შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არც კონკია, არც პრინცი -3-


2-07-2016, 11:40
ავტორი sopiko
ნანახია 3 243

[თავი 3 და თავი 4]
-3-
თვალები რომ გავახილე, ჯერ კიდევ მდინარეში ვიყავით... მე და მატათა. მან გადამარჩინა. ხიდიდან გადმოხტა და გადამარჩინა. რის გამო შეიძლებოდა ეს გაეკეთებინა? მე ამ კითხვაზე მთელი ერთი კვირა ვერ ვპოულობდი პასუხს. ისევ თათა დამეხმარა. ერთ საღამოს სათამაშოებით რომ ვთამაშობდით, თამაში შეწყვიტა და მითხრა, მატათას უყვარხარო.
ბავშვურად გამიხარდა... ბავშვურად, მაგრამ გულით. მაშინ დავასკვენი, რომ მატათა მეც მიყვარდა და ამ თავგანწირვას არასდროს დავუვიწყებდი. მივხვდი, რომ აქამდეც ველოდი მისგან რაღაც სხვას. როცა ერთად ვიყავით, როცა ერთმანეთს ვუყურებდით, როცა თავის გაკეთებულ მისალოცებს მჩუქნიდა და მეუბნებოდა, რომ ყველაზე კარგი გოგო ვიყავი, მინდოდა ეს წუთები რაც შეიძლებოდა გახანგრძლივებულიყო, მაგრამ მას ჩემი აწითლებული ლოყები არ დაენახა.
მეორე დღეს ბექნუ მასთან რომ მიდიოდა სკოლის შემდეგ, მეც ავედევნე და მატათასთან რომ მივედით, მის საძინებელში ჩემი ცალი ფეხსაცმელი დავმალე.
შემდგომ საღამოს უკვე ვიცოდი, რომ მატათას ვეღარასოდეს ვნახავდი... ის დედასთან ერთად რუსეთში გამგზავრებულიყო. მამა საშინლად ანერვიულებული იყო და მთელი დღე ხან სად მიდიოდა, ხან სად. საბოლოოდ კი გამოგვიცხადა, რომ მათ პრობლემები ჰქონდათ და არც ერთი მათგანი არსად არ უნდა გვეხსენებინა. მამა მე და ბექნუს მატათას, ხოლო დედას დეიდა ნონას დავიწყებას სთხოვდა. ვიცოდი, რომ მატათას მამა რუსეთში ცხოვრობდა და იმ დღიდან შემზიზღდა ის კაცი, რადგან ჩავთვალე, რომ სიყვარული მან წამართვა.
მაშინ, ასეთი პატარა და გულუბრყვილო რას წარმოვიდგენდი, რომ თოთხმეტი წლის შემდეგ ''კონკიას ქოში'' თავს შემახსენებდა, თუმცა თურმე უნდა წარმომედგინა!

