედაჩემი მშვიდი, მუდამ ქმრის მორჩილი ქალი იყო, მაგრამ ჩემს შეყვარებულთან დაკავშირებით ისეთი სიმტკიცე გამოიჩინა, რომ მამაჩემიც კი გაოცებული დარჩა. მამა ამბობდა, როგორც უნდა, ისე მოიქცეს, თუ უყვარს, მე არ შევეწინააღმდეგები, მერე რა, თუ ღარიბი ოჯახიდან არის, ჩვენ საკმარისი ქონება გვაქვს, გვერდით დავუდგები სიძეს, გზაზე დავაყენებ, გარეგნობით, ნამდვილად არ დაიწუნება და მომავლის შექმნაში მე დავეხმარებიო. დედა კი ამის გამო სულ ცოფებს ყრიდა. ცალკე მამაჩემს ეჩხუბებოდა, ცალკე - მე. მაშინ ზურას უკვე ჰყავდა ცოლი, დედა ამბობდა: - ჯერ იყო, და ისეთი რძალი შემომივიდა ოჯახში, რომელიც არ მომწონდა, ახლა კიდევ, სიძეც ჩემი დაწუნებული უნდა იყოსო? დედაჩემის აზრი რძლის შესახებ ხათუნამაც იცოდა და შესაძლოა, ამიტომაც აიცრუა ოჯახზე გული. ალბათ ფიქრობდა, აქ დიდხანს მაინც არ გამაჩერებენ და სანამ დროა, რაც შეიძლება, მეტი გამოვძალოო. მერე კი ეს თვისება ჩვევაში გადაეზარდა.
- და დედაშენმა იმდენი ქნა, რომ შენ და ირაკლი ერთმანეთს დაგაშორათ? - არ მომეწონა, ხათუნაზე რომ ჩამოაგდო სიტყვა და ძველ კალაპოტში დავაბრუნე საუბარი.
- კი, ირაკლი ისე დაიბარა, რომ არავინ არაფერ იცოდა და დიდი ლექცია ჩაუტარა. შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თბილად და ტკბილად აუხსნია, რომ ჩემზე არ უნდა ეოცნება იმიტომ, რომ მე საქმრო მყავდა და გათხოვებას სხვაზე ვაპირებდი. ამის დასტურად, იმ ბიჭის ფოტოც უჩვენებია, რომელიც მართლა მოსწონდა სასიძოდ.
- და ირაკლიმ დაიჯერა?
- ჰო... სამწუხაროდ, დაიჯერა. ის ნელ-ნელა ჩამომშორდა, შეიცვალა, დამცინავი და ირონიული გახდა ჩემ მიმართ. ზურასაც ჩამოშორდა.
- ზურა რა აზრის იყო თქვენს ქორწინებაზე?
- ზურა იყო ჩემი მესაიდუმლე. მან თავიდანვე იცოდა ყველაფერი და არც არჩევანს მიწუნებდა, რადგან ირაკლისთან დიდი ხნის განმავლობაში ძმაკაცობდა; იცოდა, რომ ძალიან კარგი ადამიანი იყო და მართლა ვუყვარდი. თუმცა, ვერც ზურა გახდა ვერაფერს დედაჩემთან ბრძოლაში.
- მერე? გააგრძელე, ძალიან მაინტერესებს, რა მოხდა...
- მერე ირაკლიმ უნივერსიტეტი დაამთავრა და დისერტაციის დასაცავად მოსკოვში გაემგზავრა. ამას საერთო ნაცნობებიდან ვიგებდი, თორემ ჩვენ ერთმანეთთან კავშირი აღარ გვქონდა და არც ის ვიცოდი, რომ ამ ყველაფერში დედაჩემი სახელი ერია. წლები ისე გავიდა, რომ ირაკლის შესახებ არაფერი გამიგია. ზურაც ერიდებოდა ჩემთან მასზე ლაპარაკს. დედაჩემის მოწონებულ სასიძოზე, რა თქმა უნდა, უარი ვთქვი. იმის გარდა კიდევ ბევრი მამაკაცი დავიწუნე. ჩემ გაუთხოვრობის რეალური მიზეზი, მხოლოდ ზურამ იცოდა და ყოველთვის თანამიგრძნობდა. - ერთხელაც ვინმე შეგიყვარდება, აი, ნახავ, თუ ასე არ იქნებაო. მეტყოდა ხოლმე. ამ 2 წლის წინ, ერთ მშვენიერ დღეს შინიდან გამოვედი და ჩემი კორპუსის გვერდით მდგარი მანქანა შევნიშნე, საიდანაც ვიღაც კაცი დაკვირვებით მათვალიერებდა. ძალიან დავიბენი, რადგან ეს კაცი ძალიან ჰგავდა ირაკლის. ლამის გული მკერდიდან ამომიხტა, მაგრამ თან თავს ვიმშვიდებდი - ირაკლი არ იქნება, რადგან ამ სახლში სულ 3 წელია, ვცხოვრობ და მისამართს ვერ დაადგენდა-მეთქი. შინაგანად კი მჯერდა და მინდოდა კიდეც, რომ ეს კაცი ირაკლი ყოფილიყო. გაჩერებაზე დავდექი. მინდოდა, უკან მომეხედა, მაგრამ ვერ ვბედავდი. ამ დროს ის მანქანა ჩემ წინ გაჩერდა, იქიდან მამაკაცი გადმოვიდა, მომიახლოვდა და სანამ რამეს მეტყოდა, კისერზე ჩამოვეკიდე. - "ირაკლი, შენ? აქ რა გინდა? როდის ჩამოხვედი?" - დავაყარე კითხვები. ის კი იდგა და მიცინოდა. მის მანქანაში მოვკალათდი, სულ დავიწყებული მქონდა, რომ მასზე გაბრაზებული ვიყავი და როდესაც გონებაში ჩვენს შესაძლო შეხვედრას წარმოვიდგენდი ხოლმე, ვფიქრობდი, რომ გულისწყრომას აუცილებლად გამოვხატავდი და არც კი გავუღიმებდი. ახლა კი გაბადრული ვიჯექი მის გვერდით და ენას არ ვაჩერებდი. როცა შეყვარებულები ვიყავით, სულ ვიმალებოდით ხოლმე. ამიტომ, ერთი მყუდრო ეზო გვქონდა ამოჩემებული, სადაც სკამზე ვისხედით ხოლმე და ვჩურჩულებდით. ახლა ირაკლიმ სწორედ იმ ეზოში შეიყვანა მანქანა. ჩვენი სკამი ისევ იქ იდგა. მისი მიპატიჟება არ დამჭირვებია, მანქანიდან გადავედი და სკამისკენ გავემართე. ირაკლიც გვერდით მომიჯდა. ცოტა ხანს ჩუმად ვიყავით. მერე პირველმა მან ამოიღო ხმა.
- რატომ არ გათხოვდი, ნინო? მე რომ მგონია, იმიტომ, თუ სხვა მიზეზი გქონდა?
- შენ რა გგონია?
- მე მგონია, რომ ისევ მე გიყვარვარ და იმიტომ არ გათხოვდი.
- შენ სწორად გგონია... ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ, - მაინც ვუკბინე.
- ჰო, ჭკვიანი რომ ვარ, იმიტომ მივხვდი მაშინვე, რომ დედაშენმა მომატყუა და არავითარი საქმრო არ გყავდა, მაგრამ იმასაც მივხვდი, რატომ მატყუებდა. არასასურველ სიძე ძალიან ძნელი ასატანია... ამიტომ, სადაც არა სჯობს, გაცლა სჯობსო და... - ძალიან გამაბრაზა მისმა მსჯელობამ. იმ საღამოს ბევრი ვიკამათეთ. ერთმანეთს ვუმტკიცებდით, რომ დამნაშავე არ ვიყავით, რომ ყველაფერი ბედისწერის ბრალია და ა.შ. იმავე საღამოს ერთმანეთს კვლავ ავუხსენით სიყვარული და ირაკლიმ გადაწყვიტა, რომ მოსკოვიდან საბოლოოდ გადმობარგდებოდა თბილისში და ჩვენ ერთად ვიცხოვრებდით ანუ დავქორწინდებოდით.
- არც მას მოუყვანია ცოლი?
- არა... არც მას... - მითხრა და გაჩუმდა. ცოტა ხანს ვაცალე ფიქრი, მერე კი ისევ ვკითხე:
- ახლა, ზურას აქ ყოფნა-არყოფნა რას წყვეტდა?
- ზურამ ყველაფერ იცოდა, მანამ, ვიდრე ირაკლი მოსკოვში გაემგზავრებოდა. ის ამბავი, რომ ჩვენ ამდენი წლის შემდეგ ერთმანეთს შევხვდით, არ მითქვამს. ახლა, უკვე 1 კვირაა, რაც ირაკლი სულ დაბრუნდა. როდესაც გაიგო, რომ ბაკურიანში მოვდიოდით, მითხრა, რომ თვთონაც ჩამოვიდოდა. ზურასთან შეხვედრა კი ჯერ არ უნდა და არც მე მინდა... ახლა გზაშია, აქ მოდის, მაგრამ ამაღამ არ შეგვაწუხებს. დილით კი, აუცილებლად გაგაცნობ. ზურას ირაკლი ჯერ კიდევ მოსკოვში ჰგონია და წარმოდგენა არა აქვს, რომ ის სამუდამოდ ჩამოვიდა თბილისში, სამსახურიც იშოვა და საკუთარი საქმის დაწყებასაც გეგმავს. - მე თავს ვუქნევდი და მის ნაამბობზე ვფიქრობდი. ძალიან მაინტერესებდა, როგორ იყო ირაკლი და ვცდილობდი, ჩემს წარმოდგენაში მისი პორტრეტი დამეხატა.
დილით ნინოს საუბარმა გამაღვიძა. ტელეფონზე ლაპარაკობდა, როდესაც მობილური გათიშა, მე მომიბრუნდა:
- წამოდი, ვისაუზმოთ, ირაკლიც იქ არის. ჩვენს სასტუმროში დაბინავებულა და გველოდება.
უცებ გავემზადე და ორივენი სასადილოსკენ დავირაზმეთ. შევედი თუ არა, მაშინვე მოვავლე თვალი იქ მყოფთ. ერთი მაღალი, სიმპათიური მამაკაცი წამოდგა და ჩვენკენ გამოემართა. ჯერ მე ჩამომართვა ხელი, მერე ნინო გადაკოცნა და მაგიდისკენ გაგვიძღვა. სასადილოში შვედური მაგიდა ჰქონდათ. საჭმელ-სასმელი კედელთან მიდგმულ მაგიდაზე იყო გაწყობილი და შენ თვითონ უნდა ამოგერჩია, რას შეჭამდი. იქ ცოტა ხანს დავყავით, მერე ირაკლი ყავაზე დავპატიჟეთ ჩვენს ნომერში. თითქოს დაძაბულები იყვნენ. ვგრძნობდი, რომ ჩემი იქ ყოფნა აკომპლექსებდათ. ნინომ საუბარი ჩემსა და ზურაზე ჩამოაგდო და ირაკლის ლამის დაწვრილებით მოუყვა ჩვენი რომანის შესახებ. ზურას ხსენებაზე ირაკლი თითქოს დაიძაბა.
- მოდი, გავისეირნოთ, - ისე თქვა, რომ მივხვდი, თემის შეცვლა უნდოდა. უკვე დილის 11 საათი იყო. გარეთ გასულს ძალიან მესიამოვნა თოვლის თავისებური სუნი და ზამთრის სუსხი. ირაკლი კომპლექსებისგან გათავისუფლდა, ხუმრობდა, იცინოდა, მეც მეხუმრებოდა და ძალიან კარგი შთაბეჭდილებაც მოახდინა ჩემზე. ცოტა ხანში ზურამ დარეკა.
- როგორ ხართ?
- კარგად. შენ როგორ იმგზავრე?
- მშვენივრად ჩამოვედი. ახლა დავამთავრე თათბირი და დავრეკე. წუხელ ხომ არავინ შეგაწუხათ?
- არა, ვის უნდა შევეწუხებინეთ?
- რა ვიცი, ათასი გიჟი და გადარეული დადის. ნატ, ირაკლი დამალაპარაკე...
- რაა? ვინ? - პირი დამრჩა ღია, მაგრამ მაინც არ შევიმჩნიე.
- ირაკლი...
- ეგ ვინღაა? - პირველ ჩვენებას ვაწვებოდი მე. - შენ მგონი ეჭვიანობისგან გაგიჟდები, ხომ იცი...
- კარგი, მაშინ ნინო დამლააპარაკე. - ტელეფონი ნინოს მივაწოდე და თან თვალით ვანიშნე, რომ რაღაც ხდებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ნინო ვერ მიხვდა, რა ვანიშნე.
- ჰოუუ! - მხიარულად ჩასძახა ყურმილში და უცებ შეეცვალა სახე. - შშშენ ვინ გითხრა? საიდან იცი? - ბრინჯივით დაიბნა ნინო. - ირა, შენთან უნდა ლაპარაკი. - უთხრა შეშფოთებულმა და ტელეფონი მიაწოდა. ირაკლიმ მშვიდი სახით გამოართვა, მოშორებით გავიდა და კარგა ხანს ელაპარაკა ზურას. ჩვენ არ გვესმოდა მისი საუბარი. ნინო კი ძალიან ნერვიულობდა.
- გოგო, ხედავ, რა ოხერია? საიდან გაიგო, ნეტავ? აუუუუ... როგორ არ მინდდა, რომ ჯერ მის ყურამდე მისულიყო ეს ამბავი. - ოხრავდა გამწარებული - მოკლედ, ვერაფერს გამოაპარებ. ნამდვილი სატანაა.
- კარგი, ნუ ნერვიულობ, დარწმუნებულ ვარ, ზურა არ იქნება თქვენი შეხვედრის წინააღმდეგი. - ვამშვიდებდი მე და მართლა ძალიან მიკვირდა, საიდან უნდა გაეგო ზურას ირაკლის აქ ყოფნის ამბავი.
- ელაპარაკე, შენთან უნდა საუბარი. - მომიახლოვდა ირაკლი ცოტა ხნის შემდეგ და ტელეფონი მომაწოდა. სახე უცინოდა და განწყობილების გაფუჭება არ ეტყობოდა. ამიტომ მეც უცებ დავმშვიდდი.
- გისმენ, ზურა, - ისე ჩავძახე ტელეფონში, ირაკლისთვის თვალი არ მომიცილებია.
- დარჩით მარტო და ფრთები გაშალეთ, არა? ჩამოვალ 2 დღეში და ჩემს კანონებს დაგიმყარებთ. უყურე ამათ! - ბობოქრობდა ზურა, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, რომ გაბრაზებული არ იყო.
- ჩემს თავს გაფიცებ, მითხარი, საიდან მიხვდი, რომ ირაკლი ჩვენთან ერთად იყო?
- თქვენ მე რა უნდა გამომაპაროთ? გუშინ, თბილისში რომ ვბრუნდებოდი, გზაში მანქანა შემომხვდა. საჭესთან კი ეგ ვაჟბატონი იჯდა. მერე გამახსენდა ნინო დაჟინებით რომ მეკითხებოდა, როდის დავბრუნდებოდი უკან. ისიც გამახსენდა, როგორ უყვარდათ ერთმანეთი და ყოველგვარ შემთხვევითობა გამოვრიცხე. მივხვდი, ირაკლის და ნინოს პაემანი ჰქონდათ დათქმული. მე იმის გამო ვბრაზობ, რომ დამიმალეს. ნუთუ ნინოს ეგონა, რომ მე ვერ გავუგებდი?
- აპირებდნენ თქმას, მაგრამ ვერ მოასწრეს. - ვცადე მათი გამართლება.
- კარგი, კარგი, შენც კარგი ოხერი ხარ... გკოცნი და ყურადღება მიაქციე... მაგ პროფესორამ ჩემი და მანდ რომ გაჟიმოს, პასუხს შენ მოგთხოვ... - გულიანად გამეცინა. წინ წასულმა წყვილმა ჩემკენ მოიხედა. რა ხდებაო? - ხელით მანიშნა ნინომ. ზურას დავემშვიდობე და ტელეფონი გავთიშე. მერე ისევ გადავრეკე.
- კი, მაგრამ, რომ არ გითქვამს, რომ გენატრები? - ვკითხე ზურას.
- მენატრები, პატარავ, ძალიან მენატრები... მალე გნახავ... - ტელეფონი დამშვიდებულმა გავთიშე და ნინოს და ირაკლის წამოვეწიე. რა თქმა უნდა, კითხვები დამაყარეს. მე მათი ცნობისმოყვარეობა ბოლომდე დავაკმაყოფილე.
- ისე, სიმართლე რომ გითხრათ, შვებით ამოვისუნთქე, - თქვა ირაკლიმ.
- ზურამ რომ ყველაფერი გაიგო, იმიტომ, ხომ? - შესცინა ნინომ, - მეც, მეც ამოვისუნთქე. - დაამატა მერე.
მშვენიერი წყვილი იყო. ერთმანეთს უხდებოდნენ და მეც მათთან ერთად მიხაროდა, რომ ყველაფერი ასე კარგად აეწყო.
რამდენიმე დღემ უცებ გაირბინა. თითქმის დღედაღამ ერთად ვიყავით. მე, ნინო და ირაკლი. მათ რომ ვუყურებდი, ჩემი და ზურას ურთიერთობა მახსენდებოდა და ხშირად მეღიმებოდა ამის გამო.
როგორც იქნა, დადგა ის დღე, როცა ზურა უნდა ჩამოსულიყო. იმ დილით წყვილს ნერვიულობა ეტყობოდა. მე კი ძალიან მიხაროდა, რომ სულ მალე ვნახავდი. ჩვენი ურთიერთობის დაწყებიდან პირველი შემთხვევა იყო, რომ ამდენი ხნის განმავლობაში ზურა არ მენახა. მთელი 4 დღე იყო გასული და ისე მენატრებოდა, ლამის მეტირა. მახსენდებოდა, რომ სულ მალე სონასთან ვაპირებდი წასვლას და ვხვდებოდი, რომ ძალიან გამიჭირდებოდა ზურას გარეშე. როცა წასვლაზე ვფიქრობდი, გული მიმძიმდებოდა, რადგან წინ მძიმე დღე მელოდა - ის დღე, როცა ზურას ვეტყოდი, რომ ცოტა ხნით მარტო უნდა დამეტოვებინა. შუადღისთვის ზურა ჩამოვიდა. ამ დროს მე და ნინო მარტო ვიყავით ოთახში. ერთმანეთი რომ მოვიკითხეთ, ზურამ ირაკლი მოიკითხა:
- სად არის ის ყაჩაღი?
- დავუძახო? - ჰკითხა ნინომ და პასუხს არ დაელოდა, ტელეფონს დასწვდა და ირაკლის დაურეკა. ცოტა ხნის შემდეგ კარი გაიღო და ირაკლი შემოვიდა. არასოდეს მინახავს მამაკაცების ასეთი შეხვედრა, ჩახუტება, ერთურთის ნახვით გამოწვეული სიხარული. უცებ შექმნეს თავისი სამყარო ოთახში. ვერავის ამჩნევდნენ. ხარბად ეკითხებოდნენ ერთმანეთს ამბებს და ჩვენი არსებობა დაავიწყდათ კიდეც.
- წამოდი, ნატალი, სადმე ყავა დავლიოთ. ესენი ჩვენთვის კარგა ხანს ვერ მოიცლიან. - ორივემ პალტოები შემოვიცვით და დაბლა წავედით. სასტუმროს წინ პატარა, მყუდრო კაფე იყო და იქ შევედით. ის იყო, მაგიდასთან დავსხედით, რომ ნინომ იდაყვი გამკრა და თავით გზისკენ მანიშნა:
- შეხედე, ვინ მოდის... აქ დიდი ამბავი ატყდებააა...

