sms 13 თავი
თენდება. დროა ავდგე, მაგრამ სურვილი არ მაქვს. ვწევარ და ისევ სარკმლიდან მომზირალ, გაქუცულ ნაძვს გავყურებ, სიცხისგან და მტვრისგან ნაცრისფერი რომ დასდებია. მორჩა თეკლა, ადექი, გააგრძელე ცხოვრება. ასე არ შეიძლება! მთელი თვე გავიდა დადუნას გამოჩენისა და გიორგის გაქრობის შემდეგ. ცხოვრება მათ გარეშე ჩვეული რუტინას იბრუნებს. ახლა ვწევარ და ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ჩემი ფანტაზიის ნაყოფია, ნეტავ მართლა გადამხდა თავს, თუ მესიზმრა? ნეტავ არსებობს გიორგი, თუ ჩემი მოგონილია? რა სისულელეებს ფიქრობ, თეკლა. თვალებს ვხუჭავ, შემდეგ ისევ ვახელ და ვდგები. ოდნავ შეღებული ფანჯრიდან მზის სითბო და სასიამოვნო ჰაერი შემოდის. პიჟამოებითვე ვუახლოვდები ფანჯარას და ქალაქს გავყურებ. რას აკეთებს ნეტავ? სად არის? ხელი მოურჩებოდა ალბათ, მაგრამ სულის ჭრილობას რა მოურჩენდა, ნეტავ? თავის მოწესრიგების შემდეგ სამზარეულოში გავდივარ. პირველი შემთხვევაა, როცა ირინას მოფუსფუსეს არ ვხედავ. მაგიდას მისჯდომია და თავი ხელებში ჩაურგავს. ჩემი შემოსვლა და თავის აწევა ერთია, ნამტირალევი თვალების დამალვას არ ცდილობს, ვკრთები. ირინა ტირის? - ირინა, რა მოხდა? - აღელვებისგან ხმა მიწყდება. ბებია პასუხს არ მცემს, ცრემლებს იწმენდს და მიღიმის. - დღეს, დედაშენის დაბადების დღეა. გულში აუტანელი ტკივილი მივლის, როგორ დამავიწყდა, როგორ გამომრჩა? გაშეშებული ვზივარ და ბებიას ნატანჯ სახეს თვალს არ ვაშორებ. ირინა დგება, თავზე ხელს მისვამს და კარადიდან ფინჯანს იღებს, წყალით ავსებს და სვამს. მე კი ისევ ერთ ადგილას მიჯაჭვული ვზივარ და ვერაფერზე ვერ ვფიქრობ. რამდენიმე წუთი სიჩუმე ისადგურებს, არც ირინა იღებს ხმას და არც მე. მერე კი ვდგები და უთქმელად გავდივარ სახლიდან. გზად მინდვრის ყვავილებს ვყიდულობ, ისეთებს დედას რომ უყვარდა. სასაფლაოსთან მისულს მუხლების კანკალი მიძლიერდება. ყოველთვის მიჭირდა აქ მოსვლა, ყოველთვის სულდამძიმებული ვბრუნდებოდი უკან, არ მეთმობოდნენ მშობლები. საფლავის ქვის გარშემო წამოზრდდილ ბალახს ფეხით ვთელავ, თაიგულს მიწაზე ვდებ და მეც ვჯდები. ჩემ ირგვლივ ყველაფერი ჩერდება, დროის შეგრძნებას ვკარგავ, ვზივარ და ვუყურებ ცივ ქვაზე დახატულ, ასე საყვარელ სახეს, რომელსაც ვერასდროს ვეღარ შევეხები. - დაბადების დღეს გილოცავ, დედა. - ფეხზე ვდგები და მოვდივარ. - შემოდი. - კარს ეკა მიღებს, სახლში მატარებს და უკან მომყვება. საერთოდ არ ვარ საუბრის ხასიათზე. დივანზე ვიკუნტები და ბალიშს გულში ვიხუტებ, ისე როგორც ადრე, მაშინ როდესაც დაობლებულს ეკა მივლიდა. ნათლიაჩემი ხმას არ იღებს, მან ხომ ყველაზე უკეთ იცის ჩემი სევდის მიზეზი, ის ყველაზე კარგად მიცნობს. იქამდე ვართ ჩუმად, სადამდეც მე არ ვიღებ ხმას. ტკივილს ისევ გულის ყველაზე ბნელ კუნჭულში ვჩქმალავ, ათასი საკეტით ვუკეტავ კარს და სახეზე ღიმილს ვიფარებ. ეკაც შვებით სუნთქავს. დაძაბულ გარემოს სალომეს კისკისი მუხტავს. ოთახში შემორბის და მეხვევა, მის საქციელზე გულიანად მეცინება. - წამოდი, შენთან საქმე მაქვს. - ხელს მკიდებს და ოთახში გავყავარ. - ეკა, ყავა გაგვიკეთე რაა? - ეკას სალომეს საქციელზე ეღიმება და სამზარეულოში გადის. ცოტა ხანში მე და სალომე, სალომეს საწოლზე ვსხედვართ ფეხმორთხმულნი, ეკას გაკეთებულ ყავას მივირთმევთ და სალომე მისი და სოსოს ამბებს მიყვება. - ძალიან მიხარია. - ვეუბნები და ყავის კიდევ ერთ ყლუპს ვაგემოვნებ. სალომე ნამდვილად იმსახურებს ბედნიერებას. - შენ? - სალომე თვალებს წკურავს, ისე როგორც სჩვევია და პასუხს ელის. საოცარია, როგორ ახერხებს ხოლმე ჩემი ფიქრების გამოცნობას. - მე? რა მე? - თეკლა, არ ფიქრობ, რომ უკვე დროა ყველაფერი წარსულში დატოვო და წინ იარო? - წინ ვიარო? და როგორ? რა იცის სალომემ, რომ მთელი ცხოვრება ამას ვცდილობდი, გამომდიოდა კიდეც, მანამდე სანამ... - ამას ვაკეთებ ზუსტად. - აღელვებისგან ხმა ჩამხლეჩია. წინ ვიარო ადვილია, მაგრამ გიორგიზე ფიქრებს რა მოვუხერხო? - არ აკეთებ! - სალომე ფეხზე დგება და დოინჯშემორტყმული დამცქერის ზემოდან, ტუჩები მკაცრად მოუკუმავს. - შენს თავში ჩაიკეტე და რაღაცას ელი, ან ვიღაცას. თეკლა, მომისმინე, - მერე ისევ ჩემ წინ ჯდება, ორივე ხელს მიჭერს და ცდილობს თვალებში ჩამხედოს. - ნუ ფიქრობ გიორგიზე. არა მგონია, ის კიდევ გამოჩნდეს. - ადვილია თქმა, ნუ ფიქრობ! გაკეთება კი ძნელი. აღარ დაბრუნდება? არ მინდა ამის დაჯერება, მინდა დაბრუნდეს, ვიცი, რომ სალომე მართალია, მაგრამ ჩემს გრძნობებს ვერაფერს ვუხერხებ. ამ ერთმა თვემ ჩემი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. - მართალი ხარ. - ძალით ვიღიმი და ვცდილობ დამაჯერებელი ვიყო. ფეხზე ვდგები და ხელებს უკანა ჯიბეში ვიწყობ. - უნდა დავივიწყო. - მერე ხელებს ვშლი და ღრმად ვსუნთქავ. - გინდა დღეს სადმე წავიდეთ? - მადლობა, ღმერთო. - სალომე ხელებს მაღლა სწევს და არტისტულად „იხდის მადლობას“. - საღამოს ბარში მივდივართ მე და სოსო, სწორედ ამის თქმას ვაპირებდი წეღან, წამოდი, კარგად გავერთობით. - არ მინდა ხელი შეგიშალოთ. - ვცდილობ თავი ავარიდო მიწვევას. ჯანდაბა რა მალაპარაკებდა, რა გაუძლებს ახლა ბარის არეულ სიტუაციას და ხმამაღალ მუსიკას. - ნერვებს ნუ მიშლი. სახლში დაბრუნებული, საწოლზე ვწვები და საღამომდე გაუნძრევლად ვწევარ. დაწვრილებით ვიხსენებ გიორგისთან გატარებულ ყოველ წამს და უაზროდ მეღიმება. მისი ხმა მომენატრა, მისი ნათქვამი თეკლა, სხვანაირად ჟღერს, მინდა კიდევ ათასჯერ გავიგონო. მინდა მთელი ცხოვრება მესმოდეს. ჰმ, რამდენი მოვინდომე! ოცნებებისგან თავის დასაღწევად საწოლიდან ვდგები და კარადას ვაღებ. კაბას ჩავიცვამ, რამდენი ხანია არ ჩამიცვამს. არჩევანს ფორთოხლისფერ, ტანზე მომდგარ, ძალიან ლამაზ კაბაზე ვაჩერებ. თმას ვიშლი და ფეხზე დაბალ ფეხსაცმელს ვიცვამ. სალომე ჩემ დანახვაზე კმაყოფილი იღიმის. სოსოს ვესალმები და უკანა სავარძელზე ვჯდები. სალო მთელი გზა რაღაცას ჰყვება და სოსოს გულიანად აცინებს, მე კი ფანჯრიდან ვიხედები და საერთოდ არ მესმის რას ლაპარაკობს სალომე. სოსო ჩემთვის უცნობ ადგილას უხვევს და ჩიხში აჩერებს მანქანას. - ეს ბარი, ბევრმა არ იცის, ძალიან კარგი სიტუაციაა, გემოვნებიანი მუსიკა და კარგი გარემო. - სოსოს სიტყვებზე ნაძალადევად ვიღიმი და მანქანიდან გადმოვდივარ. გვარიანად დაღამებულა. ბარის შესასვლელზე სხვადასხვა ფერი ნათურები ჰკიდია, მხოლოდ ისინი ანათებენ ჩაბნელებულ ქუჩას. შესასვლელთან ვჩერდები, თითქოს ვიღაცამ სასუნთქი გზები გადამიკეტა, სუნთქვას ვერ ვახერხებ, თავი საშინლად მტკივდება. თვალებს ვხუჭავ და ხელს თავზე ვიჭერ. ეს ბარი მეცნობა, ეს ადგილი მეცნობა. გონებაში კადრები დარბიან, თავი უარესად მტკივდება. ადრე ნანახი სიზმრის კადრები ერთმანეთს ცვლის. ირაკლი, დადუნა და გიორგი, ამ ბართან. - რა გჭირს? - სალომეს შეშფოთებულ ხმას გონზე მოვყავარ. - არაფერია, შევიდეთ? - ვამბობ და აკანკალებული ფეხებით ვუახლოვდები კარს, ფრთხილად ვაღებ და შიგნით შევდივარ. ნახევრადჩაბნელებულ დარბაზში რამდენიმე მაგიდა და პუფი დევს. ლამაზი და მყუდრო გარემოა, ხალხიც ნორმალური ჩანს, მაგრამ მე ახლა ხალხი კი არა, ის ერთადერთი მაინტერესებს, გიორგი. ის აქ უკრავდა, იმედი მაქვს დღესაც უკრავს. გთხოვ, აქ იყოს, ღმერთო. სოსო სცენისგან მოშორებით, დაბალი მაგიდისკენ მიგვიძღვის, დივანზე უხერხულად ვჯდები და ისევ დარბაზს ვათვალიერებ. არ ჩანს. გული მწყდება, მაგრამ არ ვიმჩნევ. სალომე დალევას მთავაზობს, მე კი უარს არ ვამბობ, დღეს ეს ნამდვილად მჭირდება. ორი ჭიქის შემდეგ თავს მხნედ ვგრძნობ, ახლა რომ გიორგი გამოჩნდეს, მთელს ჩემს სიბრაზეს და ტკივილს მასზე ვიყრი. ფიქრებს აჟღერებული მუსიკა მიფანტავს. სცენიდან ენერგიული მუხტი მოდის და დარბაზს იყოლიებს. მე კი სულ მავიწყდება, წეღანდელი დაქადნება და ახლა მიბრუნებასც კი ვერ ვბედავ. ნერვიულობისგან ყელი მიშრება და ფორთოხლის წვენს ერთი მოყუდებით ვცლი. კიდევ კარგი სალომეს ჩემთვის არ სცალია. სოსოს ჩილიმის მოწევას ასწავლის. ტანზე თითქოს ეკლები მჩხვლეტს, სისხლის ყოველი წვეთის მოძრაობას ვგრძნობ. სალომე მანიშნებს, რომ მეც ვცადო, თავს ვიკავებ, რადგან არასდროს გამისინჯავს, მეუბნება, რომ უბრალოდ ხილის გემო აქვს და მეც ნერვების დასაწყნარებლად ვთანხმდები. მართლაც, გამხმარი ხილის სურნელს ფილტვებში ვუშვებ და მერე უკან ჰაერში ვფანტავ. სალომე მოწონების ნიშნად ცერა თითს მაჩვენებს, გამეორებას აღარ ვაპირებ. ეს გარემო და ახლა ჩილიმი, უკვე ზედმეტია ჩემთვის. თითქოს ნერვიულობამ გამიარა, დავმშვიდდი. თავს სასიამოვნოდ დასვენებულად ვგრძნობ, ამას კი ხელს ახალი სიმღერის დაწყებაც უწყობს. მართალი იყო სოსო, აქ მართლაც კარგ მუსიკას უკრავენ. ბუკოვსკის კოკაინის, რემიქსული ვარიანტი სასიამოვნოდ მაოცებს. და აი, სოლისტი ტექსტს იწყებს. ახლა სისხლის ყოველ წვეთს კი არა, ყოველ ორგანოს ვგრძნობ, გულის შეკუმშვას და ვენების ფეთქვას. გიორგის ხმა არავის ხმაში არ ამერევა, არასდროს! ის არის! “du bist in kokain... Kokain...“ თავს უკან ვხრი, თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ მხოლოდ ხმას მივყვე... სიმღერა და მომღერლის სპეციფიური ხმა, არა მხოლოდ მე მნუსხავს, მაგრამ აბა მან რა იცის ჩემზე ასე, რომ მოქმედებს. მან ისიც არ იცის, რომ აქ ვარ. - უნდა წავიდე, - სალომესკენ ვიწევი და ყურში ჩავძახი. სალომე დაკვირვებით მათვალიერებს და თავს მიკრავს, მიკვირს, რომ ასე ადვილად დავითანხმე, მაგრამ მიხარია კიდეც. - დაგირეკავ. - ვცდილობ დარბაზიდან ისე გავიდე, რომ მან არ შემამჩნიოს, ესეც შენი გაბედულება, თეკლა. ამ დღეს ამდენ ხანს ელოდი და ახლა ქურდივით იპარები. ფრთხილად, კედელ-კედელ მივიწევ გასასვლელისკენ და თან თავს ვაიძულებ, სცენისკენ არ გავიხედო. გარეთ გამოსვლისთანავე მუსიკა წყდება და ოვაციების ხმა ყველაფერს ფარავს. სამშვიდობოს დაგულებული, თავს შედარებით დამშვიდებულად ვგრძნობ და სუფთა ჰაერს ღრმად ვსუნთქავ. - უკვე მიდიხარ? - მკაცრად ნათქვამი სიტყვები ადგილზე მაშეშებს, ის მე გამომყვა, შემამჩნია. ხელები კანკალს ვერ წყვეტენ, შემობრუნებას ვერ ვახერხებ. - არ მეგონა, ჩემი ხმის გაგონება ასე თუ გზაფრავდა, ერთხელაც არ შემოგიხედია! ნერვიულობას, როგორღაც ვაკავებ, ხელებს ვმუშტავ და ერთი მოძრაობით, მარცხენა ქუსლით მისკენ ვტრიალდები. გახეხილი ჯინსი და თეთრი მაისური აცვია, ლურჯი კეტები, თეთრი თასმებით. ხელზე ნაჭრის სამაჯური უკეთია, გარუჯულა, თმაც შეუჭრია, ძალიან მოკლედ. რატომღაც გულში ტკივილს ვგრძნობ, შეცვლილა, თითქოს ახლა სულ სხვა ადამიანი იყოს. მხოლოდ თვალები აქვს ისევ ისეთი. ჩემი, ღამესავით შავი თვალები. ჰმ, ჩემი! - არაფერს მეტყვი? - ერთი ნაბიჯით მიახლოვდება და ახლა მის სურნელსაც ვგრძნობ, თვალებს მაგრად ვხუჭავ და ისევ ვახელ. - მე უბრალოდ, არ ვიცოდი რა მეთქვა და... წამოსვლა ვარჩიე. - სიტყვებს ერთმანეთს ძლივს ვაბამ, თითებს ვიმტვრევ, მის დაჟინებულ მზერას თვალს ვარიდებ. - რატომ? განა სასაუბრო არაფერი გვაქვს? - შეიძლება გვაქვს, მაგრამ საუბარს მე არ უნდა ვიწყებდე. - ძალას ვიკრებ და „კბენაზე“ გადავდივარ. - ხო, მართალი ხარ. - ენის წვერს შეუმჩნევლად იტარებს ქვედა ტუჩზე და თავს ხრის. თავს გამარჯვებულად ვგრძნობ. ისაა დამნაშავე და ის უნდა იყოს უხერხულად, შენ კი არ უნდა დაფრთხე, ჩამძახის ჩემი ქვეცნობიერი. - კარგი, არ შეგაკავებ. - მეუბნება მოულოდნელად და მიღიმის. მისი სიტყვები და ახლა უკვე ეს ღიმილი საშინლად მაკრთობს, ვღიზიანდები, რომ ასე მალე დაიხია უკან, აბა რას ელოდი? რამეს რომ ნიშნავდე ამდენ ხანს კი არ გაქრებოდა. ჩემი სიამაყე საშინლად დაკნინებულია, ყელში ბურთი მეჩხირება, ცრემლები მახრჩობს, მაგრამ რას ვიზამ, უბრალოდ ვიღიმი, უფრო სწორად საწყლად ვიმანჭები და და სასწრაფოდ ვბრუნდები უკან. ცრემლები არ უნდა შემამჩნიოს. რამდენიმე ნაბიჯს ვადგამ და შენობას ვეფარები, ტკივილისგან გული მეკუმშება და მეშინია არ წავიქცე. ორივე ხელს კედელს ვაყრდნობ და ჩუმად ვტირი. მხრები მიცახცახებს, ცრემლები მახრჩობს, მაგრამ ჩემს თავზე მაინც ვბრაზობ, ასეთი სულელი, რომ ვიყავი და ველოდი. სალომე მართალი იყო, წინ უნდა ვიარო. თავს ვწევ, ცრემლებს ვიმშრალებ და ტაქსის ვაჩერებ. მთელი გზა ერთ წერტილს მივშტერებივარ და ვერაფერზე ვერ ვფიქრობ, თითქოს ტვინში რომელიღაც ღილაკს დავაჭირე ხელი და ავტომატურად გავთიშე ფიქრის ფუნქცია. - გზა ჩაკეტილია, მგონი ავარიაა... შემოვლითი გზით რომ წავიდე? - მძღოლის ხმა ცოტა ხნით მაფხიზლებს. - წადი. - ვეუბნები და ჩაწეული საქარე მინიდან მონაბერ ჰაერს ვუშვერ სახეს. მანქანა სანაპიროს მიუყვება და გალაქტიონის ხიდისკენ ადის. უეცრად სუნთქვა მეკვრის, თავი ისევ მტკივდება და ხილვის მსგავსი კადრები თვალებს მიჭრელებს, ორივე ხელს თავზე ვიჭერ, რომ როგორმე მოვერიო გამოწვეულ ტკივილს, მაგრამ არ გამომდის. მერე თავს ვწევ და მოძრავი მანქანიდან უკან, ნელ-ნელა ჩამოტოვებულ ხიდს ვუყურებ. მოაჯირთან ბიჭი დგას, ხელები რკინისთვის ჩაუჭიდია და მდინარეს ჩასცქერის. - გააჩერე! გააჩერე მანქანა! - ვკივი და თან ბიჭს არ ვაშორებ თვალს. - გადავალ და გავაჩერებ, აქ არ შეიძლება. -გააჩერე! - უკვე სასოწარკვეთილი ხელს სახელურისკენ ვწევ და ჯერ კიდევ გაუჩერებელი მანქანიდან ვხტები. სირბილით ვჭრი გზას და ხიდზე ვჩერდები. აქ იყო, სად წავიდა? ბიჭი თითქოს ცამ ჩაყლაპა არსად არის. გაგიჟებული ვიხედები მდინარეში. ნუთუ გადახტა? არა, შეუძლებელია. ორივე ხელს თავზე ვიჭერ და ვიმუხლები. თვალწინ ისევ ხილვები გამირბის. ირაკლის სახეს ვხედავ, ირაკლის და კიდევ ერთ ბიჭს. ვინ არის, ვინ? თავის ტკივილისგან გონება მებინდება და ხილვებიც სადღაც ქრება. - კარგად ხართ? დაბრუნდით მანქანაში. - მძღოლი ხელს მიწვდის და მეც ძლივს ძლივობით ვდგები ფეხზე. პატარა ბავშვივით ვეჭიდები ხელზე და მორჩილად მივყვები უკან. ჩაჯდომამდე ერთხელ კიდევ ვიხედები უკან, ხიდზე ისევ არავინ არ არის. მომეჩვენა. ღამით გათიშულს მძინავს და დილით ისევ საშინელ ხასიათზე მეღვიძება. წამოდგომას არ ვაპირებ. საწოლის გვერდით მდგარი ტუმბოსკენ ვტრიალდები და უჯრას ვაღებ. ირაკლის წიგნს ვიღებ და ფრთხილად ვშლი. მისი ლექსების კითხვას ყოველთვის კარგ ხასიათზე მოვყავარ, თითქოს მას ჩემი უარყოფითი აურა და ფიქრები მიჰქონდეს. წიგნს ვკეცავ და საწოლის ზურგს ვეყრდნობი. ტელეფონის ხმა მაფხიზლებს. გიორგია. ერთ ხანს, აკანკალებულ ხელში მოქცეულ ტელეფონის ეკრანს უაზროდ დავცქერი, მერე კი ძალას ვიკრებ და ვპასუხობ. - გისმენ. - თეკლა, - ისევ მისი ნათქვამი ჩემი სახელი და ისევ ის გრძნობა. თვალებს ვხუჭავ. - შეიძლება გნახო? სალაპარაკო მაქვს. - არა, არა. არ უნდა მისცე ნახვის უფლება, არც კი დაელაპარაკო. მიკივის გონება, მაგრამ მოულოდნელად სულ სხვა რამეს ვამბობ. - ერთ საათში, ირაკლის ბინაში. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.