შენს მეზობლად (ნაწილი 5)
დილით ლიზი საშინელმა ხმაურმა გამოაღვიძა. უცებ იფიქრა, სახლი გაგიჟდაო, ირგვლივ ყველაფერი ხმაურობდა: კარზე ზარს გამალებით რეკავდნენ, ოთახში ტელევიზორი ბუტბუტებდა, მაგიდაზე ტელეფონი ბზუოდა, მაღვიძარა კი ისე გამალებით ხტუნავდა ტუმბოზე, გეგონებოდა ამ საგიჟეთიდან გაქცევა გადაუწყვეტიაო. გოგონამ მაღვიძარა გათიშა და ჯერ კიდევ პულტის ძებნაში იყო, როცა ტელეფონს დასწვდა: - მერიკო, მერე დაგირეკავ, ვიღაც მოვიდა. - ტელეფონი გათიშა და კარები გააღო. - ღმერთო, მერიკო, რამე მოხდა? - გული გამიხეთქე შე შტერო, სად იყავი? - მეძინა მერიკო, რა უნდა მომხდარიყო? - იცი მაინც, რომელი საათია? - ქალმა სამზარეულოს საათს გახედა. – მალე 12 იქნება. შემეშინდა, რამე ხო არ მოხდა მეთქი. - და პანიკა მოაწყვე! კარგი რა, რა უნდა მომხდარიყო. აი, მე კი ნამდვილად გამიხეთქე გული ამ დილით. - რატომ ვითომ? - თვალები გავახილე და სახლში ყველაფერი ყვიროდა. სანამ აზზრზე მოვედი, რა ხდებოდა, ძალიან შემეშინდა. - ჩემი სულელი გოგო, რამ დაგაძინა ამ დრომდე? - არ ვიცი, ნეტა მართლა რატომ მეძინა აქამდე? - ალბათ გადაიღალე, თან გუშინდელის შემდეგ... - ქალმა ეშმაკურად გაიღიმა და თვალები მოჭუტა. - აბა, აბა, მოყევი ყველაფერი! - კარგი, ასე იყოს. მას ლუკა ქვია და ჩემი ჯგუფელია. - ჯგუფელი? როდიდან გაინტერესებს ჯგუფელები? - არ ვიცი, უბრალოდ ასე გამოვიდა... ის ისეთი კეთილია... იცი, მერიკო, ისეთი იდუმალი ბიჭია, გეგონება მთელი სამყაროს ტვირთი აწევს მხრებზეო, მაგრამ ამასთან საოცრად ყურადღებიანი და თბილია. ისეთი ღრმა და სანდომიანი თვალები აქვს, შეუძლებელია მაშინვე არ მოგხიბლოს. - იდუმალი ბიჭი. მერე იცი, რა იმალება მის უკან? იქნებ გიჟია ან რამე ასეთი? - გეყოფა მერიკო, მსგავსი არაფერი სჭირს. - საიდან იცი? - ვიცი, რადგან უნიში ყოველდღე ვხედავ. ნუ, ყოველდღე არა, მაგრამ, ხშირად. ვიცი, როგორიცაა ურთიერთობებში. - მაინც როგორი? - ძალიან მშვიდი და თავშეკავებული. - მაინც? - მას... ჯგუფელები დასცინიან, ერთხელ ტელეფონიც გაუტეხეს, მაგრამ ხმა არ გაუცია. ჩუმად იჯდა. - გიჟი კი არა, დებილი ყოფილა. - არ არის დებილი! - აბა, ტელეფონი თავზე გადაგალეწონ და ხმაც კი არ გასცე?! ჯერ მე, როგორც ქალი, არ მოვითმენ ამას არავისგან და ბიჭი მითუმეტეს. თან ამ ასაკში და თან იმ გოგოს წინაშე, რომელიც მომწონს. - მაშინ არ ვიყავით ახლოს და საერთოდ... უბრალოდ, ჩხუბი არ უყვარს! - ლიზი, ჩემო საყვარელო, კარგად დაფიქრდი. - მერიკო, მორჩი! აღარ მინდა ამაზე საუბარი! - მე უბრალოდ... - გითხარი, მორჩი-თქო! - გაბრაზდა გოგონა - კარგი, როგორც გინდა, შენი გაბრაზება არც მიფიქრია... მამაშენი წავიდა? - ჰო, ალბათ და როგორც ყოველთვის, ტელევიზორი ჩართული დატოვა. მაღვიძარა კი 12ზე დაუყენებია. - კიდევ კარგი, თორემ შენ მაგის გარდა არაფერი გაღვიძებს. - კარგი, უნდა წავიდე. - სად? - უბრალოდ, უნდა წავიდე... საღამოს დავბრუნდები. - ლიზი! - გასძახა ქალმა კიბეებზე მიმავალ გოგონას, მაგრამ პასუხი ვერ მიიღო. - კარგი, რა გაეწყობა! როგორც ჩანს, ძალიან გავაბრაზე. ლიზიმ სწრაფად ჩაიცვა და სახლიდან გავიდა. მეგობართან საუბრის შემდეგ, მოთმენა აღარ შეეძლო, აუცილებლად უნდა გაერკვია ყველაფერი ამ იდუმალი მეზობლის შესახებ და სწორედ ამის გაკეთებას ახლა, ასე უცერემონიოდ. უბრალოდ, სახლში მიადგებოდა და ყველაფრის მოყოლას მოსთხოვდა მის შესახებ. ბოოლოს და ბოლოს, ის ხომ დაჰპირდა, შენს ყველა კითხვას ვუპასუხებ და ყველაფერი ისე იქნება, როგორც შენ გინდაო. თუ სიტყვას არ შეასრულებს, ჯობია ყველაფერი მაშინ დამთავრდეს, როცა თითქმის არც დაწყებულა, ვიდრე აღმოჩნდეს, რომ ის შეუყვარდა, ვინც ამას არ იმსახურებდა, მაშინ როცა უკვე გვიანი იქნება. მეზობლის კარებთან ცოტა ხნით შედგა, ოდნავ შერცხვა კიდეც საკუთარი საქციელის, მაგრამ ეს უნდა გაეკეთებინა, გამბედაობა მოიკრიბა და კარზე დააკაკუნა. სახლიდან ხმა არ ისმოდა, არც კარს აღებდა ვინმე. რამდენიმე ცდის შემდეგ დარწმუნდა, რომ სახლში არავინ იყო და უკან დაბრუნებას აპირებდა, როცა ნაცნობი ხმა გაიგონა: - გამარჯობა, ლიზი! გოგონა შემობრუნდა. მის წინ ლუკა იდგა და ჩვეული იდუმალი მზერით უყურებდა, რომელიც ასე მოსწონდა გოგონას. - ლუკა... უნდა ვილაპარაკოთ. შეიძლება შემოვიდე? - რა თქმა უნდა! ახლავე, კარს გავაღებ. - ჯიბიდან გასაღებების აცმა ამოიღო, კარისკენ დაიხარა და სანამ გააღებდა, ლიზიმ შენიშნა, როგორ დაეცვარა სახე ოფლისგან მის წინ მდგომ ბიჭს. - შემოდი! რამეს დალევ? - არა. - კარგი... - უხერხული დუმილი ჩამოვარდა, რომელიც ისევ ლუკამ დაარღვია. - რაზე გინდოდა ლაპარაკი? - გუშინ რაღაცას დამპირდი, გახსოვს? - რომ ჩემზე ყველაფერს მოგიყვებოდი. - ჰო. კარგია, რომ გახსოვს. მე... - გინდა ეს ამბავი მოისმინო. - ჰო. - საიდან დავიწყო? - თავიდან. ყველფერი მინდა ვიცოდე. ბიჭი შეიშმუშნა, აშკარად ეტყობოდა, რომ თავისი ისტორიის მოყოლა სულაც არ უხაროდა. რატომ არ უნდა სურდეს ადამიანს საკუთარ თავზე საუბარი? რა უნდა მოხდეს 22 წლის ბიჭის ცხოვრებაში ისეთი, რის გამოც შენი წარსულის შეგრცხვება ან მისი გახსენება არ მოგინდება? გოგონა გარინდული იდგა ამ ისტორიის მოლოდინში და ხვდებოდა, რომ ეს სულაც არ იქნებოდა ერთი ჩვეულებრივი საუბარი წარსულის ისტორიებზე. - ჩამოჯექი. - სკამზე მიუთითა ლუკამ. - გრძელი ისტორიის მოსმენა მოგიწევს, ასე ვერ იდგები. - ჰო, რა თქმა უნდა. - არც ვიცი როგორ დავიწყო, დიდი ხანია ამაზე არავისთან ვსაუბრობ... ერთი ჩვეულებრივი, ლამაზი ოჯახი გვქონდა, ჩემს მშობლებს ერთმანეთი ძალიან უყვარდათ და ამქვეყნად ყველაზე ბედნიერი ბავშვი ვიყავი. მართალია, ორივე მუშაობდა, მაგრამ ჩემთვის დრო ყოველთვის ჰქონდათ, ყოველთვის ზრუნავდნენ ჩემზე, ზაფხულობით ერთად ვისვენებდით... ის დრო საუკეთესო იყო ჩემს ცხოვრებაში და ძალიან მენატრება! - რა მოხდა? - 7 წლის ვიყავი. დედამ სკოლაში გამომიარა, სახლში ვბრუნდებოდით... ვიღაცამ წითელზე გაიარა და... არავის ეგონა, რომ მანქნიდან ვინმეს ცოცხალს გამოიყვანდნენ, მაგრამ მე არაფერი მჭირდა, დედა კი... ის ადგილზე გარდაიცვალა. - ღმერთო ჩემო, ძალიან ვწუხვარ! - ჰო... ის საუკეთესო დედა იყო მსოფლიოში და მისი დაკარგვა ტრაგედია იყო. მამა ოთახიდან მხოლოდ მაშინ გამოდიოდა, როცა სასმელი შემოაკლდებოდა, მე ბებიამ წამიყვანა. ორი წლის შემდეგ, მამა გამოჩნდა და თითქოს აქ არაფერიო, ისევ სახლში დამაბრუნა. ამ დროს მასზე საშინლად ვბრაზობდი. - მაგრამ ისიც განიცდიდა ცოლის სიკვდილს. - ბავშვი ვიყავი და მხოლოდ ის ვიცოდი, რომ მამამ მიმატოვა და მთელი გულით მძულდა ის. სახლში დაბრუნებულმა კი გავიგე, რომ მან სხვა ქალთან მოაწერა ხელი და უფრო შემძულდა. - დედინაცვალი? - ჰო. ჯერ დედას სიკვდილი არ მქონდა გადატანილი და სახლში უკვე სხვა ქალი ტრიალებდა. დედას ნივთებს ეხებოდა, მის ოთახში ცხოვრობდა და ეს მაცოფებდა. ამიტომ ისიც შევიძულე. გვერდითა ოთახიდან მსხვრევის ხმა გაისმა, ლუკა შეშინებული წამოხტა და ოთახიდან გავარდა. ლიზი უკან გაყვა. - ჭიქა გამიტყდა, საყვარელო. - ამბობდა ხანშიშესული ქალი. - არაუშავს, მაგაზე არ იდარდო. - გაეპასუხა ლუკა და საწოლზე დასვა. - მთავარია, არაფერი დაიშავე. - მომწყურდა. სად იყავი აქამდე? - აქვე ვიყავი. ბოდიში, რომ არ შემოვედი. ახლა ვაპირებდი. - ბიჭმა ბალიში გაუსწორა, თავზე აკოცა და დაამატა. - წავალ, წყალს მოგიტან. ლიზი გვერდზე გადგა და წყლის მოსატანად მიმავალ ბიჭს გზა დაუთმო, მერე კი უკან გაყვა. - საყვარელო? ლუკა, ვინ არის ის ქალი? - მგონი, ძალიან ცუდი აზრის ხარ ჩემზე ლიზი. ის ქალი ბებიაჩემია. - მე... მე უბრალოდ... არც კი ვიცი... - რატომაც არა, მე ხომ უპატრონო ბავშვი ვარ, აქ ვცხოვრობ და თან უნივერსიტეტში სწავლის შესაძლებლობაც მაქვს. ვითომ, ლოგიკური დასკვნა იყო?! - უბრალოდ, ასე ხშირად ხდება. - სერიოზულად? - მაპატიე. მე შენ არ გიცნობ და... - ჰო, ასეა. - შეაწყვეტინა ბიჭმა, ჭიქა წყლით შეავსო და ოთახიდან გავიდა. - მაპატიე, არ მინდოდა ასე გამომსვლოდა. - დაეწია ბიჭს ლიზი. - არაუშავს. - ლუკა ქალთან მივიდა და ჭიქა ხელებში ჩაუდო. - აი, ბებო, დალიე და ასე აღარ შემაშინო ხოლმე. - კარგი, ჩემო საყვარელო ბიჭუნა. მინდოდა რაღაც ჩემით გამეკეთებინა. - ქალმა წყალი მოსვა და იკითხა. - ვინ არის ჩვენი სტუმარი? - საიდან იცი, რომ სტუმარი გვყავს? - ორი წყვილი ფეხის ხმა მესმის, ჩემო ბიჭო, თან საუბარსაც მოვკარი ყური. ბრმა ვარ, აი სმენას კი არ ვუჩივი. - ჩაიცინა ქალმა. - ბებო, ეს ლიზია, ჩვენი მეზობელი და ჩემი ჯგუფელი. ეს კი ბებია თამარია. - სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ქალბატონო თამარ. - გამოელაპარაკა ლიზიც. - ჰაჰ, სასიამოვნოო. - ისევ გაიცინა ქალმა. - ესეც კარგი მატყუარა ყოფილა. კარგით, წადით ბავშვებო, წადით. მე არაფერი მჭირდება. - აქვე ვიქნები, თუ რამე დაგჭირდა. - კარგი, შვილო, კარგი. - თქვა ქალმა, მერე სვილიშვილს რაღაც ანიშნა და ჩუმად ჰკითხა. - მითხარი, არის ანგელოზივით გოგო ჩემი ანგელოზივით ბიჭისთვის, ჰა? - ბებო, ის ჯერ კიდევ ოთახშია და არც ის უჩივის სმენას. - გაუცინა ბიჭმა. - მერე და რა, ისეთი რა ვთქვი? - კარგი ბებო, დაისვენე. - სულ არ ვისვენებ, შვილო?! წადით, წადით. - თქვენც წამოდით ჩვენთან ერთად, ისეთს არაფერს ვაკეთებთ. - საუბარში ჩაერთო ლიზი. - ხომ შეიძლება, ლუკა? თან მალე სადილის დრო მოვა, რამეს მოგიმზადებთ. - მომწონს ეს გოგო. - თქვა ქალმა. - კარგი მზარეული ხარ, შვილო? - ვერ ვიტყვი, რომ საოცარი მზარეული ვარ, მაგრამ რაღაცეები მეხერხება. - აი, ჩემი ლუკა, ნამდვილი საოცრებაა. ისეთ გემრიელ საჭმელებს აკეთებს, ბევრ დიასახლისს შეშურდება. - ბებო, სულ ასე მაქებს. სხვა რა გზა აქვს, მარტო მე ვყავარ. - გაიცინა ლუკამ. - კიდევ ათი შვილიშვილი რომ მყავდეს, შენნაირი ვერცერთი იქნება ჩემო ბიჭო. - შემდეგ გოგონას მიუბრუნდა. - ნამდვილი ანგელოზია. ლუკამ და ლიზიმ სადილი ერთად მოამზადეს. ბიჭი საოცარი მზარეული აღმოჩნდა, ისე სწრაფად და დახვეწილად მუშაობდა, იფიქრებდით რომელიმე პროფესიონალი მზარეულის შოუს ვუყურებო. მოხუცმა უამრავი ისტორია გაიხსენა მასზე, შვილზე და შვილიშვილებზე, თუმცა არცერთი სევდიანი ამბავი, სახეზე გამკრთალი სევდა ან თვალებში დამალული, ჩუმი ტკივილი, რამაც ლიზი ძალიან დააინტერესა; ნუთუ შესაძლებელია, რომ მათ არასდროს არაფერი სწყენიათ ერთმანეთისგან, ნუთუ ცუდი არაფერი მომხდარა და მართლა იდეალური ოჯახი ჰქონდათ? ან იქნებ ასეა, როცა მათზე ვფიქრობთ, ვინც გვიყვარდა და დავკარგეთ, მხოლოდ ლამაზი ისტორიები გვახსენდება. - კარგით შვილებო, ახლა ჩემს ოთახში გავალ, ცოტა დავიღალე. - ლუკამ ქალი კარებამდე მიაცილა, თავზე აკოცა და ის-ის იყო, კარების დახურვას აპირებდა, ლიზიმ ყური მოჰკრა, თუ როგორ უჩურჩულა ქალმა შვილიშვილს, „მომწონს შენი გოგო“ო და კარებიც მიიხურა. - ესეც ასე, სად გავჩერდით? - იკითხა ოთახში შემობრუნებულმა ლუკამ და როცა გოგონას გაღიმებული სახე დაინახა, დაამატა. - ჰო, ჩურჩული დიდად არ გამოსდის. - ჩემზე რამე უთხარი? - შენც ხომ აქ იყავი, ყველაფერი გესმოდა. - არა, ახლა არა... აქამდე გითქვამს ჩემზე რამე? - უკვე იმ ეტაპზე ვართ, ოჯახი რო უნდა გაგაცნო? - საზიზღარი არსება ხარ! - გადაიკისკისა ლიზიმ, მაგრამ მალევე გაჩუმდა. - ვიხუმრე ლუკა. - ჰო, ვიცი. - მწარედ გაიღიმა ბიჭმა. - უბრალოდ ეგ სიტყვა ცუდ მოგონებებს აღვიძებს. იმათ, რაც ჯერ კიდევ უნდა მოგიყვე. - კარგი, გპირდები აღარასდროს დაგიძახებ ასე. - მართლა? ეს ხომ შენი თვისებაა. - რას გულისხმობ? - როცა პასუხი აღარ გაქვს ან ხვდები რო გეხუმრებიან და თავის დაძვრენას ცდილობ, ყოველთვის ამ სიტყვას იყენებ. შენი ჩვევაა. ამაზე უარს იტყვი? - კი. - გამოგივა? - სიყვას გაძლევ! - იცოდე, დავიმახსოვრე. - ასე იყოს. - თვალი ჩაუკრა გოგონამ. - და შენ რაზე იტყოდი უარს ჩემ გამო? - მთელ სამყაროზე, თუ დამჭირდა. - ხუმრობ! - არა! ლუკას დაჟინებულმა მზერამ, რომელიც სრულ თანხმობაში იმ სიტყვებთან, რომლებსაც მისი ბაგეები წარმოთქვამდნენ, გოგონა შეაშინა. - უნდა წავიდე. - დაბნეულად წარმოთქვა გოგონამ. - ისტორიის დარჩენილ ნაწილს არ მოისმენ? - სხვა დროს იყოს, მართლა უნდა წავიდე. - შეგაშინე, არა? - არა, არა... - თქვა გოგონამ, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ცუდად იცრუა და დაამატა - კარგი, ჰო, ცოტა შემაშინე. - ბოდიში! - არ მინდა იფიქრო, რომ გეთამაშები, უბრალოდ არ ვიცი როგორ მოვიქცე... დაბნეული ვარ. - რატომ? - ღმერთო, ფილმებში ისეთი რომანტიულია, როცა ბიჭები გოგონებს უსმენენ, მაგრამ ახლა, როცა ეს გოგო მე ვარ და მე უნდა ვილაპარაკო, არც ისე ადვილი აღმოჩნდა... - გოგონა წამით გაჩუმდა, მერე ღრმად ჩაისუნთქა და იკითხა. - შემიძლია გულწრფელად გელაპარაკო? - რა თქმა უნდა. - კარგი... მე უბრალოდ არ ვიცი, როგორ მოვიქცე. მეშინია! - ჩემი? - იმის, რომ გულს მატკენ, რომ მომატყებ, რომ ისეთი ხარ, როგორც სხვები და როცა შენსას მიაღწევ, მიმატოვებ. - არასდროს დაგტოვებ! - რატომ? - იმიტომ, რომ მიყვარხარ ლიზი. - ყველაზე მეტად კი სწორედ ამის მეშინია. - არ მესმის. - შენ მეუბნები, რომ ჩემ გამო მთელ სამყაროზე იტყოდი უარს, რომ დაგჭირდეს და თუ ეს სიმართლეა... თუ ეს სიმართლეა, გამოდის, რომ ძალიან გიყვარვარ, რადგან შეუძლებელია ყველაფერი დათმო იმისთვის, ვინც სულ მცირე საკუთარ თავზე მეტად არ გიყვარს. - და ეს გაშინებს? - ის მაშინებს, რომ ასეთი სიყვარულის ღირსი არ ვარ. - მაშინ გაგიმართლა, რადგან სიყვარული ჯილდო არ არის, ეს საჩუქარია, რომელსაც მხოლოდ იმიტომ გჩუქნიან, რომ სხვაგვარად უბრალოდ არ შეუძლიათ. - და რომ არ გამოვიდეს? - ვფიქრობ, ცდად ღირს. - თქვა ბიჭმა და გოგონას დაბნეული სახე მკერდზე მიიკრა. - მაგრამ შენ უნდა გადაწყვიტო. - მეც მიყვარხარ, ლუკა. - ეს თანხმობას გავს. - გაიღიმა ბიჭმა. - ასეა. - სიყვარულის ნუ გეშინია. იცი, მე მჯერა, რომ ჩვენ არ ვირჩევთ ვინ შეგვიყვარდეს და როგორც არ უნდა დასრულდეს ის, სიყვარული მაინც ყველაზე ლამაზი გრძნობაა, რაც კი შეგვიძლია ადამინებმა გამოვცადოთ ამ ქვეყანაზე. -ღმერთო, სად პოულობ ამ სიტყვებს? - გაიცინა გოგონამ. - შენს თვალებში. კარებთან იდგნენ, გოგონა მთელი ძალით ეკროდა ბიჭის ძლიერ სხეულს, გრძნობდა მის პულსს, სითბოს, თითქოს მის ვენებში გამავალი სისხლის თითოეული წვეთის ჩქეფა ემოდა და ბედნიერი იყო. თურმე რა ცოტა სჭირდება ადამიანს სრული ბედნიერებისთვის, თურმე რამდენად დიდია ჩვენი წარმოდგენები სრულყოფილი ბედნიერების შესახებ და რამდენად ნაკლებია სინამდვილეში საჭირო ამის მისაღწევად. ის ყოველთვის თვლიდა, რომ ბედნიერება კარიერა, ოჯახი და მეგობრები იყო, ერთად და არა ცალ-ცალკე და არასდროს უფიქრია, რომ მხოლოდ ერთი ჩახუტება, ერთი „მიყვარხარ“ შეიძლება გახდეს შენი ბედნიერება. - გამიშვი, ლუკა. - როგორც იტყვით, ჩემო ქალბატონო! - ახალი სიტყვა დაამატე? - რადგან ორი წუთის წინ ოფიციალურად მითხარი „დიახ“, დღეიდან „ჩემი ქალბატონი“ ხარ და არა უბრალოდ „ქალბატონი“. - ეს ვარინატი უფრო მოწონს. - ჰო, აშკარად დაამშვენა. - გაიღიმა ლუკამ და გოგონას შუბლზე აკოცა. - შეხვედრამდე, ჩემო ქალბატონო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.