დაბლიდან ხმაური აღარ ისმის. როგორც ჩანს, სტუმრები წავიდნენ ან მხოლოდ რამდენიმე მათგანი დარჩა.დარწმუნებული ვარ, ხვალ დედა ძალიან გამიბრაზდება უცაბედი გაქრობისთვის, მაგრამ ამაზე სულაც არ ვდარდობ. ელენე ოთახში რომ ამოდის და საწოლის გაშლას იწყებს, ვხვდები, რომ საერთოდ არ მეძინება. მოახლეს ვითხოვ და აივანზე გავდივარ. აქ მიდის გზა თავისუფლებისკენ... ჩემი აივნის გვერდით, კედელზე კიბეა მიმაგრებული, რომლითაც ხანძრის დროს ადამიანები დაბლა ჩადიან, ვინიცობაა, გასასვლელიდან გასვლა შეუძლებელი რომ იყოს, კიბე ჩანგრეული ანდაც კარების სახელური ძალიან გაცხელებული. კაბა უკვე აღარ მაცვია და ნაცრისფერი შარვლით და გრძელი, ფართე მაისურით კიბეზე გადასვლა არ მჭირს. დაბლა ფრთხილად ჩავდივარ და ბოლო საფეხურიდან მიწაზე ვხტები. ფანჯრებს სიფრთხილის მიზნით ვათვალიერებ და დამშვიდებული ჩემი სამოთხისკენ მივეშურები.
ყველაზე მეტად მამას რისთვისაც ვუმადლივარ, ეს ხელოვნური ტბაა, რომელიც სახლიდან მოშორებითაა, თუმცა ჩვენს მფლობელობაში და პირადად ჩემს განკარგულებაშია. ტბა ძალიან ლამაზია და ნამდვილს ჰგავს. დუმფარას ყვავილები წყლის ზედაპირზე ნარნარად ირხევიან, სუფთა, მომწვანო ფერის წყალში სხვადასხვა სახეობის წყალმცენარეები მოჩანს. მათი ღეროები მიწაზეა გაფენილი და მიღებული სიმწვანის მიზეზიც ესაა. ტბას გარშემო ხეები აქვს შემორტყმული და ტოტების და ფოთლების ანარეკლიც მომხიბვლელობას მატებს აქაურობას.
ბალახზე ფეხმორთხმით ვჯდები და ნიკაპს შეტყუპებულ ხელის გულებს ვაბჯენ. საოცარი სიმშვიდე მეუფლება. გულიც უჩვეულოდ თანაბრად მიცემს, რაც მხოლოდ ამ ადგილისთვისაა დამახასიათებელი. თვალებს ვხუჭავ და ვინაბები. შეუძლებელია იმ სულიერი იდილიის სიტყვებით გადმოცემა, რასაც ვგრძნობ. ისევ პატარა ევანგელია ვხდები, რომელსაც მშობლები ევანს ეძახიან, ბიჭის სახელს. მომწონს ჩემი სახელის ეს კნინობითი ფორმა. ყოველ ჯერზე ვცდილობ მასში რაღაც დოზით სიყვარული დავიჭირო, თუმცა ამ ოცდაორი წლის განმავლობაში იმდენი სითბო არ მიგრძვნია, რომ მისი მოლეკულებით ერთი პატარა კოლბა გავსებულიყო. თავშეკავებულად ვოხრავ და ვცდილობ ამაზე აღარ ვიფიქრო. წარმოსახვაში ისევ ჩემს მეგობრებთან ერთად ვთამაშობ, რომლებიც მას შემდეგ ჩამომშორდნენ, რაც მამა პრეზიდენტი გახდა.
გვერდიდან ბალახების შრიალი მესმის და შეშინებული ვაჭყეტ თვალებს. ნუთუ გამომიჭირეს? ოღონდ ეს არა! თავს ისე ვატრიალებ გვერდით, თითქოს კისერი გაშეშებული მქონდეს. გულში ცრუ მიზეზებსაც ვამზადებ, თუმცა სულ ტყუილად. აქ არც დედაა, არც მამა და არც ელენე. ბექნუ ხომ შეუძლებელია იყოს! ინგლისიდან გაუფრთხილებლად ნამდვილად არ ჩამოფრინდებოდა. გვერდით მომხიბვლელი პროფილის მქონე მამაკაცი ზის, რომლის სახეც მთვარის შუქითაა განათებული, სხეული კი ჩრდილში მოქცეულა.
-ვინ ხარ?-ისე ვეკითხები, როგორც კარგი ხნის ნაცნობს. მიკვირს, რომ ფეხზე არ ვდგები და შინისკენ არ გავრბივარ. ახლა ხომ ღამეა, ბნელა, ამ ვიღაცას ნამდვილად არ ვიცნობ, თანაც დუმილი რისი თანხობის ნიშანი უნდა იყოს, როცა ჯერ საუბარი არ ყოფილა ჩვენ შორის? თბილისში უამრავი მანიაკი დადის. ისიც ხომ შეიძლება, რომ გამოსასყიდის მოთხოვნის მიზნით გამიტაცონ? მაგრამ არ მეშინია! შიშისმაგვარს არაფერს ვგრძნობ...
-ბატონი დათა და ქალბატონი სოფიო სახლში წამოსვლას არ აპირებენ?-ბოხ ხმას შეუჩვეველს მაცბუნებს მისი კითხვა, რომელშიც დიდი სიძულვილი და დაცინვა ჩანს.
-შენ... შენ რა იცი, რომ ისინი ჩვენთან არიან?-მისკენ დაეჭვებული ვტრიალდები და როგორც ბავშვობაში, ორივე წარბს მაღლა ვწევ.
მამაკაცს ჩემს ამ ჟესტზე რაღაც მოსდის. სუნთქვა უხშირდება და თვალები უქრება. მერე თავს ხრის და ბალახს ფესვებიანად გლეჯს მიწიდან.
-სამწუხაროდ ბევრი რამ ვიცი... ძალიან ბევრი.-ბუტბუტებს და ვხედავ, როგორ ეტმასნება მაისურის სახელოები მკლავებზე. ისეთი დაძაბულია, ყველა კუნთი დაჭიმული აქვს. ნეტავ, რა უნდა იყოს ამის მიზეზი? ან პირველად ნახა, რომ ადამიანი მხოლოდ ცალ წარბს კი არა, ორივეს წევდეს მაღლა?
-არ მესმის, რას გულისხმობთ.-მხრებს ვიჩეჩ და თვალს ტბის ზედაპირს ვუსწორებ. ძალიან მინდა გვერდით გავიხედო და მის მზერას ჩემი დავახვედრო, მაგრამ მრცხვენია. შიშველი ხელები მეყინება და ეს არ არის იმის ბრალი, რომ სიომ ჩამოიქროლა. ამ ადამიანის სიახლოვე უცნაურად მოქმედებს ჩემზე, მიუხედავად იმისა, რომ პირველად ვხედავ. ვერ ვივიწყებ მის წამიერ გამოხედვას, როცა თვალებში სიძულვილი აღარ უჩანდა და მსურს ისეთი რამ გავაკეთო, იგივე კვლავ რომ დავიმსახურო.
-სამწუხაროდ, შენ და შენნაირებს ბევრი რამ არ გესმით.-იგივე ტონალობაში ამბობს სულ სხვა ფრაზას და ფეხზე დგება.
-ნუ მელაპარაკები ქარაგმებით! მე ხომ შენთვის არაფერი დამიშავებია. პირველად შევხვდით და შენს თვალებში ისეთ იმედგაცრუებას ვხედავ, გული მიწუხდება. ვგრძნობ, რომ ჩემთან რაღაც გაკავშირებს, მაგრამ თუ ასე მოიქცევი და გრძნობებს და გულისთქმას დამალავ, ტყუილად გაირჯები. შენი არც შემეშინდება, არც დამნაშავედ ვიგრძნობ თავს და ვერც იმას მივხვდები, რა გინდა აქ და რატომ მბურღავ თვალებით.-ჩვეული პირდაპირობით ვუცხადებ და წინ ვესვეტები.
ისევ იგივე გამოხედვა, ოღონდაც რამდენიმე წამით მეტი ხანგრძლივობით. დახორკლილ მკლავებზე ხელს ვისმევ, მაგრამ თავს ერთი წამითაც კი არ ვხრი დაბლა. ასე მგონია თვალს თუ მოვაშორებ, გაქრება და ვეღარასოდეს შევხვდები.
-ნახვამდის.-ხელები ზურგსუკან მიაქვს და როგორც კი ბრუნდება, ვხედავ, როგორ აქვს ახლართული თითები ერთმანეთში. ღელავს. თანაც ძალიან. მთელი ჩვენი საუბრის განმავლობაში შფოთავდა. რაღაც აწუხებდა. თვალებში მიყურებდა, მაგრამ თითქოს იმას ვერ ხედავდა, რაც სურდა და ეს აბრაზებდა. არც ერთხელ სახელით არ მოუმართავს, მაგრამ უკვე დარწმუნებით ვიცი, რომ მიცნობს. შეიძლება ცალმხრივად, მაგრამ მაინც.
ტბასთან ვეღარ ვჩერდები. ის წავიდა, მაგრამ მაინც ვგრძნობ ვიღაცის სუნთქვას ჩემთან ახლოს. აჩქარებული ნაბიჯებით მივდივარ სახლთან და უკან ვიხედები. რატომღაც მგონია, რომ კვლავ ჩემთანაა და თავზე უჩინარის ქუდი აქვს დაფარებული. კიბეზე ავდივარ და აივანზე გადავდივარ. ოთახის კარებს ვაღებ და დაბლა ჩავდივარ. მისაღებში სტუმრები აღარ არიან. წავიდნენ. ესე იგი ისიც წავიდოდა. ნეტავ, რატომ მგონია, რომ რაღაც დიდებული რამ მოხდა? რატომ იმოქმედა ამ შეხვედრამ ჩემზე ასე? რატომ ვეღარ ვჩერდები ერთ ადგილას? სხვა გამოსავალს ვერ ვპოულობ და მოსვენების საპოვნელად საწოლში ვწვები. ცოტა ხნის წინ არ მეძინებოდა, ახლა კი უცებ მერევა ძილი და სანამ მორფეოსის სამყაროში გადავეშვებოდე, ისევ მიელვებს თვალწინ მამაკაცის პროფილი, შემდგომ კი მისი სევდიანი თვალები.
