დრო (თავი I)
გაბრაზებული ვზივარ ლუდის ქილით ხელში და თავს ვიქნევ... თითქოს ასე ვცდილობ აზრები, მოგონებები მოვიშორო თავიდან... ვერ ვახერხებ.... საკმარისზე მეტად ვარ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ, რომ წინააღმდეგობა გავუწიო.... დიდი ყლუპი მოვსვი, მუსიკას ბოლომდე ავუწიე და თავით გადავეშვი მოგონებებში: მთელი დღე ვემზადებოდი მასთან შესახვედრად, მთელი დღე! ათასობით მიზეზი: ობიექტი, კაბელი, გადამცემი, თათბირი, საცობი..... გაცოფებული ვიჯექი და ტყუილს ტყუილზე ვეუბნებოდი დედაჩემს, რომელიც საეჭვოდ მიყურებდა გამოპრანჭულს, მე ხომ 2–3 საათით ადრე დავუანონსე სახლიდან წასვლა... მობრძანდა, როგორც იქნა... არც მივესალმე წესიერად, გვერდი ავუქციე და გავაგრძელე სიარული. –კარგი რა პატარა რაა–გამომეკიდა ღიმილით... –მწყურია მაღაზიაში გამომყევი რაა–მთხოვა. –კარგი–ვუთხარი მკაცრი ტონით. შენ დალევ რამეს?–დამისვა ტრადიციული კითხვა. ვიცოდი უარი რომ მეთქვა მაინც იყიდიდა იმას ჩემთვისაც, რასაც თავისთვის, სხვანაირად არ შეეძლო... –ლუდს!–თვითონაც არ ვიცი, რატომ ვუთხარი და რის გაპროტესტებას ვცდილობდი ამით. –მართლა??–გაუხარდა, ალბათ თვითონაც უნდოდა. წავედით ჩვენს საყვარელ ადგილას ლუდით და ჩიფსებით ხელში, გონებაში საკუთარ თავს ვლანძღავდი, რამ გაგამწარა შე იდიოტო, ცხოვრებაში არ დაგილევია ლუდი, მის სუნსაც კი ვერ იტან, რისთვის აყიდინე, ვის ეჯიბრები ერთი... ქილა გამიხსნა, მომაწოდა და მითხრა: ერთიანად მოსვი დიდი ყლუპი, არ მოწრუპოო... სხვა გზა მაინც არ მქონდა, დავუჯერე, წინასწარ დავიჯღანე და ლუდი გამოვართვი.... სასიამოვნო სითხე ჩამეღვარა ყელში და მშვენიერი გემოც დამიტოვა... გავოცდი, თურმე აქამდე სად ვიყავი, ჩემსას რომ მოვრჩი, მის ქილას დავწვდი... ხასიათიც გამომიკეთდა, მის მხარზე მიხუტებული ბედნიერი ვტიტინებდი ისევ, ის კი თმაზე მეფერებოდა, იმ ღიმილით მიღიმოდა, მე რომ ასე მიყვარდა და იმ თვალებით მიყურებდა, ვერ ავხსნი რას ვამსგავსებდი მის სითბოჩამდგარ თვალებს, ასეთი მშობლიური და ახლობელი რომ იყო... რას არა, ვის..... მწარედ ჩამეღიმა და კიდევ ერთხელ მოვსვი ლუდი, ამჯერად ბოლო ყლუპი აღმოჩნდა და საშინელი შიში ვიგრძენი, სიმარტოვის შიში....ახლა, მხოლოდ საკუთარი ბალიშის იმედად დარჩენილს ვეღარავინ ჩამეხუტებოდა და ჩამჩურჩულებდა: მე შენ გვერდით ვარ პატარაო, იმ ხმით მე რომ ასე მიყვარს..... დღეს ჩემი სიძის დაბადების დღეა. ნიკას უკვე წლებია ვიცნობ და მასთან თითქმის იდეალური ურთიერთობა მაქვს, ჩემი ძმაცაა, მეგობარიც, ახლობელიც, ძალიან მიყვარს და ვაფასებ. სწორედ ამიტომაა, რომ კისრისტეხით დავრბივარ ოთახიდან ოთახში და ვცდილობ რაც შეიძლება სწრაფად მოვემზადო, რომ კიდევ ერთხელ არ იჩხუბონ მან და ჩემმა დამ. ამ ბოლო დროს გაუსაძლისია მათთან ყოფნა, როცა „მომეტებული სიყვარულის“ გამო საშინლად ჩხუბობენ, ელემენტარული მიზეზიც კი ჰყოფნით, თუნდაც ის, რომ მე არ მოვემზადე დროულად. უნდა ვაღიარო, სახლიდან და მითუმეტეს ქალაქიდან გასვლის არანაირი სურვილი არ მქონდა, ვიჯექი ჩემთვის წყნარად, ჩემ სარკოფაგში (მეგობრებმა შეარქვეს ასე ჩემს ოთახს, ყოველთვის ბოლომდე ჩამოფარებული მაქვს ფარდები) და დროებითი სიმშვიდით მაინც ვტკბებოდი, სანამ ჩემს გადარეულ დისშვილს ეძინა, თუმცა ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე სიძეს ხათრი ვერ გავუტეხე და ანანურში წასვლაზეც დავთანხმდი. ამიტომაც დავქრივარ ახლა ოთახიდან ოთახში სინათლის სისწრაფით და თან ილიას დაყოლიებას ვცდილობ წამოსვლაზე. ილია ჩემი დეიდაშვილია, 10 წლისაა, მაგრამ მასთან საუბარი უფრო შეიძლება, ვიდრე ბევრ ჩემს ზრდასრულ მეგობართან. მე ეკა ვარ, 23 წლის, იურისტი, საერთოდ მარადმწვანე და ამ ეტაპზე ადვოკატის სტაჟიორი, მანამდე კი ყველა უწყება, სტრუქტურა და ორგანო მაქვს მოვლილი, სადაც კი იურისტმა შეიძლება სტაჟირების გავლა შეძლოს, თუმცა დღემდე უშედეგოდ. აი ახლაც ვათვალიერებ ვაკანსიებს და პერსპექტივაში მხოლოდ პლასტმასის აღდგენის ხელოსანი, ავეჯის რესტავრატორი, საქსოფონის ან ლათინური ცეკვების მასწავლებელი, ლუდის ჩამომსხმელი ჩანს, სამწუხაროდ, არც ერთს არ ვაკმაყოფილებ, ლუდის ჩამომსხმელს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ჩემი ალკოჰოლისადმი ახლო მეგობრული დამოკიდებულებიდან გამომდინარე არა მგონია მანდ დიდხანს გამაჩერონ. მყავს დედა და ორი და. ორივე გათხოვილია და ორი დისშვილიც მყავს. მამა 9 წლის წინ დავკარგე, უბედური შემთხვევა მოხდა, ავარიამ იმსხვერპლა, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ დღეს მაინც შევეგუე ამ ფაქტს, თავს დამტყდარმა ტრაგედიამ დიდი დაღი დაასვა ჩემს ცხოვრებას და ჯანმრთელობას, რამდენიმე წლის შემდეგ პირველი ტიპის შაქრიანი დიაბეტი აღმომაჩნდა და ამის შედეგებს დღემდე ვიმკი. კატასტროფად ნამდვილად არ მიმიღია და არც არასდროს მიწუწუნია ამ თემაზე, თუმცა უნდა ვაღიარო, ზოგჯერ საშინლად მომაბეზრებელია ნემსებით სიარული, მუდმივად ერთ და იმავე დროს ჭამა, იმის მიუხედავად გამოცდაზე ვარ, ტრანსპორტში თუ გასაუბრებაზე. ყოველთვის დაძაბული ვარ, 6 წელია დილით გამოძინებაც არ მღირსებია... შორს წაგვიყვანს ამ თემაზე საუბარი, მოკლედ რომ გითხრათ, ერთი ჩვეულებრივი გოგო ვარ, ჯიუტი, მიზანდასახული, მეგობრული, საკმაოდ რთული წარსულით, მაგრამ ეს ჩემი უახლოესი მეგობრების გარდა არავინ იცის, უცხოების თვალში ყოველთვის მხიარული ადამიანის შთაბეჭდილების ვტოვებ, არ მიყვარს სხვებისთვის ჩემი პრობლემების თავზე მოხვევა. მეგობრები ვახსენე და არ შემიძლია არ აღვნიშნო, ბედნიერი ვარ იმით, რომ ასეთი კარგი ადამიანები მყავს გარშემო. საკმაოდ ბევრი მეგობარი მყავს, მაგრამ გვანცა მათ შორის განსაკუთრებულია, აღარც კი მახსოვს რამდენი წელია ვმეგობრობთ, ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან–პლუს უსასრულობამდე. ვერ წარმომიდგენია ცხოვრება მის გარეშე, ეს ის ადამიანია, რომლის ჩემ გვერდით არსებობის გამოც ღმერთს ყოველდღე ვუხდი მადლობას, ვინც ყოველთვის, ნებისმიერ სიტუაციაში ჩემ გვერდითაა და მისი მხარდაჭერის იმედიც ყოველთვის მაქვს. არაა ეს უბრალო მეგობრობა ან დაქალობა, რაღაც სხვაა, განსაკუთრებული, რისთვისაც სახელის დარქმევა დღემდე ვერ შევძელი. სოფომ (ჩემმა დამ) და ნიკამ რომ მომაკითხეს თითქმის მზად ვიყავი, აბაზანიდან გამოსულებს კი უკვე ნაჩხუბრები დამხვდნენ.. როგორღაც მაინც დავიყოლიეთ გაბრაზებული ჩემი და და გზას დავადექით: მე, ნიკა, სოფო, ილია, ანუკი (ნიკას და) და რეზო (ნიკას ძმაკაცი). ლოგიკურია იფიქროთ, რომ სწორედ რეზოა ის ადამიანი, ვის გამოც ამ ისტორიას ვწერ, ეს დღე მიმაჩნია განსაკუთრებულად, რადგან მას შევხვდი და ამიტომ დავიწყე ამბის მოყოლაც აქედან. სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, ცდებით, რეზო ჩემი ინტერესის სფეროს სულაც არ წარმოადგენს, აი ახლაც, ვსვამ მათთან ერთად, ვიცინი, ვმხიარულობ, თუმცა ჩემი ფიქრები სულ სხვაგანაა, სხვასთან. 2013 წლის მარტში დავიწყე ჩემი პირველი, ოფიციალური სამსახური, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩემი პირადი ცხოვრების მიმდინარეობაში. კომპანიაში იყო, სადაც ოპერატორად ამიყვანეს, უფროსისგან მკაცრი გაფრთხილება გვქონდა მიღებული, რაც „სამსახურეობრივ რომანებს“ გვიკრძალავდა. ამასთან, ამ პერიოდისთვის ჯერ კიდევ ჩემი ფიქრებიდან საბოლოოდ არ მყავდა განდევნილი ყოფილი, ჩემი ყოფილი დაქალის შეყვარებულის ძმაკაცი, ამიტომ ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ნამდვილად არ მიფიქრია, თუ ჩემი პირველი სამსახური გახდებოდა სწორედ ის ადგილი, სადაც „მას“ ვიპოვიდი, ერთადერთ და ნამდვილ სიყვარულს.... თავიდან მხოლოდ იმით გამოვარჩიე, რომ სიმპატიური იყო და ტექნიკოსის ფორმაც სხვებთან შედარებით, რომლებიც ძველ ქართულ მულტფილმებში ხელოსან დათვებს ჰგავდნენ, მას ძალიან უხდებოდა. რაც მართალია, კომპანია ნამდვილად „გავავსე“ ჩემი დაუსაქმებელი მეგობრებით, სხვებსაც დავუმეგობრდით მალევე და რა თქმა უნდა მაშინვე გაჩნდა იდეა, სადმე ერთად წავსულიყავით. როცა ეს გაბრიელსაც შევთავაზეთ, ჩემდა გასაოცრად თანხმობა გვითხრა, გამიკვირდა, ძალიან ჩუმი, მორცხვი, მორიდებული ტიპი იყო. იმ საღამოს ბევრი ვისაუბრეთ და პირველად მიღებული (მხოლოდ გარეგნობით) დადებითი შთაბეჭდილება საგრძნობლად გაიზარდა. ყველა საკითხზე შეგეძლო მასთან საუბარი, უკიდეგანოდ განათლებული და ნაკითხი იყო, ბევრი საერთო აღმოგვაჩნდა, სხვა დროს თუ ღამის თევა მიჭირდა, იმ ღამით საერთოდ ვერ მოვხუჭე თვალი, უაზროდ გაღიმებული ვიჯექი და გონებაში ვხარშავდი ყველაფერს, ურთიერთობა კუს ნაბიჯებით მიიწევდა წინ, სანამ ერთმა შემთხვევითობამ არ დააჩქარა. 2013 წლის 18 აპრილი იყო, გამოცდიდან გამოქცეულს იმაზე მეტად დამაგვიანდა სამსახურში, ვიდრე ამის წარმოდგენა საშინელ კოშმარშიც კი შემეძლო, კისრისტეხით ავირბინე აღმართი და ღრმად ამოვიხვნეშე როცა მივხვდი, იმედი იმისა, რომ ვერავინ დამინახავდა, ისე შევიპარებოდი შენობაში, საბოლოოდ გამიცრუვდა. აბსოლუტურად ყველა გარეთ იდგა, გენერალური დირექტორიდან დაწყებული დამლაგებლით დამთავრებული, გემრიელად შევუკურთხე გულში, დავაიგნორე ყველას საათზე დემონსტრაციული დახედვა და ხეში გამოკვეთილი ღიმილით გავიარე „სირცხვილის კორიდორში“. ის იყო კიბის პირველ საფეხურზე შევდგი ფეხი, რომლის რიხინრიხინით არბენასაც ვაპირებდი, რომ ოფისის უზარმაზარი კარი გაიღო და ჩემ დანახვაზე ყურებამდე გაღიმებულმა გაბრიელმა შემოაბიჯა, არარაობას (კურსელია, რომელმაც ასეთი „წოდება“ დაიმსახურა თავისი საქციელის თუ უსაქციელობის გამო) უფრო უკეთ ვესალმები ხოლმე ცალსახად, გამარჯობა მივუგდე, ჩემ ბედზე თუ უბედობაზე გაცოფებულმა და დავტოვე გაოგნებული. არც ზემოთ დამხვედრია უკეთესი ამბავი, სხვისი შეცდომების გამო, დასჯილი ბავშვივით, ისევ მე მოვისმინე საყვედურები, რადგან თავად „შემცდარი“ იქ არ იყო და უარეს ხასიათზე დავდექი. მხოლოდ შუადღით გამახსენდა დილანდელი ინცინდენტი, როცა გაბრიელის სახელი დავინახე კორპორატიულ ტელეფონზე, გონებაში მილიარდი ტექსტი დავალაგე, როგორ უნდა ამეხსნა მომხდარი და ღიმილით ვუპასუხე, დაასრულა თუ არა პროფესიული შეკითხვები ობიექტიდან მომავალ ინფორმაციაზე, დავაპირე ჩემთვის საინტერესო თემაზე გადასვლა და ახსნა–განმარტების მიცემა, თუმცა ამჯერად მან მიპასუხა საკმაოდ ცივად, მოკლედ მომიჭრა და გამითიშა. საშინლად მეწყინა, იმის მიუხედავად, რომ ცხოვრებაში პირველად, კარგად ვიაზრებდი, რომ ჩემს დანაშაულს და ბოდიშის მოხდისთვისაც მზად ვიყავი. მალევე გავარკვიეთ ორივემ შექმნილი უხერხული ვითარება, რომელიც ობიექტურ მიზეზებზე ყოფილა დაყრდნობილი, მე მთელ რიგ პრობლემათა გამო გაბრაზებული ვეუხეშე, მას კი უფროსი ედგა თავზე, როცა მელაპარაკებოდა და პირადი საკითხის გარჩევა არ შეეძლო. რატომღაც მე ავიღე თავზე ამ ახსნა–განმარტების მიცემა და უცებ გადავწყვიტე, რომ მისთვის სმს მიმეწერა, ან იქნებ უბრალოდ მასთან მესიჯობის დაწყებაც მსურდა. ერთი სიტყვით, ამ დღეს, 18 აპრილს პირველად დავიწყეთ მიმოწერა, რასაც მოგვიანებით ორივე, სრულიად სამართლიანად, ურთიერთობის დაწყების თარიღად მივიჩნევდით კიდეც. ამის შემდეგ მივხვდი რას ნიშნავდა ნამდვილად ცხოვრება და არა უბრალოდ არსებობა. ურთიერთობა უფრო და უფრო ღრმავდებოდა, ღამეებს ვათენებდით ერთმანეთთან საუბარში და არ გვბეზრდებოდა.... დღესაც როცა ვუფიქრდები, ჩვენ ურთიერთობაში ყველაზე დიდი პრობლემა ყოველთვის მესამე იყო... არა, ეს ის არაა რასაც თქვენ ფიქრობთ, ერთმანეთისთვის არ გვიღალატია არასდროს. უბრალოდ რატომღაც ბევრი „კეთილისმსურველი“ ცდილობდა ჩვენ ნაცვლად მიეღო გადაწყვეტილება და გადაეწყვიტა ჩვენი ბედი. ერთ–ერთი ასეთი სამსახურშიც აღმოჩნდა, ნამდვილად არ მეგონა გარიგება–გადარიგებები კიდევ თუ ხდებოდა, თურმე მწარედ ვცდებოდი. გაბრიელი თავისი ნათესავის თუ ახლობლისთვის მოსწონდა, მე – თავისთვის და სულაც არ იყო მოხიბლული ჩვენი ურთიერთობით. ათასგვარი ინტრიგის ჩახლართვით და ბინძური ხერხებით ცდილობდა ჩვენს დაშორებას, დეტალების გახსენების არც სურვილი მაქვს და არც შესაძლებლობა ახლა, სამწუხაროდ მან მიზანს მაინც მიაღწია. შევხვდით, ვისაუბრეთ და ფაქტობრივად დავშორდით, თუმცა ერთად არც კი ვყოფილვართ.... საშინლად მტკიოდა გული.... სამსახურში ერთად ავედით, რა თქმა უნდა იქ ვერაფერს შევიმჩნევდი და მშვიდად ვპასუხობდი, როცა რეკავდა. გვიანი ღამე იყო, შიდა ნომერზე რომ დამირეკა: – დამტენი შეგიძლია მათხოვო? – ამოდი და წაიღე – ვუპასუხე გაბრაზებულმა. რამდენიმე წუთში კარებზე კაკუნის ხმა გაისმა, აჭარხლებული სახე დავილაგე და გავუღე, დამტენი ხელში მივაჩეჩე და ცხვირწინ კი არა ზედ ცხვირზე მივუჯახუნე კარები, არც ის შემიმჩნევია რაღაცის თქმას რომ ცდილობდა, არც ჩემი თანამშრომლის გაოგნებული სახე, მოჩვენებითი სიმშვიდით გავაგრძელე ნაყინის ჭამა. ეწყინა... გვიან გავიაზრე, რომ უაზროდ ვიქცეოდი და მეორე დღეს ახსნა–განმარტებებით სავსე სმს გავუშვანშვალე, რამდენიმე ათეულ ძველებურ გრაგნილზე რომ დაეტეოდა ალბათ, საერთოდ უპასუხოდ დატოვა...გავიდა რამდენიმე დღე, თავს უფრო და უფრო ცუდად ვგრძნობდი, იმის გააზრება, რომ მოვიდოდა დრო, თან ძალიან მალე და წამოვიდოდი სამსახურიდან, რაც ავტომატურად იმას ნიშნავდა, რომ სამუდამოდ დავკარგავდი და ვეღარსად ვნახავდი, უარესად მხდიდა. ერთ–ერთი მორიგეობის (24 საათიან რეჟიმში ვმუშაობდი) დროს ტკივილს ვეღარ გავუძელი და მივწერე: „მე მომენატრე, შე დამპალო ბავშვო“ (ნორმალურს ხომ არ მივწერდი არაფერს) ესეც რეაგირების გარეშე რომ დატოვა, მაშინ მივხვდი, ჩვენი „ურთიერთობის“ გადარჩენა აღარ შეიძლებოდა... დრო გადიოდა, ერთმანეთს ვხვდებოდით, რაც ათმაგად მტკივნეული იყო ჩემთვის, ვერც გაბრაზებას და ტკივილს ვიმჩნევდი სხვების თანდასწრებით (ჩვენი კომპანიის მესვეურთათვის „ჩვენ“ შესახებ დღემდე არაა ცნობილი არაფერი), საბოლოოდ მქონდა გადაწყვეტილი სამსახურიდან წამოსვლაც, როცა ყველაფერი შეიცვალა.... დილის 10 საათი იყო, მიხაროდა, რომ არ დავაგვიანე და მშვიდად ავდიოდი ხილიანის აღმართზე, შესასვლელთან თანამშრომელი შემხვდა, რომელთანაც კარგი, მეგობრული ურთიერთობა მქონდა, მივესალმე, გადავკოცნე და მაქსიმალურად ვეცადე შორიახლოს მდგომი გაბრიელი არ შემემჩნია. საბედნიეროდ, ჩვენ გარშემო მართლა ჩვენი კეთილისმსურველებიც იყვნენ, ერთ–ერთი მათგანი ტექნიკური სამსახურის მძღოლი იყო, იმ დღეს ისიც იქვე იდგა, ნაჩქარევად მივესალმე გაბრიელს და მას და კიბეები სწრაფად ჩავირბინე, როცა ვითომ ნაწყენმა დამიძახა: – ის თუ გადაკოცნე ჩვენ რა დავაშავეთ?? გამაჟრიალა იმის წარმოდგენაზე, რომ „ისიც“ უნდა გადამეკოცნა, თავს ძალა დავატანე და ნაძალადევი ღიმილით შევბრუნდი უკან, ჯერ მასთან მივედი, ეშმაკურად მიღიმოდა და მივხვდი ასე რატომაც მოიქცა, როცა გაბრიელს მივუტრიალდი, ის როგორც ყოველთვის თვალებში არ მიყურებდა, სულ ოდნავ შევეხე ლოყაზე და უკანმოუხედავად შევვარდი შენობაში, ძლივს დავიწყნარე აფორიაქებული გული... შუადღეა, რეკავს კორპორატიულზე, ბოლო დროისგან განსხვავებით (მაქსიმალურად ვერიდებოდით კონტაქტს, ტელეფონზეც კი) დიდხანს და მხიარულად მელაპარაკა, გავშრი არ ველოდი, თუმცა მთავარი სიურპრიზი თურმე ჯერ კიდევ წინ მელოდა...ჩემი ტელეფონი აწკრიალდა, როგორც გვანცა იტყოდა, რომის პაპის სმს–ს უფრო ველოდი, ვიდრე გაბრიელისას, ჩემი ღრმა რწმენით, „ყველაფერი უკვე გარკვეული გვქონდა და აღარასდროს შევრიგდებოდით“. დიდხანს მეშინოდა წაკითხვის, არ ვხსნიდი. „მე მომენატრე, შე დამპალო ბავშვო“ – ხო, ჩემივე დაფორვარდებული მესიჯი დამხვდა.... ამ წამს მივხვდი რას ნიშნავდა გამოთქმა: „ყბა ჩამომვარდა“, როცა ჩემი ყბა მართლა კლავიატურიდან ავფხიკე...ყველაფერს ველოდი ამის გარდა.... დიდხანს მაწვალა ამის მერეც, ხან მეუბნებოდა ტელეფონმა გამიჭედა და არ ვიცი სად რას გზავნისო, ხან მეუბნებოდა მე მოგწერეო.... აღვადგინეთ ურთიერთობა .... 4 ივნისი იყო, ჩემი გვანცას დღე, როგორც იქნა დავაყენეთ საშველი და საქეიფოდ წავედით თანამშრომლები. გვანცასგან უკვე შეზარხოშებული წამოვედი, არც იქ დამიკლია, ალკოჰოლმა უფრო თამამი გამხადა, გარეთ რომ გავიდა, აქ ჩახუთულია და ცუდად ვარო, მეც გავყევი .... ჩავეხუტე, ჩემი ინიციატივით, პირველად... ისეთი სასიამოვნო იყო ეს შეგრძნება, რთულია სიტყვებით გადმოვცე.... მერე იყო პირველი კოცნა, პირველად ნათქვამი „მიყვარხარ“ ... მანამდე მეუბნებოდა, არ ვაპირებ გოგოს ოდესმე ვუთხრა, რომ მიყვარს, ამის გადმოცემა საქციელითაც შეიძლებაო, თუმცა მაინც მითხრა, არაერთ ენაზე თანაც, საქმითაც და სიტყვითაც ამტკიცებდა, რომ ვუყვარდი, ღმერთის საჩუქარს მეძახდა, ჩემი ხარ და ჩემთვის გაჩნდიო (აბა დედაჩემისთვის ეკითხა...), განსაკუთრებულად უყვარდა, ხელში აყვანილს რომ მეუბნებოდა ამას, როცა მიწას მოგწყვეტ, უფრო მეტად ვგრძნობ, რომ მე მეკუთვნიო....იდეალური ურთიერთობა ნამდვილად არ გვქონია, ხშირად ვჩხუბობდით, ვკამათობდით, თუმცა ეს გაბუტვა მაქსიმუმ რამდენიმე საათს გრძელდებოდა, ხან მე ვრეკავდი, ხან ის, ერთმანეთის გარეშე დიდხანს გაძლება არ შეგვეძლო. დედაჩემი ტყუილად არ მიხსენებია, ჩვენი ერთად ყოფნით აღფრთოვანებული ნამდვილად არ ყოფილა, „ეგ შენი მუხრანი და ფარნავაზი არ ვიცი მე“ (სახელს ვერ იმახსოვრებდა), მეჩხუბებოდა, არ მიშვებდა, ბევრი სკანდალი გადავიტანე ოჯახში, თუმცა ჩემდა გასაოცრად, ძალიან მტკიცე ვიყავი, ასეთი წინააღმდეგობა არასდროს არაფერზე გამიწევია, ისიც ნელ–ნელა შეეგუა ჩემ ცხოვრებაში ბიჭის არსებობას, მასზე ისეთი ირონიით აღარ მესაუბრებოდა და სიტუაციაც ჩაწყნარდა.... შედარებით გული მაშინ მოულბა, როცა ერთხელ გამოცდიდან წიგნით ხელში დავბრუნდი, ეს გაბრიელის პირველი საჩუქარი იყო: „ოსტატი და მარგარიტა“ ... დედასგან ყველაზე დიდი ლანძღვა ადამიანზე რაც მომისმენია, დაახლოებით ასე ჟღერდა: „ორი წიგნი არ აქვს ზედიზედ წაკითხული“! თავად წარმოიდგინეთ, უწიგნურ და გაუნათლებელ ადამიანებზე როგორ რეაგირებდა. გაბრიელის ეს ნაბიჯი მოეწონა და დააფასა, სკანდალებს აღარ მართავდა, როცა მასთან შესახვედრად მივდიოდი, ჩხუბი ხუმრობად გადაიქცა, მახსოვს ერთხელ საკმაოდ გვიან ვემზადებოდი წასასვლელად, ბუზღუნით გამომართვა კაბა, რისი ჩაცმაც გადაწყვეტილი მქონდა და ხელახლა დაიწყო მისი გაუთოვება, თან ბურტყუნს არ წყვეტდა, ძლივს გავარჩიე ამ ბუტბუტში მისი ნათქვამი: „სად უნდა წახვიდე ამ“ აქ გაჩერდა, ჯერ არ წვიმდა და ვერ მეტყოდა ამ წვიმაშიო, მაგრამ არ შეიმჩნია და გააგრძელა: „ამ საცაა უნდა გაწვიმდეს–შიო“ ... მივხვდი, რომ შეეგუა.... აგვისტოს ბოლოს უკვე სამსახურიდან წამოვედი, სამაგისტრო გამოცდები მოახლოვდა, ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა მის მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდი და ეს ძალას მმატებდა. ჩემი სმს–ები დაახლოებით ასეთი იყო : „მკვლელობებს მოვრჩები და დამირეკე კარგი?“ (როგორც უკვე გითხარით, იურისტი ვარ და თან სისხლის სამართლის მიმართულებით) სამაგისტრო გამოცდა ვერ ჩავაბარე .... ამ დროს კიდევ ერთხელ ვიგრძენი სიყვარულის ძალა, ზუსტად ვიცი იმაზე ათასჯერ უფრო მეტად ვინერვიულებდი მის გარეშე რომ შევხვედროდი ამ სირთულეს. მაგრამ მასთან ერთად ყოფნისას ყველაფერზე ერთი პასუხი მქონდა: მთავარია ის ჩემ გვერდითაა. მისი მოუცლელობის გამო საკმაოდ იშვიათად ვხვდებოდით ერთმანეთს. ეს ყველაფერი ურთიერთობაზე ძალიან მოქმედებდა, ხშირად ვჩხუბობდით, საშინელი გრაფიკი ჰქონდა სამსახურში, ფაქტიურად სულ იქ იყო, დღეს აღიარებს „ტრეფიკინგის მსხვერპლი“ ვიყავიო, თუმცა მაშინ საკმარისი იყო ერთი სიტყვა მეთქვა გადაკრულად მის სამსახურზე და მაშინვე ჩხუბს ვიწყებდით. თუმცა საკმარისია ერთმანეთს შევხვედროდით და მანამდე გონებაში მრავალჯერ დაწერილი და გადაკეთებული საყვედურის ტექსტები მავიწყდებოდა და ვხვდებოდით, რომ ყველაფრის, ყველა კამათის და წყენის მიზეზი მხოლოდ და მხოლოდ მონატრება იყო. ლუკა რომ დაიბადა, ჩემი პირველი მერცხალი, ჩემი უფროსი დისსშვილი, ისევე გაეხარდა, როგორც მე, დღნაშვის ვეძახდით და როცა ეცალა ერთად ვასეირნებდით ხოლმე, ათმაგად გამიძლიერდა მის მიმართ გრძნობა, როცა ნატალის (ჩემი დეიდაშვილი, ტყუპისცალია და ცერებრალური დამბლა აქვს, სიარული არ შეუძლია) გასეირნება შემომთავაზა.... მას მერეც მიუხედავად იმისა, რომ დაღლილი იყო ხოლმე, ღამენათევი და ნატალის წაყვანა–წამოყვანა სულაც არ იყო ადვილი საქმე, დეიდაჩემიც გვთავაზობდა ილია ან თეკლა წაგვეყვანა, არაფრის მოსმენა არ უნდოდა, მხოლოდ ნატალი–მითხრა ერთხელ! და აქ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ ის „ის“ იყო, ჩემი მეორე ნახევარი, ჩემი სულის ნახევარი და ადამიანი, რომელსაც ყველაზე უკეთ ესმოდა ჩემი. როცა ვთხოვდი წარმოედგინა თავისი ბედნიერი მომავლიდან ერთი დღე, დაახლოებით ასე აღწერდა: მე და ის ერთად ვისხედით ჩვენს სახლში, ბუხრის წინ, მის ფეხებზე კი ჩვენი პატარა მობობოღავდა..... რთული არაა ასეთი ადამიანის შეყვარება ხომ? მართლა არ ვიცი როდის გავცივდით ასე... თითქოს ეს ყველაფერი ჩვენ არ გვქონდა გადატანილი, სამსახურში დამალვა, სკანდალები ოჯახში, ბედნიერი და ტკივილით სავსე წუთები, უამრავი, უამრავი მოგონება... გრძნობა თითქოს გაუფერულდა, გახუნდა, ჩაქრა, ჩემი თვალებივით ჩაქრა, ახლა ვხვდები, რომ ეს ყველაფერი მხოლოდ დროებითი იყო, ჩვენი დაშორებიდან 1 წელი გავიდა, მაგრამ გაქრობის ნაცვლად უფრო გაძლიერდა სიყვარული, ყოველ შემთხვევაში ჩემი... ეს ხომ ზუსტად ის სიყვარულია, რომელიც ერთად ყოფნისთვის საკმარისი არაა.. queen უყვარდა გამორჩეულად (ჩვენი გემოვნება სრულად ემთხვეოდა ერთმანეთს), განსაკუთრებით კი ერთი სიმღერა, რომლის ტექსტიც სულ მიღრღნიდა გულს: „we were born to be just loosers“ so, we lost .... წავაგეთ და დავკარგეთ ერთმანეთი... ჩვენი დაშორება ათმაგად მტკივნეული იმით იყო, რომ ერთმანეთს არ კი შევხვედრივართ, უბრალოდ ტელეფონით ვისაუბრეთ, შევთანხმდით, რომ ცოტა ხნით დაგვესვენა (რატომღაც ეს ცოტა ხანი წელიწადზე მეტია გრძელდება), რომ ერთმანეთი დავღალეთ და სანამ ისე ვიჩხუბებთ, რომ მერე ერთმანეთისთვის თვალებში ჩახედვასაც ვერ შევძლებთ, ჯობს ასე, ცივილურად დავასრულოთ. ასეც მორჩა, გადიოდა დრო და ერთმანეთს არც კი ვეხმიანებოდით, დარწმუნებული ვიყავი, რომ დამივიწყა და მეც იმავეს ვცდილობდი. ყველაზე ძნელი მოგონებებისგან გაქცევა იყო, ყველა ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებოდი მათ. ტანსაცმლის კარადა ვერ გამიღია, რომ თითოეულ კაბასთან ან შარვალთან მასთან დაკავშირებული მოგონებები არ ამოტივტივდეს, ახლაც ამ წუთას, კომპიუტერთან ვზივარ და მის ნაჩუქარ დინამიკებს შევცქერი, რა მექნა? Queen–თვის აღარ მომესმინა??? თუ არც ზოოპარკთან, კინოსთან ან ყოფილ სამსახურთან არ ჩამევლო....ყველგან იყო და არის! კარგი მე გავექცეოდი, მაგრამ სხვები რომ მახსენებდნენ რა მექნა? ჩემ სიძესთან ერთად ლუდს ვსვამდი, როცა ეშმაკური ღიმილით გამახსენა, ნეტა ვინ შეგაყვარა და ვინ „გასწავლა“ ლუდის დალევაო .... ვერც ერთი მისი ნაჩუქარი ნივთი ვერ გადავაგდე, თუმცა რომელ საჩუქრების გადაყრაზეა ლაპარაკი, როცა კინოს ბილეთები და წვენის თავსახურით გაკეთებული ჩემი „ნიშნობის ბეჭედიც“ კი შენახული მაქვს დღემდე, უჯრაში საგულდაგულოდ ჩაკეტილი. ვერ ვპოულობ საკუთარ თავში ძალას, რომ ეს ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთები გადავყარო, ფოტოები წავშალო, მასთან დაკავშირებული მოგონებები გავაქრო, ამის ნაცვლად ვზივარ და მასზე ვწერ, მასზე, როგორც ჩემი ცხოვრების ერთადერთ სიყვარულზე! Queen ვახსენე წეღან და მაშინვე გამახსენდა ეს ამბავიც: საერთოდ ძალიან ამაყი ვარ, იშვიათად თუ ვაღიარებ რომ შევცდი და დამნაშავე ვარ, პირველი ადამიანი იყო, ვისთანაც ეს სულაც არ მიჭირდა. მან მასწავლა მოთმენა და დათმობაც. ერთ–ერთი პირველი კამათის შემდეგ თავს ძალიან ცუდად ვგრძნობდი. ამჯერად ორივეს წილი ჩხუბის გამოწვევაში ნამდვილად თანაბარი იყო, თუმცა ჩემი მხრიდან შერიგების მიზნით რაღაცის მოფიქრება მინდოდა. საბედნიეროდ, მასთან მიმართებით ყოველთვის კრეატიული ვიყავი და არც ამჯერად დამჭირდა დიდი დრო ფიქრისთვის. მისი საყვარელი ჯგუფის ყველა სიმღერა, ყველა ლაივ შესრულება, ყველა რემიქსი მოვძებნე, ალბომების და წლების მიხედვით დავალაგე, საკმაოდ ბევრი გამოდგა და დიდი დროც დასჭირდა, თითქმის მთელი ღამე ვწერდი, რატომღაც დისკებზე ჩაწერა გადავწყვიტე, სულ 3 დისკი გამოვიდა. ვიკიპედიაში ვიქექებოდი ტელეფონის ხმა რომ შემომესმა, ჩამეღიმა, მიუხედავად იმისა, რომ მეც ისევე დამნაშავე ვიყავი ჩხუბში, როგორც ის, მაინც თვითონ მირეკავდა პირველი... უშენოდ ვერ დავიძინეო მითხრა მერე წუწუნი დაიწყო, ბიძაჩემმა windows გადამიყენა და ყველა სიმღერა წამიშალაო, გამაჟრიალა .... აბსოლუტურად დავრწმუნდი, რომ ის მართლაც ჩემი მეორე ნახევარი იყო, ვიცოდი, ვიგრძენი, რომ მას ეს სიმღერები დასჭირდებოდა და ამიტომ დავიწყე მათი ჩაწერა, მანამ სანამ თვითონ მიხვდებოდა მათ საჭიროებას ... რომ გითხრათ, სალტოები აკეთა სიხარულისგანო, ნამდვილად მოგატყუებთ, გრძნობების გამოხატვა და მითუმეტეს საჯაროდ არ ეხერხებოდა, თუმცა ჩემთვის საკმარისი იყო მისი ანთებული თვალების დანახვა, რომ მივმხვდარიყავი, როგორ გაუხარდა .... მაინც რითი იყო ჩვენი ურთიერთობა ასე გამორჩეული? ამის სიტყვებით გადმოცემა ძალიან ძნელია, ან იქნებ არც იყო და მე მეჩვენება ასე... ყველაფრის გახსენება მიჭირს და მეძნელება, თითოეული მოგონება ღიმილის მომგვრელია, მაგრამ მერე ისევ მტკივა იმიტომ, რომ მხოლოდ მოგონებებია ეს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.