სასტუმროს ეზოში თბილ "დუტის" ქურთუკში, ლურჯ ჯინსის შარვალსა და მაღალყელიან "ბათინკში" გამოწყობილი ადამიანი მოდიოდა. თავზე ნაქსოვი ქუდი ეხურა და სათვალე ეკეთა. ფეხი წარამარა უცდებოდა თოვლზე და ძალიან ფრთხილად მოაბიჯებდა.
- ქალია, მაგრამ ვინ არის? - ვიკითხე მე.
- ვერ იცანი, გოგო? - გაოცებისგან წარბები ასწია ნინომ.
- ვერა...
- ვერც იმ მანქანას ცნობ, საიდანაც გადმოვიდა?
- მანქანა არ დამინახავს, - ვთქვი და მიდამოს თვალი მოვავლე, - ხათუნა? - წამოვიძახე გაოცებულმა, როდესაც ეზოს გარეთ ზურას მანქანა შევნიშნე, რომელსაც გოჩა მართავდა და იქვე, წინა "კრილოზე" მიყრდნობილი მძღოლიც დავინახე. - რა სხვანაირია... - ვერ დავფარე გაოცება. გულმა კი ისე დაიწყო ცემა, რომ მეგონა, მისი ხმა ირგვლივ ყველას ესმოდა.
- შენ ის მარტო "შუბასა" და მაღალქუსლიან ჩექმაში "გამოპრონწკილი" გყავს ნანახი და იმიტომ ვერ ცნობ. ნახე, როგორ პირდაპირ მიადგა ზურას. ალბათ, დანამდვილებით იცის, რომ აქ არის. კიდევ კარგი, მე და შენ ახლა ნომერში არ ვართ. იმედია, ზურას ირაკლისთან ერთად რომ ნახავს, დაწყნარდება. - მშვიდად თქვა ნინომ და მისი სიმშვიდე მეც გადმომედო.
ერთი წუთის შემდეგ ხათუნამ სასტუმროს კარი შეაღო და ვიდრე შევიდოდა, წამით შეყოვნდა, მობრუნდა, სათვალე ხელით ჩამოსწია და გარემოს თვალი მოავლო.
- აუფ, ნამდვილი აგენტია, რა! მაგას ჰგონია, ახლა ზურას გააკვირვებს და თავზარს დასცემს, თავზე მოულოდნელად რომ დაადგება, - თქვა ნინომ და მაგიდაზე დადებულ მობილურ ტელეფონს დასწვდა.
- რატომ არ გიყვარს ხათუნა? - ვკითხე და თან გავიფიქრე: ალბათ, ზურას ურეკავს-მეთქი, მაგრამ შევცდი.
- გოჩა, საყვარელო, ერთი მარჯვნივ გამოიხედე და პირდაპირ კაფეს რომ დაინახავ, მანდ შემოდი, - გოჩამ უსიტყვოდ გათიშა ტელეფონი და ჩვენკენ დაიძრა. - რატომ არ მიყვარს? საიდან მოიტანე, რომ მძულს? - განაგრძო დაწყებული საუბარი ნინომ. - სულაც არ მეჯავრება. უბრალოდ, მეცოდება, რადგან წლებია, ზურას არანაირ ყურადღებას არ აქცევდა. ასე ქმარს არასოდეს გამოჰკიდებია. ხშირად, ზურა ისე მოივლიდა უცხოეთს (მთელი 2 კვირა შინ არ მიდიოდა), რომ ხათუნამ არც კი იცოდა, სად იყო მისი ქმარი. ზურა საჩუქრის გარეშე არასოდეს ჩამოდიოდა და როცა ხათუნა ახალ კაბას, ფეხსაცმელსა თუ სამკაულს მოირგებდა, მხოლოდ მაშინ ჰკითხავდა: სად იყავიო? ისიც, ალბათ იმიტომ, რომ მერე დაქალებისთვის ეთქვა, საიდან ჩამოუტანა ქმარმა ესა თუ ის ნივთი. ახლა, რამ გაამწარა ასე? - თქვა ნინომ და თავზე წამომდგარ გოჩას ანიშნა, დამჯდარიყო.
- გამარჯობათ, გოგონებო... დაინახეთ? - იკითხა გოჩამ ღიმილით.
- კი, დავინახეთ. როგორ მოხვდა აქ შენი ქალბატონი?
- დილით დამირეკა და მთხოვა, სასწრაფოდ მივსულიყავი. მერე მითხრა, ბაკურიანში უნდა წავიდეთო. მე ხომ ვიცოდი, შენი ძმა აქ რომ იყო და მივხვდი, უკან აედევნა. როგორც იქნა, მოვახერხე და "ბენზოკალონკის" ტუალეტიდან დავურეკე ზურას, რომ მისთვის ახალი ამბავი მეცნობებინა.

- მერე, რა გითხრა? - მოუთმენლობა დაეტყო ნინოს.
- ჯერ კიდევ გზაში იყო და მითხრა: ამა და ამ სასტუმროში ვიქნები, იქ მოვიდესო.
- გამოდის, როცა ჩვენ გვნახა, ზურამ უკვე იცოდა, რომ ხათუნაც მოდიოდა და რატომ არ გაგვაფრთხილა? - ხელები გაშალა გაოცებულმა ნინომ. - ახლა, რა ვქნათ? ზურას დავურეკო? - მომიბრუნდა მე. მხრები ავიჩეჩე.
- თვითონ დაგირეკავთ, თუ საჭირო იქნება. ხათუნა ალბათ მალე გამოვა და ჩვენ უკან დავბრუნდებით. დარწმუნებული ვარ, ზურა 1-2 სიტყვას ეტყვის და გამოუშვებს. დალევთ რამეს? - მე და ნინომ უარის ნიშნად, ერთდროულად გავაქნიეთ თავი. - ყავასაც არ დალევთ? - თავით გაცივებული ყავის ფინჯნებისკენ მიგვანიშნა. ახლაღა გაგვახსენდა, რომ ყავის დალევა დაგვავიწყდა. გოჩამ 3 ყავა კიდევ შეუკვეთა და საათს დახედა. - რაღაც, აგვიანებს ხათუნა, - ჩაიბურტყუნა თავისთვის. ნინოს მოუსვენრობა ეტყობოდა, მე კი საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი. თითქოს, ეს ყველაფერი არ მეხებოდა. ის იყო, ყავა მოგვიტანეს, რომ ნინოს ტელეფონი აწკრიალდა.
- ჰო, ზურა... აქ ვართ, დაბლა... კაფეში... ყავას ვსვამთ... კარგი... კარგი... - ამბობდა ნინო და თან, ყავის ფინჯანს დაჰყურებდა. - ორივეს გვეძახის - თქვა, როდესაც ტელეფონი გათიშა.
- ორივეს? - ხმამაღლა აღმომხდა, რადგან ამას არ ველოდი.
- წავიდეთ! - თქვა ნინომ და პალტოს წამოავლო ხელი. მეც უკან მივყევი. - გოჩა, შენ დარჩი, რა იცი, როდის დასჭირდები ქალბატონს. - მიაძახა ისედაც მანქანისკენ მიმავალ გოჩას. - მოკლედ, არ დაგვცალდა ყავის დალევა, - აბუზღუნდა ბოლოს.
ისევ ავნერვიულდი. ჩვენი ნომერი მეორე სართულზე იყო და კიბეს ფეხით ავუყევით. ახლა იქ მისვლას სიკვდილი მერჩივნა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო და რა უნდა მექნა? ხაფანგში გაბმული ნადირივით ვეძებდი გამოსავალს, ფეხები უკან მრჩებოდა და გაქცევას აღარაფერი მაკლდა. პირველ და მეორე სართულს შორის ნინო გაჩერდა.
- რაც უნდა მოხდეს, სიმშვიდე შეინარჩუნე. ალბათ, ხვდები, რომ შენი მისამართით სალანძღავი სიტყვების კორიანტელი წამოვა, მაგრამ გირჩევ, ყურადღება არ მიაქციო, - ჩემს დამშვიდებას ცდილობდა ნინო, რის გამოც, უზომოდ დიდი მადლიერების გრძნობა გამიჩნდა.
- იქნებ, მე დავრჩე? - ჩავებღაუჭე უკანასკნელ იმედს.
- არა, ზურამ თქვა, რომ ორივე უნდა მივიდეთ, - ამოიოხრა მან და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ზურას მასზე ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა და არავითარ შემთხვევაში ძმის სიტყვას არ გადაუხვევდა. - ოჰ, ნატალი, შენი დედაც... ზურას დედაც... და ხათუნასიც... ჩემი გასაჭირი არ მეყოფა, თქვენ რომ არ დამიმატოთ? - აპილპილდა მოულოდნელად. მის ნაქთვამზე გამეცინა და ცოტათი ისევ მომეშვა გულზე, მაგრამ ოთახის კარს მივადექით თუ არა, მაშინვე დავიძაბე. ნინომ კარი შეაღო და წინ შემიძღვა. ზურა კარის პირდაპირ, სავარძელში იჯდა და სიგარეტს მშვიდი სახით ეწეოდა. ოთახში მეტი არავინ იყო.
- სად არის? - იკითხა ნინომ.
- ვინ? - შეუბრუნა კითხვა ზურამ.
- ხათუნა, შენი ცოლი, - დააზუსტა ნინომ და ფარდა გადასწია, თითქოს იქ ეძებდა მოულოდნელად გამქრალ რძალს.
- ააა... ხათუნა? წავიდა... ფაფუ, აღარ არის... - გაიცინა ზურამ. მე კი, იმის მაგივრად, რომ დავმშვიდებულიყავი, ძალიან გავბრაზდი მასზე. თუმცა, არაფერი მითქვამს. პალტო გავიხადე, საწოლზე დაუდევრად მივაგდე და დივანზე გულხელდაკრეფილი დავჯექი.
- როცა ჩემი გოგო ასე ზის, ვიცი, რომ გაბრაზებულია. რა მოხდა, ნატალი? ვინ გაგაბრაზა? - მკითხა ზურამ და გვერდით მომიჯდა.
- არავინ. - მოვუჭერი მოკლედ.

- ეს კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გაბრაზებული ხარ. - ჩემი ჩახუტება სცადა, მაგრამ საშუალება არ მივეცი.
- დაანებე თავი, ბევრი ინერვიულა და ამიტომ არის უხასიათოდ, - გამომექომაგა ნინო.
- კი, მაგრამ თქვენ საიდან გაიგეთ, ხათუნა აქ რომ იყო?
- კაფედან დავინახეთ. მერე, გოჩასაც ველაპარაკეთ. ჩუმად გამოგყვა, არა? - შესცინა ძმას ნინომ.
- აი, თურმე, რატომ არის გაბერილი ჩემი "პატალა სიკალული", - მომიჩლიქა ენა ზურამ. - მოვიდა, მნახა და წავიდა. მოვენატრე, ალბათ, - დაასკვნა ბოლოს.
- შენგან ხომ ადამიანი ვერაფერს გაიგებს, - აბუზღუნდა ნინო.
- და რა გინდა, რომ გაიგო? რა მითხრა ხათუნამ და რა ვუთხარი მე? ეს არც შენი საქმეა და არც... - წამით შეჩერდა. როგორც ჩანს, უნდოდა ეთქვა, არც ნატალიასიო. მაგრამ გადაიფიქრა. - არც არავისი, - დაასრულა ბოლოს.
- ირაკლი სად არის? - როგორც იქნა, შეყვარებული გაახსენდა ნინოს. ამის თქმა იყო და ირაკლიმ კარი შემოაღო.
- სად იყავით? - იკითხა ჩვენი მისამართით. ნინომ ხელი ჩაიქნია, აქაოდა, პასუხის გასაცემადაც არ ღირსო.
- აბა, ახლა წავედით, ცოტა გავისეირნოთ და მერე, თბილისში უნდა დავბრუნდე. ხომ არ დაგავიწყდათ, რომ მე დღესვე ვბრუნდები? - თქვა ზურამ და წამოდგა. ყველანი დავემორჩილეთ. ოთახიდან ყველაზე გვიან მე და ნინო გავედით. ჩვენ წინ მიმავალი ზურას და ირაკლის საუბარს მოვკარი ყური.

- სულ ცოფებს ყრიდა. მანქანა უკანა გასასვლელთან რომ დახვდა, მძღოლს ლამის დედა აგინა: სადაც დაგტოვე, იქ რატომ არ ხარო?! - მესმოდა ირაკლის ლაპარაკი. ნინომ შემომხედა. მივხვდი, იმანაც კარგად გაიგონა მათი ლაპარაკი და იმასაც მივხვდი, რომ ზურამ ირაკლის სთხოვა, ხათუნა გაეცილებინა.
- ნეტავ, რატომ გაუშვა უკანა გასასვლელიდან? მე რომ არ დამენახა ხათუნა თუ ხათუნას არ დავენახე მე? - ჩურჩულით ვკითხე ნინოს. უხმოდ აიჩეჩა მხრები და რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ზურა შეჩერდა და ამიტომ გადაიფიქრა, ფეხს აუჩქარა. ძალიან ბევრი ვიხეტიალეთ. ირაკლი კარგ გუნებაზე იყო და ჩვენს გამხიარულებას ცდილობდა. ზურა არ იმჩნევდა, მაგრამ ცოტა უგუნებობა მაინც ეტყობოდა. ნინომ მარხილზე დაჯდომა გადაწყვიტა. მე სასტიკი უარი განვაცხადე, ამიტომ ირაკლის მოუწია მასთან ერთად გასეირნებამ. მე და ზურა იქვე, სკამზე ჩამოვსხედით.
- ნატა, რატომ ხარ ჩემზე გაბრაზებული? მადანაშაულებ რამეში? - დაიწყო საუბარი ზურამ.
ვერაფერი მოვიფიქრე. ამიტომ სიმართლე ვუთხარი:
- რაღაცნაირად გამაღიზიანა ხათუნას გამოჩენამ. უფრო მეტად კი, შენმა სიტყვებმა: ფაფუ, აღარ არისო, რომ თქვი.
- რა იყო მაგში ისეთი? ცუდი ვთქვი რამე?
- არა, მაგრამ მაინც გამაღიზიანა.
- გიყვარვარ? - ისეთი მოულოდნელი იყო ეს კითხვა, რომ შევბრუნდი და სახეზე დავაკვირდი, ხუმრობს თუ მართლა მეკითხება-მეთქი. აბსოლუტურად სერიოზული გამომეტყველება ჰქონდა.
- რა თქმა უნდა, მიყვარხარ... ამას ახლა მეკითხები? - ვუპასუხე გაოცებულმა.

- ჰოდა, თუ გიყვარვარ, მაშინ იცოდე, მეც ძალიან მიყვარხარ და ჩვენ შორის არ არის იმხელა ადგილი, რომ სხვა დაეტიოს. სულ არ არის ადგილი, საერთოდ, არც ერთი მილიმეტრი... მე შენ დიდ მანძილზეც კი გგრძნობ, შემიძლია, ტელეფონში გაგონილი ერთი "ალოთიც" მივხვდე, როგორ განწყობილებაზე ხარ და რას ფიქრობდი მთელი დღის განმავლობაში. იცი, რატომ ჩამოვედი დღეს აქ? იმიტომ, რომ მენატრებოდი, იმიტომ, რომ შენი ხმის გაგონება და შენს თვალებში ჩახედვა მინდოდა; იმიტომ, რომ შენ ჩემი სუნთქვები, სუნთქვები, სუნთქვები და გულის ფეთქვები ხარ. გახსოვს? ეს შენი სიტყვებია, პირველად შენ მითხარი. მე კი ისე მომეწონა, რომ დავიმახსოვრე და ახლა შენვე გეუბნები. რაც დრო გადის, მით მეტად მიყვარხარ. თავიდან მხოლოდ ვნება იყო, შენი ალერსის სურვილი... ახლა კი... ახლა ვაღიარებ, რომ მართლა ძალიან მიყვარხარ და უშენოდ ცხოვრება არ მინდა. მე ვუთხარი ხათუნას, რომ აქ ხარ. ეს არ არის მისი საქმე. ამიტომაც, უკან გავაბრუნე. მეგონა, ყველაფერი ისე გავაკეთე, რომ შენ ვერაფერს გაიგებდი, მაგრამ უკვე ნანახი გყოლია... ნატა, დავქორწინდეთ. შენც აღარ გექნება სანერვიულო და მეც ბედნიერი ვიქნები, - დაასრულა მონოლოგი ზურამ.
- ამაზე მერე ვილაპარაკოთ, თბილისში რომ დავრუნდებით, - ვუპასუხე დაფიქრებულმა.
- ნატა, იცი, რა უნდა გკითხო?
- რა? - ყურები დავცქვიტე, რადგან შესავალი ისეთი იყო, მივხვდი, რაღაც მნიშვნელოვანი უნდა ეკითხა.
- რატომ არ ორსულდები?
- რააა? - დავაჭყიტე თვალები.
- რატომ არ ორსულდები? - გამიმეორა ისევ, თუმცა, იცოდა რომ პირველად მშვენივრად გავიგე, რაც მითხრა.
- რა ვიცი, აბა... - გამეცინა.
- შენ რომ ეგ ამბავი დამიმალო და რაიმე სისულელე ჩაიდინო, იცოდე, სამუდამოდ დამკარგავ.
- სისულელეს რას ეძახი?
- მშვენივრად იცი, რასაც ვეძახი სისულელეს. ყოველ შემთხვევაში, ახლა რასაც ვგულისხმობ, კარგად ხვდები.
- შენ გეშინია, რომ ბავშვი არ მოვიცილო? მერე, იმის არ გეშინია, რომ "შეგეტენო", ბავშვით ვისპეკულიანტო და ოჯახი დაგინგრიო?
- ნუ წაიმწარე ენა და რასაც გეუბნები, გაიგონე, - ტონი ისე გაუმკაცრდა, რომ ვეღარ შევბედე რამის თქმა.
- ნატალი, რატომ არ წამოხვედი? იცი, რა მაგარი იყო? - აღტაცებული მოვარდა ნინო და ჩვენ შორის ჩაჯდა. ხმა რომ არ გავეცით, ჯერ ერთს შემოგვხედა, მერე - მეორეს.
- აქ რაღაც სერიოზული ლაპარაკი მიმდინარეობდა, - როგორც ვატყობ, - თქვა ბოლოს.
- ირაკლი სად დაკარგე? - აარიდა პასუხს თავი ზურამ.
- მოდის, - თქვა ნინომ და გაიბუსხა. - მშია. ისე მშია, რომ თუ არ მაჭმევთ, გავგიჟდები, გადავირევი და გავიბუტები, - თქვა ბოლოს.
- რა გინდა, გოგო, რას გადამეკიდე, რესტორნის ფული არ მაქვს. მოდი, შენმა კავალერმა დაგვპატიჟოს, - მოისაწყლა თავი ზურამ.
- უხხხ... შე "ჟმოტო", შენა... რესტორნის ფულის გარდა რაც გქონდეს, ცეცხლმა დაწვას-მეთქი, გინდა, ასე დაგწყევლო? - ეშმაკურად მოწკურა თვალები ნინომ.

- მერე, შენი ქორწილი რითი გადავიხადოთ? - გაეცინა ზურას.
- ზურა, ქორწილში ხათუნა და ნატალი ერთად უნდა დავპატიჟოთ? - უცებ "დაახეთქა" სისულელე.
- ლიკა არ გამოგრჩეს, - ეს უკვე მე ვთქვი.
- კარგი, სანამ ზედმეტი მოგსვლიათ, წავიდეთ, სადმე ვისადილოთ, - როგორც ჩანს, ზურას საუბრის თემა არ მოეწონა და წამოდგა. ირაკლიც მოვიდა და სასტუმროსკენ დავიძარით.
საღამოს ზურა წასასვლელად გაემზადა. არც ჩემმა თხოვნამ გაჭრა, არც ნინოს მუდარამ, რომ დარჩენილიყო. ბოლოს, ირაკლი წამოგვეშველა და მისი ხათრით დარჩა. იმ საღამოს ირაკლის და ნინოს შეხვედრა, თითქმის ნიშნობამდე მისული საქმე აღვნიშნეთ. კაცებმა ბლომად სასმელი დალიეს. მე დალევაზე უარს ვამბობდი, მაგრამ ზურამ ჩემი ძველი "გრეხები" გაიხსენა, 1-2-ჯერ მთვრალი რომ მნახა და არ მომეშვა, სანამ რამდენიმე ჭიქა არ დამალევინა. სასტუმროში საკმაოდ გვიან დავბრუნდით და ჩემსა და ნინოს ოთახში შევიკრიბეთ.
- მე და ნინო ამაღამ ჩემს ოთახში დავიძინებთ, თქვენ კი აქ დარჩით. - გაანაწილა ადგილები სიმთვრალით გათამამებულმა ირაკლიმ. ზურა ერთბაშად გამოფხიზლდა.
- შენ, რა, აურიე? - საფეთქელთან თითი დაიტრიალა ზურამ.
- რა იყო, მაინც ჩემი უნდა გახდეს დღეს თუ ერთი კვირის მერე, რა მნიშვნელობა აქვს? - ისევ მიამიტი სახით იკითხა სასიძომ.
- სანამ ჩემთან არ მოხვალ და ნინოს ხელს ოფიციალურად არ მთხოვ, მანამდე შენი ხმა არ გავიგონო, იცოდე... და ზედმეტი "დვიჟენიები" არ იყოს! - თითი ჭერისკენ გაიშვირა ზურამ. აქაოდა, ჭკუით მოიქეციო. ძალიან გამიკვირდა ზურასგან ასეთი რამ. თითქოს, არ ველოდი, მაგრამ რომ დავფიქრდი, მივხვდი, მართალი იყო და ისიც გამიკვირდა, როგორ გაუბედა ირაკლიმ ამის თქმა. ირაკლი დატუქსული ბავშვივით იჯდა და ხმას აღარ იღებდა.
- ეს არის ჩემი საყვარელი დაიკო, - გვერდით მჯდომ ნინოს ხელი კისერზე მოხვია ზურამ და ლამის იღლიაში ამოიჩარა. - ვინც ამას აწყენინებს, ჩემთან ექნება საქმე. ისე, შენთვის კი არ მემეტება, ჩემო სიძევ... უკაცრავად, სასიძოვ, მაგრამ ამას უყვარხარ და რა ვქნა? - დაასრულა ზურამ და ნინოს შუბლზე აკოცა. - ისე, შენ რას გატრუნულხარ, მოლაპარაკებული ხომ არ იყავით? - სიყვარულით წაუთაქუნა თავში ხელი.
- ეეე... ნუ გააწყალე ახლა გული! - ძლივს ამოიღო ნინომ ხმა.
- ახლა, მე და შენ დასაძინებლად წავიდეთ, ჩემო ირაკლი და გოგონებიც მოვასვენოთ. იცი, რამხელა მსხვერპლია ჩემთვის, შენ გვერდით ძილი?! - მიუბრუნდა უხმოდ მჯდარ ირაკლის. - მაპატიე, ჩემო ნატალია, მაგრამ საქმეს ასე სჭირდება, - ახლა მე მომიბრუნდა და ფეხზე წამოდგა. ირაკლი წელმოწყვეტილივით გაჰყვა უკან.
ბიჭები რომ წავიდნენ, მე და ნინომ ბევრი ვიცინეთ. ხან ირაკლის დავცინოდით, ხან - ზურას. ნინოს დაწვრილებით მოვუყევი ჩემი და ზურას საუბრის შინაარსი.
- მერე, გაჰყევი ცოლად. თუ მას ასე უნდა, შენ რატომ ამბობ უარს? ხომ გიყვარს?
- მე ამერიკაში მივდივარ, - ვთქვი უეცრად.
- რააა?- ნინო გაოცებისგან საწოლში წამოჯდა.
- ვიზა უკვე მაქვს, სონასთან მივდივარ, რამდენიმე თვით. აუცილებლად დავბრუნდები.
- ზურა გიშვებს?
- ზურამ არ იცის, ჯერ!
- აუფ, გაგიჟდება... როდის მიდიხარ?
- ასე, 20 იანვრისთვის.
- კი, მაგრამ ჩემი ქორწილი? შენ არ იქნები?- ხმაში სინანული დაეტყო ნინოს.
- იქნებ, უკეთესიც იყოს. მე და ხათუნა მართლა ერთად ხომ არ მოვალთ ქორწილში! ის ხომ აუცილებლად უნდა დაპატიჟო? ჰოდა, სიტუაციიდან გამოსავალიც თავისთავად მოიძებნა.
- დაგვხოცავს! - ეს ისეთი სახით თქვა, რომ თავი ვერ შევიკავე და გულიანად გავიცინე. - რა გაცინებს, გოგო? შენ არ გინახავს, როგორი გაბრაზება იცის ჩემმა ძმამ.
- ვიცი, მინახავს.
- როდის აპირებ თქმას?
- როგორც კი თბილისში ჩავალთ და ზურას ვნახავ, მაშინვე...
- უჰ... შენ რა იცი, რა გელის... როგორ არ უყვარს ზურას, მის გარეშე რომ იღებენ გადაწყვეტილებას და არაფერს ეკითხებიან... ასეთ დროს ნამდვილ ურჩხულად გადაიქცევა ხოლმე. ასე რომ, მოემზადე... შენი საქციელის გასამართლებლად ძალიან მყარი არგუმენტები უნდა გქონდეს, რომ გაგიგოს. - ნინოს ამ სიტყვებმა დამაფიქრა და ოთხაში ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა.
- როგორ ფიქრობ, შენ რომ ასე გაგეკეთებინა, ირაკლი რას იტყოდა? - ვკითხე კარგა ხნის შემდგე, მაგრამ ნინო უკვე მშვიდად ფშვინავდა და ძილში ისე იღიმებოდა, როგორც ცხადში მხოლოდ ირაკლის უღიმის ხოლმე. - როგორც ჩანს, ირაკლი ესიზმრება-მეთქი, - გავიფიქრე და მეც ძილს მივეცი თავი.
ჯერ კიდევ ბნელოდა, როცა ვიღაცის შეხებამ გამაღვიძა. თვალი რომ გავახილე, ძლივს გავარჩიე ზურას სახე, რომელიც მაღლიდან დამყურებდა. საწოლზე ჩამომიჯდა, მომეხვია და ყურში ჩამჩურჩულა.
- მივდივარ, ნატ, 10 საათზე სამსახურში უნდა ვიყო. თქვენ ხვალ ირაკლი წამოგიყვანთ. არ მემეტები დასატოვებლად, მაგრამ ამ სიყვარულით "გადამწვარ" 2 ადამიანს მარტო ვერ დავტოვებთ.
- მე "ყარაული" ვარ? - ვკითხე და ჩუმად გავიცინე, რომ ნინოს არ გაღვიძებოდა.
- ჰო, "ყარაული" ხარ, - ჩუმად გაიცინა მანაც. - ერთი სიტყვით, ხვალ გნახავ.
- რომ ჩამოვალ, დაგირეკავ.
- კარგი, მე ისედაც მეცოდინება, როდის ჩამოხვალ. ხვალ შენთან დავრჩები და ბევრს მოგეფერები, ჩემო პატარავ... ვგიჟდები შენზე... - ისევ გამეცინა. ზურამ მაკოცა, მერე ნინოს ლოყაზე ოდნავ შეეხო ტუჩებით და ფეხაკრეფით გაიარა ოთახი. ვიდრე კარს გაიხურავდა, ხელი დამიქნია და წავიდა.
- ჰო, ჰო, რა გულის ამაჩუყებელი სცენა იყო... - წამოყო თავი ნინომ.
- შენ, რა, გეღვიძა?
- მეღვიძა, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი? როგორ უყვარხარ, ნატალია... მე ზურა ასეთი არ მინახავს, - დაფიქრებით თქვა ნინომ.
იმ დღემ ჩვეულებრივად ჩაიარა. საღამოს მე და ნინომ ბარგი ჩავალაგეთ, ირაკლიც გვეხმარებოდა. მერე, ნინომ ირაკლი დასაძინებლად ჩვენთან დატოვა. ის ცალკე ლოგინზე დააწვინა, თვითონ კი მე შემომიწვა და ბავშვივით საყვარლად ჩამეხუტა.
დილით თბილისისკენ დავიძარით. ქალაქში შუადღისას შემოვედით. მზიანი დღე დაგვხვდა თბილისში, მაგრამ საკმაოდ ციოდა. ერთი სული მქონდა, როდის მივიდოდი შინ. ორივეს ვეხვეწე, ცოტა ხნით ჩემთან შემოსულიყვნენ, მაგრამ უარი მივიღე. ირაკლიმ ჩანთები ამატანინა სადარბაზოში, კართან დაალაგა, დამემშვიდობა და კიბეზე დაეშვა. ჩანთაში გასაღებს დავუწყე ძებნა, მაგრამ ვერ აღმოვაჩინე. გამახსენდა, რომ 2-3 დღის წინ ბაკურიანში, პალტოს ჯიბეში ჩარჩენილი გასაღები საწოლზე დავაგდე, მაგრამ ის ვერ გავიხსენე, ავიღე თუ არა. რაღას ვიზამდი? ერთი სათადარიგო გასაღები ჩემს დასთან მქონდა დატოვებული. ტელეფონი მოვიმარჯვე, რომ ქეთინოსთან დამერეკა. სწორედ ამ დროს, ჩემი სახლის კარი შიგნიდან გაჩხაკუნდა. მოულოდნელობისგან შევხტი. რამდენიმე წამში კი კარი ყურთამდე გაიღო.
- შენ? შენ აქ როგორ მოხვდი? - ძლივს გადავყლაპე ყელში გაჩხერილი ნერწყვი.
როგორ მოვხვდი და ჩვეულებრივად, - სრულიად მშვიდი ხმით მიპასუხა მოულოდნელმა სტუმარმა.
ჩემ წინ ხათუნა იდგა და ისე მიღიმოდა, თითქოს, დიდი ხნის უნახავი მეგობრები ვიყავით. ჩანთები ძლივს შევათრიე შემოსასვლელში. პალტო გავიხადე, საკიდზე ანგარიშმიუცემლად დავკიდე და ოთახში შევედი. დაბალ მაგიდაზე ყავის ცარიელი ჭიქა გახლდათ ლამბაქზე დაყირავებული - ისე, სამკითხაოდ რომ გაამზადებენ ხოლმე. იქვე, კარტი იყო გაშლილი. მივხვდი, ჩემს მოსვლამდე ხათუნა ამით ერთობოდა. დივანზე პლედი ეგდო და ჟრუნალები ეყარა. როგორც ჩანს, მათ წამოწოლილი კითხულობდა. ახლაღა დავხედე ფეხზე და თვალები დავაჭყიტე - ჩემი ვარდისფერი ჩუსტები ეცვა.
- იატაკი რომ არ დამეკაწრა, ჩექმა იმიტომ გავიხადე, - ალბათ, ჩემი გაოცებული მზერა შენიშნა.
უსიტყვოდ დავუქნიე თავი. მისი საქციელი და გამოხედვა არ ჰგავდა თავდასხმისთვის გამზადებული მხეცის საქციელს. ჩემს საყვარელ სავარძელში ჩავჯექი, ზურგით მივეყრდენი, გულხელი დავიკრიბე და ხათუნას შევხედე. რამდენიმე ნაბიჯი უკან-უკან გადადგა და ისიც დივანზე დაჯდა. კარგა ხანს ვზომავდით ერთმანეთს თვალებით.
- როგორც ვხვდები, ჩემი გასაღები ბაკურიანში მოიპარე, არა?
- საწოლზე ეგდო და ავიღე, - სრულიად მშვიდი ხმით მიპასუხა ხათუნამ.
- კი, მაგრამ რაც შენი არ არის, იმას ხელს რატომ ჰკიდებ? - ვკითხე და მისი პასუხიც დაახლოებით გამოვიცანი.
- ამას მე მეუბნები? შენ რატომ ეპოტინები იმას, რაც შენი არ არის? - ხმაში გაღიზიანება დაეტყო.
- ზურას თუ გულისხმობ, მაშინ ერთ კითხვაზე მიპასუხე: ვისია?
- ჩემია! - ჭირვეული ბავშვი სათამაშოს რომ არ თმობს, ზუსტად ისეთი ტონით მიპასუხა
პასუხად მხოლოდ ჩავიცინე. - შენ თურმე, მდიდრულად ცხოვრობ. ეს ყველაფერი ჩემი ქმრის დამსახურებაა? - მკითხა და ტონში ირონია გაურია.

- შენი ქმარი არაფერ შუაშია. შენ წარმოიდგინე, ეს ყველაფერი ზურას გაცნობამდე მქონდა. მითხარი, რაში დაგჭირდა აქ უჩემოდ მოსვლა? თუ ჩემთან ლაპარაკი გინდოდა, გეთქვა და შეგხვდებოდი. იქნებ, ფიქრობდი, რომ თავს აგარიდებდი?
- თავს რატომ ამარიდებდი? შენ ხომ შუბლის ძარღვი გაწყვეტილი გაქვს! ნინოს დაუდაქალდი და ზურას ერთად აბამთ ბადეში, არა? ის და დედამისი ყოველთვის ჩემ წინააღმდეგ იყვნენ ამხედრებული. ნინო სულ იმას ცდილობს, რაიმე მავნოს... ის ახლა ბედნიერია, მე რომ ტკივილს მაყენებს. არ გეგონოს, შენზე მზე და მთვარე ამოსდიოდეს, უბრალოდ, ჩემს წინააღმდეგ გიყენებს. ეს იცოდე და კარგად დაიმახსოვრე!
მისი ლაპარაკი მაღიზიანებდა, მაგრამ მაინც, ჩუმად ვუსმენდი. ვცდილობდი, აღელვება არ შემტყობოდა.
- ყველა შენისთანა ქალის ბოლო ერთია. დარჩები მიტოვებული და მორიგი მსხვერპლის ძებნაში კიდევ რამდენიმე წელი გაივლის. ზურა ჩვენ არ მიგვატოვებს. დარწმუნებული ვარ, გიყვარს და ეგ სიყვარული შენვე მოგაყენებს ტკივილს, - დაასრულა მონოლოგი ხათუნამ.
- საიდან მოიტანე, რომ მიყვარს? ცდები, ჩემო კარგო. უბრალოდ, მარტოობის შესავსებად დამჭირდა ზურასთან ურთიერთობა. მე საქმრო მყავს... - თვითონაც არ ვიცოდი, საიდან მოვიტანე ეს სისულელე. - შენ გიყვარს ზურა? - ვკითხე და პასუხის მოლოდინში დავიძაბე.
- არა... - გულახდილად და თითქოს, დანანებით მიპასუხა ხათუნამ. მივხვდი, ეს ჩემი მოჩვენებითი გულახდილობის საპასუხო რეაქცია იყო.
- აი, ხომ ხედავ, შეუძლებელია, ეს ადამიანი გიყვარდეს. როცა გაჰყევი, მაშინ გიყვარდა? - ჩემი თავი იმაში გამოვიჭირე, რომ ვცდილობდი, მისი გულახდილობით მესარგებლა და იმ კითხვებზე მიმეღო პასუხი, რომლებიც უკვე დიდი ხანია, მაწვალებდა.
- არ ვიცი, მაშინ მიყვარდა თუ არა. მეგონა, რომ მიყვარდა. კი, მიყვარდა! - დააზუსტა ბოლოს.
- მერე, თუ გიყვარდა, რამ შეცვალა გრძნობა - ეს უკვე დაკითხვას ჰგავდა. უფრო სწორად, ფსიქოლოგისა და პაციენტის საუბარს.
- მისმა ოჯახმა არ მიმიღო. ნინომ საიდანღაც გაიგო, რომ მანამდე შეყვარებული მყავდა და მათ მიიჩნიეს, რომ ზურას ძალით "შევეტენე".
- და ეს ასე არ იყო?

- რაღაც, ისე მოხდა, რომ მეც ვერ გავიგე ბოლომდე, როგორ გავხდი ზურას ცოლი. შემთხვევის წყალობით დავქორწინდით. რა თქმა უნდა, ეს მინდოდა. ვიცოდი, ზურა ჯერ არ აპირებდა ცოლის მოყვანას, მაგრამ მეგონა, ყველაფერს შეეგუებოდა, - მორჩილად მიყვებოდა ხათუნა წლების წინ მომხდარ ამბავს და ვგრძნობდი, თითქოს რაღაც ტვირთისგან თავისუფლდებოდა. რომც მომენდომებინა, მას უკვე ვეღარ შევაჩერებდი, ვიდრე ბოლომდე არ იტყოდა სათქმელს.
- თავიდან, თითქოს ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ ჩვენი ურთიერთობა მალე აირია. სხვადასხვა ენაზე ვლაპარაკობდით, ერთმანეთის არ გვესმოდა. ზურას ნელ-ნელა ვკარგავდი, მაგრამ მაშინ, ამას არ განვიცდიდი, რადგან დარწმუნებული ვიყავი, რომ ის არასოდეს მიგვატოვებდა.
- ახლა? ახლა განიცდი? - თუ უბრალოდ, ჟინიანობ?
- ახლა განვიცდი. მისი ოჯახის წევრებს რომ ჰკითხო, გეტყვიან, რომ ფულის გამო განვიცდი ამ ყველაფერს, თითქოს მეშინია, ქონება არ დავკარო. ეს ასე არ არის. მე და ზურამ ცალ-ცალკეც რომ ვიცხოვროთ, ის არასოდეს დაგვტოვებს ულუკმაპუროდ. სიყვარულის მოთხოვნას აზრი არ ჰქონდა, ამიტომაც ვთხოვდი ფულს. ძალით ვერავის შეაყვარებ თავს. ფული იყო ის, რაც მასთან მაკავშირებდა და რაც მისგან შეიძლებოდა მიმეღო. ეს იყო კომპენსაცია იმისა, რომ ვცხოვრობდი ისეთ ადამიანის გვერდით, ვისაც არ ვუყვარდი. თუმცა, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, ზურას ფულით მისსავე სიყვარულს ვიყიდდი... არჩევანის საშუალება არ მქონდა, თორემ ფულს კი არა, მის სიყვარულს ავირჩევდი.
- კი, მაგრამ თუ არ გიყვარს და არ უყვარხარ, თანც, ამბობ, რომ ცალკე ცხოვრების შემთხვევაში ზურა არაფერს მოგაკლებთ, რას უნდა ნიშნავდეს შენი ასეთი საქციელი? რატომ დაჰყვები უკან? - ვკითხე თანაგრძნობით განმსჭვალული ხმით, რადგან ეს ქალი მართლა შემეცოდა. ხათუნამ უცნაურად შემომხედა.

- არ მინდა მისი დათმობა იმ ქალისთვის, ვინც მას თავი შეაყვარა. ნატალი, მეზიზღები, იმიტომ, რომ ზურას უყვარხარ, - ეს ისეთი მოულოდნელი იყო, რომ შევხტი.
- ეს შურია, უბრალო, ქალური შური... იცი, რომ ზურა კარგი ადამიანია და ის სხვისთვის არ გემეტება, - ვუთხარი და წამოვდექი.
- ჩვენი საუბარი არ დამთავრებულა, - მომაძახა სამზარეულოსკენ მიმავალს.
- ვიცი, უბრალოდ, ყავას მოვადუღებ. შენ ხომ დალევ? - ახლა მე გავძახე.
- კი, დავლევ. მანდ, მაცივარში "ბორჯომი" ვნახე და წამოიღე... - თავი გავაქნიე და გავიცინე. რაღაც უჩვეულო სიტუაციაში ვიყავი. მე და ხათუნა ვისხედით და დაქალებივით ვსაურობდით. ფიქრში ისე გავერთე, რომ ყავა გადმომივიდა. მადუღარას ხელი ვტაცე და თითები დავიწვი. ნიჟარაში მოვისროლე, იქ ჩადგმულ წყლის ჭიქას მოხვდა და გატეხა. ხმაურზე ხათუნა სამზარეულოში შემოვარდა. მე ხელი ცივ წყალს შევუშვირე და მას შევხედე.
- დაიწვი? - მზრუნველად მკითხა.
- იცი, შენზე როგორი წარმოდგენა მქონდა? - ვკითხე მოულოდნელად.
ხათუნა ინტერესით მომაშტერდა.
- რატომღაც მეგონა, რომ ძალიან ცივი, უხასიათო და უსულგულო ადამიანი იყავი.
- ჰო-ო? როგორ უცნაურადაც უნდა მოგეჩვენოს, მეც მომეწონე. ჩვენ რომ კაცი არ გვყავდეს გასაყოფი, ალბათ, კარგი მეგობრები ვიქნებოდით.
- მადუღარა გავრეცხე და ყავა მოსადუღებლად ხელახლა დავდგი. ამჯერად, ყველაფერმა მშვიდად ჩაიარა. ლანგარზე დავალაგე ყავის ფინჯნები, "ბორჯომის" ბოთლი, ცარიელი ჭიქა და ოთახში შევედი. ხათუნა ისევ კარტს შლიდა.
- რაო, კარტმა რა გითხრა?- ვკითხე ღიმილით.
- რაო და, ნატალის და ზურას მომავალი არა აქვთო. შენ "ჯვრის დამა" ხარ. ნახე, ყვავის "ტუზი" და "ათიანი" დაგეცა გულზე, - თითი დაადო კარტს და შემომხედა.

- იცი, მე ზურას სიტყვების უფრო მჯერა, ვიდრე მაგ კარტის.
- რაო, რას გეუბნება ზურა?- დაინტერესდა ხათუნა.
- მოდი, ამას საიდუმლოდ შევინახავ, რადგან მარტო მე და მას გვეხება.
- მე - არა? - მოდი, კარტი გავხსნათ და სათქმელი ბოლომდე ვთქვათ. რა გინდა ზურასგან?
- არაფერი.
- სიყვარული არ გინდა?
- ეგ უკვე მაქვს, - ვუპასუხე, თავი გვერდზე გადავწიე და ისე შევხედე.
- სექსი?
- ეგეც... - "ც" განსაკუთრებით ხაზგასმით წარმოვთქვი.
- ფული?
- ფული შენთვის დამითმია. მე ლიკა არ გეგონო. შენ ზურასგან მხოლოდ ფულს "ჩალიჩობ", - მე - სიყვარულს. ასე რომ, გასაყოფიც არაფერი გვაქვს. ერთმანეთის ინტერესებს არ ვკვეთთ და საჩხუბარი რაღა გვაქვს?
- ზავს მთავაზობ? რა საინტერესო სიტუაციაში ვართ, ატყობ?
- ჩემთვის ეს სიტუაცია საინტერესო კი არა, გულისამრევია. მე შენს ადგილზე რომ ვყოფილიყავი, ქმრის საყვარელთან არ მივიდოდი. უბრალოდ, თავს არ დავიმცირებდი... - ვიცოდი, ეს არ უნდა მეთქვა, მაგრამ გულახდილად ვთქვი, რასაც ვფიქრობდი.
- რადგან ასე კარგად მსჯელობ, ისიც გეცოდინება, როგორ მოიქცეოდი, ჩემს ადგილას რომ ყოფილიყავი? დავფიქრდი.
- გულახდილად გითხრა?
- ჰო... - თავი დამიქნია ხათუნამ.
- მე თვითონ წავიდოდი ჩემი ქმრის ცხოვრებიდან.
ხათუნა ახარხარდა. ეტყობა, ჩემმა სიტყვებმა ძალზე გაამხიარულა. კარგა ხანს იცინა და სული ძლივს მოითქვა.
- რა კარგად "ჭრი" და "კერავ". შენც ეგ არ გინდა? გზა ხსნილი გექნება მერე ელიტისკენ, სიმდიდრისკენ და ზურასკენ...
- ახლა მე ავხარხარდი. 2 შეშლილი ადამიანის დიალოგს დაემსგავსა ჩვენი ურთიერთობა.
- შენ ფიქრობ, რომ მე ელიტაში გასვლა მინდა? ელიტიდან იმდენი პაციენტი მოდის ჩემთან, რომ მაგის პრობლემა, წესით, არ უნდა მქონდეს. ისე, არც ზურაზე გათხოვება მინდა...
- აბა, რა ჯანდაბა გინდა?- გაცხარდა ხათუნა.
- მხრები ავიჩეჩე.
- იცი, ჯერ არ გადამიწყვეტია, რა მინდა. ახლა რამდენიმე თვით ამერიკაში ვაპირებ წასვლას და რომ დავბრუნდები, მაგ კითხვაზე პასუხი მერე მექნება.
ამ დროს სახლის ტელეფონმა დარეკა. ზურა იყო.
- ჩამოხვედი ხომ? როგორ ხარ?
- კარგად.
- სადმე ხომ არ აპირებ წასვლას?
- არა.
- კარგი, ჩემო პატარავ, მალე მოვალ...
- ისა... მივდივარ, კი... წავალ და ერთ საათში დავბრუნდები, - მოვატყუე, რადგან არ მინდოდა, ხათუნა ჩემთან ენახა.
- უჩემოდ ფეხს ვერ გაადგამ. მოვალ და მე წაგიყვან, სადაც გინდა, - მითხრა და ყურმილი დაკიდა...
- ბატონი ზურა ბრძანდებოდა? - მიხვდა ხათუნა.
- დიახ! - მოტყუებას აზრი არ ჰქონდა.
- ასე მოწიწებით ელაპარაკები? ყოჩაღ, ჩემო ქმარო! დაუყენებია "პალაჟენიე"...
- ხათუნა, იცი, რაღაც მინდა გითხრა. მოდი, ჩვენი საუბარი სხვა დროისთვის გადავდოთ.
- რატომ? ზურა უნდა მოვიდეს?
- ალბათ, - მოკლედ მოვუჭერი.
- ჰოდა, ძალიანაც კარგი. აქ დაველოდები.
მოუსვენრობამ შემიპყრო. ნამდვილად არ მინდოდა, რომ ზურას მისთვის აქ მოესწრო. ხათუნა კი წასვლას არ აპირებდა და მყარად გადაწყვიტა, რომ ქმარს დალოდებოდა.
- კარგი, მაშინ მე წავალ და შენ დარჩი, - შევთავაზე გაჯიუტებულ ხათუნას. - ზურა რომ მოვა, შენ თვითონ გაეცი პასუხი, როდესაც დაინტერესდება, აქ რას აკეთებ - ვთქვი და იმ განზრახვით წამოვდექი, რომ პალატოს ჩავიცვამდი და შინიდან წავიდოდი.
- მოიცადე... - შემაჩერა ხათუნამ. - ერთად დაველოდოთ, თქვენი ერთად ნახვა მაინტერესებს.
- ბაკურიანშიც მაგიტომ ჩამოხვედი?- მისკენ შევბრუნდი და დოინჯი შემოვირტყი.
- არა, ბაკურიანში იმიტომ ჩამოვედი, რომ ზურასთვის ძველი მოგონებები ამეშალა. ალბათ გეცოდინება, რომ მე და ზურა სწორედ ბაკურიანში დავქორწინდით. მინდოდა, გამეხსენებინა მისთვის ჩვენი ქორწინების დღე.
- ჰმ... - მხოლოდ ეს ვთქვი და მხრები ავიჩეჩე, ჩექმას დავწვდი და ჩაცმა დავიწყე.
ამ დროს, კარზე ზარი დაირეკა. ხათუნას გავხედე. თითქოს დაიძაბა. დვინის საზურგეს მიაწვა და კარის საპირისპირო მხარეს გაიხედა. ჩექმა იქვე მივაგდე და კარი გავაღე.
- როგორ ხარ, ჩემო პატარავ? - მომეხვია ზურა.
- კარგად, - ვუპასუხე და მისი ხელები მოვიშორე. მაშინვე მიხვდა, რომ რაღაცაში იყო საქმე და ოთახისკენ გაიხედა. ხათუნა ჩვენკენ არ იყურებოდა.
- ხათუნა? - გაოცდა ზურა.
ხათუნამ თავი მხოლოდ თავისი სახელის გაგონებისას მოაბრუნა.
- აქ რას აკეთებ? აქ რას აკეთებს? - ახლა მე მომიბრუნდა ზურა.
- რას უნდა ვაკეთებდე? ნატალისთან გულითადი საუბარი მინდოდა და სტუმრად მოვედი, - უპასუხა ცოლმა.
- კი არ მოვიდა, აქ დამხვდა, - ნიშნის მოგებით ვთქვი და პალტო ისევ გავიხადე, ახლა წასვლას უკვე აღარ ჰქონდა აზრი, - ბაკურიანიდან ჩემი გასაღები წამოუღია და დაუპატიჟებლად შემოსულა.
ზურამ პალტო მომაწოდა და ოთახში შევიდა. რატომღაც ახლა უფრო ვღელავდი, ვიდრე მაშინ, როცა მე და ხათუნა მარტო ვიყავით. ზურამ სიგარეტის კოლოფი დაუდევრად მოისროლა მაგიდაზე, ჩემს სავარძელში ჩაჯდა, ფეხი ფეხზე გადაიდო და ცოლს წარბაწეულმა შეხედა. ხათუნამ კოლოფიდან ერთი ღერი სიგარეტი ამოაძრო და მოუკიდა, ვითომც, აქ არაფერიო. ღრმა ნაფაზი დაარტყა, სანთებელა მაგიდაზე დააგდო და ზურას თვითონაც შეხედა.
- ბატონო ზურა, ნუ გიკვირთ... მე ყველაფერი მაინტერესებს, რაც შენ გარშემო ხდება. ხომ უნდა ვიცოდე, სად ათევ ღამეს, სად გძინავს, როგორ თეთრეულსა და საწოლში ამჯობინებ წოლას. კარგად გივლის თუ არ აქალბატონი ნატალია... - ზურა ჩუმად უსმენდა. დააცადა, ვიდრე ლაპარაკს დაამთავრებდა. მერე ადგა, მკლავში ხელი მოჰკიდა და შემოსასვლელისკენ თითქმის ძალით წაიყვანა. ხათუნა ალბათ ფიქრობდა, რომ საძინებელში მიჰყავდა საქმის გასარჩევად, მაგრამ როდესაც ზურამ მისი პალტო საკიდრიდან ჩამოხსნა, მიხვდა, რომ გარეთ წაყვანას უპირებდა, ხელიდან დაუსხლტა და სასწრაფოდ ძველ ადგილს დაუბრუნდა.
- არსად არ წავალ, სანამ ყველაფერს არ გავარკვევ! - ჯიუტად თქვა, როდესაც თავი სამშვიდობოს დაიგულა.
- ხათუნა, პრობლემებს ეძებ?
- პრობლემები როდის არ მქონია? რაც შენი ცოლი ვარ, ისედაც არ მელევა პრობლემები. გაჟეჟილს კი გატეხილი სჯობია და ახლა ყველამ ჩვენი სათქმელი ვთქვათ.
- საქმის გარჩევა გსურს? - ისეთი ტონით იკითხა ზურამ, რომ ტანში გამცრა. ხათუნას ადგილზე ან მაგრად ვიტირებდი, ან უსიტყვოდ წავიდოდი იქიდან, მაგრამ ნურას უკაცრავად - ხათუნა უკან დახევას არ აპირებდა.
- დიახ... მინდა აქვე, ამ ქალბატონის თანდასწრებით გადავწყვიტოთ ჩვენი ურთიერთობა, - უკვე მერამდენედ იმეორებდა ჯიუტად.
- ეს არ არის სხვასთან ერთად გასარჩევი თემა, - ზურა ცდილობდა, უხერხული სიტუაციისთვის თავი აერიდებინა.
- ვერ გავიგე, ეს ქალი ხან შენი ცხოვრების აზრი და ნაწილია, ხან კი - სხვა და უცხო?
- კარგი, მოდი, თქვი, რა გინდა, - დაყაბულდა ზურა.
- რას აპირებ? ოჯახიდან წასვლა გინდა?
- ეგ ჯერ არ არის გადაწყვეტილი. დღეს და ხვალ ალბათ არა, მაგრამ საბოლოო ჯამში ჩვენი ერთად ცხოვრება რომ გამორიცხულია, ალბათ მაგას ხვდები.
- და ამ ქალზე, - თითი ჩემკენ გამოიშვირა, - აპირებ დაქორწინებას?
- დიახ. მე უკვე დიდი ხანია, ნატალის ვთხოვე, რომ ცოლად გამომყოლოდა, მაგრამ ჯერჯერობით უარზეა, - სრულად აკმაყოფილებდა ზურა ხათუნას ინტერესს.
მე მთელი ეს პერიოდი "ზალის" კართან ვიდექი. ამ სიტყვების შემდეგ შევბრუნდი და სამზარეულოში გავედი. სისხლი თავში ამივარდა და ვიგრძენი, რომ სადაცაა, გული ამერეოდა. ძალზე ცუდად ვგრძნობდი თავს. სამზარეულოს ფანჯარასთან დავდექი და ეზოში მოთამაშე მეზობლის ბავშვებს დავუწყე ყურება. ის, რაც ახლა ჩემს სახლში, ჩემს თავს ხდებოდა, ჯერ არსად გამეგონა. "აუცილებლად გავყვები ზურას ცოლად, - გადავწყვიტე უცებ,M- და არც ამერიკაში წავალ", - გავაგრძელე ფიქრი. თითქოს ცხოვრებაში ყველაზე დიდი პრობლემა გადავწყვიტე და მტანჯველი "ჰოსა" და "არასგან" გავთავისუფლდი, მაგრამ მაინც ცუდად ვგრძნობდი თავს.
უცებ, რაღაც გამახსენდა. ქურთუკი შემოვიცვი და სასწრაფოდ დავეშვი კიბეზე. ზურას ხმა პირველ სართულზე მომესმა.
- სად მიდიხარ? - რაც შეიძლებოდა ხმამაღლა მეძახდა.
- დავბრუნდები, მალე მოვალ, - მივაძახე და სირბილით გამოვედი გარეთ. იქვე, ქუჩის გადაღმა აფთიაქში შევედი.
- ორსულობის დასადგენი ტესტი მომეცით, - მივმართე თეთრხალათიან გოგონას. ფული გადავიხადე და ისევ სირბილით წამოვედი უკან. ალბათ, სულ ხუთიოდე წუთი დამჭირდა და უკვე შინ ვიყავი.
- ზურა, რატომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს? - მომესმა ხათუნას ხმა, როდესაც კარი შევაღე.
- სად იყავი? - ოთახიდან გამოვიდა ზურა.
- მეზობელთან, - მოვატყუე და კვლავ სამზარეულოში შევედი. ზურა ხათუნას დაუბრუნდა, მე კი საბაზანოში შევიკეტე. "ტესტი 3-5 წუთის განმავლობაში იქნება მზად. თუ ღერძზე 2 წითელი ხაზი გამოჩნდა, ტესტის პასუხი დადებითია, თუ მხოლოდ ერთი, მაშინ - უარყოფითი". ვკითხულობდი ინსტრუქციას. 3-5 წუთი... საათს დავყურებდი. თითქოს დრო გაიწელა. ტესტს შეგნებულად არ ვუყურებდი. როგრც იქნა, 5 წუთი გავიდა. "2 წითელი ხაზი იმის მანიშნებელია, რომ ტესტის პასუხი დადებითია"... გუგუნებდა თავში ეს სიტყვები... "დადებითია... დადებითია... დადებითია..." იქვე, აბაზანის კიდეზე ჩამოვჯექი, რათა გონს მოვსულიყავი. მე ორსულად ვიყავი, იქ, ჩემს სასტუმო ოთახში კი, ხათუნასა და ზურას ოჯახის გადარჩენა-არგადარჩენის საკითხი წყდებოდა. სააბაზანოდან გამოსულმა წყალი დავლიე, გული გავიგრილე და მხოლოდ ამის მერე შევედი ოთახში.
- ... მაშინ, ადექი და წავიდეთ. აქ რაღა დაგვრჩენია? - ამას ხათუნა ამბობდა.
ზურამ მე შემომხედა. თითქოს მოტეხილი ჩანდა. "როგორც ჩანს, ჩემს არყოფნაში აქ რაღაც მოხდა", - გავიფიქრე დაზაფრულმა და ხათუნას გვერდით დავჯექი.
- წადი, ზურა... აქ მართლაც აღარაფერი დაგრჩენია. რას იტყვის ხალხი? არ შეგვარჩენენ მრუშობას...
- გაგიჟდი? - ეს ზურას ნათქვამი სიტყვა გახლდათ, ჩემი მისამართით.
- არა, სრულ ჭკუაზე ვარ. წადი... მე მაინც ამერიკაში მივდივარ. ვიზა უკვე მაქვს... ბილეთიც... - ამის თქმა იყო და ზურა ელდანაკრავივით წამოხტა ფეხზე.
- სად?
- ამერიკაში, - სრულიად აუღელვებლად და უემოციოდ გავუმეორე.
- მე რატომ არაფერი ვიცი? - მკითხა, რაღაც ნომერი აკრიბა და ცოტა ხანს დაელოდა.
- გოჩა! - იღრიალა უცებ. - ნატალისთან მოდი და ხათუნა წაიყვანე აქედან!
სახეზე მთლად გაწითლებულიყო, ცოფებს ყრიდა. ალბათ გოჩასთვის ძალზე მოულოდნელი იყო ხათუნას ადგილსამყოფელიც და ზურას ყვირილიც. რამდენიმე წუთში, ის უკვე კარზე აკაკუნებდა. როგორც ჩანს, ხათუნაც მიხვდა, რომ ზურას სიბრაზე ზღვარს გადავიდა, უსიტყვოდ ჩაიცვა და გოჩას უკან გაჰყვა. თან კარი ისე გაიჯახუნა, რომ კედლებმა ზანზარი დაიწყო.
- თქვენ რა, ჩემი გაგიჟება გაქვთ გადაწყვეტილი? - მთელი ხმით იყვირა, როგორც კი ხათუნამ კარი გაიხურა.
- ნუ ყვირი. ხათუნას ხომ ელაპარაკებოდი მშვიდად? ნება იბოძე და მეც დაბალი ხმით მელაპარაკე, - კვლავ აუღელვებელი ტონით მოვუწოდე სიმშვიდისკენ.
- როდის გააკეთე საბუთები?
- უკვე ერთი თვეა.
- მე რატომ არ მითხარი?
- იცი, ზურა, ჩემი წასვლა არწასვლა შენზე იყო დამოკიდებული.
- ეგ როგორ? - უცებ დაუწია ტონს.
- და კიდევ ერთ საინტერესო ამბავზე, რომელიც ამ რამდენიმე წუთის წინ შევიტყვე, - განვაგრძე დაწყებული ფრაზა.
- სული ნუ ამომხადე, თქვი, რა უნდა მითხრა?
- მნიშვნელოვანი არაფერი მაქვს სათქმელი. უბრალოდ, სონა ვერ გრძნობს თავს კარგად და ვჭირდები. შენ რომ იყო, ხომ წახვიდოდი, ვთქვათ, ნინოს დასახმარებლად? ჰოდა, მეც უნდა წავიდე. - ამას რომ ვამბობდი, თვალებში არ ვუყურებდი. ტელევიზორის ეკრანს მივშტერებოდი და სიტყვებს ავტომატურად ვისროდი.
- კი, მაგრამ ამ რამდენიმე წუთის წინ ხომ თქვი, მნიშვნელოვანი ამბავი გავიგეო.
- ჰო, ვთქვი, - ვუპასუხე და ისევ ავარიდე თვალი.
- მერე, რას გულისხმობდი?
- სონამ დარეკა რამდენიმე წუთის წინ და მივხვდი, რომ მართლაც ძალიან ვჭირდები, - კვლავ ურცხვად ვიტყუებოდი.
- ძალიან საინტერესოა... შენი მობილური აქ დევს, მაგიდაზე, სახლის ტელეფონს არ დაურეკავს... სად დარეკა სონამ?
- მეზობელთან, - ისე უცებ ვიპოვე პასუხი, რომ თვითონაც გამიკვირდა. - წეღან ხომ ვიყავი მეზობელთან გასული? - შვებით ამოვისუნთქე.
- გასაგებია. ეგ სონაც დიდი ჩუმჩუმელა ვინმეა. ვითომ ჩემს მხარეზეა და სამარეს კი მითხრის. დარწმუნებული ვარ, ეგ შეგიჩნდებოდა და ამიტომ გადავწყვიტე წასვლა. - მითხრა და აწკრიალებულ მობილურს უპასუხა. მოადგილე ურეკავდა და საუბარი გაუგრძელდა. თან, ოთახში მიდიო-მოდიოდა. მე მის მოძრაობას, სახის გამომეტყველებას ხარბად შევყურებდი. თითქოს ვცდილობდი, ის სამუდამოდ აღმებეჭდა მეხსიერებაში. თვალებით ვეფერებოდი, სულში ვუძვრებოდი. მინდოდა, ავმდგარიყავი და ჩავხუტებოდი. ძალიან საყვარელი იყო - შუბლშეჭმუხნილი, ხელების ქნევით ლაპარაკობდა, ტუჩებს სასაცილოდ აცმაცუნებდა და თან, წარამარა საათზე იხედებოდა. "ნეტავ, რატომ უთხრა ხათუნამ, აქ რაღა დაგვრჩენია, ადექი, წავიდეთო? რას ნიშნავდა ეს სიტყვები?" - გონებაში ხათუნას ხმა ამოტივტივდა და ვიგრძენი, როგორ მომეწურა გული. ვცადე, მათი საუბრის წინა ფრაზები გამომეცნო, მაგრამ არაფერი გამომივიდა. ამან ძალიან გამაღიზიანა. მკვეთრი მოძრაობით წამოვდექი და ტანისამოსის გამოსაცვლელად გავედი - ჯერ ისევ ის ტანისამოსი მეცვა, რომლითაც ბაკურიანიდან ჩამოვედი. საცვლების ამარამ სარკეში ჩემს თავს მოვკარი თვალი. ახლოს მივედი, გვერდით შევბრუნდი და მუცელს დავაკვირდი. ჩემს საქციელზე გამეცინა. აბა, ჯერ რა უნდა დამტყობოდა? მაგრამ წარმოვიდგინე, როგორი ვიქნებოდი, როცა მუცელი გამეზრდებოდა. სასწრაფოდ შემოვბრუნდი, საშინაო ტანისამოსი გადავიცვი და ზურასთან დავბრუნდი. ის უკვე საუბარს ამთავრებდა. სავარძელში ჩავეშვი. ზაფხული და ბათუმი გამახსენდა, როდესაც ზურა პირველად ჩამოვიდა ჩემს სანახავად. საღამო ხანს რესტორანში დამპატიჟა და მთელი საღამო ცდილობდა, არაპირდაპირი, ირიბი ხერხებით ეთქვა, რომ იმ ღამეს ჩემთან დარჩენა სურდა. მე კი ვითომ ვერ ვხვდებოდი.

- ნატალი, რაღაც მინდა, გითხრა... - მაინც პირდაპირ თქმა გადაწყვიტა, რადგან სხვაგვარად ვერაფერს მიმახვედრა.
- გისმენ, - ისეთი მიამიტი მზერით შევხედე, რომ გადაიფიქრა. თავისი ტელეფონი, რომელსაც მანამდე ხელში ათამაშებად, მაგიდაზე დადებულ ჩემს ტელეფონს ზემოდან ძალიან ნელა, უხმოდ დაადო. თან, ამ დროს ძალიან ჩაფიქრებული სახე ჰქონდა. ამით მიმახვედრა იმას, რის თქმასაც ხმამაღლა ვერ ბედავდა. მე კი ჩემს ტელეფონს ხელი ვტაცე და ჩანთაში ჩავუძახე. "ზურა ძალიან მაგარი ადამიანია. ასეთი მამაკაცი მართლაც იშვიათია", - გავიფიქრე და შევხედე. ის ჩაფიქრებული იჯდა. ჩემი მზერა იგრძნო და შემომხედა.
- როდის გადაწყვიტე წასვლა? - მისი მკაცრი ტონი აბსოლუტურად არ შეესაბამებოდა მის გამომეტყველებას.
- შენზე გაბრაზებულმა გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი და სამუდამოდ დამეტოვებინე, მაგრამ ეს ადრე იყო... ახლა შენზე გაბრაზებული აღარ ვარ, მაგრამ რადგან გამიმართლა და ვიზა მივიღე, წასვლა არ გადავიფიქრე. უბრალოდ, გადავწყვიტე, მხოლოდ 2 თვით წავალ და დავბრუნდები.
- მე რომ გთხოვო, დარჩები? ძალიან რომ გთხოვო? - უცებ შეეცვალა ტონი.
- არა! - მოვუჭერი მოკლედ.
- რატომ? - ხმაში გაღიზიანება დაეტყო. - მეგონა, გიყვარდი.
- მეც მეგონა, რომ გიყვარდი. - ეს რატომ ვთქვი, არ ვიცი, მაგრამ დიდი შეცდომა დავუშვი, გაფრენილი სიტყვა კი უკან ვეღარ დავაბრუნე.
- გეგონა? - აყვირდა უცებ. - შენ ჩემს ნერვებს სცდი? თუ რა ხდება? ყველა უტვინო ქალის დედა... - უწმაწურად შეიგინა ზურამ. ეს უკვე რაღაც სიახლე იყო. - რა გინდა, გოგო, რით ვერ დაგარწმუნე ჩემს სიყვარულში, ლამის თავდაყირა დავდგე, ლამის უშენდ სუნთქვა შევწყვიტო... შენი სიყვარულის გამო მთელ კრიმინალურ სამყაროს დავუპირისპირდი და ისიც არ ვიცი, როდის ან სად "დამიპადიეზდებენ", სად ამომხდიან სულს, ტყვიას ზურგიდან "დამაჭედებენ" თუ წინიდან.
- რას ბოდავ? რა ტყვია, რის კრიმინალური სამყარო... ხომ არ გაგიჟდი?
- მე გავგიჟდი? კარგი, გიჟი დამიძახე, ასე იყოს...
-ზურა, რა ხდება ისეთ რამეს ამბობ, რაც ჩემთვის გაუგებარია და წარმოუდგენელი.
- ჰო, ნატალი, შენთვის ისიც წარმოუდგენელია, რომ მიყვარხარ, რომ ჩემი გულისთვის აქ დარჩე, რომ ჩემ გვერდით იყო, რომ დამიჯერო... - წამოდგა, მაგიდაზე დაგდებულ სიგარეტის კოლოფს დასწვდა, მოუკიდა და ფეხზე მდგომმა განაგრძო ლაპარაკი. - რადგან მიდიხარ და შენსას არ იშლი, წადი, წადი და ნუღარ დაბრუნდები. არჩევანი გააკეთე, ნატალი - ან წადი და აღარ დაბრუნდე, ან დარჩი და ჩემი ცოლი გახდი.
- მე უნდა წავიდე! - ვთქვი მტკიცედ.
- კარგი, როგორც გინდა! - თქვა და შემოსასვლელში გავიდა, პალტო ჩამოხსნა და ჩაცმა დაიწყო. - იცი, ვინ იყო ის კაცი, რომელშიც შენი სამსახურის ეზოში მანქანაში ჩამიჯდა?
- როდის, იმ დღეს, როცა საავადმყოფოში მოხვდი?
- დიახ, სწორედ იმ დღეს.
- არა არ ვიცი, - ვთქვი და დავიძაბე, რადგან მივხვდი, რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი უნდა გამეგო.
- შენი ბაჩოს "პადელნიკი" იყო, ნატალი... ჩემი და ბაჩოს საერთო ნაცნობი... მაშინ ჩემს მანქანას 5 კაცით გატენილი "ფორდი" გამოჰყვა და ქალაქგარეთ ჩემსა და შენს ურთიერთობას ვარკვევდით. რა თქმა უნდა, დედის გინებითა და შეხლაშემოხლით. - ამ დროს შარფს ნერვიულად ისწორებდა. - ჩემი მანქანაც მათ დაწვეს. ეს კი, მოგეხსენება, მუქარის ერთგვარი ფორმაა. გულის შეტევა იმიტომ კი არ დამემართა, რომ შემეშინდა... არა, ჩემო კარგო... მე სიკვდილის არ მეშინია და ვერც ვერაფერს დამაკლებენ... მე შენი დაკარგვის მეშინია... ბაჩოს "პადელნიკის" გამოჩენა კი იცი, რას ნიშნავს? - მკითხა, მომიახლოვდა, ცალი ხელით დივანის სახელურს დაეყრდნო, ჩემკენ დაიხარა და თვალებში ჩამხედა.
უარის ნიშნად თავი გავაქნიე და ნერწყვი ძლივს გადავყლაპე.
- იმას, რომ ბაჩო ცოცხალია.
კიდევ უფრო დაიხარა, ტუჩებზე ოდნავ შემეხო, მერე მიბრუნდა და ჩემი სახლი უკანმოუხედავად დატოვა.
გაოგნებული დავრჩი. ძარღვებში სისხლი გამეყინა, თვალი გამიშტერდა და გული ისე გამალებით მიცემდა, რომ მეგონა, კედლებიც ზანზარებდნენ. ცრემლმა თავისით გაიკვალა გზა - ჩემი თვალებიდან ღაწვზე მოედინებოდა და მკერდზე მეწვეთებოდა. თითქოს, გულიდან წამოსული ცხელი ლავა თვალებიდან იღვრებოდა და ისევ გულში ბრუნდებოდა. ნამდვილი ჯოჯოხეთი ალბათ, სწორედ ასეთია. ის დღე ჩემი ნამდვილად არ იყო. ჯერ იყო და, ხათუნა დამხვდა სახლში, მერე - ფეხმძიმობის ამბავი... ახლა ბაჩოს შესახებ ახალი ამბის გაგება და ზურას წასვლა... მორჩა! ყველაფერი დამთავრდა-მეთქი, - ვფიქრობდი. "სად დავუშვი შეცდომა? ნუთუ, მართლა ცოცხალია ბაჩო? სად არის? ნეტავ, ზურა თუ დაბრუნდება?" - უამრავი ასეთი კითხვა მიჩნდებოდა და ვხვდებოდი, რომ ხათუნას სტუმრობა ყველაზე ნაკლები უსიამოვნება იყო. ყველაზე მეტად შოკში ზურას ნაამბობმა ჩამაგდო და გული მისმა წასვლამ დამწყვიტა. ამ ყველაფერში ერთადერთი ნათელი წერტილი ჩემი და ზურას შვილი იყო, რომელიც ჩემს სხეულში ცხოვრობდა და თითქოს მეუბნებოდა - ყველაფერი კარგად იქნებაო. ის კი ვერ გამეგო, უნდა გამხარებოდა ბაჩოს ამბავი თუ უნდა მწყენოდა. ჩემი ცხოვრება 180 გრადუსით შემობრუნდა. მეგონა, ჩემი მომავალი გარკვეული იყო. ახლა კი ყველაფერი აირ-დაირია და წარმოდგენა არ მქონდა, რას მიმზადებდა ბედი. ოახში გაჩახჩახებული შუქი ნერვებს მიშლიდა. სინათლე გამოვრთე, დივანზე ხათუნას მიერ დაყრილი ჟურნალ-გაზეთები იატაკზე გადმოვყარე, მივწექი, პლედი დავიხურე, ტელევიზორიც გამოვრთე და სიბნელეში ცოტა შვებით ამოვისუნთქე. ქვევიდან ზურას მანქანის ხმა შემომესმა. დაქოქა და ეზოდან გავიდა.
ამან კიდევ უფრო დამიმძიმა გული. როგორც ჩანს, ამდენი ხანი ეზოში იდგა და შუქი რომ ჩავაქრე, მხოლოდ ამის მერე წავიდა. ბალიშში ჩავრგე თავი და ხმამაღლა ავტირდი. მთელი გულით ვტიროდი და შვებას ვგრძნობდი. თან, ათას რამეზე ვფიქრობდი. არ მახსოვს, რამდენი ხანი გაგრძელდა ასე. მერე ჩამეძინა. დილით, გაღვიძებისთანავე დავიწყე იმაზე ფიქრი, როგორ უნდა მოვქცეულიყავი. გამოსავლის მოძებნა გამიჭირდა. ვიფიქრე, სონასთან დავრეკავ-მეთქი, მაგრამ მერე გადავიფიქრე იმ მიზეზით, რომ არ მინდოდა, სონა განერვიულებულიყო, ბარემ, ყველაფერს მაშინ მოვუყვები, როცა ვნახავ-მეთქი, - გავიფიქრე. უხალისოდ ავდექი და ჩვეულებისამებრ, სამზარეულოსკენ წავედი. ყავა მოვადუღე და სააბაზანოში შევედი. ცხელი წყალი არ მესიამოვნა. ავდექი და ცივი შხაპის ქვეშ დავდექი, მაგრამ გამახსენდა, რომ ახლა მე უკვე მარტო აღარ ვარ და ისე უნდა მოვიქცე, რომ ბავშვს არაფერი ვავნო. ამიტომ, ისევ ცხელი წყალი მოვუშვი და სახე მივუშვირე. აბაზანიდან გამოსულმა ყავის ფინჯნით ხელში ჩემ საყვარელ სავარძელს მივაშურე. თვალი ზურას სიგარეტს მოვკარი, რომელიც მაგიდაზე დარჩენოდა. მოწევის სურვილი გამიჩნდა, მაგრამ ეს აზრიც უარვყავი. მერე, ფიქრი ხან ბაჩოსკენ გამექცა, ხან - ზურასკენ.
... ჩემი და ბაჩოს სიყვარული უკვე რამდენიმე თვეს ითვლიდა. როცა მისი პირველი სასამართლო დანიშნეს, იქ მეც მივედი. ბაჩოს თავი ღირსეულად ეჭირა და მოკლული სიძის მშობლების ლანძღვა-გინებას რეაგირების გარეშე ტოვებდა. მერე, ვიღაც ქალმა თქვა: რა ვაჟკაცია, ღმერთო ჩემო, ცოდვა არ არის, ეს ბიჭი წლების განმავლობაში ციხეში გამოკეტონო? - ამ სიტყვებს დაზარალებულმა მხარემ მოჰკრა ყური და ისეთი ამბავი ატყდა, მეგონა, ჭერი თავზე დაგვემხობოდა: - ჩემი შვილის ცოდვას სად გაურბიხარ? ამას როგორ ამბობ, ჩემი ბიჭი მიწამ უნდა შეჭამოს და ეს ციხისთვის გეცოდებათო? - გაჰკიოდა მოკლულის დედა. - ამას სასამართლოს და ციხეს არ ვაკმარებ, ჩემი ხელით გამოვჭრი ყელსო, - იმუქრებოდა მამა. ერთადერთი, ვინც მათ აზრს არ იზიარებდა, მოკლულის ძმა იყო. მან სასამართლოზე ისიც განაცხადა, რომ ბაჩო უდანაშაულო იყო და მკვლელი სულ სხვა გახლდათ. არეულობის გამო მოსამართლემ შესვენება გამოაცხადა. მე ბადრაგისთვის წინასწარ მქონდა ფული გადახდილი, რომ შესვენების დროს ბაჩოსთან დალაპარაკების საშუალება მოეცათ. ამიტომ, როდესაც მოსამართლემ გამოაცხადა, რომ დარბაზი გაეთავისუფლებინათ, ადგილზე დავრჩი და როდესაც მხოლოდ ბადრაგი დარჩა, ბაჩოსთან მივედი. ის რიკულებს იქით იჯდა (მაშინ გისოსებიანი გალია არ იყო). მივუახლოვდი თუ არა, მომეხვია და რაღაცნაირად, სხვანაირად ჩამეხუტა, ისე, როგორც ადამიანებმა გამომშვიდობების დროს ვიცით ხოლმე. ბაჩო ბოლო 1 თვის განმავლობაში ნანახი არ მყავდა და ძალიან მენატრებოდა. სალაპარაკოც ბევრი დაგვიგროვდა, მაგრამ სულ 10 წუთი გვქონდა და ერთმანეთის მოკითხვა ძლივს მოვასწარით. ბოლოს, ყურში ჩამჩურჩულა: მიყვარხარ... და რაც უნდა მოხდეს, სიმშვიდე შეინარჩუნე, იცოდე, მე შენთვის გადავრჩებიო.

შესვენების შემდეგ, სასამართლო პროცესი კიდევ 5 საათს გაგრძელდა. როდესაც პროცესი დამთავრდა, გარეთ უკვე ბნელოდა. ბაჩო ბადრაგმა გამოიყვანა. ვიდრე მანქანაში ჩასვამდნენ, მათთან 2 მამაკაცი მივიდა და ბადრაგს პატიმართან გასაურება სთხოვა. რა თქმა უნდა, უარი მიიღეს. ამის გამო, მათ შორის შელაპარაკება მოხდა და წავიდა გაწევ-გამოწევა. ამ არეულობით ბაჩომ ისარგებლა და ადგილს მოსწყდა. მე ამას კიბიდან ვუყურებდი. ბადრაგმა ავტომატის ჯერი დაადევნა. ბაჩომ გზა გადაჭრა, მოპირდაპირე მხარეს მდგარ, ცარიელ ლურჯ "ჟიგულში" ჩახტა და ადგილიდან მოწყდა. ბადრაგი დაედევნა. როდესაც ის გზაზე გადადიოდა, უცნაური მოძრაობა გააკეთა - უკან მთელი ტანით გადაიხარა. ვერ მივხვდი, ეს რა იყო, მაგრამ მოგვიანებით, როდესაც აქ შეკრებილი ხალხი დაიშალა და მე ის გზა გავიარე, რომელიც ბაჩომ, შევნიშნე, რომ აქა-იქ სისხლის წვეთები იყო დაღვრილი. მივხვდი, რომ დაიჭრა. თუ წვეთების სიდიდის მიხედვით ვიმსჯელებდი, ბევრი სისხლი არ უნდა დაეკარგა. ტაქსის ხელი ავუწიე და სახლში წავედი. მაშინვე ტელევიზორი ჩავრთე, რომ გამეგო, რა ბედი ეწია ბაჩოს, მაგრამ იმ დღესაც და მომდევნო დღეებშიც ყველა საინფორმაციო სამსახური დუმდა. მერე გავიგე, რომ ეს საქმე წინასწარ იყო მოწყობილი, ბაჩომ იცოდა, რაც უნდა მომხდარიყო და ისიც მოეხსენებოდა, რომ იქ ლურჯი "ჟიგული" ელოდებოდა - გასაღებიც შიგ იყო და იარაღიც. ძალიან განვიცდიდი მომხდარს. ვფიქრობდი, რომ ბადრაგი აუცილებლად დაიჭერდა ბაჩოს და შესალძოა, უკვე ცოცხალიც აღარ ყოფილიყო. რამდენიმე დღის შემდეგ გამბედაობა მოვიკრიბე და ჩემთვის უკვე ნაცნობ ციხის უფროსს სამსახურში მივაკითხე, ბაჩოს ამბის გასაგებად. მიმიღო, მაგრამ სანუგეშო ვერაფერი მითხრა. მისი სახის გამომეტყველებით, ირონიული ტონითა და ბევრისმთქმელი ფრაზებით დავასკვენი, რომ ბაჩო ცოცხლებში აღარ ეწერა და იქიდან წელმოწყვეტილი, განადგურებული წამოვედი. თუმცა, რამდენიმე კვირის შემდეგ, იმედი კვლავ გამიჩნდა, რომ ბაჩო გადარჩა, რადგან შევნიშნე, რომ მუდმივად ვიღაც მითვალთვალებდა და რაღაცნაირად ვიგრძენი კიდეც, რომ ჩემი ტელეფონი ისმინებოდა. რადგან ძალოვნები მისმენდნენ, ე.ი. ბაჩოს კვალზე დადგომა უნდოდათ. ერთ დღეს კი, შინ დაბრუნებულმა, იატაკზე მამაკაცის ბოტასის თუ კედის კვალი აღმოვაჩინე. სწორედ ისეთი, როგორსაც გაპრიალებულ პარკეტზე რეზინისძირიანი ფეხსაცმელები ტოვებს.
ვიფიქრე, რომ ჩემს სახლში ვიღაც იყო. მერე, ბევრი ვეძებე "ჟუჩოკი", მაგრამ ვერსად მივაგენი. როგორც ჩანს, ისეთ ადგილზე დამალეს, რომ პოვნა გამიჭირდა. მას მხოლოდ 2 წლის შემდეგ, შემთხვევით მივაგენი და უნიტაზში ჩავრეცხე. მას შემდეგ, რაც სახლში კვალი ვიპოვე, ღამღამობით ეზოს ვზვერავდი ხოლმე და ხშირად დამინახავს სიბნელეში მჯდარი მამაკაცის ფიგურა. ეს იმას ნიშნავდა, რომ ბაჩოს უთვალთვალებდნენ. გამოდის, ის ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და სამართალდამცავებს ემალებოდა. მერე, ციხის უფროსმა თვითონ დამიბარა და დამემუქრა: თუ ბაჩოს ადგილსამყოფელს არ შეგვატყობინებ, ბევრ პრობლემას შეგიქმნითო. - თქვენ რა შუაში ხართ, წესით, ამ საქმეს პროკურატურა უნდა იძიებდეს-მეთქი. - ამას შენ არავინ გკითხავს, რასაც გეუბნები, გაიგონეო, - მიპასუხა. თუმცა, 2 თვის შემდეგ თვალთვალი შეწყვიტეს. მეც ვიფიქრე, რომ ბაჩო სადღაც დაიჭირეს და ალბათ, ადგილზევე გამოასალმეს სიცოცხლეს. აი, ამიტომაც არ ვიცოდი ზუსტად, ცოცხალი იყო თუ არა. ახლა კი ზურამ გამომიცხადა, რომ თურმე, ცოცხალია. ზურას გახსენებაზე სახეზე ღიმილმა გადამიარა, რადგან მაშინვე ჩემი და მისი შვილი გამახსენდა. ზურას გუშინდელი საქციელიდან ის დასკვნა გამოვიტანე, რომ თვითონ სამუდამოდ წავიდა, მაგრამ მითხრა, ბაჩო ცოცხალია და შეგიძლია მოძებნოო. ეს 2 მამაკაცი ჩემ წინ წარმოვიდგინე. გონება ბაჩოსკენ მეწეოდა, გული - ზურასკენ. "ნეტავ, ახლა ბაჩო რომ გამოჩნდეს, რას ვიზამ?" - ვეკითხებოდი ჩემს თავს და პასუხი რა თქმა უნდა, არ მქონდა. ალბათ, ორივეს დავემშვიდობებოდი და მხოლოდ მე და ჩემი შვილი განვაგრძობდით ცხოვრებას. ეს იყო ის, რაც ცხოვრებაში ყველაზე მეტად მინდოდა. ახლა, თუნდაც სამყარო დანგრეულიყო, აღარ ვინაღვლებდი... მე და ჩემი შვილი... საჩვენებელი თითი ტუჩზე მივიდე, მერე - მუცელზე და ისე გამომიკეთდა გუნება, თითქოს გუშინ არც არაფერი მომხდარა. სასწრაფოდ გავემზადე და სამსახურში წავედი. ჩემი თავი იმაში დავიჭირე, რომ ვღიღინებდი კიდეც. თუმცა, სადღაც სიღრმეში გული მაინც უზომოდ მტკიოდა და ორად მეყოფოდა.
ახალ წლამდე 10 დღე იყო დარჩენილი. ეს პირველი ახალი წელი იყო, რომელსაც მე და ჩემი პატარა ერთად შევხვდებოდით. ამიტომ საჭირო იყო, სათანადოდ მოვმზადებულიყავი. ყოველდღე გავდიოდი შინიდან, საყიდლებზე. ნაძვის ხე, ბრჭყვიალა სათამაშოები, "წვიმები" და ნათურები ვიყიდე. სახლიც შესაფერისად მოვრთე და საახალწლო სამზადისში ისე გავერთე, რომ როგორ გადიოდა დღეები, ვერც კი გავიგე. ტელეფონი რომ დარეკავდა, მაშინ ავღელდებოდი ხოლმე... მეგონა, ვნატრობდი და ვოცნებობდი, რომ ზურა იქნებოდა, მაგრამ არც ერთხელ არ გამიმართლა. ზურა გაქრა ჩემი
ცხოვრებიდან, წავიდა და ალბათ, აღარ აპირებდა დაბრუნებას. სამაგიეროდ, ყველაზე ძვირფასი რამ დამიტოვა და უზომოდ მადლიერი ვიყავი ამის გამო. ხშირად ვტიროდი, როდესაც მისი მონატრება მომერეოდა. - ალბათ ბედნიერია, საბოლოოდ თავის ოჯახში დაბრუნდა-მეთქი, - ვფიქრობდი. 31 დეკემბერს, დილით გამვეწყვე და ისევ საყიდლებზე გავედი, საახალწლო სუფრისთვის სანოვაგე უნდა მეყიდა. რაც არ უნდა იყოს, მაინც ოჯახია, რომელიც უკვე 2 სულისგან შედგებოდა და ახალ წელსაც, როგორც საჭიროა, ისე უნდა შევხვედროდით. ყაზბეგის გამზირზე, სუპერმარკეტიდან გამოსულს, ხელში უამრავი ცელოფანის პარკი მეჭირა. შუქნიშანთან გზა უნდა გადამეჭრა და "მწვანეს" ველოდი. გადასასვლელს უზარმაზარი ჯიპი მოადგა. მივიხედე და მუხლები ამიკანკალდა. საჭესთან ზურა იჯდა. აღარ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი - გზა გამეგრძელებინა თუ მივსალმებოდი. ზურამ მანქანა ისე გააჩერა, მივხვდი, გადმოსვლას აპირებდა. გავჩერდი. მოვიდა, მომესალმა, პარკები ჩამომართვა და უკანა სავარძელზე დაალაგა. მე წინა კარი გამოვაღე და მანქანაში დაუპატიჟებლად ჩავჯექი.
- როგორ ხარ? - მკითხა მას შემდეგ, როდესაც გასაღები გადაატრიალა და მანქანა დაქოქა.
- კარგად, - მოკლედ მოვჭერი, რადგან ცრემლი მქონდა ყელში გაჩხერილი და სადაცაა ავბღავლდებოდი.
- მეც კარგად, - ისე მიპასუხა, რომ ჩემს შეკითხვას არ დალოდებია. - საახალწლოდ ემზადები?
- ჰო, რა იცი, ვინ მოვა.
- ჰო, მართლაც, რა იცი, ვინ მოვა... - გაიმეორა თუთიყუშივით. ალბათ, სულ სხვა რამეზე ფიქრობდა. - ისევ იქ ცხოვრობ, ხომ?
- აბა, სად წავიდოდი? - ვკითხე გაოცებულმა.
- რა ვიცი, ყველაფერი ხდება. მთელი 9 დღე გავიდა. ამ ხნის განმავლობაში კი შესაძლოა, ბევრი რამ შეიცვალოს. სტუმრებს ელოდები?
- არა.
- აბა, ამდენი საჭმელ-სასმელი სულ შენ უნდა მიირთვა?
- ჰო!
- მადა მოგმატებია.
- ჰო!
- კარგია.
აღარაფერ ვუპასუხე.
- იქნებ, შინ არ მიდიოდი, პირდაპირ შენი სახლისკენ რომ წამოვედი?
- შინ მივდიოდი. აქ გააჩერე... - ვუთხარი და მაღაზიის წინ მივუთითე, რადგან გამახსენდა, რომ ფერადი სანთლების ყიდვა დამავიწყდა.
მაღაზიიდან სანთლებითა და ულამაზესი ყვავილებით ხელდამშვენებული გამოვედი.
- რაღაც, რომანტიკულ საღამოს აწყობ, როგორც ჩანს.
- შენში ყოველთვის მოწონდა ის, რომ ძალზე მიხვედრილი ადამიანი ხარ, - ვუთხარი და რაც შეიძლებოდა მეტი ირონია ჩავაქსოვე.
- კიდევ? სხვა არაფერი მოგწონდა ჩემში? - არც მან დამაკლო ირონია.
- კიდევ ის, რომ მდიდარი ხარ, მაგარი მანქანა და ბევრი ფული გაქვს... - სამაგიერო გადავუხადე.
- ეგ ბევრ ქალს მოსწონს, - თქვა და ჩაიცინა.
- ეჭვიც არ მეპარება, რადგან მეც ერთ-ერთი მათგანი ვარ და კარგად ვიცნობ ჩვენი "მოდგმის" ბუნებას.
- ისე, მეგონა, მეტყოდი, რომ ჩემთან სექსიც მოგწონდა.
- იცი, რუსულ ენაში ძალიან კარგად არის გამიჯნული "ზანიმატსია სექსომ" და "ზანიმატსია ლიუბოვიუ". სამწუხაროდ, ქართული ენა ამის საშუალებას არ იძლევა და იმედი მაქვს, რომ სწორედ ამის გამო ვერ მიეცი სწორი ფორმულირება ჩვენს ურთიერთობას. აქ გამიჩერე... - ისეთ ადგილზე გავაჩერებინე მანქანა, რომ გაოცებულმა მიიხედ-მოიხედა. ვერაფრით მიხვდა, რა მინდოდა აქ.
გადმოვედი, ყვავილები იღლიაში ამოვიჩარე, მეორე ხელით მანქანის უკანა კარი გავაღე და ცელოფანის პარკები გადმოვალაგე. პირველსავე ტაქსის ხელი ავუწიე, "ჩავბარგდი" და სახლის მისამართი ვუთხარი.
ტაქსი ადგილიდან დაიძრა თუ არა, თვალებიდან ცრემლის მდინარე წამსკდა. ხასიათი გამიფუჭდა. ცრემლს ხელის ზურგით ვიწმენდდი და მთელ გზა ვსლუკუნებდი. ტაქსის მძღოლი საკმაოდ ასაკოვანი კაცი იყო. სარკეში გამომხედავდა ხოლმე, მაგრამ შეკითხვის დასმას ვერ ბედავდა. ეზოში რომ შევედით, როდესაც ფული მივაწოდე, მომიბრუნდა და მითხრა:
- შვილო, მამის ტოლი კაცი ვარ და ნუ მიწყენ, მინდა, რაღაც გითხრა... ხომ იცი, ეს დედატირებული კაცები ყველა ერთ თარგზე რომ ვართ მოჭრილი. შენს წმინდა ცრემლებად არ ღირს ის კაცი, ვისი გულისთვისაც ასე იკლავ თავს. მით უმეტეს, თუ იმ კაცს ისეთ მდიდრული მანქანა ჰყავს, როგორი მანქანიდანაც შენ გადმოხვედი. იმ კაცს უყვარხარ, დაგიბრუნდება, დამიჯერე...

როდესაც ჩემს გაოცებულ მზერას წააწყდა, მერე დაამატა: მთელი გზა უკან მოგვყვებოდა, სულ 1 წუთის წინ ჩამოგვშორდა, სახე კი ისეთი დაძაბული ჰქონდა, რომ ალბათ, თვითონაც იტირებდა, კაცი რომ არ ყოფილიყოო. მერე ცელოფანის პარკები სახლამდე ამატანინა და დამემშვიდობა. თვალი გავაყოლე კიბეზე ჩამავალს და გული დამწყდა, რომ ეს კაცი ჩემი ახლობელი არ იყო.
მთელი დარჩენილი დღე სუფრის სამზადისს მოვანდომე. ღამის 11 საათისთვის სუფრა გავშალე, ოთახი გავაჩახჩახე და საყვარელ სავარძელში ჩავჯექი, ტელევიზორის პულტით ხელში. 12 საათზე შამპანურის ბოთლი გავხსენი და ახალი წლისა და ჩემი პატარას სადღეგრძელო დავლიე. სადღეგრძელოს ფეხზე მდგარი, ხმამაღლა ვამბობდი ისე, თითქოს ვიღაც მისმენდა. მერე, კვლავ სავარძელს დავუბრუნდი და შამპანურის წრუპვა გავაგრძელე. ორიოდე წუთში ტელეფონმა დარეკა. ვიცოდი, სონა იქნებოდა, მას ვერავინ დაასწრებდა დარეკვას. მომილოცა, შორიდან "კოცნები" გამომიგზავნა, ზურა მოიკითხა, მითხრა - მიხარია, მალე რომ გნახავო და დამემშვიდობა. ასე, პირველ საათზე კარზე ზარმა რომ დარეკა, ძალიან გამიკვირდა. ელენიკო იყო. კარი გავაღე თუ არა, კანფეტები ჯერ თავზე გადამაყარა, მერე შემოსასვლელში შემოყარა, გადამეხვია და ახალი წელი მომილოცა. პალტოს რომ იხდიდა, ჩუმად მკითხა:
- ზურა აქ არის?
- არა, მაგრამ იმედია, მოვა, - ვთქვი და თან გავიფიქრე: "ისე მოვიდა მტერი, ეგ რომ მოვა-მეთქი".
სუფრას მივუსხედით. ელენიკომ თამადობა ითავა და სადღეგრძელოს სადღეგრძელოზე ამბობდა. მეც ხასიათი არ გავუფუჭე და ავყევი. შამპანური ნელა-ნელა მეკიდებოდა. ელენიკო ენას არ აჩერებდა და ხან ვისზე მეჭორავებოდა, ხან - ვისზე. კარგა ხნის შემდეგ, კარზე ისევ დარეკეს.
- არიქა, დროზე გაუღე, ზურა იქნება და უკან არ გაბრუნდეს, - ხმამაღლა გაიცინა ელენიკომ. მე კი ღია კართან გაოცებული ვიდექი. ჩემ წინ ნაბადსა და სვანურ ქუდში გამოწყობილი, თეთრწვერა თოვლის ბაბუა იდგა და ჩემს მიპატიჟებას ელოდა. ჯერ ვიფიქრე, მისამართი შეეშალა-მეთქი, მაგრამ როდესაც მკითხა: ნატალი თქვენ ხართო? - უკვე დავრწმუნდი, რომ არაფერიც არ შეეშალა და ნამდვილად სწორ მისამართზე მოვიდა. ამასობაში, ელენიკოც გამოვიდა და თოვლის ბაბუა რომ დაინახა, პატარა ბავშვივით აჭყლოპინდა. მოულოდნელი სტუმარი შინ შემოვიპატიჟე და სუფრასთან დავსვი. მერე ელენიკომ ბევრი ლექსი უთხრა "ნაძვის ხესა" და "ახალ წელზე". მას შოკოლადით სავსე პარკი მიაწოდა თოვლის ბაბუამ, მე კი - პატარა, ნახატებიან ქაღალდის პარკში ჩადებული საჩუქარი.
ბაბუა მალევე დაგვემშვიდობა და წავიდა. კარი გაიხურა თუ არა, ჩემს საჩუქარს ვეცით. პარკში, სპეციალურ ბუდეში ჩადებული ბრილიანტისთვლიანი ბეჭედი და ღია ბარათი აღმოჩნდა. "ნატალი, გილოცავ ახალ წელს. მრავალს დაესწარი ჩემთან ერთად. ჩემ გარეშე ერთი დღეც არ გაცოცხლოს ღმერთმა. ცოლად გამომყვები, პატარავ?" - სულ ეს იყო. გამომგზავნის სახელი არ ეწერა, მაგრამ დიდი მიხვედრა არ უნდოდა, რომ სიურპრიზის ავტორი ზურა იქნებოდა. სიხარულით ლამის ფრენა დავიწყე. გული ბუდიდან ამოვარდნას ლამობდა. "ჩემი ზურა... ჩემი სიცოცხლე... ჩემი სიხარული", - ვიმეორებდი გულში დაუსრულებლად და მზად გახლდი, გარეთ გავსულიყავი და ხმამაღლა მეყვირა, რომ ბედნიერი ვიყავი, მსოფლიოში ყველაზე ბედნიერი!
- აუ, რა მაგარია... აუ, რა "დაცემაა"... აუ, რა კაცია... - გაიძახოდა ელენიკო და მალ-მალე გადამეხვეოდა ხოლმე.
- ახლა ალბათ, თვითონაც მალე გამოჩნდება, - ვუთხარი ელენიკოს და კარზე ზარის ხმაც გაისმა.
- გაუღე, ნატ, გაუღე, მოვიდა, - პირველი ელენე წამოხტა ფეხზე. მე კარის გაღებას არ ვჩქარობდი. დაბნეული ვიყავი და ვცდილობდი, აზრი მომეკრიბა და გული საგულეში ჩამდგარიყო. ვიდრე კართან მივიდოდი, ვიღაცამ საკეტს გასაღები გარედან მოარგო და გადაატრიალა. კარი გაიღო და ზურა გამოჩნდა. ჯერ გარედან შემოიხედა, მერე დერეფანში შემოვიდა. შევეგებე. მომეხვია და გულში ჩამიკრა. ლოყა თავზე დამადო და მკლავები ისე მომიჭირა, რომ სუნთქვა შემეკრა. მერე დაიხარა და ტუჩები ყურთან მომიტანა.
- მარტო ხარ? - ჩამჩურჩულა და თან, ცხელი ტუჩები ლოყაზე მომადო.
- არა, ელენეა, - ჩურჩულით ვუთხარი მეც. მერე თვალებში შევხედე და ქვემოდან შევცინე.
- ისევ გიყვარვარ? - მკითხა ზურამ.
- ისევ ვგიჟდები. - საერთოდ აღარ მახსოვდა, რომ მასზე გაბრაზებული ვიყავი.
- მეც! - მითხრა, ხელი გადამხვია და ლამის იღლიაში ამოჩრილი შემიყვანა ოთახში. ძლივს დავიძვრინე თავი მისი მკლავისგან. თმა გამჩეჩოდა და ყალყზე მედგა. ელენემ რომ დამინახა, სიცილი აუტყდა.
- გამარჯობა, გილოცავთ, მრავალს დაესწარით, - ხელი გაუწოდა ზურამ ელენეს. - თუ არ ვცდები, თქვენ ელენე უნდა იყოთ.
- დიახ, ელენე ვარ... თქვენც გილოცავთ, - სიცილ-სიცილით შეაგება ხელი ელენიკომ.
- ნატ, სადარბაზოში რაღაც დამრჩა, შემოიტანე, - მომიბრუნდა ზურა. იქ მოზრდილი ცელოფანის პარკი იდო, რომელშიც ათასგვარი ტკბილეული და სასმელი იდო. პარკი ძლივს მივათრიე მაგიდასთან და ამოლაგება დავიწყე.
- აბა, რას დალევთ? - იკითხა ზურამ, ფუთაში ჩაყო ხელი და კონიაკის ბოლთლი ამოიღო. - ნატას კონიაკი უყვარს, ხომ, ნატ?
- კი, მაგრამ ახლა ვერ დავლევ, - ვიუარე მე.
- ისე დალევ, რომ მზე მაღლა იქნება...

- მზე მაღლა დილით იქნება და მეც დილით დავლევ... - ყალბად გავჯიუტდი, რადგან ვიცოდი, რომ ზურასთან უარის თქმა არ გამივიდოდა.
- მოდი, მომიჯექი გვერდით, - დივანზე დაატყაპუნა ხელი ზურამ. მის ბრძანებას დავემორჩილე. - ამ ჭიქით იმ ახალი წლის ღამეს გაუმარჯოს, როცა მე ნატას ხელი ვთხოვე, არ მახსოვს მერამდენედ და როგორც იქნა, მისგან დადებითი პასუხი მივიღე.
- საიდან მოიტანე, რომ თანახმა ვარ?
- ნატა, ნუ მაბრაზებ... 2007 წელი ჩვენი შვილების წელი იქნება და ჩვენი "გასამებისაც".
- ეგ რას ნიშნავს? - შევიშმუშნე, ვითომ ვერ მიხვვდი, რას გულისხმობდა.
- ეგ იმას ნიშნავს, რომ მე და შენ პატარა ბიჭი ან გოგო გვეყოლება და "გავსამდებით"...
- ოოო, ეგ მაგარი სადღეგრძელოა... - აიტაცა ელენემ მისი ნათქვამი და ჭიქას წამოავლო ხელი.
- გაგვიმარჯოს! - ვთქვი ხმადაბლა და კონიაკი ოდნავ მოვსვი, მაგრამ ზურამ თავი არ დამანება, ვიდრე ჭიქა ბოლომდე არ გამოვცალე.
მესამე სადღეგრძელოზე მივხვდი, რომ სასმელი მომეკიდა და დალევაზე სასტიკი უარი განვაცხადე. ამ დროს ჩემმა მობილურმა დარეკა. ნომერს დავხედე, ნინო იყო.
- ბატონო! - ვუპასუხე, ავდექი და სამზარეულოში გავედი.
- გილოცავ, ნატალი! გძინავს? - "გილოცავ, გილოცავ!" - ტელეფონში ჩაყვიროდა ირაკლიც.
- არა, არ მძინავს, სტუმრები მყავს...
- მე და ირაკლის გვინდა მოსვლა. ვინ არიან შენთან?
- მოდით, რა, აუცილებლად მოდით... - გამიხარდა, ჩემთან სტუმრობას რომ აპირებდნენ.
- ალბათ, შინაურები იქნებიან, ხომ? - ნინო ცდილობდა, დაეზუსტებინა ჩემი სტუმრების ვინაობა.
- მოდი და ნახავ, - განგებ არ ვაკმაყოფილებდი მის ინტერესს.
- კარგი, 20 წუთში მოვალთ.
ნინომ ყველაფერი იცოდა, რაც ჩემსა და ზურას შორის მოხდა. იმ დღეებში, როდესაც მე და მისი ძმა არ ვკონტაქტობდით, ის თითქმის ყოველდღე მოდიოდა ჩემთან. მამშვიდებდა, მეუბნებოდა - ზურა აუცილებლად დაგიბრუნდებაო. ახალი ამბავი ჯერ არ იცოდა და ახლა ზურას დანახვა ძალიან გააკვირვებდა. როდესაც ოთახში შევბრუნდი, ზურას ეჭვიან მზერას გადავაწყდი. ალბათ, ინტერესით კვდებოდა, ვის ველაპარაკებოდი. მე ისეთი სახე მივიღე, ვითომ ვერ მივხვდი, და ჩემს ადგილს დავუბრუნდი.
- უარი ხომ არ უთხარი სტუმრებს მოსვლაზე? - მკითხა ცოტა ხნის შემდეგ.
- არა, რატომ უნდა მეთქვა უარი? ცოტა ხანში მოვლენ.

- მე წავალ, - აიწურა ელენე. ზურა ეხვეწა, დარჩენილიყო, მაგრამ ვერ გადაათქმევინა, ამიტომაც ტაქსი გამოიძახა და ელენე გააცილა. ეზოდან გაყინული ამოვიდა, ოთახში ხელების ფშვნეტით შემოვიდა. მე სამზარეულოში ვიყავი და კერძს ვაცხელებდი, რომ სტუმრებისთვის ცხელ-ცხელი მიმერთმია. ზურაც იქ შემოვიდა, თავისკენ შემატრიალა და ჩამეხუტა. გამეცინა, რადგან წინასწარ ვიცოდი, რომ სწორედ ასე მოიქცეოდა. კარგა ხანს ვეფერებოდით ერთმანეთს. მისი კოცნისა და მოფერების სურვილს კი ვერ ვიკმაყოფილებდი. "ნატალი, მიყვარხარ... ნატალი, ჩემი სიცოცხლე ხარ... ჩემი ცხოვრება... ჩემი პატარა... ჩემი ვნებათაღელვა... ჩემი სულელი... როგორ გნატრობდი... როგორ მსურდი... როგორ მაკლდი..."- ჩურჩულებდა ზურა და ამით მეტად მაგიჟებდა. ლამის კერძი დავწვი.
- დამაცადე, ხანძარი არ გავაჩინოთ...
- რა დროს სტუმრებია ახლა? მოდი, ვითომ შინ არ ვართ... მარტო მე და შენ ვიყოთ, რააა...
- ისეთი ხალხი უნდა მოვიდეს, რომ ეგ ტყუილი არ გაგვივა, - გამეცინა მის წინადადებაზე.
- ვინ არიან ასეთი? შენი და და სიძე, ხომ არა? - მკითხა თუ არა, კარზე ბრახუნი გაისმა.
- გააღე და ნახავ, ვინც არიან.
- მიდი, შენ გააღე, მე ხომ ჯერ სიძე არ ვარ? - თქვა და სარკეში ჩაიხედა. როგორც ჩანს, კარგი შთაბეჭდილების მოხდენა უნდოდა. ამასობაში, კიდევ ერთხელ დააკაკუნეს.
- გააღე, ცუდი არაფერი იფიქრონ... - შეწუხდა ზურა.
- ნატალი, გააღე, ჩვენ ვართ! - მოისმა გარედან ნინოს ხმა.
- ერთი ამას უყურე! ნინო ყოფილა... - შვებით ამოისუნთქა ზურამ და კარისკენ წავიდა.
- ვა, ზურა! - არც თუ ისე გაიკვირვა ნინომ და და-ძმა ერთმანეთს გადაეხვია. მერე ნინო ჩემკენ წამოვიდა, ხოლო ზურამ და ირაკლიმ ერთმანეთს მიულოცეს ახალი წელი და ზურა მას "ზალაში" შეუძღვა.
- გოგო, როგორ მოხვდა აქ ეს "აბდალა"? - შეთქმულივით მკითხა ნინომ. მე მარჯვენა ხელი გავუწოდე, რომლის არათითზეც ზურას ნაჩუქარი ბეჭედი მეკეთა.

- ვააუ! - აღფრთოვანდა ნინო და ლოყაზე მაკოცა. მერე, ცხელი კერძით სავსე თეფში ჩამომართვა და ორივენი ოთახში გავედით. დავჯექი თუ არა, თავი ცუდად ვიგრძენი და ძალზე სწრაფად გამოვედი ოთახიდან. აბაზანაში შევედი და უნიტაზში თავით ჩავეყუდე. გული მერეოდა და თავს საშინლად ვგრძნობდი. უეცრად, შუბლზე ვიღაცის ხელის შეხება ვიგრძენი. მივხვდი, ნინო იყო. როგორც იქნა, წელში გავიმართე და ცივი წყლის ონკანი მოვუშვი. კბილები გავიხეხე, პირიც დავიბანე. მთელი ამ ხნის განმავლობაში ნინო უხმოდ მადევნებდა თვალს. იქიდან სამზარეულოში გავედი. გამომყვა.
- ყავას დალევ? - ვკითხე და თვალი ავარიდე მის დაჟინებულ მზერას.
- კი, დავლევ, - მიპასუხა მრავლისმთქმელი ტონით და იქვე, მაგიდასთან დაჯდა. - შენ ის მითხარი, რა დაგემართა? - მკითხა და ტუჩები სასაცილოდ მოპრუწა. აქაოდა, ვერაფერს გამომაპარებო.
- აქ რა ხდება? ცუდად ხარ? ცოტა უნდა დაგელია... - ღიმილით წამოგვადგა თავზე ზურა, ეს რამდენიმე ფრაზა მგვიგდო და საპირფარეშოში შევიდა. იქიდან გამოსული პირდაპირ ირაკლისკენ წავიდა, ჩვენთვის ყურადღება აღარ მოუქცევია.
- ვითომ იმის ბრალი იყო, რომ ბევრი დალიე? - ისევ მომიბრუნდა ნინო.
- ჰო, ალბათ, - ისევ ავარიდე თვალი.
- ნააატააალიიიი... ეს ის არის, რასცა მე ვფიქრობ?
- ჰო, - თავი დავუქნიე.
- აუუუ, რა მაგარიააა... - ტაში შემოჰკრა სიხარულით. - ზურამ იცის?
- არა ჯერ არ ვაპირებ თქმას. ხომ არ ეტყვი? სულ 2 კვირით შეინახე საიდუმლო.
- შენ როგორც მეტყვი, ისე მოვიქცევი, - მიპასუხა და თვალი ჩამიკრა.
ზურა და ირაკლი დილის 7 საათზე მორჩნენ ქეიფს. ორივე ისეთი მთვრალი იყო, რომ ფეხზე ძლივს იდგა. ჩემს დიდ საწოლზე ერთად დავაწვინეთ, მე და ნინომ კი სუფრა ავალაგეთ და დივანზე მოვთავსდით. დღის 4 საათი იყო, როცა ირაკლის ხმამ გაგვაღვიძა. ბურტყუნ-ბურტყუნით დადიოდა, რა დრო გასულაო, - ამბობდა. წამოვიშალეთ. ძლივს გამოვფხიზლდი. თვალების ფშვნეტით ავდექი და საერთო სალამი ვთქვი. ზურა უკვე სამზარეულოში ფუსფუსებდა და მაცივრის კარს ახმაურებდა. დანარჩენებმა მისი მიპატიჟება არ მივიღეთ და მარტომ ისადილა (თუ ისაუზმა). მერე ნინო და ირაკლი წავიდნენ, მე და ზურა კი, როგორც იქნა, მარტო დავრჩით.
- ნატალი, ამ საღამოს ჩემს მეგობართან ვარ მიწვეული. მინდა, რომ შენც წამოხვიდე, რას იტყვი?
- ვიცნობ?
- არა, ჯერ არა.
- აბა, მაშ, როგორ წამოვიდე? რას ეტყვი, ვინ არის ეს ქალიო?
- შენ მაგაზე ნუ იდარდებ, ეგ საქმე მე მომანდე.
- შენ თუ ფიქრობ, რომ უნდა წამოვიდე, მაშინ წამოვალ...

ძალზე ლამაზ და კარგ ოჯახში ვიყავით სტუმრად. იქ ცოლ-ქმარი და 2 ბავშვი დაგვხვდა. ცოლ-ქმრის ურთიერთობას რომ ვუყურებდი, ძალზე მომწონდა. ეტყობოდათ, რომ ერთმანეთი ძალიან უყვარდათ. ჩემს წარდგენაზე ბევრი არ უწვალია ზურას. - გაიცანით, ეს არის ნატალიო, - თქვა და მორჩა. უკან რომ ვბრუნდებოდით, დაინტერესდა, როგორი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე მასპინძლებმა. რასაც ვფიქრობდი, გულახდილად ვუთხარი. კარგა ხანს ჩუმად იყო.
- მთელი ცხოვრება ასეთ თბილ და ტკბილ ოჯახზე ვოცნებობდი, - დაარღვია სიჩუმე ბოლოს. ხმა არ გავეცი. - შენ ხარ ის ადამიანი, ვინც შეძლებს, ოცნება ამიხდინოს, - გააგრძელა ცოტა ხნის შემდეგ.
- ზურა, მე აუცილებლად უნდა წავიდე სონასთან.
- ვიცი, ნატ, წადი... ისიც ვიცი, რომ აუცილებლად დაბრუნდები. ჩემთან დაბრუნდები და ჩვენი ცხოვრების გზები მერე საბოლოოდ შეიყრება. ვიცი, რომ ძალზე ჯიუტი ხარ. ჩემთან ურთიერთობისას კი ამას არ ამჟღავნებ. რატომ? რატომ არ მეჯიუტები? - შეცვალა საუბრის თემა.
- იმიტომ, რომ მიყვარხარ და მინდა, ყველაფერი ისე იყოს, როგორც შენ იტყვი.
- რატომ არაფერს მთხოვ? ხომ იცი, რომ ბევრი რამ შემიძლია?
- რა უნდა გთხოვო ისეთი, რასაც თვითონ ვერ გავუკეთებ საკუთარ თავს?
- საიდან გაქვს ის თანხა, რითიც ამერიკაში აპირებ წასვლას? - მკითხა და თან, თავზე ხელი გადამისვა.
- საჭეს მიხედე, ორ საქმეს ერთდროულად ვერ გააკეთებ... - მოვიშორე მისი ხელი. - ფული სონამ გამომიგზავნა.
- გასაგებია, - თქვა და სახლამდე ხმა აღარ ამოუღია.
- ამაღამ ჩემთან დარჩები? - მის გაოცებულ სახეს რომ შევხედე, მივხვდი, ეს არ უნდა მეკითხა.
- უკვე გადამეჩვიე, არა? რა თქმა უნდა, დავრჩები და საერთოდ, არსადაც აღარ წავალ.
ის იყო, მანქანიდან გადმოვედი, სადარბაზოში შევდიოდი, რომ დამიძახა: მოიცადე, მობრუნდიო. - ისევ მანქანაში ჩამსვა და ეზოდან სწრაფად გავიდა.
- სად მივდივართ? - ვკითხე, მაგრამ პასუხი ვერ მივიღე. მანქანა საბურთალოზე, ერთი ძველი, ლამაზი კორპუსის ეზოში შეიყვანა და გადავიდა.
- გადმოდი, რაღაც უნედა გაჩვენო, - მითხრა და ამ კორპუსის მესამე სართულზე ამიყვანა. კარი თავისი გასაღებით გააღო და ბინაში შემიძღვა. ეს უზარმაზარი სახლი იყო. ოთახებში სამშენებლო მასალები ეყარა. ყველაფერი ცემენტით იყო დასვრილი. აქა-იქ საღებავის კოლოფები ეწყო.
- ეს რა არის? - ვიკითხე გაოცებულმა.
- ეს ის სახლია, სადაც მე და შენ ვიცხოვრებთ.
- კი, მაგრამ როდის შეიძინე? - ვკითხე კიდევ უფრო გაოცებულმა.
- 2 თვის წინ. ახლა ძირფესვიანად ვარემონტებ. შავი სამუშაო უკვე თითქმის დამთავრდა. ახლა ის დროა, როცა კედლების ფერი უნდა შევარჩიო. ამას უკვე შენი გემოვნებით გავაკეთებ. მითხარი - სად, რა, როგორ გინდა და ისე იქნება, როგორც შენ იტყვი.
- კი, მაგრამ ბინას რომ ყიდულობდი, მაშინ რატომ არ მკითხე? იქნებ, უარს გეუბნებოდი ცოლობაზე?
- ნატალი, მე ვიცი, როგორ გიყვარვარ. თუ შენ ჩემთვის უარის თქმას გადაწყვეტ, მაშინ არ გყვარებივარ. სიყვარული ბრმაა. დედას შვილებს დაატოვებინებს. იქ, სადაც გონება წყვეტს საქმეს, სიყვარული არ არსებობს. ამიტომ ვიცი, რომ ადრე თუ გვიან, შენ მაინც თანახმა იქნები ჩემთან ცხოვრებაზე.
- ეს რა არის? - მივუთითე ჭერში გაკეთებულ ოთხკუთხედ ჭრილზე.
- იქ, ზევით, ჩვენი საძინებელია. აქ გაკეთდება კიბე, - მიმითითა იატაკის იმ ადგილზე, სადაც თვითონ იდგა. ზედა სართულზე ასასვლელი აქედან იქნება.
- კი, მაგრამ 2 ადამიანს ამხელა სახლი რაში გვჭირდება? - თავი გავაქნიე მე.
- ორნი ახლა ვართ... იმედია, ერთ ან ორ პატარა ნატალის გააჩენ და მერე, ბევრნი ვიქნებით. ჩემს გოგონას რომ დედამისი გამომატანდეს, მასაც აქ მოვიყვანდი და ერთად გავზრდიდით. ნეტავ, ხათუნა ისეთ კაცზე გათხოვდეს, რომელსაც მისი შვილი არ ენდომება. მაშინ კიდევ უფრო ბევრნი ვიქნებით. ხომ მიიღებ ჩემს გოგონას?
- ნუ სულელობ... დედამისს ჩასჩურჩულე ეგ ამბავი და რა დღეში ჩაგაგდებს, მერე ნახავ. ხათუნა ის გოგო არ არის, რომ კაცის და გათხოვების გულისთვის შვილი დათმოს.
- ჰო, მართალი ხარ, მაგრამ მაინც, ხომ შეიძლება, რომ ასე მოხდეს?
- არა, არ შეიძლება, ზურა... წავიდეთ ახლა, ძალიან დავიღალე. - უცებ დამთანხმდა და კიბეზე ხელგადახვეული ჩამომიყვანა.

იმ ღამით თითქმის არ მეძინა. მთელი ღამე ვფიქრობდი იმ მოვლენებზე, რომლებიც ბოლო 10 დღის მანძილზე მოხდა. ერთადერთი, რაც გარკვეული იყო, ის გახლდათ, რომ მე - 2 კვირაში აუცილებლად წავიდოდი ამერიკაში და იქიდან დავბრუნდებოდი... როდის? მაშინ, როცა ზურა ძალიან მომენატრებოდა. რომ ჩამოვალ, მერე? რა იქნება მერე? მზად არ ვიყავი ასეთ ცვლილებებისთვის... ბაჩო რომ გამოჩნდეს, მერე, რა ვქნა? - ვეკითხებოდი საკუთარ თავს.
მერე დღეს ბედობა იყო და ზურა მთელი დღე შინიდან არ გასულა. გვერდიდან არ მომშორებია, ერთად ყოფნა დაგვებედებაო... დანარჩენი დღეებიც უცებ გავიდა. ჩემს წასვლამდე 3 დღე რჩებოდა, როდესაც საღამოს ჩემი და მესტუმრა. წინასწარ არ გავუფრთხილებივარ, ისე მოვიდა. ზურა მის დანახვაზე უხერხულად შეიშმუშნა. ქეთინოც დაიბნა. როგორც ჩანს, არ ელოდა, რომ ზურა აქ დახვდებოდა. უხერხულოლბამ ცოტა ხანს გასტანა. ნახევარი საათის შემდეგ, ზურა და ქეთინო ისე გულითადად საურობდნენ და ხუმრობდნენ, რომ გეგონებოდათ, დიდი ხნის ნაცნობები იყვნენ. მივხვდი, რომ ერთმანეთი მოეწონათ, რამაც ძალიან გამახარა. ქეთინო მე და ზურამ წავიყვანეთ შინ. მერე, ცოტა ხნით ქალაქში გავისეირნეთ და ბინაში დავბრუნდით. გზაში ზურამ ყვავილები მიყიდა. მანქანის წინა კარი გააღო და თაიგული კალთაზე დამიდო. ძალზე ლამაზი თაიგული იყო. ყვავილებს დავყნოსე თუ არა, მაშინვე გულისრევის შეგრძნება დამეუფლა. ყვავილები უკანა სავარძელზე დავდე, მაგრამ მანქანის სალონში დატრიალებული გეორგინების მწარე სუნი ცხვირში მაინც მიღიტინებდა. ძლივს მივაღწიე სახლამდე და სადარბაზოში შურდულივით შევქანდი. კიბე წამში ავირბინე. ზურა უნიტაზზე წახრილს წამომადგა თავზე.
- რა გჭირს, ნატალი? ხომ არ მოგწამლა რამემ? - ხელით ვანიშნე, რომ გარეთ გასულიყო. ძალიან მომერიდა მის წინ ასეთ უხერხულ მდგომარეობაში ყოფნა. გავიდა და კარი მოხურა. თუმცა, მივხვდი, რომ იქვე იდგა, რადგან ნაბიჯების ხმა არ გამიგონია. სააბაზანოდან გამოსულს ზურა კართან დამხვდა. ხელი კედელს მიაბჯინა და გზა გადამიკეტა. მკლავის ქვეშ გავუძვერი და საძინებელში გავედი, რადგან უკვე ღამის 2 საათი გამხდარიყო და ძილის დრო იყო. ზურაც შემომყვა. უცებ ჩავიცვი პიჟამა და საბნის ქვეშ შევძვერი. ვიცოდი, რომ ახლა ზურასთან ამ საკითხზე საუბარი გარდაუვალი იყო.
- აბა, პატარავ, ახლა მითხარი, რა ხდება შენს თავს? - მკითხა, როდესაც მკლავი თავქვეშ ამომიდო და მიმიხუტა.
- არაფერი.

- როცა არაფერი ხდება, მაშინ ქალებს გული არ ერევათ. ცუდად იმ შემთხვევაში ხდებიან, როცა ან მოიწამლებიან, ან დათვრებიან, ან ნაღველი აწუხებთ, ან...
- ან... რა?- ვკითხე, რადგან ბოლო "ან"-ის მერე დიდი პაუზა გააკეთა...
- ან როცა ორსულად არიან, - დაასრულა ფრაზა. - შენ რომელი "ან" გჭირს?
- ბოლო, - ისე ჩუმად ვთქვი, რომ ჩემი ხმა თვითონაც ძლივს გავიგონე. ხმა არ ამოუღია. მხოლოდ, უფრო მეტად მიმიკრა გულზე და თავზე მაკოცა: ნეტავ, ახლა თვალები დახუჭული აქვს-მეთქი? - გავიფიქრე. ცოტა ხანში საბანი გადამაძრო და მუცელზე დამხედა, რამდენჯერმე მაკოცა, ლოყით მომეხუტა.
- როდინდელი ამბავია? - მკითხა მერე.
- ამ დღეებში ექიმთან მივედი და მან მითხრა, რომ 7 კვირის ორსულობაა.
- მაშ, ბაკურიანამდე მომხდარა ეგ ამბავი... იქ რომ მივდიოდით, იცოდი?
- არა, არ ვიცოდი.
- აბა, როდის გაიგე?
- ხათუნა რომ იყო აქ, მაშინ, იმ დღეს გავიგე.
- იმიტომ იყავი ასე "გზააბნეული"? რას ამბობდი არ გაგეგებოდა... - გამეცინა. - და მე რომ შენთან არ დავბრუნებულიყავი, არ აპირებდი თქმას?

- შენ თუ ჩემთან არ დაბრუნდებოდი, მე ამერიკიდან აღარ ჩამოვიდოდი. რამ გადაგაწყვეტინა დაბრუნება?
- იცი, მე ვიფიქრე, რომ თუ ბაჩო გამოჩნდებოდა, მე ზედმეტი ვიქნებოდი. თავისუფალი არჩევანის საშუალება მოგეცი. მერე დავფიქრდი. მივხვდი, რომ თუ ბაჩო გამოჩნდებოდა, შენ ორივეს დაგვტოვებდი და ცხოვრებას მარტო გააგრძელებდი. მე კი არავისთვის მემეტები და მიმაჩნია, რომ ღმერთმა შენი თავი ჩემთვის იმიტომ გაიმეტა, რომ მე ამას ვიმსახურებ და შენს სიყვარულში ვერანაირი ბაჩო ვერ შემეცილება. ნატა, ახლა გაცილებით მეტად ვარ შენი წასვლის წინააღმდეგი. შენი ასე წანწალი არ შეიძლება. ახლა, 2 ადამიანი ერთად მომენატრებით. იქნებ, მართლა ჯობდა, რომ არაფერი მცოდნოდა შენს ჩამოსვლამდე.
მთელი ღამე საუბარში გავათენეთ. ის მიმტკიცებდა, რომ არ უნდა წავსულიყავი, მე ვუმტკიცებდი, რომ ჩემი წასვლა აუცილებელი იყო. ბოლოს, მაინც ჩემი გავიტანე და დავითანხმე იმ პირობით, რომ მხოლოდ ერთი თვით წავიდოდი. მეორე დღეს ბარგის ჩალაგება დავიწყე. ზურა ვითომ მეხმარებოდა, მაგრამ მხოლოდ ხელს მიშლიდა. მთელი დღე მეგობრებთან ჩამოვლას მოვუნდი. ყველას დავემშვიდობე. გვიან ღამით სახლში უამრავმა ადამიანმა მოიყარა თავი ჩემს გასაცილებლად. ნინო და ირაკლი, ქეთინო (ოჯახის მთლიანი შემადგენლობით), ზურას მეგობარი, გოჩა, ელენე... ხმაურობდნენ, იცინოდნენ და აეროპორტში წამოსასვლელად ემზადებოდნენ, მაგრამ ზურამ ყველას გამოუცხადა, რომ მხოლოდ მე და ის წავიდოდით. დაუჯერეს. ყველას გამოვემშვიდობე და ზურას მანქანაში ჩავბარგდი.
- ნატა, თავს მიხედე, ნატა, კარგად... - მომძახოდნენ გულშემატკივრები. რამდენიმე წუთის შემდეგ აეროპორტში მიმავალ გზას დავადექით.
- ნატა, ყოველდღე დაგირეკავ. ახლა ინტერნეტით ურთიერთობა უნდა გავიხსენოთ, - მთელი გზა ენას არ აჩერებდა ზურა. მე მხოლოდ თავს ვუქნევდი და ძალიან ვნანობდი, რომ მივდიოდი. ჩემმა ტელეფონმა დარეკა. სონა იყო.
- მომეცი, მე ვუპასუხებ, - გამომგლიჯა ტელეფონი ხელიდან. - ალო... - ჩასძახა მერე. - ჰო, მე ვარ... ხომ მაინც მიგყავს? მაჯობე? სონა, იცოდე, რომ გამიცნობ, მერე აღარ მეტყვი მაგას. კარგი, კარგი, არ გეჩხუბები, უბრალოდ, ვხუმრობ. ახლა აეროპორტში მიმყავს და მალე გამოვუშვებ შენთან. სონა! იცოდე, ჩემს სიცოცხლეს გაბარებ და თვალისჩინივით გაუფრთხილდი. კარგი, - თქვა ბოლოს და ტელეფონი გათიშა.
- რატომ არ დამალაპარაკე?
- რამდენიმე საათში იქ იქნები და მერე რამდენიც გინდა, ელაპარაკე, - მითხრა ზურამ და ხელი მომხვია.
გაფრენამდე ნახევარი საათი რჩებოდა. ერთმანეთს ისეთი თვალებით ვუყურებდით, ლამის მართლა გადავიფიქრე. ჩავეხუტე და გასასვლელში გავედი. თვითმფრინავის სალონში კი იცოცხლე, ავბღავლდი. მერე დავწყნარდი. - ახლა თუ არ წავედი, მერე ბავშვი მეყოლება და სულ ვეღარ მოვახერხებ. დავბრუნდები და სულ ზურასთან ერთად არ ვიქნები? - ვიმშვიდებდი თავს, მაგრამ გული მაინც დამძიმებული მქონდა...

სონას დანახვამ ყველაფერი დამავიწყა. როგორ მომნატრებია ამ 3 წლის განმავლობაში... გვერდით რობა ედგა. ჯერ სონას ჩავეხუტე, მერე რობას მივესალმე და მათი სახლისკენ გავემართეთ. მანქანის ფანჯრიდან ვუყურებდი უზარმაზარ ქალაქს და ინტერესით ვაკვირდებოდი ყველაფერს. სონა კი გაუთავებლად ლაპარაკობდა. ათას რამეს მეკითხებოდა. გაუაზრებლად ვცემდი პასუხს და თვალებდაჭყეტილი ვიყურებდი აქეთ-იქით. როგორც იქნა, სახლამდე მივაღწიეთ. რობა ჩვენს ქართულ ლაპარაკს ვერ იგებდა და მხოლოდ იღიმებოდა.
- შენ არ გეგონოს, რომ ნატალი სასტუმროში იცხოვრებს. ვიდრე აქ იქნება, ჩვენთან უნდა იყოს, - უთხრა სონამ. რობამ ორივე ხელი ასწია და "ნო პრობლემო" - გაიძახოდა კარგა ხანს... მე და სონა მთელი დღე, მთელი ღამე ვლაპარაკობდით... სონას პირველს ჩაეძინა. ჩემ გვერდით კნუტივით მოკეცილი იწვა და მშვიდად ფშვინავდა. მე კი ამდენი შთაბეჭდილებით დაღლილს, არ მეძინებოდა. ათას რამეზე ვფიქრობდი და თან, დაძინებას ვცდილობდი. ვფიქრობდი: უკვე ჩემს სონასთან ვარ... აქ ერთი თვე დავრჩები... მერე, ზურასთან დავბრუნდები... და ახალ სახლში ერთად ვიცხოვრებთ მე, ზურა და... ნეტავ, ბავშვს რა უნდა დავარქვათ? თუ ბიჭი იქნება, მინდა, რომ ზურას ჰგავდეს... ისე, სონა ამხელა ქალაქში ცხოვრებას ნეტავ, როგორ ეგუება? რობა მართლაც კარგი ტიპი ყოფილა... როგორი ყურადღებიანია... აშკარად ეტყობა, რომ სონა ძალიან უყვარს. სონა ისეთია, რომ შეუძლებლია, არ გიყვარდეს... ნეტავ, სიყვარულის გაზომვა რომ შეიძლებოდეს, რამხელა იქნებოდა ზურას სიყვარული? ჩემი? ბაჩოსი? ისევ ბაჩო... ბაჩო წარსულს ჩაჰბარდა... ახლა არსებობს მხოლოდ ზურა და ჩვენი შვილი... სონა და სონას შვილი... რობა... ზურას შვილი... ეს ჩემი ოჯახია... ჩემი საყვარელი ადამიანები... მგონი, მომავალი თანდათან გამოიკვეთა...
დასასრული

პ.ს რაც შეეხება მათ იმას, რატომ შეწყდა რომანი ასე, მინდა ამის შესახებაც გითხრათ ორიდე სიტყვით:
- ნატალისთან ურთიერთობა მას შემდეგ გაწყდა, რაც ის ამერიკაში წავიდა. ზურა ჩემ მიმართ ისედაც არ იყო კეთლგანწყობილი, რადგან მათი ამბის გამოქვეყნებამ და ნეგატიურმა გამოხმაურებებმა ცოტა "დაგრუზა" და საბოლო ჯამში ჯიხი ჩემზე გადატეხა. ამიტომ, ის ჩემთან ლაპარაკს არ მოინდომებდა. 3 წლის შემდეგ, შემთხვევით გადავაწყდი ნატალის ერთ-ერთ კლინიკაში. მაშინ შევიტყვე, რომ გოგონა შეეძინა, რომელსაც მარიამი დაარქვა. ის, ზურა და ზურას შვილი ერთად ცხოვრობდნენ. ზურას ცოლი, ხათუნა ოჯახის დანგრევის შემდეგ გათხოვდა და რადგან მისი ახალი მეუღლე ბავშვთან ურთერთობას ვერ აწყობდა, იძულებული გახდა, ბავშვი მამასთან დაეტოვებინა.
მარი ჯაფარიძე



№1  offline წევრი rebe123

shoki istoria iyo ^_^ mixaria yvelaferi kargad rom damtavrda ^_^ gmertoo rogor mainteresebs axla rogor arian ^_^ imedia bednirrebi arian da tkbilad da tbilad cxovroben ^^ vgijdebi am istoriazec,personajebzec(nu yvelaze ara:D) mari jafaridzezec da ra tqma unda shenzec es istoria rom dade ^_^ ar vici ratom magram am wutebshi dzaan bednieri var <3 madloba amistvis shen <3

 


№2  offline წევრი tatia27

Gaixare, ki kargad da befnierad arian, mgoni me2 shvilic yavt :-) mixaria tu gagaxalise :-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent