პროცესი (თავი 1)
„მისი ბავშვობიდან მეშინოდა... ყოველთვის უსიამოვნო გრძნობას იწვევდა. ვერასდროს ვხსნიდი რა იყო ეს, თუმცა მისი დანახვისას ერთი სურვილი მიჩნდებოდა - რაც შეიძლება შორს გავქცეულიყავი მისგან. ჩემზე ხუთი წლით იყო უფროსი... ან რა საერთო უნდა მქონოდა მასთან? არც არაფერი. აბსოლუტურად განსხვავებული გარემო გვქონდა, განსხვავებული შეხედულებები, განსხვავებული ცხოვრების წესი და რადიკალურად განსხვავებული აზროვნება. რომ არა ჩემი ძმა ალბათ მისი სახელის და გვარის გარდა, არაფერი მეცოდინებოდა მასზე. დიდად ვერც იმას ვხვდებოდი რა საერთო უნდა ჰქონოდა საბას მასთან. წარბგაუხსნელი, რაღაცნაირი უსიამოვნო ტიპი იყო. კარგიც არაფერი მსმენოდა მასზე. ბავშვთა სახლიდან ახალი დაბრუნებული იყო. მარტო ცხოვრობდა, არც მომკითხავი ყავდა ვინმე და არც ჭკუის დამრიგებელი. ამიტომ ძირითადად დროს გარეთ ატარებდა და თანატოლების ტერორით ირთობდა თავს. არსად მუშაოდა, მაგრამ ფული ყოველთვის ჰქონდა. აღნაგობით საკმაოდ ძლიერი იყო, მაღალი მხრებგანიერი, ზამთარ-ზაფხულ გარუჯული. არასდროს იცინოდა, ყოველ შემთხვევაში მე არასდროს მინახავს. მთელმა უბანმა იცოდა ვინ იყო დათა აბაშიძე. ჩვენი ნაცნობობა მას შემდეგ დაიწყო, რაც ბათუმში გადმოვედით საცხოვრებლად მე და ჩემი ძმა. დედას სიკვდილის მერე ბებიამ რომ წამოგვიყვანა ბათუმში, საბა 16 წლის იყო, მე ცამეტის. მეძნელებოდა შეგუება ახალ გარემოსთან. ზაფხულობით კი ხშირად ვსტუმროდით ხოლმე აქაურობას, მაგრამ შემოდგომის და მითუმეტეს ზამთრის ბათუმი მეუცხოებოდა. ვერც აქაურ ბავშვებს ვეგუებოდი. ვერ ვიტყვი რომ თვითონ ისინი მექცეოდნენ ცუდად. პირიქით, ცდილოდნენ სიტყვები მოეზომათ, რამე ისეთი არ ეთქვათ, რაც გულს მატკენდა. ერთი სიტყვით მე მათთვის ობოლი ვიყავი, რომელიც უნდა შეცოდებოდათ. სწორედ ეს მთრგუნავდა და თავს შორს ვიჭერდი მათგან. სკოლიდან ხშირად ვიპარებოდი და სანაპიროზე, ერთ ამოჩემებულ ადგილას მივდიოდი, ჩანთაზე ვჯდებოდი და ზღვას გავყურებდი დაუსრულებლად. ტალღებს ვითვლიდი და სურვილებს ვიფიქრებდი... „მეცხრე ტალღა თუ დიდი იქნება თბილისში დავბრუნდები...“ „თუ გავძლებ ოცდამეშვიდე ტალღამდე და თვალს არ დავახამხამებ... გამეღვიძება და... ეს ყველაფერი სიზმარი იქნება... ცუდი სიზმარი, რომელიც გაღვიძებისთანავე სრულდება.“ ოცდამეექვსეზე თვითონ ვახამხამებდი თვალს, რომ მთელი ამ თამაშის ხიბლი არ დამეკარგა. იმასაც ვხვდებოდი რომ ეს ყველაფერი ზედმეტად რელური იყო და ადრე თუ გვიან მომიწევდა ამასთან შეგუება. უბრალოდ დრო მჭირდებოდა... დრო კი თვზესაყრელად მქონდა. საბას ჩემსავით არ გაჭირვებია. არა, დედას სიკვდილი მანაც ძალიან განიცადა, მაგრამ აქაურობასთან შეგუება ბევრად გაუადვილდა. თანატოლებსაც ადვილად გაუგო და უმეტეს დროს მათთან ატარებდა. არ მომწონდა როცა საბას დათას კომპანიაში ვხედავდი. რამდენჯერმე ვუთხარი კიდეც, მაგრამ გამიცინებდა და მეტყოდა: - ნეტა, შენ რა გესმის, კატო, ამ ცხოვრების? - თავზე მაკოცებდა და ისევ მასთან მიდიოდა. რამდენჯერმე დათას პირისპირაც შევხვდი. სანაპიროზე ვსეირნობდი თავჩახრილი და მოულოდნელად მთელი ტანით შევასკდი. ხელი შემაშველა რომ არ წავქცეულიყავი. შიშით უკან გავხტი და ხელები გავაშვებინე. წარბშეუხრელად მიყურებდა. რამდენიმე წამი გაშტერებული ვუყურებდი მეც, არც თვითონ ამოუღია ხმა. ბოლოს ისევ მე შევბრუნდი და ჩქარი ნაბიჯით გავეცალე. ვხვდებოდი რომ თვითონ ისევ არ განძრეულა ადგილიდან. კიდევ დიდხანს ვგრძნობდი მის მზერას ზურგზე. სიტყვაუხვობით ზოგადად არ გამოირჩეოდა. მე კი საერთოდ არ მცემდა ხმას, მხოლოდ მიყურებდა. ეს კიდევ უფრო მთრგუნავდა. დიდი ხანი არც კი გამეგო მისი ხმა. ერთხელ, მაშინ რამდენიმე კვირის ჩამოსულები ვიყავით ბათუმში თუმცა მასზე უკვე გამეგო და ვიცოდი ვინც იყო დათა აბაშიძე, სკოლის კარებთან შეშფოთებული სახით ნათია მომვარდა და საბა ჩხუბობსო - მომახალა. ნათია ჩამოსვლის დღიდან ეპრანჭებოდა ჩემ ძმას და მის სახეს რომ შევხედე, მივხვდი კარგი დღე მართლა არ ადგა საბას. მაშინვე თავქუდმოგლეჯილი გავიქეცი სანაპიროსკენ. შეკრებილი ბიჭების წრე გავარღვიე და დავინახე თავპირდასისხლიანებული საბა, რომელიც მიწაზე ეგდო, ზედ თავისზე ორი თავით მაღალი ბიჭი შემოჯდომოდა და უმოწყალოდ ურტყამდა. ის ახმახი აშკარად საბაზე ძლიერიც იყო და უფროსიც. მაშინვე საბას მივვარდი და მართლა არ მახსოვს, როგორ ავათრიე მასზე გადამჯდარი ახმახი. საბამ თვალები გაახილა და მაშინვე დახუჭა. თვალები ცრემლებით ამევსო და იქვე შეკრებილებს შევძახე. - სულ გადაირიეთ... ხალხი ხართ თქვენ? - თვალი მოვავლე მათ და უნებურად შევამჩნიე წრიდან ერთი ნაბიჯით გამოყოფილი დათა. მივხვდი ვისი მოწყობილიც იყო მთელი ეს გლადიატორების ბრძოლა. - ცხოველი ხარ. - მთელი ღვარძლი ამოვანთხიე. - სიამოვნებას ღებულობ სხვისი სისხლის ნთხევით? - წამოვდექი, მისკენ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და მე თვითონაც ვერ გავიაზრე როგორ მოვიქნიე ხელი და როგორ გავარტყი მარცხებნა ლოყაში. თავი ოდნავ გვერდზე გადახარა. -კატო... - ზურგსუკან საბას ხმა გავიგე. მივბრუნდი და დავინახე უკვე წამომჯდარი ფეხზე ადგომას ცდილოდა. მისკენ წავედი და წამოდგომაში მივეხმარე. მხარზე ჩამომეყრდნო და ნელი ნაბიჯით დავტოვეთ იქაურობა. მიუხედავად ხალხის სიმრავლისა სანაპიროზე მაინც სამარისებული სიჩუმე ჩამოწოლილიყო. ვგრძნობდი რომ განძრევასაც ვერავინ ბედავდა. დათასთვის ჩემი სილის მერე აღარც შემიხედავს, მაგრამ ვგრძნობდი რომ თვითონ თვალს არ გვაცილებდა სანამ თვალს არ მივეფარეთ. ზღვასთან ახლოს ჩამოვჯექით. მუჭით წყალი შეისხა საბამ სახეზე. - როგორ გაბედე... - არ დაასრულა საბამ და თვალი ამარიდა. - რა გავბედე? - რისხვით შევხედე. - იცი ვინ არის? - ერთი საცოდავი კაცუნა... აი ვინ არის ეგ შენი დათა. - ეეჰ, კატო, ბევრი რამ არ გესმის შენ. - შეიძლება, მაგრამ აი მასეთი კაცობის გაგება არც მინდა. - ცრემლი მომერია მე. - სულელი ხარ. - გაღიმება სცადა და მხარზე ხელი მომხვია. -მირჩევნია სულელი ვიყო, ვიდრე... - ვეღარ დავასრულე და გავჩუმდი, სატირლად მობრეცილი ტუჩები რომ დამემორჩილებინა. საღამოს ბებიაჩემმა მთელი უბნის გასაგონად შეიცხადა საბას დანაყული სიფათი. **** მეორე დღეს სკოლიდან გამოვედი თუ არა მთელი სისწრაფით მომავალმა მანქანამ პირდაპირ ფეხებთან დამიმუხრუჭა, ვერც კი მივხვდი როგორ ჩამავლეს ხელი და როგორ დამსვეს თვალისდახამხამებაში მანქანის უკანა სავარძელზე. ძლივს მოვასწარი მომხდარის გააზრება, რომ უკვე დიდი სისწრაფით მივქროდით სანაპიროს გასწვრივ. შეშინებაც ვერ მოვასწარი. ჩვენი უბნის ბიჭები ვიცანი. საჭესთან ის ახმახი იჯდა, რომელიც წინა დღეს ასე უმოწყალოდ გაუსწორდა საბას. იმასაც მივხვდი სად მივყავდი. ჩემდა გასაკვირად საკმაოდ მშვიდად ვიყავი. ხმაც არ ამომიღია, ისიც კი არ მიკითხავს რა უნდოდათ ჩემგან. მანქანა გაჩერდა და ხელი მომკიდეს ისე გადმომიყვანეს, თუმცა ალბათ რომ გაეშვათ ხელი მაინც არსად წამსვლელი არ ვიყავი. ვხვდებოდი რამდენად უღირსი საქციელი იქნებოდა გოგოსთან გასწორება და ამით უფრო დიდ სიამოვნებას ვიღებდი, მინდოდა თავიანთ „კოდექსშივე“ კიდევ უფრო დამემცირებინა ყვილისშემძლე დათა აბაშიძე. სანაპიროზე იდგა და ზღავს გაჰყურებდა. ჩვენი მიახლოება რომ იგრძნო მოტრიალდა და მზერა ჩემზე შეაჩერა. უტიფრად გავუსწორე თვალი და სახიდან ირონიული ღიმილი არ მომიშორებია. ასე საკუთარ უპირატესობას ვუმტკიცებდი. დიახ, მე ვიყავი ის ადამიანი, ვინც გუშინ ალიყური აჭამა და მთელი მისი საძმოს წინაშე წარმოუდგენელი შეურაცხყოფა მიაყენა. - აქ რა ხდება? - ჩემთვის თვალი არ მოუშორებია ისე მიმართა თავის დამქაშებს. მაშინ პირველად გავიგე დათას ხმა. - გუშინდელის მერე ჭკუის სწავლება არ აწყენდა... - ახმახის ხმას აშკარად რიხი დაჰკარგვოდა. თვითონაც მიხვდა რომ აღფრთოანებული არ იყო დათა ასეთი სიურპრიზით. რამდენიმე ნაბიჯი გადადგა დათამ ახმახისკენ და მოულოდნელად ყელში წვდა. მთელი ძალით მოუჭირა. ახმახი ერთიანად გაწითლდა და ახრიალდა. კინაღამ გული გადამიტრიალდა. ისეთი მრისხანებით უყურებდა, ეჭვიც არ შემპარვია რომ მოკლავდა. - რას აკეთებ... - მხოლოდ ამის დაყვირებაღა მოვახერხე და მისკენ რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი. მსხვერპლს ხელი გაუშვა და ისევ ჩემკენ შემობრუნდა. კბილი კბილზე ძალით დაეჭირა და ვხვდებოდი რომ თავს ძლივს იკავებდა. აი ზუსტად ასეთ მომენტებში მეშინოდა მისი. 18 წლის ბიჭი, რაღაც არაამქვეყნიურად სასტიკი მზერით იყურებოდა. მაშინაც შემეშინდა და ადგილიდან განძრევას ვერ ვბედავდი. თვითონ მომიახლოვდა, თითქოს ხელის მოკიდება უნდოდაო, მაგრამ მერე გადაიფიქრა. - წამოდი. - მითხრა და თვალით მანიშნა გავყოლოდი. ფეხათრევით გავყევი უკან. იმ მანქანის საჭეს მიუჯდა, რომლითაც მე მომიყვანეს. მძღოლის გვერდით კარი გამიღო და მეც გაუცნობიერებლად მივუჯექი გვერდით. თვალი ახმახისკენ გავაპარე. ოთხზე დამდგარი ახველებდა და სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა. - ღვედი შეიკარი. - არც კი შემოუხედავს ისე მითხრა. - ჯარიმის გეშინია? - შევეცადე საკუთარი ირონია დამებრუნებინა. - სახიფათოდ ვატარებ. - ისე მითხრა რომ უნებურად შევასრულე მისი ბრძანება. როგორც კი დაძრა მანქანა მაშინვე მივხვდი რას გულისხმობდა. მანქანა ერთიანად მოწყვიტა ადგილს და არანორმალური სიჩქარით გაფრინდა წინ. საბურავებმა კენჭები აქეთ-იქით გაყარა და საშინელი ბუღი დააყენა. არანორმალურად შემეშინდა, მაგრამ ვცდილობდი არ შემმჩნეოდა. ისევ მაგარი გოგოს თამაშს განვაგრძობდი. მთელ სანაპიროს შემოუარა და ბოლოს სახლთან გამიჩერა. ღვედი შევიხსენი და გადასვლა დავაპირე. - ეკატერინე! - უნებურად შემაკრთო ჩემი სახელის ამ ფორმამ. ასე არავინ მეძახდა. შევჩერდი და მოვხედე. რამდენიმე წამი ჩუმად მიყურა. - ღამე მშვიდობის. - მითხრა ბოლოს და მზერა ამარიდა. არაფერი მითქვამს, ჩუმად ჩამოვედი მანქანიდან და სახლში შევედი. მას მერე ასე ახლოს აღარ მინახავს. თითქმის ორი წელი ისე ვცხოვრობდი ბათუმში რომ ერთმანეთისთვის გამარჯობაც არ გვითქვამს. საბა ისევ მისი დამქაშების სიაში ირიცხებოდა. უმეტეს დროს მათთან ატარებდა. არ მესმოდა საკუთარი ძმის, მაგრამ იმასაც ვხვდებოდი, რომ გაპროტესტებას აზრი არ ჰქონდა და ამ თემაზე არასდროს ველაპარაკებოდი. ახლადშეძენილი მეგობრებიც ხშირად მოჰყავდა სახლში, მაგრამ „ის“ არასდროს გვსტუმრებია. სამაგიეროდ გარეთ სულ მის „ხროვაში“ ერია. შინაგანი პროტესტი მქონდა ამ ყველაფრის მიმართ, თუმცა ცამეტი წლის გოგოს სამი წლით უფროს ძმაზე რა გავლენა შეიძლება მქონოდა? ბებიის ჩარევა არ მინდოდა. ისედაც ბოლო დროს ბევრი გადაიტანა ქალმა და ჯანმრთელობაც საკმაოდ შერყეული ჰქონდა. ვეღარ ავუშლიდი ნერვებს საბას წინდაუხედავი საქციელის გამო. მითუმეტეს დარწმუნებული ვიყავი, რომ ბებოც ვერაფერს გააწყობდა. ახლა რომ ვუფიქრდები ასაკი ჰქონდა მაშინ საბას ასეთი. მას მერე ბევრჯერ მიფიქრია იმ პერიოდზე. ვაანალიზებდი, საკუთარ თავს ვეკითხებოდი - შემეძლო თუ არა რამის შეცვლა. განსაკუთრებით მაშინ ვფიქრობდი ამაზე, როცა სასოწრკვეთამდე მისული ჩემი ყველა უბედურების სათავედ მხოლოდ ერთ ადამიანს მივიჩნევდი. ბოლოს იმ დასკვნამდე მივდიოდი, რომ ალბათ შემეძლო ყველაფრის შეცვლა, თუმცა იმაში აღარ ვარ დარწმუნებული სასიკეთო იქნებოდა თუ არა ეს ცვლილებები... ყველაფერი მოხდა ისე, როგორც ალბათ უნდა მომხდარიყო და მეც ახლა, ამდენი წლის მერე ყველაფერს ისე გიყვებით, როგორც თავიდანვე იყო დაწერილი. იმ ორი წლის მანძილზე მე ისევ მარტო, უმეგობროდ ვცდილობდი მეარსება, ისევ არავის ვუშვებდი ახლოს. უნდა ვაღიარო ჩემი ეს ჩაკეტილობა გარშემომყოფების ცნობისმოყვარებას უფრო აღრმავედა. ქუჩაში ჩავლილი უცნაურ მზერასაც ვგრძნობდი და გადაჩურჩულებაც მესმოდა. ჩვეულებრივი რუტინული ცხოვრებით ვცხოვრობდი. ერთი გამორჩეული დღეც არ მახსენდება იმ საშინელი დღის გარდა... რომ შემძლებოდა იმ დღესაც ამოვშლიდი მეხსიერებიდან, მაგრამ ვერ შევძელი. ზედმიწევნით ცხადად მახსოვს ყველაფერი. მაშინ 15 წლის ვიყავი... 15 წლისამ გავაცნობიერე, რომ სრულიად მარტო დავრჩით მე და საბა... ახლა ბებიაც აღარ გვყავდა. 15 წლისამ უფრო ნათლად ვიგრძენი რამდენად უსუსური ვიყავი მთელ სამყაროში. იმ დღეებიდან ბევრი ადამიანი მახსოვს... გულისგამაწვრილებელი გოდება და უსაშველოდ მძიმე სამძიმრები. დათაც მახსოვს... სულ იქ იყო, მაგრამ ერთხელაც არ გამიგია მისი ხმა. მხოლოდ ერთხელ, დაკრძალვის დღეს წამომდგარს უცბად თავბრუ რომ დამეხვა, ვიგრძენი როგორ შემაშველა ხელი და როგორ გამიყვანა ოთახიდან უხმოდ, როგორ დამაწვინა მეორე ოთახში საწოლზე და ჩემ ირგვლივ შემოხვეულ ხალხში დაიკარგა. მას მერე ბათუმში აღარც შევხვედრივარ. თითქოს ისიც გავიგე, რომ საერთოდ გაემგზავრა ქვეყნიდან. მაშინ მასზე ფიქრის თავი არ მქონდა. არც ვფიქრობდი... საერთოდ აღარფერზე ვფიქრობდი... მარტო დავრჩით... სულ მარტო... ბავშვთა სახლისგან იმან გვიხსნა, რომ საბა უკვე 18 წლის იყო და ჩემზე მეურვეობაც მოითხოვა. სიკვდილზე მეტად მაშინებდა ბავშვთა სახლი. ვიცოდი, რომ დათა იყო იქიდან და ყველა იქაური ბავშვი მასავით ცივსისხლიანი და ავაზაკი მეგონა. ახლა უკვე დასანახად ვეღარ ვიტანდი ბათუმს. სულს მიხუთავდა იქაურობა. თითქმის დაჩოქილი ვევედრებოდი ძმას, რომ წავსულიყავით აქედან. თბილისში დაბრუნება მინდოდა. საბა დამთანხმდა. თბილისში სახლი გვქონდა, რომელიც ბებიას გაქირავებული ჰქონდა. მდგმურებსაც დაელაპარაკა საბა და ჩვენი წასვლაც გადაწყდა. ახლა ბათუმის სახლისთვის ვეძებდით მდგმურებს. რამდენიმე დღეში მოვაგვარეთ ყველაფერი და გავემგზავრეთ. იმისთვის რომ საბასთვის ჩემი მეურვეობა დაეკანონებინათ მუშაობა უნდა დაეწყო. დასაწყისისთვის ბათუმის სახლის ქირით გაგვქონდა თავი, მაგრამ ეს საკმარისი არ იყო. ხარჯი გაცილებით მეტი გვქონდა ვიდრე შემოსავალი. მაგრამ ერთ დღესაც საბამ „მეგობრის“ რეკომენდაციით ერთ-ერთ სამორინეში დაიწყო მუშობა. არასდროს დავინტერესებულვარ საბას კეთილისმსურველის ვინაობით. ჩემთვის მთავარი იყო რომ მუშაობდა და მე მშვიდად შემეძლო სწავლის გაგრძელება. ნელ-ნელა ისევ ჩვეულ კალაპოტს უბრუნდებოდა ყველაფერი. სკოლა დავამთავრე და სწავლა უნივერსიტეტში გავაგრძელე. ყველაფერი უცვლელი იყო საბას გარდა. საბა იცვლებოდა ნელ-ნელა... ამას ცოტა გვიან მივხვდი, მაშინ როცა ალბათ გამოსწორება თითქმის შეუძლებელი იყო... მაშინ როცა ნელ-ნელა სახლში მევალეებმა დაიწყეს სიარული. მაშინ როცა გავიგე რომ ბათუმის სახლი უკვე დიდი ხნის გაყიდული იყო. საბასთან დალაპარაკება ვცადე. - შენ არ ინერვიულო კატუს. - ღიმილით სცადა ჩემი დამშვიდება. - ხომ იცი რა ძმა გყავს?! ყველაფერს მოვაგვარებ. - თავზე მაკოცა და კარი გაიხურა. მაშინ ჯერ კიდევ მჯეროდა რომ ყველაფრის მოგვარებას შეძლებდა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ საბას გამოსწორება უკვე ძალიან რთული იქნებოდა. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი რომ საბა თამაშობდა და უკვე იმაზე მეტი ჰქონდა წაგებული, ვიდრე მთელი დარჩენილი ცხოვრების განმავლობაში შეეძლო გამოემუშავებინა. ამ ყველაფერს მაშინ მივხვდი, როცა ერთხელ სახლში საშინელი ნაცემი დაბრუნდა და კინაღამ გადაირია სასწრაფოს გამოძახება რომ გადავწყვიტე. - საბა... - ტირილი ამივარდა და ტელეფონი გავთიშე. - რა ხდება ამიხსენი გთხოვ. - კატუს, ტირილს თუ არ შეწყვეტ, გეფიცები ჩემი ხელით მოვიკლავ თავს. - დივანთან დახრილს თავზე ხელი გადამისვა და შეეცადა გაეღიმა, თუმცა ტკივილმა სახე დაუმანჭა და ხველა აუტყდა. - საბა... - წყენით შევხედე და სადეზინფექციო საშუალების და ბამბის მოსატანად ავდექი. მიუხედავად ბევრი თხოვნისა, თითქმის ვევედრებოდი კიდეც, მაგრამ საბას სიტყვაც ვერ დავაცდენინე. მაშინ უკვე 21 წლის ვიყავი. უნივერსიტეტი ახალი დამთავრებული მქონდა და სამსახურს ვეძებდი. ერთ-ერთ მაღაზიაში ვნახე ვაკანსია და გასაუბრების მერე დავიწყე კიდეც მუშაობა კონსულტანტად. საბა დიდად არ აღფრთოვანებულა ჩემი სამსახურით. ჯერ კიდევ ფიქრობდა რომ ბავშვი ვიყავი და ჩემზე ზრუნვა მისი მოვალეობა იყო. - კატუს, ხომ იცი რომ ჩემი იმედი ყოველთვის უნდა გქონდეს? რა საჭირო იყო შენი მუშაობა? რამე შესაფერისი მაინც გეპოვა. ამხელა ეკონომისტის დიპლომი გიდევს სახლში. - საბუ, ჩემზე არ იდარდო, არ გავცვდები - ხმაურით ვაკოცე ლოყაზე. - შენ, გეხვეწები, შენ ვალებს მიხედე, დანარჩენზე არ იდარდო. სახე შეეცვალა. მივხვდი, რომ ემძიმებოდა ამაზე საუბარი.უნდოდა ჩემ თვალში ყოველთვის ავტორიტეტად დარჩენილიყო. ჩემზე მზრუნველობას იყო შეჩვეული. იყო კიდეც ავტორიტეტი. მიუხედავად ყველაფრისა ჩემი ყველაზე დიდი იმედი იყო. ჩემთვის ის არასდროს შეცვლილა. ისევ ის საბა იყო, ჯერ კიდევ დედას სიცოცხლეში, საბავშვო ბაღში რომ მაკითხავდა და ფეხსაცმლის თასმების შეკვრაში მეხმარებოდა. იმის იმედიც არასდროს დამიკარგავს, რომ ყველაფრის გამოსწორებას შეძლებდა. მანამ მჯეროდა კეთილი დასასრულის, სანამ ერთ დღეს შემთხვევით მასთან სამსახურში მისულმა სამორინის შესასვლელში დათა აბაშიძესთან ერთად არ დავინახე. ჯერ კიდევ ქუჩის მეორე მხრიდან დავინახე რაღაცაზე გაცხარებული კამათობდნენ. ერთ ადგილს მივეყინე. თვალწინ გამირბინა უსიამოვნო მოგონებებმა და მივხვდი, რომ საბას ყველა უბედურების სათავე ეს ადამიანი იყო. მეგონა დათა აბაშიძეს აღარასოდეს შევხვდებოდი, იმედი მქონდა მის სახელსაც კი აღარასოდეს გავიგებდი. მეგონა, რომ მასზე ყველა მოგონება ბათუმში დავტოვე. მაგრამ შევცდი, სულ რამდენიმე მეტრის მოშორებით იდგა და ვგრძნობდი როგორ მივლიდა სხეულში საშინელი სიცივე. ჯერ კიდევ საშინლად მეშინოდა მისი. შეშინებული ვუყურებდი როგორ კამათობდნენ. დავინახე როგორ ჩაავლო ხელი დათამ ჩემ ძმას საყელოში და როგორ შეანჯღრია. სიტყვები არ მესმოდა, მაგრამ ვხედავდი როგორი გააფთრებით უყურებდა დათა. ვერც კი მივხვდი როგორ გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და როგორ აღმოვჩნდი თითქმის შუა ქუჩაში. გონზე მანქანების გაბმულმა საყვირმა მომიყვანა და დავინახე როგორ შეასრულა მანევრი შავი ფერის მერსედესმა და ჩემგან რამდენიმე სანტიმეტრში ძლივს მოახერხა დამუხრუჭება. მთელი ქუჩის ყურადღება მივიქციე. მოიხედეს საბამ და დათამაც. თვალი არ მომიშორებია მათთვის და გარკვევით დავინახე, როგორ შეეცვალა სახე დათას. საბა მაშინვე ჩემკენ გამოიქცა, ხელი მომხვია და ისევ ტროტუარზე დამარუნა. - საბა... - გულამოვარდნილი ვეკითხებოდი და თვალს არ ვაშორებდი ქუჩის მეორე მხარეს ერთ ადგილზე მიყინულ დათას. - იმას რა უნდა? რაზე ლაპარაკობდით? მაგის ვალი გაქვს? საბა... - ტირილამდე ცოტა მაკლდა. -კატო, დაწყნარდი, გთხოვ. - გულში მიკრავდა და ყველანაირად ცდილობდა დავემშვიდებინე. აკანკალებულ ხელებზე მკოცნიდა. - სახლში წავიდეთ კატუს. - მომავალ ტაქსის ხელი დაუქნია და უკანა სავარძელზე დამსვა, თვითონაც გვერდით მომიჯდა და ხელები მომხვია. იმ დღიდან მოსვენება დავკარგე. ისევ ბათუმში დავბრუნდი მოგონებებით. დათა აბაშიძე ჩემთვის ის ადამიანი იყო, რომლის მხოლოდ სახელის ხსენებაზეც ტანში უსიამოვნო ჟრუანტელი მივლიდა. რომელსაც საბას ყველა უბედურების სათავედ ვთვლიდი. სიკვდილზე მეტად მაშინებდა იმის გააზრება რომ საბას ან მისი ვალი შეიძლება ჰქონოდა, ან რაიმე სახის ურთიერთობა. რატომ დაბრუნდა ჩვენ ცხოვრებაში? რატომ დაბრუნდა საერთოდ საქართველოში? ან თბილისში რა ჯანდაბას აკეთებდა? საბას ამ თემაზე ვეღარ ველაპარაკებოდი, უფრო სწორად თვითონ არ მელაპარაკებოდა. ერთადერთი ის მითხრა - სულაც არაა საქმე ისე როგორც შენ გგონიაო. - აბა როგორაა საბა? - უკვე ტირილამდე ვიყავი მისული. - გეხვეწები მომიყევი... - რაც ნაკლები იცი უფრო უკეთესია. - თავზე მაკოცა, - ჩემ საქმეს კი მე თვითონ მოვუვლი. - მაშინ წავალ და იმას დაველაპარაკები. მივალ და ვთხოვ ცოტა დაგვაცადოს... - არ გაბედო! - მთელი ხმით დამიღრიალა. შევკრთი. საბამ პირველად დამიყვირა. - არასდროს, კატო გესმის, არასდროს არ თხოვო იმას არაფერი. - უკვე აღარ ყვიროდა, სევდიანი თვალებით მიყურებდა. - დამპირდი რომ არასდროს არ გააკეთებ ისეთ რამეს რაც შენ არ გენდომება. კატუს, არავის წინაშე არ ჩათვალო თავი ვალდებულად... ჩემ წინაშეც კი. შენ ყოველთვის შეგიძლია ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყო. იმიტომ რომ არც არასდროს გაგისვრია შენი ცხოვრება. არავის წინაშე არ ხარ ვალდებული და ასე უნდა იყოს ყოველთვის. - საბა მაშინებ. -მპირდები? - გვერდით მომიჯდა. - გეხვეწები დამპირდი რაა... - საბუ... - თვალები ამიცრემლიანდა. - ეეჰ, კატუსი... როგორი იდეალური გოგო ხარ და რაღა ჩემნაირი ძმა გერგო? მისმა სიტყვებმა გამაბრაზა და თავში გამეტებით წამოვარტყი ხელი. - უჰ რა მწარე ხელი გაქვს. - კეფა დაიზილა და ლოყაზე მიკბინა. - არასდროს გათხოვდე, თორემ უკვე მეცოდებიან ჩემი დისშვილები. - ჩემი შვილები შენსავით თავგასულები არ იქნებიან და შესაბამისად არც არასდროს დაისჯებიან. - წარმომიდგენია როგორი დისციპლინით აღზრდი... - ხმამაღლა გადაიხარხარა საბამ. - ალბათ მოწიწებით მოგმართავენ: დედაჩემო, უპრიანი იქნებოდა ცხვირი მოგეხოცა ჩემთვის. - ხმა დაიწვრილა საბამ და სიცილისგან კინაღამ დივანიდან გადავარდა. აი, ასეთი დამამხსოვრდა საბა... ჩემთვის ის ყოველთვის ასეთი იყო... მხიარული და უზომოდ მოსიყვარულე. დილით მისი წასვლა არ გამიგია. ამასაც დიდი ხანი ვერ ვპატიობდი თავს... იმიტომ რომ მისი მომღიმარი სახის ნახვის ბოლო შანსი გავუშვი ხელიდან. არანაირი წინათგრძნობა არ მქონია. ჩვეულებრივი დღე იყო. დილით სამსახურში წავედი და მთელი დილა გადასარევ ხასიათზე ვიყავი... მანამ სანამ ჩემ ტელეფონზე ზარი არ გაისმა: - ეკატერინე ხელაძე ბრძანდებით? - ცოტა დამძაბა ოფიციალურმა ხმამ. - დიახ... - საპატრულო პოლიციის ოფიცერი ვაჟა ჩოხელი გესაუბრებათ... მეტი თითქმის არაფერი გამიგია. საავადმყოფოს უზარმაზარი დერეფანი მახსოვს და მხოლოდ საკუთარი ხმა ჩამესმოდა - ღმერთო, ოღონდ გადარჩეს... „ქალბატონო ეკატერინე, ვერ შეგიშვებთ, არ შეიძლება.“ - რამდენიმე ხელი ერთად მაკავებდა. მხოლოდ ხელებს ვხედვდი, ადამიანები საერთოდ არ მახსოვს. „ძალიან მძიმედაა, საკმაოდ მაღალი სართულიდან გადმოვარდა...“ „ქალა-ტვინის ტრავმა აქვს...“ „გონზე კიდევ დიდხანს ვერ მოვა...“ „ხომ არ იცით რა მიზეზით შეიძლება ყოფილიყო იმ კორპუსის სახურავზე?“ „ადრეც ხომ არ ყოფილა იქ?“ „ქალბატონო ეკატერინე, გთხოვთ გაიხსენოთ მტრები ხომ არ ჰყავდა თქვენ ძმას?“ „ალკოჰოლს თუ ეტანებოდა?“ „ალბათ საქმეს უბედური შემთხვევის კვალიფიკციას მივანიჭებთ... თქვენ თუ მეტი არაფერ გაქვთ დასამატებელი?“ „აფსუს... რა ბიჭია? საწყალი. მეეჭვება სრულფასოვნად ცხოვრება გააგრძელოს. ასეთი ტრავმები... რა ვიცი...“ „საცოდავი გოგო, სულ მარტოა... არც მშობლები ჰყავთ თურმე...“ იმ დღეებიდან მხოლოდ ცალკეული ფრაზები დამამახსოვრდა. მხოლოდ ისინი, რომლებზეც პასუხის გაცემა მინდოდა, მაგრამ თავი არ მქონდა. საერთოდ არ გამოვსულვარ საავადმყოფოდან. სახლში დაბრუნების მეშინოდა. საბას გარეშე დაბრუნების მეშინოდა. - შვილო... წადი დაისვენე - თანაგრძნობით მეუბნებოდა ხანშიშესული სანიტარი. - თუ რამე შიცვალა დაგირეკავ. ცოდო ხარ... - არ მინდა ლილი დეიდა, ასე უფრო მშვიდად ვარ. რამდენიმე დღის მერე, როცა პირველმა შოკმა გადაიარა და უფრო რაციონალურად დავიწყე ფიქრი, ბევრად დიდი პრობლემების წინაშე დავდექი. უმთავრესი პრობლემა ფინანსები იყო. საბას საკმაოდ ძვირიანი მკურნალობის კურსი ჭირდებოდა. სასოწარკვეთამდე მივდიოდი. პირველი რაც მომაფიქრდა სახლის გაყიდვა იყო. სასოწარკვეთა მაშინ უნდა გენახათ, როცა საჯარო რეესტრიიდან საკუთრების ამონაწერი გამოვითხოვე... თბილისის ბინაც უკვე რამდენიმე თვე იყო ჩვენ აღარ გვეკუთვნოდა, ბანკის საკუთრება იყო. გაოგნებულმა აღარ ვიცოდი რა მექნა. ფიქრისგან თავი მისკდებოდა. გადავწყვიტე ბანკიდან ამეღო სესხი, მაგრამ ჩემი ხელფასით იმდენად მიზერული თანხის გამოტანა შემეძლო, რომ არც კი ღირდა. ნერვიულობისგან საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი. ---------------------------- დავბრუნდი ახალი ისტორიით, თავისით შემომეწერინა დასვენებისას. როგორც ყოველთვის პატარა, დაახლოებით ოთხნაწილიანი ისტორია იქნება. არადა მომნატრებიხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.