-4-
დილით ხასიათი თვალების გახელისთანავე მიფუჭდება. მერე გულისრევის შეგრძნებაც მებადება. ახელ თვალებს, ხედავ დედას და ხასიათი გიფუჭდება? როგორ შეიძლება ასე? ასე როგორ შეიძლება დილაადრიან მხოლოდ იმიტომ ადგე, შვილს დღე განთიადისთანავე რომ უაზროდ უქციო, შვილს, რომელიც უსიტყვოდ აკეთებს იმას, რაც მას ასე ძალიან სძულს, შვილს, რომელსაც ბავშვობაში ტყუილისთვის სჯიან ხოლმე, ახლა კი ამას აიძულებენ. ვფიქრობ, იქნებ მოვასწრო თავის მომძინარება, მაგრამ თაიე ნიშნისმოგებით მიყურებს... უხარია, რომ გამომიჭირა... უხარია, რომ ახლა მე წინასწარ ვიტანჯები... იმას კი ვერ ხვდება, რომ ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ უნდა გამოსწორდეს. რომ უნდა ავდგეთ და ერთმანეთს ბოდიში მოვუხადოთ. მივუტევოთ. პირიქით, უნდა, რომ ამის სურვილი მეც გამიქრეს. რომ მეც ასეთად ვიქცე. ყველანაირად გაუფასურებულ გრძნობებს კარი გავუღო და გულიდან გავუშვა, რათა გავხდე ისეთი უგრძნობი, როგორიც ეს სტატუსია ''პრეზიდენტის ქალიშვილი''.
-დედა, მეძინება.-კედლისკენ ვტრიალდები, მაგრამ დედა მხარზე მებღაუჭება და უხეშად მაბრუნებს თავისკენ.
-მეძინება, დედა!-ისევ კედლისკენ ვიწევ. არ მინდა დღეს მოხდეს ის, რაც ადრე თუ გვიან მოხდება. არ მინდა დღეს მითხრას, რომ მისთვის, როგორც შვილი, არაფერს ვნიშნავ. ეს უკვე დიდი ხანია ვიცი, მაგრამ თუ ამას თავისი პირით მეტყვის, თავის იმაში დადანაშაულებას ვეღარ შევძლებ, რომ ეს ყოველივე მე მეჩვენება.
-დედა? დედა?-იცხადებს მოულოდნელად თეია და ხარხარს იწყებს.-მართლა დედაშვილური კავშირი რომ იყოს ჩვენ შორის, მიხვდებოდი, როგორი მნიშვნელოვანი იყო ჩემთვის გუშინდელი წვეულება და სადღაც არ აორთქლდებოდი, მაგრამ სისულელეა! სისულელეა ეს ზღაპრები დედაშვილურ კავშირზე... მამაშენი პრეზიდენტი რომ გახდა, თავს იმით ვიმშვიდებდი, გოგოა, თავისი ხიბლი აქვს და რაღაცაში გამოგვადგება_მეთქი და შენ? სრულიად არანორმალური გშვი! არ ვიცი, ვის გავხარ...
ჩემი გონება იმეორებს მის ყოველ სიტყვას. ვუსმენ და შინაგან მეს ვეუბნები, რომ ეს დედაჩემი არ არის. ეს ცხადი არ არის. სიზმარს ვხედავ და კორალაინივით სხვა დედას ველაპარაკები. დასასრულს განვიცდი. ჩვენს დედაშვილურ დასასრულს. იმ წუთას ვობლდები. მისი მონოლოგი მაობლებს. უსაფუძვლო დადანაშაულება. ახლა უკვე არ ვიცი, როგორ გავაქრო ეს ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან. რით გავამართლო ქალი, რომელიც ჩემს დედად იწოდება...
შეშლილივით ვხტები საწოლიდან და დედას ხელს ვკრავ, გზიდან რომ მოვიშორო. კარებს ვგლიჯავ და კიბეებზე ვეშვები. ვივლი ოთახებს. ვაღებ კარებებს. ერთი დერეფნიდან მეორეში გავდივარ, მეორიდან მესამეში. გავრბივარ და სუნთქვა მიუმჯობესდება. ჰაერი ახლა უკვე მოძრაობს. პერანგის ბოლოები ფეხებზე მეხებიან და თავს მარტო აღარ ვგრძნობ.
ბოლოს ძალა მეცლება. ერთ-ერთ ოთახში ვიკეცები და თავს მუხლებში ვრგავ. აქ სრულდება ჩემი ბრძოლა იმისთვის, რომ პრეზიდენტის გოგონა ვიყო... ისე ვიქცეოდე, როგორც მას შეეფერება... ჩემი ქმედებები ყოველთვის მამის წინსვლისთვის იყოს გამიზნული... ვხვდები, რომ არ ღირს საკუთარ მესთან ომი... მას მაინც ვერ დაამარცხებ, რადგან შეუძლებელია სული სხვას გადაუნერგო, შენ კი სხვისით იცოცხლო... ღმერთო, აქამდე როგორ ვერ ვხვდებოდი! როგორ ვერ ვხსნიდი ამ საზიზღარ ამოცანას! თავს მუხლებიდან ვწევ და ახლაღა აღვიქვამ, რომ ჩემს ძველ ოთახში ვარ. ბავშვობის ოთახში. აი, ამ ტახტზე მუდამ ჩემი დათუნია იდო ხოლმე. ძილში გვერდიდან არ ვიშორებდი. არც კი ვიცი, როდიდან გაქრა. ტახტზე ვძვრები და თავს ბალიშზე ვდებ. მოგონებებზე მიდევს თავი და ნოსტალგიური განწყობაც თავს იჩენს. ნოსტალგია, რომელიც სულაც არაა ტკბილი, რადგან მოგონებები, კარგიც და ცუდიც გულს გტკენს... კარგი იმიტომ, რომ ის კარგი გენატრება... ცუდი იმიტომ, რომ იმ ცუდის გონებიდან წაშლა გინდა...
-დედა!-წარმოვთქვამ ამ ერთ სიტყვას, რომელიც უამრავ ემოციას აერთიანებს და ცრემლებს ვიწმენდ. ახლა ვხვდები, რომ მაინც ძალიან, ძალიან მიყვარს დედა, რაც არ უნდა საპირისპირო არ უნდა იყოს მისი გრძნობა ჩემდამი... ეს აღმოჩენა რაღაცნაირად მამშვიდებს. ბალიშს ვწევ და ალბომს ვხედავ. ეჰ, რა დრო იყო, ამ ალბომში ბებიამ რომ ჩამიკრა ფოტოები...
ალბომს ვშლი და სიძველის სუნი მეცემა. ფილტვებს წარსულის სურნელით ვივსებ და მიუხედავად იმისა, რომ მტვერზე ალერგია მაქვს, ამ ალბომის ფურცლები კი სულ დამტვერილია, ერთხელაც არ მაცემინებს. აი, მე და ბექნუ... მე, ბექნუ და ნათია ძიძა... ახალშობილი მე, დედა და მამა... ბებია და მე... პაპა, ბებია და მე... მე, ბექნუ და მატათა... მატათა! გონებაში ამ სახელის გაელვებისასაც კი უდიდეს მონატრებას ვგრძნობ. გულში ეს გრძნობა მეღვრება და მერე სისხლძარღვებით სისხლთან ერთად ყველა უჯრეტს მიეწოდება... საოცრად მინდა ახლა ის ჩემ მარცხნივ იდგეს, ბექნუ კი მარჯვნივ... ორივე მამშვიდებდეს და მეხუტებოდეს... მე ვგრძნობდე მათ სიყვარულს და ამით ვძღებოდე... ეს მიქრობდეს იმ უკმარისობას, ახლახან გააზრებულმა ობლობამ რომ გამიჩინა... მატათას თვალები... ისევ ისე მეფაკლებოდეს ლოყები მათთან შეხვედრისას, როგორც უწინ, პატარა გოგონა რომ ვიყავი... ისევ ისე მეღიმებოდეს მის ღიმილზე... ისევ ისე ვკისკისებდე იმ ხერხებზე, რომლებსაც ჩემს გასამხიარულებლად იყენებდა ხოლმე... ისევ ისე ვკანკალებდე, როგორც იმ დღეს მდინარეში ჩავარდნილი, სანამ მისი მკლავები შემომეხვეოდნენ...
თვალები უნებურად მეხუჭება. მელანდება ის... წყალი... ხმაური მესმის... მისი მზერა მამშვიდებს... ნაპირთან უკვე ახლოს ვართ, მე კი ეს სულაც არ მადარდებს... ჩემ გვერდითაა და შუაგულ ოკეანეში რომც ვიყოთ, მაინც არაფერი დამემართება, რადგან ის ამას არ დაუშვებს... კბილს კბილზე ვაცემინებ და მდინარეს წყინს, რომ ეს მისი ბრალი არაა... ჩემს ცახცახს სულ სხვა მიზეზი აქვს... მერე მდინარიდან პირდაპირ ჩემს სახლში ვჩნდები. გვერდით თათა მიზის და მეუბნება, უყვარხარო... ჩემი ქოში... ბოლო დღე, როცა ჩემი პრინცი ვნახე და დასასრული, რომელიც სულაც არაა ისეთი, როგორც კონკიაში...
-ნეტავ, როგორ ხარ... სად ხარ... რას აკეთებ... თუ დაოჯახდი... ნეტავ, იცი, ასე რომ მენატრები?-ვჩურჩულებ და მრცხვენია, აქამდე მხოლოდ წამიერად რომ გავიფიქრებდი ხოლმე მასზე, მერე კი სხვა საფიქრალი მირევდა თავგზას.
-როგორი ბავშვი ვიყავი მაშინ... მეც და თათაც... მეგონა დაგივიწყებდი, მაგრამ მართლა დაუვიწყარი ყოფილხარ!-ვაგრძელებ ჩურჩულს და ჩემს ნაპოვნ ''სიყვარულზე''ვფიქრობ, რომელიც მულტფილმში დაიწყო...
აქამდე მეძინა... ღრმა ძილში ვიყავი ჩაფლული... ეს გამოღვიძებაა! და უნდა მიხაროდეს, რომ სამუდამოდ იქ არ დავრჩი... გუშინდელ დღეს ვიხსენებ თავიდან ბოლომდე, რადგან გავიგო, თუ რამ გაანაპირობა ეს მნიშვნელოვამი მოვლენა... დღის პირველი ნახევარი წვეულებისთვის ვემზადებოდი, მეორე ნახევარში კი უკვე წვეულება იყო. შემდგომ საძინებელში შევედი, მაგრამ არ მეძინებოდა და სახლიდან გავიპარე. ტბასთან მამაკაცს შევხვდი, რომელსაც არ უთქვამს, ვინ იყო, თუმცა ძალიან უცნაურად კი მიყურებდა და მისი სევდაც თით ქოს მე მირეკლავდა. ნუთუ მას უნდა დავუკავშირო დღევანდელი დღის ასე დაწყება? დედის გახსენებაზე კვლავ მომდის ცრემლები, მაგრამ სიძლიერეს ვუხმობ. სჯობს ისევ იმ მოელვარე თვალებზე ვიფიქრო და მოვტვინო, თუ ვინ შეიძლებოდა ყოფილიყო ის, რა კავშირი აქვს დათა დვალის ოჯახთან და რაში მდებდა ბრალს, როცა ასეთ ზიზღს იჩენდა... მისი არც ერთი სიტყვა ირონიას არ გასცილებია. მხოლოდ მზერა... ოჰ, ეს მზერა! როგორ მეცნობოდა და თან როგორი უცხო იყო ჩემთვის... მასში თანაბრად იყო ნაცნობიც და უცნობიც... არა, კიდევ ერთხელ მაინც თუ არ ვნახე, ვერ მოვისვენებ! წინაამღდეგ შემთხვევაში მთელ სიცოცხლეს მასზე და წინა ღამეზე ფიქრებს შევწირავ... ბატონი დათაც როგორი საეჭვო პიროვნება ჩანს... მის შვილებს უნდა შევხვდე! იქნებ მათგან მაინც შევიტყო რამე... განსაკუთრებით კი გვანცას იმედი მაქვს.
თავს ვაიძულებ, რომ დედაზე აღარ ვიფიქრო. ოთახის კარებს ვიკეტავ და გარეთ გამოვდივარ. საძინებელი ცარიელია. კარადიდან კრემისფერ კაბას ვიღებ, რადგან პირველი ის მხვდება ხელში. სარკეში არც ვიხედები, ისე გამოვდივარ სახლიდან, რაც სულაც არ შეეფერება პრეზიდენტის ქალიშვილს. პირველად ვარ ასე დარდიმანდად განწყობილი ამის მიმართ. უკვე აღარ ვაპირებ დათმობაზე წასვლას. ჩვენს ერთ-ერთ მანქანაში ვჯდები და მძღოლს ვეუბნები, რომ დათა დვალთან წამიყვანოს. ვვარადუდობ, რომ მან მისამართი იცის. ჩემი ვარაუდი მართლდება. სულ მალე მანქანა სასახლესავით დიდებული სახლის წინ ჩერდება და მეც სასწრაფოდ შევდივარ ეზოში. დაცვის ბიჭები გზას მითმობენ. ნერვები მეშლება, ასე რომ იქ ცევიან. იქნებ პრეზიდენტის შვილი სერიული მკვლელია? ამაზე არ ფიქრობენ? არ და ნურც! კარებზე ვაკაკუნებ. წამის მეასედებში სახელური დაბლა იწევა და შეღებულ კარში შავ კაბასა და თეთრ წინსაფარში გამოწყობილ ახალგაზრდა მოახლეს ვხედავ.

^^^
დღეს ორ თავს გთავაზობთ, რადგან ერთი ან ორი დღე შემდეგ ნაწილს ვერ დავდებ. სოფელში მივდივარ და სამწუხაროდ მართლა ვერ შევძლებ იქიდან ვერაფერს. მხოლოდ ერთი-ორი დღე!
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შეფასებებისთვის!
დიალოგები ამ თავშიც იყო და ნელ-ნელა უფრო და უფრო იქნება! შემდეგი თავიდან სიუჟეტი მთლად ჩაიხლართება...
უყვარხართ სოფიკოს თქვენ!



№1  offline წევრი Ignifex

ჰუჰუ. ❤
კარგი ხარ,ისტორიაც კარგია და საინტერესო.
ლამაზად წერ ძალიან,სიამოვნებით და თავისუფლად ვკითხულობ.
"კბილს კბილზე ვაცემინებ და მდინარეს წყინს, რომ ეს მისი ბრალი არაა... ჩემს ცახცახს სულ სხვა მიზეზი აქვს..." ეს იყო აი არ ვიცი :D <3
დედამისისგან მიკვირს,ასეთი უგრძნობი როგორაა :/
როგორ მაინტერესებს რა მოხდება.
კეთილი მგზავრობა,წარმატებები <3

 


№2  offline წევრი nini namicheishvili

აუ ძალიან კარგია.ძალიან მომწონს.მგონი ის უცნობია მატათაა ,არა ? იმედია ის არის. love

 


№3  offline მოდერი bibo

ვაიმე ვაფრენ მე შენზე ჩემი ტკბილი თბიილიიიი love love მოსიარულე სიყვარული და სიხარული ხარ სოპუნებიიიი love love ჩემი ალუჩიის კურკა და ატმის ბუსუსი აჯაპსანდალო მარწყვო და ალუბალო ვგიჟდები მე შენზეე ტკბილოოოოოო love love ვერ ვახეხებ კომის წერას და არ გეგონოს არ მახსოვბვხარ ან არ ვკიტხულობ მურბავვვვ love love ჩემი ქიშმიში დაგაყარე ლავები და კისებბბიიიიიი love

 


№4  offline მოდერი tsn

შესანიშნავი ხარ.. უზომოდ საინტერესო ისტორიაა.. ძალიან კარგად წერ ♥♥

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent